ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო

ოშო
4.5
1

მთარგმნელი: მამუკა გურული  ...ნეტარება  თავად ადამიანის ბუნებაა. მას არ სჭირდება ძებნა, მას უბრალოდ ხელახლა აღმოჩენა სჭირდება. ვეძებოთ იგი სადღაც გარეთ - ეს საიმედო გზაა მისი ხელიდან გ...

თავი 14 - ახალი ადამიანი

 

თავი 14

ახალი ადამიანი

პირველი კითხვა:

ოშო, მსოფლიოში დღესდღეობით მიმდინარე მოვლენებიდან, რომელი მიგაჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად?

 

იბადება ახალი ადამიანი. ის ჯერ კიდეც ბუნდოვნად მოჩანს, მაგრამ ჰორიზონტი უკვე ვარდისფერს იღებს, მზე კი ამოდის. ჯერ მას განთიადის წინა ბურუსი აკრავს გარს, ის ძალიან ბუნდოვნად ჩანს, და მაინც, ზოგიერთი რამ ახალ ადამიანზე, შეგვიძლია სრულიად გარკვეულად ვთქვათ.

ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგანაც მას შემდეგ, რაც მაიმუნი ადამიანად იქცა, ადამიანში არაფერი იცვლებოდა.  დიდი რევოლუცია ახლოვდება . და ის გაცილებით უფრო შორს წავა, ვიდრე რევოლუცია, რომელიც მაშინ მოხდა, როცა მაიმუნებმა ორ ფეხზე სიარული და ადამიანად გარდაქმნა დაიწყეს. ამ ცვლილებამ შექმნა გონება, ამ ცვლილებამ შექმნა ფსიქოლოგია. ახლა ახლოვდება სხვა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის მეშვეობითაც გაჩნდება სული, და ადამიანი გახდება არა მხოლოდ ფსიქიკური არსება, არამედ სულიერიც.

თქვენ ერთ-ერთ ყველაზე ქარიშხლიან ეპოქაში ცხოვრობთ. ახალი ადამიანი ცალკეული გამოვლინებებით უკვე მოვიდა, მაგრამ მხოლოდ ცალკეული გამოვლინებებით. ახალი ადამიანი მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩნდება, მაგრამ მხოლოდ ცალკეულ ადგილებში. ჩვეულებრივ ასეც ხდება: როცა გაზაფხული მოდის, ის ერთი ყვავილით იწყება. მაგრამ როცა თუნდაც ერთი ყვავილია მოსული, გაზაფხული უკვე აღარაა შორს,  ის მოვიდა. პირველმა ყვავილმა გვამცნო მისი მოსვლა. პირველი ყვავილები   ზარატუსტრა, კრიშნა, ლაო-ძი, ბუდა, იესო იყვნენ.  ახლა უკვე ახალი ადამიანის დაბადება საყოველთაო გახდება.

ჩემი აზრით, ახალი ცნობიერების დაბადება დღესდღეობით მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. მინდა მოგიყვეთ ამ ახალი ცნობიერების შესახებ ,  მის გამოვლინებებსა  და თვისებებზე ,  რადგანაც თქვენ უნდა დაეხმაროთ მას დაბადებაში, თქვენ უნდა გახდეთ ეს. ახალი ადამიანი ვერ მოვა არსაიდან, ის თქვენი მეშვეობით უნდა მოვიდეს. ახალი ადამიანი მხოლოდ თქვენი მეშვეობით დაიბადება, თქვენ უნდა დაეხმაროთ მას დაბადებაში.

სანიასა ექსპერიმენტია: საჭიროა ნიადაგის მომზადება, რომ ახალი თესლები აღმოცენდნენ. თუ გესმით ახალი ადამიანის მნიშვნელობა, მაშინ სანიასას მნიშვნელობასაც გაიგებთ. სწორედ იმიტომ, რომ სანიასა დაკავშირებულია ახალ ადამიანთან, ძველი საყოველთაოდ მიღებული დადგენილი ტრადიციები ჩემს წინააღმდეგ და სანიასას წინააღმდეგ იქნებიან. სანიასა მათი დასასრულია. თუ სანიასა გაიმარჯვებს, თუ აალი ადამიანი გაიმარჯვებს, მაშინ ძველს ადგილის დათმობა მოუწევს. ძველი მხოლოდ მაშინ განაგრძობს არსებობას, თუ ახალი ადამიანის დაბადებას უშლის ხელს.

მაგრამ მისი დაბადებისთვის ხელის შეშლა უკვე შეუძლებელია, რადგან ეს მხოლოდ ახალი ადამიანის დაბადების საკითხი არაა. ეს უკვე მთელი დედამიწის, თავად ცნობიერების, თავად სიცოცხლის გადარჩენის საკითხია. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ძველი ადამიანი სრულ თვითგანადგურებამდე მივიდა. ძველი ადამიანი ზღვრამდე მივიდა. ახლა ცხოვრება უკვე შეუძლებელია ადამიანის ძველი კონცეფციებით - მხოლოდ სიკვდილი. ძველი ადამიანი გლობალური თვითმკვლელობისთვის ემზადება. ძველი ადამიანი ატომურ და წყალბადის ბომბებს აგროვებს, რათა კოლექტიური თვითმკვლელბა განახორციელოს. ეს ძალიან არაცნობიერი სურვილია: იმის ნაცვლად, რომ ახალი ადამიანის დაბადებას მისცეს საშუალება, ძველ ადამიანს ყველაფრის განადგურება ურჩევნია.

თქვენ უნდა გაიგოთ ეს, თქვენ უნდა დაიცვათ ახალი, რადგანაც ახალი განსაზღვრავს მთელს მომავალს. ადამიანი იმ ეტაპს მიუახლოვდა, როცა შესაძლებელია უზარმაზარი კვანტური ნახტომი.

ძველი ადამიანი ამ ქვეყნისა არ იყო. ძველი ადამიანი ამ ქვეყნის წინააღმდეგ იყო. ძველი ადამიანი ყოველთვის ცას უმზერდა. ძველ ადამიანს უფრო აღელვებდა ცხოვრება სიკვდილის შემდეგ, ვიდრე ცხოვრება სიკვდილამდე. ახალი ადამიანი იფიქრებს ცხოვრებაზე სიკვდილამდე. ახალი ადამიანი იფიქრებს ამ ცხოვრებაზე, რადგანაც თუ ამ ცხოვრებაზე იზრუნებთ, შემდეგი თავისთავად მოვა. მასზე არაა საჭირო ზრუნვა, მასზე ფიქრიც კი არაა საჭირო.

ძველი ადამიანი ძალზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ღმერთს. იგი ამას შიშის გამო აკეთებდა. ახალი ადამიანი არ მიანიჭებს დიდ მნიშვნელობას ღმერთს, იგი იცხოვრებს და ეყვარება ეს ცხოვრება და ამ სიყვარულის წყალობით შეიგრძნობს ღმერთის არსებობას. ძველი ადამიანი გონებით-მჭვრეტელი იყო, ახალი ადამიანი ეგზისტენციალური იქნება.

ძველ ადამიანს შეგიძლია მივუსადაგოთ გამოთქმა უპანიშადებიდან - ნეტი ნეტი, არც ის, არც ეს. ძველი ადამიანი უარმყოფელი იყო, სიცოცხლის უარმყოფელი. ახალი ადამიანი სიცოცხლის მიმღები იქნება - იტი იტი, ისიც და ესეც. ძველი ადამიანი იმას ანიჭებდა მნიშვნელობას, ახალი ადამიანი ამას მიანიჭებს მნიშვნელობას. რადგანაც ეს იმისგან იბადება. თუ ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებთ იმას, მაშინ ხელიდან უშვებთ.

ხვალინდელი დღეს იბადება: იზრუნეთ დღევანდელ დღეზე და ამით თქვენ უკვე ზრუნავთ ხვალინდელზე. არაა საჭირო ხვალინდელი დღისთვის ზრუნვა. თუ ზედმეტად ფიქრობთ ხვალინდელზე, დღევანდელს ხელიდან უშვებთ! ხვალ ყოველთვის მოდის, როგორც დღეს ; იგი ყოველთვის მოდის, როგორც დღეს. და თუ თქვენ განმტკიცდით ამ სუიციდურ ჩვევაში , რომ  ხელიდან გაუშვათ დღევანდელი დღე, ამით ხელიდან უშვებთ ხვალინდელსაც. თქვენ განაგრძობთ ხელიდან გაშვებას.

ძველი ადამიანი გამუდმებით უშვებდა რაღაცას ხელიდან, ის სევდიანი და უბედური იყო. და  სევდის გამო ის ამ ქვეყნის წინააღმდეგ იყო, ის ამ ქვეყანას ადანაშაულებდა ყველაფერში, ის სამსარას ადანაშაულებდა ყველაფერში. ის ამბობდა: „მე ამ ქვეყნის გამო ვარ უბედური“. ეს ასე არაა. ეს სამყარო საოცრად მშვენიერია,  ნეტარება და წყალობაა. ამ სამყაროს ყველაფერი რიგზე აქვს. თავად ძველ გონებაში ვერაა რაღაც რიგზე. ძველი გონება ორიენტაციას ახდენდა ან წარსულზე, ან მომავალზე,  რაც თავისი არსით ერთი და იგივეა. ძველი გონება იმას ანიჭებდა მნიშვნელობას, რაც არ არსებობს.

ახალი ადამიანი სრულ ჰარმონიაში იქნება იმასთან, რაც არის, რადგანაც სწორედ ესაა ღმერთი, სწორედ ესაა რეალობა: იტი იტი, სწორედ ესაა იგი. ეს მომენტი მთელი მისი ტოტალურობით უნდა იქნეს განცდილი. ეს მომენტი მთელი მისი სპონტანურობით უნდა იქნეს განცდილი, რაიმე აპრიორი-იდეების გარეშე. ძველი ადამიანი მზა პასუხებით ხელმძღვანელობდა. ის გაჟღენთილი იყო ფილოსოფიით, რელიგიითა და სხვადასხვა სისულელით.

ახალი ადამიანი რაიმე აპრიორი-იდეების გარეშე იცხოვრებს. თქვენ პირისპირ უნდა შეხვდეთ ცხოვრებას, რაიმე წინასწარი დასკვნების გარეშე, და მაშინ თქვენ გაიგებთ მას. თუ უკვე გააკეთეთ რაიმე დასკვნები, თქვენი დასკვნები დაბრკოლებად იქცევა და ხელს შეგიშლით ძიებაში, ჭეშმარიტების დანახვაში. მაშინ თქვენს დასკვნებს ჩაეჭიდებით და რეალობას დაამახინჯებთ ისე, რომ ისინი თქვენს დაკსვნებს შეესაბამებოდნენ. აქამდე სწორედ ასე ხდებოდა.

ახალი ადამიანი არ იქნება ინდუისტი, არ იქნება მუსულმანი, არ იქნება ქრისტიანი, არ იქნება კომუნისტი. ახალ ადამიანს არაფერი ექნება საერთო ამ „იზმებთან“. ახალი ადამიანი ბოლომდე გახსნილი იქნება, ფანჯარა იქნება რეალობაში. ისეთად მიიღებს რეალობას, როგორიც სინამდვილეშია, ის არ მოახდენს მასზე საკუთარი გონების პროეცირებას, ის არ გამოიყენებს რეალობას, როგორც ეკრანს. მისი თვალები ცარიელი იქნება, არ იქნება იდეებით სავსე.

ახალი ადამიანი არ იხელმძღვანელებს რწმენით, ის უბრალოდ იცხოვრებს. და გახსოვდეთ: მხოლოდ ისინი, ვისაც უბრალოდ ცხოვრება შეუძლიათ, ყოველგვარი რწმენის გარეშე, შეიცნობენ ჭეშმარიტებას. მორწმუნე ან არამორწმუნე ადამიანი ვერასოდეს შეიცნობს ჭეშმარიტებას, რწმენა ძალიან ამძიმებს მის გონებას, იგი ძალიან შეზღუდულია თავისი რწმენის სისტემით. ახალ ადამიანს არ ექნება თავისი რწმენათა სისტემა. ის იცხოვრებს,  დააკვირდება,  მიესალმება ყველა განსხვავებულ განცდას. ის გახსნილი იქნება ყველაზე განსხვავებული მოვლენებისთვის, ის ყველა სხვა და სხვა მიმართულებით იმოძრავებს. ის არ იხელმძღვანელებს წმინდა წერილებით, ის იხელმძღვანელებს მხოლოდ გაცნობიერებულობით, დაკვირვებით. ის მედიტატიური იქნება.

ძველი ადამიანი შიშით ცხოვრობდა. ღმერთიც კი მხოლოდ მისი შიშისგან იყო წარმოშობილი. ყველა მისი ტაძარი, მეჩეთი, ეკლესია, გურუდვარა შიშისგან იქმნებოდა. მას ეშინოდა, იგი შიშისგან კანკალებდა. ახალი ადამიანი სიცოცხლით იცხოვრებს და არა შიშით, რადგანაც შიში სიკვდილს ემსახურება, სიყვარული და სიცოცხლეს. თუ თქვენ შიშით ცხოვრობთ, ვერასოდეს გაიგებთ ცხოვრებას,  კვლავ და კვლავ სიკვდილს გაიგებთ მხოლოდ.

გახსოვდეთ: ადამიანი, რომელიც მხოლოდ შიშით ცხოვრობს, ყველა შესაძლო სიტუაციას იზიდავს, რომელშიც კიდევ უფრო მეტ შიშს განიცდის. თქვენი შიში იზიდავს სიტუაციებს, სწორედ ისევე, როგორც თქვენი სიყვარული იზიდავს სიტუაციებს: თუ თქვენ გიყვართ, იმდენ შესაძლებლობას აღმოაჩენთ, რომ მოსიყვარულე იყოთ; თუ თქვენ გეშინიათ, იმდენ შესაძლებლობას აღმოაჩენთ, რომ შიში იგრძნოთ. ახალი ცნობიერების გამოვლინება სიყვარული იქნება.

რადგანაც ძველი ცნობიერების გამოვლინებას შიში წარმოადგენდა, ის ომებს ჰბადებდა. სამი ათასი წლის განმავლობაში ხუთიათასი ომი მოხა, თითქოს მეტი საქმე არაფერი გვქონდა და გამუდმებით ვომობდით. ეს სიგიჟეა. წარსული კაცობრიობა შეშლილია.

ახალი ადამიანი შეწყვეტს კავშირს შეშლილ წარსულთან. ის ირწმუნებს სიყვარულს და არა ომს. ის ირწმუნებს სიცოცხლეს და არა სიკვდილს. ის იქნება შემოქმედი და არა დამანგრეველი. მისი მეცნიერება, მისი ხელოვნება - ყველაფერი შემოქმედებას ემსახურება. ის არ შექმნის ბომბებს. ის არ დაკავდება პოლიტიკით, რადგანაც პოლიტიკა სიძულვილისგანაა წარმოშობილი. პოლიტიკას შიშში, სიძულვილსა და ნგრევაში აქვს ფესვები გადგმული. ახალი ადამიანი არ მიაკუთვნებს თავს პოლიტიკას, ახალი ადამიანი არ მიაკუთვნებს თავს ნაციას. ახალი ადამიანი გლბალური იქნება. მას არ ექნება არანაირი პოლიტიკური ამბიციები, რადგანაც პოლიტიკური ამბიციების ქონა  სიბრიყვეა. ახალი ადამიანი ძალიან გონიერი იქნება. ამ გონივრულობის პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა ჰორიზონტზე. ვისაც თვალები აქვს, ხედავენ ამას: ისინი ხედავენ, რომ ბავშვები აჯანყებას იწყებენ.

დადგა დიადი მომენტი, როცა შეგვიძლია გვიხაროდეს, რომ ახალგაზრდობა მთელს მსოფლიოში აუჯანყდა მოძელებულ საყოველთაოდ მიღებულ ტრადიციებს - საეკლესიოა ეს ტრადიციები თუ სახელმწიფო, არ აქვს მნიშვნელობა. მათ არ უნდათ მორჩილება. არა ის, რომ ისინი პროტესტულად არიან განწყობილი. ისინი იმედიტირებენ, და თუ მოუნდებათ მორჩილება, დამორჩილდებიან კიდეც, ხოლო თუ პროტესტი მოუნდებათ, პროტესტს გამოთქვამენ. მათ არ ექნებათ დადგენილი იდეოლოგია. „ჩემი ქვეყანა მართალია“, ან „ჩემი ქვეყანა არაა მართალი“ - ისინი არასოდეს გააკეთებენ ასეთ სულელურ განცხადებებს. ხანდახან ის მართალია, ხანდახან არა. როცა ის მართალი იქნება, ახალი ადამიანი მხარს დაუჭერს მას. როცა მართალი არაა, არ ქენება მნიშვნელობა, მისი საკუთარი ქვეყნაა თუ არა.  შესაძლოა არ იყოს მართალი მისი ოჯახი, მისი მამა, მისი დედა,  მაგრამ თუ არ არიან მართალი, ე.ი. იგი არ არიან .

ახალი ადამიანი იხელმძღვანელებს არა წინასწარგანწყობით, არამედ თავისი სპონტანური პასუხისმგებლობით. ძველი ადამიანი მონა იყო, ახალი ადამიანი თავისუფალი იქნება. ახალი ადამიანი თავისუფალი იქნება თავისი არსის ყველაზე დიდ სიღრმეში.

ძველი ადამიანი ძალიან სერიოზული იყო, ძველი ადამიანი შრომაჰოლიკი იყო. ახალი ადამიანი იქნება ჰომო ჰუდენსი - ის იქნება მოთამაშე. ის დატკბება ცხოვრებით. ის გადააგდებს ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა „ვალი“, „მსხვერპლი“. ის არაფერს გაიღებს მსხვერპლად. ის არ იქნება რაიმე საკურთხევლის მსხვერპლი :  არც სახელმწიფოს საკურთხევლის, არც რელიგიისარც მღვდლის  არც პოლიტიკოსის . ის არავის მისცემს უფლებას, რომ მისი ცხოვრების ექსპლუატირება მოახდინოს და უთხრას: „წადი და მოკვდი, იმიტომ, რომ შენი სამშობლო ომობს“. ის მხოლოდ საკუთარ სიცოცხლესთან იქნება ვალში, მას არ ექნება სხვისი ვალი. მას სიხარულში უნდა ცხოვრება, მას ღმერთის ყველა ძღვენით უნდა გაიხაროს, მას უნდა იზეიმოს. „ალილუია“ იქნება მისი ერთადერთი მანტრა.

იესო ამბობს: „გიხაროდენ, გიხაროდენ, გეუბნებით, გიხაროდენ“.

ადამიანს ჯერ კიდევ არ გაუხარია. ადამიანი ცხოვრობდა და ცხოვრობს სერიოზულობის უზარმაზარი ტვირთის ქვეშ. იმუშავე ქვეყნისთვის, ოჯახისთვის,  ცოლისთვის,  შვილებისთვის,  მშობლებისთვის, განაგრძე მუშაობა, და ბოლოს გაქრი საფლავში. შემდეგ სხვები იმუშავებენ, და ყველა ერთი და იგივეს გაიმეორებს. როგორც ჩანს არავის აქვს დრო, რომ ცხოვრებით დატკბეს.

მე არ ვამბობ, როპმ ახალი ადამიანი არ იმუშავებს. ის იმუშავებს, მაგრამ სამუშაო არ იქნება მისთვის ნარკოტიკული დამოკიდებულება.  ის არ იქნება შრომაჰოლიკი. სამუშაო არ იქნება მისი ნარკოტიკი. ის იმუშავებს, რადგანაც ესაჭიროება ზოგიერთი რამ, მაგრამ ის არ იმუშავებს გამუდმებით რაღაც ზედმეტი  ფუფუნებისთვის. ის არ დაიწყებს დაგროვებას. ის არ ისწრაფებს იმისკენ, რომ დიდი ანგარიში ჰქონდეს ბანკში, ის არ ისწრაფებს იმისკენ, რომ ძალიან მაღალი პოსტი დაიკავოს. ის უფრო იმისკენ ისწრაფებს, რომ იმღეროს, ფლეიტაზე ,  გიტარაზე დაუკრას, იცეკვოს. ის არ გამოეკიდება სახელს და დიდებას. ის ცხოვრებისკენ ისწრაფებს, ნამდვილი ცხოვრებისკენ. ის მზად იქნება, რომ არავინ გახდეს.

და ეს უკვე ხდება. პირველი სხივები უკვე შესამჩნევია. ისინი ჯერ კიდევ დაფარულია განთიადისწინა ბურუსში, მაგრამ თუ დააკვირდებით, დაინახავთ ახალ ბავშვებს, ახალი თაობას.   ეს სრულიად სხვა თაობაა. აქედანაა გახლეჩა თაობებს შორის, იგი თვალნათლივია. ადრე არანაირი გახლეჩა არ იყო თაობებს შორის. კაცობრიობის ისტორიაში  პირველად ხდება გახლეჩა. ბავშვები სრულიად სხვა ენაზე საუბრობენ, ვიდრე მშობლები. მშობლებს არ შეუძლიათ მათი გაგება, რადგანაც მშობლებს უნდათ, რომ მათმა შვილებმა წარმატებას მიაღწიონ. შვილები კი პასუხობენ: „რა აზრი აქვს წარმატებას, თუ არ შეგიძლიათ იცეკვოთ და იმღეროთ, დატკბეთ და გიყვარდეთ? მაშინ რაღა აზრი აქვს წარმატებას? რა საჭიროა იგი? რა მოხდება წარმატების წყალობით? მთელმა სამყარომაც რომ გაიგოს ჩემი სახელი, რას მომცემს ეს?“

ძველ თაობას ფულის სჯერა. და გაგიკვირდებათ: ეს რწმენა იმდენად ღრმაა, რომ ისინიც კი, ვინც უარს ამბობენ ფულზე, სჯერათ ფულის; წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არ აქვს მათ უარყოფას. მათ, ვინც ხელს უწყობენ ფულზე უარის თქმას, ასევე სჯერათ ფულის: რაც უფრო მეტად განაგდებთ ფულს, მით უფრო უკეთესი ხართ. მაგრამ კრიტერიუმი  ფულია. სწორედ ფული წარმოადგენს კრიტერიუმს. საზოგადოების საზომით, მით უფრო კარგი ხართ, რაც უფრ მეტი ფული გაქვთ. ბერები კი ასე მსჯელობენ: „რამდენზე თქვით უარი?“ რაც უფრო მეტზე ამბობთ უარს, მით უფრო მნიშვნელოვანი ხართ. მაგრამ ფული მაინც მთავარ კრიტერიუმად რჩება.

ახალი თაობა არ იქნება შეპყრობილი ფულით. და გახსოვდეთ, მე არ ვამბობ, რომ ისინი ფულის წინააღმდეგ იქნებიან, არა,  ისინი გამოიყენებენ ფულს. ადრე ფული იყენებდა ადამიანს. ადრე ადამიანი იმდენად გაუცნობიერებლად ცხოვრობდა, რომ მხოოდ ფიქრობდა, თითქოს საგნებს ფლობდა; სინამდვილეში, საგნები ფლობდნენ მას. ახალი ადამიანი შეძლებს გამოყენებას: ახალი ადამიანი შეძლებს ფულის გამოყენებას, ტექნოლოგიის გამოყენებას, მაგრამ ამასთან ბატონად დაჩება. ის არ გახდება მსხვერპლი, ინსტრუმენტი. ჩემი აზრით, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. რამდენიმე მახასიათებელი...

ახალი ცნობიერება ყველა არსებული ტრადიციის წინააღმდეგ წავა - ნებისმიერი დადგენილი ტრადიციის წინააღმდეგ:  კათოლიკურის თუ კომუნისტურის, ინდუისტურის თუ ჯაინურის. ნებისმიერი დადგენილი ტრადიცია ერთგვარი გონების პარალიჩია; იგი პარალიზებას ახდენს, თქვენ წყვეტთ ცხოვრებას. თქვენ ჯიუტი ფანატიკოსი ხდებით, ქვად იქცევით. თქვენ აღარ იქცევით, როგორც დამოუკიდებელი ადამიანური არსება და ჯორივით იწყებთ მოქცევას. სწორედ ამიტომ მაქვს მეორე სახელი მორარჯი დესაისთვის: ჯორიშჯიბაი დესაი. ტრადიციის ადამიანი ჯორივით იქცევა : ჯიუტად, ხისტად, უხეშად, ისე რომ არ აქვს უნარი, რაიმე შეცვალოს. ადრე ეს დიდ ღირსებად ითვლებოდა, ადამიანები ამას თანმიმდევრულობას, დარწმუნებულობას უწოდებდნენ. მაგრამ ეს ასე არაა. ეს არც თანმიმდევრულობაა და არც დარწმუნებულობა. ეს უბრალოდ სიხისტეა.

ცოცხალი ადამიანი დინებადი უნდა იყოს. ის უნდა ეხმაურებოდეს შეცვლილ სიტუაციებს,  სიტუაციები კი გამუდმებით იცვლება. როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ ცხოვრებისადმი ფიქსირებული დამოკიდებულება, როცა თავად ცხოვრება არაა ფიქსირებული? თუ ცხოვრება  მდინარეა, როგორ შეიძლება დავრჩეთ ჯიუტი? როცა ჯიუტობთ, კონტაქტს კარგავთ ცხოვრებასთან, საფლავში აღმოჩნდებით.

ახალი ცნობიერება არ იქნება ორთოდოქსული, არ იქნება ფანატური. ის დრეკადი იქნება. ის არ მოახდენს რეაგირებას, ის გამოეხმაურება. ამ ორ სიტყვას შორის უზარმაზარი განსხვავებაა.

რეაქცია არ არის დრეკადი: თქვენ გაქვთ რაღაც ფიქსირებული იდეა და მისგან გამომდინარე რეაგირებთ; კითხვა დასმული არაა, პასუხი კი უკვე მზადაა. გამოხმაურება სრულიად სხვა რამეა: თქვენ ისმენთ კითხვას, ისრუტავთ მას, გრძნობთ სიტუაციას, ხედავთ და განიცდით მას და თავად ამ განცდისგან იბადება თქვენი პასუხი სიტუაციაზე. პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი ვერ იქნება ჯიუტი, ვერ იქნება დარწმუნებული, ვერ იქნება უდრეკი. ის მომენტიდან მომენტამდე ცხოვრობს. ის არაფერს წყვეტს წინასწარ. ის ყოველდღე, ყოველ მომენტში წყვეტს. და რადგანაც მუდამ ცხოვრებასთან ერთად მოძრაობს, მის ცვალებად და ხშირად რთულ სიტუაციებთან ერთად მოძრაობს, ის ვერ იქნება თანმიმდევრული ამ სიტყვის ძველი გაგებით. მას მხოლოდ ერთი თანმიმდევრულობა აქვს -  ის ყოველთვის ცხოვრების ჰარმონიას მიჰყვება. ამაიან მისი თანმიმდევრულობა. მას არ აქვს რაიმე იდეა, რომლის გულისთვისაც შეინარჩუნებს თანმიმდევრულობას და რომლისთვისაც გაწირავს ცხოვრებას.

ერთხელ, როდესაც მოლა ნასრედინი სასამართლოში იყო, მას ჰკითხეს:

- მოლა, რამდენი წლის ხართ?

- ორმოცის, - უპასუხა მოლამ.

- უცნაურია, - თქვა მოსამართლემ. - თქვენ მე მაკვირვებთ: ხუთი წლის უკან, როცა სასამართლოში იყავით, ზუსტად იგივე თქვით.

მოლამ უპასუხა:

- დიახ, მე თანმიმდევრული ადამიანი ვარ. რადგან ვთქვი, შეგიძლიათ დამიჯეროთ. მე არასოდეს შევცვლი ნათქვამს.

ეს თანმიმდევრულობის ერთი სახეა.

ახალი ადამიანისთვის ასეთი თანმიმდევრულობა სასაცილო იქნება. მაგრამ ძველი ადამიანი თანმიმდევრული იყო თავის ხასიათში,  გამოთქმებში,  პირფერობაში სწორედ ამ თვალსაზრისით. ძველი ადამიანი გადაწყვეტილებას ერთხელ და სამუდამოდ იღებდა.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ თქვენი ცხოვრების თითქმის ორმოცდაათი პროცენტი  იმ პერიოდით განისაზღვრება, როცა შვიდი წლის იყავით, მთელი  ორმოცდაათი პროცენტი! - შემდეგ უბრალოდ თანმიმდევრულობას ინარჩუნებთ. ცხოვრება კი ცვლილებას განაგრძობს. გასაკვირი არაა, რომ უკან რჩებით, უბადრუკად არსებობთ, სიხარულს კარგავთ, ცეკვის თვისებაც . როგორ შეგიძლიათ იცეკვოთ? - თქვენ ისე ჩამორჩით ცხოვრებას, რომ კუნძად იქეცით, თქვენ აღარ იზრდებით. ცოცხალი ხე იზრდება, იცვლება; იცვლებიან წელიწადის დროები, და ხეც მათთან ერთად იცვლება. ცოცხალი ადამიანი გამუდმებით იზრდება. ის ზრდას განაგრძობს სიკვდილის მომენტამდე. მისი ზრდა არასოდეს წყდება.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანის საშუალო გონებრივი ასაკი  ცამეტი წელია. სწორედ ასე, სწორედ ამ სიტუაციაში ცხოვრობდა ძველი ადამიანი. ცამეტი წლის მოზარდის გონებრივი ასაკი ნიშნავს, რომ ცამეტი წლის ასაკში ადამიანმა ზრდა შეწყვიტა. ის ბერდება, მაგრამ არ იზრდება. დაბერება ერთია, ხოლო ზრდა - მეორე. დაბერება  ფიზიოლოგიური მოვლენაა. ზრდა - სიმწიფეა, სიბრძნეა. და იზრდება მხოლოდ ის, ვინც ცხოვრებასთან ერთად მიედინება.

ახალი ადამიანი არ დაემორჩილება წარსულის სულელურ იდეებს. შესაძლოა ისინი არ იყვნენ სულელურნი, როცა გაჩნდნენ; შესაძლოა იმ ვითარებაში მათ მნიშვნელობა ჰქონდათ, მაგრამ როცა ვითარებები იცვლება, იდეები სულელური ხდება. თუ თქვენ ისევ მიჰყვებით მათ, თუ ისევ ჯიუტობთ ძველ და კვლავ და კვლავ განმეორებად რწმენებში, აბსურდულად იქცევით.

მაგალითად, რომელიმე რელიგია ხუთი ათასი წლისაა .  ეს ნიშნავს, რომ მისი რიტუალები ხუთი ათასი წლის უკან  გაჩნდა და დღემდე არ იცვლებოდა. ეს სახიფათოა. ეს ასახიჩრებს ადამიანს! როგორ შეუძლია ადამიანს ცოცხალი დარჩეს, თუ მის სულს ხუთიათასწლოვანი რიტუალები აკრავს გარშემო?

ახალი ადამიანი შემოქმედებითი იქნება. ის ყოველ მომენტში იპოვნის თავის რელიგიას, ყოველ მომენტში იპოვნის თავის ფილოსოფიას, მასში ყველაფერი გამუდმებით გაიზრდება. ის არ დაემორჩილება წარსულს, ეს შეუძლებელია. დაემორჩილო წარსულს  ნიშნავს დაემორჩილო სიკვდილს, რადგანაც წარსული მკვდარია. ის აწმყოს დაემორჩილება, და ამით წარსულს აუჯანყდება.

მეამბოხე სული მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იქნება. და, რადგანაც ის მეამბოხე იქნება, ის არ ჩაეწერება მკვდარ საზოგადოებაში, მკვდარ ეკლესიაში,  მკვდარ არმიაში. ის არ ჩაეწერება არსად, სადაც მთავარი მოთხოვნა მორჩილებაა. ახალი ადამიანი ახალ საზოგადოებას შექმნის თავის გარშემო.

ჯერ ცნობიერება განახლდება, შემდეგ კი საზოგადოება .  იქნება ხანგრძლივი პერიოდი, როცა ძველი შეეწინააღმდეგება ახალს და შეეცდება მის დანგრევას. მაგრამ ძველს არ შეუძლია გაიმარჯვოს. დრო, დროის სული არ იქნება მის მხარეს, რადგან  ძველი უნდა მოკვდეს. ზუსტად ისევე, როგორც ბებერი სხეული კვდება და ადგილს ანთავისუფლებს ახალშობილისთვის, ზუსტად ასევე უნდა მოკვდეს ძელი საზოგადოება, ძველი ჩამოყალიბებული ტრადიციები. მათ ისედაც მოჭამეს თავისი დრო, მათ ძალიან დიდხანს იარსებეს.

ახალი ცნობიერება არ იქნება მორალისტური, არ იქნება პურიტანული. მე არ ვგულისხმობ, რომ მას არანაირი მორალი არ ექნება; მას სხვა მორალი ექნება - ის, რომელიც იბადება ცხოვრების საკუთარი აღქმიდან, საკუთარი მგრძნობელობიდან, პირადი გამოცდილებებიდან, და არა ის მორალი, რომელიც სხვებისგანაა მიღებული, ნასესხები. ახალი ადამიანი არ იქნება პრინციპული, ამის ძველი გაგებით, რადგან პრინციპები ზღუდავენ. ისინი თქვენს გარშემო ჯავშანს ქმნიან. ახალი ადამიანი უპრინციპო იქნება იმ გაგებით, რომ მასზე არ იქნება არანაირი ჯავშანი, მასზე არ იქნება არანაირი გისოსები. ის პრინციპების ახალ განსაზღვრებას შემოიტანს. ის არ იქნება პირფერი.

ძველმა პურიტანობამ, ძველმა მორალისტურმა დამოკიდებულებებმა პირფერობა დაბადეს. მათ ადამიანი შიზოფრენიკი გახადეს: ზედაპირზე  ერთია, ღრმად შიგნით კი თითქმის საწინააღმდეგო რამე . ძველი ადამიანი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა. ახალი ადამიანის ცხოვრება ერთიანი, მთლიანი იქნება. გარეთ იგივე ექნება, რაც შიგნით. ის ნამდვილი იქნება. გახსოვდეთ ეს სიტყვა „ნამდვილი“ - ის იქნება ახალი ადამიანის რელიგია. ის იქნება ახალი ადამიანის ჭეშმარიტება, მისი ტაძარი, მისი ღმერთი. როცა ადამიანი ნამდვილია, ნევროზი ქრება. ძველი ადამიანი ნევროზული იყო, რადგანაც ის გამუდმებულ კონფლიქტში იყო: რაღაც ერთის გაკეთება უნდოდა, მაგრამ ყოველთვის რაღაც მეორეს აკეთებდა, რადგანაც მისგან მოითხოვებოდა ეს მეორე. მას ასწავლიდნენ საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლას და საკუთარი თავის დათრგუნვას. მისი უნარი რომ  ყოფილიყო ნამდვილი, დათრგუნულ იქნა და ყალბი ხასიათით შეიცვალა.

ჩვენ ძალიან დიდხანს ვაქებდით ყალბ ადამიანებს. ახლა დადგა დრო მათი სიყალბის მხილებისა. ჩვენ დიდხანს ვადიდებდით ამ მაჰატმებს და წმინდანებს. ახლა უნდა დავინახოთ მათი ნევროზი: ისინი  ფსიქოლოგიურად ავადმყოფები და  არაჯანსაღები არიან.

ჯანსაღი ადამიანი მთლიანი ადამიანია. რაც შიგნით აქვს, იგივე გარეთ აქვს. თუ უყვარს, ვნებიანად უყვარს, თუ ბრაზდება, გულწრფელად ბრაზდება. მისი რისხვა ისეთივე ნამდვილია, როგორც მისი სიყვარული. ძველი ადამიანი დუღს შიგნით და იღიმება გარეთ. ის ვნების გარეშე, ენერგიის გარეშე ცხოვრობს. ის ცეცხლის გარეშე ცხოვრობს. მთელი მისი ცხოვრება პრაქტიკუმია სიცრუესა  და ფარსში.  ბუნებრივია, ის იტანჯება. მთელი მისი ცხოვრება - ხანგრძლივი და უსარგებლო ისტორიაა, „...იდიოტის მიერ მოყოლილი ზღაპარი, ხმაურითა და რისხვით სავსე და ყველანაირ აზრს მოკლებული“.

ახალი ადამიანის ცხოვრება არ იქნება იდიოტის მიერ მოყოლილი ზღაპარი. ის პოემა იქნება, მთლიანობის მდგომარეობიდან ნამღერი, ის გამარჯვების და მადლიერების ცეკვა იქნება ცხოვრებისა და ყოფიერების ღვთაებრივი საჩუქრისთვის, - ყვავილებისთვის და ხეებისთვის, ჩიტებისთვის და მზისთვის, ზღვისთვის და მიწისთვის. ახალი ადამიანი არ დაიწყებს ღმერთის ძებნას სადღაც შორს. ის აქ მოძებნის მას, სადღაც ძალიან ახლოს. „ახლა“ იქნება მისი ერთადერთი დრო, „აქ“ იქნება მისი ერთადერთი ადგილი.

ახალი ადამიანი მიწიერი იქნება. მიწიერშიმე არ ვგულისხმობ „მატერიალისტურს“. ახალი ადამიანი რეალისტი იქნება, მას ეყვარება ეს მიწა. იმის გამო, რომ ეს მიწა არ გვიყვარდა, იმის გამო, რომ ეგრეთ წოდებული რელიგიები ამ მიწის სიძულვილს გვასწავლიდნენ, ჩვენ ის დავანგრიეთ. ეს მშვენიერი პლანეტაა, ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი, რადგანაც იგი ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალია. ეს პლანეტა უნდა გვიყვარდეს, ეს პლანეტა უნდა გვიხაროდეს ,  ეს საჩუქარია. ამ პლანეტაზე იმდენი საიდუმლოა; ბუდაც კი მხოლოდ ამ პლაეტის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. ეს პლანეტა უდიდესი შესაძლებლობების - ბუდაობის, ნირვანას ტაძრად იქცევა. ეს პლანეტა უნდა გვიყვარდეს. ეს მიწა უნდა გვიყვარდეს.

ახალი ადამიანი თავის რელიგიას ბუნებაში იპოვნის - არა მკვდარ ქვის ქანდაკებებში, არამედ ცოცხალ, ხეზე მოცეკვავე ხეებში. ის თავის რელიგიას ტალღის ქიმზე, თოვლიან მწვერვალზე იპოვნის. ის თავის ლოცვას მთვარეში, ვარსკვლავებში, მოფარფატე ფიფქებში იპოოვნის. მას ყოფიერებასთან ექნება ურთიერთობა. ის არ იცხოვრებს აბსტრაქტული იდეებით. ის რეალობით იცხოვრებს. მას ვალდებულებები მხოლოდ ბუნებათან ექნება. და ამ ვალდებულებებით ის შეიცნობს ზებუნებრივს. ღმერთი აქ, ამ მიწაშია დაფარული, სწორედ ამ სხეულში: სწორედ ეს სხეულია - ბუდა, სწორედ ეს მიწაა - ლოტოსის სამოთხე.

ახალი ადამიანი ბუნების წმინდა წერილებს წაიკითხავს. ისინი იქნებიან მისი ვედა, მისი ყურანი, მისი ბიბლია. ისინი გახდებიან მისი ქადაგებები. ის ეცდება ცხოვრების საიდუმლოებების ამოხსნას, ის არ ეცდება ამ საიდუმლოებების მოკვლას. ის ეცდება შეიყვაროს ისინი, შეაღწიოს მათში. ის პოეტი იქნება, ის არ იქნება ფილოსოფოსი. ის მხატვარი იქნება, ის არ იქნება ღვთისმეტყველი. მის მეცნიერებასაც სხვა თვისება ექნება. მისი მეცნიერება დაოსური იქნება, - ის არ იქნება ბუნების დაპყრობის მცდელობა, რადგანაც ეს მცდელობა სულელურია. როგორ შეიძება ბუნების დაპყრობა? - თქვენ მის ნაწილს წარმოადგენთ. მისი მეცნიერება ეცდება კი არ დაიპყროს, არამედ გაუგოს ბუნებას. ის არ იძალადებს ბუნებაზე, უბრალოდ ეყვარება იგი და სთხოვს, რომ გაუხსნას თავისი საიდუმლოებები.

ახალი ადამიანი არ იქნება ამბიციური, არ იქნება პოლიტიკური. პოლიტიკას არ აქვს მომავალი. პოლიტიკა კაცობრიობის ნევროზის გამო არსებობს. როცა ნევროზი გაქრება, პოლიტიკაც გაქრება.

ამბიცია უბრალოდ ნიშნავს, რომ რაღაცას უშვებთ ხელიდან და თავს იმშვიდებთ იმით, რომ მომავალში მიიღებთ ამას. ამბიცია - ეს თვითდამშვიდებაა: დღეს არაფერია ტანჯვის გარდა, ხვალ კი სიხარული მოვა. ხვალინდელი დღის იმედით დღევანდელი დღის ტანჯვის ატანა შეგიძლით. დღეს ყოველთვის ჯოჯოხეთია, ხვალ -სამოთხე: თქვენ განაგრძობთ სამოთხისკენ სწრაფვას, თქვენ განაგრძობთ იმედობვნებას. მაგრამ ეს იმედი არასოდეს ხორციელდება, რადგანაც ხვალ არასოდეს არ დგება.

ამბიცია ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ დღევანდელი დღე აქციოთ რაღაც ლამაზად, თქვენ უძლური ხართ. ამბიციურები მხოლოდ უძლური ადამიანები არიან: მათ ფული სწყურიათ, მათ ძალაუფლება სწყურიათ. მხოლოდ უძლურ ადამიანებს სწყურიათ ფული და ძალაუფლება. ძლიერი ადამიანი ცხოვრობს. თუ ფული მიდის მასთან, იგი ცხოვრობს ამით, მაგრამ არ ეძებს მას, არაა შეპყრობილი მისით, და არც ეშინია მისი. 

ძველ ადამიანს ან ეშინოდა ფულის, ან შეპყრობილი იყო ფულით, ან ეშინოდა ძალაუფლების, ან შეპყრობილი იყო ძალაუფლებით. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იგი ფოკუსირებული იყო ფულზე და ძალაუფლებაზე. ის ამბიციური იყო. ძველი ადამიანი სიბრალულს იმსახურებს: ის ამბიციური იყო, რადგანაც არ ჰქონდა ცხოვრების უნარი, არ ჰქონდა სიყვარულის უნარი. ახალ ადამიანს შეეძლება ცხოვრებაც და სიყვარულიც. მისი აქ-და-ახლა ისეთი მშვენიერი იქნება - რატომ უნდა ვიზრუნოთ ხვალინდელ დღეზე? იგი იზრუნებს არა იმაზე, თუ როგორ ჰქონდეს მეტი, არამედ როგორ იყოს მეტი, - კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი. იგი ისწრაფებს მეტად ყოფნისკენ, და არა მეტის ქონისკენ.თუ თქვენ არ იცით, როგორ იყოთ მეტად, მაშინ ამის ჩანაცვლება მეტის ქონებით ხდება. მეტი ფული გაქვთ და გგონიათ, რომ უფრო მეტი გახდით; მეტი ძალაულება გაქვთ, და ფიქრობთ, რომ მეტი გახდით. სიგნით სიღრმეში კი ისევ იმ გლახაკად რჩებით. ალექსანდრე მაკედონელი ცარიელი ხელებით კვდება, როგორც ჩვეულებრივი გლახაკი. იყო მეტი - ეს სრულიად სხვა განზომილებაა. იყო მეტი - ნიშნავს შეეხო საკუთარ რეალობას, განეწყო ერთ ტალღაზე საკუთარ არსთან, ნება მისცე საკუთარ თავს, რომ იპოვო ჰარმონია მთელ სამყაროსთან. როცა მთელ სამყაროსთან ჰარმონიაში ხართ, თქვენ მეტი ხდებით. რაც უფრო თანაგანწყობილი ხართ ყოფიერებასთან, მით უფრო მეტი ხდებით. თუ ეს სრული ჰარმონიაა, მაშინ თქვენ ღმერთი ხართ. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ბუდას და მაჰავირას ღმერთებს: აბსოლუტური, სრული ჰარმონია ყოფიერებასთან, არანაირი კონფლიქტი. ისინი მთელს შეერწყნენ, ისინი მთლიანნი გახდნენ, - ისევე, როგორც წვეთი ქრება ოკეანეში და ოკეანედ იქცევა. მათი ეგო მოკვდა, ახლა ისინი ცოცხლობენ, როგორც თავად ყოფიერება.

ახალ ადამიანს არ დაჭირდება ნიღბები, ტყუილები და პირფერობა.ის გულმართალი იქნება, რადგანაც განთავისუფლება მხოლოდ სიმართლით შეიძლება. ნებისმიერი ტყუილი ბორკილებს ქმნის. მოიტყუეთ ერთხელ, და თქვენ კიდევ ათასჯერ მოგიწევთ ტყუილის თქმა, რათა დაიცვათ პირველი ტყუილი, და ასე უსასრულობამდე. მაშინ უკვე აღარ შეგიძლიათ გაცერება: ერთადერთი ტყუილი ადრე თუ გვიან მთელ თქვენ არსს შეავსებს, როგორც კიბო.

იყავით გულმართალნი, და მაშინ აღარ მოგიწევთ დამალვა. შეგეძლებათ იყოთ გახსნილი. იყავით გულმართალი - თქვენ არ გჭირდებათ ყოფიერებისგან თავის დაცვა. შეგიძლიათ იყოთ უმწეო. ამ უმწეობაში ყოფიერება შემოდის თქვენში, ღმერთი აღწევს თქვენს გულში.

თქვით ტყუილი, და თქვენ შეგეშინდებათ. თქვენ შეგეშინდებათ ასევე ღმერთის, შეგეშინდებათ მასთან შეხვედრის, შეგეშინდებათ საკუთარ თავთან შეხვედრის. გამუდმებით გაიქცევით - საკუთარი თავისგან, სხვებისგან, ღმერთისგან. გამუდმებით თქვენს ნიღბებს იქნებით ამოფარებული, და პირფერობა თქვენი ცხოვრების სტილი გახდება. მაშინ ჯოჯოხეთში აღმოჩნდებით. პირფერობა ჯოჯოხეთს ჰბადებს. გულმართლობა - ეს ერთადერთი სიხარულია; ვიმეორებ - ერთადერთი. თუ გულმართალი არ ხართ, თქვენ ვერასოდეს შეძლებთ იყოთ გახარებული.

ახალი ცნობიერება ვერ შეეგუება პირფერობას. ახალი ცნობიერება შეიძულებს მას. ფალშისადმი სიძულვილი ახალი ადამიანის ღრმა თვისება იქნება. ახალი ადამიანი დამყაყებული, უცვლელი, ურყევი სისტემების წინააღმდეგ იქნება, რადგანაც ცხოვრება - ეს მშვენიერი დინებაა. ის არაა სტრუქტურიზებული, ის თავისუფალია. ცხოვრება - არაა ციხე, ეს ტაძარია. ახალი ადამიანის სოციალური ინსტიტუტები მოძრავი, ცვალებადი, შემგუებელი და ჰუმანური იქნება. ჩვენი ხელისუფლება არაა ჰუმანური, ჩვენი არმია არაა ჰუმანური, ჩვენი ეკლესიები არ არის ჰუმანური. ისინი ამცირებენ ადამიანს, მათ საგნის დონემდე დაჰყავთ ადამიანი, რადგანაც პატივს არ სცემენ მის თავისუფლებას. ახალი ადამიანი პატივს სცემს საკუთარ თავიდუფლებას და სხვა ადამიანების თავისუფლებას.

ძველი ადამიანი გამუდმებით ერევა, ცხვირს ყოფს სხვის საქმეებში, მანიპულირებს, აკრიტიკებს, განიკითხავს, სჯის, აჯილდოვებს. ძველ ადამიანს გამუდმებით აინტერესებს სხვა ადამიანები. „რას აკეთებ?“ ერთხელ ბომბეიში ვიყავი. ჩემთან ქალი-პარსი მოვიდა, რადგანაც მანამდე ერთი დღით ადრე მე სატია საი ბაბა გავაკრიტიკე და ფსევდო-გურუ ვუწოდე მას. ის მომიახლოვდა და მითხრა:

- მინდა კიდევ რაღაც მოგიყვეთ.

ის ფიქრობდა, რომ ძალიან გამიხარდებოდა, თუკი რაღაც ინფორმაციას მეტყოდა სატია საი ბაბაზე. ამიტომ მითხრა:

- ის ჰომოსექსუალია. მე ეს სანდო წყაროებიდან ვიცი.

- თქვენი რა საქმეა? - ვკითხე მე. - ჰომოსექსუალია თუ ჰეტეროსექსუალი - ეს მისი პირადი საქმეა, მისი ცხოვრებაა. ვინ ხართ, რომ ერევით მასში?

ის შოკირებული იყო. ის ფიქრობდა, რომ ძალიან მადლიერი ვიქნებოდი ამ ღირებული ინფორმაციისთვის. რატომ ერევით სხვის ცხოვრებაში? ნუთუ არ შეგიძლიათ, თავი დაანებოთ სხვა ადამიანებს? მე ვინმეს მხოლოდ მაშინ ვაკრიტიკებ, თუ ეს სხვა ადამიანების ცხოვრებას ეხება, წინააღმდეგ შემთხვევაში კრიტიკაზე საუბარიც არაა. ის, თუ როგორი სექსუალურობა აქვს სატია საი ბაბას, მისი პირადი საქმეა. ეს სხვას არავის ეხება. მაგრამ ძველი ადამიანი გამუდმებით ცხვირს ყოფს სხვების საქმეებში.

აქ ეს ყოველდღე ხდება: მსგავსი ადამიანები ძალიან იტანჯებიან, როცა ხედავენ, როგორ უჭირავს მამაკაცს ქალის ხელი. რატომ? მას ხომ თქვენი ხელი არ უჭირავს? თუ მათ ხელიხელჩაჭიდებულებმა გადაწყვიტეს ყოფნა, ამის სრული უფლება აქვთ. თუ ამით სიამოვნებას ღებულობენ - ვინ ხართ თქვენ, რომ ჩაერიოთ? თუ მამაკაცს ქალის ნების საწინააღმდეგოდ უჭირავს მისი ხელი, მაშინ, შესაძლოა, საჭიროა თქვენი დახმარება, მაგრამ თუ ეს ორივეს უნდა, მაშინ ეს არაა თქვენი საქმე.

მაგრამ ყველაფერი ეს ძველი ცნობიერების თვისებებია. ის ყოველთვის ცდილობდა სხვებზე მანიპულირებას, სხვებზე დომინირებას. ახალი ცხნობიერება ყველას საკუთარ თავს უბოძებს. თუ ადამიანი ზიანს არავის აყენებს, არავინ არ უნდა შეუშალოს ხელი. თუ ადამიანი საფრთხეს არ წარმოადგენს სხვებისთვის, არავინ არ უნდა შეუშალოს ხელი. თუ ადამიანი არ ერევა სხვის თავისუფლებაში, არავინ არ უნდა ჩაერიოს მისაში.

ძველ სამყაროში არ იყო ინდივიდუალობა, ძველი სამყარო ვერ იტანდა ინდივიდუალობას! მას უყვარდა, როცა ადამიანები ერთნაირად იქცეოდნენ, როგორც ცხვრები ფარაში: ყველა ერთი და იგივეს აკეთებს ერთ სტრუქტურაში. ახალი ადამიანი ყველა შესაძლებლობას დაუშვებს. ახალ ადამიანს ეყვარება მოძრავი სტრუქტურები. ის ჰუმანური იქნება, ის პტივს სცემს ადამიანს. მისი პატივისცემა თითქმის რელიგიური იქნება.

ახალ ადამიანს ერთიანობის, სიახლოვის, საერთო ინტერესების რეალიზაციის ახალი ფორმების მოძებნა დასჭირდება, რადგანაც ძველი საზოგადოება მაშინვე არ გაქრება, - ის გარკვეული დროით შენარჩუნდება. ის შეებრძოლება ახალ საზოგადოებას, როგორც ეს ყოველთვის ხდება ხოლმე. ის ვერ დაიხევს უკან ასე ადვილად. მას ძალიან ბევრი ჩადებული ინტერესი აქვს. ის მხოლოდ მაშინ წავა, როცა მისი არსებობა შეუძლებელი გახდება.

მანამ, სანამ ის წავა, ახალმა ადამიანმა უნდა შექმნას ახალი საზოგადოება, ახალი ოჯახი, სიახლოვის, ერთიანობის, ერთობლივ ინტერესთა რეალიზაციის ახალი ფორმები. სწორედ ამიტომ მინდა მცირე კომუნის შექმნა, სადაც შეძლებთ ბოლომდე იყოთ ის, ვინც ხართ, - ყოველგვარი სტრუქტურის გარესე და გახრწნილი მსოფლიოსგან შორს, - სადაც აბსოლუტური თავისუფლება გეძლევათ. ეს ჩვენი ექსპერიმენტი იქნება, რადგანაც მომავალი ამ სახით წარიმართება. ეს იქნება უზარმაზარი ღირებულების მცირე ექსპერიმენტი.

ახალ ცნობიერებას არაფერი ექნება საერთო ქორწინების ინსტიტუტთან. ახალ ადამიანს ბუნებრივი უნდობლობა ექნება ქორწინებისადმი, როგორც ინსტიტუტისადმი. ურთიერთობას ქალსა და მამაკაცს შორის უდიდესი ღირებულება გააჩნია მხოლოდ მაშინ, როცა იგი ურთიერთზრდას უწობს ხელს, როცა ეს ურთიერთ-გამაძლიერებელი, დინებადი კავშირია. ქორწინება, როგორც ცერემონია და ერთგულების აღქმის დადება, რომელიც ძნელად განსახორციელებელი ხდება, მისთვის ძალიან ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება. მას ეს მომენტი უყვარს და მთელი ტოტალურობით ცხოვრობს ამ მომენტში. ქორწინებას არ აქვს მომავალი. მომავალი სიყვარულს აქვს.

ადრე რეალობა ქორწინება იყო და არა სიყვარული. მომავალში რეალობა სიყვარული გახდება, ხოლო ქორწინება უფრო და უფრო ნაკლებად რეალური იქნება. ადრე ადამიანები ჯერ ქორწინდებოდნენ, შემდეგ კი თანდათანობით ვლინდებოდა სითბო და სიყვარული ერთმანეთისადმი. მომავალში ადამიანები ჯერ სითბოთი და სიყვარულით განეწყობიან, და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებენ ერთად ცხოვრებას. ადრე ადამიანები ჯერ ერთად ცხოვრებას იწყებდნენ. ბუნებრივია, როცა ერთად ცხოვრობთ, ჩნდება სიმპატია, ჩნდება დამოკიდებულება. ურთიერთობები დამყარებული იყო მოთხოვნილებაზე: ქმარს ცოლი სჭირდებოდა, ცოლს - ქმარი, შვილებს კი ორივე მშობელი. ეს მეტ-ნაკლებად ეკონომიკური მოვლენა იყო, მაგრამ არაფერი ჰქონდა საერთო სიყვარულთან.

მომავალის ურთიერთობები ბოლომდე სიყვარულზე იქნება დაფუძნებული და მხოლოდ მანამდე გრძელდება, სანამ სიყვარული გრძელდება. მაშინ ადამიანები აღარ ეცდებიან ჩაჭიდებას ამ ურთიერთობებზე და მათ სამუდამოდ გამყარებას, რადგანაც ცხოვრებაში არაფერია მუდმივი. მუდმივი მხოლოდ ხელოვნური ყვავილებია. ნამდვილი ვარდი დილით იბადება, საღამოს კი ქრება. სწორედ ამაშია მათი სილამაზე: ისინი მშვენიერი არიან, როცა იბადებიან და მაშინაც ,  არიან, როცა მათი ფურცლები ჭკნებიან. მათი ცხოვრებაც, დაბადებაც და სიკვდილიც  მშვენიერია,  რადგანაც ცოცხლები არიან. ხელოვნური ყვავილი არასოდეს იბადება, არასოდეს ცოცხლობს, არასოდეს კვდება.

ადრე ქორწინება ხელოვნური ყვავილი იყო. ახალ ცნობიერებას ვერ ექნება ქორწინებისადმი პატივისცემა. მას მოუწევს სიახლოვის ახალი ფორმის შექმნა - მეგობრულობა - და მოუწევს ისწავლოს სიყვარულის და ყველაფერი დანარჩენის არამუდმივობის გაგება.

მეტი სიმამაცეა საჭირო, რომ ცხოვრების არამუდმივობის გაგებით იცხოვროთ, რადგანაც ყოველთვის, როცა რაღაც იცვლება, თავადაც გიწევთ შეცვლა. თქვენ გინდათ, რომ უცვლელი დარჩეთ, გეჩვენებათ, რომ ასე უფრო უსაფრთხოა, საიმედოა. სწორედ ასე ცხოვრობდა ძველი ადამიანი: მას არ ჰქონდა თავგადასავლების სული, მას მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოება აღელვებდა.

ახალ ადამიანს  თავგადასავლების სული ექნება. ის უსაფრთხოებისკენ კი არა, ექსტაზისკენ ისწრაფებს. ის არ ირწმუნებს, რადგანაც რწმენა უსაფრთხოების ძიებაა. ის გამოიკვლევს, შესაძლოა არ ჰქონდეს მზა და მკაფიო პასუხები ყოველ კითხვაზე, მაგრამ ნებისმიერ შესაძლებლობას გამოიყენებს კვლევისთვის და ძიებისთვის. ის იმდენად შორს წავა, რამდენადაც ცხოვრება მისცემს ამის საშუალებას. ის შეეცდება, რომ ვარსკვლავებს შეეხოს. ის ღია დარჩება. ის დაიწყებს არა რწმენით, არა მზა დასკვნებით,  კითხვით, ძიებით.

დაიწყო რწმენით ნიშნავს საერთოდ არ დაიწყო. ეს ნიშნავს საკუთარ თავს ეთამაშო. თქვენ უკვე გჯერათ, როგორ შეგიძლიათ გამოიკვლიოთ? იმისთვის, რომ გამოიკვლიოთ, აგნოსტიკოსი უნდა იყოთ. აგნოსტიციზმი მომავლის რელიგია იქნება. ადამიანი საკმაოდ ძლიერი და მამაცი იქნება იმისთვის, რომ თქვას: „მე არ ვიცი, მაგრამ მინდა გავიგო, მზად ვარ ნებისმიერი მოგზაურობისთვის, ნებისმიერი თავგადასავლისთვის“.

ახალი ადამიანი მზად იქნება რისკისთვის. ძველი ადამიანი ძალიან ანგარიშიანი იყო. მას არ შეეძლო გარისკვა: რისკი სრულიად მიუღებელი იყო. მისი მიზანი უსაფრთხოება გახლდათ. მაგრამ უსაფრთხოებაში თქვენ კვდომას იწყებთ. მხოლოდ  გამუდმებულ თავგადასავლებში ადის ცხოვრება დიდ სიმაღლეებზე და აღწევს ჰიმალაების მწვერვალს.

ახალი ადამიანი სპონტანური ადამიანი იქნება : წინასწარგანუსაზღვრელი, რისკისათვის მზადმყოფი, რაღაც გიჟურის, უჩვეულოს, ახლის გამკეთებელი. ის დაიჯერებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, რომ ყველაფრის გასინჯვა შეიძლება. ის არ მოეჭიდება უკვე ნაცნობს, ის ყოველთვის ღია იქნება ამოუცნობისადმი, შეუცნობლისადმიც კი. და ის არაფერს გაიღებს მსხვერპლად მომავლისთვის, რადგანაც ის არ იქნება იდეალისტი. ის არაფერს გაიღებს მსხვერპლად აბსტრაქტული იდეებისთვის, იდეალებისთვის, იდეოლოგიებისთვის. მას ღრმა ნდობა ექნება საკუთარი გამოცდილებისადმი და ღრმა უნდობლობა ნებისმიერი გარე ავტორიტეტისადმი.

ახალი ადამიანი მხოლოდ პირად გამოცდილებას მიენდობა. მხოლოდ მაშინ ირწმუნებს რაღაცას, თუ გამოსცადა. ახალ ადამიანს არ დასჭირდება არანაირი გარე ავტორიტეტი. ვერავინ იტყვის: მე ასე ვამბობ, ამიტომ უნდა დამიჯერო. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა ამის, ამიტომ შენც უნდა დაიჯერო. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ ამის, ამიტომ შენც უნდა დაიჯერო. ასე წერია ვედებში და ბიბლიაში, ამიტომ შენც უნდა დაიჯერო“. ახალ ადამიანს არაფერი ექნება საერთო მთელ ამ სისულელესთან. ახალი ადამიანი მხოლოდ მაშინ დაიჯერებს, თუ თვითონ იცის. სწორედ ესაა ნამდვილი რწმენა - გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, საკუთარი პოტენციალის. ახალი ადამიანი პატივს სცემს საკუთარ თავს. გარე ავტორიტეტებისადმი რწმენა უპატივცემულობაა საკუთარი არსთან მიმართებაში.

და ბოლოს, ახალ ადამიანს ეყვარება ბუნებასთან ახლოს ყოფნა : ზღვასთან, მზესთან, თოვლთან, ყვავილებთან, ხეებთან, ფრინველებთან, სიცოცხლესთან, ზრდასთან და სიკვდილთან.

ჩემი აზრით, დღეს მიმდინარე მოვლენებიდან ეს ყველაზე მნიშვნელოანია: იბადება ახალი ადამიანი, პირველი სხივები უკვე გამოჩნდა ჰორიზონტზე. მოემზადეთ ახალი ადამიანის მისაღებად, გახდით სტუმართმოყვარე მასპინძლები სტუმრისთვის, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მომენტში მოგიკაკუნოთ. სწორედ ესაა სანიასა: ესაა მომზადება იმისთვის, რომ ახალი ადამიანი მიიღოთ. და ახალი ადამიანის მიღება უზარმაზარი თავგადასავალი იქნება, - უზარმაზარი რისკი, რადგანაც ყველაფერ ძველს ეს არ მოეწონება.

ახლა თქვენ გესმით, რატომაა ორთოდოქსული გონება ჩემს წინააღმდეგ. მე მას საფლავს ვუმზადებ, მე რაღაც ახლისთვის ვემზადები, - მე ახლისთვის ვამზადებ ბაღს. გული უნდა გაუხსნათ ახალს, ძველის ყველა სარეველა უნდა ამოთხაროთ და ყველანაირი განპირობებულობა გადააგდოთ, რომელიც ძველი სამყაროსგან გერგოთ, მხოლოდ ასე შეძლებთ ახლის მიღებას.

და გახსოვდეთ: მხსნელების ეპოქა წარსულს ჩაბარდა. ნუ ელოდებით ქრისტეს დაბრუნებას, ნუ ელოდებით ბუდას დაბრუნებას. არავინ ბრუნდება, ქრისტე და ბუდა მითუმეტეს. ბრუნდებიან მხოლოდ ისინი, ვინც ვერაფერი ისწავლა. ბუდამ  და ქრისტემ გაითავისეს თავიანთი გაკვეთილი და ისინი არადროს დაბრუნდებიან.  ნუ ელოდებით ახალ მესიას. ელოდეთ ახალ ცნობიერებას. და ნუ ელოდებით, რომ მესია გაგანთავისუფლებთ. ძველ ადამიანს სჯეროდა , რომ ვიღაც მოვა. ინდუისტები ფიქრობენ, რომ კრიშნა მოვა: „როცა ყველაფერი ძალიან ცუდად, რთულად და შავად იქნება, კრიშნა მოვა და გვიხსნის“. რა სისულელეა! ღვთაებრივი ნეხვია!

თქვენ ახალი ცნობიერება გადაგარჩენთ, და არა მესია - ბუდა, კრიშნა ან ქრისტე. ისინი უკვე იყვნენ აქ, და ვერავინ გადაარჩინეს. არცერთ ადამიანს არ შეულია არავის გადარჩენა - ეს შეუძლებელია. მხოლოდ ახალ ცნობიერებას შეუძლია ადამიანის მონობისგან განთავისუფლება. ხოლო ახალ ცნობიერებას მხოლოდ თქვენით შეუზლია მოვიდეს: თქვენ უნდა აღზარდოთ იგი, თქვენ უნდა მიიღოთ იგი, თქვენ უნდა მოემზადოთ მისთვის.

სანიასა - ეს სხვა არაფერია, თუ არა რაღაც განსაკუთრებით ღირებულისთვის მომზადება: როცა ძღვენი მოვა, თქვენ არ უნდა გეძინოთ ღრმად; როცა ახალი ცნობიერება კარზე მოგიკაკუნებთ, მზად უნდა იყოთ მის მისაღებად.

მეორე კითხვა:

ჯობდა სირცხვილისგან მოვმკვდარიყავი, როდესაც გავიგე, რომ შენში გულისრევა გამოვიწვიე... გმადლობ იმისთვის, რომ ახლა ამხელა მიზეზი მაქვს არავეგეტარიანულ ჩვევებზე უარის სათქმელად. აქამდე გაცნობიერებულობა არ მყოფნიდა ამის გასაკეთებლად. ვეჭვობ, რომ მთავარი მიზეზი ჩემი განპირობებულობაა. ჩემმა ბავშობამ ებრაული სამზარეულოს კანონებისა და ჩვეულებების გავლენის ქვეშ ჩაიარა. მრავალი პროდუქტი უბრალოდ აკრძალული იყო მამაჩემის მიერ, მისი წინაპრების მიერ „რჩეული ადამიანებისთვის“ საკვებად გამოყენებისთვის.

შესაძლოა გარეგნულმა, არაეგზისტენციალურმა მორალმა, რომელიც ადრეულ წლებში მომახვიეს თავს, დააბლაგვა ჩემი მგრძნობელობა. მაგრამ რა მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ ჩემ გამო გულისრევას გრძნობ. ამ გადაწყვეტილებამ თითქოს ჩუმი სინათლე აანთო ჩემში.

პრადიპა, შენ კი არ გამოიწვიე ჩემში გულისრევა, არამედ რაღაცამ შენში... რა თქმა უნდა, შენ გაუცნობიერებელი ხარ, ამიტომაც ვიყავი ასეთი კატეგორიული და უხეში შენთან - იმისთვის, რომ ეს გაგეცნობიერებინა. უბრალოდ ჩვევა... ბუნებრივია, როცა ადამიანი არავეგეტარიანულ ოჯახში იბადება, ის ისრუტავს ოჯახის ჩვეულებებს, ზუსტად ისევე, როგორც ვეგეტარიანელები ისრუტავენ თავიანთ ჩვეულებებს ვეგეტარიანულ ოჯახებში. ერთიც და მეორეც გაუცნობიერებელი არიან. და მე ვერ ვხედავ ღირებულებას გაუცნობიერებელ ვეგეტარიანელობაში, რადგანაც ერთიც და მეორეც  გაუცნობიერებელი ჩვევებია. ღირებულება მხოლოდ გაცნობიერებულობას აქვს. თუ ადამიანი გაცნობიერებული ვეგეტარიანელია, მაშინ  აქვს ფასი; წინააღმდეგ შემთხვევაში - არა.

ინდოეთში იმდენი  გაუცნობიერებელი ვეგეტარიანელია, რომლებიც ვეგეტარიანელები შემთხვევით გახდნენ, უბრალოდ იმიტომ, რომ მათ ოჯახებში მიღებული იყო ვეგეტარიანელობა, და მათ ის მიიღეს. სწორედ ასევე მიიღე შენც არავეგეტარიანული ჩვევები. ამ თვალსაზრისით თქვენ ჰგავხართ ერთმანეთს. თქვენს შორის არაა განსხვავება - აბსოლუტურად არანაირი. გაუცნობიერებლობა გაუცნობიერებლობაა. როცა რაღაცას გაუცნობიერებლად აკეთებ, რობოტივით იქცევი.

მე მომიხდა, რომ ასე ძლიერად შემომერტყა თავში პრადიპასთვის, რათა ის უფრო ყურადღებიანი გამხდარიყო. მე შენც შემოგარტყი, მხოლოდ იმიტომ, რომ მიყვარხარ. და გახსოვდეს: რაც უფრო მედიტატიური გახდები, მით უფრო გულისამრევი გახდება შენი არავეგეტარიანული ჩვევები. როცა ჩემთან ახალი ადამიანი მოდის - ადამიანი, რომელსაც არასოდეს გაუკეთებია მედიტაცია, რომელსაც არ აქვს ჩემთან სიახლოვე, არ აქვს ჩემდამი სიყვარული,  მაშინ მისი ენერგია არ იწვევს ჩემში გულისრევას. რატომ? - იმიტომ, რომ მთელი მისი ენერგია ერთნაირია. მაგრამ როდესაც ადამიანი მედიტაციას იწყებს, რდესაც იგი უფრო და უფრო მდუმარე ხდება, როგორც ეს ახლა პრადიპას ემართება, როდესაც მისი ენერგია ძალიან ლამაზი განზომილებისკენ მიემართება ,  საგრძნობი გახდება რაღაც სხვაობა.

წარმოიდგინე თეთრი ნაჭერი. მცირე ლაქაც კი მაშინვე გამოჩნდება მასზე, შავ ნაჭერზე კი ის შეუმჩნეველი იქნება. როცა მთელი თქვენი არსება გაუცნობიერებელია, როცა მასში მხოლოდ ხმაურია და არანაირი სიჩუმე, მაშინ შეიძლება იყოთ არავეგეტარიანელი. მაშინ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ეს ისეთ ზეგავლენას არ ახდენს. მაშინ არავეგეტარიანელობა არ ჩანს  შავ ლაქად თეთრ ფონზე. მაშინ შეიძლება კაციჭამიაც იყო, და კაციჭამოიობა არ იქნება გამოკვეთილი. მაგრამ როცა უფრო სუფთა ხდები, როცა სივრცე შენს შიგნით უფრო საღი, ახალგაზრდა, ბუნებრივი, ნათელი და სუფთა ხდება, მაშინ ჭუჭყი ძალიან შესამჩნევია. მაშინ მცირე ლაქებიც კი შესამჩნევი ხდება.

პრადიპა, გიხაროდეს, რომ მე ასე ნათლად შევძელი, თუ როგორ წამლავს შენს არსს რაღაც შენს შიგნით, უბრალოდ ძველი ჩვევა. თუ შეძლებ ამის გადაგდებას, დიდ ნახტომს გააკეთებ, ეს განსაკუთრებით დაეხმარება შენს ზრდას.

მე აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ თქვენს ზრდას დავეხმარო. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია: თუ შოკია აუცილებელი, შოკში ჩაგაგდებთ, თუ თავში შემორტყმაა აუცილებელი, შმეოგარტყამთ. ყველაფერი, რაც საჭიროა, უნდა გაკეთდეს, - არაფერი არ უნდა დარჩეს გაუკეთებელი, ყველა შესაძლო მეთოდი უნდა იქნეს გამოცდილი, - რადგანაც თქვენი მიჯაჭვულობა წარსულთან ძალიან ღრმაა, თქვენ იმდენი ფესვი გაკავშირებთ წარსულთან, რომ მათი ყველას მოჭრაა საჭირო.

თანდათანობით ბოლომდე განთავისუფლდები წარსულისგან. ეს შოკი შეიძლება ტრანსფორმაციად იქცეს შენთვის. იმედი მაქვს, რომ მან უკვე შეგცვალა. და იმედი მაქვს, რომ შემდეგში, როცა ჩემთან მოხვალ, ის ენერგია გაქრება.

მაგრამ შენ გაცნობიერებული უნდა დარჩე, ყურადღებიანი, რადგანაც ძველი ჩვევები ძნელად იხევენ უკან. გახსოვდეს, მე ვერ მომატყუებ. შენმა გონებამ შეიძლება თქვას: „იშვიათად თუ შევჭამ არავეგეტარიანულ საკვებს, როგორ გაიგებს ამას ოშო?“ საქმე ამაში არაა. თუ რამეს აკეთებ, ამას მთელი შენი ენერგია ამჟღავნებს: ამას შენი დანაშაულის გრძნობა ამჟღავნებს, ამას შენი სირცხვილი ამჟღავნებს, ამას შენი სახის გამომეტყველება ამჟღავნებს. მაშინ შენ არ იდინებ ჩემთან ერთად. მაშინ შეგეშინდება, რომ კვლავ დაგიჭერენ.

გახსოვდეს: მე არ ვარ არავეგეტარიანული საკვების წინააღმდეგი სხვა შემთხვევებში. თუ ადამიანი არ მედიტირებს, თუ ადამიანი არ ცდილობს შიგნით სიღრმეშ გაზრდას, თუ ადამიანი არ ეძებს ღმერთს, მაშინ ყველაფერი რიგზეა - მას შეუძია ჭამოს ყველაფერი, რაც უნდა. რაც უფრო მაღლა ცდილობ ასვლას, მით უფრო მნიშვნელოვანია შენთვის მთელი უსარგებლო ტვირთის გადაგდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებ აფრენას. არავეგეტარიანული საკვები  უსარგებლო ტვირთია, მისი გადაგდებაა საჭირო.

გახსოვდეს, რომ შენ კი არ გამოგიწვევია ჩემში გულისრევა, არამედ შენმა არაცნობიერმა ჩვევამ. შენ არ ხარ შენი ჩვევა, - ჩვევის გადაგდება შეიძლება, - და შენ უფრო მომიახლოვდები და შეძლებ ჩემი სიყვარულის მიღებას. შენ არ იცი, რამდენის მოცემა შემიძლია; შენ მხოლოდ ის იცი, რასაც იღებ. ხოლო იღებ იმდენს, რამდენის მიღებაც შეგიძლია.

ისწავლე უფრო და უფრო მეტის მიღება, - ამას ზღვარი არ აქვს. ეს ადგილი შეიძლება შენი აბსოლუტური რეალიზაციის ადგილი გახდეს.

მესამე კითხვა:

მე იმდენის თქმა მინდა შენთვის. უნდა მოგწერო ეს ყველაფერი თუ არა?

იმედიტირეთ ამ მცირე ისტორიაზე...

- გაგიგია თუ არა შენ,  სოკრატე...

- ერთ წუთით, ჩემო მეგობარო, - თქვა ბრძენმა, -სამ საცერში  გაცხრილე თუ არა ის, რის თქმასაც აპირებ ?

- სამ საცერში?

- დიახ, ჩემო მეგობარო. მოდი ვნახოთ, გაუძლებს თუ არა ის, რისი თქმაც გინდა, ამ გამოცდას. პირველი საცერი სიმართლის ძალაა: დარწმუნებული ხარ, რომ რაც უნდა მითხრა, სიმართლეა?

-  არა. უბრალოდ სხვებისგან გავიგე ეს.

- გასაგებია. რადგან ეს სიმართლე არაა, საეჭვოა, რომ ღირდეს მისთვის ყურადღების დათმობა, რა თქმა უნდა თუ არ აღმოჩნდება, რომ ეს რაღაც კარგია, გაუძლებს თუ არა იგი მეორე საცერის გამოცდას: აღმოჩნდება თუ არა რაღაც კარგი?

- სინამდვილეში, არა, პირიქით...

- ჰმ. „მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ზუსტად გადმოვცემ იმას, რაც მოვისმინე, ამასთან იმაში, რაც მოვისმინე, კარგი არაფერია“? იქნებ იმიტომ უნდა გავიგო ეს, რომ სხვები დავიცვა ბოროტებისგან?

- საერთოდ არა. თუ ამ კუთხით შევხედავთ...

- ძალიან კარგი - თქვა სოკრატემ, - რადგანაც გინდა, რომ შემატყობინო რაღაც, რაც არც სიმართლეა, არც კარგი და არც სასარგებლო, მოდი ახლავე დავივიწყოთ ეს. ცხოვრებაშ იმდენი ღირებული რამეა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ, რომ რაღაც იმდენად უღირსს დავუთმოთ ყურადღება, რომელიც არც მართალია, არც კარგი და არც სასარგებლო.

იმედიტირე სოკრატეს ამ სიტყვებზე... და შენ მიხვდები, რა მომწერო, რა მკითხო და რა არ მკითხო.

აქ არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ყოველდღე მწერენ წერილებს.ეს  ჩემთვის კი არ, ეს ჩემი მდივნისთვისაა პრობლემა. მას ასობით წერილის კითხვა უხდება, ხანდახან გვიან ღამითაც... ხედავთ, მას ღრმად სძინავს, მას ხომ უნდა ეძინოს როდესღაც! გვიან ღამით მას წერილების კითხვა და მათი მომზადება უხდება. ნუ აწვალებთ მას!

მომწერეთ, თუ ეს მართლა რაღაც მნიშვნელოვანიდა  ღირებულია, რაც თქვენ ან სხვა ვინმეს დაეხმარება. თუ გრძნობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია, მაშინ აუცილებლად მომწერეთ. მაგრამ მომწერეთ რაც შეიძება ლაკონიურად, როგორც ტელეგრამა. არაა საჭირო გრძელი წერილების მოწერა. ზოგიერთს ძალიან უყვარს გრძელი წერილების წერა - ათი, თორმეტი გვერდის. დაწერეთ რამდენიმე წინადადება, კონკრეტულად თქვით, რისი თქმაც გინდათ. და სანამ რამეს დაწერთ, იფიქრეთ სოკრატეს სიტყვებზე: გაატარეთ თქვენი აზრები სამ საცერში.

ბოლო კითხვა:

რატომ არ ამბობ, რა არის კონკრეტულად შენი ფილოსოფია?

და რას ვაკეთებ ყოველდღე? დილასაც და საღამოსაც გამუდმებით ამას ვაკეთებ. შესაძლოა შენს გონებაში უკვე არის რაღაც მზა იდეები, და ელოდები, რომ ჩემი ფილოსოფია დაემთხვევა მათ. მაგრამ ის არ დაემთხვევა, ამიტომაც გაკვირვებული და დაბნეული ხარ.

მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ რაიმე დოქტრინა მოგცეთ. მე ვცდილობ რაღაცის პროვოცირება მოვახდინო თქვენში. ჩემი ამოცანა იმაში არაა, რომ ჩემი ფილოსოფიის ზუსტი განსაზღვრება მოგცეთ. ამის ნაცვლად გიწვევთ, პროვოცირებას გიკეთებთ იმისთვის, რომ თავად იფიქროთ, თავად იმედიტიროთ. რაღაცას სძინავს თქვენს შიგნით, და ეს რაღაც უნდა გავაღვიძოთ. ამიტომაც განვაგრძობ თქვენს თავებზე ჩაქუჩის კაკუნს. საქმე იმაში არაა, რომ მე რაიმე ფილოსოფია მაქვს, რომელიც შეგიძლიათ დაიჯეროთ, - თუ ეს ასეა, მთელი აზრი იკარგება.

მე არ ვარ ფილოსოფოსი, მე არ ვცდილობ, რომ დოგმა მოგცეთ, რომელიც უნდა დაიჯეროთ. სინამდვილეში სწორედ საწინააღმდეგოს ვაკეთებ - მე ყველა დოგმას და ფილოსოფიას ვანგრევ. აი, ჩემი ფილოსოფია! მე ვცდილობ ვაკუუმი შევქმნა თქვენს შიგნით. როცა ეს ვაკუუმი გაჩნდება, თქვენში მძინარე ენერგია მაშინვე აიწევს, - იმისთვის რომ აიწიოს, მას სივრცე სჭირდება. მაგრამ როგორც ჩანს,  შენ შენი წარმოდგენები გაქვს. ადამიანები მოდიან ჩემთან...

ერთმა ქრისტიანმა მისიონერმა მითხრა: „ძალიან კარგი იქნება, თუ მცირე წიგნს დაწერთ, კატეხიზმოს, როგორც ჩვენ, ქრისტიანებმა გავაკეთეთ, - თქვენი სწავლების მხოლოდ რამდენიმე ძირითადი დებულება“.

მე არ შემიძლია კატეხიზმო მოგცეთ, რადგანაც არ მაქვს იგი. მე ვგრძნობ თქვენს პოტენციალს, თქვენს შესაძლებლობებს, მე ვახდენ თქვენს პროვოცირებას ყველაზე განსხვავებული მეთოდებით, და განვაგრძობ თქვენს პროვოცირებას, სანამ არ გაიღვიძებთ!

თუ შენ ქრისტიანი მისიონერის გონება გაქვს, მოლოდინი გექნება, რომ რამდენიმე ძირითად დებულებას წარმოგიდგენ, რომლებსაც ერთხელ და სამუდამოდ ირწმუნებდი. მე არ შემიძლია ამის გაკეთება, რადგანაც ეს მავნებელია, შენთვის ეს შხამია. მაგრამ თუ შენი გონება სწორედ ასეა განწყობილი, მაშინ ვერ გაიგებ, რას ვაკეთებ აქ. ეს სრულიად სხვა სამუშაოა...

ცნობილმა კინოვარსკვლავმა განაცხადა, რომ მეექვსედ აპირებდა გათხოვებას.

„უყურე შენ, - თქვა მოლა ნასრედინმა, - ვის წინააღმდეგ?“

ადამიანებს თავიანთი გაგება აქვთ. მოლა ნასრედინის ოჯახურმა გამოცდილებამ შეიძება მხოლოდ ერთი რამ იკითხოს: „ვის წინააღმდეგ?“

ერთხელ მოლა ნასრედინს ვუთხარი:

- გავიგე, რომ შენი ქალიშვილი გათხოვდა. ვფიქრობ , ძნელი იქნებოდა შენთვის მასთან განშორება.

- ძნელი? - თქვა მან. - ეს თითქმის შეუძლებელი იყო.

ადამიანებს ღრმად გამჯდარი წარმოდგენები აქვთ: ისინი სხვებს ამ წარმოდგენებიდან გამომდინარე უსმენენ. ის ცდილობდა განთავისუფლებულიყო მისგან. ის მთელი ძალით ცდილობდა მის გათხოვებას. ის ძალიან შეშფოთებული იყო. ამიტომ, როცა ვუტხარი: „ვფიქრობ, ძნელი იქნებოდა შენთვის მასთან განშორება“, მან მიპასუხა: „ძნელი? თითქმის შეუძებელი“.

ერთხელ მოლა ნასრედინს ვკითხე:

- გამარჯობა მოლა! როგორ ბრძანდება შენი მეუღლე?

მან შემომხედა და მკითხა:

- რასთან შედარებით?

როგორც ჩანს,  შენ უძრავი გონებით ისმენ და ათი გვერდზე გადადება მოგიწევს. მაშინ დაინახავ, რომ აქ ვერბალურ მიმართვას კი არ ვანხორციელებ, არამედ ენერგეტიკულს.  მე ვცდილობ კონტაქტში შემოვიდე შენთან, მაგრამ შენი გონება მიშლის ხელს. მე ყველა საშუალებით ვცდილობ შენი გონების განადგურებას. მე ყველა შენს ცოდნას გართმევ, სასაცილოდ და აბსურდულად გამომყავს ის.

თავდაპირველად დაბნეულობას გრძნობ, რადგანაც ადრე დარწმუნებული იყავი; მაგრამ როდესაც შენი ცოდნის გამოყრას ვიწყებ, იბნევი. მაშინ პრობლემები ჩნდება: აქამდე თვლიდი, რომ გარკვეულობა და სიცხადე მოვიდოდა, სინამდვილეში კი დაბნეულობა მოდის. თავიდან ასეც იქნება: როცა შენი თვითდარწმუნებულობა დაინგრევა, დაბნეულობას იგრძნობ. მაგრამ მხოლოდ მაშნ შეგიძლია მთელი შენი ცოდნის გადაყრა, როცა დაბნეული ხარ, მანამდე ვერა. როცა დაბნეულება ძალიან იზრდება, როცა ჭკუიდან გადაყავხარ, ერთხელაც უბრალოდ მოისვრი მას, უკვე ვეღარ აიტან მას. და მაშინ მიხვდები, რას ვაკეთებ აქ თქვენთან.

მე არ გაძლევთ არანაირ ფილოსოფიას. მე თქვენს შეგნებას ვაღვიძებ. ეს არაა ვერბალური დოქტრინა. ეს გულის გულთან გაერთიანებაა, სულის სულთან გაერთიანებაა. მე ვცდილობ გავერთიანდე თქვენთან. და ამ ერთიანობაში ნაპერწკალი ჩემი არსიდან თქვენსაში გადმოხტება, და თქვენი არსი აალდება. საჭიროა მხოლოდ მცირე ნაპერწკალი, და თქვენში უზარმაზარი სინათლე აინთება,  და ეს სინათლე მოგცემთ თვალებს, რათა დაინახოთ; ყურებს, რათა მოისმინოთ; გულს, რათა იგრძნოთ. ეს სინათლე გაგხდით ცოცხალს, ეს სინათლე გაიფურჩქნება თქვენში ოქროს  ყვავილად.

დღეისათვის საკმარისია.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff