თავი 5 - გახდე კვლავ ერთიანი
თავი 5
გახდე კვლავ ერთიანი
სხეულში არის ანიმა. ანიმა - ეს ინია, ქალური პრინციპი; ეს ცნობიერების ნივთიერებაა.
მის გარდა არის ანუმუსი, რომელშიც სული ცხოვრობს. ანიმუსი თვალებში ცხოვრობს: ის ხედავს, ის ოცნებობს. ის, ვინც საკუთარ თავს ჩაკეტილად, მოქუფრულად და თავისი სხეულის გარსთან მიჯაჭვულად გრძნობს, ანიმას ძალაუფლების ქვეშ იმყოფება. ანიმუსი კონცენტრირდება სინათლეს წრეზე მოძრაობის მეშვეობით. ამგვარად ხდება სულის შენარჩუნება და ანიმას დამორჩილება. სამყაროსგან გასანთავისუფლებლად, ძველები სპეციალურ მეთოდს იყენებდნენ, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ბოლომდე გალღვეს სიბნელის ფერფლი და დავუბრუნდეთ წმინდა ქმნილებას. ყველაფერი იქამდე მიდის, რომ დავიმორჩილოთ ანიმა და გავაძლიეროთ ანიმუსი. სინათლის წრეზე მოძრაობა ჯადოსნური მეთოდია სიბნელის გადალახვისა და ანიმას დამორჩილებისთვის. თუ ამ მეთოდს მისდევთ, თქვენთვის მისაწვდომი ხდება თესლი-წყლის სიჭარბე, თქვენში ღვივდება სული-ცეცხლი, ხოლო აზრი-მიწა მყარდება და კრისტალიზდება. ასე მწიფდება ღვთაებრივი ნაყოფი.
როცა ერთიანი ბუნება შემოქმედების სახლში ეშვება, იგი იყოფა ანიმად და ანიმუსად. ანიმუსი იმყოფება ღვთაებრივ გულში. მისი ბუნება სინათლეა, ესაა სიმსუბუქისა და სიწმინდის ძალა. ესაა ის, რაც დიადი სიცარიელისგან, უსასრულო ზეცისგან გვერგო; ეს ისაა, რაც ფორმით პირველ საწყისს ემთხვევა. ანიმას ბუნება სიბნელეა. ეს სიმძიმისა და დაბურულობის ენერგიაა. იგი ფიზიკურ გულთანაა დაკავშირებული . ანიმუსს სიცოცხლე უყვარს. ანიმა სიკვდილს ეძებს. ყველა გრძნობისმიერი სურვილი და რისხვის შემოტევა ანიმას გამოვლინებაა. მოსწავლემ უნდა გაიგოს, თუ როგორ გაწმინდოს ბოლომდე ბნელი ანიმა, რათა იგი წმინდა სინათლედ ტრანსფორმირდეს.
ერთხელ, იმპერატორმა ქალმა, ვუმ ოსტატ ფა ძანგს სთხოვა, რომ წარმოედგინა მისთვის კოსმიური ურთიერთკავშირის, ნაწილის და მთლიანის, ღმერთისა და მისი ქმნილებების, და საკუთრივ ქმნილებებს შორის ურთიერთკავშირის უბრალო და პრაქტიკული გამოსახულება.
ფა ძანგი მუშაობას შეუდგა და მოითხოვა, რომ სასახლის ერთ-ერთ ოთახში რვა დიდი სარკე დაედგათ სამყაროს რვა მხარეს. შემდეგ კიდევ ორი სარკე დააყენა: ერთი ჭერზე, მეორე კი იატაკზე. ოთახის ცენტრში, ძაფით ჭერზე მიმაგრებული სანთელი ჩამოკიდა. როცა იმპერატორი შემოვიდა, ფა ძანგმა სანთელი აანთო. იმპერატორმა აღტაცებისგან წამოიძახა:
- რა საოცარია! რა სილამაზეა!
ფა ძანგმა ცეცხლის ალის ანარეკლზე მიუთითა ათივე სარკეში და თქვა:
- ხედავთ, თქვენო უდიდებულესობავ, ეს ახდენს ნაწილის და მთელის, ღმერთის მის ყოველ ქმნილებასთან ურთიერთობას.
- დიახ, მესმის ოსტატო. როგორია ურთიერთობა ქმნილებებს შორის ერთმანეთთან?
ფა ძანგმა უპასუხა:
- შეხედეთ, თქვენო უდიდებულესობავ. ყოველი სარკე ირეკლავს არა მხოლოდ ოთახის ცენტრში არსებულ ცეცხლის ალს, არამედ ამ ალის ანარეკლს ყველა სხვა სარკეშიც, სანამ მათ არ აღავსებს არეკლილი სანთლების უსასრულო რაოდენობა. ყველა ეს ანარეკლი იდენტურია; ერთი მხრივ, ისინი ურთიერთჩანაცვლებადი არიან, მეორე მხრივ, ყოველი მათგანი ინდივიდუალურია. ეს წარმოადგენს ურთიერთქმედებას ყოველი არსებისა თავის მეზობელთან და ყველაფერთან რაც არსებობს. უნდა აღვნიშნო, თქვენო უდიდებულესობავ, - განაგრძობდა ფა ძანგი, - რომ ეს მხოლოდ უხეში, მიახლოვებული და სტატიური გამოსახულებაა იმისა, თუ როგორაა სინამდვილეში მოწყობილი სამყარო, რამდენადაც სამყარო უსასრულოა და ყველაფერი მასში გამუდმებულ და მრავალფეროვან მოძრაობაში იმყოფება.
შემდეგ ოსტატმა დაფარა მრავალრიცხოვანიდან ერთ-ერთი ანარეკლი და აჩვენა, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ნებისმიერი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილება სამყაროს მთელს ორგანიზმზე. კეგონ სუტრა ამ დამოკიდებულებას ასეთი ფორმით გამოხატავს: ყოველი ყველაფერში, ყველაფერი ყოველში, ყოველი ყოველში, ყველაფერი ყველაფერში.
შემდეგ, თავისი წარმოდგენის დასასრულს, ფა ძანგმა ხელში აიღო პატარა ბროლის ბურთი და წარმოთქვა:
- ახლა შეხედეთ, თქვენო უდიდებულესობავ, როგორ აირეკლება ყველა ეს დიდი სარკე და მათში არეკლილი მილიარდობით ფორმა ამ პატარა სფეროში. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, რომ უმაღლეს რეალობაში უსასრულოდ პატარა შეიცავს უსასრულოდ დიდს, უსასრულოდ დიდი კი უსასრულოდ პატარას, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ო, მე რომ შემეძლოს გაჩვენოთ არაწინააღმდეგობრივი ურთიერთგადასვლა დროისა და მარადისობისა, წარსულის, აწმყოსა და მომავლისა. მაგრამ რას ვიზამთ, ეს დინამიური პროცესია, რომელიც სხვა საფეხურზე უნდა გავიგოთ...
ადამიანი კუნძული არაა; არაფერი არ წარმოადგენს კუნძულს. ყველაფერი ურთიერთკავშირშია, ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულია. თავად სიტყვა „დამოუკიდებლობა“ ცრუა, ისევე როგორც „დამოკიდებულება“. ის, რაც არსებობს ურთიერთდამოკიდებულებაა.
ყველაფერი ღრმა კავშირშია ერთმანეთთან, ცალკე არაფერი არსებობს . თუ შეგიძლიათ გაიგოთ ვარდის პატარა ყვავილი მთელი თავისი ტოტალურობით, ფესვებიდან ყვავილის ფურცლებამდე, თქვენ გაიგებთ მთელ კოსმოსს, რადგანაც ვარდის პატარა ყვავილი მთელ კოსმოსს შეიცავს. ნებისმიერი ბალახი მთელ ყოფიერს მოიცავს. მაგრამ გახსოვდეთ, რა უთხრა ფა ძანგმა იმპერატორს: ყველა გამოსახულება, ყველა აღწერა სტატიურია; ყოფიერება დინამიური ნაკადია. ეს მდინარეა. ყველაფერი გამუდმებით გადაედინება ერთმანეთში. შეუძლებელია მოვნიშნოთ საზღვარი, სადაც მთავრდება ერთი და იწყება მეორე. გამყოფი ხაზები არ არსებობს , ეს უბრალოდ შეუძებელია. ყველა დაყოფა მხოლოდ პრაქტიკული მიზნებით იქმნება, მათ არ გააჩნიათ ეგზისტენციალური ღირებულება.
ეს პირველია, რაც უნდა გავიგოთ. ეს დაოსური ალქიმიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. თუ ამას გაიგებთ, მთელი დაოსური ალქიმიის გაგებას შეძლებთ. მაშინ შესაძლებელია დაბლის ტრანსფორმაცია მაღლად, რადგანაც დაბალი უკვე შეიცავს მაღალს. უხეში მეტალი შესაძლებელია ტრანსფორმირდეს ოქროდ, რადგანაც არაფერი არსებობს განცალკევებით, უხეში უკვე შეიცავს ოქროს: როგორც ზემოთ, ისევე ქვემოთ; როგორც ქვემოთ, ისევე ზემოთ.
თავად იდეა, რომ ყველაფერი ურთიერთკავშირშია, ქმნის ტრანსფორმაციის შესაძლებლობას. თუ არ არსებობს კავშირი, მაშინ ტრანსფორმაცია შეუძლებელია. თუ სამყარო, როგორც ფილოსოფოსი ლეიბნიცი ფიქრობდა, მონადებისგან შედგება - თავის თავში ჩაკეტილი, ცალკე არსებული ატომებისაგან, რომლებიც არანაირად არ უკავშირდება ერთმანეთს, რადგანაც ჩაკეტილები არიან, მაშინ ტრანსფორმაცია შეუძლებელია.
ტრანსფორმაცია შესაძლებელია მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ - ეს მე ვარ, ხოლო მე - ეს თქვენ ხართ; ჩვენ ურთიერთშეღწევადი ვართ. ნუთუ ერთი წამით მაინც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ თქვენ განცალკევებული ხართ? ვერ წარმოიდგენთ ამას. ყვავილი განუყოფელია ხისგან; განცალკევებული კვდება. ხე განუყოფელია მიწისგან, მიწა განუყოფელია მზისგან, მზე განუყოფელია ვარსკვლავებისგან, და ა.შ. განაცალკევეთ ფოთოლი და ის მოკვდება. განაცალკევეთ ყვავილი და ის მოკვდება. განაცალკევეთ ხე მიწისგან და ის მოკვდება. განაცალკევეთ დედამიწა მზისგან და ის მოკვდება.
სიკვდილი ნიშნავს განცალკევებას, სიცოცხლე - ერთიანობას. ეგო უნდა მოკვდეს, რადგანაც ეგო თქვენი იდეაა იმის შესახებ, რომ განცალკევებული ხართ. აღვიქვათ საკუთარი თავი ეგოს ტერმინებში , ეს სიკვდილის ერთადერთი მიზეზია, რადგანაც ეგო უკვე მკვდარია. თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ მკვდარი ცხენის აყენება, მაგრამ როდემდე? ეგო მაინც მოკვდება. ის უკვე მკვდარია, სწორედ ამიტომაც მოკვდება. ის, რაც თქვენში ცოცხალია, ვერ მოკვდება, სიცოცხლე მარადიულია. მაგრამ სიცოცხლე თქვენ არ გეკუთვნით, თქვენ რ შეგიძლიათ მას დაეუფლოთ . სიცოცხლე ყველაფერს ეკუთვნის. სიცოცხლე უზარმაზარია, უსასრულოა. სიკვდილი ძალიან მცირეა, სიკვდილი ინდივიდუალურია; სიცოცხლე უნივერსალურია. ამიტომ, როდესაც ცოცხალი ხართ, თქვენ სამყაროს ნაწილს წარმოადგენთ, თქვენ კვდებით მხოლოდ იმიტომ, რომ განცალკევებულად თვლით თავს. რაც უფრო მეტად გრძნობთ თავს მთელის ნაწილად, მით უფრო მეტი სიცოცხლეა თქვენში.
იესო ამბობს: „მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე გქონდეთ, და უხვად გქონდეთ“. რაშია სიცოცხლის სიუხვის საიდუმლო? საიდუმლო მარტივია: მოკვდე, როგორც ეგო, გაქრე, როგორც განცალკევებული არსება, და მაშინ მთელი სამყარო და ყველაფერი, რაც მასშია, თქვენი ხდება. შეწყვიტეთ ფლობა, და ყველაფერი თქვენი გახდება. დაეუფლეთ და მაშინ დარჩებით პაწაწინა, შეზღუდული, და მოკვდებით. იმის საიდუმლო, თუ როგორ გავხდეთ უფრო ცოცხლები, მდგომარეობა მხოლოდ იმაში, რომ გადავაგდოთ განცალკევებულობის იდეა. როცა ეს მოხდება, თქვენ იგრძნობთ, როგორ ინთება ცხოვრება თავისი კაშკაშა ალით. მაშინაც კი, თუ ეს თანდათანობით მოხდება...
როცა გიყვარდებათ, სიცოცხლე თქვენში კაშკაშა ალით ინთება. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა - უბრალოდ , ორი ადამიანი ერთ მთლიანობა დ გრძნობს თავს. გააცნობიერეთ სიყვარულის გაკვეთილი: ორი ადამიანი ერთ მთლიანად გრძნობს თავს, და რამხელა სიხარულია, რამხელა ექსტაზია! წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარული და ექსტაზი იქნება, თუკი მთელი სამყარო შეგიყვარდებათ... სწორედ ესაა სიცოცხლე სიუხვეში, სიცოცხლე უსასრულობაში.
მოიწყვიტეთ თავი მთლიანისგან... არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმდენად ეგოისტურად ცხოვრობენ, რომ სიყვარული არ შეუძლიათ; ისინი ყველაზე უბედური ადამიანები არიან ამქვეყნად. აი , ჩემი განსაზღვრება ჯოჯოხეთისა: ჯოჯოხეთი განცალკევებულობაში ცხოვრებაა. არაგანცალკევებულებაში ცხოვრება - ეს სამოთხეა; ბოლომდე, ტოტალურად შერწყმა მთლიანში - ეს მოქშაა, ნირვანაა, უმაღლესი თავისუფლებაა.
მეორე, რაც უნდა გავიგოთ, ისაა რომ ცხოვრება პოლარობებისგან შედგება. ეს დაოსური მიდგომის კიდევ ერთი პრინციპია. მაგრამ პოლარობა არ ნიშნავს დაპირისპირებას. პოლარობა ნიშნავს, რომ საწინააღმდეგოები ავსებენ ერთმანეთს, ინარჩუნებენ ერთმანეთს. სიცოცხლე ვერ იარსებებს სიკვდილის გარეშე, ამიტომ სიკვდილი არაა სიცოცხლის მტერი. როგორ შეუძლია სიკვდილს, სიცოცხლის მტერი იყოს, თუ სიცოცხლე მის გარეშე შეუძლებელია? ის მეგობარი უნდა იყოს: ის ამზადებს სიცოცხლის მოსვლას, ის ეხმარება სიცოცხლეს, ის აღვიძებს სიცოცხლეს, ის გამოწვევას სთავაზობს მას.
დაფიქრდით: თქვენი სხეული რომ მარადიული ყოფილიყო, თქვენ საერთოდ არ იცხოვრებდით, რადგანაც მაშინ მთელი მარადისობა გექნებოდათ, და ყველაფერს გამუდმებით მომავლისთვის გადადებდით.
თქვენ არ შეგიძლიათ გადადოთ, რადგანაც არ ხართ დარწმუნებული, გექნებათ თუ არა ხვალინდელი დღე. არავინ იცის, მოვა თუ არა თქვენთან შემდეგი ჩასუნთქვა, ამიტომ მხოლოდ ბრიყვებს სჩვევიათ მომავლისთვის გადადება. ბრძენი ცხოვრობს, და ცხოვრობს აქ და ახლა. მას არ შეუძლია საკუთარ თავს გადადების უფლება მისცეს, რადგანაც მან იცის: „მე მხოლოდ ეს მომენტი მაქვს, სწორედ ეს მომენტი. შემდეგი მომენტი შესაძლოა დადგეს და შესაძლოა არც დადგეს. როგორ შემიძლია გადავდო? როგორ შემიძლია ვთქვა „ხვალ“?“
სულელი ხვალისთვის გადადებს, ბრძენი კი ახლა ცხოვრობს. ბრძენმა არ იცის სხვა დრო, გარდა „ახლა“, და სხვა ადგილი, გარდა „აქ“-. სულელი ახლა აკეთებს ყველაფერ იმას, რისი გადადებაც მარადისობაში შეიძლება. თუ განრისხებულია, ის არ გადადებს თავის რისხვას. მაგრამ თუ შეყვარებულია, ის ამბობს: „ხვალამდე მოიცდის“. ყველაფერს, რაც სისულელეა, ის ახლა განიცდის, ხოლო ყველაფერს, რაც მშვენიერია, გამუდმებით მომავლისთის გადადებს. ბრძენიც გადადებს, მაგრამ მხოლოდ სისულელეებს.
გურჯიევი ხშირად უყვებოდა თავის მოსწავლეებს: „მე სულ რაღაც ცხრა წლის ვიყავი, როცა ბაბუაჩემი გარდაიცვალა. ზუსტად სიკვდილის წინ მან მომიხმო და ყურში ჩამჩურჩულა...“
ბაბუას ძალიან უყვარდა თავისი შვილიშვილი. როგორც ჩანს, გრძნობდა მის პოტენციალს. ყურში ჩასჩურჩულა: „მე არ შემიძლია რამე დაგიტოვო, გარდა მცირე რჩევისა და არ ვიცი, შეძლებ თუ არა ახლა პირდაპირ გაიგო ეს. დაიმახსოვრე იგი! ოდესმე საკმარისად მომწიფებული გახდები იმისთვის, რომ გაიგო. უბრალოდ დაიმახსოვრე. ეს ძალიან მარტივი რჩევაა: თუ გინდა, რაიმე ცუდი გააკეთო, ერთი დღით გადადე, და თუ გინდა რაიმე კარგი გააკეთო, ერთი წამითაც კი არ გადადო. თუ თავს გაბრაზებულად, აგრესიულად, მოძალადედ გრძნობ, ერთი დღით გადადე ეს. ხოლო თუ გრძნობ, რომ გინდა გიყვარდეს, გაუზიარო, მაშინ ერთი წამითაც კი არ დააყოვნო. გაითავისე ეს, პირდაპირ ახლა!“
გურჯიევი ეუბნებოდა თავის მოსწავლეებს, რომ ამ უბრალო რჩევამ მთელი მისი ცხოვრება შეცვალა.
როგორ შეიძლება გაბრაზებული იყოთ, თუ შეძელით, რომ საკუთარი რისხვა ერთი დღით გადაგედოთ? ეს შეუძლებელია. თქვენ იმდენად მშვიდი და უშფოთველი ხართ, რომ რისხვის ერთი დღით გადადება, უკვე საკმარისი გარანტიაა იმისა, რომ არ გაბრაზდებით. ვის შეუძლია განაგრძოს გაბრაზება, თუ მან უკვე გადადო ეს? ჭვრეტის ოცდაოთხი საათი და სიტუაციის აბსურდულობა ცხადი გახდება თქვენთვის, იგი უბრალოდ სასაცილოდ მოგეჩვენებათ. ამ უბრალო რჩევამ მართლაც მოახდინა გურჯიევის ტრანსფორმაცია. ხანდახან თქვენი ტრანსფორმაცია ძალიან მარტივ გზავნილებსაც შეუძლიათ... მაგრამ ამისთვის ამით უნდა იცხოვროთ .
სიცოცხლე შესაძლებელია იმიტომ, რომ სიკვდილი არსებობს. სიკვდილი იძლევა სიცოცხლის ინტენსიურობას. სიკვდილი სთავაზობს გამოწვევას სიცოცხლეს. ის გიბიძგებთ, რომ იცოცხლოთ, და იცოცხლოთ მაქსიმალურად, ტოტალურად, რადგანაც ვინ იცის, შესაძლოა არ გქონდეთ “ხვალ“. სიკვდილი ყოველთვის გაიძულებთ ცხოვრებას, ტოტალურად ცხოვრებას. მაშინ იგი მტერი კი არაა სიცოცხლისა, არამედ მეგობარი.
იგივე შეიძლება ითქვას ყველა პოლარობაზე: დადებითსა და უარყოფითზე, სიყვარულსა და სიძულვილზე, სილამაზესა და სიმახინჯეზე, დღესა და ღამეზე, ზამთარსა და ზაფხულზე. იგივე შეიძლება ითქვას ქალზე და მამაკაცზეც. მამაკაცს არ შეუძლია ქალის გარეშე, ქალს კი მამაკაცის გარეშე. ისინი ერთი დიალექტიკური პროცესის ნაწილები არიან. ამ ორ პოლუსს შორის ერთდროულად არსებობს მიზიდულობაც და განზიდულობაც, რადგანაც მიზიდულობა და განზიდულობა ერთმანეთისგან განუყოფელი არიან. ამიტომაც გიზიდავთ ქალი ან მამაკაცი, და ამავდროულად განგზიდავთ. თქვენს ერთ ნაწილს უნდა ქალთან ყოფნა, მეორე ნაწილს კი მარტოობა ურჩევნია. თქვენ ყოველთვის გაურკვევლობაში ხართ.
როცა ქალთან ან მამაკაცთან ხართ, თავისუფლება გწყურიათ : თქვენთვის, ცალკე , მარტოობაში გინდათ ყოფნა. უეცრად ძალიან გაწვებათ ეს სურვილი, იყოთ თავისუფალი, და არ იცით, საიდან გაჩნდა ის. ამ სურვილს თქვენი პარტნიორი ქალი ან მამაკაცი აღვიძებს. როგორც კი მარტო რჩებით, ეს სურვილი, მარტოობის ეს უზარმაზარი მისწრაფება, ქრება. მაშინ მართლა გიკვირთ : როცა მარტო რჩებით, თავს მარტოსულად გრძნობთ. საერთოდ ვერ გრძნობთ იმ სიხარულს, რომელიც წარმოგედგინათ, ვერ განიცდით ვერანაირ თავისუფლებას; უბრალოდ გრძნობთ, რომ თქვენს გარშემო მარტოობაა, და მთელი ყოფიერება ცივი ხდება, გაყინული და ბნელი. და კვლავ გიჩნდებათ სურვილი, რომ თქვენს ქალთან ან მამაკაცთან აღმოჩნდეთ. კვლავ სიყვარული და ერთად ყოფნა გწყურიათ.
ამაშია ქალისა და მამაკაცის პრობლემა: ისინი ერთდროულად თან იზიდავენ ერთმანეთს და თან განიზიდავენ. თან ერთად ყოფნა უნდათ , და თან ცალ-ცალკე, თავისთვის ყოფნის სურვილიც აქვთ. აქედანაა მუდმივი კონფლიქტი ქალსა და მამაკაცს შორის.
ცოლ-ქმრობა - სიყვარულ-სიძულვილია, მიზიდულობა-განზიდულობაა. თუ ქორწინება საკმაოდ დიდხანს ნარჩუნდება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველდღე ხდება მინი-განშორებები , მხოლოდ ასე შეუძლია მას გაგრძელება. თუ ქალმა და მამაკაცმა გადაწყვიტეს არ იომონ, მაშინ ეს პლასტმასის ქორწინებაა. ისინი შეძლებენ ერთად ყოფნას, მაგრამ ვერასოდეს იქნებიან ერთად სინამდვილეში, ვერასოდეს შეიცნობენ ერთიანობის ჭეშმარიტ მომენტებს. ისინი მხოლოდ ითვალთმაქცებენ. ისინი უბრალოდ ზრდილობიანები იქნებიან, მაგრამ არა ნამდვილები, არა ჭეშმარიტები.
ცოლ-ქმრობა - ეს ერთგვარი ინტიმური მტრობაა, ეს მეგობრული ორთაბრძოლაა, ეს ომია. რა თქმა უნდა, შეტაკებებს შორის მშვიდობის პერიოდებიც დგება, და ისინი მშვენიერები არიან სწორედ შეტაკებების წყალობით.
შეყვარებულები გამუდმებით იბრძვიან და ასე ინარჩუნებენ საკუთარ თავში სიყვარულის ალს. ყოველი შეტაკების შემდეგ ისინი შორდებიან, როცა ფსიქოლოგიურად საკმაო მანძილზე დაშორდნენ, მოწყენილობა იპყრობთ და კვლავ უახლოვდებიან ერთმანეთს. და მაშინ ძალიან, ძალიან ახლოს მიდიან ერთმანეთთან... რადგანაც მარტოობის გემო შეიგრძნეს. ახლა სიახლოვე უნდათ. სიახლოვის შეგრძნების შემდეგ კვლავ მარტო ყოფნაზე ფიქრობენ.
ასე რომ , არ იდარდოთ ამაზე. ეს ბუნებრივი პროცესია. შეუძლებელია მისგან თავის არიდება. მისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება მოჩვენებით ცოლ-ქმრობაში ყოფნაა, რომელსაც ვერ დავარქმევთ ჭეშმარიტ ცოლ-ქმრობას. ასეთი ცოლ-ქმრობის დროს თქვენ უბრალოდ თავაზიანი ხართ ერთმანეთის მიმართ, თქვენ კონტრაქტს აფორმებთ: „შენ მე მჭირდები, მე შენ გჭირდები“, „მე შენ ზურგს მოგფხან, შენ კი მე მომფხან“. სულ ესაა , იმიტომ რომ „შენ მე მჭირდები, მე შენ გჭირდები. შენი ჩემი დაცვა იქნები, მე კი შენი“. ეს ორმხრივი შეთანხმებაა, მაგრამ არა ცოლ-ქმრობა.
ეს მეორე პრინციპია, რომელიც უნდა გაიგოთ, სანამ სუტრებზე გადავალთ.
მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი: მამაკაცი არა მხოლოდ მამაკაცია, ქალი არა მხოლოდ ქალია. მამაკაცი არის ქალი და მამაკაცი ერთად. მამაკაცის შიგნით ქალია, ქალის შიგნით კი მამაკაცი. ამიტომ ყოველთვის ჩართულია არა მხოლოდ გარეგნული მამაკაცი ან გარეგნული ქალი, ჩართულია ასევე შინაგანი მამაკაცი და შინაგანი ქალიც, რადგანაც გარეგანი და შინაგანი ურთიერთკავშირშია. ისევე როგორც შეგვიძლია ვთქვათ: „როგორც ქვემოთ, ისევე ზემოთ“, ასევე შეგვიძლია ვთქვათ „როგორც გარეთ, ისევე შიგნით“.
თქვენი შინაგანი რეალობა ისეთია, როგორიც გარეგანი: ისინი ურთიერთკავშირში არიან და აწონასწორებენ ერთმანეთს. რამდენადაც ყოველ მამაკაცში ასევე ქალიცაა, ჩნდება სირთულეები, რადგანაც არ შეუძლია მასთან საერთო ენის გამონახვა. ყველაფერი უფრო მარტივი იქნებოდა, მის ურთიერთობებში რომ მხოლოდ გარეგან ქალს მიეღო მონაწილეობა.
როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარდება, ამ ურთიერთობებში მართლაც ოთხი ადამიანი მონაწილეობს. ნებისმიერ საწოლში ყოველთვის ოთხი ადამიანია - შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მათი სირთულეები. როცა ორი ადამიანი სექსითაა დაკავებული, სინამდვილეში სექსითაა დაკავებული ოთხი ადამიანი : ეს ყოველთვის ჯგუფური სექსია! რადგანაც ყველა მამაკაცს შინაგანი ქალი ჰყავს, და ყველა ქალს - შინაგანი მამაკაცი. ასეც უნდა იყოს, რადგანაც ყოველი ადამიანი - ქალისგან და მამაკაცისგან იბადება. თქვენში აუცილებლად იქნება რაღაც მამისგან - ორმოცდაათი პროცენტი, და აუცილებლად იქნება რაღაც დედისგან - ორმოცდაათი პროცენტი. ყოველ ადამიანშია მისი მამის და დედის ნაწილი. შესაძლოა , წმინდა ბიოლოგიურად თქვენ მამაკაცი ხართ და ეს ნიშნავს, რომ თქვენ მამაკაცის ფიზიოლოგიური მექანიზმი გაქვთ, მაგრამ შიგნით , ღრმად , თქვენ არც მამაკაცი ხართ და არც ქალი, თქვენ ერთიც ხართ და მეორეც.
სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თუკი უნდა გამოვიყენოთ რაიმე საერთო სიტყვა მამაკაცისთვისაც და ქალისთვისაც... აქამდე გამოიყენებოდა სიტყვა „ადამიანი“ - მისით აღნიშნავენ ქალსაც და მამაკაცსაც. აქამდე ასე იმიტომ ხდება, რომ ადრე მამაკაცი დომინირებდა ქალზე. შესაძლოა მომავალში ქანქარა საწინააღმდეგო მხარეს გადაიხაროს, რაც გაცილებით უფრო სწორი იქნება, რადგანაც სიტყვა „ადამიანი“ (man) არ შეიცავს სიტყვას „ქალი” (woman). უფრო სწორი იქნება, თუ სიტყვა „ქალს“ გამოვიყენებთ, როგორც საერთო სიტყვას.
ყოველ მამაკაცში ქალია და ყოველ ქალში მამაკაცია. სწორედ ამ საწყისი დუალიზმის გამოა შესაძლებელი ჰომოსექსუალიზმი. შესაძლოა გარეგნულად მამაკაცი ხართ, მაგრამ თავს შინაგან ქალთან აიგივებთ. ამაში არანაირი პრობლემა არაა. თქვენი სული თავისუფალი რჩება. შინაგანად შეიძლება ან საკუთარ შინაგან ქალთან გაიგივდეთ, ან შინაგან მამაკაცთან. თუ ფიზიკურად მამაკაცი ხართ, მაგრამ თავს შინაგან ქალთან აიგივებთ, ჰომოსექსუალი ხდებით. ეს შეიძლება სხვადასხვაგვარად და სხვადასხვა მიზეზით მოხდეს. ჰომოსექსუალიზმი სწორედ ამ შინაგანი დუალიზმის გამოა შესაძლებელი.
თანამედროვე მეცნიერებას თქვენი ფიზიკური სქესის შეცვლაც კი შეუძლია. და ეს მეცნიერულად ადასტურებს უძველესი დაოსური აღმოჩენების ჭეშმარიტებას. თუკი ცოტათი შევცვლით ადამიანის ბიოქიმიას და ჰორმონალურ სისტემას, შეგვიძლია ფიზიოლოგიურად მამაკაცი ქალად ვაქციოთ, ქალი კი მამაკაცად . ეს უბრალოდ იმაზე მეტყველებს, რომ ყოველ ჩვენგანშია საწინააღმდეგო სქესის ნაწილი. ფიზიკური განსხვავებები მხოლოდ ამა თუ იმ ნაწილის სიჭარბის შედეგია.
ხანდახან ეს თავისთავადაც ხდება. დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც ქალი მამაკაცი ხდებოდა, მამაკაცი კი - ქალი. ალბათ ერთი სქესის უპირატესობა მეორეზე ძალიან უმნიშვნელო იყო - მამაკაცის ორმოცდათერთმეტი პროცენტი და ქალის ორმოცდაცხრა პროცენტი; მამაკაცური ნაწილის სიჭარბე მხოლოდ ერთი პროცენტი იყო. ეს სიჭარბე შესაძლოა ცხოვრების განმავლობაში შეცვლილიყო. ჰორმონალური ცვლილებები, ახალი საკვები, სხვა კლიმატი, სხვა ატმოსფერო, ახალი ემოციები, ავადმყოფობები, ნებისმიერ რამეს შეუძლია იმოქმედოს წონასწორობის გადაწევაზე - და მაშინ მამაკაცი ქალად იქცევა, ქალი კი - მამაკაცად. თანამედროვე მეცნიერება იოლად აკეთებს ამას.
სრულიად შესაძლებელია, რომ მომავალში ადამიანები ხშირად შეიცვლიან სქესს, რადგანაც თუ შესაძლებელია ცხოვრების გავლა ორივე პოლარობაში, რატომ არ უნდა სცადოთ? თუ შესაძლებელია საწინააღმდეგო გამოვლინებებით ტკბობა, რატომ არ უნდა სცადოთ? თქვენ მეტი თავისულფება გექნებათ. თქვენ იცხოვრეთ ოცდათხუთმეტი წელი როგორც მამაკაცმა და გადაწყვიტეთ, რომ საკმარისია. ახლა გინდათ გაიგოთ, როგორ გამოიყურება ყველაფერი მეორე მხრიდან. მაგრამ ამის გაგება მხოლოდ მაშინაა შესაძებელი, როცა მეორე მხარეს დგებით.
ვიცნობ რა ათასობით ადამიანს, მე დავასკვენი , რომ თუ ადამიანი ამ ცხოვრებაში მამაკაცია, შემდეგ ცხოვრებაში ის ქალად დაიბადება, და პირიქით. ახსნა ძალიან მარტივია: მას ბეზრდება ქალად ან მამაკაცად ყოფნა, და შიგნით, სიღრმეში ის იწყებს საპირისპიროსადმი სწრაფვას. და ბუნებრივია, შემდეგ ცხოვრებაში მისი სურვილი სრულდება.
სწორედ ესაა სამი ძირითადი პრინციპი. პირველი: ყველაფერი ურთიერთკავშირშია. მეორე: ცხოვრება შედგება ურთიერთწინააღმდეგობებისგან, და ეს წინააღმდეგობები კი არ მტრობენ, არამედ ავსებენ ერთმანეთს. და მესამე: არსებობს შინაგანი ორმაგობა; არაფერი არ შედგება ერთი პოლარობისგან.
ინდოეთში არსებობს არდანარიშვარას კონცეფცია, რომელიც ემთხვევა დაოსურ მიდგომას. შივას ყოველთვის ძერწავდნენ და ხატავდნენ ნახევრად ქალად, ნახევრად მამაკაცად. მისი სხეულის პირველი ნახევარი - მამაკაცურია, მეორე ნახევარი - ქალური. როცა ეს ქანდაკებები პირველად გახდა ცნობილი დასავლეთში, მათ მხოლოდ სიცილი გამოიწვიეს, ისინი აბსურდულად ჩანდნენ. რაშია მათი აზრი? ახლა უკვე გასაგები გახდა აზრი. ისინი ასახავენ ცხოვრების ერთ-ერთ ფუნდამენტალურ პრინციპს. ყოველი ჩვენგანი შივას ჰგავს: ნახევარი - ნახევარზე.
სუტრები შინაგან პოლარობაზე საუბრობენ, და სანამ ამ შინაგანი პოლარობის საზღვრებს მიღმა არ გახვალთ, ვერ მიაღწევთ ერთიანობას, გაორებული დარჩებით. მედიტაცია არის მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა მოვახდინოთ ამ პოლარობის ტრანსცენდენცია თქვენს შიგნით. მედიტაცია ნებისმიერი ორმაგობის გადალახვაში გეხმარებათ.
თქვენ ორმაგი რჩებით ჩვეულებრივ ცხოვრებაში და დღე-ღამის განმავლობაში მრავალჯერ გადადიხართ ერთი პოლარობიდან მეორეში. დააკვირდით. შესაძლოა თქვენ მამაკაცი ხართ, მაგრამ ხანდახან ძალიან ქალური, ძალიან სათუთი ხდებით, შესაძლოა თქვენ ქალი ხართ, მაგრამ ხანდახან მამაკაცის მსგავსი ხდებით. როცა ქალი მამაკაცს ემსგავსება, ის ძალიან აგრესიული ხდება - უფრო აგრესიული, ვიდრე ნებისმიერი მამაკაცი, რადგანაც მისი აგრესიულბა ძალიან საღია, გამოუყენებელია, უხვია, ისეთივე უხვი, როგორც ახალი, დაუმუშავებელი მიწა. იგივე ითქმის მამაკაცზეც. თუკი ნაზია, ის ძალიან ნაზია - უფრო ნაზი, ვიდრე ქალი, - რადგანაც ეს მისი დაუმუშავებელი მიწაა. მისი არსის ეს ნაწილი გამოუყენებელია, იგი საღია, იგი უხვია. თუ უფრო ყურადღებიანი გახდებით, თქვენც შეამჩნევთ ამ უცნაურ მოვლენას.
ჩვეულებრივ , ქალები ძალიან მოსიყვარულე არსებები არიან; მამაკაცი , როგორც წესი არც ისე მოსიყვარულეა. ქალი მხოლოდ ზოგჯერაა აგრესიული, მაგრამ როდესაც ეს „ზოგჯერ“ ხდება, ის ნამდვილად აგრესიულია. მამაკაცი მხოლოდ „ზოგჯერაა“ მოსიყვარულე, მაგრამ როცა ეს „ზოგჯერ“ ხდება, ის ნამდვილად მოსიყვარულეა. ეს მათი არსების უმოქმედო ნაწილებია, ამიტომ როცა ისინი მოქმედებაში მოდიან, ძალიან საღი აღმოჩნდებიან ხოლმე.
ამ შინაგანი პოლარობის გამო თქვენ ყოველთვის კონფლიქტის, ტანჯვის მდგომარეობაში იმყოფებით; მაგრამ მის გარეშე არსებობა არ შეგიძლიათ. თუ ერთიანი ხართ, უხილავი ხდებით, სწორედ ამიტომ არ ჩანს ღმერთი. იმისთვის, რომ ხილვადი გახდეს, ერთიანი ორ პოლარობად უნდა გაიყოს. მხოლოდ მაშინ ხედავთ რასაც წერთ, თუკი შავით თეთრზე წერთ.
იმისთვის, რომ რაღაცამ იარსებოს, აუცილებელია კონტრასტი. სწორედ ამიტომ არ ჩანს დღისით ვარსკვლავები, ღამით კი ჩანს: ბნელი ღამის ფონზე. დღისით ვარსკვლავები არსად მიდიან, ისევ ცაზე რჩებიან, სადაც ღამით იყვნენ - უბრალოდ დღისით საკმარისი კონტრასტი არაა. თქვენ მათ ვერ ხედავთ. ისინი უხილავნი არიან.
ღმერთი უხილავია. თუ მას მოუნდება, რომ ხილული გახდეს, გაორდება, ქალი და მამაკაცი გახდება, სული და მატერია გახდება, სხეული და სული გახდება. მხოლოდ ურთიერთსაპირისპირო წყვილი ხდება ხილული. სამყარო ასეთი წყვილებისგან შედგება, სამყარო ორმაგია. როცა თქვენთვის ეს ორმაგობა ერთიანობაში შეირწყმება, თქვენ უხილავი გახდებით. სწორედ ამაშია ერთი დაოსური გამოთქმის აზრი, რომელიც ძალიან იდუმალი ჩანს : დაოს ადამიანი უხილავია. მასში უზარმაზარი აზრია ჩადებული, თუმცა ეს მხოლოდ მეტაფორაა. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ დაინახავთ ლაო-ძის, ან მე. თქვენ უკვე მხედავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე მხედავთ. ეს ნაწილი უხილავი გახდა. შინაგანი პოლარობა გაქრა, ჩემში აღარაა ორმაგობა. შესაძლებელია დაინახოთ მხოლოდ ორმაგი, არაორმაგი უხილავი ხდება.
ღმერთს გაორება უწევს, რადგანაც მხოლოდ ასეა შესაძლებელი ეს თამაში. უძველეს ინდუისტურ წმინდა წერილებში ნათქვამია: “იგი ძალიან მარტო იყო“. „იგი“ - ანუ ღმერთი. იგი ძალიან მარტო იყო, მოიწყინა და ამიტომაც გაორდა. ის ქალი და მამაკაცი გახდა. მთელი ყოფიერება სექსუალურია ანუ ორმაგია. ადრე თუ გვიან მეცნიერება აღმოაჩენს, რომ არსებობს ქალური და მამაკაცური პლანეტები. ასეც უნდა იყოს. როგორც უძელესი ასტროლოგია ამტკიცებს, და მე სრულიად ვეთანხმები მას: ყველაფერი ორმაგია. სწორედ ამიტომ ითვლება მზე მამაკაცურად, მთვარე კი ქალურად. ეს არაა პოეზია, ეს ფაქტია. შესაძლოა მეცნიერულად არ დასტურდება, მაგრამ სწორედ ასეა. თუ ყველაფერი ორმაგია, ვერანაირი გამონაკლისი ვერ იქნება.
სწრაფვა ქალისადმი ან მამაკაცისადმი ორმაგობაში გამყოფებთ. ახლა თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, რატომ გასწავლით ყველა დიადი მისტიკოსი, როგორ გახვიდეთ სექსის საზღვრებს მიღმა, რადგანაც სანამ ამ საზღვრებს არ გასცდებით, ვერ შეხვალთ ღმერთში; სანამ სექსის საზღვრებს მიღმა არ გახვალთ, სანამ ორმაგობის მიღმა არ გახვალთ, თქვენ შეზღუდული იქნებით სამყაროს ორმაგობით. „სამყარო“ ნიშნავს გამოვლენილ ღმერთს, ხოლო „ღმერთი“ ნიშნავს სამყაროს, რომელიც კვლავ შეერწყა გამოუვლენელს. ესეც ორმაგობის ნაწილია: გამოვლენილი და გამოუვლენელი.
ქრისტიანულ თეოლოგიაში არ არის ისეთი სიღრმე, ის უფრო ზედაპირულია. ქრისტიანულ თეოლოგიაში მხოლოდ ქმნილებაა, გამოვლენილი ქმნილება. და რაც შეეხება გამოუვლენელს, როგორ იარსებებს ქმნილება გამოუვლენელის გარეშე? აღმოსავლურ თეოლოგიაში ერთიცაა და მეორეც: სრუშტი ნიშნავს ქმნილებას, პრალაია ნიშნავს გამოუვლენელში გადასვლას. თავიდან დგება მომენტი, როდესაც ღმერთი გამოვლენილი ხდება, შემდეგ დგება მომენტი, როცა ღმერთი კვლავ გამოუვლენელი ხდება - ყველაფერი სიცარიელეს, არაფერს ერწყმება. როგორც დასაწყისში ვთქვი, იგივე გემართებათ თქვენც: როცა შეყვარებულთან ხართ , მისგან იღლებით, გინდებათ მედიტაცია, ჰიმალაებში წასვლა; ღმერთიც ასევე იღლება სამყაროსგან და ეს ბუნებრივია . მაშინ მას უნდა დაისვენოს, კვლავ შეერწყას ერთიანობას. ხდება შერწყმა, ყველაფერი ქრება. მაგრამ რამდენ ხანს შეიძლება ჰიმალაების გამოქვაბულში ჯდომა? ღმერთიც კი იღლება ამისგან. ის კვლავ იწყებს ძიებას და თავისთვის ვინმეს შექმნას.
იგივე ემართება ყოველ ინდივიდუალურ სულსაც: თქვენ ცხოვრობთ, შემდეგ იღლებით ცხოვრებისგან და გინდათ გასცდეთ მის საზღვრებს. ახლა გესმით, რატომ მოვითხოვ ასე დაჟინებით, რომ არ გეშინოდეთ სამყაროსი და არ გაექცეთ მას, რადგანაც სწორედ სამყაროში ხდება განდეგილობა? ეს პოლარობის ნაწილია. სწორედ ამიტომ მოვითხოვ, რომ არ თქვათ უარი ქალზე ან მამაკაცზე. თუ უარს იტყვით, ინტერესს შეინარჩუნებთ.
არაფერზე თქვათ უარი. ყველაფერი გამოსცადეთ. ნება მიეცით საკუთარ თავს, სამყაროს ყველა სიამოვნება იგემოთ, და თავად ეს გახდება განდეგილობა. თავად ამ სიამოვნებების აყოლით იგრძნობთ, რომ აბსოლუტურ მარტოობაში შერწყმის დრო დადგა. თქვენ შეძლებთ აბსოლუტურ მარტოობაში შესვლას მხოლოდ მაშინ, თუ მართლა დაიღლებით.
მაგრამ ჩემი, როგორც ყოველთვის , არასწორად ესმით. ინდოეთში მე ერთ-ერთი ყველაზე არასწორად გაგებული ადამიანი ვარ. ისინი ფიქრობენ, რომ მე სიამოვნებების აყოლას ვასწავლი, არადა მე განდეგილობას ვასწავლი. ისინი ფიქრობენ, რომ მიწიერ სანიასას ვასწავლი. მათ არ ესმით. მე ნამდვილ სანიასას ვასწავლი, რადგანაც ნამდვილი სანიასა შესაძებელია მოვიდეს მხოლოდ მიწიერი გამოცდილების შედეგად. ნამდვილი სანიასა შეუძებელია ჰიმალაის გამოქვაბულში. ის ნამდვილი ვერ იქნება, ის მხოლოდ ფორმალური იქნება; შიგნით ,სიღრმეში მიწიერი რჩებით და იოცნებებთ მიწიერ სამყაროზე, მოგწყურდებათ იგი.
გამოსცადეთ ყველაფერი. ნამდვილად გამოსცადეთ ყველაფერი, სანამ სამყაროსგან არ დაიღლებით, სანამ არ მოგბეზრდებათ, სანამ არ მოამთავრებთ იმდენად, რომ ერთხელაც ამ ყველაფერმა ყოველგვარი აზრი დაკარგოს თქვენთვის, და მოხდება განდეგილობა. ჭეშმარიტი განდეგილობა მიწიერ სამყაროში ხდება, მხოლოდ მიწიერ სამყაროში.
ახლა სუტრები.
სხეულში არის ანიმა. ანიმა - ეს ინია, ქალური პრინციპი; ეს ცნობიერების ნივთიერებაა.
ყოველ არსებაში არის ანიმა. ანიმა ნიშნავს ქალურ პრინციპს, პასიურობის, არააქტიურობის პრინციპს; ეს ქალია, „...ინი, ცნობიერების ნივთიერება“. ეს არაა თავად ცნობიერება, ეს მისი ნივთიერებაა - მის გარეშე ცნობიერება ვერ იარსებებს. ეს ქალია... და გახსოვდეთ: სიტყვა „ქალის“ გამოყენებისას მე ვგულისხმობ არა უბრალოდ ქალს, არამედ ქალურ პრინციპს. თქვენ გამუდმებით უნდა გახსოვდეთ ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგეჩვენებათ, რომ დაოსები ქალების წინააღმდეგ არიან განწყობილნი. ეს ასე არაა. ისინი არც მომხრე არიან, არც წინააღმდეგი, ისინი უბრალოდ აღწერენ. ისინი არაფერს ამბობენ მამაკაცის ან ქალის სასარგებლოდ , ისინი საუბრობენ მამაკაცურ და ქალურ პრინციპებზე.
სხეულში არის ანიმა. ანიმა - ეს ინია, ქალური პრინციპი; ეს ცნობიერების ნივთიერებაა.
სწორედ ამ ქალური პრინციპის გამო არიან ქალები მიჯაჭვული თავიანთ სხეულზე. მამაკაცი არც ისე მიჯაჭვულია სხეულზე, იგი მასზე არც კი ფიქრობს. თუ მამაკაცის გვერდით ქალი არაა, ის ძალიან უსუფთაო ხდება, მისი ოთახი ჭუჭყითა და მტვრით იფარება, და თვითონ ამას ვერც კი ამჩნევს. როცა სტუმრად მიდიხართ ვინმესთან, ყოველთვის ამჩნევთ, მარტო ცხოვრობს მამაკაცი თუ ქალთან ერთად. ეს ძალიან მარტივია. შეგიძლიათ მამაკაცის ოთახის ნახვით დაასკვნათ მარტოს ის თუ ცოლი ჰყავს. წიგნებზე მრავალწლიანი მტვერია დაგროვილი. იგი არ ზრუნავს თავის მატერიალურ ნაწილზე, თავის სხეულზე. ქალი, პირიქით, ძალიან ზრუნავს, ამიტომაც დგას ასე დიდხანს სარკის წინ.
ერთხელ მოლა ნასრედინი ბუზებს იჭერდა. მან რამდენიმე ბუზი დაიჭირა და თავის ცოლს უთხრა:
- მე ორი მდედრი და ორი მამრი დავიჭირე.
ცოლს გაუკვირდა:
- საინტერესოა, როგორ არჩევ მათ სქესს?
ნასრედინმა უპასუხა:
- ორი ბუზი სარკეზე იჯდა, ორი დანარჩენი კი გაზეთს კითხულობდა!
ყველაფერი ძალიან მარტივია. ქალი ძალიანაა მიჯაჭვული თავის სხეულზე, მატერიალურ საგნებზე, თავის სახლზე. ქალები რომ არ ყოფილიყვნენ, მამაკაცები კარვებში იცხოვრებდნენ და არა სახლებში. სწორედ ქალმა შექმნა მთელი ცივილიზაცია, რადგანაც სახლების გარეშე არ იქნებოდა არანაირი ცივილიზაცია. სახლების გარეშე არ იქნებოდა ქალაქები, ცივილიზაცია კი ქალაქებში ვითარდება. სიტყვა „ცივილიზაცია“ მომდინარეობს ფუძიდან civis - მოქალაქე. მთელი ცივილიზაცია ქალმა შექმნა. ქალის გარეშე მამაკაცი მაწანწალად, მოხეტიალედ, მომთაბარედ, მონადირედ დარჩებოდა: ის გადაადგილდებოდა ერთი ადგილიდან მეორეზე. ეს ბევრ რამეში ვლინდება. შეგვიძლია ბევრი მაგალითი მოვიყვანოთ.
დასავლეთი უფრო მეტად დაკავშირებულია მამაკაცურ პრინციპთან, ამიტომ მთელ მსოფლიოში შეგვიძლია ვნახოთ ამდენი დასავლელი ტურისტი. აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ტურისტებს გაცილებით იშვიათად შეხვდებით. აღმოსავლეთი ძალიან ქალურია.
ქალი ძალიანაა მიჯაჭვული მატერიალურ საგნებზე: სახლზე, მანქანაზე, მიწაზე, თავის ძვირფასეულობაზე, ტანსაცმელზე. ეს აიხსნება მისი შინაგანი პრინციპით: ქალი ცნობიერების მატერიალური ნაწილია. გახსოვდეთ: ქალის გარეშე სულს არ შეუძლია ამაღლდეს. დიად პოეზიას მამაკაცი ქმნის, მაგრამ მისი შთაგონების წყარო ყოველთვის ქალია.
მსოფლიოში არ არიან დიადი პოეტი ქალები. მე წამიკითხავს პოეზია, რომელსაც ქალები წერდნენ. ისინი ძალიან ცდილობენ, მაგრამ არც ისე კარგად გამოსდით. მადური წერს დიად ლექსებს, მაგრამ სინამდვილეში ეს არაა ლექსები. ქალებმა არ იციან ლექსების წერა. მათ იციან როგორ შთააგონონ - ეს სიმართლეა. ყოველი დიადი ლექსის უკან აუცილებლად დგას ქალი. იგია შთაგონების წყარო. მისი სიახლოვე, სიყვარული, მზრუნველობა ქმნის ამ ლექსს. მას არ სჭირდება ლექსის დაწერა - ამას მამაკაცი გააკეთებს. მაგრამ სწორედ ქალი შთააგონებს მას, იგია ძალიან ნატიფი მიზეზი . დედამიწაზე არ არიან დიადი მხატვარი ქალები. ჩვენს დროში ქალები ყველაფერ იმას აკეთებენ, რასაც ადრე მხოლოდ მამაკაცები აკეთებდნენ... უზარმაზარი კონკურენციაა. ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რასაც ადრე მხოლოდ მამაკაცი აკეთებდა. ისინი ფიქრობენ, რომ სწორედ ამიტომ ჰქონდათ მამაკაცებს მათზე უპირატესობა. ეს ლოგიკა აზრს მოკლებულია. ისინი მხოლოდ მამაკაცის იმიტაცია გახდებიან, თავიანთ სულს დაკარგავენ და მეორადებად დარჩებიან. ასე ისინი ვერასოდეს იქნებიან პირველადები. ეს უნაყოფო კონკურენციაა.
თუ ქალი მამაკაცს მიბაძავს, ის ვერასოდეს გახდება იმდენად კომპეტენტური, რამდენადაც მამაკაცი. ეს შეუძლებელია, მის უკან ხომ მისი მამაკაცური პრინციპი დგას. ის მახინჯი და უხეში გახდება, თავის სინაზეს დაკარგავს. ფემინისტების მოძრაობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფაა, რომელიც ოდესმე დამართნიათ ქალებს; არა იმიტომ, რომ მათ არასწორი იდეოლოგია აქვთ, არამედ იმიტომ, რომ არასწორი მოტივაცია აქვთ .
ქალი მართლაც თანასწორია მამაკაცისა, მაგრამ ისეთივე არაა... და არც უნდა იყოს ისეთივე. ის თავის ბუნებას უნდა მიჰყვეს, თავის სულს უნდა მიუგდოს ყური. მას სხვა ენერგია , სხვა ბედი აქვს, სხვა ფუნქციას ასრულებს ამ სამყაროში. თუ მამაკაცს მიბაძავს, საკუთარ თავს დაკარგავს. თუ საკუთარ თავს დაკარგავს, საკუთარ არსთან კავშირს დაკარგავს: ყალბი, ხელოვნური, სინთეტიკური გახდება და ღრმა სასოწარკვეთილებას იგრძნობს. სწორედ ამიტომაც ფემინისტები გამუდმებით ბრაზობენ, გამუდმებით რისხვაში არიან. მათი რისხვა მეტყველელებს მათ იმედგაცრუებაზე. ისინი არ გახდნენ ისეთები, როგორებიც უნდა ყოფილიყვნენ, ისინი ბუნების წინააღმდეგ წავიდნენ.ამის გაკეთება არ ღირდა .
სხეულში არის ანიმა. ანიმა - ეს ინია, ქალური პრინციპი; ეს ცნობიერების ნივთიერებაა.
იმედიტირეთ სიტყვაზე „ცნობიერების ნივთიერება“, ცნობიერების საფუძველი. ეს არაა თავად ცნობიერება, ეს სახლია, რომელშიც ის ცხოვრობს.
მის გარდა არის ანუმუსი, რომელშიც ცხოვრობს სული.
ანიმუსი - ეს მამაკაცური პრინციპია, იანი.
ანიმუსი ცხოვრობს თვალებში: ის ხედავს, ის ოცნებობს.
ქალური პრინციპი დაკავშირებულია სხეულთან, ის ძალიან მატერიალურია. სწორედ ამიტომ არიან ქალები ასეთი მატერიალური. მათი აზროვნება ძალიან პრაქტიკული და პრაგმატულია.
მოლა ნასრედინმა მითხრა ერთხელ, რომ არასოდეს ეკამათება თავის ცოლს. მე ვკითხე:
- როგორ ახერხებ ამას? ეს შეუძლებელია ან თითქმის შეუძლებელი.
- უკვე მრავალი წელია მშვენივრად , - მიპასუხა მან. - პირველივე ღამეს მოვიფიქრეთ ერთი პრინციპი და მას შემდეგ მივყვებით. პრინციპი ასეთია: ის იღებს გადაწყვეტილებებს უმნიშვნელო საკითხებზე, მე კი - მნიშვნელოვან საკითხებზე.
- და როგორ საკითხებს უწოდებთ მნიშვნელოვანს ან უმნიშვნელოს? - ვკითხე მე.
მოლამ ამიხსნა:
- აი , მაგალითად, როგორი მანქანა ვიყიდოთ, როგორ სახლში ვიცხოვროთ, რომელ სკოლაში ვატაროთ ბავშები, რა ვჭამოთ, რა ჩავიცვათ, ყველა ამ უმნიშვნელო საკითხს ის წყვეტს.
- და მაშინ შენ რაღას წყვეტ?
მან მიპასუხა:
- არსებობს თუ არა ღმერთი , არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი _ ყველა ეს მნიშვნელოვანი საკითხი ჩემია. ყველა ამ მნიშვნელოვან საკითხს მე ვწყვეტ. ეს პრინციპი დღემდე მშვენივრად მუშაობს. ის არასოდეს ერევა ჩემს მნიშვნელოვან საკითხებში, მე კი არასოდეს ვერევი მის უმნიშვნელო საკითხებში. მე ჩემს სამყაროში ვარ ბატონი, ის კი თავისაში. ჩვენ არასოდეს ვიკვეთებით.
ქალური პრინციპი მატერიაში და სხეულშია ფესვგადგმული, მამაკაცი კი მეოცნებეა.
მამაკაცი - იდეალისტია, მეოცნებეა. მამაკაცური პრინციპი ფანტაზიის პრინციპია. ვერცერთ ქალს ვერ ეცოდინება, რატომ უნდა გავფრინდეთ მთვარეზე. ეს ხომ სისულელეა. რატომ? რას გავაკეთებთ იქ ? მაღაზიებში ვივლით? ჯობს ქალაქგარეთ წავიდეთ საყიდლებზე, ვიდრე მთვარეზე. რა უნდა ვაკეთოთ იქ? რაშია აზრი? თანაც სიცოცხლითაც გავრისკოთ? ვერცერთი ქალი ვერ გაიგებს, რატომ უნდა მამაკაცს ევერესტის დაპყრობა. რას მისცემს ეს? უბრალოდ სასაცილოა. ყოველი ქალი გულის სიღრმეში დარწმუნებულია, რომ ყველა მამაკაცი უბრალოდ ბავშვია: „დაე, ითამაშონ თავიანთი სათამაშოებით“. მან მშვენივრად იცის, რომ მათ ყველანაირი სისულელე იზიდავთ : საფეხბურთო მატჩი, კრიკეტი. ეს ყველაფერი სისულელეა, უაზრობაა. შენ ერთ მხარეს ისვრი ბურთს, ისინი უკან ისვრიან შენს მხარეს, და ასე უსასრულობამდე... რაშია აზრი?
ქალი ძალიან პრაქტიკული და რაცინალურია. იგი ძალიან მიწიერია. მამაკაცური პრინციპი დაკავშირებულია ცასთან, ქალური კი მიწასთან. მამაკაცი ოცნებობს, გეგმავს, ფანტაზიორობს, შეუცნობელისკენ ისწრაფვის. მამაკაცს თავგადასავლები სწყურია და მზადაა გარისკოს თავისი სიცოცხლით ნებისმიერი ოცნებისთვის, რომელმაც იგი შეიპყრო.
ქალს მოსმენა უყვარს, მამაკაცს ცქერა, ამიტომ უყვართ ქალებს ჭორაობა. ისე ტკბებიან ამით... უბრალოდ შეხედეთ ქალებს, როცა ისინი ჭორაობენ და დაინახავთ, როგორ ექსტაზში არიან ისინი.
მე გამიგია...
ერთხელ ჩინეთში კონკურსი გამოაცხადეს ქვეყანაში ყველაზე დიდ მატყუარაზე. მრავალი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც სხვა და სხვა ტყუილებს ჰყვებოდნენ. მაგრამ პირველი ადგილი დაიკავა ადამიანმა, რომელმაც შემდეგი მოჰყვა: „მე დავინახე ორი ქალი პარკში, სკამზე, რომლებიც ნახევარი საათის განმავლობაში ჩუმად იჯდნენ“.
იგი კონკურსის გამარჯვებული გახდა. ასეთი რამ უბრალოდ შეუძლებელია!
პირველი ცოდვა ქალის გამო მოხდა. გველმა, როგორც ჩანს, თავდაპირველად ადამის ცდუნება გადაწყვიტა. მაგრამ ადამი არ აჰყვა მის დაპირებებს, რადგანაც მამაკაცი არ უსმენს, ის უყურებს; როგორც ჩანს მან დაინახა, რომ ეს ცბიერი გველია, და უთხრა: „წყნარად იჯექი და ნუ მაცდენ. მე ჩემი ოცნებები მაქვს“. მაგრამ ევა გველმა ადვილად დაარწმუნა. ალბათ ჭორაობა დაიწყო მასთან. დაახლოებით ამგვარად: „რას აკეთებ აქ? აი ხე შეცნობისა, ღმერთმა კი მოგატყუათ. თუ ამ ხიდან შეჭამ ნაყოფს, ყველაფერს გაიგებ, რაც ღმერთმა იცის. მაშინ ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე გახდები“.
ბუნებრივია, ევა ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო . გველმა იგი დაარწმუნა. გველი პირველი ვაჭარი იყო. ვაჭრები არასოდეს მიდიან მამაკაცებთან; ისინი მხოლოდ მაშინ აკაკუნებენ კარზე, როცა მამაკაცი სამსახურშია წასული და ქალს არწმუნებენ. მისი დარწმუნება ადვილია, რადგანაც მას მოსმენა უყვარს.
ყურები თქვენი არსების პასიური და მიმღები ნაწილია. ყურებს შეუძლიათ რაღაც მიიღონ. თვალები აგრესიული ნაწილია. თქვენ არ შეგიძლიათ აგრესიის გამოვლენა ყურებით, თვალებით კი შეგიძლიათ . შეგიძლიათ ისე შეხედოთ ადამიანს, თითქოს თქვენს თვალებში ხანჯლებია. ერთი შეხედვით შეგიძლიათ აწყენინოთ ადამიანს, ან დიდი სიყვარული გამოხატოთ მისადმი. თვალებით შეგიძლიათ დაამყაროთ კონტაქტი ადამიანთან, ან პირიქით, განუდგეთ მას. ზოგჯერ ვიღაც ისე გარიყული მზერით გიყურებთ, რომ გიჭირთ მასთან კონტაქტის დამყარება. ან ვიღაც ისეთი ვნებით შემოგცქერით, ისეთი სურვილით, სიყვარულით, მზრუნველობით, რომ გეჩვენებათ, თითქოს მისი თვალები თითქმის ეალერსებიან თქვენს სხეულს. თვალები აგრესიული ნაწილია; ისინი პროექციას ახდენენ, ისინი კავშირს ამყარებენ.
ინდოეთში, ადამიანს, რომელიც შეურაცხმყოფელად უმზერს ქალს, ლუჩჩას უწოდებენ. გაგიკვირდებათ და სიტყვა ,,ლუჩჩა’’ მომდინარეობს სიტყვისგან ლოჩან - თვალები. ის ძალადობს თვალებით, მისი თვალები თითქმის მისი გენიტალიები ხდება. თვალებს შეუძიათ სახიფათო იყვნენ.
ყურები ძალიან უმანკოა. ისინი მხოლოდ იღებენ. ისინი ძალიან ქალურები არიან.
ანიმუსი თვალებში ცხოვრობს: ის ხედავს, ის ოცნებობს. ის, ვინც საკუთარ თავს ჩაკეტილად, მოქუფრულად და თავისი სხეულის გარსთან მიჯაჭვულად გრძნობს, ანიმას ძალაუფლების ქვეშ იმყოფება.
როცა თავს ჩაკეტილად, პასიურად გრძნობთ, თქვენ მიჯაჭვული ხართ სხეულზე და მიჯაჭვული ხართ ანიმას მიერ. არ აქვს მნიშვნელობა, ქალი ხართ თუ მამაკაცი. როცა ქალი თვალებს იყენებს და ცდილობს, რომ კი არ მოისმინოს, არამედ დაინახოს, ის ანიმუსი ხდება. როცა მამაკაცი ცდილობს მოსმენას, ის ანიმა ხდება. მოსწავლე ანიმა ხდება და უნდა გახდეს , რადგანაც მოსწავლე ბოლომდე სმენად უნდა იქცეს.
ოსტატი ბოლომდე მზერად იქცევა, მოსწავლე კი ბოლომდე სმენად. ოსტატი უნდა ხედავდეს, მან უნდა დაინახოს თქვენი სულის სიღრმეები და შემოაღწიოს თავად თქვენს არსში. ხოლო მოსწავლემ ყურადღებით უნდა მოისმინოს, მიმღები გახდეს და ოსტატს ნება მისცეს, რომ მისი არსების ყველაზე ფარულ გულში შეაღწიოს.
მოსწავლე ქალური ხდება. სწორედ ამიტომ ქალები ყველაზე კარგი მოსწავლეები არიან მსოფლიოში. მამაკაცისთვის გაცილებით უფრო რთულია მოსწავლედ გახდომა. რომც გახდეს, უხალისოდ აკეთებს ამას. ის ეწინააღმდეგება, იბრძვის, ეჭვობს, ყველანაირ საბაბს იგონებს, რომ თავიდან აიცილოს ეს. თუ ამას ვერ ახერხებს, საკუთარ უმწეობაში ნებდება. ის უმწეობისგან ნებდება. ქალი სიხარულით ნებდება. დიადი მოსწავლეები ყოველთვის ქალები იყვნენ, და ეს შეფარდება უცვლელი რჩება. თუ ოსტატს ხუთი მოსწავლე ჰყავს, მათგან მხოლოდ ერთია მამაკაცი, დანარჩენი ოთხი კი ქალია. ეს უცვლელი შეფარდებაა. ეს ასე იყო მაჰავირას დროსაც, ბუდას დროსაც და ჩემს დროსაც. ყოველთვის ასე ხდებოდა.
მამაკაცები თვლიან, რომ ქალები ძალიან დამყოლები არიან, რომ ისინი ძალიან ადვილად ექვემდებარებიან შთაგონებას, ჰიპნოზს. ეს უბრალოდ მათი განსჯაა. მამაკაცები დარწმუნებულები არიან, რომ თვითონ არ ექვემდებარებიან შთაგონებას, სამაგიეროდ, ქალები, მათი აზრით, ადვილად ექვემდებარებიან. რაღაც კუთხით ისინი მართლები არიან, რაღაც კუთხით არა. თუ ქალი გველთან მივა, ის გველის რწმუნებულებებს დაექვემდებარება. თუ ქალი ბუდასთან მივა, ის ბუდას რწმუნებულებებს დაექვემდებარება. დიახ, ის მართლაც ადვილად ექვემდებარება შთაგონებას; ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვისთან მიდის იგი. თუ მამაკაცი შეხვდება გველს, ის ვერ დაარწმუნებს მას; იგი თავს გადაირჩენს გველისგან. მაგრამ თუ იგი ბუდას შეხვდება, ბუდაც ვერ შეძლებს მის დარწმუნებას. მაშინ ის ხელიდან გაუშვებს თავის ხსნას.
ანიმუსი კონცენტრირდება სინათლეს წრეზე მოძრაობის მეშვეობით. ამგვარად ხდება სულის შენარჩუნება და ანიმას დამორჩილება.
სინათლის ცირკულაცია თვალებში უნდა მოხდეს. თვალები თქვენი არსების ყველაზე ნათელი ნაწილია. დაოსები ამბობენ, როპმ თვალები მზესთან არიან დაკავშირებული. თუ თვალები არ გაქვთ, ვერ დაინახავდით სინათლეს, რადგანაც მხოლოდ მსგავსი ხედავს მსგავსს. თვალები კონდენსირებული სინათლეა, სწორედ ამიტომ ხედავენ ისინი სინათლეს. ყურები კონდენსირებული ბგერაა, სწორედ ამიტომ ესმით მათ.
ანიმა დამორჩილებულ უნდა იქნეს - მამაკაცშიც და ქალშიც. რატომ? - იმიტომ, რომ ეს მატერიაა, სხეულია, გარსია. ბატონი სული უნდა იყოს, სული უნდა ამაღლდეს სხეულზე. სხეული უნდა დაემორჩილოს სულს და არა პირიქით. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, მამაკაცი ხართ თუ ქალი, ანიმა ანიმუსს უნდა დაუქვემდებაროთ, რადგანაც მხოლოდ ანიმუსს შეუძია ძიება. თუ ანიმა ანიმუსს მიჰყვება, მას შეუძლია ღრმად შევიდეს რეალობაში.
თუ პოეტის გვერდით ქალია, რომელიც მას ეხმარება, მის პოეზიას შეუძლია ზეცაში აიჭრას. თუ მამაკაცმა იცის, რომ ქალი ყოველთვის მის გვერდითაა, ის უზარმაზარ ძალას გრძნობს საკუთარ თავში, მას ნებისმიერ თავგადასავალში შეუძლია გამგზავრება; თუ მან იცის, რომ ქალი გვერდით არ ჰყავს, ის ძალებს კარგავს. მაშინ მას მხოლოდ ოცნებები რჩება, მაგრამ ისინი უძლური არიან, მათ არ შეუძლიათ რეალიზება, მათში უკვე აღარაა ენერგია.
ქალი შთააგონებს, მამაკაცი ოცნებობს. ღმერთის ან ჭეშმარიტების ძიებაში მამაკაცი უნდა იყოს წამყვანი, ქალი კი მიჰყვებოდეს. ანიმუსი თქვენში ოსტატი უნდა გახდეს, ანიმა კი მოსწავლე : მნიშვნელობა არ აქვს მამაკაცი ხართ თუ ქალი.
სამყაროსგან გასანთავისუფლებლად, ძველები იყენებდნენ სპეციალურ მეთოდს, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ბოლომდე გალღვეს სიბნელის ფერფლი და დავუბრუნდეთ წმინდა ქმნილებას.
ქალი სტატიურია, მამაკაცი კი დინამიური. სწორედ ამიტომ ჩანან ქალები ასეთი მშვიდები, მამაკაცები კი ასეთი მოუსვენრები. მაშინაც კი, როცა ბავშვი იყავით, სულ პატარა ბავშვი, სწორედ ასე ხდებოდა. ბავშვი-ბიჭი ყოველთვის მოუსვენარია, ის გამუდმებით ცდილობს ხელი სტაცოს რაიმეს, მიწვდეს, ისდაუდგრომელია. ბავშვი-გოგო არასოდეს ცელქობს: ის წყნარად ზის თავის თოჯინასთან. ის თავად ჰგავს თოჯინას , ისეთივე მშვიდია. სიმშვიდე ქალური პრინციპია, მოუსვენრობა კი მამაკაცური პრინციპია, აქედანაა ქალის სილამაზე და სიმრგვალე და მამაკაცის გამუდმებული ციებ-ცხელების მდგომარეობა.
მაგრამ ზრდისთვის აუცილებლად გჭირდებათ მოუსვენრობის პრინციპი, რადგანაც ზრდა ნიშნავს ცვლილებას. ქალი ორთოდოქსულია, მამაკაცი რევოლუციონერია. ქალი ყოველთვის ინარჩუნებს სტატუს ქვოს, მამაკაცი კი მზადაა ყოველთვის შეუწყოს ხელი ნებისმიერ სულელურ რევოლუციას. ის ნებისმიერი ცვლილების მხარესაა; მნიშვნელობა არა აქვს კარგია ეს თუ ცუდი . ყოველგვარი ცვლილება კარგია. ქალი ყოველთვის ძველის მხარესაა; მისთვის მნიშვნელობა არა აქვს კარგია ეს თუ ცუდი; ასე იყო ყოველთვის, ამიტომ ასეც უნდა იყოს.
იმისთვის, რომ გაიზარდოთ, თქვენ უნდა გაალღოთ თქვენში სტატიურობის პრინციპი. ქალი თქვენში ყინულად იქცა; ის უნდა გალღვეს, რომ მდინარე გახდეთ. მაგრამ გახსოვდეთ: მდინარე ვერ იარსებებს ნაპირების გარეშე, რომლებიც მას ინარჩუნებენ, და ისინი სტატიურები არიან. თუ მდინარეს ნაპირები არ აქვს, ის ვერასოდეს მიაღწევს ოკეანეს. თუ მდინარე გაიყინა, ის ვერასოდეს მიაღწევს ოკეანეს. ამიტომ გაყინული მდინარე უნდა გალღვეს, დინებადი გახდეს და უძრავი ნაპირებისგან მიიღოს მხარდაჭერა. სრულყოფილი ადამიანი ისაა, ვინც მდინარის დინამიკას და მისი ნაპირების სტატიურობას იყენებს. ეს იდეალური ბალანსია. მაშინ თქვენ იყენებთ ანიმუსს იმისთვის, რომ გაიზარდოთ, და ანიმას იმისთვის, რომ თქვენი ზრდა მუდმივი იყოს და არა ერთჯერადი მოვლენა.
ყველაფერი იქამდე მიდის, რომ დავიმორჩილოთ ანიმა და გავაძლიეროთ ანიმუსი.
მაგრამ , როგორც წესი, მამაკაცებიც და ქალებიც ძალიან სტატიური არიან. მამაკაცებიც კი ,ზედმეტად ორთოდოქსალურები გახდნენ. ქრისტიანები, ინდუისტები, მუსულმანები, ჯაინები : მამაკაცებიც კი ზედმეტად ორთოდოქსული გახდნენ. ისინი საკუთარი ანიმას ემსხვერპლნენ, მათი ანიმუსი ძალიან დათრგუნულია. იგი უნდა განთავისუფლდეს.
მთელი ჩემი ძალისხმევა მიმართულია იმაზე, რომ გავანთავისუფლო თქვენი ანიმუსი ანიმას ძალაუფლებისგან. როცა ანიმუსი თავისუფალი იქნება ანიმასგან, ჩვენ მის გამოყენებასაც შევძლებთ, მაგრამ არა მანამდე. ამიტომაც მოვითხოვ ასე დაჟინებითა მედიტაციის დინამიურ მეთოდებს. მხოლოდ იშვიათად ვიძლევი რეკომენდაციას ძა-ძენზე ან ვიპასანაზე, - მხოლოდ მაშინ, როცა ვხედავ, რომ მისი ანიმუსი გამოცოცხლდა და მას შეუძლია გამოიყენოს ანიმა. ვიპასანა, ძა-ძენი - ეს ქალური მეთოდებია, ანიმას მეთოდები. ანიმუსის მეთოდებია: სუფიური ცეკვა, დინამიური მედიტაციები, ნატარაჯი.
თავდაპირველად გახდით მდინარე, მხოლოდ შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაპირების მხარდაჭერა.
სინათლის წრეზე მოძრაობა - ესაა სიბნელის გადალახვის და ანიმას დამორჩილების ჯადოსნური მეთოდი. თუ ამ მეთოდს მისდევთ, თქვენთვის მისაწვდომი ხდება თესლი-წყლის სიჭარბე, თქვენში ღვივდება სული-ცეცხლი, ხოლო აზრი-მიწა მყარდება და კრისტალიზდება. ასე მწიფდება ღვთაებრივი ნაყოფი.
ღვთაებრივი ნაყოფი არც მამაკაცურია და არც ქალური. ღვთაებრივი ნაყოფი მხოლოდ ერთიანობაში მწიფდება, როცა ანიმა და ანიმუსი მხარში უდგანან ერთმანეთს, როგორც ორი ფრთა. მაშინ ეროსი თავისუფლდება, ლოგოსი თავისუფლდება, ინტუიცია თავისუფლდება. მაშინ ცაში იჭრებით, და ამავე დროს მიწაში ღრმად გაქვთ ფესვები გადგმული.
იმისთვის, რომ ცისკენ მაღლა გაიზარდოს, ხეს ღრმად უნდა ჰქონდეს მიწაში ფესვები. მიწა ანიმაა, ცა - ანიმუსი. რაც უფრო მაღლა იზრდება ხე ცისკენ, მით უფრო ღრმად უნდა ჩადიოდნენ მიწაში მისი ფესვები იმავე პროპორციით.
როცა ერთიანი ბუნება შემოქმედების სახლში ეშვება, იგი იყოფა ანიმად და ანიმუსად.
ღმერთი ერთიანია, მაგრამ როცა ის ქმნილებას იწყებს, იგი იყოფა ანიმუსად და ანიმად. ამ დაყოფის გარეშე შეუძებელია ყოველგვარი გამოვლინება, ამ დაყოფის გარეშე არ იქნებოდა არანაირი დიალექტიკა. ღმერთი იყოფა თეზისად და ანტითეზისად, რადგანაც მხოლოდ თეზისი და ანტითეზისი ქმნიან კონფლიქტს, ორთაბრძოლას, გამოწვევას. ხოლო ბრძოლა და დაძაბულობა ენერგიას წარმოშობს. ეს ჰგავს იმას, როდესაც ორ კაჟის ქვას ურტყამთ ერთმანეთს და ცეცხლი ჩნდება. ან როდესაც ტაშს უკრავთ და ხმა ჩნდება.
ძენის ოსტატები ამბობენ: „იპოვეთ ერთი ხელის ტაშის ხმა“. რას გულისხმობენ ისინი? ისინი გულისხმობენ: გასცდით ორმაგობის საზღვრებს და იპოვეთ ერთიანი. ერთიანი - ეს გამოუვლენელი ღმერთია, ერთიანი ის წყაროა, საიდანაც მოვედით. ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ამ წყაროს მხოლოდ მაშინ, როცა ორმაგობა გაქრება. ეს ორმაგობა ისე უნდა გამოვიყენოთ, რომ თეზისი და ანტითეზისი სინთეზი გახდეს. ამაშია ცხოვრების მთელი საიდუმლო და მეც სწორედ ამას გასწავლით.
ჩემი სანიასი მამაკაცისა და ქალის, დღისა და ღამის, ხალხში ყოფნისა და განდეგილობის, მატერიისა და სულის, ცისა და მიწის სინთეზი უნდა იყოს.
ანიმუსი იმყოფება ღვთაებრივ გულში, მესამე თვალში. მისი ბუნება სინათლეა, ესაა სიმსუბუქის და სიწმინდის ძალა. ესაა ის, რაც დიადი სიცარიელისგან, უსასრულო ზეცისგან გვერგო; ეს ისაა, რაც ფორმით პირველ-საწყისს ემთხვევა. ანიმას ბუნება - სიბნელეა.
სწორედ ამიტომაა ქალი ასეთი იდუმალი. ჯერ არც ერთ მამაკაცს არ ამოუცვნია ქალის საიდუმლო. მხოლოდ ის, ვინც მამაკაცისა და ქალის საზღვრებს გასცდა, მხოლოდ ის, ვინც ბუდა გახდა, შეძლებს როგორც მამაკაცის, ასევე ქალის საიდუმლოს ამოხსნას. არცერთ მამაკაცს არ შეუღწევია ქალის ყველაზე დიდ სიღრმეში; ქალი გამოცანად, საიდუმლოდ, ბნელ ღამედ რჩება, სადაც ძნელია რაიმეს მკაფიოდ გარჩევა, სადაც სიარული მხოლოდ ხელის ცეცებითაა შესაძლებელი. ქალის გაგება ლოგიკის მეშვეობით შეუძლებელია. ის არ მიეკუთვნება ლოგიკის სამყაროს. ის ზიგზაგურად მოძრაობს: დასკვნებს ისე აკეთებს, რომ პროცესის არსში არ შედის. მამაკაცი კი ძალიან მეთოდურია: ის ნაბიჯ-ნაბიჯ შედის პროცესში.
ქალი პოეტია იმ თვალსაზრისით, რომ იგი ინტუიციის სამყაროს ეკუთვნის. შესაძლოა, რომ ის არ წერდეს ლექსებს, მაგრამ იგი მაინეც პოეტია, რომელიც ალექსებს არ წერს. მთელი მისი ცხოვრება პოეზიაა, და იგი ისეთივე ბნელი, ისეთივე იდუმალი, ისეთივე ორაზროვანია, როგორც პოეზია. მასში არაა არანაირი სიცხადე, და ვერც იქნება: ქალის საიდუმლოს გამოცნობა შეუძლებელია, ის ყოველთვის გამოუცნობი რჩება.
მამაკაცი ცხადია, როგორც სინათლე. ამიტომ მამაკაცი ზედაპირული ჩანს, ქალი კი - ღრმა.. მამაკაცი თითქოს მთლიანად ზედაპირზეა, თქვენ ყველაფერი იცით მასზე. თუ ყველაფერი იცით, მისი პროგნოზირებაც შეგიძლიათ. ქალის პროგნოზირება შეუძლებელია, ის არაპროგნოზირებადი რჩება; ამაშია მისი სიბნელე. ეს ყველაფერი მეტაფორებია.
ეს სიმძიმის და დაბურულობის ენერგიაა...
ქალი, ქალური პრინციპი მიწასთან გხდით მიჯაჭვულს; ეს გრავიტაციაა.
იგი დაკავშირებულია ფიზიკურ გულთან. ანიმუსს სიცოცხლე უყვარს. ანიმა სიკვდილს ეძებს.
ქალი უფრო მეტად სიკვდილს ჰგავს. არ გეწყინოთ, ეს უბრალოდ აღწერაა, თუ თქვენ არ მოგწონთ სიტყვები ,, ანიმა’’ და ,,ანიმუსი’’, ქალი და მამაკაცი, შეგიძლიათ ისინი X და Y-ით შეცვალოთ. მაგრამ „ოქროსფერი ყვავილის საიდუმლოში“ სწორედ ეს მეტაფორებია გამოყენებული. მათი ანთროპომორფულობა გვეხმარება უკეთ გავიგოთ ისინი.
მამაკაცი დაინტერესებულია სიცოცხლით, ქალი დაინტერესებულია სტაბილურობით. მამაკაცი დაინტერესებულია სიყვარულით, ქალი დაინტერესებულია დაცულობით. მამაკაცი დაინტერესებულია თავგადასავლებით, ქალი დაინტერესებულია მყუდროებით, კომფორტით. ქალი სიკვდილია. სიტყვა „სიკვდილი“ არ შეიცავს და არ გულისხმობს განკითხვას, უბრალოდ, დაცულობა სიკვდილის თვისებაა. თქვენ დაცული ხართ მხოლოდ მაშინ, როცა მკვდარი ხართ; თქვენ დაცული ხართ მხოლოდ მაშინ, როცა არ ხართ: როცა უკვე ვეღარაფერი დაგემართებათ.
მამაკაცს ძიება და გარისკვა უნდა. სწორედ ამიტომ ქმარი გამუდმებით იყურება სხვა ქალებისკენ, ქალი კი მას თვალყურს ადევნებს . ცოლს არ შეუძლია გაიგოს, რატომ ინტერესდება ქმარი უწინდებურად ქალებით: „მას ხომ მე ვყავარ!“ მაგრამ მამაკაცი ყოველთვის ისწრაფვის რაღაც ახლისკენ, სენსაციურისკენ, ა მწვავე შეგრძნებებისკენ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ მზეთუნახავი ცოლი ჰყავს, ის კი ულამაზო ქალთან აბამს რომანს. ვერავინ ხვდება, რაშია ამის აზრი და რა ხდება. „შენ ასეთი ლამაზი ცოლი გყავს, რა დაგემართა?“
მაგრამ თქვენ არ გესმით მამაკაცური პრინციპი. მამაკაცური პრინციპი თავისი არსით პოლიგამიურია, ქალური კი მონოგამიური. ქალი სტაბილურობას ეძებს. მას ქორწინება უფრო აინტერესებს, ვიდრე სიყვარული. მას უყვარდება, რათა გათხოვდეს, მამაკაცი კი ცოლს ირთავს იმისთვის, რომ უყვარდეს.
არსებობს ძველი გამოთქმა, რომ სამყაროში მეტი ბედნიერება იქნებოდა, თუკი ყოველი მამაკაცი უცოლო დარჩებოდა, ყველა ქალი კი გათხოვდებოდა. მაგრამ ნუთუ ეს შესაძლებელია? ეს შეუძლებელია.
ანიმუსს სიცოცხლე უყვარს. ანიმა სიკვდილს ეძებს. ყველა გრძნობისმიერი სურვილი და რისხვის შემოტევა ანიმას გამოვლინებაა. მოსწავლემ უნდა გაიგოს, თუ როგორ გაწმინდოს ბოლომდე ბნელი ანიმა, რათა იგი წმინდა სინათლედ ტრანსფორმირდეს.
ალქიმია იმაში მდგომარეობს, რომ ყოველმა თქვენგანმა , ქალი ხართ თუ მამაკაცი - გააცნობიეროს ეს ორი პრინციპი საკუთარ თავში და მოახდინოს ანიმას, თავისი ბნელი ნაწილის ნათელ ნაწილად ტრანსფორმაცია , დაეხმაროს ბნელ ნაწილს მოძრაობაში, დაეხმაროს ბნელ ნაწილს ნათელი ნაწილის მხარდაჭერაში, და არა მასთან ბრძოლაში.
თუ თქვენი ანიმა დაეხმარება თქვენს ანიმუსს, სწორედ ეს იქნება ნამდვილი ცოლ-ქმრობა, შინაგანი ქორწინება. მაშინ თქვენ უფრო მთელი გახდებით, მაშინ თქვენი სინათლე არ იქნება ზედაპირული , რადგან მასში სიბნელის სიღრმე იქნება; თქვენი სიბნელე კი არ იქნება უბრალოდ სიბნელე , მასში სინათლის სიმაღლე იქნება. მაშინ ანიმა და ანიმუსი შეერწყმებიან ერთმანეთს. როცა ბოლომდე შეერწყმებიან, სამყარო გაქრება, და თქვენ კვლავ ერთიანი გახდებით. ერთიანად გახდომა ღმერთის შეცნობას ნიშნავს; ორმაგობაში დარჩენა მიწიერ სამყაროში ყოფნას ნიშნავს. მაგრამ ეს ექსპერიმენტი, ეს ალქიმია თქვენში უნდა მოხდეს, ის არანაირად არ უკავშირდება გარე სამყაროს.
ეს ორი პრინციპი გამუდმებით იბრძვის თქვენში. როგორც გინდათ დაარქვით - სიცოცხლე და სიკვდილი, სინათლე და სიბნელე, მამაკაცი და ქალი, X და Y - ეს პრინციპები გამუდმებულ ბრძოლაში არიან. სწორედ ამაშია თქვენი უბედურების, ტანჯვის, ჯოჯოხეთის მიზეზი.
ნება მიეცით მათ რომ დამეგობრდნენ. ნება მიეცით თქვენს ენერგიას მათი საშუალებით ბრძოლის გარეშე იტრიალოს. ნება მიეცით რომ ერთმანეთს მიუახლვდნენ . ნება მიეცით ქალსა და მამაკაცს შიგნით გადაეხვიონ ერთმანეთს, და მაშინ მოხდება შინაგანი ორგაზმი. ტანტრაში ამას ეწოდება ,,იუგანადჰა’’ - შინაგანი ქალის და მამაკაცის შეხვედრა. სწორედ ესაა ჭეშმარიტი ტანტრა. გარეგანი ქალისა და მამაკაცის შეხვედრა მხოლოდ შესავალია.
სუდჰა ტანტრას ჯგუფებს ხელმძღვანელობს. ეს ჯგუფები - მხოლოდ შესავალია. ნამდვილი ტანტრა ჯერ კიდევ წინაა. ის მხოლოდ გამზადებთ მისთვის. ტანტრას ნამდვილი ჯგუფი მაშინ დაიწყება, როდესაც დავინახავ, რომ უკვე მზად ხართ შიგნით, სიღრმეში შესასვლელად, იქ საკუთარ შინაგან ქალთან და მამაკაცთან შესახვედრად. როცა დავინახავ, რომ გარეგნულისკენ სწრაფვა აღარაა ისეთი ძლიერი, რომ ჯაჭვი უკვე გაწყვეტილია, მაშინ დაიწყება ტანტრას ნამდვილი ჯგუფი. მე ველოდები იმ დროს, როცა შედგება ახალი კომუნა, რადგანაც ტანტრას ახალი ჯგუფისთვის სრულიად სხვა კლიმატი და ატმოსფეროა საჭირო.
ეს უდიდესი ექსპერიმენტია, რომლის გავლაც ადამიანს შეუძლია. ამ ექსპერიმენტს კოსმიურ ექსტაზამდე, ტოტალურ ორგაზმამდე მიჰყავხართ.
დღეისათვის საკმარისია.