ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო

ოშო
4.5
1

მთარგმნელი: მამუკა გურული  ...ნეტარება  თავად ადამიანის ბუნებაა. მას არ სჭირდება ძებნა, მას უბრალოდ ხელახლა აღმოჩენა სჭირდება. ვეძებოთ იგი სადღაც გარეთ - ეს საიმედო გზაა მისი ხელიდან გ...

თავი 2 - ცარიელი თვალები

 

თავი2

ცარიელი თვალები

პირველი კითხვა:

ბოლო დროს მეგობრები ხშირად მეკითხებიან, მაქვს თუ არა ეჭვები სანიასას, აშრამისა და შენს თაობაზე. მე სიმართლეს ვაღიარებდი და ვამბობდი: „დიახ, ხანდახან მაქვს ეჭვები“. მას შემდეგ დანაშაულოს გრძნობას ვერ ვიცილებ . ჩავიდინე თუ არა უპატიებელი მკრეხელობა, თუ  ბუნებრივია რომ დარწმუნებულს ეჭვები გქონდეს? მე არ ვიცი, ხარ თუ არა მართლა გასხივოსნებული . მე უბრალოდ ვგრძნობ შენს სილამაზესა და ნდობას.

რწმენას ეშინია ეჭვის,  ეშინია იმიტომ, რომ იგი თრგუნავს მას. შენ ყოველთვის შეგეშინდება იმის, რასაც თრგუნავ, რადგანაც დათრგუნული ყოველთვის შენს შიგნით რჩება, ელოდება მომენტს, რათა შური იძიოს, და როგორც კი ჩნდება შესაძლებლობა, ფეთქდება შენში. რწმენა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ვულკანზე ზის და დღითი დღე ეჭვი უფრო და უფრო ძლიერდება, იმიტომ რომ ყოველდღე თრგუნავ.  ადრე თუ გვიან ეჭვი იმ დონეზე გაიზრდება, რომ ვეღარ ჩაახშობ , ის რწმენაზე ძლიერი გახდება და დაანგრევს შენს რწმენას.

ნდობას  არ არ ეშინია ეჭვის, რადგან ნდობა არ არის ეჭვის წინააღმდეგი. ნდობა იყენებს ეჭვს; მან იცის, როგორ გამოიყენოს ეჭვში არსებული ენერგია. ამაშია განსხვავება რწმენასა და ნდობას შორის. რწმენა ყალბია, იგი ფსევდო-რელიგიასა და პირფერობას ჰბადებს. ნდობაში განსაკუთრებული ნატიფი სილამაზე და ჭეშმარიტებაა.  იგი იბადება ეჭვის მეშვეობით; იყენებს ეჭვს, როგორც სასუქს, მის ტრანსფორმაციას ახდენს. ეჭვი  მეგობარია, ეჭვი - არაა მტერი.

და სანამ შენი ნდობა არ გაივლის მრავალ ეჭვს, იგი უძლური რჩება. საიდან აიღებს ძალას? საიდან აიღებს ინტეგრაციას? თუ არაფერი იწვევს, იგი სუსტი რჩება.

ეჭვი გამოწვევაა. თუ შენს ნდობას შეუძლია გამოწვევის მიღება,შეძლებს დაუმეგობრდეს ეჭვს და  იგი გაიზრდება მისი მეშვეობით. მაშინ შენ აღარ იქნები გახლეჩილი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ზედაპირულად სჯერა, გულის სიღრმეში კი ეჭვები აქვს; მაშინ შენში იქნება რაღაც მთლიანობა, განუყოფელი და არაორმაგი . სწორედ ამ განუყოფელობას, არაორმაგობას უწოდებენ ძველ რელიგიებში „სულს“.

ადამიანი სულამდე ეჭვებით მიდის და არა რწმენით. რწმენა  მხოლოდ ნიღაბია ნამდვილი სახის დასამალად. ნდობა ტრანსფორმაციას ახდენს: შენ შიგნიდან ივსები სინათლით. და რადგანაც ეჭვს იყენებ როგორც გამოწვევას, როგორც შესაძლებლობას ზრდისთვის, დათრგუნვა აღარ ხდება. ეჭვი თანდათანობით ქრება, რადგანაც მისი ენერგია ნდობის მიერ შთაინთქმება.

სინამდვილეში, ეჭვი  სხვა არაფერია, თუ არა მზარდი ნდობა. ეჭვი - ესაა ნდობა, რომელიც იბადება. ყოველთვის აღიქვით ეჭვი სწორედ ასე - დაბადებადი ნდობა. ეჭვი - ესაა როცა კითხვას სვამ, ხოლო ნდობა ისაა, როცა პასუხს იღებ. ეჭვი  კითხვაა, ხოლო ნდობა - პასუხი. პასუხი არაა კითხვის წინააღმდეგი - შეუძლებელია პასუხის მიღება, თუ კითხვა არაა. სწორედ კითხვა იძლევა პასუხის მიღების შესაძლებლობას.

 გთხოვ, ჩემს გვერდით მოიშორე დანაშაულის გრძნობა. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები  დანაშაულის გრძნობის. ეს აბსოლუტურად უსარგებლოა. მღვდლები, პოლიტიკოსები და მორალისტები  მას მრავალი საუკუნის განმავლობაში იყენებდნენ. დანაშაულის გრძნობა - ეს სტრატეგიაა; სტრატეგია, რომელიც ადამიანების გამოყენების საშუალებას იძლევა: აიძულეთ მათ, თავი დამნაშავედ იგრძნონ. თუ ეს გამოგივათ, ისინი თქვენი მონები გახდებიან, რადგანაც არ იქნებიან მთლიანები, ისინი შიგნით გაორებულნი იქნებიან .  დანაშაულის გრძნობით ისინი ვერასოდეს მიიღებენ საკუთარ თავს, მეტიც, ყოველთვის განიკითხავენ საკუთარ თავს. დანაშაულის გრძნობით ისინი მზად იქნებიან ყველაფერი დაიჯერონ, ყველაფერს გააკეთებენ მხოლოდ იმისთვის, რომ ეს გრძნობა მოიშორონ. ყველანაირ სისულელეს, ყველანაირ უაზრო რიტუალს ჩაატარებენ  მხოლოდ იმისთვის, რომ დანაშაულის გრძნობისგან განთავისუფლდნენ.

მრავალი ასწლეულის განმავლობაში მღვდელი გაიძულებდათ, რომ თავი დამნაშავედ გეგრძნოთ. ყველა ე.წ. რელიგია  თქვენს დანაშაულის გრძნობაზეა აგებული და არა ღმერთის არსებობაზე. მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ღმერთთან, და ღმერთს არანაირი კავშირი არ აქვთ მათთან, ისინი თქვენი დანაშაულის გრძნობით ცხოვრობენ. შენ გეშინია; შენ იცი, რომ არ ხარ უზადო, ამიტომ გიწევს მიმართო იმას, ვინც უზადოა. შენ იცი, რომ არ ხარ ღირსი, ამიტომ გიწევს თაყვანი სცე, ემსახურო მათ, ვინც ღირსია. შენ იცი, რომ არ შეგიძლია ენდო საკუთარ თავს, იმიტომ რომ გაორებული ხარ შიგნით.

მხოლოდ არაგაორებულ ადამიანს შეუძლია ენდოს საკუთარ თავს, საკუთარ გრძნობებსა და  ინტუიციას. შენ ყოველთვის კანკალებ შიგნით, გჭირდება ვიღაც, ვისაც დაეყრდნობი. მაგრამ თუ ვინმეს ეყრდნობი, თუკი დამოკიდებული ხდები ვინმეზე, მაშინ ბავშვად რჩები, არ იზრდები. შენი ფსიქიკური ასაკი ბავშვის დონეზე რჩება. ვერასოდეს მიაღწევ სიმწიფეს, ვერასოდეს გახდები დამოუკიდებელი.  მღვდელს არ უნდა, რომ დამოუკიდებელი გახდე. გახდი დამოუკიდებელი, და ის შენ დაგკარგავს; იყავი დამოკიდებული, და ამით უზრუნველჰყოფ მის ბიზნესს.

მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები  ნებისმიერი სახის დანაშაულის გრძნობას.  ყოველთვის გახსოვდეს: თუ აქ თავს დამნაშავედ გრძნობ , ეს მხოლოდ შენგან მოდის. ეს ნიშნავს, რომ სკუთარ თავში ჯერ კიდევ ატარებ მშობლებისა და მღვდლების ხმას, რომ ჯერ კიდევ ვერ გამიგე. მე მინდა, რომ სრულიად თავისუფალი იყო დანაშაულის გრძნობისგან. როგორც კი თავისუფლდები დანაშაულის გრძნობისგან, შენ ხდები რელიგიური ადამიანი. ესაა რელიგიური ადაიანის ჩემეული განსაზღვრება. .

გამოიყენე ეჭვი, - ეჭვი მშვენიერია, - რადგანაც ნდობა მხოლოდ ეჭვის მეშვეობით აღწევს  სიმწიფეს. როგორ შეიძლება სხვაგვარად? იგი ნამდვილად მშვენიერია - მხოლოდ ეჭვის მეშვეობით ხდება ნდობა ძლიერი, მხოლოდ ეჭვის წყალობით იფურჩქნება ნდობა. სწორედ ეჭის ბნელ ღამეში იბადება ნდობის ოქროსფერი განთიადი. ბნელი ღამე არაა განთიადის წინააღმდეგობა, განთიადი იბადება ბნელი ღამის წიაღში; სწორედ ბნელი ღამე ამზადებს განთიადის დადგომას.

მიიღე ეჭვი და ნდობა, როგორც ურთიერთშემავსებელი ნაწილები - როგორც ქალი და მამაკაცი; როგორც დღე და ღამე; როგორც ზამთარი და ზაფხული; როგორც სიცოცხლე და სიკვდილი. ეს წყვილები   ურთიერთშემავსებელ ნაწილებად აღიქვი და არა , როგორც ურთიერთსაწინააღმდეგო. თუკი ერთი შეხედვით გეჩვენება, რომ ისინი ურთიერთსაწინააღმდეგონი არიან, სიღრმეში ისინი მეგობრებად რჩებიან და ერთმანეთს ეხმარებიან.

წარმოიდგინე ადამიანი, რომელსაც ნდობა არ გააჩნია: მას ეჭვებიც არ ექნება, იმიტომ რომ არაფერი აქვს დასაეჭვებელი. ადამიანი, რომელსაც საერთოდ არა აქვს ნდობა - როგორ უნდა დაეჭვდეს? რაში? მხოლოდ ნდობის ადამიანს შეუძლია დაეჭვება. შენ ეჭვი გაქვს, იმიტომ რომ ენდობი. შენი ეჭვი ამტკიცებს შენს ნდობას, და არა პირიქით. როგორ უნდა ჰქონდეს ნდობა ადამიანს, რომელსაც ეჭვი არაფერში ეპარება? თუ მან ეჭვი არ იცის, როგორ შეძლებს ნდობას? ნდობა - იმავე ენერგიის უმაღლესი გამოვლინებაა; ეჭვი - ეს დაბალი საფეხურია, ხოლო ნდობა - მაღალი საფეხური ერთი და იგივე კიბისა. გამოიყენე ეჭვი. გამოიყენე იგი სიხარულით.

დანაშაულის გრძნობა საჭირო არაა. სრულიად ნორმალური და ბუნებრივია იგრძნო ხანდახან ეჭვი ჩემთან მიმართებაში და იმ ყველაფერთან მიმართებაში, რაც აქ ხდება. ეს  ბუნებრივია. არანორმალურია, რომ არ დაეჭვდე. მაგრამ გახსოვდეს, რომ ნდობამდე უნდა მიხვიდე: გამოიყენე ეჭვი, მაგრამ არ დაგავიწყდეს მიზანი, არ დაგავიწყდეს კიბის უმაღლესი საფეხური. მაშინაც კი, თუ დაბალ საფეხურზე დგახარ, უყურე მაღალს, - შენ იქ უნდა ახვიდე. სინამდვილეში, თავად ეჭვი გიბიძგებს ზემოთკენ, რადგანაც ეჭვი ქმნის დაძაბულობას.

შეგიმჩნევია, რომ როდესაც ეჭვებში ხარ, დაძაბულობას გრძნობ? ნუ მოახდენ ამ დაძაბულობის ინტერპრეტაციას, ნუ აღიქვამ მას დანაშაულის გრძნობად. დიახ, შენ მართლაც გრძნობ დაძაბულობას, რადგანაც ფეხქვეშ მიწა გეცლება. ეჭვი ნიშნავს, რომ დაბნეული და გაორებული ხარ, რომ ჯერ კიდევ არ ხარ ერთი მთლიანი, - მაშ,  როგორ იგრძნობ თავს მოდუნებულად? შენ ისე ხარ,  როგორც  ბრბო, შენ არ ხარ ერთი ადამიანი, შენ ბევრი ხარ ერთდროულად - როგორ შეგიძლია თავი  მოდუნებულად იგრძნო? შენს შიგნით ბრძოლაა : ერთი ნაწილი ერთ მხარეს გექაჩება, მეორე კი - სხვა მხარეს. როგორ გაიზრდები, როცა ერთდროულად სხვა და სხვა მხარეს გექაჩებიან? რა თქმა უნდა , შენ გრძნობ დაძაბულობას, შფოთვასა და მღელვარებას.

არავის შეუძლია იცხოვროს ეჭვებით და ეჭვებში. ეჭვები ნდობისკენ გიბიძგებენ. ეჭვი ამბობს: „წადი და იპოვნე ის ადგილი, სადაც შეძლებ მოეშვა, სადაც შეძლებ ერთი მთლიანი იყო“. ეჭვი - თქვენი მეგობარია. იგი უბრალოდ ამბობს: „შენ ჯერ კიდევ ვერ იპოვნე შენი სახლი. წადი, მოძებნე და იპოვნე“. იგი ჰბადებს ძიებისა და  კვლევის მოთხოვნილებას.

როდესაც ეჭვს ისე აღიქვამ , როგორც მეგობარს, ის ზრდის ნდობის  შესაძლებლობას, დანაშაულის გრძნობა მაშინვე გშორდება, და უდიდესი სიხარული ჩნდება . მაშინაც კი თუ ეჭვობ, სიხარულით ეჭვობ, გაცნობიერებულად ეჭვობ, შენ იყენებ ეჭვს, რათა იპოვო ნდობა. ეს აბსოლუტურად ნორმალურია.

შენ ამბობ: „მე არ ვიცი, მართლა ხარ თუ არა გასხივოსნებული“. როგორ შეგიძლია ეს იცოდე? შეუძლებელია ეს იცოდე , სანამ თავად არ გასხივოსნდები. როგორ გაიგებ რა დამემართა, თუ ეს თავად არ დაგემართება? ასე რომ ეს აბსოლუტურად ნორმალურია, რომ ხანდახან არ მენდობი. რა სასწაულია, რომ ხანდახან მაინც მენდობი: ეს რამდენიმე წამი საკმარისია. ნუ იღელვებ - ნდობას ასეთი უსაზღვრო ძალა აქვს. ნდობა სინათლეს ჰგავს, ეჭვი კი სიბნელეს. ნდობის პატარა სანთელი საკმარისია, რომ გაანადგურო უკუნი სიბნელე.

სიბნელეს არ შეუძლია თქვას: „მე იმდენი ხანია აქ ვცხოვრობ, არ შემიძლია ასე უბრალოდ წავიდე. არ შემიძლია წავიდე რაღაც პატარა სანთლის გამო“. ყველაზე პატარა სანთელიც კი უფრო ძლიერია, ვიდრე ასწლეულების, ათასწლეულების სიბნელე. როცა სინათლე ჩნდება სიბნელეს წასვლა უწევს.

ნდობის ეს რამდენიმე წამი -  იშვიათი და ხანმოკლე, არ იდარდო ამაზე - საკმარისია, რომ თანდათან დაანგრიოს ყველა შენი ეჭვი.  სიტყვაში „დანგრევა“ მე ვგულისხმობ ენერგიის გამონთავისუფლებას, რომელიც ეჭვშია დამალული. უბრალოდ იმ გარსის დაშლით, რომელსაც „ეჭვი“ ეწოდება.  შენ შიგნით აღმოაჩენ ნდობის სუფთა ენერგიას . როგორც კი ეს ენერგია გამოთავისუფლდება, შენთან უფრო და უფრო მეტი ნდობა მოდის.

შენ ამბობ: „მე არ ვიცი, მართლა ხარ თუ არა გასხივოსნებული“. თუ შენ დაიჯერებ, შეწყვეტ ძიებას. მორწმუნე არასოდეს  ეძებს. მან უკვე ირწმუნა. მილიონობით ადამიანი ლოცულობს მეჩეთებში, ეკლესიებსა და  ტაძრებში,  მაგრამ მათი ლოცვა რწმენიდან მომდინარეობს. სწორედ ამიტომ, ისინი არარელიგიური რჩებიან:  არ ეძებენ ღმერთს. მათ უკვე აქვთ რწმენა აქვთ .  მათი რწმენა სუსტია, მათ არ უბრძოლიათ მისთვის, არ დაუმსახურებიათ.

შენ უნდა იბრძოლო, უნდა დაიმსახურო. ცხოვრებაში უფასოდ არაფერი გვეძლევა ,  ყველაფრისთვის უნდა გადავიხადოთ. ადამიანები ფიქრობენ, რომ უბრალოდ ტაძარში მისვლა საკმარისია? ეს უდიდესი სიბრიყვეა, ისინი  დროს კარგავენ. მათი ლოცვა  მხოლოდ ილუზიაა.

ჭეშმარიტად რელიგიურ ადამიანს არ შეუძლია ირწმუნოს, იგი ეძებს. რადგან რწმენა არ გააჩნია, ეჭვებშია, ხოლო როცა ეჭვებში ხარ, მშვიდად არ ხარ. უნდა ეძებო და აუცილებლად იპოვო. ეჭვები გამუდმებით ფლეთენ შენს არსს, გამუდმებით გიბიძგებენ: „წადი, მოძებნე და იპოვნე; არ გაჩერდე, სანამ არ იპოვნი“.

კარგია, რომ არ გჯერა. მხოლოდ გახსოვდეს, რომ არაა საჭირო - გჯეროდეს, და არაა საჭირო რომ უარყო. მაგრამ შენ არ უარყოფ და ეს მახარებს.

შენ ამბობ: „მე უბრალოდ ვგრძნობ შენს სილამაზესა და ნდობას“.

მეტი არაფერია საჭირო. ეს საკმარისია, საკმარისზე მეტიცაა. ეს გახდება შენი ნავი მეორე ნაპირისკენ - თუ გრძნობ ჩემს სიყვარულს, თუ გრძნობ ჩემს ნდობას თქვენდამი, თუ გრძნობ ჩემს იმედს თქვენს მიმართ, თუ ხედავ, რომ რაღაც ლამაზი ხდება, - და არც გესმოდეს, სახელდობრ რა ხდება. შენ  განსაზღვრებას ვერ უძებნი ამას, ვერანაირად ვერ ხსნი, მაგრამ თუკი გრძნობ, რომ ეს რაღაც მიღმიერია... სწორედ ესაა სილამაზე. სილამაზე ყოველთვის მიღმიერისგან მოდის.

როცა   ვარდს  ხედავ და ამბობ: „რა ლამაზი ყვავილია!“ - რისი თქმა გინდა ამით? გინდა თქვა, რომ დაინახე რაღაც მიღმიერი და   შენთვის უხილავი უეცრად ხილული გახდა. შენ არ შეგიძლია ამის დამტკიცება. თუკი ის, ვინც შენს გვერდით დგას, ვერაფერ  ლამაზს ვერ ამჩნევს, ვერაფერს დაუმტკიცებ , ეს შეუძლებელია. უბრალოდ მხრებს აიჩეჩავ. უბრალოდ იტყვი: „რა გაეწყობა,

შენ ვერ ხედავ, მე ვხედავ, სულ ესაა“.

მეცნიერს  ვერ სთხოვ, რომ ვარდი ნაწილებად დაშალოს და გაარკვიოს, შეიცავს თუ არა იგი სილამაზეს, - იგი მას არ შეიცავს. სილამაზე  ვარდში არაა. სილამაზე მიღმიერიდან მოდის. ის უბრალოდ ვარდზე ცეკვავს  ისინი, ვისაც თვალები აქვთ, დაინახავენ, ხოლო ვისაც არ აქვთ ვერ დაინახავენ. შეგიძლია ვარდი ქიმიკოსთან მიიტანო - ის გახსნის მას, იპოვნის ყველაფერს, რაც მასშია, - მაგრამ სილამაზე არაა ვარდში. ვარდი  შესაძლებლობაა იმისთვის, რომ სილამაზემ მიღმიერიდან დაშვება. ვარდი უბრალოდ სცენაა, რომელზეც სილამაზეს შეუძლია ცეკვა. ვარდი უბრალოდ სცენაა, რომელზეც პიესის გათამაშებაა შესაძლებელი,  მაგრამ ის თავად ვერ იქნება  პიესა. შენ შეგიძლია აიღო ვარდი და დაშალო იგი, დაანაწევრო, გამოიკვლიო მისი შემადგენელი ნაწილები, მაგრამ სილამაზე არაა მისი შემადგენელი ნაწილი, თუმცა ვარდის გარეშე სილამაზე ვერ დაეშვება.

ეს დილით მზის ამოსვლას ჰგავს, როცა მისი სხივები ლოტოსის ტბაში თამაშობენ. თქვენ ვერ ხედავთ თავად სხივებს. ეს შეუძლებელია. სწორედ ამაზეა საუბარი „ოქროსყვავილის საიდუმლოში“: არსი და სიცოცხლე უხილავია; ყველაფერი, რისი დანახვაც შეგიძლიათ,  მხოლოდ მათი გამოვლინებაა.

ოდესმე გინახავს სინათლე, როგორც ასეთი? არა, არ გინახავს. თუ ფიქრობ, რომ გინახავს, უბრალოდ არასოდეს დაფიქრებულხარ ამაზე. შენ გინახავს განათებული ობიექტები და არა თავად სინათლე. გინახავს განათებული ტბა, განათებული ლოტოსი, ქალის, მამაკაცის ან ბავშვის განათებული სახე. გინახავს განათებული მსოფლიო, მაგრამ თავად სინათლე გინახავს? თუ არ არის რაიმე, რაზეც შეუძლია სინათლეს გამოვლინდეს, შენ ვერ შეძლებ მის დანახვას.

აი , ამიტომაც, როდესაც კოსმონავტები დედამიწას შორდებიან, ხედავენ, რომ კოსმოსში ცა ბნელია, აბსოლუტურად ბნელი დღისითაც კი, - იმიტომ რომ შეუძლებელია სინათლის დანახვა თავისთავად, იქ კი არაფერია, რაზეც შეუძლია გამოვლინდეს. ამ მიზეზით  კოსმოსში  უკიდეგანო ზეცა ბნელია. შენ ხედავ, როგორ კაშკაშებენ ვარსკვლავები, იმიტომ რომ ისინი სინათლეს ირეკლავენ, მაგრამ ვარკსვლავების ირგვლივ სიბნელეა, იმიტომ, რომ არაფერია, რასაც შეუძლია მათი შუქის არეკვლა. და შენ მაშინ ხედავ სინათლეს, თუკი მას რაიმე ირეკლავს.

შეუძლებელია დავინახოთ გასხივოსნება, შესაძლებელია მხოლოდ მისი გამოვლინების დანახვა. შენ არ შეგიძლია დაინახო, რა შემემთხვა, მაგრამ ხედავ, რომ რაღაც მოხდა. დავარქვათ ამას უბრალოდ X. რაღაც მისტიური მოხდა. რაც უფრო მეტად მგრძნობ, მით უფრო მეტად აცნობიერებ ამას, და რაც უფრო მეტად აცნობიერებ, მით უფრო ეხმიანება ამას  რაღაც შენს შიგნით. მას, რაც მე შემემთხვა, შეუძლია შენშიც ჩართოს პროცესი. გახსოვდეს: ეს ვერ გახდება შენი გასხივოსნების მიზეზი, შენი გასხივოსნება ვერ გახდება ჩემი გასხივოსნების შედეგი. ოსტატსა და მოსწავლეს შორის არ არის მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთობები. ეს ურთიერთობები სრულიად სხვა სახისაა.

მხოლოდ ამ საუკუნეში კარლ გუსტავ იუნგმა შეძლო ამ განსაკუთრებული ურთიერთობების საიდუმლოში შეღწევა. მან ამას დაარქვა „სინქრონულობა“. მიზეზი და შედეგი - ეს მეცნიერული მიდგომაა, სინქრონულობა  პოეტურია. სინქრონულობა ნიშნავს, რომ თუკი სადღაც რაღაც მოხდა და შენ მიმღები და გახსნილი ხდები ამის მიმართ, რაღაც შენში ეხმიანება ამ მოვლენას. მაგრამ ის, რაც სადღაც მოხდა, არაა მიზეზი იმისა, რაც შენში ხდება.

როდესაც ვიღაც იწყებს მშვენიერი მუსიკის დაკვრას და შენ გიჩნდება ცეკვის გადაულახავი სურვილი: ეს სურვილი არ იყო მუსიკის შედეგი, იგი მის პარალელურად გაჩნდა. რაღაცას ღრმად ეძინა შენში - ცეკვის სურვილს - და მას მუსიკა შეეხო. მუსიკას არ შეუქმნია იგი, არამედ  გამოაღვიძა, პროვოცირება მოახდინა. სწორედ ესაა სინქრონულობა. ეს რომ მიზეზ-შედეგობრივი ყოფილიყო, ყველას შეემთხვეოდა.

მაგალითად, ახლა აქ ჩემთან ერთად სამი ათასი სანიასინია. მე თქვენდამი ყველასადმი გახსნილი ვარ, მაგრამ ყოველი თქვენგანი არაა ჩემდამი გახსნილი, და თუ გახსნილი ხართ, სხვადასხვა ხარისხით. არსებობს განსხვავება ხარისხსა და , რაოდენობაში. მე რომ შემეძლოს  თქვენი გასხივოსნების მიზეზი ვიყო, მაშინ  სამი ათასივე  გასხივოსნდებოდა. მაგრამ მე ვერ ვიქნები მიზეზი, მე შემიძლია მხოლოდ კატალიზატორი ვიყო. ამისთვის უნდა გაიხსნათ ჩემდამი. ცეცხლი წვავს ხეს მიუხედავად იმისა, გახსნილია ხე მისადმი თუ არა,  ეს მიზეზ-შედეგობრივია. წყალი ას გრადუსზე ორთქლდება, მიუხედავად იმისა, გახსნილია წყალი გაცხელებისადმი თუ არა.

მიზეზი და შედეგი - ეს ბრმა და მატერიალისტური დამოკიდებულებებია, ესაა ურთიერთობ მატერიასა და მატერიას შორის. სინქრონულობა -  არამატერიალური ურთიერთობაა; ესა სულიერი, პოეტური ურთიერთობა, სასიყვარულო რომანი. თუ თქვენ იხსნებით ჩემდამი, რაღაც იწყებს თქვენში ცვლილებას. და გახსოვდეთ: მე არ ვარ ამის მიზეზი. მადლობის გადახდაც კი არ ღირს ჩემთვის - მე არ ვარ მიზეზი. თუ ვინმეშია მიზეზი, ეს თქვენ ხართ, - თქვენ გაიხსენით ჩემდამი. ამას ვერ შევძლებდი თქვენს გარეშე. სინამდვილეში მე საერთოდ არაფერს არ ვაკეთებ. ყველაფერი რაც საჭიროა, ეს მხოლოდ მე  და თქვენი აქ ყოფნაა,  მაშინ  რაღაც მოხდება. და   ამასთან არავინ არაფერს არ აკეთებს - მე არაფერს არ ვაკეთებ, და თქვენც არაფერს არ აკეთებთ. უბრალოდ მე გახსნილი ვარ და თქვენც გახსნილი ხართ. და ეს ორი ენერგია სასიყვარულო ურთიერთობაში შედის ერთმანეთთან, ერთად იწყებს ცეკვას.

ასე რომ , არ იდარდო იმაზე, რომ დარწმუნებული არ ხარ ჩემს გასხივოსნებულობაში. შენ ამბობ: მე უბრალოდ ვგრძნობ შენს სილამაზეს და ნდობას“. ეს საკმარისია. როცა ეს შენც დაგემართება, მაშინ დარწმუნებული იქნები. იმისთვის, რომ ბუდა იცნო, ბუდა უნდა გახდე, იმისთვის, რომ ქრისტე იცნო, ქრისტე უნდა გახდე.

მეორე კითხვა:

უკანასკნელ რამდენიმე კვირაში, როცა აღმავსო მადლიერების გრძნობამ სიცოცხლის იდუმალებისა და სასწაულისადმი, უეცრად მიჩნდებოდა ხოლმე შეგრძნება, რომ გარეგნული უფრო და უფრო მიახლოვდება, შემდეგ კი ჩემს თვალებში აღწევს, და მაშინ ვგრძნობ, რომ თითქოს ბრტყელ ეკრანს ვუყურებ, პირდაპირ ჩემი თვალების წინ. მეჩვენება, რომ არაფერი არსებობს ჩემს გარდა, და ისეთი მარტოსული ვარ. მაგრამ შემდეგ სცენაზე ჩნდებიან ადამიანები, ისინი მეკონტაქტებიან, და გაურკვევლობა მიპყრობს. და შენ როგორ? შენც ამ სურათის ნაწილად მეჩვენები.

და თუმცა ეს მხოლოდ რამდენიმე წამით გრძელდება, ღრმა შეშფოთება მიპყრობს, როცა ეს ხდება. იქნებ ეს ჩემი ჭკუის თამაშებია? ნუთუ შემიძლია მართლა ასეთი მარტოსული ვიყო?

ადამიანი მარტოა. მარტოობა სრულყოფილია, მაგრამ მარტოობა და მარტოსულობა არ არის ერთი და იგივე. მარტოსულობა სულ სხვაა. სწორედ აქ იწყება არასწორი გაგება, და სწორედ ამას მიყავხარ შეშფოთებამდე. მარტოსულობა ნიშნავს, რომ ვიღაც გაკლია. მარტოსულობა  ნეგატიური მდგომარეობაა. ეს ნიშნავს, რომ სიცარიელეს გრძნობ, რომ სხვას ეძებ: სხვაზე ხარ დამოკიდებული, ის სხვა კი გვერდით არ არის. და რადგან არ არის, უზარმაზარ სიცარიელეს გრძნობ, და ეს სიცარიელე ნეგატიურია. ეძებ სხვას და არ შეგიძლია მისი პოვნა, და მაშინ ყველაფერი გაქრობას იწყებს. და როცა გაქრობას იწყებს, აღმოჩნდება: ჭეშმარიტი პრობლემა იმაშია, რომ  არ შეგიძლია საკუთარი თავის შენარჩუნება.

როცა ყველაფერი ქრება, შენც  გაქრობა გიწევს , რადგანაც სხვებზე ხარ დამოკიდებული,  სხვების ანარეკლი ხარ. შენი სახე მხოლოდ სხვა ადამიანების თვალებში გინახავს, ისინი წარმოადგენდნენ შენთვის სარკეს  . როცა სარკეები აღარაა, ჩნდება კითხვა : ვინ ვარ მე? ყველაფერი გაქრა, რა ვუყო ახლა მარტოსულობას? შენც  გაქრობას იწყებ , და ეს ჰბადებს უზარმაზარ შიშს, შიშსს სიკვდილისას.  

ეგო კვდომას იწყებს და ამიტომ ეძებს ვინმეს, რომ მოეჭიდოს და შეინარჩუნოს საკუთარი თავი. სწორედ ამიტომ შედიხარ კვლავ ადამინებთან კონტაქტში .  სიკვდილის შიშის გამო ცდილობ სხვებზე გადაიტანო ყურადღება. და აუცილებლად  ჩნდება დიდი გაურკვევლობა, რადგანაც შენი ჭეშმარიტი არსი ღრმა სიცარიელისკენ მოძრაობდა. მაგრამ შეგეშინდა და თავი დაიხსენი. წინააღმდეგობა შექმენი ენერგიაში: ენერგია შიგნითკენ მოძრაობდა, შენ კი გარეთ გამოიქეცი. აქედან ჩნდება  გაურკვევლობაც.

მაგრამ მარტოობა სრულყოფილია. და როდესაც ვამბობ, რომ მარტოობა სრულყოფილია, ვგულისხმობ, რომ არსებობს ერთი მთლიანი, არ არსებობს მრავალი. შენ არ ხარ განცალკევებული არსებობისგან. არავინ  არაა განცალკევებული არავისგან , ყოფიერება ერთიანია. სწორედ ეს წარმოდგენა განცალკევებულობის შესახებ წარმოშობს ყველა შენს უბედურებას, თავად ეს იდეა, რომ:  „მე  კუნძული ვარ“, ჯოჯოხეთს ქმნის. არავინ წარმოადგენს კუნძულს, ჩვენ ერთ კონტინენტს ვეკუთვნით, ჩვენ ყველანი არსებობის  ამ ოკეანის ნაწილები ვართ. წარსული, აწმყო, მომავალი, ყველა მიმართულებით და ყველა განზომილებაში  ერთიანია. სინამდვილეში სიტყვა „მარტოსული“ ნიშნავს „ერთიანს“ - სწორედ ესაა მარტოობა. მარტო მყოფი  ერთიანს ნიშნავს .

მაგრამ ამისთვის საჭიროა ბევრად უფრო ღრმად შეხვიდე ამ სიცარიელეში. თავიდან ეს სიცარიელე ნეგატიური გეჩვენება; იგი ნეგატიურია ზედაპირზე, ყველაზე გარე შრეში. თუ უფრო ღრმად შეხვალ,  პოზიტიურ სიცარიელეს აღმოაჩენ. სწორედ ამ პოზიტიურ სიცარიელეს უწოდებს ბუდა - ნირვანას, გასხივოსნებას, შუნიას. როცა სიღრმეში შედიხარ და გარე შრეს გაივლი - უეცრად სინათლეს ხედავ, ღამე გადის. მაშინ გრძნობ სხვა სახის მარტოობას, და მაშინ ხვდები განსხვავებას მარტოობასა და მარტოსულობას შორის. მარტოსულობაში შენ ეძებ სხვას, ხოლო მარტოობაში სხვა ქრება, და მასთან ერთად ქრება ეგო. ახლა არავინაა შიგნით და არავინაა გარეთ. ყველაფერი ერთიანია.

ამ ერთიანობას, ამ აბსოლუტურ მთლიანობას ნეტარება მოაქვს. მაშინ აღარ არის შიში, ის ვეღარ იქნება, რადგანაც თუ სიკვდილი არ იქნება,   საიდან უნდა გაჩნდეს მისი შიში? სიკვდილი უკვე მოხდა; ის, რასაც შეეძო მომკვდარიყო, უკვე მოკვდა. ახლა შენ უკვდავი ხარ, შენ იპოვნე უკვდავების ელექსირი. სწორედ ამ ელექსირზე, ამ ნექტარზე ვისაუბრებთ კვლავ და კვლავ „ოქროსფერი ყვავილის საიდუმლო“-ს სუტრებში. სწორედ ესაა ნექტარი - ამრიტა. ესაა ელექსირი, ფილოსოფიური ქვა. თუკი თუნდაც ერთხელ იგემე იგი, სიკვდილი ქრება, დრო ქრება, ყველა საზღვარი ქრება. მაშინ ხეს ხედავ, როგორც საკუთარი თავის გაგრძელებას; ღრუბელს, როგორც საკუთარი თავის გაგრძელებას, ან საკუთარ თავს, როგორც ხის გაგრძელებას. მაშინ ცენტრი ერთდროულად ყველგანაა და არსად. „მე“ უკვე აღარ არსებობს. თავად ეს სიტყვა მნიშვნელობას კარგავს. 

ერთხელ ქრისტიანმა მისიონერმა ძენის ოსტატს ჰკითხა:

-ნუთუ ღმერთთან შერწმა არაა ადამიანის სიცოცხლის აზრი??

- ადამიანის სიცოცხლის აზრი არაა ღმერთთან შერწყმა, რადგანაც არასოდეს ყოფილა არანაირი განცალკევება. ყველაფერი რაც საჭიროა , ესაა  გაბრწყინება, რომელიც ამის დანახვის საშუალებას გვაძლევს, - უპასუხა ძენის ოსტატმა.

დაოს, ძენის, ტანტრას მიდგომა გაცილებით უფრო ღრმაა, ვიდრე ე.წ. მასობრივი რელიგიების მიდგომა. ქრისტიანობა მსჯელობს ღმერთთან შეერთების ტერმინებით, ძენის ოსტატის გაგება კი გაცილებით უფრო ღრმა და ჭეშმარიტია. იგი ამბობს: „სად ხედავთ დაყოფას? როდის მოხდა იგი? ეს არასოდეს მომხდარა, თქვენ უბრალოდ გესიზმრებათ, რომ განცალკევებული ხართ. გაიღვიძეთ! არ არსებობს არანაირი შეერთება, თქვენ ყოველთვის ერთიანი იყავით ყოფიერებასთან. განცალკევება არ ყოფილა არც ერთი წამით, განცალკევება შეუძლებელია“.

შენ უახლოვდები ძალიან მნიშვნელოვან გაგებას. თუ არ შეგეშინდება და არ გაექცევი ამ განცდას, უეცარ გასხივოსნებამდე მიხვალ, როცა ნათლად დაინახავ, რომ ყველაფერი ერთიანია.

მაგრამ შიში ყოველთვის მოდის. ეს არ არის ახალი. ყოველ მაძიებელს უწევს ამის გავლა. და ეს შიში იმდენად დიდია, რომ შენ მანამდე გარბიხარ, სანამ მასზე გაიფიქრებ. ეს იმდენად გაშინებს, რომ გაფიქრებასაც კი ვერ ასწრებ, თუ  რა გააკეთო. თუ ცეცხლმოკიდებულ სახლში აღმოჩნდები, არც კი დაფიქრდები: „გავიქცე თუ არა?“ ვარიანტებიც კი არ გრჩება, უბრალოდ დაუფიქრებლად გარბიხარ სახლიდან.  საფიქრალი დრო არ გაქვს. მოგვიანებით, როცა საფრთხე ჩაივლის, შეგიძლია იფიქრო, მშვიდად იმსჯელო, მაგრამ როცა ცეცხლმოკიდებულ სახლში ხარ, როგორ შეგიძლია მსჯელობა? აუცილებელია მყისიერი მოქმედება, ფიქრი კი არასოდეს არაა მყისიერი. ამაშია მთელი პრობლემა.

როცა თავს მარტოსულად გრძნობ, თავდაპირველად ეს მარტოსულობაა, რადგანაც ყოველთვის სხვაზე ფიქრებით ცხოვრობდი. ეს ფიქრი  მხოლოდ სიზმარია; სხვა არ არსებობს. „მე“ და „შენ“ - ერთიც და მეორეც არარეალურია. მარტინ ჰუბერი ამბობს, რომ უმაღლესი ლოცვა - ეს დიალოგია „მე“- და „შენ“-ს შორის. სწორედ აქ გაიჭედა??? იუდაიზმი: უმაღლესი ლოცვა - ეს სულაც არაა დიალოგი, უმაღლესი ლოცვა - ეს მონოლოგია, რადგანაც სხვა არ არსებობს.

ერთი ძენის ოსტატი ყოველ დილას იმით იწყებდა, რომ საკუთარ სახელს ყვიროდა.  წამოიძახებდა და ინტერესდებოდა: „როგორაა საქმეები?“ - შემდეგ კი პასუხობდა: „მშვენივრად, სერ“.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის გიჟია, მაგრამ ეს ლოცვაა. არ არსებობს არც „მე“ და არც „შენ“, ორივეს ნაცვლად გვიწევს თამაში. ეს თამაშია. ლოცვა  თამაშია, თამაში საკუთარ თავთან. მასში არაა „სხვა“.

მაგრამ იუდაიზმი გაიჭედა   იდეაზე „მე“ და „შენ“. აი , რატომ იყვნენ იუდეველები იესოს წინააღმდეგ - იმიტომ რომ მან განაცხადა, თუმცა არც ისე ხმამაღლა, როგორც ამას ძენის ოსტატები აკეთებენ...  მის შემთხევვაში   შეუძლებელი იყო უფრო ხმამაღალი განაცხადის გაკეთება. მაგრამ მან მაინც თქვა: „მე და მამა ერთნი ვართ“. და ეს საკმარისი აღმოჩნდა ხალხის გასაცოფებლად. ისინი რისხვისგან შეიშალნენ : „რას ამბობს? ღმერთად აცხადებს საკუთარ თავს?“

მას ეს არ უთქვამს, ღმერთად არ გამოუცხადებია თავი. იგი უბრალოდ ამბობს, რომ არ არსებობს ღმერთი, და არ არსებობს მაძიებელი, არსებობს მხოლოდ ერთი მთლიანი. ერთ სიტუაციაში მას შეგვიძლია დავარქვათ მაძიებელი, მეორე  სიტუაციაში - ღმერთი. სწორედ ამიტომ იგი ამბობს: „მე ერთიანი ვარ მამასთან. თუ შევხედავთ ჩემს სხეულს, მაშინ მე შვილი ვარ; თუ შევხედავთ ჩემს სულს, მაშინ მამა ვარ. თუ შევხედავთ ჩემს გარსს, მაშინ მე ადამიანი ვარ, ადამიანის შვილი ვარ; თუ შევხედავთ ჩემს არსს, მაშინ მე ღმერთის შვილი ვარ“. აი ,რატომ იმეორებს ამას არაერთხელ. ზოგჯერ ამბობს: „მე კაცის ძე ვარ“, ზოგჯერ კი  : „მე ღმერთის ძე ვარ“. ეს წინააღმდეგობრივად გვეჩვენება, მაგრამ ასე არაა.

შენ ამბობ: “უკანასკნელ რამდენიმე კვირაში, როცა აღმავსო მადლიერების გრძნობამ სიცოცხლის იდუმალებისა და სასწაულისადმი, უეცრად მიჩნდებოდა ხოლმე შეგრძნება, რომ გარეგნული უფრო და უფრო მიახლოვდება, შემდეგ კი ჩემს თვალებში აღწევს“.

ყველაფერი, რასაც ხედავ, ეს მხოლოდ შენი თვალების პროექციაა. ჯერ არ გინახავს სამყარო ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. რაც გინახავს, ყველაფერი შენი პროექცია იყო, ამიტომ როცა შიგნითკენ მოძრაობას იწყებ, ყველაფერი, რის პროექციასაც გარე სამყაროზე ახდენდი, უფრო და უფრო გიახლოვდება, შემდეგ კი შენს თვალებში ქრება . ეს სამყარო მხოლოდ შენი თვალების პროექციაა, შენ ვერ ხედავ იმას, რაც სინამდვილეშია, შენ ახდენ  შენი ოცნებების პროექციას სამყაროზე.

მაგალითად, არსებობს ცნობილი ალმასი ,,კოჰინორი’’. ეს მხოლოდ ქვაა, ისეთივე, როგორიც ნებისმიერი სხვა, მაგრამ ჩვენ მასზე იმხელა ღირებულების პროექცია მოვახდინეთ. მრავალი ადამიანი დაიღუპა კოჰინორის გამო; ყველა, ვინც მას ფლობდა,კვდებოდა. გააცნობიერეთ, ეს რა აბსურდია: ეს ქვა  მრავალი ადამიანის სიკვდილის მიზეზი აღმოჩნდა  მხოლოდ მათი პროექციის გამო. იგი  მსოფლიოში ყველაზე ძვირფას ნივთად ითვლება, მაგრამ თუ ადამიანი გაქრება დედამიწიდან, მაშინ ის ისეთივე ჩვეულებრივი ქვა არ აღმოჩნდება, როგორც სხვები? ისევე იდება მიწაზე, როგორც დანარჩენი ქვები. არანაირი განსხვავება არ იქნება.

როგორ ჩნდება განსხვავება? ჩვენი თვალების პროექციით  თავად ვხდით ამ ქვას განსაკუთრებულს. მასზე ჩვენი სურვილების, სიხარბის პროექციას ვახდენთ. თუ იმედიტირებ კოჰინორზე - უბრალოდ სიჩუმეში დააკვირდები - დადგება მომენტი, როდესაც რაღაც კოჰინორიდან უფრო და უფრო მოგიახლოვდება, ბოლოს კი გაქრება შენს თვალებში. შემდეგ გაახელ თვალებს და დაინახავ, რომ კოჰინორი გაქრა: დარჩა რაღაც, რასაც არ იცნობ, ხოლო ის, რასაც ადრე იცნობდი, გამქრალია.

ეს მშვენიერი განცდაა, ძალიან მნიშნელოვანი; ნუ გაექცევი, უფრო და უფრო ღრმად შედი მასში. დაე, მთელი სამყარო გაქრეს. დიახ, მეც გავქრები, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ გინახავს, რა ვარ სინამდვილეში, ხოლო ის, რაც გინახავს, მხოლოდ შენი პროექციაა. შენი პროექცია გაქრება, ხოლო როცა ყველა შენი პროექცია გაქრება, სამყაროს ისეთად დაინახავ, როგორიც სინამდვილეშია, მთელი თავისი სიშიშვლით.

და ეს სასწაულია. მაშინ უმნიშვნელო საგნები, ჩვეულებრივი ქვები ისეთი მშვენიერნი არიან... კოჰინორის გამო ისინი აღარ არიან შენთვის მშვენიერები, შენ ყველაფრის პროექცია კოჰინორზე მოახდინე, სიყვარული სხვას არავის  დაუტოვე. როცა პროექციები ქრება, და შენ თვალებს ახელ, ცარიელი თვალებით უყურებ სამყაროს - ყოველგვარი პროექციის გარეშე, უბრალოდ იმის დანახვით, რაც არის, რაიმე იდეის, დასახელების, იარლიყის, ინტერპრეტაციის გარეშე, და მაშინ სამყარო სრულიად სხვა აზრს, სხვა მნიშვნელობას იძენს.

„უეცრად მიჩნდებოდა ხოლმე შეგრძნება, რომ გარეგნული უფრო და უფრო მიახლოვდება, შემდეგ კი ჩემს თვალებში აღწევს, და მაშინ ვგრძნობ, რომ თითქოს ბრტყელ ეკრანს ვუყურებ, პირდაპირ ჩემი თვალების წინ“.

ეს ძალიან კარგია. ეს კარგის ნიშანია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ღრმად შედიხარ მედიტაციაში.

„მეჩვენება, რომ არაფერი არსებობს ჩემს გარდა, და ისეთი მარტოსული ვარ“.

პრობლემა იმაშია, რომ შენ ჯერ კიდევ არსებობ, სწორედ ამიტომ გრძნობ თავს მარტოდ. მარტოსულობას გრძნობ. როცა „შენ“ ქრება, „მე“ მარტოსულობას გრძნობ. „მე“ მხოლოდ „შენ“-თან მიმართებაში არსებობს. „მე“ არაა განცალკევებული არსება. მას არ შეუძლია „შენ“-ის გარეშე იარსებოს, მას აუცილებლად სჭირდება „შენ“. როგორ შეუძლია შეყვარებულს იარსებოს სიყვარულის ობიექტის გარეშე? როცა არაა ობიექტი, შეყვარებულიც ქრება. სიყვარულის ობიექტი აუცილებელია. სიყვარული  არის ორს შორის ურთიერთობა. ამიტომ „მე“ ორს შორის ურთიერთობის ნაწილია. და რადგანაც უწინდებურად ცდილობ, როგორღაც შეინარჩუნო „მე“, აქამდე არ გეყო მამაცობა, რომ გაგეშვა იგი.

ისევე, როგორც მთელი სამყარო გაქრა შენთვის, საშუალება მიეცი „მე“-საც, რომ გაქრეს. თავიდან შიშს იგრძნობ, ეს სიკვდილივით იქნება - სწორედ ესაა სიკვდილი. მოგეჩვენება, რომ თავს იკლავ, მოგეჩვენება, რომ... ვინ იცის, სადაც მიდიხარ, დაბრუნდები თუ არა იქიდან? მოგეჩვენება, რომ უბრალოდ ჭკუიდან იშლები, და გაჩნდება გამყინავი შიში, და ეს შიში უკან გადმოგაგდებს. და ასე მოხდება ბევრჯერ, კვლავ და კვლავ. თანდათანობით ისწავლი, რომ არ შეგეშინდეს . საშიში არაფერია. შენ ძალიან ახლოს ხარ განძთან.

სწორედ ასეთ მომენტებშია აუცილებელი ოსტატი, რომ დაგეხმაროს, გვერდში დაგიდგეს, გაგამხნევოს და გითხრას: „ყველაფერი რიგზეა, შედი სიღრმეში!“

მეც ისევე მომიწია ამის გავლა, როგორც შენ, და შენზე ნაკლებად არ მეშინოდა. შენსავით ბევრჯერ ვცდილობდი ამისგან გაქცევას. და შენ უფრო გაგიმართლა, იმიტომ ,რომ მე არ მყავდა მასწავლებელი, ვერავინ მანუგეშებდა, ვერავინ გამამხნევებდა. მე უბრალოდ საკუთარ თავს ვებრძოდი. არავინ იყო, რომ ეთქვა ჩემთვის, თუ რა მელოდა. სიბნელეში, ხელის ცეცებით მიწევდა სიარული, და მაინც მივდიოდი - ეს კი სახიფათო იყო, ამას ჭკუიდან გადავყავდი. მრავალი ადამიანი, რომლებთანაც  იმ დღეებში ვურთიერთობდი, უკვე ფიქრობდნენ, რომ ჭკუიდან შევიშალე. ყველა, ვისაც ვუყვარდი, დარდობდა ჩემს გამო. დარდობდნენ ჩემი მეგობრები,  მასწავლებლები, უნივერსიტეტის  პროფესორები , მშობლები, ყველა დარდობდა. მაგრამ მე ეს უნდა გამევლო. ისეთი ძლიერი იყო შიში, რომ ბევრჯერ დავიხიე უკან. ასე რომ , ძალიან კარგად ვიცნობ ამ შიშს.

მაგრამ ერთხელ მაინც მოგიწევს, რომ თვალებში ჩახედო მას და გაიარო ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ გამუდმებით შეეჩეხები მას და კვლავ გაიქცევი, გაქცევა კი არ გიშველის. გარეთ ყველაფერი გაქრა, შენ სიღრმეში შედიხარ და ამ შიშს ხვდები - არჩევანი უნდა გააკეთო. გარეთ ყველაფერმა აზრი დაკარგა. შეგიძლია განაგრძო ცარიელი ჟესტების კეთება, მაგრამ რამდენ ხანს მოატყუებ საკუთარ თავს? შენ იცი, რომ ეკრანი ცარიელია, და ყველა შენი პროექცია მოკვდა, შედიხარ სიღრმეში და ხვდები ამ შიშს, შიშის ამ ქარიშხალს. მაგრამ სხვა გამოსავალი არ გაქვს - უნდა გადალახო ეს, რათა გაიგო, რა ხდება ამ სიკვდილის შემდეგ. რაც უფრო მალე მოიკრებ სიმამაცეს, მით უკეთესია.

და კვლავაც გეუბნები, რომ შენ უფრო გაგიმართლა, რადგანაც ამის გავლის შემდეგ სრულ სიცარიელეში ვდგავარ და გიხმობ: „მოდი! ყველანი მოდით! კვლავ და კვლავ მოდით!“ მე განვაგრძობ შენს მოხმობას, როგორც ქრისტე უხმობდა ლაზარეს საფლავიდან: „ლაზარე, გამოდი!“ სინამდვილეში, ეს ისტორია  არაა ისტორიული ფაქტი. ეს იგავია. იგავი იმაზე, როგორ ვიმოძრაოთ გარე სამყაროდან შინაგანში.

როცა გარე სამყარო ყველანაირ აზრს კარგავს, იგი საფლავად იქცევა, უდაბნოდ იქცევა. იქ აღარაფერი იზრდება, აღარაფერი ხარობს, იქ შეუძლებელია ცეკვა და სიმღერა, და შენ ცხოვრობ ცარიელი მოძრაობებით, ცარიელი ჟესტებით.

მაგრამ ოსტატი იმყოფება იმ სივრცეში, სადაც გეშინია შესვლა, და იქიდან გიხმობს. და მე მხოლოდ შენს გარეთ არ ვიმყოფები, შენ შემხვდები საკუთარ შინაგან სიცარიელეში - რა თქმა უნდა, არა როგორც ადამიანს, არამედ როგორც თანმყოფობას, არა როგორც განცალკევებულ არსებას, არამედ ერთ მთლიანს შენთან.

აი, რატომ მოვითხოვ ასე სანიასას. თუ არ ხართ სანიასები, გამიჭირდება თქვენი შიგნიდან მოხმობა. მე შევძლებ გარედან დაგიძახოთ, მაგრამ  მხოლოდ სტუდენტებად რჩებით. შემიძლია გასწავლოთ რამე, მაგრამ ეს უბრალოდ მკვდარი ცოდნა გახდება, - ასე ვერ მოგიხმობთ შიგნიდან, თქვენი გულის სიღრმეებიდან, არადა სწორედ ესაა აუცილებელი. და ეს შესაძლებელია, მხოლოდ მაშინ, თუ მოსწავლე ხდებით, სანიასი ხდებით, თუ მზად ხართ  გამომყვეთ, თუ მზად ხართ - მენდოთ, თუნდაც ზოგჯერ. მე ვიყენებ ამ მომენტებს, „ზოგჯერ“, და ადრე თუ გვიან  ეს  თქვენი სულის მდგომარეობა გახდება.

ასე რომ,  არ შეჩერდე. ნება მიეცი  „მე“-სგაქრეს. და როცა „მე“ გაქრება, შენ იგრძნობ არა მარტოსულობას, არამედ მარტოობას.  მარტოობა მშვენიერია, მარტოობა თავისუფლებაა:  ეს თვითკმარობის, უდიდესი სიხარულის ძალიან პოზიტიური მდგომარეობაა. ეს დიადი, სასიხარულო მომენტია. ეს ზეიმის მომენტია.

„მეჩვენება, რომ არაფერი არსებობს ჩემს გარდა, და ისეთი მარტოსული ვარ“. დიახ, თუ შენი „მე“ რჩება, რჩება შენი მარტოსულობაც.

„მაგრამ შემდეგ სცენაზე ჩნდებიან ადამიანები, ჩემთან შემოდიან კონტაქტში, და გაურკვევლობა მიპყრობს. და შენ როგორ? შენც ამ სურათის ნაწილად მეჩვენები“.

ნება მომეცი ამ სურათის ნაწილი ვიყო გარე სამყაროში, მხოლოდ ასე შევძლებ ვიმუშაო შენს შინაგან სამყაროში. ნება მომეცი გავქრე გარეთ, რათა შეძლო ჩემი დანახვა შიგნით. ამაში იქნება ჩემი ჭეშმარიტება. ამაშია ქრისტეს ჭეშმარიტება, ამაშია ბუდას და კრიშნას ჭეშმარიტება. ამაშია ყველა ოსტატის ჭეშარიტება; ყველასი, ვინც გასხივოსნებული გახდა.

„და თუმცა ეს მხოლოდ რამდენიმე წამით გრძელდება, ღრმა შეშფოთება მიპყრობს, როცა ეს ხდება“. ეს ბუნებრივია, მაგრამ აღივსე სიმამაცით. მე შენს გვერდით ვარ. შედი სიღრმეში.

„იქნებ ეს ჩემი ჭკუის თამაშებია?“

არა, სრულებით არა. ჭკუა შიშს წარმოშობს და არა თავად ამ განცდას. ჭკუის თამაშებია ,  როცა იგი შიშს წარმოშობს შენში. როცა ხედავ, რომ ყველა შენი პროექცია უფრო და უფრო გიახლოვდება, ქრება შენს თვალებში, და ყველაფერი ცარიელ ეკრანად იქცევა, ეს არაა ჭკუის თამაშები. ეს არაა ჭკუა, ეს მედიტაციაა. ეს არა-ჭკუისკენ მოძრაობაა. როცა ძალიან უახლოვდები არა-ჭკუას, ჭკუა შიშს წარმოშობს, მას ისე ეშინია სიკვდილის, რომ შიშს წარმოქმნის, - და ეს შიში  შეჩერებას გაიძულებს.

შემდეგში, როცა ეს მოხდება, მიუხედავად შიშისა, შედი მასში. იარე სპილოს მსგავსად, რომელიც  სვლას აგრძელებს მიუხედავად იმისა, რომ ძაღლები ყველა მხრიდან უყეფენ. დაე,  ჭკუის ძაღლებმა იყეფონ. საერთოდ არ მიაქციო ყურადღება ჭკუას.

მესამე კითხვა:

რა ხდება, როდესაც გასხივოსნებული კვლავ ხვდება ილუზიის ძალაუფლების ქვეშ?

დაცვენილი ყვავილები არ ბრუნდებიან კვლავ ტოტებზე. ეს შეუძლებელია. გასხივოსნებულ ადამიანს არ შეუძლია კვლავ მოხვდეს ილუზიის კლანჭებში.   მრავალი მიზეზის გამო ეს შეუძლებელია. .

ერთი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ გასხივოსნებული ადამიანი უკვე აღარ არსებობს, - მაშინ ვინღა ხვდება ილუზიის კლანჭებში? არსებობს გასხივოსნება, მაგრამ არ არსებობს ის, ვისაც გასხივოსნებულს უწოდებენ. გასხივოსნება ნამდვილად არსებობს, მაგრამ გასხივოსნებული არ არსებობს. ასეთი სიტყვა არის, მაგრამ იგი ზედმეტია ენაში. ვის შეუძლია დაექვემდებაროს ილუზიას? ის, ვისაც ეს შეუძლია  გაქრა. და როგორ შეიძლება ილუზიის ძალაუფლების ქვეშ მოხვედრა? თუ თქვენ გაიგეთ, რომ ეს ილუზიაა, ის უკვე აღარ არსებობს. როცა დაინახეთ, რომ ის აღარ არსებობს, ყველაფერი დამთავრებულია. სად შეგიძლიათ დაბრუნდეთ? ეს შეუძებელია.

მაგრამ ასეთი იდეა ბუნებრივად იბადება ჩვენს გონებაში, რადგანაც ჩვენ არასოდეს შევხვედრივართ რაიმე მსგავსს ცხოვრებაში. ჩვენ ყოველთვის რაღაცას ვაღწევთ, შემდეგ კი ვბრუნდებით. ჩვენ გვიყვარდება, შემდეგ კი გადაგვიყვარდება, ჩვენ ვხდებით ბედნიერები, შემდეგ კი ისევ უბედურები, თავს კარგად ვგრძნობთ, შემდეგ კი ცუდად. ჩვენ ორმაგობაში ვცხოვრობთ, და ეს ორმაგობა არასოდეს გვტოვებს, ამიტომ ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ გასხივოსნებიდან შესაძლებელია დაბრუნება.

გასხივოსნება - არაორმაგობის რეალიზაციაა. სწორედ ამიტომ ამბობენ ძენის ოსტატები, რომ სანსარაა  ნირვანა ; ეს სამყაროა სწორედ ნირვანა, თავად ილუზიაა ჭეშმარიტება.   ყველა საზღვარი ქრება  - აი,  ეს ჭეშმარიტებაა, ეს კი ილუზია. ყველაფერი ჭეშმარიტებაა, მხოლოდ ჭეშმარიტება არსებობს. სად შეგვიძლია დაბრუნება? თქვენ გასცდით იმ წერტილს, საიდანაც დაბრუნება შესაძლებელია. ჯერ არავინ დაბრუნებულა. ნუ იდარდებ გასხივოსნებულებზე, საკუთარ თავზე იდარდე.

ჯერ გახდი გასხივოსნებული და შემდეგ სცადე დაბრუნება. და შენ დაინახავ: უფრო ადვილია გასხივოსნებული გახდე, ვიდრე უკან დაბრუნდე. მე ვეცადე, მაგრამ არ გამომივიდა.

უკანასკნელი კითხვა:

გთხოვ, ამიხსენი, რა არის ნეტარება და ტანჯვა, იმიტომ, რომ ყოველთვის, როცა სიყვარულს და სილამაზეს ვეხები, ნეტარების ნაცვლად მხოლოდ უზარმაზარ ტკივილს განვიცდი, და არ შემიძლია ამის გაგება.

შენ გამუდმებით გეუბნებოდნენ, გასწავლიდნენ, რომ ბედნიერად ყოფნა არასწორია, უბედურად  ყოფნა კი - სწორი. შესაძლოა პირდაპირ არ გეუბნებოდნენ ამას, მაგრამ ირიბად გაჰიპნოზებდნენ და განპირობებულს გხდიდნენ, რომ უბედური ყოფილიყავი. შენ დაიწყე ფიქრი, რომ უბედურად ყოფნა ბუნებრივია. გარშემო ყველგან უბედურებას ხედავ, ყველა უბედურია, და ეს ნორმალური გეჩვენება. თითქოს ასეც უნდა იყოს.

როცა დაიბადე, ბედნიერი ბავშვი იყავი; ისევე როგორც ყველა ბავშვია ბედნიერი. სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება . ყოველი ბავშვი ბედნიერია, აბსოლუტურად ბედნიერი, სწორედ ამიტომ ბავშვები  ეგოისტები ჩანან: ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, არ დარდობენ სამყაროზე და ჩვეულებრივი ამბები უხარიათ. პეპელაა ბაღში - და იმხელა სიხარული და აღტაცებაა - უბრალო საგნები, წვრილმანები, მაგრამ ბავშები ისეთი ბედნიერნი არიან, და ეს ბუნებრივია.

მაგრამ თანდათანობით ჩვენ ვამახინჯებთ და ვანგრევთ მათ ბედნიერებას. ჩვენ არ შეგვიძლია ამდენი ბედნიერების ატანა. სამყარო უბედურია, და ჩვენ უნდა შევამზადოთ ბავშვი ამ სამყაროსთვის. ამიტომ ირიბად შთავაგონებთ: „სამყარო უბედურია. შენ ვერ მისცემ საკუთარ თავს ბედნიერების უფლებას. ბედნიერება - ეს მხოლოდ იმედია. როგორ შეგიძლია იყო ბედნიერი? ნუ იქნები ასეთი ეგოისტი! გარშემო ამდენი უბედურებაა - შეხედე სხვებს, იფიქრე სხვებზე“. და თანდათანობით ბავშვს უჩნდება გრძნობა, რომ ბედნიერად ყოფნა ლცოდვაა. როგორ შეიძება იყო ბედნიერი, როცა სამყარო ასეთი უბედურია?

ადამიანები წერილებს მწერენ და მეკითხებიან: „როგორ შეგიძია ასწავლო ადამიანებს მედიტაცია, როცა სამყარო ასეთი უბედურია? როგორ შეიძება იყო ბედნიერი, როცა ხალხი შიმშილით კვდება?“ თითქოს, თუ უბედური იქნებით, მათ დახმარებას შეძლებთ ! თითქოს, თუ არ იმედიტირებთ, რაიმე სამსახურს გაუწევთ ამით. თითქოს ომები აღარ იქნება, თუ არ იმედიტირებთ, და სიღარიბეც გაქრება, თუ უბედური იქნებით. უბედურება ტახტზე აიყვანეს, უბედურება გააღმერთეს.

მე ყოველთვის ვეჭვობდი, რომ ქრისტიანობა დიდი რელიგია ჯვრის გამო გახდა. ჯვარი  განასახიერებს ტანჯვას და  უბედურებას. კრიშნასგან შეუძლებელი იყო დიდი რელიგიის შექმნა, მისი ფლეიტის და  მისი ცეკვის გამო. ისინიც კი, ვინც მას ეთაყვანება, მის გამო ერთგვარ დანაშაულის გრძნობას განიცდიან. „როგორ შეუძია მას ასეთი ბედნიერი იყოს და მეგობარ გოგონებთან ცეკვავდეს? და არა ერთთან - ათასებთან! მღეროდეს და უკრავდეს ფლეიტაზე!  ადამიანები კვდებიან, ყველგან სიკვდილია, შიმშილია, ომი და ძალადობა. ყველგან ჯოჯოხეთია, ის კი ფლეიტაზე უკრავს. რა სისასტიკეა, რა უგულობაა!“ ჯვარზე მომაკვდავი იესო უფრო შესაფერისი ფიგურა ჩანს. შეხედეთ იესოს სახეს ხატებზე. ქრისტიანები ხატავენ მას გრძელი, სევდიანი სახით, იგი საკუთარ თავზე ატარებს დედამიწის მთელ ტვირთს. იგი მოვიდა, რათა საკუთარ თავზე აეღო ყველა ადამიანის ცოდვა. ის დიადი ალტრუისტი და  არაეგოისტური ადამიანი ჩანს. თუმცაღა დარწმუნებული ვარ, რომ ქრისტიანები არასწორად გამოსახავდნენ იესოს.

ასეთი ქრისტე მითია; ნამდვილი ქრისტე უფრო მეტად ჰგავდა კრიშნას. სინამდვილეში, თუკი უფრო ღრმად შეისწავლით სიტყვას „ქრისტე“, დაინახავთ: იგი მომდინარეობს სიტყვისგან „კრიშნა“, მისი ფესვი  კრიშნაა. იესო ძალიან ბედნიერი და სიხარულით სავსე ადამიანი უნდა ყოფილიყო, სხვანაირად როგორ ავხსით, რომ ასე ბედნიერად ჭამს და სვამს? მრავალ სურათზე შეგვიძლია დავინახოთ, როგორ ზის მეგობრებს შორის, და ისინი ჭამენ, სვამენ და საუბრობენ. იესო არა მხოლოდ ქადაგებდა, იგი საუბრობდა კიდეც! როგორც ჩანს,  იგი ღმერთის ერთადერთი გამოგზავნილია, რომელიც ჭამს, სვამს და ცხოვრების პატარა სიხარულებით ტკბება.

ასე მგონია, ძენის ოსტატებს რომ მოენდომებინათ იესოსგან რელიგიის შექმნა, ისინი ჯვარზე გაკრულს და მოცინარს გამოსახავდნენ მას, მთელი გულით მოცინარს. იესოს ექნებოდა დიდი მუცელი, როგორც ბოდჰიდჰარმას, და ეს მუცელი სიცილისგან იზანზარებდა, როგორც ვულკანი! ეს გაცილებით უფრო ახლოს იქნებოდა ჭეშმარიტებასთან.

იაპონიასა  და ჩინეთში ბუდას ქანდაკებას დიდი მუცლით აკეთებენ. ინდოეთში საერთოდ არ აკეთებენ ასეთ მუცელს. ინდოეთში დამკვიდრდა კონცეფცია, იოგას კონცეფცია, რომ მუცელი ძალიან პატარა უნდა იყოს, გულ-მკერდი კი - დიდი, იმიტომ, რომ იოგის სუნთქვა ხელოვნური, არაბუნებრივი სუნთქვაა. მას შეუძლია მუჰამედ ალიდ გაქციოთ, მაგრამ არა ბუდად. იგი შეგძენთ  მისტერ მსოფლიოს ფიგურას, მაგრამ ოდესმე გინახავთ მასზე უფრო მახინჯი ადამიანი? მისტერ მსოფლიო  ყველაზე მახინჯია. არა მგონია, რომ ერთ ქალს მაინც შეუყვარდეს მისტერ მსოფლიო. იგი ცხოველივით გამოიყურება:  მხოლოდ კუნთები და არაფერი ადამიანური, მხოლოდ რაღაც მანქანა. კუნთები მოძრაობენ როგორც მანქანაში, მექანიზმში, მასში არაა სული. ბუდას ინდური ქანდაკებები - ეს იოგის ქანდაკებებია. ჩინეთში ბუდას ქანდაკებები ყოველთვის დიდი მუცლით კეთდებოდა.

როცა ადამიანი ხშირად იცინის და ბუნებრივად სუნთქავს, მისი მუცელი თანდათანობით იზრდება, რადგანაც ასეთი ადამიანი მუცლით სუნთქავს და არა მკერდით, მისი სუნთქვა ძალიან ღრმად მიდის. ძენს რომ მოენდომებინა ქრისტესგან რელიგიის შექმნა, იესო ჯვარზე იცინებდა - იცინებდა ისე, რომ მისი სიცილი საუკუნეების მანძილზე გაისმებოდა. მაგრამ ასეთ რელიგიას, შესაძლოა არ ჰქონოდა წარმატება, რადგანაც არ მიესადაგებოდა ადამიანებს, რომლებმაც მხოლოდ ის იციან, როგორ იტირონ. ასეთი იესო ექსცენტრიული გამოჩნდებოდა. იყო ჯვარზე და გამოიყურებოდე სევდიანად, ეს აბსოლუტურად ნორმალური ჩანს, რადგანაც ყველას აქვს თავისი ჯვარი და თავისი სევდა.

 ალბათ, შენ ბავშვობიდან გასწავლიდნენ, რომ სამყარო არასწორადაა მოწყობილი. როგორ შეიძლება ბედნიერი იყო ასეთ სამყაროში? ჩვენ ყოველთვის ვატარებთ სასჯელს. ღმერთმა უბრძანა ადამს და ევას - დაეტოვებინათ სამოთხე, რადგანაც არ დაუჯერეს მას, და მთელი კაცობრიობა ატარებს საკუთარ თავზე ამ წყევლას. როგორ შეიძლება იყო ბედნიერი?იყო ქრისტიანი და იყო ბედნიერი - ეს წინააღმდეგობაა ტერმინებში.

ალბათ გასწავლიდნენ, რომ სამყარო უბედურია: იყო უბედური ასეთ სამყაროში, სრულიად ნორმალურია, სწორიც კი. ყველა უბედურია, ამიტომ ძალიან დიდი  სისასტიკე და უგულობაა შენი მხრიდან, რომ  გახარებული და ბედნიერი იყოს.  იმ  მომენტებშიც კი , როცა  ნეტარებაა შესაძლებელი , ადამიანები  დანაშაულის გრძნობას განიცდიან  და ნეტარებისგან თავს იკავებენ.  

ლარსონმა შარლოტა ქალაქგარეთ წაიყვანა გასასეირნებლად და მანქანა განმარტოებულ ადგილას გააჩერა.

- თუ ეცდები, რომ რამე დამიშავო, - თქვა შარლოტამ, -დავიყვირებ.

- რა აზრი აქვს? - უპასუხა ლარსონმა. - ჩვენს გარშემო რამდენიმე მილზე კაციშვილის ნასახი არაა.

- ვიცი, - თქვა შარლოტამ. - უბრალოდ მინდა სინდისი დავიმშვიდო, სანამ სიამოვნებას მივიღებ.

ადამიანები სექსითაც კი სევდიანი სახეებით არიან დაკავებული, თითქოს ისინი ჯვარზე არიან, ძალიან სერიოზულად, თითქოს რაღაც ვალდებულებას ასრულებენ, და რომც უნდოდეთ ტკბობა, მალავენ ამას. ეს არასწორად  ჩანს. ისინი დანაშაულის გრძნობას განიცდიან.

თუ ადამიანები მართლა სიხარულით ეძლევიან სექსს, ისინი იყვირებენ, იტირებენ, იცინებენ. არასოდეს იცი, რა ემოციები წამოვა  ზედაპირზე, ამიტომ ჯობს  აკონტროლო თავი,  რომ სულელად არ გამოჩნდე.  რას იფიქრებენ მეზობლები? ახლა ისეთ თხელ კედლებს აკეთებენ, რომ იძულებული ხარ სექსი იგურ პოზაში, შავასანაში, - მკვდრის პოზაში - გქონდეს და ყველაფერი რაც შეიძლება მალე დაამთავრო. „რას აკეთებთ? იესო თქვენს გამო ჯვარზე იტანჯებოდა, თქვენ კი სიხარულისგან ყვირით! გაიხსენეთ იესო, საწყალი იესო, რას იფიქრებს თქვენზე? გაიხსენეთ ღმერთი, რომელიც ყოველთვის იყურება ჭუჭრუტანებიდან საძინებელში, რას იფიქრებს თქვენზე?“

თუ წარმოიდგენთ, რომ ყველა : ღმერთი, ანგელოზი, იესო, და  ყველა წმინდანი  გაკვირდებათ, თქვენ კი სექსით ხართ დაკავებული, თანაც ასეთი ნეტარებით... თქვენ მარადიულად დაიტანჯებით ჯოჯოხეთში! ასე რომ, ჯობს თავი  აკონტროლოთ , ჯობს დამნაშავედ იგრძნოთ თავი.  აი, რატომ გრძნობენ სექსის შემდეგ ერთგვარ სევდას, ერთგვარ იმედგაცრუებას, თითქოს დანაშაული ჩაიდინეს. მათ კვლავ მისცეს ნება საკუთარ თავს, რომ სიამოვნება მიეღოთ, ეს კი არასწორია.

დააკვირდი: როცა თავს უბედურად გრძნობ , ამ დროს კარგად ხარ. ეს წინააღმდეგობრივი ჩანს, მაგრამ ასეა: როცა უბედურად გრძნობ თავს, ბედნიერი ხარ, ხოლო როცა ბედნიერად გრძნობ თავს, უბედური ხარ.

შენ ამბობ: „გთხოვ, ამიხსენი, რა არის ნეტარება და ტანჯვა, იმიტომ, რომ ყოველთვის, როცა სიყვარულს და სილამაზეს ვეხები, ნეტარების ნაცვლად მხოლოდ უზარმაზარ ტკივილს განვიცდი  და არ შემიძლია ამის გაგება“.

შენ ვერ გაიგებ ამას, რადგან შენი მთელი გაგება მოწამლულია. უბრალოდ,  მთლიანად უნდა გადააგდო ჭკუა. არაა საჭირო გაგება. უმანკოება უნდა დაიბრუნო, და არა გაგება, რადგანაც გაგება  ერთგვარი ანგარიშია, გაგება - ეს ისევ ცოდნაა, რომელსაც საზოგადოება გაძლევს. სწორედ ეს ცოდნა ქმნის ყველა პრობლემას! შენ კვლავ უმანკო უნდა გახდე, როგორც ბავშვი. მაგრამ შენ გინდა გაიგო. დაივიწყე გაგება. ეს ანგარიშია, ჭკუის ეშმაკობა.

მე გამიგია...

ხანშიშესული წყვილი ექიმთან მივიდა. მამაკაცმა თქვა:

- გვინდა ვიცოდეთ, გვაქვს თუ არა სწორი სექსი. შეგიძლიათ შეგვამოწმოთ?

- კეთილი, დაიწყეთ, - უპასუხა ექიმმა.

მათ სექსი ჰქონდათ.

- თქვენ შესანიშნავი სექსი გაქვთ, - თქვა ექიმმა. - თქვენგან ათი დოლარია.

ისინი ყოველ კვირას მიდიოდნენ და იგივეს აკეთებდნენ. მეშვიდე ჯერზე ექიმი დაინტერესდა:

- რატომ მოდიხართ? ხომ გითხარით, რომ შესანიშნავი სექსი გაქვთ.

- მას არ შეუძლია ჩემთან მოსვლა, მე კი - მასთან, - აუხსნა კაცმა, - სასტუმრო ოცი დოლარი ღირს. თქვენ ათ დოლარს იღებთ, და ჩვენ რვა დოლარს უკან ვიბრუნებთ, როგორც პენსიონერები.

ნუ იქნები ცბიერი და ანგარიშიანი. რა სიყვარულია ეს? ეს უბრალოდ ანგარიშია, ბიზნესია... ბიზნესისთვის ცოდნაა საჭირო, ცხოვრებისთვის კი უმანკოება. ცოდნა საჭიროა ბიზნესში და არა  მისტიკურის სამყაროში; ამ სამყაროში შეუძლებელია ცოდნა, შესაძებელია მხოლოდ არსებობა. უბრალოდ, მთლიანად გადააგდე შენი ჭკუა, გადააგდე მთელი შენი განპირობებულობა და დაიწყე მოძრაობა. როცა გიხარია, მართლა გაიხარე, დაეხმარე საკუთარ თავს სიხარულში - იცეკვე, იმღერე.

ძველი ჩვევები უკან ჩაგითრევს, არ მოუსმინო მათ. თანდათანობით უნდა განთავისუფლდე ძველი ჩვევებისგან. ეს ადვილი არ იქნება, რადგანაც არც ერთი ჩვევა არ მიდის ბრძოლის გარეშე. მაგრამ ეს ჩვევები შენს წინააღმდეგაა და ღმერთის წინააღმდეგაა, რადგანაც ყველაფერი, რაც სიხარულის წინააღმდეგია, ღმერთის წინააღმდეგიცაა. თუ ღმერთს ერთი სიტყვით აღვწერთ, მაშინ ეს სიტყვა „სიხარულია“.

როცა სილამაზეს გრძნობ, და შენში ტკივილი ჩნდება, ეს არაა შენი არსის ტკივილი, არამედ იგი შენს ჭკუაშია. შენი არსი სილამაზისკენ ისწრაფვის, მაგრამ ჭკუა უკან გითრევს. როცა სიყვარულს ან სიხარულს გრძნობ და ამავდროულად ტკივილსაც გრძნობ, აირჩიე სიხარული, ყურადღებას ნუ მიაქცევ ტკივილს. თუ ყურადღებას არ მიაქცევ, მოკვდება. შენი ყურადღებით კვებავ მას. არასოდეს მიაქციო ყურადღება იმას, რაც არასწორია, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოკვებავ მას, და უფრო და უფრო მეტ ენერგიას მისცემ. ყურადღებას ნუ მიაქცევ ამ ტკივილს - ეს ყველაზე უკეთესია. დიახ, ნება მიეცი მას იყოს. უბრალოდ თქვი: „დიახ, მე შენ გგრძნობ. შენ ჩემი წარსულის კვალი ხარ. გგრძნობ, მაგრამ მე წინ მივიწევ და არ მოგისმენ“.

ყური დაუგდე სიხარულის ცდუნებებს და მიჰყევი მათ, და შენ სწორი მიმართულებით იმოძრავებ - ღმერთისკენ იმოძრავებ. არასოდეს დაუგდო ყური იმას, რაც დანაშაულის გრძნობას, ტკივილს, ტანჯვას ჰბადებს შენში - წინააღმდეგ შემთხვევაში დაშორდები ღმერთს. როცა თავს უბედურად გრძნობ, ჯოჯოხეთში ხარ - ყველაზე შორს ღმერთისგან, ხოლო როდესაც ბედნიერი და სიხარულით სავსე ხარ, სამოთხეში ხარ, ღმერთში ხარ.

შენ ამბობ: „ამიხსენი, რა არის ნეტარება და ტანჯვა...“

ტანჯვა არაბუნებრივია, ნეტარება -  შენი ბუნებაა. ტანჯვა სხვებისგან ისწავლე, ნეტარება კი  ღმერთის საჩუქარია. ტანჯვა -  განპირობებულობაა, ნეტარება -  შენი სულია, შენი არსია. ტანჯვა  შენი გარსია, მხოლოდ სტრუქტურაა შენს შიგნით; ნეტარება  შენი თავისუფლებაა, რაიმე სტრუქტურის არარსებობა.

„გთხოვ, ამიხსენი, რა არის ნეტარება და ტანჯვა, იმიტომ, რომ ყოველთვის, როცა სიყვარულს და სილამაზეს ვეხები, ნეტარების ნაცვლად მხოლოდ უზარმაზარ ტკივილს განვიცდი, და არ შემიძლია ამის გაგება“.

ნუ ეცდები ამის გაგებას. უბრალოდ მიიღე ეს ტკივილი, უფლება მიეცი შენთან იყოს რამდენიმე დღის განმავლობაში. საკუთარ თავს მიეცი  უფლება გიყვარდეს - თავი დაკარგე სიყვარულისგან  და ნება მიეცი თავს სილამაზე იგრძნო. იცეკვე ხის გარშემო, და შენ იგრძნობ, როგორ გადმოგეცემა ხისგან რაღაც. იცეკვე ვარსკვლავების ქვეშ. შესაძლოა თავიდან შენმა ფეხებმა ვერ იცეკვონ, და მოგიწევს, რომ აიძულო მათ ცეკვა, იმიტომ რომ იმდენი ხანი ცხოვრობდი ცეკვის გარეშე, რომ შენმა ფეხებმა დაივიწყეს ცეკვის ენა. მაგრამ ისინი ძალიან მალე გაიხსენებენ მას, რადგანაც ეს ბუნებრივი ენაა.

ყველა  ბავშვმა იცის ცეკვა და სიხარული. შენ მოგიწევს, რომ თავიდან ისწავლო, და რადგანაც ეს ძალიან ბუნებრივია, ეს მალე მოხდება. მცირე ძალისხმევა, და ერთხელაც ალყას თავს დააღწევ. მაშინაც კი, თუ თავიდან წაიქცევი ხოლმე, ეს ნორმალურია, უნდა ისწავლო საკუთარ ფეხებზე დგომა. ყავარჯნები უნდა გადააგდო ; ყავარჯნები, რომლებიც საზოგადოებამ, ორგანიზებულმა რელიგიამ და მღვდლებმა მოგახვიეს თავს. მაშინაც კი, თუ თავიდან იგრძნობ, რომ რაღაც დაკარგე, ეს ნორმალურია. მაგრამ თუკი გამუდმებით იმოძრავებ ბუნებრივისკენ, იპოვი დაოს შენს ცხოვრებაში. დაო  ბუნებრივი ყვავილობაა. მიჰყევი ბუნებას.

არავის უნდა იყოს უბედური, და ყველა უბედურია. ისინი არ მიჰყვებიან ბუნებას. ყველას უნდა იყოს ბედნიერი, და არავინაა ბედნიერი. ყური უგდე შენს მისწრაფებებს: ღრმა მისწრაფებები სწორ გზას მიგითითებენ . შენ გწყურია სიხარული, სილამაზე, გწყურია რაღაც, რაც მთლიანად შეგიპყრობდა, რაც სხვა ნაპირზე გადაგიყვანდა, რაც ისეთი არაჩვეულებრივი და უზარმაზარი იქნებოდა, რომ წაიღებდა წარსულს და მომავალს, და შენ აღმოჩნდებოდი უბრალოდ აქ და ახლა.

მაგრამ ნუ ეცდები გაგებას. თუ გაგებას ეცდები, ფსიქოანალიზის მსხვერპლი გახდები, ფსიქოანალიზი უსასრულო პროცესია. შეიძლება გააანალიზო და გააანალიზო, და ამას არ აქვს დასასრული. მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი,   რომელიც ბოლომდე გაანალიზებული იქნებოდა. ეს უბრალოდ შეუძლებელია.

მე სხვა მიდგომა მაქვს. ნუ მიეცემი ანალიზს.  ბოლომდე გადააგდე შენი ჭკუა. გადმოხტი მისგან! ნუ ეცდები გაგებას. ყველაფერი რაც საჭიროა, - ესაა ცხოვრება, ტოტალურად ცხოვრება. ყველაფერი, რაც საჭიროა,  ესაა აარსებობა.

დღეისათვის საკმარისია.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff