პარამაჰანსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია

პარამაჰანსა იოგანანდა
5
2

მთარგმნელები: ნინო გურული და ირინე ქრისტინე ნუცუბიძე

სურნელოვანი წმინდანი მის სასწაულებს გვიჩვენებს

თავი მეხუთე - სურნელოვანი წმინდანი მის სასწაულებს გვიჩვენებს

"ყველაფერს ცისქვეშეთში აქვს თავისი სეზონი, ყოველ მიზანს კი თავისი დროება."

სოლომონის ეს სიბრძნე, ნამდვილად არ მქონდა  ჩემდა სანუგეშოდ. სახლიდან ნებისმიერი სამოგზაურო გასვლა გურუს გაფაციცებული ძიება იყო ჩემთვის. თუმცა ჩვენი გზები მაინც არ გადაკვეთილა, მანამ სანამ საშუალო სკოლა არ დავამთავრე.

ორი წელი გავიდა იმ დღიდან, რაც ამართან ერთად ჰიმალაებისკენ გავეშურე და ასევე იმ დიდი დღის დადგომიდან, როდესაც იუქტეშვარას შევხვდი. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ბრძენი ვიხილე - "სურნელოვანი წმინდანი", "ვეფხვის სვამი", ნაგენდრა ნათჰ ბჰადური, ოსტატი მაჰასაია და ცნობილ ბენგალიელი მეცნიერი - ჯაგადიშ ჩანდრა ბოსე.

ჩემს შეხვედრას „სურნელოვან წმინდანთან“ ორი პრეისტორია უძღვოდა, ერთი ჰარმონიული, მეორე კი იუმორისტული.

"ღმერთი მარტივია. დანარჩენი ყველაფერი რთულია. ნუ ეძებთ აბსოლუტურ ღირებულებებს ამ ფარდობითი ბუნების სამყაროში."
ეს ფილოსოფიური დასკვნები ნაზად მოსწვდა ჩემს ყურს, როდესაც უჩუმრად ვიდექი კალის ტაძრის გამოსახულების წინ. შემობრუნებისთანავე მაღალ კაცს შემოხვდა ჩემი მზერა, რომლის ჩაცმულობამ, უფრო მეტად კი მისი სამოსის სიმცირემ მოხეტიალე სადჰუს ხატება წარმოაჩინა ჩემს წინაშე.

"თქვენ ნამდვილად დამაბნიეთ." მადლიერებით გავუღიმე. "ბუნებაში კეთილი და საშინელი ასპექტების აღრევა, როგორც ეს კალის მიერ არის სიმბოლიზებული, ჩემზე გაცილებით გონიერ თავებსაც აგდებს საგონებელში!"

"მხოლოდ ძალიან ცოტას თუ შეუძლია, ამ საიდუმლოს ამოხსნა! სიკეთე და ბოროტება რთული გამოცანაა, რომელსაც ცხოვრება სფინქსივით უყენებს წინ ყოველ გონებას. ამის გადაწყვეტის გარეშე, კაცთა უმეტესობა  საზღაურს თავისი ცხოვრებით იხდის, ზუსტად ისე როგორც თებეს დღეებში იყო. სადაც არ უნდა იყოს მაღალი მარტოსული ფიგურა არასოდეს გოდებს დამარცხებაზე . ის ორმაგობის მაიადან როგორღაც მაინც ამოკრეფს ერთიანობის უწყვეტ ჭეშმარიტებას."

– დარწმუნებით ლაპარაკობთ, ბატონო.

"დიდი ხანია ვაპრაქტიკებ გულწრფელ ინტროსპექციას, რაც სიბრძნისადმი დიდად მტკივნეული მიდგომაა. თვითშემოწმება, საკუთარი აზრების დაუნდობელი დაკვირვება მძაფრი და გამანადგურებელი გამოცდილებაა. ეს პროცესი ნაცარტუტად აქცევს ყველაზე ძლიერ ეგოსაც კი. ამგვარი ჭეშმარიტი თვითანალიზი მათემატიკური სიზუსტით ამრავლებს მაყურებელთაც. და ეს „თვითგამოხატვის“ გზა, ინდივიდუალური აღიარებები, ეგოისტებში რწმენას ბადებს მათ უფლებაზე, მოხდინონ საკუთარი ინტერპრეტაციები ღმერთსა და სამყაროზე."

„ჭეშმარიტება კი თავმდაბლად მიიმალება ხოლმე, ასეთი ამპარტავანი ორიგინალურობის დროს“. დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის ამ დისკუსიაში ჩაბმა.

"ადამიანი ვერ გაიგებს მარადიულ ჭეშმარიტებას მანამ, სანამ პრეტენზიებისგან არ განთავისუფლდება. ადამიანის საუკუნოვანი ლორწოსგან გაშიშვლებული გონება აურაცხელი ამქვეყნიური ილუზიებით სავსე საზარელ ცხოვრებას იტევს. ყოველგვარი ბრძოლის ველი უმნიშვნელოდ გადაიქცევა, მაშინ როდესაც ადამიანი პირველად შეებმება საკუთარ შინაგან მტრებს! მათ არაფერი აქვთ საერთო მოკვდავ მტრებთან და მათი დამარცხება მხოლოდ  ძლევამოსილების შემზარავ ჯარს შეუძლია! ყველგან მყოფი, მოუსვენარი, ძილშიც კი მისდევს ადამიანს, დახვეწილად აღჭურვილი მიაზმური იარაღით, ეს უმეცარი ვნების ჯარისკაცები ყველა ჩვენგანის მოკვლას ცდილობენ. დაუფიქრებელია ის ადამიანი, ვინც თავის იდეალებს დამარხავს და საყოველთაო ბედს შეეგუება. განა ასეთ დროს ადამიანი შეიძლება ელოდეს რაიმეს გარდა დაბეჩავდებისა, გახევებისა და უმეცრებაში გადაშვებისა?"

– პატივცემულო ბატონო, განა თქვენ არ უთანაგრძნობთ საგონებელში ჩავარდნილთა მასებს?

ბრძენი წამით გაჩუმდა, შემდეგ კი ორაზროვნად გასცა პასუხი ამ კითხვას.

უხილავი ღმერთის, რომელიც საცავია ყველა სათნოებისა, ანდა ხილული ადამიანის სიყვარული, როგორც ჩანს, იშვიათად თუ გააჩნია ვინმეს, ეს არის ის, რაც თითქმის მიუწვდომელია! მაგრამ შემოქმედებითობა ლაბირინთს ჰგავს. შინაგანი კვლევა მალე ავლენს ერთიანობას ყველა ადამიანის გონებაში - ეგოისტების მტკიცე ნათესაობას. ერთის მხრივ ასე ადამიანთა ძმობა ვლინდება. გასაოცარი თავმდაბლობა მოჰყვება ამ ყველაფრის დამბალანსებელ აღმოჩენას. იგი  თანაგრძნობად მწიფდება თანამოძმეების მიმართ, რომელთაც ჯერაც არ იციან სულის ის სამკურნალო შესაძლებლობები, რაც აღმოჩენის მოლოდინშია."

„ყოველი ეპოქის წმინდანები, ბატონო, თქვენსავით განიცდიდნენ სამყაროსეულ მწუხარებას“.

"მხოლოდ ზედაპირული ადამიანი არ არის მგრძნობიარე სხვისი ცხოვრების განსაცდელის მიმართ, რადგან ის საკუთარ ვიწრო ტანჯვაშია ჩაძირული." სადჰუს მკაცრი სახე შესამჩნევად შერბილდა. "ის, ვინც თვითგაწონასწორებას ცდილობს, იფართოებს საყოველთაო სიბრალულის განცდას. ამ დროს იგი თავისუფალია ეგოს დამაყრუებელი მოთხოვნებისგან. ღმერთის სიყვარული ასეთ ნიადაგზე ჰყვავის. შექმნილი საბოლოოდ მიმართავს თავის შემოქმედს ტანჯვით აღსავსე კითხვით: „რატომ, უფალო, რატომ?“ ტკივილის მათრახებით გაშოლტილი ადამიანი საბოლოოდ გადადის უსასრულო ყოფაში, რომლის სილამაზეც მისთვის მხოლოდ მაცდუნებელი ძალაა“.

მე და ბრძენი კალკუტას კალიგჰატის ტაძარში ვიყავით, იქ მისი ცნობილი ბრწყინვალების სანახავად წავედი. მომხიბვლელი ჟესტით ჩემმა შემთხვევითმა კომპანიონმა საკუთარი საქვეყნო აღიარება უარყო.

"აგური და ნაღმტყორცნები არ მღერიან ჩვენთვის გასაგონ ჰანგებზე; გული იხსნება მხოლოდ ადამიანის ყოფიერების გალობაზე."

ჩვენ იქვე ვისეირნეთ, შემოსასვლელში, მომაჯადოებელი მზისკენ, სადაც ერთგულთა სიმრავლე მიმოდიოდა წინ და უკან.

— ახალგაზრდა ხარ. ბრძენმა დაფიქრებულმა მითხრა. "ინდოეთიც ახალგაზრდაა. ძველმა რიშებმა წარმოაჩნეს სულიერი ცხოვრების წარუშლელი ნიმუშები. მათი ძველთაძველი გამონათქვამები დღევანდელი დღისთვის და მიწისთვისაც საკმარისია. მოუძველებელი, სადა, მზაკვრულ მატერიალიზმთან შერკინებული, ეს დისციპლინური სწავლებანი ჯერ კიდევ აყალიბებს და თლის ინდოეთს. ათასწლეულების შემდეგ ხელმოცარული მკვლევარები იმაზე ზრუნავენ რომ გამოთვლები ჩაატარონ ამაზე! - სკეპტიკოსმა Time-მაც კი დაადასტურა ვედური ღირებულება. მიიღეთ ეს თქვენს მემკვიდრეობად."
 
როცა პატივისცემით ვემშვიდობებოდი მჭევრმეტყველ სადჰუს, მან გამოავლინა ნათელმხილველური უნარი: „მას შემდეგ რაც აქედან წახვალ, უჩვეულო გამოცდილება შემოგხვდება გზაზე“.

დავტოვე ტაძარი და უმიზნოდ დავხეტიალობდი შორიახლოს. კუთხეში მობრუნებულს ძველი ნაცნობი შემომხვდა - ერთ-ერთი იმ სიტყვაუხვ ადამიანთაგანი, რომლის საუბრის უნარიც სრულიად უგულებელყოფს დროს და სცდება მარადისობას.

"ძალიან ცოტა ხანში გაგიშვებ, თუ მეტყვი ყველაფერს, რაც ჩვენი განშორების ექვსი წლის განმავლობაში მოხდა."

"რა სისულელეა! ახლავე წავალ."

მაგრამ მან ხელი მომიჭირა, მაიძულებდა ეს ინფორმაცია დეტალურად მომეთხრო მისთვის. „ის მძვინვარე მგელივითაა“- გავიფიქრე გაკვირვებულმა; რაც უფრო მეტხანს ვლაპარაკობდი, მით უფრო შიმშილით ისრუტავდა იგი ახალ ამბებს. გულში ვევედრებოდი ქალღმერთ კალის, რომ ჩემთვის ამ ყველაფრისგან გაქცევის საშუალება ეწყალობებინა.

მერე ჩემმა თანამგზავრმა მოულოდნელად მიმატოვა. შვებით ამოვისუნთქე და ტემპი ორჯერ გავზარდე იმის შიშით, რომ რაიმე მსგავსი არ განმეორებულიყო. ზურგს უკან სწრაფი ნაბიჯების ხმა მომესმა, მეც ნაბიჯებს ავუჩქარე. უკან მოხედვა ვერ გავბედე. მაგრამ უცებ ვინმე ახალგაზრდა შემომიერთდა და მხიარულად მომხვია მხარზე ხელი.

"დამავიწყდა მეთქვა განდჰა ბაბაზე (სურნელოვანი წმინდანი), რომელიც აგერ იმ სახლის დიდი სიმდიდრე და მშვენიერებაა." მან მიუთითა რამდენიმე მეტრის მოშორებით მდგომ საცხოვრებელ სახლზე. "შეხვდი მას, ის საინტერესო პიროვნებაა. შეიძლება არაჩვეულებრივი გამოცდილება მიიღო. მშვიდობით," და მან ახლა უკვე ნამდვილად დამტოვა.

კალიგჰატის ტაძარში სადჰუს მიერ ამ ვითარების მსგავსმა წინასწარმეტყველებამ გამიელვა გონებაში. დაინტრიგებული შევედი სახლში და ფართო  მისაღები ოთახისაკენ გავწიე. იქ ხალხის ბრბო დამხვდა, აღმოსავლურ სტილში ფეხმორთხმულნი აქა-იქ სქელ ნარინჯისფერ ხალიჩაზე. ყურში საშიში ჩურჩული მომესმა:

"შეხედე განდჰა ბაბას, ის ლეოპარდის ტყავზეა დაბრძანებული. მას შეუძლია ნებისმიერ ყვავილს, თუნდაც უსუნოს, ბუნებრივი სურნელი შესძინოს, ასევე გააცოცხლოს დამჭკნარი ყვავილი, ან ადამიანის კანს სასიამოვნო სურნელი მიანიჭოს."

პირდაპირ წმინდანს გავხედე; მან სწრაფი მზერა ჩემზე შეაჩერა. ის იყო მსუქანი და წვერიანი, მუქ კანიანი და დიდი, მბზინავთვალებიანი ადამიანი.

"შვილო, მიხარია შენი ნახვა. მითხარი, რა გსურს. გინდა რაიმე სურნელი?" 

"რისთვის?" მისი რემარკა საკმაოდ ბავშვურად მომეჩვენა.

"იმისთვის რომ სურნელებით ტკბობის სასწაულებრივი გზა გამოცადო."

"თქვენ რა სურნელის შესაქმნელად ღმერთს აწუხებთ?"

"რატომ? ღმერთი ისედაც ქმნის მათ."

"დიახ, მაგრამ ის ქმნის მცირე ბოთლებს უცაბედი გამოყენებისთვის რაც მერე გადაგდებას საჭიროებს. შეგიძლიათ ყვავილების მატერიალიზება?"

"პარფიუმერიას ვაკეთებ, პატარა მეგობარო."

"მაშინ სუნამოს ქარხნები არსებობას შეწყვეტენ".

"მე მათ უფლებას მივცემ, თავიანთი ვაჭრობა შეინარჩუნონ! ჩემი მიზანი კი ის არის, რომ ღმერთის ძალა ვაჩვენო."

"ბატონო, საჭიროა თუ არა ღმერთის არსებობის დამტკიცება? განა ის ისედაც არ ახდენს სასწაულებს ყველაფერში, ყველგან?"

"დიახ, მაგრამ ჩვენც უნდა გამოვავლინოთ მისი უსაზღვრო შემოქმედებითი მრავალფეროვნება."

"რამდენი დრო დაგჭირდათ, რომ ამ ხელოვნებას დაუფლებოდით?"

"თორმეტი წელი."

"ასტრალური საშუალებებით სურნელების დასამზადებლად! როგორც ჩანს, ჩემო პატივცემულო წმინდანო, თქვენ ათიოდე წელს კარგავთ იმ სურნელების დასამზადებლად, რომლებიც შეგიძლიათ, რამდენიმე რუპიის ფასად ფლორისტული მაღაზიიდან შეიძინოთ."

"კი, მაგრამ ეს სურნელი ყვავილებთან ერთად ქრება."

"სურნელი სიკვდილთან ერთად ქრება. რატომ უნდა ვისურვო ის, რაც მხოლოდ სხეულს ახარებს?"

"ბატონო ფილოსოფოსო, თქვენ ახარებთ ჩემს გონებას. ასწიეთ წინ მარჯვენა ხელი." მან კურთხევის ჟესტი აჩვენა.

განდჰა ბაბასთან რამდენიმე ფუტის დაშორებით ვიყავი; სხვაც არავინ იყო საკმარისად ახლოს, ისე რომ ჩემს სხეულს შეხებოდა. ხელი ავწიე, რომელსაც იოგი არ შეხებია.

"რა სურნელს ისურვებ?"

"ვარდის".

" დაე ასე იყოს."

ჩემდა გასაკვირად, ვარდის მომხიბვლელი სურნელი ძლიერად გადმოიფრქვა ჩემი ხელის გულიდან. ღიმილით ავიღე დიდი თეთრი უსუნო ყვავილი ახლომდებარე ვაზიდან.

"შეიძლება თუ არა ამ უსუნო ყვავილს ჟასმინის სურნელი ასდიოდეს?"

 "დაე ასე იყოს."

ფურცლებიდან მომენტალურად გამოიფრქვა ჟასმინის სურნელი. მადლობა გადავუხადე საოცრების მქმნელს და მის ერთ-ერთ მოწაფესთან დავჯექი. მან მაცნობა, რომ განდჰა ბაბამ, რომლის ნამდვილი სახელი იყო ვიშუდჰანანდა, იოგას მრავალი გასაოცარი საიდუმლოება ტიბეტელი ოსტატისგან ისწავლა. ტიბეტელი 

იოგის ასაკი, როგორც დამარწმუნეს ათას წელზე მეტს ითვლიდა.

"მისი მოწაფე განდჰა ბაბა ყოველთვის არ ასრულებს თავის სურნელოვან სასწაულებს ისეთი მარტივი სიტყვიერი წესით, რასაც თქვენ ახლა შეესწარით." სტუდენტი აშკარა სიამაყით საუბრობდა თავისი ოსტატის შესახებ. "მისი პროცედურა ძალიან განსხვავებულად ვლინდება ტემპერამენტთა მთელი მრავალფეროვნების შესაბამისად. ის საოცარია! მის მიმდევართა შორის კალკუტის ინტელიგენციის მრავალი წარმომადგენელია."

შინაგანად გადავწყვიტე, მათ რიცხვისთვის ჩემი თავი არ მიმემატებინა. ეს გურუ -ძალიან პირდაპირი მნიშვნელობით ასე ვთქვათ "გასაოცარი", არ იყო მაინცდამაინც ჩემი გემოვნებისა. 

განდჰა ბაბას თავაზიანი მადლიერებით გამოვემშვიდობე. სახლში გასვლისას ვფიქრობდი იმ სამ განსხვავებულ შეხვედრაზე, რომელიც იმ დღეს გადამხდა.

ჩვენი გურპარ როუდის კარში შესულს ჩემი და, უმა შემომხვდა.

"სუნამოების გამოყენება საკმაოდ ელეგანტურს გხდის!"

უსიტყვოდ ვანიშნე ჩემი ხელიდან სურნელი შეეგრძნო.

"რა მიმზიდველი ვარდის სურნელია! უჩვეულოდ ძლიერია!"

როდესაც იგი იმას ფიქრობდა თუ როგორ როგორ "ძალიან უჩვეულო" იყო ეს სურნელი, ჩუმად  ასტრალურად გასურნელებული ყვავილი მივუახლოვე მის ნესტოებს.

"ოჰ, როგორ მიყვარს ჟასმინი!" მან ყვავილი წამართვა. სასაცილო დაბნეულობამ გადაუარა სახეზე, როცა არაერთხელ შეისუნთქა ჟასმინის სუნი ყვავილის იმ სახეობიდან, რომელიც კარგად იცოდა, რომ უსუნო იყო. მისმა რეაქციებმა გააქარწყლა ჩემი ეჭვი იმაზე, რომ განდჰა ბაბამ უბრალოდ ავტო-ჰიპნოზის მდგომარეობა გამოიწვია ჩემში, რომლითაც მხოლოდ მე შევძლებდი სურნელების  შეგრძნებას.

მოგვიანებით მეგობრისგან, ალაკანანდასგან გავიგე, რომ "სურნელოვან წმინდანს" ჰქონდა ძალა, რომელიც ვისურვებდი, რომ ჰქონოდა მილიონობით მშიერ აზიელს  და დღეს უკვე ევროპელსაც.

"მე სხვა ას სტუმართან ერთად ვიყავი განდჰა ბაბას სახლში ბურდვანში", - მითხრა ალაკანანდამ. "ეს იყო გალა შემთხვევა. ითვლებოდა რომ იოგს ჰაერიდან საგნების წარმოშობის უნარი ჰქონდა, მე სიცილით ვთხოვე მას რამდენიმე არასეზონური მანდარინი გაეჩინა. მაშინვე ლუჩები, რომელიც ბანანის ფოთლის თეფშებზე იყო გაიბერა. აღმოჩნდა, რომ იქ გაფცქვნილი მანდარინები იყო. მე ისინი რაღაცნაირი განგაშით ჩავკბიჩე, მაგრამ მართლაც გემრიელი აღმოჩნდა."

წლების შემდეგ გავაცნობიერე თუ, როგორ ახდენდა განდჰა ბაბა ასეთ მატერიალიზაციას. ეს მეთოდი, სამწუხაროდ მიუწვდომელია მსოფლიოს მშიერთა ჯარისთვის.

სხვადასხვა სენსორული სტიმულაცია, რომლებზეც ადამიანი რეაგირებს - ტაქტუალური, ვიზუალური, გემოს შეგრძნებითი, სმენითი და ყნოსვითი - წარმოიქმნება ელექტრონებისა და პროტონების ვიბრაციული ცვალებადობით. ვიბრაციები, თავის მხრივ, რეგულირდება "ლაიფტრონებით", დახვეწილი სიცოცხლის ძალებით ან ატომზე წვრილმანი ენერგიებით, რომლებიც გონივრულადაა დამუხტული ხუთი გამორჩეული სენსორული იდეით - სუბსტანციით.

განდჰა ბაბამ, იოგის გარკვეული პრაქტიკით კოსმიურ ძალასთან ჰარმონიზაციით, შეძლო ლაიტრონების მართვა, მათი ვიბრაციული სტრუქტურის გადაკეთება და სასურველი შედეგის ობიექტივიზაცია. მისი სუნამო, ხილი და სხვა სასწაულები იყო ამქვეყნიური ვიბრაციების რეალური მატერიალიზაცია და არა ჰიპნოზურად წარმოქმნილი თვითშეგრძნებები. 

სასწაულებრივი წარმოდგენები, როგორიცაა "პარფიუმერი წმინდანის" სასწაულები სანახაობრივი გახლავთ, თუმცა სულიერად უსარგებლო. მათ გართობის მიღმა მცირე დანიშნულება თუ აქვთ, ისინი არიან ერთგვარი აცდენის გზები ღმერთის სერიოზული ძიებიდან.

ჰიპნოზს იყენებდნენ ექიმები მცირე ოპერაციებში, როგორც ერთგვარ ფსიქიკურ ქლოროფორმს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საანესთეზიო საშუალების მიღება არ შეუძლიათ. მაგრამ ჰიპნოზური მდგომარეობა საზიანოა მათთვის, ვინც ხშირად ექვემდებარება მას; ჩნდება უარყოფითი ფსიქოლოგიური ეფექტი, რომელიც დროთა განმავლობაში არღვევს ტვინის უჯრედებს. ჰიპნოტიზმი არის სხვისი ცნობიერების ტერიტორიაზე შეჭრა. ამ დროებით ფენომენებს არაფერი აქვთ საერთო იმ სასწაულებთან რომელთაც ღვთაებრივი ცნობიერების მქონე ადამიანები ავლენენ. გამოიღვიძე ღმერთში, ჭეშმარიტი წმინდანები ქმნიან ცვლილებებს ამ სიზმრების სამყაროში თავიანთი ნებისყოფის საშუალებით, რომელიც ჰარმონიულ თანხმიერებაშია კოსმოსის შემქმნელ დიად მეოცნებესთან.

არაჩვეულებრივი ძალების ოსტატურ გამოვლინებებს ოსტატები უარყოფენ. სპარსელმა მისტიკოსმა, აბუ საიდმა, ერთხელ დასცინა ზოგიერთ ფაკირს, რომლებიც ამაყობდნენ წყალში, ჰაერში და კოსმოსში თავიანთი სასწაულებრივი ძალებით.

"ბაყაყიც გრძნობს თავს სახლში როდესაც წყალშია!" აბუ საიდმა ნატიფი დაცინვით აღნიშნა. "ყვავიცა და სვავიც იოლად დაფრინავენ ჰაერში; ეშმაკი ერთდნაირად იმყოფება აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც! ჭეშმარიტი ადამიანი არის ის, ვინც სიმართლით ცხოვრობს თანამემამულეებს შორის, რომელიც ყიდულობს და ყიდის, მაგრამ წამით არ ივიწყებს ღმერთს!" ასევე დიდმა სპარსელმა მასწავლებელმა თავისი შეხედულება რელიგიურ ცხოვრებაზე ასე წარმოადგინა: „განზე გადადო ის, რაც შენს თავში გაქვს (ეგოისტური სურვილები და ამბიციები); თავისუფლად გასცე ის, რაც ხელში გაქვს და არასოდეს გაექცე დარტყმებს უბედურებისგან!"

ვერც კალიგჰატის ტაძრის მიუკერძოებელმა ბრძენმა და ვერც ტიბეტში გაწვრთნილმა იოგმა დააკმაყოფილა ჩემი ლტოლვა გურუსკენ. ჩემს გულს არ სჭირდებოდა მასწავლებელი მისი გარეგანი აღიარებისთვის, ან "ბრავოს" მისი შინაგანი ძახილით, რომელიც კიდევ უფრო მეტად ხმამაღალია, რადგან დუმილისაგან მომდინარეობს. როდესაც საბოლოოდ ჩემს ბატონს შევხვდი, მან სწორედ ის მასწავლა, რომ ჭეშმარიტი კაცის სიმაღლე მხოლოდ მისი მაგალითით იზომება.
 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff