როგორ გამოვთვალოთ ვარსკვლავები
„მუკუნდა, რატომ არ იკეთებ ასტროლოგიურ სამაჯურს?“
„უნდა გავიკეთო, ოსტატო? მე არ მჯერა ასტროლოგიის.“
„გჯერა თუ არა, ნაკლებ მნიშვნელოვანია. ადამიანმა უნდა ისწავლოს მეცნიერულად აზროვნება და განსაზღვრა, მართალია თუ არა რაღაც. მაგალითად, გრავიტაციის კანონი მოქმედებდა ნიუტონის აღმოჩენამდე იგივე სიზუსტით, როგორც მას შემდეგ. კოსმოსი დიდ ქაოსში იქნებოდა, თუ მისი კანონები მანამ არ ამოქმედდებოდა, სანამ ისინი ადამიანური რწმენით არ იქნებოდა დამტკიცებული.
თაღლითებმა ვარსვლავების შესახებ უძველეს მეცნიერებას სახელი გაუტეხეს, რის გამოც დღეს მას ნაკლები აღიარება აქვს. როგორც მათემატიკური, 16.1. ასევე ფილოსოფიური შინაარსით, ასტროლოგია იმდენად ყოვლისმომცველია, რომ მხოლოდ ბრძენ ადამიანს შეუძლია მისი სწორად გაგება. ამრიგად, ამ სამყაროს არასრულყოფილების გათვალისწინებით, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ უმეცარი ადამიანები ციურ რუკას არასწორად განმარტავენ და წასაკითხი შიფრის ნაცვლად მხოლოდ გაუგებარ მონახაზებს ხედავენ; ანუ, იმიტომ, რომ „ბრძენნი“ არიან უვარგისნი, ჩვენ არ უნდა უარვყოთ სიბრძნე.
შემოქმედების ყველა სფერო ერთმანეთითაა გაჟღენთილი და ერთმანეთზე გავლენას ახდენს“, განაგრძო ჩემმა გურუმ. „სამყაროს დაბალანსებული რიტმი ორმხრივობაზეა დაფუძნებული. როგორც მოკვდავ არსებას, ადამიანს ორი სახის ძალასთან უწევს ბრძოლა : ერთი მხრივ, მასში არსებულ არეულობასთან, რომელიც გამოწვეულია ელემენტების - მიწის, წყლის, ცეცხლის, ჰაერისა და ეთერის - შერევით და, მეორე მხრივ, ბუნების დამანგრეველ ძალებთან, რომლებიც მასზე გარედან მოქმედებენ. სანამ ადამიანი თავის მოკვდავობას ებრძვის, მასზე გავლენას მოახდენს ზეცასა და დედამიწაზე მომხდარი უამრავი ცვლილება.
ასტროლოგიის მეცნიერება იკვლევს ადამიანების რეაქციას პლანეტების გავლენაზე. თავად ვარსვლავები შეგნებულად არც კეთილგანწყობილნი არიან, არც მტრულად განწყობილნი, არამედ მხოლოდ დადებით და უარყოფით სხივებს ასხივებენ. მათ არც სარგებლის მოტანა შეუძლიათ კაცობრიობისთვის და არც ზიანის მიყენება, არამედ მხოლოდ _ როგორც მიზეზ-შედეგობრივი კავშირის კანონის ინსტრუმენტები _ არეგულირებენ მოვლენათა გარეგან მიმდინარეობას, რომელზეც თითოეული ადამიანი პასუხისმგებელია თავისი წარსული ქმედებების გამო.
ბავშვი იბადება იმ დღესა და საათზე, როდესაც ვარსვლავების სხივები მათემატიკური სიზუსტით შეესაბამება მის ინდივიდუალურ კარმას. ამგვარად, მისი ჰოროსკოპი მისი უცვლელი წარსულისა და მისგან მოსალოდნელი მომავლის განვითარებას წარმოადგენს. თუმცა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ არაჩვეულებრივი ინტუიცია და სიბრძნე _ და მათგან ცოტანი არიან _ შეუძლიათ სწორად განმარტონ დაბადების თანავარსვლავედი.
დაბადების მომენტში ცაზე მანათობელი შიფრით დაწერილი გზავნილი არ ისახავს მიზნად ბედისწერას _ წინა კარგი თუ ცუდი საქმეების შედეგებს _ არამედ ადამიანის წახალისებას, გათავისუფლდეს მიწიერი ტყვეობისაგან. მას შეუძლია გამოასწოროს ის, რაც ჩაიდინა. არავინაა გარდა საკუთარი თავისა ავტორი მოვლენების, რომლებიც ახლა მის ცხოვრებაში გავლენას ახდენს. მას შეუძლია ყველა დაბრკოლების მოხსნა, რადგან ისინი თავად შექმნა თავისი ქმედებებით და რადგან მის განკარგულებაშია სულიერი რესურსებიც, რომლებიც პლანეტარული გავლენის ქვეშ არ არის.
ასტროლოგიისადმი ცრურწმენული შიში ადამიანებს აქცევს უაზრო მარიონეტებად, რომლებიც მთლიანად მექანიკურ ხელმძღვანელობას ეყრდნობიან. თუმცა ბრძენი კაცი ფლობს ვარსკვლავებს _ ე. ი. მის წარსულს _ მას შემდეგ რაც ის მსახურებს შემოქმედს და არა ქმნილებას. რაც უფრო მეტად გააცნობიერებს ის მარადიულ სულთან (spirit; აატმა) თავის ერთიანობას, მით უფრო ნაკლები ძალაუფლება ექნება მატერიას მასზე. სული მარადიულად თავისუფალია; როგორც სიკვდილი, ასევე არ იცის დაბადება და ვარსკვლავები ვერ დაეუფლებიან მას.
ადამიანი არის სული და აქვს სხეული. როგორც კი ის საკუთარ ნამდვილ ვინაობას გააცნობიერებს, ის აღარ იქნება ბედისწერის წყალობაზე. მაგრამ სანამ ის სულის ბნელ მდგომარეობაში ცხოვრობს და ღმერთს ივიწყებს, ის ასევე იგრძნობს გარემოს მიერ მასზე დაწესებული კანონის წვრილ ბორკილებს.
ღმერთი ჰარმონიაა. ამიტომ, ღმერთის მაძიებელი, რომელიც მასზეა ფოკუსირებული, არასდროს შეცდება. ის ავტომატურად იმოქმედებს სწორად საჭირო დროს და ამით შეესაბამება ასტროლოგიურ კანონებს. ისინი, ვინც ლოცულობენ და მედიტირებენ კონცენტრირებული გონებით, შედიან ღვთაებრივი ცნობიერების მდგომარეობაში და სარგებლობენ შინაგანი დაცვის მეშვეობით, რომელიც ყველა სხვა ძალაზე ძლიერია.“
„მაშინ რატომ გინდათ რომ ასტროლოგიური სამაჯური ვატარო, ძვირფასო ოსტატო?“ შევეკითხე მე ხანგრძლივი დუმილის შემდეგ. ამასობაში, ვცდილობდი შრი იუკტეშვარის შესანიშნავი განმარტებების, რომლებიც ბევრ ახალ იდეას შეიცავდნენ, ათვისებას.
„მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოგზაური დანიშნულების ადგილს მიაღწევს, არის უფლებამოსილი გვერდზე გადადოს ყველა რუკა. მოგზავრობისას ის ყველა მოსახერხებელ მოკლე გზას იყენებს. უძველესმა რიშებმა აღმოაჩინეს მრავალი მეთოდი, რომლითაც შეიძლება შემცირდეს ის დრო, რომელიც ადამიანს ჩვეულებრივ იმედგაცრუებაში აქცევს. რადგან კარმული კანონი იყენებს გარკვეულ მექანიკურ მექანიზმებს, რომელთა ოსტატურად მოწესრიგება სიბრძნის თითებითაა შესაძლებელი.
ყველა ადამიანური ტანჯვა კოსმიური კანონების გარკვეული დარღვევის შედეგია. წმინდა წერილი განმარტავს, რომ ადამიანი, ერთი მხრივ, ბუნების კანონებს უნდა ემორჩილებოდეს, მაგრამ მეორე მხრივ, მას ასევე უნდა სწამდეს ღვთაებრივი ყოვლისშემძლეობის. მან უნდა ილოცოს : „ უფალო, მე შენ გენდობი და ვიცი, რომ შეგიძლია დამეხმარო, მაგრამ ასევე მინდა, რომ ყველაფერი გავაკეთო, რათა გამოვასწორო ყველა ის უსამართლობა, რაც ჩავიდინე.“ არსებობს სხვადასხვა საშუალება, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ჩვენი წარსული ქმედებების უარყოფითი ეფექტების შემცირების ან თუნდაც აღმოფხვრის მიზნით, და ესენია: ლოცვა, ნებისყოფა, იოგას მედიტაცია, წმინდანებთან კონსულტაცია და ასტროლოგიური სამაჯურის ტარება. ისევე, როგორც სახლის აღჭურვა შეგიძლიათ ელვის დამჭერით, ასევე შეგიძლიათ დაიცვათ სხეულის ტაძარი.
კოსმოსში მუდმივად ცირკულირებად ელექტრულ და მაგნიტურ გამოსხივებას შეუძლია ადამიანის ორგანიზმზე სასარგებლო ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს. მრავალი საუკუნის წინ, ჩვენი რიშები ფიქრობდნენ ამაზე. შემდეგ ბრძენმა კაცებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ სუფთა ლითონები ასხივებდნენ ასტრალურ სინათლეს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პლანეტარულ ნეგატიურ გავლენას. ასევე სასარგებლო აღმოჩნდა გარკვეული მცენარეული ნაერთები. თუმცა ყველაზე ეფექტურია არანაკლებ ორი კარატის ნამდვილი ძვირფასი ქვები.
ინდოეთის ფარგლებს გარეთ, ასტროლოგიური უარყოფითი გავლენის თავიდან ასაცილებლად ასეთი პრაქტიკული ზომები იშვიათად განიხილება სერიოზულად. ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ შესაბამისი სამკაულები, ლითონები და მცენარეული პრეპარატები უსარგებლოა, თუ მათ არ აქვთ საჭირო წონა და თუ დამცავი საგანი შიშველ კანზე არ გამოიყენება.
„ოსტატო, რა თქმა უნდა, თქვენს რჩევას გავითვალისწინებ და სამაჯურს შევიძენ. ვარსკვლავების გამოთვლის იდეა სიამოვნებას მანიჭებს.“
„ზოგადი მიზნებისათვის, გირჩევ ოქროს, ვერცხლის და სპილენძისგან დამზადებულ სამაჯურს. თუმცა, კონკრეტული მიზეზის გამო, მსურს, რომ ვერცხლისა და ტყვიისგან დამზადებული სამაჯური შეიძინო.“ შემდეგ შრი იუკტეშვარმა დამატებითი მითითებები მომცა.
„გურუჯი, რა სახის „კონკრეტულ მიზეზს“ ეხება ეს?
„ვარსკვლავები მალე შენს მიმართ ნაკლებად მეგობრულ ინტერესს გამოიჩენენ, მუკუნდა, თუმცა, დაცული ხარ და არაფრის შეგეშინდეს. დაახლოებით ერთ თვეში შენი ღვიძლი ყველანაირ პრობლემას გამოცდის. თუმცა, ავადმყოფობა, რომელიც ჩვეულებრივ ექვს თვეს გაგრძელდებოდა, ასტროლოგიური სამაჯურის წყალობით 24 დღემდე შემცირდება.“
მეორე დღეს ვესტუმრე იუველირს, რომელმაც გამოწერილი სამაჯური მალევე დამიმზადა. მე შესანიშნავი ჯანმრთელობა მქონდა და სრულიად დამავიწყდა ოსტატის წინასწარმეტყველება, რომელიც ამასობაში სერამპურიდან ბენარესში ჩასასვლელად გაეგზავრა. თუმცა ჩვენი საუბრიდან 30 დღის შემდეგ, მოულოდნელად ღვიძლის არეში მკვეთრი ტკივილი ვიგრძენი; და მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ნამდვილი წამება გადავიტანე. რადგან ჩემი გურუს შეწუხება არ მინდოდა, გადავწყვიტე, მამაცურად გამეძლო გამოცდისათვის.
თუმცა, 23 მტანჯველი დღის შემდეგ, ჩემი გადაწყვეტილება შეირყა; სწრაფად ჩავჯექი მატარებელში და ბენარესში გავემგზავრე. შრი იუკტეშვარმა უჩვეულო სითბოთი მომესალმა, მაგრამ არ მომცა საშუალება, მესაუბრა და ჩემი ტანჯვის შესახებ მომეყოლა. იმ დღეს ბევრი მოწაფე ესტუმრა ოსტატს მხოლოდ იმისათვის, რომ მისგან დარშანი 16.2.მიეღოთ. ავადმყოფი და შეუმჩნეველი, ვიჯექი კუთხეში. მხოლოდ ვახშმის შემდეგ, როდესაც ბოლო სტუმრები წავიდნენ, გურუმ სახლის რვაკუთხა აივანზე დამიძახა.
„ალბათ, ღვიძლის პრობლემების გამო მოხვედი აქ“, მითხრა მან არიდებული მზერით. ზევით-ქვევით სიარული დაიწყო, რის გამოც მისი ფიგურა ხანდახან მთვარის შუქს ფარავდა.
„აბა მაჩვენე, 24 დღეა ამ ტკივილს განიცდი, არა?
„დიახ, ოსტატო.“
„გააკეთე მუცლის ვარჯიშები, რომელიც გაჩვენე.“
„ოსტატო, რომ იცოდეთ, რამხელა ტკივილები მქონდა, ვარჯიშს არ მირჩევდით!“
მიუხედავად ამისა, მე უსუსურად ვცადე მისი მორჩილება.
„შენ ამბობ, რომ გტკივა. მე ვამბობ, რომ არა; როგორ ხსნი ამ წინააღმდეგობას?“, მკითხა გურუმ და ცნობისმოყვარეობით შემომხედა.
თავიდან გაოგნებული ვიყავი, მაგრამ შემდეგ სიხარულის და შვების გრძნობამ შემიპყრო. აღარ ვგრძნობდი მუდმივ, მტანჯველ ტკივილს, რომელიც კვირეების განმავლობაში ძლივს მაძინებდა. შრი იუკტეშვარის სიტყვებით, ჩემი სიმპტომები მოულოდნელად გაქრა, თითქოს არასდროს არსებობდა. მინდოდა მადლიერების ნიშნად მის ფეხებთან დავცემოდი, მაგრამ მან შემაკავა.
„ბავშვივით ნუ იქცევი! ადექი და შეხედე განგზე მშვენიერ მთვარის შუქს!“ თუმცა, როდესაც ერთმანეთის გვერდით ჩუმად ვიდექით, ოსტატის თვალებში ბედნიერი ელვარება შევნიშნე; შემდეგ მივხვდი, რომ მისი საქციელი იმისათვის იყო გამიზნული, რომ გამეცნობიერებინა, სინამდვილეში მკურნალი ის კი არა, ღმერთი იყო.
დღესაც ვატარებ მძიმე ვერცხლისა და ტყვიის სამაჯურს, როგორც დიდი ხნის წინანდელი დაუვიწყარი დღის მოგონებას, როდესაც კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რომ ჭეშმარიტად ზებუნებრივ არსებასთან ვცხოვრობდი. მოგვიანებითაც კი, როდესაც ჩემს მეგობრებს შრი იუკტეშვართან მივყავდი სამკურნალოდ, ის ყოველთვის მირჩევდა სამკაულს ან სამაჯურს, რადგან მათ ასტროლოგიური თვალსაზრისით სასარგებლოდ თვლიდა.
ბავშვობიდანვე მქონდა ცრურწმენები ასტროლოგიის მიმართ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ შევნიშნე, ამდენ ადამიანს ბრმად სჯეროდა მისი და ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩვენი ოჯახის ასტროლოგმა იწინასწარმეტყველა: „სამჯერ დაქორწინდები და ორჯერ დაქვრივდები.“ ხშირად ვფიქრობდი ამ წინასწარმეტყველებაზე და თავს ისე ვგრძნობდი, როგორც სამსხვერპლო კრავი, რომელსაც სამჯერ მიათრევენ საკურთხეველთან.
„უბრალოდ შეურიგდი შენს ბედს“, შენიშნა ჩემმა ძმამ, ანანტამ. „შენს ჰოროსკოპში ასევე ნათლად არის აღნიშნული, რომ ბავშვობაში სახლიდან გაიქცეოდი და ჰიმალაის მთებისკენ გაეშურებოდი, მაგრამ უკან დაგაბრუნებდნენ. ამიტომ, შენი ქორწინების შესახებ, წინასწარმეტყველებაც ახდება.“
თუმცა, ერთ ღამეს ინტუიციურად დავრწმუნდი, რომ ეს წინასწარმეტყველება სრულიად მცდარი იყო.. ასე რომ, ჰოროსკოპის გრაგნილი დავწვი, ფერფლი ქაღალდის ჩანთაში ჩავყარე და დავაწერე: „კარმის თესლი ვეღარ აღმოცენდება, როდესაც ისინი ღვთაებრივი სიბრძნის ცეცხლში იწვება.“ შემდეგ ჩანთა თვალსაჩინო ადგილას დავდე, სადაც ანანტამ მაშინვე შენიშნა და ჩემი გამომწვევი განმარტება წაიკითხა.
„სიმართლეს ისე ადვილად ვერ გაანადგურებ, როგორც ამ ქაღალდის გრაგნილს.“ შენიშნა მან დამცინავი ღიმილით.
სინამდვილეში, სანამ სრულწლოვანებას მივაღწევდი, ჩემმა ოჯახმა სამჯერ სცადა ჩემი ნიშნობა. მაგრამ, ყოველჯერზე უარს ვამბობდი მათ გეგმებზე,16.3. რადგან ვიცოდი, რომ ღვთისადმი ჩემი სიყვარული ნებისმიერ ასროლოგიურ გავლენაზე ძლიერი იყო.
„რაც უფრო წინ მიიწევს ადამიანი თვითშემეცნების გზაზე, მით უფრო მეტად შეუძლია მას გავლენა მოახდინოს მთელ სამყაროზე თავისი განატიფებული სულიერი ვიბრაციებით და მით უფრო ნაკლებად განიცდის საკუთარ თავზე მოვლენათა ცვლილებებს.“ მასწავლებლის ეს სიტყვები არაერთხელ მაძლევდა შთაგონებას.
ხანდახან ასტროლოგს ვთხოვდი, დაედგინა ჩემთვის ყველაზე არახელსაყრელი თანავარსკვლავედები, მაგრამ მაინც ვასრულებდი ყველა დაგეგმილ საქმიანობას. მართალია, ასეთ დროს მიზანს არაჩვეულებრივი სირთულეების დაძლევის შემდეგ ვაღწევდი; თუმცა ჩემი რწმენა, რომ ღვთაებრივი მფარველობისადმი ჩვენი ნდობა და ღვთის მიერ ბოძებული ნებისყოფის სწორად გამოყენება გაცილებით ძლიერი ძალებია, ვიდრე ციური სხეულების გავლენა, არაერთხელ დადასტურდა.
მივხვდი რომ ზოდიაქოს ნიშანით, რომლის მეშვეობითად დაიბადე, წარსულის მარიონეტი ვერ გახდები. პირიქით, ვარსკვლავების ცნობამ ადამიანის ამბიცია უნდა გააღვივოს, რადგან ზეცაც კი მოუწოდებს მას, გათავასუფლდეს ყველა მიწიერი შეზღუდვებისაგან. ყოველი ადამიანი ღმერთმა შექმნა, როგორც ინდივიდუალური სული და, შესაბამისად, კოსმოსის განუყოფელი ნაწილია, იქნება ეს მისი ამჟამინდელი როლი_სამყაროს ერთ-ერთი მხარდამჭერი თუ ბენეფიციარი. თუ მას ეს სურს, მას შეუძლია საბოლოო გათავისუფლებას სწორედ ამ მომენტში მიაღწიოს, რადგან არა გარეგან, არამედ შინაგან გამარჯვებაზეა დამოკიდებული.
შრი იუკტეშვარმა აღმოაჩინა 24 000 წლიანი ბუნიობის ციკლისა და ჩვენი დღევანდელი ხანის თანაბარობის მათემატიკური გამოყენება. 16.4. ეს ციკლი შედგება აღმავალი და დაღმავალი რკალისაგან, რომელთაგან თითოეული 12 000 წელი გრძელდება. თითოეული ეს რკალი იყოფა ოთხ იუგად (ეპოქად), რომლებსაც ეწოდება კალი, დვაპარა, ტრეტა და სატიაგა, რაც რკინის, ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს ხანების შესახებ ბერძნულ კონცეფციას შეესაბამება.
ჩემმა გურუმ სხვადასხვა გამოთვლებით დაადგინა, რომ კალი-იუგა, ანუ აღმავალი რკალის რკინის ხანა, დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით 500 წელს დაიწყო. 1200-წლიანი რკინის ხანა, მატერიალიზმის ეპოქა, დასრულდა ჩვენი წელთაღრიცხვით 1700 წელს და ამავე დროს დაიწყო 2400-წლიანი დვაპარა-იუგა, რომელიც ელექტროენერგიისა და ატომური ენერგიის სფეროებში გასაოცარ განვითარებას მოიტანს; ეს არის ტელეფრაფიის, რადიოს, თვითმფრინავების და სხვა გამოგონების ხანა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავცდეთ კოსმოსს.
3600-წლიანი ტრეტა-იუგა ჩვენი წელთაღრიცხვით 4100 წელს დაიწყება და ხასიათდება ფართოდ გავრცელებული ტელეპათიური შესაძლებლობებით და სხვა დროის დამზოგავი აღმოჩენებით. სატია-იუგას 4800 წლის განმავლობაში, აღმავალი რკალის ბოლო ეპოქაში, ადამიანის გონება განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწევს და ღვთაებრივ გეგმასთან სრულ ჰარმონიაში იფუნქციონირებს.
შემდეგ, 4800 წლის (ახ.წ. 12,500) ოქროს ხანის დაღმავალ პერიოდში იწყება 12,000 წლიანი დაღმავალი რკალი,16.5. რომლის დროსაც კაცობრიობა თანდათან ისევ უმეცრებაში ჩაიძირება.ეს ციკლები წარმოადგენს მაიას მარადიულ ციკლს, ოპოზიციურობასა და მოჩვენებითი სამყაროს ფარდობითობას. 16.6. მაგრამ ერთი ადამიანი მეორის მიყოლებით გაექცევა დუალისტური შემოქმედების ციხეს და შემოქმედთან თავის განუყოფელ ერთიანობას გააცნობიერებს.
ოსტატმა დამეხმარა არა მხოლოდ ასტროლოგიის, არამედ მსოფლიოს წმინდა წერილების უფრო ღრმად გაგებაშიც. მან წმინდა ტექსტები თავისი გონების უმანკო მაგიდაზე გაანაწილა და ინტუიციური განსჯის გადამანდგურებელი დანით გაშალა. ამ გზით მას შეეძლო მეცნიერების მიერ დაშვებული შეცდომებისა და გაყალბებების გარჩევა წინასწარმეტყველების მიერ თავდაპირველად გამოცხადებული ჭეშმარიტებისაგან.
„მზერა ცხვირის წვერზე გაამახვილეთ“. ოსტატი ყოველთვის ხუმრობით აკრიტიკებდა ბჰაგავად-გიტას ლექსის იმ არასწორ ინტერპრეტაციას,16.7. რომელიც ფართოდ არის მიღებული, როგორც აღმოსავლელი პანდიტების, ასევე დასავლელი მთარგმნელების მიერ.
„იოგის გზა საკმაოდ უცნაურია“, შენვიშნე მე. „რატომ უნდა ურჩიო ვინმეს მზერის გადაკვეთა?(to squint) ნასიკაგრამის ნამდვილი მნიშვნელობა „ცხვირის სათავეა“ და არა „ცხვირის ბოლო“. ცხვირი წარბებს შორის იწყება, სულიერი ხედვის ცენტრიდან.“ 16.8.
სანკჰიას 16.9. ერთ-ერთი აფორიზმია : „იშვარ ასიდჰა“ (ქმნილების მბრძანებლის დადგენა შეუძლებელია“ ან „ღმერთის დამტკიცება შეუძლებელია“). 16.10. ძირითადად ამ წინადადების გამო მიიჩნევს მეცნიერთა უმეტესობა მთელ ფილოსოფიურ სისტემას ათეისტურად.
„ეს სწავლება არავითარ შემთხვევაში არ არის ათეისტური“, განმარტა შრი იუკტეშვარმა. „ის უბრალოდ აღნიშნავს, რომ გაუნათლებელ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ გრძნობითი შთაბეჭდილებებით მსჯელობენ, არ შეუძლიათ ღმერთის არსებობის დამტკიცება და შესაბამისად, მას არარსებულად მიიჩნევენ. თუმცა, სანკჰიას ჭეშმარიტმა მცოდნეებმა, რომლებმაც მედიტაციის გზით ღრმა ცოდნას მიაღწიეს, კარგად იციან, რომ ღმერთი არსებობს და რომ ის აღქმადია.“
ოსტატმა ასევე კრისტალური სიცხადით ახსნა ქრისტიანული ბიბლია. ჩემი ინდუისტი გურუს მეშვეობით, რომელიც არცერთ ქრისტიანულ თემს არ მიეკუთვნებოდა, შევიტყვე ბიბლიის მარადიული შინაარსი და გავიგე ქრისტეს ყველაზე დიდებული და შეურიგებელი სიტყვების ჭეშმარიტება: „ ცა და დედამიწა გადავა, ჩემი სიტყვები კი არ გადავა“. 16.11.
ინდოეთის დიდმა ოსტატებმა, ისევე როგორც იესომ, განახორციელეს უმაღლესი ღვთაებრივი იდეალები და შესაბამისად, როგორც თავად ქრისტემ გამოაცხადა, მისი ნამდვილი ძმები ისინი არიან : „რადგან ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას, ის არის ჩემი ძმა, და და დედა“.16.12. „თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, თქვა ქრისტემ, მაშინ ჩემი ჭეშმარიტი მოწაფეები ხართ და შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“.16.13. ინდოეთის ქრისტეს მსგავსი იოგები, ყველა საკუთარი თავის ბატონ-პატრონი და მბრძანებელი, მიეკუთვნებიან იმ ადამიანების უკვდავ საძმოს, რომლებმაც მიაღწიეს ღმერთისგან ბოძებულ განმათავისუფლებელ ცოდნას.
„ადამისა და ევას ისტორია ჩემთვის გაუგებარია!“ ავღნიშნე ერთ დღეს, გარკვეულწილად გაცხარებით, მას შემდეგ, რაც ამაოდ ვცადე ამ ალეგორიის გაგება. „რატომ დასაჯა ღმერთმა არა მხოლოდ დამნაშავე წყვილი, არამედ უდანაშაულო, ჯერ არდაბადებული შთამომავლობაც?“
ჩემმა მძვინვარებამ უფრო გაამხიარულა ოსტატი, ვიდრე უმეცრებამ. მისი განმარტებით, „დაბადება ღრმად სიმბოლურია და სიტყვასიტყვით ახსნა-განმარტება არ უნდა ხდებოდეს. „იქ მოხსენიებული „სიცოცხლის ხე“ ადამიანის სხეულია. ადამიანის ზურგის ტვინი ინვერსიულ ხეს წააგავს: მისი ფესვები თმებია, ტოტები კი _ მამოძრავებელი და სენსორული ნერვები. ნერვული სისტემის ხეს მრავალი საკვები ნაყოფი აქვს, კერძოდ, სენსორული აღქმა (მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემო და შეხება). ადამიანს კანონიერად შეეძლო ამით ტკბობა; მაგრამ სექსუალური სიამოვნება, სხეულის შუაში („ბაღის შუაგულში“) არსებული „ნაყოფი“, აკრძალული იყო. 16.14.
„გველი“ არის ხერხემლის ბოლოში არსებული დახვეული ენერგია, რომელიც ასტიმულირებს სექსუალურ ნერვებს. „ადამი“ არის მიზეზი, ხოლო „ევა“ ემოცია. როდესაც ადამიანის ემოციას ანუ ევას-ცნობიერებას სექსუალური იმპულსები დომინირებს, მისი მიზეზიც ანუ ადამი ნებდება. 16.15.
„ღმერთმა ადამიანის სახეობა მამაკაცისა და ქალის სხეულების მატერიალიზაციით თავისი ნების ძალით შექმნა; მან ახალ სახეობას მიანიჭა ძალა, ბავშვები „უბიწოების“ მსგავსად ანუ ღვთაებრივი გზით შეექმნათ.16.16. ვინაიდან მისი გამოვლინება ინდივიდუალიზებულ სულში აქამდე ინსტიქტებით შეკრული ცხოველებით შემოიფარგლებოდა და სრული ინტელექტის შესაძლებლობებს მოკლებული იყო, ღმერთმა შექმნა პირველი ადამიანის სხეულები, სიმბოლურად ადამი და ევა. მათში, აღმავალი ევოლუციის უპირატესობისთვის, მან გადაიტანა სულები ანუ ორი ცხოველის ღვთაებრივი არსი.16.17. ადამში,ანუ მამაკაცში, გონიერება ჭარბობდა; ევაში, ანუ ქალში, გრძნობა იყო ამაღლებული. მიზეზი და გრძნობა რჩება ერთობლივი სიხარულის სამოთხეში მანამ, სანამ ადამიანის გონება არ მოტყუვდება ცხოველური მიდრეკილებების გველისებური ენერგიით.
„მაშასადამე, ადამიანის სხეული არ იყო მხოლოდ მხეცების ევოლუციის შედეგი, არამედ ღმერთის განსაკუთრებული შემოქმედების აქტით შეიქმნა. ცხოველური ფორმები ზედმეტად უხეში იყო სრული ღვთაებრიობის გამოსახატავად; ადამიანს ცალსახად მიენიჭა უზარმაზარი გონებრივი შესაძლებლობები _ თავის ტვინის „ათასფურცლიანი ლოტოსი“ _ ისევე როგორც მწვავედ გაღვიძებული ფარული ცენტრები ხერხემალში.
„ღმერთმა, ანუ ღვთაებრივმა ცნობიერებამ, რომელიც პირველ შექმნილ წყვილში იმყოფებოდა, ურჩია მათ, რომ ყველა ადამიანური მგრძნობელობით დატკბნენ, თუმცა კონცენტრაცია შეხების შეგრძნებებზე არ მოეხდინათ. 16.18. ეს აკრძალული იყო სასქესო ორგანოების განვითარების თავიდან აცილების მიზნით, რაც კაცობრიობას გამრავლების დაბალ ცხოველურ მეთოდში ჩაფლობდა. გაფრთხილება, რომ არ აღედგინათ ქვეცნობიერად არსებული ცხოველების მოგონებები, ყურად არ იქნა მიღებული. ცხოველთა გამრავლების გზის განახლებით, ადამი და ევა დაეცა ზეციური სიხარულის მდგომარეობიდან, რომელიც ბუნებრივი იყო თავდაპირველი სრულყოფილი ადამიანისთვის.
„სიკეთისა და ბოროტების“ ცოდნა ეხება კოსმიურ დუალისტურ იძულებას. მაიას გავლენის ქვეშ მოხვედრით მისი გრძნობებისა და გონების, ანუ ევას და ადამის ცნობიერების ბოროტად გამოყენების გზით, ადამიანი უარს ამბობს ღვთაებრივი თვითკმარობის ზეციურ ბაღში შესვლის უფლებაზე. 16.19. ყოველი ადამიანის პირადი პასუხისმგებლობაა აღადგინოს თავისი „მშობლები“ ანუ ორმაგი ბუნება ერთიან ჰარმონიაში ანუ ედემში“.
როდესაც შრი იუკტეშვარმა თავისი სიტყვა დაასრულა, მე ახლებური პატივისცემით გადავხედე დაბადების წიგნის გვერდებს.
„ძვირფასო ოსტატო,“ ვთქვი მე, „პირველად ვიგრძენი რაღაც შვილის მოვალეობის მსგავსი ადამის და ევას მიმართ.“
..................................................................................................................................................................
16.1. უძველესი ინდუისტური ლიტერატურის ასტრონომიული ჩანაწერების საფუძველზე, მეცნიერებმა შეძლეს ავტორთა მონაცემების გადამოწმება. რიშები საოცარ სამეცნიერო ცოდნას ფლობდნენ. კაუშიტაკი-ბრაჰმანაში ვხვდებით ზუსტ ასტრონომიულ ტრაქტატებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ ინდუსებს ასტრონომიის სფეროში ფართო ცოდნა უკვე ძვ.წ. 3100 წელს ჰქონდათ და ამ ცოდნას ასტროლოგიური ცერემონიებისათვის ხელსაყრელი დროის დასადგენად პრაქტიკულად იყენებდნენ. ტარა მატას 1934 წლის თებერვლის გაზეთში „აღმოსავლეთი-დასავლეთი“ გამოქვეყნებულ სტატიაში ჯიოტიშზე _ ვედებში არსებული ასტრონომიული ტრაქტატების ერთობლიობაზე _ შემდეგია მოხსენიებული : „ის შეიცავს იმ სამეცნიერო ნაშრომებს, რომლებმაც ინდოეთი ყველა უძველესი ხალხის წინა პლანზე დააყენა და ჭეშმარიტების მაძიებელთა მექად აქცია. ჯიოტიშის ერთ-ერთი წიგნი „ბრაჰმაგუპტა“, ასტრონომიული ტრაქტატია, რომელიც ისეთ თემებს ეხება, როგორებიცაა პლანეტების ჰელიოცენტრული მოძრაობა, ეკლიპტიკის დახრილობა, დედამიწის სფერული ფორმა, დედამიწის დღიური ბრუნვის რეჟიმის არეკლილი სინათლე საკუთარი ღერძის გარშემო, ირმის ნახტომში უძრავი ვარსკვლავების არსებობა, გრავიტაციის კანონი და სხვა სამეცნიერო ფაქტები, რომლებიც დასავლეთში მხოლოდ კოპერნიკისა და ნიუტონის დროს გახდა ცნობილი.“
ეგრეთ წოდებული „არაბული ციფრები“ , რომელთა გარეშეც დასავლური მათემატიკის განვითარება წარმოუდგენელი იქნებოდა, ევროპაში 21 საუკუნეში ინდოეთიდან არაბეთის გავლით შემოვიდა; ინდოეთში ეს რიცხვითი სისტემა უხსოვარი დროიდან გამოიყენება.
ინდოეთის ვრცელი სამეცნიერო მემკვიდრეობის შესახებ დამატებითი განმარტებები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ნაშრომებში : History of Hindu Chemistry von Sir. P.C. Roy, Positive Science oft eh Ancient Hindus von B.N. Seal, Hindu Achievements in Exact Science und The Positive Background of Hindu Sociology von B.K. Sarkar sowie Materia Medica oft he Hindus von U.C. Dutt.
16.2. კურთხევა, რომელიც მომდინარეობს წმინდანის ხილვით.
16.3. ერთ-ერთმა გოგონამ, რომელიც ჩემმა ოჯახმა გამომირჩია შესაძლო საცოლედ, შემდეგ ცოლად გაჰყვა ჩემს ბიძაშვილს, პრაბჰას ჩანდრა გოზეს.
16.4. ცამეტი სტატიის სერია შრი იუკტესვარის იუგას თეორიის ისტორიული გადამოწმების შესახებ გამოჩნდა ჟურნალში East-West (ლოს ანჯელესი) 1932 წლის სექტემბრიდან 1933 წლის სექტემბრამდე.
16.5. ახ.წ.აღ. 12 500 წელს.
16.6. ინდუისტური წერილები ამჟამინდელ მსოფლიო ეპოქას ასახელებს, როგორც კალი იუგას, გაცილებით გრძელი უნივერსალური ციკლის ფარგლებში, ვიდრე უბრალო 24000-წლიანი ბუნიობის ციკლი, რომელსაც შრი იუჯტეშვარი აღნიშნავდა. წმინდა წერილების უნივერსალური ციკლი 4,300,560,000 წელია და ზომავს შექმნის დღეს ან სიცოცხლის ხანგრძლივობას, რომელიც მინიჭებულია ჩვენი პლანეტარული სისტემის ამჟამინდელი ფორმით. რიშის მიერ მოცემული ეს უზარმაზარი ფიგურა ემყარება მზის წელიწადის ხანგრძლივობასა და პი-ს ჯერადს (3.1416, წრეწირის შეფარდება წრის დიამეტრთან) შორის ურთიერთობას.
მთელი სამყაროს სიცოცხლის ხანგრძლივობა, უძველესი მკვლევარების აზრით, არის 314,159,000,000,000 მზის წელი, ანუ „ბრაჰმას ერთი ხანა“.
მეცნიერები დედამიწის ამჟამინდელ ასაკს დაახლოებით ორ მილიონ წელს აფასებენ, მათი დასკვნები ეყრდნობიან ქანებში რადიოაქტიურობის შედეგად დარჩენილი ტყვიის ჯიბეების შესწავლას. ინდუისტური წერილები აცხადებენ, რომ დედამიწა, როგორიც ჩვენია, იშლება ორიდან ერთი მიზეზის გამო: მთლიანობაში მცხოვრებნი ხდებიან ან სრულიად კარგები ან სრულიად ბოროტები. ამგვარად, მსოფლიო გონება წარმოქმნის ძალას, რომელიც ათავისუფლებს დატყვევებულ ატომებს, რომლებიც დედამიწაზეა შეკრული. ზოგჯერ ქვეყნდება საშინელი განცხადებები "მსოფლიოს დასასრულის" შესახებ. განწირვის უახლესი წინასწარმეტყველება გამოსცა პასადენას მეუფემ, რომელმაც საჯაროდ დააწესა "განკითხვის დღე" 1945 წლის 21 სექტემბერს. საყოველთაო მედიის ჟურნალისტებმა ჩემი აზრი მკითხეს; მე ავუხსენი, რომ მსოფლიო ციკლები მიჰყვება მოწესრიგებულ პროგრესს ღვთიური გეგმის მიხედვით. არავითარი მიწიერი დაშლა არ ჩანს; ორი მილიარდი წლის აღმავალი და დაღმავალი ბუნიობის ციკლები ჯერ კიდევ წინ არის ჩვენი პლანეტის ამჟამინდელი ფორმით. რიშის მიერ მოცემული მაჩვენებლები მსოფლიოს სხვადასხვა ეპოქაში იმსახურებს ფრთხილად შესწავლას დასავლეთში; ჟურნალმა Time-მა (1945 წლის 17 დეკემბერი, გვ. 6) მათ „გამამხნევებელი სტატისტიკა“ უწოდა.
16.7. თავი VI:13.
16.8. „სხეულის სანთელი შენი თვალია. როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია. მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია.“ „ამიტომ უყურე: ნათელი, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის?“ ლუკ. 11:34-35.
16.9. ინდუისტური ფილოსოფიის ექვსი სისტემიდან ერთ-ერთი. სანხია ასწავლის საბოლოო ემანსიპაციას ოცდახუთი პრინციპის ცოდნით, დაწყებული პრაკრიტით ან ბუნებით და დამთავრებული პურუშით ან სულით.
16.10. სანხიას აფორიზმები, I: 92.
16.11. მათე 24:35.
16.12. მათე 12:50.
16.13. იოანე 8:31-32. „ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.“ (თუნდაც მათ, ვინც ქრისტეს ცნობიერებაშია დამკვიდრებული) იოანე 1:12.
16.14. „მიუგო დედაკაცმა გველს: რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა,“ „ ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო.“ დაბადება 3:2-3.
16.15. „უთხრა ადამმა: შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე.“ „უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა ჩაიდინე? თქვა დედაკაცმა: გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე.“ დაბადება 3:12-13.
16.16. „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.““ აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.“ დაბადება 1:27-28.
16.17. „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად.“ დაბადება 2:7
16.18. „გველი (სექსუალური ენერგია) ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, (სხვა ადამიანის სხვა შეგრძნებათა ორგანოები),. დაბადება 3:1.
16.19. „უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა. დაბ.2:8. „გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული.“ დაბ.3:23. ღვთის მიერ პირველად შექმნილ ღვთაებრივ ადამიანს მისი ცნობიერება შუბლზე (აღმოსავლეთით) ყოვლისშემძლე თვალში იყო ორიენტირებული. მისი ნების ყოვლისმომცველი შემოქმედებითი ძალები, კონცენტრირებული ამ წერტილზე, დაკარგა ადამიანმა, როდესაც მან დაიწყო თავისი ფიზიკური ბუნების „მიწის დამუშავება“.