კოსმიური ცნობიერების გამოცდილება
მთარგმნელი : ქრისტეანე
„აი, ისევ მოვედი, გურუჯი!“ ჩემი დარცხვენილი სახე უფრო მეტს ამხელდა, ვიდრე ჩემი სიტყვები.
„მოდი, წავიდეთ სამზარეულოში; ვნახოთ, თუ ვიპოვით რამეს საჭმელად“, მითხრა შრი იუკტეშვარმა. ისე იქცეოდა, თითქოს დღეები კი არა, საათები გავიდა, მას შემდეგ, რაც ერთმანეთი არ გვინახავს.
„ოსტატო, რა თქმა უნდა, იმედი გაგიცრუეთ ჩემი უეცარი წასვლით და მოვალეობის უგულებელყოფით; მე მეგონა, ჩემზე გაბრაზებული იქნებოდით.“
„არავითარ შემთხვევაში! ბრაზი მოდის მხოლოდ აუსრულებელი სურვილებიდან. მაგრამ რადგან სხვებისაგან არასოდეს არაფერს ველოდები, არავის შეუძლია ჩემი სურვილების წინააღმდეგ წასვლა. მე არასოდეს გამოგიყენებდი ჩემი მიზნებისათვის, რადგან ბედნიერი ვარ მხოლოდ მაშინ, როცა შენ გულწრფელად ბედნიერს გხედავ.“
„გურუჯი, ჩვენ ბუნდოვნად გვესმის ღვთაებრივი სიყვარული; მაგრამ დღეს თქვენი ანგელოზური ქცევით კონკრეტული მაგალითი მომეცით. ამქვეყნად მამაც კი არ აპატიებს თავის შვილს, თუ ის მშობლის საქმიანობას წინასწარი გაფრთხილების გარეშე დატოვებს. თქვენ კი ოდნავი წყენაც არ გამოგივლენიათ, მიუხედავად იმისა, ჩემი დავალებების შეუსრულებლობით დიდი უხერხულობა მოგიტანეთ.“
ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში, საიდანაც ცრემლები გვცვიოდა. ნეტარების ტალღამ გადამიარა და ვიგრძენი როგორ აფართოვებდა უფალი _ ჩემი გურუს სახით _ ჩემი გულის პატარა ალს კოსმიური სიყვარულის ყოვლისმომცველი ცეცხლისაკენ.
რამდენიმე დღის შემდეგ, ადრიან დილით მისაღებში ოსტატს მედიტირებისას შევხვდი. მედიტაციას ვგეგმავდი, თუმცა ჩემი საქებარ განზრახვას ურჩი ფიქრები არ იზიარებდნენ. ფიქრები იფანტებოდნენ, როგორც ჩიტები ნადირობამდე.
„მუკუნდა!“, გაისმა შრი იუკტეშვარის ხმა შორეული შიდა აივნიდან.
მეც ისევე მეამბოხე ვიყავი, როგორიც ჩემი ფიქრები. „ოსტატი ყოველთვის მომიწოდებს მედიტაციისკენ“, ვჩურჩულებდი ჩემთვის, „მან არ უნდა შემაწუხოს, როცა იცის, რატომ შემოვედი მის ოთახში.“
ცოტა ხანში ისევ დამიძახა, მაგრამ მე ჯიუტად ვდუმდი. მესამედ მისი ტონი საყვედურს შეიცავდა.
„ოსტატო, ვმედიტირებ!“ დავიყვირე მე პროტესტის ნიშნად.
„ვიცი, როგორც მედიტირებ“, დამიყვირა ჩემმა ოსტატმა უკან. „შენი აზრები ირგვლივ ფრიალებენ, როგორც ფოთლები ქარიშხალში. მოიწიე ახლა ჩემსკენ!“
დამცირებული და გამომღავნებული, მოწყენილმა გავემართე მისკენ.
„საწყალო ბიჭო, მთები ვერ მოგცემენ იმას, რისკენაც შენ ილტვი“, მითხრა ოსტატმა დასამშვიდებლად და აღსავსე სიკეთით. ჩუმი და ამოუცნობი მზერით მან განაგრძო : „შენი გულის წადილი აგისრულდება!“
შრი იუკტეშვარი იშვიათად საუბრობდა გამოცანებით, ამიტომ არ ვიცოდი მისი სიტყვები როგორ გამეგო. შემდეგ მან გულმკერდზე ნაზად დამარტყა.
მაშინვე ადგილზე ჩაფესვიანებულივით გავშეშდი. სუნთქვა ფილტვებიდან, თითქოს მაგნიტი, ისე ამომეწურა. გონებამ და სულმა მყისიერად დაარღვია მიწიერი კავშირები და ჩემი სხეულის ყოველი ფორიდან, როგორც შუქის დამაბრმავებელი ღვარცოფი, ისე გადმოიღვარა. ხორცი თავს გარდაცვლილად გრძნობდა და ამავდროულად ძლიერ გამოფხიზლებული ვიყავი. ასეთი ცოცხალი არასდროს ვყოფილვარ. ჩემი მე_ცნობიერება აღარ შემოიფარგლებოდა სხეულით, არამედ მოიცავდა ჩემს გარშემო არსებულ ყველა ატომს. ადამიანები შორეული ქუჩებიდან უცებ გამოჩდნენ ჩემს ხედვაში, რომელიც განუზომლად იყო გადაჭიმული. მცენარეებისა და ხეების ფესვები გამობრწყინდა გამჭირვალე ნიადაგიდან ისე, რომ მე წვენის შიდა ნაკადს ვხედავდი.
მთელი მიმდებარე ტერიტორია გადაიშალა ჩემ წინ. ჩემი ჩვეული ფრონტალური ხედვა ახლა შეცვალა უზარმაზარმა სფეროსებულმა ხედვამ, ერთდროულად ყოვლისმომცველმა. ჩემს უკან დავინახე რამდენიმე ადამიანი, რომლებიც რაი-გატის შესახვევის ბოლოსკენ მიდიოდნენ და სხვა დანარჩენთან ერთად შევნიშნე : თეთრი ძროხა, რომელიც მშვიდად მიუახლოვდა ჩვენს სახლს. როდესაც მან აშრამის ღია კარიბჭეს მიაღწია, მე ის ჩემი ფიზიკური თვალებით დავინახე. მაშინაც კი, როცა ის ეზოს აგურის კედლის მიღმა გაუჩინარდა, მე მაინც ნათლად ვხედავდი მას.
ჩემი პანორამული ხედვის ველში ყველა ობიექტი კანკალებდა და როგორც ფილმის სურათები ისე ვიბრირებდნენ. ჩემი სხეული, ოსტატის სხეული, სვეტებიანი ეზო, ავეჯი და მიწის საფარი, ხეები და მზის შუქი მოძრაობდნენ ძალადობრივად მანამ, სანამ ისინი მანათობელ ზღვაში არ გადაიშალნენ, ისევე როგორც შაქარყინული იხსნება წყალში ჭიქის შერყევისას. გამაერთიანებელი სინათლე და მატერიალიზირებული ფორმები მუდმივად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს _ მეტამორფოზა, რომელმაც სამყაროში გაბატონებული მიზეზისა და შედეგის კანონი თვალწინ მაჩვენა.
უზომო სიხარული მოედო ჩემი სულის ჩუმ, გაუთავებელ ნაპირებს. მე მივხვდი, რომ ღვთაებრივი სული ამოუწურავი ნეტარებაა და რომ მისი სხეული უთვალავი სინათლის ქსოვილისაგან შედგება. ჩემში გავრცელებულმა ნეტარებამ მოიცვა ქალაქები, კონტინენტები, დედამიწა, მზეები და ვარსკვლავური სისტემები, ეთერული პირველყოფილი ნისლეულები და მცურავი სამყაროები. მთელი კოსმოსი ბზინავდა, როგორც შორეული, ღამის ქალაქი ჩემივე უსასრულობაში. კაშკაშა შუქი მკვეთრად გამოხატული ჰორიზონტის ხაზის მიღმა ოდნავ ქრებოდა გარე კიდეებზე და ენით აუწერელი დახვეწილობის მუდმივ, რბილ ნათებად იქცა. პლანეტების გამოსახულებები, მეორეს მხრივ, უფრო უხეში შუქისაგან იყო ფორმირებული.
ღვთაებრივი სხივები მოედინებოდნენ მარადიული წყაროდან ყველა მიმართულებით და ქმნიდნენ ირმის ნახტომის სისტემებს, რომლებიც გარდაიქმნენ ენით აღუწერელ აურაში. ისევ და ისევ, ვხედავდი, როგორ კონდენსირდებოდა შემოქმედებითი სხივები თანავარსკვლავედებად და შემდეგ გამჭვირვალე ალის ფურცლებად იშლებოდა. რიტმული მონაცვლეობით, მილიონობით სამყარო გაჩნდა ამ გამჭირვალე ნათებაში _ ცეცხლი ცისარტყელად იქცა.
ვგრძნობდი, რომ ამ სინათლის სამოთხის ცენტრი ჩემს გულში იყო _ ეს იყო ჩემი ინტუიციური აღქმის ბირთვი. გახსივოსნებული ბრწყინვალება ამ შინაგანი ბირთვიდან სამყაროს ყველა ნაწილს მოედო. ნეტარი ამრიტა, უკვდავების ნექტარი, ჩემში ვერცხლისწყლის სითხესავით პულსირებდა. მე გავიგონე სიტყვა ომ,14.1. ვიბრაციული კოსმიური „ძრავის“ ხმა.
უცებ სუნთქვა ფილტვებში დამიბრუნდა. თითქმის აუტანელი იმედგაცრუებით ვიგრძენი, რომ უკიდეგანობა დავკარგე. კიდევ ერთხელ დავინახე, რომ გამომწყვდეული ვიყავი სხეულის დამამცირებელ გალიაში, რომელის სულს ადვილად ვერ ეგუებოდა. უძღები შვილივით გავიქეცი ჩემი მაკროკოსმიური სახლიდან და ჩავიკეტე ვიწრო მიკროკოსმოსში.
ჩემი გურუ გაუნძრევლად იდგა ჩემ წინ. კოსმიური ცნობიერების გამოცდილებისთვის, რომელსაც დიდი ხანია ვნატრობდი, მინდოდა მადლიერების ნიშნად მის ფეხებთან დავმხობილიყავი. მაგრამ მან დამიჭირა და მშვიდად მითხრა :
„ძალიან ნუ დათვრები ექსტაზით. შენთვის ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ამქვეყნად. მოდი, აივანი გავწმინდოთ და მერე განგზე ჩავიდეთ“.
მე ცოცხი ავიღე, რადგან მივხვდი, რომ ოსტატს სურდა გაწონასწორებული ცხოვრების საიდუმლო ესწავლებინა. სულს უნდა შეეძლოს კოსმოგონიურ უფსკრულებში გადაადგილება, სანამ სხეული თავის ყოველდღიურ მოვალეობებს ასრულებს.
ცოტა მოგვიანებით, როცა შრი იუკტეშვართან ერთად სასეირნოდ გავედი, ჯერ კიდევ ენით აღუწერელ აღტაცებაში ვიყავი. ჩვენი ორივე სხეული წააგავდა ორ ასტრალურ გამოსახულებას, რომლებიც სუფთა სინათლის ნაკადის გასწვრივ მოძრაობდნენ.
„სამყაროს ყველა ფორმა და ძალა მხოლოდ ღმერთის სულით არის გაცოცხლებული და მხარდაჭერილი; ამასთან ის იმყოფება ნეტარ, დაქვემდებარებულ სიცარიელეში, გარეგნობის მძლავრი სამყაროს მიღმა, სადაც ის შორეული და ტრანსცენდენტული ჩანს“, განმარტა ოსტატმა.14.2. „ვინც მიაღწია თვითრეალიზაციას აქ, დედამიწაზე, იგივე ორმაგ ცხოვრებას ეწევა. ის კეთილსინდისიერად ასრულებს თავის დავალებებს სამყაროში, მაგრამ ყოველთვის რჩება შინაგან ნეტარებაში ჩაძირული.
ღმერთმა ყველა ადამიანი საკუთარი არსების უსაზღვრო სიხარულისაგან შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები, რომლებიც მან შექმნა თავისი ხატებით, შემოსაზღვრული არიან ცალკე სხეულში, ღმერთი მაინც მოელის მათ, რომ ერთ დღეს ამაღლდებიან ყველა ილუზიაზე და გაერთიანდებიან მასთან.“
ბევრი დაუვიწყარი გაკვეთილი ვისწავლე ჩემი კოსმიური ხედვიდან. ყოველდღე ვაჩუმებდი ჩემს აზრებს და ვთავისუფლდებოდი ცრუ იდეისგან, რომ ჩემი სხეული იყო ხორცისა და ძვლების მასა, რომელიც მატერიის მყარ ნიადაგზე მოძრაობდა. მივხვდი, რომ სუნთქვა და მოუსვენარი გონება ჰგავს ქარიშხლის ქარებს, რომლებიც სინათლის ზღვას აფრქვევენ და წარმოქმნიან მატერიალურ ტალღებს _ დედამიწას, ცას, ადამიანებს, ცხოველებს, ფრინველებს და ხეებს. მხოლოდ მათ, ვინც ამშვიდებს ამ ქარიშხალს, შეუძლია აღიქვას უსასრულობა, როგორც ყოვლისმომცველი ნათელი.
ყოველ ჯერზე, როცა სრულად ვამშვიდებდი ამ ორ ბუნებრივ არეულობას, ვხედავდი, რომ ქმნილების მრავალფეროვანი ტალღები დნებიან მანათობელ ზღვაში _ ისევე, როგორც მღელვარე ზღვა წყნარდება ქარიშლის შემდეგ.
ოსტატი თავის მოწაფეს მხოლოდ მაშინ აძლევს კოსმიური ცნობიერების გამოცდილებას, როდესაც მან გააძლიერა გონება მედიტაციის გზით იმდენად, რომ უკიდეგანო შინაგანი ხედვა აღარ აჭარბებს მას. მხოლოდ ინტელექტუალური მზადყოფნა და სულიერი გახსნილობა საკმარისი არ არის. მხოლოდ ცნობიერების სათანადო გაფართოებას, რომელიც მიღწეულია იოგასა და ერთგული ბჰაქტის საშუალებით, შეუძლია მოამზადოს ადამიანი ყოვლისშემძლეობის გამათავისუფლებელი შოკის ასატანად.
ეს ღვთაებრივი გამოცდილება აუცილებლად მოვა ღვთის ყოველ გულწრფელ მაძიებელთან. როგორც კი მისი ლტოლვა ღმერთისადმი იმდენად ინტენსიური და მაგნიტური გახდება, რომ მას შეუძლია მიიზიდოს იგი თავის ცნობიერების არეალში, ის შეძლებს დაინახოს იგი, როგორც კოსმიური ხედვა.
წლების შემდეგ დავწერე შემდეგი პოემა „სამადჰი“, რომელშიც ვცდილობდი მკითხველისათვის ამ ნეტარი მდგომარეობის შესახებ ცოტაოდენი წარმოდგენა შემექმნა:
გაქრნენ სინათლისა და ჩრდილის ფარდები,
აიზვირთა მწუხარების ყოველი ნისლი,
გაცურა წარმავალი სიხარულის ყველა გარიჟრაჟმა,
წავიდნენ ბუნდოვანი გრძნობათა მირაჟები.
სიყვარული, სიძულვილი, ჯანმრთელობა, ავადობა, სიცოცხლე, სიკვდილი,
გაუჩინარდნენ ორმაგობის ეკრანიდან ეს ცრუ ჩრდილები.
სიცილის ტალღები, სარკაზმის ცილები, მელანქოლიური მორევი,
დნებიან უკიდეგანო ნეტარების ზღვაში.
ჩაცხრა მაიას ქარიშხალი,
ღრმა ინტუიციის ჯადოსნური ჯოხით.
სამყარო, დავიწყებული ოცნება, ქვეცნობიერად მალული,
მზადაა შემოიჭრას ახლად გაღვიძებული ღვთაებრივი მეხსიერება ჩემი.
მე ვცხოვრობ კოსმიური ჩრდილის გარეშე,
მაგრამ ჩემგან დაცლილი არ არის იგი;
როგორც ზღვა არსებობს ტალღების გარეშე,
მაგრამ ისინი არ სუნთქავენ ზღვის გარეშე.
სიზმრები, გამოღვიძებები, ღრმა მდგომარეობები ტურია ძილის,
წარსული, აწმყო, მომავალი, აღარ არსებობენ ჩემთვის!
თუმცა ყოველგანმყოფი, ყოველგანმოლივლივე მე, მე, ყველგან.
პლანეტები, ვარკვლავები, ვარსკვლავთა მტვერი, დედამიწა,
ვულკანური ამოფრქვევები კატაკლიზმების განკითხვის დღისა,
ქმნილებათა ჩამოსხმის ღუმელი
და მდუმარე მყინვარები რენტგენისა,
ელექტრონების მბზინავი ზღვა
და ფიქრები ადამიანისა,
წარსული, ახლანდელი, რაც იქნება,
ბალახის ყოველი ღერი, თავად მე, კაცობრიობა,
ყოველი ნაწილაკი სამყაროს მტვერისა,
ბრაზი, სიხარბე, კარგი, ცუდი, ხსნა, ვნება _
ყველა ეს ჩავყლაპე, გარდავქმენი
ჩემი საკუთარი არსების სისხლის უკიდეგანო ოკეანეში!
მბჟუტავი სიხარული, ხშირად მედიტაციით გაბერილი,
ცრემლიანი თვალების მაბრმავებელი,
აფეთქებული ნეტარების უკვდავ ალებში,
მოიხმარს ჩემს თვალებს, ჩემს ჩარჩოს, ჩემს ყველაფერს!
შენ ვარ მე, და მე ვარ შენ!
ცოდნა, მცოდნე და ცნობილი, როგორც ერთი!
დამშვიდებული, დაურღვეველი მღელვარება, მარადიული სიცოცხლე,
მარად ახალი მშვიდობა!
მოლოდინის წარმოსახვის მიღმა სასიამოვნო,
სამადჰის ნეტარება!
არა არაცნობიერი მდგომარეობა
ან გონების ნარკოზი ნებაყოფლობითი დაბრუნების გარეშე,
სამადჰი აფართოვებს ჩემს ცნობიერ რეალობას,
მოკვდავი ჩარჩოს საზღვრების მიღმა,
მარადისობის შორეულ ნაპირებამდე,
სადაც მე _ როგორც კოსმიური ზღვა _
ვუყურებ პაწაწინა ეგოს, ჩემში მოცურავეს.
ბეღურა, ქვიშის ყოველი მარცვალი, არ ვარდება ჩემი ხედვის გარეშე,
მთელი სივრცე აისბერგივით ტივტივებს ჩემს გონებრივ ზღვაში,
კოლოსალური კონტეინერი, მე, ყველაფრისგან დამზადებული.
ღრმა, გრძელი, მოწყურებული, გურუს-მიერ-მოცემული მედიტაციით
მოდის ეს ციური სამადჰი!
ატომების მოძრავი ჩურჩული ისმინება,
ბნელი დედამიწა, მთები, ხეობები, აჰა! გამდნარი სითხე!
მიმდინარე ზღვები ნისლეულის ორთქლად გარდაიქმნება!
აუმ უბერავს ორთქლს და საოცრად ხსნის მათ ფარდებს.
ოკეანეები გამოვლენილია, ანათებენ ელექტრონები,
სანამ, საბოლოოდ არ გაისმა კოსმიური დოლის ხმა,
გაქრა უხეში სინათლე ყოვლისმომცველი ნეტარების მარადიულ სხივებად.
სიხარულიდან მოვედი, სიხარულისთვის ვცხოვრობ,
წმინდა სიხარულში დავდნები მე.
გონების ოკეანე, შემოქმედების ყველა ტალღას ვსვამ მე.
ოთხი ფარდა _ მყარი, თხევადი, ორთქლის, სინათლის,
სწორად აწეული.
თავად მე, ყველაფერში, შევდივარ უფრო დიდ მეში.
გაქრა სამუდამოდ, არეული, მოკვდავი მეხსიერების მბჟუტავი ჩრდილები.
უნაკლოა ჩემი მოკვდავი ცა, ქვემოთ, წინ და მაღლა.
მარადისობა და მე _ ერთიანი სხივი!
სიცილის პაწაწინა ტალღა, მე
თავად სიხარულის ვიქცევი ზღვად!
შრი იუკტეშვარმა მასწავლა, სურვილისამებრ მომეხმო ეს ნეტარი გამოცდილება და გადამეცა სხვებისათვის, რომელთა ინტუიციაც სათანადოდ იქნებოდა განვითარებული.
ამ გამოცდილებიდან პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, მე ხშირად შევდიოდი ღვთაებრივი ექსტაზის მდგომარეობაში და ყოველდღე თავიდან ვხვდებოდი, რატომ აღწერდნენ უპანიშადებში ღმერთს, როგორც რასას (ყველაზე გემრიელი). თუმცა ერთ დღესაც ოსტატთან ერთი პრობლემით მივედი.
„გურუჯი, როგორ გგონიათ, როდის ვიპოვი ღმერთს?“
„შენ ის უკვე იპოვე.“
„ო არა, ბატონო, მე ასე არ მგონია!“
ჩემს გურუს გაეცინა. „ვიცი მე, რომ შენ ღმერთი არ წარმოგიდგენია პატივცემულ პიროვნებად, რომელიც კოსმოსის მიუწვდომელ კუთხეებშია გაბატონებული. მაგრამ როგორც ჩანს გჯერა, რომ ვინც ღმერთი იპოვა, სასწაულების მოხდენა უნდა შეძლოს. მაგრამ მაშინაც კი, თუ მთელ კოსმოსზე ძალაუფლებას მოიპოვებს, შეუძლია ღმერთს მაინც გაექცეს. სულიერი პროგრესი არ შეიძლება შეფასდეს ვინმეს მიერ ზებუნებრივი ძალების გამოვლენით, არამედ მედიტაციის სიღრმითა და ნეტარებით.
ღმერთი მარადიულად ახალი სიხარულია. ის თავს ვერასოდეს ამოწურავს. თუ ყოველწლიურად ღრმა მედიტაციებს აგრძელებ, ის თავისი უსაზღვრო გამომგონებლობით მოგხიბლავს. მან, ვინც ღმერთი ისე იპოვა, როგორც შენ, არასოდეს გაცვლის მას სხვა რომელიმე ბედნიერებაზე. ის ისეთი მაცდურია, რომ ვერავინ დაუპირისპირდება.
რა სწრაფად ვიღლებით ყველა მიწიერი სიამოვნებისაგან!
დაუოკებელი სურვილებით ამოძრავებული ადამიანები ვერსად პოულობენ ნამდვილ კმაყოფილებას, არამედ მიჰყვებიან მიზანს ერთი მეორის მიყოლებით. ეს „მეორე“, რომელსაც ისინი ეძებენ, არის ღმერთი, ერთადერთი, ვისაც შეუძლია მათთვის მარადიული სიხარულის მინიჭება. სწორედ მიწიერი სურვილები განდევნის შინაგანი ედემიდან; ისინი გვაძლევენ ცრუ სიხარულს, რომელიც შეცდომით მიგვაჩნია, რომ ნამდვილი ბედნიერებაა. თუმცა, დაკარგული სამოთხე შეიძლება მალე დავიბრუნოთ, თუ ღმერთზე მედიტაციას ვისწავლით. ვინაიდან ღმერთი ამოუწურავი და მარადიულად ახალია,ჩვენ ვერასოდეს მისით ვერ მოვიწყენთ. ან თუ შეიძლება ოდესმე მუდმივად განახლებადი ბედნიერი ნეტარებით დავიღალოთ?“
„ახლა მე მესმის, ოსტატო, რატომ ამბობენ წმინდანები, რომ ღმერთის შეცნობა შეუძლებელია. მარადიული სიცოცხლეც კი არ იქნება საკმარისი მისი არსების ფსკერამდე ჩასაღწევად.“
„სწორია. და მაინც ჩვენ ვგრძნობთ მის სიყვარულს და მის სიახლოვეს. როდესაც კრია-იოგას დახმარებით ჩვენ ავმაღლდებით შეგრძნებებით გამოწვეულ ყველა ილუზიაზე, მედიტაციაში ვიღებთ ღმერთის ყოფნის ორმაგ მტკიცებულებას. მისი არსებობის პირველი დამაჯერებელი მტკიცებულება არის მუდამ ახალი სიხარული, რომელიც გაჟღენთილია ჩვენი არსების ყველა ბოჭკოში. და მეორე მტკიცებულება არის ის, რომ მედიტაციაში ჩვენ უბრალოდ ვხელმძღვანელობთ მის მიერ და ვიღებთ სწორ პასუხს ყოველ ჯერზე, როცა რთულ სიტუაციაში ვართ.“
„თქვენ ჩემი პრობლემა მოაგვარეთ, გურუჯი“, ვუთხარი მე მადლიერი ღიმილით. „ახლა ვიცი, რომ მე ღმერთი ვიპოვე; რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც ყოველდღიური მუშაობისას ვგრძნობ ქვეცნობიერიდან წარმოშობილ მედიტაციის სიხარულს, სწორად ვხელმძღვანელობ ყველაფერში, თუნდაც უმნიშვნელო დეტალებში.“
„სანამ ადამიანებმა ჯერ არ ისწავლეს ღვთებრივ ნებასთან ადაპტაცია, მათ მოუწევთ ისევ და ისევ ტანჯვა“, თქვა ოსტატმა. „რადგან ის რასაც ‘ღმერთი ხელმძღვანელობს’ ყოველთვის არ შეესაბამება იმას, რასაც ეგოზე ორიენტირებული, ინტელექტუალური ‘ადამიანი ფიქრობს’.
მხოლოდ ღმერთს შეუძლია უტყუარი რჩევის მიცემა; რადგან ის და სხვა არავინ ატარებს კოსმოსის ტვირთს.“
…………………………………………………………………………………………………………..
14.1.: „დასაბამიდან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.“ იოანე 1.1.
14.2.: „რადგან მამა არავის განიკითხავს, არამედ მთელი განკითხვა ძეს გადასცა“ - იოანე 5.22. „ღმერთი არასოდეს არავის უნახავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, გააცხადა.“ იოანე 1.18. „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, თავადაც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ.“ იოანე 14.12. „ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს.“ იოანე 14.26.
ეს ბიბლიური სიტყვები ეხება ღმერთის სამგვარ ბუნებას, როგორც მამას, ძეს, სულიწმიდას (Sat, Tat, Aum ინდუში
წმინდა წერილები). ღმერთი მამა არის აბსოლუტური, გამოუვლენელი, არსებული ვიბრაციული ქმნილების მიღმა. ღმერთი ძე არის ქრისტე
ვიბრაციულ ქმნილებაში არსებული ცნობიერება (ბრაჰმა ან კუტასტა ჩაიტანია); ეს ქრისტეს ცნობიერება არის „ერთადერთი
დაბადებული" ან შეუქმნელი უსასრულობის ერთადერთი ასახვა. მისი გარეგანი გამოვლინება ან "მოწმე" არის აუმ ან სულიწმინდა,
ღვთაებრივი, შემოქმედებითი, უხილავი ძალა, რომელიც აყალიბებს მთელ ქმნილებას ვიბრაციის მეშვეობით. აუმ ნეტარი ნუგეშისმცემელი ისმინება
მედიტაციაში და ერთგულს უცხადებს საბოლოო ჭეშმარიტებას.