მე ვხვდები ჩემს ოსტატს შრი იუქტეშვარს
მთარგმნელი : ირინე ქრისტეანე ნუცუბიძე
„ღმერთისადმი რწმენას ნებისმიერი სასწაულის მოხდენა შეუძლია, გარდა ერთისა: გულმოდგინედ მეცადინეობის გარეშე, გამოცდას ვერ ჩააბარებ.“ გაბრაზებულმა დავხურე „ინსპირაციული“ წიგნი, რომელიც უსაქმურ მომენტში ავიღე.
„ავტორის მიერ აღნიშნული გამონაკლისი ადასტურებს, თუ რამდენად აკლია მას რწმენა“, გავიფიქრე მე. „სამარცხვინო ადამიანი! როგორც ჩანს, ის დიდ პატივს სცემს იმ სტუდენტებს, რომლებიც გვიან ღამემდე მუშაობენ.“
მამას დავპირდი, რომ საშუალო სკოლას დავამთავრებდი: თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ბეჯითი ვიყავი. თვეები ისე გავიდა, რომ სკოლაში ბევრი არაფერი მინახავს: ამიტომაც სულ უფრო ხშირად ვსტუმრობდი კალკუტას განმარტოებულ აბანოებს. მიმდებარე კრემაციის ადგილები, რომლებსაც განსაკუთრებით ღამით მოციმციმე ეფექტი დაჰკრავთ, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს იოგიზე. ვისაც უკვდავი მე-ს პოვნა სურს, რამდენიმე თავის ქალამ არ უნდა დააფრთხოს. ისევე როგორც ჩემი ფხიზელი ღამეები ძალიან განსხვავდებოდნენ სტუდენტის ღამეებისაგან, ასე აშკარა ხდებოდა ადამიანური არაადეკვატურობაც ამ საშინელ, ძვლებით მოფენილ ადგილებში.
საგამოცდო კვირა აბიტურიენტთათვის კარზე მოგვადგა. განსაკუთრებით ზეპირ გამოცდას შეუძლია ისეთი საშინელება გამოიწვიოს, როგორიც მოსვენებული საფლავებია. და მაინც, შინაგანად მშვიდად ვიყავი. დემონებთან ჩემი გაბედული შეხვედრის შედეგად მე მივიღე ცოდნა, რომლის შესწავლაც არცერთ კლასში არ არის შესაძლებელი. თუმცა სამწუხაროდ მე მაკლდა ის უნარი, რაც გააჩნდა სვამი პრანაბანანდას: ორ ადგილას ერთდროულად ვერ ვჩნდებოდი. მაგრამ ჩემს თავს ვუთხარი (რაც, შესაძლოა ბევრისთვის ალოგიკური ჩანდეს), რომ უფალი შეამჩნევდა ჩემს დილემას და როგორმე დამეხმარებოდა. მორწმუნეთა ეს ირაციონალური დამოკიდებულება განპირობებულია იმით, რომ ღმერთი მათ უთვალავჯერ დაეხმარა გაჭირვების დროს.
„გამარჯობა, მუკუნდა!ამ დღეებში ძლივს ვახერხებ შენს ნახვას!“, დამიძახა ერთ შუადღეს, გარპარის ქუჩაზე, ჩემმა კლასელმა.
„როგორ ხარ, ნანთუ? სკოლაში არყოფნამ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩამაყენა.“ გული გადავუშალე, მისი მეგობრული გამოხედვით გამხნევებულმა.
ნანთუმ, რომელიც წარჩინებული სტუდენტი იყო, გულიანად ჩაიცინა, რადგან რაღაც სასაცილო ნამდვილად იყო ჩემს მდგომარეობაში.
„შენ სრულიად მოუმზადებელი ხარ გამოცდისათვის“, მითხრა მან. „მგონი, უნდა დაგეხმარო.“
მისი უბრალო სიტყვები ღვთაებრივ დაპირებად ჟღერდა ჩემთვის. იმედით აღსავსემ მალევე მივედი მეგობრის ბინაში. მან თავისი ნებით მაჩვენა სხვადასხვა ამოცანის პასუხები, რომლებიც სავარაუდოდ გამოცდაზე მოვიდოდა.
„ეს ის კითხვებია, რომლებსაც გამომცდელები დაგვისვამენ. დაიმახსოვრე ეს პასუხები და იოლად გამოხვალ.“
გვიანი ღამე იყო, როცა უჩვეულო ერუდიციით სავსემ სახლისაკენ გავემართე. გულწრფელი გულით ვლოცულობდი, რომ ცოდნა მომდევნო კრიტიკულ დღეებში შემენარჩუნებინა. ნანთუმ სხვადასხვა საგანი შემასწავლა, ამ სიჩქარეში კი ჩემი სანსკრიტის კურსი დაავიწყდა. მე სასწრაფოდ გავამახვილებინე ამაზე ღმერთის ყურადღება.
მეორე დილით სასეირნოდ გავედი, რათა ახლად შეძენილი ცოდნა მომენელებინა. გზის შემოკლება მინდოდა და სარეველებით გადახურულ კუთხის ნაკვეთს გავუყევი, რომ ჩემი ყურადღება რამდენიმე ფხვიერ, დაბეჭდილ ფურცლებს დაეცა. ტრიუმფალური მოჭიდება და ხელში სანსკრიტული ლექსები მეჭირა! დაუყოვნებლივ მოვძებნე ექსპერტი, რომელიც ჩემი ინტერპრეტაციის სრულყოფაში დამეხმარებოდა. მანაც ლექსები ძველ, მელოდიურ ენაზე ამაღლებული ხმის ტემბრით მაშინვე წამიკითხა.
„მაგრამ ეს უჩვეულო ლექსები სანსკრიტის გამოცდაში ვერ დაგეხმარება“, მითხრა მეცნიერმა სკეპტიკურად, როცა ფურცლები დამიბრუნა.
და მაინც, მხოლოდ ამ ლექსების წყალობით ჩავაბარე ჩემი სანსკრიტის გამოცდა, მეორე დღეს. ნანთუს ოსტატური დახმარების წყალობით ყველა სხვა საგანშიც დამაკმაყოფილებელი მინიმალური შეფასებები მივიღე.
მამა გახარებული იყო, რომ სიტყვა შევასრულე და საშუალო სკოლა დავამთავრე. ასევე ვუმადლოდი ზეციურ მამას, რადგან ნანთუ მან მომივლინა და ჩემი გასეირნებისას ნანგრევებიან ნასახლარზე გამიყვანა. მან განზრახ გაითამაშა ეს ორმაგი სამაშველო ოპერაცია, რათა საჭირო დროს დამხმარებოდა.
ცოტა ხანში ხელში ისევ ჩამივარდა ის წიგნი, რომლის ავტორმაც საგამოცდო დარბაზში ღმერთის ავტორიტეტი უარყო. გამხიარულებულმა გავიფიქრე :
„უფრო მეტად დააბნევს მას ის, თუ ვეტყვი, რომ საფლავებს შორის მედიტაცია შემოკლებული სასწავლო პროცედურაა.“
გავაცნობიერე რა ჩემი მისწრაფებები, მზად ვიყავი, ჩემი მშობლების სახლი თავისუფლად დამეტოვებინა. მე, ჩემს მეგობარ ჯიტენდრა მაზუმდართან ერთად, გადავწყვიტე ბენარესის ერმიტაჟში (შრი ბჰარატ დჰარმა მაჰამანდალში) მოვხვედრილიყავი, რათა იქ ჩემი სულიერი განათლება მიმეღო.
მაგრამ, ერთ დღესაც დიდი მწუხარება დამეუფლა ოჯახთან მოახლოებული განშორების გამო. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ განსაკუთრებული სინაზით ვზრუნავდი ჩემს ორ უმცროს ძმაზე, სანანდასა და ბიშნუზე და ჩემს უმცროს და თჰამუზე. მივაშურე ჩემს თავშესაფარს, პატარა სხვენს, რომელიც ჩემი მშფოთვარე სადჰანას მრავალი ეტაპის მომსწრე იყო. ცრემლები ორი საათის განმავლობაში მდიოდა, მერე საოცარი შვება ვიგრძენი _ თითქოს ალქიმიური განწმენდის პროცესი გავიარე. მიჯაჭვულობის ყველა გრძნობა გაქრა და გადავწყვიტე მხოლოდ ღმერთისათვის, ერთადერთი ნამდვილი მეგობრისათვის მიმემართა.
„ბოლოჯერ მინდა გთხოვო, მე და შენი დამწუხრებული და-ძმები არ მიგვატოვო“, სევდიანი გამომეტყველებით მითხრა მამამ, როცა მის წინ კურთხევის მისაღებად ვიდექი.
„ძვირფასო მამა, როგორ გამოვხატო შენდამი სიყვარული სიტყვებით? მაგრამ კიდევ უფრო დიდია ჩემი სიყვარული ზეციური მამის მიმართ, რომელმაც ასეთი სრულყოფილი მიწიერი მამა მომცა. გამიშვი, რომ ერთ დღესაც უფრო მაღალი ღვთაებრივი ცოდნით დაგიბრუნდე.“
მას შემდეგ, რაც მამამ უხალისოდ მომცა თანხმობა, ჯიტენდრასკენ გავემგზავრე, რომელიც უკვე ბენარესის ერმიტაჟში იყო. იქ თბილად დამხვდა ახალგაზრდა ლიდერი, სვამი დაიანანდრა. მაღალი იყო, გამხდარი და ისეთი ღვთისნიერი სახე ჰქონდა, რომ მაშინვე მიმიზიდა. მისი ფერმკრთალი სახე ბუდასეულ სიმშვიდეს ასახავდა.
გამიხარდა, რომ რომ ჩემს ახალ სახლს ასევე ჰქონდა სხვენის ოთახი, სადაც მედიტაცია დილით და საღამოს საათებში შემეძლო. თუმცა, აშრამის მაცხოვრებლები, რომლებიც დიდად მედიტაციურ სავარჯიშოებზე არ ფიქრობდნენ, თვლიდნენ, რომ მთელი ჩემი დრო ორგანიზაციული ამოცანებისათვის უნდა დამეთმო. ისინი ძალიან კმაყოფილები იყვნენ საოფისე სამუშაოთი, რომელსაც ყოველ შუადღეს ვასრულებდი.
„ასე ძალიანაც ნუ ჩქარობ ღმერთის პოვნას“, დამცინავად წამომაძახა ერთმა ძმად-მოწაფემ, როცა ერთ დილას სხვენისკენ მიმავალი დამინახა. შემდგომად წავედი დაიანანდას სანახავად მის პატარა სამეცადინო ოთახში, რომლის ფანჯრებიდანაც განგის ხედი იშლებოდა.
„სვამიჯი, ზუსტად არ ვიცი, აქ ჩემგან რას მოითხოვენ. მე ვცდილობ ღმერთის უშუალო გამოცდილებას. მის გარეშე ვერც რწმენა და ვერც კარგი საქმეები ვერ დამაკმაყოფილებს.“
მღვდელმა, ნარინჯისფერ ხალათში მოსიყვარულე ხელი მსუბუქად დამარტყა. შემდეგ მან საჯაროდ გაკიცხა რამდენიმე მოწაფე, რომლებიც იქვე მდგარიყვნენ და უთხრა: „თავი დაანებეთ მუკუნდას. ის დაეჩვევა ჩვენი ცხოვრების წესს.“
საკმარისად თავაზიანი ვიყავი, რომ ჩემი ეჭვები დამემალა. ამასობაში სხვა მოწაფეებმა, ბრალდების ასარიდებლად, შეუმჩნევლად დატოვეს ოთახი. დაიანანდა ისევ მე მომიბრუნდა:
„მუკუნდა, შევამჩნიე, რომ მამაშენი რეგულარულად გიგზავნის ფულს. გთხოვ, გაუგზავნე უკან, რადგან აქ შენ ფული არ გჭირდება. და კიდევ ერთი დისციპლინარული წესი ეხებოდა ჭამას: მაშინაც კი, თუ მშიერი ხარ, არ აღნიშნო ეს!“
არ ვიცი, თუ გაბრუებული გამოვიყურებოდი, უბრალოდ ვიცოდი, რომ ძალიან მშიოდა.
პირველი კვება ერმიტაჟში, შუადღის 12 საათზე იყო. მე კი სახლში დილის 9 საათზე მსუყე საუზმეს ვიყავი მიჩვეული. ეს სამსაათიანი ლოდინი ყოველდღე უფრო აუტანელი მეჩვენებოდა. დასრულდა კალკუტას ოქროს დღეები, როდესაც მზარეულისათვის 10 წუთის დაგვიანების გამო ბრალდებების წაყენება შემეძლო. ჩემი მადის სამართავად 24 საათიანი მარხვების დაცვა დავიწყე. კიდევ უფრო დიდი მოლოდინით ველოდი მომდევნო ლანჩს.
თუმცა ჯიტენდრამ დამღუპველი ამბავი მამცნო: „დაიანანდაჯის მატარებელი აგვიანებს. ჩვენ არ შევჭამთ მანამ, სანამ ის არ მოვა.“ ორი კვირა იყო სვამი წასული. მის დასახვედრად განსაკუთრებული ნუგბარი მოამზადეს. ეს მადისაღმძვრელი არომატი ჰაერში გაჟღენთილიყო. ვინაიდან ეს იყო ყველაფერი, რაც შემომთავაზეს, ჩემი სიამაყე გუშინდელი მარხვით უნდა დამეკმაყოფილებინა.
„უფალო, დააჩქარე მატარებელი!“ დუმილის ბრძანება, რომელიც დაიანანდამ დამაკისრა, რა თქმა უნდა, არ ეხებოდა ზეციურ მზრუნველს! მაგრამ ღვთაებრივი ყურადღება თითქოს სხვაგან იყო მიმართული. საათის ისრები მიიზლაზნებოდნენ, ერთი მეორის მიყოლებით მიუთითებდნენ მომდევნოზე მანამ, სანამ ბოლოს და ბოლოს საღამო არ დადგა. როგორც იქნა ჩვენი წინამძღოლი კარიდან შიგნით შემოვიდა. მე მას დაუფარავი სიხარულით მივესალმე.
„დაიანანდაჯის სურს პირველ რიგში ბანაობა და მედიტაცია, ასე რომ, ჯერ მაგიდას არ ვაწყობთ.“ ისევ ჯიტენდრა იყო ეს, ვინც ეს ცუდი ამბავი გაავრცელა.
წონასწორობის დაკარგვასთან ახლოს ვიყავი. ჩემი გამოუცდელი კუჭი, რომელიც არ იყო ამგვარ შეზღუდვებს მიჩვეული, სასტიკად აპროტესტებდა. შიმშილის მსხვერპლთა სურათებმა, რომლებიც ერთხელ ნანახი მქონდა, თვალწინ ბუნდოვნად ჩამიარეს.
„მორიგი შიმშილით სიკვდილი აქ ბენარესში, ამ ერმიტაჟში განხორციელდება“, გავიფიქრე მე. თუმცა საღამოს 9 საათზე ამ მოსალოდნელ თავგანწირვას გადავურჩი. ამბროსიული მოთხოვნა! იმ საღამოს ვახშამს რომ ვიხსენებ, უნდა ავღნიშნო, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო საათი ჩემს ცხოვრებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემს თეფშზე ვიყავი კონცენტრირებული, მაინც გამოვნახე დრო დავკვირვებოდი დაიანანდრას, რომელიც საკმაოდ უხალისოდ ჭამდა.
„სვამიჯი, არ გშიოდათ?“ ვკითხე ჩვენს წინამძღოლს, გადაჭარბებული ჭამის შემდეგ, როდესაც მის სამუშაო ოთახში აღმოვჩნდი.
„როგორ არა“, მიპასუხა მან. „ბოლო ოთხი დღეა არც მიჭამია და არც დამილევია, რადგან ამქვეყნიური ადამიანების უცნობი ვიბრაციებით სავსე მატარებელში რომ ვჯდები, არასდროს არაფერს ვიღებ. ამაში მე მკაცრად ვიცავ ჩემი ორდენის შასტრიკულ სამონასტრო წესებს.
გარკვეული ორგანიზაციული პრობლემები მაწუხებს ამჟამად, რის გამოც დღეს კვება უგულებელვყავი. რა საჩქაროა? ხვალ ვიზრუნებ იმაზე, რომ წესისამებრ ვჭამო.“ თანაც გამხიარულებული იღიმოდა.
სირცხვილის დამთრგუნველი გრძნობა იღვიძებდა ჩემში. და მაინც, იმ მტკივნეული დღის დავიწყება არ შემეძლო და გავბედე სხვა კითხვა დამესვა:
„სვამიჯი, ჩემთვის გაუგებარია, რამდენად უნდა მივყვე თქვენს რჩევას. დავუშვათ, რომ არასდროს ვითხოვ საჭმელს და არავინ არაფერს მაძლევს; მაშინ ხომ შიმშილით მოვკვდები.“
„მაშინ, მოკვდი!“ გაჟღერდა საგანგაშო პასუხი, რომელმაც ჰაერი შეძრა. „მოკვდი, თუ ეს ასე უნდა იყოს, მუკუნდა. მაგრამ არასდროს დაიჯერო, რომ შენ საკვები გაცოცხლებს და არა ღვთის ნება. ის, ვინც ყოველგვარი საკვები შექმნა და მოგვცა ჩვენ მადა, ასევე იცის, როგორ გააძლიეროს თავისი შვილები. ნუ დაიჯერებ, რომ შენ ბრინჯი განაყრებს ან, რომ ფულზე და ადამიანებზე ხარ დამოკიდებული. შეუძლიათ მათ დაგეხმარონ, როცა ღმერთი შენს სიცოცხლეს უკან გაითხოვს? ისინი სხვა არაფერია, თუ არა მისი ხელსაწყოები. ან შეგიძლია დამოუკიდებლად მოინელო კუჭში არსებული საკვები? გამოიყენე გამჭრიახობის ხმალი, მუკუნდა! ჩამოშორდი მიწიერ ბორკილებს და შეიცანი ყველაფრის წარმოშობის საწყისი მიზეზი!
ამ სიტყვებმა ღრმად სულში გამჭოლა! გაქრა ის ძველი ილუზია, რომ სული სხეულის მოთხოვნილებებს უნდა დამორჩილებოდა. იმ წამს გავუსინჯე გემო სულის ყოვლისმომცველობას. მოგვიანებით მომეცა საშუალება, ბენარესის ერმიტაჟში მიღებული ეს სწავლება გამომეყენებინა, იმ უცხო ქალაქებში, სადაც მოგზაურობა მომიწია!
ერთადერთი ძვირფასი ნივთი, რომელიც კალკუტადან ჩამოვიტანე, იყო სადჰუს ვერცხლის ამულეტი, რომელიც დედამ დამიტოვა. მე მას წლების განმავლობაში ვუფრთხილდებოდი და საგულდაგულოდ ვინახავდი ჩემს ოთახში. ერთ დილას ისევ მომინდა თილისმანის ცქერით დატკბობა და ჩაკეტილი ყუთი გავხსენი. მიუხედავად იმისა, რომ დალუქული კონვერტი ხელუხლებელი ჩანდა, ამულეტი გამქრალიყო. ჩემდა დასარწმუნებლად, კონვერტი დამწუხრებულმა დავხიე. სადჰუს წინასწარმეტყველების თანახმად, ის კვლავ ეთერში, საიდანაც მოვიდა, გაუჩინარდა.
ჩემი ურთიერთობა დაიანანდრას მოწაფეებთან დღითიდღე უარესდებოდა. ჩემი შეგნებული განცალკევების გამო სახლში თანამაცხოვრებლები გაუცხოებულად და დამნაშავეებად გრძნობდნენ თავს. ჩემმა მკაცრმა თავდაჭერამ მედიტაციებისადმი, ერთადერთი იდეალისადმი, რის გამოც მე ჩემს ოჯახზე და ყოველგვარ ამქვეყნიურ ამბიციაზე უარი ვთქვი, ყველა მხრიდან შეზღუდული აზროვნების მქონე კრიტიკა მომიტანა.
ერთ დღესაც, ჩემი ღრმა სულიერი ტკივილით, სარდაფის ოთახს მივაშურე და გადავწყვიტე, ვოლოცო მანამ, სანამ პასუხს არ მივიღებ.
„ყოვლად მოწყალეო დედაო, თავად მასწავლე ხილვების მეშვეობით ან გურუ გამომიგზავნე!“
საათები გადიოდა, ისე რომ ჩემი ტირილით გაჟღენთილი ლოცვები, შეუსმენელი რჩებოდა. მაგრამ უცებ ვიგრძენი _ ფიზიკურადაც კი _ განუზომელად ფართო სფეროში აზიდვა.
„შენი ოსტატი დღეს მოვა!“ გაისმა ღვთაებრივი ქალის ხმა თითქოს ყველგან და არსაიდან.
ჩემი ზებუნებრივი გამოცდილება იმ მომენტში შეწყვიტა დაძახილმა, რომელიც თუმცაღა კონკრეტული მიმართულებიდან მოდიოდა. ქვედა სართულის სამზარეულოდან მეძახდა ახალგაზრდა მღვდელი, მეტსახელად ჰაბუ.
„მუკუნდა! შეწყვიტე მედიტაცია! ერთი დავალებისათვის გვჭირდები.“
ნებისმიერ სხვა დროს შეიძლებოდა დაუფიქრებელი პასუხი გამეცა. მაგრამ დღეს შეშუპებული სახიდან ცრემლები მოვიწმინდე და უსიტყვოდ ჩამოვედი. ჰაბუმ წამიყვანა ბენარესის მოშორებით მდებარე ბენგალური რაიონის ბაზარში. დაუნდობელი ინდური მზე ჯერ კიდევ არ იყო თავის ზენიტში, როდესაც ჩვენ საყიდლებს ვაკეთებდით და დიასახლისების, გიდების, მღვდლების, უბრალოდ ჩაცმული ქვრივების, ღირსეული ბრაჰმანების და ყოველგანმყოფი ხარების ბრბოში დავძვრებოდით. შრომისმოყვარეობით მივუყვებოდით გზას, უცებ თავი მივაბრუნე და შეუმჩნეველი, ვიწრო ხეივანი მაძიებელი მზერით დავათვალიერე.
ხეივანის ბოლოს გაუნძრევლად იდგა ქრისტეს მაგვარი კაცი, ოხრისფერ სვამი-სამოსში. წმინდანი მაშინვე ნაცნობი მომეჩვენა და წამიერად შევყლაპე იგი ჩემი მზერით. მაგრამ შემდეგ ისევ გამიჩნდა ეჭვი.
„ეს მოხეტიალე ბერი რომელიღაც ნაცნობში გეშლება“, გავიფიქრე მე. „გზა განაგრძე, მეოცნებე.“
თუმცა ათი წუთის შემდეგ უცებ ფეხებში ტყვიასავით სიმძიმე ვიგრძენი ისე, რომ წინ ძლივს მივიწევდი. როდესაც შემოვბრუნდი, ჩემი ფეხები მაშინვე ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდნენ. მაგრამ როგორც კი საპირისპირო მიმართულებით შევტრიალდი, ისევ ვიგრძენი ფეხებში აუტანელი სიმძიმე.
„წმინდანი მაგნიტივით მიზიდავს თავისკენ“, გავიფიქრე მე და უცებ გადავწყვიტე ჩემი ამანათი ჰაბუსთვის მკლავებში მიმეჩეჩებინა. ის გაოგნებული აკვირდებოდა ჩემი ფეხების უცნაურ მოძრაობებს და სიცილი აუტყდა.
„გაკლია? რა არის, გაგიჟდი?“
ჩემი შინაგანი მღელვარება იმდენად დიდი იყო, რომ პასუხის გაცემაც ვერ მოვახერხე; და ასე უსიტყვოდ, გავეცალე.
თითქოს ფრთები შემესხა, ისე მივიჩქაროდი უკან, სანამ ვიწრო ხეივანს არ მივაღწიე. ჩემი მზერა მაშინვე მიიპყრო მშვიდმა ფიგურამ, რომელიც ჩემი მიმართულებით დაჟინებით იყურებოდა. კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და მისი ფეხებისკენ დავიხარე.
„გურუდევა!“ ეს იყო იგივე ღვთაებრივი სახე, რომელიც მე უამრავ ხილვაში მინახავს _ იგივე ლომისთვის დამახასიათებელი თავი, სვეტისებური წვერით და აშლილი თმით, იგივე ჩუმი თვალები, რომლებიც ასე ხშირად ჩნდებოდნენ ჩემი ღამის სიზმრების სიბნელეში და თითქოს მპირდებოდნენ იმას, რაც არასდროს სრულად არ მესმოდა.
„ბოლოს და ბოლოს, მოხვედი, შვილო ჩემო!“ სიხარულის ნაზი ხმით იმეორებდა ამ სიტყვებს დროდადრო ჩემი გურუ ბენგალურ ენაზე. „რამდენი წელია გელოდები!“
ჩვენ შეთანხმებულად გავჩუმდით, რადგან ყოველგვარი შემდგომი განცხადება ზედმეტი იქნებოდა. ეს იყო უსიტყვო სიმღერა, რომელიც მოძღვრის გულიდან მოწაფის გულამდე მიედინებოდა. აბსოლუტური დარწმუნებული ვგრძნობდი, რომ ჩემი გურუ ღმერთთან გაერთიანებული იყო და მე მასთან მიმიყვანდა. წარსული ინკარნაციების ფერმკრთალმა მოგონებებმა გამიელვა და აქამდე დაფარული ცხოვრების ფარდა ამიხსნა. დროის განუზომელი დრამა, წარსულის, აწმყოსა და მომავლის მუდმივად განმეორებადი ციკლებით, გადათამაშდა ჩემს გონებაში. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მის წმინდა ფეხებთან დავიჩოქე.
შემდეგ გურუმ ხელით წამომაყენა და გამიძღვა მისი ამჟამინდელი საცხოვრებლისაკენ, ქალაქის რანა-მაჰალის რაიონში. მას ათლეტური სხეული ჰქონდა და მტკიცე ნაბიჯებით მიიწევდა წინ. მიუხედავად იგი 55 წლის იყო, ფლობდა ახალგაზრდა მამაკაცის ენერგიასა და შინაგან მამოძრავებელ ძალას. მისი მშვენიერი დიდი, მუქი თვალები ამოუცნობ სიბრძნეს ატარებდნენ. ოდნავ ხვეული თმა არბილებდა მის დიდებულ სახეს, რომელიც ერთდროულად ძალას და სიკეთეს ასხივებდა.
განგზე მდებარე სახლის ქვის აივანზე რომ ავედით, მან სიყვარულით თქვა:
„მე გაჩუქებ შენ ჩემს ერმიტაჟს და მთელ ჩემს ქონებას.“
„მე მინდა თქვენგან სიბრძნე და ღმერთი შევიცნო, ბატონო. ეს არის თქვენი ნამდვილი საგანძური, რომელსაც მე ვეძებ.“
შებინდების ჩრდილები ეშვებოდა, როცა ჩემმა ოსტატმა ისევ დაილაპარაკა. მის თვალებში გამოუთქმელი სინაზე იდგა.
„მე გიძღვნი შენ ჩემს უპირობო სიყვარულს.“
როგორი დაუვიწყარი სიტყვებია! მეოთხედი საუკუნე გავიდა, სანამ მე მისგან ისევ გავიგონე, რომ ვუყვარვარ. ემოციური გამონათქვამები უცხო იყო მისი ბუნებისათვის; მის უზარმაზარ გულს უყვარდა დუმილი.
„შენც იგივე უპირობო სიყვარულს მაძლევ?“ შემეკითხა და ბავშვური ნდობით გამომხედა.
„მე თქვენ მარადიულად მეყვარებით, გურუდევა!“
„ჩვეულებრივი სიყვარული ეგოისტურია და სურვილსა და სიამოვნებაზეა მიჯაჭვული. ღვთაებრივი სიყვარული კი უპირობო, უსაზღვრო და უკვდავი. წმინდა სიყვარულის გარდაქმნის ძალა სამუდამოდ აშორებს ადამიანის გულს ყოველგვარ მოუსვენრობას.“
და მან თავმდაბლობით დაამატა: „თუ ოდესმე დაინახავ, რომ ღმერთის რეალიზაციის მდგომარეობიდან დავეცი, უნდა აიღო ჩემი თავი შენს კალთაში და შეეცადო უკან, კოსმიურ საყვარელთან, დამაბრუნო.“
შებინდებისას, ადგა და სახლში შემიყვანა. სანამ ჩვენ მანგოს და ნუშის კერძს მივირთმევდით, მან რამდენიმე შენიშვნა გააკეთა, რამაც მიმახვედრა, თუ რამდენად კარგად სცოდნია ჩემი თავისებურებები. მისი ამაღლებული სიბრძნე და მისი ბუნებრივი თავმდაბლობა, რომელიც სრულყოფილად შეესაბამებოდა ერთმანეთს, პატივისცემით მავსებდა.
„ნუ წუხარ შენი თილისმის გამო; ის თავის მიზანს ემსახურა.“ როგორც ჩანს, გურუ, როგორც ღვთაებრივი სარკე, მთელ ჩემს ცხოვრებას ირეკლავდა.
„თქვენს ცოცხალ გარემოცვაში ყოფნის სიხარულს, ოსტატო, აღარ სჭირდება არანაირი სიმბოლო.“
„დრო მოვიდა, რაღაც შევცვალოთ, რადგან ერმიტაჟში შენ სწორ ადგილას არ ხარ.“
მე მისთვის ჩემი ცხოვრების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მიმიცია; ახლა ზედმეტიც კი ჩანდა. თავისი ბუნებრივი, პათოსისაგან თავშეკავებული ქცევით, ოსტატმა მიმახვედრა, რომ არანაირი გაოგნებული შეძახილები მისი ნათელმხილველობის შესახებ არ სურდა.
„შენ კალკუტაში უნდა დაბრუნდე. რატომ გსურს შენი ნათესავების, კაცობრიობის სიყვარულისაგან გამორიცხვა?“
მისმა შემოთავაზებამ გამაოგნა. სხვათაშორის, ჩემმა ოჯახმა ჩემი უკან დაბრუნება იწინასწარმეტყველა, თუმცა მე ყურიც კი არ ვათხოვე მათ წერილობით თხოვნას. „დაე, ახალგაზრდა ჩიტმა მშვიდად იფრინოს მეტაფიზიკურ ცაზე.“ აღნიშნა ანანტამ. „მჩაგვრელ ატმოსფეროში მისი ფრთები პარალიზდება. საბოლოოდ ის ჩვენი სახლის თავზე იფრენს, მორჩილად მოკეცავს ფრთებს და მშვიდად დაჯდება ოჯახის ბუდეში.“ ეს შემაშფოთებელი შედარება ჯერ კიდევ ქორფა იყო ჩემს გონებაში და ამიტომ გადავწყვიტე არასოდეს „მეფრინა“ კალკუტის მიმართულებით.
„ოსტატო, სახლში მე არ დავბრუნდები. არამედ მინდა, რომ ყველგან გამოგყვეთ. გთხოვთ, მომეცით თქვენი სახელი და თქვენი მისამართი.“
„სვამი შრი იუქტესვარ გირი. ჩემი საცხოვრებელი სერამპურშია, სადაც რაი-გატის გამზირზე ერმიტაჟი მაქვს. აქ დედაჩემთან მხოლოდ ორი დღით ვარ სტუმრად.“
გაოგნებული ვიყავი, როცა მივხვდი, რა რთულ თამაშს თამაშობს ღმერთი თავის შვილებთან. სერამპური კალკუტადან მხოლოდ 20 კილომეტრითაა დაშორებული, მაგრამ ჩემი გურუ არასოდეს მინახავს ამ მხარეში.
ერთმანეთს რომ შევხვედროდით, ჩვენ ორივე უნდა მოვხვედრილიყავით უძველეს ქალაქ კაშიში (ბენარესი), რომელიც ლაჰირი მაჰასაიაზე ამდენ წმინდა მოგონებას ინახავს. ეს ქალაქი ასევე ბუდას, შანკარაჩარიას და სხვა მრავალი ქრისტეს მსგავსი იოგის მიერ იყო გაწმენდილი.
„ოთხ კვირაში დამიბრუნდები.“ შრი იუქტესვარის ხმა პირველად გაისმა მკაცრად. „ახლა, როდესაც მე ჩემს მარადიულ სიყვარულზე და ხელახლა ნახვის სიხარულზე ვსაუბრობ, შენ ბედავ, ჩემი სურვილების უგულებელყოფას. შემდეგ ჯერზე მოგიწევს ჩემი ინტერესები თავიდან გააღვიძო, ვინაიდან მოწაფედ ასე ადვილად არ მიგიღებ. ჩემი სწავლება მკაცრია, და აბსოლუტურ მორჩილებას ვითხოვ“.
ჯიქურ გავჩუმდი. ჩემმა გურუმ მაშინვე შეამჩნია ჩემი სირთულე.
„გეშინია, რომ ოჯახი დაგცინებს?“
„მე უკან არ დავბრუნდები!“
„შენ 30 დღეში დაბრუნდები.“
„არასოდეს!“
ჩემი წინააღმდეგობების შედეგად შექმნილი დაძაბულობის მოხსნის გარეშე, პატავისცემით დავიხარე მის ფეხებთან და წამოვედი. როცა ღამის სიბნელეში ერმიტაჟში დავბრუნდი, ვფიქრობდი, რატომ უნდა დასრულებულიყო ეს სასწაულებრივი შეხვედრა ასე დისჰარმონიულად. ოჰ, მაიას ორმაგი სასწორის თასი, რომელიც აბალანსებს ყოველ სიხარულს მწუხარებით! ჩემი ახალგაზრდა გული ჯერ კიდევ არ იყო საკმარისად მოქნილი ჩემი გურუს ტრანსფორმაციული ხელისათვის.
მეორე დილით შევამჩნიე, რომ აშრამის მცხოვრებთა ქცევა ჩემს მიმართ კიდევ უფრო მტრული გამხდარიყო. მათი მუდმივი უხეშობით ჩემი ცხოვრება გაამწარეს. ბომბეიში, კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სამი კვირის შემდეგ დაიანანდამ აშრამი დატოვა, ჯოჯოხეთი დამატყდა მე უბედურს თავს.
„მუკუნდა უფასო მატარებელია, რომელიც ერმიტაჟის სტუმართმოყვარეობით სარგებლობს, სანაცლოდ არაფრის კეთების გარეშე.“ ეს შენიშვნა რომ მოვისმინე, პირველად ვინანე, რომ მამას ფული უკან გავუგზავნე. დამძიმებული გულით წავედი ჩემი ერთადერთი მეგობრის ჯიტენდრას სანახავად.
„შორს მივდივარ. გთხოვ, გადასცე ჩემი პატივსაცემი მილოცვა, დაიანანდრას, როდესაც დაბრუნდება.“
„არც მე დავრჩები აქ, რადგან მედიტაციის მცდელობებში შენზე უკეთესი იღბალი არც მე არ მქონია“, მითხრა ჯიტენდრამ მტკიცე გამომეტყველებით.
„ახლახან შევხვდი ქრისტეს მსგავს წმინდანს, რომელიც სერამპურში ცხოვრობს. მოდი მასთან წავიდეთ!“
და ასე ემზადებოდნენ „ჩიტები“, კალკუტასგან სახიფათოდ ახლოს „დაშვებას“.