პარამაჰანსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია

პარამაჰანსა იოგანანდა
5
2

მთარგმნელები: ნინო გურული და ირინე ქრისტინე ნუცუბიძე

ერთი წელი ჩემი ოსტატის ერმიტაჯში

„ესე იგი შენ მოხვედი?“ მომესალმა შრი იუქტეშვარი, რომელიც თავის აივნიან ოთახში ვეფხვის ტყავზე იჯდა. მისი ხმა ჟღერდა ცივად, მისი გამომეტყველება იყო უძრავი.

„დიახ, ძვირფასო ოსტატო, მე მოვედი, რათა თქვენ გამოგყვეთ.“ ამ სიტყვებით მე დავიჩოქე და მის ფეხებს შევეხე.

„ეგ როგორ არის შესაძლებელი, თუ ჩემს სურვილებს უგულებელჰყოფ?“

„აღარასოდეს, გურუჯი! თქვენი სურვილი ჩემი კანონია!“

„ეს უკეთესად ჟღერს. ახლა შემიძლია შენს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა ავიღო.“

„სიამოვნებით გადმოგცემთ ამ ტვირთს, ოსტატო.“

„ასე რომ, ჩემი პირველი მოთხოვნაა, რომ შენს ოჯახს დაუბრუნდე. მინდა, რომ სწავლა განაგრძო და კალკუტას უნივერსიტეტში ჩაირიცხო.“

„თუ თქვენ ისურვებთ, ოსტატო,“ ვთქვი მე, რისი მეშვეობითაც მე ჩემი შიშის დამალვას ვცდილობდი. საძულველი წიგნები მთელი მარადისობით უნდა მედევნებოდნენ? ჯერ მამაჩემი _ ახლა კი შრი იუქტეშვარი!

„მოგვიანებით, შენ დასავლეთის ქვეყნებში იმოგზაურებ, და იქ ხალხი ინდოეთის უძველესი სიბრძნის მიმართ მეტად თავაზიანი იქნება, თუ უცხოელ ჰინდუ-მასწავლებელს აკადემიური ხარისხი აქვს.“

„თქვენ უკეთესად იცით, გურუჯი.“  ჩემი პირქუში განწყობა გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ ფიქრიც კი დასავლეთის ქვეყნებზე შორეული და რატომღაც გაუგებარი მეჩვენებოდა, ჩემი მორჩილებით ოსტატის დაკმაყოფილების სურვილი იმ მომენტში ყველაფერს აჭარბებდა.

„კალკუტა შორს არ არის აქედან; მოდი აქ, რამდენჯერაც დრო გექნება.“

„თუ შესაძლებელია, ყოველდღე, ოსტატო. მადლიერებით მინდა დავთანხმდე თქვენს ხელმძღვანელობას თავისი დეტალებით _ ოღონდ ერთი პირობით.“

„და ეს იქნებოდა?“

„რომ თქვენ მე ღმერთს განმიცხადებთ!“

ამას მაშინვე მოჰყვა სიტყვების ომი, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ოსტატის სიტყვა შეუქცევადია და, შესაბამისად, ადვილად არ გაიცემა. ამდაგვარი დაპირება უღებს კარს განუზომელ მეტაფიზიკურ სივრცეებს; და გურუს რეალურად უნდა ჰქონდეს ნდობა დამყარებული შემოქმედთან, რათა შეძლოს მისი გამოვლენა. ვგრძნობდი, რომ შრი იუქტეშვარს ღმერთი რეალიზებული ჰქონდა და აქედან გამომდინარე მტკიცედ გადავწყვიტე, როგორც მის მოწაფეს ეს გამომეყენებინა. 

„შენ მომთხოვნი ბუნება გაქვს“, მითხრა ოსტატმა. თუმცა შემდეგ მისმა თანაგრძნობამ გაიმარჯვა და საბოლოოდ თანხმობა მომცა :

„შენი სურვილი ჩემი სურვილიც უნდა იყოს!“

ვიგრძენი, სიმძიმე როგორ გავიდა ჩემგან. გაურკვეველი ძიება ახლა უკვე დასრულდა. თავშესაფარი ვიპოვე ნამდვილ გურუსთან. 

„წამოდი, მე მინდა ერმიტაჯი გაჩვენო, - თქვა ოსტატმა და ვეფხვის ტყავიდან წამოდგა.  ოთახს რომ ვათვალიერებდი, კედელზე ჟასმინის ტოტებით მორთული სურათი შევნიშნე. 

„ლაჰირი მაჰასაია!“ დავიყვირე გაოცებულმა.

„კი, ჩემი ღვთაებრივი გურუ!“ დიდი პატივისცემით დაიძრა შრი იუქტესვარის ხმა. ის იყო ყველაზე დიდი იმ ადამიანებსა და იოგებს შორის, რომლებსაც ღმერთის ძიებისას შევხვდი.

ჩუმად დავიხარე ნაცნობი სურათის წინაშე და სულის სიღრმიდან მადლობა გადავუხადე უბადლო ოსტატს, რომელიც ბავშვობიდან მაკურთხებდა და ჩემს ნაბიჯებს ამ დრომდე ხელმძღვანელობდა. 

შემდეგ გურუმ მთელი შენობა და მთელი ტერიტორია მაჩვენა. ერმიტაჟი შედგებოდა ფართოდ და მყარად ნაგები ძველი სახლისაგან, რომლის ეზოც გარშემორტყმული იყო მასიური კოლონების დერეფნით. კედლები ხავსით იყო გადაჭედილი, ბრტყელ და ნაცრისფერ სახურავზე ფრთიალებდნენ მტრედები, რომლებიც ჩვენს საცხოვრებელს დაუფარავად იზიარებდნენ. ბაღის უკანა ნაწილი განსაკუთრებულად მიმზიდველი იყო თავისი პურის, მანგოს და ბანანის ხეებით. ზედა სართულის ოთახებს ეზოს სამი მხრიდან ჰქონდა გადახურული აივნები. ფართო დარბაზი პირველ სართულზე მაღალი, კოლონადებიანი სარდაფით, ძირითადად, დურგაპუჯას ყოველწლიური ფესტივალის დროს, როგორც შეხვედრების ოთახი ისე გამოიყენებოდა, ასე მითხრა ოსტატმა. ვიწრო კიბე შედიოდა შრი იუქტეშვარის მისაღებ ოთახში, რომლის პატარა აივანი ქუჩას გადაჰყურებდა. აშრამი უბრალოდ იყო მოწყობილი; ყველაფერი იყო მარტივი, სუფთა და პრაქტიკული. ასევე იყო რამდენიმე ევროპული სტილის სკამი, ბაღის სკამი და მაგიდა გამოყენებაში. 

ოსტატმა მთხოვა ღამით დავრჩენილიყავი. ორმა მოწაფემ, რომლებიც აშრამში გაწვრთნილები იყვნენ, ბოსტნეულის კარის კერძი მოგვართვეს. 

„გურუჯი, მომიყევით რამე თქვენი ცხოვრებიდან“, ვთხოვე მე, სანამ მე მისი ვეფხვის ტყავის გვერდით ჩალის ხალიჩაზე ჩამოვჯექი. მეგობრული ვარსკვლავები თითქოს ძალიან ახლოს ციმციმებდნენ აივანზე. 

„ჩემი საერო სახელი იყო პრია ნატ კარარი. მე დავიბადე აქ სერამპურში, სადაც მამაჩემი მდიდარი ბიზნესმენი იყო. მან დამიტოვა ჩემი წინაპრების სახლი, რომელიც ახლა ჩემი ერმიტაჟია. მე არ მიმიღია რეგულარული გაკვეთილები; ვთვლიდი, რომ მოსაწყენი და ზედაპირული იყო. ახალგაზრდობაში შევქმენი საკუთარი ოჯახი და მყავს ერთი ქალიშვილი, რომელიც ახლა დაქორწინებულია. შუა ხნის წლები გავატარე ლაჰირი მაჰასაიას კურთხეული ხელმძღვანელობით. მას შემდეგ, რაც ჩემი ცოლი გარდაიცვალა, შევედი სვამთა გაერთიანებაში და მივიღე ახალი სახელი შრი იუქტეშვარ გირი (იუქტეშვარ_ღმერთთან გამთლიანება, გირი_ერთერთია სვამთა გაერთიანების იმ ათი შტოთაგან, შრი_პატივსაცემი ადამიანის წოდება). ეს არის ჩემი უბრალო რეზიუმე.“

ოსტატს გაეღიმა ჩემს მოუთმენლობით აღსავსე გამომეტყველებაზე. როგორც ყველა ბიოგრაფიული ჩანაწერები, მისი სიტყვები აღწერდა მხოლოდ გარეგნულ ფაქტებს, შინაგანი ადამიანის გამოვლინების გარეშე. 

„გურუჯი, მე მინდა მოვისმინე ამბები თქვენი ბავშვობიდან.“

„მოგიყვები რამდენიმეს, რომლებიც განსაკუთრებულ მორალს ატარებენ.“  ამ გამაფრთხილებელი განცხადების გაკეთებისას, მან მაცდურად ჩამიკრა თვალი. „ერთხელ დედაჩემმა სცადა ჩემი შეშინება და მომიყვა მოჩვენებაზე, რომელიც ბნელ ოთახში ცხოვრობდა.  მაშინვე შევვარდი ოთახში და იმედგაცრუებული დავრჩი, რომ მოჩვენება ვერ ვიპოვე. დედაჩემს აღარასოდეს მოუყოლია მსგავსი საშინელებათა ისტორია. მორალი : პირდაპირ ჩახედე შიშს თვალებში და ის ვეღარ შეგაშინებს!

კიდევ ერთი ბავშვობის მოგონება ეხება ჩემს სიყვარულს ჩვენი მეზობლის მახინჯი ძაღლის მიმართ. სახლს, კვირეების განმავლობაში არეულ მდგომარეობაში ვინარჩუნებდი, რათა ძაღლი ხელში ჩამეგდო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრად უფრო ლამაზი ცხოველის პერსპექტივა მქონდა, ყველა რჩევას ვუყრუებდი. მორალი : მიჯაჭვულობა აბრმავებს და სასურველ ობიექტს ცრუ ხატებას აძლევს. 

მესამე ამბავი ახალგაზრდა გონების პლასტიურობაზეა. ხანდახან მესმოდა დედაჩემის შენიშვნები : „ვინც ვინმეს ქვეშევრდომად მუშაობს, ის მონაა.“ ეს სიტყვები იმდენად წარუშლელად ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში, რომ ქორწინების შემდეგაც უარი ვთქვი ყველა სამუშაო შემოთავაზებაზე. საარსებო წყარო ჩემი მემკვიდრეობის უძრავ ქონებაში დაბანდებით გამოვიმუშავე. მორალი : ბავშვების ფაქიზ ყურებს მხოლოდ კარგი და დადებითი რჩევები უნდა ესმოდეთ; რადგან ადრეული ბავშვობის შთაბეჭდილებები დიდხანს რჩებიან მეხსიერებაში.“ 

ამ სიტყვების შემდეგ ოსტატი ღრმა სიჩუმეში ჩაიძირა. დაახლოებით შუაღამისას მან მიმიყვანა ტალახიან საწოლთან. ჩემი გურუს სახურავის ქვეშ პირველ ღამეს ტკბილად და ღრმად მეძინა.

მეორე დილით შრი იუქტეშვარმა კრია იოგაში მაკურთხა. ეს ტექნიკა უკვე მიღებული მქონდა ლაჰირი მაჰასაიას სხვა მოწაფეებისგან _ მამაჩემისგან და ჩემი მასწავლებელი სვამი ქებალანანდასგან. თუმცა ოსტატი ფლობდა ძალას, მისი შეხების მეშვეობით შევეცვალე. დიდი სინათლე გადმოიღვარა ჩემზე _ როგორც ერთად აალებული უთვალავი მზის სხივი. ენით აღუწერელი ნეტარებით გავიჟღინთე. 

მხოლოდ მეორე დღის ნაშუადღევს შევძელი გადამეწყვიტა, ერმიტაჟის დატოვება.

„შენ 30 დღეში დაბრუნდები!“ ოსტატის წინასწარმეტყველება ისევ გამახსენდა, როდესაც კალკუტაში ჩემი მშობლების სახლში შევედი. არცერთ ჩემს ნათესავს არ გაუმახვილებია ყურადღება ჩემს მიერ ინსპირირებულ გამოთქმაზე, სახლში დაბრუნებული ფრინველის შესახებ.

ჩემს პატარა სხვენის ოთახში ავედი და ძვირფას მეგობარსავით ვათვალიერებდი. „შენ ხარ მოწმე ჩემი მედიტაციების, ჩემი ცრემლების და ჩემი სადჰანას ყველა კრიზისის. საბოლოოდ კი ჩემი ღვთაებრივი მასწავლებელი ვიპოვე და უსაფრთხო თავშესაფარს მივადექი.“

„შვილო, მე ორივესთვის მიხარია“, მითხრა მამაჩემმა, როცა საღამოს ერთად ჩუმად ვისხედით. „შენ იპოვე შენი გურუ ისევე სასწაულებრივად, როგორც მე მაშინ ჩემი; რადგან ჩვენ ორივე ლაჰირი მაჰასაიას წმინდა მფარველობის ქვეშ ვართ. შენი ოსტატი ჰიმალაის მიუწვდომელი წმინდანი არ არის, არამედ აქ ცხოვრობს ახლოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემი ლოცვები შესმენილია და ღმერთის ძიებაში შენ მე სამუდამოდ არ დაგიტოვებივარ.“  

მამას გაუხარდა, რომ აკადემიურ განათლებას გავაგრძელებდი და ყველა საჭირო მომზადებას შეხვდა. მეორე დღეს, ჩვენგან ახლომდებარე, კალკუტას შოტლანდიის-საეკლესიო-უნივერსიტეტში ჩავირიცხე. 

ამას ბედნიერი თვეები მოჰყვა. ჩემს მკითხველს უდავოდ ექნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მე სალექციო დარბაზებში იშვიათად შევდიოდი. მეორეს მხრივ, სერამპურის ერმიტაჟი დაუძლეველ მიმზიდველობას ავლენდა ჩემზე. ოსტატიც არ აპროტესტებდა ჩემს მუდმივ იქ ყოფნას და ლექციებსაც, ჩემს დასამშვიდებლად, იშვიათად იხსენებდა. მართალია, აშკარა იყო, რომ ვერასოდეს გავხდებოდი მეცნიერი, მაინც ვახერხებდი დროდადრო დამაკმაყოფილებელი ქულების მიღებას, რაც სწავლის გაგრძელების საშუალებას მაძლევდა. 

აშრამში ცხოვრება შეუფერხებლად მიედინებოდა და მხოლოდ იშვიათად მოჰქონდა რაიმე ცვლილება. ჩემი გურუ გათენებამდე იღვიძებდა. ჯერ კიდევ მწოლიარე ან საწოლზე მჯდომარე შედიოდა სამადჰის მდგომარეობაში. ძალიან ადვილი მისახვედრი იყო, თუ როდის იღვიძებდა ოსტატი: მისი ხმამაღალი ხვრინვა (ფსიქოლოგების თვალსაზრისით, ხვრინვა სრულად მოსვენებული მდგომარეობის ნიშანია) უცბად წყდებოდა. ამას მოჰყვებოდა ერთი-ორი კვნესა, ზოგჯერ ფიზიკური მოძრაობა, შემდეგ კი ჩუმი გაძნელებული სუნთქვა; ის ღრმა იოგურ ექსტაზში ვარდებოდა. 

ჯერ არ ისაუზმებდა, მანამ განგის გასწვრივ არ გაისეირნებდა. ოჰ, ეს დილის გასეირნებები ჩემს გურუსთან ერთად - რა ნათლად მახსოვს! დღემდე ხშირად ვხედავ მის გვერდით ვსეირნობ, როცა დილის მზე ქარიშხალს ათბობს და ის თავისი ჟღერადი ხმით საკუთარ სიბრძნეს გვიზიარებს.  

ამას მოჰყვებოდა ბანაობა და შემდეგ სადილი, რომელიც ოსტატის ყოველდღიური მითითებით ზოგიერთი მოწაფეების მიერ მზადდებოდა. ჩემი გურუ ვეგეტარიანელი იყო, მაგრამ ბერობამდე, კვერცხსაც და თევზსაც მიირთმევდა. ის თავის მოსწავლეებს ურჩევდა, რაც შეიძლება მარტივი საკვები მიეღოთ, გამომდინარე მათივე საკუთარი კონსტიტუციიდან.  

ოსტატი ცოტას ჭამდა. მისი კვება ხშირად შედგებოდა კურკუმას, ისპანახის ან  ჭარხლის წვენით შეღებილი ბრინჯისაგან და მსუბუქად დაფარული კამეჩის ცხიმით (გადამდნარი კარაქი). სხვა დროს ის მიირთმევდა ოსპის წვნიანს და ჩანა-კარის ბოსტნეულით. დესერტად იყო ბრინჯის ფაფა მანგოს, ფორთოხლის ან პურის ხის ხილის წვენებით. 

შუადღისას ჩვეულებრივ სტუმრები მოდიოდნენ. ხალხის მუდმივი ნაკადი მთელი მსოფლიოდან იღვრებოდა წყნარ ერმიტაჟში. ჩემი გურუ ყველა სტუმარს კეთილგანწყობით და თავაზიანად ეპყრობოდა. იმ ოსტატის თვალში, რომელიც საკუთარი რეალიზაციიდან გამომდინარე აღარ იდენტიფიცირდება სხეულთან ან პატარა მესთან, არამედ მხოლოდ ყველგანმყოფ სულთან, ყველა ადამიანი გასაოცრად მსგავსნი არიან. 

წმინდანთა მიუკერძოებლობა მათ სიბრძნეზეა დაფუძნებული. იმის გამო, რომ ისინი ამბივალენტური მაიას გავნელის ქვეშ აღარ იმყოფებიან, ასევე არიან განთავისუფლებული მოწონებებისა და დაწუნებებისაგან, რომლებიც ყველა არასაკმარისად განათებულ ადამიანს ფარავს. შრი იუქტეშვარი განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდა მდიდრებს, გავლენიანებს და განათლებულებს; აგრეთვე არ აკლებდა ვინმეს ყურადღებას იმის გამო, რომ ღარიბი ან უმეცარი იყო. ის აფასებდა ბავშვის სიტყვებს, როდესაც ისინი სიბრძნეს ავლენდნენ და საჯაროდ უგულებელყოფდა ბევრ განათლებულ ექსპერტს. 

8 საათზე იყო ვახშამი, რომელსაც იქ დარჩენილი სტუმრებიც უერთდებოდნენ. ჩემი გურუ განმარტოებით საჭმელად არასოდეს გასულა; არავის დაუტოვებია აშრამი მშიერს ან უკმაყოფილოს. მაშინაც კი თუ მოულოდნელად ესტუმრებოდნენ, შრი იუქტეშვარი არასოდეს ჩავარდნილა უხერხულობაში. მოწაფეები, მისი პრაქტიკული ხელმძღვანელობით, სულ მცირედით საოცარ ბანკეტს ჯადოქრობდნენ. და მაინც ხელმომჭირნე იყო; მისი მოკრძალებული საშუალებები შორს წვდებოდა. „იცხოვრეთ მხოლოდ საკუთარი გარემოებების მიხედვით“, ამბობდა ის ხშირად, „ტყუილად გახარჯვას ყოველთვის მოაქვს იმედგაცრუება.“ რასაც ოსტატი აკეთებდა, იქნებოდა ეს სტუმრების მიღება თუ სტუმრებთან ურთიერთობა, სარემონტო თუ სხვა პრაქტიკული საკითხები, შემოქმედებით სულს ავლენდა ყველაფერში. 

საღამოს წყნარ საათებში ხშირად ვისმენდით მის გამოსვლებს, რომლითაც მარადიულ სულიერ საგანძურს გვიზიარებდა. ყოველი გამოთქმა გამოირჩეოდა ღრმა სიბრძნით. მისი სიტყვა გამოიხატებოდა დიდი თავდაჯერებულობით _ იყო შეუდარებელი! არავისგან აღარასდროს გამიგონია მსგავსი საუბარი. მანამ თავის აზრებს გარეგნული ენის სამოსით შემოსავდა, მანამ თავისი გამჭრიახობის შინაგანი სასწორით წონიდა მათ. ნაზი სუნთქვის მსგავსად, ჭეშმარიტების არსი ამოდიოდა მისი სულიდან და ავსებდა ოთახს, თითქოს ფიზიკურად აღქმადიც კი იყო. მე ყოველთვის ვაცნობიერებდი, რომ ღმერთის ცოცხალი განსახიერების პირისპირ ვიმყოფებოდი. მისი ღვთაებრიობის წონა ბუნებრივად მხრიდა მის წინაშე. 

როდესაც სტუმრები შეამჩნევდნენ, რომ შრი იუქტეშვარი უსასრულობის ჭვრეტაში დაიკარგებოდა, ის მაშინვე ართობდა მათ საუბარში. მის სტილი არ იყო პოზების მიღება ან შინაგანი ჩაძირულობის ღიად ჩვენება. ვინაიდან ის ყოველთვის ერთიანი იყო ღმერთთან, აღარ სჭირდებოდა განსაკუთრებული დრო, მასთან დასაკავშირებლად. გასხივოსნებულმა ოსტატმა უკან მოიტოვა მედიტაციის საფეხურები. „ყვავილი ხმება, ნაყოფი უნდა აღმოცენდეს.“ მაგრამ ხშირად განზრახ აგრძელებენ სულიერ ვარჯიშებს, რათა მაგალითი მისცენ თავიანთ მოწაფეებს.

შუაღამისას ჩემი გურუ ხშირად ბავშვური ბუნებრივობის მსუბუქ ძილში იძირებოდა. მისი ბანაკი განსაკუთრებულ მომზადებას არ საჭიროებდა. ხშირად იწვა ბალიშის გარეშე ვიწრო დივანზე, რომლის წინ მისი კარგად მოხმარებული ვეფხვის ტყავი იდო. 

არცთუ ისე იშვიათად, ფილოსოფიური დისკუსიები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყოველ მოწაფეს შეეძლო თავისი სულიერი ინტერესის მეშვეობით ამის გამოწვევა. მაშინ არ ვგრძნობდი არც დაღლილობას; არც ძილის სურვილს; ოსტატის ცოცხალი სიტყვები საკმარისი იყო ჩემთვის. „ოჰ, უკვე ბნელდება! ჩავიდეთ განგზე!“  ასე მთავრდებოდა სულიერად აღმზრდელობითი ზოგიერთი ღამე. 

აშრამში ჩემი პირველი თვეების განმავლობაში შრი იუქტეშვარმა მომცა სასარგებლო სწავლება, რომელიც დღემდე ჩემი სწავლების მწვერვალად რჩება: „ როგორ გავუმკლავდეთ კოღოებს.“ სახლში ღამით ყოველთვის კოღოს ბადეებს ვჭიმავდით. თუმცა, როგორც შეშფოთებულმა აღმოვაჩინე, ეს სიფრთხილე აშრამში არასოდეს ყოფილა მიღებული. ამასთან, მწერები მრავლად იყვნენ, ისე რომ, თავიდან ფეხებამდე დაკბენილი ვიყავი. ჩემი გურუ მწუხარებას გამოთქვამდა ჩემს მიმართ: 

„იყიდე ბადე და ერთი ჩემთვისაც წამოიღე“, მითხრა გურუმ და ღიმილით დაამატა: „თუ მხოლოდ შენთვის იყიდი, ყველა კოღო ხომ ჩემსკენ წამოვა!“

მადლიერი გულით შევასრულე ეს თხოვნა. მას შემდეგ ყოველჯერზე, როდესაც მე სერამპურში ღამით ვრჩებოდი, გურუ ბადეების გაჭიმვას მავალებდა. 

თუმცა ერთ საღამოს, როდესაც ჩვენ კოღოების გროვით გარშემორტყმული ვიყავით, ოსტატმა უგულებელყო თავისი ჩვეული ინსტრუქციის მოცემა. შეწუხებული ვუსმენდი მწერების ავისმომასწავლებელ ზუზუნს. ბოლოს როდესაც საწოლში დავწექი, ლოცვა გავაგზავნე კოღოების სავარაუდო მიმართულებით. ნახევარი საათის შემდეგ განზრახ ხველა ავტეხე, რათა ჩემი გურუს ყურადღება გამეღვიძებინა. კოღოს ნაკბენმა და განსაკუთრებით იმ განუწყვეტელმა ზუზუნმა, რომლითაც კოღოები სისხლისმსმელ რიტუალს ასრულებდნენ, ლამის გამაგიჟა. 

მაგრამ ამაზე ოსტატი არ რეაგირებდა, არამედ გაუნძრევლად იწვა. ფრთხილად მივუახლოვდი და დავრწმუნდი, რომ არც კი სუნთქავდა. პირველად იყო, რომ ის ასე ახლოდან ვნახე იოგა-ტრანსის მდგომარეობაში და უხერხულად ვიგრძენი თავი. 

„მისი გული აღარ სცემს“, გავიფიქრე მე და სარკე მივიტანე მის ცხვირთან. მუცელს არ ეტყობოდა, რომ სუნთქავდა. ორმაგად რომ დავრწმუნებულიყავი, რამდენიმე წუთით პირი და ცხვირი თითებით დავუჭირე. მისი სხეული ცივი და უმოძრაო იყო. შეძრწუნებული მივვარდი კარს, დახმარებისათვის დასაძახებლად. 

„ისე! შენ ნამდვილად მრავლისმეტყველი ექსპერიმენტატორი ხარ! ჩემი საწყალი ცხვირი!“ შესძახა ოსტატმა, რომელიც სიცილისაგან თავს ვეღარ იკავებდა. „რატომ არ მიდიხარ დასაძინებლად? ვალდებულია მთელი სამყარო შენს გამო შეიცვალოს? შეცვალე საკუთარი თავი და განთავისუფლდი კოღოების კომპლექსისაგან!“

თავჩაქინდრული დავბრუნდი ჩემს საწოლში, ვერცერთი მწერი ვეღარ ბედავდა ჩემთან მოახლოვებას. მაშინ მივხვდი, რომ გურუმ ბადეები მხოლოდ ჩემს გამო შეუკვეთა; მას თავად კოღოების შიში არ ჰქონია. მას შეეძლო შინაგანი იმუნიტეტის გამომუშავება ან გარკვეული იოგა-მეთოდების გამოყენებით, დაკბენა თავიდან აეცილებინა. 

„მას სურდა მაგალითი მოეცა ჩემთვის“, გავიფიქრე მე, „ეს არის იოგის მდგომარეობა, რომელსაც უნდა მივაღწიო.“  ნამდვილ იოგს შეუძლია ნებისმიერ დროს შევიდეს ზეცნობიერში და მიუხედავად მრავალი ყურადღების გამფანტველისა, რომელიც დედამიწაზე ყოველთვის იარსებებს - მაგ. მწერების ზუზუნი ან თვალისმომჭრელი დღის სინათლე, ის მდგომარეობა შეინარჩუნოს. სამადჰის პირველ ეტაპზე (საბიკალპა) ღვთის მაძიებელი გარეგან შეგრძნებათა მოგზაურობაზე აღარ რეაგირებს, არამედ ანაზღაურდება ხმებითა და ხატ-სახეების შინაგანი სამყაროთი, რომელიც დიდებით თავდაპირველ ედემსაც კი აღემატება. 

„განმანათლებელი კოღოები“ იყვნენ ასევე კიდევ ერთი გაკვეთილის მიზეზი, რომელიც მე ჯერ კიდევ აშრამში მისვლისას მივიღე. შებინდებისას იყო, როდესაც ჩემმა გურუმ თავისი განუმეორებელი სიბრძნით წმინდა წერილები განმარტა. მშვიდად ვიჯექი მის ფეხებთან, რომ თავხედი კოღო იდილიაში შემოიჭრა და ჩემი ყურადღება მიიპყრო. სანამ ის თავის შხამიან „ინექციის ნემსს“ ბარძაყში ჩამარჭობდა, შურისძიების ნიშნად ხელი ავტომატურად ავწიე. მაგრამ აღსრულება შევაჩერე, რადგან სწორედ იმ მომენტში გამახსენდა პატანჯალის აფორიზმი აჰიმსაზე (არ დააზიანო). 

„რატომ არ ასრულებ შენს საქმეს ბოლომდე?“

„ოსტატო! თქვენ ამართლებთ ცხოველის სიცოცხლის ხელყოფას?“

„არა. მაგრამ შენ მას ფიქრებში უკვე მიაყენე სასიკვდილო დარტყმა.“

„ვერ ვხვდები!“

„აჰიმსაში პატანჯალი გულისხმობს, რომ მკვლელობის სურვილი უნდა დაიძლიოს.“ შრი იუქტეშვარმა ჩემი სული გადაშლილი წიგნივით წაიკითხა. „ეს სამყარო ისე არ არის მოწყობილი, რომ აჰიმსას შესრულება სიტყვასიტყვით შეძლო. ადამიანები ხშირად იძულებულნი არიან, გაანადგურონ მავნე ცხოველები. მაგრამ ისინი არ არიან მსგავსი იძულების ქვეშ, იგრძნონ ბრაზი ან სიძულვილი. ყველა ცოცხალ არსებას აქვს ერთნაირად უფლება, მაიას ჰაერი ისუნთქოს. წმინდანმა, რომელმაც შემოქმედის საიდუმლოებები გახსნა, ბუნების უთვალავ იდუმალ გამონათქვამებთან ერთად ასევე ჰარმონიულად ცხოვრობს. თითოეული ადამიანი მიხვდება ამ ჭეშმარიტებას, როგორც კი განადგურების სურვილს დაძლევს.“

„გურუჯი, უმჯობესია ადამიანმა საკუთარი თავი გაიღოს, ვიდრე ველური ცხოველი მოკლას?“

„არა, ადამიანის სხეული ღირებულია, რადგან ის თავის ტვინისა და ზურგის ტვინის უნიკალური ცენტრების გამო განვითარების უმაღლეს შესაძლებლობას გვთავაზობს. ეს ცენტრები საშუალებას აძლევს მოწინავე იოგს, ღვთაებრივი მის ყველაზე ამაღლებულ გამონათქვამებში შეაჯეროს და გამოავლინოს. ეს შეუძლებელია სიცოცხლის დაბალი ფორმისათვის. ის მართალია, რომ ადამიანი დანაშაულის გარკვეულ რაოდენობას საკუთარ თავზე იღებს, როდესაც ის იძულებულია, ცხოველი ან სხვა ცოცხალი არსება მოკლას. მაგრამ მეორეს მხრივ წმინდა შასტრიები ასწავლიან, რომ კარმული კანონების წინააღმდეგ მძიმე დანაშაულს ჩაიდენს, თუ საკუთარ სიცოცხლეს უაზროდ საფრთხეში ჩააგდებს. 

შვებით ამოვისუნთქე; იმის გამო, რომ არც ისე ხშირად ხდება, რომ ადამიანის ბუნებრივი ინსტიქტები წმინდა წერილებით იყოს განმტკიცებული. 

როგორც ვიცი, ოსტატი ლეოპარდს ან ვეფხვს თავის სიახლოვეს არასოდეს შეხვედრია. თუმცა ერთხელ ის პირისპირ აღმოჩნდა შხამიან კობრასთან, რომელიც მან მხოლოდ თავისი სიყვარულის ძალით დაამარცხა. ეს შემთხვევა მოხდა პურიში, სადაც ჩემს გურუს ზღვისპირა აშრამი ჰქონდა. პრაფულა, ახალგაზრდა მოწაფე, რომელიც შრი იუქტეშვარმა სიცოცხლის ბოლო წლებში იშვილა, მომხდარს შეესწრო და მოგვიანებით მომიყვა შემდეგი სიტყვებით : 

„გარეთ ვისხედით, აშრამის შორიახლოს, როცა ოთხი ფუტის სიგრძის კობრამ _ საშინელი სანახავი _ ძალიან ახლოს იჩინა თავი. ბრაზით თავდახრილი გამოექანა ჩვენსკენ. ოსტატმა იგი მხიარული შეძახილით მიიღო, თითქოს როგორც პატარა ბავშვი. მე ლამის გავიყინე, რომ დავინახე, როგორ რიტმულად ართობდა შრი იუქტეშვარჯი სტუმარს. გაუნძრევლად ვიჯექი და მხურვალე ლოცვებს ვაგზავნიდი ცაში. გველი, რომელიც ახლა ოსტატთან ახლოს იყო, აღარ იძვროდა და მისი სათუთი ქცევით მაგნიტიზირებული ჩანდა. შემაშფოთებელი თავი თანდათან დაეშვა; შემდეგ შრი იუქტეშვარჯის ფეხებთან ჩაცურდა და ბუჩქებში გაუჩინარდა.

„როგორ მოხდა, რომ ხელების მოძრაობისას ოსტატს კობრა თავს არ დაესხა, მაშინ ჩემთვის გაუგებარი იყო“, თქვა დასკვნისას პრაფულამ. „თუმცა მოგვიანებით მივხვდი, რომ ღვთაებრივი გურუ სრულიად თავისუფალი იყო შიშისაგან, რომელიმე ცოცხალ არსებას ის დაეზიანებინა.“ 

ერთ შუადღეს, როდესაც პირველად ვიყავი აშრამში, შევამჩნიე, რომ შრი იუქტეშვარი გამჭოლი მზერით მიყურებდა. 

„ძალიან გამხდარი ხარ, მუკუნდა!“

მისი სიტყვები მტკივნეულ ადგილს შეეხო, რადგან ჩემი ჩავარდნილი თვალები და გამოფიტული ფიგურა თავად მეც არ მომწონდა. ადრეული ბავშვობიდან მაწუხებდა ქრონიკული მონელების დარღვევები. სახლში, ჩემი ოთახის თაროზე ბევრი მატონიზირებელი საშუალების ბოთლი იდო, თუმცა არცერთი არ მშველოდა. ხანდახან დათრგუნული ვეკითხებოდი თავს, ღირდა თუ არა სიცოცხლე ასეთ არაჯანსაღ სხეულში. 

„მედიკამენტის ზემოქმედება შეზღუდულია; ღვთის შემოქმედებითი სასიცოცხლო ძალა კი შეუზღუდავი. გჯეროდეს ამის და შენ ჯანმრთელი და ძლიერი გახდები.“

ოსტატის სიტყვებმა მაშინვე დამარწმუნეს და მტკიცე ნდობა მომცეს, რომ ეს ჭეშმარიტება ჩემს ცხოვრებაზეც შეიძლებოდა მომერგო. ვერცერთმა სხვა მკურნალმა (და მე ბევრი გამოვცადე) ვერ მოახერხა ჩემში ასეთი ღრმა რწმენის გამოღვიძება. 

დღითიდღე უფრო ჯანმრთელი და უფრო ძლიერი ვხდებოდი. შრი იუქტეშვარის საიდუმლო კურთხევა იმით მტკიცდებოდა, რომ მე ორ კვირაში საგრძნობლად მოვიმატე წონა, რასაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემი მცდელობების მიუხედავად ვერ ვახერხებდი. კუჭის პრობლემები სამუდამოდ გაქრა. 

მოგვიანებით გავხდი მომსწრე კიდევ ბევრი ღვთიური განკურნებისა, რომელსაც ჩემი გურუ დიაბეტის, ეპილეფსიის, ტუბერკულოზისა და დამბლის შემთხვევებში ავლენდა. 

„მრავალი წლის წინ მეც მქონდა წონაში მომატების სურვილი“, მითხრა ოსტატმა, ჩემი განკურნებიდან ცოტა ხნის შემდეგ. „ჩემი ხანგრძლივი ავადმყოფობიდან პირველად ლაჰირი მაჰასაიას მოსანახულებლად წამოვდექი.

„ოსტატო“, ვთქვი მე, „მძიმედ ავად ვიყავი და წონაში საგრძნობლად დავიკელი.“

„ვხედავ, იუქტეშვარ, შენ თავად დაიავადე თავი და ახლა გჯერა, რომ გამოფიტული ხარ.“

ეს პასუხი სულაც არ ამართლებდა ჩემს მოლოდინებს. თუმცაღა ჩემმა გურუმ გამამხნევებლად დაამატა:

„დააცადე _ დარწმუნებული ვარ ხვალ უკეთესად იქნები.“

ჩემმა მგრძნობიარე გონებამ მისი სიტყვები მიიჩნია, როგორც ფარული მინიშნება იმაზე, რომ მას ჩემი განკურნება სურდა. მეორე დილით მის სანახავად როცა მივედი, სიხარულით შევძახე: „გურუჯი, დღეს თავს უკეთ ვგრძნობ!“

„ნამდვილად! დღეს მოძლიერებული ხარ.“

„არა, ოსტატო“, გავაპროტესტე მე. „ეს თქვენ დამეხმარეთ. კვირეების შემდეგ ეს პირველად არის, რომ ძალას ვგრძნობ ჩემში.“

„ნამდვილად!; შენ ხომ მძიმე დაავადება გადაიტანე და ორგანიზმი ჯერ საკმარისად მოძლიერებული არ არის. ვინ იცის, ხვალ როგორ იქნება?“

შესაძლო შებრუნებაზე გაფიქრებაც კი კანკალს მგვრიდა. მეორე დილით ლაჰირი მაჰასაიას სახლამდე ძლივს მივათრიე თავი.

„ოსტატო, დღეს ისეც ცუდად ვგრძნობ თავს.“

გურუმ გამხიარულებულმა გამოხედა. „ასე რომ, შენი თავი კვლავ ავად გახადე!“

აქ უკვე ჩემი მოთმინება ამოიწურა. „გურუდევა“, ვთქვი მე, „მე მგონია, რომ მთელი ეს დრო დამცინით. მე არ ვიცი, თქვენ ჩემი გულწრფელი სიტყვების რატომ არ გჯერათ.  

„ეს სინამდვილეში მხოლოდ შენი ფიქრებია, რომლებიც მონაცვლეობით ხან ავად ხან ჯანმრთელს გამყოფებენ“, მითხრა ჩემმა გურუმ, თანაც სიყვარულით მიმზერდა. „შენ ხედავ, როგორ შეესაბამება შენი ჯანმრთელობა ზუსტად შენს ქვეცნობიერ მოლოდინებს. ფიქრები ძალაა _  ისევე როგორც ელექტროენერგია ან გრავიტაცია. ადამიანური გონება ღმერთის ყოვლისშემძლე ცნობიერების ნაპერწკალია. მე უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა, რომ ყველაფერი, რისიც შენს ძლიერ გონებას სჯერა, მაშინვე შესრულდება.“ 

ვინაიდან ვიცოდი, რომ ლაჰირი მაჰასაია ცარიელ სიტყვებს არასოდეს იყენებდა, ვკითხე პატივისცემით : „ოსტატო, თუ მე ვირწმუნებ, რომ ჯანმრთელი ვარ და ადრინდელი წონა დავიბრუნე, მაშინ მოხდება ეს?“

„ეს ამ წამს უკვე მოხდა“, თქვა ჩემმა გურუმ სერიოზულად, დაჟინებული მზერით ჩემსკენ. 

მაშინვე ვიგრძენი მატება არა მარტო ძალის, არამედ წონისაც. შემდგომ ლაჰირი მაჰასაია ღრმა სიჩუმეში ჩაიძირა. მას შემდეგ, რაც მე რამდენიმე საათის განმავლობაში მის ფეხებთან ვმედიტირებდი, დავბრუნდი დედაჩემთან, რომელთან ერთადაც ბენარესში ყოფნისას ვცხოვრობდი. საკუთარ თვალებს არ უჯერებდა, თუ მე მხედავდა. 

„რა დაგემართა, შვილო? წყლის დაგროვება გაქვს?“  შესძახა მან. რადგან ჩემი სხეული ისეთივე სავსე და ღონიერი ჩანდა, როგორც ავადმყოფობამდე. 

ავიწონე და აღმოვაჩინე, რომ ერთ დღეში 50 კილო მოვიმატე; და მას შემდეგ ვინარჩუნებ ამ წონას. ჩემი მეგობრები და ნაცნობები, რომლებმაც ადრე გამოფიტულ მდგომარეობაში მნახეს, გაოგნებულები იყვნენ. ზოგიერთისთვის ეს სასწაული იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მათ სულ ახალი ცხოვრება დაიწყეს და ლაჰირი მაჰასაიას მოწაფეები გახდნენ.

ჩემმა, ღმერთში გამოღვიძებულმა გურუმ იცოდა, რომ ეს სამყარო სხვა არაფერია, თუ არა შემოქმედის გამოვლენილი ოცნება. იმის გამო, რომ მან ღვთაებრივ მეოცნებესთან ერთობა სრულად გააცნობიერა, შეეძლო ამ გამოვლენილი სამყაროს ოცნების ატომების ნებისმიერ დროს მატერიალიზება ან დემატერიალიზება ან სურვილისამებრ ხელთავიდან შეკრება. 

მთელი კოსმოსი ექვემდებარება გარკვეულ კანონებს““, თქვა დასასრულს შრი იუქტეშვარმა. „ძალებს, რომლებიც ხილულ, მეცნიერებისთვის დასაკვირვებლად ხელშესახებ კოსმოსს მართავენ, ბუნებრივი კანონები ეწოდება. თუმცა არსებობს უფრო დახვეწილი კანონები, რომლებიც ფარულ სულიერ სიბრტყეებს და ცნობიერების შინაგან სფეროებს მართავენ; მათი შესწავლა იოგა-მეცნიერების მეშვეობითაა შესაძლებელი. არა ფიზიკოსმა, არამედ გასხივოსნებულმა ოსტატმა იცის მატერიის ნამდვილი ბუნება. ამ ცოდნის მეშვეობით შეძლო ქრისტემ მსახურის ყურის განკურნება, რომელიც მისმა ერთ-ერთმა მოწაფემ მოაჭრა.“

ჩემი გურუ იყო წმინდა წერილების უბადლო ინტერპრეტატორი. მისი განმარტებების მოსმენით მე ბევრი ჩემი ყველაზე ბედნიერი საათები გავატარე. ის არასოდეს ხარჯავდა თავის სიტყვებს არაყურადღებიან ან არადაინტერესებულ ადამიანებზე. ერთი მოუსვენარი მოძრაობა ან ოდნავი გონების გაფანტულობა იყო საკმარისი იმისათვის, რომ წინადადება შუაში გაეწყვიტა. 

„შენ არ ისმენ სათანადოდ“, აღნიშნა შრი იუქტეშვარმა ერთ ნაშუადღევს, თავისი სიტყვის გაწყვეტისას. ჩვეულებრისამებრ, დაუნდობლად მიჰყვებოდა ჩემს ფიქრებს.

„გურუჯი!“ ვუთხარი მე აღშფოთებულმა. „მე არ გავნძრეულვარ და თვალი ერთხელაც კი არ დამიხამხამებია; მე შემიძლია თქვენი თითოეული სიტყვა გავიმეორე.“ 

„და მაინც შენ აქ ბოლომდე არ ყოფილხარ. შენი წინააღმდეგობა მაიძულებს აღვნიშნო, რომ შენს გონებაში ახლახანს სამი შენობა ააშენე: ერთი ტყიან დაბლობზე, მეორე ბორცვზე და მესამე ზღვასთან.“

ამ ძლივს ჩამოყალიბებულმა ფიქრებმა _ თუმცა უფრო ქვეცნობიერად _ თავში რეალურად გამიელვა. 

„რა ვუყო ოსტატს, რომელიც ჩემს ყველაზე წარმავალ ფიქრებს ხედავს?“

„შენ მომეცი ამის უფლება. დახვეწილი ჭეშმარიტება, რომელსაც მე განვმარტავ, შეგიძლია მხოლოდ ასპროცენტიანი კონცენტრაციისას გაითავისო. თუ ეს საჭირო არ არის, არ ვიჭრები სხვის ფარულ ფიქრთა ტერიტორიაში. ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისი ფიქრების პირად სივრცეში დარჩეს. ღმერთიც კი არ შედის იქ დაუპატიჟებლად; გაცილებით ნაკლებად გავბედავდი მე.“

„თქვენ ყოველთვის მიღებული ხართ, ოსტატო.“

„შენი არქიტექტურული ოცნებები მოგვიანებით ახდება. ახლა კი აქ სასწავლებლად ხარ!“

ამით გურუმ, თავისი მარტივი გზით, ჩემი ცხოვრების სამი მნიშვნელოვანი მიღწევა იწინასწარმეტყველა. ბავშვობიდანვე არაერთხელ ჩნდებოდა სამი შენობის ბუნდოვანი გამოსახულება, თითოეული მათგანი განსხვავებულ პეიზაჟში. ეს ხილვები მოგვიანებით შრი იუქტეშვარის მიერ დასახელებული რიგითობით განხორციელდა. თავდაპირველად დავაარსე ვაჟთა სკოლა რანჩიში, შემდეგ ამერიკის სათაო ოფისი ლოს-ანჯელესის ბორცვზე და ბოლოს აშრამი ენცინიტასში (კალიფორნია), წყნარი ოკეანეს სანაპიროზე. 

ოსტატი არასოდეს გაბედავდა ეთქვა: „ მე გიწინასწარმეტყველებ ამას თუ ამას“, არამედ გამოთქვამდა შემდეგ მინიშნებას: „არ გგონია, რომ ეს შეიძლება ასე მოხდეს?“ და მაინც, მის სიტყვებში იდო წინასწარმეტყველური ძალა. მას არ სჭირდებოდა მათი განმეორებით თქმა, ვინაიდან მისი ოდნავ შეფარული წინათგრძნობა გარდაუვლად ხდებოდა. 

შრი იუქტეშვარი ბუნებით თავშეკავებული და ფხიზელი, არასოდეს ნებდებოდა _ როგორც მრავალი უბრალო მხილველი _ ბუნდოვან მინიშნებებს. ორივე ფეხით მყარად იდგა მიწაზე, როდესაც თავი ცისკენ აწია. პრაქტიკულმა ადამიანებმა გამოიწვიეს მისი აღტაცება. „სიწმინდე არ ნიშნავს სისულელეს, ღვთაებრივი აღქმა არ ხდის ადამიანს მოუქნელს“, მზრუნველობით თქვა მან. „ვინც სათნოებას აქტიურად გამოხატავს, ასევე განავითარებს საკუთარ გაგებას უმაღლესამდე.“ 

ჩემი გურუ უხალისოდ საუბრობდა მხოლოდ ტრანსცენდენტულ განზომილებებზე. მასში ერთადერთი „მშვენიერება“ მისი სრული უბრალოება იყო. საუბრისას ის თავს არიდებდა ყოველგვარ სენსუალურ ალუზიებს, უფრო მეტად ნებას აძლევდა მის ქმედებებს ელაპარაკა. არიან მასწავლებელები, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ სასწაულებზე, მაგრამ არ შეუძლიათ მათი სისრულეში მოყვანა. შრი იუქტეშვარი იშვიათად ახსენებდა დახვეწილ კანონებს; თუმცა ფარულად სურვილისამებრ იყენებდა მათ. 

„გასხივოსნებული ადამიანი სასწაულებს მხოლოდ მაშინ ახდენს, როდესაც ამას შინაგანი კანონი ითხოვს“, განმარტა ოსტატმა. „ღმერთის ნებაში არ დევს ის, რომ თავისი შემოქმედების საიდუმლო ყველას განურჩევლად გაუმხილოს. გარდა ამისა, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, თავისი თავისუფალი ნება გამოიყენოს. წმინდანი ამ დამოუკიდებლობას არავის შეედავება.“

შრი იუქტეშვარის ჩვეული დუმილის მიზეზი უსასრულობის ღრმა აღქმაში მდგომარეობდა. სხვა მასწავლებლებისაგან განსხვავებით, რომლებიც თვითრეალიზაციას არ ფლობდნენ, თავის დროს გაუთავებელ „ქადაგებებში“ არ ატარებდა. ერთი ინდუისტური ანდაზა ამბობს: „ზედაპირულ ადამიანში ფიქრების პატარა თევზები ხდებიან ცოცხალი ტალღების გამომწვევი; ჩაღრმავებულ გონებაში შთაგონების ვეშაპები ღელვასაც კი ძნელად წარმოქმნიან.“

ვინაიდან ჩემი გურუ რაც შეიძლება შეუმჩნევლად იქცეოდა, მხოლოდ რამდენიმე მისი თანამედროვეთაგან ხედავდა მასში ზეადამიანს. ანდაზა „ვისაც თავისი სიბრძნის დამალვა არ შეუძლია, სულელია“ რა თქმა უნდა ჩემს ჩუმ და შეუმჩნეველ ოსტატს არ ეხება. 

მიუხედავად იმისა, რომ შრი იუქტეშვარი ადამიანად დაიბადა, დიდი ხანია დროისა და სივრცის მბრძანებელთან გაერთიანებული იყო. მასში განზავდა ადამიანური და ღვთაებრივი ერთში და მივხვდი, რომ ნებისმიერი გამყოფი ხაზი, რომელიც სულიერებით სულელ კაცობრიობას ჰგონია აქ ხედავენ, მოჩვენებითია. 

ყოველ ჯერზე, როცა შრი იუქტეშვარის წმინდა ფეხებს ვეხებოდი, პატივმოყვარული კანკალი დამივლიდა. მოწაფე, რომელიც პატივისცემით ეხება ოსტატს, გონებრივად მაგნეტიზირებული შესაძლოა გახდეს. ამასთანავე წარმოიქმნება მსუბუქი ნაკადი, რომელიც ხშირად შლის ტვინში არასასურველ ჩვევების კვალს და ღრმად ფესვგადგმულ ამქვეყნიურ მიდრეკილებებს ასუსტებს. შემდეგ _ თუნდაც სულ მცირე ხნით _ მაიას ფარული ფარდა იხსნება და გვაძლევს შესაძლებლობას ნეტარ რეალობას მოვკრათ თვალი. მთელი ჩემი სხეული გამწმენდი ნათებით გაიჟღინთა, როდესაც ინდური ჩვეულებისამებრ, ჩემი გურუს ფეხებთან დავიჩოქე. 

„თავად როცა ლაჰირი მაჰასაია ჩუმდებოდა“, თქვა ოსტატმა, „ან გარდა წმინდა რელიგიური თემებისა სხვა რამეზე მესაუბრებოდა, უბადლო ცოდნას მიზიარებდა მაინც.“

ზუსტად მსგავს გავლენას ახდენდა შრი იუქტეშვარი ჩემზე. თუ აშრამში დეპრესიული ან გულგრილი განწყობით მივედი, მალე შეუმჩნეველი ცვლილება მოხდა ჩემში. მჭირდებოდა მხოლოდ თვალი მომეკრა ჩემი გურუსათვის და დამამშვიდებელი სიწყნარე მეუფლებოდა. მასთან გატარებული ყოველი დღე იყო ახალი სიმშვიდის, სიხარულის და სიბრძნის მომტანი. არასოდეს მინახავს ის ჩავარდნილიყო იმედგაცრუებაში ან რაიმე ემოციაში, როგორიცაა სიხარბე, ბრაზი ან ადამიანური მიჯაჭვულობა.

„მაიას სიბნელე ფარულად გვიახლოვდება. მოდით შევიდეთ შიგნით, სადაც ჩვენ ნამდვილად სახლში ვართ.“ ამ შეგონებით განუწყვეტლივ ამხნევებდა ოსტატი თავის მოწაფეებს კრია იოგას პრაქტიკაში. ახალი მოსწავლეები ხანდახან ეკითხებოდნენ, იმსახურებდნენ თუ არა ისინი საერთოდ იოგას დაპრაქტიკებას.

„დაივიწყეთ წარსული“, ანუგეშებდა მათ შრი იუქტეშვარი. „უკან მოტოვებული ცხოვრება რაღაც ლაქებს გვაჩვენებს. სანამ ადამიანი ჯერ კიდევ არ არის მტკიცედ ღვთაებრივში მიმაგრებული, მისი ქცევა ყოველთვის არაპროგნოზირებადი იქნება. მომავალში ყველაფერი საუკეთესოდ გამოვა, თუ ახლა საჭირო გონებრივ ძალისხმევას ჩადებთ.“ 

ოსტატს ყოველთვის ჰყავდა ახალგაზრდა ჩელა (სულიერი მოწაფეები) თავის აშრამში. მთელი მისი ცხოვრება დაინტერესებული იყო მათი ინტელექტუალური და სულიერი აღზრდით. სახლში წასვლამდე ცოტა ხნით ადრე თავად აიყვანა აშრამში ორი ექვსი წლის ბიჭი და 16 წლის ახალგაზრდა. ყველა, ვინც მასზე იყო მინდობილი, საფუძვლიანი სწავლება მიიღო.

აშრამის ყველა მცხოვრებს უყვარდა და თაყვანს სცემდნენ თავიანთ გურუს. მას სჭირდებოდა მხოლოდ მსუბუქად დაეკრა ხელები ერთმანეთზე და ისინი უკვე მის გვერდით იყვნენ. როდესაც ის სიჩუმეში შედიოდა, ვერავინ ბედავდა ლაპარაკს. თუმცა როცა მისი მხიარული სიცილი ისმოდა, ღებულობდნენ ბავშვები მას თითქოს მათნაირს. 

მხოლოდ იშვიათად თხოვდა შრი იუქტეშვარი ვინმეს პირად მომსახურებას; ის მაშინ იღებდა ჩელასგან (მოწაფისგან) მომსახურებას, თუ ეს უკანასკნელი ამას სიხარულით შესთვავაზებდა. ოსტატი საკუთარ ტანსაცმელს თავად რეცხავდა, როდესაც მოწაფეებს ავიწყდებოდათ მისთვის სიყვარულის ასეთი მსახურებით ჩვენება. 

მისი ჩვეულებრივი ჩაცმულობა იყო ტრადიციული სვამი-სამოსი. სახლში ის თასმების გარეშე ატარებდა ფეხსაცმელს, რომელიც იოგის ჩვეულებისამებრ იყო დამზადებული ვეფხვის ან ირმის ტყავისგან.

შრი იუქტეშვარი თავისუფლად ფლობდა ინგლისურს, ფრანგულს, ბენგალურს, ჰინდის და ასევე კარგად იცოდა სანსკრიტი. მოთმინებით ასწავლიდა ის თავის მოწაფეებს საკუთარ გამოგონილ ჭკვიანურ მეთოდს, რათა მათთვის ინგლისურის და სანსკრიტის  შესწავლა გაეადვილებინა. 

ოსტატი თავის სხეულს მხოლოდ მცირე ყურადღებას აქცევდა. მეორეს მხრივ, არც უყურადღებოდ ტოვებდა. ის მიიჩნევდა, რომ ღვთაებრივი საკუთარ თავს ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობის მეშვეობით გამოხატავს. ყველა უკიდურეს ზომებს ის უარყოფდა. ერთ მოწაფეს, რომელსაც მარხვის დაცვა განსაკუთრებით დიდი ხნით სურდა, უთხრა სიცილით: „უბრალოდ ძაღლს ძვალი გადაუგდე!“

შრი იუქტეშვარს შესანიშნავი ჯანმრთელობა ჰქონდა; არ მახსოვს, ის დასუსტებული ოდესმე მენახოს. ის ითვალისწინებდა საერო საჭიროებებს და ამიტომ ნებას რთავდა თავის მოწაფეებს, სურვილის შემთხვევაში სამედიცინო რჩევა მიეღოთ. „ექიმების საქმე იმაშია, მისი თქმით, რომ სხეული ღმერთის მიერ შექმნილი ფიზიკური კანონებით განკურნონ.“  თუმცა მან შეაქო სულიერი თერაპიის უპირატესობა და განმეორებით თქვა: „სიბრძნე განკურნების საუკეთესო წყაროა.“  თავის ჩელას მან შემდეგი რჩევა მისცა:

„სხეული მატყუარა მეგობარია; მიეცით მას ის, რაც სჭირდება და მეტი არა. ტკივილი და სიამოვნება დროებითი მდგომარეობებია; მიეჩვიეთ, მშვიდად მიიღოთ საპირისპირო, მაშინ როდესაც მათი ზეგავლენის აცილებას ცდილობთ. წარმოსახვის ძალა იმდენად დიდია, რომ მას შეუძლია ავადმყოფობაც და ჯანმრთელობაც გამოიწვიოს. მაშინაც კი, როცა ავად ხართ, არ დაიჯეროთ თქვენი ავადმყოფობის რეალობა, რადგან შეუმჩნეველი სტუმარი მალე მიდის.“

ოსტატის მოწაფეებს შორის ბევრი ექიმიც იყო. „ვინც ფიზიოლოგიას სწავლობდა, ნაბიჯით წინ უნდა წავიდეს და სულის მეცნიერება შეისწავლოს“, უთხრა მათ. „ფიზიკური ფორმის მიღმა დახვეწილი სულიერი მექანიზმი იმალება.“

შრი იუქტეშვარმა თავის მოსწავლეებს ურჩია, დასავლეთისა და აღმოსავლეთის სათნოებები გაემთლიანებინათ. ის თავად თავისი გარეგნული ჩვევებით აშკარად აღმოსავლეთის ადამიანი იყო; შინაგანად კი სულიერზე ორიენტირებული. მან შეაქო დასავლეთი მისი პროგრესულობის, საფუძვლიანობის და ჰიგიენისათვის და აღმოსავლეთი რელიგიური იდეალებისათვის, რომელსაც იგი საუკუნეების განმავლობაში თავისი სულიერი აურით უმადლის.

დისციპლინა არ იყო ის, რაც სახლში ჩემთვის უჩვეულო იყო. მამა მკაცრი იყო, ანანტა ხშირად ხისტი. და მაინც, შრი იუქტეშვარის სწავლებას არ შეიძლება ეწოდოს სხვა რამ, გარდა მკვეთრად რადიკალურისა.  ჩემი გურუ, რომელიც ყველაფერში სრულყოფილებას ეძებდა, ჰიპერკრიტიკული იყო თავისი მოწაფეების მიმართ, იქნებოდა ეს მნიშვნელოვანი საკითხები თუ უმნიშვნელო საქციელი. 

„კარგი მანერები გულწრფელობის გარეშე ჰგავს ლამაზ, მაგრამ მკვდარ ქალს“, თქვა მან შესაბამისი შემთხვევისას. „გულწრფელობა მანერების გარეშე ჰგავს ქირურგის დანას, რომელიც თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ უკიდურესად უსიამოვნოა. მაგრამ პატიოსნება თავაზიანობასთან ერთად, არა მხოლოდ სამკურნალოა, არამედ აღსაფრთოვანებელი.“

ოსტატი ჩემი სულიერი წინსვლით კმაყოფილი ჩანდა, რადგან ამაზე ის შენიშვნას არ აკეთებდა. თუმცა სხვა რამეებში ხშირად მადანაშაულებდა. ჩემი მთავარი ნაკლი იყო გაფანტულობა, დროებითი სევდიანი განწყობა, უყუდადღებობა გარკვეული ეტიკეტის წესებისადმი და მეთოდოლოგიის ნაკლებობა. 

„აიღე მაგალითი მამაშენისგან, ბჰაგაბატისგან, რომელიც სამაგალითოდ გაწონასწორებულ ცხოვრებას ეწევა და იცის როგორ გაანაწილოს თავისი საქმე“, მითხრა ჩემმა გურუმ. ლაჰირი მაჰასაიას ორივე მოწაფემ აშრამში ჩემი პირველი ვიზიტის შემდეგ მალევე გაიცნეს ერთმანეთი და დიდად აფასებდნენ ერთიმეორეს. ორივემ თავისი შინაგანი ცხოვრება ააშენა სულიერ გრანიტზე, რომელზეც დროთა ცვალებადობა არ მოქმედებს. 

მასწავლებისაგან, ჩემი ბავშვობიდან, მცდარი შეხედულებები შევიძინე. ჩელას, ასე მითხრეს მაშინ, არ სჭირდება ზედმიწევნით იფიქროს თავის მიწიერ მოვალეობებზე. თუ მე ჩემს დაკისრებულ დავალებებს უგულებელვყოფდი ან მათ საკმარისი მოფრთხილებით არ შევასრულებდი, არასოდეს მადანაშაულებდნენ. ადამიანური ბუნება ძალიან მოხარულია ამგვარი მითითებების შესრულებით. თუმცა ოსტატის მკაცრი დისციპლის ქვეშ, ჩემი სასიამოვნო უპასუხისმგებლობის სიზმრიდან მალევე გამოვფხიზლდი.

„ისინი, ვინც ამ სამყაროსთვის ძალიან კარგები არიან, უკვე დიდი ხანია სხვა სამყაროში იმყოფებიან“, აღნიშნა ერთ დღესაც შრი იუქტეშვარმა. „მანამ, სანამ დედამიწის თავისუფალ ჰაერს სუნთქავ, შენ მისი ვალი გაქვს და ვალდებული ხარ გარკვეული მსახურება გაუწიო. კოსმოსის კანონებს აღარ ექვემდებარება მხოლოდ ის, ვინც სუნთქვაშეკრულ მდგომარეობას მიაღწია. და მან მშრალად დაამატა: „არ გამომრჩება, გაცნობო, როცა შენ ამ უმაღლეს სრულყოფილებას მიაღწევ.“

ჩემი გურუს მოსყიდვას ვერაფრით შეძლებდი, ვერც სიყვარულით. ის არ იჩენდა განსაკუთრებულ ლმობიერებას მათ მიმართ, ვინც ჩემსავით ნებაყოფლობით, როგორც მოწაფე მივიდნენ მასთან. ოსტატი, ჩემთან მარტო იყო, მოსწავლეებთან თუ უცხოების გარემოცვაში, ყოველთვის ღიად ამბობდა ყველაფერს და მკაცრად მსაყვედურობდა. ზედაპირულობაში ოდნავი ჩავარდნა, ოდნავი შეუსაბამობა არ გაურბოდა მის კრიტიკას. ძნელი გადასატანი იყო ასეთი თვითგამანადგურებელი მოპყრობა, მაგრამ გადავწყვიტე, შრი იუქტეშვარისათვის დამენებებინა ჩემგან მთელი ძალისხმევის განდევნა. მანამ, სანამ ის ამ გიგანტურ ტრანსფორმაციაზე მუშაობდა, მისი დისციპლინარული ჩაქუჩის დარტყმის სიმძიმის ქვეშ ბევრჯერ ავკანკალდი. 

„თუ ჩემი სიტყვები არ მოგწონს, ნებისმიერ დროს შეგიძლია წახვიდე“, დამარწმუნა ოსტატმა. „მე შენი პროგრესის გარდა არაფერი მინდა. დარჩი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გრძნობ, რომ ამით მოგებული დარჩები.“

მე უკიდეგანოდ მადლიერი ვარ იმ დამამცირებელი დარტყმებისათვის, რომელიც მან მიაყენა ჩემს ამაოებას. ხანდახან ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ის _ მეტაფორულად რომ ვთქვათ _ ჩემს ყბაში არსებულ ყველა ცუდ კბილს აღმოაჩენდა და ფესვებიანად ანადგურებდა მათ. ეგოიზმის მძიმე გარსი ძნელია ამოიღო მკაცრი ჩარევების გარეშე. მაგრამ როგორც კი ის ჩაიხსნება, ღვთაებრივი, რომელიც ეგოიზმისაგან გაქვავებულ გულებში გაღვივებას ამაოდ ცდილობს, შეუფერხებლად შეძლებს გარეთ გამოვლინდეს.

შრი იუქტეშვარის ინტუიცია შეუცდომელი იყო. ის ხშირად უგულვებელყოფდა ჩვენს შენიშვნებს და სანაცვლოდ ჩვენს გამოუთქმელ აზრებს პასუხობდა. სიტყვები, რომლებსაც ვამბობთ და ფიქრები, რომლებიც მათ უკან იმალება, ხშირად შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს. „ეცადეთ, თქვენი შინაგანი სიმშვიდით, იგრძნოთ ფიქრები, რომლებიც ადამიანური სიტყვების მიღმა იმალება“, თქვა ჩემმა გურუმ.

რასაც ღვთაებრივი გამჭრიახობა დაუნდობლად ავლენს, ხშირად უხერხულია ამქვეყნიური ადამიანისათვის. ამიტომ ოსტატი ზედაპირულ მოსწავლეებში პოპულარული არ იყო. თუმცა გამჭრიახენი, რომლებიც ყოველთვის ცოტანი არიან, ღრმად პატივს სცემდნენ მას.  

დამტკიცებით ვიტყვი, შრი იუქტეშვარი მთელს ინდოეთში ყველაზე პოპულარული გურუ იქნებოდა, ასეთი გულწრფელი და უკომპრომისო რომ არ ყოფილიყო თავის განცხადებებში.

„მე არ ვუადვილებ საქმეს, მათ, ვისაც ჩემგან სწავლების მიღება სურს“, აღიარა ჩემთან ერთხელ. თუმცა ეს არის ჩემი გზა. ეგუები თუ არა ამას! არანაირ დათმობებზე არ მივდივარ. მოგვიანებით შენ გაცილებით კეთილი იქნები შენი მოწაფეების მიმართ, ვინაიდან შენი გზა განსხვავებულია. მე ვცდილობ გავწმინდო ისინი სიმარტოვეში სიმკაცრის ცეცხლში , რაც იწვევს დამწვრობას, რომლის გადატანაც ჩვეულებრივ ადამიანს არ შეუძლია. მაგრამ სიყვარულის უფრო ნაზ მეთოდსაც შეუძლია სხვების გარდაქმნა.“ როგორც მძიმე, ისე მსუბუქი მეთოდები ერთნაირად ეფექტურია, გონივრული გამოყენებისას.“ და მან დაამატა: „მოგვიანებით შენ უცხო ქვეყნებში წახვალ, სადაც ადამიანებმა არ იციან მე-ს უხეში მოპყრობის შესახებ. მხოლოდ მასწავლებელს, რომელსაც უჩვეულო ადაპტაციის უნარი, მოთმინება და შემწყნარებლობა აქვს, შეუძლია ინდოეთის გზავნილის დასავლეთში გავრცელება.“ (არ მინდა ავღნიშნო, რამდენად ხშირად მიფიქრია ოსტატის ამ სიტყვებზე ამერიკაში!)

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გაბედულ გურუს თავისი სიცოცხლის განმავლობაში დიდი მიმდევართა ჯგუფი არ ჰყოლია, მისი სული სიცოცხლეს მაინც აგრძელებს, რადგან რიცხვი გულწრფელი მოწაფეებისა, რომლებიც მის სწავლებას მიჰყვებიან, უფრო და უფრო იმატებს. ალექსანდრე მაკედონელის მსგავსი მეომრები მსოფლიოს დაპყრობას ცდილობდნენ; ოსტატები, როგორიც შრი იუქტეშვარია, მეორეს მხრივ, ადამიანის სულის განუზომელ სიმდიდრეს იპყრობენ. 

ეს იყო ოსტატის გზა, თავისი მოწაფეების მცირე, უმნიშვნელო სისუსტეები, როგორც მძიმე დანაშაული ისე წარმოედგინა. ერთ დღესაც სერამპურში მამაჩემი მოვიდა, რათა პატივი მიეგო შრი იუქტეშვარისათვის. ის სავარაუდოდ იმედოვნებდა, რომ ჩემი გურუ ჩემს შესახებ მადლიერების სიტყვებს ეტყოდა და ამიტომ გაოგნებული იყო, მხოლოდ დიდი მოხსენების მოსმენით ჩემი არასრულყოფილების შესახებ. ის ადგილიდან ჩემსკენ მოიჩქაროდა და მითხრა:

„შენი გურუს შენიშვნებიდან დავასკვენი, რომ სრული უიღბლო ხარ!“ ამასთან, მან არ იცოდა გასცინებოდა თუ ეტირა.

ერთადერთი მიზეზი, რამაც იმ დროს შრი იუქტეშვარის უკმაყოფილება გამოიწვია, იყო ის ფაქტი, რომ მიუხედავად მისი ნაზი გაფრთხილებისა, ვცდილობდი ერთი გარკვეულ კაცს სულიერ გზაზე გავძღოლოდი. 

აღშფოთებისგან აღსავსე მაშინვე წავედი ჩემი გურუს სანახავად. მან დაღონებული თვალებით მიმიღო, თითქოს თავისი დანაშაული მისთვის ცხადი იყო. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა,  როცა ღვთაებრივი ლომი ასეთი თავმდაბლობით იქცეოდა ჩემს მიმართ, ამოწურვამდე ვტკბებოდი ამ უნიკალური მომენტით. 

„გურუჯი, რატომ წამიყენეთ ასეთი ხისტი ბრალდებები მამაჩემთან? სამართლიანი იყო ეს?“

„ამას აღარ გავაკეთებ“, თქვა ოსტატმა დაწყნარებით.

მაშინვე განვიარაღდი. როგორ გახსნილად აღაიარა თავისი შეცდომა ამ დიდებულმა კაცმა! მიუხედავად იმისა, რომ ოსტატს მამაჩემისათვის შინაგანი სიმშვიდე აღარ წაურთმევია, ის მაინც აგრძელებდა ჩემს დაუნდობელ „განკვეთას“, როცა ამას საჭიროდ თვლიდა.“

ზოგიერთი ახალი მოწაფეთაგანი ხშირად შრი იუქტეშვარის მიბაძვას ცდილობდა, რაც სხვების გამუდმებით გაკრიტიკებაში გამოიხატებოდა. მათ სჯეროდათ, რომ ისეთივე ბრძენი იყვნენ, როგორც გურუ _ უნაკლო დისკრიმინაციის მაგალითები. მაგრამ, ვინც თავს ესხმის, თავის დაცვაც უნდა შეძლოს. საბრალო მოწაფეები საჩქაროდ გაქრნენ იქიდან, როგორც კი ოსტატმა საჯაროდ რამდენიმე ანალიტიკური ისარი ისროლა მათი მიმართულებით. 

„ხასიათის სისუსტეები, რომლებიც თუნდაც რბილ კრიტიკას ვერ უძლებენ, ჰგავს წყლულებს სხეულის ნაწილებზე, რომლებიც ოდნავი შეხებისას იკუმშება“, ჟღერდა შრი იუქტეშვარის სახალისო კომენტარი გაქცეულ მოწაფეებზე.

ბევრ მოწაფეს უკვე წინასწარ ჩამოყალიბებული წარმოდგენა აქვს გურუზე და მის ყველა სიტყვას და მოქმედებას ამის შესაბამისად განსჯის. ასეთი პიროვნებები ხშირად ჩიოდნენ, რომ შრი იუქტეშვარს მათი არ ესმოდა. 

„არც შენ გესმის ღმერთის“, ვუპასუხე ერთ-ერთს. „წმინდანის გაგება რომ შეგეძლოს, შენ თავად იქნებოდი ერთ-ერთი!“  შეგვიძლია ჩვენ, რომლებიც მილიონობით საიდუმლოებებით ვართ გარშემორტყმული და ყოველ წამს აუხსნელ ჰაერს ვსუნთქავთ, ვივარაუდოთ, რომ ოსტატის შეუცნობელ ბუნებას დაუყოვნებლივ გავიგებთ?

ახალი მოსწავლეები მოდიოდნენ და უმეტესად ისევ მიდიოდნენ. ისინი, ვინც მარტივ გზას ეძებდნენ და მაშინვე თანაგრძნობას და მათი მიღწევების სიყვარულით აღიარებას მოელოდნენ, აშრამში ვერ იპოვეს ის, რასაც ეძებდნენ. ოსტატი თავის მოწაფეებს უსასრულოდ სთავაზობდა მფარველობას და თავშესაფარს; მაგრამ ბევრი მოსწავლე იმდენად გაუმაძღარი იყო, რომ ზემოდან კიდევ ბალზამსაც ითხოვდნენ საკუთარი მესთვის. და აი, ისინი კვლავ წავიდნენ და ცხოვრების უთვალავი დამცირება ამჯობინეს, ვიდრე თავად ესწავლათ თავმდაბლობა. შრი იუქტეშვარის მძვინვარე სხივები, მისი სიბრძნის თავისუფალი, გამჭოლი, მზის შუქი ძალიან ძლიერი წამალი იყო მათი დაავადებული სულებისათის. ამიტომ ისინი ეძებდნენ ნაკლებად მომთხოვნ მასწავლებელს, რომელიც მათ თავისი მაამებელი სიტყვებით დაამშვიდებდა და ილუზიების მოუსვენარ ძილში დატოვებდა.

აშრამში ყოფნის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მეტად მგრძნობიარე ვიყავი ოსტატის ბასრი საყვედურების მიმართ. მაგრამ მალევე შევამჩნიე, რომ ის თავის ვერბალურ „ვივისექციებს“ მხოლოდ იმ მოწაფეებზე ატარებს, რომლებიც მისგან, როგორც მე, დისციპლინას მოითხოვდნენ. თუ რომელიმე მოწაფე ზედმეტად მგრძნობიარე იყო და წინააღმდეგი, შრი იუქტეშვარი ჩუმდებოდა დაზარალების გარეშე. მისი სიტყვები არასდროს ყოფილა ბრაზიანი, არამედ ყოველთვის უპიროვნო და სიბრძნით სავსე. 

თუმცა სტუმრები, რომლებიც დროდადრო აშრამში მოდიოდნენ, არასდროს გაუკიცხავს ოსტატს. მაშინაც კი, როცა მათი სისუსტეები აშკარა იყო, ის იშვიათად აკეთებდა ამაზე შენიშვნას. მაგრამ თავისი მოწაფეების მიმართ, რომლებიც მისგან ხელმძღვანელობას მოითხოვდნენ, დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა. გურუ, რომელიც ვალდებულებას იღებს, მესგან დაბინდულ კაცობრიობას ნედლი საბადო მოაცილოს, ნამდვილად უნდა ჰქონდეს გამბედაობა. წმინდანთა ეს უშიშარობა შეესაბამება თანაგრძნობას მაიასგან დაბნეული კაცობრიობისადმი _ ამქვეყნიურობით დაბრკოლებული ბრმები.

მას შემდეგ რაც თავდაპირველი მგრძნობელობა დავძლიე, აღმოვაჩინე, რომ გაცილებით ნაკლებად მსაყვედურობდნენ. თითქმის შეუმჩნევლად, ოსტატი საგრძნობლად უფრო რბილი გახდა ჩემს მიმართ. დროთა განმავლობაში მე დავარღვიე ნაციონალისტური აზროვნების ყველა ბარიერი და ქვეცნობიერის დათქმები, რომლის მიღმაც ჩვეულებრივ ადამიანის პიროვნება იმალება. ჯილდო ამისათვის ძალდაუტანებელი თანხმობა იყო ჩემს გურუსთან. მე მივიჩნიე, რომ ის სანდო და ლმობიერი იყო და მისი ჩუმი სიყვარული ვიგრძენი. ვინაიდან ბუნებით თავშეკავებული იყო, თავის დათანხმებას არასდროს გამოხატავდა სიტყვებით. 

მე თვითონ გამორჩეულად ერთგული ბუნება მქონდა. სწორედ ამიტომ თავიდან დამაბნია იმან, რომ ჩემს ჯნანათი გაჯღენთილ გურუს, როგორც ჩანს, ბჰაქტი აკლია და ძირითადად გონებრივი გამოსახულებებიდან გამოდის, რომლებიც მე მათემატიკურად და ნაკლებ ემოციურად მიმაჩნდა. თუმცაღა, როცა მის ბუნებას შევეგუე, აღმოვაჩინე, რომ ჩემი ერთგულება ღმერთისადმი არა თუ შემცირდა, არამედ გაღრმავდა კიდეც. გასხივოსნებული ოსტატი არის იმ მდგომარეობაში რომ, ინდივიდუალურად უხელმძღვანელოს თავის თითოეულ მოწაფეს და მათი ბუნებრივი მიდრეკილებები გაითვალისწინოს. 

მიუხედავად ჩემი ურთიერთობა შრი იუქტეშვართან თითქმის უსიტყვო იყო, მაინც არ აკლდა ფარული მჭევრმეტყველება. ხშირად ვგრძნობდი, რომ ის უთქმელად ეთანხმებოდა ჩემს ფიქრებს, ისე რომ ყოველი სიტყვა ზედმეტი ჩანდა. და როდესაც მის გვერდით გაუნძრევლად ვიჯექი, ვგრძნობდი, რომ მისი სიკეთე და სიმშვიდე მთელ ჩემს არსებას მოიცავდა.   

ზაფხულის პირველი სემესტრის შესვენებისას მქონდა შესაძლებლობა ოსტატის მიუკერძოებელი მსჯელობით აღვფრთოვანებულიყავი. დიდი ხანია ველოდი  ასეთ დაუბრკოლებელ თვეებს ჩემს გურუსთან ერთად. 

„შენ აშრამზე ზედამხედველობა უნდა აიღო“, მითხრა შრი იუქტეშვარმა, რომელიც კმაყოფილი იყო იმ ენთუზიაზმით, რომელიც ჩასვლისთანავე გამოვავლინე. „შენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ სტუმრები მიიღო და სხვა მოწაფეების ყოველდღიურ საქმიანობას თვალი ადევნო.“

ორი კვირის შემდეგ, კუმარი, ახალგაზრდა სოფლის მცხოვრები ბენგალიდან, აიყვანეს აშრამში სწავლებისათვის.იმის გამო, რომ ის საოცრად ჭკვიანი იყო, სწრაფად მოიპოვა ოსტატის სიყვარული. რაღაც აუხსნელი მიზეზის გამო, შრი იუქტეშვარი ძალიან კრიტიკული ახალი მოწაფის მიმართ არ იყო.

მას შემდეგ, რაც ახალი მოწაფე ჩვენთან უკვე ერთი თვე იყო, ერთ დღესაც ოსტატმა განმიმარტა: „მუკუნდა, ამიერიდან ნება მიეცი კუმარს შენი მოვალეობები გადაიბაროს და შენ თავად საჭმელის მომზადებასა და სისუფთავეზე იზრუნე.“

კუმარს, რომელსაც თავისი ახალი თანამდებობა თავში აუვარდა, მალე შინაური ტირანი გახდა. ფარული აჯანყების დროს, სხვა მოწაფეები ჩემთან ყოველდღიური რჩევის მისაღებად მოდიოდნენ. მას შემდეგ, რაც ეს მდგომარეობა სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდა, შემთხვევით კუმარისა და ოსტატის საუბარი მოვისმინე.

„მუკუნდა აუტანელია!“, დაიჩივლა ახალგაზრდამ. „თქვენ მე დამნიშნეთ ზედამხედველად, თუმცა ყველანი მასთან მიდიან და მას ემორჩილებიან!“

„ამიტომაც ის სამზარეულოში და შენ მისაღებში ჩაგსვით, რათა შენ გენახა, ნამდვილ ლიდერს არ სურს მართოს, არამედ ემსახუროს“, მიუგო შრი იუქტეშვარმა. მისი ბასრი ტონი კუმარისთვის უცხო იყო. „შენ მუკუნდას მმართველობა გინდოდა გქონოდა, მაგრამ ვერ შეძელი დაგემტკიცებინა, რომ ამის ღირსი ხარ. ახლა კი ისევ აიღე შენი წინა სამუშაო, როგორც სამზარეულოს დამხმარე.“

ამ დამამცირებელი შემთხვევის შემდეგ ოსტატმა ისე ისეთი უჩვეულო გულმოდგინება გამოიჩინა კუმარის მიმართ. ვის შეუძლია ჩაწვდეს მიზიდულობის ძალის საიდუმლოს? კუმარი _ სულაც არა სხვა მოწაფეებისათვის _ სიხარულის წყარო იყო ოსტატისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ბიჭი აშკარად შრი იუქტეშვარის საყვარელი მოსწავლე იყო, ამის გამო წყენას არ ვგრძნობდი. თავად ოსტატებსაც აქვთ თავიანთი პიროვნული თვისებები, რაც ცხოვრების დრამას ასე მრავალფეროვანს ხდის. ასეთი გვერდითი მოვლენები არასდროს შემხებია. ამასთან, მე ვეძებდი შრი იუქტეშვარის დიდ დაფასებას როგორც გარეგნულ აღიარებას. 

ერთ დღეს კუმარმა ყოველი მიზეზის გარეშე საშინლად დამელაპარაკა, რამაც ღრმად დამწყვიტა გული. 

„სულ მალე მთელი შენი პომპეზურობით იფეთქებ“, ვუთხარი მე და გამაფრთხილებლად დავამატე: „თუ შენი ქცევა არ შეიცვლება, ერთ დღესაც აშრამის დატოვება მოგეთხოვება.“ ინტუიციურად ჩემს სიტყვებში დარწმუნებული ვიყავი. თუმცა კუმარმა დამცინავად გაიცინა და ჩემი შენიშვნა ოთახში ახლახან შემოსულ გურუსაც გაუმეორა. რა თქმა უნდა ველოდი, რომ გავილანძღებოდი და ჩუმად კუთხისკენ მივბრუნდი. 

მაგრამ ოსტატმა უჩვეულო სიგრილით თქვა: „შესაძლოა მუკუნდა მართალია.“

ერთი წლის შემდეგ კუმარი საკუთარი ოჯახის სანახავად სახლში გაემგზავრა. მან უგულებელყო ჩუმი უკმაყოფილება შრი იუქტეშვარისგან, რომელიც თავისი მოწაფეების ქმედებებში არასოდეს ერეოდა. როდესაც ბიჭი რამდენიმე თვის შემდეგ აშრამში დაბრუნდა, მისდა საზიანოდ ის შესამჩნევად შეცვლილიყო. ეს აღარ იყო დიდებული კუმარი, ნათელი, მხიარული სახით. ჩვენს წინაშე იდგა ერთი უბრალო გლეხის ბიჭი, რომელმაც ცოტა ხანში ბევრი ცუდი ჩვევა შეიძინა.

მერე ოსტატმა ამ შემთხვევის ჩემთან განსახილველად დამიძახა. ის სევდიან დასკვნამდე მივიდა იმისა, რომ ბიჭი ახლა უკვე აშრამის სამონასტრო ცხოვრებას აღარ ერგებოდა. 

„მუკუნდა, ამას შენ გაბარებ, რომ კუმარს უთხრა, ხვალ აშრამი უნდა დატოვოს; მე ეს არ შემიძლია.“ შრი იუქტეშვარს თვალებზე ცრემლი მოადგა, თუმცა მალევე მოიწმინდა. „ბიჭი ასე ქვემოთ არ დაეცემოდა, რომ მოესმინა ჩემთვის; სამაგიეროდ წავიდა და ცუდ საზოგადოებაში მოხვდა. მან უკუაგდო ჩემი დახმარების ხელი; ამიტომაც დაუნდობელი სამყარო მაინც იქნება მისი გურუ.“

კუმარის წასვლას ჩემთვის არანაირი კმაყოფილება არ მოუტანია. მოწყენილმა შევეკითხე საკუთარ თავს, როგორ შეიძლებოდა ვინმე ასე სწრაფად ამქვეყნიურ ცდუნებებში ჩავარდნილიყო, როდესაც ოსტატის სიყვარულის მოპოვებისათვის ასეთ ძალას ფლობს. ღვინისა და სექსუალური სიამოვნების მოთხოვნილება ადამიანში თანდაყოლილია; იმისათვის, რომ ამ სიამოვნებებით დატკბეს, მას არ სჭირდება აღქმის უმაღლესი უნარები. სენსორული მოგზაურობა მარადმწვანე ოლეანდრს წააგავს: მისი ვარდისფერი ყვავილები აფრქვევს ტკბილ სურნელს, მაგრამ ამ მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია. განკურნების სამეფო მდებარეობს ადამიანის შიგნით; იქ მას ელის ნამდვილი ბედნიერება, რომელსაც ის _ ბრმასავით, როგორიც არის _ ათასი მიმართულებით ეძებს. 

„მახვილი გონება ჰგავს ორპირიან მახვილს, რომელიც შეიძლება ვმართოთ სწორად ან არასწორად“, თქვა ერთხელ ოსტატმა, მინიშნებით კუმარის მახვილ ინტელექტზე. „ის ჰგავს დანას, რომლითაც შეიძლება უმეცრების დუღილის გაქრობა ან საკუთარი თავის მოკვეთა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი გონების კანონების გვერდის ავლას აღარ შეეცდება, შეეძლება საკუთარი ინტელექტი სწორი მიმართულებით მიმართოს.“

ჩემს გურუს ჰყავდა როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი მოწაფეები და მათ ყველას ისე ეპყრობოდა, როგორც თავის შვილებს. ის არ განასხვავებდა სქესის მიხედვით, რადგან ყველა ადამიანში მხოლოდ სულს ხედავდა. 

„ძილში თქვენ არ იცით, კაცი ხართ თუ ქალი“, თქვა მან. „როგორც მამაკაცი, რომელიც სცენაზე როლს თამაშობს, შედეგად არ ხდება თავად ქალი, ასევე რჩება სული, რომელიც მამაკაცის ან ქალის სხეულშია გადაცმული, შეუცვლელი. სული არის ღმერთის უცვლელი, სრულყოფილი ხატება.“

შრი იუქტეშვარი არ გაურბოდა ქალებს, არც გამოჰყავდა ისინი „დაცემის“ მიზეზად. ის ამტკიცებდა, რომ ქალები ასევე განიცდიან ცდუნებას საპირისპირო სქესის მხრიდან.  ერთხელ შევეკითხე ოსტატს, რატომ უწოდა ძველი დროის დიდმა წმინდანმა ქალებს „ჯოჯოხეთის კარიბჭე“.

„სავარაუდოდ ვიღაც გოგონამ ახალგაზრდობაში გონება აურია“, მიპასუხა გურუმ ირონიულად. „წინააღმდეგ შემთხვევაში ის მდედრობით სქესს კი არ დააბრალებდა, არამედ ამისათვის პასუხისმგებელს საკუთარი კონტროლის ნაკლებობას გახდიდა.“

თუ სტუმარი გაბედავდა, აშრამში ორაზროვანი ისტორიების მოყოლას, ოსტატი გარკვეული დუმილით პასუხობდა. „ არ მისცეთ უფლება ლამაზ სახეს შეგიტყუოთ და შედეგად არასაჭირო ტანჯვაში ჩაგაგდოთ“, _ უთხრა მან თავის მოწაფეებს. „როგორ შეძლებენ შეგრძნებათა მონები ამქვეყნად ბედნიერები იყვნენ? ყველა უმაღლესი სიამოვნება გაურბის მათ, როდესაც ისინი შეგრძნებათა ტალახში იძირებიან. ის, ვინც თავის ინსტიქტებს თავის ნებაზე უშვებს, გარჩევადობის ყველანაირ დახვეწილ ძალას კარგავს.“

ყველა მოსწავლე, ვინც მაიას ძალაუფლებისაგან თავის დაღწევას და სექსუალური ლტოლვის მართვას რეალურად ცდილობდა, გამჭრიახ რჩევებს ღებულობდა შრი იუქტეშვარისგან.

ისევე როგორც, შიმშილი ემსახურება თავის მიზანს, თუმცა სიხარბე დაძლეული უნდა იქნას, ასევე სექსუალურ ლტოლვასაც თავისი მიზანი აქვს. ეს ბუნებისაგან მხოლოდ გამრავლების მიზნით და არა დაუოკებელი სურვილების დასაკმაყოფილებლად მოგვეცა“, თქვა მან. „გაანთავისუფლეთ საკუთარი თავი ზედმეტი სურვილებისაგან; წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გააგრძელებენ თქვენს დევნას მოგვიანებით, მას შემდეგაც, რაც ასტრალური სხეული ფიზიკურ გარსს გამოეყოფა. მაშინაც კი, როცა ხორცი სუსტია, სული უნდა დარჩეს ძლიერი. ყოველ ჯერზე, როცა ცდუნებები თავს დაგესხმიან, თქვენი ობიექტური დამოკიდებულებებით და რკინის ნებისყოფით წინააღმდეგობა აუცილებლად უნდა გაუწიოთ. ყოველი ბუნებრივი ვნების დამორჩილებაა შესაძლებელი!

გაუფრთხილდით თქვენს ძალებს. დაემსგავსეთ ღრმა ზღვას, რომელიც ჩუმად შთანთქავს გრძნობათა დინებებს. ვინც ყოველდღე თავის ნატვრებს ახლიდან კვებავს, ძირს უთხრის საკუთარ შინაგან სიმშვიდეს. ისინი ჰგვანან წყალსაცავის ხვრელებს, რომლებიდანაც სასიცოცხლო წყალი წვეთავს და მატერიალიზმის უდაბნოს ქვიშაში ჩაედინება. ცრუ გრძნობათა სურვილები ჩვენი ყველაზე ბრაზიანი მოწინააღმდეგეებია, რომლებიც ნამდვილი ბედნიერების პოვნაში ხელს გვიშლიან. იბრძოლეთ ამ სამყაროში, როგორც თვითკონტროლის ლომებმა და ნუ გაებმებით მაცდურ შეგრძნებათა კატა-თაგვობანას თამაშებში!“

ვისაც ღმერთი ნამდვილად უყვარს, ინსტიქტური შეზღუდვებისაგან საბოლოოდ განთავისუფლებულია. მას აღარ სწყურია ადამიანური სიყვარული, არამედ მხოლოდ ღმერთის, რომელიც ყველგანაა და ამიტომაც უნიკალურია. 

შრი იუქტეშვარის დედა ცხოვრობდა ბენარესის რანა-მაჰალის რაიონში, სადაც პირველად ვესტუმრე ჩემს გურუს. მიუხედავად იმისა, რომ კეთილი და მეგობრული იყო, მაინც თავქარიანი გონება ჰქონდა. ერთ დღეს, როცა მის აივანზე ვიდექი, დედა-შვილის საუბარს შევესწარი. ოსტატი ცდილობდა მისთვის რაღაც თავისი მშვიდი, გონივრული ხმით აეხსნა. თუმცა, როგორც ჩანდა, წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან ის მძიმედ აქნევდა თავს. 

„არა, არა, შვილო, ახლა უბრალოდ წადი! შენი ბრძნული სიტყვები არაფერს მარგებს მე. მე შენი მოწაფე არ ვარ.“

და შრი იუქტეშვარი ყოველგვარი კამათის გარეშე გალანძღული ბავშივით გაშორდა. უდიდესი პატივისცემა, რომელსაც ის თავისი დედის მიმართ გრძნობდა, მაშინაც კი, როცა ის არაგონივრული იყო, ღრმად შემეხო. ის მასში მხოლოდ თავის პატარა ბიჭს ხედავდა და არა ბრძენს. ამ უმნიშვნელო ინციდენტს თავისთავად არ აკლდა გარკვეული ხიბლი, რადგან მან მომცა მეტი ხედვა ჩემი გურუს ბუნების შესახებ, რომელიც გარეგნულად დაუმორჩილებელი, მაგრამ შინაგანად ღრმად თავმდაბალი იყო. 

სამონასტრო წესი სვამის უკრძალავს, საერო ცხოვრებასთან კავშირის შენარჩუნებას, მას შემდეგ რაც მან ამაზე საჯაროდ უარი თქვა. ამ მიზეზით მას არ აქვს უფლება რაიმე რელიგიური დღესასწაულების ოჯახში აღნიშვნის, რაც სახლის უფროსის ერთერთი მოვალეობაა. თუმცა შანკარა, რომელმაც უძველესი სვამი-ორდენი დაგეგმა, სულაც არ დამორჩილებია ამ რეგულაციას. როდესაც მისი საყვარელი დედა გარდაიცვალა, მან დაწვა მისი სხეული ზეციურ ცეცხლში, რომელიც თავისი ხელებიდან გადმოდიოდა. ეს აკრძალვა შრი იუქტეშვარმაც უგულებელყო, თუმცაღა ნაკლებად სანახაობრივი გზით. როდესაც მისი დედა გარდაიცვალა, ხელმძღვანელობდა იგი კრემაციის ცერემონიას ბენარესის წმინდა განგში და კვებავდა ბევრ ბრაჰმანს, როგორც ამას ჩვეულება მოითხოვდა ოჯახის უფროსისაგან. 

შასტრიული აკრძალვები მიზნად ისახავს დაეხმაროს სვამის, მისი ყოფილი შეზღუდული საქმიანობის სფეროსთან აღარ იდენტიფიცირდებოდეს. თუმცა შანკარას და შრი იუქტეშვარს, რომლებიც მთელი არსებით იყვნენ ზეპიროვნულ სულს შერწყმული, აღარ სჭირდებოდათ რაიმე დამხმარე წესები. ხშირად ოსტატი განზრახ არ აქცევს წესებს ყურადღებას, რომ გვაჩვენოს ამით, წესის ღრმა შინაარსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარეგნული ფორმა. ასე მაგალითად, იესომ დაასრულა შაფათზე მითქმა-მოთქმა და უთხრა გამოუსწორებელ კრიტიკოსებს: „შაფათი შეიქმნა ადამიანისათვის, და არა ადამიანი შაფათისათვის.“

გარდა წმინდა წერილებისა, შრი იუქტეშვარი ცოტას კითხულობდა. და მაინც მისთვის უახლესი სამეცნიერო აღმოჩენები და სხვა თანამედროვე მიღწევები ყოველთვის ცნობილი იყო. ის იყო შესანიშნავი მოსაუბრე და სიამოვნებით ცვლიდა აზრებს მის სტუმრებთან ერთად, სადაც ამავდროულად სხვადასხვა თემებსაც განიხილავდნენ. ჩემი გურუს გონებამახვილობა და გადამდები სიცილი აცოცხლებდა ყოველ საუბარს. მიუხედავად იმისა, რომ ოსტატი ხშირად სერიოზული იყო, არასოდეს ჩანდა უხასიათო. „ვინც ეძებს ღმერთს, არ სჭირდება მას სახის შენიღბვა“, გაგვიზიარა მან ბიბლიის მონაკვეთზე მინიშნებით. „ღმერთის პოვნა ყველა წუხილის დასასრულს ნიშნავს!“

ფილოსოფოსებს, პროფესორებს, იურისტებსა და მეცნიერებს შორის, რომლებიც პირველად მოდიოდნენ აშრამში, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ოსტატს მართლმადიდებელ დიდებულად თვლიდნენ. ხშირად ამპარტავნული ღიმილი ან ნახევრად მხიარული, ნახევრად ტოლერანტული მზერა ცხადყოფდა, რომ ისინი არაფერს ელოდნენ გარდა რამდენიმე ღვთისმოსავი სიტყვისა. მაგრამ როგორც კი შრი იუქტეშვართან საუბარს იწყებდნენ, ამჩნევდნენ იმასაც, რომ მას ასევე დეტალური ცოდნა ჰქონდა მათი დარგის შესახებ, ისინი მხოლოდ უხალისოდ ემშვიდობებოდნენ. 

ჩემი გურუ თითქმის ყოველთვის მეგობრული და კეთილგანწყობილი იყო სტუმრების მიმართ და გულწრფელად ხვდებოდა მათ. და მაინც გამოუსწორებელი ეგოისტები ზოგჯერ სასიკეთო შოკს განიცდიდნენ. ოსტატი მათ ხვდებოდა ან ცივი გულგრილობით, ან ძლიერი წინააღმდეგობით - ყინულით ან რკინით!

ერთხელ ცნობილი ქიმიკოსი სიტყვიერ კამათში შევიდა შრი იუქტეშვართან. მას არ უნდოდა ღმერთის არსებობის აღიარება, რადგან მეცნიერებამ ჯერ კიდევ ვერ მოძებნა მეთოდი, მის დასამტკიცებლად. 

„ესეიგი, თქვენთვის გაუგებარია, ყოვლისშემძლის თქვენს სინჯარებში იზოლირების წარუმატებლობა“, თქვა ოსტატმა უმოძრაო მზერით. „მე გთავაზობთ სხვა ცდას: დააკვირდეთ საკუთარ აზრებს 24 საათის განმავლობაში შეუჩერებლად. მაშინ აღარ გაგიკვირდებათ ღმერთის არყოფნა.“

მსგავსი შოკი განიცადა ცნობილმა მეცნიერმა აშრამში ვიზიტის დროს. მან ხმამაღლა წაიკითხა ნაწყვეტები მაჰაბჰარატადან, უპანიშადებიდან და ბჰაშიები (კომენტარები) შანკარადან. 

„ველოდები, რომ რამეს იტყვით“, შენიშნა შრი იუქტეშვარმა ინტერესით, თითქოს ამ ხნის განმავლობაში სიჩუმე ბატონობდა. პანდიტი დაბნეული ჩანდა. 

„ციტატები უხვად გვაქვს“, თქვა ოსტატმა, სანამ მე სიცილისაგან თავს ვერ ვიკავებდი. საბედნიეროდ ვიჯექი _ საკადრისი დაშორებით _ ოთახის კუთხეში. „თქვენ თავად რა შეგიძლიათ თქვათ ამასთან დაკავშირებით? რომელი წმინდა ტექსტები გაითავისეთ და გაიხადეთ საკუთარი? რა გზებით შეგცვალათ ამ მარადიულმა ჭეშმარიტებებმა შინაგანად? თუ საკმარისია ეს თქვენთვის, სხვისი სიტყვების განმეორება როგორც ჩამწერისთვის?“

„ვნებდები“, თქვა მეცნიერმა კომიკური გაღიზიანებით. „ მე არ ვფლობ შინაგან გაცნობიერებას.“

შესაძლოა, ცხოვრებაში პირველად მიხვდა, რომ მძიმის სწორად განთავსება ფსიქიკურ კომას ვერ ანაზღაურებს. 

„ეს უგუნური პედანტები ბევრს ანიჭებენ თავიანთ წიგნიერ სიბრძნეს“, აღნიშნა ჩემმა გურუმ მას შემდეგ, რაც ნასაყვედურები სტუმარი წავიდა. „მათთვის ფილოსოფია მხოლოდ სასიამოვნო გონებრივი ვარჯიშია. მათი მაღალი აზრები არაპროპორციულია მათი ჩვეულებრივი ქმედებებისა და შინაგანი დისციპლინის მიმართ.“

სხვა შემთხვევებშიც, ოსტატი ხაზს უსვამდა, რომ უბრალო წიგნის სიბრძნე უსარგებლო იყო.

„არ აურიოთ ვრცელი ლექსიკა ცოდნაში“, შენიშნა მან ერთხელ. „წმინდა წერილები გვემსახურებიან იმით, რომ ისინი აღვიძებენ შინაგანი რეალიზაციის სურვილს. თუმცა, ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოდგება, თუ ამონარიდებს ნელნელა დავამუშავებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივი ინტელექტუალური შესწავლა იწვევს მხოლოდ ამაოებას, ცრუ სიამაყესა და მოუნელებელ ცოდნას.“

შემდგომ შრი იუქტეშვარმა მოგვახსენა, თუ როგორ ასწავლეს თავად მას წმინდა წერილები. ის სტუმრობდა მონასტერს აღმოსავლეთ ბენგალში, სადაც ცნობილ მასწავლებელს დაბრუ ბალავს მეცადინეობისას აკვირდებოდა. მისი მარტივი და ამავე დროს რთული მეთოდი ფართოდ იყო ძველ ინდოეთში გავრცელებული. 

დაბრუ ბალავი თავის მოწაფეებს ხშირად ასწავლიდა გარეთ  _  ტყის სიმარტოვეში. წმინდა ბჰაგავად-გიტა გადაშლილი იდო მათ წინ. ნახევარი საათის განმავლობაში ისინი განუწყვეტლივ უყურებდნენ ერთ მონაკვეთს და შემდეგ ხუჭავდნენ თვალებს. კიდევ ნახევარი საათის შემდეგ ოსტატი მოკლე განმარტებას აძლევდა. შემდეგ ისინი კვლავ ერთი საათის განმავლობაში გაუნძრევლად მედიტირებდნენ. ბოლოს გურუმ იკითხა:

„ახლა გებულობთ ამ მონაკვეთს?“

„დიახ, სერ!“ გაბედა ერთ-ერთმა მოსწავლეთაგან დასადასტურებლად.

„არა, ჯერ მთლად არა. ახლა ყურადღება გაამახვილეთ მხოლოდ ამ სიტყვების სულიერ ძალაზე, რამაც საშუალება მისცა ინდოეთს ყოველ ასწლეულში განახლებულიყო.“ მომდევნო საათი ღრმა სიჩუმეში გაილია. შემდეგ ოსტატმა მოწაფეები გაათავისუფლა და შრი იუქტეშვარს მიმართა:

„შენ იცი ბჰაგავად-გიტა?“

„არა, სერ, ჯერ ზუსტად არა, თუმცა ხშირად ვკითხულობ და ბევრს ვფიქრობ მის შინაარსზე.“

„ათასობით სხვანაირი პასუხი მოუციათ ჩემთვის“, თქვა დიდმა ბრძენმა ღიმილით და კურთხევით შეხედა ჩემს ოსტატს. „ვისაც თავისი სულიერი ცოდნით მხოლოდ სახელის მოპოვება სურს, ძნელად იპოვის დროს ჩუმად შიგნით ჩასაყვინთად, რათა რეალიზაციის ძვირფასი მარგალიტები სინათლეზე გამოიტანოს.“

საკუთარი მოწაფეებისთვის სწავლებისას შრი იუქტეშვარმა იგივე კონცენტრაციის მეთოდი გამოიყენა. „სიბრძნე თვალებით კი არ მოიპოვება, არამედ თითოეული ატომით ჩვენში“, თქვა მან. „როცა ჭეშმარიტებას ჩაწვდები არა მხოლოდ გონებით, არამედ მთელი არსებით, შეგიძლია ნელ-ნელა იფიქრო მის დაცვაზე.“ მან არაერთხელ აღნიშნა თავის მოსწავლეებთან, რომ მარტო წიგნის სიბრძნე არ იწვევს სულიერ რეალიზაციას.

„რიშები ერთ წინადადებაში გამოხატავდნენ ისეთ ღრმა აზრებს, რომ მეცნიერები მრავალი თაობის განმავლობაში დაკავებულები იყვნენ ამაზე კომენტარების წერით“, თქვა მან. „გაუთავებელი ლიტერატურული დისკუსიები გამოდგება ზარმაცი გონებისათვის. არსებობს რაიმე აზრი, რომელიც უფრო სწრაფად გვათავისუფლებს, ვიდრე „ღმერთი არის“, - ან თუნდაც მხოლოდ „ღმერთი“?““ 

მაგრამ ადამიანს ასე ადვილად არ სურს უბრალოებას დაუბრუნდეს. ინტელექტუალი ნაკლებად ზრუნავს „ღმერთზე“, ვიდრე საკუთარი ცოდნის წარმოჩენაზე. ეს ალამაზებს მის ამაოებას, რომ მის ტვინს შეუძლია შეიცავდეს ამდენ სწავლებას. 

ადამიანები, რომლებიც თავიანთთვის სიმდიდრეს და სტატუსს წარმოიდგენდნენ, ხშირად ოსტატის თანდასწრებით სწავლობდნენ უფრო ღირებულს, კერძოდ მოკრძალებას. ერთხელ ადგილობრივი მაგისტრატი მოვიდა ჩვენს სანაპირო აშრამში, პურიში და შრი იუქტეშვარის ნახვა მოითხოვა. ეჭვგარეშე იყო, რომ ამ უპრინციპობით სახელგანთქმულ კაცს ძალაუფლება ჰქონდა, ჩვენი აშრამი გაეძარცვა და ეს ჩვენს გურუს ვუთხარი. თუმცაღა ოსტატი დაუმორჩილებელი გამომეტყველებით დაჯდა და სტუმრის მისასალმებლად არც კი წამოწეულა.

ოდნავ შეწუხებული ჩავიკეცე კართან იატაკზე. შრი იუქტეშვარს არ დაუვალებია ჩემთვის, სკამი მომეტანა მაგისტრისათვის, ამიტომ ის ხის ყუთით უნდა დაკმაყოფილებულიყო. ამ კაცის აშკარა მოლოდინი, რომ მაღალი თანამდებობის გამო განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყრობოდნენ, არ ასრულდა. 

შემდეგ ამას მოჰყვა მეტაფიზიკური დისკუსია, რომელშიც სტუმარმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა წმინდა წერილების არასწორად ინტერპრეტირებით. რაც უფრო საწინააღმდეგო აზრები გრძელდებოდა, მით მეტად ბრაზობდა ის.  

„იცით, რომ მე სახელმწიფო გამოცდა საუკეთესოდ ჩავაბარე?“ დაიყვირა ბოლოს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე.

„ბატონო მაგისტრატო, თქვენ გავიწყდებათ, რომ აქ, თქვენს სასამართლო დარბაზში არ ხართ“, მშვიდად მიუგო ოსტატმა. „თქვენი ბავშვური კომენტარებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ თქვენ მხოლოდ უმნიშვნელო აკადემიური კარიერა გქონდათ. გარდა ამისა, უნივერსიტეტის დიპლომს არაფერი აქვს საერთო ვედურ რეალიზაციასთან. წმინდანები ყოველ სემესტრში მასობრივად არ იწარმოება, როგორც ბუღალტრები.“

სტუმარი წამით გაჩუმდა, გაოცებული იყო, შემდეგ კი გულიანად ჩაიცინა.

„ეს ჩემი პირველი შეხვედრაა ზეციურ მაგისტრთან“, თქვა მან. მოგვიანებით მან ფორმალური განცხადება წარადგინა, დაწერილი მისსავე იურიდიულ ენაზე, სადაც სთხოვდა „საცდელად“ მოწაფედ აეყვანა. 

როგორც ლაჰირი მაჰასაიამ, ასევე შრი იუქტეშვარმაც ხელი შეუშალა რამდენიმე „უმწიფარ“ მოწაფის სვამის ორდენში შესვლას. „ადამიანები, რომლებსაც ღმერთის რეალიზაცია აკლიათ, არ უნდა ატარებდნენ ოხრისფერ სამოსს, რადგან ეს მხოლოდ შეცდომაში შეიყვანს ადამიანთა საზოგადოებას“, ამბობდა ორივე ოსტატი. „დაივიწყეთ უარის თქმის გარეგანი სიმბოლოები, რომლებიც ძალიან ადვილად აღვიძებენ თქვენში ცრუ სიამაყეს. ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი ყოველდღიური სულიერი პროგრესია და ამის მიღწევა კრია იოგას კეთილსინდისიერი პრაქტიკებით შეგიძლიათ.“

წმინდანები აფასებენ ადამიანის ღირებულებას უცვლელი კრიტერიუმით, რომელიც არსებითად სამყაროს ცვალებადი სტანდარტებისაგან განასხვავებს. კაცობრიობა, რომელიც საკუთარ თავს ასე კომპლექსურად მიიჩნევს, ოსტატის თვალში მხოლოდ ორი სახეობისაგან შედგება: უმეცარი, რომელიც ღმერთს არ ეძებს და ბრძენი, რომელიც ღმერთს ეძებს.

ჩემი გურუ პირადად ზრუნავდა მისი ქონების მართვასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა ადამიანმა რამდენჯერმე სცადა ოსტატის სამემკვიდრეო მიწის ნაკვეთი თავისთვის მოეთხოვათ. თუმცა გამძლეობით გაიმარჯვა შრი იუქტეშვარმა ყველა მის მოწინააღმდეგეზე, მაშინაც კი თუ ეს სასამართლო სხდომებამდე მიდიოდა. მან თავი ასეთ უხერხულობაში იმისათვის ჩაიგდო, რომ არასოდეს ყოფილიყო მთხოვნელი გურუ, რომელიც ტვირთი იქნებოდა მისი მოწაფეებისათვის.

ჩემი ოსტატის ფინანსურმა დამოუკიდებლობამ განაპირობა ის, რომ ის იყო ასე საშინლად გახსნილი და არც თუ ისე დიპლომატიური. განსხვავებით იმ მასწავლებლებისაგან, რომლებსაც თავიანთი კეთილისმყოფელების მაამებლობა უწევდათ, ჩემს გურუზე ოდნავადაც არ უმოქმედია ხალხის სიმდიდრეს. არასოდეს მომისმენია, რომ მას რაიმე კონკრეტული მიზნით ფული ეთხოვა ან რაიმე მინიშნებაც კი გაეკეთებინა. ყველა მოწაფემ აშრამში სწავლება უფასოდ მიიღეს. 

ერთ დღესაც სერამპურის აშრამში სასამართლოს წარმომადგენელი გამოჩნდა, რათა გამოძახება მოეტანა. კანაიმ, ძმადმოწაფემ და მე მივიყვანეთ იგი ჩვენს ოსტატთან.

ამ ოფიცრის საქციელი შრი იუქტეშვარის მიმართ შეურაცხმყოფელი იყო. „კარგი იქნება, რომ გამოხვიდე შენი ბნელი საცხოვრებლიდან და სასამართლო დარბაზის სუფთა ჰაერი ისუნთქო“, შენიშნა მან ზიზღით. 

თავი ვერ შევიკავე : „კიდევ ერთი ასეთი აღმაშფოთებელი შენიშვნა და თქვენ იატაკზე წევხართ!“ წამოვიძახე და მისკენ მუქარით გავიწიე.

კანაიმაც გამოხატა თავისი აღშფოთება: „ნაძირალა! როგორ ბედავთ, ამ წმინდა აშრამის თქვენი შეურაცხყოფებით წაბილწვას!“

მაგრამ ოსტატი თავისი მგმობელის წინაშე მფარველად დადგა და თქვა: „ზედმეტად ნუ ნერვიულობთ! ეს კაცი მხოლოდ თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს.“

ამ მოულოდნელი მიღებით აშკარად დაბნეულმა ოფიცერმა თავაზიანად იმართლა თავი და სასწრაფოდ გავიდა.

საოცარი იყო, როგორ შეიძლებოდა ასეთი ცეცხლოვანი ნების მქონე ოსტატი შინაგანად ასე მშვიდად ყოფილიყო. მასზე ვრცელდება ერთი ღმერთკაცის ვედური განმარტება: „ ყვავილზე ნაზი, სადაც სიკეთეა; უფრო ძლიერი, ვიდრე ჭექა-ქუხილი, როდესაც საქმე პრინციპებს ეხება.“

მაგრამ ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც - ბრაუნინგის მიხედვით - „ვერ იტანენ სინათლეს, რადგან თავად არიან სიბნელე.“ ხანდახან ვიღაც განზემდგომი თვლიდა, რომ ჩივილის საფუძველი ჰქონდა და მწარედ ლანძღავდა შრი იუქტეშვარს. შემდეგ ჩემი გურუ თავაზიანად და მშვიდად ისმენდა, გულახდილად იკვლევდა საკუთარ თავს, რადგან დარწმუნებულიყო, იყო თუ არა ჭეშმარიტების მარცვალი ნათქვამში. ასეთი სცენების დანახვისას მუდამ მახსენდებოდა ოსტატის შეუდარებელი შენიშვნა: „ზოგი სხვისი თავის მოკვეთით ცდილობს მაღალი გამოჩნდეს.“

წმინდანის ურყევი სიმშვიდე უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე ნებისმიერი ქანდაკება. „მომთმენი ჯობია ძლიერს და უკეთესია ის, ვინც თავისი ძალის ბატონია, ვიდრე ვინც ქალაქებს იპყრობს.“ [სოლომონ ბრძენი]

ხშირად მიფიქრია, რომ ჩემი დიდებული ოსტატი ადვილად გახდებოდა იმპერატორი ან ცნობილი გენერალი, თუ იგი დიდებას ან ამქვეყნიურ მიღწევებს ამჯობინებდა. ამის ნაცვლად, მან აირჩია შტორმი ბრაზისა და ეგოიზმის შიდა ციხესიმაგრეში, რომლის დაცემითაც ადამიანი თავის ნამდვილ სიდიადეს აღწევს.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff