ორი ახალგაზრდა ბიჭი პენის გარეშე ბრინდაბანში
მთარგმნელი : ირინე ქრისტეანე ნუცუბიძე
„სწორია, მუკუნდა, რომ მამამ მემკვიდრეობის გარეშე დაგტოვა! როგორ სულელურად ხარჯავ შენს ცხოვრებას!“
ამ ქადაგებით ჩემი უფროსი ძმა მომესალმა, როცა მატარებლიდან ახლად ჩამოსულები (ახლად _ ხმამაღალი ნათქვამია, მთლიანად მტვერით ვიყავით დაფარული), მე და ჯიტენდრა, მასთან მივედით. ანანტა კალკუტაში აღარ ცხოვრობდა. იგი გადაიყვანეს ქალაქ არგაში, სადაც მთავრობაში მთავარი აუდიტორის თანამდებობა დაიკავა.
„შენ კარგად იცი, ანანტა, რომ მე მემკვიდრეობას მხოლოდ ზეციურ მამაში ვეძებ.“
„ჯერ ფული _ და შემდეგ ღმერთი. ვინ იცის, რომ ცხოვრება ხანმოკლე არ არის?“
„ჯერ ღმერთი! ფული მისი მოსამსახურეა. ვის შეუძლია თქვას, რომ ცხოვრება ხანგრძელი არ არის?“
სწორედ იმ მომენტის საჭიროებამ მიბიძგა ასეთი პასუხის გაცემისკენ და არა რაიმე გარკვეულმა გრძნობამ. (სამწუხაროდ ანანტა ახალგაზრდა გარდაიცვალა.)
„სიბრძნე, რომელიც სავარაუდოდ ერმიტაჟიდან მოიტანე. როგორც ვხედავ, შენ დატოვე ბენარესი.“ ანანტას თვალები კმაყოფილებისგან გაბრწყინდა; ის მაინც იმედოვნებდა, რომ გაქცეული ფრინველი ოჯახის ბუდეში დაბრუნდებოდა.
„ბენარესში ჩემი ყოფნა ფუჭი არ ყოფილა. იქ ვიპოვე ყველაფერი, რაც ჩემს გულს სურდა. და შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ ეს არც შენი პანდიტი [ადამიანი, რომელსაც სპეციალური ცოდნა აქვს] და არც მისი შვილი ყოფილა.“
ორივეს გაგვეცინა ამ გამოცდილების გახსენებაზე; რადგან ანანტას არ შეეძლო არ ეღიარებინა, რომ ბენარესში საკმაოდ შორსმჭვრეტელი „ნათელმხილველი“ აირჩია.
„და შემდგომი რა გეგმები გაქვს, ჩემო მოხეტიალე ძმაო?“
„ჯიტენდრამ დამარწმუნა, რომ მასთან ერთად არგაში წავსულიყავი, რათა ბრწყინვალე თაჯ მაჰალი გვენახა“, განვმარტე მე. „ამის შემდგომ მივდივართ ჩემს გურუსთან, რომელიც ახლახან ვიპოვე და რომელსაც ერმიტაჟი სერამპურში აქვს.“
ანანტა სტუმართმოყვარეობით დაგვხვდა, უზრუნველყო ჩვენი კომფორტი.თუმცა, იმ საღამოს თვალებში რამდენჯერმე შევამჩნიე, რომ ჩემზე დარდობდა.
„მე ვიცნობ ამ მზერას“, ვფიქრობდი მე. „რაიმე გეგმის შემუშავებას აპირებს.“
მეორე დილით საუზმისას ამ გეგმის შედეგიც ვნახე.
„გამოდის, შენ მამის ფულისაგან სრულიად დამოუკიდებლად გრძნობ თავს“, აღნიშნა ანანტამ უწყინარი გამომეტყველებით, ამით დელიკატურ თემაზე ჩვენს გუშინდელ საუბარს ისევ გადაწვდა.
„მე ვიცი, რომ მხოლოდ ღმერთზე ვარ დამოკიდებული.“
„ეს ცარიელი სიტყვებია. აქამდე ყოველთვის დაცული იყავი. მაგრამ რა მოხდება, თუ მოულოდნელად იძულებული იქნები, საკვებისა და თავშესაფრის საპოვნელად, უხილავ ხელს დაეყრდნო? მაშინ მალე ქუჩებში მათხოვრის თასს გაიწვდი!“
„არასოდეს! მე არ ვენდობი გამვლელებს ისე, როგორც ღმერთს. მას არ სჭირდება აიძულოს თავისი შვილები იმათხოვრონ, არამედ ათასი სხვა დახმარების წყარო მოიფიქროს მათთვის.“
„კიდევ უფრო კარგი გამოსვლა! რას იტყვი ჩემს წინადადებაზე, რომ შენი სატრაბახო ფილოსოფია ადგილზე გამოვცადოთ?“
„თანახმა ვარ. თუ გულისხმობ იმას, რომ ღმერთი მხოლოდ ჩვენს წარმოსახვებში არსებობს?“
„ვნახოთ. დღეს გექნება შესაძლებლობა, ჩემი ჰორიზონტი კიდევ უფრო გააფართოვო _ ან ჩემს შეხედულებაზე გადმოგიყვანო.“ ანანტა მკვეთრად შეჩერდა და შემდეგ სერიოზულად, მიზანმიმართულად განაგრძო:
„მე გთავაზობ, რომ შენ და შენი ძმად მოწაფე ჯიტენდრა ამ დილით ახლომდებარე ბრინდაბანში წახვიდეთ. არ გაქვთ უფლება, თან წაიღოთ ერთი რუპიაც კი; არ გაქვთ უფლება, ითხოვოთ მოწყალება; არ გაქვთ უფლება, ვინმეს აღუწეროთ თქვენი მდგომარეობა; ამასთან, არ უნდა გამოტოვოთ კვება და არ უნდა გაჩერდეთ ბრინდაბანში. თუ შუაღამემდე დაბრუნდებით და ყველა პირობას შესრულებული გექნებათ, ყველაზე გაოცებული კაცი ვიქნები მთელს არგაში.“
„ვიღებ გამოწვევას!“ ვთქვი მე, უყოყმანოდ. მადლიერებით დავფიქრდი იმაზე, თუ რამდენი რამ ამოწმებდა ღმერთის უშუალო დახმარებას ჩემს ცხოვრებაში: ჩემი განკურნება ქოლერისგან, როდესაც ლაჰირი მაჰასაიას ხატ-სახე წარმოვიდგინე. ორი დრაკონის მხიარული საჩუქარი, რომელიც ლაჰორში სახურავზე მივიღე; თილისმის დროული მიღება ჩემი ღრმა სასოწარკვეთილების დროს; სადჰუს მნიშვნელოვანი გზავნილი პანდიტების ეზოში, ბენარესში; ღვთისმშობლის ხილვა და მისი დაუვიწყარი სიყვარულის სიტყვები,მისი დაუყოვნებელი ჩარევა ოსტატი მაჰასაიას მეშვეობით, რომელიც მე ბავშვურ დაბნეულობად მივიჩნიე; ბოლო წუთის ინსტრუქცია, რომელიც დამეხმარა სკოლის დამამთავრებელი ატესტატის მიღებაში; და საბოლოო და უზენაესი მადლი _ ჩემი ცოცხალი მოძღვარი, რომელიც ჩემი მრავალწლიანი ოცნებების ნისლიდან აღმოცენდა. მე არასდროს დავნებდებოდი იმას, რომ ჩემი „ფილოსოფია“ თავის დამტკიცებას მსოფლიოს მკაცრ საცდელ პირობებში ვერ მოახერხებდა.
„შენი სურვილი პატივია“, თქვა ანანტამ. „რკინიგზის სადგურზე მე თავად მიგიყვანთ.“
შემდეგ ის მიუბრუნდა ჯიტენდრას, რომელიც პირდაღებული უსმენდა. „შენ, როგორც მოწმე და, დიდი ალბათობით, როგორც მეორე მსხვერპლი თან უნდა წამომყვე.“
ნახევარი საათის შემდეგ, მე და ჯიტენდრა, ვფლობდით ცალმხრივი ბილეთს ბრინდაბანისკენ. სადგურის განცალკევებულ კუთხეში ანანტამ ფიზიკური კვლევა ჩაგვიტარა და დაკმაყოფილდა იმის აღმოჩენით, რომ ჩვენ რაიმე ფარული ღირებულება თან არ გვქონდა. ჩვენი უბრალო დჰოტები[სამოსი] მხოლოდ ყველაზე საჭიროს ფარავდნენ.
თუმცა, როდესაც რწმენამ ფინანსების მნიშვნელოვან სფეროში დაიწყო გავრცელება, ჩემმა მეგობარმა გააპროტესტა: „ანანტა, ერთი-ორი რუპია მაინც მომეცი, უსაფრთხოებისათვის; მაშინ შემელება ტელეგრამა მოგწერო, თუ რამე მოხდება.“
„ჯიტენდრა!“ ღრმა აღშფოთების ტონით წამოვიძახე. „გამოცდაზე არ წამოვალ, თუ შენ სულ მცირე თანხასაც კი წამოიღებ თან!“
„რაღაც დამამშვიდებელი აქვს მონეტების ჩხრიალს“, გულისხმობდა ჯიტენდრა, მაგრამ ჩემი მკაცრი გამოხედვის შემყურეს მეტი აღარაფერი უთქვამს.
„მე მონსტრი არ ვარ, მუკუნდა“, აღნიშნა ანანტამ თავმდაბლობის ელფერით. შესაძლოა მას სინდისი აწუხებდა, რადგან ის ორ ახალგაზრდა ბიჭს გროშის გარეშე გზავნიდა უცხო ქალაქში _ ალბათ რცხვენოდა კიდეც, რადგან ის ასე სკეპტიკურად უყურებდა რელიგიურ საკითხებს. „შემთხვევითობით თუ მადლით შენ ამ გამოცდას ბრინდაბანში ჩააბარებ, მე გთხოვ, მიმიღო შენს მოწაფედ და გამიძღვე სულიერ გზაზე.“
ეს დაპირება სრულიად ეწინააღმდეგებოდა ტრადიციას და მხოლოდ უჩვეულო ვითარებას მიეწერებოდა. ინდოეთში იშვიათად მიჰყვება უფროსი ძმა თავის უმცროს და-ძმას, რადგან ეს უკანასკნელნი მათდამი თითქმის იგივე პატივისცემასა და მორჩილებას ავლენენ, როგორც მამის მიმართ. თუმცაღა პასუხის გაცემის დრო აღარ მქონდა, რადგან მატარებელმა ნელ-ნელა მოძრაობა დაიწყო.
„ჯერჯერობით ვერანაირ ნიშანს ვერ ვხედავ, რომ ღმერთი ჩვენს შემდგომ დაპურებაზე ზრუნავდეს.“
„დამშვიდდი, ურწმუნო თომა. უფალს ჩვენთვის უკვე ყველაფერი მზად აქვს.“
„შეგიძლია იმაზეც იზრუნო, რომ იჩქაროს? მე უკვე შიმშილისაგან ვკვდები იმაზე, რომ მეფიქრება, თუ რა მოგველის. სხვათაშორის, ბენარესიდან წამოვედი იმიტომ, რომ თაჯ-მავზოლეუმი მომენახულებინა და არა იმიტომ, რომ თავად გავმხდარიყავი მავზოლეუმი.“
„დამშვიდდი, ჯიტენდრა. განა ეს არ არის ჩვენი პირველი შესაძლებლობა, გავიცნოთ მშვენიერი ბრინდაბანი[ინდოეთის იერუსალიმი]? მოუთმენლად ველოდები იმ წმინდა მიწაზე დავაბიჯო, რომელზეც ოდესღაც შრი კრიშნა დადიოდა.“
ბოლოს წინა გაჩერებაზე ჩვენი განყოფილების კარი გაიღო, ორმა ბატონმა ადგილი დაიკავა.
„გყავთ ბრინდაბანში მეგობრები, ახალგაზრდებო?“ იკითხა უცნობმა, რომელიც ჩემს მოპირდაპირედ იჯდა და ჩვენდა გასაოცრად, ჩვენით დაინტერესდა.
„ეს არ არის თქვენი საქმე“, ვუთხარი არც ისე თავაზიანად და მზერა ავარიდე.
„სავარაუდოდ, თქვენ სახლიდან გამოიქეცით, რადგან თქვენ ყოველთა გულთამპყრობელმა [ჰარე, კრიშნას ერთერთი მეტსახელი] მოგხიბლათ. მე თავად რელიგიური ადამიანი ვარ და აუცილებლად ვიზრუნებ იმაზე, რომ თქვენ შეჭამოთ და ამ გაუსაძლის სიცხეში ღამით გასაჩერებელი იპოვოთ.“
„ეს ძალიან მეგობრულია თქვენგან, ბატონო, მაგრამ გთხოვთ შეგვეშვათ. თქვენ ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ ჩვენ სახლიდან გამოვიქეცით.“
მატარებლის გაჩერებამდე საუბარი აღარ გაგრძელებულა. მაგრამ როგორც კი მე და ჯიტენდრა ჩამოვედით, ჩვენი თანამგზავრებიც შემოგვიერთდნენ და ცხენებიან კაბინას დაუქნიეს ხელი.
ჩვენ გავჩერდით დიდებული ერმიტაჟის წინ, რომელიც კეთილმოწყობილი ბაღის შუაგულში იდგა და მარადმწვანე ხეებით იყო შემოსაზღვრული. როგორც ჩანს, ჩვენს ქველმოქმედებს აქ იცნობდნენ, რადგან მისაღებში ღიმილიანმა ახალგაზრდამ ყოველგვარი შეკითხვის გარეშე შეგვიყვანა. მალევე შემოგვიერთდა გამორჩეული გარეგნობის უფროსი ქალბატონი.
„გაური მა, დიდი სინანულის მიუხედავად, უფლისწულები მოსვლას ვერ ახერხებენ“, უთხრა ერთმა ბატონმა აშრამის დიასახლისს. „ბოლო მომენტში რაღაც მოხდა, ბოდიში მოიხადეს. მაგრამ ჩვენ ორი სხვა სტუმარი მოგიყვანეთ, რომლებიც მატარებელში გავიცანით. მაშინვე მაღდამი მიზიდულობა ვიგრძენი, რადგან უდავოდ შრი კრიშნას ერთგულები არიან.
მშვიდობით, ახალგაზრდა მეგობრებო“, დაგვიძახეს ჩვენმა ნაცნობებმა, როცა წასასვლელად ემზადებოდნენ. „თუ ღმერთი ინებებს, ჩვენ ისევ შევხვდებით.“
გაური მა დედობრივი ღიმილით მოგვესალმა. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემთან“, გვითხრა მან. „უკეთესს დღეს ვერც შეარჩევდით, რადგან დღეს ამ ერმიტაჟის ორ სამეფო მცველს ველოდებოდი. სამწუხარო იქნებოდა, რომ ჩემს კულინარიულ უნარებს აღიარება არ მოეპოვებინა.“
ამ სასიყვარულო სიტყვებმა საოცარი გავლენა იქონია ჯიტენდრაზე. მას ცრემლები წამოუვიდა. საშინელი ბედი, რომელიც მას ბრინდაბანში ელოდა, ჭეშმარიტად სამეფო სიამოვნება აღმოჩნდა. ეს უეცარი შინაგანი ცვლილება მისთვის ძალიან ბევრი იყო. ჩვენმა დიასახლისმა მას რაღაც ცნობისმოყვარეობით შეხედა, მაგრამ არანაირი შენიშვნა არ გაუკეთებია. შესაძლოა, მას უკვე გამოცდილი ჰქონდა ახალგაზრდების მსგავი რეაქციები.
როდესაც ტრაპეზი გამოცხადდა, გაგვიძღვა გაური მა სასადილო ოთახისკენ, რომელიც სანელებლების სასიამოვნო სურნელით იყო სავსე. შემდეგ გვერდით სამზარეულოში გაუჩინარდა.
ამ მომენტს ველოდი. იგივე ადგილი მოვძებნე ჯიტენდრას სხეულზე და საპასუხოდ მტკივნეულად ვუჩქმიტე.
„ეჭვიანო თომა, უფალმა ყველაფერი მოამზადა, და თანაც ძალიან ჩქარა!“
ჩვენი დიასახლისი კვლავ გამოჩნდა, ამჯერად პანხასთან (საგანი, რომელიც იწვევს ნაკადს წინ და უკან ქნევით) ერთად. სანამ იატაკზე ძვირფას ბალიშებზე ვიჯექით, გვაგრილებდა აღმოსავლური ჩვეულებისამებრ. აშრამის მოწაფეები დარბოდნენ წინ და უკან, არანაკლებ 30 კერძისა გამოიტანეს. ამას უკვე „ტრაპეზი“ კი არა, არამედ „სადღესასწაულო სუფრა“ შეიძლება ეწოდოს. რამდენი ხანია, მე და ჯიტენდრა, ამ პლანეტაზე ვცხოვრობთ, ასეთი დელიკატესები აქამდე არასდროს გაგვისინჯავს.
„ეს ისეთი კერძებია, რომ პრინცს იმსახურებენ, ძვირფასო დედა. ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლებოდა უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო თქვენი სამეფო მცველებისათვის, ვიდრე ეს ბანკეტია. მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაშ ვერ დავივიწყებთ ამ დღეს.“
ვინაიდან ანანტას პირობები გვაიძულებდა გავჩუმებულიყავით, სამწუხაროდ, კეთილ ქალბატონს ვერ ავუხსნიდით, რატომ გვქონდა მადლიერების განსაკუთრებული მიზეზი. თუმცა ჩვენი გულწრფელობა დამაჯერებელი იყო. გამომშვიდობებისას ჩვენ მივიღეთ მისი დალოცვა და მაცდური მოწვევა, აშრამის კვლავ მოსანახულებლად.
გარეთ აუტანელი სიცხე ბატონობდა. ჩემს მეგობართან ერთად აშრამის კარიბჭესთან, დიდებული კადამბას ხის ქვეშ შევაფარე თავი. იქ გაცხარებულ კამათში შევედით, რადგან ჯიტენდრა ისევ ეჭვებმა მოიცვა.
„შენ მე რაღაც კარგი შემაწყვეტინე! ჩვენს ლანჩს მხოლოდ ბედნიერ შემთხვევას უნდა ვუმადლოდეთ. როგორ მოვინახულოთ ქალაქი ჯიბეში გროშის გარეშე? და როგორ აპირებ ჩემს დაბრუნებას შენი ძმის სახლში?“
„ახლა, როდესაც კუჭი სავსე გაქვს, ღმერთი ძალიან მალე დაგავიწყდა“, ვუთხარი საყვედურით, თუმცა სიმკაცრის გარეშე. რა ადვილად ივიწყებს ადამიანი, ღვთის წყალობას! არ არსებობს ადამიანი, რომლის გარკვეული ლოცვები არ შესრულებულა.
„ერთი რამ არასოდეს დამავიწყდება, და ეს არის ჩემი სისულელე, როცა ეს თავგადასავალი შენნაირ სულელთან ერთად წამოვიწყე.“
„დამშვიდდი, ჯიტენდრა! იგივე ბატონი, რომელმაც დაგვანაყრა, ბრინდაბანსაც გვაჩვენებს და უკან აგრაშიც წაგვიყვანს.“
უეცრად, გამხდარი, სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცი სწრაფად გვიახლოვდებოდა. როდესაც ჩვენს ხესთან მოაღწია, გაჩერდა და ჩემს წინაშე დაიხარა.
„ძვირფასო მეგობარო, თქვენ და თქვენი მეგზური სავარაუდოდ აქ უცხოები ხართ. ნება მომეცით, თქვენი მასპინძელი და გიდი ვიყო.“
მოხდა ის, რაც ინდოელისათვის ნაკლებად შესაძლებელია: ჯიტენდრას სახე მოულოდნელად გაფითრდა. მე კი ეს შემოთავაზება თავაზიანად უარვყავი.
„თქვენ ხომ ჩემზე უარს არ იტყვით?“ უცნობის შეშინებული ძახილი სხვა გარემოებაში, ნამდვილად კომიკური იქნებოდა.
„და, რატომ არა?“
„თქვენ ჩემი გურუ ხართ“, თქვა მან, თანაც სანდომიანად შემომხედა. „ამ შუადღისას, როდესაც ჩვეულ ღვაწლს ვასრულებდი, საყვარელი უფალი კრიშნა გამოჩნდა ხილვაში და ორი მარტოსული ფიგურა მაჩვენა ამ ხის ქვეშ. ერთი სახე იყო თქვენი _ ჩემი ოსტატის, რომელიც ხშირად მინახავს ჩემს მედიტაციებში. ჩემთვის დიდი სიხარული იქნება, თუ ჩემს თავმდბალ მსახურებას მიიღებთ.“
„მეც მოხარული ვარ, რომ თქვენ მე მიპოვეთ. როგორც ღმერთმა, ისე ადამიანებმა არ მიგვატოვეს.“ მიუხედავად იმისა, რომ მე მშვიდად ჯდომას განვაგრძობდი და მონდობილ ახალგაზრდა მამაკაცს ვუღიმოდი, შინაგანად ღმერთის ფეხებთან დავვარდი.
„ძვირფასო მეგობრებო, პატივს დამდებთ, რომ ჩემს სახლში მოგიწვიოთ?
„ეს ძალიან სასიამოვნოა თქვენგან; მაგრამ, სამწუხარო, ვერ მოხერხდება. ჩვენ უკვე ვართ ჩემი ძმის სტუმრები, აგრაში.“
„მაშინ საშუალება მაინც მომეცით, რომ ბრინდაბანი გაჩვენოთ, რათა ამ დღის მოგონება დამრჩეს.“
მე სიხარულით დავეთანხმე. ახალგაზრდა მამაკაცმა მითხრა მისი სახელი, პრაპატ ჩატერჯი, და ცხენებიან კაბინას დაუძახა. შემდეგ მოვინახულეთ მადანამოჰანას ტაძარი და შრი კრიშნასადმი მიძღვნილი სხვა ტაძრები. უკვე საღამო იყო, როცა ჩვენი ღვთისმსახურება სხვდასხვა ტაძრებში დავასრულეთ.
„გთხოვთ, ერთი წუთით, მომიტევოთ, რომ ამით სანდეში[ინდური ნუგბარი] შევიძინო. სანამ მე და ჯიტენდრა ფართო მთავარ ქუჩაზე ვსეირნობდით, რომელიც ახლა დღის შედარებით გრილ მონაკვეთში საკმაოდ დატვირთული იყო, პრაპატი რკინიგზის სადგურთან ახლომდებარე მაღაზიაში შევიდა. ჩვენი მეგობარი ცოტა ხნით შორს დარჩა, შემდეგ კი ყოველნაირი ტკბილეულით დაბრუნდა უკან.
„გთხოვთ, ნება მომცეთ, ვისარგებლო ამ რელიგიური პრივილეგიებით“, თქვა პრაპატმა, თხოვნით გამიღიმა და მომცა რუპიის კუპიურები, ბილეთები აგრისკენ, რომელიც ახლახანს შეიძინა.
სანამ მე საჩუქრებს მადლიერებით ვიღებდი, პატივისცემით გამახსენდა ანანტას მიერ დაცინული უხილავი ხელი, რომელიც იმდენად გულუხვი იყო, რომ საჭირო ნივთებზე მეტი მოგვცა.
ამის შემდეგ მოვიძიეთ განცალკევებული ადგილი მატარებლის სადგურთან.
„პრაპატ, მე მინდა გაგანდო კრიას ტექნიკა, რომელსაც ლაჰირი მაჰასაია, თანამედროვეობის უდიდესი იოგი, ასწავლის. ეს ტექნიკა იქნება შენი გურუ.“
ინიციაცია ნახევარ საათში დამთავრდა. „კრია არის შენი ჩინტამანი (ძვირფასი ქვა მითოლოგიაში)“, ვუხსნიდი ახალ მოსწავლეს. „როგორც ხედავ, ეს ტექნიკა მარტივია; ამასთანავე, ეს საგძნობლად აჩქარებს ჩვენს გონებრივ განვითარებას. ინდუისტური წერილები გვასწავლიან, რომ ჩვენ მუდმივად უნდა ვრეინკარნირდებოდეთ და მაიასგან თავის გასანთავისუფლებლად მილიონი წელი გვჭირდება. ბუნების მიერ დადგენილი დროის ეს მონაკვეთი მნიშვნელოვნად მცირდება კრია იოგას მეშვეობით. ისევე, როგორც მცენარეებს შეიძლება დავეხმაროთ უფრო სწრაფად ზრდაში (რასაც ამტკიცებდა ჯაგდიშ ჩანდრა ბუსი), ასევე შეიძლება ადამიანის სულიერი განვითარება დაჩქარდეს მეცნიერული მეთოდებით. თუ ამ ტექნიკას დაჟინებით ავარჯიშებ, სულ უფრო და უფრო მიუახლოვდები გურუს, რომელიც ყველა გურუს გურუა.“
„წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ ვიპოვე იოგას გასაღები, რომელსაც ამდენი ხანი ვეძებდი“, თქვა აღელვებული ხმით პრაპატმა. „ეს ეფექტური ტექნიკა უდავოდ დამეხმარება გრძნობებათა ბორკილები გავწყვიტო და მაღალი სფეროებისათვის მზადყოფნაში ვიყო. ამ დილით შრი კრიშნას გამოჩენა მხოლოდ საუკეთესოს ნიშნავს ჩემთვის.“
ცოტა ხანს ჩუმად ვიჯექით, შემდეგ კი ნელა წავედით რკინიგზის სადგურისაკენ. დიდმა სიხარულმა მოიცვა ჩემი გული, როდესაც მატარებელში ჩავჯექით; თუმცა ჯიტენდასთვის ეს ცრემლების დღე იყო. სანამ მე პრაპატს ვემშვიდობებოდი, თავიანთი ტირილის ჩახშობას ამაოდ ცდილობდა ჩემი ორი თანამგზავრი. უკან დაბრუნებისას ჯიტენდრამ უფრო მეტი ცრემლი ღვარა, ამჯერად არა საკუთარი თავის, არამედ სინანულის გამო.
„რა მცირედ მორწმუნე ვიყავი! ჩემი გული გაქვავებული იყო! ღვთის მფარველობაში ამიერიდან ეჭვი არასოდეს შემეპარება!“
შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე შევაბიჯეთ ორმა „კონკიამ“, რომლებიც პენის გარეშე ვიყავით „წარმოდგენილი“, ანანტას საძინებელში. როგორც მან იწინასწარმეტყველა, გაოცებული გვიყურებდა. უსიტყვოდ, ავაფრიალე რუპიის კუპიურები მაგიდაზე.
„ჯიტენდრა, სიმართლე თქვი,“ შესძახა ანანტამ ხუმრობის ტონით. „ამ ბიჭს ძარცვა ხომ არ ჩაუდენია?“
როცა მთელი ამბავი გაირკვა, ჩემი ძმის სახე უფრო და უფრო დასერიოზულდა და ბოლოს საზეიმოც კი გახდა.
„თხოვნის და შეთავაზების პრინციპი უფრო მაღალ რეალობებს აღწევს, ვიდრე მე წარმომედგინა“, თქვა მან შინაგანი გაოცებით, რომელიც აქამდე მასში არასდროს შემიმჩნევია. „პირველად მესმის, რატომაც ხარ გულგრილი ამქვეყნიური ქონების მიმართ.“
მიუხედავად გვიანი საათისა, ჩემი ძმა დაჯინებით მოითხოვდა, დიქშას (ინიციაცია) მიღებას კრია იოგაში. ასე მოუწია „გურუ“ მუკუნდას პასუხისმგებლობა აეღო ორ მოულოდნელ „მოწაფეზე“ ერთ ღამეში.
საუზმე მომდევნო დილით, წინა დღისაგან განსხვავებით, დიდი ჰარმონიით მივირთვით.
ღიმილით ვუთხარი ჯიტენდრას : „შენ ტაჯზე არ უნდა მოტყუვდე. ჩვენ გვინდა ის დღეს მოვინახულოთ, სანამ სერამპურში გავემგზავრებით.“
ანანტასთან გამომშვიდობების შემდეგ, ვესტუმრეთ _ ტაჯ მაჰალს _ აგრას სამკაულს. მზეზე მოციმციმე თეთრი მარმარილოთი და სიმეტრიული ხაზებით იგი სიზმარს ჰგავს. მუქი კვიპაროსის ხეები, გლუვი გაზონები და მშვიდი ლაგუნები ქმნიან შესანიშნავ ფონს. შიდა სივრცე თავისი ფილიგრანული ჩუქურთმებით, რომელიც ნახევრადძვირფასი ქვებითაა მოპირკეთებული, დახვეწილი სილამაზისაა. დახვეწილი გირლანდები და სპირალები ყავისფერი და მეწამული მარმარილოდან რთული ორნამენტების სახით აღმოცენდებიან. გუმბათიდან მომავალი შუქი ეცემა იმპერატორ შაჰ ჯეჰანისა და მისი გულის დედოფლის, მუმთაზ-ი-მაჰალის, კენოტაფიებზე.
ღირსშესანიშნავობები საკმარისადაა! ჩემი გურუ მომენატრა! მალე ვისხედით, მე და ჯიტენდრა მატარებელში, რომელსაც სახრეთისკენ მივყავდით _ ბენგალში.
„მუკუნდა, მე გადავიფიქრე, რადგან თვეებია ჩემი ოჯახი არ მინახავს. იქნებ, მოგვიანებით ვესტუმრო შენს ბატონს სერამპურში.“
და ასე დამტოვა ჩემმა მეგობარმა, რომელსაც დავახასიათებდი - რბილად რომ ვთქვათ - როგორც ცვალებადს, კალკუტაში. მე კი მალევე მივაღწიე სერამპურის პატარა სადგურს, რომელიც ჩრდილოეთიდან 20 კილომეტრშია.
როგორი დიდი იყო ჩემი გაოცება, როდესაც მივხვდი, რომ ჩემს გურუსთან შეხვედრიდან 28 დღე გასულიყო. „ოთხ კვირაში დამიბრუნდები!“ და აი, მოვედი და ვიდექი გულაჩქარებული მისი ეზოს წინ, წყნარ რაი-გატის ხეივანზე. პირველად შევაბიჯე ერმიტაჯში, სადაც მე მომდევნო ათი წლის უმეტეს ნაწილს ინდოელ ჯნანავატართან, „სიბრძნის ინკარნაციასთან“, გავატარებდი.