თავი 12 - წონასწორობის შექმნა
თავი 12
წონასწორობის შექმნა
პირველი კითხვა:
ნუთუ სამართლიანია პოლიტიკოსების ძაღლების გვერდით დაყენება?
მართლაც! ძაღლები ხომ უმანკო არსებები არიან. მაპატიეთ, მართალი არ ვიყავი.
მეორე კითხვა:
რა არის ნევროზი, და არსებობს თუ არა მისგან წამალი?
ძველად ნევროზს არასოდეს მიუღია ეპიდემიის ფორმა. ახლა ის ადამიანის გონების თითქმის ნორმალური მდგომარეობა ხდება. აუცილებელია რომ ეს გავიგოთ.
ადრე ადამიანები სულიერად უფრო ჯანმრთელები იყვნენ, რადგანაც გონებას არ ავსებდა ერთდროულად ამდენი რამ და არ იყო გადატვირთული. თანამედროვე გონება გადატვირთულია, და ყველაფერი, რაც არ უნდა გადახარშოს, ნევროზს იწვევს. იგივე ხდება, როცა გაუჩერებლად ჭამთ და ამძიმებთ თქვენს სხეულს, - ის, რაც არ მოინელება, შხამად იქცევა. ის თუ რას ჭამთ, არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც ის, თუ რას ხედავთ და რა გესმით. ყოველ მომენტში, თვალების, ყურების და სხვა გრძნობათა ორგანოების მეშვეობით ათას ერთ რამეს ღებულობთ, და დრო არ გრჩებათ, რომ ეს ყველაფერი მოინელოთ. თითქოს გამუდმებით სუფრასთან სხედხართ და ჭამთ, ჭამთ - მთელი დღე-ღამე. იგივე ემართება თანამედროვე გონებას: ის გადატვირთულია იმდენი საგნითა და მოვლენით, და გასაკვირი არაა, რომ ვეღარ უძლებს. ყოველ მოწყობილობას აქვს თავისი ზღვარი. გონება ერთ-ერთი ყველაზე ნატიფი მოწყობილობაა.
ნამდვილად ჯანმრთელი ადამიანი - ესაა ადამიანი, რომელიც დროის ორმოცდაათ პროცენტს უთმობს იმას, რომ გადახარშოს ის, რაც მის თავს ხდება. ორმოცდაათი პროცენტი მოქმედება, ორმოცდაათი პროცენტი უმოქმედობა - აი, სწორი მდგომარეობა. ორმოცდაათი პროცენტი აზროვნება, ორმოცდაათი პროცენტი მედიტაცია - აი, წამალი. მედიტაცია სხვა არაფერია, თუ არა შესაძლებლობა, რომ მოდუნდეთ თქვენს შიგნით; ესაა დრო, როცა ყველა კარს, ყველა გრძნობათა ორგანოს ხურავთ გარეგანი ზემოქმედებისგან. თქვენ ქრებით სამყაროსთვის. თქვენ ივიწყებთ სამყაროს, თითქოს ის აღარ არსებობს : არანაირი გაზეთი, რადიო, ტელევიზია, ხალხი. თქვენ მარტოობაში იმყოფებით, თქვენს დაფარულ არსში, მოდუნებული, საკუთარ სახლში.
ამ მომენტებში მოინელება ყველაფერი, რაც დაგროვდა : ის, რაც ღირებულია, მოინელება, ის რაც არაა ღირებული, იშლება. მედიტაცია მოქმედებს როგორც ორლესული მახვილი: ერთი პირით იგი ინელებს იმას, რაც სასარგებლოა, ხოლო მეორეთი - განაგდებს მთელ ნაგავს. მაგრამ მედიტაცია გაქრა ამ სამყაროდან.
ადრე ადამიანები ბუნებრივად მედიტატიური იყვნენ. ცხოვრება უფრო მარტივი იყო და მათ საკმარისი დრო ჰქონდათ რომ არაფერი ეკეთებინათ, ეცქირათ ვარსკვლავებისთვის, ხეებისთვის, მოესმინათ ჩიტების ჭიკჭიკი. ადამიანებს ჰქონდათ დროის შუალედები ღრმა პასიურობისთვის. ასეთ მომენტებში ადამიანები უფრო ჯანმრთელები და მთლიანები ხდებოდნენ.
ნევროზი ნიშნავს რომ ისეთ ტვირთს ატარებთ თქვენს გონებაში, რომ კვდებით მისი ტვირთის ქვეშ. ვერც კი ინძრევით, და ლაპარაკიც არაა ცნობიერების გაფრენაზე. ხოხვაც კი არ შეგიძლიათ - იმხელაა ეს ტვირთი... და ყოველ მომენტში ის უფრო იზრდება. ერთხელაც თქვენი გონება ვეღარ უძლებს. ეს ბუნებრივია.
აუცილებელია გავიგოთ რამდენიმე საკითხი. ნევროზი - ესაა მდგომარება, როდესაც თქვენ გამუდმებით ჩიხში ხართ მომწყვდეული, და არაფერს არ სწავლობთ. ნევროზის პირველი განსაზღვრება არის სწავლის უუნარობა. თქვენ გამუდმებით ერთი და იმავე ჩიხში ექცევით. თქვენ კვლავ და კვლავ ბრაზდებით, რამდენჯერ გაბრაზებულხართ უკვე? რამდენჯერ გინანიათ ეს? და მაინც, როგორც კი სტიმული ჩნდება, მას იგივე რეაქცია მოჰყვება, - თქვენ არაფერი გისწავლიათ. იმდენჯერ გიცდიათ, რომ იმაზე მეტი მოგეპოვებინათ, ვიდრე საჭიროა, და ყოველ ჯერზე ეს სიხარბე ახალ ტანჯვას ქმნიდა. თქვენ იცით ეს , იცით რომ სიხარბეს არავინ გაუხდია ბედნიერი, მაგრამ უწინდებურად ავლენთ სიხარბეს, მაინც ამ მდგომარეობაში რჩებით. თქვენ არაფერს სწავლობთ. სწავლის უუნარობაა სწორედ ნევროზი, იგი ბადებს ნევროზს.
სწავლის უნარი მონელების უნარს ნიშნავს. თქვენ რაღაცას ცდით, შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ეს არ მუშაობს, და აგდებთ ამას, სხვა მიმართულებით მოძრაობთ, სხვა რამეს ცდით. ეს ბრძნულია, ეს გონივრულია. უბრალოდ კედელს ურტყამდეთ თავს, როცა იცით, რომ იქ კარი არაა, სწორედ ესაა ნევროზი.
ადამიანები უფრო და უფრო ნევროზულები ხდებიან, რადგანაც ისინი ერთსა და იმავე ჩიხზე მიწოლას განაგრძობენ. ისინი ჯიუტად აკეთებენ იმას, რაც არ მუშაობს. ადამიანი, რომელსაც სწავლის უნარი აქვს, არასოდეს გახდება ნევროზული. ეს შეუძლებელია. ის მყისიერად ხედავს, რომ ამ კედელს კარი არა აქვს. ის მაშინვე უარს ამბობს მცდელობებზე. ის სხვა მიმართულებით იწყებს მოძრაობას. ყოველთვის არსებობს სხვა შესაძლებლობები. იგი რაღაცას ისწავლის.
ედისონზე ჰყვებიან, რომ ის ატარებდა ექსპერიმენტს, რომელიც შვიდასჯერ ჩავარდა. მისი კოლეგები სასოწარკვეთილი იყვნენ. დახარჯულ იქნა სამი წელი, მაგრამ ის განაგრძობდა ახალი საშუალებების გამოცდას. ყოველ დილით იგი მოდიოდა უზარმაზარი ენთუზმიაზმით სავსე, იმავე ენთუზიაზმით, რომლითაც პირველ დღეს მოვიდა, და ასე სამი წლის განმავლობაში.
ერთხელ მისი კოლეგები შეიკრიბნენ და თქვეს:
- ჩვენ ვერ ვხედავთ ექსპერიმენტის გაგრძელების აზრს. ის უკვე შვიდასჯერ ჩავარდა. დროა უარი ვთქვათ მცდელობებზე.
ედისონმა უპასუხა:
- თქვენ ამბობთ, „ჩავარდა“? ჩვენ შვიდასი არასწორი მეთოდი გავიგეთ . ეს შესანიშნავი შედეგია! დღეს უკვე აღარ გამოვიყენებთ მათ, მე ახალი მეთოდი ვიპოვნე. ჩვენ ვუახლოვდებით ჭეშმარიტებას. რამდენი შეიძლება იყოს არასწორი მეთოდი? - ყველაფერს აქვს საზღვარი. თუ არსებობს ათასი არასწორი მეთოდი, ჩვენ უკვე შვიდასი მოვიშორეთ, და მხოლოდ სამასი გვრჩება. ეს ნიშნავს, რომ მალე ჭეშმარიტებამდე მივალთ.
აი, რა არის სწავლის უნარი: ვცადოთ ერთი საშუალება, დავინახოთ, რომ ის არ მუშაობს, ვცადოთ მეორე, დავინახოთ, რომ ისიც არ მუშაობს, და ბრძენი ადამიანი უარს ამბობს არასწორ მეთოდზე. სულელი ეჭიდება არასწორ მეთოდს. სულელი ამას თანმიმდევრულობას უწოდებს. სულელი ამბობს: „მე ამას ვაკეთებდი გუშინ, ამას გავაკეთებ დღეს, და ამას გავაკეთებ ხვალაც“. ის ჯიუტობს. ის ამბობს: „როგორ შემიძლია უარი ვთქვა ამაზე? უკვე იმდენი ჩავდე ამაში, რომ ვეღარაფერს შევცვლი“. ის შეუპოვრად განაგრძობს სიჯიუტეს და ცხოვრებას უაზროდ ფლანგავს. რაც უფრო ახლოსაა სიკვდილი, მით უფრო მეტად ვარდება სასოწარკვეთილებაში, უიმედობაში. შიგნით სიღრმეში, მან მშვენივრად იცის, რომ დამარცხდება. მან უკვე ბევრჯერ განიცადა მარცხი, მაგრამ მაინც აგრძელებდა იგივეს კეთებას ისე, რომ გაკვეთილს არ იღებდა აქედან. და სწორედ ეს წარმოშობს ნევროზს.
ადამიანი, რომელსაც სწავლა შეუძლია, არასოდეს გახდება ნევროზული. მოსწავლე არასოდეს გახდება ნევროზული. მოსწავლე ისაა, ვისაც სწავლა შეუძლია. არასოდეს გახდეთ მცოდნე. ყოველთვის იყავით სწავლების პროცესში. დაგროვილი ცოდნა ნევროზულს ხდის ადამიანს. შემთხვევითი არაა, რომ ფილოსოფოსები, პროფესორები, ფსიქიატრები და მეცნიერები ადვილად იშლებიან ჭკუიდან: მათ რაღაც ისწავლეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სასწავლი მეტი აღარაფერია. როგორც კი გადაწყვეტთ , რომ სასწავლი აღარაფერია, თქვენ წყვეტთ ზრდას. აი, ნევროზის მეორე განსაზღვრება: ზრდის შეწყვეტა არის ნევროზი.
ძველ სამყაროში, როგორც ჩანს, ყველაფერი სხვანაირად იყო. იმ ზემოქმედებას გრძნობათა ორგანოებზე, რომელსაც ადამიანები თვენახევრის განმავლობაში იღებდნენ, დღეს ერთ დღეში ვიღებთ. მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ინფორმაციული ზემოქმედების ექვსკვირიან პორციას ვღებულობთ, ხოლო სწავლისა და ადაპტირების აუცილებლობა ორმოცჯერ იზრდება. თანამედროვე ადამიანს უნდა შეეძლოს მეტის სწავლა, ვიდრე ოდესმე, რადგანაც ახლა გაცილებით მეტი რაღაც არსებობს, რისი სწავლაც აუცილებელია. თანამედროვე ადამიანს ყოველდღე უნდა შეეძლოს ახალ სიტუაციებთან ადაპტირება, რადგანაც ახლა მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება. ეს დიდი გამოწვევაა.
თუ მივიღებთ ამ გამოწვევას, იგი განსაკუთრებულად დაეხმარება კაცობრიობას ცნობიერების გაფართოებაში. თანამედროვე ადამიანი ან აბსოლუტურად ნევროზული გახდება, ან ამ ყველაფრის ზეწოლის შედეგად ტრანსფორმირდება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამთ ამას. ერთი რამის თქმა ზუსტად შეიძლება: უკან დასახევი გზა არ არის. ინფორმაციული ზემოქმედება უფრო და უფრო გაიზრდება. თქვენ უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ, ცხოვრება კი უფრო და უფრო სწრაფად შეიცვლება, და თქვენ მოგიწევთ ახალ საგნებთან შეგუების სწავლა.
ადრე ადამიანი თითქმის სტატიურ სამყაროში ცხოვრობდა. ყველაფერი სტატიური იყო: როცა თქვენ თქვენ ტოვებდით ამ სამყაროს, ის ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც მაშინ, როცა მამათქვენი მიდიოდა ამ სამყაროდან. თქვენ არაფრის შეცვლა არ გიწევდათ. არაფერი არ იცვლებოდა. ბევრის სწავლა არ იყო აუცილებელი. საკმარისი იყო რამდენიმე რაღაცის სწავლა. და მაშინ თქვენს გონებაში ცარიელი სივრცე იყო, რომელიც გეხმარებოდათ, რომ სულიერად ჯანმრთელი დარჩენილიყავით. ახლა ცარიელი სივრცე აღარაა... თუ ,რა თქმა უნდა ,განზრახ არ შექმნით მას.
ახლა მედიტაცია უფრო აუცილებელია, ვიდრე ოდესმე, თან იმდენად, რომ ეს თითქმის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ადრე ეს ფუფუნება იყო, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი : ინტერესდებოდა მედიტაციით: ბუდა, მაჰავირა, კრიშნა. დანარჩენები ბუნებრივად მედიტატიურები , ბედნიერები და სულიერად ჯანმრთელები. მათ არ სჭირდებოდათ მედიტაციაზე ფიქრი, ისინი გაუცნობიერებლად მედიტირებდნენ. ცხოვრება ისე ნელა მიედინებოდა, რომ ყველაზე სულელ ადამიანებსაც კი შეეძლოთ მასთან ადაპტირება. ახლა კი ცვლილებები ისეთი უზარმაზარი სისწრაფით ხდება , რომ ყველაზე გონიერ ადამიანებსაც კი არ შეუძლიათ მასთან სშეგუება. ცხოვრება ყოველდღე იცვლება, და თქვენ ახლიდან გიწევთ სწავლა, - გიწევთ რომ კვლავ და კვლავ ისწავლოთ. დღე ს უკვე არარ შეგიძლიათ სწავლის შეწყვეტა, იგი მთელი ცხოვრება უნდა გაგრძელდეს. თქენ მოსწავლედ უნდა დარჩეთ სიკვდილის ბოლომდე. მხოლოდ მაშინ შეძლებთ, რომ სულიერად ჯანმრთელები დარჩეთ და თავიდან აიცილოთ ნევროზი. ვითარებების ზეწოლა გაცილებით მეტი გახდა - ორმოცჯერ მეტი. როგორ შეიძლება ასეთი ზეწოლის პირობებში მოდუნება? თქვენ განზრახ უნდა შექმნათ მედიტაციის მომენტები.
თუ ადამიანი არ მედიტირებს დღეში თუნდაც ერთი საათი, მაშინ ნევროზი არ იქნება შემთხვევითი; ადამიანი თავად შექმნის მას. ერი საათის განმავლობაში ყველა უნდა გაქრეს სამყაროდან და ჩაიძიროს თავის საკუთარ არსში. ერთი საათის განმავლობაში ყველა უნდა იყოს იმდენად მარტო, რომ მასში ვერ აღწევდეს ვერ მოგონება, ვერც ფიქრი, ვერც ფანტაზია - ვერაფერი. ერთი საათის განმავლობაში ცნობიერებაში არ უნდა იყოს არანაირი შემადგენელი, ეს აჯანსაღებს, ანახლებს და ათავისუფლებს ენერგიის ახალ წყაროებს, და ადამიანი სამყაროში განახლებული, სწავლის უნარის მქონე, თვალებში დიდი აღტაცებით და გულში დიდი გაოცებით ბრუნდება, როგორც კვლავ ბავშვი.
სწავლის აუცილებლობის ეს დაჟინებული მოთხოვნილება და ძველი ჩვევა იმისა, რომ არ ისწავლონ, ადამიანებს გიჟებად აქცევს. თანამედროვე ადამიანის გონება მართლაც გადატვირთვის ზღვარზეა, და მას არ რჩება დრო, რომ ეს ყველაფერი თავის არსში მოინელოს. სწორედ ამიტომ ხდება მედიტაცია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე: როცა ჩვენ არ ვაძლევთ ჩვენს გონებას მედიტაციაში დასვენების დროს, ჩვენ ვთრგუნავთ მთელ ინფორმაციას, რომელიც ჩვენში შემოედინება. ჩვენ უარს ვამბობთ სწავლაზე. ჩვენ ვამბობთ, რომ დრო არ გვაქვს. მაშინ ინფორმაცია დაგროვებას იწყებს.
თუ დრო არ გყოფნით ინფორმაციის გადასახარშად, რომელსაც გამუდმებით იღებს თქვენი გონება, ის დაგროვებას იწყებს სწორედ ისევე, როგორც ქაღალდები გროვდება თქვენს მაგიდაზე, რადგანაც დრო არ გაქვთ, რომ წაიკითხოთ ისინი და პასუხი გასცეთ. სწორედ ასე იტვირთება თქვენი გონება: რამდენი ინფორმაცია ელოდება მომენტს, როცა ყურადღებას მიაქცევთ, რამდენი წერილია წასაკითხი, პასუხგასაცემი, რამდენი ნევროზული სიტუაციაა, რომელშიც უნდა გაერკვეთ.
ერთხელ მოლა ნასრედინმა თქვა: „თუ დღეს რაღაც ცუდი მოხდება, უახლოესი სამი თვის განმავლობაში არ მექნება დრო, რომ ამას შევხედო. უკვე იმდენი ცუდი რამ გადამხდა, და ისინი თავიანთ რიგს ელოდებიან. თუ დღეს მოხდება რაღაც ცუდი, დრო არ მექნება, რომ უახლოესი სამი თვის განმავლობაში შევხედო ამას“.
თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავში დაინახოთ ეს რიგი და იგი იზრდება. რაც უფრო გრძელია რიგი, მით უფრო ნაკლები სივრცე გრჩებათ შიგნით; რაც უფრო გრძელია რიგი, მით უფრო მეტი ხმაურია შიგნით, რადგანაც ყველაფერი, რაც დააგროვეთ, ყურადღებას ითხოვს.
ჩვეულებრივ ეს იწყება ხუთი წლის ასაკში, როცა სწავლება თავისი არსით წყდება. და შემდეგ, სიკვდილამდე, ჩვენ მხოლოდ იმას ვიყენებთ, რაც ამ ხუთ წელიწადში ვისწავლეთ. ადრე ეს ნორმალური იყო. ხუთი ან შვიდი წელი საკმარისი იყო, რომ გესწავლათ ყველაფერი, რაც აუცილებელია ცხოვრებაში: შვიდი წლის სწავლება ცხოვრების სამოცდაათ წელზე გყოფნიდათ. მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია. თქვენ ვერ შეწყვეტთ სწავლას, რადგანაც გამუდმებით ჩნდება რაღაც ახალი, და ამ ახალს ვერ შეხვდებით ძველი იდეებით. თქვენ ვერ იქნებით დამოკიდებული თქვენს მშობლებზე და მათ ცოდნაზე, თქვენ ვერც სკოლის ან უნივერსიტეტის მასწავლებლებზე , რადგანაც რაზეც ისინი საუბრობენ, უკვე მოძველებულია. მას შემდეგ მრავალი რამ მოხდა და ბევრმა წყალმა ჩაიარა.
მე თვითონ მომიწია ამასთან შეჯახება. როცა სტუდენტი ვიყავი,ჩემი პროფესორები მანცვიფრებდნენ, რადგან მათი ცოდნა ოცდაათი წლის იყო. მათ თავიანთი მასწავლებლებისგან მიიღეს იგი, როცა ახალგაზრდები იყვნენ. მას შემდეგ აღარ მიუქცევიათ ყურადღება იმისთვის, რაც უფრო გვიან მოხდა. მათი ცოდნა აბსოლუტურად უსარგებლო იყო.
მე მუდმივ კონფლიქტში ვიყავი ჩემს პროფესორებთან. რამდენიმე კოლეჯიდან გამრიცხეს, რადგანაც პროფესორები ამბობდნენ, რომ ვერ მიმკლავდებოდნენ. მაგრამ მე ცუდს არაფერს ვაკეთებდი. მე უბრალოდ საშუალებას ვაძლევდი გაეგოთ, რომ მათი ცოდნა მოძველდა. მაგრამ ეს აბრაზებდა მათ. ეს ყველაფერი სტუდენტობის წლებში ისწავლეს და ფიქრობდნენ, რომ მსოფლიო ამაზე გაჩერდა.
დღეს სტუდენტები ვერ დაეყრდნობიან მასწავლებლებს, ბავშვები კი მშობლებს, ამიტომ მთელს მსოფლიოში უზარმაზარი ბუნტი მწიფდება. და ეს სწორედ ამასთანაა დაკავშირებული. სტუდენტები ვეღარ სცემენ პატივს თავიანთ პროფესორებს. თუ პროფესორები გამუდმებით არ ისწავლიან, სტუდენტები ვერ შეძლებენ მათ პატივისცემას.რისთვის უნდა სცენ პატივი? - არაფრისთვის. ბავშვებს კი არ შეუძლიათ მშობლებს სცენ პატივი, რადგანაც მშობლების მიდგომა ძალიან პრიმიტიული ჩანს. პატარა ბავშებსაც კი ესმით ეს: ის, რასაც მათი მშობლები ამბობენ, მოძველებულია. მშობლებს გამუდმებით სწავლა მოუწევთ, თუ უნდათ, რომ თავიანთ ბავშვებს ზრდაში დაეხმარონ. მასწავლებლებსაც გამუდმებით მოუწევთ სწავლა. დღეს არავის შეუძლია მისცეს საკუთარ თავს უფლება, რომ არ ისწავლოს. ის, რაც ახლა ხდება მსოფლიოში, კიდევ უფრო დიდი სისწრაფით მოხდება.
ამიტომ, პირველ რიგში, სწავლება არ უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნევროზული გახდებით. სწავლების შეწყვეტა ნიშნავს, რომ თქვენ აგროვებთ ინფორმაციას, რომელიც არ მოინელება, არ ასიმილირდება, არ ხდება თქვენი სისხლი და ხორცი. მაშინ ის გამუდმებით თქვენს ველში იმყოფება და გაწვებათ, რომ მიიღოთ იგი.
მეორეც, თქვენთვის აუცილებელია დრო, რომ მოდუნდეთ, ამ ტვირთის ზეწოლა ძალიან დიდია. რაღაც დრო გჭირდებათ, რომ ამ ზეწოლას გაუმკლავდეთ. ძილი უკვე ვეღარ დაგეხმარებათ, რადგანაც თავად ძილიც გადატვირთული ხდება. თქვენი დღე ისეთი გადატვირთულია, რომ როდესაც დასაძინებლად წვებით, მხოლოდ სხეული იძინებს, გონება კი მუშაობას განაგრძობს. ეს ისაა, რასაც თქვენ სიზმრებს უწოდებთ. სიზმარი სხვა არაფერია, თუ არა გონების განწირული მცდელობა, რომ ინფორმაცია გადაამუშავოს... რადგანაც ამას დროს არ უთმობთ.
თქვენ გაცნობიერებულად უნდა მოდუნდეთ მედიტაციაში. ღრმა მედიტაციის რამდენიმე წუთი დაგეხმარებათ ნევროზის თავიდან აცილებაში. მედიტაციაში გონება განიტვირთება: ყველაფერი მომხდარი მოინელება, გადატვირთულობა იხსნება და გონება საღი, ახალგაზრდა, ნათელი და სუფთა ხდება.
ადრე გონების ინფორმაციით „დატვირთვის“ პროცენტი დროის ერთ მეათედს შეადგენდა, მედიტაციის დრო კი ცხრა მეათედს. ახლა ყველაფერი პირიქითაა: ცხრა მეათედი დატვირთვაზე მოდის, ერთი მეათედი - მედიტაციაზე. ძალიან იშვიათად აძლევთ საკუთარ თავს მოდუნების უფლებას. ძალიან იშვიათად ზიხართ სიჩუმეში, ისე რომ არაფერს აკეთებთ. გაუცნობიერებელი მედიტაციის ეს ერთი მეათედიც კი ქრება. თუ ის საერთოდ გაქრება, ადამიანი სრულიად შეშლილი გახდება. აქეთკენ მიდის ყველაფერი.
რას ვეძახი გაუცნობიერებელ მედიტაციას? გაუცნობიერებელი მედიტაცია - ესაა როდესაც თქვენ უბრალოდ ბაღში მიდიხართ და საკუთარ ბავშვებთან თამაშობთ. ან აუზში დაცურავთ - ეს გაუცნობიერებელი მედიტაციაა. ან გაზონს კრეჭთ, ან ჩიტების ჟღურტულს ისმენთ - ესეც გაუცნობიერებელი მედიტაციაა. მაგრამ ისიც ქრება, რადგან როცა ადამიანებს დრო აქვთ, ისინი ტელევიზორის წინ სხედან სავარძელს მიწეპებულები.
ტელევიზია თქვენს გონებას განსაკუთრებით სახიფათო ინფორმაციით ტვირთავს, და თქვენ არ შეგიძლიათ მისი მონელება. როცა გაზეთებს კითხულობთ, ყველანაირი სისულელით „გკვებავენ“. როცა დრო გაქვთ, რადიოს რთავთ, ან ტელევიზორს. ან კარგი განწყობა გაქვთ, დასვენება გინდათ და კინოში მიდიხართ. რა დასვენებაა ეს? კინოში არ შეგიძლიათ მოდუნება, რადგანაც იქ კვლავ თავს მოგახვევენ ინფორმაციას.
მოდუნება ნიშნავს, რომ თქვენთან არანაირი ინფორმაცია არ შემოდის. როცა გუგულის გალობას ისმენთ, თქვენ თავს არ გეხვევათ არანაირი ინფორმაცია. როცა მუსიკას ისმენთ, თქვენ თავს არ გეხვევათ არანაირი ინფორმაცია. მუსიკას არ აქვს ენა, ეს სუფთა ბგერაა. ის არ გადმოგცემთ არანაირ ინფორმაციას, ის უბრალოდ სიამოვნებას განიჭებთ. კარგია ცეკვა, მუსიკის მოსმენა, ბაღში მუშაობა, ბავშვებთან თამაში, უბრალოდ ჯდომა, და არაფრის კეთება. სწორედ ესაა წამალი. თუ ამას გაცნობიერებულად გააკეთებთ, ზეგავლენა გაცილებით უფრო ძლიერი იქნება. შექმენით წონასწორობა.
ნევროზი - ეს გონების დაუბალანსებელი მდგომარეობაა: ძალიან დიდი აქტივობა და არანაირი უმოქმედობა, ძალიან ბევრი მამაკაცური და ქალურის ნაკლებობა, ძალიან ბევრი იანი და ცოტა ინი. თანაფარდობა უნდა იყოს ორმოცდაათი ორმოცდაათზე, თქვენ უნდა შეინარჩუნოთ ღრმა წონასწორობა. თქვენში სიმეტრია უნდა იყოს. უნდა გახდეთ ,,ართჰანარიშვარა ’’- ნახევრად მამაკაცი, ნახევრად ქალი, - და მაშინ აღარასოდეს გახდებით ნევროზულები.
სწორედ ამ პროცესზეა საუბარი „ოქროსფერი ყვავილის საიდუმლოში“. ის დაგეხმარებათ, რომ გაქრეთ, როგორც მამაკაცი ან ქალი, და გახდეთ მთლიანი, ერთიანი, ის საშუალებას მოგცემთ, რომ განუყოფელი იყოთ.
ინდივიდუალობა არც მამაკაცურია და არც ქალური; ინდივიდუალობა - ეს უბრალოდ ერთიანობაა. მისკენ გზა კეთებასა და არკეთებას შორის დროის სწორად განაწილებაზე დევს. სწორედ ესაა მთლიანობა, ის, რასაც ბუდა შუალედურ გზას უწოდებს - ,,მადჰიმ ნიკაის’’. იყავით ზუსტად შუაში. და გახსოვდეთ: წონასწორობა შესაძოა მეორე მხარესაც გადაიხაროს: შესაძლოა ზედმეტად პასიური გახდეთ. ესეც სახიფათოა. ამაშიცაა თავისებური საფრთხე და ხაფანგი. თუ ზედმეტად პასიური გახდებით, თქვენი ცხოვრებიდან გაქრება ცეკვა, სიხარული, თქვენ მოკვდებით.
ამიტომაც მე არ გთავაზობთ, რომ პასიური იყოთ, მე გთავაზობთ ბალანსის შექმნას აქტიურობასა და პასიურობას შორის. დაე, მათ გააწონასწორონ ერთმანეთი, თქვენ კი ზუსტად შუაში იყავით. დაე, ისინი ორი ფრთა გახდნენ თქვენი არსისთვის. ერთი ფრთა არ უნდა იყოს მეორეზე დიდი.
დასავლეთში აქტიურობა ჭარბობს, პასიურობა გამქრალია. აღმოსავლეთში პასიურობა ჭარბობს, აქტიურობა გამქრალია. დასავლეთი გარეგნულ სიმდიდრეს და სიუხვეს ფლობს, მაგრამ შიგნით ღარიბია; აღმოსავლეთი შინაგან სიმდიდრეს და სიუხვეს ფლობს, მაგრამ გარეგნულად ღარიბია. დასავლეთიც და აღმოსავლეთიც იტანჯებიან, რადგანაც ერთი უკიდურესობა აირჩიეს.
ჩემი მიდგომა არც დასავლურია და არც აღმოსავლური, არც მამაკაცურია და არც ქალური, არც აქტიურია და არც პასიური. ჩემი მიდგომა წონასწორობისკენ, სიმეტრიისკენ სწრაფვაა. ამიტომაც მე ვეუბნები ჩემს სანიასებს: ნუ დატოვებთ სამყაროს, იყავით სამყაროში და არა სამყაროსგან. სწორედ ამას უწოდებენ დაოსები ,,ვუ ვეი ვუ’’ს - ქმედებას უმოქმედობით. ინის და იანის, ანიმას და ანიმუსის შეხვედრას მოაქვს გასხივოსნება. დისბალანსი - ეს ნევროზია, ბალანსი - გასხივოსნება.
მესამე კითხვა:
ნამდვილადაა ყველა ქალი რბილი, მოსიყვარულე და ქალური?
მე არ მითქვამს, რომ ყველა ქალი რბილი, მოსიყვარულე და ქალურია. სწორედ ასევე არც ყველა მამაკაცია აგრესიული, მოძალადე, პატივმოყვარე და უხეში, რადგანაც ღრმად შიგნით, ცნობიერებაში, თქვენ არც ქალი ხართ და არც მამაკაცი. ანიმა და ანიმუსი, ქალური და მამაკაცური თქვენს ბიოქიმიაში არსებობენ. შესაძლოა ფიზიკურად მამაკაცი ხართ, მაგრამ შიგნით სიღრმეში შეგეძლოთ ქალური ნაწილი აგერჩიათ. შესაძლოა ფიზიკურად ქალი ხართ, მაგრამ შიგნით სიღრმეში შეგეძლოთ მამაკაცური ნაწილი აგერჩიათ. ერთიც და მეორეც შესაძლებელია. მაშინ სხეული ქალური რჩება, მაგრამ ქალი მამაკაცისმაგვარი ხდება. სწორედ ეს ემართებათ ფემინისტებს: ისინი უარს ამბობენ თავიანთ ქალურობაზე, ისინი ისეთივე აგრესიულები ხდებიან, როგორც მამაკაცები. ისინი ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ მამაკაცებს მათ ყველაზე სულელურ გამოვლინებებში, მათაც უნდათ იგივე სულელური შტრიხების გამოვლენა. არ უნდათ, რომ ჩამორჩნენ მამაკაცებს.
თანასწორობის იდეა ქმნის სულელურ იდეას მსგავსებობის შესახებ. იყო თანასწორი, არ ნიშნავს, რომ იყო მსგავსი. თანასწორობა - ეს ერთი განზომილებაა, ხოლო მსგავსება - მეორე.
დიახ, ქალს შეუძლია უპირატესობა მიანიჭოს თავის მამაკაცურ ნაწილს, შეუძლია გაიგივდეს მასთან - მაშინ მისი სირბილე გაქრება. მამაკაცს შეუძლია აირჩიოს თავისი ქალური ნაწილი, მაშინ მისი სიუხეშე გაქრება. ბიოლოგიურად სხეული მამაკაცურად ან ქალურად დარჩება, მაგრამ ველი სხეულის გარშემო, მისი ენერგია, ისეთი იქნება, როგორიც შიგნით აირჩია. და ამ არჩევანს ერთხელ და სამუდამოდ არ აკეთებთ, თქვენ შეგიძლიათ ყოველ მომენტში გააკეთოთ არჩევანი. არსებობს მომენტები, როცა ქალი ძალიან რბილია; არსებობს მომენტები, როცა მას შეუძლია ძალიან უხეში და სასტიკი იყოს. არსებობენ მომენტები, როცა მამაკაცი ძალიან უხეში და აგრესიულია; არსებობს მომენტები, როცა მას შეუძლია ძალიან რბილი იყოს. ჩინგიზ ხანიც კი ძალიან რბილია თავის ბავშვებთან და თავის ცოლთან.
მე მსმენია...
ფელდმარშალის ულამაზო და კაცისმაგვარი ქალიშვილი ემზადება ახალგაზრდა ოფიცერთან ქორწილისთვის, რომელიც მამამისის შტაბიდანაა.
- შეგიძლია გააკეთო რაიმე ფრენკისთვის ახლა, როცა მან ხელი მთხოვა? - ჰკითხა მან მამას.
- საეჭვოა რაიმეს გაკეთება მოვახერხო, - თქვა ფელდმარშალმა, - გარდა იმისა, რომ ორდენით დავაჯილდოვო „სიმამაცისთვის“.
კიდევ მოისმინეთ...
მოუხერხებელ და მორცხვ ჯუჯას ღამის დარაჯად უნდოდა მოწყობა.
- დიახ... - ხმა გაწელა მენეჯერმა, და თან დიდი ეჭვით უყურებდა მას, - მაგრამ ჩვენ გვჭირდება ენერგიული და აქტიური ადამიანი, განსაკუთრებით ღამით, ვინმე ისეთი, ვინც ყველას სიფრთხილით უყურებს და ცალთვალგახელილს სძინავს. ერთი სიტყვით, ადამიანი, რომელიც თუ რამე მოხდა ეშმაკივით საშიშია.
- კარგი, - თქვა ჯუჯამ და გასასვლელისკენ გაემართა, - ჩემს ცოლს გამოვგზავნი.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ირჩევთ თქვენს შიგნით. ეს თქვენი არჩევანია. თქვენ არ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი სხეული, მაგრამ ენერგია, რომელიც თქვენს სხეულს აკრავს გარშემო, თქვენი არჩევანია. და თუ თქვენ გაცნობიერებულად ირჩევთ, უზარმაზარ თავისუფლებას ფლობთ, რადგანაც ამ შემთხვევაშ იცით, ვინ ხართ, და რას უშვრებით თქვენს სხეულს.
სხეულში უზარმაზარი პოტენციალია ჩადებული, - ბევრი რამ შეიძლება მოხდეს სხეულის მეშვეობით, - მაგრამ ადამიანები აღიქვამენ მას, როგორც რაღაც თავისთავად განპირობებულს. წარმოიდგინეთ, რომ გაჩუქეს მშვენიერი გიტარა, მაგრამ არ იცით რა მისი პოტენციალი, მას არ იყენებთ. თქვენ შეგიძლიათ დაუკრათ გიტარაზე, თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ გიტარაზე დაკვრა, და დაიბადება შესანიშნავი მუსიკა. როგორი იქნება ეს მუსიკა, თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სევდიანი მუსიკა, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მხიარული მუსიკა, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ აგრესიული მუსიკა, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მდუმარე მუსიკა, სიყვარულით სავსე მუსიკა. მუსიკა ბევრნაირი არსებობს.
კლასიკურ მუსიკას განსაკუთრებული თვისება აქვს: ის ამშვიდებს, მდუმარებას და სიმშვიდეს გაძლევთ. თანამედროვე პოპ-მუსიკა მშფოთვარეს, სექსუალურს, აგრესიულს გხდით. ინსტრუმენტები ერთნაირია. იგივე ხდება სხეულშიც. ჭეშმარიტად ბრძენი ადამიანი ისეთ მუსიკას ირჩევს, რომელიც მას უნდა რომ სხეულის მეშვეობით დაუკრას. თქვენ შეგიძლიათ თქვენი სხეული ბუდას სხეულად აქციოთ, და შეგიძლიათ მუჰამედ ალი გახდეთ. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. შეხედეთ ბუდას სხეულს: როგორი რბილია იგი, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცია; როგორი ქალურია იგი - მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცია. მან გრაცია აირჩია.
ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ეს თქვენი არჩევანია. თქვენ არ ხართ შეზღუდული თქვენი ბიოქიმიით. თქვენ შეზღუდული ხართ მხოლოდ მაშინ, თუ გაუცნობიერებელი დამოკიდებულება გაქვთ მასთან; წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ბიოქიმიაუსაზღვრო პოტენციალს ფლობს, მისი გამოყენება ათას ერთი მიზნით შეიძლება. ისწავლოთ საკუთარი სხეულის გამოყენება, ისწავლოთ მასთან ურთიერთობა . ეს უდიდესი ხელოვნებაა. მილიონობით ადამიანი აღიქვამს თავის სხეულს, როგორც უბრალოდ განპირობებულს, ისინი არასოდეს იკვლევენ მის შესაძლებლობებს. მათი სხეული თესლად რჩება, ისინი არასოდეს იქცევიან ოქროსფერ ყვავილად.
მეოთხე კითხვა:
შენი დისკურსი პოლიტიკაზე და იმაზე, თუ როგორი შხამიანია იგი, არაჩვეულებრივი იყო! მე მრავალ კომუნაში ვცხოვრობდი, გულწრფელებსა და კეთილისმსურველებში, მაგრამ მაინც, ყველგან არასასიამოვნოდ მაოცებდა გაუცნობიერებელი პოლიტიკური ამბიციები და ინტრიგები, რომლებიც დამალული არიან და შიგნით ინახებიან, მაგრამ მაინც გამოდიან ზედაპირზე, მიუხედავად კეთილი ზრახვებისა.
აქ როგორ ხართ ამისადმი განწყობილი? ნებას აძლევთ ბოლომდე გამოვლინდეს, რომ ადამიანებმა შეძლონ ამის დამუშავება შიგნით, თუ ფესვებშივე გუდავთ ამას და ისორებთ იმათ, ვინც თუნდაც მცირე ტენდენციებს ავლენს?
ჩემმა მოკრძალებულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ზოგიერთ ადამიანს უბრალოდ არაფრის მიღწევა არ შეუძლია პოლიტიკის გარეშე, თვითდამკვიდრებისა და განდიდების გარეშე პოლიტიკურ თამაშში. ისინი ყველგან აფრქვევენ თავიანთ შხამს - შესაძლოა აქაც კი.
მე არ მჯერა რაიმეს დათრგუნვის, შხამიანი პოლიტიკის დათრგუნვისაც კი, რადგანაც დათრგუნული თქვენს სისტემაშ რჩება, - ადრე თუ გვიან ის მოითხოვს თავისას. და რაც უფრო დიდხანს ითრგუნება, მით უფრო სახიფათოა, რადგანაც რაც უფრო ღრმად მიდის თქვენს ქვეცნობიერში, მით უფრო ღრმად მიდის თქვენი არსის წყაროში. და თუ ის თქვენს წყაროს წამლავს, თქვენს ცენტრს წამლავს, მაშინ მისი აღმოფხვრა მართლაც ძნელი ხდება.
ჩემი მიდგომა ყველაფრისადმი იმაშია, რომ ზედაპირზე ამოვიტანო. ამიტომაც არაფერს არ ვგუდავ თავის ფესვებში, მე ვეხმარები მას, რომ ყვავილი გახდეს. ყვავილობის მიღწევის შემდეგ, ყვავილი თავისით ჭკნება. ეს ბუნებრივი გზაა.
ამიტომაც ჩემს კომუნაში არაფერი არ ითრგუნება. ამბიციები ჩნდება და აღიქმება, როგორც ადამიანური არსებების ნაწილი : მათი უმეცრება და გაუცნობიერებლობა. მე ვეხმარები ჩემს ხალხს იმის გაცნობიერებაში, რომ ეს თამაშებია, ამიტომ ითამაშეთ გაცნობიერებულად, გახდით უფრო ყურადღებიანი და ნუ მისცემთ ნებას ამ ყველაფერს, რომ სერიოზული გახდეს. თუ ისინი არ ხდებიან სერიოზულები, მათი არ უნდა გვეშინოდეს. როცა თამაში იმდენად სერიოზული ხდება, რომ თქვენ ბოლომდე გავიწყდებათ, რომ ეს თამაშია, მაშინ ჩნდება პრობლემა.
სწორედ ამაშია პოლიტიკოსის შეცდომა: ის თვლის, რომ რაღაც ძალიან სერიოზულს აკეთებს. ის დიდ სისულელეს აკეთებს, მაგრამ თვლის, რომ რაღაც ძალიან სერიოზულს აკეთებს. უბრალოდ საჭიროა მას იმის გაცნობიერებაში დავეხმაროთ, რომ ეს თამაშია; თუ გინდათ მისი თამაში, ითამაშეთ, მაგრამ ნუ გახდებით ასეთი სერიოზულები. შეინარჩუნეთ იუმორის გრძნობა. იუმორის გრძნობა ერთ-ერთი უდიდესი გასაღებია ადამიანის პიროვნების ტრანსფორმაციისთვის.
დიახ, თქვენ მართალი ხართ, - ამას აქაც აქვს ადგილი! ადამიანები ჩვეულებრივი სამყაროდან მოდიან აქ და ყველა შესაძლო ინფექცია მოაქვთ თან. ისინი არ მოდიან სუფთად, ისინი უკვე არიან განპირობებულები. მათში უკვე ჩადებულია ამბიციები. ისინი უკვე მოწამლულნი არიან - თავიანთი მშობლებით, საზოგადოებით, ეკლესიით, სკოლით, კოლეჯით, უნივერსიტეტით, და მთელი ეს შხამი აქ მოაქვთ. არ შეიძლება ამის ფესვებშვე გაგუდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გახლეჩილები და პირფერები გახდებიან. მაშნ ზედაპირულად მოკრძალებულები და უბრალოები იქნებიან, ღრმად შიგნით კი იფიქრებენ: „არავინაა ჩემზე მოკრძალებული და სათნო“, და მაშინვე გაჩნდება პოლიტიკა. გულის სიღრმეში ისინი იფიქრებენ: „მე ყველაზე უმანკო ადამიანი ვარ მსოფლიოში“ და გაჩნდება ახალი ამბიცია. ეს იგივე ამბიციაა, უბრალოდ მიმართულება შეიცვალა. ის უფრო ნატიფია, და შესაბამისად უფრო სახიფათოც. უფრო სახიფათო, რადგანაც ახლა იგი „სულიერია“, ახლა ეს ამბიცია რელიგიის დროშის ქვეშაა. ახლა შხამი აღარ გამოიყურება როგორც შხამი, ის ნექტარს ჰგავს. ეს რელიგიური შხამია, სულიერი შხამია.
სულიერი შხამისგან განთავისუფლება გაცილებით უფრო რთულია, ამიტომ მე არავის ვთრგუნავ და ხელს არ ვუწყობ არანაირ დათრგუნვას. მე ვეხმარები ადამიანებს იმის ზედაპირზე გამოტანაში, რაც შიგნით აქვთ. მე ვეხმარები ამის გაცნობიერებაში, დაკვირვებასა და ამ ყველაფრის სულელურობის დანახვაში, - არა იმიტომ, რომ მე ვამბობ, რომ ეს სისულელეა. თუ მე ვამბობ რაიმეს, და თქვენ მხოლოდ ამის გჯერათ, თქვენ თრგუნავთ. ჩემი ამოცანა იმაშია, რომ დაგეხმაროთ ამის თავად გაცნობიერებაში. როგორც კი დაინახავთ ამ ყველაფრის უაზრობას, ის თავისთავად გაქრება.
ამიტომ მე აქ ყველა შესაძლო თამაში შევქმენი. დიახ, აქ არის ერთგვარი იერარქია, ამიტომ ადამიანებს, რომლებსაც თამაში უნდათ, შეუძლიათ ეს იერარქია ითამაშონ. მაგრამ ადრე თუ გვიან, რადგანაც ჩემი ძალისხმევა იმაზეა მიმართული, რომ ისინი გაცნობიერებული გახდნენ, ისინი აცნობიერებენ, რომ ეს თამაშია. და როგორც კი თვითონ დაინახავენ, რომ ეს თამაშია, ისინი თამაშიდან გამოვლენ. როცა თქვენ აცნობიერებთ, რომ ეს თამაშია, მთელი გულით იწყებთ სიცილს საკუთარ თავზე. როცა ადამიანს შეუძლია საკუთარ სისულელეზე გაიცინოს, ის ბრძენი ხდება. სიცილი გაცნობიერებულობისგან უნდა მოვიდეს.
პატივმოყვარე ადამიანებიც იცინიან. ზუსტად რამდენიმე დღის უკან ვკითხულობდი, რომ როცა ჯიმი კარტერი ხელისუფლებაში მოვიდა, იგი ისე შესანიშნავად იცინოდა, რომ მისი ყველა კბილის დათვლა შეიძლებოდა. და ზოგიერთმა დაითვალა კიდეც. მათ თერთმეტი კბილი დაინახეს. ახლა მის ღიმილში მხოლოდ შვიდი კბილი ჩანს. ახლა მისი ღიმილი გაქრობას იწყებს, რადგანაც მისი პრესტიჟი დღითიდღე ეცემა: ხალხის მოლოდინი არ მართლდება, მისი დაპირებები არ სრულდება. მხოლოდ შვიდი კბილი! მალე ხუთს დაინახავთ, სამს, ორს. იმ დროისთვის, როცა პრეზიდენტის სავარძელს დატოვებს, მისი ღიმილი სრულიად გაქრება. თქვენ ვერ დაინახავთ ვერცერთ კბილს. ეს არაა ნამდვილი სიცილი. ეს პოლიტიკური, ხელოვნური, ნავარჯიშევი, დამუშავებული სიცილია.
სრულიად სხვა სიცილი მოდის თქვენთან, როდესაც აცნობიერებთ, რა სისულელეებს სჩადიხართ, - და ამასთან ისე სერიოზულად; როდესაც ხედავთ, რა სასაცილოა თქვენი მთელი ცხოვრება და რა სულელურია თქვენი გეშტალტი. მაგრამ თქვენ ხედავთ ამას არა იმიტომ, რომ მე ვამბობ ასე, ან ბუდა, ან ოსტატი ლუ-ძი ამბობს ასე... ეს არაა რწმენის საკითხი, ეს არაა ვინმეს ცოდნის საკითხი, რომელიც ისესხეთ. ნასესხები ცოდნა ვერასოდეს დაგეხმარებათ. გაგება შიგნიდან უნდა მოვიდეს.
ჩემი ძალისხმევა მიმართულია იმაზე, რომ დაგეხმაროთ ყველაფრ იმის გაცნობიერებაში, რაც თქვენშია დაფარული. ყველაფერი, რასაც გაუცნობიერებლად აკეთებდით, გაცნობიერებულად უნდა გაკეთდეს, სულ ესაა. და ხანდახან სასწაული ხდება.
ერთხელ ჩემთან ერთი პროფესორი მოვიდა. მას პრობლემა ჰქონდა... და ეს მართლაც პრობლემა იყო, რადგანაც იყო პროფესორი და გქონდეს ასეთი პრობლემა, ძალიან რთულია. მისი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ მას ქალური სიარულის მანერა ჰქონდა. ამიტომ, როცა გვერდით ჩაივლიდა, სტუდენტები ხითხითებდნენ და იცინოდნენ. ის ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. რა მოვუხერხო ამას? მან მიმართა ექიმებს, ფსიქოანალიტიკოსებს, მაგრამ ისინი ვერ დაეხმარნენ. ისინი ამბობდნენ: „რა შეგვიძლია გავაკეთოთ?“ ის ასე დადიოდა ბავშობიდან. ცდილობდა თავისი სიარულის მანერის შეცვლას, მაგრამ რაც უფრო მეტად ცდილობდა, მით უფრო ნაკლებად გამოსდიოდა ეს.
არსებობს გარკვეული კანონი, - ჰიპნოზის სპეციალისტები ამას უკუ-ეფექტის კანონს უწოდებენ: როდესაც ძალიან ცდილობთ რაღაცის გაკეთებას, საპირისპირო ხდება.
ის ძალიან ცდილობდა. მთელი მისი ძალისხმევა, მთელი მისი ფიქრები იმაზე იყო მიმართული, რომ არ ევლო ქალივით, მაგრამ მისი სიარული უფრო და უფრო მეტად ხდებოდა ქალური. მე ვუთხარი მას:
- სცადეთ შემდეგი... სინამდვილეში, ეს სასწაულია, რომ შენ ქალივით დადიხარ. ეს ნამდვილი სასწაულია.
- რას მეუბნები? - გაუკვირდა მას.
- ეს სასწაულია! - განვაგრძე მე. - ქალებს ასეთი სიარული იმიტომ აქვთ, რომ მათი კუნთები სხვაგვარადაა მოწყობილი. იმიტომ დადიან ასე, რომ საშვილოსნო აქვთ; მამაკაცები არ დადიან ასე. შენ უნიკალური ხარ!
მას არ სჯეროდა:
- რას მეუბნები? მე ხომ ყველა დამცინის.
- შენ მართლაც უნიკალური ხარ, - დავიჟინე მე. - რასაც შენ აკეთებ, სასწაულია, ჯადოსნურია. დაივიწყე ეს. მე გთავაზობ შემდეგს - გაცნობიერებულად , განგებ იარო ისე, როგორც ქალმა.
- რას მთავაზობ? მთელი ცხოვრება ვცდილობდი, რომ განვთავისუფლებულიყავი ქალური სიარულისგან, მაგრამ მაინც ქალივით დავდივარ. რა იქნება, თუ სპეციალურად დავიწყებ ასე სიარულს?
მე ვთხოვე მას:
- ახლავე სცადე.
იქვე ოცი-ოცდაათი ადამიანი იყო.
მას გაუკვირდა:
- აქ?
- დიახ, აქ სცადე.
მან სცადა და არაფერი გამოუვიდა! მან ვერ შეძლო სიარული... მან ვერ შეძლო გაევლო, როგორც ქალს. მას ძალიან გაუკვირდა და მკითხა:
- რა მოხდა?
- უნდა გაიგო უკუ-ეფექტის კანონი, - ვუპასუხე მე. - ახლა, როდესაც სადმე წახვალ, უნივერსიტეტში, სადაც გინდა, გაცნობიერებულად ეცადე, რომ ქალივით გაიარო, რადგანაც ძალიან ძნელია ქალივით სიარული, თუკი ქალი არ ხარ.
მას შემდეგ მას არასოდეს გაუვლია ქალივით. მან ეს გააცნობიერა. ეს გაუცნობიერებელი მექანიზმი იყო. მისი ღრმა მიზეზი გაუცნობიერებლობა იყო. გახდით გაცნობიერებული და ის გაქრება.
ადამიანის პრობლემები არაცნობიერშია ფესვგადგმული, მაგრამ რის გაკეთებას განაგრძობთ მათ წინააღმდეგ? თქვენ განაგრძობთ ამ პრობლემების დათრგუნვას არაცნობიერში. სხვაგან სად შეგიძლიათ დათრგუნოთ ისინი? სხვაგან არსადაა ადგილი. როცა რაღაცას თრგუნავთ, მას არაცნობიერში თრგუნავთ. სწორედ ასე წარმოიშობა არაცნობიერი.
მე არ მაქვს არაცნობიერი, რადგანაც მე არასოდეს არაფერს არ ვთრგუნავ. არაცნობიერი დათრგუნვით იქმნება. ბავშვს არ აქვს არაცნობიერი, მაგრამ თანდათანობით მოიპოვებს მას. ხანშიშესულ ადამიანს გაცილებით მეტი აქვს არაცნობიერი, ვიდრე ცნობიერი, რადგანაც ის მთელი ცხოვრება თრგუნავდა. არაცნობიერი სარდაფს წარმოადგენს: თქვენ სარდაფში ყრით და აგროვებთ ყველაფერს, რაც არ გჭირდებათ.იგი იქცევა ნაგვის გროვად! აი, რა არის თქვენი არაცნობიერი. და ამ არაცნობიერიდან ამოტივტივდებიან ხოლმე მოჩვენებები და გიპყრობენ თქვენ.
ყველა მოჩვენება, რომელიც თქვენ გიპყრობთ, არაცნობიერიდან მოდის, და არა საფლავებიდან. თქვენი არაცნობიერი არის საფლავი, სადაც მოჩვენებები იბადება. და ყოველთვის, როცა შესაძლებლობაა მოჩვენებები ამოდიან და გეუფლებიან, - გეუფლებიან ორმაგი ძალით, რომ თავისი მიიღონ. მათი დათრგუნვა ნიშნავს არაცნობიერის კიდევ უფრო გაზრდას. ასეთია უკუ-ეფექტის კანონი. მაშინ თქვენი არაცნობიერი კიდევ უფრო ძლიერი ხდება. თქვენ თვითონ კვებავთ და აძლიერებთ მას.
ჩემი მიდგომა დაფუძნებულია იმაზე, რომ განთავისუფლება გაცნობიერებულობაშია, პრობლემების გადაწყვეტა კი გაცნობიერებულობაში. უბრალოდ გახდით უფრო ცნობიერი იმაში, რასაც აკეთებთ.
ერთხელ დიდ ოსტატთან ნაგარჯუნასთან ქურდი მივიდა. ის გარკვეული მიზნით მივიდა. ნაგარჯუნა შიშველი ცხოვრობდა. ის ერთ-ერთი უდიდესი ინდოელი მისტიკოსი და ალქიმიკოსი გახლდათ. „ოქროსფერი ყვავილის საიდუმლოს“ კომენტარები მას უნდა დაეწერა და არა კარლ გუსტავ იუნგს.
მანამდე ნაგარჯუნა ქვეყნის დედაქალაქში ჩავიდა. დედოფალი მისი მიმდევარი იყო. იგი მიუახლოვდა მას ოქროს თასით ხელში და უთხრა:
- მომეცი შენი ხის თასი. მე განძივით შევინახავ მას. და ამ ოქროს თასს გაჩუქებ.
მას ეშინოდა, რომ ნაგარჯუნა იტყოდა:
- მე არ შემიძლია შევეხო ოქროს, მე ასკეტი ვარ.
მაგრამ ნაგარჯუნა გასხივოსნებული ადამიანი გახლდათ. მან თქვა:
- კარგი, - და აიღო შესაწირისთვის განკუთვნილი ოქროს თასი, ძვირფასი ბრილიანტებით მორთული.
ქურდმა დაინახა, როგორ ბრუნდებოდა შიშველი ნაგარჯუნა ოქროს თასით ხელში, და როგორ ბრწინავდა მზეზე ყველა ეს ბრილიანტი. მან თავის თავთან გაიფიქრა: „ნუთუ ის შეძლებს მის შენახვას? ვიღაც მაინც წაართმევს. მე რატომ არა? ის დიდხანს ვერ დარჩება ამ შიშველ ადამიანთან. საიდან წამოიღო?“
ამიტომ ქურდი ნაგარჯუნას აედევნა. ნაგარჯუნა დედაქალაქის შემოგარენში ცხოვრობდა, ძველი ტაძრის ნანგრევებში, სადაც არც კარი იყო, არც ფანჯრები , არაფერი - მხოლოდ ჩამონგრეული კედლები, მცირე თავშესაფარი. ერთ ადგილას ჯერ კიდევ შენარჩუნებულიყო სახურავის პატარა ნაწილი. ქურდმა გაიფიქრა: „როგორ აპირებს თავისი ძვირფასეულობის დაცვას? მაინც დაეძინება ღამით“.
ამიტომ მან ლოდინი დაიწყო კედლის ნანგრევებთან, ფანჯარასთან ახლოს. ნაგარჯუნა დღისით ცოტა დაძინებას აპირებდა, მას ასეთი ჩვევა ჰქონდა. შეამჩნია რა, რომ ქურდი აედევნა, მშვენივრად მიხვდა ადევნების მიზეზს. ქურდი არ იყო ნაგარჯუნას მიმდევარი. ის ოქროს თასის მიმდევარი იყო. რატომ უნდა აიძულოს ლოდინი? მაინც წაიღებს ადრე თუ გვიან. „როცა დავიძინებ, - გაიფიქრა ნაგარჯუნამ, - მაინც წაიღებს, მაშ რატომ უნდა ვალოდინო?“ და მან ფანჯრიდან გადააგდო ოქროს თასი.
ქურდი თვალებს არ უჯერებდა. მაგრამ ეს შიშველი ადამიანი ისეთი მომხიბვლელი ჩანდა, ისეთი მშვენიერი, ღვთაებრივი, და ახლა ეს ოქროს თასი გადააგდო! ქურდს არ შეეძლო წასვლა: იგი ისე გააოცა ამ ადამიანმა, ისე მოხიბლა, თითქმის დააჰიპნოზა. ფანჯარაში შეიხედა და უთხრა:
- სერ, შეიძლება შემოვიდე და ცოტა გესაუბროთ?
- სწორედ მაგიტომ გადმოვაგდე თასი, რომ შემოსვლა შეგძლებოდა! შენ მაინც შემოხვიდოდი, როცა დავიძინებდი, მაგრამ ეს უაზრობა იქნებოდა. შემოდი!
ქურდი შევიდა და უთხრა:
- თქვენი შემხედვარე, როცა ვხედავ, რომ ასე იოლად შეგიძლიათ მოისროლოთ ასეთი ძვირფასი თასი, - მე ვიცი, რატომაც მოისროლეთ, ჩემთვის მოისროლეთ, - ჩემში გაჩნდა უზარმაზარი სწრაფვა. დადგება თუ არა ისეთი დრო, როდესაც ისეთივე განდეგილი, მიუჯაჭველი და თავისუფალი ვიქნები მესაკუთრეობისგან, როგორც თქვენ?
- ეს დრო დადგა. სრულიად შემთხვევით შენ გაები. მე გაჩუქებ საიდუმლოს, როგორ მოახდინო სამყაროს ტრანსცენდენცია, როგორ გასცდე მის საზღვრებს, როგორ არ იყო მესაკუთრე.
- პირველ რიგში ნება მიბოძეთ გაუწყოთ, რომ მე ქურდი ვარ. მე მრავალი წმინდანისთვის მიმიმართავს და - რადგან მე ცნობილი ქურდი ვარ, ისინი მეუბნებოდნენ: „ჯერ ქურდობას დაანებე თავი, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია მედიტაცია“. მე უნდა გითხრათ ეს, შესაძლოა არ იცოდით.
- ეს იმაზე მეტყველებს, - უპასუხა ნაგარჯუნამ, - რომ შენ ჯერ არასოდეს ყოფილხარ ნამდვილ წმინდანთან. როგორც ჩანს ისინი თავად არიან ყოფილი ქურდები, წინააღმდეგ შემთხვევაში რა ესაქმებათ, ვინ ხარ შენ? რატომ გიყენებენ პირობას, რომ ჯერ ქურდობა უნდა შეწყვიტო? მე ძალიან მარტივ მედიტაციას მოგცემ. განაგრძე ქურდობა, მაგრამ აკეთე ეს სრულიად გაცნობიერებულად. როცა ქურდობას დააპირებ, მთელი გაცნობიერებულობით და ყურადღებით მოეპყარი შენს საქმეს, და ორი კვირის შემდეგ მომიყვები, რაც მოხდება.
მაგრამ უკვე ერთი კვირის შემდეგ ქურდი დაბრუნდა და უთხრა:
- თქვენ მე მომატყუეთ. მთელი კვირის განმავლობაში ვერ შევძელი, რომ მომეპარა. არა ის, რომ ვინმე მიშლიდა ხელს; მე მივდიოდი ადგილებში, სადაც უამრავი ძვირფასეულობა იყო, მაგრამ არ შემეძლო მათი მოპარვა. როცა გაცნობიერებული ვხდები, სიცილს ვიწყებ საკუთარ სისულელეზე. რას ვაკეთებ , ვიპარავ საგნებს, რომლებსაც მაინც წამართმევენ? ადრე თუ გვიან მოვკვდები. ეს ბავშვურ თამაშს ჰგავს. თუ მე გაცნობიერებული ვხდები, მაშნ აღარ შემიძლია მოპარვა; თუ ვიპარავ, მაშინ გაცნობიერებულობას ვკარგავ. ქურდობა და გაცნობიერებულობა შეუთავსებელია.
- მაშნ მიიღე გადაწყვეტილება. შეგიძლია ან ერთი აირჩიო, ან მეორე. შეგიძლია გაცნობიერებულობაზე თქვა უარო და იქურდო, ან თუ გაცნობიერებულობა გინდა, უარი თქვი ქურდობაზე.
მე ვიგრძენი გაცნობიერებულობის გემო, - უპასუხა ქურდმა. - მასზე უარის თქმა შეუძლებელია. მე უარს ვიტყვი ქურდობაზე, რადგანაც გაცნობიერებულობა გაცილებით უფრო ღირებულია და მნიშვნელოვანია. მისი მხოლოდ მცირე გემო ვიგრძენი, მაგრამ იგი ისეთ სიხარულს იძლევა. მე მთელი ცხოვრებაა ვიპარავ და სახლში მრავალი ძვირფასი ნივთი მოვაგროვე, მაგრამ მათ არანაირი სიხარული არ მოუტანიათ ჩემთვის. მათ გამო მხოლოდ უფრო მეტ შიშს განვიცდიდი.
გაცნობიერებულობა ერთადერთ საიდუმლო გასაღებია. ის ტრანსფორმაციას ახდენს. მნიშვნელობა არ აქვს რითი ხართ ავად; ერთადერთი წამალი - ეს გაცნობიერებულობაა, ის ყველა დაავადებისგან კურნავს. თუ თქვენ პოლიტიკური ამბიციები გაქვთ, - ის კი ყველას აქვს... ასე თუ ისე, ყველა ცდილობს სხვებზე მაღლა დადგომას, ყველა ცდილობს, რომ მეტი ძალაუფლება ჰქონდეს, ვიდრე სხვებს. პოლიტიკა ურთიერთობებშც კი გამოსჭვივის. მამაკაცი ცდილობს მეტი ძალაუფლება ჰქონდეს, ვიდრე ცოლს აქვს; ცოლი ცდილობს უფრო მეტი ძალაუფლება ჰქონდეს, ვიდრე ქმარს, აქედან მოდის გამუდმებული კონფლიქტი, მშობლებსა და შვილებს შორისაც კი. კონფლიქტი ყველგან ხდება, რადგან ყველგანაა პოლიტიკა, პოლიტიკის სხვა და სხვა გამოვლინება.
ამიტომ, როდესაც ჩემთან მოდიხართ, მე არ ველი, რომ თქვენი პოლიტიკური ამბიციების გარეშე მოხვალთ. ეს შეუძლებელია. თქვენ რომ არ გქონოდათ პოლიტიკური ამბიციები, აქ არც დაგჭირდებოდათ მოსვლა; მაშინ ღმერთი იქ მოვიდოდა თქვენთან, სადაც იყავით.როცა აქ მოდიხართ, მე თქვენს ყველა ადამიანურ სისუსტეს ვღებულობ. მე არაფერს არ განვსჯი. მე არ გთავაზობთ რაიმეს დათრგუნვას; არ მინდა რომ დანაშაულის გრძნობა გქონდეთ. თუ გინდათ, რომ პოლიტიკური თამაშ იტამაშოთ აქ - ითამაშეთ, მხოლოდ ერთი პირობით: თამასისას იყავით უფრო გაცნობიერებული, ითამაშეთ იუმორის გრძნობით, და მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება. მაშინ ადრე თუ გვიან, თქვენი ამბიციები თავისით დაჭკნება.
იგივე ეხება მგრძნობელობას, სექსუალურობას, იგივე ეხება მესაკუთრეობას. იგივე ეხება ყველაფერს, რისგანაც ადამიანი იტანჯება.
მეხუთე კითხვა:
ოშო, დღეს ლექციაზე მე ისე ჩავიძირე სიღრმეში, დარწმუნებული ვიყავი ,რომ სხეული აქ და ახლა მოკვდებოდა. ძალიან შემეშინდა და ვიჩქარე, რომ ისევ ზედაპირზე ამომეყვინთა. ახლა მეშინია, რომ ეს კვლავ განმეორდება. რა გავაკეთო?
შენ სულელი ხარ! უნდა მიგეცა ნება, რომ ეს მომხდარიყო. შენ უზარმაზარი შესაძლებლობა გაუშვი ხელიდან. თუ რაღაც მომენტში იგრძნობ, რომ კვდები ჩემი თანდასწრებით, დაუყოვნებლივ მოკვდი! ეს ნიშნავს, რომ შენი ეგო გაქრობის ზღვარზე იყო, და რაღაც ძალიან ღირებული უნდა მომხდარიყო. შენ ეს ხელიდან გაუშვი.
მაგრამ პირველად ეს ყველას ემართება: ყველა შიშით იხევს უკან, თავშესაფარს ეძებს საკუთარ ეგოში, ეჭიდება მას. სად იპოვნი უკეთეს ადგილს სიკვდილისთვის? თუ ჩემი თანდასწრებით სიკვდილს შეძლებ, შენ სიცოცხლეს მიაღწევ, მარადიულ სიცოცხლეს, უხვ სიცოცხლეს. თუ შეძლებ, რომ სატსანგზე მოკვდე, ოსტატის თანდასწრებით, შენ აღდგები. მაგრამ ამისთვის სიმამაცეა საჭირო. მოიკრიბე მთელი შენი სიმამაცე და შემდეგ ჯერზე, როცა ეს დაიწყება, მიეცი ნება რომ მოხდეს.
მეექვსე კითხვა:
მართლა ყოველთვის უსარგებლოა ფსიქოანალიზი?
არა, ყოველთვის არა. ხანდახან ის გეხმარებათ კიდეც. იმედიტირეთ შემდეგ ისტორიაზე.
ფელიქს საიმონსი კარგი ბიჭი იყო, მაგრამ უიღბლოდ ითვლებოდა. თუმცა ის უკვე ოცდათხუთმეტი წლის იყო, მაინც ვერ შეძლო გადაჩვეოდა ლოგინში მოშარდვის ბავშვობის დროინდელ ჩვევას. ბოლოს და ბოლოს, მას ერთმა მეგობარმა უთხრა:
- მომისმინე, ფელიქს, დროა სიმართლე გაიგო. ჩვენ ყველანი თბილად გეპყრობით, მაგრამ ვერცერთ ვერ მოვდივართ შენთან სტუმრად, რადგანაც შენც იცი, რისი სუნია შენს სახლში. თანაც ამას შენი ცოლიც გადაყავს ჭკუიდან. არ გინდა, რომ ფსიქიატრს მიმართო? ენურეზი არც ისე იშვიათი ავადმყოფობაა, ის მკურნალობას ექვემდებარება. განთავისუფლდი ამისგან ერთხელ და სამუდამოდ!
ფელიქსმა დაუჯერა მეგობრის რჩევას და ექვსთვიანი მკურნალობის შემდეგ კვლავ შეხვდა მას.
- აბა, როგორაა საქმე ფელიქს? ისმინე ჩემი რჩევა?
- კი, - უპასუხა ფელიქსმა, - მე ფსიქიატრთან დავდივარ კვირაში სამჯერ, ექვსი თვის განმავლობაში.
- და მერე? არის შედეგები?
ფელიქსი გაიბადრა:
- კი, შესანიშნავი შედეგებია!
- აღარ შარდავ ლოგინში?
- ვშარდავ, მაგრამ ახლა ვამაყობ ამით!
ფსიქოანალიზი მხოლოდ ასე გეხმარებათ: ის გაიძულებთ, რომ იამაყოთ იმით, რის გამოც ადრე დანაშაულის გრძნობას განიცდიდით. რელიგიამ ადამიანებში დანაშაულის გრძნობა შექმნა. ფსიქოანალიზი მეორე უკიდურესობისკენ წავიდა: ფსიქოანალიზი - ესაა რეაქცია რელიგიურ დანაშაულის გრძნობაზე. ამის გაგება მნიშვნელოვანია.
რელიგიამ კაცობრიობას უზარმაზარი ზიანი მიაყენა. მან დაჭრა ადამიანის გული დანაშაულის გრნობის შექმნით. რელიგია დანაშაულის გრძნობის ხარჯზე არსებობს. მთელი რელიგიური სამყარო , იქნება ეს ინდუისტური, ქრისტიანული თუ მუსულმანური - სხვა და სხვა დასახელებებია ერთი და იგივე ხაფანგისთვის: როგორ შექმნათ ადამიანებში დანაშაულის გრძნობა. როგორც კი ის შეიქმნება , ადამიანები თქვენს ბადეში ებმებიან და შეგიძლიათ მათი ექსპლუატაცია. დანაშაულის გრძნობა ობობას ქსელია: აიძულეთ ადამიანები, რომ დამნაშავედ იგრძნონ თავი, და ისინი თქვენი ძალაუფლების ქვეშ იქნებიან. მაშინ შეგიძლიათ მათით მანიპულირება, შეგიძლიათ აიძულოთ მორჩილება თქვენთვის, ეკლესიისთვის, მღვდლისთვის . დამნაშავედ გრძნობენ თავს, მათ ეშინიათ, ისინი იტანჯებიან და გამოსავალს ეძებენ.
ჯერ დანაშაულის გრძნობა შექმენით, და მაშინ ისინი აუცილებლად მოვლენ თქვენთან, რადგანაც მათ მოუნდებათ დანაშაულის გრძნობისგან განთავისუფლება. მაშინ შესთავაზეთ ლოცვა, რაიმე რიტუალის შესრულება, რაიმე მანტრას გამეორება. მაგრამ თავიდან დანაშაულის გრძნობა უნდა შეუქმნათ.
მე გამიგია...
ორ ადამიანს ერთობლივი ბიზნესი ჰქონდა. მათი საქმეები შესანიშნავად მიდიოდა. მათი ბიზნესი ძალიან მარტივი იყო. ერთი მათგანი ღამით მიდიოდა და სახლების ფანჯრებს კუპრით სვრიდა, ორი-სამი დღის შემდეგ კი მეორე მიდიოდა, რომ გაეწმინდა ისინი. მალე მთელი ქალაქი იგებდა, რომ ამ ადამიანმა ფანჯრების კუპრისგან გაწმენდა იცოდა. იმ მომენტისთვის, როცა ყველა ფანჯარა გასუფთავებული იყო, მისი მეგობარი სხვა ქალაქს „ამზადებდა“. მაშინ ის მეორე ქალაქს სტუმრობდა. მათი საქმეები წარმატებულად მიდიოდა. ისინი პარტნიორები იყვნენ.
რელიგია დანაშაულის გრძნობის ხარჯზე არსებობს: ჯერ გასვარეთ ადამიანის გული კუპრით, შემდეგ კი უთხარით, როგორ გაწმინდოს... გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.
ფსიქოანალიზი -ეს რეაქციაა. მე არ ვუწოდებ მას რევოლუციას, ეს მხოლოდ რეაქციაა. იგი რეაქცია გახდა რელიგიურ ბიზნესზე და საწინააღმდეგოს კეთება დაიწყო: მან შემოგთავაზათ, რომ იამაყოთ საკუთარი თავით. ის ამბობს: „თქვენ სრულ წესრიგში ხართ. თუ ლოგინში შარდავთ, თქვენ სრულ წესრიგში ხართ. ამაში ცუდი არაფერია. სინამდვილეში უნდა იამაყოთ ამით“. იგი გინახავთ ისეთად, როგორიც ხართ.
რელიგია განგიკითხავთ ისეთად, როგორიც ხართ. ფსიქოანალიზი გარწმუნებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ისეთი იყოთ, როგორიც ხართ, და თქვენ წესრიგში ხართ. „თქვენ სრულ წესრიგში ხართ“ - აი , ფსიქოანალიზის გზავნილი. რელიგიაც და ფსიქოანალიზიც ცდებიან. თქვენ არ უნდა იგრძნოთ თავი დამნაშავედ, მაგრამ არც ის უნდა იგრძნოთ, რომ ყველაფერი რიგზეა. თუ დანაშაულის გრძნობა გაწუხებთ, ეკლესიის და მღვდლის მსხვერპლი გახდებით, და ისინი მოახდენენ თქვენს ექსპლუატაციას. თუ იგრძნობთ, რომ სრულ წესრიგში ხართ, მაშინ დაგეძინებათ და თქვენი ზრდა შეწყდება.
უნდა გესმოდეთ,რომ ცხოვრება განვითარებაა, ზრდაა; იცხოვრო ნიშნავს უფრო და უფრო მაღლა ახვიდე - ახალ განზომილებებში, ყოფიერების ახალ საფეხურებზე. არაა საჭირო დამნაშავედ იგრძნოთ თავი იმისთვის, როგორიც ხართ, მაგრამ უნდა გქონდეთ უზარმაზარი მისწრაფება მაღლა ასვლისა, რადგან თქვენ თესლი ხართ, პოტენციალი ხართ, თქვენ შეგიძლიათ ღმერთი გახდეთ. თუ თავს ისეთად მიიღებთ, როგორიც ხართ, და ამით დაკმაყოფილდებით, თქვენ თესლად დარჩებით, ვერასოდეს იქცევით ხედ და ვერასოდეს შეძლებთ ვარსკვლავებთან მიახლოვებას. ვერასოდეს შეძებთ ქართან, წვიმასთან და მზესთან ცეკვას. თქვენ მხოლოდ თესლად რჩებით. საჭირო არაა დანაშაულის გრძნობა! თესლი თესლია; ნუ იგრძნობთ თავს დამნაშავედ. მაგრამ თესლი ხედ უნდა იქცეს. არსებობს უზარმაზარი აუცილებლობა საკუთარი პოტენციალის გამოკვლევისა. არასოდეს იგრძნოთ თავი დამნაშავედ, და არასოდეს იამაყოთ. იგრძენით დიდი ბედნიერება იმით, რომ ზრდის დიდი შესაძლებლობა მოგეცათ.
მთელი ცხოვრება გიწვევთ იმისთვის, რომ გაიზარდოთ. სწორედ ესაა ნამდვილი რელიგია, ესაა ნამდვილი ფსიქოლოგია, რადგანაც ნამდვილი რელიგია სხვა არაფერია, თუ არა ნამდვილი ფსიქოლოგია. მე ამ ფსიქოლოგიას „ბუდების ფსიქოლოგიას“ ვუწოდებ. ის არ გახვევთ დანაშაულის გრძნობას, - ის გღებულობთ, მას უყვარხართ, მაგრამ არც იმას გთავაზობთ, რომ იამაყოთ. ის გიწვევთ, რომ უფრო დიდი გახდეთ, ვიდრე ახლა ხართ. ის ღვთაებრივ დაუკმაყოფილებლობას გაძლევთ. უფრო მაღლა და მაღლა სიარულის სურვილით განთებთ, არა იმაზე მაღლა, ვიდრე სხვები არიან, არამედ საკუთარ თავზე მაღლა. ხვალინდელი დღე არ უნდა იყოს უბრალოდ დღევანდელის გამეორება, - აი, რა არის ღვთაებრივი დაუკმაყოფილებლობა. დღევანდელი დღე არ უნდა იყოს უბრალოდ გუშინდელის გამეორება, წინააღმდეგ შემთხვევაშ თქვენ არ გიცხოვრიათ. დღევანდელმა დღემ ახალი ძღვენი უნდა მოგიტანოთ, ახალი ყვავილები, ახალი სხივები. დღეს აუცილებლად უნდა გაიხსნას ახალი ფანჯრები.
იგრძნო საკუთარი თავი დამნაშავედ ნიშნავს დარჩე წარსულის ზეგავლენის ქვეშ, იამაყო ნიშნავს დარჩე იქ, სადაც ხარ, იმად, ვინც ხარ. განიცდიდე ღვთაებრივ დაუკმაყოფილებლობას ნიშნავს გაიზარდო, ეძებო, გამოიკვლიო. ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა თავგადასავალი, შეუცნობელის გამუდმებული კვლევა.
ამიტომაც არ მინდა, რომ დამნაშავედ გრძნობდეთ თავს, და არც ის მინდა, რომ იამაყოთ. ნამდვილი ცხოვრება მაშინ დაიწყება, როცა ერთსაც გადააგდებთ და მეორესაც.
და ბოლო კითხვა:
რატომაა ასეთი ძნელი ურთიერთობაში ურთიერთგაგების პოვნა?
არა მხოლოდ ძნელი , შეუძლებელიც კი. სასწაულია, რომ ეს ზოგჯერ მაინც ხდება, რადგანაც ორი ადამიანი - ეს ორი ადამიანია: მათ სხვადასხვა წარსული გამოცდილება აქვთ, სხვადასხვა გეშტალტი , ცოდნა , პიროვნება. ეს ორი სამყაროა. ისინი სხვადასხვა ენაზე მეტყველებენ. შესაძლოა ორივე ინგლისურად ლაპარაკობდეს, მაგრამ მაინც სხვადასხვა ენაზე საუბრობენ. ისინი განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სიტყვებს, ნიუანსებს,ფერებს და შტრიხებს.
როცა თქვენ და კიდევ ხუთი ადამიანი უყურებთ ვარდის ყვავილს, ნუ გეგონებათ, რომ ერთი და იგივე ყვავილს უცქერთ. ეს შეუძლებელია! მხოლოდ ხუთ ბუდას, რომელიც ყვავილის წინ დგას, შეუძლია ერთი და იგივე ვარდის დანახვა, - თქვენ არ შეგიძლიათ, - რადგანაც ხუთი ბუდა ხუთ ნულს ნიშნავს, ხუთ არა-გონებას. მხოლოდ ორ არა-გონებას შეუძლია ურთიერთგაგების პოვნა, რადგანაც მათ არ გააჩნიათ წინააღმდეგობანი, მათ არაფერში სჭირდებათ ინტერპრეტაცია, - მათი აღქმა უშუალოა.
მაგრამ როდესაც ხუთი გონება ვარდის ყვავილის წინ დგას, მათ მხოლოდ ჰგონიათ, რომ ერთი და იმავე ყვავილს უმზერენ, რადგანაც ყველა მათგანს სხვა და სხვა წარმოდგენა აქვს ვარდის შესახებ,სხვა და სხვა აღქმა და წარსულის ასოციაციები აქვთ. ყველაფერი ეს გავლენას ახდენს მათ აღქმაზე, მთელი ეს მრავალრიცხოვანი შრეები; თვითონ ვარდი ძალიან შორს რჩება.
მაგალითად, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ერთ-ერთ მათგანს ქალი უყვარდა, რომელიც აღმერთებდა ვარდებს, მაგრამ უღალატა მას. ახლა ვარდი მხოლოდ ამ ქალს და მის ღალატს გაახსენებს. მაგრამ ეს არაა სხვა ადამიანების გამოცდილება. შესაძლოა სხვამ მკვდარი ადამიანი ნახა ვარდის ყვავილებით. მაშინ ვარდი სიკვდილს გაახსენებს; შესაძლოა შიშიც კი იგრძნოს. მესამე ადამიანსაც თავისი ასოციაციები ექნება. ყველაფერი წარსულ გამოცდილებაზეა დამოკიდებული.
მხოლოდ ორ არა-გონებას შეუძლია ურთიერთგაგების პოვნა. მაშინ ურთიერთობა სიტყვების გარეშეც კი ხდება. მაშინ ეს, უფრო მეტად ერთიანობაა.
გონებები უცილობლად კონფლიქტში ეჯახებიან ერთმანეთს.
მე რამდენიმე ისტორიას მოგიყვებით.
პირველი
ძვირადღირებულ რესტორანში, მაგიდასთან მოკალათებული, ჩიკო მარქსი გრძელ მენიუს შეისწავლიდა, როცა მას მთავარი ოფიციანტი მიუახლოვდა. ოფიციანტმა პატივისცემის ნიშნად თავი დაუხარა და უზადო ფრანგული თავაზიანობით დაინტერესდა:
- რას მიანიჭებდით უპირატესობას, მესიე?
- გოგონებს, - უპასუხა ჩიკომ, - თქვენ?
მეორე ისტორია.
ახალდაქორწინებული წყვილი თაფლობის თვეზე მაიამიში გაემგზავრა. რამდენიმე დღის განმავლობაში მათ ერთხელაც არ დაუტოვებიათ თავიანთი სატუმროს ნომერი. მეექვსე დღის დილას საუზმისთვის ჩავიდნენ. როცა ოფიციანტი შეკვეთის მისაღებად მიუახლოვდათ , ქალი ქმრისკენ მიბრუნდა და მორცხვად ჩაილუღლუღა:
- ძვირფასო, იცი რა მინდა ახლა?
- ვიცი, - დაღლილი ხმით უპასუხა ქმარმა, - მაგრამ ხანდახან ჭამაც ხომ საჭიროა!
მესამე ისტორია.
ბოსი თითქმის მთელი წელი ეკურკურებოდა თავის მდივანს. რას აღარ დაჰპირდა. ამ საღამოს განსაკუთრებით დაჟინებული იყო.
- მოდი , ბეიბი! - ამბობდა იგი. - მოდი, წავიდეთ სადმე და ვივახშმოთ, შემდეგ თეატრში წავიდეთ, შემდეგ ღამის კლუბში, შემდეგ კი ჩემთან სახლში ავიდეთ.
- მინდა მკაფიოდ გაიგოთ, რომ მე მტკიცე და ურყევი ვარ ჩემს უარში თქვენი უადგილო, ცრუ და მანკიერ წინადადებებისადმი, - მოუჭრა ქერათმიანმა.
- რაღაცას? რაღაცას ვერ ვეწევი, - თქვა ბოსმა.
- არა რაღაცას, არამედ ვიღაცას. ამაშია საქმე, - უპასუხა მდივანმა.
ენა პრობლემებს ქმნის: სხვა და სხვა წარსულ გამოცდილებას, აღქმას, სხვადასხვა ჩვევებს, პიროვნებებს, გონებებს.
შენ მეკითხები, რატომაა ძნელი ურთიერთგაგების პოვნა. ეს არა მხოლოდ ძნელია, არამედ თითქმის შეუძლებელიც. თუ ეს თუნდაც ზოგჯერ ხდება, ეს უკვე დიდი წარმატებაა. დიახ, ხანდახან ეს ხდება. როცა ღრმად გიყვართ ვინმე, ეს ხდება; მაშინ თქვენ არ გჭირდებათ ენა. მაშინ მთელი თქვენი იქ მყოფობა, თქვენი ვიბრაციები ლაპარაკობს; მაშინ ღრმა სიყვარულში, წამით უსხლტებით თქვენს გონებებს, ღრმა სიყვარულში წამით ბუდები, არა-გონებები ხდებით.
ამიტომაც გაგება მხოლოდ სიყვარულის იშვიათ მომენტებში ხდება, ჩვეულებრივ კი ადგილი აქვს ნატიფ კონფლიქტს, წინააღმდეგობას. შენ რაღაც ერთს ამბობ, მაგრამ შენი შეყვარებული სხვა რამეს იგებს. ის რაღაცას ამბობს, შენ კი სხვა რამეს გებულობ. თუ თქვენ ნამდვილად გინდათ ურთიერთგაგების პოვნა, გახდით უფრო მოსიყვარულე, რადგანაც სიყვარულია აუცილებელი, და არა ენა. ენა წინააღმდეგობაა, სიყვარული - ხიდი. თუ მართლა გინდათ ურთიერთგაგების პოვნა, თავი დააღწიეთ თქვენს გონებას. გახდით უფრო ცარიელი, გახდით არა-გონება, და მაშინ უეცრად დაინახავთ, რომ სასწაულები ხდება. ეს აქ ხდება.
ახალი ადამიანები, რომლებიც აქ მოდიან, პირველ დღეებში არ მოდიან ჩემთან შესაბამისობაში: ერთ რამეს ვეუბნები და სხვა რამეს იგებენ. მაგრამ რაც უფრო მეტად იხსნებიან ჩემი სიყვარულისთვის, მით უფრო მეტი გაგება მოდის. მათთვის, ვინც უკვე დიდი ხანია ჩემთან ერთად ცხოვრობს, მათთვის, ვინც ძალიან ახლობელი გახდა ჩემთვის, ვისთვისაც ენის ბარიერი გაქრა, უბრალოდ ჩემი მზერა ან ხელის შეხება... და ხდება ურთიერთობა, გაგება, არა მხოლოდ ურთიერთობა, არამედ ერთიანობაც. სწორედ ამიტომ შევთავაზე ცოტა ხნის წინ ჩემს სანიასებს ურთიერთობის ახალი სახე: მსუბუქი შეხება მათთან და ჩემი ენერგიის შესაძლებლობა* (საუბარია ენერგეტიკულ დარშანებზე).
რაც უფრო მიახლოვდებით, მით უფრო ნაკლებადაა საჭირო სიტყვები, რადგანაც ჩემს გაგებას იწყებთ. მაშინ სიტყვები აღარაა საჭირო. მე განვაგრძობ ლაპარაკს ახალი ადამიანებისთვის, მე განვაგრძობ ლაპარაკს მათთვის, ვინც კიდევ მოვა, ხოლო მოსვლით ბევრი მოვა, ათასები უკვე გზაში არიან. მაგრამ ისინი, ვინც უკვე ჩემთან იმყოფება საკმარისად დიდხანს ან საკმარისად ღრმად... სიღრმე კი შეიძლება ერთ მომენტშიც მოხდეს. ეს იმდენად დროის საკითხი არაა, რამდენადაც ინტენსიურობის.
ხანდახან ხდება ისე, რომ ჩემთან პირველად მოდის ადამიანი და პირველივე კონტაქტის მომენტში ახლოსაა ჩემთან, თითქოს მრავალი ცხოვრების განმავლობაში ჩემთან ყოფილიყოს. და ამას მხოლოდ მე არ ვგრძნობ, ის თავადაც მაშინვე გრძნობს, რომ სახლში მოვიდა, რომ მთელი ცხოვრება, ან მრავალი ცხოვრება ეძებდა ამ ადგილს. მაშნ გაგება მყისიერად ხდება. მაშინ ადგილი აღარ რჩება კონფლიქტისთვის.
სინამდვილეში, ერთიანობის მომენტი, როცა არ არსებობს არანაირი კონფლიქტი, - ეს თქვენი ნამდვილი ინიციაციის მომენტია. მაშინ ის, რასაც მე ვამბობ, მეორადი ხდება. მაშინ პირველადია ის, რასაც მე წარმოვადგენ, მაშინ პირდაპირი კონტაქტი გაქვთ ჩემთან. მაშინ თქვენ არ გაცდენენ ჩემი სიტყვები, რადგანაც მე არათანმიმდევრული ადამიანი ვარ. მე საკუთარ თავს ვეწინააღმდეგები, და ამას განზრახ ვაკეთებ, რათა დაგეხმაროთ თანმიმდევრულობის მოლოდინის თავიდან აცილებაში, სიტყვებისგან განთავისუფლებაში. როცა გაიგებთ, რომ კვლავ და კვლავ ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს, თანდათან მიხვდებით, რომ სიტყვები მხოლოდ თამაშია; თქვენ ვერ განეწყობით სიტყვებისადმი სერიოზულად. იმ დღეს, როცა ეს გამოღვიძება მოხდება, თქვენ უშუალოდ ჩემთან გექნებათ ურთიერთობა. მაშინ საჭირო აღარ იქნება არანაირი შუამავალი, მაშინ პირდაპირ დამიკავშირდებით.
მე მიყვარს, მე სიყვარული ვარ. როცა თქვენ გიყვართ და სიყვარული ხდებით, ერთიანობა ხდება. ერთიანობა სიყვარულის თვისებაა და არა ენის. სინამდვილეში, ენა ბარიერია და არა დახმარება.
გახსოვდეთ: ჩემთან ყოფნა ნიშნავს სიცარიელეთან ყოფნას, არავისთან ყოფნას. მე არაფერი მაქვს რომ შემოგთავაზოთ, მე არაფერი ვიცი, რომ გასწავლოთ, მე არ მაქვს ფილოსოფია. მე ვარ, მაგრამ მე არ მაქვს ფილოსოფია. მე ვარ, მაგრამ არაფერი მაქვს რომ შემოგთავაზოთ. მე ვარ, მაგრამ არაფერი ვიცი, რომ გასწავლოთ. თქვენ უნდა ისწავლოთ ამ სიცარიელესთან ყოფნა... და მაშინ მიხვდებით, რა არის ერთიანობა. ერთიანობა სიყვარულის გამოვლინებაა, ეს სიყვარულის ყვავილობაა. ის არანაირად არაა დაკავშირებული ენასთან, სიტყვებთან. ეს სიჩუმეა.
დღეისათვის საკმარისია.