ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო

ოშო
4.5
1

მთარგმნელი: მამუკა გურული  ...ნეტარება  თავად ადამიანის ბუნებაა. მას არ სჭირდება ძებნა, მას უბრალოდ ხელახლა აღმოჩენა სჭირდება. ვეძებოთ იგი სადღაც გარეთ - ეს საიმედო გზაა მისი ხელიდან გ...

თავი 3 - წამის გაელვება

 

თავი3

წამის გაელვება

ოსტატმა ლუ-ძიმ თქვა:

მხოლოდ პირვანდელი სული და ჭეშმარიტი ბუნება აღემატება დროს და სივრცეს. პირვანდელი სული პოლარული ურთიერთწინააღმდეგობების მიღმა იმყოფება. მისგან წარმოიშობა ცა და მიწა. როცა მოსწავლეები გაიგებენ, როგორ მივიდნენ პირვანდელ სულამდე, ისინი გადალახავენ სინათლისა და სიბნელის ურთიერთწინააღმდეგობებს და სამი სამყაროს მიღმა გავლენ. მაგრამ ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ მას, ვინც ადამიანური ბუნების ჭეშმარიტი სახე იხილა.

როცა ადამიანი დედის წიაღს ტოვებს, პირვანდელი სული კვადრატულ დიუმში სახლდება, ხოლო ცნობიერი სული უფრო ქვემოთ, გულში სახლდება. ეს გული დამოკიდებულია გარე სამყაროზე. თუ ადამიანი არ ჭამს თუნდაც ერთი დღის განმავლობაში, იგი უკიდურეს დისკომფორტს გრძნობს. თუკი რაღაც საშინელი ესმის, იგი კრთება; თუკი რაიმე სასტიკი ესმის, იგი ჩერდება; თუკი სიკვდილს ხვდება, იგი სევდას გრძნობს; თუკი რაღაც მშენიერს ხედავს, იგი აღტაცებას განიცდის. მაგრამ ღვთაებრივი გული რომ თავში ყოფილიყო, განა იმოძრავებდა იგი? თუ შენ იკითხავ: „შეუძლია თუ არა ღვთაებრივ გულს მოძრაობა?“ - მე გიპასუხებ: „როგორ შეუძლია ჭეშმარიტ აზრს - იმოძრაოს კვადრატულ დიუმში!“

ქვედა გული მოძრაობს, როგორც ძლიერი და მტკიცე მბრძანებელი, რომელსაც სძულს ღვთაებრივი მმართველი მისი სისუსტის გამო და ძალაუფლების უზურპაციას ახდენს სახელმწიფოში. როცა ბოქლომი მტკიცე და დაცულია, ეს იმას ჰგავს, როდესაც ძლიერი და ბრძენი მმართველი ზის ტახტზე. თვალები იწყებენ სინათლის წრეზე ტრიალს, როგორც ორი მინისტრი, რომლებიც მმართველისგან მარჯვნივ და მარცხნივ დგანან და თავისი ძალებით ეხმარებიან მას. როცა ამგვარი სახით წესრიგია დამყარებული ცენტრში, მეამბოხეები შუბებს ხრიან და მორჩილებისათვის მზადმყოფი ნებდებიან.

ცხოვრების ელექსირისკენ გზა იცნობს თესლი-წყლის, სული-ცეცხლისა და აზრი-მიწის უმაღლესი მაგიას - ამ სამს. რა არის თესლი-წყალი? ეს ჭეშმარიტი ერთიანი ენერგიაა, ეროსი. სული-ცეცხლი - ეს სინათლეა, ლოგოსი. აზრი-მიწა - ეს ინტუიციაა.

 

ერთხელ მეფემ თავის ბრძენ მასხარას უხმო, ქვეშევრდომების თანხლებით კვერთხი გაუწოდა და უთხრა:

- აიღე სამეფო სასახლის კვერთხი და შენთან შეინახე, სანამ იმაზე მეტ სულელს არ იპოვნი, ვიდრე შენ ხარ. ხოლო თუ იპოვი, მას გადაეცი.

მალე მეფე ავად გახდა და იგრძნო რა სიკვდილის მოახლოება, თავისი მასხარას ნახვა მოუნდა, რომლის გულმართლობაშიც ეჭვი არ ეპარებოდა. როცა მასხარა მოვიდა, მეფემ უთხრა მას:

- მე დაგიძახე, რათა შეგატყობინო, რომ შორეულ მოგზაურობაში მივდივარ.

- სად მიემგზავრებით? - ჰკითხა მასხარამ.

- შორეულ ქვეყანაში - სხვა სამყაროში.

- მოემზადეთ თუ არა, სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად , ჩემო ბატონო?

-რა თქმა უნდა, არა, სულელო.

-  იქ მეგობრები გყავთ?

- არც ერთი! - უპასუხა მეფემ.

მაშინ მასხარამ სევდიანად გააქნია თავი, მეფეს კვერთხი გაუწოდა და უთხრა:

- აიღეთ ეს კვერთხი, თქვენო უდიდებულესობავ. ის თქვენია, რადგანაც სხვა სამყაროში მოუმზადებლად მიდიხართ. ეს კვერთხი, უეჭველად, თქვენ გეკუთვნით და სხვას არავის.

ცხოვრება შესაძლებლობაა სიკვდილისათვის და მიღმიერისათვის მოსამზადებლად. თუ არ ემზადებით სიკვდილისთვის და მიღმიერისთვის, თქვენ სულელივით იქცევით, - უზარმაზარ შესაძლებლობას უშვებთ ხელიდან. ცხოვრება  მხოლოდ შესაძლებლობაა.

ის ცხოვრება, რომელსაც თქვენ იცნობთ, არაა ნამდვილი ცხოვრება. ეს მხოლოდ შესაძებლობაა ნამდვილ ცხოვრებამდე მისაღწევად. ნამდვილი ცხოვრება სადღაც ამ ცხოვრებაშვეა დამალული, მაგრამ მისი გაღვიძება და გახსნაა  საჭირო. მას ღრმად სძინავს. ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს თავს. და თუ თქვენი ამჟამინდელი ცხოვრება ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს საკუთარ თავს, მთელი თქვენი ე.წ. ცხოვრება იქნება სხვა არაფერი, თუ არა ხანგრძლივი ძილი. და ეს არ იქნება ტკბილი ძილი - ეს ღამის კოშმარი იქნება.

იცხოვრო საკუთარ ცხოვრებაში გამყარების გარეშე, ეს იგივეა, რომ ხე იყო ფესვების გარეშე. სწორედ ამიტომ ვერ ხედავთ სილამაზეს, ვერ გრძნობთ მადლს. სწორედ ამიტომ ვერ ამჩნევთ ადამიანის ბრწყინვალებას, რომელზეც ბუდები საუბრობენ.

იესო გამუდმებით ამბობს: „ცათა სასუფეველი თქვენშია“. მაგრამ რაღაც არ ჩანს, რომ იმპერატორებად აცნობიერებდეთ თავს. იესო ეუბნებოდა თავის მოსწავლეებს: „შეხედეთ, ველის შროშანებს - რა მშვენიერნი არიან! თვით მეფე სოლომონი მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც ეს უბრალო შროშანები“. რატომ არიან შროშანები ასეთი ლამაზები და ადამიანი ასეთი უსახური? რატომაა მხოლოდ ადამიანი უსახური? ოდესმე გინახავთ მახინჯი თუთიყუში, ან ფარშევანგი, ან ლომი, ან ირემი? როგორც ჩანს სიმახინჯე მხოლოდ ადამიანებს ახასიათებთ. ფარშევანგი -  ფარშევანგია, ირემი -  ირემია, მაგრამ ადამიანი - შეიძლება სულაც არ იყოს ადამიანი.

ადამიანს შეიძლება ვუწოდოთ ადამიანი მხოლოდ მაშინ, თუ ის ბუდა გახდა, ან ქრისტე, ან კრიშნა - მხოლოდ მაშინ, თუ მან საკუთარი ნამდვილი არსი გააცნობიერა. წინააღმდეგ შემთხვევაში სიბნელეში ხელების ცეცებით  გაუცნობიერებლობის ბნელ გამოქვაბულში ცხოვრობთ. თქვენ მხოლოდ გეჩვენებათ, რომ გაცნობიერებული ხართ. თქვენი გაცნობიერებულობა ძალიან მყიფე , ხანმოკლე და  არამყარია. იმდენად არამყარია, რომ როგორც კი რაღაცა გეხებათ, მაშინვე კარგავთ გაცნობიერებულობას.

ვიღაც ერთი სიტყვით ან მზერით შეურაცხყოფას გაყენებთ და მაშინვე კარგავთ გაცნობიერებულობას;   გრძნობთ რისხვას, ძალადობას, აგრესიას. ერთ მომენტში მთელი თქვენი ადამიანურობა ორთქლდება და კვლავ მხეცი ,  კვლავ ცხოველი ხდებით. და ადამიანს შეუძლია ცხოველზე დაბლაც დაეშვას, რადგანაც როცა ის ეცემა, არავის შეუძლია მისი გაჩერება. ადამიანს შეუძლია ანგელოზებზე მაღლა აიჭრას, მაგრამ ეს იშვიათად ხდება, რადგანაც ამისთვის საჭიროა გამუდმებით მთაზე იაროს, ძალისხმევა გასწიოს, იმუშაოს. შეუცნობელის გამოკვლევისთვის საჭიროა შეუპოვარი შრომა, სიმამაცე, ვაჟკაცობა.

მილიონობით ადამიანი იბადება და კვდება, მაგრამ ისინი არ ცხოვრობენ. მათ მხოლოდ ეჩვენებათ, რომ ცხოვრობენ, რადგანაც გაუცნობიერებლობაში არიან ჩაძირულნი. ის, რასაც ზედაპირზე აკეთებთ, აუცილებელი არაა შეესაბამებოდეს იმას, რაც შიგნით ხდება, უფრო პირიქით. სწორედ ამიტომ, იმისთვის რომ სიმართლე გაიგოს, ზიგმუნდ ფროიდი თქვენს სიზმრებს იკვლევს. ბედის ირონიაა :  თქვენი რეალობის პოვნა სიზმრებში ხდება საჭირო, და არა თავად რეალობაში. თქვენი ნდობა არ შეიძლება. არ შეიძლება იმის ნდობა, რასაც საკუთარ თავზე ამბობთ. საჭირო ხდება თქვენი სიზმრების გამოკვლევა, რადგან  იმდენად ცრუ გახდით, იმდენ ნიღაბს ატარებთ, რომ თითქმის შეუძლებელი გახდა თქვენი ჭეშმარიტი სახის დანახვა.

მაგრამ სიზმრებითაც კი, სიზმრების ანალიზითაც კი, ძალიან ძნელია თქვენი ნამდვილი სახის დანახვა. ვინ აკეთებს ანალიზს? ფროიდიც ისეთივე გაუცნობიერებელია, როგორც თქვენ. ერთი გაუცნობიერებელი ადამიანი ცდილობს მოახდინოს სხვა გაუცნობიერებელი ადამიანის სიზმრების ინტერპრეტაცია. მისი განმარტებები ძალიან შეზღუდული იქნება, ისინი უფრო მასზე ილაპარაკებენ, ვიდრე თქვენზე. ამიტომ თუ საკუთარი სიზმრით ფროიდის მიმდევართან მიხვალთ, ერთ განმარტებას მიიღებთ, ხოლო თუ იმავე სიზმრით იუნგის ან ადლერის მიმდევართან მიხვალთ, სხვა ინტერპრეტაციას მიიღებთ, არადა ფსიქოანალიზის მრავალი მიმართულება არსებობს. გაურკვევლობაში აღმოჩნდებით: სიზმარი ერთია, განმარტება კი მრავალი. ისინი არაფერს ამბობენ თქვენზე, ისინი მხოლოდ ფსიქოანალიტიკოსზე მეტყველებენ. იუნგის მიმდევარი აბობს: „მე იუნგის მიმდევარი ვარ. აი ჩემი ინტერპრეტაცია“. თქვენი სიზმრები ვერ გაგიხსნიან სიმართლეს თქვენს შესახებ. თუ თქვენი ცნობიერი ქმედებები ვერ ახერხებს ამას, როგორ შეუძლიათ სიზმრებს ამის გაკეთება? და მაინც, ფროიდი სწორ გზაზეა, მაგრამ საჭიროა უფრო მეტად შესვლა სიღრმეში.

საჭიროა სიზმრებს მიღმა ვიმოძრაოთ, ჭკუის იმ მდგომარეობისკენ, სადაც არ არსებობენ  აზრები, სიზმრები,  სურვილები; სადაც ყველა აზრი... სიზმრები   აზროვნების სახესხვაობაა, ეს პრიმიტიული აზროვნებაა - სურათებით აზროვნება - მაგრამ მაინც აზროვნება. თუ აზროვნების მიღმა გადიხართ და ამასთან ყურადღებას, გაცნობიერებულობას ინარჩუნებთ, თითქოს გძინავთ, მაგრამ ამასთან ყველაფერს აცნობიერებთ.  შიგნით, სიღრმეში, თქვენი არსის ცენტრში სინათლე ანთია, პატარა სანთელი,  მაშინ ხედავთ თქვენს ჭეშმარიტ სახეს. საკუთარი ჭეშმარიტი სახის დანახვა კი ედემის ბაღში დაბრუნებას ნიშნავს. მაშინ ყველა ტანსაცმელს იშორებთ.

თქვენი პიროვნება მხოლოდ ტანსაცმლისგან შედგება , მრავალი ტანსაცმელისგან - შრიდან შრემდე. დაიმახსოვრეთ ორი სიტყვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ უჩვეულო, მაგრამ ძალიან ძვირფასი წიგნის: „ოქროს ყვავილის საიდუმლოს“ გაგებისთვის: ერთი სიტყვაა - „არსი“, მეორე - „პიროვნება“. სიტყვა „პიროვნება“ მომდინარეობს სიტყვისგან „პირი“, რაც ნიღაბსაც ნიშნავს. ძველ საბერძნეთში დრამის მსახიობები ნიღბებს იკეთებდნენ. „პირი“ - ნიშნავს ნიღაბს და სიტყვა „პიროვნება“ მისგან მოდის. მსახიობები ერთ ნიღაბს იკეთებდნენ, თქვენ კი მრავალი გიკეთიათ, რადგანაც განსხვავებული სიტუაციებისთვის სხვა და სხვა ნიღბები გჭირდებათ. როცა უფროსს ესაუბრებით, ერთი ნიღაბი გჭირდებათ, ხოლო როცა ხელქვეითს მიმართავთ, რა თქმა უნდა, სხვა ნიღაბს ირგებთ. როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი და იგივე ნიღაბი?

ოდესმე შეგინიშნავთ,  რომ როცა უფროსს ესაუბრებით, ღიმილად იღვრებით?! მას  მთელი თქვენი სახით აჩვენებთ: „დიახ, სერ“. დაე,  ნაწყენი ან განრისხებულიც იყოთ მასზე, მაინც მზად ხართ ფეხები დაუკოცნოთ.  როცა ხელქვეითებს ელაპარაკებით ამჩნევთ თუ არა ქედმაღლობას საკუთარ სახეზე? თქვენ არასოდეს იღიმით. როგორ შეიძლება გაიღიმო ხელქვეითთან საუბრისას? ეს შეუძლებელია. თქვენ  უნდა დაამციროთ იგი. როგორ შეიძლება ღიმილით, როგორც ადამიანს ისე მიმართოთ მას? ის თქვენი მონაა, მას საგანივით ფლობთ. უფროსთან სხვანაირად იქცევით. აქ დაქვემდებარებული ხართ, აქ ისაა, ქედმაღალი, აქ ის გამცირებთ თქვენ. როცა მეგობარს ესაუბრებით, სხვა ნიღაბს ირგებთ, უცნობთან   სხვას. მრავალ ნიღაბს იკეთებთ და სიტუაციების მიხედვით ცვლით მათ. თქვენი პიროვნება მხოლოდ ცრუ ნიღბებისგან შედგება.

და რა არის არსი? არსი  თქვენი ჭეშმარიტი სახეა, ყოველგვარი ნიღბის გარეშე. არსია ის, რაც ამ სამყაროში მოიტანეთ, როცა დაიბადეთ. არსია ის, რაც თქვენთან იყო დედის წიაღში. არსია ის, რაც ღმერთისგან მიიღეთ, ან ყოფიერებისგან, ან მთლიანობისგან, ან ტოტალურობისგან, რაც არ უნდა დაარქვათ. არსი საჩუქარია ყოფიერებისგან.

პიროვნება არის საზოგადოების, მშობლების, სკოლის, კოლეჯის, კულტურისა და  ცივილიზაციის ძღვენი. პიროვნება თქვენ არ ხართ, იგი ყალბია, მაგრამ ჩვენ მაინც ვაგრძელებთ წყლის დასხმას ამ პიროვნებისთვის და სრულიად გვავიწყდება არსი. და თუ ვერ გაიხსენებთ არსს, თქვენი ცხოვრება ფუჭად ჩაივლის, რადგანაც ჭეშმარიტი ცხოვრება არსში იმყოფება. ჭეშმარიტი ცხოვრება არსის ცხოვრებაა. თქვენ შეგიძლიათ დაარქვათ მას სული, ან ღმერთი თქვენში, ან როგორც გნებავთ. მაგრამ გახსოვდეთ განსხვავება: თქვენ არ ხართ თქვენი ტანსაცმელი, თქვენ  თქვენი ფსიქოლოგიური ტანსაცმელიც კი არ ხართ.

მინდა გაგახსენოთ ისტორია მოსეზე. როდესაც იგი პირისპირ შეხვდა ღმერთს, როცა მთებში ღმერთი დაინახა ცეცხლის სახით ბუჩქზე  და ეს ბუჩქი არ იწვოდა: ისეთი  მწვანე და საღი იყო, როგორც არასოდეს. ის  გაოგნებული დარჩა. თვალებს არ უჯერებდა. ეს შეუძლებელია... ასეთი ცეცხლის ალი! ბუჩქი კი არ იწვოდა. შემდეგ კი ხმა გაიგო, რომელიც ბუჩქისგან მოდიოდა: „მოსე, გაიხადე ფეხსაცმელი, რადგანაც წმინდა მიწაზე დგახარ“.

ეს ერთ-ერთი ყველაზე მშენიერი იუდეური იგავია: ღმერთი  ცეცხლია, თქვენი პიროვნება კი უბრალოდ ბუჩქია; და ღმერთი გრილი ცეცხლია. იგი არ წვავს თქვენს პიროვნებას, თქვენი პიროვნება მწვანე რჩება. ღმერთი იმდენ თავისუფლებას გაძლევთ, რომ თუ გინდათ ყალბი დარჩეთ, ეს დასაშვებია, იგი არაა წინააღმდეგი. თუ გინდათ რომ არ იყოთ ნამდვილი, ეს დასაშვებია. თავისუფლება ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მოიქცეთ კარგად და შეგიძლიათ მოიქცეთ ცუდად - არჩევანი თქვენზეა. არსებობს არსი, არსებობს ცეცხლი და ასევე არსებობს პიროვნება.

პიროვნება ყალბია, ამიტომ ბუნებრივი იქნებოდა ასე გვემსჯელა: „რატომ არ წვავს შინაგანი ცეცხლი მას?“ მაგრამ ეს გრილი ცეცხლია. იგი არ წვავს. თუ გადაწყვიტეთ ამ პიროვნების ტარება, ცეცხლი მოგცემთ ამის უფლებას: თქვენს პიროვნებას შეუძლია ხელშეუხებელი დარჩეს, მწვანე, როგორც ბუჩქი; შეუძლია კვლავ და კვლავ მოისხას ახალი ფოთლები. თქვენ შეგიძლიათ უფრო ყალბი გახდეთ, სრულიად ყალბი გახდეთ, დაიკარგოთ თქვენი პიროვნების სიყალბეში, მაგრამ ღმერთი არ ჩაერევა.

ყოველთვის გახსოვდეთ: ღმერთი არასოდეს ერევა. თქვენი თავისუფლება არაა შეზღუდული. ამაშია ადამიანის ღირსება, მისი დიდება, მაგრამ ასევე ტანჯვაც.თქვენ რომ თავისუფლება არ მოგცემოდათ, არ იქნებოდით ყალბი. არც ერთი ცხოველი არაა ყალბი, არც ერთ ცხოველს არ გააჩნია პიროვნება. მე არ ვსაუბრობ შინაურ ცხოველებზე: რადგანაც ისინი თქვენთან ცხოვრობენ, კარგავენ ბუნებრივობას და იძენენ პიროვნებას. თქვენს ძაღლებს ავიწყდებათ თავისი არსი. შესაძლოა ძაღლი გაბრაზებული იყოს, მაგრამ მაინც არ წყვეტს კუდის ქიცინს - ეს პიროვნებაა. მან იცის ვინაა აქ პატრონი, და მან იცის, როგორ დააკმაყოფილოს მისი ეგო, მან ისწავლა დიპლომატია. ისეთივე პოლიტიკოსი გახდა, როგორებიც არიან ადამიანები ნიუ-დელიში: იგი არ წყვეტს კუდის ქიცინს.

ოდესმე გინახავთ, როგორი დაბნეულია ძაღლი? მოდის უცნობი ადამიანი, და მან არ იცის, როგორ მოიქცეს, რა ნიღაბი გაიკეთოს მის წინაშე. არ იცის რა გააკეთოს, და ყეფას იწყებს ( ყოველი შემთხვევისთვის ) და ამავე დროს კუდს აქიცინებს. იგი აკვირდება პატრონს, რათა გაიგოს,  უცნობი მტერია თუ მეგობარი. თუ მტერია, კუდის ქიცინს წყვეტს; თუ მეგობარია აღარ უყეფს. პატრონისგან ნიშანს ელის, - თავად როგორ მოიქცევა. ის პატრონის ჩრდილი გახდა, იგი აღარაა ნამდვილი ძაღლი.

ადამიანთან ცხოვრება სახიფათოა : იგი თავისი ავადმყოფობას ავრცელებს, და დამანგრეველია. თქვენ საკუთარ შინაურ ცხოველებსაც კი ანადგურებთ, უფლებას არ აძლევთ მათ, რომ ბუნებრივი არსებები იყვნენ. კულტურულებს ხდით მათ, ისევე როგორც თქვენ გაგხადეს კულტურულები. უფლებას არ აძლევთ ბუნებას, რომ თავის გზით იაროს, უფლებას არ აძლევთ დაოს, რომ თავისი ბუნებრივი დინებით იდინოს.

არსი  ისაა, რითაც სამყაროში მოდიხართ, პიროვნება კი ის, რასაც სამყარო თავს ახვევს თქვენს არსს. სამყაროს ძალიან ეშინია არსის, რადგანაც არსს არ სურს მორჩილება. არსი ყოველთვის ინდივიდუალურია, სამყაროს არ სჭირდება ინდივიდუალობა. მას მორჩილი ცხვრები სჭირდება და არა მეამბოხეები. მას არ სჭრდება ისეთი ადამიანები, როგორიცაა ბუდა, კრიშნა, ლაო-ძი.  ეს ადამიანები სახიფათო არიან. სამყაროს მორჩილი ადამიანები სჭირდება, რომლებიც მზად არიან დაემორჩილონ არსებულ წესრიგს, სხვების ინტერესებს, ორგანიზებულ რელიგიას, სახელმწიფოს და სულელ პოლიტიკოსებს.

საზოგადოებას სჭირდება მორჩილება, საზოგადოებას სჭირდება პროდუქტიულობა. რაც უფრო მექანიკური ხართ, მით უფრო მეტად  პროდუქტიული ხდებით. თუ თქვენში მეტია სიცოცხლე, ვერ იქნებით ასეთი პროდუქტიული. მანქანა უფრო პროდუქტიულია, ვიდრე ადამიანი. საზოგადოება ისწრაფვის, რომ ყველა ადამიანი მანქანად აქციოს .  როგორ ვაქციოთ ადამიანი მანქანად? - იგი უნდა გავხადოთ  უფრო გაუცნობიერებელი, რობოტისმაგვარი, უნდა დავავიწყოთ საკუთარი არსი, გავხადოთ აბსოლუტურად ყალბი. ნება მიეცით მას, იყოს ქმარი, ცოლი, ხელმძღვანელი, ხელქვეითი, ესა თუ ის, მაგრამ არასოდეს მისცეთ უფლება, იყოს თავისი ჭეშმარიტი არსი. ნუ მისცემთ ამის ნებას, რადგანაც არსი არ ემორჩილება არავის, გარდა ღმერთისა. მას წყაროს გარდა არ გააჩნია ვალდებულებები ვინმეს მიმართ . იგი არ იცნობს სხვა პატრონებს.

ასეთი ადამიანი ძალიან არაკომფორტული იქნება ე.წ. საზოგადოებისთვის, რადგან საზოგადოება იმისთვის არ არსებობს, რომ ადამიანის მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს. იგი არსებობს იმისთვის, რომ ადამიანის ექსპლუატაცია მოახდინოს. იგი არ არსებობს თქვენთვის და თქვენი ზრდისთვის. არ ისახავს მიზნად, რომ ზრდაში დაგეხმაროთ, პირიქით, მისი მიზანია არ მოგცეთ ამის ნება, რადგანაც რაც უფრო იზრდებით, მით უფრო დამოუკიდებელი ხდებით; რაც უფრო ნაკლებად იზრდებით, მით უფრო დამოკიდებული რჩებით. დამოკიდებული ადამიანი კი უფრო საიმედოა, რადგანაც მას ყოველთვის ეშინია. დამოკიდებულ ადამიანს ყოველთვის სჭირდება ვიღაც, ვისაც დაეყრდნობა. იგი ინფანტილურია. იგი ეყრდნობა მშობლებს, მღვდლებს, პოლიტიკოსებს. მას არ შეუძლია საკუთარ ფეხებზე დგომა. საზოგადოება გამუდმებით გაცმევთ არა მხოლოდ  ფიზიკურ ტანსაცმელს, არამედ ფსიქოლოგიურსაც.

საზოგადოებას ძალიან ეშინია ფიზიკური სიშიშვლის, რადგანაც ფიზიკური სიშიშვლე ფსიქოლოგიური სიშიშვლის დასაწყისია. საზოგადოება პანიკაში ვარდება, როცა გაშიშვლებულ ადამიანს ხედავს, რადგან ეს დასაწყისია: ფიზიკური გაშიშვლებით მან პირველი ნაბიჯი გადადგა. ვინ შეუშლის მას  ხელს, რომ ფსიქოლოგიურადაც გაშიშვლდეს?

ხმამ, რომელმაც მოსეს მიმართა ცეცხლმოკიდებული ბუჩქიდან, თქვა: „გაიხადე ფეხსაცმელი“. ეს  სიმბოლური სიტყვებია. ეს ნიშნავს: „გაიხადე შენი ტანსაცმელი“. „გაიხადე ფეხსაცმელი“. ფეხსაცმელები თქვენს ფეხებს მალავენ, თქვენ გმალავენ. „იყავი შიშველი წმინდა მიწაზე. გაიხადე ფეხსაცმელი“. ფეხსაცმელი პიროვნების სიმბოლოა, სიშიშვლე თქვენი არსის სიმბოლოა. „შენ წმინდა მიწაზე ხარ, გაიხადე ფეხსაცმელი“.

როცა საკუთარ არსს შეხვდებით ,  ცეცხლმოკიდებულ ბუჩქს თქვენს შიგნით , მოგიწევთ, რომ გაიხადოთ ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ყველაფერი, რაც თქვენს არსს ფარავს. სწორედ ესაა რევოლუცია, მეტანოია. და ეს საბედისწერო მომენტია თქვენს ცხოვრებაში: საზოგადოება ქრება, და თქვენ , ინდივიდუალობა რჩებით, - და მხოლოდ ინდივიდუალობას აქვთ კავშირი ღმერთთან. მაგრამ ამისთვის საჭიროა უზარმაზარი გაცნობიერებულობა.

1933 წელს გურჯიევმა შესთავაზა ფრიც პიტერსს ამ ყველაფრის ცოცხალი ილუსტრაცია თავის ნომერში, ჰენრი ჰადსონის სასტუმროში, ნიუ-იორკში, სადაც მიწვეულ იქნა რამდენიმე სტუმარი.

პიტერსი გურჯიევის ახალგაზრდა მოსწავლე იყო, გურჯიევი კი ერთ-ერთი უდიდესი ოსტატი გახლდათ, რომელსაც კი ოდესმე იცნობდა მსოფლიო. ის არ იყო ტრადიციული ოსტატი, რადგანაც არც ერთ ოსტატს არ შეუძლია ეკუთვნოდეს ტრადიციას. ტრადიციისადმი კუთვნილება მღვდელის თვისებაა და არა ოსტატის. ოსტატი ყოველთვის რევოლუციურია.

ეს შესანიშნავი ექსპერიმენტი იყო. ყურადღებით მოისმინეთ.

როცა პიტერსი მივიდა, მას სთხოვეს, რომ გაერეცხა ჭურჭელი და მოემზადებინა ბოსტნეული ვიღაც მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის, რომლებსაც ვახშმისთვის ელოდნენ. გურჯიევმა სთხოვა პიტერსს, ჩაეტარებინა ინგლისურის გაკვეთილი, რაც მდგომარეობდა სხეულის ყველა იმ ნაწილის და ფუნქციის დასახელების შესწავლაში, „რომლებიც ლექსიკონში არ იყო“. იმ დროისთვის, როცა სტუმრები მოვიდნენ , ნიუ-იორკის თხუტმეტამდე კარგად ჩაცმული და ღირსეულად აღზრდილი მცხოვრები, რომელთა შორის იყვნენ ჟურნალისტები და რეპორტიორები, გურჯიევმა უკვე აითვისა ყველა მიუღებელი სიტყვა და ფრაზა.

მას შემდეგ, რაც დაგვიანების ინსცენირება მოაწყო და სტუმრებს წარუდგა, გურჯიევმა მაგიდასთან მიიპატიჟა ყველა და თავაზიანად გასცა პასუხი სტუმრების კითხვებს საკუთარი საქმიანობის და ამერიკაში ჩამოსვლის მიზნის შესახებ. შემდეგ მან  თვალი ჩაუკრა თავის ინგლისურის მასწავლებელს, უეცრად შეცვალა ტონი და განაცხადა, რომ კაცობრიობის სავალალო გადაშენება და მისი ქცევა იმად, რისი გამოხატვაც შეიძლება მხოლოდ ხუთასოიანი სიტყვით, განსაკუთრებით გამაოგნებელია ამ ქვეყანაში, აქედანაა მისი სურვილი რომ დაენახა ეს მოვლენა საკუთარი თვალებით. ამ უბედური მდგომარეობის მიზეზი იმაშია, განაგრძობდა იგი, რომ ადამიანები , განსაკუთრებით ამერიკელები , არასოდეს მიჰყვებოდნენ გონების ან წესიერების მითითებებს და საკუთარი სასქესო ორგანოების ნებაზე დადიოდნენ. მან სტუმრებს შორის ერთი განსაკუთრებით მიმზიდველი ქალი გამოარჩია და კარგი ტუალეტისა და მაკიაჟისთვის შეაქო იგი. შემდეგ ყველას საიდუმლოდ უთხრა, რომ სინამდვილეში მისი მოხატვის ეს სურვილი აიხსნება გადაულახავი სექსუალური მისწრაფებით, რომელიც ერთ-ერთი მამაკაცისადმი აქვს, და გურჯიევმა ყველას გასაგონად წარმოთქვა მისი სახელი, თან ინგლისურში თავისი ახალი ცოდნა გამოიყენა. მანამ, სანამ სტუმრები როგორღაც რეაგირებას მოასწრებდნენ, გურჯიევმა დაიწყო თავისი ამბების მოყოლა სასიყვარულო ფრონტზე გამარჯვებების შესახებ, ისე რომ არ მორიდებია, გაემხილა ყველა ნაციის და რასის ყველაზე ინტიმური დეტალები და სექსუალური ჩვევები.

სადილის ბოლოსკენ, კარგი ძველი ბრენდით შეზარხოშებული სტუმრები საბოლოოდ მოდუნდნენ და ერთმანეთში მიუღებელი და უცენზურო ურთიერთობა დაიწყეს. გურჯიევი იმ ქალთან განმარტოვდა, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო დანარჩენებმა, დარწმუნებულნებმა იმაში, რომ ეს საღამო ორგიად ან რაღაც მსგავსად იქცეოდა, სხვადასხვა დონით გაშიშვლებულებმა დაიწყეს ურთიერთობების გაღრმავება ნომრის სხვა და სხვა ოთახებში.

როცა ორგიამ თავის აპოგეას მიაღწია, გურჯიევმა მკვეთრად გაინთავისუფლა თავი ქალის მკლავებიდან და მეხის ხმით უბრძანა ყველას ამ  ბალაგანის შეწყვეტა. მან განაცხადა, რომ გაკვეთილი დამთავრებულია და თავისი ქცევით სტუმრებმა სრულიად დაამტკიცეს იმ შენიშვნების სიმართლე, რომლებზეც დასაწყისში ისაუბრა, და რომ მისი წყალობით ნაწილობრივ გააცნობიერეს საკუთარი ჭეშმარიტი მდგომარეობა და მიიღეს მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რისთვისაც მზად იყო სიხარულით მიეღო ჯილდო ჩეკებისა და ნაღდი ფულის სახით. პიტერსმა ყოველვარი  გაკვირვების გარეშე აღნიშნა ,  რომ ჯილდომ რამდენიმე ათასი დოლარი შეადგინა.

როცა სტუმრები დაიშალნენ, გურჯიევი სამზარეულოში გავიდა, რომ პიტერსს ჭურჭლის ალაგებაში დახმარებოდა და კითხა, თუ როგორ მოეწონა საღამო.

- მე ისეთ ზიზღს განვიცდიდი, - უპასუხა პიტერსმა.

გურჯიევს გაეცინა და გამჭოლი მზერით შეხედა.

- ეს კარგია, რომ ზიზღს გრძნობ. ახლა აუცილებელია საკუთარ თავს დაუსვა ერთი კითხვა: ვისადმი ვგრძნობ ზიზღს?

აი, ჭეშმარიტი სიტუაცია. ის, რის დემონსტრაცისაც ზედაპირულად ახდენთ, ეს ერთია. სტუმრები გააბრაზა გურჯიევის სიტყვებმა იმის შესახებ, რომ კაცობრიობა დეგრადაციას განიცდის, რომ ზედაპირულად ისინი ერთს აკეთებენ, გულის სიღრმეში კი სხვა რამეს გულისხმობენ. თქვენ შეგიძლიათ რაციონალიზაცია მოახდინოთ და ახსნა მისცეთ ამას, მაგრამ თქვენი რაციონალიზაციები - ეს მხოლოდ რაციონალიზაციებია და მეტი არაფერი. შიგნით ,სიღრმეში, ქვეცნობიერში სხვა რაღაც ხდება. თქვენ ამას ვერც კი აცნობიერებთ.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ უმეტეს შემთხვევებში, როცა  გაუპატიურება ხდება, ქალს უნდა რომ გაუპატიურებული იყოს, მას აქვს ასეთი სურვილი. იგი იწვევს ამას, თავისი მოძრაობებით, თავისი ჩაცმულობით, სიარულის მანერით, მეტყველებით იწვევს  რომ გააუპატიურონ, და ერთხელაც ეს ხდება. შემდეგ გაკვირვებული, აღშფოთებული და განრისხებული პოლიციაში მიდის და სასამართლოში იცავს თავის უფლებებს. მას რომ თავისი გონების სიღრმეში ჩაეხედა, გაუკვირდებოდა: ეს მისი საკუთარი ძალისხმევა იყო, ამით მისი საკუთარი სურვილი დაკმაყოფილდა.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისეთ ორმაგობაში ცხოვრობენ, ვერც კი აცნობიერებენ, სინამდვილეში რა მოტივი ამოძრავებთ შიგნიდან. დააკვირდით და ეს ძალიან დაკვირვებულს გაგხდით. უბრალოდ დააკვირდით. როგორია თქვენი ჭეშმარიტი მოტივები? ნუ ეცდებით საკუთარი თავის საკუთარივე სიცრუეში დარწმუნებას. უბრალოდ,  გახდით სარკე და დაინახეთ საკუთარი ქცევა. უსიტყვოდ დააკვირდით საკუთარ ქცევებს, იყავით ყოველთვის ყურადღებით. უყურეთ, რატომ აკეთებთ ამა თუ იმ ქმედებას, საიდან მოდის იგი,  და მაშინ დაინახავთ, რომ ორმაგობაში ცხოვრობთ. ერთი ნაწილი - თქვენი პიროვნებაა, რომელიც ერთს ამბობს, ხოლო მეორე ნაწილი - თქვენი რეალობაა, რომელიც სრულიად საპირისპიროს სჩადის. ამ ორ ნაწილს როგორღაც უწევს ერთმანეთთან თანაცხოვრება, აქედანაა გამუდმებული კონფლიქტები, დაძაბულობა, ენერგიის დაკარგვა.

უმეტეს შემთხვევაში შიგნით ერთ სურვილს გრძნობთ, მაგრამ გარეგნულად სრულიად საპირისპიროს აკეთებთ. რატომ საპირისპიროს?  - იმიტომ, რომ საპირისპიროთი ახშობთ საკუთარ სურვილს. ადამიანი, რომელიც შიგნით  არასრულფასოვნების კომპლექსს გრძნობს, გარეგნულად უპირატესობის გამოხატვას ცდილობს. მხოლოდ ისინი, ვინც არასრულფასოვნებას გრძნობენ, გამოხატავენ უპირატესობას. ისინი, ვინც მართლა გრძნობენ უპირატესობას, არ ზრუნავენ მის გამოხატვაზე. პოლიტიკოსები ხდებიან ის ადამიანები, რომლებიც არასრულფასოვნების კომპლექსისგან იტანჯებიან, რადგანაც ეს საკუთარი უპირატესობის დამტკიცების ერთადერთი მეთოდია. ადამიანი, რომელიც თავისი სახით სიწმინდეს და უცოდველობას გამოხატავს, გულის სიღრმეში სრულიად საწინააღმდეგოს გრძნობს: მას დანაშაულის გრძნობა ტანჯავს, თავს უღირსად თვლის, მან იცის, რომ არაა უცოდველი. ამის სამყაროსგან დამალვის ერთადერთი საშუალებაა  სახეზე წმინდანის ნიღბის მორგება.

თქვენი ე.წ. წმინდანები არაფრით განსხვავდებიან ცოდვილებისგან. ერთადერთი განსხვავება იმაშია, რომ ცოდვილები გულწრფელები არიან, წმინდანები კი  არა. თუ ასი წმინდანიდან თუნდაც ერთია ნამდვილი, ეს უკვე კარგია, ეს უკვე მოსალოდნელზე მეტია. დანარჩენი ოთხმოცდაცხრამეტი უბრალოდ თვალთმაქცობს. მე არ ვამბობ, რომ ისინი მხოლოდ თქვენს წინ თვალთმაქცობენ. ეს იმდენად ღრმა გახდა, რომ ისინი არა მხოლოდ  სხვებს ატყუებენ, არა საკუთარ თავსაც. სინამდვილეში, იმისთვის, რომ საკუთარი თავი მოატყუო, ჯერ სხვები უნდა მოატყუო, მხოლოდ ამის შემდეგ იჯერებთ სიცრუეს. მხოლოდ მაშინ, როცა სხვები იჯერებენ, რომ წმინდანი ხართ, თქვენც იჯერებთ ამას.

ნამდვილ წმინდანს არ აღელვებს სხვა ადამიანების აზრი. მან იცის, ვინ არის სინამდვილეში. მაშინაც კი, თუ მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, რომ იგი არაა წმინდანი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მას გააჩნია შინაგანი გაგება, იგი გულწრფელია, მისი განცდა ეგზისტენციალური და უშუალოა. იგი იცნობს თავის არსს. ხოლო საკუთარი არსის შეცნობა პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ ღმერთი შევიცნოთ, უკვდავი გავხდეთ, სიკვდილის საზღვრებს გავცდეთ.

ჰენრი ბერგსონმა საუკუნის დასაწყისში განაცხადა: „კეთილდღეობა, რომელიც ტექნოლოგიამ სხეულისთვის შექმნა, მოგვიწოდებს არანაკლები კეთილდღეობის შექმნაზე სულისათვის.“

თანამედროვე ადამიანი უფრო უსულო ჩანს, ვიდრე ოდესმე, და მიზეზი ისაა, რომ მეცნიერებამ და ტექნოლოგიებმა სხეულისთვის უფრო მეტი კეთილდღეობა შექმნეს. სხეული უფრო ძლიერი გახდა, სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა. ტვინი გაძლიერდა, უფრო მცოდნე გახდა სხეულთან და ტვინთან შედარებით.  სული ძალიან ღარიბი დარჩა. ის თითქმის დავიწყებულია, მიგდებულია. არავინ ზრუნავს მასზე.

ვინ ფიქრობს საკუთარ არსზე? ეკლესიაში ან ტაძარში სიარული თქვენ არ გიშველით. შიგნით უნდა შეხვიდეთ, სიღრმეში, ფეხსაცმელი უნდა გაიხადოთ, საკუთარი გაშიშვლებული არსი უნდა აღმოაჩინოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ კოსმოსთან საკუთარი კავშირის აღდგენას. მხოლოდ საკუთარი არსის მეშვეობით შეძლებთ რეალობასთან კავშირის აღდგენას.

ახლა სუტრები...

ოსტატმა ლუ-ძიმ თქვა:

მხოლოდ პირვანდელი სული და ჭეშმარიტი ბუნება აღემატება დროს და სივრცეს.

იმას, რასაც მე არსს ვუწოდებ, ოსტატი ლუ-ძი „პირვანდელ სულად მოიხსენიებს“. პირვანდელი სული ეს ისაა, რაც ღმერთისგან მიიღეთ, ეს თქვენი სულია : არაგანპირობებული, ცოდნით არდამძიმებული, ისეთი, როგორიც იყო დედის საშოში. როგორ არსებობდით დედის საშოში? თქვენ არავინ გასწავლიდათ, თქვენ არ გქონდათ გონება, თქვენ ცხოვრობდით არა-გონების მდგომარეობაში, სწორედ ამიტომ გრძნობდით ასეთ ნეტარებას.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ დედის საშოში მსგავსი განცდების ქონის გამო, ამ ცხრა თვის გამო ეძებს ადამიანი ღმერთს. მახსოვრობა ამ ცხრა თვის შესახებ თან სდევნის მას. ეს ცხრა თვე ყველაზე მშვენიერი იყო თქვენს ცხოვრებაში. შესაძლოა, ცნობიერებამ დაივიწყა იგი, მაგრამ შიგნით სიღრმეში, თქვენი სხეულის ყოველი უჯრედი, თქვენი სულის ყოველი ფიბრა თან ატარებს მოგონებებს ამ დღეების შესახებ, მათით პულსირებს.  შესაძლოა, თქვენ მას ვერ აცნობიერებთ, მაგრამ იგი არის. ეს იმას ჰგავს, როგორც ღამით ეფლობით ღრმა ძილში ისე, რომ არ იცით სად მიდიხართ და რა გემართებათ, დილით კი მოდუნებული, საღი და სიხარულით სავსე ხართ. ცხოვრება ისევ შეგემთხვათ, მთელი მტვერი, რომელიც დააგროვეთ, გაქრა. განახლებას გრძნობთ, სიჯანსაღეს. სხეული ინახავს მოგონებებს, მშვიდადაა, მოდუნებულია და რაღაც ახსოვს. ეს მოგონება  ტვინში არაა; თქვენ არ იცით, რა მოხდა ზუსტად, სად იყავით სიზმარში.

მხოლოდ ბუდამ იცის, სად იმყოფება ღრმა ძილის დროს, რადგანაც ღრმა ძილის დროსაც ინარჩუნებს ყურადღებას. თქვენ არ ხართ ყურადღებით მაშინაც კი, როცა ცნობიერი ხართ, ე.წ. ცნობიერი, თქვენ არ ხართ ყურადღებით მაშინაც კი, როცა არ გძინავთ. თქვენი თვალები გახელილია, მაგრამ თქვენი ჭკუა ათას ერთ აზრს ქსოვს. გამუდმებით მიმდინარებს შინაგანი დიალოგი, გამუდმებით გრძელდება შინაგანი ხმაური. თქვენ უყურებთ და ვერ ხედავთ, თქვენ უსმენთ და არ გესმით, რადგანაც შიგნით სიღრმეში ხელს გიშლით აზრთა, სიზმართა კედელი, რომლებიც გამუდმებით იკავებენ თქვენი ცნობიერების ცას. თქვენ არ ხართ ყურადღებით მაშინაც კი, როცა არ გძინავთ. ბუდა ყურადღებითაა ღრმა ძილის დროსაც კი. მხოლოდ ბუდამ იცის, სად მიდის ის ძილის დროს.

სად მიდის? ის მიდის არსთან, საწყისთან, პირვანდელ სულთან. თუკი ღამით რამდენიმე წამით მაინც ხვდებით ყოფიერების წყაროსთან, თავს ჯანსაღად გრძნობთ. ადამიანი, რომელიც არ იძირება ღრმა ძილში, ჯოჯოხეთში იმყოფება. ის დაღლილი იძინებს, ცხოვრებისადმი ინტერესდაკარგული, და დილით ყოველგვარი ინტერესის გარეშე დგება, კიდევ უფრო დაღლილი და გამოფიტული. მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცევა.

ღრმა ძილის დროს თქვენ უბრალოდ უბრუნდებით საკუთარი არსის პირვანდელ წყაროს. ეს წყარო ყოველთვის არსებობს, თქვენ ის არ დაგიკარგავთ, თქვენ უბრალოდ დაივიწყეთ იგი. პირვანდელი წყარო აღემატება ყველა ურთიერთწინააღმდეგობას: ეს  არც სინათლეა და არც სიბნელე, იგი ორივეს მიღმა იმყოფება;  ეს  არც სიცოცხლეა და არც სიკვდილი, როგორებადაც წარმოგიდგენიათ ისინი, იგი ორივეს მიღმა იმყოფება; ეს  არც ქალია და არც მამაკაცი, როგორებადაც წარმოგიდგენიათ ისინი, იგი ორივეს მიღმა იმყოფება. იგი ყველანაირი ორმაგობის მიღმაა. სწორედ ესაა ღმერთი.

მხოლოდ პირვანდელი სული და ჭეშმარიტი ბუნება აღემატება დროს და სივრცეს.

როცა პირვანდელ სულში იმყოფებით, საკუთარ ჭეშმარიტ ბუნებაში ხართ. როცა საკუთარ პიროვნებაში იმყოფებით, თქვენ არ ხართ ბუნებრივი, თქვენ ყალბი ხართ. დააკვირდით,  და გაგიკვირდებათ, რამდენი სიყალბეა თქვენში. სიყალბეა, როცა იღიმით მაშინ , როცა თქვენს გულში არაა ღიმილი;  სიყალბეა,როცა  თანაუგრძნობთ, მაშინ, როცა თქვენში არაა თანაგრძნობა;  სიყალბეა, როცა  გამოხატავთ სიხარულს, როცა საერთოდ ვერ გრძნობთ სიხარულს. შეგიძლიათ მოთქვამდეთ და ტიროდეთ კიდეც, და გულში არაფერს გრძნობდეთ, მაშინ თქვენი ცრემლები ყალბია. უბრალოდ დაუკვირდით, რამდენი სიყალბეა თქვენში. გახსოვდეთ: ყველაფერი, რაც თქვენში ყალბია, თქვენ არ ხართ. ღმერთს არ შეუქმნიხართ ყალბი, მან მარადიული სიცოცხლე გაჩუქათ. მაგრამ მხოლოდ მაშინ შეძლებთ ამ მარადიული სიცოცხლის აღმოჩენას, როცა ფეხსაცმელს გაიხდით, როცა საკუთარ პიროვნებას გადააგდებთ.

გადააგდეთ ყველა ნიღაბი, ყველა „პირი“. დაე, ყველა ნიღაბი გაქრეს!  ეს მტკივნეული იქნება, რადგანაც თქვენ თავი გააიგივეთ ამ ნიღბებთან, ფიქრობთ რომ ეს თქვენი სახეა. ეს ძალიან მტკივნეული პროცესი იქნება, თითქმის სიკვდილი. და მოგიწევთ არაერთხელ მოკვდეთ, არამედ ბევრჯერ, რადგანაც ყოველთვის, როცა ნიღაბი მოგძვრებათ, სიკვდილი მოხდება. მაგრამ ამის წყალობით თქვენში ახალი სიცოცხლე დაიბადება :  უფრო ღრმა, ჯანსაღი და ნათელი. როცა ყველა ნიღაბი ქრება და მხოლოდ არსი რჩება, თქვენ გადალახავთ ნებისმიერ ორმაგობას, სივრცისა და დროის ორმაგობასაც კი.

როცა ღრმა მედიტაციაში იმყოფებით, როცა საკუთარ არსში შედიხართ, არ არსებობს არც სივრცე და არც დრო, თქვენ არ შეგიძლიათ თქვათ თუ  სად ხართ. ყველა „სად“ ქრება, არ შეგიძლიათ ამ ადგილის დასახელება. ან ყველგან ხართ, ან არსად. ეს ერთადერთი ორი შესაძლებლობაა. ისინი ერთი და იმავეს აღნიშნავენ.

ზოგიერთი ამჯობინებს თქვას, რომ ის ყველგანაა. ვედანტაში ნათქვამია, რომ ღრმა მედიტაციის დროს ყველგან  იმყოფებით: აჰამ ბრაჰმასმი - „მე ვარ ღმერთი“. ღმერთი ნიშნავს იმას, ვინც ყველგან იმყოფება, ვინც მთელს ყოფიერებას განმსჭვალავს. თქვენ თავად სივრცე ხდებით. ხოლო სიტყვები: „მე ყოველთის ვარ, მე მარადიული ვარ’’ -ნიშნავს, რომ თქვენ  დროსაც განმსჭვალავთ. ეს გამოხატვის ერთ-ერთი პოზიტიური ფორმაა.  ბუდიზმმა სხვა ნეგატიური მეთოდი აირჩია.

ბუდა ამბობს: „ღრმა მედიტაციის დროს თქვენ არსად არ ხართ“.

მთელი სივრცე გაქრა. დროც გაქრა, თქვენ დროის მიღმა იმყოფებით. და როცა არაა არც დრო და არც სივრცე, როგორ შეგიძლიათ იარსებოთ? ადამიანი არსებობს მხოლოდ დროისა და სივრცის გადაკვეთის წერტილში. არსებობს ორი ,  სივრცის და დროის ხაზი  და გადაკვეთის წერტილში იბადება ეგო. გადააგდეთ ეს ორი ხაზი და ეგოს წერტილიც გაქრება. ეს უბრალოდ ორი ხაზის გადაკვეთა იყო. ეს ილუზია იყო.

ამიტომ ბუდა ამბობს: „არავინ არ არსებობს“.

ღრმა მედიტაციაში ქრება სივრცე,  დრო და ქრებით თქვენ ,  ყველაფერი ქრება. რჩება მხოლოდ სიცარიელე, არაფერი, შუნია. ეს იგივეს თქმის ნეგატიური მეთოდია.

თქვენ შეგიძლიათ ან პოზიტიური გამოთქმა აირჩიოთ და თქვათ: „მე ვარ ღმერთი“ - რაშიც არის თავისებური სილამაზე და თავისებური საფრთხე  ან შეგიძლიათ ნეგატიური გამოთქმა აირჩიოთ: ანატტა - არა-მე, სიცარიელე - ნირვანა. მასშიცაა თავისებური სილამაზეც, და თავისებური საფრთხეც.  სიცარიელის იდეა აფრთხობს ხალხს , ამაშია საფრთხე. ვის უნდა იყოს არაფერი?

ორმოცი წლის მსახურების განმავლობაში ბუდას არაერთხელ ჰკითხეს: „რატომ უნდა ვეცადოთ არაფრად გახდომას? ეს ხომ სიკვდილია, აბსოლუტური სიკვდილი“.

და ბუდა პასუხობდა: „დიახ, ეს აბსოლუტური სიკვდილია. მაგრამ ის მშვენიერია“.

მაშინ მას ეკითხებოდნენ: „მაგრამ ვისთვისაა მშვენიერი, თუ არავინ არსებობს?“

 ბუდა პასუხობდა: „არსებობს მხოლოდ მშვენიერება, მხოლოდ სილამაზე არავინაა, ვინც მას განიცდის“.

ბუნებრივია, ადამიანურ გონებას არ ესმის: „მაშინ რაშია აზრი? თუ მე არ ვარ, და ეს მშვენიერია, მაშინ დაე, იყოს მშვენიერი. მაგრამ მე არ ვარ, ასე რომ მშვენიერია თუ არა, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მაშ, რად დავკარგო საკუთარი თავი? ჯობია ვიყო სამყაროში, რომელიც ისეთი მშვენიერი არაა, მაგრამ სხვა თუ არაფერი,  მე მაინც ვარსებობ“.

არაფრად გახდომის მიზანი აფრთხობს ადამიანებს. სწორედ ამიტომ გაქრა ბუდიზმი ინდოეთში, და გაითავისა რა ეს გაკვეთილი, ჩინეთსა და ტიბეტში მოიშორა ნეგატიური გამოხატულება. ინდური ბუდიზმი, პირვანდელი ბუდიზმი, აბსოლუტურად ნეგატიური გახლდათ. ბუდას ზეგავლენით ათასობით ადამიანის ტრანსფორმაცია მოხდა, მაგრამ ისეთ ადამიანს, როგორიც ბუდაა, ვერ შეხვდებით ყოველდღე. 

ბუდა ისეთ ზეგავლენას ახდენდა, რომ ადამიანები მზად იყვნენ მომკვდარიყვნენ და არაფერი გამხდარიყვნენ. მაგრამ ეს ბუდას გამო იყო, სხვაგვარად არ არსებობს განსაკუთრებული ხიბლი და მიმზიდველობა იმაში, რომ არაფერი გავხდეთ. ბუდა ფლობდა ისეთ მაგნეტიზმს და ქარიზმას, რომ ათასობით ადამიანს შეეძლო არაფერი გამხდარიყო: „თუ ბუდა ამბობს ასე, ე.ი. ეს მართალია“. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის სიტყვებს. მისი თვალები ასხივებდნენ იმას, რაც არწმუნებდა: „ის გაქრა, ჩვენც შეგვიძლია გაქრობა, თუ ის ამბობს, ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ“.

მაგრამ როდესაც ბუდამ დატოვა დედამიწა, ბუდისტი ბერები ვეღარ არწმუნებდნენ ადამიანებს; მათ ინდოეთიდან წასვლა მოუწიათ. მაგრამ გაითავისეს გაკვეთილი: ინდოეთის საზღვრებს გარეთ ბუდისტება პოზიტიური ენის გამოყენება დაიწყეს, იყენებდნენ ყველაფერ იმას, რასაც ბუდა უარყოფდა.  სწავლება შენარჩუნდა, მაგრამ არა როგორც ბუდიზმი. იგი შენარჩუნდა, როგორც ვედანტა, როგორც პოზიტიური ენა.  

 ბუდას უდიდესი წვლილი  ნეგატიური გამოხატულება გახლდათ. ნეგატიური ენის სილამაზე იმაშია, რომ იგი არასოდეს გაკმაყოფილებს, არ კვებავს თქვენს ეგოს. ამაშია პოზიტიური ენის საფრთხე. თუ თქვენ ამბობთ: „აჰამ ბრაჰმასმი“, „მე ვარ ღმერთი“, „ანა’ლ ჰაკ“, „მე ვარ ჭეშმარიტება“, არსებობს საფრთხე, რომ ჭეშმარიტება მეორეხარისხოვანი გახდება, ხოლო „მე“ - პირველხარისხოვანი. ჭეშმარიტებას შეუძლია მხოლოდ „მე“-ს ჩრდილი გახდეს, აქცენტი შესაძლოა სიტყვა „მე“-ზე გადავიდეს: „მე ვარ ღმერთი“. თუ აქცენტი ღმერთზე რჩება, ხოლო „მე“ ღმერთის ჩრდილია, ეს მშვენიერია. მაგრამ ეს ძალიან რთულია. ეგო ძალიან ეშმაკურ და ნატიფ ხერხებს იყენებს. მას შეუძლია გამოიყენოს ეს შესაძლელობა, მოეჭიდოს ამ იდეას. იგი იტყვის: „ყველაფერი მართალია, მე ვარ ღმერთი, და მხოლოდ მე. მე ვარ ჭეშმარიტება, და ყველა დანარჩენი არაჭეშმარიტია’’. მაგრამ მაშინ  მთელი აზრი იცვლება. 

ერთი რამ სრულიად ზუსტია: სივრცე და დრო ქრება. მაშინ შეგიძლიათ თქვათ: „მე ვარ ყველაფერი“ - მთელი სივრცე და მთელი დრო - „მე ვარ ყველგან და ყოველთვის“ - ან შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუდას გამოთქმა: „მე არ ვარსებობ. დრო არ არსებობს. სივრცე არ არსებობს. არსებობს მხოლოდ აბსოლუტური მდუმარე არაფერი - მარადიულობიდან მარადიულობამდე, უბრალოდ დუმილი, არც ერთი ღრუბელი“. მაგრამ ორივე მტკიცება ერთი და იგივეზე საუბრობს. გამოხატვის ფორმები სხვა და სხვაა, თითები სხვა და სხვაა, მაგრამ ისინი ერთი და იმავე მთვარეზე მიუთითებენ. ეს მთვარე  კი თქვენი არსია.

ოსტატმა ლუ-ძიმ თქვა:

მხოლოდ პირვანდელი სული და ჭეშმარიტი ბუნება აღემატება დროს და სივრცეს.

და სანამ არ გადალახავთ სივრცეს და დროს, ვერ გადალახავთ სიკვდილსაც. სიკვდილი დროში და სივრცეში  არსებობს. სანამ სივრცეს და დროს არ გადალახავთ, ვერ გადალახავთ სხეულს და გონებას.

ეცადეთ გაიგოთ: სხეული შეესაბამება სივრცეს, გონება -  დროს. გონება დროებითი მოვლენაა, სხეული კი  სივრცობითი. სხეული არსებობს სადღაც, გონება კი - როდესღაც. შეეცადოთ წარმოიდგინოთ გონება დროის გარეშე,  ეს არ გამოგივათ, რადგანაც გონება - ეს ან წარსულია, ან აწმყო, ან მომავალი; ან მოგონებაა, ან წარმოსახვა, ან ფაქტობრივი აწმყო. გონება სამ დროში არსებობს.

თუ ყურადღებით, გაცნობიერებულად მისმენთ, გონება იმყოფება აწმყოში. თუ სხვა რაღაცებზე ფიქრობთ: იმაზე, თუ რა წაიკითხეთ ბიბლიაში, და შეესაბამება თუ არა ეს იმას, რასაც მე ვამბობ, თქვენ ან წარმოსახვაში წახვედით, ან მოგონებაში. თუ დრო ქრება, ვერსად ვერ იპოვნით გონებას; დრო გონების სინონიმია.

ადამიანი არის კოსმოსი მინიატურაში, ესაა სამყარო მინიატურაში. ყველაფერი, რაც დიდი მასშტაბით გარეთ არსებობს, მცირე მასშტაბით ადამიანშიც იმყოფება. თუ შეძლებთ ადამიანის გაგებას, მთელ სამყაროს გაიგებთ: რაც ზემოთ, ის ქვემოთ. ადამიანი ატომია უზარმაზარ სამყაროში. თუ შეძლებთ ატომის გაგებას, შეძლებთ მთელი მატერიის გაგებასაც. თუ შეძლებთ საკუთარი თავის შეცნობას, საკუთარი საიდუმლოს ამოხსნას, თქვენ ამოიცნობთ ყველა საიდუმლოს, რაც კი არსებობს:  წარსულში, აწმყოსა და მომავალში.

საჭიროა გახსოვდეთ: სხეული არის  სივრცე, გონება -  დრო. როცა მედიტირებთ, თქვენ ქრებით როგორც სხეული, უკვე აღარ იცით, ვინ ხართ : მამაკაცი, ქალი, ლამაზი, მახინჯი, თეთრი, შავი, - უბრალოდ არ იცით ვინ ხართ. როცა სიღრმეში შედიხართ, სხეული უკან და შორს რჩება.  დგება მომენტი, როდესაც ვეღარ გრძნობთ საკუთა სხეულს და იმის გარკვევაც კი არ შეგიძლიათ, სად იმყოფება იგი. უკვე აღარ ხართ მიჯაჭვული ფორმაზე, უფორმო გახდით. იგივე ემართება გონებასაც: არ იცით, სადაა თქვენი გონება, სად გაქრა იგი. მთელი ეს ხმაური, მოძრაობა, რომელიც გამუდმებით იყო თქვენს შიგნით, გშორდებათ, გშორდებათ, გშორდებათ და ქრება. და უეცრად უზარმაზარი სიჩუმე ფეთქდება თქვენში. სივრცესა და დროის მიღმა ამ მდგომარეობაში იგებთ საკუთარ არსს. ხოლო გაიგოთ საკუთარი არსი ნიშნავს , რომ მიიღოთ დაოს პირველი გამობრწყინება.

პირვანდელი სული პოლარული ურთიერთწინააღმდეგობების მიღმა იმყოფება.

ყველა პოლარული ურთიერთწინააღმდეგობა ქრება:  მამაკაცი და ქალი; ზამთარი და ზაფხული; სითბო და სიცივე; სიყვარული და სიძულვილი; პოზიტიური და ნეგატიური; სივრცე და დრო; სიცოცხლე და სიკვდილი .

პირვანდელი სული პოლარული ურთიერთწინააღმდეგობების მიღმა იმყოფება.

სწორედ ამიტომ კვლავ და კვლავ მივუთითებ იმაზე, რომ არ მიეჯაჭვოთ არც ერთ ურთიერთწინააღმდეგობას.თქვენ გასწავლიდნენ ერთ-ერთი  წინააღმდეგობის მხარეს ყოფნას. თქვენი ე.წ. რელიგიები გასწავლიდნენ: ან იცხოვრეთ ერში, ან განუდექით მას და წადით მონასტერში. მე კი გეუბნებით: იცხოვრეთ მიწაზე და ნუ იქნებით ამ მიწისგან; წინააღმდეგ შემთხვევაში,  მიჯაჭვული აღმოჩნდებით რომელიმე წინააღმდეგობაზე. თუ მონასტერში წახვალთ, მიწიერის შეგეშინდებათ. რა მიღწევაა ეს? თუ არსებობს შიში, მიღწევა ვერ იქნება.

მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ჰიმალაებში ცხოვრობდნენ, და ისინი სავსენი არიან შიშით. მათ არ უნდათ ხალხთან დაბრუნება, რადგანაც ის, რასაც ჰიმალაებში გრძნობდნენ ქრება მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ სამყაროში ბრუნდებიან. მაგრამ თუ ეს ჩვეულებრივ სამყაროში ქრება, ეს არაა მიღწევა. შესაძლოა , თქვენ უბრალოდ შინაგან დუმილად მიიღეთ ჰიმალაების დუმილი. ეს დუმილი ნასესხებია. უდავოა, ჰიმალაებში დუმილი სუფევს, და თუ თქვენ ამ დუმილში ცხოვრობთ, თანდათანობით იგი თქვენში აღწევს. მაგრამ ეს არაა თქვენი მუსიკა, ის ნასესხებია; დატოვეთ ჰიმალაი და ის გაქრება. ეს ილუზიას ჰბადებს. თქვენ ნასესხები დიდებით ტკბებით, ეს არაა თქვენი დიდება.

იცხოვრეთ ჩვეულებრივ სამყაროში და შექმენით ჰიმალაები თქვენს გულში, გახდით მდუმარე ქალაქის ხმაურში. იყავით ჩვეულებრივი ადამიანი და ამავდროულად სანიასი. სწორედ ამიტომ ვიმეორებ, რომ ჩემმა სანიასებმა არაფერზე თქვან უარი. არაფრისგან განდგომა არაა საჭირო. განდეგილობა გაქცევის გზაა, და განდეგილობა ერთ-ერთ პოლარობას მიგაჯაჭვებთ. ეს კი არ მოგცემთ თავისუფლებას. თავისუფლება  ტრანსცენდენციაშია, ტრანსცენდენცია კი დგება მხოლოდ მაშინ, როდესაც ორივე პოლარობაში ერთდროულად ცხოვრობთ.

ასე რომ,  იყავით სამყაროში, მაგრამ ნებას ნუ მისცემთ სამყაროს იყოს თქვენში. გიყვარდეთ, მაგრამ თავი არ დაკარგოთ სიყვარულში. შედით ურთიერთობებში, მაგრამ ამავდროულად იყავით მარტოობაში, სრულ მარტოობაში. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ურთიერთობები  თამაშია: ითამაშეთ ეს თამაში, და ითამაშეთ რაც შეიძლება ლამაზად და ოსტატურად. ბოლოს და ბოლოს, თამაში თამაშია და უნდა იცოდეთ ლამაზად თამაში.  ითამაშეთ ყველა წესის დაცვით, რადგანაც ნებისმიერ თამაშს გააჩნია წესები. მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ თამაშია. ნუ მიეჯაჭვებით მას და ნუ იქნებით ზედმეტად სერიოზული. ყოველთვის შეინარჩუნეთ იუმორის გრძნობა: იყავით გულწრფელი, მაგრამ არა სერიოზული. და თანდათანობით დაიწყებთ შემჩნევას, რომ პოლარობები ქრება. ვის შეიძლება დავარქვათ მიწიერი და ვის სულიერი? თქვენ მიწიერიც ხართ და სულიერიც, ან არც ერთი და არც მეორე.

პირვანდელი სული პოლარული ურთიერთწინააღმდეგობების მიღმა იმყოფება. მისგან წარმოიშობა ცა და მიწა. როცა მოსწავლეები გაიგებენ, როგორ მივიდნენ პირვანდელ სულამდე, ისინი გადალახავენ სინათლისა და სიბნელის ურთიერთწინააღმდეგობებს და სამი სამყაროს მიღმა გავლენ.

სამოთხის სამყარო, მიწიერი სამყარო და ჯოჯოხეთის სამყარო - ეს სამივე ქრება მათთვის, ვინც იცის, როგორ გავიდეს პოლარობებს მიღმა.

რამდენიმე წუთის უკან მე გითხარით, რომ წარსული, აწმყო და მომავალი სამი სამყაროა. წარსული ჯოჯოხეთია, რადგანაც იგი მკვდარია, მოჩვენებითია: ესენი არიან მოჩვენებები, რომლებიც დაგდევენ. აწმყო მიწიერი სამყაროა: ეს ფაქტიურობაა, სინამდვილეა, ისაა რაც აქ და ახლა ხდება. ხოლო მომავალი სამოთხეა: ეს ოცნებები, მისწრაფებები, სურვილებია.

სწორედ ესაა სამი სამყარო, და თქვენ გამუდმებით მოძრაობთ მათში და გადაკვეთთ ხან ერთს, ხან მეორეს. წარსულიდან გადადიხართ მომავალში, მომავლიდან  წარსულში და ასე დაუსრულებლად. სინამდვილე კი იმდენად წამიერია, რომ მას არც თუ ისე კარგად აცნობიერებთ: იგი მოთავსებულია წარსულსა და მომავალს შორის, რომელიც უზარმაზარია .  აწმყო კი სწრაფმავალია, როგორც წამის გაელვება,  იგი ისე სწრაფად მიდის, რომ ვერც კი ამჩნევთ. იმ მომენტში, როდესაც გააცნობიერეთ, ეს უკვე წარსულია.

აწმყოში ყოფნისთვის უკიდურესად ყურადღებით უნდა ვიყოთ. სწორედ ამიტომაა აწმყოში ყოფნა კარგი იმისთვის, რომ დროის საზღვრებს გავცდეთ. თქვენ არ შეგიძლიათ დროის საზღვრებს მიღმა გასვლა წარსულიდან, რადგანაც წარსული უზარმაზარია, უსასრულოა; შეგიძლიათ უფრო და უფრო შრს იაროთ და ვერსად ვერ იპოვნით დასასრულს. სწორედ ამიტომ ფსიქოანალიზი ვერ დაგვეხმარება. იგი მუშაობს წარსულთან, იგი წარსულს ხსნის და მასში იქექება. ეს შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს... ფსიქოანალიზი წლობით გრძელდება: სამი წელი, შვიდი წელი, და ამას არ აქვს დასასრული. პაციენტს უბრალოდ ბეზრდება ერთი ფსიქოანალიტიკოსი, სხვასთან მიდის და ყველაფერი თავიდან იწყება.

და მე შემიძლია ვთქვა, რომ ადრე თუ გვიან ფსიქოანალიზი აუცილებლად აღმოაჩენს, რომ წარსული არ შემოისაზღვრება ამ ცხოვრებით. შეგიძლიათ წარსულისკენ იაროთ და მიხვიდეთ იქამდე, რასაც იანოვი „პირველ ყვირილს“ უწოდებს. პირველი ყვირილი ფსიქოანალიზის მწვერვალია: ეს ბავშვის პირველი დაყვირებაა, როცა იგი იბადება და სუნთქვას იწყებს; ამ პირველი ყვირილით იწყებს სუნთვას . მაგრამ როდესაც მიაღწევთ ამ წერტილს, გაგიკვირდებათ , რადგან  ესეც არაა დასასრული. მაშინ კიდევ უფრო უკან უნდა წახვიდეთ - დედის საშვილოსნოში.

აღმოსავლეთში ეს ძალიან კარგადაა ცნობილი. ჩვენ გვაქვს ძალიან ღრმა მეთოდი, რომელსაც ეწოდება ,,პრატი პრასავ ’’  ანუ წარსულში დაბრუნება. მას იყენებდა მაჰავირა, მას იყენებდა ბუდა; ისინი წარსულში, დედის წიაღში ბრუნდებოდნენ. გიწევთ, რომ კვლავ გაიაროთ სიკვდილი, რადგანაც სანამ დაიბადებოდით, თქვენ მოკვდით, შემდეგ კი მთელს წინა ცხოვრებას გადიხართ... შრიდან შრემდე. სწორედ ღრმა ფსიქოანალიზის შედეგად აღმოაჩინა დასავლეთმა რეინკარნაცია. ქრისტიანობაში, იუდაიზმში, ისლამში ასეთი ცნება არ არსებობს. ისინი არასოდეს წასულან ასე შორს. მათ არასოდეს გამოუყენებიათ ფსიქოანალიზი.

ფროიდი იყო პირველი ებრაელი, რომელმაც ფსიქოანალიზი გამოიყენა, და ,რა თქმა უნდა,  ქრისტიანები, ებრაელები და ყველა ე.წ. რელიგიური ადამიანი მის წინააღმდეგ იყო. მათ ეშინოდათ იმის, რომ თუ ფსიქოანალიზი უფრო ღრმად წავიდოდა, ადრე თუ გვიან დამტკიცდებოდა რეინკარნაციის ინდუისტური იდეა. შიში სწორედ ამაშია. თუ გამუდმებით სიღრმისკენ ივლით, შრიდან შრემდე, სად იქნება დასასრული? თქვენ ათასობით ცხოვრება იცხოვრეთ, როგორც ადამიანმა, და შეგიძლიათ გაიაროთ ისინი, მაგრამ ესეც არაა დასასრული. ერთხელაც აღმოაჩენთ, რომ მანამ, სანამ ადამიანი გახდებოდით, სპილო იყავით, ან ვეფხვი, ან ძაღლი, და დაიწყებთ მოძრაობას თქვენს „ცხოველურ“ ცხოვრებებში. ერთხელაც კი , აღმოაჩენთ, რომ მილიონობით ცხოვრების წინ ხე იყავით, ან ბუჩქი, მანამდე კი ქვა.

ინდოეთში თქვენ გეტყვიან, რომ მილიონობით ცხოვრება გაიარეთ. მაგრამ რას მოგცემთ ეს? წარსულის ანალიზს არაფრის მოცემა არ შეუძლია თქვენთვის. მას შეუძლია ჭკუიდან გადაგიყვანოთ, მაგრამ ვერსად მიგიყვანთ. იგივე ეხება მომავალსაც. სად გავჩერდეთ? სადაა საბოლოო წერტილი? სად შეგიძლიათ თქვათ, რომ „წინ უკვე აღარაფერია?“  აღმოსავლეთში ესეც მოვსინჯეთ, რადგანაც ბევრი ვიმუშავეთ დროის ცნებაზე. მეხსიერება უსასრულოა, და წარმოსახვაც უსასრულოა. და მათ შორის მოთავსებულია აწმყოს მომენტი, რომელიც ისეთი ხანმოკლე და სწრაფმავალია, რომ ვერ შეძლებთ მის გაცნობიერებას, თუ აბსოლუტურად ცნობიერნი არ ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუმჩნევლად გაგისხლტებათ.

და თუ აწმყოში იქნებით გაცნობიერებული, თქვენთვის კარი გაიხსნება  მარადისობაში. სწორედ ამ წერტილში გადადის გონება არა-გონებაში. სწორედ ამ წერტილში გადადის პიროვნება არსში.

თქვენ, რა თქმა უნდა, იცით, რომ იესო ჯვარზე გააკრეს. მის გვერდით ასევე ჯვარზე გააკრეს ორი ქურდი: ერთი მისგან მარცხნივ, მეორე - მარჯვნივ. შესაძლოა, არასოდეს დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ეს ძალიან სიმბოლურია. იესო აწმყო მომენტის სიმბოლოს წარმოადგენს. ერთი ქურდი -  წარსულია, მეორე ქურდი - მომავალია, იესო კი აწმყოს სიმბოლოა, რომელიც ყველაზე ახლოსაა ღმერთთან, ყველაზე ახლოსაა არსთან. ერთ-ერთი ქურდი დასცინოდა იესოს : წარსული ყოველთვის დაგცინით; მას უნდოდა გაებრაზებინა იგი :  წარსული ყოველთვის გაბრაზებთ. მეორე ქურდმა მომავლის შესახებ ჰკითხა იესოს: „რა იქნება სიკვდილის შემდეგ? გნახავ თუ არა ზეცაში?“ ერთი ქურდი  წარსულია, მეორე - მომავალი, იესო კი მათ შორისაა მოთავსებული.

რატომ აღმოჩნდნენ მის გვერდით ქურდები? წარსული ქურდია, და მომავალიც - ქურდია, რადგანაც ისინი აწმყოს გვპარავენ. ისინი მართლაც ქურდები არიან. ჩემთვის ეს სიმბოლური იგავია; არ ვიცი დამეთანხმებიან თუ არა ქრისტიანები, მაგრამ ეს მე არ მაღელვებს. მე არ მაღელვებს ვინმე დამეთანხმება თუ არა.

იესო აწმყოში იმყოფებოდა, აქ და ახლა, ყველაზე ახლოს არსთან, სიკვდილისთვის და სხეულისა და გონების დატოვებისთვის მზადმყოფი. იგი ცოტათი ეჭვობდა : ყოველი ადამიანი ეჭვობს. როცა აწმყოში ხართ და თქვენს წინ მარადისობას ხედავთ - არანაირი წარსული, არანაირი მომავალი, მხოლოდ მარადისობა - თქვენ სრულიად სხვა განზომილებაში ხვდებით. წარსული, აწმყო და მომავალი ჰორიზონტალურ განზომილებას განეკუთვნება, მარადისობა კი - ვერტიკალურს.  ჯვარი ჩემთვის ამ ორი განზომილების გადაკვეთის სიმბოლოა.

ჯვარი ორი ხაზისგან შედგება :  ჰორიზონტალურისგან და ვერტიკალურისგან. ისინი დროისა და მარადისობის სიმბოლოებს წარმოადგენენ. ყოველი ადამიანი ეჭვობს, როცა თავის წინ მარადისობას ხედავს, არაფერს და არსად, ან ყველაფერს. და თქვენ ითქვიფებით მასში, როგორც წვეთი ოკეანეში. და ეს ოკეანე ისეთი უსაზღვროა, რომ ვეღარ იპოვნით საკუთარ თავს. ბალახის ფოთლიდან წამოსული ნამის წვეთიც კი, რომელიც ოკეანეში ვარდება  ეჭვობს.

იესო ეჭვობდა, და მე სწორედ იმისთვის მიყვარს იგი, რომ ეჭვობდა. მისი ეჭვი აჩვენებს, რომ ის უბრალოდ ადამიანია. მისი ეჭვი აჩვენებს, რომ ის ერთ-ერთი ჩვენგანი იყო :  ადამიანის შვილი. მან მიმართა ღმერთს: „ნუთუ მიმატოვე? რას მიმზადებ? ნუთუ დამტოვე? ნუთუ ჩემთან აღარ ხარ? მე ვქრები, მაგრამ ვერ ვხედავ შენს ხელებს, რომლებიც დამიცავდნენ,  წვეთი ოკეანეში ვარდება: სად ხარ? მე უზარმაზარ სიცარიელეში ვვარდები. ჩემი სიკვდილი მოვიდა, მე კი ყოველთვის მქონდა იმედი, რომ როცა მოვკვდებოდი, ჩემს გვერდით იქნებოდი, დამეხმარებოდი, გადამეხვეოდი, მოსიყვარულე და თანაგრძნობით სავსე იქნებოდი. მაგრამ სად ხარ? ნუთუ დამტოვე? მე ვერსად ვერ გხედავ“.

სინამდვილეში, ღმერთის დანახვა შეუძლებელია. ღმერთი არაა ადამიანი, ღმერთი  აბსოლუტური სიცარიელის პოზიტიური სახელწოდებაა.

მაგრამ იესო ყოველთვის ცხოვრობდა იუდეური წარმოდგენით ღმერთის შესახებ, როგორც ადამიანის შესახებ, აქედანაა ქარიშხალიც მის გონებაში, აქედანაა შიში მის გონებაში. იგი ვერსად ხედავს ღმერთს. იგი ელოდა, რომ დაინახავდა თავის შეყვარებულს, თავის მამას. იგი ღმერთს მამა ეძახდა - მას მამის ნახვის იმედი ჰქონდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ არავინაა. იგი ტოვებს ამ სამყაროს, მის საზღვრებს მიღმა კი არაფერია, გარდა სიცარიელისა, უკიდეგანო უფსკრულისა.

ეს ძალიან ადამიანურია .  იესოს ცხოვრება ძალიან ადამიანურია  და ამაშია მისი სილამაზე, სწორედ ამიტომ მოახდინა ზეგავლენა ამდენ ადამიანზე. მისი ადამიანურობა ძალზე შთამბეჭდავია. მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს მიხვდა: ღრმად ჩაიხედა რა მარადისობაში, ასიცარიელეში, იგი მიხვდა, რომ „ღმერთს ვერ ექნება ადამიანური სახე, სწორედ ესაა მისი სახე“, მიხვდა, რომ „ღმერთს ვერ ექნება ადამიანური ხელები“, რომ „ეს სიცარიელე მზადაა ჩემს მისაღებად, მზადაა ამიყვანოს თავისი გულის სიღრმეში“. და მაშინ მან მიმართა ღმერთს: „დაე , იყოს ნება შენი. დაე,  მოვიდეს სუფევა შენი. დაე , იყოს ასე. აღმოჩნდა, რომ სიცარიელე ხარ: მე მზად ვარ, მე გენდობი. მე შენს სიცარიელესაც კი ვენდობი“.

ყოველ ქრისტიანს, ყოველ მუსულმანს, ყოველ ინდუისტს, ყოველ იუდეველს ,  ყველას, ვისაც ცხოვრებაში ადამიანივით წარმოედგინა ღმერთი, მოუწევს შეეჯახოს ამას, მოუწევს გაიაროს ეჭვის ეს პერიოდი. ბუდისტური და დაოსისტური წარმოდგენების სილამაზე იმაშია, რომ ღმერთი  სიცარიელეა, რომ ეს სიცარიელის მეორე დასახელებაა. ის, ვინც თავიდანვე ამ წარმოდგენით ცხოვრობდა სიცარიელის შესახებ, არ დაეჭვდება, იგი უბრალოდ შეერწყმება მას.

პირვანდელი სული პოლარული ურთიერთწინააღმდეგობების მიღმა იმყოფება. მისგან წარმოიშობა ცა და მიწა. როცა მოსწავლეები გაიგებენ, როგორ მივიდნენ პირვანდელ სულამდე, ისინი გადალახავენ სინათლისა და სიბნელის ურთიერთწინააღმდეგობებს და სამი სამყაროს მიღმა გავლენ. მაგრამ ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ მას, ვინც ადამიანური ბუნების ჭეშმარიტი სახე იხილა.

თქვენ ამის მიღწევას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, როდესაც საკუთარ შინაგან სიცარიელეს დაინახავთ. თავდაპირველად იმედიტირეთ და შედით საკუთარ შინაგან სიცარიელეში, შემდეგ შეძლებთ თავად ყოფიერების სიცარიელეში შესვლასაც.

როცა ადამიანი დედის წიაღს ტოვებს, პირვანდელი სული კვადრატულ დიუმში სახლდება...

ნუ გაგიკვირდებათ. ეს დაოსური რუკაა. არსებობს ადამიანის ცნობიერების განსხვავებული რუკები. სხვა და სხვა რუკაში განსხვავებულ სიმბოლოებს იყენებენ. დაოსები ამბობენ, რომ როდესაც ბავშვი ჩნდება, პირვანდელი სული სახლდება თვალებს შორის წერტილში. ორ თვალს შორის, ზუსტად შუაში, მესამე თვალი იმყოფება. იმას, რასაც იოგას რუკაში ,,აჯნა-ჩაკრა’’, მესამე თვალი, ეწოდება, დაოსები პირვანდელი სულის სახლს უწოდებენ.

...პირვანდელი სული კვადრატულ დიუმში სახლდება, ხოლო ცნობიერი სული უფრო ქვემოთ, გულში სახლდება.

„ხოლო ცნობიერი სული უფრო ქვემოთ, გულში სახლდება“, ჩვეულებრივ ფიზიკურ გულში.

ეს გული დამოკიდებულია გარე სამყაროზე. თუ ადამიანი არ ჭამს თუნდაც ერთი დღის განმავლობაში, იგი უკიდურეს დისკომფორტს გრძნობს. თუკი რაღაც საშინელი ესმის, იგი კრთება; თუკი რაიმე სასტიკი ესმის, იგი ჩერდება; თუკი სიკვდილს ხვდება, იგი სევდას გრძნობს; თუკი რაღაც მშენიერს ხედავს, იგი აღტაცებას განიცდის. მაგრამ ღვთაებრივი გული რომ თავში ყოფილიყო...

...ანუ მესამე თვალის ცენტრში.

განა იმოძრავებდა იგი? თუ შენ იკითხავ: „შეუძლია თუ არა ღვთაებრივ გულს მოძრაობა?“ - მე გიპასუხებ: „როგორ შეუძლია ჭეშმარიტ აზრს  კვადრატულ დიუმში იმოძრაოს?!“

ფიზიკური გული გამუდმებით გარესამყაროზეა დამოკიდებული და  გარესამყაროს ზემოქმედებას ექვემდებარება. იგი გარესამყაროს ნაწილი თქვენს შიგნით. ის  არაა ნამდვილი გული. ნამდვილი გული, როგორც დაოსები ამბობენ, იმყოფება მესამე თვალის წერტილში; იგი უძრავია,  სტაბილურია,  მუდამ ერთნაირია. ფიზიკურ გულში ყოველთვის ქაოსი სუფევს, სულიერ გულში ანუ მესამე თვალის ცენტრში  ყოველთვის წესრიგია. ეს თავად წესრიგის გამოვლინებაა. სწორედ ამიტომ უწოდეს ინდუსებმა ,,აჯნა-ჩაკრა’’ , ცენტრი, საიდანაც წესრიგი, დისციპლინა მოდის. ყველაფერი, რაც მესამე თვალიდან მომდინარეობს, დაუყოვნებლივ სრულდება; მას ემორჩილება მთელი სხეული და არსი. ცენტრი იძლევა ბრძანებებს და განკარგულებებს. მაგრამ მას ღრმად სძინავს. თქვენ ფიზიკური გულით ცხოვრობთ. თქვენ ჯერ არაფერი იცით სულიერი გულის შესახებ.

ქვედა გული მოძრაობს, როგორც ძლიერი და მტკიცე მბრძანებელი, რომელსაც სძულს ღვთაებრივი მმართველი მისი სისუსტის გამო...

ფიზიკური გული ფიქრობს, რომ სულიერი გული სუსტია, იმიტომ რომ იგი უძრავია. და რადგანაც იგი უძრავია, თქვენ მას ვერ აცნობიერებთ. თქვენ მხოლოდ მაშინ აცნობიერებთ რამეს, როცა იგი მოძრაობას იწყებს. თუ რამე აბსოლუტურად უძრავია, თქვენ მას ვერ ამჩნევთ. ქვედა გულს თავი ძალიან ძლიერი ჰგონია, ხოლო ღვთაებრივი გული, სულიერი გული - სუსტი, თითქმის მკვდარი, რადგანაც იგი უძრავია.

...და ძალაუფლების უზურპაციას ახდენს სახელმწიფოში.

სწორედ ამიტომ გახდა ქვედა გული თქვენი ბატონი.

როცა კლიტე??  მტკიცე და დაცულია, ეს იმას ჰგავს, როდესაც ძლიერი და ბრძენი მმართველი ზის ტახტზე.

თუ უფრო ყურადღებიანი და უფრო გაცნობიერებული გახდებით, აღმოაჩენთ, რომ გაამაგრეთ პირვანდელი სულის კლიტე მესამე თვალში. გაგიკვირდებათ, მაგრამ შეამჩნევთ, რომ ყოველთვის, როდესაც გაცნობიერებული ხდებით, თქვენი მოქმედებები მესამე თვალიდან იწყებენ გამოსვლას. უბრალოდ გახდით შედარებით უფრო გაცნობიერებული, და იგრძნობთ ერთგვარ ზეწოლას მესამე თვალზე. ყოველთვის, როცა უფრო დაკვირვებული ხართ, გრძნობთ ამ ზეწოლას, თითქოს რაღაც იწყებს პულსირებას მესამე თვალში.

როცა გაცნობიერებულობა მესამე თვალს „რთავს“, როცა ცნობიერება მესამე თვალში ადის, ის მუშაობას იწყებს, ცოცხლდება... სწორედ ამიტომ უწოდებენ მას ინდუსები ჩაკრას. „ჩაკრა“ ნიშნავს „ბორბალს“. მოძრაობისთვის ბორბალს ენერგია სჭირდება; როცა ენერგიას იღებს, იგი მოძრაობას იწყებს. მაშინ თქვენს შიგნით დიდი რევოლუცია ხდება: ქვედა გული მაშინვე ქედს იხრის ზედას წინაშე. ქვედა მხოლოდ მაშინ განაგებს, როცა ზედა არაა. სწორედ ამაშია სხვაობა ნამდვილ და არანამდვილ რელიგიას შორის.

არანამდვილი რელიგია ამბობს: „აკონტროლე საკუთარი თავი. არ გააკეთო ის, გააკეთე ეს. აკონტროლე გრძნობები. დისციპლინის ქვეშ გყავდეს სხეული“. ნამდვილი რელიგია ამბობს: „შედი მესამე თვალის ცენტრში და ნება მიეცი სულიერ გულს იმუშაოს, მაშინ შენთან დისციპლინა მოვა და ყველაფერი კონტროლის ქვეშ იქნება. ნება მიეცი მმართველს თავისი ადგილი დაიკავოს და მაშინ ყველაფერი ბუნებრივად დალაგდება“.

თვალები იწყებენ სინათლის წრეზე ტრიალს, როგორც ორი მინისტრი, რომლებიც მმართველისგან მარჯვნივ და მარცხნივ დგანან და თავისი ძალებით ეხმარებიან მას. როცა ამგვარი სახით წესრიგია დამყარებული ცენტრში, მეამბოხეები შუბებს ხრიან და მორჩილებისათვის მზადმყოფნი ნებდებიან.

უბრალოდ , ნება მიეცით მმართველს  დაიკავოს თავისი ადგილი, და აღარ დაგჭირდებათ ძალადობით მოახდინოთ საკუთარ თავში რაიმე ხასიათის კულტივირება, აღარ დაგჭირდებათ ცხოვრებაში წესრიგის დამყარება. სწორედ ამიტომ გეუბნებით, რომ არ იღელვოთ ხასიათზე. უბრალოდ ჩადეთ მთელი ენერგია იმაში, რომ უფრო გაცნობიერებული გახდეთ. ხასიათი ისევე მიჰყვება გაცნობიერებულობას, როგორც ჩრდილი პატრონს. თუ ეცდებით საკუთარ თავში ხასიათის შექმნას, ეს ხასიათი ყალბი იქნება და თქვენ პირფერი გახდებით. ამ გზას არ მიჰყავს მიღმიერისკენ.

სიცოცხლის ელექსირისკენ გზამ იცის უმაღლესი მაგია...

ეს უმაღლესი მაგიაა. რატომ მაგია? - იმიტომ, რომ როდესაც მუშაობას იწყებს უმაღლესი გული, სასწაული ხდება, ჯადოქრობა... თქვენი გრძნობები ქაოსში , ხოლო   გონება ყოველთვის გაურკვევლობაში იყო. ყოველთვის ეჭვობდით: გააკეთოთ რაღაც, თუ არა? ყოფნა, თუ არყოფნა? მუდმივ დაძაბულობაშ იყავით: საით წავიდე? რა ავირჩიო? და უეცრად თითქოს სასწაული ხდება: ყველა ეჭვი ქრება, სინათლე მოდის, ცხოვრება კრისტალური სიცხადით ივსება ,  თქვენ უბრალოდ აკეთებთ იმას, რაც საჭიროა. სინამდვილეში, როცა ღვთაებრივი გული იწყებს მოქმედებას, თქვენ ყოველთვის სწორად იქცევით, თქვენ არ შეგიძლიათ არასწორად მოიქცეთ .  ეს უბრალოდ შეუძლებელია.

სიცოცხლის ელექსირისკენ გზამ იცის უმაღლესი მაგია...

ეს სამი ელემენტის მაგიაა:

თესლი-წყლის, სული-ცეცხლისა და აზრი-მიწის...

ეს დაოსური სიმბოლოებია.

...ამ სამს. რა არის თესლი-წყალი? ეს ჭეშმარიტი ერთიანი ენერგიაა, ეროსი. სული-ცეცხლი - ეს სინათლეა, ლოგოსი. აზრი-მიწა - ეს ინტუიციაა.

თქვენ უნდა გაიგოთ  სამივე ელემენტი. თესლი-წყალი - ეს ეროსია, ენერგია, რომელსაც იცნობთ, როგორც სექსუალურ ენერგიას, ვნების ენერგიას. ჯერჯერობით იგი მხოლოდ პრობლემებს გიქმნით და მეტს არაფერს. ჯერჯერობით მხოლოდ თავს გაჩვენებთ მეგობრად, მაგრამ ყოველთვის მტერი აღმოჩნდება ხოლმე. რაც უფრო მეტად მიჰყვებით ამ ენერგიას, მით უფრო მეტ უბედურებას იქმნით. სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ სიყვარული ბრმაა.

მოლა ნასრედინმა თქვა: „სიყვარული ბრმაა, ქორწინება კი თვალებს გიხელთ“.

სიყვარული ბრმაა, რადგანაც ჯერჯერობით არ გაქვთ თვალები. უზარმაზარი ენერგია, რომელსაც შეუძლია უზარმაზარ წყალობად გექცეთ,  მხოლოდ ტანჯვას გაყენებთ. ეროსი თქვენი ენერგიაა.

და ფროიდიც მართალია, როცა ყველა პრობლემის ფესვებს ეროსში ანუ თქვენს  სექსუალურ ენერგიაში ეძებს. მაგრამ იგი ამავდროულად არაა მართალი, რადგანაც არ ესმის, რომ სექსუალური ენერგიის ჩვეული მდგომარეობა -  მისი არაბუნებრივი, გაუკუღმართებული მდგომარეობაა. თავის ბუნებრივ მდგომარეობაში სექსუალური ენერგია უფრო და უფრო მაღლა ადის. ის მოძრაობს ზემოთ და არა ქვემოთ. თავის ბუნებრივ მდგომარეობაში სექსუალური ენერგია ოქროსფერ ყვავილად იქცევა თქვენში. ეგრეთ წოდებულ ნორმალურ, გაუკუღმართებულ მდგომარეობაში იგი უბრალოდ ახალ ციხეებს გიქმნით, რადგანაც გარეთ და ქვემოთ მოძრაობს. იგი გფიტავთ. იგი მხოლოდ აახლოვებს თქვენს სიკვდილს. თუ იგივე ენერგია ზემოთკენ დაიწყებს მოძრაობას, იგი ახალ სიცოცხლეს, სავსე ცხოვრებას მოგცემთ. იგი სიცოცხლის ელექსირი ხდება.

იმის მსგავსად, როგორც ჭუჭყს შეუძლია იქცეს ლოტოსად, რადგანაც ჭუჭყში უკვე დევს ლოტოსი, მისი თესლი , ასევე თქვენს სექსუალურ ენერგიაშიც დევს  ოქროსფერი ყვავილის თესლი. ამისთვის ენერგიამ ზემოთკენ უნდა იმოძრაოს, მაგრამ თქვენ არ უნდა ამოძრაოთ იგი. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რომ მას   ზემოთ მოძრაობა აიძულონ, მაგრამ ისინი უბრალოდ სექსუალურად გაუკუღმართებულები ხდებიან და მეტი არაფერი. თქვენ არ შეგიძლიათ ძალისხმევით აიძულოთ ენერგიას  ზემოთ მოძრაობა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ირიბად გააკეთოთ ეს. როცა მოქმედებს იწყებს თქვენი მესამე თვალი, თქვენი სულიერი გული, ენერგია ყველანაირი ძალისხმევის გარეშე იწყებს ზემოთკენ დინებას. თქვენ გახსენით მესამე თვალი, ენერგია კი მისკენ მიიწევს, როგორც მაგნიტისკენ.

ჯერჯერობით თქვენი ენერგია მხოლოდ გარეთკენ მოძრაობს, რადგანაც გარეგნული მაგნიტები გაცილებით უფრო ძლიერ იზიდავენ მას, ვიდრე შინაგანი. თქვენ ხედავთ ლამაზ ქალს, და თქვენი ენერგია გარეთკენ იწყებს მოძრაობას; ქალი მაგნიტივით მოქმედებს თქვენზე. როცა მუშაობას იწყებს მესამე თვალი, თქვენს შიგნით ისეთი ძლიერი მაგნიტი ჩნდება, რომ   გარედან უკვე ვერავინ  მიგიზიდავთ. საქმე იმაშია, რომ უფრო ძლიერი მაგნიტი გვქონდეს შიგნით, ვიდრე გარეთაა. მაშინ ენერგია მოძრაობას დაიწყებს შიგნით და მაღლა.

თუ გარეთკენ მოძრაობთ ორმაგობის სამყაროსკენ მოძრაობთ,  თუ შიგნითკენ მაშინ არა-ორმაგობის სამყაროში მოძრაობთ და  პოლარობის საზღვრებს სცდებით.

სწორედ ესაა იმის საფუძველი, რასაც მეტაფსიქოლოგიას, ანუ ბუდების ფსიქოლოგიას ვეძახი. ეს წმინდა რელიგიაა.  ეს არაა რიტუალების რელიგია, ეს სუფთა რელიგიაა: იგი არანაირად არ უკავშირდება ქრისტიანობას ან ინდუიზმს, იგი დაკავშირებულია თქვენ შინაგან ენერგიის წყაროსთან.

მეორე ელემენტი -სული-ცეცხლია. ეს სინათლეა, ლოგოსი; ეს ცნობიერი გონებაა. როცა ეროსი ზემოთკენ იწყებს მოძრაობას, თქვენ გადიხართ არაცნობიერი და ცნობიერი გონების მიღმა. ლოგოსი ცნობიერი გონებაა. ეს ფსიქოლოგიაა, ეს მეცნიერებაა.

აზრი-მიწა - ეს სიბნელეა, ქვეცნობიერია, ინტუიციაა. ეს პარაფსიქოლოგიაა, ხელოვნებაა. აზრი-მიწა - ეს ინტუიციაა, სიბნელეა. ადამიანები ინტუიციით ცხოვრობენ - აზრი-მიწით. ქალები  - არაცნობიერი, ალოგიკური არსებები არიან. მამაკაცები სული-ცეცხლით ცხოვრობენ, ლოგოსით, ლოგიკური, ცნობიერი გონებით. მხატვრები ქალურ ენერგიასთან არიან დაკავშირებულნი, მეცნიერები - მამაკაცურთან, ხოლო თავად წყალი, ანუ ეროსი, ერთიანი ენერგიაა, არაორმაგი. მას ხელოვნებისა და მეცნიერების მიღმა გაჰყავხართ, ცნობიერისა და არაცნობიერის მიღმა, მამაკაცისა და ქალის მიღმა. მას არაორმაგისკენ, ტრანსცენდენტულისკენ მიჰყავხართ.

მაგრამ მაგიის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ გახსნათ თქვენი ღვთაებრივი გული, რომელიც თვალებს შორის წერტილში იმყოფება. მალე ჩვენ გადავალთ მეთოდოლოგიაზე, რომელიც მის გახსნაში დაგვეხმარება.

დღეისათვის საკმარისია.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff