ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო

ოშო
0
0

მთარგმნელი: მამუკა გურული  ...ნეტარება  თავად ადამიანის ბუნებაა. მას არ სჭირდება ძებნა, მას უბრალოდ ხელახლა აღმოჩენა სჭირდება. ვეძებოთ იგი სადღაც გარეთ - ეს საიმედო გზაა მისი ხელიდან გ...

თავი 8 - აწმყო - ეს სამუდამოდაა

 

თავი 8

აწმყო - ეს სამუდამოდაა

პირველი კითხვა:

შეგიძლია მოგვიყვე ილუზიების დაკარგვასა და ზეიმს შორის დამოკიდებულების შესახებ? მე უცნაური შეგრძნება მაქვს - სიკვდილის და ამავდროულად სიცოცხლისკენ დაბრუნების.

ვენუ გოპალ, გონება ილუზიებში ცხოვრობს. ილუზიებში ცხოვრება კი ნიშნავს უბედურად ცხოვრებას, რადგანაც ისინი არ ასრულდება. შეგიძლია მათი ასრულების   იმედი გქონდეს , მაგრამ მაშინ მირაჟს შექმნი. მომენტში, როცა იმ ადგილს მიაღწევ, რომლისკენაც ასე ისწრაფვოდი, მირაჟი გაქრება, და შენ სრულ იმედგაცრუებაში აღმოჩნდები. იმედგაცრუებულს კი კვლავ იმედები გაგიჩნდება.

იმედი უბრალოდ ძალისხმევაა, რომელსაც შენ აკეთებ, რათა როგორღაც განაგრძო ცხოვრება. შენ კვლავ ილუზიას ქმნი. ეს თამაში უსასრულოა: შენ იმედგაცრუებაში აღმოჩნდები, და იმედგაცრუებული ილუზიას ქმნი; ილუზიას უფრო მეტ იმედგაცრუებამდე მიჰყავხარ, და კიდევ უფრო იმედგაცრუებული, კიდევ უფრო დიდ ილუზიას ქმნი. ასე მოძრაობ იმედგაცრუებიდან ილუზიისკენ, ილუზიიდან-  იმედგაცრუებისკენ. ამიტომაც აღარ გრჩება ენერგია რომ იზეიმო.  შენი ცხოვრება მუდმივად  დაძაბული ხდება მათ  შორის, რაც არის და რაც უნდა იყოს. შენ არ შეგიძლია, უბრალოდ იყო, შენ ძალიან ხარ დაკავებული იმით, რომ გახდე; რამედ გახდომის სურვილი ტანჯვაა, უბრალოდ ყოფნის უნარი -  ზეიმი.

ზეიმი ხდება არა იმიტომ, რომ რაიმე სურვილი ასრულდა.  არც ერთი სურვილი არასოდეს არ სრულდება. სურვილი, როგორც ასეთი, ვერ შესრულდება. სურვილი    აწმყო მომენტის თავიდან აცილების საშუალებაა. სურვილი მომავალს ქმნის და აწმყოსგან შორს მიჰყავხარ. სურვილი ნარკოტიკია; ის ბინდავს შენს ცნობიერებას და არ გაძლევსიმ რეალობის დანახვის  საშუალებას,  რაც არის აქ და ახლა.

ზეიმი არის უნარი, რომ გადავაგდოთ ვინმედ გახდომის სურვილი და ვიყოთ აქ და ახლა. როცა გაქრება ვინმედ გახდომის სურვილი, როცა გაქრება ვინმედ გახდომის ბურუსი, აინთება ყოფიერების ცეცხლი; სწორედ ამ ცეცხლის ალია ზეიმი.

ზეიმი ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხდება. ზეიმი ხდება უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვარსებობთ. ჩვენ შექმნილი ვართ იმ ნივთიერებისგან, რომელსაც ეწოდება ზეიმი. ეს ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა, ისეთივე ბუნებრივი, როგორც ხისთვის  ყვავილობა, ჩიტებისთვის  გალობა, მდინარეებისთვის -ოკეანისკენ დინება. ზეიმი ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა. მას არაფერი აქვს საერთო შენს სურვილებთან და მათ განხორციელებასთან, შენს იმედებთან და მათ ასრულებასთან. ისინი ყოველთვის ახდება. მაგრამ იმისთვის, რომ დაინახო ზეიმი, რომელიც უკვე არსებობს შენი არსების ყველაზე ღრმა ცენტრში, შენ უნდა გადააგდო ვინმედ გახდომის ძალისხმევა და გააცნობიერო ამ ძალისხმევის ამაოება.

გოპალ, შენს თავს რაღაც საოცრად მშვენიერი ხდება. ნება მიეცი ამას, რომ მოხდეს. დიახ, სწორედ ასეა: როცა დაკარგე ყველა ილუზია და ახალს არ ქმნი - სწორედ ესაა ილუზიების ბოლომდე დაკარგვა...  ადამიანი ცხოვრებაში ბევრჯერ კარგავს ილუზიებს, მაგრამ ამ დაკარგვის დროს ახალ ილუზიებს იქმნის. თქვენ არ შეგიძლიათ ილუზიების გარეშე ცხოვრება; ეს მრავალი ცხოვრების ჩვევად იქცა. თქვენ არ შეგიძლიათ მიიღოთ რეალობა ისეთად, როგორიც არის, - თქვენ ყოველთვის გინდათ, რომ ის რაღაც სხვანაირი იყოს, - მაგრამ რეალობა არაა ვალდებული შეიცვალოს თქვენი სურვილების შესაბამისად. და ეს ძალიან კარგია, რომ მას არ აღელვებს თქვენი სურვილები, წინააღმდეგ შემთხვევაში ქაოსი დაისადგურებდა, რადგანაც ამდენი ადამიანი ქმნის თავისი სურვილების პროექციებს.

რეალობა ისეთი რჩება, როგორიც სინამდვილეშია, და მას საერთოდ არ ეხება თქვენი სურვილები. ის ოდნავაც კი არ აქცევს ყურადღებას თქვენს სურვილებს. მაგრამ როცა ყველა ილუზია დაკაგეთ, - ანუ უკვე აღარ ქმნით ილუზიებს, თქვენ უბრალოდ რჩებით იმაში, რაც არის,  მაშინაც კი, თუ ეს იმედგაცრუებაა, თქვენ იღებთ მას. იმ მომენტში, როცა იმედგაცრუებას იღებთ, ის გაქრობას იწყებს, რადგანაც მას შეუძლია იარსებოს მხოლოდ როგორც იმედის ჩრდილმა; ის ვერ იარსებებს თავისთავად. ილუზიების გარეშე იმედგაცრუებაში ყოფნა  ისევე შეუძლებელია, როგორც გზაზე მიმავალი ჩრდილის დანახვა. თუ თქვენ მიდიხათ, გექნებათ ჩრდილი, მაგრამ თავისთავად, თქვენს გარეშე ჩრდილი ვერ იარსებებს. იმედგაცრუება  ილუზიის ჩრდილია. თუ ყველა ილუზია დაკარგეთ, იმედგაცრუება ქრება, და თქვენში ახალი ასაღი არსება იბადება, ხდება აღდგომა, და მაშინ ზეიმის დრო დგება.

ანირუდჰამ დაწერა თავის კითხვაში, რომ როდესაც აქ მოდიოდა, მას რაღაც განსაკუთრებულად, არაჩვეულებრივად, ექსტრაორდინალურად წარმოვედგინე. ახლა ის წერს: „აქ უკვე მრავალი დღის გატარების შემდეგ, მე დავინახე, რომ შენ ისეთივე ჩვეულებრივი ხარ, როგორც სხვა ნებისმიერი ადამიანი. და რატომ ქმნიან შენს გარშემო ამხელა ხმაურს?“

მე არ ვარ ვალდებული, რომ თქვენს წარმოდგენებს შევესაბამებოდე. ისეთი ვარ, როგორიც ვარ, სრულიად ჩვეულებრივი. ვარდი არის ვარდი, ქვა  - ქვაა, მდინარე - მდინარეა. რეალობა ძალიან ჩვეულებრივია, სრულიად ჩვეულებრივი. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მაშინ რა განსხვავებაა მე  და თქვენს შორის? განსხვავება იმაშია, რომ მე ვზეიმობ ჩემს ჩვეულებრივობას, თქვენ  - არა.  მე ვღებულობ ჩემს ჩვეულებრივობას, მე ვნეტარებ მასში, თქვენ -  არა. მე უბრალოდ ვარ, თქვენ კი გამუდმებით ვინმე ხდებით. სულ ესაა მთელი განსხვავება. და არა ის, რომ მე განსაკუთრებული ვარ, თქვენ კი ჩვეულებრივები, - ეს სისულელეა. თუ მე განსაკუთრებული ვარ, მაშინ ყველა განსაკუთრებული უნდა იყოს; თუ თქვენ ჩვეულებრივი ხართ, მაშნ მეც ჩვეულებრივი უნდა ვიყო. ჩვენ ერთ რეალობას ვეკუთვნით. მე სრულიად ჩვეულებრივი ვარ, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ მე ვზეიმობ ამას:  არ ვწუწუნებ და არ ვცდილობ სხვად გახდომას. მე მივიღე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვარ:   აბსოლუტურად არაფერია, რისი შეცვლაც მენდომებოდა. და ამ რელაქსაციაში, ამ მიღებაში ზეიმი მოხდა.

ანირუდჰა ამბობს, რომ ის ახლა რთულ სიტუაციაშია. მაგრამ მან თავად შექმნა ეს სირთულე. მე არასოდეს არავისთვის მითქვამს, რომ განსაკუთრებული ვარ. ეს მისი იდეა  მისი პროექცია იყო.  რატომ ფიქრობდა ანირუდჰა, რომ განსაკუთრებული ვარ? იმიტომ, რომ გულის სიღრმეში თავად უნდოდა ყოფილიყო განსაკუთრებული, სწორედ ამიტომაც დარჩა აქ: „აი, განსაკუთრებული ადამიანი. ალბათ არსებობს რაღაც საიდუმლო, თუ როგორ გავხდე განსაკუთრებული. ისწავლე ამ ადამიანისგან, რომ შენც განსაკუთრებული გახდე, რომ აღარ იყო ჩვეულებრივი“.

ადამიანები ასე  განიკითხავენ ყველაფერ ჩვეულებრივს. მე პატივს ვცემ ჩვეულებრივს, იმიტომ, რომ ჩვეულებრივი რეალურია. ღმერთი ყველაზე ჩვეულებრივი რამაა ყოფიერებაში . სხვანაირად ვერც იქნება. როგორ შეუძლია მას განსაკუთრებული იყოს?  განსაკუთრებული  რამეს ან ვინმეს მიმართ? მხოლოდ ის არსებობს. მას არ შეუძლია განსაკუთრებული იყოს. მას შეუძლია მხოლოდ ჩვეულებრივი იყოს , ისეთივე  ჩვეულებრივი, როგორციცაა :  ვარდი, ფარშევანგი,  არწივი, მდინარე,  ქვა,  ღრუბელი.

მაგრამ ანირუდჰას, როგორც ჩანს, გულის სიღრმეში განსაკუთრებულად ყოფნის სურვილი ჰქონდა. ადამიანები ეძებენ ოსტატებს, რომ განსაკუთრებული გახდნენ. ადამიანები ეძებენ ოსტატებს ეგოს მოთხოვნილების გამო. მაშინ მათი ძიება ეგოს ნამდვილი თამაშია. ბუნებრივია, ერთხელაც იმედი გაუცრუვდებათ. ეს შენი ილუზია იყო, მე მასთან არაფერი მაქვს საერთო. თუ რაიმეს პროეცირებას ახდენ ჩემზე, როგორ შემიძლია ამაზე პასუხისმგებელი ვიყო? პროექციას შენ აკეთებ, და ადრე თუ გვიან შენი პროექცია დაინგრევა. სინამდვილეში მე ყველა ძალისხმევას ვიხმარ იმისთვის, რომ ის დაინგრეს და  გაიფანტოს, იმისთვის  რომ ისეთად დამინახო, როგორიც ვარ, და რომ ერთხელ შენც დაინახო საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხარ.

მე მხოლოდ ერთს გასწავლით: მოისროლეთ ყველა  უსარგებლო ძალისხმევა იმისა, რომ განსაკუთრებული, ექსტრაორდინალური გახდეთ. დატკბით რეალობით, ვინც არ უნდა იყოთ და სადაც არ უნდა იყოთ. იზეიმეთ იგი! სწორედ ამას ვუწოდებ ლოცვას, რელიგიურობას -  საკუთარი არსებობის ზეიმის უნარს. ეს ღმერთისგან თქვენდამი საჩუქარია.  უბრალოდ ყოფნა უკვე იმაზე მეტია, ვიდრე შეგვიძლია ვითხოვოთ. უბრალოდ ყოფნა   უდიდესი სასწაულია. ნუთუ შესაძლებელია უფრო დიდი სასწაულის წარმოდგენა?

ვენუ გოპალ, შენ რაღაც მშვენიერისკენ მიემართები. აღარ წარმოშო მეტი ილუზია. გონება შეეცდება ამის გაკეთებას. არ მოუსმინო მას. დარჩი ბოლომდე იმედგაცრუებული. ეს სიკვდილს ემგვანება, რადგანაც აქამდე ილუზიებში ცხოვრობდი. ისინი  მხარს გიჭერდნენ.  შენ იგრძნობ, რომ თითქოს კვდები. მოკვდი,  - და ამ სიკვდილთან ერთად შენში ახალი სიცოცხლე დაიბადება, შენ აღსდგები. ნება მიეცი  სიკვდილს, რომ მოხდეს. ტოტალურად მიეცი ნება. არ მოკვდე ცოტ-ცოტათი, მოკვდი ტოტალურად, სრულყოფილად. ნება მიეცი სიკვდილს, რომ მოხდეს, და შემდეგ მომენტში  სიკვდილის წყალობით შენთან ახალი სიცოცხლე მოვა, რომელიც შენ არ გინახავს, მაგრამ რომელიც ყოველთვის შენში იყო, - შენ უბრალოდ არ იყავი საკმარისად გახსნილი, ეს რომ დაგენახა.

ანირუდჰასაც ვეტყოდი: ძალიან კარგი, ანირუდჰა. ახლა შენ ხედავ ჩემს რეალობას. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, და აქ იმისთვის ვარ, რომ თქვენც ჩვეულებრივი გაგხადოთ. მე აქ იმისთვის ვარ, რომ დაგეხმაროთ თქვენი ეგოს თამაშებიდან გამოსვლაში. მე აქ იმისთვის ვარ, რომ დაგეხმაროთ ამ გასაოცარი ჩვეულებრივობით ზეიმში. მხოლოდ მაშინ შეძლებთ, რომ ღმერთის მადლობელი იყოთ .

რისი მიღწევა გინდათ, როცა ვიღაც სხვად გახდომას ცდილობთ, როცა საკუთარი თავის შეფერადებას ცდილობთ? მთელი ეს შეფერადება ფალსიფიკაცია იქნება. შეუძლებელია ვინმე სხვად ყოფნა, შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი თავი იყოთ. ვარდი ვერ იქნება ლოტოსი, და პირიქით, ლოტოსი  ვერ იქნება ვარდი. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ის იყოთ, ვინც ხართ. თუ მისცემთ თავს ამის უფლებას, მაშნ თქვენ იზეიმებთ, რადგანაც მაშნ არ გექნებათ უბედურად ყოფნის შესაძლებლობა, და ენერგია, რომელიც ტანჯვად იქცევა, ზეიმი გახდება. თუ ნებას არ მისცემთ მას, რომ ტანჯვისკენ იმოძრაოს, სხვაგან  სად წავა ? ენერგიას, რომელიც თქვენში ცრემლად იქცეოდა, შეუძლია სიცილად იქცეს ;  იგივე ენერგიას, რომელიც თქვენში სიძულვილად იქცეოდა, შეუძლია სიყვარულად იქცეს;  იგივე ენერგიას, რომელიც ნგრევისკენ იყო მიმართული, შეუძლია შემოქმედებისკენ წარიმართოს. ეს იგივე ენერგიაა. მაგრამ თუ ეგოს თამაშებით ხართ გართული, რათა განსაკუთრებული გახდეთ, მაშინ მთელი თქვენი ცხოვრება სხვა არაფერი იქნება, თუ არა ხანგრძლივი ტრაგედია.

რა განსხვავებაა ალექსანდრე მაკედონელსა და ბუდას შორის? - ალექსანდრეს უნდა, რომ განსაკუთრებული იყოს, დაიპყროს მსოფილო და გახდეს გამონაკლისი . მაგრამ ბუდა? - ბუდას უბრალოდ უნდა, რომ საკუთარი თავი იყოს. ამისთვის მას არ სჭირდება სადმე წასვლა და ვინმედ გახდომა. ამისთვის არაა საჭირო მომავალი, ამისთვის დრო საერთოდნ არაა საჭირო: ბუდას სწორედ ამ მომენტში შეუძლია იმად ყოფნა  იყოს ,  ვინც უნდა რომ იყოს,  რადგანაც იგი უკვე  ის არის.  ალექსანდრეს მილიონობით ცხოვრებაც არ ეყოფა, ის ვერასოდეს მიაღწევს მიზანს,  ვერასოდეს დაასრულებს თავის მოგზაურობას. ეს მანკიერი წრეა: მას კვლავ და კვლავ ექნება იმედგაცრუებები, და ამ იმედგაცრუებებისგან კიდევ უფრო მეტი ილუზია დაიბადება. მას უფრო და უფრო მეტი ილუზია დასჭირდება.

ეს ნარკოტიკივითაა. თუ თქვენ ნარკოტიკს იღებთ, ნებისმიერი ნარკოტიკი, ადრე თუ გვიან შეჩვევას იწვევს. მაშინ უფრო მეტი დოზა გჭირდებათ, უფრო ხშირად და ა.შ. თქვენ უკვე აღარ გყოფნით მცირე ილუზიები; მათთან შეჩვევის შემდეგ დიდი ილუზიები გესაჭიროებათ.

სწორედ ასე გადადიან ადამიანები ჭკუიდან. გიჟი ისაა, ვისი ილუზიებიც სრულ წინააღმდეგობაშია რეალობასთან. ახლა ის მხოლოდ საკუთარ ილუზიებში ცხოვრობს,  მას პაუზებიც კი არ აქვს, რომ რეალობას ისეთად ხედავდეს, როგორიცაა სინამდვილეში. ჭეშმარიტების არც ერთი წამი. ის მთლიანად თავის ილუზიებში ცხოვრობს .  ის გიჟია. სხვები, შესაძლოა არ არიან საკმარისად შეშლილები, მაგრამ მაინც შეშლილები არიან. განსხვავება მხოლოდ რაოდენობაშია და არა ხარისხში. თუ არ ხართ მზად, რომ მოდუნდეთ თქვენს არსებაში, ისეთში, როგორიც ხართ, თქვენ შეშლილები ხართ.

მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, და ბუდაც ჩვეულებრივი ადამიანია. ყველა ბუდა ყოველთვის ჩვეულებრივი ადამიანი იყო. და ამაშია მათი უჩვეულობა, რადგანაც მსოფლიოში არავის უნდა რომ ჩვეულებრივი იყოს. ამაშია მათი ექსტრაორდინალურობა, რადგანაც მათ გადაწყვიტეს, რომ ჩვეულებრივი გახდნენ. ამაშია მათი უბრალოება. იესო ამბობს: „ნეტარ არიან უბრალონი, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. იგი გულისხმობს, რომ უბრალოდ ყოფნა  ნიშნავს ზუსტად ისეთად ყოფნას, როგორიც ღმერთმა შეგქმნა, არ ეცადო საკუთარი თავის გაუმჯობესებას და  რელაქსირებულმა იცხოვრო.

ძალიან კარგია, ანირუდჰა, რომ შენი ილუზია დანგრეულია. მადლობა გადამიხადე იმისთვის, რომ არანაირად არ შევუწყვე ხელი შენს ილუზიას. ის, რომ ამდენი თვე ტყვეობაში იყავი, მთლიანად შენი დამსახურებაა. მე არანაირად არ ვუწყობდი ამას ხელს. მაგრამ ახლა იგი თავის კითხვაში მწერს, რომ სირთულეები გაუჩნდა, რადგანაც გააცნობიერა, რომ მე ჩვეულებრივი ვარ. მაშინ რას აკეთებს აქ? მაშინ კვლავ უნდა ეძებოს ვინმე არაჩვეულებრივი. ახლა მისთვის გადამწყვეტი მომენტი დადგა. თუკი გაიგებს რა, რომ მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, სილამაზეს დაინახავს ამ ჩვეულებრიობაში, მასში ზეიმი დაიწყება. ხოლო თუ იმედგაცრუებული იქნება, თითქოს მე მოვატყუე - თითქოს თავი მოვაჩვენე, რომ განსაკუთრებული ვარ, და უცებ გაიგო ჩემი ჩვეულებრიობის შესახებ  , ის ახალი ილუზიებს შექმნის და  თავისი სურვილების კიდევ ვიღაც სხვაზე პროეცირებას დაიწყებს. ახალ ეკრანს იპოვნის და კვლავ იმედგაცრუებული დარჩება. უფრო და უფრო დიდი დოზა  დასჭირდება და ადრე თუ გვიან ვინმეს მსხვერპლი გახდება, ვინც თავს აჩვენებს და ადამიანების ექსპლუატაციას  მათი ილუზიების შესაბამისად ახდენს.

სწორედ ამიტომ ვარ სატია საი ბაბას წინააღმდეგ: ის ხელს უწყობს თქვენს პროექციებს. სწორედ ამისთვის ვაკრიტიკებ მას. იგი ცდილობს თქვენს პროექციებს შეესაბამებოდეს. ის არაა დამოუკიდებელი ადამიანი, ის თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ პროექციას ახდენთ, ის კი ცდილობს შეესაბამებოდეს მათ. მას შეუძლია თავი მოაჩვენოს, რომ თქვენ იმყოფებით ადამიანთან, ვინც სასწაულებს სჩადის : ჰაერიდან ახდენს საგნების მატერიალიზაციას.

ახლა ანირუდჰას შეუძლია ისეთი ადამიანის მსხვერპლი გახდეს, როგორიცაა საი ბაბა, რადგანაც ის განსაკუთრებული გვეჩვენება; ჩვეულებრივ ადამიანს არ შეუძლია იმის გაკეთება, რასაც ის აკეთებს. ეს სიმართლეა, მაგრამ ამას ჩვეულებრივი ფოკუსნიკებიც აკეთებენ. და ეს ტრიუკები  ძალიან სახიფათოა. ისინი თქვენს ექსპლუატაციას ახდენენ ძალიან ნატიფი მეთოდით. ანირუდჰას ადვილად შეუძლია ნებისმიერი შარლატანის და  მატყუარას მსხვერპლი გახდეს. ახლა მისთვის გადამწყვეტი მომენტი დადგა. მან უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა მზად ამ ჩვეულებრივ ადამიანთან საცხოვრებლად და ექსტრაორდინალურად გახდომის ყველა სურვილისა და ყველა თავისი პროექციის გადასაგდებად. არის თუ არა მზად, რომ გახდეს ჩვეულებრივი და ნება ნება მისცეს ზეიმს  მოსახდენად, თუ წავა და სხვა ადგილას მოახდენს თავისი ილუზიების პროექციას.

ასე შეიძლება უსასრულობამდე გაგრძელდეს. თქვენ ასე აკეთებდით უკვე მრავალი ასწლეულის განმავლობაში. ასე იქცეოდით მრავალი ცხოვრების განმავლობაში: თქვენ უბრალოდ ცვლიდით ეკრანს, მაგრამ უარს არ ამბობდით პროექციაზე, თან ატარებდით საკუთარ პროექტორს ყველა ფილმით, რომლებიც იმედებისგან, ოცნებებისგან და სურვილებისგან შედგება. თქვენ უბრალოდ ეკრანმა გაგიცრუათ იმედი - „ეს ეკრანი არაა შესაფერისი“ - და თქვენ ახალს ეძებდით. როდის გადააგდებთ, ბოლოს და ბოლოს, თავად პროექტორს და ყველა მის ფილმს? როდის გადააგდებთ, ბოლოს და ბოლოს, ეგოს ამ თამაშებს? ზუსტად იმ მომენტში, თქვენ მოკვდებით. და აღსდგებით.

ვენუ გოპალ, შენ ამბობ: „მე უცნაური შეგრძნება მაქვს :  სიკვდილის და ამავდროულად სიცოცხლისკენ დაბრუნების“. თავიდან ასეც ხდება: შენ ცოტათი კვდები და ცოტათი იბადები. გაითავისე ეს გაკვეთილი: მოკვდი ტოტალურად, რომ ტოტალურად შეძლო დაბადება. მაშინ შენ გაიგებ: ყოველ მომენტში უნდა მოკვდე, რომ ყოველ მომენტში კვლავ დაიბადო  საღი და ახალგაზრდა. ეს შესაძლებელია ნებისმიერ მომენტში მოხდეს, და ნამდვილი ცხოვრება არის სიკვდილი-აღდგომა, სიკვდილი-აღდგომა. ეს ყოველ მომენტში ხდება. ყოველ მომენტში უნდა მოკვდე წარსულისთვის, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნები გახსნილი აწმყოსთვის, მხოლოდ ამ შემთხვევაშია   შესაძლებელი ზეიმი, უდიდესი სიხარული და  ყვავილობა.

ოქროსფერი ყვავილი იფურჩქნება, თუ მზად ხართ, რომ მოკვდეთ წარსულისთვის, თუ ბოლომდე იმყოფებით აწმყოში. თქვენ კი შეგიძლიათ ბოლომდე იყოთ აწმყოში მხოლოდ მაშინ, თუ არ გაქვთ სადმე მომავალში ვინმედ გახდომის სურვილი. ამას ვუწოდებ მე გასხივოსნებას.

მეორე კითხვა:

რატომაა სიყვარული ასე მნიშვნელოვანი სულიერი განვითარებისთვის?

სიყვარული და გაცნობიერებულობა პოლარობის უმაღლესი ფორმაა. ეს ისეთივე პოლარობაა, როგორც მამაკაცი და ქალი, სიცოცხლე და სიკვდილი, ნათელი და ბნელი, ზაფხული და ზამთარი, გარეგნული და შინაგანი, ინი და იანი, სხეული და სული, ქმნილება და შემოქმედი. სიყვარული და გაცნობიერებულობა პოლარობის უმაღლესი ფორმაა .  ეს უკანასკნელი პოლარობაა, საიდანაც ხდება ტრანსცენდენცია.

სიყვარულში ორი მონაწილეობს. ეს ურთიერთობაა; ეს ენერგიის გარეთკენ მოძრაობაა. სიყვარულში არის ობიექტი - შეყვარებული. ობიექტი უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე თავად თქვენ. თქვენი სიხარული  ობიექტშია. თუ თქვენი შეყვარებული ბედნიერია, თქვენც ბედნიერი ხართ; თქვენ ობიექტის ნაწილი ხდებით. არსებობს გარკვეული დამოკიდებულება და  თქვენ გჭირდებათ შეყვარებული. მის გარეშე მარტოსულად გრძნობთ თავს.

გაცნობიერებულობა ნიშნავს უბრალოდ საკუთარ თავთან ყოფნას სრულ მარტოობაში, უბრალოდ ფხიზლად ყოფნას. ეს არაა ურთიერთობა. თქვენ არ გჭირდებათ სხვა ადამიანი. თქვენ არ მოძრაობთ გარეთკენ, თქვენ შიგნითკენ მოძრაობთ.

სიყვარული სინათლის მოძრაობა თქვენი არსიდან გარეთ,  გაცნობიერებულობა კი საპირისპირო მოძღაობა: ესაა სინათლის მოძრაობა უკან, წყაროსკენ, მისი წყაროსთან დაბრუნება. ესაა ის, რასაც იესო მონანიებას უწოდებდა, - ის მონანიებაში წყაროსთან დაბრუნებას გულისხმობდა. პატანჯალი ამას ,,პრატიაჰარას’’ უწოდებს, სახლში დაბრუნებას; მაჰავირა ,,პრატიკრამანს ’’უწოდებს, საკუთარ თავთან დაბრუნებას. - როცა წრე იკეტება. „ოქროსფერი ყვავილის საიდუმლო“ ბოლომდე ამ ენერგიის შიგნით დაბრუნებაზეა დაფუძნებული. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იმოძრაოთ შიგნითკენ მხოლოდ მაშინ, თუ გარეთკენ მოძრაობდით. იმისთვის, რომ საკუთარ თავს დაუბრუნდეთ, სიყვარულისკენ და ურთიერთობისკენ უნდა იმოძრაოთ. ეს პარადოქსული ჩანს.

ბავშვი უნდა დაიკარგოს სამყაროში იმისთვის, რომ კვლავ ბავშვი გახდეს. მისმა უმანკოებამ ცბიერების და ანგარიშიანობის გამოცდა უნდა გაიაროს, მხოლოდ მაშინ შეძლებს, რომ უმანკო გახდეს. ბავშვი უმანკოა, მაგრამ მისი უმანკოება უმეცრების უმანკოებაა. და თუმცა ამაზე არაა ლაპარაკი არც ერთ დაოსურ წერილში, მე მეჩვენება, რომ ეს ყველაზე უბრალო ექსპერიმენტია, რომლის ჩატარებაც ყველას ადვილად შეუძლია. უბრალოდ დადექით სარკის წინ სააბაზანოში და თავდაპირველად ანარეკლს შეხედეთ: თქვენ უყურებთ და ობიექტს ანარეკლი წარმოადგენს. შემდეგ შეცვალეთ სიტუაცია, გააკეთეთ ყველაფერი პირიქით. გააცნობიერეთ თქვენი ანრეკლი და იგრძენით, რომ ანარეკლი გიყურებთ თქვენ, და წამიერად მოხდება ცვლილება - უზარმაზარი ენერგია დაიწყებს თქვენს შიგნით მოძრაობას. შესაძლოა თავიდან ამან შეგაშინოთ, რადგანაც ეს აქამდე არასოდეს გაგიკეთებიათ და არ განგიცდიათ. შესაძლოა ეს სიგიჟედ მოგეჩვენოთ, თქვენ შეძრული იქნებით, შესაძლოა კანკალიც კი დაიწყოთ და ორიენტაცია დაკარგოთ, რადგანაც აქამდე თქვენი ორიენტაცია მთლიანად გარეთ იყო მიმართული. შიგნითკენ მოძღაობა თანდათანობით უნდა ისწავლოთ. მაგრამ წრე იკვრება და თუ განაგრძობთ ამის კეთებას რამდენიმე დღის განმავლობაში, დაინახავთ, რამდენად უფრო ცოცხლად იგრძნობთ თავს. თქვენ მხოლოდ სარკის წინ იდექით რამდენიმე წუთით და ნება მიეცით თქვენს ენერგიას უკან დაბრუნებულიყო ისე, რომ რომ წრე შეიკრა. ყოველთვის, როცა წრე იკვრება, ღრმა სიჩუმე ისადგურებს. გაწყვეტილი წრე შფოთვას ქმნის; შეკრული წრე კი სიმშვიდეს . თქვენ  ცენტრირებული ხდებით  ხოლო ცენტრირებული ყოფნა  ძლიერად ყოფნას ნიშნავს. ეს ძალა  თქვენშია. და ეს მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო ექსპერიმენტია, შემდეგ შეგიძლიათ სხვადასხვაგვარად ჩაატაროთ იგი.

წმინდანიც  უმანკოა, მაგრამ მისი უმანკოება არის გამოცდილებისა და  სიმწიფის უმანკოებაა. ის კვლავ გახდა უმანკო, და ამაში უზარმაზარი აზრია - ის უკვე ვეღარასოდეს დაკარგავს თავის უმანკოებას. ბავშვი გარდაუვალად დაკარგავს მას: ყოველ ადამს უწევს ედემის ბაღის, უმანკოების სამყაროს დატოვება. ყოველ ადამს უწევს იაროს მიწაზე, მთელი მისი ჭუჭყით, რადგანაც მხოლოდ იქ შეგიძლიათ გახდეთ მწიფე, ზრდასრული. მხოლოდ იქ შეგიძლიათ თქვენი გაკვეთილის მიღება, მხოლოდ იქ შეძლებთ კონტრასტით უმანკოების სილამაზის გაცნობიერებას, გაიგებთ მის მშვენიერებას. იმ დღეს, როცა უმანკოების სილამაზეს გააცნობიერებთ, როცა მას შეიცნობთ, თქვენ სახლში დაბრუნდებით.

ადამი ვერ გახდება ქრისტე, სანამ სამოთხეს არ დატოვებს. ის ბავშვად დარჩება. ადამი გარეთკენ მოძრაობაა, ქრისტე - შიგნითკენ . ადამი სიყვარულია, ქრისტე -გაცნობიერებულობაა. წრე იკვრება. განსხვავება ადამსა და ქრისტეს შორის - მხოლოდ მოძრაობის მიმართულებაშია. ადამი გარეთკენ მოძრაობს, და იგივე ადამიანი, ცვლის რა მიმართულებას შიგნითკენ, ქრისტე ხდება. ადამი პოტენციური ქრისტეა, ქრისტე - ეს რეალიზებული ადამია.

სიყვარული მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ საკუთარი თავი იპოვნოთ, ჯერ უნდა დაკარგოთ იგი. სიყვარული ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ ბოლომდე დაკარგოთ საკუთარი თავი. მხოლოდ მაშინ, როცა ბოლომდე დაკარგავთ თავს, შეძლებთ იმის გახსენებას, რაც ჩაიდინეთ.

ეს იმას ჰგავს, რომ თევზი ყოველთვის ოკეანეში ცხოვრობს: ის ვერასოდეს აცნობიერებს ოკეანეს და მის მადლს, სანამ მეთევზე არ დაიჭერს ბადით და ნაპირზე არ გადმოაგდებს. მხოლოდ იქ, ნაპირზე, მცხუნვარე მზის ქვეშ, ის პირველად იხსენებს ოკეანეს, თუმცა მრავალი წელი იცხოვრა იქ. ახლა კი სიცხე და წყურვილი აიძულებს ოკეანის გახსენებას. მას ოკეანეში დაბრუნების უზარმაზარი სწრაფვა უჩნდება. და ის ყველა ღონეს იხმარს, რომ კვლავ ოკეანეში გადახტეს.

ასეთ მდგომარეობაში იმყოფება მაძიებელი.  მას სწყურია, რომ საწყის წყაროს დაუბრუნდეს.  წარმოიდგინეთ თევზის  ზეიმი, თუკი ისევ ოკენაეში დაბრუნებას შეძლებს. არადა თევზი ყოველთვის ოკეანეში ცხოვრობდა, მაგრამ ვერასოდეს გრძნობდა ზეიმს. ახლა ის შეძლებს, რომ იზეიმოს, ახლა ის ისეთ სიხარულს იგრძნობს, ისეთ ნეტარებას...

სიყვარული  აბსოლუტური აუცილებლობაა სულიერი ზრდისთვის. უფრო მეტიც, სიყვარული სარკეს წარმოადგენს თქვენთვის. თქვენ ვერ გაიცნობთ საკუთარ თავს, სანამ იმის თვალებში არ ნახავთ მას, ვისაც უყვარხართ. სწორედ ისევე, როგორც სარკეში უნდა ჩაიხედოთ იმისთვის, რომ საკუთარი ფიზიკური სახე დაინახოთ, თქვენ უნდა ჩაიხედოთ სიყვარულის სარკეში, რომ საკუთარი სულიერი სახე ნახოთ. სიყვარული სულიერი სარკეა: ის გეხმარებათ, ინტეგრირებას გიკეთებთ, შინაგანი მოგზაურობისთვის გამზადებთ,  საკუთარ ჭეშმარიტ სახეს გახსენებთ.

ღრმა სიყვარულის წამები თქვენი ჭეშმარიტი სახის გაელვებას ავლენენ, თუმცა ეს გაელვება ისე მოდის,   როგორც ანარეკლი. ზუსტად ისევე, როგორც მთვარიან ღამეს ტბაში, მის მდუმარე ზედაპირზე ხედავთ მთვარის ანარეკლს, თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ საკუთარი ანარეკლი სიყვარულის ტბაში. მთვარის ანარეკლი ტბაში ჭეშმარიტი მთვარის ძიების დასაწყისია. თუ არასოდეს გინახავთ მთვარის ანარეკლი ტბაში, სავარაუდოდ თქვენ არასოდეს დაიწყებთ ჭეშმარიტი მთვარის ძიებას. მთვარის ძიებაში თქვენ კვლავ და კვლავ უახლოვდებით ტბას, რადგანაც თავდაპირველად იფიქრებთ, რომ სწორედ იქ იპოვნით ჭეშმარიტ მთვარეს, ღრმად, წყლის ქვეშ, ტბის ფსკერზე. თქვენ კვლავ და კვლავ ჩაყვინთავთ მის წყალში  და ყოველ ჯერზე ცარიელი ხელებით ამოცურავთ, რადგან იქ მთვაერს ვერ იპოვნით.

ერთხელაც თქვენ მიხვდებით, რომ შესაძლოა, მთვარე მხოლოდ ანარეკლია. ეს დიდი გაბრწყინება იქნება. მაშინ ზემოთ აიხედავთ - თუ ეს მხოლოდ ანარეკლია, მაშინ სადაა თავად მთვარე? თუ ეს მხოლოდ ანარეკლია, თქვენ საპირისპირო მხარეს დაიწყებთ ყურებას. ანარეკლი არსებობა ტბის სიღრმეში, იმას  ნიშნავს რომ ნამდვილი სადღაც მის ზემოთ უნდა იყოს. თქვენ პირველად აიხედავთ ზემოთ  და მოგზაურობა დაიწყება.

სიყვარული მედიტაციის გაელვებას გაძლევთ, მთვარის ანარეკლს ტბაში, მაგრამ ეს მხოლოდ ანარეკლია, და არა თავად მთვარე. სწორედ ამიტომ სიყვარულს არ შეუძლია დაგაკმაყოფილოთ. სინამდვილეში, სიყვარული უფრო და უფრო მწყურვალს და დაუკმაყოფილებელს გხდით. სიყვარული უფრო და უფრო მეტად გეხმარებათ იმის გაცნობიერებაში, თუ რა არის შესაძლებელი, მაგრამ არასოდეს გაძლევთ ამას. ის გარდუვალად გაგიცრუებთ იმედებს, მაგრამ მხოლოდ ამ ღრმა იმედგაცრუებაში იმალება უკან, საკუთარი არსისკენ დაბრუნების შესაძლებლობა. მხოლოდ შეყვარებულებმა იციან მედიტაციის სიხარული. ის, ვისაც არასოდეს ჰყვარებია და იმედგაცრუება არ ჰქონია, ის, ვინც არასოდეს გადამხტარა ღრმად სიყვარულის ტბაში მთვარის საძებნელად და არ დაბრუნებულა ხელცარიელი, არასოდეს ასწევს თავს და ვერ დაინახავს მთვარეს ცაში, ის ვერასოდეს გააცნობიერებს მას.

ადამიანი, რომელსაც უყვარს, ადრე თუ გვიან რელიგიური გახდება. ადამიანი, რომელსაც არ უყვარს,  მაგალითად, პოლიტიკოსი, რომელსაც სიყვარული არ შეუძლია, ( მას  მხოლოდ ძალაუფლება უყვარს, )  ვერასოდეს გახდება რელიგიური. ან ადამიანი, რომელიც ფულითაა შეპყრობილი, რომელსაც მხოლოდ ფული უყვარს, რომელმაც მხოლოდ ერთი , ფულისადმი სიყვარული შეუძლია , ვერასოდეს გახდება რელიგიური. ეს მისთვის რთული იქნება მრავალი მიზეზის გამო. ფულს შეგიძლიათ ძალიან ადვილად ფლობდეთ, მაგრამ საყვარელი ადამიანის ფლობა ძალიან ძნელია - სინამდვილეში შეუძებელია. თქვენ ეცდებით, რომ დაეუფლოთ მას, მაგრამ როგორ შეიძლება ცოცხალი ადამიანის ფლობა? ცოცხალი ადამიანი შეგეწინააღმდეგებათ, როგორც შეუძლია, ის ბოლომდე იბრძოლებს. არავის სურს თავისუფლების დაკარგვა.

სიყვარული არაა ისეთი ძვირფასი, როგორც თავისუფლება. სიყვარულს უზარმაზარი ფასი აქვს, მაგრამ არა უმეტესი, ვიდრე თავისუფლებას. ამიტომ ადამიანს სურს უყვარდეს, მაგრამ არ სურს, რომ სიყვარულის ტყვე გახდეს. სწორედ ამიტომ გრძნობთ ადრე თუ გვიან იმედგაცრუებას: თქვენ ცდილობთ დაეუფლოთ საყვარელ ადამიანს, მაგრამ რაც უფრო მეტად ცდილობთ ამას, მით უფრო შეუძლებელი ხდება სიყვარული, და მით უფრო მეტად გშორდებათ თქვენი შეყვარებული. რაც უფრო ნაკლებად ფლობთ, მით უფრო ახლოს გრძნობთ თავს შეყვარებულთან. თუ თქვენ საერთოდ არ ცდილობთ ფლობას, თუ შეყვარებულები თავისუფლებას აძლევენ ერთმანეთს, მათი სიყვარული უზარმაზარია.

პირველ რიგში, ფლობის მცდელობა გარდაუვალად შემობრუნდება მარცხით: და ეს მარცხი საკუთარი თავისკენ მოგისვრით. მეორეც, თუ ისწავლეთ, რომ არ ფლობდეთ ადამიანს, თუ გააცნობიერეთ, რომ თავისუფლებას გაცილებით უფრო მეტი ღირებულება გააჩნია, ვიდრე სიყვარულს, მაშინ ადრე თუ გვიან თავისუფლება საკუთარ თავთან დაგაბრუნებთ და  თავისუფლება თქვენი გაცნობიერებულობა, თქვენი მედიტაცია გახდება.

თავისუფლება  მედიტაციის ერთ-ერთი ასპექტია. ან დაიწყეთ თავისუფლებით და მიხვალთ გაცნობიერებულობამდე, ან დაიწყეთ გაცნობიერებით და მიხვალთ თავისუფლებამდე. თავისუფლება და გაცნობიერებულობა განუყოფელი არიან. სიყვარული ნატიფი მონობაა; ეს გარდაუვალია, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი, მომწიფებისთვის აუცილებელი გამოცდილებაა.

მარჯერი უილიამსის საოცარ წიგნში „ვილვეტის კურდღელი“ ჭეშმარიტების  შესანიშნავი განსაზღვრებაა  სიყვარულის მეშვეობით.

- რას ნიშნავს „ნამდვილი“? - იკიხა ერთხელ კურდღელმა. - ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მოძრაობას იწყებ მაშინ , როცა გასაღებით გქოქავენ?

- ნამდვილი - ეს ის არაა, როგორ ხარ მოწყობილი,  - უპასუხა ცხენმა. - ეს ისაა, რაც გემართება. როცა ბავშვს დიდხანს უყვარხარ, უბრალოდ კი არ გეთამაშება, არამედ ნამდვილად უყვახარ, მაშინ ხდები ნამდვილი.

- ეს მტკივნეულია? - ჰკითხა კურდღელმა.

- ხანდახან კი, - უპასუხა ცხენმა, რადგან ის ყოველთვის სიმართლეს ამბობდა. - მაგრამ თუ შენ ნამდვილი ხარ, არ გეშინია რომ გატკენენ.

- და ნამდვილები  მაშინვე ხდებიან, ისევე როგორც დაქოქვის დროს, თუ თანდათანობით? - ჰკითხა კურდღელმა.

- არა, ეს მაშინვე არ ხდება, - უპასუხა ცხენმა. - შენ ასეთად იქცევი. ამას დიდი დრო სჭირდება. ამიტომ ეს იშვიათად ემართებათ მათ, ვინც ადვილად იმტვრევა, ვისაც მახვილი კიდეები აქვს, ვისაც ძალიან ფრთხილად უნდა მოეპყრა. ჩვეულებრივ, იმ დროისთვის, როცა ნამდვილი ხდები, თითქმის მთელი თმა გცვივდება, თვალები და სხეულის ცალკეული ნაწილები გძვრება, და საერთოდ, ძალიან ნახმარი ხდები. მაგრამ ამ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა, რადგანაც თუ შენ ნამდვილი გახდი, შენ უკვე აღარ შეგიძლია იყო მახინჯი ვინმესთვის, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებსაც არაფერი ესმით... თუ შენ ნამდვილი გახდი, შენ ვერ შეძლებ, რომ ისევ არანამდვილი გახდე. სინამდვილე მარადიულია.

სიყვარული ნამდვილს გხდით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ ფანტაზიად,  ოცნებად რჩებით,  რეალური ღერძის გარეშე შიგნით. სიყვარული გაძლევთ ამ ღერძს, სიყვარული გაძლევთ მთლიანობას, სიყვარული გხდით ცენტრირებულს. მაგრამ ეს მხოლოდ გზის ნახევარია; მეორე ნახევარი მედიტაციაში, გაცნობიერებულობაში უნდა დაასრულოთ. სიყვარული მეორე ნახევრისთვის გამზადებთ. სიყვარული გზის პირველი ნახევარია, გაცნობიერებულობა კი -მეორე, დამასრულებელი. მათი წყალობით მიაღწევთ ღმერთს. სიყვარულსა და გაცნობიერებულობას შორის, ამ ორ ნაპირს შორის მიედინება ყოფიერების მდინარე.

ნუ გაექცევით სიყვარულს. გაიარეთ იგი  მთელი ტკივილით. დიახ, ის ტკივილს მოგაყენებთ, მაგრამ თუ გიყვართ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. სინამდვილეში ეს ჭრილობები გხდიან ძლიერს. ხანდახან სიყვარული საშინელ ტკივილს გაყენებთ, მაგრამ ყველა ეს ჭრილობა აუცილებელია, რათა მოახდინოს თქვენი პროვოცირება, რათა გამოგიწვიოთ, რათა ძილისგან გამოგაღვიძოთ. ყველა ეს სახიფათო სიტუაცია აუცილებელია იმისთვის,  რომ უფრო გაცნობიერებული გახდეთ. სიყვარული ნიადაგს ამზადებს, რომელშიც მედიტაციის თესლი იზრდება, და მას შეუძლია მხოლოდ სიყვარულის ნიადაგზე გაიზარდოს.

ამიტომ ის, ვინც შიშით გაურბის სამყაროს, ვერასოდეს მიაღწევს მედიტაციას. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ მთელი ცხოვრება ჰიმალაების გამოქვაბულებში გაატარონ, მაგრამ ვერ მიაღწიონ მედიტაციას. ეს შეუძლებელია, მათ ის არ დაუმსახურებიათ. თავიდან ის უნდა დაიმსახუროთ სამყაროში, თავიდან ნიადაგი უნდა შეამზადოთ. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ნიადაგის მომზადება.

სწორედ ამიტომ მოვითხოვ ასე დაჟინებით, რომ ჩემი სანიასები არ გახდნენ სამყაროსგან განდეგილები. იყავით მასში, მიიღეთ მისი გამოწვევა, მიიღეთ მისი საფრთხეები,  ჭრილობები,  ტკივილი. გაიარეთ ისინი, არ გაექცეთ მათ. ნუ ეცდებით შემოვლითი გზის პოვნას, რადგანაც იგი არ არსებობს. ეს ბრძოლაა,  გამუდმებული ძალისხმევაა,  მთაზე აღმასვლაა და   მხოლოდ ასე შეიძლება მწვერვალის მიღწევა.

და თქვენი სიხარული   გაცილებით მეტი იქნება , ვიდრე მაშინ ვერტმფრენიდან რომ ჩამოესვით მწვერვალზე, რადგან თქვენ იქ მოუმწიფებელი აღმოჩნდებოდით. თქვენ ვერ დატკბებოდით მისით. იგრძენით განსხვავება... ძალისხმევას არ იშურებ

თ, რომ ევერესტის მწვერვალს მიაღწიოთ,  და ეს ძალიან სახიფათოა; სრულიად შესაძლებელია, რომ გზაზე მოკვდეთ, რომ ვერასოდეს მიაღწიოთ მწვერვალს; ეს სახიფათოა, სარისკოა, სიკვდილი ყოველ ნაბიჯზე გელოდებათ, იმდენი შესაძლებლობაა, რომ ფეხი დაგიცდეთ და გადმოვარდეთ და  დამარცხდეთ - ასიდან მხოლოდ ერთი შანსი გაქვთ, რომ მწვერვალს მიაღწევთ. მაგრამ რაც უფრო მეტად უახლოვდებით მას, მით უფრო მეტი სიხარული იბადება თქვენში, მით უფრო მაღლა დაფრინავს თქვენი სული. თქვენ ეს დაიმსახურეთ, თქვენ არ მოგიპოვებიათ ეს მუქთად, და რაც უფრო მეტი გადაიხადეთ ამისთვის, მით უფრო მეტად შეძლებთ ტკბობას. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ მწვერვალზე ვერტმფრენიდან ჩამოგსვეს. უბრალოდ იდგებით მწვერვალზე და ძალიან სულელურად იგრძნობთ თავს, - რას აკეთებთ აქ? ხუთი წუთიც გეყოფათ. ხუთ წუთში იტყვით: „და რა არის აქ ისეთი? არაფერი განსაკუთრებული!“

მოგზაურობა მიზანს ჰბადებს. მიზანი არ გელოდებათ სადღაც გზის ბოლოს, გზა ყოველ ნაბიჯზე ქმნის მას. მიზანი თავად მოგზაურობაშია. მოგზაურობა და მიზანი განუყოფელი არიან, ეს არაა ორი განსხვავებული რამ. მიზანი მთელ გზაზეა განაწილებული, ყველა საშუალება მოიცავს თავის თავში მიზანს.

ამიტომ არასოდეს გაუშვათ ხელიდან ცხოვრების, ცოცხლად ყოფნის, პასუხისმგებლობის, ჩართულობის შესაძლებლობა. ნუ იქნებით მხდალი. შეხედეთ თვალებში ცხოვრებას, შეხვდით მას, მაშინ თანდათანობით რაღაც კრისტალიზდება თქვენს შიგნით.

დიახ, ამას დრო სჭირდება. ცხენი მართალია: „ჩვეულებრივ, იმ დროისთვის, როცა ნამდვილი ხდები, თითქმის მთელი თმა გცვივდება, თვალები და სხეულის ცალკეული ნაწილები გძვრება, და საერთოდ, ძალიან ნახმარი ხდები. მაგრამ ამ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა, რადგანაც თუ შენ ნამდვილი გახდი, შენ უკვე აღარ შეგიძლია იყო მახინჯი ვინმესთვის, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებსაც არაფერი ესმით... თუ შენ ნამდვილი გახდი, შენ ვერ შეძლებ, რომ ისევ არანამდვილი გახდე. სინამდვილე მარადიულია“.

სინამდვილე მარადიულია, მაგრამ ის უნდა დაიმსახუროთ. ნება მომეცით გავიმეორო: ცხოვრებაში არაფერი მიიღება მუქთად, ხოლო თუ რამეს იღებთ კიდეც  მუქთად, ის უსარგებლოა. თქვენ უნდა გადაიხადოთ, და რაც უფრო მეტს იხდით ,  მით უფრო მეტ სარგებელს იღებთ მისგან. თუ სიყვარულის გამო მზად ხართ, რომ მთელი ცხოვრება დადოთ ფსონად, თქვენი ჯილდო უზარმაზარი იქნება: სიყვარული საკუთარ თავთან დაგაბრუნებთ, ის მედიტაციის გამობრწინებებს მოგცემთ. მედიტაციის პირველი გამობრწყინება სიყვარულში მოდის, შემდეგ კი გიჩნდებათ უზარმაზარი სურვილი, რომ კვლავ შეიგრძნოთ ეს გამობრწყინება - არა მხოლოდ როგორც უბრალოდ გამობრწყინებაი, არამედ როგორც მდგომარეობა, რომელშიც მარადიულად იცხოვრებდით. სიყვარული მედიტაციის გემოს გაძლევთ.

სიყვარულის ორგაზმული განცდა არის სამადჰის, ექსტაზის პირველი განცდა. ის კიდევ უფრო მწყურვალს გხდით. ახლა თქვენ უკვე იცით, რა არის შესაძლებელი, და უკვე აღარ კმაყოფილდებით მხოლოდ მიწიერით. ღვთაებრივმა შემოაღწია თქვენში, თქვენს გულში. ღმერთი შეეხო თქვენს გულს, თქვენ იგრძენით ეს შეხება. ახლა თქვენ ამ წამში ყოველთვის იცხოვრებდით, ისურვებდით რომ რომ ეს წამი მთელი ცხოვრება გამხდარიყო. და ის ხდება. სანამ ეს არ მოხდება, ადამიანი დაუკმაყოფილებელია.

ერთი მხრივ, სიყვარული უდიდეს სიხარულს განიჭებთ, მეორე მხრივ კი - მარადიული სიხარულის წყურვილს ჰბადებს თქვენში.

მესამე კითხვა:

რატომ ცხოვრობ მეფესავით?

და რატომაც არა? მე ძველი ებრაელი ვარ! იცნობთ ებრაელებს? - ისინი კითხვაზე კითხვით პასუხობენ.

არსებობს ცნობილი ისტორია ერთ მეფეზე. მის ქვეშევრდომებს შორის მრავალი ებრაელი იყო, რადგანაც ისინი ყველაზე მდიდარი ადამიანები იყვნენ, მაგრამ მას ძალიან აღიზიანებდა მათი ჩვევა: რაც არ უნდა ეკითხა, კითხვაზე კითხვით პასუხობდნენ. ამისგან ისე დაიღალა, რომ დიდ ვეზირს ჰკითხა:

- რა მოვუხერხო ამ ხალხს? სასახლიდან ვერ გავაგდებ, მაგრამ საშინლად მაღიზიანებს ისინი. რაც არ უნდა ვკითხო, კითხვაზე კითხვით მპასუხობენ.

ვეზირმა უპასუხა:

- რაბინს უნდა ჰკითხოთ. მოიხმეთ რაბინი. ის ბებერი ბრძენია; დაგვეხმარება და აგვიხსნის თუ  რაშია ამ ებრაული ჩვევის მიზეზი.

რაბინი გამოიძახეს  და მეფემ ჰკითხა:

- რატომ პასუხობთ თქვენ, ებრაელები, კითხვაზე კითხვით?

- და რატომაც არა? - ასეთი იყო რაბინის პასუხი.

შენ მეკითხები: „რატომ ცხოვრობ მეფესავით?“

გასხივოსნების შემდეგ ოთხი შესაძლებლობა არსებობს. პირველი  ისაა, რომელსაც ჯანაკა და მარკუს ავრელიუსი მისდევდნენ: ისინი დაიბადნენ მეფეებად და გასხივოსნების შემდეგაც დარჩნენ მეფეებად.

მეორე შესაძლებლობა ისაა, რომელსაც იესო და კაბირი მიჰყვნენ: ისინი დაიბადნენ გლახაკებად და გასხივოსნების შემდეგაც დარჩნენ გლახაკებად.

ბუდამ და მაჰავირამ მესამე შესაძლებლობა აირჩიეს: ისინი დაიბადნენ მეფეებად, გასხივოსნების შემდეგ კი გლახაკებად იქცნენ.

მე დავიბადე გლახაკად. მაშინ ვიფიქრე, რომ მრავალფეროვნებისთვის... გადავწყვიტე მეფესავით მეცხოვრა. ეს მეოთხე და უკანასკნელი შესაძლებლობაა, და გადავწყვიტე გამომეყენებინა ეს შესაძლებლობა. ვიღაცას უნდა გაეკეთებინა ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისტორია დაუსრულებელი აღმოჩნდებოდა.

ერთი ძენის ოსტატი კვდებოდა. სანამ უკანასკნელად ჩაისუნთქავდა, თვალები გაახილა და თავის მოსწავლეებს ჰკითხა:

- გთხოვთ, დამეხმარეთ, რომ სიკვდილის ალტერნატიული საშუალება ვიპოვნო.

- რას გულისხმობ? - გაუკვირდათ მოსწავლეებს.

- როგორ ჯობია რომ მოვკვდე - იკითხა ოსტატმა, - დაწოლილი, დამჯდარი თუ ფეხზე მდგომი? ოდესმე გსმენიათ, რომ ვინმე დამჯდარი მომკვდარიყოს?

მოსწავლეებმა უპასუხეს:

- დიახ, ჩვენ გვსმენია ასეთ ადამიანებზე. ასე კვდება მრავალი ბუდისტი ბერი: დასხდებიან  სიდჰასანაში, ლოტოსის პოზაში და კვდებიან. დიახ, ჩვენ ბევრი ვიცით, ვინც დამჯდარი მომკვდარა.

- და გსმენიათ, რომ ფეხზე მდგომი მომკვდარიყოს ვინმე? - იკითხა ოსტატმა.

- ეს დიდი იშვიათობაა, მაგრამ ჩვენ გვსმენია ისტორია ერთ ოსტატზე, რომელიც ფეხზე მდგომი მოკვდა.

- მაშინ სხვა გზა არ მრჩება. მე თავით დამდგარი მოვკვდები, - გადაწყვიტა ოსტატმა.

და ის თავზე მდგარი მოკვდა . ვიღაცამ უნდა სცადოს უკანასკნელი შესაძლებლობა. ყველა შესაძლებლობა უნდა იქნეს გამოცდილი.

მეოთხე კითხვა:

ჩემი კითხვა ეხება კვანტურ ნახტომს. როგორ გადავხტეთ, სად უნდა გადავხტეთ, და ვინ ან რა აკეთებს ამ ნახტომს?

კვანტური ნახტომის არსი იმაშია, რომ შენს შიგნით არავინაა, ვინც გადახტომას შეძლებდა.  არ არსებობს ადგილი, სადაც შეიძლება გადახტომა, და არ არსებობს არანაირი საშუალება ამ ნახტომის გაკეთებისთვის. ამაშია კვანტური ნახტომის არსი. კვანტური ნახტომი არ არის ნახტომი, ეს გაქრობაა. კვანტური ნახტომი კავშირის სრული გაწყვეტაა წარსულთან. თუ ეს არაა სრული გაწყვეტა, მაშინ ეს უბრალოდ ნახტომია, მაგრამ არა კვანტური. სწორედ ამაშია სიტყვა „კვანტურის“ არსი.

ამ მომენტამდე ვიღაც იყავი; თუ რაღაცას აკეთებ, შენ ინარჩუნებ კავშირს წარსულთან, რადგანაც კეთება წარსულია. თუ მკითხავ, როგორ უნდა გაკეთდეს კვანტური ნახტომი, ვინ გამოიყენებს ამ მეთოდს? - შენი წარსული, შენი ძველი, დაგროვებული გონება გამოიყენებს ამ მეთოდს. როგორ შეძლებ, რომ ახალი გახდე? შენი წარსული ცდილობს ახლად გახდომას. შეგიძლია ახალი ტანსაცმელი ჩაიცვა, ახალი სახე გაიკეთო, მაგრამ ისეთივედ,   წარსულის გაგრძელებად რჩები. კვანტური ნახტომი  ესაა მომენტი გაგებისა, რომ წარსული აღარ არსებობს, რომ ეს მხოლოდ მეხსიერებაა, წარმოსახვის ნაყოფი, მას არ გააჩნია რეალობა. ხოლო თუ წარსული აღარაა, ვინ ხარ შენ? - რადგანაც მხოლოდ წარსულისგან შედგები.

კრიშნამურტი ამბობდა: „აზროვნების პროცესი მოაზროვნეს წარმოშობს“. არა პირიქით, - ის სრულიად მართალია. ჩვეულებრივ თქვენ ფიქრობთ: „მე მოაზროვნე ვარ, და აქედანაა აზროვნების პროცესი“. ეს ასე არაა. თქვენში არაა მოაზროვნე, არის მხოლოდ აზროვნების პროცესი. მხოლოდ მაშინ, როცა აზროვნების პროცესზე ფიქრობთ და ერთ მთლიანობად აღიქვამთ მას, იბადება მოაზროვნე.

მოაზროვნე არ არსებობს. ნება მიეცი აზრებს გაქრნენ, და როცა აზრები გაქრებიან მოაზროვნეც გაქრება. თუ შიგნით არ არის აზრი, არ არის მოაზროვნეც. „მოაზროვნე“სხვა არაფერია, თუ არა სხვა დასახელება მთელი აზროვნების პროცესისთვის. როცა იმის გაგებას შეძლებ რომ წარსული სხვა არაფერია, თუ არა აზრები, - უეცრად დიდი სიცარიელე დაიბადება შენს შიგნით, უზარმაზარი უფსკრული. თქვენ არ არსებობთ. თქვენს შიგნით არავინ არ არსებობს. ესაა ის, რასაც ბუდა უწოდებს ,,ანატტას’’, „არა-მე“-ს, ეგოს არარსებობას. იმ მომენტში, როცა შენ არ შეგიძლია საკუთარი თავის პოვნა, ხდება კვანტური ნახტომი.

ჩინეთის იმპერატორმა ვუმ ბოდჰიდჰარმას ჰკითხა:

- ჩემი გონება გამუდმებულ შფოთვასა და დაძაბულობაშია. მე ყოველთვის ვგრძნობ მოუსვენრობას, მღელვარებას. არ შემიძლია სულიერი სიმშვიდის პოვნა. დამეხმარეთ, სერ.

ბოდჰიდჰარმამ მას თვალებში შეხედა. ეს უჩვეულო მზერა იყო - ბოდჰიდჰარმა ძალიან მზაკვარი ოსტატი იყო. მეფე მამაცი ადამიანი გახლდათ, მას მრავალ ბრძოლაში მიუღია მონაწილეობა და მრავალი გამარჯვებაც მოიპოვა. მაგრამ მან კანკალი დაიწყო, როცა ბოდჰიდჰარმამ შეხედა თვალებში და უთხრა:

- კარგი, დილით ადრე , ოთხ საათზე მოდი და შენი გონება მოიტანე . მე მას სამუდამოდ დავამშიდებ.

როცა მეფე კიბეებზე ეშვებოდა, ბოდჰიდჰარმამ კვლავ დაუყვირა:

- არ დაგავიწყდეს შენი გონების მოტანა! დილის ოთხ საათზე მოდი და შენი ჭკუა მოიტანე! მე მას სამუდამოდ დავამშვიდებ.

მეფე გაკვირვებული იყო. „რას გულისხმობს, როცა მეუბნება: „არ დაგავიწყდეს შენი გონების მოტანა!“? ნუთუ შემიძლია მის გარეშე მისვლა? მე ხომ განუყოფელი ვარ ჩემი გონებისგან. ეს ადამიანი შეშლილია! და როგორ შემომხედა, როგორი მზაკვრული თვალებით... ის მკვლელს ჰგავს! ამ გიჟთან წასვლა, დილით ადრე, მარტო, როცა ჯერ კიდევ ბნელა... არავინ იცის, რა მოუვა თავში, როგორ მომექცევა“.

მეფეს მთელი ღამე არ ეძინა. ბევრჯერ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ წასულიყო, მაგრამ რაღაც მაინც იზიდავდა, როგორც დიდი მაგნიტი. ეს ადამიანი სასტიკი იყო, მაგრამ ასევე მის თვალებში დიდი სიყვარული იდგა. იქ ერთიც იყო და მეორეც - მისი თვალები მახვილს ჰგავდნენ, და ამავე დროს ლოტოსის სინაზეც იყო მათში. მას არ შეეძლო ამაზე უარის თქმა. საკუთარ თავს უთხრა: „მე უნდა გავრისკო“. და დილის ოთხ საათზე ოსტატთან წავიდა.

ბოდჰიდჰარმა ხელში დიდი ჯოხით. მან უთხრა მეფეს:

- დაჯექი ჩემს წინ. სადაა შენი გონება? ხომ გითხარი, რომ თან უნდა წამოგეღო!

- რა სისულელეს მეუბნები? - წამოიძახა მეფემ. - თუ მე აქ ვარ, ჩემი გონებაც აქაა. გონება ჩემს შიგნითაა. როგორ შემიძლია მისი დატოვება? როგორ შემიძლია მისი „მოტანა“?

ბოდჰიდჰარმამ უპასუხა:

- კარგი, ერთი რამ ზუსტად ვიცით: რომ გონება შენს შიგნითაა. დახუჭე თვალები, შედი სიღრმეში და სცადე მისი პოვნა. როცა დაიჭერ, მითხარი, და სამუდამოდ დავამშვიდებ. მაგრამ თავიდან უნდა დაიჭირო, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვუხერხებ რამეს.

მეფემ თვალები დახუჭა. ყველაფერი ძალიან სულელურად გამოიყურებოდა, მაგრამ უკანდასახევი გზა არ ჰქონდა და იძულებული იყო დამორჩილებოდა. თვალები დახუჭა. ოსტატი კი თავისი ჯოხით მის წინ იჯდა - იქნებ უცებ დაარტყას ან ცემოს? - ეს უჩვეულო სიტუაცია იყო. მას არ შეეძლო დაძინება. მას მთელი ღამე არ ეძინა - ის სულ ფიქრობდა, წასულიყო თუ არ წასულიყო ოსტატთან... ოსტატის სიახლოვე... და ტყის სიჩუმე... და ღამის სიბნელე... და მთელი ეს უცნაური სიტუაცია... ამ ადამიანს შეეძლო თავიც კი მოეჭრა მისთვის - ის ყურადღებით იყო! საფრთხე იმდენად დიდი იყო, რომ ის ძალიან დაკვირვებული გახდა. ცხოვრებაში პირველად, მან საკუთარ თავში ჩაიხედა.

როგორც „ოქროს ყვავილის საიდუმლოშია“ ნათქვამი, მან პირველად შემოატრიალა თავისი სინათლე და შიგნითკენ მიმართა: ჩაიხედა შიგნით, ძიება დაიწყო საკუთარი თავის სიღრმეში, - ის მართლა ეძებდა, ძალიან გულწრფელად და რაც უფრო მეტად ეძებდა, მით უფრო მეტად აცნობიერებდა, რომ გონება არ არის. შიგნით არავინაა. ეს სახლი ცარიელია, ჩვენ მხოლოდ გვგონია, რომ ეს ასე არაა. ჩვენ რწმენად მივიღეთ სხვების წარმოდგენები სულის, საკუთარი თავის, ეგოს შესახებ. მაგრამ ჩვენ არასოდეს გაგვისინჯავს მართლა  ასეა თუ არა. და რაც უფრო მეტად ხვდებოდა, რომ შიგნით არავინაა, მით უფრო ბედნიერი და სიხარულით სავსე ხდებოდა. მისი სახე მოეშვა, და დიდ მადლს ასხივებდა. რამდენიმე საათი გავიდა, მაგრამ იგი დროს ვერ ამჩნევდა. იჯდა და განაგრძობდა ნეტარებით ტკბობას, რომელიც ცხოვრებაში პირველად იგრძნო. რაღაც საოცრად მშვენიერი ხდებოდა მის თავს.

ამომავალი მზის პირველი სხივების გამოჩენისთანავე ბოდჰიდჰარმამ მიმართა მას:

- უკვე დროა. გაახილე თვალები. აბა, იპოვნე შენი თავი შიგნით თუ ვერა?

მეფემ თვალები გაახილა, ოსტატს შეხედა, სილამაზე დაინახა მის სისასტიკეში, დაინახა, რომ ეს თანაგრძნობით იყო გამოწვეული, დაინახა მისი სიყვარული, თაყვანი სცა და უთხრა:

- შენ სამუდამოდ დაამშვიდე იგი. ის იქ არაა. ახლა ვიცი, რომ უაზრო ხმაური ავტეხე იმის გამო, რაც საერთოდ არ არსებობს.

სწორედ ესაა კვანტური ნახტომი. თქვენ საკუთარ თავს შიგნით ეძებთ და ხედავთ, რომ ის არ არსებობს; მაშინ ქრება კითხვა: „როგორ“ და „სად“. ეს უკვე თავისით მოხდა.

მინდა გითხრა: ყოველდღე, რამდენიმე საათით დახუჭე თვალები და გახდი ისეთივე ყურადღებიანი, როგორც იმპერატორი ვუ; წარმომიდგინე პირდაპირ შენს წინ მახვილით ხელში, მზადმყოფი იმისთვის, რომ თავი მოგაჭრა, თუკი ჩაგეძინება. და შედი სიღრმეში. და ერთხელ კვანტური ნახტომი მოხდება. შენ გაიგებ მის შესახებ, მხოლოდ მაშინ, როცა ის უკვე მოხდება. შენ არ შეგიძლია მისი განხორციელება. ეს არაა შენს ძალაუფლებაში, ეს თავისთავად ხდება. შენ არ შეგიძლია მისი განხორციელება, რადგან სწორედ შენ ხარ წინააღმდეგობა ამისთვის. როგორ შეგიძლია ნახტომის შესრულება? გადასახტომი არსადაა, გადამხტომი არავინაა, გადახტომის საშუალება არაა. როცა ამ სამ რაღაცას გააცნობიერებ, აღმოჩნდება, რომ ეს უკვე მოხდა.

მაშინ შენ ცხოვრობ, როგორც სიცრიელე:  აბსოლუტურად ცარიელი და ამავდროულად აბსოლუტურად სავსე.

მეხუთე კითხვა:

მე ძალიან მინდა სანიასი გავხდე, მაგრამ ამის შესახებ გაფიქრებაც კი უზარმაზარ შიშის მარწუხებში აქცევს ჩემს გულს. ეს ისეთი სიახლეა. გარდა ამისა, მე არ მინდა მოსწავლე გავხდე , მე უბრალოდ მოვედი აქ, რომ ჩემი მეგობარი-სანიასი მომენახულებინა.

მაგრამ შენ გამოჭერილი ხარ! ახლა უკვე ძალიან გაგიჭირდება გაქცევა.ყოველთვის ძალიან ძნელია ახლის არჩევა, მაგრამ მხოლოდ ისინი, ვინც ახალს ირჩევენ, მართლა ცხოვრობენ. ძველის არჩევა  სიკვდილის არჩევას ნიშნავს, და არა სიცოცხლის. უკვე ნაცნობის არჩევა  მის  ტყვედ დარჩენას ნიშნავს. უკვე ცნობილის არჩევა  შეუცნობლისგან გაქცევას ნიშნავს, რომელიც კარზე აკაკუნებს. ცნობილის არჩევა  ღმერთის უარყოფას ნიშნავს, რადგან ღმერთი ყოველთვის უცნობია. არა მხოლოდ უცნობი, არამედ შეუცნობელი.

ღმერთი ყოველთვის საღია . ისეთივე  საღი, როგორც დილის ნამი. ღმერთი ყოველთვის რაღაც სრულიად ახალია, უცნობია, გაუთვალისწინებელია, წინასწარგანუსაზღვრელია. ღმერთი მხოლოდ ისე მოდის,  როგორც გამოუცნობი. და თუ შენ გეშინია, თუ შენ უკან იხევ, მაშინ შენს ეგრეთ წოდებულ შავ ხვრელში რჩები.

რა მოგცა შენმა წარსულმა, რომელსაც ასე ეჭიდები? რითია შენთვის ასე ძვირფასი, გარდა იმისა, რომ ეს რაღაც ნაცნობია? ეს ნამდვილი ტანჯვა და ტრაგედიაა. მაგრამ ადამიანები თავიანთ ტანჯვასაც კი ეჭიდებიან, რადგანაც ის ნაცნობია ის მეგობრებად გვეჩვენება. მაშინაც კი, როცა ჯანმრთელობა გიკაკუნებს კარზე, შენ არ გესმის; შენ ეჭიდები შენს ტუბერკულოზს,  კიბოს, რადგანაც ისინი ასე ნაცნობი არიან, შენ იმდენ ხანს ცხოვრობდი მათთან, რომ მათი დატოვება და ჯანმრთელად ყოფნა ღალატად გეჩვენება.

სწორედ ამიტომ ეჭიდებიან ადამიანები ასე თავის ტანჯვას. მაშინაც კი, როცა ჩნდება ტანჯვის მოშორების და ზეიმის დაწყების შესაძლებლობა, ადამიანები კვლავ განაგრძობენ მასზე მოჭიდებას, ყველანაირად ეფერებიან და უფრთხილდებიან მათ. მაშინაც კი, როცა პრობლემა  მიდის , ადამიანები ცდილობენ დაიბრუნონ ის. თუ ერთი პრობლემა გაქრება, ადამიანები დაუყოვნებლივ შექმნიან ახალს, მის მსგავსს. ისინი მცირე პაუზასაც კი არ აკეთებენ, რომ სიხარულმა მათ არსებაში შეძლოს შესვლა.

მაგრამ გახსოვდეს: მხოლოდ ისინი ცხოვრობენ ნამდვილად , რომლებიც   ახალს ირჩევენ. სიცოცხლე არის ამოუცნობში, დაუგეგმავში შესვლისთვის მზადყოფნა. სიცოცხლე იმ გამოწვევისთვის მზადყოფნაა, რომელიც უცნობი წყაროდან მოდის. და ეს სახიფათოა, მაგრამ თავად ცხოვრებაა სახიფათო. ყველაზე უსაფრთხო და დაცული ადგილი მსოფლიოში საფლავია; იქ არასოდეს არაფერი არ ხდება.

პატარა ქალაქის მუნიციპალურმა კომიტეტმა, რომელშიც მოლა ნასრედინი ცხოვრობდა, წამოაყენა წინადადება, რომ ქალაქის სასაფლაოს გარშემო აეშენებინათ კედელი . მოლა ნასრედინიც ასევე კომიტეტის წევრი იყო. ის წამოდგა და განაცხადა:

- ამის არანაირი აუცილებლობა არაა.

კომიტეტის წევრები აღშფოთდნენ, რადგანაც კედლის აშენება ყველას სურდა. ადამიანებს არ სურთ საფლავების და სიკვდილის დანახვა. ადამიანებს არ სურთ გააცნობიერონ სიკვდილის არსებობა.  სწორედ ამიტომ აწყობენ სასაფლაოებს  ადამიანებისგან მოშორებით, ქალაქგარეთ. თქვენ მიდიხართ იქ მხოლოდ მაშინ, როცა არ შეგიძლიათ, რომ არ წახვიდეთ, საერთოდ კი ჯობია თავი აარიდოთ ამ ადგილს.

ქალაქი გაიზარდა და სასაფლაო, რომელიც მისგან მოშორებით იყო, მის საზღვარზე აღმოჩნდა. ასე რომ კომიტეტის ყველა წევრი თანახმა იყო, და მხოლოდ მოლამ განაცხადა: „ამის არანაირი აუცილებლობა არაა“.

წარმომადგენელმა ჰკითხა მას:

- რატომ თვლი ასე?

- ორი მიზეზით, - უპასუხა მოლამ. - პირველ რიგში იმიტომ, რომ  ის ვინც გარეთაა, არც ერთ შემთხვევაში არ ცდილობს შიგნით მოხვედრას, ამიტომ კედელი, რომელიც ხელს შეუშლიდათ ამაში, საჭირო არაა. და მეორეც, ვინც შიგნითაა, გარეთ ვერ გავა. რა აზრი აქვს კედლის აშენებას? კედელი მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ გარეთ მყოფებს შიგნით შესვლაში შეუშალოს ხელი, ან პირიქით, შიგნითმყოფებს გარეთ გასვლაში. მაგრამ ისინი, ვინც გარეთ არიან, საერთოდ არ ცდილობენ შიგნით მოხვედრას; ისინი მიდიან იქ, როცა უკვე აღარაფრის გაკეთება ძალუძთ. როცა იქ უწევთ გასვლა, ოთხ სხვას გაჰყავთ ისინი. ხოლო როცა შიგნით არიან, უკვე აღარ შეუძლიათ გარეთ გასვლა. არავის გაუგია, რომ იქიდან ვინმე დაბრუნებულიყოს. ამიტომ ამას არანაირი აზრი არა აქვს.

საფლავი ყველაზე უსაფრთხო და საიმედო ადგილია მსოფლიოში, რადგანაც იქ არასოდეს არაფერი ახალი არ ხდება. გახსოვდეს ეს და ნუ იქცევი საფლავად.

სანიასა რაღაც ახალია შენთვის, და საერთოდ, იმისთვის არ ჩამოსულხარ, რომ სანიასა მიგეღო. ნუთუ ფიქრობ, რომ ყველა, ვინც აქ სანიასა მიიღო, აპირებდნენ ამის გაკეთებას, როცა აქ მოდიოდნენ? მე ცუდ დროს გამოვიჭირე ისინი! სანამ გაქცევას მოასწრებდნენ, მე უკვე დავეუფლე მათ გულებს. შენც გამოგიჭირე. თუ გაიქცევი, საკუთარი რისკის ქვეშ გაიქცევი. და ყოველთვის ინანებ ამას, ყოველთვის, რადგანაც შენ მოგეცა ტრანსფორმაციის შესაძლებლობა, საკუთარი თავის გაშვების შესაძლებლობა, შიგნით ჩარღმავების და საკუთარ არსებაში რელაქსაციის შესაძლებლობა, გაფურჩქვნის შესაძლებლობა. მაგრამ შენ შეგეშინდა, რადგანაც ეს  სიახლეა.

იმედიტირე ამ სტროფებზე რობერტ ფროსტიდან...

ყოველთვის აირჩიეთ ახალი, ჯერ კიდევ გაუსინჯავი. ყოველთვის აირჩიეთ ამოუცნობი, ჯერ გამოუცდელი. თქვენ მხოლოდ მაშინ იზრდებით, თუ ცხოვრებისგან გამოწვევას იღებთ. მხოლოდ მაშინ იზრდებით, თუ არ გაურბიხართ ცხოვრებისეულ ქარიშხლებს. მხოლოდ მაშინ იზრდებით, თუ გარისკვა იცით, და ყველაფერს დებთ ფსონად.

სანიასა სიმამაცეს მოითხოვს. ძველი სანიასა არც ისე სახიფათო იყო. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ჩემი სანიასა უფრო ადვილია, ვიდრე სანიასას ძველი იდეა. ისინი ცდებიან. ძველი სანიასა ძალიან მარტივი იყო, რადგანაც იგი წინასწარ გულისხმობდა (არა მარტო გულისხმობდა, არამედ სავალდებულო პირობადაც აყენებდა), რომ თქვენ სამყაროსგან განდეგილი ხდებით. ეს ძალიან ადვილი იყო. თქვენ მიდიოდით მონასტერში და იქ დანარჩენი სამყაროსგან  ხელშეუხებელი ცხოვრობდით. მედიტაცია მთელი თქვენი ცხოვრება ხდებოდა, ყოველგვარი ცდუნების გარეშე. ეს მონოტონური ცხოვრება იყო. სიტყვა „მონასტერი“ და  „მონოტონურობა“ ერთი ფუძიდან მოდის. თქვენი ცხოვრება მკაცრად განსაზღვრული, მონოტონური, რუტინული და უცვლელი იყო, სამყარო კი შორს და უკან რჩებოდა. ეს ძალიან ადვილი იყო.

ჩემი სანიასა გაცილებით რთულია. თქვენ უნდა იცხოვროთ ჩვეულებრივ სამყაროში და ამავე დროს იცხოვროთ ისე, როგორც მონასტერში. თქვენ უნდა მიიღოთ სამყაროს ყველა ცდუნება და ამავე დროს შეურყვნელი დარჩეთ. თქვენ უნდა იყოთ მიწაზე და არა ამ მიწისა.

მე უზარმაზარი გამოწვევა გამოგიცხადეთ. ძველი სანიასა არ გაძლევდათ ასეთ გამოწვევას. ის ძალიან აწყობდათ მშიშრებს, გამქცევებს ;  ყველას, ვინც ცხოვრებისგან დაიღალა, ვისაც არ შეეძლო ცხოვრების მიღება, ვინც უძლურად გრძნობდა თავს, რაღაც დონით არასრულფასოვნად. ამიტომაც ის იზიდავდა სუსტებს, უნიჭოებს, საშუალოებს.

თუ გაემგზავრებით ჰიმალაებში ან რომელიღაც მონასტერში და შეხედავთ ბერებს, გაოცდებით. ერთ რამეს ნამდვილად დაინახავთ: რომ მათ სახეზე გონივრულობის ნატამალიც კი არაა, მათი თვალები არ ბრწყინავს მიღმიერის სინათლით. ისინი მოსაწყენები, მოდუნებულები, უსიცოცხლოები და სულელები ჩანან. ისინი გაექცნენ ცხოვრებას.

მხოლოდ ცხოვრება გაძლევთ სიმწვავეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ხმალი არასოდეს იქნება ბასრი. მხოლოდ ცხოვრებისეული გამოცდები აღვიძებს ყველა თქვენს ტალანტს და ზედაპირზე გამოაქვს ისინი. თქვენ გონიერი უნდა იყოთ იმისთვის, რომ გადარჩეთ. მონასტერში მონასტრით ხართ დაცული, სექტით, ეკლესიით. თქვენ არ გჭირდებათ არანაირი ძალისხმევა იმისთვის, რომ გადარჩეთ. გაძლევენ ტანსაცმელს, საჭმელს, თქვენ მხოლოდ ის გჭირდებათ, რომ ცოტა ილოცოთ, თუთიყუშებივით გაიმეოროთ სხვისი სიტყვები. გასაკვირი არაა, რომ შტერდებით. გასაკვირი იქნებოდა, რომ ვინმე იქ უფრო გონიერი გამხდარიყო, რადგანაც ის უბრალოდ მოკლებულია შესაძლებლობას, რომ გონივრულობა გამოავლინოს, - ეს კი იგივე შესაძლებლობებია, რაც ცდუნებების შესაძლებლობები.

ცდუნება შესაძლებლობაა. თქვენ შეგიძლიათ დაემორჩილოთ ცდუნებას - ეს თქვენი არჩევანია  ან შეგიძლიათ ხელუხლებელი დარჩეთ; ეს ცენტრირებას მოგცემთ, კრისტალიზაციას.

ჩემი სანიასა   ყველაზე რთული მოვლენაა, რომელიც ოდესმე მომხდარა დედამიწაზე, რადგანაც მე არ გთავაზობთ განდეგილობას სამყაროსგან. მე გთავაზობთ ცხოვრებას სამყაროში, მის შეცნობას, შეყვარებას, მისით ტკბობას, მასში რაც შეიძლება ღრმად შესვლას, რათა თქვენი გონივრულობა გაილესოს, თქვენმა ცხოვრებამ გაიღვიძოს, რათა თქვენში მთვლემარე ენერგიების წყაროები ცოცხალი, დინებადი გახდეს. და ამავე დროს დარჩეთ ცენტრირებული თქვენს არსში - იყოთ დამკვირვებელი მთის მწვერვალიდან. დარჩით მსახიობად და ნება მიეცით ცხოვრებას, რომ უბრალოდ დრამა იყოს, რომელშიც გარკვეულ როლს თამაშობთ. მაგრამ ნუ გააიგივებთ თავს როლთან. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ როლია. ხურო ხართ თუ ექიმი, ინჟინერი თუ მასწავლებელი, ქმარი, ცოლი, მამა, დედა, შვილი - ყველაფერი ეს მხოლოდ როლებია, დედამიწა კი - უზარმაზარი სცენა, რომელზეც უზარმაზარი დრამა მიმდინარეობს. ღმერთი  მისი ავტორიცაა, რეჟისორიც, თქვენ კი უბრალოდ მსახიობები ხართ, რომლებიც მასში მონაწილეობენ. როცა ფარდა დაეშვება, თქვენი როლები გაქრება. თქვენ კვლავ გახდებით წმინდა არსი, შეწყვეტთ იმ როლში ყოფნას, რომელსაც თამაშობდით.

სამყარო ტრანსფორმირებულ უნდა იქნეს საკუთარი თავის გახსენების, თვითიდენტიფიკაციის შესაძლებლობაში. ამიტომაც სანიასა არაა ადვილი. და მე ვიცი, რომ ყველა ყოყმანობს, სანამ გადახტება. მაგრამ თუ ეს სურვილი გაჩნდა, თუ შენ გაქვს შინაგანი მისწრაფება, ნუ მოკლავ მას, რადგანაც ეს თვითმკვლელობა იქნება. წამოდი ექსპერიმენტზე, გამოიკვლიე ეს ახალი განზომილება. შენ უკვე იცხოვრე ძველებურად,  რატომ უნდა გაიმეორო იგივე კვლავ და კვლავ? სცადე ახლებურად. ვინ იცის? - იქნებ ამ გზაზე ღმერთს შეხვდე. ვინ იცის? - იქნებ ამ გზაზე რეალიზაცია გელოდება.

ბოლო კითხვა:

რატომაა, რომ თავიდან მიყვარს, შემდეგ მძულს, შემდეგ კი გულგრილი ვარ ერთი და იმავე ადამიანის მიმართ?

შენ ჯერ კიდევ არ იცი, რა არის სიყვარული. შენ ჯერ კიდევ არ იცი, რომ ბევრ სხვა რამეს მოაქვს  თავი სიყვარულად და გეთამაშება. დიახ, ზოგჯერ სიძულვილი ან გაჩვენებს  სუფთა სექსუალურობა გაჩვენებს თავს სიყვარულად. როგორც ჩანს,  შენს შემთხვევაში ასეცაა.

შენ მეკითხები: „რატომაა, რომ თავიდან მიყვარს, შემდეგ მძულს, შემდეგ კი გულგრილი ვარ ერთი და იმავე ადამიანის მიმართ?“

შენ ჯერ არ გყვარებია; ეს მხოლოდ შენი სექსუალური მადაა. და მე გაცნობიერებულად ვუწოდებ ამას მადას. როცა მშიერი ხარ, მხოლოდ საჭმელზე ფიქრობ. მაშინ მხოლოდ არომატი გიზიდავს რესტორან „ვრინდავანიდან“, ყველაფერი დანარჩენი მნიშვნელობას კარგავს. და შენ რესტორანში მიდიხარ. როცა დანაყრდები, საჭმლისადმი მთელი ინტერესი ქრება, ხოლო თუ ძალიან ბევრი ჭამე, ზიზღსაც კი გრძნობ საჭმლის მიმართ. თუ ძალიან ბევრი ჭამე, იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა, გულისრევა გეწყება. როცა დანაყრებული ხარ, „ვრინდავანის“ გვერდით მიდიხარ და ვერც კი ამჩნევ მის სურნელებას, საკუთარ ფიქრებში ხარ და გულგრილი ხარ საჭმლისადმი.

შენი სიყვარული  სხვა არაფერია, თუ არა სექსუალური მადა. სწორედ ამიტომ გრძნობ თავიდან დიდ მიზიდულობას, გრძნობ, რომ „შეგიყვარდა“. ამ მიზიდულობას სიყვარულს უწოდებ, მაგრამ ზუსტად ისევე გიყვარს, როგორც ადამიანებს ნაყინი. რამდენ ხანს შეგიძლია გიყვარდეს ნაყინი? რამდენი შეგიძლია შეჭამო?

ბომბეიში ერთ ოჯახში ვიყავი სტუმრად. ისინი შესანიშნავი ადამიანები იყვნენ, მაგრამ მათ ძალიან უცნაური წარმოდგენა ჰქონდათ იმის შესახებ, თუ როგორ იზრუნონ სტუმრებზე. ჩემი გულისთვის მათ ბევრი სხვა სტუმარი მოიწვიეს, სუფრა გაშალეს ,  შემდეგ კი ოთხმა ძმამ აიძულა სტუმრები, რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი ეჭამათ. ფაქტობრივად , პირში უტენიდნენ საჭმელს. სტუმრები უარს ამბობდნენ, ისინი შეწუხდნენ და ძალიან უსიამოვნოდ გრძნობდნენ თავს: „რა ხდება?“ და ყოველ სტუმარზე ოთხი ძმა იყო!

მე დავეკითხე:

- რაშა საქმე? რას აკეთებთ? თუ სტუმრებს აღარ უნდათ ჭამა, დაანებეთ თავი!

- ეს ოჯახური ტრადიციაა, - მიპასუხეს მათ. - ჩვენს ოჯახში ასეა მიღებული , მანამ  ვაჭამოთ, მსანამ სტუმარი ჩხუბს არ დაიწყებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ ჩაგვთვლიან სტუმართმოყვარე მასპინძლებად.

აი, მათი იდეა სტუმართმოყვარეობისა: გაუმასპინძლდნენ, სანამ სტუმარი ჩხუბს არ დაიწყებს... მაგრამ სწორედ ასე მოხდა. როცა სტუმარი უკვე... როდემდე შეიძლება ტანჯვა? ყველაფერს აქვს საზღვარი! სხეული რეზინის არაა, და კუჭსაც აქვს თავისი შეზღუდვა. ყველა სტუმარმა ყვირილი დაიწყო. მაგრამ მასპინძლები ბედნიერები იყვნენ, რადგანაც მათ სტუმართმოყვარეობა გამოავლინეს.

პირველ რიგში, შენ მხოლოდ ფიქრობ რომ გიყვარს. მაგრამ ეს არაა სიყვარული,  ეს მხოლოდ ფიზიკური მადაა, სხეულებრივი მისწრაფება, ბიოლოგიური მოვლენა. მას არაფერი აქვს საერთო სიყვარულთან.

სიყვარული სულ სხვაა. ის არაა დაკავშირებული აუცილებლად სექსთან. სექსს შეუძლია მისი ნაწილი იყოს, და შეუძლია არც იყოს. შეიძლება იყო შეყვარებული ვინმეზე, მაგრამ  არ გქონდეს სექსუალური ურთიერთობა. ეს ისაა, რასაც მეგობრობას უწოდებენ. მეგობრობა თითქმის გაქრა ამ სამყაროდან, რადგანაც ჩვენ მხოლოდ ერთი სიყვარული ვიცით - სექსუალური. არასექსუალური სიყვარული გამქრალია.  სინამდვილეში კი , სწორედ ესაა სიყვარული. მეგობრობა უფრო ღრმა სიყვარულია, ვიდრე სექსუალური ურთიერთობა, რადგანაც მეგობრობა იძლევა და საპასუხოდ არაფერს ითხოვს.

სექსუალური ურთიერთობა არის ურთიერთ-ექსპლუატაცია: შენ იყენებ პარტნიორის სხეულს, ის კი შენსას,  თქვენ იყენებთ ერთმანეთს. მაგრამ ამისთვის უბრალოდ სექსის დარქმევა უაზრობა ჩანს, ამიტომ სიყვარულს ვუწოდებთ. გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუ ამას უბრალოდ სექსს დავარქმევდით, - ეს უფრო სამართლიანი და გულწრფელი იქნებოდა, - და მაშინ არ გაჩნდებოდა პრობლემები, რადგან გეცოდინებოდათ რომ ეს მადაა. რაღაც მომენტში შენ დაკმაყოფილებას გრძნობ, შემდეგ კი, თუ შენს პარტნიორს ჯერ კიდევ აქვს სწრაფვა და შენ აგრძელებ ამ თამაშს, სიძულვილს გრძნობ, რადგანაც ზიზღის გრძნობა ჩნდება. ადრე თუ გვიან იგრძნობ გულგრილობას, რადგანაც შენ მისი სხეული შეიცანი, მან კი შენი, ახლა ტერიტორია ცნობილია, და წასასვლელი აღარსადაა. ახლა უკვე აღარ დარჩა საიდუმლო, აღარ დარჩა ამოუცნობის მიმზიდველობა. ყველაფერი დასრულდა: და ჩნდება გულგრილობა.

ის, რასაც სიყვარულს ეძახი, მხოლოდ სექსია. უწოდე ამას სექსი, და ნუ უწოდებ სიყვარულს. კარგი იქნება, თუ სექსს უწოდებ, რადგანაც მაშინ გეცოდინება, რომ ეს სექსია,  საჭირო აღარაა თვალთმაქცობა. თუ არ ითვალთმაქცებ, ის არ შემოგიტრიალდება სიძულვილად. თუ თავს მოიტყუებ, რომ ეს სიყვარულია მაშინ, როცა ეს მხოლოდ სექსია, ადრე თუ გვიან იგი სიძულვილად იქცევა.  თუ უბრალოდ სექსს უწოდებ ამას, მაშინ ერთმანეთის მადლიერი იქნებით და არ შეიძულებთ ერთმანეთს. და არასოდეს გახდებით ერთმანეთისადმი გულგრილი.

პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა მას უწოდებ ლამაზ სიტყვას - „სიყვარული“.  რატომ იქცა იგი სიძულვილად? სიყვარული არასოდეს იქცევა სიძულვილად. სიყვარული უფრო და უფრო ღრმა ხდება. ბოლოს და ბოლოს , სიყვარული ლოცვა ხდება - ღმერთი.

მაგრამ ეს არაა სიყვარული. ასე რომ, პირველ რიგში, გთავაზობ, რომ ამას უბრალოდ სექსი უწოდო. და არაფერია ცუდი უბრალო და  სუფთა სექსში; ის ბუნებრივია. არაა საჭირო მისი დაფარვა ლამაზი სიტყვით - „სიყვარული’’, არაა საჭირო მის ირგვლივ რომანტიურლი ღრუბლის შექმნა. იყავი უბრალო, გულწრფელი, მართალი. თუ ეს გამოგივა, ნახევარ საქმეს გააკეთებ. მაშინ  დაინახავ განსხვავებას. ერთხელაც შეიყვარებ და დაინახავ, რომ არსებობს არა მხოლოდ ფიზიკური, ბიოლოგიური მისწრაფება, არამედ რაღაც უფრო მაღალი - ორი ენერგია ერთში ირწყმება, ორი სული სიახლოვეს გრძნობს, ორი არსება ჰარმონიას ქმნის.

აი,  ჩემი განსაზღვრება: თუ მიზიდულობა ორ სხეულს შორისაა   ეს სექსია; თუ ორ გონებას შორის -  სიყვარული; თუ ორ სულს შორისაა -  ლოცვა. ლოცვა სიყვარულის უმაღლესი ფორმაა,  სექსი კი  უმდაბლესი ფორმა. ნუ მიიღებ უმდაბლეს ფორმას უმაღლესად, წინააღმდეგ შემთხვევაში შეცდომაში შეხვალ.

ქალი და მამაკაცი რაღაც დროის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, და, როგორც იქნა, ქალი დათანხმდა სიახლოვეზე. სახლში მისასვლელ გზაზე რამდენიმე ძვირფასი მაღაზია გაიარეს. ქალს ძვირად ღირებული იტალიური ფეხსაცმელი მოეწონა.

- ნუ ღელავ, ბეიბი, გიყიდი ამას, - უთხრა მან.

შემდეგ ქალმა ნამდვილი პარიზული კაბა შეამჩნია.

- ნუ ღელავ ,ბეიბი, ამასაც გიყიდი.

ბოლოს ქალმა წაულას შუბასაც დაადგა თვალი.

- ნუ ღელავ ბეიბი, მე ვიყიდი ამას შენთვის.

როგორც იქნა მივიდნენ მამაკაცის სახლში, სექსიც ჰქონდათ, და უკანა გზაზე კვლავ გაიარეს მაღაზიებთან.

- აი, ამ შუბის ყიდვას აპირებდი ჩემთვის, - შეახსენა ქალმა.

- წავედით აქედან - ჩაიბურტყუნა მან.

- და ეს კაბა...

- წავედით აქედან, - კვლავ უპასუხა მან.

ბოლოს ქალმა ფეხსაცმელიც აჩვენა.

- წავედით, - კვლავ მიუგო მისმა კავალერმა.

ქალმა ტირილი დაიწყო:

მე არაფერი მესმის. სანამ სექსი გვექნებოდა, ყველაფერ ამის ყიდვას დამპირდი. ახლა, ორი საათის შემდეგ, უარს ამბობ შენს დაპირებებზე.

- ასეთი ვარ, ბეიბი. როცა მაგარი ვარ, რბილი ვარ.  როცა რბილი ვარ, მაგარი ვარ.

დღეისათვის საკმარისია.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff