პარამაჰანსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია

პარამაჰანსა იოგანანდა
5
2

მთარგმნელები: ნინო გურული და ირინე ქრისტინე ნუცუბიძე

ჩემი შეწყვეტილი ფრენა ჰიმალაებისაკენ

თავი მეოთხე - ჩემი შეწყვეტილი ფრენა ჰიმალაებისაკენ

"დატოვე შენი საკლასო ოთახი რაიმე მარტივი საბაბით და ეტლში ჩაჯექი. იმ შესახვევში გაჩერდი, სადაც ჩემი სახლიდან ვერავინ დაგინახავს."
ეს იყო ჩემი ბოლო ინსტრუქციები ამარ მიტერისათვის, რომელიც ჩემი საშუალო სკოლის მეგობარი გახლდათ, იგი ჩემს თანხლებას აპირებდა ჰიმალაებისაკენ. ჩვენ მეორე დღე ავირჩიეთ ასაფრენად. საჭირო იყო, სიფრთხილის ზომები დაგვეცვა, რადგან ანანტას ფხიზელი თვალი ეჭირა ჩვენზე. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, ჩვენთვის გაქცევის გეგმა ჩაეშალა, რომელზეც იგი ფიქრობდა, რომ, მეტისმეტად მძვინვარებდა ჩემს გონებაში. ამულეტი, სულიერი საფუარივით იყო და იგი უჩუმრად მოქმედებდა ჩემში. მეიმედებოდა, რომ ჰიმალაის თოვლში ჩემს ოსტატს ვიპოვიდი, მისი სახე ხშირად მევლინებოდა ხოლმე ხილვებში.

ჩემი ოჯახი მაშინ კალკუტაში ცხოვრობდა, რადგან იქ მამა განუსაზღვრელი დროით გადაიყვანეს სამუშაოდ. პატრიარქალური ინდოეთის ტრადიციის შესაბამისად, ანანტამ თავისი პატარძალი ჩვენს სახლში მოიყვანა, გურპარის 4-ში. იქ, სხვენის პატარა ოთახში, ყოველდღიურად მედიტაციაში ჩავიძრებოდი ხოლმე და ჩემს გონებას ღვთიური ძიებისათვის ვამზადებდი.

დაუვიწყარი დილა დადგა უიღბლო წვიმით. გზაზე ამარის ეტლის ბორბლების გაგონებაზე, სასწრაფოდ შევახვიე საბანი, წყვილი სანდლები, ლაჰირი მაჰასიას სურათი, ბჰაგავად-გიტას ასლი, სალოცავი კრიალოსანი და ორი ტილოს შესამოსელი. ეს ფუთა მესამე სართულის ფანჯრიდან გადავისროლე. კიბეები ჩავირბინე და ბიძაჩემს გვერდი ჩავუარე, იგი კართან თევზს ყიდულობდა.

"რატომ ხარ ასე აღელვებული?" მან მზერა ეჭვნეულად შეაჩერა ჩემს სახეზე.

უღიმღამოდ გავუღიმე და შესახვევისაკენ წავედი. ჩემი ფუთის ამოღების შემდეგ ამარს კონსპირაციული სიფრთხილით შევუერთდი. ჩვენ მანქანით ჩანდი ჩოუკში, სავაჭრო ცენტრამდე მივედით. თვეების განმავლობაში ვაგროვებდით ჩვენი საუზმისთვის განკუთვნილ თანხას ინგლისური ტანსაცმლის შესაძენად. ვიცოდით, რომ ჩემს ჭკვიან ძმას ადვილად შეეძლო დეტექტივის როლის მორგება და ვიფიქრეთ, რომ მას ევროპული სამოსით ჭკუაში მოვატყუებდით.

სადგურისკენ მიმავალ გზაზე ჩემს ბიძაშვილთან, ჯოტინ გოშთან გავჩერდით, რომელსაც ჯატინდას ვეძახდი. მას სულიერი ძიება ახალი დაწყებული ჰქონდა და ისიც ჰიმალაებისაკენ მიისწრაფვოდა გურუსთან შეხვედრის მწველი სურვილით. მან ჩვენი გამზადებული ახალი კოსტუმი მარჯვედ მოირგო. ასე საგულდაგულოდ შენიღბულებს იმედი მოგვეცა! ღრმა აღფრთოვანებამ მოიცვა ჩვენი გულები.
 
"ახლა მხოლოდ ტილოს ფეხსაცმელი გვჭირდება." ჩემი თანამგზავრები მაღაზიამდე მივიყვანე, სადაც რეზინის ძირიანი ფეხსაცმელი იყო გამოფენილი. "არანაირი ტყავის პროდუქტი, რომელიც ცხოველების მოკვლის გზითაა წარმოებული არ შეიძლება მონაწილეობდეს ამ წმინდა მოგზაურობაში." ქუჩაში გავჩერდი, რომ ტყავის ყდა მომეხსნა ჩემი ბჰაგავად-გიტასთვის და ტყავის თასმები ჩემი ინგლისური სოლა ტოპისთვის (ჩაფხუტი).

ბურდვანში, სადგურზე ბილეთები ვიყიდეთ, იქიდან ჰიმალაის მთისწინეთში, ჰარიდვარზე გადასვლას ვგეგმავდით. როდესაც მატარებელი, ჩვენი ოცნებების მსგავსად მიფრინავდა, ჩემი რამდენიმე დიდი მოლოდინი ხმამაღლა წარმოვთქვი.

"Უბრალოდ წარმოიდგინეთ!" უცებ წამოვიძახე. "ჩვენ ინიციაციას მივიღებთ იოგი ოსტატებისაგან და კოსმიური ცნობიერების ტრანსს გამოვცდით. ჩვენი სხეული ისეთი მშვენიერებით დაიმუხტება, რომ ჰიმალაის გარეული ცხოველები თვინიერად მოგვიახლოვდებიან. ვეფხვები ჩვენს წინაშე მორჩილ შინაურ კატებს დაემსგავსებიან და ჩვენს მოფერებას მოთმინებით დაელოდებიან!"

ამ პერსპექტივის წარმომსახველმა რემარკამ, ჩემთვის დიდად მომხიბვლმა, როგორც მეტაფორულად, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით, ამარის სახეზე ენთუზიაზმით აღსავსე ღიმილი გამოიწვია, მაგრამ ჯატინდამ მზერა აგვარიდა და ფანჯარაში გადაშლილ პეიზაჟს დაუწყო ცქერა.
„ფული სამ ნაწილად გავყოთ“. ჯატინდამ ამ წინადადებით ხანგრძლივი დუმილი დაარღვია. "თითოეულმა ჩვენჩვენი ბილეთი უნდა ვიყიდოთ ბურდვანში. ასე ვერავინ მიხვდება რომ ერთად განგვიზრახავს გაქცევა."

უყოყმანოდ დავთანხმდი. შებინდებისას ჩვენი მატარებელი ბურდვანთან გაჩერდა. ჯატინდა ბილეთების ოფისში შევიდა; მე და ამარი ბაქანზე ვისხედით. თხუთმეტი წუთი ვიცადეთ, შემდეგ კი მისი ძებნა დავიწყეთ, რაც სულ უსარგებლო აღმოჩნდა. ყველა მიმართულებით ვეძებდით და ხმამაღლა ვუძახდით მას შიშნარევი ხმით. თუმცა სულ ამაოდ, ის პატარა სადგურის მიმდებარედ გამეფებულ სიბნელეში გაუჩინარებულიყო.
სრულიად ღონემიხდილი შოკირებული ვიყავი, ლამის გაშეშებული, ვერ ვიჯერებდი, რომ ღმერთმა ეს დამთრგუნველი ეპიზოდი დაუშვა და, რომ ამის გამო ჩემი პირველი საგულდაგულოდ დაგეგმილი ფრენის რომანტიზმი სულ მთლად გაცამტვერდა. 

– ამარ, სახლში უნდა დავბრუნდეთ. ბავშვივით ვტიროდი. "ჯატინდას თავნებური გაუჩინარება ცუდი ნიშანია. ეს მოგზაურობა წარუმატებლობისთვისაა განწირული."

"ეს არის შენი სიყვარული უფლის მიმართ? განა მან მოღალატე თანამგზავრის ამ პატარა გამოცდასაც ვერ გაუძლო?"

ამარის სიტყვებმა ღვთაებრივი გამოცდის შესახებ, ჩემი გული განამტკიცა. თავი  ცნობილი ბურდვანური ტკბილეულით, სიტა-ბჰოგით (ქალღმერთის საკვები) გამოვიცოცხლეთ და მოტიჩურით (ტკბილი მარგალიტის ნაჭრები). რამდენიმე საათში, ბარელის გავლით, ჰარდვარში გავემართეთ. მოღულ სერაში მატარებლების გამოცვლისას, როდესაც პლატფორმაზე ვიცდიდით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ.

"ამარ, ჩვენ შეიძლება მალე რკინიგზის ჩინოვნიკებმა დაგვკითხონ. სულ არ ვაჭარბებ ჩემი ძმის საზრიანობის ხარისხს. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, სიცრუეს მაინც არ ვიტყვი."

„ მუკუნდა, შენ მშვიდად იყავი, სულ ესაა, რასაც გთხოვ. ნუ გაიცინებ და ნურც ჩაიცინებ იმ დროს, როდესაც მე ვილაპარაკებ.
ამ დროს ევროპული სადგურის აგენტი გამომელაპარაკა. მან დეპეშა ააფრიალა, რომლის მნიშვნელობასაც მაშინვე მივხვდი.
— სახლიდან გაბრაზებული გარბიხარ, არა?

"არა!" გამიხარდა, რომ მის მიერ არჩეულმა სიტყვებმა მტკიცე პასუხის გაცემის საშუალება მომცა. რადგან ვიცოდი, რომ ჩემი არაკონვენციური საქციელის მიზეზი არა ბრაზი, არამედ „ღვთაებრივი სევდა“ იყო.

ამის შემდეგ ჩინოვნიკი ამარს მიუბრუნდა. ბრძოლა ჩემს გონებაში რომელიც მომხდარს მოჰყვა, დიდად აძნელებდა რჩეული სტოიკური სიმტკიცე შემენარჩუნებინა.

"სად არის მესამე ბიჭი?" კაცმა ძალაუფლების სრული სისავსე შესძინა მის ხმას. "მოდი, სიმართლე თქვი!"

"ბატონო, ვხედავ, სათვალე გიკეთიათ, განა ვერ ხედავთ, რომ მხოლოდ ორნი ვართ? ამარმა თავხედურად გაიღიმა. " ჯადოქარი კი არ ვარ, რომ მესამე თანამგზავრი გავაჩინო."

ამ თავხედობით საგრძნობლად შეშფოთებული ჩინოვნიკი, შეტევის ახალ ველს ეძებდა.

"Რა გქვია?"

"მე თომასი მქვია. დედა ინგლისელი მყავს, მამა კი ქრისტიანი ინდოელია". "Რა ჰქვია შენს მეგობარს?"

"მე მას ტომპსონს ვეძახი."

ამ დროს ჩემმა შინაგანმა სიხარულმა ზენიტს მიაღწია; უცერემონიოდ გავემართე მატარებლისკენ, სულ სტვენა-სტვენით. ამარი ჩინოვნიკს  გამოჰყვა, რომელიც საკმარისად გულმოდგინე და პასუხისმგებლობით სავსე აღმოჩნდა და ევროპულ კუპეში შეგვიყვანა. იგი აშკარად შეწუხდა იმით, რომ ამ ორ ნახევრად ინგლისელ ბიჭს, ადგილობრივებისთვის გამოყოფილ განყოფილებაში უნდა ემგზავრა. მისი ზრდილობიანი გამომშვიდობების შემდეგ სკამზე დავწექი და მთელი არსებით ვიცინოდი. ჩემი მეგობარი ტკბილ კმაყოფილებას მოეცვა, იმის გამო რომ ვეტერან ევროპელ ჩინოვნიკს ასე აჯობა.

პლატფორმაზე  დეპეშის წაკითხვა შევძელი. ჩემი ძმა იწერებოდა: "სამი ბენგალიელი ბიჭი ინგლისური ტანსაცმლით გარბოდა სახლიდან ჰარდვარისკენ მოგულ სერაის გავლით. გთხოვთ, დააკავოთ ისინი ჩემს ჩამოსვლამდე. დიდ ჯილდოს მიიღებთ თქვენი სამსახურისათვის."
"ამარ, ხომ გთხოვე, არ დატოვო მეთქი შენი განრიგი შინ". ჩემი მზერა საყვედურნარევი იყო. — ალბათ ჩემი ძმა იქ თუ იპოვიდა ამ ინფორმაციას. 
ჩემმა მეგობარმა მოწყენილმა აღიარა დანაშაული. მცირე ხნით გავჩერდით ბარელიში, სადაც დვარაკა პრასადი გველოდა ანანტას დეპეშით. ჩემი ძველი მეგობარი გაბედულად ცდილობდა ჩვენს დაკავებას; მე დავრწმუნდი, რომ ჩვენი ფრენა მსუბუქად არ გაგრძელდებოდა. წინა შემთხვევის მსგავსად, დვარაკამ 

უარი თქვა ჩემს მოწვევაზე ჰიმალაისკენ გასამგზავრებლად.

მაშინ, როცა ჩვენი მატარებელი იმ ღამეს სადგურზე იდგა და მე ნახევრად მეძინა, ამარი მორიგმა ჩინოვნიკმა გააღვიძა რომელსაც მისი დაკითხვა უნდოდა. ისიც „თომას“ და „ტომპსონის“ ჰიბრიდული ხიბლის მსხვერპლი გახდა. მატარებელმა ტრიუმფალურად გვატარა და გამთენიისას ჰარდვარში ჩაგვიყვანა. დიდებული მთები მომნუსხველად მოჩანდა შორეთიდან. ჩვენ სადგური გავიარეთ და ქალაქში ხალხს შევერიეთ. ჩვენი პირველი მოქმედება მშობლიურ სამოსში გამოწყობა იყო, რადგან ანანტამ როგორღაც ამოიცნო ჩვენი ევროპული სამოსი. ჩვენი დაჭერის წინათგრძნობა ჩემს გონებაში მეტად გაძლიერდა. 

გადავწყვიტეთ რომ ჰარდვარი დაუყოვნებლივ დაგვეტოვებინა, ჩრდილოეთით რიშიკეშისკენ წასასვლელად ბილეთები ვიყიდეთ. ეს იყო მიწა, რომელზეც დიდი ხანია მრავალი ოსტატის ტერფები დააბიჯებდნენ. მე უკვე მატარებელში ვიყავი ასული, ამარი კი ბაქანზე ჩამომრჩა. პოლიციელის შეძახილმა ის მოულოდნელად შეაჩერა. ჩვენმა არასასურველმა მეურვემ სადგურის ბუნგალოში მიგვიყვანა და ფული ჩამოგვართვა. მან თავაზიანად ამიხსნა, რომ მისი მოვალეობა იყო ჩვენი დაკავება ჩემი უფროსი ძმის მოსვლამდე.

ოფიცერმა, როდესაც გაიგო, რომ ჩვენი დანიშნულების ადგილი ჰიმალაების მთები იყო, უცნაური ამბავი მოჰყვა.

"ვხედავ, რომ გადარეულები ხართ წმინდანებზე! ალბათ ვერასდროს ნახავთ ღვთის უფრო დიდ კაცს ვიდრე გუშინ მე თავად შევხვდი. მე და ჩემმა ოფიცერმა პირველად იგი ხუთი დღის წინ ვიხილეთ. ჩვენ განგასთან ვპატრულირებდით, გამალებით დვეძებდით ერთ მკვლელს. ნაბრძანები გვქონდა გინდ ცოცხალი და გინდაც მკვდარი დაგვეჭირა იგი. ცნობილი იყო, რომ ის სადჰუდ ასაღებდა თავს, რათა მომლოცველები გაეძარცვა. ჩვენგან არც თუ ისე შორს ერთ ადამიანს მივაკვლიეთ, რომელიც ამ კრიმინალის აღწერილობას ძალიან ჰგავდა. ჩვენ მას ვუბრძანეთ გაჩერებულიყო, რაც მან სრულიად დააიგნორა. დავედევნეთ, რომ დაგვეკავებინა. ზურგიდან მივუახლოვდი, ცული დიდი ძალით მოვუღერე, მამაკაცის მარჯვენა ხელი თითქმის მთლიანად იყო სხეულიდან მოწყვეტილი.

„ყვირილისა და ამ საშინელ ჭრილობაზე ყოველგვარი ყურადღების მიპყრობის  გარეშე, უცნობმა  თავისი სწრაფი ტემპი უწყვეტად განაგრძო და როდესაც წინ გადავეღობეთ, მან ჩუმად გვითხრა.

"მე არ ვარ ის მკვლელი, რომელსაც თქვენ ეძებთ."

„ლამის მოვკვდი, როდესაც გავაცნობიერე რომ ღვთაებრივი იერის მქონე ამ ბრძენკაცს ზიანი მივაყენე. მის ფეხებთან დამხობილი, პატიებას ვევედრებოდი, ჩალმის ნაჭერი შევთავაზე რათა მისთვის ძლიერი სისხლდენა შემეჩერებინა.

"შვილო, ეს უბრალოდ გასაგები შეცდომა იყო შენი მხრიდან." წმიდანმა კეთილად შემომხედა, წადი და თავს ნუ გაკიცხავ, საყვარელი ღვთებრივი დედა ზრუნავს ჩემზე. მან თავისი დაკიდებული მკლავი მის ადგილას ჩასვა და თითქოს შეხორცდაო, სისხლმა აუხსნელად შეწყვიტა დენა.

"აგერ ამ ხის ქვეშ მოდი სამ დღეში და სრულად გამოჯანმრთელებულს მნახავ. ამგვარად სინანულის გრძნობისაგან განთავისუფლდები".

„გუშინ მე და ჩემი მოძმე ოფიცერი მოუთმენლად წავედით დანიშნულების ადგილზე. სადჰუ იქ იყო და საშუალება მოგვცა მისი ხელი შეგვემოწმებინა. მას არც ნაწიბური და არც კვალი აჩნდა რაიმე!

"რიშიკეშის გავლით ჰიმალაებში მივდივარ განსამარტოვებლად." დაგვლოცა და სწრაფად წავიდა.

ვიგრძენი, რომ ჩემი ცხოვრება ერთი ათად ამაღლდა მისი სიწმინდის წყალობით."

ოფიცერმა ღვთისმოსავად დასკვნასავით წამოიძახა: „მისმა გამოცდილებამ იგი ჩვეულ სიღრმეებს მიღმა გაიყვანა.“ შთამბეჭდავი ჟესტით გადმომცა დაბეჭდილი ამონარიდი სასწაულის შესახებ. სენსაციური ტიპის გაზეთების დამახასიათებლად (რომელიც სამწუხაროდ ინდოეთშიც მრავლადაა), რეპორტიორის ვერსია ოდნავ გაზვიადებული იყო, იქ საუბარი იყო იმაზე, რომ სადჰუს კინაღამ თავი მოკვეთეს.

მე და ამარი დიდ გლოვაში ჩავვარდით, იმის გამო რომ შანსი გავუშვით ხელიდან, შევხვედროდით იოგს, რომელსაც შეეძლო, ქრისტესმიერი გზით ეპატიებინა თავისი მდევნელებისთვის. ინდოეთს, რომელიც უკვე ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში მატერიალურად ღარიბია, ღვთაებრივი სიმდიდრის ამოუწურავი ფონდი გააჩნია; სულიერი „ცათამბჯენები“ შეიძლება ზოგჯერ გზის პირასაც კი შემოგხვდეთ, თუნდაც ამ პოლიციელის მსგავსად სრულიად ამქვეყნიური ადამიანი ბრძანდებოდეთ.

ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ოფიცერს, იმისთვის რომ თავისი საოცარი ისტორიით მოწყენილობა შეგვიმსუბუქა. მან ალბათ კარგად უწყოდა, რომ ჩვენზე მეტად იღბლიანი იყო, რადგან ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეხვდა განსხივოსნებულ წმინდანს; ჩვენი გამალებული ძიება კი დასრულდა არა ოსტატის ტერფებთან, არამედ პოლიციის ტლანქ განყოფილებაში!

ჰიმალაისთან ასე ახლოს, თუმცა მაინც ჯერაც ტყვეობაში მყოფმა, ამარს ვუთხარი, რომ ჩემში თავისუფლების ძიების სურვილი გაორმაგდა.
"მოდით, გავიქცეთ, როგორც კი ამის შანსი გამოჩნდება. შეგვიძლია წმინდა რიშიკეშში ფეხით ჩავიდეთ." გამამხნევებლად გავუღიმე მას.
თუმცა ჩემი თანამგზავრი პესიმისტურ განწყობას დაეჯაბნა, მიზეზი ჩვენი ფინანსური საყრდენის სრული გამოცლა იყო.

"თუ ჩვენ ლაშქრობას დავიწყებთ ასეთ სახიფათო ჯუნგლების მიწაზე, სიცოცხლეს დავასრულებთ არა წმინდანთა ქალაქში, არამედ ვეფხვის მუცელში!"

სამი დღის შემდეგ ანანტა და ამარის ძმა ჩამოვიდნენ. ამარი ნათესავს მოსიყვარულე შვებით მიესალმა. მიუტევებელი იყო ის რაც გავაკეთე; ანანტამ ხომ ჩემგან სასტიკი შეურაცხყოფის მეტი არაფერი მიიღო.

"მესმის, რასაც გრძნობ." ჩემი ძმა დამამშვიდებლად დამელაპარაკა. "მე მხოლოდ იმას გთხოვ, ბენარესში გამომყვე, რომ იქ ერთ წმინდანს შევხვდეთ, შემდეგ კი კალკუტაში წახვიდე, რათა დამწუხრებული მამა მოინახულო რამდენიმე დღით. ამის შემდეგ შეგიძლია, შენი ძიება აქაური ოსტატებისა თავისუფლად განაახლო."

ამ დროს საუბარში ამარი ჩაერთო, რათა უარი განეცხადებინა ჩემთან ერთად ჰარდვარში დაბრუნების განზრახვაზე. იგი ოჯახური სითბოთი ტკბებოდა. მაგრამ მე ვიცოდი, რომ არასოდეს შევწყვეტდი ჩემი გურუს ძიებას.

ჩვენ ბენარესისაკენ გავემართეთ. იქ მეგულებოდა მყისიერი პასუხი ჩემს ლოცვებზე.

ანანტას ჭკვიანური სქემა ჰქონდა მომზადებული. სანამ ჰარდვარში შემხვდებოდა, ის ბენარესში გაჩერდა, რათა ეთხოვა ერთ-ერთი ბიბლიური ავტორიტეტისთვის ჩემთნ მოგვიანებით ინტერვიუ ჩაეტარებინა. პანდიტმა და მისმა შვილმა მას აღუთქვეს, რომ სანიასის გზის გაყოლას გადამაფიქრებინებდნენ.

ანანტამ მათთან სახლში წამიყვანა. ეზოში ვაჟი მომესალმა, იგი ახალგაზრდა კაცი იყო. მან გრძელ ფილოსოფიურ დისკურსში ჩამაბა. ამტკიცებდა, რომ ნათელმხილველურად იცოდა ჩემი მომავლის შესახებ, მან უარყო ჩემი ბერობის იდეა.

"თქვენ გამუდმებით სხვადასხვა უბედურებას გადაეყრებით და ღმერთის პოვნასაც ვერ შეძლებთ, თუ დაჟინებით მოითხოვთ თქვენი ჩვეულებრივი პასუხისმგებლობის მიტოვებას! ვერ შეძლებთ თქვენი წარსული კარმის გადალახვას ამქვეყნიური გამოცდილების მიღების გარეშე."

საპასუხოდ კრიშნას უკვდავმა სიტყვებმა გაიჟღერა ჩემს ბაგეთაგან: "ის ვინც გამუდმებით მედიტირებს ჩემზე, თნდაც ყველაზე უარესი კარმა ჰქონდეს, სწრაფად ანადგურებს წარსულში მის მიერ ჩადენილი ცუდი ქმედებების შედეგებს. აღწევს რა სულიერ ამაღლებას, იგი უმალ მოიპოვებს საუკუნო სიმშვიდეს. არჯუნა, იცოდე ეს ეჭვგარეშეა - ჩემზედ მონდობილი ერთგული, არასოდეს დაიღუპება!“ 4-3

ახალგაზრდა მამაკაცის ძლიერმა პროგნოზებმა ოდნავ შეარყია ჩემი ნდობა. მთელი გულით ჩუმად ვლოცულობდი:

"გთხოვ, გაფანტე ჩემი დაბნეულობა და მიპასუხე, გსურს განდეგილი ცხოვრებით ვიცხოვრო თუ როგორც ერის კაცმა გავლიო წუთისოფელი!"

პანდიტის სახლის გარეთ სადჰუ შევნიშნე, მას დიდად კეთილშობილური გამომეტყველება ჰქონდა. როგორც ჩანს, მან ამ თვითმარქვია ნათელმხილველსა და ჩემს შორის გამართული საუბარი მოისმინა და თავისთან მიხმო. ვიგრძენი, როგორ მოედინებოდა მისი მშვიდი თვალებიდან უზარმაზარი ძალა.

"შვილო, არ მოუსმინო ამ უმეცარს. შენი ლოცვის პასუხად უფალმა შთამაგონა, დამერწმუნებინე, რომ შენი ერთადერთი გზა ამ ცხოვრებაში განდეგილობაა."

გაოცებისა და მადლიერების შერეული გრძნობით, ბედნიერად გავუღიმე ამ ჩემთვის გადამწყვეტ შეტყობინებაზე.

"გაეცალე ამ კაცს!" ეზოდან „უმეცარი“ მეძახდა. ჩემმა წმიდა მეგზურმა კურთხევის ნიშნად ხელი ასწია და ნელა წავიდა.

"ეს სადჰუ ისეთივე გიჟია, როგორც შენ". ეს მომაჯადოებელი დაკვირვება ჭაღარა ექსპერტმა გააკეთა. ის და მისი ვაჟი პირქუში სახით მიყურებდნენ.

„გავიგე, რომ მანაც დატოვა თავისი სახლი ღმერთის საძიებლად“.

გავერიდე მათ. ანანტას ვუთხარი, რომ ჩვენს მასპინძლებთან შემდგომ დისკუსიას აღარ ვაპირებდი. ჩემი ძმა დამთანხმდა დაუყოვნებლივ წასვლაზე; ჩვენც მალევე კალკუტაში გავემგზავრეთ.

"ბატონო დეტექტივო, როგორ გაიგეთ, რომ ორ კომპანიონთან ერთად გავიქეცი?" ჩემი ცხოველი ცნობისმოყვარეობა ანანტასკენ მივმართე სახლისკენ მოგზაურობის დროს. მან ეშმაკურად გაიღიმა.

"თქვენს სკოლაში შევიტყე, რომ ამარი კლასიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მეორე დილით მის სახლში მივედი და იქ აღნუსხული განრიგი აღმოვაჩინე. ამარის მამა ის-ის იყო ვაგონს ტოვებდა და მეეტლეს ესაუბრებოდა.

"ჩემი შვილი დღეს დილით ჩემთან ერთად სკოლაში ვერ წამოვა. ის გაუჩინარდა!" დაიჩივლა მამამ.

"ჩემი მეეტლე ძმისგან გავიგე, რომ თქვენი ვაჟი და ორი ევროპულ კოსტიუმებში გამოწყობილი ბიჭი, მატარებელში ჩასხდნენ ჰორას სადგურზე", - თქვა კაცმა. "მათ თავიანთი ტყავის ფეხსაცმელი ტაქსის მძღოლს უსახსოვრეს."

"ამგვარად, მე მქონდა სამი მინიშნება - განრიგი, ბიჭების ტრიო და ინგლისური ტანსაცმელი."

მე ვუსმენდი ანანტას გამხელილ ამბავს შერეული ხალისითა და მწუხარებით. ჩვენი გულუხვობა მეეტლის მიმართ ცოტა უადგილო მომეჩვენა!
„რასაკვირველია, სასწრაფოდ გავუგზავნე დეპეშები სადგურის მოხელეებს ყველა ქალაქში, რომელზეც ამარს ხაზი ჰქონდა გასმული თავის განრიგში. მას მონიშული ჰქონდა ბარილი, ამიტომ შენი მეგობარი დვარაკა გავგზავნე იქ. ჩვენთან კალკუტას უბანში გამოკითხვების შემდეგ ისიც გავიგე, რომ ბიძაშვილი ჯატინდა ერთ ღამეს გაუჩინარდა, თუმცა მეორე დილით სახლში დაბრუნდა ევროპულ სამოსში გამოწყობილი. მოვიძიე და ვახშამზე დავპატიჟე. დათანხმდა, ჩემი მეგობრული ქცევით განიარაღებული. ისე რომ ეჭვიც არ შეუტანია, გზად პოლიციის განყოფილებაში მივიყვანე. მას გარს შემოერტყა რამდენიმე ოფიცერი, რომლებიც ადრე თვადვე შევარჩიე მათი სასტიკი გარეგნობის გამო. მათი საშინელი მზერის წყალობით ჯატინდა პასუხის გაცემას დათანხმდა მისი საიდუმლო საქციელის შესახებ.

"მე ჰიმალაისკენ გავეშურე ძლიერი სულიერი განწყობით", - განმარტა მან. "ოსტატებთან შეხვედრის პერსპექტივამ დიდი ინსპირაცია გამოიწვია ჩემში. მაგრამ როგორც კი მუკუნდამ თქვა: "ჩვენი ექსტაზების დროს ჰიმალაის გამოქვაბულებში, ვეფხვები ჩვენით მოიხიბლებიან და ჩვენს ირგვლივ მოთვინიერებული ფისოების მსგავსად ჩამოსხდებიანო, სული გამეყინა; შუბლზე ოფლმა დამასხა. მერე? გავიფიქრე მე. - თუ ვეფხვების მანკიერი ბუნება ჩვენი სულიერი ტრანსის ძალით არ შეიცვლება, მოგვეპყრობიან კი ისინი შინაური კატების მსგავსად კეთილად?" ჩემი გონების თვალით უკვე დავინახე, თუ როგორ მიემართებოდა ვეფხვის კუჭში ჩემი არა მთელი, არამედ დანაწევრებული სხეული!"

ჩემი გაბრაზება ჯატინდას გაუჩინარების გამო სიცილმა სულ მთლად გააქარწყლა. ეს მხიარულება კი ნამდვილად ღირდა იმ ტკივილად, რაც მან თავისი საქციელით მომაყენა. უნდა ვაღიარო, მცირედი კმაყოფილების გრძნობაც კი დამეუფლა იმის გამო, რომ ჯატინდაც ვერ გადაურჩა პოლიციასთან შეხვედრას!

"ანანტა, შენ გამომძებლად ხარ დაბადებული!" ჩემს მხიარულ მზერას თან ახლდა გარკვეული გაღიზიანებაც. „ჯატინდას ვუთხარი, რომ მოხარული ვიყავი, იმით რომ მას არავითარი ღალატის გრძნობა არ უბიძგებდა, არამედ მხოლოდ თვითგადარჩენის გონივრული ინსტინქტი!"
კალკუტაში, სახლში, მამამ გულის ამაჩუყებლად მთხოვა, დამეოკებინა ჩემი მაწანწალა ფეხები, სულ მცირე საშუალო სკოლის დასრულებამდე. ჩემი არყოფნისას მან სიყვარულით მოაწყო შეთქმულება, რომელიც წმინდა მეცნიერის, სვამი კებალანანდასთან ჩვენთან სახლში რეგულარულად სტუმრობას მოიაზრებდა 4-5.

– ბრძენი შენი სანსკრიტის მასწავლებელი იქნება, – თავდაჯერებულად გამოაცხადა ჩემმა მშობელმა.

მამას იმედი ჰქონდა, რომ ჩემი რელიგიური ლტოლვა დაკმაყოფილებული იქნებოდა სწავლული ფილოსოფოსის მითითებებით. თუმცა გეგმები მცირედ შეიცვალა: ჩემმა ახალმა მასწავლებელმა, ინტელექტუალური სიმშრალეების სწავლების ნაცვლად, ჩემი ღმერთისაკენ სწრაფვა კიდევ მეტად გააძლიერა. მამისთვის უცნობი სვამი - კებალანანდა -ლაჰირი მაჰასაიას ამაღლებული მოწაფე იყო. შეუდარებელ გურუს ათასობით მოწაფე ჰყავდა, რომლებიც უჩუმრად მიიპყრო თავისკენ მისი ღვთაებრივი მაგნეტიზმის დაუძლეველი ძალით. მოგვიანებით შევიტყე, რომ ლაჰირი მაჰასაია ხშირად ახასიათებდა კებალანანდას, როგორც რიშის ანუ განსხივოსნებულ ბრძენკაცს.

მდიდრული კულულების ჩარჩოში მოქცეულიყო ჩემი მასწავლებლის სიმპათიური სახე. მისი მუქი თვალები ბავშვური სისპეტაკის მსგავსად უწყინარი იყო. მისი მსუბუქი სხეულის ყველა მოძრაობა მშვიდი სიფრთხილით გამოირჩეოდა. ყოველთვის ნაზი და მოსიყვარულე, ის მტკიცედ იყო დამკვიდრებული უსასრულობის ცნობიერებაში. ერთად ბევრი ბედნიერი საათი გავატარეთ ღრმა კრიას მედიტაციაში.

კებალანანდა ცნობილი ავტორიტეტი გახლდათ ძველი შასტრების ანუ წმინდა წიგნებისა: მისმა ერუდიციამ მას „შასტრი მაჰასაიას“ წოდება მიანიჭა, რომლითაც მას ჩვეულებრივ მიმართავდნენ. თუმცა ჩემი პროგრესი სანსკრიტის ცოდნაში არც თუ ისე საგრძნობი იყო. ყველა შესაძლებლობას ვეძებდი, მიმეტოვებინა პროზაული გრამატიკა და იოგასა და ლაჰირი მაჰასაიაზე მესაუბრა მასთან. ჩემმა მასწავლებელმა ერთ მშვენიერ დღეს დიდი პატივი დამდო და ოსტატთან დაკავშრებით მის ცხოვრებაში გადახდენილი პირადი ამბის შესახებ მომითხრო.

"ძლიერ გამიმართლა, ლაჰირი მაჰასაიას მახლობლად ათი წელი გამეტარებინა. მისი ბენარესის სახლი ჩემი ღამეების  პილიგრიმობის სამიზნე გახლდათ. გურუ ყოველთვის პირველ სართულზე იყო, პატარა წინა სალონში. როცა ის ლოტოსის პოზაში იჯდა მისი ხის სავარძელში, მოწაფეები ნახევარწრიულად შეამკობდნენ ხოლმე მას გირლანდით. თვალები უბრწყინავდა და უცეკვავდა ღვთიური სიხარულით. ისინი ყოველთვის ნახევრად დახურულნი იყვნენ, შიდა ტელესკოპური ორბიტადან იცქირებოდნენ მარადიული ნეტარების სფეროსკენ. ის იშვიათად ლაპარაკობდა ვრცლად. ხანდახან მისი მზერა ყურადღებას შეაჩერებდა ხოლმე მოწაფეებზე, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებოდათ; მკურნალი სიტყვები სინათლის ზვავის მსგავსად გადმოიღვრებოდნენ ხოლმე მის ბაგეთაგან.

"ოსტატის შეხედვით ჩემში ენით აღუწერელი სიმშვიდე დაიწყებდა ხოლე ზეიმს. მისი უსასრულობის ლოტოსისადარი სურნელით ვიყავი გაჟღენთილი. მასთან ყოფნა, თუნდაც უსიტყვოდ დღეების განმავლობაში, ის გამოცდილება იყო, რომელმაც მთელი ჩემი არსება შეცვალა. თუკი რაიმე უხილავი ბარიერი აღიმართებოდა ხოლმე ჩემი კონცენტრაციის გზაზე, გურუს ტერფებზე მედიტაციას ვიწყებდი. ასე ყველაზე მოუხელთებელი მდგომარეობებიც კი იოლად მისაღწევი ხდებოდა ხოლმე ჩემთვის. ოსტატი ღმერთის ცოცხალი ტაძარი იყო, რომელსაც საიდუმლო კარი ჰქონდა ღია ყველა მოწაფისთვის მათი ერთგულების გამო.

"ლაჰირი მაჰასაია არ იყო წმინდა წერილების წიგნიერი ინტერპრეტატორი. ის ძალისხმევის გარეშე ჩაფლულიყო "ღვთაებრივ ბიბლიოთეკაში". მისი ყოვლისმცოდნეობის შადრევნიდან გადმოიღვარა სიტყვების ქაფი და აზრების შხეფები. მას ჰქონდა გასაოცარი გასაღები, რომელიც ხსნიდა ღრმა ფილოსოფიურ მეცნიერებას, რომელიც საუკუნეების წინ იყო ჩადებული ვედებში. თუკი ვინმე სთხოვდა  ცნობიერების დონეები აეხსნა უძველესი ტექსტების მიხედვით, იგი ღიმილით დაეთანხმებოდა.

"მე გავივლი ამ მდგომარეობებს და ახლა გეტყვით, რასაც აღვიქვამ." ამრიგად, ის დიამეტრალურად განსხვავდებოდა იმ მასწავლებლებისგან, რომლებიც იმახსოვრებენ წმინდა წერილებს და შემდეგ არარეალიზებულ აბსტრაქციებს წარმოაჩენენ.

"გთხოვთ, განმარტეთ წმინდა სტროფები, იმის მიხედვით თუ რა რეალიზაცია ჩნდება თქვენში". უთქმელი გურუ ხშირად აძლევდა ამ ინსტრუქციას მის სიახლოვეს მყოფ მოწაფეს: „მე ისე მივმართავ შენს აზრებს, რომ სწორი ინტერპრეტაცია წარმოთქვა.“ ამ გზით ჩაიწერა ლაჰირი მაჰასიას მრავალი რეალიზაცია მისი სხვადასხვა მოწაფის მოცულობითი კომენტარებით.

"ბატონი არასოდეს ურჩევს ვინმეს მონურ რწმენას. "სიტყვები მხოლოდ ნიჟარებია", თქვა მან. "მოიპოვეთ რწმენა ღმერთის არსებობაში მედიტაციით, თქვენივე მხიარული კონტაქტის დამყარების გზით".

„რა პრობლემაც არ უნდა ჰქონოდა მოწაფეს, გურუ მათ კრია იოგას უსახავდა მათი გადაჭრის გზად.

"იოგას გასაღები არასოდეს დაკარგავს თავის ეფექტურობას, მაშინაც როდესაც მე აღარ ვიქნები ამ სხეულში, თქვენს დასამოძღვრად. ეს ტექნიკა შეუზღუდავად იმოქმედებს, შეუძლებელია მისი მარწუხებში მოქცევა მივიწყებული თეორიული შთაგონებების მსგავსად. უწყვეტად განაგრძეთ გზა განთავისუფლებისაკენ კრიას მეშვეობით, და გახსოვდეთ, მისი ძალა პრაქტიკაშია.“

„მე კრია ხსნის ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიმაჩნია რომელიც უსასრულობის ძიების გზაზე საკუთარი ძალისხმევის გარდუვალად მოხმობით მიმდინარეობს.“ კებალანანდამ ამ გულწრფელი მტკიცებულებით დაასრულა მისი თხრობა: "ამ პროცესის მეშვეობით, ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელიც იდუმალად სუფევს ყველა ადამიანში, თვალსაჩინოდ განსხეულდა ლაჰირი მაჰასაიასა და მისი მრავალი მოწაფის სხეულში."
ქებალანანდა მომსწრე გახდა ლაჰირი მაჰასაიას მიერ ქმნილი ქრისტეს მსგავსი სასწაულისა. ჩემმა წმინდანმა მასწავლებელმა ერთ მშვენიერ დღეს მომიყვა ეს ამბავი.  მისი თვალები უცებ ჩვენს სანსკრიტის ტექსტებს მოსწყდნენ.

"ბრმა მოწაფე რამუ სულ სიბრალულს იწვევდა ჩემში. ვერ ვეგუებოდი, რომ მას სინათლე არ ჰქონდა თვალებში, იგი ხომ ერთგულად ემსახურებოდა ჩვენს ბატონს, რომელშიც ღმერთი ასე სრულად ბრწყინავდა? ერთ დილას მსურდა რამუსთან მესაუბრა, მაგრამ იგი მოთმინებით იჯდა საათობით და მის გურუს ხელნაკეთი პალმის ფოთლის პუნქჰათი უნიავებდა. ბოლოს როდესაც ერთგულმა ოთახი დატოვა, მე მას გავყევი.

"რამუ, რამდენი ხანია ბრმა ხარ?"

"დაბადებიდან ასე ვარ, ბატონო! არასოდეს ვყოფილვარ კურთხეული იმისთვის რომ მზის შუქი მეხილა".

"ჩვენი ყოვლისშემძლე გურუ დაგეხმარებათ. გთხოვთ, ილოცეთ."

”მეორე დღეს რამუ განსხვავებულად მიუახლოვდა ლაჰირი მაჰასაიას. მოწაფეს ერცხვინებოდა, მოძღვრისთვის ფიზიკური სიმდიდრის შემატება ეთხოვა მისი სულიერი საჭურჭლისათვის.

"მოძღვარო, კოსმოსის განმანათლებელი ხომ შენშია. გევედრები, მისი სინათლე ჩემს თვალებშიც აანთე, რომ მზის შუქი ვიხილო."

"რამუ, ვიღაცამ შეგაგულიანა არა, რომ მე რთულ მდგომარეობაში ჩაგეყენებინე? მე არ მაქვს მკურნალის ძალა". 

„ბატონო, თქვენში არსებულ უსასრულობას ჭეშმარიტად შეუძლია ჩემი განკურნება“.

"ეს მართლაც სხვა ამბავია, რამუ. ღმერთი დაუსაზღვრავია. ის, ვინც ანთებს ვარსკვლავებსა და სხეულის უჯრედებს იდუმალი სიცოცხლის ბრწყინვალებით, ნამდვილად შეუძლია თქვენს თვალებში მხედველობის სინათლე შემოიტანოს."

"ოსტატი რამუს შუბლზე შეეხო წარბებს შორის. 4-7 "" გონებით ყურადღება მოიკრიბე და იგალობე რამა წინასწარმეტყველის სახელი შვიდი დღის განმავლობაში. მზის ბრწყინვალება განსაკუთრებულ გარიჟრაჟად გამოვლინდება შენში“.

"ერთ კვირაში მართლაც ასე იყო. რამუმ პირველად იხილა ბუნების მშვენიერი სახე. ყოვლისმცოდნემ თავის მოწაფეს შეუცდომლად უბრძანა რამას სახელი გაემეორებინა, რომელსაც იგი ყველა სხვა წმინდანზე მეტად სცემდა თაყვანს. რამუს რწმენა იყო ერთგულებით მოხნული მიწა, რომელზეც გურუს მარადიული განკურნების მძლავრი თესლი აღმოცენდა." ქებალანანდა ერთი წუთით გაჩუმდა, შემდეგ კი პატივი მიაგო თავის გურუს.
"ლაჰირი მაჰასაიას მიერ აღსრულებულ ყველა სასწაულში ერთი რამ ცხადი იყო, იგი არასოდეს უშვებდა ეგოს პრინციპით ემოქმედა  4-9 და საკუთარი თავი მიეჩნია ამის გამომწვევ ძალად. დაუძლეველი მინდობის სრულყოფილებით, ოსტატმა საშუალება მისცა უმთავრეს სამკურნალო ძალას თავისუფლად ედინა მასში.

"მრავალი სხეული, რომლებიც საოცრად განიკურნა ლაჰირი მაჰასიას მიერ, საბოლოოდ კრემაციის ცეცხლის საკვები გახდა. მაგრამ ის ჩუმი სულიერი გამოღვიძებები რომელსაც იგი იწვევდა სხვებში, ის ქრისტესმაგვარი მოწაფეები, რომლებიც მან შექმნა, ესაა მისი უხრწნელი სასწაულები."
ასე იყო. ცხადია მე ვერასოდეს გავხდი სანსკრიტის მეცნიერი, რადგან ქებალანანდამ ღვთაებრივი სინტაქსი მასწავლა, სანსკრიტული კი არა.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff