თავი 22 - მარტოსულობა - ეს თავად თქვენი ბუნებაა
თავი 22
მარტოსულობა - ეს თავად თქვენი ბუნებაა
პირველი კითხვა:
ოსტატო,მოვლენათა უზარმაზარი და გამომფიტველი ტალღის შემდეგ, ვრჩები რა ძალიან ღრმა განცდის შესახებ მოგონებასთან ერთად, მე პირისპირ ვრჩები მარტოსულობის ახალ შეგრძნებასთან. ურთიერთობის მცდელობები ან გარეთ გაქცევა ცუდ შედეგებს იძლევიან. რატომ ვეჭიდები ამ ჩვევას: გავექცე მარტოსულობას? შენი რამდენიმე რჩევა დამეხმარება, რომ გავუმკვალვდე ჩემს წინ არსებულ მოვლენებს.
მარტოსულობა - ეს თავად შენი ბუნებაა. არ არსებობს საშუალება, რომ მარტოსული არ იყო. იგი შეგიძლია დაივიწყო, მრავალ მოვლენაში ჩაიძირო, მაგრამ სიმართლე კვლავ და კვლავ შეგახსენებს თავს. ყოველი ღრმა განცდის შემდეგ მარტოსულობას გრძნობ. ღრმა სასიყვარულო განცდის შემდეგ მარტოსულობას გრძნობ, ღრმა მედიტაციის შემდეგ მარტოსულობას გრძნობ.
სწორედ ამიტომ, ძლიერი განცდების შემდეგ ადამიანები სევდას გრძნობენ. ღრმა განცდას სევდა მოსდევს. სწორედ ამიტომ მილიონობით ადამიანი უარს ამბობს ძლიერ განცდებზე, გაურბის მათ. მათ არ უნდთ, რომ ღრმად ჩაიძირონ სიყვარულში, ისინი მხოლოდ სექსით კმაყოფილდებიან, რადგანაც სექსი ზედაპირულია, იგი მარტოსულობაში არ ტოვებს მათ. ეს გასართობია: მაგრამ რაღაც მომენტში სიამოვნებას ღებულობენ, შემდეგ კი სრულიად ავიწყდებათ იგი. ეს არ აბრუნებს ადამიანებს მათ საკუთარ ცენტრში. სიყვარული კი საკუთარ ცენტრში გაბრუნებს: სიყვარული ისეთი ღრმაა, რომ მარტოსულობაში გტოვებს.
ეს სრულიად პარადოქსულია: ჩვეულებრივ ადამიანები თვლიან, რომ სიყვარული ერთიანობის შეგრძნებაში დაეხმარება მათ. ეს აბსოლუტურად სხვაგვარად ხდება. თუ სიყვარული ღრმაა, ის გეხმარებათ, რომ მარტოსულობა იგრძნოთ და არა ერთიანობა. რა ხდება ნებისმიერი ღრმა განცდის დროს? - თქვენი არსის პერიფერიას ტოვებთ და ცენტრში ხვდებით, ცენტრში კი არაფერია, გარდა მარტოსულობისა. სწორედ მაშინ ხართ თქვენ, უფრო ზუსტად არა თქვენ, არამედ მხოლოდ ცნობიერება - განუსაზღვრელი ცნობიერება, რაიმე ეგოს გარეშე, რაიმე გაიგივების გარეშე - უბრალოდ ცნობიერების უფსკრული.
მშვენიერი მუსიკის მოსმენის შემდეგ, დიადი პოეზიის გააზრების შემდეგ, მზის ჩასვლის ჭვრეტის შემდეგ თქვენ ყოველთვის გრძნობთ სევდას. ეს რომ გააცნობიერეს, მილიონობით ადამიანმა გადაწყვიტა აღარ შეემჩნია სილამაზე, აღარ ჰყვარებოდა, აღარ ყოფილიყო მედიტაციაში, აღარ ელოცა - რათა თავიდან აერიდებინა ყველაფერი, რაშიც სიღრმეა. მაგრამ რომ გაურბოდეთ ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტება ზოგჯერ მაინც დაგიკაკუნებთ კარებზე. იგი უხერხულ სიტუაციებს შეგიქმნით.
რაღაც მომენტებში შენ შეგიძლია სხვა რამეზე გადაიტანო ყურადღება, მაგრამ ეს მაინც ვერ დაგეხმარება. მარტოსულობა უნდა მიიღო, რადგანაც ეს თავად შენი ბუნებაა. მარტოობა - არაა შემთხვევითობა, ეს თავად ბუნებაა მოვლენათა არსებობისა. სწორედ ესაა დაო. როგორც კი ამას ღებულობ, მარტოსულობის ხარისხი იცვლება. მაშინ მარტოსულობა აღარ იწვევს სევდას. სევდა გამოწვეულია შენი წარმოდგენით იმაზე, რომ მარტოსული არ უნდა იყო; პრობლემას ქმნის შენი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მარტოსულობა - სევდაში ყოფნას ნიშნავს. მარტოსულობა საოცრად მშვენიერია, რადგანაც ეს ყველაზე ღრმა თავისუფლებაა. ეს აბსოლუტური თავისუფლებაა - როგორ შეუძლია მას, რომ სევდა გამოიწვიოს?
შენ არასწორ ინტერპრეტაციას იყენებ. უნდა გადააგდო ეს ინტერპრეტაცია. როცა შენ ამბობ: „მე პირისპიე ვრჩები მარტოობის ახალ შეგრძნებასთან“, - სინამდვილეში გულისხმობ, რომ პირისპირ საკუთარი მარტოსულობის ახალ შეგრძნებასთან რჩები. შენ ჯერ არ გაგიცნობიერებია განსხვავება მარტოსულობასა და მარტოობას შორის.
არასწორ ინტერპრეტაციაში, მარტოსულობა ისე გამოიყურება, როგორც მარტოობა. მარტოობა ნიშნავს, რომ ვიღაც ან რაღაც არ გყოფნის. ვინ არის ეს ვიღაც ან რაღაც? - ნებისმიერი მიზეზი, ნებისმიერი ტოქსინი, რომელიც თავდავიწყებას გაძლევს. ეს შეიძლება იყოს ქალი, მამაკაცი, წიგნი - ნებისმიერი რამ, რაც თავდავიწყებას გაძლევს, რაც ცნობიერებას გიბინდავს, რაც გაცნობიერებულად ყოფნის აუცილებლობისგან განთავისუფლებს. სინამდვილეში შენ მარტოობაზე საუბრობ.
მარტოობა - ეს ნეგატიური მდგომარეობაა: შენ არ გყოფნის ვიღაც და მის ძებნას იწყებ. მარტოსულობა არაჩვეულებრივად მშვენიერია. მარტოსულობა ნიშნავს, რომ შენ აღარ გჭირდება არავინ სხვა, რომ შენი თავის გყოფნის, იმდენად თვითკმარი ხარ, რომ შეგიძლია საკუთარი მარტოსულობა მთელს ყოფიერებას გაუზიარო. შენი მარტოსულობა იმდენად ამოუწურავია, რომ შეგიძლია ყოფიერებაში გადაღვარო, და იგი მაინც შენთან დარჩება. როცა მარტოსულობას გრძნობ, მდიდარი ხარ; როცა მარტოობას გრძნობ, ღარიბი ხარ.
ადამიანი, რომელიც მარტოობაში იმყოფება, - ღატაკია; მისი გული - ეს მოწყალების თასია. ადამიანი, რომელიც მარტოსულია, - იმპერატორია. ბუდა მარტოსულობაშია...
ის, რაც შენ დაგემართა, მარტოსულობაა, მაგრამ შენ არასწორ ინტერპრეტირებას უკეთებ შენს განცდებს. შენი ინტერპრეტაცია წარსული გამოცდილებიდან, წარსული მსოფლმხედველობიდან, შენი მეხსიერებიდან მოდის. შენი გონება არასწორ იდეას გთავაზობს. გადააგდე შენი გონება და იარე მარტოსულობისკენ: დააგემოვნე იგი, დააკვირდი მას. მისი ყველა გამოვლინება უნდა შეიგრძნო. შედი მასში ყველა შესაძლო კარით. ეს ყველაზე მშვენიერი ტაძარია. სწორედ ამ მარტოობაში იპოვნი საკუთარ თავს, ხოლო საკუთარი თავის პოვნა - ღმერთის პოვნას ნიშნავს. ღმერთი - ეს მარტოსულობაა.
თუ მას გონების ჩარევის გარეშე შეხედავ, უკვე აღარ მოგინდება საკუთარი თავისგან გარესამყაროშ გაქცევა. მაშინ ვეღარაფერი მიგიზიდავს ამ გარესამყაროში, მაშინ გაქცევის აუცილებლობა აღარ იქნება. აღარ მოგინდება მარტოსულობისგან გაქცევა, რადგანაც სწორედ ესაა ცხოვრება, მარადიული ცხოვრება. რატომ უნდა გაექცე მას? მე არ ვამბობ, რომ ამ მარტოსულობაში ვერ შეძლებ ურთიერთობებში შესვლას. სინამდვილეში ცხოვრებაშ პირველად შეძლებ სხვებთან ურთიერთობას.
მარტოობაში მყოფ ადამიანს არ შეუძლია ურთიერთობა, რადგანაც მისთვის ამის საჭიროება იმდენად დიდია, რომ იგი სხვა ადამიანს ეჭიდება, სხვა ადამიანს ეყრდნობა. იგი ცდილობს, რომ ფლობდეს ამ ადამიანს, რადგანაც გამუდმებულ შიშშია: „ის თუ წავა, რა მოხდება მაშინ? მე კვლავ მარტო დავრჩები“. სწორედ ამიტომ არსებობს მსოფლიოში ამდენი მესაკუთრეობა. ეს არაა შემთხვევითი. მიზეზი მარტივია: თქვენ გეშინიათ, - თუ სხვა ადამიანი წავა, მაშინ მარტოობაში დარჩებით, სრულ მარტოობაში. თქვენ ეს არ გინდათ, ამის შესახებ გაფიქრებაც კი გზარავთ. ამიტომაც სხვა ადამიანს თქვენს საკუთრებად აქცევთ, ცდილობთ ფლობდეთ მას იმდენად, რომ თქვენგან გაქცევის არანაირი შანსი არ დარჩეს. თქვენი პარტნიორი იგივეს აკეთებს თქვენთან დაკავშირებითაც: ის ცდილობს, რომ გფლობდეთ. სწორედ ამიტომ იქცევა სიყვარული ტანჯვად. სიყვარული პოლიტიკად იქცევა, სიყვარული ექსპლუატაციად იქცევა, სიყვარული დომინირებისთვის ბრძოლად იქცევა. და ყველაფერი იმიტომ, რომ მარტოობაში მყოფ ადამიანებს არ შეუძლიათ სიყვარული.
მარტოობაში მყოფ ადამიანებს არაფერი აქვთ, რომ გასცენ. ისინი ერთმანეთის ექსპლუატაციას ახდენენ. ბუნებრივია, როცა არაფერი გაქვთ, რომ გასცეთ, და სხვა ადამიანი თქვენს ექსპლუატაციას იწყებთ, თქვენ გწყინთ. თქვენ თავად გინდათ ექსპლუატაცია, და არა ის, რომ ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდეთ. სწორედ აქ შემოდის ურთიერთობებში პოლიტიკა: თქვენ გინდათ, რომ გასცეთ რაც შეიძლება ნაკლები და მიიღოთ რაც შეიძლება მეტი, - თქვენი პარტნიორი კი იგივეს აკეთებს თქვენთან მიმართებაში, და ორივენი ერთმანეთისთვის ტანჯვას ქმნით.
ერთმა მამაკაცმა კაცმა უღრან ტყეში გააჩერა მანქანა და გვერდით მჯდარ ქალს მოფერება დაუწყო. ქალმა უთხრა:
- შეწყვიტეთ! თქვენ არ იცით, ვინ ვარ სინამდვილეში. მე მეძავი ვარ, და ჩემი მომსახურეობა ორმოცდაათი დოლარი ღირს.
მამაკაცმა ორმოცდაათი დოლარი გადაუხადა და სექსუალური კავშრი დაამყარა მასთან. როცა ყველაფერი დამთავრდა, საჭესთან დაჯდა და უძრავად გაშეშდა.
- რას ველოდებით? - ჰკითხა ქალმა. - უკვე ბნელდება, და სახლში მინდა დაბრუნება.
მამაკაცმა უპასუხა:
- მაპატიეთ, მაგრამ უნდა შეგატყობინოთ, რომ მე ტაქსის მძღოლი ვარ, და გზა სახლამდე ორმოცდაათი დოლარი დაგიჯდებათ.
აი რა ხდება თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში: ერთი თქვენგანი - მეძავია, მეორე კი - ტაქსის მძღოლი. თქვენ გამუდმებით ვაჭრობთ და უხდით ერთმანეთს პრინციპით „თვალი თვალის წილ“. თქვენი ურთიერთობები გამუდმებული კონფლიქტია. სწორედ ამიტომ ჩხუბობენ გამუდმებით წყვილები. მათ არ შეუძლიათ დაშორება. მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით კამათობენ, ისინი ვერ შორდებიან ერთმანეთს. სინამდვილეში სწორედ ამიტომაც ჩხუბობენ, რომ ვერცერთმა ვერ შეძლოს წასვლა. მათ არ შეუძლიათ მოდუნება, რადგანაც თუ მოდუნდებიან, წაგებაში აღმოჩნდებიან, სხვა ადამიანი უფრო მეტად მოახდენს მათ ექსპლუატაციას. როგორც კი ამას გააცნობიერებთ, მიხვდებით, თუ რატომაა ქორწინება - ტანჯვა. იგი ურთიერთობის სწორედ ასეთ პრინციპს ეყრდნობა.
ჩნდება კითხვა: რატომ არ შორდებიან ადამიანები, თუკი ისინი უბედურები არიან ერთად? მათ არ შეუძლიათ დაშორება! მათ არ შეუძლიათ ერთად ცხოვრება, მაგრამ არც დაშორება შეუძლიათ. სინამდვილეში კონფლიქტს თავად განშორების იდეა ქმნის. ისინი ასახიჩრებენ ერთმანეთს, რათა ვერცერთმა ვერ შეძლოს გაქცევა, მაშინაც კი, თუ რომელიმეს უნდა ეს. ისინი ისეთი პასუხისმგებლობით, ისეთი მორალით ბორკავენ ერთმანეთს, რომ მაშინაც კი, თუ ვინმე წავა, იგი დანაშაულის გრძნობას განიცდის. მას სინდისი შეაწუხებს. იგი ეტყვის, რომ რაღაც არასწორი გააკეთა. მაგრამ როდესაც ისინი ერთად არიან, მათ შორის ნამდვილი ორთაბრძოლა მიმდინარეობს. როცა ერთად არიან, გამუდმებით კინკლაობენ. თქვენი ქორწინება, თქვენი ეგრეთ წოდებული სიყვარული - ეს ორი ვაჭრის ურთიერთობაა. ეს არაა სიყვარული. სიყვარულს არ შეუძლია გაიზარდოს მარტოობისგან.
მარტოობის გამო ადამიანები მედიტაციას იწყებენ, მაგრამ მედიტაცია ვერ გაიზრდება მარტოობისგან. ადამიანები მარტოდ გრძნობენ თავს და უნდათ, რომ რაღაცით შეივსონ საკუთარი თავი. მათ სჭირდებათ მანტრა, ტრანსცენდენტული მედიტაცია ან მსგავსი სისულელე. ისინი გრძნობენ სიცარიელეს და მარტოობას და ამიტომაც უნდათ, რომ რაღაცით შეივსონ თავი. იმეორებენ რა მანტრას „რამ-რამ, კრიშნა-კრიშნა“ ან „ავე მარია“, ან რამე მსგავსს, ისინი, სხვა თუ არაფერი, საკუთარ თავს ივიწყებენ. ეს არაა მედიტაცია! ეს უბრალოდ მარტოობის და სიცარიელის დაფარვაა. ეს უბრალოდ შავი ხვრელის დაფარვაა საკუთარ თავში.
ან ისინი ლოცვას იწყებენ ეკლესიებში, ტაძრებში და ღმერთთან იწყებენ საუბარს. ახლა მათ წარმოსახვას ღმერთი ავსებს. ისინი ვერ პოულობენ საყვარელ ადამიანს ამ სამყაროში, რადგანაც ეს ძალიან ძვირი ჯდება და შეიძლება ბევრი პრობლემა მოიტანოს, ამიტომაც ისინი თავის „საყვარელს“ მაღლა ცაში იქმნიან - ღმერთთან იწყებენ საუბარს. მათ არ შეუძიათ სხვა ადამიანის გარეშე ცხოვრება, მათ მეორე სჭირდებათ. მათ შეუძლიათ უდაბნოში გაიქცნენ, მაგრამ უდაბნოშიც კი, თავიანთ გამოქვაბულში, ისინი ცას ახედავენ და თავის „შეყვარებულს“ დაელაპარაკებიან. ეს უბრალოდ წარმოსახვაა და მეტი არაფერი. თუ საკმაოდ ხანგრძლივათ ილაპარაკებთ, შესაძლოა გაგიჩნდეთ ჰალუცინაციები, შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ეს „შეყვარებული“ მართლაც არსებობს.
თქვენი მოთხოვნილება სხვა ადამიანში იმდენად დიდია, რომ შეგიძლიათ თვქენს წარმოსახვაში შექმნათ ეს ადამიანი. სწორედ ამიტომაც ცდილობდნენ ეგრეთ წოდებული რელიგიები თქვენი ყურადღების მოცდენას რეალური და მისაწვდომი ადამიანებისგან. ისინი ხელს უშლიდნენ თქვენს ქორწინებას - რატომ? - იმიტომ, რომ თუ დაქორწინდებით და ცოლი ან ქმარი გეყოლებათ, თქვენ აღარ დაგჭირდებათ ღმერთი. ეს მათი სტრატეგიაა: ისინი საშუალებას არ გაძლევენ, რომ ჩვეულებრივ სამყაროშ იმყოფებოდეთ, რადგანაც მაშინ თქვენ დაკავებული იქნებით და ვერ იგრძნობთ საკუთარ მარტოობას. მაშინ რატომღა უნდა ელაპარაკოთ ღმერთს? შეგიძიათ ადამიანებს ელაპარაკოთ. მღვდლები ჰიმალაის გამოქვაბულებში, მონასტრებში გგზავნიან, რათა აუტანელ მარტოობაში მოგიხდეთ ღმერთთან ურთიერთობა, თქვენ გიწევთ, რომ წარმოსახვაში შექმნათ ღმერთი. რაც უფრო ღრმაა თქვენი შიმშილი, რაც უფრო ღრმაა თქვენი მოთხოვნილება ვიღაც სხვაში, მით უფრო მეტი შანსია, რომ ღმერთს დაინახავთ. ეს ხედვები - სხვა არაფერია, თუ არა ილუზიები, სიზმრები გახელილი თვალებით. იგივე ხდება მაშინ, როცა ადამიანი დიდხანს მარხულობს: მას უჩნდება ფანტაზიები საჭმელზე, იგი ხედავს საჭმელს.
მე მსმენია ერთ პოეტზე, რომელიც ტყეში დაიკარგა და სამი დღე საჭმლის გარეშე გაატარა იქ. როცა სავსე მთვარე ამოვიდა, შეხედა მას და გაუკვირდა, რადგანაც მთელი ცხოვრება, როცა არ უნდა შეეხედა სავსე მთვარისთვის, ყოველთვის ქალის სახის სილამაზეს, თავის შეყვარებულს აგონებდა. მაგრამ იმ ღამით, სამდღიანი შიმშილობის შემდეგ, გატანჯულმა, მწყურვალმა პოეტმა მთვარეს შეხედა და ჩაპატი, ხმიადი, დაინახა, რომელიც ცაზე დაცურავდა ღრუბლებს შორის. იგი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა: „რა პოეზიაა ეს? მე დიადი პოეტი ვარ, სავსე მთვარე კი ხმიადივით გამოიყურება!“
ყველასთვის ცნობილია, რომ თუ დიდი ხნის განმავლობაში გაკლიათ რაღაც, მაშინ თქვენს წარმოსახვაში იწყებთ მისი შემცვლელის ძიებას. და თუ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდით ტყეში, მარტოობაში და ერთი ქალიც კი არ გინახავთ, მაშინ მსოფლიოში ყველაზე უსახური ქალიც კი კლეოპატრად მოგეჩვენებათ.
მოლა ნასრედინი ხანდახან ტყეში მიდის საცხოვრებლად. მას იქ ქოხი აქვს. დროდადრო ამბობს: „სამი კვირით მივდივარ“, მაგრამ უკვე მეორე კვირის ბოლოს ან ათი დღის შემდეგაც კი ბრუნდება.
მე ვკითხე ნასრედინს:
- შენ ხშირად ამბობ, რომ სამი ან ოთხი კვირით მიდიხარ, მაგრამ ორ კვირაში ან უფრო ადრე ბრუნდები. რატომ?
მან მიპასუხა:
- ეს შემთხვევითი არაა. მე იქ ქალი მყავს, რომელიც იქაურობას უვლის. ის საოცრად უსახური, მახინჯი და საშინელია! როგორც კი შეხედავ, მაშინვე ღებინება გეწყება.
- კი მაგრამ, რით უკავშირდება ეს შენს ადრეულ დაბრუნებებს? - ვკითხე მე.
- ახლავე აგიხსნი, - მიპასუხა მან. - როცა ტყის ქოხში მივდივარ, ეს ქალი მახინჯი მეჩვენება. მაგრამ თანდათან, ოთხი-ხუთი დღის შემდეგ, ისეთი მახინჯი აღარ ჩანს. რვა-ათი დღის შემდეგ რაღაც სილამაზეს ვხედავ მასში. იმ დღეს როცა სილამაზეს ვხედავ, გამოვრბივარ იქიდან. ეს ნიშნავს, რომ საკმარისია! ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდხანს ვიყავი სამყაროსგან მოშორებით, საკუთარი ცოლისგან მოშორებით, რადგან ასეთი მახინჯი ქალი ლამაზად მეჩვენება! ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ძალიან მომშივდა. მე ვამბობ, რომ სამი-ოთხი კვირით მივდივარ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩემი ნამდვილი კრიტერიუმი შემდეგში მდგომარეობს: იმ დღეს, როცა მახინჯი ქალი ლამაზად მეჩვენება და ფანტაზიები მიჩნდება მასთან დაკავშირებით, მაშინვე მოვდივარ იქიდან. ვიცი, რომ ეს ქალი მახინჯია და კიდევ რამდენიმე დღით დარჩენა სახიფათოა: შეიძლება შემიყვარდეს ეს უსახური ქალი!“
სიყვარული ვერ გაჩნდება მარტოობისგან. მარტოობისგან შესაძლოა მხოლოდ საჭიროება გაჩნდეს. სიყვარული - ეს არაა საჭიროება. მაშ, რა არის სიყვარული? სიყვარული - ეს ფუფუნებაა. იგი მარტოსულობაში იბადება, როცა თქვენ ბედნიერი ხართ, როცა თქვენ გახარებული ხართ, როცა თქვენს მარტოსულობას ზეიმობთ, როცა უზარმაზარი ენერგია გამუდმებით გავსებთ. თქვენ არავინ გჭირდებათ. ასეთ მომენტებში იმხელა ენერგია გაქვთ, რომ მისი გაზიარება გინდათ, - და მაშინ თქვენ გასცემთ. გასცემთ, რადგან ძალიან ბევრი გაქვთ, გასცემთ, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს ითხოვთ. სწორედ ესაა სიყვარული.
ადამიანთაგან მხოლოდ ცოტას შეუძლია სიყვარულის შეცნობა, და ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თავდაპირველად მარტოსულობას შეიცნობენ. როცა მარტოსულობაში იმყოფებით, მედიტაცია რაღაც უბრალო, ბუნებრივი, სპონტანური ხდება. მაშინ თქვენ უბრალოდ ზიხართ, არაფერს აკეთებთ, და მედიტაციაში ხართ. თქვენ არ გჭირდებათ რაიმე მანტრის გამეორება, თქვენ არ გჭირდებათ რაიმე სულელური ბგერის გამეორება. თქვენ უბრალოდ ზიხართ, ან სეირნობთ, თქვენს საქმეებს აკეთებთ, და მედიტაცია თქვენს გარშემოა, როგორც თეთრი ღრუბელი, მთელ სივრცეს იკავებს თქვენს გარშემო. თითქოს სინათლით ხართ სავსე, შერწყმული ხართ მასში, გარშემორტყმული ხართ მისით, და ეს სიჯანსაღე განუწყვეტლივ გროვდება თქვენში. ახლა თქვენ გაზიარებას იწყებთ. სხვა რა შეგიძლიათ აკეთოთ?
როცა თქვენს გულში სიმღერა იბადება, არ შეგიძლიათ, რომ არ იმღეროთ. როცა თქვენს გულში სიყვარული იბადება, სიყვარული კი - მარტოსულობის შედეგი პროდუქტია, - გარეთ იწყებთ მის გადმოღვრას. როცა ღრუბელი ტენით ივსება, მაშინვე წვიმად იღვრება; როცა ყვავილი არომატით ივსება, აუცილებლად აფრქვევს მას. არომატი იხარჯება, მაგრამ იგი არსად არაა მიმართული; ყვავილი არ კითხულობს: „რას მივიღებ სანაცვლოდ?“ ყვავილი ბედნიერია უკვე იმიტომ, რომ ქარები საკმარისად კეთილები აღმოჩნდნენ და გაანთავისუფლეს იგი ამ მოვალეობისგან. სწორედ ესაა ნამდვილი სიყვარული. მასში არაა მესაკუთრეობა. სწორედ ესაა ნამდვილი მედიტაცია. მასში არაა ძალისხმევა.
შენ რაღაც საოცრად ძვირფასი დაგემართა, მაგრამ არასწორ ინტერპრეტაციას იყენებ.
შენ ამბობ: „მოვლენათა უზარმაზარი და გამომფიტველი ტალღის შემდეგ, ვრჩები რა ძალიან ღრმა განცდის შესახებ მოგონებასთან ერთად, მე პირისპირ ვრჩები მარტოსულობის ახალ შეგრძნებასთან“.
გთხოვ, ნუ უწოდებ ამას მარტოსულობას, ან თუ მარტოსულობას უწოდებ, ეცადე გაიგო მისი ბუნება.
„ურთიერთობის მცდელობები ან გარეთ გაქცევა ცუდ შედეგებს იძლევიან“.
ისინი უცილობლად მოგცემენ ცუდ შედეგებს - რადგანაც სინამდვილეში ეს მარტოობაა. თუ გაექცევი მას, რაღაცას გაუშვებ ხელიდან. შენ საკუთარ შინაგან საგანძურს გაურბიხარ, საკუთარ სიმდიდრეს გაურბიხარ, საკუთარ შინაგან სამეფოს გაურბიხარ. შედეგები კატასტროფული იქნება. არ გაქცე მას, ჩაუღრმავდი მას რაც შეიძლება მეტად, დაივიწყე გაქცევა. შენ მთელი ცხოვრება გარბოდი. ამჯერად - არა! ამჯერად უნდა შეხვიდე მასში. ანჯერად მთელი ტოტალურობით უნდა შეიგრძნო იგი. შენ ის უნდა გახდე, სრულად უნდა დაინახო, თუ რა არის ეს. როცა შეიცნობ მას, განიცდი მას, გაჩნდება სრულიად ახალი ადამიანი. შენ ხელახლა დაიბადები.
მე გაკვირდებოდი: მას შემდეგ, რაც აქ გამოჩნდი, გამუდმებით გაკვირდებოდი. შენს გვერდით ვიყავი, თვალებში გიყურებდი, შენი სახის გამომეტყველებას ვხედავდი, - მოხდა რაღაც ნამდვილად სიღრმისეული. მაგრამ გაცილებით უფრო მეტი წინ გაქვს! და თუ გაიქცევი, ხელიდან გაუშვებ ამ „გაცილებით მეტს“, რომელიც გელოდება. არა! ამჯერად - არა! შენ ეს უკვე ბევრჯერ გააკეთე, შენ ეს მრავალი ცხოვრების განმავლობაში გიკეთებია. ამჯერად გადააგდე მთელი შიში, გადააგდე მთელი მეხსიერება და იარე მარტოსულობის ამ ახალი შეგრძნებისკენ. სინამდვილეში ეს მარტოობა კი არა, მარტოსულობაა. შენ არ გჭირდება მისგან გაქცევა. როცა მარტოობას გაურბიხარ, უკეთ გრძნობ თავს. თუ მარტოსულობას გაექცევი, უარესად იგრძნობ თავს.
„ურთიერთობის მცდელობები ან გარეთ გაქცევა ცუდ შედეგებს იძლევიან“.
ახლა შენ არ გჭირდება ურთიერთობა. ნება მიეცი მას, რომ დაგროვდეს, ღრუბლად იქცეს, ტენით სავსე ღრუბლად, მაშინ ურთიერთობა თავისთავად მოხდება, მაშინ აღარ დაგჭირდება ძალისხმევა ურთიერთობის დასამყარებლად. თუკი ახლა დაიწყებ ურთიერთობას, ეს კვლავაც ურთიერთობის საბაბით ვინმეს პოვნის საშუალება იქნება. ეს გაქცევა იქნება. ჯობია ნება მისცე ურთიერთობას, რომ თავისთავად მოხდეს. უბრალოდ განაგრძე შენი მარტოსულობის დაგროვება, და ერთხელაც შენ დაინახავ, რომ ეს სისავსე, ეს კეთილსურნელება გარეთ გამონთავისუფლდება. ერთხელაც დაინახავ, რომ საკუთარი თავის გაზიარება დაიწყე, მაგრამ ამასთან უბრალოდ დამკვირვებლად დარჩები. შენ არ იქნები მკეთებელი, შენ უბრალოდ დამკვირვებელი იქნები.
„რატომ ვეჭიდები ამ ჩვევას: გავექცე მარტოსულობას?“
რადგან აქამდე ვერ მიხვდი, რომ ეს მარტოსულობაა! შენ განაგრძობ მის ინტერპრეტირებას - როგორც მარტოობისას. მე შემიძლია გავიგო ეს. ამას ყველა აკეთებს, როცა პირველად გრძნობ მარტოსულობას, შენ ახდენ მისი, როგორც მარტოობის ინტერპრეტაციას, რადგანაც მარტოობა - შენთვის ცნობილი მოვლენაა, შენ გრძნობდი მას მთელი ცხოვრების განმავლობაში. იმ მომენტში, როცა ბავშვი დედის წიაღს ტოვებს, ხდება მარტოობის პირველი განცდა, იგი მარტოდ გრძნობს თავს: მას სახლის დატოვება მოუხდა.
ყველაზე დიდი ტრამვა ხდება, როცა ბავშვს დედის საშვილოსნოს დატოვება უწევს. მას უნდა დარჩეს მასში, არ უნდა იქიდან გამოსვლა. იგი ცხრა თვის განმავლობაში იმყოფებოდა საშვილოსნოში, მან შეიყვარა ეს სივრცე, ამ სივრცის სითბო, სადაც მასზე ასე ზრუნავდნენ, სადაც არანაირი პასუხისმგებლობა, არანაირი პრობლემები არ ჰქონდა. რატომ უნდა გამოვიდეს იქიდან? მაგრამ მას აგდებენ იქიდან. თავად არ უნდა ეს. დაბადების შემდეგ მას ცხოვრება ელის, მაგრამ ბავში ფიქრობს, რომ სიკვდილი ელის. მისთვის ეს სიკვდილია, რადგანაც იმ სიცოცხლის დასასრულია, რომელსაც ცხრა თვის განმავლობაში იცნობდა. ბავშვი შოკს განიცდის, იგი დასჯილად გრძნობს თავს. და მას ჯერ არ შეუძლია ფიქრი, ამიტომაც ეს განცდა ღრმად აღწევს მის სხეულში. ეს არაა აზრი. ეს მთელი მისი არსის განცდაა, ამიტომ მისი სხეულის ყოველ უჯრედში აღწევს და იქ ინახება. ეს მარტოობის პირველი განცდაა. შემდეგ მას მრავალი სხვა ასეთი განცდა მოსდევს.
ერთხელაც დედა ძუძუს აშორებს ბავშს, და ბავში მარტო რჩება. შემდეგ დედა ძიძას სთხოვს, რომ ბავშზე იზრუნოს, და იგი კვლავ მარტო რჩება. შემდეგ უფლებას არ აძლევენ, რომ დედასთან ერთად ერთ ოთახში დაიძინოს, ცალკე ოთახს გამოუყოფენ - და კვლავ მარტოობაშია. გაიხსენეთ თქვენი ბავშობის ის დღე, როცა პირველად მოგიხდათ მარტო დაძინება: გარშემო სიცივე და სიბნელეა, გვერდით კი არავინაა. აქამდე ყველაფერი სხვაგვარად იყო: დედა გვერდით გყავდათ, მისი სხეულის სითბო და სინაზე ყოველთვის მისაწვდომი იყო. ახლა ბავშვი ფუმფულა სათამაშოს იხუტებს, მაგრამ ნუთუ შეუძლია მას დედის შეცვლა? ან ზეწარს ეჭიდება, მაგრამ შეცვლის კი ეს დედას? ეს უბადრუკი შემცვლელებია, მაგრამ ბავშვი რაღაცნაირად კმაყოფილდება ამით. სიბნელეში ძალიან მარტოდ, მიტოვებულად, უარყოფილად გრძნობს თავს. ყველა ეს ჭრილობა გროვდება და აღრმავებს მარტოობის შეგრძნებას. შემდეგ ერთხელაც ბავშვს უხდება, რომ დატოვოს სახლი და იცხოვროს სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში უცნობ ადამიანებთან. უბრალოდ გაიხსენეთ ეს ჭრილობები, ისინი ყველა თქვენშია! და ასე გრძელდება განუწყვეტლივ: მთელი თქვენი ცხოვრება - ეს მარტოობის განცდის ხანგრძლივი პროცესია.
შემდეგ, შემთხვევით, თქვენთან მოდის ღრმა განცდა, და ამ განცდის მეშვეობით თქვენი არსების გამობრწყინებას ხედავთ, მაგრამ მთელმა თქვენი გონება მხოლოდ მარტოობას იცნობს, ამიტომაც მარტოსულობის განცდას მარტოობის განცდად აქცევს. იგი ახდენს მარტოსულობის, როგორც მარტოობის ინტერპრეტაციას, მარტოსულობის განცდას განსაზღვრავს, როგორც მარტოობის განცდას.
სწორედ აქ უშვებ შეცდომას. დაივიწყე შენი ინტერპრეტაცია. სინამდვილეში რაღაც ახალი ხდება. ეს ახალი განცდაა, და ამიტომაც შენ არ შეგიძლია გაერკვე, თუ რა არის ეს. ამის გაგების ერთადერთი საშუალება - მასში ჩაღრმავებაა. როგორც ოსტატმა ლუ-ძიმ თქვა: „როცა წყალს სვამთ, მხოლოდ თქვენ იცით, თბილის იგი თუ ცივი“.
შესვი ეს მარტოსულობა. იგემე, შესვი ის ახალი ენერგია, რომელიც გაგეხსნა. შენ გაგიკვირდება: ეს არ იქნება რაღაც, რასაც ადრე იცნობდი. ეს თავისუფლებაა. თავისუფლება სხვა ადამიანებისგან. ესაა ის, რასაც აღმოსავლეთში მოქშას, სრულ თავისუფლებას ვუწოდებთ. ამ თავისუფლების განცდის შემდეგ შესაძლებელი გახდება სიყვარული, ამ თავისუფლების განცდის შემდეგ მოხდება ურთიერთობა, ამ თავისუფლების განცდის შემდეგ შენს ცხოვრებას სრულიად სხვა აზრი, ახალი სილამაზე, ახალი ბრწყინვალება გაუჩნდება. გამონთავისუფლდება მთელი შენი დაფარული სილამაზე.
მეორე კითხვა:
რატომ განიცდიან რევოლუციები მარცხს?
პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი არ არიან რევოლუციები. რევოლუცია შესაძებელია მხოლოდ ინდივიდუალურ სულში. სოციალური რევოლუცია, ეს ფსევდო-მოვლენაა, რადგანაც საზოგადოებას არ გააჩნია საკუთარი სული. რევოლუცია - ეს სულიერი მოვლენაა. რევოლუცია პოლიტიკორი, სოციალური და ეკონომიკური ვერ იქნება. შესაძლებელია მხოლოდ ინდივიდუალური რევოლუცია, სულის რევოლუცია. თუ მილიონობით ინდივიდი შეიცვლება, მაშინ, როგორც შედეგი, საზოგადოებაც შეიცვლება, მაგრამ არა პირიქით. შეუძლებელია ჯერ საზოგადოება შეცვალო და იმედი გქონდეს, რომ შედეგად ინდივიდები შეიცვლებიან.
სწორედ ამიტომ მარცხდებიან რევოლუციები. ჩვენ რევოლუცია არასწორად გვესმის. ჩვენ ვთვლით, რომ თუ შევცვლით საზოგადოებას, შევცვლით მის სტრუქტურას, ეკონომიკურს ან პოლიტიკურს, მაშინ ერთხელაც ინდივიდები, საზოგადოების უშუალო შემადგენლები, ასევე შეიცვლებიან. ეს სისულელეა. ვინ მოახდენს ამ რევოლუციას?
მაგალითად, 1917 წელს რუსეთში მოხდა ეგრეთ წოდებული დიდი რევოლუცია. მაგრამ ვინ ხელმძღვანელობდა მას? ვინ მოვიდა სათავეში? სათავეში მოვიდა იოსებ სტალინი. სტალინი არ მოსულა რევოლუციის მეშვეობით, იგი თავად იყო იმ საზოგადოების პროდუქტი, რომლის შეცვლასაც ცდილობდა. იგი გაცილებით უფრო სახიფათო მეფე აღმოჩნდა, ვიდრე მეფეები, რომლებიც მან გაანადგურა, რადგანაც იგი ამ მეფეების მემკვიდრე იყო, ფეოდალური საზოგადოების პროდუქტი იყო. იგი ცდილობდა საზოგადოების შეცვლას, მაგრამ თავად დიქტატორის გონება ჰქონდა. მან თავს მოახვია ქვეყანას თავისი დიქტატურა, რევოლუცია კონტრ-რევოლუციად იქცა, - და ეს მარცხი ყველა რევოლუციამ განიცადა, რაც კი ამქვეყნად მომხდარა, რადგანაც რევოლუციონერები - ადამიანთა იგივე ტიპს წარმოადგენენ, რომელსაც ისინი, ვინც სათავეში დგანან. ისინი წარსულის შვილები არიან, მათში არაფერია ახალი. რას გააკეთებენ? - უბრალოდ გაიმეორებენ წარსულს და ამისთვის ახალ იარლიყებს გამოიყენებენ. ისინი ამას კომუნიზმს, სოციალიზმს, ფაშიზმს უწოდებენ - მნიშვნელობა არ აქვს, რას დაარქმევთ ამას, სახელი შეიძება ნებისმიერი იყოს. პათოსურ სახელწოდებებს მხოლოდ შეცდომაში შეჰყავთ ადამიანები.
მოლა ნასრედინი ექიმთან მივიდა გასინჯვაზე და უთხრა:
- გთხოვთ, ყველაფერი მარტივი სიტყვებით ამიხსენით. მე არ მჭირდება არანაირი ჭკვიანური სამედიცინო ტერმინი. ამიხსენით უბრალოდ და გასაგებად, რაშია პრობლემა. არაა საჭირო ლამაზი სახელწოდებების წარმოთქმა ლათინურად ან ბერძნულად. მარტივად ამიხსენით, რა მჭირს?
ექიმმა გამოიკვლია იგი და უთხრა:
- თუ გინდათ, რომ იცოდეთ, მარტივი სიტყვებით ეს შეგვიძლია ასე ვთქვათ: თქვენი ჯანმრთელობა წესრიგშია, უბრალოდ ზარმაცი ხართ.
მოლამ თქვა:
- კარგი, დიდი მადლობა. ახლა მომეცით ამის სამედიცინო სახელწოდება ჩემი ცოლისთვის. და რაც უფრო გრძელი და ჩაკვარახჭინებული იქნება, მით უკეთესი.
ჩვენ განვაგრძობთ ჩაკვარახჭინებული სახელწოდებების მოგონებას, მაგრამ რეალობა თავისი არსით იგივედ რჩება.
1917 წელს არაფერი არ მომხდარა. ერთი მეფის ნაცვლად სხვა მოვიდა, უდავოდ - უფრო საშიში. რატომ, უფრო საშიში? - იმიტომ, რომ სტალინი გადაგდებულ მეფეზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა - და რა თქმა უნდა უფრო ცბიერიც. მან იცოდა, როგორ გაანადგურეს მეფე, ამიტომ კარგად იცოდა, როგორ დაეცვა თავი, რომ მას არ მიჰყოლოდა. მან რუსეთში გაცილებით მეტი მონობა შექმნა, ვიდრე მანამდე იყო, რადგანაც ეშინოდა, რომ ადრე თუ გვიან მასაც გადააგდებდნენ. ამიტომაც მან ყველა ხიდი დაწვა და ყველა კიბე გადააგდო, რომელსაც მანამდე იყენებდა. იგი გამუდმებულ სიფრთხილეში იყო. თავად მეფე არ ყოფილა ასეთი ფრთხილი, რადგანაც ის დაბადებიდან მეფე იყო და მემკვიდრეობად ერგო ტახტი. სტალინი კი თავად იკვლევდა გზას, ეს რთული იყო და ბევრი დრო დასჭირდა ამისთვის, და მას ყველა თავისი მტრის განადგურება მოუხდა.
რევოლუციის შემდეგ მან დაიწყო იმ ადამიანების ხოცვა, რომლებსაც ასე თუ ისე შეეძლოთ კონკურენცია გაეწიათ მისთვის. ტროცკი მოკლულ იქნა იმიტომ, რომ მნიშვნელობით მეორე პირი იყო სტალინის შემდეგ, და ამასთან უფრო გავლენიანი იყო რუსეთში, ვიდრე სტალინი. იგი ინტელექტუალი ებრაელი იყო, მშვენიერი ორატორი და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მასებში. ინტელექტუალურად სტალინი ვერანაირად ვერ შეედრებოდა ტროცკის, ამიტომ მისი მოკვლა მოუხდა. არის ვარაუდი, რომ ლენინიც ასევე თავისი ექიმების მიერ იყო მოწამლული. იმ დროის განმავლობაში, რაც სტალინი ხელისუფლების სათავეში იდგა, მან ყველა პოტენციური კონკურენტი ჩამოიშორა. ერთიმეორეს მიყოლებით განადგურდა პოლიტ-ბიუროს ყველა წევრი. როგორც ჩანს, სტალინი ყველაზე ძლიერი ადამიანი იყო კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე, - და მან მთელი ქვეყანა უზარმაზარ ციხედ აქცია.
სწორედ ასე განიცდიან მარცხს რევოლუციები. პირველი მიზეზი: ჩვენ საჭირო ბოლოდან არ ვიწყებთ.
მეორეც, როცა რევოლუცია იმარჯვებს, ყველა რევოლუციონერის განადგურება უწევთ ხოლმე, რადგანაც რევოლუციონერები - სახიფათოადამიანები არიან. მათ წინა საზოგადოება დაანგრიეს, ამიტომ შეუძლიათ მომდევნოც დაანგრიონ, რადგანაც მიდრეკილება აქვთ რევოლუციისკენ. მათ მხოლოდ ერთი რამ იციან, მხოლოდ ერთი საქმის სპეციალისტები არიან - მთავრობის დამხობის. მათთვის სულერთია, რა მთავრობაა ეს. რაც იციან, რაშიც ძლიერები არიან - ეს მთავრობის დამხობაა. როცა რევოლუცია იმარჯვებს, იმ ხალხის პირველი ამოცანა, რომლებიც სათავეში მოდიან, იმ დარჩენილი რევოლუციონერების განადგურებაა, რომელთა წყალობითაც მთავრობაში მოვიდნენ. ნებისმიერი რევოლუცია კონტრ-რევოლუციად იქცევა, რადგანაც ადამიანები, რომელთა ძალისხმევითაც ლიდერები სათავეში მოდიან, სახიფათონი აღმოჩნდებიან ხოლმე.
შეეცადეთ გაიგოთ ეს. რევოლუციონერის გონება დამანგრეველია: მან იცის ნგრევა, მაგრამ არ იცის შენება. მას შეუძლია ძალადობისკენ მოუწოდოს ხალხს, მაგრამ საერთოდ არ ძალუძს - დაეხმაროს ადამიანებს იმაში, რომ დამშვიდდნენ, სამუშაოდ წავიდნენ და რაღაც შექმნან. მას არ ესმის ეს ენა: მთელი თავისი ცხოვრება ის რევოლუციონერი იყო, მთელი მისი სამუშაო, მთელი მისი საქმიანობა მიმართული იყო იმაზე, რომ დაენგრია, ადამიანების პროვოცირება მოეხდინა. მან მხოლოდ ეს ენა იცის; შეუძლებელია, რომ მან ცხოვრების ბოლოს შეიცვალოს პარადიგმა.
ამიტომ მათ, ვინც ხელისუფლებაში მოდიან, დარჩენილი რევოლუციონერების განადგურება უხდებათ. ნებისმიერი რევოლუცია ანადგურებს თავის მამებს, - ეს გარდუვალია, - და როცა ეს მამები კვდებიან, რევოლუცია კონტრ-რევოლუციად იქცევა. ის უკვე აღარაა რევოლუციური, ის უკვე ანტირევოლუციურია.
რაღაც მსგავსი მოხდა ცოტა ხნის წინ ინდოეთშიც. ჯეიპრაკაშ ნარაიანამ დიდი გადატრიალება მოახდინა, იგი მთავრობის შეცვლაში დაეხმარა ქვეყანას. ხელისუფლებაში მოსული ადამიანები, მორარჯი დესაი და კომპანია, სწორედ ჯეიპრაკაშ ნარაიანას წყალობით მოვიდნენ ხელისუფლებაში. მაგრამ როგორც კი მთავრობაში მოვიდნენ, მაშინვე დაიწყეს ნარაიანას ჩამოცილება, დააკნინეს მისი მნიშვნელობა. მათ შეესინდათ: „ეს ადამიანი სახიფათოა, მას ავტორიტეტი აქვს მასების წინაშე. მის გამო შესაძლოა პრობლემები შეგვექმნას. აუცილებელია მისი მნიშვნელობის დაგდება, ნულამდე დაგდება“.
იგივე მოხდა, როცა ამ ქვეყანაში ბრიტანული მმართველობა გადააგდეს. გადატრიალება მაჰატმა განდის ხელმძღვანელობით მოხდა. როგორც კი ხელისუფლება ინდოელების ხელში გადავიდა, მათ მაჰატმა განდის იგნორირება დაიწყეს. მისი ბოლოს სიტყვები იყო: „მე არავინ არ მისმენს. მე ყველაზე უსარგებლო ადამიანი ვარ“. ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, მისი წყალობით მოხვდნენ იქ, მაგრამ მას არავინ უსმენდა. არსებობს ეჭვი, რომ სწორედ ამ ადამიანების ხელი ურევია მის მკვლელობაში. შესაძლოა ისინი არიან ამ მკვლელობის მონაწილეები პირდაპირ ან ირიბად: მათ მშვენივრად ესმოდათ, რომ განდის მოკლავდნენ, მაგრამ არანაირი თავდაცვის ზომა არ მიიღეს. ამგვარად ირიბად შეუწყვეს ხელი მკვლელობას.
ხელისუფლების სათავეში მორარჯი დესაი იდგა. მან იცოდა, რომ შეთქმულება მზადდებოდა, მაგრამ არანაირი ყურადღება არ მიუქცევია ამისთვის. შესაძლოა, გულის სიღრმეში დესაის და კომპანიას უნდოდათ მაჰატმას თავიდან მოშორება, რადგანაც იგი გამუდმებით ქმნიდა სირთულეებს და ხელს უწყობდა ძველ იდეას. იგი კვლავაც ეჭიდებოდა თავის ძველ იდეას: ის ყოველთვის ხელისუფლების წინააღმდეგ იყო და ახლაც განაგრძნობდა მის წინააღმდეგ ყოფნას. ახლა მას თავისი ხელისუფლება ჰქონდა, მაგრამ განუწყვეტლივ განაგრძობდა მის კრიტიკას, და მთავრობის წევრები უხერხულად გრძნობდნენ თავს. მისი მკვლელობის შემდეგ კი შვებით ამოისუნთქეს. თუმცა ისინი მოთქვამდნენ და ტიროდნენ, და ამბობდნენ, რომ საშინელი უბედურება მოხდა, გულის სიღრმეში შვებას გრძნობდნენ.
იგივე სიტუაცია მოხდა ჯეიპრაკაშ ნარაიანასთან დაკავშირებითაც: ახლა ის გრძნობს, რომ მის იგნორირებას ახდენენ, რომ მას არ ითვალისწინებენ. სინამდვილეში, ადამიანები, რომლებიც სათავეში დგანან, ლოცულობენ, რომ ის მალე მოკვდეს. იგი ძალიან ავადაა, კვირაში რამდენიმე დღე „ხელოვნური თირკმლის“ აპატარზეა შეერთებული. მას არ შეუძლია მუშაობა, მისი სხეული დღითიდღე სუსტდება. როგორც ჩანს ძალიან უხარიათ, რომ ის მალე წავა, და მაშინ აღარავის ექნება იმაზე მეტი ძალაუფლება, ვიდრე მათ აქვთ.
მე მინდა ვუთხრა ჯეიპრაკაშს...
მე მიყვარს ეს ადამიანი. ის კარგი ადამიანია - იმდენად კარგი, რომ პოლიტიკა არ უნდა გამხდარიყო მისი ბედი. ის არაა პოლიტიკოსი. ის პოეტია, მეოცნებე, უტოპისტი, კარგი ადამიანი. ყველა მეოცნებე - კარგი ადამიანია.
მე მინდა ვუთხრა მას: ბოდიში მოიხადეთ ქვეყნის წინაშე, სანამ მოკვდებით. უთხარით ქვეყანას, რომ თქვენც და მთელი ქვეყანაც ძალაუფლებას მოწყურებულმა პოლიტიკოსების ბანდამ მოატყუა. უთხარით ქვეყანას, რომ რევოლუცია ჩავარდა! და არ დაგავიწყდეთ ისიც უთხრათ, რომ ზუსტად ასევე განიცდის კრახს ყველა რევლუცია, რადგანაც თავად მათი საფუძველია არასწორი.
შეუძლებელია რევოლუციის თავსმოხვევა ზემოდან. ვინ გვახვევს თავს? ადამიანები, რომლებიც თავს გვახვევენ რევოლუციას, წარსულის ნაწილს წარმოადგენენ და წარსულის გაგრძელება იქნებიან. უთხარით ხალხს, რომ პოლიტიკურ რევოლუციებს არ აქვთ მომავალი. შესაძლებელია მხოლოდ ერთი რევოლუცია - სულიერი: ყოველი ინდივიდი უნდა შეიცვალოს შიგნიდან. თუ მილიონობით ადამიანი შეძლებს შეცვლას, მაშინ საზოგადოებაც შეიცვლება. სხვა გზა, უფრო მოკლე გზა არ არსებობს.
აუცილებელია ასევე გაიგოთ, რომ ნებისმიერი განვითარებადი სისტემის განუყოფელი თვისებაა, რომ გმირები, რომლებიც მასში ჩნდებიან, გმირებს მხოლოდ იმ კონტექსტში წარმოადგენენ, რომელიც მათი გამოჩენის პროვოცირებას ახდენს. როგორც კი ეს გმირები გადალახავენ და შეცვლიან ამ კონტექსტს, ისინი თავად ხდებიან კონტექსი, რომელც აუცილებლად კვლავ უნდა შეიცვალოს.
გარკვეული გმირები გარკვეულ სიტუაციაში ჩნდებიან. მაგალითად, მაჰატმა განდი ბრიტანული იმპერიის არსებობის პირობებში გამოჩნდა. მის ფიგურას მნიშვნელობა მხოლოდ ბრიტანული იმპერიის არსებობასთან კონტექსტში ჰქონდა. როგორც კი ბრიტანული იმპერია დაინგრა, მისმა ფიგურამ აზრი დაკარგა. თუ კონტექსტი აღარ არსებობს, როგორღა შენარჩუნდება მნიშვნელობა? როგორც კი კონტექსტი იცვლება, გმირები უსარგებლო ტვირთებად იქცევიან.
ლენინი ტვირთი გახდა მათთვის, ვინც ხელისუფლების სათავეში მოვიდა; განდი ტვირთი გახდა მათთვის, ვინც მთავრობაში მოვიდა; ჯეიპრაკაში ტვირთი გახდა მათთვის, ვინც ახლა მოვიდა ხელისუფლებაში. ასეთია ისტორიის სახე. აქ ფუნდამენტური კანონი მუშაობს: ნებისმიერი განვითარებადი სისტემის განუყოფელი თვისებაა, რომ გმირები, რომლებიც მასში ჩნდებიან, გმირებს მხოლოდ იმ კონტექსტში წარმოადგენენ, რომელიც მათი გამოჩენის პროვოცირებას ახდენს.
პოლიტიკური ლიდერები - ეს დროებითი ლიდერები არიან. ისინი განსაზღვრულ კონტექსტში არსებობენ. როცა კონტექსტი ქრება, ისინიც ქრებიან. ბუდები ძალიან განსხვავდებიან მათგან: მათი კონტექსტი - მთელი მარადისობაა. მათი კონტექსტი არ წარმოადგენს დროის ნაწილს. იესო, ზარატუსტრა, ლაო-ძი მარადიულ მნიშვნელობას ინარჩუნებენ, რადგანაც არ წარმოადგენენ დროის ნაწილს, მათი გზავნილი მარადისობას ეკუთვნის. მათი გზავნილი ადამიანური ტანჯვის, ადამიანური უმეცრების კონტექსტში არსებობს. ბუდა არ დაკარგავს თავის მნიშვნელობას მანამ, სანამ ყველა არსება გასხივოსნებული არ გახდება. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ პოლიტიკური ლიდერები მოდიან და მიდიან, ისინი სცენაზე მხოლოდ მცირე ხნით რჩებიან. მუდამ მხოლოდ სულიერი არსებები რჩებიან. ბუდას კვლავინდებურად აქვს მნიშვნელობა და ყოველთვის ექნება მნიშვნელობა, რადგანაც გასხივოსნების საჭიროება ყოველთვის არსებობს.
სინამდვილეში, პოლიტიკოსები არ ქმნიან კაცობრიობის ისტორიას, ისინი მხოლოდ ხმაურს ქმნიან. ნამდვილი ისტორია - ეს ისაა, რაც მუდამ არსებობს, როგორც ფონი; ნამდვილი ისტორია ჯერ არ დაწერილა, რადგანაც ჩვენ ძალიან გავხდით ჩაფლულები დროებით მოვლენებში. ჩვენ ძალიან გავერთეთ იმ გაზეთების კითხვით, რომლებსაც მნიშვნელობა მხოლოდ დღეს გააჩნიათ, ხვალ კი უაზრობად იქცევიან. თუ თვალები გაქვთ, დაინახეთ ეს და დაინტერესდით მარადიულით.
ძველი, უძველესი კულტურები არ იყვნენ დაინტერესებულნი ყოველდღიურით. მათ გაცილებით უფრო ღრმა ინტერესები ჰქონდათ. ისინი არ იზრდებოდნენ გაზეთებით, რადიოთი და ტელევიზიით. ისინი იმეორებდნენ ყურანს, მედიტირებდნენ გიტაზე, მღეროდნენ ლექსებს ვედებიდან, ჭვრეტდნენ ბუდას და მაჰავირას ქანდაკებებს. ეს ყველაფერი მარადიული მოვლენებია.
სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ყოველდღიურად მომხდარი მოვლენები თითქმის უაზრობაა: ისინი მყისვე ქრებიან, რადგანაც კონტექსტი მაშინვე იცვლება. პოლიტიკური რევოლუციები ხდებოდნენ და ქრებოდნენ: ეს უბრალოდ ბუშტებია, საპნის ბუშტები. შესაძლოა, რაღაც დროით, ისინი მშვენივრად გამოიყურებიან, მაგრამ ეს არაა მარადიული ბრილიანტები.
მარადიული ბრილიანტი - ეს შინაგანი რევოლუციაა. მაგრამ შინაგანი რევოლუცია რთულია, რადგანაც იგი შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. გარეგანი რევოლუცია დამანგრეველ მიდგომას მოითხოვს. სიძულვილი ადვილია, სიყვარული ძნელია. დანგრევა ადვილია. იმისთვის, რომ ტაჯ-მაჰალი ააშენო, წლებია საჭირო. ტაჯ-მაჰალის მშენებლობა ორმოცი წელი გრძელდებოდა, მის შექმნაზე ყოველდღიურად მუშაობდა ორმოცდაათი ათასი ადამიანი. რამდენი დღე იქნება საჭირო მის დასანგრევად? აიღეთ ბულდოზერი, და ერთი დღის შემდეგ იგი გაქრება. დანგრევა ძალიან ადვილია, ამიტომაც ადამიანები ნგრევით ინტერესდებიან, ისინი თვლიან, რომ ეს ყველაზე მოკლე გზაა. შექმნა ძალიან ძნელია.
მე კვლავ გახსენებთ, რომ რადგანაც ყველა პოლიტიკური რევოლუცია დამანგრეველია, რადგანაც რევოლუციონერებმა მხოლოდ ნგრევა იციან, მათ ადვილად შეუძლიათ ნგრევისკენ უბიძგონ ხალხს, და ხალხიც ადვილად გაჰყვება მათ, რადგანაც ისინი იმედგაცრუებულნი არიან, იტანჯებიან; შესაძლებელია მათი პროვოცირება ნებისმიერ ბუნტზე. როგორც კი ყველაფერი დანგრეული აღმოჩნდება, ჩნდება კითხვა: „ახლა რა ვქნათ“? მათ არ იციან შექმნა, ამიტომაც თქვენმა ეგრეთ წოდებულმა რევოლუციონერებმა არ იციან, რა გააკეთონ ახლა. ყველა გაურკვევლობაშია. ტანჯვა გრძელდება, ხანდახან უფრო ძლიერიც ხდება. რამდენიმე წლის შემდეგ კი ადამიანებს კვლავ ავიწყდებათ ეს და კვლავ რევოლუციის ტერმნიებით იწყებენ მსჯელობას, - და ყოველთვის გამოჩნდება პოლიტიკური ლიდერი, რომელიც მზადაა გიბიძგოთ დამანგრეველი ქმედებებისკენ.
ჩემი სამუშაო შემოქმედებითია. მე არ გიბიძგებთ არანაირი დამანგრეველი ქმედებებისკენ. მე არ გთავაზობთ, რომ საკუთარ უბედურებებში სხვები დაადანაშაულოთ. მე გეუბნებით, რომ პასუხისმგებლობას თქვენ ატარებთ, ამიტომ ჩემთან ყოფნა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც ვაჟკაცობა ეყოფა, რომ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. სწორედ ესაა ნამდვილი რევოლუცია. თუ თქვენ აიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე, შეძლებთ მის შეცვლას. ეს ცვლილებები ნელა მოხდება; მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ შეხვალთ სინათლისა და კრისტალიზაციის სამყაროში. მაგრამ როგორც კი კრისტალიზაცია მოხდება, თქვენ მიხვდებით, რას ნიშნავს ნამდვილი რევოლუცია. მაშინ გაუზიარეთ საკუთარი რევოლუცია სხვებს. იგი სწორედ ასე უნდა გადაეცეს - გულიდან გულში.
მთავრობები, სოციალური სტრუქტურები არაერთხელ შეცვლილა, მაგრამ მეტწილად ეს არაფერს ცვლიდა. ზუსტად იგივე მეორდებოდა. იმისთვის, რომ განსხვავებას გავუსვა ხაზი, ჩემს სანიასებს რევოლუციონერების ნაცვლად მეამბოხეებს ვუწოდებ. რევოლუციის გაგება ძალიანაა შებილწული სოციალური წარმოდგენებით. ამბოხი ინდივიდუალურია.
გახდით მეამბოხე! აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. გადააგდეთ ყველა სისულელე, რაც თავს მოგახვიეს. გადააგდეთ ყველაფერი, რაც გასწავლეს, და კვლავ ანა-ბანადან დაიწყეთ სწავლა. ეს რთული მოგზაურობაა.
კიდევ ერთი გახსოვდეთ: სისტემები და მთავრობები, რომლებიც ძველების ნაცვლად მოდიან, იწყებიან როგორც სასარგებლონი, მაგრამ თანდათანობით კონტრპროდუქტიულები ხდებიან. ასეთია თავად ევოლუციური პროცესის ბუნება. ყველაფერი, რაც გარეთ ხდება, თავიდან შესაძლოა ძალიან პროდუქტიულად მოგვეჩვენოს, მაგრამ მალე კონტრპროდუქტიული ხდება, რადგანაც ცხოვრება განუწყვეტლივ იცვლება. ცხოვრება გამუდმებით უცნობისკენ მიემართება, და თქვენი სტრუქტურები ყოველთვის უკან რჩება. ყოველი სტრუქტურა დროთა განმავლობაში საფლავად იქცევა. კვლავ ხდება საჭირო მისი დანგრევა.
მე კი გეუბნებით თქვენ: არ არის აუცილებელი, რომ რაიმე სტრუქტურა შექმნათ თქვენში. ცნობიერებას შეუძლია არასტრუქტურირებული დარჩეს. სწორედ ამაშია სიტყვა „თავისუფლების“ არსი. ცნობიერებას არ სჭირდება არანაირი სტრუქტურა და არანაირი ხასიათი. ცნობიერებას შეუძლია იცხოვროს მომენტიდან მომენტამდე ყოველგვარი სტრუქტურის გარეშე, ყოველგვარი მორალის გარეშე, ყოველგვარი ხასიათის გარეშე, რადგანაც თავად ცნობიერება უკვე საკმარისია. თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ, გამოეხმაუროთ, და თქვენი გამოხმაურება სწორი და სასიკეთო იქნება, რადგანაც თქვენ ცნობიერად ეხმაურებით.
იცხოვრეთ ცნობიერად, ყოველგვარი სტრუქტურის გარეშე, რათა უკვე აღარასოდეს აღმოჩნდეთ კონტრპროდუქტიული სისტემის ხაფანგში. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ისე მოხდეს, რომ რაღაც ისწავლეთ, და ეს მშვენიერია, მაგრამ მშვენიერია მხოლოდ რამდენიმე დღით. დროთა განმავლობაშ ეს ჩვევად იქცევა, და თქვენ კვლავ აღმოაჩენთ, რომ ჩვევის ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდით.
იცხოვრო ნამდვილად - ნიშნავს იცხოვრო ჩვევების გარეშე. თქვენთვის არაერთხელ უთქვამთ: „გადააგდეთ მავნე ჩვევები“. მე კი გეუბნებით: გადააგდეთ ჩვევები, როგორც ასეთი! არ არსებობს კარგი ან ცუდი ჩვევები, ყველა ჩვევა ცუდია. დარჩით ჩვევების გარეშე, იცხოვრეთ ჩვევების გარეშე, მაშინ შეძლებთ, რომ თავისუფლად იცხოვროთ, მომენტიდან მომენტამდე. სწორედ ესაა რევოლუციონერის ცხოვრება.
გახსოვდეთ ასევე შემდეგი: როცა თავისუფლდებით რაღაც პროგრამისგან, ნუ დაადანაშაულებთ მას კონტრპროდუქტიულობაში, ადრე ხომ იგი აუცილებელი იყო. შიგნით წესრიგის დამყარება დანაშაულის გრძნობის გარეშე უნდა ხდებოდეს. თქვენ იშორებთ რაღაც პროგრამას, როცა ის უკვე აღარ შეესაბამება თქვენს განვითარებად გეშტალტს. ნუ აყვებით ცდუნებას და ნუ იქნებით მკაცრნი იმ პროგრამებთან მიმართებაში, რომლებზეც უარი ამბობთ, რადგანაც ისინი იმ გზის აუცილებელი ეტაპები იყვნენ, რომელმაც ამჟამინდელ წერტილამდე მოგიყვანათ. გიყვარდეთ ისინი ამის გამო, წაართვით მას ის ძალაუფლება, რომელიც წარსულში ჰქონდათ თქვენზე და მომავლისთვის გამოანთავისუფლეთ ეს ენერგია.
რაც არ უნდა აკეთოთ, ადრე თუ გვიან ეს ჩვევად იქცევა. როგორც კი ხვდებით, რომ ეს ჩვევად იქცა, მოიშორეთ იგი, - ახლა ის კონტრპროდუქტიულია, ახლა ის კონტრრევოლუციურია. იგი წარსულისკენ დაგაბრუნებთ, საშუალებას არ მოგცემთ, რომ წინ იაროთ. იგი ეცდება, რომ ცნობილის სფეროშ გამყოფოთ, და საშუალებას არ მოგცემთ, რომ გამოუცნობისკენ, განუსაზღვრელისკენ იმოძრაოთ. ამიტომ, ჩვევისგან განთავისუფლებისას, თავი აარიდეთ დანაშაულის გრძნობას: „შიგნით წესრიგის დამყარება დანაშაულის გრძნობის გარეშე უნდა მოხდეს“. ასევე ნუ იქნებით მკაცრი და სასტიკი. რაც არ უნდა კარგი იყოს ჩვევა, მისგან განთავისუფლებისას თავი აარიდეთ დანაშაულის გრძნობას. არაა საჭირო იფიქროთ: „მე ეს დედამ მასწავლა. თუ უარს ვიტყვი ამაზე, ვუღალატებ მას“.
ადამიანები თავის წერილებში მწერენ: „როგორ შემიძლია მივიღო სანიასა? მშობლებმა მასწავლეს, რომ კათოლიკე ვყოფილიყავი. ნუთუ, სანიასას მიღებით, არ ვუღალატებ მათ?“ ან: „მე მუსულმანურ ოჯახში გავიზარდე. ნუთუ სანიასას მიღება ღალატი არ იქნება იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ასეთი სიყვარულით, ასე მზრუნველად მასწავლიდნენ მუსულმანად ყოფნას?“ ჩნდება დანაშაულის გრძნობა.
თუ კათოლიკე ხართ და თავისუფლად გრძნობთ თავს, მაშინ არაფრის შეცვლა არა საჭირო. მაგრამ თქვენ გინდათ ცვლილებები. ეს ნიშნავს, რომ რაღაც შეზღუდულობას გრძნობთ. დიახ, თქვენმა დედამ ის გასწავლათ, რაც თვითონ იცოდა, რაც, როგორც თვითონ გრძნობდა, კარგი იქნებოდა თქვენთვის, მაგრამ კონტექსტი შეიცვალა. თქვენ სრულიად სხვა ცხოვრებით ცხოვრობთ, ვიდრე დედათქვენი. როგორ შეუძლია მას, რომ სამუდამოდ თქვენს მასწავლებლად დარჩეს?
პროგრამის გადაგდებისას ნუ შეგიპყრობთ დანაშაულის გრძნობა და არც მკაცრი გახდეთ, - რადგანაც ეს ორი უკიდურესობაა. ადამიანებს ან დანაშაულის გრძნობა იპყრობს, ან რისხვაში ვარდებიან და სიხისტეს ავლენენ. ნუ გაბრაზდებით, რადგან საწყალმა მოხუცმა ის გასწავლათ, რაც თავად იცოდა და თქვენთვის სასარგებლოდ თვლიდა. ამ პროგრამის დანიშნულება შესრულებულია. სინამდვილეში, ვინ იცის? - თქვენ რომ კათოლიკე არ ყოფილიყავით, შესაძლოა ჩემთან არც მოსულიყავით. თქვენმა კათოლიკობამ მოგიყვანათ ჩემამდე. ამიტომ, რაც არ უნდა მომხდარიყო წარსულში, ეს აუცილებელი ეტაპი იყო: იგრძენით მადლიერება ამისთვის. ნუ შეგიპყრობთ დანაშაულის გრძNობა, და ასევე ნუ გამოავლენთ სისასტიკეს.
პროგრამისგან განთავისუფლებისას, განთავისუფლდით მისგან ისე, როგორც ტანსაცმლისგან. როცა იზრდებით, თქვენი ტანსაცმელი ვიწრო ხდება. თქვენ ხომ არ იგრძნობთ თავს დამნაშავედ, როცა განთავისუფლდებით იმ ღამის პერანგისგან, რომელიც დედამ გაჩუქათ, და რომელიც დაგივიწროვდათ. თქვენ ვერ დაიტოვებთ მას! და თქვენ არ ბრაზობთ ამის გამო. თქვენ არ ცდილობთ მის დახევას, მასზე ბენზინის გადასხმას და დაწვას. თქვენ არ გჭირდებათ დიდი ხმაურის მოწყობა ამ საკითხის გამო. არ აკეთებთ ამას, რადგანაც გესმით, რომ ამ პერანგის დანიშნულება შესრულებულია.
ადამიანი - ეს მზარდი გეშტალტია. ყოველდღე რაღაც ახალი ხდება, ყოველდღე რაღაც ახლის შესრუტვა გიხდებათ. იმისთვის, რომ ახლისთვის გამოანთავისუფლოთ ადგილი, ძველისგან უნდა განთავისუფლდეთ, უნდა დაემშვიდობოთ ძველს - დაემშვიდობოთ მადლიერებით. თუ შეგიძლიათ გახსოვდეთ, რომ ძველი პროგრამისგან განთავისუფლებისას არ უნდა განიცადოთ დანაშაულის გრძნობა და ასევე არ უნდა გამოავლინოთ სისასტიკე, მაშინ სწორედ იმ რევოლუციის მიმართულებით იმოძრავებთ, რომლის აზრიც მინდა თქვენამდე მოვიტანო.
რევოლუციონერს არავის მიმართ არ აქვს რისხვა. რისთვის უნდა განრისხდეს? ამისთვის არ არსებობს არანაირი მიზეზი. ყველაფერი, რისი გაკეთებაც თქვენ მშობლებს შეეძლოთ, მათ უკვე გააკეთეს, და გააკეთეს საუკეთესო განზრახვით. სხვა საქმეა, რომ რაც გააკეთეს უსარგებლო იყო და თავისუფლებას არ გაძლევდათ. მაგრამ ეს არ იყო მათი განზრახვა. მათ კარგი ზრახვები ჰქონდათ და არ შეეძლოთ სხვაგვარად მოქცევა. ისინი სხვა სამყაროშ ცხოვრობდნენ.
თქვენი შვილების გაზრდისას გახსოვდეთ: არაა საჭირო, რომ მათ პროგრამები მოახვიოთ თავს, მხოლოდ თქვენი გაგება უნდა გაუზიაროთ. ნუ მოახვევთ თავს მზა წესებს, მიეცით გაგება, რომ დანახვა შეძლონ და თავად შექმნან თავიანთი წესები. ნუ მისცემთ მათ ცოდნას, მიეცით გაცნობიერებულობა. მე მინდა, რომ თავის შვილებს ჩემმა სანიასებმა გაცნობიერებულობა გაუზიარონ, ისე, რომ სადაც და როდესაც არ უნდა აღმოჩნდნენ... გახსოვდეთ: ისინი არ იცხოვრებენ იმავე სამყაროში, რომელშიც თქვენ ცხოვრობდით და ახლაც ცხოვრობთ. მათ თავისი საკუთარი სამყარო ექნებათ: თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ მას. ისინი არასოდეს გაიმეორებენ იგივე ცხოვრების მოდელს, რაც თქვენ. მათ ცხოვრების თავიანთი სტილი ექნებათ.
მიეცით მათ გაცნობიერებულობა ისე, რომ სადაც არ უნდა აღმოჩნდნენ, თავიანთი გზის მონახვა შეძლონ. მიეცით მათ სინათლე, მიეცით მათ თვალები, რათა შეძლონ დანახვა, გაგება, მიეცით მათ თავისუფლად ყოფნის სიმამაცე. ხელი შეუწყვეთ იმაში, რომ თუ რაღაც არასწორს აღმოაჩენენ თავიანთ პროგრამაში, შეძლონ მისი გადაგდება, შეუძლონ მასზე უარის თქმა. სწორედ ესაა სიყვარული.
არ მოახვიოთ თავს არანაირი პროგრამა, არანაირი ცხოვრების წესი. ისინი სრულიად სხვა სამყაროში იცხოვრებენ, ამიტომ აჩუქეთ თქვენი სიყვარული, მაგრამ არ გადასცეთ თქვენი ცოდნა. სამყარო ისე ჩქარა იცვლება, რომ ყველაფერი, რასაც მათ გადასცემთ, მალე მოძველდება და ტვირთი გახდება მათთვის; თუ გადაგდება მოუწევთ, დანაშაულის გრძნობას განიცდიან ამის გამო. თუ ძალიან მოუნდებათ ამის გადაგდება, მოუწევთ რომ თქვენზე გაბრაზდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ იქნება კარგი, ამიტომ ნუ შექმნით საკუთარი შვილებისთვის მსგავს სიტუაციას.
იცხოვრეთ რევოლუციურად და გაუზიარეთ რევოლუციურობა თქვენს შვილებს, ყველას, ვინც გიყვართ. მხოლოდ ასეთი რევოლუცია არ განიცდის მარცხს... მაგრამ ასეთი რევოლუციის მოხდენა ჯერ არავის უცდია.
იესო საუბრობდა ამის შესახებ, მაგრამ არავის უცდია ამ რევოლუციის მოხდენა. ბუდა საუბრობდა ამაზე, მაგრამ არავის უცდია ამ რევოლუციის მოხდენა. მე ვსაუბრობ ამაზე, და ეცდებით თუ არა ამ რევოლუციის მოხდენას, თქვენზეა დამოკიდებული. მსგავსი რევოლუციის მოწყობა, რომელიც გაიმარჯვებდა, არავის უცდია; ხოლო რევოლუციებმა, რომლებიც უკვე მოხდა, მარცხი განიცადეს.
მესამე კითხვა:
შენ ცნობილი ხარ მთელ მსოფლიოში როგორც ტანტრას ოსტატი ან სექს-გურუ, თუმცა იმ სამი წლის განმავლობაში, რომელიც შენს აშრამში გავატარე, მე არა მხოლოდ ყველაზე ნაკლებად მქონდა სექსი, ვიდრე ოდესმე ცხოვრებაში, არამედ ყველაზე ნაკლებსაც ვფიქრობდი და გარშემომყოფებისგანაც ნაკლებად მესმოდა ამის შესახებ. შეგიძლია აგვიხსნა ეს წინააღმდეგობა?
სწორედ რამდენიმე დღის წინ ჟურნალ „სინე ბლიცში“ სათაურს წავაწყდი, რომელიც ამბობდა, რომ მე სულიერი სამყაროს ჰიუ ჰეფნერი* [ჟურნალ „პლეიბოის“ დამფუძნებელი] ვარ. რისი თქმა უნდათ მათ?
დიახ, მე გასწავლით, როგორ შეხვიდეთ ღრმად სიყვარულში. მე ასევე გასწავლით, როგორ შეხვიდეთ ღრმად სექსში, რადგანაც ეს მის საზღვრებს მიღმა გასვლის ერთადერთი საშუალებაა. მასში გავლა - მისი საზღვრების გადალახვის ერთადერთი საშუალებაა. და ჩემი მიზანია - გაგიყვანოთ საზღვრებიდან. პრობლემა იმაშია, რომ ჩემი კვლავ და კვლავ არასწორად ესმით მთელს მსოფლიოში.
ადამიანები მიეჩვივნენ წარმოდგენას, რომ თუ თქვენ რელიგიური ხართ, სექსის წინააღმდეგ უნდა იყოთ. თუ სექსის წინააღმდეგ არ ხართ, როგორ შეგიძლიათ იყოთ რელიგიური? ეს წარმოდგენა მყარად გაჯდა ადამიანთა გონებაში. მე ვანგრევ ყველა ამ წარმოდგენას და არ ველოდები, რომ სამყარო მყისვე უარს იტყვის ამ ღრმად ფესვგადგმულ იდეებზე. ამიტომაც არ ველოდები, რომ გამიგებენ. როცა არასწორად ესმით ჩემი, მშვენივრად მესმის, რატომ ხდება ეს. მე არ მაქვს უსაფუძვლო იმედები, წლები ან საუკუნეები გავა, სანამ მე გამიგებენ. ასე ხდება ყოველთვის.
მე ცხოვრების ახალ ხედვას ვქმნი. ეს ხედვა ისეთი ახალია, რომ ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ კატეგორია, რომელსაც მას მიაკუთვნებდნენ, ამიტომაც ყველა შფოთავს. მაჰატმა მორარჯი დესაი შფოთავს, რადგანაც იგი სექსუალურად დათრგუნულია, უმაღლეს დონეზე დათრგუნული, მას არანაირი გაგება არ გააჩნია. ის უბრალოდ თრგუნავს თავის სექსუალობას.
მისი ისტორია ასეთია, რომ როდესაც ახალგაზრდა იყო, - ახალგაზრდა კი სამოცი წლის წინ იწყო, - ერთმა მამაკაცმა მის სოფელში თავისი და გააუპატიურა. ამან დიდი შოკი გამოიწვია მასში და გადაწყვიტა, რომ ასეთი საშინელი დანაშაულის მიზეზს სექსი წარმოადგენს. სინამდვილეშ მიზეზი უმეტესწილდ დათრგუნვაა; წინააღმდეგ შემთხვევაშ ვის მოუვა თავშ საკუთარი დის გაუპატიურება? დების მიმართ, როგორც წესი, არ გრძნობენ ლტოლვას. მასთან გვერდიგვერდ ცხოვრობენ, ერთ სახლში იზრდებიან. თუ ადამიანი სექსუალობას არ თრგუნავს, საკუთარი დისადმი ლტოლვა ძნელია, თითქმის შეუძლებელია.
სიყვარული ყოველთვის არანაცნობთან, გამოუცნობთან ჩნდება. ნაცნობი მობეზრებას, მოყირჭებას იწვევს. როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი და? მაგრამ ეს ადამიანი, როგორც ჩანს ღრმა დათრგუნვით ცხოვრობდა; შესაძლოა მას ერთი ქალიც კი არ ჰყოლია ცხოვრებაში. როგორც ჩანს, იგი სასოწარკვეთილი იყო. მაგრამ დასკვნა, რომელიც მორარჯიმ გამოიტანა, ასეთი იყო: სექსი - ნებისმიერი დანაშაულის მთავარი მიზეზია. თუ იგი იმდენად შლის ადამიანს ჭკუიდან, რომ მას საკუთარი დის გაუპატიურებაც კი შეუძლია, ეს ნიშნავს, რომ იგი ნებისმიერი დანაშაულის მთავარ მიზეზს წარმოადგენს. მან გადაწყვიტა, რომ არასოდეს ჰქონოდა სექსი - არა რელიგიური მიზეზების გამო, არა სულიერი მიზეზების გამო - და მას შემდეგ იგი თრგუნავდა და თრგუნავს სექსს.
იგივე დაემართა მის გურუს, მაჰატმა განდის. მისი ცელიბატიც ტრამვით იყო გამოწვეული. როცა მისი მამა კვდებოდა, ფეხების მასაჟს უკეთებდა , და ექიმებმა თქვეს, რომ სავარაუდოდ ეს ბოლო ღამე იყო, რომ მამამისი განთიადს ვეღარ შეხვდებოდა. თუმცაღა შუაღამისას, როცა მამამ დაიძინა, მაჰატმა თავის ოთახში შევიდა და სექსი ჰქონდა ცოლთან. პროცესის შუაში ვიღაცამ კარზე დაუკაკუნა და უთხრა: „რას აკეთებ? სად ხარ? მამაშენი მკვდარია“.
ამან შოკში ჩააგდო იგი, ტრამვა მიაყენა, და ამ დიდმა ტრამვამ მთელი მისი ცხოვრება შეცვალა - მაგრამ უარესობისკენ და არა უკეთესობისკენ. იგი დანაშაულის გრძნობამ შეიპყრო. მან გამოიტანა დასკვნა, რომ სწორედ ვნებამ, სექსუალობამ აიძულა იგი, ბოლო მომენტში მიეტოვებინა საკუთარი მამა. მან ცოდვა ჩაიდინა, დანაშაული ჩაიდინა. ვერ შეძლო, რომ ეპატიებინა საკუთარი თავისთვის, ამიტომაც უარი თქვა სექსზე და მთელი ცხოვრება თრგუნავდა მას. უკვე ბოლოში, სიცოცხლის ბოლო წლებში, მან გააცნობიერა ეს დათრგუნვა, რადგანაც სექსუალური ფანტაზიები თავს არ ანბებდნენ. მაშინ მან ექსპერიმენტები დაიწყო ტანტრისტული ტექნიკებით, რათა სიკვდილის წინ მაინც განთავისუფლებულიყო სექსისგან, - მაგრამ ძალიან გვიანი იყო.
ამ ხალხს არ შეუძია გაგება. ისინი თვლიან, რომ მე სექს-გურუ ვარ, რომ მე სექსის აყოლას გასწავლით. ამ ხალხს არ ესმის. ჰიუ ჰეფნერსაც არ ესმის. ისი იკითხავს, რატომ ვლაპარაკობ მედიტაციაზე, რატომ ვლაპარაკობ სულიერებაზე? მას ისეთი მოვლენები, როგორიცაა სულიერება, მედიტაცია, სამადჰი, უაზრობად მოეჩვენება. ამიტომაც მორარჯი დესაიც და ჰიუ ჰეფნერიც არასწორად გამიგებენ. არასწორად გამიგებენ ეგრეთ წოდებული სულიერი ადამიანებიც და ეგრეთ წოდებული მატერიალისტებიც. მაგრამ მე მესმის: ასეთია ჩემი ბედი.
ჩემი გაგება მხოლოდ ახალ ადამიანს შეუძლია, ადამიანს, რომელმაც გააცნობიერა ყოფიერების ტოტალურობა, რომელმაც გააცნობიერა, რომ ადამიანი - ეს სხეულიცაა და სულიც, რომ ცხოვრება მხოლოდ გამოცდილების წყალობით მწიფდება.
შესაძლოა სექსი აუცილებელი ეტაპი გახდეს სამადჰის გზაზე. თუ ღრმად გაიგებთ, ღრმად გამოცდით მას, მაშინ განთავისუფლდებით მისგან. მაგრამ ეს სრულიად სხვა ხარისხის თავისუფლება იქნება: ეს არ იქნება დათრგუნული სექსი. დათრგუნული სექსი ყოველთვის არსებობს სადღაც შიგნით, როგორც ფონი, განუწყვეტლივ გრძელდება თქვენს ქვეცნობიერში და მთელ თქვენს ცხოვრებაზე ახდენს ზეგავლენას.
მე მსმენია...
ერთხელ მდიდარმა ხანშიშესულმა რელიგიურმა ლედიმ თავის აპარტამენტებში ქურდს შეუსწრო. მთელი თავისი ცხოვრება მან უბიწოებაში გაატარა, თითქმის როგორც მონაზონმა.
- მომისმინეთ ლედი, თუ ჩუმად იჯდებით, არაფერს დაგიშავებთ. უბრალოდ გვითხარით, სადაა თქვენი ბრილიანტები.
მან უპასუხა:
- მე სახლში არ ვინახავ მათ. ბანკში ვინახავ - სეიფში.
- მაშინ სადაა თქვენი ვერცხლეული?
- მაპატიეთ, მაგრამ სწორედ ახლახანს ჩავაბარე გასაწმენდად.
- მაშინ ფული მოგვეცით.
- გეუბნებით, - გაიმეორა ლედიმ, - მე სახლში არ ვინახავ ნაღდ ფულს.
- მომისმინეთ ლედი, გაფრთხილებთ - მომეცით ფული, თორემ შემოგახევთ ამ ყველაფერს.
და ტანზე ხელის ფათური დაუწყო.
- გეუბნებით, - თქვა ქალმა, - აქ არ მაქვს ნაღდი ფული, მაგრამ თუ ამას კვლავ გაიმეორებთ, ჩეკს გამოგიწერთ.
კიდევ ერთი ისტორია ვიცი... შესაძლოა იმავე ქურდზე!
შუაღამისას პოლიციის განყოფილებაში სატელეფონო ზარი გაისმა. სასწრაფოდ ითხოვდნენ შველას. სასოწარკვეთიული ხმით ვიღაც ყურმილში ყვიროდა:
- მალე მოდით, დაუყოვნებლივ მოდით! ხანშიშესული ქალის ოთახში მძარცველია დაკავებული!
მორიგე ინსპექტორმა უთხრა:
- ხუთ წუთში ადგილზე ვიქნები. ვინაა ხაზზე?
ხმამ ყურმილში უპასუხა:
- მძარცველი.
თუ თქვენ დათრგუნავთ, მაშინ მთელი ცხოვრება ატარებთ ჭრილობას და ვერასოდეს განკურნავთ მას. დათრგუნვა არასწორი - არასწორი გზაა.
კარდინალური ცვლილებები გაგებასთან ერთად მოდის, ხოლო გაგება გამოცდილებასთან ერთად. ამიტომაც მე გთავაზობთ სრულ თავისუფლებას, რომ მიიღოთ ნებისმიერი გამოცდილება, რომელიც თქვენს გონებას და სხეულს ჭირდება, მხოლოდ ერთი პირობით: იყავით დაკვირვებული, ყურადღებიანი, გაცნობიერებული.
თუ შეძლებთ, რომ გაცნობიერებულად დაკავდეთ სექსით, გაოცდებით: სექსში სამადჰის ყველა გასაღებია. თუ ღრმად ჩაიძრებით სიყვარულში მთელი თქვენი გაცნობიერებულობით, დაინახავთ, რომ თქვენ გიზიდავთ არა სიყვარული, არამედ ის, რომ სიყვარულის უმაღლეს პიკზე, ორგაზმული აფეთქებისას თქვენი გონება ქრება, აზრები ჩერდება, და თქვენ ნექტარი გავსებთ. სინამდვილეში სექსი არ გაძლევთ ამ მშვენიერ განცდას. სექსი უბრალოდ გეხმარებათ, რომ ბუნებრივად მიუახლოვდეთ იმ წერტილს, სადაც გონება ქრება, - რა თქმა უნდა, მხოლოდ წამით. ღრუბლები იფანტება და მზეს ხედავთ. შემდეგ ღრუბლები ისევ ჩნდება, მზე ქრება, და თქვენ ისევ გიჩნდებათ სექსუალური ფანტაზიები. თუ გაუცნობიერებელი გახდებით, კვლავ და კვლავ გაუშვებთ ხელიდან ამ საიდუმლოს. სექსი კი არ გაჯაჭვავთ ამ სამყაროსთან, არამედ გაუცნობიერებლობა!
ამიტომ საქმე იმაში არაა, როგორ გადააგდოთ სექსი. საქმე იმაშია, როგორ გადააგდოთ გაუცნობიერებლობა. იყავით გაცნობიერებულნი და ნება მიეცით თქვენს ბუნებრიობას, რომ თავისუფლად იდინოს. სექსი ბუნებრივია: თქვენ იბადებით სექსისგან, თქვენი სხეულის ყოველი უჯრედი - სექსუალური უჯრედია. სექსის დათრგუნვა არაბუნებრივია.
ტრანსცენდენცია - ეს სრულიად სხვა მოვლენაა, ვიდრე დათრგუნვა. თუ შეძლებთ, რომ ყურადღებიანი და გაცნობიერებული იყოთ ორგაზმის მომენტში, დაინახავთ, რომ დრო ქრება, რომ რაღაც მომენტში დრო აღარ არსებობს - არც წარსული, არც მომავალი - თქვენ ბოლომდე აქ და ახლა იმყოფებით. სწორედ ამაშია სექსის სილამაზე. სწორედ ამის გამო გრძნობთ, რომ თქვენზე ამხელა სიხარული, ამხელა წყალობა იღვრება.
აუცილებელია ამ ორი საიდუმლოს გაგება: პირველი - გონების გაქრობა რაღაც წამები, მეორე - დროის გაქრობა. ეს ერთი მოვლენის ორი ასპექტია: მისი ერთი ასპექტი - დროა, მეორე კი - გონება. როცა ერთიც და მეორეც ქრება, თქვენ სრულ ნეტარებაში აღმოჩნდებით, ღმერთში აღმოჩნდებით. მედიტაცია ერთსაც ეხმარება და მეორესაც, რომ სექსში ჩაძირვის გარეშე გაქრეს.
თუ მედიტაციით ხართ დაკავებული, მაშინ ერთხელაც აღიარებთ იმ ფაქტს, რომ ეს მედიტაციაშიც ხდება - ქრება გონება, ქრება დრო. ეს დღედიდი გამობრწყინების დღე იქნება. ამ დღეს თქვენ მიხვდებით, რატომ გაინტერესებდათ ასე სექსი. იმავე დღეს მთელი ინტერესი სექსისადმი გაქრება. თქვენ არ დაგჭირდებათ მისი გადაგდება ნების ძალის დაძაბვით, ის თავისთავად გაქრება, მსგავსად იმისა, როგორც დილით, მზის სხივების გამოჩენისას ქრებიან ცვარის წვეთები - კვალის დატოვების გარეშე, ჭრილობების დატოვების გარეშე. აქამდე მედიტაციის გზით მისვლა გაცილებით უფრო იოლია, რადგანაც შეგიძლიათ მარტომ მიაღწიოთ ამას, არ გჭირდებათ სხვა ადამიანი, არ გჭირდებათ რომ დამოკიდებული იყოთ ვინმეზე.
მეორე, თუ შეგიძლიათ რომ მედიტატიური სექსი გქონდეთ, ენერგია არ დაიკარგება. პირიქით, თქვენში მეტი სიცოცხლე იქნება, რადგანაც ენერგია შენარჩუნდება.
მესამეც, თუ შეგიძლიათ რომ მედიტატიური სექსი გქონდეთ, მაშინ შეძლებთ რომ იმდენ ხანს იყოთ მასშ, რამდენ ხანსაც გსურთ, და ის არ იქნება ერთმომენტიანი მოვლენა. თანდათანობით ისწავლით, როგორ გაჩერდეთ მასში უწყვეტად, მთელი დღე-ღამის განმავლობაში. ბუდა ორგაზმულ მდგომარეობაში იმყოფება ყოველდღე, ოცდაოთხი საათის განმავლობაში. მისი გასხივოსნების დღიდან სიკვდილის დღემდე ორმოცდაორი წელი გავიდა. ამ ორმოცდაორი წლის განმავლობაშ იგი უწყვეტად იმყოფებოდა ორგაზმულ მდგომარეობაში. უბრალოდ წარმოიდგინეთ! ორგაზმის ის მომენტებიო, რომლებიც თქვენ გემართებათ, არაფერია ბუდას ორგაზმულ მდგომარეობასთან შედარებით.
მე ახალ სინთეზს გასწავლით. მე მთლიანად ვარ ტრანსცენდენციის მომხრე, რომელსაც ბუდაობისკენ მიჰყავხართ. მაგრამ ეს სწორედ ტრანსცენდენციაა და არა დათრგუნვა. ტრანსცენდენცია არასოდეს მიიღწევა დათრგუნვის გზით. დათრგუნვის შედეგად ჩაკეტილ წრეზე განაგრძობთ სიარულს. თუ თრგუნავთ, მაშინ ყოველდღე გიწევთ დათრგუნვა. მაშინ სექსი სიკვდილამდე, ყველაზე უკანასკნელ მომენტამდე თან დაგდევთ. თუ ნამდვილად გინდათ მისგან განთავისუფლება... მე კი მინდა, რომ მისგან განთავისუფლდეთ! მაგრამ მე არ ვარ სექსის წინააღმდეგი, რადგანაც ისინი, ვინც სექსის წინააღმდეგ არიან, ვერ განთავისუფლდებიან მისგან. აქედან მოდის ჩემი სწავლების პარადოქსულობა.
ამას მხოლოდ მზადმყოფნი აგაიგებენ; სხვები არასწორად გამიგებენ. ხალხის ძირითადი მასა, ბრბო, არასწორად გამიგებს. მაგრამ მე არც ველოდები მათგან გაგებას. მე მეცოდება ისინი. არ მაქვს მათგან მოლოდინი, ამიტომაც წყენასაც არასოდეს ვგრძნობ. მე ვიცი, რომ ეს სწავლება იმდენად ახალია, რომ საუკუნეები იქნება საჭირო, რომ მისი შეფასების კრიტერიუმები გაჩნდეს. ეს კრიტერიუმები ჯერ არ არსებობს.
ამბობენ, რომ ნამდვილად დიდი პოეტის ლექსების გაგება შეუძლებელია, რადგანაც ისინი მთელი ძველი პოეზიისგან განსხვავდებიან. დიდ პოეტს თავისი კრიტერიუმების შექმნა უწევს, რომლითაც მისი ლექსების შეფასება იქნება შესაძლებელი. იგივე ემართება დიდ მხატვარსაც: შეუძლებელია მისი შეფასება ძველ მხატვრებთან, ძველ ნაწარმოებებთან შედარებით. მისი გზავნილი იმდენად ახალია, რომ ვერანაირი ძველი კრიტერიუმები ვერ გამოდგება, ამიტომაც უწევს ახალი კრიტერიუმების, ახალი ღირებულებების შექმნა. ამას დრო სჭირდება. თუ ასე ხდება პოეზიასთან და ფერწერასთან მიმართებაში, მაშინ რა უნდა ვილაპარაკოთ გასხივოსნებაზე? ეს უდიდესი ხელოვნებაა. ხელოვნებათა ხელოვნება. ასეთ ხელოვნებას საუკუნეები სჭირდება.
ბოლო კითხვა:
მე ძალიან მეშინია, რომ რაღაც მოულოდნელი დამემართება. რა ვქნა?
კარგია, თუ რაღაც მოულოდნელი დაგემართება. სინამდვილეში, მხოლოდ მოსალოდნელი რომ ხდებოდეს, საშინლად მოგწყინდებოდა. წარმოიდგინე ცხოვრება, რომელშიც მხოლოდ ის ხდება, რასაც ელი. რას უზამდი ასეთ ცხოვრებას? მასში არ იქნებოდა სიხარული. მეგობარს ელოდები და ის კარზე გიკაკუნებს; თავის ტკივილს ელოდები, და ისიც მოდის; ელოდები, რომ ცოლი შენგან წავა, და ის მიდის. რასაც ელოდები, ყველაფერი ხდება, - ოცდაოთხი საათის შემდეგ თავს მოიკლავ! რაღა უნდა აკეთო, თუ ეს ყველაფერი მოხდება, და მოხდება მხოლოდ შენი მოლოდინების შესაბამისად?
ცხოვრება - თავგადასავალია, რადგანაც მასში რაღაც მოულოდნელი ხდება. და ეს თავგადასავალი მით უფრო წარმტაცია, რაც უფრო მეტი მოულოდნელი რამ გემართება. გიხაროდეს ეს! რაღაც მოულოდნელი ხდება - მზად იყავი ამისთვის, შემოუშვი შენს ცხოვრებაში. ნუ ითხოვ მხოლოდ მოსალოდნელს. სწორედ ამიტომაც ვამბობ: დარჩით მომავლისთვის ცარიელი. ნუ დაგეგმავთ, ნება მიეცით მომავალს, რომ თავისთავად მოხდეს, და თქვენ გამუდმებით სიხარულში იქნებით. თქვენს არსში ცეკვა მოხდება, რადგანაც ყველაფერი, რაც ხდება, მოულოდნელი იქნება. როცა ეს რაღაც მოულოდნელად ხდება, ამაში რაღაც იდუმალებაა...
მე მსმენია ერთი ნათელმხილველი ბიჭუნას შესახებ. როგორც ჩანს მას წინათრგძნობის ნიჭი ჰქონდა. ერთხელ, ლოცვის ხმამაღლა გამეორებისას, მან თქვა: „ღმერთო, დალოცე დედიკო! ღმერთო, დალოცე მამიკო! ღმერთო, დალოცე ბებია! მშვიდობით, ბაბუა!“ მეორე დღეს ბაბუა ინსულტით მოკვდა.
რაღაც დროის შემდეგ ბიჭმა წარმოთქვა: „ღმერთო, დალოცე დედიკო! ღმერთო, დალოცე მამიკო! მშვიდობით, ბებია!“ იმავე დღეს ბებია მანქანამ გაიტანა.
რაღაც დროის შემდეგ მან თავის ლოცვაშ წარმოთქვა: „ღმერთო, დალოცე დედიკო! მშვიდობით, მამიკო!“ მამა ძალიან აღელდა. საკუთარ თავს აიძულა სამსახურში წასვლა, მაგრამ მუშაობა ვერ შეძლო. ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა, რომ ადრე დაბრუნებულიყო სახლში, მაგრამ რადგანაც საჭესთან თავად დაჯდომის ეშინოდა, ტაქსით წამოვიდა.
როცა სახლში მივიდა, ცოლმა უთხრა: „ძვირფასო, იცი, დღეს რა მოხდა? საშინელება! ჩვენს მერძევეს უკანა შესასვლელთან გულის შეტევა დაემართა, და მაშინვე მოკვდა!“
დღეისათვის საკმარისია.