პარამაჰანსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია

პარამაჰანსა იოგანანდა
5
2

მთარგმნელები: ნინო გურული და ირინე ქრისტინე ნუცუბიძე

მეცამეტე თავი: უძილო წმინდანი

მთარგმნელი: ქრისტეანე 

„გთხოვთ დამრთოთ ნება წავიდე ჰიმალაებში! ვიმედოვნებ, რომ იქ, დაუღალავ მარტოობაში, უფრო მოვახერხებ ღმერთის პოვნას.“ 

მართლაც მივმართე ერთხელ ეს უმადური სიტყვები ჩემი ოსტატისკენ. ბევრი სხვა მაძიებლის მსგავსად, გაუთვალისწინებელი ილუზიების მსხვერპლი მეც გავხდი და ვგრძნობდი, რომ უნივერსიტეტში სწავლა და აშრამის მოვალეობები ჩემში მზარდ მოუთმენლობას ქმნიდა. უფრო მსუბუქ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მე ეს წინადადება შევთავაზე იმ დროს, როდესაც შრი იუკტეშვარს ჯერ მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში ვიცნობდი და ჯერ კიდევ არ ვიცოდი მისი უზარმაზარი სიდიადე.

„ბევრი მთიელი ცხოვრობს ჰიმალაებში, ღმერთის ცნობის გარეშე“, მიპასუხა ჩემმა გურუმ მარტივად და მშვიდად. „სიბრძნეს ადამიანი გასხივოსნებულ ოსტატში უნდა ეძებდეს და არა უმოძრაო მთებში.“

მაგრამ მე არაფრად ჩავაგდე ოსტატის აშკარა მინიშნება, რომ ის და არა რომელიმე მთა, იყო ჩემი მასწავლებელი და ჩემი თხოვნა გავიმეორე. შრი იუკტეშვარს ჩემთვის პასუხი აღარ მოუცია. მისი დუმილი თანხმობად აღვიქვი _ საეჭვო ინტერპრეტაცია, თუმცა მოსახერხებელი. 

იმავე საღამოს მოგზაურობისათვის სახლში ყველაფერი მოვამზადე. მე გავახვიე რამდენიმე ნივთი საბანში და გავიფიქრე მსგავს ასეთ შეკვრაზე, რომელიც წლების წინ ფარულად გადავაგდე სხვენის ფანჯრიდან. უნებლიედ გამიჩნდა კითხვა, დაიწყო თუ არა ეს გაქცევა ჰიმალაისკენ მსგავსი არახელსაყრელი პირობებით. ადრე სულიერმა აღმაფრენამ ამავსო; დღეს საღამოს კი იმ ფიქრით, რომ ჩემი გურუ უნდა დამეტოვებინა, სინდისმა შემაწუხა.

მეორე დილით მივედი ბეჰარის სწავლულთან, ჩემი სანსკრიტის პროფესორთან შოტლანდიის ეკლესიის უნივერსიტეტში. 

„სერ, თქვენ ერთხელ მომიყევით ლაჰირი მაჰასაიას დიდ მოწაფეზე, რომელთანაც დამეგობრებული ხართ. შეგიძლიათ მისი მისამართი მომცეთ?“

„შენ ალბათ რამ გოპალ მუზუმდარს გულისხმობ. მე მას „უძილო წმინდანს“ ვეძახი, რადგან მუდმივად ცნობიერების ფხიზელ, ექსტაზურ მდგომარეობაშია. მისი სახლი რანბაჯპურშია, ტარაკეშვართან ახლოს.“

მადლობა გადავუხადე სწავლულს და მაშინვე მატარებლით ტარაკეშვარისკენ გავემგზავრე. ფარულად ვიმედოვნებდი, რომ „უძილო წმინდანი“ სგან  ნებართვის გამოძალვით, ჰიმალაის მარტოობაში მედიტირებისათვის, ჩემს ეჭვებს ჩავახშობდი. ბეჰარის მეგობრისგან შევიტყვე, რომ რამ გოპალმა თავის სულიერ გასხივოსნებას მრავალი წლის განმავლობაში ბენგალის მარტოხელა გამოქვაბულში ცხოვრებისა და კრია იოგას გამუდმებული პრაქტიკით მიაღწია.

ტარაკეშვარში მე ვეწვიე ცნობილ ტაძარს, სადაც ინდუსები შედიან ისეთივე პატივისცემით, როგორც კათოლიკები შედიან საფრანგეთში, ლურდეს წმინდა გროტოში. უამრავ მორწმუნეს ჰქონდა სასწაულებრივი განკურნება ამ ტაძარში გამოცდილი, მათ შორის ჩემი ოჯახის ერთ-ერთ წევრს.

„მთელი კვირა ვიჯექი ადრე ამ ტაძარში“, მომიყვა ერთხელ ჩემმა უფროსმა დეიდამ, „შენი ბიძასთვის შარადასთვის, რომ მელოცა, რომელიც ქრონიკული ავადმყოფობით იტანჯებოდა. მაგ დროის განმავლობაში მკაცრ მარხვას ვიცავდი. მეშვიდე დღეს უცაბედად ჩემს ხელში მატერიალიზდა მწვანილი, მისგან ჩაი მოვადუღე და ბიძაშენს მივეცი დასალევად. მისი ავადმყოფობა მყისიერად გაქრა და აღარ დაბრუნებულა.“

მე შევაბიჯე ტარაკეშვარში მდებარე წმინდა ტაძარში, რომლის საკურთხეველი მხოლოდ მრგვალი ქვისგან შედგებოდა. მისი გარშემოწერილობა, უსაწყისო და უსასრულო, ანიჭებს მას დაუსაბამობას სათანადო მნიშვნელობას. ინდოეთში ასეთი აბსტრაქტული წარმოდგენები გაუნათლებელ ადამიანებსაც კი ესმით. დასავლელები ხშირად ადანაშაულებენ მათ აბსტრაქციებში ცხოვრებისათვის. 

მე თვითონ იმ მომენტში საკმაოდ უდრეკ ხასიათზე ვიყავი და არ მიგვრძნია, რომ ქვის სიმბოლოს წინაშე ქედი უნდა მომეხარა. ღმერთის პოვნა, ვთქვი ჩემთვის, მხოლოდ საკუთარ სულშია შესაძლებელი.

ასე დავტოვე მე ტაძარი მუხლების მოხრის გარეშე და სწრაფად გავემართე შორეულ სოფელ რანბაჯპურისკენ. ვინაიდან მარშრუტში ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, ვთხოვე ინფორმაცია გამვლელს, რომელიც შედეგად დიდხანს ფიქრებში ჩაიძირა.

საბოლოოდ მან ორაზროვანი ხმით მიპასუხა: „ როცა შემდეგ გზაჯვარედინზე მიხვალ, მარჯვნივ უნდა მოუხვიო და მერე სულ პირდაპირ გააგრძელო.“

მე მივყევი მის მითითებებს და არხის ნაპირს გავუყევი. მალე სიბნელე ჩამოწვა და ათასობით ციცინათელა აციმციმდა ჩემს წინ მდებარე ჯუნგლების სოფლის კიდეზე, იქვე კი შაკალების ყმუილი ისმოდა.

მთვარის შუქი სუსტი იყო იმისათვის, რომ ჩემთვის სასარგებლო ყოფილიყო და ორი საათის განმავლობაში ასე გაჭირვებით მივიწევდი წინ. 

შემდეგ, ჩემდა საბედნიეროდ, ძროხის ზარის ხმა შემომესმა და ჩემმა განმეორებითმა შეძახილებმა საბოლოოდ გლეხიც მიიპყრო.

„მე ვეძებ რამ გოპალ ბაბუს.“

„ჩვენს სოფელში ამ სახელით არავინ ცხოვრობს“, მითხრა კაცმა დაბღვერით. „თქვენ ნამდვილად გამომძიებელი ხართ, რომელსაც სიმართლის გამხელა არ უნდა.“

მის გონებაში აშკარად პოლიტიკური ამბები ტრიალებდა. მე ვეცადე მისი ეჭვები შემემსუბუქებინა და რაც შეიძლება ნათლად აღვწერე ჩემი ვითარება. შემდეგ ის თავისი სახლისაკენ გამიძღვა, სადაც სტუმართმოყვარეობით მიმიღეს. 

„რანბაჯპურამდე ჯერ კიდევ საკმაოდ შორია“, მითხრა მან. „გზაჯვარედინზე მარცხნივ უნდა გადაგეხვიათ და არა მარჯვნივ.“

კაცი, რომელმაც პირველად დამარიგა, დავფიქრდი დაბნეულმა, ნამდვილად საშიშროებას წარმოადგენს მოგზაურთათვის. უგემრიელესი ტრაპეზის შემდეგ, რომელიც შედგებოდა მსხვილი ბრინჯისაგან, ოსპის დალისაგან, მოხარშული კარტოფილისა და უმი ბანანისაგან, საკუთარ თავს ფერმის პირას პატარა ქოხში მოსვენების უფლება მივეცი. შორს მღეროდა სოფლის ხალხი, რომელსაც მრიდანგისა და ციმბალების ხმაური ახლდა. იმ ღამეს ძილი გამორიცხული იყო; ამიტომ ვლოცულობდი მხურვალედ, რათა განმარტოებულ იოგისკენ, რამ გოპალისკენ მიმექცია მიმართულება. 

როდესაც პირველმა მკრთალმა დღის სინათლემ ქოხის ნაპრალებში შემოაღწია, გავუდექი რანბაჯპურისკენ გზას, რომელმაც ბრინჯის ბუჩქნარ მინდვრებზე გამიყვანა. მე მხოლოდ გაჭირვებით შემეძლო უსაფრთხოდ, ეკლიანი მცენარეების ღეროებსა და მშრალი თიხის ბორცვებზე გადაადგილება. დროდადრო, როცა გლეხებს შემოვხვდებოდი, ვრწმუნდებოდი, რომ ჩემი დანიშნულების ადგილს „კიდევ ერთი კროშა“ (3 კმ) მაშორებდა. ექვსი საათი იყო გასული და უკვე შუადღის მზე იდგა; მაგრამ ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს სამუდამოდ დავრჩებოდი რანბაჯპურისაგან ერთი კროშას მოშორებით.

ნაშუადღევს ისევ გამოვტრიალდი უსასრულო ბრინჯის მინდორზე, რომელიც მცხუნვარე მზისგან საერთოდ არ იცავდა; ვგრძნობდი, რომ ნებისმიერ წამს დავიშლებოდი. ამასობაში დავინახე კაცი, რომელიც ჩემსკენ მშვიდი ნაბიჯებით მოდიოდა. ძლივს გავბედე ჩემი ჩვეული კითხვის განმეორება, იმის შიშით, რომ ისევ ის მონოტონური „კიდევ ერთი კროშა“ არ მომესმინა. 

უცნობი ჩემს წინ გაჩერდა. ის იყო პატარა და მსუბუქი _ გარდა უჩვეულოდ გამჭოლი შავი თვალებისა _  არც თუ ისე შთამბეჭდავი გარეგნობით. 

„რანბაჯპურის დატოვებას ვაპირებდი, მაგრამ ვინაიდან შენ კეთილი განზრახვით მოდიხარ, ამიტომ გელოდებოდი.“  ამასთან ჩემი გაოგნებული სახის წინ თავის საჩვენებელ თითს აქეთ-იქით აქნევდა. „ძალიან ჭკვიანი გგონია შენი თავი, ასე გაუფრთხილებლად თავდასხმისათვის? პროფესორ ბეჰარის არ ჰქონდა ჩემი მისამართის მოცემის უფლება.“

ვინაიდან სრულიად ზედმეტი მეჩვენებოდა ამ ოსტატთან თავის წარდგენა, უბრალოდ უსიტყვოდ ვიდექი - ცოტა დამწუხრებული ასეთი მიღებით. მერე საკმაოდ მკაცრად მკითხა:

„როგორ ფიქრობ, სად იმყოფება ღმერთი?“

„უბრალოდ - ის არის ჩემში და ყველგან.“ დარწმუნებული ვიყავი ის ჩემს დაბნეულობას სახეზე მამჩნევდა.

„ყველგანმყოფი, არა?, თქვა წმინდანმა თავისთვის ჩაღიმებით. „მაშ რატომ გამოტოვე, ახალგაზრდა ბატონო, გუშინ თაყვანისცემა უსასრულობის წინაშე, რომელიც ასევე განსახიერებულია ტარაკესვარის ქვის სიმბოლოში? შენი ყალბი სიამაყის სასჯელად, არასწორ გზაზე დაგაყენა გამვლელმა, რომელიც არ მისულა ისეთი ზუსტ განსხვავებებამდე, როგორიცაა მარცხენა და მარჯვენა. არც დღეს ყოფილა შენთვის მთლად სასიამოვნო.“

მთელი გულით დავეთანხმე მას და გაოცებული ვიყავი ყოვლისმხედველი თვალით, რომელიც ამ შეუმჩნეველ სხეულში იმალებოდა. იოგისგან მოდიოდა სამკურნალო ძალა, ისე რომ, მაცხუნებელი სიცხის მიუხედავად თავი მაშინვე გაგრილებულად ვიგრძენი. 

„მაძიებელთა უმეტესობა მიდრეკილია იმისკენ, რომ მათი გზა ღმერთისაკენ მიიჩნიონ ერთადერთ სწორ გზად“ თქვა მან. „იოგას გზა, რომელიც გვეხმარება ვიპოვოთ ღმერთი საკუთარ თავში, უდავოდ უმაღლესია, როგორც ლაჰირი მაჰასაია გვარწმუნებს. თუ ჩვენ საკუთარ თავში ღმერთი ვიპოვეთ, რასაკვირველია მისი აღქმა გარე სამყაროშიც შეგვიძლია. წმინდა ტაძრები, როგორიც ტარაკესვარშია, სამართლიანად პატივცემულია, როგორც სულიერი ცენტრები.“

თუმცა შემდეგში წმინდანის მკაცრი მზერა შერბილდა; თბილად და მეგობრულად შემომხედა და მხარზე მეგობრულად დამკრა.

„ახალგაზრდა იოგი, შენ გაურბიხარ შენს ოსტატს. მას აქვს ყველაფერი, რაც შენ გჭირდება. შენ მასთან უნდა დაბრუნდე.“ და დაამატა: „მთები ვერ იქნებიან შენი გურუ!“ _ იგივე აზრი, რომელიც შრი იუკტეშვარმა ორი დღის წინ გამოთქვა!

„არც ერთი კოსმიური კანონი არ აიძულებს ოსტატს განცალკევებით მთებში ცხოვრებას“, განაგრძო ჩემმა კომპანიონმა და მხიარული მზერა მესროლა. „ჰიმალაებს ინდოეთში თუ ტიბეტში არ აქვთ მონოპოლია წმინდანებზე. რასაც ადამიანი საკუთარ თავში მუდმივი ძალისხმევის შედეგად ვერ პოულობს, ვერ აღმოაჩენს სხეულის აქეთ-იქით გადაზიდვით. თუმცა, როგორც კი მაძიებელს სურს დედამიწის მიდამოებში სულიერი შვების საპოვნელად წავიდეს, იქვე ჩნდება მისი გურუც.“

ფიქრებით ჩუმად დავეთანხმე მას, ჩემს ლოცვაზე ბენარესის აშრამში და ჩემს შემდგომ შეხვედრაზე შრი იუკტეშვართან დატვირთულ ხეივანში.

„გაქვთ პატარა ოთახი, სადაც შეგიძლიათ კარი მოიხუროთ და მარტო იყოთ?“

„დიახ.“ გამაოგნა იმ გასაოცარმა სისწრაფემ, რომლითაც ეს წმინდანი ზოგადიდან კონკრეტულზე გადავიდა.

„ეგ არის შენი გამოქვაბული“, მითხრა იოგმა და მომაპყრო ნათელი მზერა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. „ეგ არის შენი წმინდა მთა. იქ ნახავ ღვთის სასუფეველს.“

მისმა უბრალო სიტყვებმა მყისიერად გამათავისუფლეს ჩემი წლების აკვიატებისაგან, რომ ჰიმალაისთვის მიმეღწია. აქ, მცხუნვარე ცხელ ბრინჯის მინდორში, გამეღვიძა მთებისა და მარადიული თოვლის სიზმრებისაგან.

„ახალგაზრდა ბატონო, შენი ღვთაებრივი შიმშილი საქებარია. ვგრძნობ ჩემს შენსკენ მიზიდულობას“, მითხრა რამ გოპალმა, ხელი მომკიდა და ჯუნგლების შუაგულში მდებარე თვალწარმტაცი სოფლისაკენ გამიძღვა. თიხის აგურისაგან დამზადებული სახლები დაფარული იყო პალმის ტოტებით, შესასვლელები ჩვეულებისამებრ მორთული იყო ახალი ტროპიკული ყვავილებით.

წმინდანმა თავისი პატარა ქოხის წინ ტერასაზე მომიჩინა ადგილი, სადაც ბამბუკის ბუჩქების გრილ ჩრდილში ვიჯექი და ტკბილი ლაიმის წვენი და შაქარყინული მომაწოდა. შემდეგ ეზოში შევედით და ლოტოსის პოზაში დავსხედით. ოთხი საათი გავიდა ღრმა მედიტაციაში. როცა თვალები ისევ გავახილე, მთვარის შუქზე იოგის ჯერ კიდევ უმოძრაო ფიგურა დავინახე. ახლა როცა ვცდილობდი ჩემი კუჭისათვის ენერგიულად შემეხსენებინა, რომ ადამიანი მარტო პურით არ ცხოვრობს, რამ გოპალი ადგილიდან წამოდგა. 

„ვხედავ, რომ საკმაოდ მოშიებული ხარ“, მითხრა მან. „საჭმელიც დიდი ხნით არ დააყოვნებს.“

მერე ეზოში თიხის ღუმელთან მივიდა და ცეცხლი დაანთო. მალევე ვჭამეთ ბრინჯი დალთან ერთად, რომელიც ბანანის დიდ ფოთლებზე იყო გაწყობილი. ჩემმა მასპინძელმა ყოველი დახმარება მზადებისას თავაზიანად უარყო. ინდუისტური გამოთქმა : „სტუმარი ღვთისაა“ ინდოეთში უხსოვარი დროიდან მოდის. საზღვარგარეთ ჩემი შემდგომი მოგზაურობის დროს საბედნიეროდ აღმოვაჩინე, რომ სხვა სოფლებშიც ხალხი სტუმარს მსგავს პატივს სცემს. სამაგიეროდ, ქალაქელებს, რომლებიც ყოველდღიურად უამრავ უცხო სახეს ხვდებიან, სტუმართმოყვარეობის გრძნობა უკვე გაუნელდათ. 

როგორ გამოუთქმელად შორს მეჩვენებოდა ხალხის ხმაურიანი ადგილები, როდესაც იოგის გვერდით პატარა ჯუნგლების სოფლის განმარტოებაში ვიჯექი. ქოხის შიდა სივრცე იდუმალი მოსაწყენი ბზინვარებით იყო სავსე. რამ გოპალმა იატაკზე გამიშალა დახეული პლედი, რომელზეც უნდა დამეძინა, თვითონ კი ჩალის ხალიჩაზე ჩამოჯდა. მისი სულიერი მაგნიტიზმით გაოგნებულმა გავბედე მისთვის მეთხოვა : 

„ბატონო, შეგიძლიათ სამადჰი მომანიჭოთ?“

„ძვირფასო, როგორი სიამოვნებით გაგიზიარებდი ამ ღვთაებრივ კავშირს, თუმცა ეს ჩემი ამოცანა არ არის“, მითხრა წმინდანმა, თან ნახევრად დახუჭული თვალებით მათვალიერებდა. „შენი ოსტატი გაჩუქებს ამ გამოცდილებას მალე. ამჟამად შენი სხეული ჯერ კიდევ არ არის მომზადებული ამისათვის. ისევე, როგორც პატარა ნათურა იწვება მაღალი ელექტრული ძაბვის ქვეშ, ასევე შენი ნერვული სისტემა არ არის მომზადებული კოსმოსური დენისათვის. ახლა შენ რომ ღვთაებრივი ექსტაზი მოგანიჭო, შენი სხეული ისე დაიწვება, თითქოს ყველა უჯრედი ცეცხლის ალში იდგეს.

„შენ მე მთხოვ გასხივოსნებას“, განაგრძო ჩაფიქრებულმა იოგიმ, „როდესაც მე საკუთარ თავს ვეკითხები _ ისეთი უმნიშვნელო როგორიც მე ვარ, და ისეთი ცოტა მედიტაციით, რომელიც მე გამიკეთებია _ რამდენად შევძელი მე ღმერთისთვის სიამოვნების მინიჭება და რა ღირებულებას შევიძენ საბოლოო განკითხვისას მის თვალში.“

„ბატონო, თქვენ ხომ დიდი ხანია მთელი გულით ეძებდით ღმერთს?“

„რაც მე გავაკეთე, არ არის ბევრი. ალბათ ბეჰარმა ჩემს ცხოვრებაზე რაღაც მოგიყვა. 20 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი დამალულ მღვიმეში, სადაც ყოველდღე 18 საათი ვმედიტირებდი. შემდეგ კიდევ მეტად განმარტოებულ გამოქვაბულში დავბრუნდი, სადაც 25 წელი დავრჩი, დღეში 20 საათი ვატარებდი იოგა-ექსტაზში. ძილი აღარ მჭირდებოდა, რადგან ყოველთვის ღმერთთან ვიყავი. ჩემმა სხეულმა უფრო დიდი სიმშვიდე იპოვა ზეცნობიერის სრულყოფილ სიჩუმეში, ვიდრე ქვეცნობიერის არასრულყოფილ მოდუნებაში.

კუნთები ისვენებენ ძილის დროს კი; მაგრამ გული, ფილტვები და სისხლის მიმოქცევა აგრძელებს მუშაობას და არასოდეს ისვენებს. ზეცნობიერის მდგომარეობაში კი ყველა ორგანოს სასიცოცხლო აქტივობა წყდება, რადგან ისინი მაშინვე კოსმიური ენერგიით იმუხტება. ასეთი მეთოდების წყალობით, წლების განმავლობაში ძილი არ მჭირდებოდა.“  მან დაამატა: „მოვა დრო, როცა შენც შეძლებ ძილის გარეშე გაძლო.“

„ღმერთო ჩემო, თქვენ ამდენი ხანია მედიტირებთ და უფლის წყალობაშიც კი არ ხართ დარწმუნებული“, წამოვიძახე გაოცებულმა. „ჩვენ, საცოდავმა მოკვდავებმა რაღა უნდა ვთქვათ?“

„ნუთუ არ გესმის, ჩემო ძვირფასო ბიჭო, რომ ღმერთი თავად მარადისობაა? აბსურდული იქნება იმის დაჯერება, რომ შეიძლება 45 წლიანი მედიტაციის საშუალებით მისი საბოლოოდ მოპოვება. ბაბაჯი გვარწმუნებს, რომ მცირე მედიტაციაც კი გვათავისუფლებს სიკვდილისა და შემდგომი ცხოვრების ჩვეულებრივი შიშისაგან. ნუ გაიხდი შეზღუდულ მთებს მიზნად, არამედ ყოველთვის ისწრაფვე უმაღლესი ღვთაებრივი სრულყოფისაკენ. თუ გულწრფელ ძალისხმევას მიმართავ, შენს მიზანს მიაღწევ.“

იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი მომავლის ასეთი პერსპექტივით, რომ ვთხოვე მეტი განმანათლებელი სიტყვები ეთქვა. შემდეგ მან მომიყვა თავისი პირველი შეხვედრის მშვენიერი ამბავი ბაბაჯისთან, ლაჰირი მაჰასაიას გურუსთან. შუაღამისას რამ გოპალმა სიჩუმეში ჩაიძირა, მე კი ჩემს ლეიბზე დავწექი. როგორც კი თვალები დავხუჭე, დავინახე, რომ ჩემს წინ ელვარე ნათება გაბრწყინდა და ჩემში არსებული უკიდეგანობა განფენილი სინათლის სფეროდ გადაიქცა. თვალები გავახილე და იგივე დამაბრმავებელი სიკაშკაშე დავინახე. ოთახი გახდა უსასრულო სარდაფის ნაწილი, რომელიც ჩემს შინაგან ხედვაში დავინახე.

„რატომ არ გძინავს?“ შემეკითხა იოგი.

„ბატონო, როგორ შემიძლია დავიძინო, როცა თვალებს ვახელ თუ ვხუჭავ, ელვისებული ნათებით ვარ გარემოცული?“

„კურთხეული ხარ, რომ შეგიძლია განიცადო ეს; რადგან სულიერი გამოსხივება ადვილად არ აღიქმება“, თქვა წმინდანმა და რამდენიმე სასიყვარულო სიტყვა დაამატა.

როგორც კი გათენდა, რამ გოპალმა მომცა შაქარყინული და მითხრა, რომ ახლა უნდა წავსულიყავი. ისე გამიჭირდა მასთან დამშვიდობება, რომ ცრემლები ჩამომიგორდა.

„მე შენ ხელცარიელი ვერ გაგიშვებ“, მითხრა იოგმა სიკეთით. „მე მინდა რაღაც გავაკეთო შენთვის.“

გამიღიმა და მტკიცე მზერით შემომხედა. მაშინვე ჩემი სხეული გაშეშდა, თითქოს იმ ადგილას ჩამნერგეს. 

მე ვგრძნობდი წმინდანისაგან მომავალ სიმშვიდის ტალღებს, რომლებმაც მთელი ჩემი არსება დატბორა. და იმავე წუთს განვიკურნე ზურგის ტკივილისაგან, რომელიც წლების მანძილზე გამუდმებით მტანჯავდა. 

ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ხელახლა დავიბადე _ როგორც ზღვა სინათლით განბანილი _ და ცრემლები შემაშრა. რამ გოპალის ფეხებთან შეხების შემდეგ, ჯუნგლებში დავბრუნდი, სადაც გზას ტროპიკული მცენარეებისა და ბრინჯის ვრცელ მინდორში გავუყევი.

როგორც კი ტარაკეშვარს მივაღწიე, კვლავ ვესტუმრე ცნობილ ტაძარს; ოღონდ ამჯერად საკურთხევლის წინ თავი მთელს სიგრძეზე დავხარე. შემდეგ მრგვალი ქვა ჩემს შინაგან ხედვაში კოსმიურ სფეროდ გაფართოვდა : წრე წრეში, ზონა ზონაში, ყველაფერი ღვთაებრივ არსში გამთლიანდა.

ერთი საათის შემდეგ ხალისიანი განწყობით ჩავჯექი კალკუტასკენ მიმავალ მატარებელში. ასე ამგვარად, დასრულდა ჩემი მოგზაურობა არა მაღალ მთებში, არამედ სერამპურში ჩემს ოსტატთან, რომელიც იყო ჩემი ჰიმალაი.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff