პარამაჰანსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია

პარამაჰანსა იოგანანდა
5
2

მთარგმნელები: ნინო გურული და ირინე ქრისტინე ნუცუბიძე

ინდოეთის უდიდესი მეცნიერი ჯაგდიშ ჩანდრა ბუსი

მთარგმნელი : ირინე ქრისტიანე ნუცუბიძე

„ჯაგდიშ ჩანდრა ბუსიმ მარკონიზე ადრე გამოიგონა უკაბელო ტელეგრაფია!“

ეს გამომწვევი კომენტარი, რომელიც შემთხვევით მოვისმინე, მოდიოდა პროფესორებისაგან, რომლებიც ერთად ტროტუარზე მსჯელობდნენ. მაშინვე შევუერთდი მათ და უნდა ვაღიარო, ჩემდა სამწუხაროდ, ეს ალბათ გარკვეული ეროვნული სიამაყიდან გამომდინარეობდა. თუმცა ვერ უარვყოფ, დიდ ინტერესს გამოვხატავ ყოველ ჯერზე, როდესაც მესმის, რომ ინდოეთს შეუძლია წამყვანი როლი ითამაშოს არა მხოლოდ მეტაფიზიკაში, არამედ ფიზიკაშიც. 

„რას გულიხმობთ, ბატონო?“

იქვე თავისი ნებით ამიხსნა ერთ-ერთმა პროფესორმა : „ბუსი არის პირველი, ვინც გამოიგონა უსადენო ფრიტერი, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც ელექტრომაგნიტური ტალღების რეფრაქციას აჩვენებს. მაგრამ ინდოელი მეცნიერი არ იყო დაინტერესებული მისი გამოგონების კომერციული ათვისებით და მალე ჩაანაცვლა არაორგანული, მეტად ორგანული სამყაროთი. მისი რევოლიციური მიღწევები მცენარეთა ფიზიოლოგიის სფეროში აღემატება კიდეც მის მიღწევებს ფიზიკაში.“

მას შემდეგ რაც პროფესორს თავაზიანად გადავუხადე მადლობა, დაამატა : „უდიდესი მეცნიერი ჩემი კოლეგაა საპრეზიდენტო უნივერსიტეტში.“

მეორე დღეს წავედი ბრძენი კაცის სანახავად მის ბინაში, რომელიც გარპარის ქუჩაზე მდებარეობდა, ჩვენი სახლიდან არც თუ ისე შორს. დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი შორიდან მისით აღფრთოვანებული. თავშეკავებული და სერიოზული ბოტანიკოსი ძალიან თბილად მომესალმა. ის ორმოცდაათ წლამდე სიმპათიური, ძლიერი მამაკაცი იყო, სქელი თმით, განიერი შუბლით და მეოცნებე შორეული იერით. მისი ზუსტი გამოხატვის გზები წლების სამეცნიერო მოღვაწეობის დასტური იყო.

„ახლახანს დავბრუნდი დასავლეთში კვლევითი მოგზაურობიდან, სადაც რამდენიმე სამეცნიერო საზოგადოებას დავუკავშირდი“, - მითხრა მან.

„ყველა მათგანმა გამოიჩინა ცოცხალი ინტერესი ჩემს მიერ გამოგონილი უაღრესად მგრძნობიარე ინსტრუმენტების მიმართ, რომლებითაც შესაძლებელია მთელი ცხოვრების განუყოფელი ერთობის დემონსტრირება. ბუსი-კრესკოგრაფი საშუალებას გვაძლევს გავადიდოთ ათასობით მილიონჯერ, ხოლო მიკროსკოპი მხოლოდ რამდენიმე ათასჯერ. ამ უკანასკნელმა, რა თქმა უნდა, ბიოლოგიას მნიშვნელოვანი სტიმული მისცა, მაგრამ კრესკოგრაფი წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ხსნის.“

„დიდწილად ეს თქვენი დამსახურებაა, ბატონო, რომ აღმოსავლეთი და დასავლეთი ობიექტური მეცნიერების წყალობით დაუახლოვდნენ ერთმანეთს.“

„განათლება კემბრიჯში მივიღე. რაოდენ აღმაფრთოვანებელია ზუსტი ექსპერიმენტებით ყველა თეორიის დამტკიცების ან უარყოფის, დასავლური მეთოდები. ამ ემპირიულმა პროცესმა, როგორც ჩემი მიდრეკილება ინტროსპექციისაკენ, რომელიც ჩემი აღმოსავლური მემკვიდრეობაა, საშუალება მომცა გამოვიკვლიო ბუნების ის სფეროები, რომლებიც დიდი ხანია მიუწვდომელია. ჩემი კრესკოგრაფის გრაფიკული გამოსახულებები ყველაზე დიდ სკეპტიკოსსაც კი დაარწმუნებს, რომ მცენარეებს აქვთ მგრძნობიარე ნერვული სისტემა და მრავალმხრივი ემოციური ცხოვრება. სიყვარული, სიძულვილი, სიხარული, შიში, სიამოვნება, ტკივილი, აგზნებადობა, სიმტკიცე და უთვალავი სხვა რეაქცია გარკვეულ სტიმულებზე არსებობს როგორც მცენარეებში, ასევე ცხოველებში.“ 

„სიცოცხლის ერთი იმპულსი, რომელიც მთელ სამყაროს სცდება, ამიერიდან პოეტურ ფანტაზიად ვეღარ ჩაითვლება, ბატონო. მე ვიცნობდი ერთ წმინდანს, რომელსაც ყვავილების დაკრეფისაკენ გული არ უწევდა. „ვარდის ბუჩქი მისი საამაყო სილამაზისაგან უნდა გავძავრცვო? უნდა შევლახო მისი ღირსება ჩემი უხეში ჩარევით?“ მისი მგრძნობიარე სიტყვები ფაქტობრივად დასტურდება თქვენი აღმოჩენებით.“

„პოეტს ინტიმური ურთიერთობა აქვს ჭეშმარიტებასთან, ხოლო მეცნიერი მას მხოლოდ მოუხერხებლად უახლოვდება. მეწვიეთ ერთხელ ჩემს ლაბორატორიაში, რომ ნახოთ საკუთარი თვალებით, თუ როგორ მუშაობს კრესკოგრაფი.“ 

მადლიერებით მივიღე მოწვევა და დავემშვიდობე. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ბოტანიკოსმა საპრეზიდენტო უნივერსიტეტი დატოვა, რათა კალკუტაში კვლევითი ინსტიტუტი დაეარსებინა. 

ბუსის ინსტიტუტი რომ გაიხსნა, გახსნის ცერემონიალს ვესწრებოდი. დაწესებულებაში ასობით ენთუზიასტი გადაადგილდებოდა. ამ ახალი სამეცნიერო სახლის სულიერი სიმბოლიზმითა და გემოვნებიანი მოწყობით, მოხიბლული ვიყავი. უძველესი საკურთხეველი გამოყენებული იყო როგორც მრავალსაუკუნოვანი შესასვლელი კარიბჭე. ლოტოსის აუზის მიღმა იდგა ქვისგან გამოკვეთილი ქალის ფიგურა ჩირაღდნით ხელში. ფიგურა გამოხატავდა პატივისცემას ინდოელისაგან ქალებისადმი, როგორც სინათლის უკვდავი მატარებლის მიმართ. ბაღში პატარა ტაძარი ეძღვნებოდა აბსოლუტს, რომელიც გარეგნული სამყაროს მიღმაა. შესაწირების არარსებობა მიზნად ისახავს ღვთაებრივი უსხეულობის შესახებ შეგვახსენებდეს. 

ბუსის გამოსვლები ამ დიდ დღეს შესაძლოა მომდინარეობდეს ანტიკური ხანის განმანათლებლური რიშიდან. 

„მე ვაკურთხებ დღეს ამ ინსტიტუტს არა მხოლოდ როგორც ლაბორატორიას, არამედ როგორც ტაძარსაც.“ მისმა საზეიმო სერიოზულობამ შესამჩნევლად მოხიბლა მაყურებელით გადაჭედილი აუდიტორია. „ჩემი კვლევების მსვლელობისას, მე უნებლიედ აღმოვჩნდი დასაზღვრულ ფიზიკასა და ფიზიოლოგიას შორის. ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ დასაზღვრული ხაზები თანდათან გაქრა და ცოცხალსა და არაცოცხალს შორის უფრო და უფრო მეტი შეხების წერტილი გაჩნდა. არაორგანულმა მატერიამ არ გამოავლინა თავი, როგორც უგრძნობმა, არამედ რეაგირებდა სხვადასხვა ძალების ზეგავლენაზე.

როგორც აღმოჩნდა, უნივერსალური რეაგირება ლითონებს, მცენარეებსა და ცხოველებს საერთო კანონზომიერებაში აქცევდა. ყველა მათგანი აჩვენებდა, დაღლილობისა და დეპრესიის არსებითად იგივე სიმპტომებს, გამოჯანმრთელებისა და აღგზნების იგივე უნარებს და სიკვდილის დაწყებისას ნებისმიერი  გრძნობის დაკარგვას. ამ გასაოცარმა უნივერსალურობამ აღმაფრთოვანა და ჩემი შედეგები მალე სამეფო აკადემიას დიდი იმედით გამოვუცხადე _ შედეგები, რომლებიც ექსპერიმენტებმა დაამტკიცა.  მაგრამ დამსწრე ფიზიოლოგებმა მირჩიეს, შემეზღუდა ჩემი კვლევები ფიზიკის სფეროთი, რომელშიც უკვე მივაღწიე გარკვეულ წარმატებას და მათ ტერიტორიაზე არ შემეჭრა. მე ისე, რომ ეს არ ვიცოდი, უცნობი კასტური სისტემის ტერიტორია ამოვიცანი და მათი ეტიკეტი დავარღვიე. 

კიდევ ერთი აქტუალური ფაქტორი იყო თეოლოგების ინსტიქტური ცრურწმენა, რომელსაც რწმენაში ურევდნენ. ხშირად ვივიწყებთ, რომ ღმერთმა, რომელმაც ამ მუდმივად ცვალებად იდუმალ სამყაროში მოგვავლინა, ასევე კითხვების დასმისა და გაგების სურვილიც მოგვანიჭა. გავიგე, რომ მეცნიერების მოწაფეების ცხოვრება გაუთავებელი ბრძოლაა. მან სიხარულით უნდა გასწიროს სიცოცხლე და თანაგრძნობით მიიღოს მოგება და ზარალი, წარმატება და წარუმატებლობა. 

თუმცა, დროთა განმავლობაში, ჩემი თეორიები და პრაქტიკული შედეგები მსოფლიოს წამყვანმა სამეცნიერო საზოგადოებებმა მიიღეს. ამით მათ აღიარეს ინდოეთის მნიშვნელოვანი წვლილი მეცნიერების სფეროში. ოდესმე კმაყოფილი იყო ინდური გონება რაიმე ამაოებითა და შეზღუდვებით? ეს ქვეყანა თავისი განუწყვეტელი, ცოცხალი ტრადიციისა და მუდმივად განახლებადი ძალისხმევის გამო განვითარების უთვალავი ეტაპის განმავლობაში ინარჩუნებს თავს. დროდადრო ინდოელები იზრდებოდნენ, უარს ამბობდნენ მომენტის სარგებლიანობაზე და აქტიურად ისწრაფვოდნენ უმაღლესი იდეალების რეალიზაციისაკენ _ და არა პასიური უარის თქმის გზით, არამედ აქტიური ძალისხმევით. სუსტს, რომელიც ყოველგვარ კონფლიქტს გაურბის და ვერაფერისათვის მიუღწევია, უარსაც არაფერზე ამბობს. მხოლოდ მათ, ვინც იბრძოდა და გაიმარჯვა, შეუძლია სამყაროს გამდიდრება თავისი გამოცდილების ნაყოფით. 

ბუსის ლაბორატორიაში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა მატერიის რეაქტიულობაზე და გასაოცარმა აღმოჩენებმა მცენარეთა ცხოვრებაში, მნიშვნელოვნად გააფართოვა ფიზიკის, ფიზიოლოგიის, მედიცინის, სოფლის მეურნეობისა და ფსიქოლოგიის კვლევის სფეროები. პრობლემები, რომლებიც ადრე გადაუჭრელად ითვლებოდა, ახლა ექსპერიმენტული კვლევის სფეროში გადავიდა. 

თუმცა, დიდი წარმატების მიღწევა შეუძლებელია ზედმიწევნითი სიზუსტის გარეშე. ამიტომ ავაშენე უაღრესად მგრძნობიარე ინსტრუმენტებისა და აპარატების სერია, რომელთა ნახვა შეგიძლიათ აქ, სადარბაზოში, დაცული სათავსებით. ისინი მოწმობდნენ ჩვენს გრძელვადიან მცდელობებზე, რათა გავარღვიოთ მატყუარა გარეგნობა და უხილავ რეალობაში შევაბიჯოთ; ისინი მოწმობდნენ დაუღალავ შრომაზე, გამძლეობასა და მონდომებაზე, რაც გვჭირდებოდა, იმისათვის რომ ე.წ. ადამიანებისთვის შეუძლებელი, გადაგველახა. ყველა პროდუქტიული მეცნიერი მივიდა იმ აზრამდე, რომ ადამიანის გონება არის ნამდვილი ლაბორატორია, რომელშიც ყველა მატყუარა გარეგნობის მიღმა ჭეშმარიტების კანონების აღმოჩენაა შესაძლებელი.

აქ ჩატარებული ლექციები, მიზნად ისახავს არა მხოლოდ მეორადი ცოდნის გაცემას, არამედ ახალი აღმოჩენების მოხსენებას, რომლებიც პირველად ხდება ამ დარბაზებში.

ჩვენს ინსტიტუტში შესრულებული სამუშაოს შესახებ რეგულარული პუბლიკაციების საშუალებით, ინდოეთის წვლილი მთელს მსოფლიოში უნდა გაზიარდეს და საყოველთაო გახდეს. ჩვენ პატენტს არ გამოვაქვეყნებთ. ჩვენი კულტურის სულისკვეთებას არ შეესაბამება პირადი სარგებლობისათვის ჩვენი ცოდნის შეურაცხყოფა.

უფრო მეტიც, ჩემი სურვილია, რომ ამ ინსტიტუტის შესაძლებლობები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს სხვა ქვეყნების მკვლევართათვისაც. ამ გზით მე მსურს შევეცადო დავაკავშირო ისინი ჩემი ქვეყნის ტრადიციას, რომელიც დაიწყო 2500 წლის წინ, როდესაც ინდოეთმა თავისი უნივერსიტეტებიდან ნალანდრა და ტექსილადან მსოფლიოს ყველა კუთხის მეცნიერებს მიესალმა.  

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერება არც აღმოსავლეთს და არც დასავლეთს არ ეკუთვნის, არამედ თავისი უნივერსალურობით საერთაშორისოდ უნდა ჩაითვალოს, ინდოეთი არის სწორედაც იმისათვის შესაფერისი, რომ დიდი წვლილი შეიტანოს მეცნიერებაში. 

მხურვალე ინდური ფანტაზია, რომელსაც შეუძლია შექმნას ახალი წესრიგი მრავალი ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი ფაქტიდან, კონტროლირებადია სისტემატური კონცენტრაციის ვარჯიშებით; და ეს შინაგანი დისციპლინა გონებას საშუალებას აძლევს, უსაზღვრო მოთმინებით ეძიოს ჭეშმარიტება.“

ცრემლები მომადგა თვალებზე, მეცნიერის ამ სიტყვების წარმოთქმისას. განა „მოთმინება“ არ არის ინდოეთის სინონიმი და დროსაც და ისტორიკოსსაც არ აკნინებს? 

გახსნიდან ცოტა ხანში ისევ ვესტუმრე კვლევით ინსტიტუტს და, თავისი დაპირების თანახმად, დიდმა ბოტანიკოსმა თავის წყნარ ლაბორატორიაში შემიყვანა. 

„ახლა მინდა კრესკოგრაფი დავამაგრო ამ გვიმრაზე. გადიდება უზარმაზარია. თუკი ლოკოკინას ცოცვას იმავე მასით ავაჩქარებთ, მაშინ ცხოველი სწრაფი მატარებელის სიჩქარით გადაადგილდება წინ. 

დაჟინებით დავხედე ეკრანს, რომელზეც გამოსახული იყო გვიმრის გადიდებული ჩრდილოვანი გამოსახულება. ყველაზე პატარა ცხოვრებისეული პროცესები ახლა აშკარად ხილული გახდა _ და მცენარემ ჩემს თვალწინ ძალიან ნელა დაიწყო ზრდა. შემდეგ მეცნიერი გვიმრის წვერს პატარა ლითონის ჯოხით შეეხო და ჩემს თვალწინ გადაშლილი სანახაობა მოულოდნელად შეჩერდა, მაგრამ მაშინვე განახლდა მზარდი რითმით, როდესაც ჯოხი მოაცილეს. 

„თქვენ ხედავთ, თუ როგორ მოქმედებს ოდნავი გარეგანი ჩარება მგრძნობიარე ქსოვილზე“, აღნიშნა ბუსიმ. „ფრთხილად! ახლა მცენარეს ქლოროფორმირებას მოვახდენ და შემდეგ ანტიდოტს მივცემ.“

ქლოროფორმის მოქმედებამ შეაჩერა ყოველგვარი ზრდა, ხოლო ანტიდოტს გამაცოცხლებელი ეფექტი ჰქონდა. ეკრანზე განვითარების ამ პროცესებმა უფრო მომხიბლა, ვიდრე ყველაზე საინტერესო ფილმმა. ჩემმა კომპანიონმა ( რომელიც აქ ბოროტმოქმედის როლს ასრულებდა ) გვიმრა ბასრი ინსტრუმენტით გახვრიტა; ტკივილის შეგრძნება მაშინვე გამოიხატა სპაზმური ფრიალის საშუალებით. როდესაც მან ღეროს ნაწილი საპარსის პირით მოჭრა, ჩრდილი ძალადობრივად გადაადგილდა, მაგრამ მაინც გაჩერდა, სიკვდილის მოლოდინში განაბული. 

„მე შევძელი ხის წარმატებით გადარგვა, ოღონდ ჯერ ქლოროფორმირება გავუკეთე. ჩვეულებრივ, ტყის ეს მეფეები გადანერგვის შემდეგ მალევე იღუპებიან.“  ბედნიერმა ღიმილმა გადაურბინა ბუსის სახეზე, როდესაც მან მითხრა ამ გადამრჩენი მანევრის შესახებ.

მგრძნობიარე აპარატით ჩემმა მიღებულმა გრაფიკულმა გამოსახულებებმა დაამტკიცა, რომ ხეებს თავიანთი სასიცოცხლო ციკლი აქვთ. მათი წვენის მოძრაობა შეესაბამება არტერიულ წნევას ცხოველის სხეულში. წვენის ამოსვლა არ შეიძლება აიხსნას ერთ-ერთი ჩვეულებრივი მექანიკური მიზეზით, როგორიცაა კაპილარულობა. 

კრესკოგრაფის დახმარებით დადასტურდა, რომ ეს ფენომენი არის ცოცხალი მილაკოვანი უჯრედების აქტივობა, რომლებიც ხის გასწვრივ მოძრაობენ და ასრულებენ გულის ფუნქციას პერისტალტიკური ტალღების გამოსხივებით.  რაც უფრო მკვეთრი ხდება ჩვენი აღქმა, მით უფრო ნათლად ვხედავთ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი უნივერსალური გეგმა, რომელიც საფუძვლად უდევს ცხოვრების ყველა ფორმას.“

შემდეგ დიდმა მეცნიერმა სხვა ბუსის ინსტრუმენტზე მიუთითა. 

„ახლა მინდა ჩავატარო სხვადასხვა ექსპერიმენტი კონსერვირებული რკინის ფურცლით. ლითონებში არსებული სიცოცხლის ძალა ძალიან განსხვავებულად რეაგირებს მავნე სტიმულატორებზე, ვიდრე სასარგებლოზე, რაც აღირიცხება შესაბამისი მელნის მარკირებით.“

მე მოუთმენლად ვადევნებდი თვალს გრაფიკულ გამოსახულებებს, რომლებიც აჩვენებდნენ ატომების შიდა სტრუქტურას დამახასიათებელი ტალღოვანი ხაზებით. როცა პროფესორმა რკინის ფურცელზე ქლოროფორმი დადო, ვიბრაციული ჩანაწერები შეწყდა. მაგრამ როცა ლითონი თანდათან ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნდა, ისევ დაიწყეს. შემდეგ პროფესორმა გამოიყენა კაუსტიკური საშუალება. სანამ ლითონში სიცოცხლე კანკალებდა, ნემსი მკვეთრად წერდა სიკვდილის ნიშანს მოსახვევში. 

„ბუსის ინსტრუმენტის დახმარებით“, განაგრძო მეცნიერმა, დადასტურდა, რომ ლითონები, როგორიცაა ფოლადი, რომელიც გამოიყენება მაკრატლისა და მანქანების დასამზადებლად, ავლენს დაღლილობის ნიშნებს ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, მაგრამ აღადგენს თავის ეფექტურობას გარკვეული პერიოდის შემდეგ. ელექტრო დენმა ან უფრო მაღალმა წნევამ ასევე შეიძლება სერიოზულად შეუქმნას საფრთხე ან თუნდაც გაანადგუროს ლითონების სასიცოცხლო ვიბრაცია.“

ოთახში უამრავ გამოგონებას შევხედე  _  დამოწმება კვლევის დაუღალავი სულისკვეთებისა. 

„ბატონო, სირცხვილია, რომ თქვენი მშვენიერი გამოგონებები სოფლის მეურნეობაში უფრო მეტად არ გამოიყენება. არ შეგვიძლია ლაბორატორიული ექსპერიმენტების ჩატარება გარკვეული აღჭურვილობით იმის დასადგენად, თუ რა გავლენას ახდენს სხვადასხვა სასუქი მცენარის ზრდაზე?“

„შენ მართალი ხარ. მომავალი თაობები უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ ბუსის ინსტრუმენტებისაგან. თავად მეცნიერი იშვიათად იღებს ჯილდოს თავისი ძალისხმევისათვის. მისთვის საკმარისია შემოქმედებითად მსახურების ხალისი.“

როცა ცოცხალი მადლობის სიტყვებით დაუღალავად აქტიურ ბრძენს ვემშვიდობებოდი, ჩემთვის ვფიქრობდი : „ამოიწურება თუ არა ოდესმე ამ ბრწყინვალე სულის ნაყოფიერება?“ 

მომდევნო წლებს მისი მიღწევების შედეგები არ მოუტანია. ბუსმა გამოიგონა ახალი, რთული ინსტრუმენტი - „ხმოვანი კარდიოგრაფი“, რომლითაც მან ჩაატარა ვრცელი ექსპერიმენტები მრავალ ინდურ მცენარეზე და ამ გზით არაერთი სასარგებლო სამკურნალო საშუალება აღმოაჩინა. კარდიოგრაფი ისეთი სიზუსტითაა შექმნილი, რომ დროის ერთეულებს წამის მეასედით აჩვენებს. მისი ხმის ჩანაწერები ასახავს წარმოუდგენლად წვრილ ვიბრაციას მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანთა სიცოცხლის ფორმებში. დიდმა ბოტანიკოსმა იწინასწარმეტყველა, რომ მის კარდიოგრაფს მოგვიანებით გამოიყენებდნენ ვივისექციის ჩასატარებლად მცენარეებზე და არა ცხოველებზე. 

„თუ მცენარესა და ცხოველზე ერთდროულად მიღებული წამლის ზემოქმედების ჩანაწერებს შევადარებთ, საოცრად მსგავს შედეგებს ნახავთ“, განმარტავდა ის. „ყველაფერი,რაც ადამიანში ხდება, უკვე მცენარეშია მინიშნებული. ამიტომ, მცენარეებზე ექსპერიმენტები ხელს შეუწყობს როგორც ადამიანების, ისე ცხოველების ტანჯვის შემცირებას.“

ბუსის ინოვაციური აღმოჩენები მცენარეთა სამყაროში მოგვიანებით სხვა მეცნიერებმა შეავსეს. მაგალითად, New York Times-მა 1938 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში შესრულებული სამუშაოს შესახებ ასე განაცხადა : 

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღმოაჩინეს, რომ იმ მომენტში, როდესაც ნერვები გადასცემს შეგრძნებებს, თავის ტვინსა და სხეულის სხვა ნაწილებს, პაწაწინა ელექტრული იმპულსები ჩნდება. ეს იმპულსები ახლა გაზომილია უაღრესად მგრძნობიარე გალვანომეტრით და მილიონჯერ გადიდებულია თანამედროვე გამადიდებელი საშუალებით. დღემდე არ არის ნაპოვნი საიმედო მეთოდი ამ იმპულსების მიმდინარეობის შესასწავლად ცოცხალი ცხოველებისა და ადამიანების ნერვულ ბოჭკოებში, რაც განპირობებულია ამ იმპულსების გადაადგილების მაღალი სიჩქარით.

როგორც ექიმები კოული და კერტისი იუწყებიან, მათ აღმოაჩინეს, რომ მტკნარი წყლის მცენარის ნიტელას ცალკეული წაგრძელებული უჯრედები (რომელსაც ხშირად იყენებენ ოქროს თევზის აკვარიუმში) ინდივიადუალური ნერვული ბოჭკოების იდენტიურია. მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ ნიტელას ბოჭკოები, აღგზნებისას, წარმოქმნიან ელექტრულ ტალღებს, რომლებიც გარდა მათი სიჩქარისა, ყოველმხრივ მსგავსია ცხოველებისა და ადამიანების ნერვული ბოჭკოების მიერ გამოსხივებული ტალღებისა. მცენარეების ელექტრული ნერვული იმპულსები მნიშვნელოვნად ნელია, ვიდრე ცხოველებისა. სწორედ ამიტომ, კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ისარგებლეს ამ აღმოჩენით და ჩაწერეს ელექტრული ნერვული იმპულსების მიმდინარეობის ნელი მოძრაობა.

ამიტომ, ნიტელა-წყალმცენარე შეიძლება გახდეს ერთგვარი „როზეტის ქვა“, რაც შესაძლებელს გახდის სულისა და მატერიის საზღვარზე საგულდაგულოდ დაცული საიდუმლოს გაშიფვრას.“

 

პოეტი რაბინდრანათ თაგორი, ინდოელი მეცნიერისა და იდეალისტის ერთგული მეგობარი იყო. საყვარელმა ბენგალელმა მომღერალმა მას შემდეგი ლექსი მიუძღვნა : 

გასძახე, განდეგილო, განმტკიცებული სიტყვებით

უძველესი სამა-ჰიმნი: „აღდექ! გამოფხიზლდი!“

გასძახე იმ კაცს, რომელიც ამაყობს შასტრიული ცოდნით,

გასძახე იმ სულელ ტრაბახს, რომელიც ამაოდ ირჯება პედანტური არგუმენტებით,

გასძახე მას, რომ პირისპირ შეეგებოს განუზომელი მიწის თავისუფალ ბუნებას.

მიეც ნება ძახილს სწავლულების წინაშე ისმოდეს,

და მიეც ნება მათ ყველას შენს შესაწირთან მოგროვდნენ.

ინდოეთი, ჩვენი უძველესი მიწა,

იპოვის გზას საკუთარი თავისკენ,

პატიოსანი შრომისკენ,

მოვალეობებისკენ,

ხედვებისა და

გულწრფელი მედიტაციებისკენ.

მიეც ნება გარინდებულმა, ვნებების გარეშე

ამბიციის გარეშე და სიწმინდით სავსე

როგორც მასწავლებელი ყველა ქვეყნისა

თავის მაღალ ტახტზე იჯდეს. 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff