მოლივლივე წმინდანი
თავი მეშვიდე: მოლივლივე წმინდანი
მთარგმნელი : ირინე ქრისტიანე ნუცუბიძე
„გუშინ საღამოს ერთ შეხვედრაზე დავინახე იოგი, რომელიც ფეხებით მიწიდან მაღლა იწეოდა“, მიყვებოდა ჩემი მეგობარი უპენდრა მოჰან ჩაუდჰური მნიშვნელოვანი გამომეტყველებით.
გახარებული ვუღიმოდი მას. „შესაძლოა, გამოვიცნო ვინ არის. გულისხმობ ბჰადური მაჰასაიას ზემო ქუჩიდან?“
უპენდრამ თავი დამიქნია და ცოტათი იმედგაცრუებული ჩანდა, რადგან მან ვერ შეძლო რაიმე სიახლე გაეზიარებინა ჩემთვის.
ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ წმინდანების შესახებ მოსმენილი ამბები ჩემთვის არასდროს იყო საკმარისი და ამიტომ ისინი ყოველთვის მოხარულები იყვნენ, თუ ახალი მოგზაურობისაკენ მიბიძგებდნენ.
„ იოგი ჩვენგან ძალიან ახლოს ცხოვრობს“, ვთქვი მე, „ხშირადაც ვსტუმრობ მას.“ უპენდრა ფრიად დაინტერესებული მისმენდა, ამიტომაც მას კიდევ ერთი კონფიდენციალურად გავუზიარე : „მე მინახავს ის, საოცარ საქმეებს როგორ აკეთებს. ის ოსტატურად ფლობს რვასაფეხურიანი იოგის სხვადასხვა პრანაიამებს, როგორც ამას პატანჯალი ასწავლის. ერთხელ შევესწარი ბჰადური მაჰასაიას, როგორ ასრულებდა ბჰასტიკა-პრანაიამას ისეთი ძალით, რომ თითქოს ოთახში ქარიშხალი გაჩნდა. შემდეგ ეს ქარიშხლიანი სუნთქვა შეიკავა და გაუნძრევლად დარჩა ზეცნობიერის მაღალ მდგომარეობაში. ქარიშხლის შემდეგ ეს მშვიდობიანი ატმოსფერო იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ არასოდეს დამავიწყდება.“
„მე მსმენია, რომ წმინდანი საკუთარ ბინას არასდროს ტოვებს“, თქვა უპენდრამ რაღაც სკეპტიციზმით.
„ეგ მართალია. ბოლო ოცი წელიწადია ის მხოლოდ ოთხ კედელში ცხოვრობს. მაგრამ წმინდა დღესასწაულებისას ის ცოტა ხნით ივიწყებს თვითდაწესებულ წესებს და თავისი სახლის წინ ტროტუარზე გამოდის. იქ მაშინვე მათხოვართა ბრბო შემოესევა, რადგან წმინდა ბჰადური ფართოდაა ცნობილი თავისი რბილი გულით.“
„მაგრამ როგორ შეუძლია მას ჰაერში აწევა, ეს ხომ მიზიდულობის კანონს ეწინააღმდეგება?“
„გარკვეული პრანაიამას შემდეგ, იოგის სხეული კარგავს თავის ფიზიკურ თვისებებს. შემდეგ მას შეუძლია ბაყაყივით ხტუნვა ან ცურვა. ის წმინდანებიც კი, რომლებიც არ ეწევიან იოგას ტექნიკებს, ცნობილია, რომ მიწიდან აწევა ღვთიური ერთგულების მდგომარეობით შეუძლიათ.“
„მსურს მეტი შევიტყო ამ ბრძენის შესახებ. რეგულარულად დადიხარ საღამოს შეხვედრებზე?“, შემეკითხა ინტერესიანი თვალებით ანთებულმა უპენდრამ.
„კი, ხშირად მივდივარ იქ. ყოველთვის მსიამოვნებს მისი ბრძნული იუმორი. ზოგჯერ ჩემი გამუდმებული სიცილით ვარღვევ კიდეც სადღესასწაულო ატმოსფეროს. წმინდამი არ მიჯავრდება ამის გამო, თუმცა მისი მოწაფეები მზერით მბურღავენ.“
იმავე შუადღეს, სკოლიდან სახლში გზაზე ბჰადური მაჰასაიას ერმიტაჟი შემომხვდა, და გადავწყვიტე მომენახულებინა. იოგი ფართო საზოგადოებისათვის არ იყო ხელმისაწვდომი. მისი სახლის პირველ სართულზე ცხოვრობდა მარტოხელა მოწაფე, რომელიც ფრთხილობდა, მისი ოსტატი არ შეეწუხებინათ. ამ მოსწავლემ, რომელსაც სერჟანტივით მოქცევა უყვარდა, ფორმალურად მკითხა “შეკვეთილი“ ვიყავი თუ არა. მისი გურუ ზუსტად შესაფერის დროს გამოჩნდა, რათა ჩემი უცერემონიოდ გარეთ გასროლა, თავიდან აეცილებინა.
„რამდენჯერაც უნდა, მუკუნდა, იმდენჯერ მოვიდეს, თქვა ბრძენმა, რომელსაც თვალები უბრწყინავდა. „ მე არ ვცხოვრობ ჩემი სიმშვიდის გულისათვის, არამედ იმისათვის, რომ სხვებს მოვუტანო სიმშვიდე. ამქვეყნიური ადამიანებისათვის ჩემი სიტყვები ნაკლებად გემოვნებიანია, რადგან ეს მათ ილუზიებს ართმევს. წმინდანები არა მხოლოდ იშვიათია, არამე უხერხულებიც არიან. წერილობითი ნაშრომებითაც კი ხშირად უხერხულ მდგომარეობებში აყენებენ ადამიანებს.“
მე გავყევი ბჰადური მაჰასაიას ზემო სართულის სპარტანული, უბრალო პალატისაკენ, რომელსაც იგი იშვიათად ტოვებდა. ოსტატები ხშირად უგულებელყოფენ ფერად, ამქვეყნიურ პანორამას, რომელიც სათანადო ყურადღების ცენტრში მხოლოდ მოგვიანებით ექცევა, როდესაც ის უკვე წარსულს ბარდება. ბრძენი ადამიანების თანამედროვეთა შორის არიან არა მხოლოდ ისინი, ვინც შეზღუდულად ცხოვრობენ აწმყოში.
„მაჰარიში, თქვენ პირველი იოგი ხართ, იმათგან ვინც ვიცი, ვისაც სახლი არასოდეს დაუტოვებია.“
„ღმერთი ზოგჯერ თავის წმინდანებს უჩვეულო ნიადაგზე ზრდის, რათა არ ვიფიქროთ, რომ ის რაიმე სახის წეს-შეზღუდვას ექვემდებარება.“
ამ სიტყვებით ბრძენი ლოტოსის პოზაში დაჯდა. მისი სხეული ენერგიისაგან ვიბრირებდა. მიუხედავად იმისა, რომ ის სამოცდაათიანი იყო, არ ეტყობოდა არც ასაკი და არც მისი უმოძრაო ცხოვრების წესი. მას ჰქონდა რიშის სახე, როგორც ეს ძველ ტექსტებშია აღწერილი. მისი გრძელ წვერიანი თავი იყო კეთილშობილური ფორმის, მისი ფიგურა იყო სწორი და ძლიერი, მისი მზერა კი ყველგანმყოფი.
ორივე ჩავვარდით მედიტაციურ მდგომარეობაში. ერთი საათის შემდეგ მისმა რბილმა ხმამ გამომაფხიზლა.
„ხშირად შედიხარ ღრმა დუმილის მდგომარეობაში. მაგრამ მიაღწიე უკვე ანუბჰავას?“ ამ სიტყვებით მას უნდოდა ჩემთვის შეეხსენებინა, რომ მედიტაციაზე მეტად ღმერთი უნდა მიყვარდეს. „არასოდეს აურიო ტექნიკა მიზანში“, დასძინა მან.
მერე მან მანგო შემომთავაზა. მისთვის დამახასიათებელი, მახვილგონივრული იუმორით, მისი სერიოზული ხასიათის გათვალისწინებით, რომლითაც აღფრთოვანებული ვიყავი, აღნიშნა : „ ადამიანების უმეტესობას უფრო იზიდავს ჯალა-იოგა (საკვებთან კავშირი ), ვიდრე დჰიანა იოგა (ღმერთთან კავშირი).“
იოგას ამ სიტყვებით თამაშმა აღვირახსნილობის გრძნობა გამიჩინა.
„როგორ შეგიძლია იცინო!“ თქვა მან, და ნაზად შემომხედა. მისი გამოხედვა ყოველთვის სერიოზული რჩებოდა, მაშინაც კი როცა, ღიმილი ექსტატურობაში გარდაიქმნებოდა. მის დიდ ლოტოსის თვალებში ღვთაებრივი მხიარულება იმალებოდა.
„ეს წერილები შორეული ამერიკიდანაა“, მითხრა ბრძენმა, სანამ მაგიდისკენ რამდენიმე სქელ კონვერტზე მითითითებდა. „ მიმოწერა მაქვს მაგ ქვეყნის სხვადასხვა საზოგადოებასთან, რომლებიც იოგათი არიან დაინტერესებული“. ისინი ახლიდან აღმოაჩენენ ინდოეთს, უფრო კარგი მიმართულების გრძნობით, ვიდრე კოლუმბმა. მოხარული ვიქნები, თუ შემიძლია დაგეხმაროთ, რადგან იოგას მეცნიერება, ისევე როგორც დღის სინათლე, მთელს კაცობრიობას ეკუთვნის.
ის, რაც რიშებმა შეიცნეს, როგორც კაცობრიობის გადარჩენისათვის აუცილებელი, არ საჭიროებს დასავლეთისათვის მორწყვას. აღმოსავლეთი და დასავლეთი შინაგანად ღრმად დაკავშირებულნი არიან, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი გარეგნულად განვითარების სხვა გზას გაჰყვა. მაგრამ ვერც აღმოსავლეთი და ვერც დასავლეთი ვერ შეძლებენ აყვავებას, თუ ისინი არ დაემორჩილებიან ისეთ დისციპლინას, როგორსაც იოგა გვთავაზობს.“
წმინდანის ჩუმი თვალები ჩემზე იყო მოპყრობილი. იმ დროს არ ვიცოდი, რომ მისი წინასწარმეტყველური სიტყვები ჩემს მომავალ მოწოდებას ეხებოდა. მხოლოდ ახლა, როცა ამ ყველაფერს ვწერ, მივხვდი მის მრავალ საიდუმლო მინიშნებას, რომ მოგვიანებით მე ინდოეთის სწავლებებს ამერიკამდე მივიტანდი.
„მაჰარიში, არ გსურთ დაწეროთ წიგნი იოგაზე, რომელითაც ყველას შეეძლება სარგებლობა?“
„ჩემი საქმეა ახალგაზრდების განათლება. ისინი და მათი მოსწავლეები იქნებიან ჩემი ცოცხალი ნამუშევრები, რომლებიც კრიტიკოსების ნებისმიერი არაბუნებრივი ინტერპრეტაციის იმუნიტეტები იქნებიან.“
საღამომდე მარტო დავრჩი იოგისთან. შემდეგ მისი მოწაფეები ჩამოვიდნენ, და ბჰადური მაჰასაიამ მისივე უნიკალური ლექცია გამართა. ნაზი წყალდიდობის მსგავსად, მისმა სიტყვებმა წაიღო ყოველგვარი ინტელექტუალური ნამსხვრევები და მსმენელთა გონება ღმერთისაკენ მიმართა. მან წარმოთქვა თავისი ძლიერი იგავი შერჩეულ ბენგალურ ენაზე.
იმ საღამოს, ბჰადური საუბრობდა მირაბაიზე _ შუა საუკუნეების რაჯპუტანას პრინცესაზე, რომელიც წამოვიდა საერო ცხოვრებიდან წმინდანთა გარემოცვაში საცხოვრებლად _ და ამ კონტექსტში სხვადასხვა ძირითადი ფილოსოფიური საფუძვლები აგვიხსნა.
ცნობილმა სანიასიმ, სანტანა გოსვამიმ, უარი თქვა მირაბაის მიღებაზე, რადგან ის ქალი იყო. მაგრამ როცა მას ქალის პასუხი მიუტანეს, თავმდაბლურად აღიარა დამარცხება.
„უთხარით ოსტატს“, გადასცა მან, „არ ვიცოდი, რომ სამყაროში ღმერთის გარდა სხვა მამრობითი არსებაც არსებობდა. განა ყველანი მდედრობითი არ ვართ მის წინაშე?“ (წმინდა წერილების მიხედვით, ღმერთი არის ერთადერთი შემოქმედი ძალა, ხოლო მისი ქმნილება სხვა არაფერია თუ არა პასიური მაია.)
მირაბაიმ დაწერა მრავალი რელიგიური სიმღერა, რომლებიც დღესაც ძალიან პოპულარულია ინდოეთში. აქ ერთი-ერთი მათგანის თარგმნა მინდა :
„თუ შესაძლებელია ყოველდღიური ბანაობით ღმერთის შეცნობა,
მე მინდა მაშინ სიღრმის ვეშაპი ვიყო!
თუ შესაძლებელია ფესვებისა და ხილის ჭამით მისი გააზრება,
მინდა სიამოვნებით თხის ფორმა მივიღო.
თუ შესაძლებელია იგი როზარიას ლოცვებმა გამოავლინოს,
მაშინ ჩემს ლოცვებს გიგანტურ მძივებზე ავთვლი.
თუ შესაძლებელია დაჩოქებამ ქვის გამოსახულებების წინ ის გამოავლინოს,
მაშინ მე პატივისცემით ხისტ კლდეებს ვეთაყვანები.
თუ შესაძლებელია უფლის რძესთან ერთად შთანთქმა,
პატარა ბავშვები და პატარა ხბოები მას ამოიცნობდნენ.
თუ შესაძლებელია ღმერთის ქალებისაგან თავშეკავებით მოპოვება,
მაშ, ათასობით საჭურისი არ გახდებოდა?
თუმცა მირაბაიმ იცის, რომ უფლის პოვნა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი,
თუ მას ერთ რამეს აჩუქებ : მთელს შენს სიყვარულს!“
ზოგიერთმა მოწაფემ რუპიები მოათავსა ბჰადურის ჩუსტებში, რომლებიც მის გვერდით იატაკზე ეწყო, სანამ ის იოგას პოზაში იჯდა. ეს პატივმოყვარული ჩვეულება, გავრცელებული ინდოეთში, ნიშნავს, რომ მოწაფე თავის მატერიალურ სიკეთეს გურუს ფეხებთან ათავსებს. სინამდვილეში კი, თავად ღმერთია, რომელიც მისი მადლიერი მეგობრების მეშვეობით ზრუნავს.
„ოსტატო, თქვენ მშვენიერი ხართ“, აღნიშნა ერთ-ერთმა მოსწავლემ დიდი ენთუზიაზმით რომ ემშვიდობებოდა პატრიარქალურ ბრძენს. „ თქვენ უარი თქვით სიმდიდრესა და კომფორტზე, რათა ეძიოთ ღმერთი და მისი სიბრძნე გადმოგვცეთ.“ კარგად იყო ცნობილი, რომ ბჰადური მაჰასაიამ ახალგაზრდობაში უარყო მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა, რათა მთელი ცხოვრება იოგას გზისთვის დაეთმო.
„საქმე სწორედაც რომ საპირისპიროდაა, თქვა წმინდანმა ნაზი საყვედურით. „მე გადავცვალე რამდენიმე მწირი რუპიები და იაფი სიამოვნება მარადიული ნეტარების კოსმიურ სამეფოში. როგორ შემეძლო რომ საკუთარი თავის წარუმატებლობა მეთქვა? ბედნიერი ვარ, როცა შემიძლია ჩემი სიმდიდრის სხვებისათვის გაზიარება. არის ეს მსხვერპლი? ნამდვილი უარმყოფელები არიან ვიწროდმხედველი ამქვეყნიური ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ შეუდარებელ ღვთაებრივ სიმდიდრეზე ღარიბი მიწიერი ბრწყინვალების გამო.“
ჩუმად გამეცინა ჩემთვის, როცა გავიგონე ეს პარადოქსალური შეხედულება ტერმინზე „უარყოფა“, რომელიც ყოველ წმინდა მათხოვარს კრესესად [ლიდიის სამეფოს უკანასკნელი მმართველი ძვ.წ.560-546 წწ.] და ამაყ მილიონერებს უგონო მოწამეებად აქცევს.
„ღვთაებრივი კანონი ჩვენს მომავალზე ბევრად უკეთ ზრუნავს, ვიდრე სადაზღვეო კომპანია.“ ოსტატის ეს დასკვნითი სიტყვები მის პრაქტიკულ გამოცდილებას დაყრდნობილ რწმენას გამოხატავდნენ. „სამყარო სავსეა შეშინებული ადამიანებით, რომელთა ტვინები საზრუნავებითაა შეჭმუხნული და გარე უსაფრთხოებაზე მიჯაჭვული. თუმცა ვინც ჰაერითა და რძით პირველი ამოსუნთქვიდან გვამარაგებს, ასევე იპოვის გზებს და საშუალებებს თავის შვილებს სიცოცხლე შეუნარჩუნოს.“
სკოლის შემდეგ წმინდანის მონახულება ყოველდღიურ ჩვევად ვაქციე. ჩემი ნება-სურვილით ის დამეხმარა ანუბჰავას მდგომარეობისათვის მიმეღწია. ერთ დღეს ჩვენი სამეზობლოს მახლობლად იგი რამ მოჰან როის ქუჩაზე გადადიოდა. მისმა ერთგულმა მოწაფეებმა მას აუშენეს ახალი ერმიტაჯი, რომელიც „ნაგენდრა მათჰ“ ის სახელით გახდა ცნობილი“.
ახლა მე მინდა გავიმეორე ბოლო სიტყვები, რომელიც ბჰადური მაჰასაიამ მითხრა, ამგვარად ჩემი ამბავის რამდენიმე წელიწადს შევეხები. დასავლეთ ნახევარსფეროში ჩემს გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, მე ის მოვძებნე და თავმდაბლურად დავიჩოქე მის წინაშე, რათა მისი გამოსამშვიდობებელი კურთხევა მიმეღო.
„წადი ამერიკაში, შვილო, და წაიღე ინდოეთის ღირსება შენს ფარად. გამარჯვება შუბლზე გაწერია შენ, შორეულ მიწაზე გულუხვი ხალხი სიხარულით გიმასპინძლებს“.