ჩემი ოსტატი, კალკუტაში, ჩნდება სერამპურში
მთარგმნელი : ქრისტეანე სხივოსანი
„ხშირად ვარ ათეისტური ეჭვებით შეპყრობილი, თუმცა ზოგჯერ მაინც მაწუხებს მტკივნეული ვარაუდი : შესაძლოა სულის გამოუყენებელი შესაძლებლობები არ არსებობდეს? განა ადამიანი არ ასცდება თავის ჭეშმარიტ ბედისწერას, თუ მათ ვერ გამოიკვლევს?“
დიჯენ ბაბუს, პანტის პანსიონატში ჩემი ოთახის თანამაცხოვრებლის ეს შენიშვნები მოჰყვა ჩემს მოწვევას, ჩემს გურუსთან შესახვედრად.
„შრი იუკტესვარჯი მოგცემს ინიციაციას კრია იოგაში“, ვუპასუხე მე. „ის ამშვიდებს დუალისტურ არეულობას ღვთაებრივი შინაგანი დარწმუნებულობით.“
იმ საღამოს დიჯენი სავანეში (ერმიტაჯში) გამყვა. ოსტატის თანამყოფობით ჩემმა მეგობარმა ისეთი სულიერი სიმშვიდე მიიღო, რომ მალე მუდმივი სტუმარი გახდა. ყოველდღიური ცხოვრების ტრივიალური საზრუნავი არ არის საკმარისი ადამიანისთვის; სიბრძნეც მშობლიური შიმშილია. შრი იუკტესვარის სიტყვებში, დიჯენმა აღმოაჩინა იმ მცდელობების სტიმული _ თავიდან მტკივნეული, შემდეგ ძალისხმევის გარეშე გამათავისუფლებელი _ რათა მკერდში მოეთავსებინა უფრო რეალური „მე“, ვიდრე დროებითი დაბადების დამამცირებელი ეგო, რომელიც იშვიათადაა საკმარისი სამშვინველისათვის.
ვინაიდან მე და დიჯენი, ბაკალავრიატის კურსზე ორივე სერამპურის კოლეჯში ვსწავლობდით, გამოგვიმუშავდა ჩვევა, გაკვეთილების დასრულებისთანავე აშრამში ერთად გვევლო. ხშირად ვხედავდით შრი იუკტესვარს, რომელიც მეორე სართულის აივანზე იდგა და ღიმილით ესალმებოდა ჩვენს მიდგომას.
ერთ შუადღეს კანაი, სავანის ახალგაზრდა მცხოვრები, კართან მე და დიჯენს იმედგამაცრუებული სიახლით შეგვხვდა.
„ოსტატი აქ არ არის, ის კალკუტაში გამოიძახეს სასწრაფო წერილით.“
მომდევნო დღეს ჩემი გურუსაგან საფოსტო ბარათი მივიღე. „კალკუტას ოთხშაბათს დილით დავტოვებ“, იწერებოდა იგი. „შენ და დიჯენი ცხრა საათის მატარებელს დახვდით სერამპურის სადგურზე.“
ოთხშაბათს დილის რვის ნახევარზე, შრი იუკტესვარის ტელეპათიური შეტყობინება გონებაში დაჟინებით მიტრიალებდა : „ვაგვიანებ, ცხრა საათის მატარებელს არ დახვდე“.
უახლესი ინსტრუქციები გადავეცი დიჯენს, რომელიც უკვე გამგზავრებისთვის იყო ჩაცმული.
„შენ და შენი ინტუიცია!“ ჩემი მეგობრის ხმა დაცინვით იყო გაჟღენთილი. „მირჩევნია ოსტატის დაწერილ სიტყვას ვენდო.“
მხრები ავიჩეჩე და წყნარად დავჯექი. გაბრაზებულმა დიჯენმა კარი გამოაღო და ხმაურით მიიხურა ზურგს უკან.
იმის გამო, რომ ოთახში საკმაოდ ბნელოდა, უფრო ახლოს მივედი ფანჯარასთან, რომელიც ქუჩას გადაჰყურებდა. მზის მწირი შუქი უცებ ძლიერ ბრწყინვალებამდე გაიზარდა, რომელშიც რკინის გისოსებიანი ფანჯარა მთლიანად გაუჩინარდა. ამ კაშკაშა ფონზე გამოჩნდა შრი იუკტესვარის აშკარად მატერიალიზებული ფიგურა!
შოკის ზღვარზე გაოგნებულმა წამოვდექი სკამიდან და მის წინაშე დავიჩოქე. ჩემი ჩვეული ჟესტით, პატივისცემით მივესალმე ჩემს გურუს ფეხებთან, მის ფეხსაცმელს შევეხე. ეს იყო ჩემთვის ნაცნობი წყვილი,თოკით გაწყობილი, ნარინჯისფრად შეღებილი ტილო. მისი ოხრა-სვამის ქსოვილი ხელზე მომხვდა; მკაფიოდ ვგრძნობდი არა მხოლოდ მისი ხალათის ტექსტურას, არამედ ფეხსაცმლის ჭუჭყიან ზედაპირს და მათში ფეხის თითების წნევას. სიტყვის წარმოთქმაზე ზედმეტად გაოცებულმა ავდექი და გავხედე მას კითხვანარევმა.
„მე მოხარული ვიყავი, რომ ჩემი ტელეპათიური შეტყობინება მიიღე.“ ოსტატის ხმა იყო მშვიდი და სრულიად ნორმალური. „ჩემი საქმე კალკუტაში ახლა დავასრულე და სერამპურში ათი საათის მატარებლით ჩამოვალ“.
როცა ჯერ კიდევ ჩუმად ვუყურებდი, შრი იუკტეშვარმა განაგრძო: „ეს არ არის მოჩვენება, არამედ ჩემი ხორცი და სისხლი. მე ღვთაებრივად ნაბრძანები მაქვს, მოგცე ეს გამოცდილება, რაც იშვიათად მიღწევადია დედამიწაზე. დამხვდი სადგურზე; შენ და დიჯენი დამინახავთ თქვენსკენ მომავალს ისეთს, როგორც ახლა ვარ ჩაცმული. წინ გამომიძღვება თანამგზავრი - პატარა ბიჭი, რომელიც ვერცხლის დოქს ატარებს.“
ჩემმა გურუმ ორივე ხელი მოჩურჩულე კურთხევით თავზე დამადო. დასრულებისას, სიტყვებით „ტაბა ასი“ 19.1., თავისებური რეზონანსული ხმა მომესმა. 19.2. მისმა სხეულმა გამჭოლი სინათლის ქვეშ თანდათანობით დნობა დაიწყო. როგორც დახვეული გრაგნილი, ჯერ მისი ტერფები და ფეხები გაუჩინარდა, შემდეგ მისი ტანი და თავი. ბოლომდე ვგრძნობდი მის თითებს, მსუბუქად რომ ეყრდნობოდა ჩემს თმას. ბზინვარება გაქრა; არაფერი დარჩენილა ჩემს წინ, მხოლოდ გისოსებიანი ფანჯარა და მზის ფერმკრთალი ნაკადი.
დავრჩი ნახევრად გაბრუებულ მდგომარეობაში და ვეკითხებოდი ჩემს თავს, ვიყავი თუ არა ჰალუცინაციის მსხვერპლი. მალევე ოთახში თავზარდაცემული დიჯენი შემოვიდა.
„ოსტატი არც ცხრა საათის მატარებელში იყო და არც ათის ნახევარის“. ჩემმა მეგობარმა განცხადება ოდნავ ბოდიშის მოხდით გააკეთა.
„მაშინ წამოდი; ვიცი, რომ ათ საათზე ჩამოვა.“ უყურადღებოდ მისი პროტესტებისადმი ჩავკიდე დიჯენს ხელი და ძალით გამოვქაჩე ჩემსკენ. დაახლოებით ათ წუთში მივედით სადგურზე, სადაც მატარებელი უკვე ჩამომდგარიყო.
„მთელი მატარებელი სავსეა ოსტატის აურის შუქით! ის იქ არის!“ წამოვიძახე გახარებულმა.
„გესიზმრება?" დიჯენმა დამცინავად ჩაიცინა.
„მოდი აქ დაველოდოთ.“ ჩემს მეგობარს მოვუყევი დეტალები, თუ როგორ მოგვიახლოვდებოდა ჩვენი გურუ. როდესაც ჩემი აღწერა დავასრულე, გამოჩნდა შრი იუკტესვარი, რომელსაც იგივე ტანსაცმელი ეცვა, როგორც ცოტა ხნის წინ ვნახე. ნელა მოდიოდა პატარა ბიჭის კვალდაკვალ, რომელსაც ვერცხლის დოქი ეჭირა.
ჩემი გამოცდილების უპრეცედენტო უცნაურობის გამო, წამით ცივმა შიშის ტალღამ დამიარა. ვგრძნობდი, რომ მატერიალისტური, მეოცე საუკუნის სამყარო სხლტებოდა ჩემგან; ძველ დროში ხომ არ დავრბუნდი, როცა იესო პეტრეს წინაშე ზღვაზე გამოჩნდა?
როგორც შრი იუკტესვარიმ, თანამედროვე იოგი-ქრისტემ, მოაღწია იმ ადგილს, სადაც მე და დიჯენი უსიტყვოდ ვიყავით ფესვგადგმული, ოსტატმა ჩემს მეგობარს გაუღიმა და შენიშნა:
„შენც გამოგიგზავნე შეტყობინება, მაგრამ ვერ შეძელი ჩაწვდომოდი.“
დიჯენი ჩუმად იყო, თუმცა დაეჭვებული იმზირებოდა. მას შემდეგ რაც ჩვენი გურუ სავანეში მივაცილეთ, მე და ჩემი მეგობარი სერამპურის კოლეჯისკენ გავემართეთ. დიჯენი ქუჩაში შეჩერდა, მისი ყოველი ფორიდან აღშფოთება მოედინებოდა.
„მაშ! ოსტატმა შეტყობინება გამომიგზავნა! და ეს მაინც დამიმალე! ახსნა-განმარტებას ვითხოვ!“
„შემიძლია მე რამე დახმარება, თუ შენი გონებრივი სარკე ისეთი მოუსვენრობით ირხევა, რომ ჩვენი გურუს მითითებებს ვერ აღნიშნავს?“ განვაცხადე მე.
დიჯენის სახიდან გაბრაზება გაქრა. „ვხვდები, რასაც გულისხმობ“, სევდიანად თქვა მან. „მაგრამ გთხოვ, ამიხსენი, როგორ შეგეძლო დოქის მქონე ბავშვის შესახებ გცოდნოდა.“
იმ დროისათვის, როცა პანსიონატში ოსტატის ფენომენალური გამოცხადების ამბავი დავასრულე, მე და ჩემმა მეგობარმა სერამპურის კოლეჯს მივაღწიეთ.
„მოხსენება, რომელიც ახლახან ჩვენი გურუს ძალების შესახებ მოვისმინე“, თქვა დიჯენმა, „მაგრძნობინებს, რომ მსოფლიოს ნებისმიერი უნივერსიტეტი მხოლოდ საბავშვო ბაღია.“
......................................................................................................................................
19.1. ბენგალური „ნახვამდის“; ფაქტობრივად, იმედისმომცემი პარადოქსია: „შემდეგ მოვალ“.
19.2. სხეულის ატომების დემატერიალიზაციის დამახასიათებელი ხმა.