პარამაჰანსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია

პარამაჰანსა იოგანანდა
5
2

მთარგმნელები: ნინო გურული და ირინე ქრისტინე ნუცუბიძე

მშობლები და ადრეული ცხოვრება

მთარგმნელი: ნინო გურული

თავი პირველი - მშობლები და ადრეული ცხოვრება

უხსოვარი დროიდან  ინდოეთის კულტურის მთავარი შტრიხი უზენაესი ჭეშმარიტების ძიება და მასთან თანმხლები მოწაფე-გურუს ურთიერთობის ამოუხსნელი ფენომენია. პირადად ჩემი გზა ქრისტეს მსგავს ბრძენკაცთან შეხვედრას უკავშირდება. მისი მშვენიერი ცხოვრება მრავალი წლის მანძილზე იტვიფრებოდა და ითლებოდა.  ის იყო იმ იშვიათ დიდოსტატთაგანი, რომლებიც ინდოეთის შემორჩენილ სიმდიდრეს წარმოადგენენ. ასეთი პიროვნებები ყოველ თაობაში ევლინებოდნენ, რათა თავიანთი მიწა ბაბილონის ანდა ეგვიპტის ხვედრის გაზიარებისაგან დაეცვათ.

ჩემი ადრეული მოგონებები მეტწილად ჩემივე წინა ინკარნაციის ანაქრონისტიკულ ნიშნებს უკავშირდება.

უმწეობით გამოწვეული ღირსების შემლახველი მომენტები, რომლებიც ბავშვობას ბუნებრივად ახლავს თან, ჩემს გონებას ჯერაც  არ ტოვებს. მახსოვს, როგორ აღშფოთებას იწვევდა ჩემში იმის გაცნობიერება,  რომ სიარულიც კი არ შემეძლო, ანდა საკუთარი თავის სათანადოდ გამოხატვა. ამ ფიზიკურმა უუნარობამ თავის მხრივ ლოცვის უნარი აღმომაჩენინა. ჩემმა ამ ძლიერმა ემოციურმა ცხოვრებამ სიჩუმის  ფორმა მიიღო, მსგავსად უცხო ენების სიტყვების მდუმარებისა. მერე ამ უცხო ენათა შინაგანი გაურკვევლობის ფონზე ყური უნებურად შეეჩვია ჩემი ხალხის გარემომცველ ბენგალიურ ბგერებს. პატარა ბავშის გონების მომაჯადოებელი არეალი მოწიფულობის თვალთახედვიდან მხოლოდ სათამაშოებითა და პაწაწინა თითუნებით 

შემოისაზღვრებოდა.

ფსიქოლოგიურმა მღელვარებამ და საკუთარი სხეულის ურეაქციობამ მოთქმა-გოდების განსაცდელი დამატეხა თავს. მახსოვს ჩემი ოჯახის დაბნეულობა ჩემი დეპრესიის ჟამს.  

მაქვს  უფრო ბედნიერი მოგონებებიც, მაგალითად დედის ალერსი, ჩემი პირველი მცდელობები დამტვრეულად მეტყველებისა და პირველი ნაბიჯების გადადგმისა. ეს ადრეული გამარჯვებები, რომლებსაც როგორც წესი ადვილად ვივიწყებთ ხოლმე, სინამდვილეში თვითრწმენის ბუნებრივი და მნიშვნელოვანი ფუნდამენტებია.

ჩემი შორეული მოგონებები არ არის უნიკალური. ცნობილია, რომ ბევრმა იოგმა ისიც კი შეძლო რომ თვითშეგნება ყველაზე დრამატული ცვლილებების დროს შეენარჩუნებინა, მათ შორის სიკვდილ-სიცოცხლის ტრანზაქციის ჟამს . თუ ადამიანი მხოლოდ სხეულია, მისი დაკარგვა ასევე გულისხმობს  მისივე იდენტობის აღსასრულს. მაგრამ თუ ათასწლეულების მანძილზე წინასწარმეტყველები ჭეშმარიტებას ღაღადებდნენ, მაშინ ადამიანი არსებითად უსხეულო ბუნებისაა. ადამიანის ეგოიზმის მუდმივი ბირთვი მხოლოდ დროებით არის დაკავშირებული გრძნობათა აღქმასთან.

შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა ჩვილობის ნათელი მოგონებები არც თუ ისე იშვიათია. მე მრავალ ქვეყანაში მოგზაურობის დროს მოვისმინე ადრეული მოგონებები გულახდილ კაცთა და ქალთა ბაგეებისაგან.

დავიბადე მეცხრამეტე საუკუნის ბოლო ათწლეულში და პირველი რვა წელი  გორაჰპურში გავატარე. ეს იყო ჩემი დაბადებისა დგილი, რომელიც  ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის გაერთიანებულ პროვინციაში მდებარეობდა. ოჯახში რვა შვილი ვიყავით: ოთხი ბიჭი და ოთხი გოგო. მე, მუკუნდა ლალ გჰოში - მეორე ვაჟი და მეოთხე შვილი გახლდით ოჯახში.

მამა და დედა ბენგალიელები იყვნენ, კშატრიის კასტადან. ორივე წმინდა ბუნებით იყო კურთხეული. მათი წყნარი და ღირსეული ურთიერთსიყვარული, არასოდეს იძენდა არსგამოცლილ ფორმებს. მშობელთა სრულყოფილი ჰარმონია წარმოდგენდა მშვიდ და საიმედო ცენტრს რვა ახალი ცხოვრების ციბრუტიანი აურზაურისათვის.

მამა, ბჰაგაბატ ჩარან გჰოში, კეთილი, სერიოზული კაცი, ზოგჯერ მტკიცე ხასიათით გამოირჩეოდა. შვილებს ძალიან გვიყვარდა, თუმცა მუდამ პატივისცემით აღსავსე დისტანციას ვიცავდით მის მიმართ. გამოჩენილი მათემატიკოსი და ლოგიკოსი, მისი უმთავრესი ხელმძღვანელი  მისივე ინტელექტი გახლდათ. აი დედა კი გულების ნამდვილი დედოფალი იყო და იგი მხოლოდ სიყვარულით გვმოძღვრავდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მამამაც რაღაცნაირად უფრო მეტად გამოხატა თავისი შინაგანი სინაზე. მაშინ შევამჩნიე, რომ მისი მზერა ხშირად გარდაიქმნებოდა დედაჩემის მზერაში.

დედის თანდასწრებით პირველად გავუსინჯეთ გემო წმინდა წერილების ტკბილ-მწარე მისტერიებს. თქმულებები მაჰაბჰარატადან და რამაიანადან მარჯვედ ემსახურებოდა ჩვენთვის დისციპლინური უკიდურესობის გარდუვალობის მტკიცებულებას. იქ წარმოდგენილი შეგონებანი და სასჯელნი შემეგობრებულად თანაცხოვრებდა ერთმანეთის გვერდიგვერდ.

დედის მხრიდან მამისადმი პატივისცემა იმაშიც გამოიხატებოდა, რომ იგი ყოველ შუადღეს გულმოდგინედ გამოგვაწყობდა ხოლმე, რათა სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს ღირსეულად მივსალმებოდით. მისი პოზიცია ინდოეთის ერთ-ერთ მსხვილ ბენგალ-ნაგპურის სარკინიგზო კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას უტოლდებოდა. მისი საქმიანობა მოგზაურობასაც ითვალისწინებდა და ამის გამო ჩვენს ოჯახს ჩემი ბავშვობის პერიოდში რამდენიმე ქალაქში ცხოვრება მოუწია.

დედამ გაჭირვებულთა შემწეობა ითავა. მამაც კეთილგანწყობილი იყო ამასთან დაკავშრებით, თუმცა მისი პატივისცემა კანონისა და წესრიგის მიმართ ბიუჯეტზეც საგრძნობლად ვრცელდებოდა. სულ რაღაც ორ კვირაში დედამ უპოვართა დაპურებისათვის მამას ყოველთვიურ შემოსავალთან შედარებით კარგა მეტი თანხა დახარჯა.

„ღვთის გულისათვის, შენი ქველმოქმედება გონივრულ ჩარჩოში მოაქციე“. ქმრის მსუბუქმა საყვედურმაც კი ძალიან დაამძიმა დედას გული. მან დასაქირავებელ ეტლს უხმო, ისე რომ არავითარი ნიშანწყალი არ უჩვენებია ბავშვებისთვის მათი უთანხმოების შესახებ.
"მშვიდობით, დედაჩემის სახლში მივდივარ." ეს იყო ძირძველი ულტიმატუმი.

გაოგნებულნი გოდებაში ჩავვარდით. დედას ბიძა შემთხვევით ჩამოვიდა ჩვენთან. მან მამას რამდენიმე ბრძნული რჩევა ჩასჩურჩულა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უტყუარად ამართლებდნენ. მას შემდეგ, რაც მამამ რამდენიმე შემრიგებლური ფრაზა წარმოთქვა, დედამ სიხარულით გაუშვა ეტლი უკან. ასე დასრულდა ერთადერთი უთანხმოება, რომელიც ოდესმე შემიმჩნევია ჩემს მშობლებს შორის. თუმცა ამგვარი დისკუსია კი ხშირი იყო ხოლმე.

„გთხოვ, ათი რუპია მომეცი უმწეო ქალის დასახმარებლად, ის ეს ესაა შემოვიდა ჩვენს სახლში.“ დედას ღიმილს თავისებური დამაჯერებლური მაგია ახლდა თან. 

"რატომ ათი მანეთი? ერთიც საკმარისია." მამას არგუმენტიც იქვე ჰქონდა: "როდესაც მამაჩემი და ბებია-ბაბუა მოულოდნელად გარდაიცვალნენ, სიღარიბეს პირველად გავუსინჯე გემო. ჩემი ერთადერთი საუზმე, სკოლამდე კილომეტრების გავლამდე, მხოლოდ ერთი პატარა ბანანი იყო. მოგვიანებით, უნივერსიტეტში, ისეთი გაჭირვებას შევეჩეხე, რომ  მდიდარ მოსამართლეს მივმართე თვეში ერთი რუპიით დამხმარებოდა. მან უარი გამომიცხადა და ისიც დააყოლა, რომ რუპიაც კი მნიშვნელოვანი რამ იყო“.

"როგორ მწარედ გახსენდება იმ ერთი რუპიის უარყოფა!" დედის გულს მყისიერი ლოგიკა ახასიათებდა. "გინდა ამ ქალმაც მტკივნეულად გაიხსენოს შენი უარი ათ მანეთზე, რომელიც მას ასე სასწრაფოდ სჭირდება?"

"შენ გაიმარჯვე!" დამარცხებულ ქმართა უძველესი ჟესტით მან საფულე გახსნა. „ აგერ, ათ რუპიანი კუპიურა, გადაეცი მას ჩემი კეთილი ნებით.“
მამა ყოველ ახალ შემოთავაზებაზე ჯერ „არას“ იტყოდა ხოლმე. მისი დამოკიდებულება იმ უცნაური ქალის მიმართ, რომელმაც ასე ადვილად დაიმსახურა დედის თანაგრძნობა, მისი ჩვეულებრივი სიფრთხილის მაგალითი იყო. მყისიერი დათანხმების მიუღებლობა, რომელიც  დასავლეთშია დამახასიათებელი, განსაკუთრებით ფრანგული გონებისთვის - ეს არის მხოლოდ "გონივრული აწონ-დაწონვის" პრინციპის პატივისცემა. მამას მიდგომებს ყოველთვის გონივრულ და თანაბრად გაწონასწორებულად  ვთვლიდი. თუკი შევძლებდი ჩემი ესა თუ ის სურვილი სათანადო ერთი ან ორი კარგი არგუმენტით გამემყარებინა, ის პირწმინდად აასრულებდა ხოლმე ჩემს წადილს, იქნებოდა ეს დასასვენებელად სამოგზაურობა თუ ახალი მოტოციკლეტი.
 
მამა ადრეულ წლებში მკაცრი იყო შვილების მიმართ დისციპლინასთან დაკავშირებით, ხოლო მისი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ სრულიად სპარტანული იყო. მაგალითად, ის თეატრში არასოდეს წასულა, არამედ საკუთარი დასვენების დროს იგი სხვადასხვა სულიერ პრაქტიკაში და ბჰაგავად-გიტას კითხვაში ატარებდა. ყოველგვარ ფუფუნებას ერიდებოდა, ის ერთ ძველ წყვილ ფეხსაცმელს მიაჯინდებოდა, მანამ სანამ ისინი სრულიად გამოუსადეგარი არ გახდებოდა. მისი ვაჟები ავტომობილებს ყიდულობდნენ, როგორც კი ისინი საყოველთაო მოხმარების მიმოქცევაში ჩაეშვა, მაგრამ მამა ყოველთვის კმაყოფილი იყო თავისი ურიკით, რომელსაც იგი ოფისამდე ყოველდღიური მგზავრობისთვის იყენებდა. ძალაუფლებისთვის ფულის დაგროვება უცხო იყო მისი ბუნებისათვის.ერთხელ ასე მოხდა, მან წვლილი შეიტანა კალკუტის საქალაქო ბანკის შექმნაში და მერე კი უარი განაცხადა მისი აქციების ფლობით სარგებლის მიღებაზე. მას მხოლოდ ის სურდა, სამოქალაქო მოვალეობა შეესრულებინა - სულ ეს იყო.

რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც მამა პენსიაზე გავიდა, ინგლისელი ბუღალტერი ჩამოვიდა ბენგალ-ნაგპურის რკინიგზის კომპანიის საბუთების შესამოწმებლად. გაოცებულმა გამომძიებელმა აღმოაჩინა, რომ მამას არასოდეს მოუთხოვია ვადაგადაცილებული პრემიები.
"მან სამი კაცის საქმე გააკეთა!" მოახსენა ბუღალტერმა კომპანიას. "მას 125,000 რუპია (დაახლოებით $41,250) აქვს.“ მაღალჩინოსნებმა მამას ამ თანხის ჩეკი გადასცეს. ის იმდენად ცოტას ფიქრობდა ამაზე, რომ ოჯახის არც ერთ წევრთან არ უხსენებია ეს. მოგვიანებით ჩემმა უმცროსმა ძმამ, ბიშნუმ გამოიკითხა მამასგან ეს ისტორია, მაშინ როდესაც  მან საბანკო ამონაწერში მაღალი დეპოზიტი შენიშნა.

"რატომ ხართ ასე აღფრთოვანებულნი მატერიალური მოგებით?" მიუგო მამამ. "ის, ვინც წონასწორობის მიზანს მისდევს, არც მოგებით არის გახარებული და არც ზარალის გამო ითრგუნავს თავს. მან იცის, რომ ადამიანი სრულიად უსახსროდ ჩამოდის ამქვეყნად და ასევე ყოველგვარი რუპიის გარეშე მიდის აქედან."

ჩემი მშობლები მათი ქორწინების ადრეულ პერიოდში ბენარესის დიდი მოძღვრის, ლაჰირი მაჰასაიას მოწაფეები გახდნენ. ამ ურთიერთობამ მამის ბუნებრივად ისედაც ასკეტური ტემპერამენტი კიდევ უფრო მეტად გააძლიერა. დედამ შესანიშნავი რამ გაუმხილა ჩემს უფროს დას რომას: „მე და მამაშენი როგორც ცოლ-ქმარი ერთად მხოლოდ წელიწადში ერთხელ ვცხოვრობთ, შვილების გაჩენის მიზნით“.

მამამ პირველად ლაჰირი მაჰასაია აბინაშ ბაბუს მეშვეობით  გაიცნო, რომელიც ბენგალ-ნაგპურის რკინიგზის გორაჰპურის ოფისის თანამშრომელი იყო. აბინაშმა ჩემს ახალგაზრდა ყურებს ბევრი ინდოელი წმინდანის საინტერესო თქმულება ასმინა. იგი უცვლელად ასრულებდა მის საქმიანობას საკუთარი გურუს უზენაესი განდიდებით.

„გსმენიათ ოდესმე იმ არაჩვეულებრივი გარემოებების შესახებ, თუ როგორ გახდა მამაშენი ლაჰირი მაჰასაიას მოწაფე?

ზაფხულის მომქანცველ შუადღეს, როცა მე და აბინაში ჩემს სახლში ვისხედით, მან ეს დამაინტრიგებელი კითხვა დამისვა. ღიმილით დავუქნიე თავი.
„წლების წინ, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ შენ დაიბადებოდი, ჩემს ზემდგომ ოფიცერს, მამაშენს, ვთხოვე, გორაჰპურის მოვალეობებიდან ერთი კვირით გავენთავისუფლებინე, რათა ბენარესში ჩემი გურუ მომენახულებინა. მამაშენმა დამცინა ამის გამო.

თქვენ აპირებთ  რელიგიური ფანატიკოსი გახდეთ, არა?" იკითხა მან: „თუ წინსვლა გსურთ, სჯობს კონცენტრირება საოფისე სამუშაოზე მოახდინოთ“.
"იმ დღეს დამწუხრებული მივუყვებოდი სახლისაკენ მიმავალ ტყის ბილიკს, როცა გზად მამაშენი შემომხვდა მის ტახტრევანზე დაბრძანებული. როდესაც დამინახა, თავისი მსახურები გაათავისუფლა და ჩემს გვერდით შეჩერდა. ჩემი ნუგეშისცემის მიზნით, საუბარში ამქვეყნიური წარმატებისკენ სწრაფვის უპირატესობებზე გააკეთა აქცენტები. გულგრილად ვისმენდი მისას, ჩემი გული კი იმეორებდა: "ლაჰირი მაჰასაია, შენი ნახვის გარეშე ცხოვრება აღარ შემიძლია!"

"ჩვენმა გზამ წყნარი მინდვრის კიდემდე მიგვიყვანა, სადაც გვიანი შუადღის მზის ზარმაცი სხივები ჯერ კიდევ ადგა გვირგვინად ველური ბალახის მაღალ ტალღებს. აღფრთოვანებულნი შევჩერდით. იქ მინდორში, ჩვენგან მხოლოდ რამდენიმე იარდის მოშორებით, ჩემი დიადი გურუ გამოჩნდა სულ მოულოდნელად.

""ბჰაგაბატ, ძალიან მკაცრი ხარ შენი თანამშრომლის მიმართ!" მისი ხმა ჩვენს გაოცებულ ყურთასმენას სწვდებოდა. მერე ის ისეთივე იდუმალებით გაქრა,  როგორც გამოჩნდა. მუხლმოდრეკილი ვყვიროდი: "ლაჰირი მაჰასია! ლაჰირი მაჰასაია!" მამაშენი რამდენიმე წამით გაუნძრევლად იდგა სრულიად გაოგნებული.

"აბინაშ, არამარტო გაძლევ შვებულებას, არამედ საკუთარ თავსაც ვუშვებ შვებულებაში, რათა ხვალ ბენარესისაკენ დავიძრათ. მე უპირობოდ უნდა გავიცნო ეს დიდებული ლაჰირი მაჰასაია, რომელსაც საკუთარი თავის მატერიალიზება ასე სურვილისამებრ შეუძლია. დაე იყოს ნუგეში შენთვის! ჩემს ცოლსაც მივიყვან მასთან და ვთხოვ  ინიციაცია მოგვცეს მის სულიერ გზაზე დასადგომად. 

"'რა თქმა უნდა! სიხარულით ამავსო ჩემი ლოცვის ამ სასწაულებრივმა პასუხმა და მოვლენების ასე სწრაფად, და სასიკეთოდ შემობრუნებამ.
"მეორე საღამოს მე და შენი მშობლები ბენარესისკენ გავემგზავრეთ. მეორე დღეს ცხენიანი ეტლი ავიყვანეთ, ვიწრო ბილიკებით უნდა გვევლო ჩემი გურუს განმარტოებულ სახლამდე. მის პატარა სამყოფელში შევედით. ქედი მოვიხარეთ, იგი ჩვეულ ლოტოსის პოზაში იჯდა. გამჭოლი, აელვარებული თვალები მამაშენს მიაპყრო.

""ბჰაგაბატი, შენ ძალიან მკაცრი ხარ შენი თანამშრომლის მიმართ!" მან იგივე სიტყვები გაიმეორა, რაც ორი დღის წინ გორაჰპურის მინდორში და კიდევ დაამატა: „მიხარია, რომ აბინაშს ჩემთან სტუმრობის ნება დართე და შენ და შენი ცოლიც მასთან ერთად ხართ“.

"შენს მშობლებს წილად ხვდათ ბედნიერება, რომ მისგან ინიციაცია მიეღოთ კრია-იოგას სულიერ პრაქტიკაში. მე და მამათქვენი, როგორც სულიერი ძმები ახლო მეგობრები ვართ იმ ხილვის ღირსსახსოვარი დღიდან. ლაჰირი მაჰასია უდავოდ დაინტერესდა თქვენი დაბადებით და შენი ცხოვრება უეჭველად დაუკავშირდება მისას, დიდოსტატი ბატონის კურთხევა არასოდეს ჩაივლის ამაოდ."

ლაჰირი მაჰასაიამ ეს სამყარო მალევე დატოვა მას შემდეგ რაც მე მოვევლინე ამ ქვეყანას. მისი სურათი, ორნამენტებით მოლამაზებულ ჩარჩოში, ყოველთვის ამშვენებდა ჩვენი ოჯახის საკურთხეველს იმ სხვადასხვა ქალაქებში, რომლებშიც მამას სამსახურიდან  გზავნიდნენ ხოლმე. მრავალ დილით და საღამოს  მე და დედა იმპროვიზირებული სალოცავის წინ ვმედიტირებდით და ვთავაზობდით სურნელოვანი სანდლის ხის პასტაში ამოვლებულ ყვავილებს. ნელსაკმეველითა და ნახშირით, ისევე როგორც ჩვენი ერთიანი ერთგულებით, ჩვენ თაყვანს ვცემდით ღვთაებრიობას, რომელმაც სრული გამოხატულება ჰპოვა ლაჰირი მაჰასიაში. 

მისმა სურათმა უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე.  ვიზრდებოდი და ჩემთან ერთად იზრდებოდა ოსტატზე ფიქრის სიხშირეც. მედიტაციისას ხშირად ვხედავდი, რომ მისი ფოტოგრაფიული გამოსახულება პატარა ჩარჩოდან გადმოდიოდა, ცოცხალ ფორმას იღებდა და ჩემს წინ დაბრძანდებოდა ხოლმე. როდესაც ვცდილობდი მისი მანათობელი სხეულის ტერფებს შევხებოდი, ტრანსფორმირდებოდა და ისევ სურათად გადაიქცეოდა ხოლმე. 

როდესაც ჩემი ბავშვობა ბიჭობაში გადაიზარდა, აღმოვაჩინე რომ ლაჰირი მაჰასაია ჩემს გონებაში ჩარჩოში ჩასმული პატარა სურათიდან, ცოცხალ განმაცისკროვნებელ  რეალობად იქცა. ხშირად ვლოცულობდი მის წინაშე განსაცდელისა თუ დაბნეულობის მომენტებში და მის დამამშვიდებელ დარიგებებს ვპოულობდი ჩემში. თავდაპირველად ძალიან ვწუხდი, რადგან ფიზიკურად ის აღარ ცხოვრობდა ამ პლანეტაზე. თუმცა როდესაც მისი იდუმალი ყოველგანმყოფობა აღმოვაჩინე, აღარ ვდარდობდი. ის ხშირად წერდა თავის მოწაფეებს, რომლებსაც ძლიერ სურდათ მისი ნახვა: "რატომ უნდა მოვბრუნდე ჩემს ძვლებსა და ხორცში, როცა სინამდვილეში თქვენი კუთასთჰა (სულიერი ხედვის) თვალსაწიერში ვარ?"

ლაჰირი მაჰასაიას ფოტოს მეოხებით, დაახლოებით რვა წლის ასაკში სასწაულებრივად განვიკურნე. ამ გამოცდილებამ მისდამი ჩემი სიყვარული კიდევ უფრო გააძლიერა. იჩჰაპურში (ბენგალია) ჩვენს საოჯახო მამულში ყოფნისას აზიური ქოლერა შემეყარა. ჩემი სიცოცხლე განწირული იყო; ექიმებმა ვერაფერი იღონეს. ჩემს საწოლთან მყოფმა დედამ გამალებით შემომაბრუნა, რომ ჩემს თავზე კედელზე დაბრძანებული ლაჰირი მაჰასაიას სურათისათვის შემეხედა.

" ქედი მოიხარე მის წინაშე შენს გონებაში!" მან იცოდა, რომ სულ მთლად დაუძლურებული ვიყავი და ისიც კი არ შემეძლო, რომ თაყვანისცემის ნიშნად ხელები მაღლა აღმეპყრო. „თუ ჭეშმარიტ ერთგულებას გამოიჩენ და შინაგანად მაინც დაიჩოქებ მის წინაშე, სიცოცხლე შეგინარჩუნდება!“

მის ფოტოს მივაშტერდი და უცებ დამაბრმავებელი შუქი ვიხილე, რომელმაც ჩემი სხეული და მთელი ოთახი მოიცვა. უცებ ჩემი გულისრევა და სხვა სრულიად უკონტროლო სიმპტომები გაქრა; კარგად ვიყავი. მაშინვე საკმარისად ძლიერად ვიგრძენი თავი იმისთვის, რომ დავხრილიყავი და დედას ტერფებს შევხებოდი გურუსადმი მისი განუზომელი რწმენის დასაფასებლად. დედამ არაერთხელ შეახო  თავი პატარა სურათს.

"ო, ყოვლისშემძლე მოძღვარო, მადლობას გწირავ, რომ შენმა ნათებამ ჩემი შვილი განკურნა!"

მივხვდი, რომ მანაც იხილა ცეცხლი, რომლის წყალობითაც ასე უცებ გამოვჯანმრთელდი მომაკვდინებელი დაავადებისგან.

ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნივთი სწორედ ეს ფოტოა, რომელიც თავად ლაჰირი მაჰასიამ უსახსოვრა მამას. ის წმინდა ენერგიის მატარებელია. სურათს სასწაულებრივი წარმოშობა ჰქონდა. ეს ამბავი მამის სულიერი ძმისაგან, კალი კუმარ როისგან გავიგე.

როგორც ჩანს, ოსტატს ფოტოს გადაღება ეჯავრებოდა. მისი პროტესტის მიუხედავად, ერთხელ მას ჯგუფური სურათი გადაუღეს ერთგულთა ჯგუფთან ერთად, მათ შორის კალი კუმარ როიც გახლდათ. გაოცებულმა ფოტოგრაფმა აღმოაჩინა, რომ ფირი, რომელზეც ყველა მოწაფის მკაფიო გამოსახულებები იყო აღბეჭდილი, მხოლოდ ცარიელ სივრცეს ასახავდა ცენტრში, სადაც იგი ლოგიკურად ელოდა ლაჰირი მაჰასიას გარეგნული შტრიხების გამოკვეთას. ეს ფენომენი ფართო განხილვის საგნად იქცა.

ერთი სტუდენტი და ექსპერტი ფოტოგრაფი, განგა დჰარ ბაბუ, ირწმუნებოდა, რომ ასე მოუხელთებელი, გამოუაშკარავებელი ფიგურა მას მაინც არ გამოეპარებოდა. მეორე დილით, როცა გურუ ლოტოსის პოზაში იჯდა თავის ხის სკამზე, განგა დჰარ ბაბუ მას თავისი აღჭურვილობით ეახლა. წარმატების მისაღწევად ყველა ზომას იღებდა, მან თორმეტჯერ გადაიღო ფოტო. თითოეულ მათგანზე ადვილად აღმოაჩინა ხის სკამისა და ეკრანის ანაბეჭდი, მაგრამ ამ ყოველივეს ისევ აკლდა ოსტატის ფორმა.

ტირილით და გაცამტვერებული სიამაყით განგა დჰარ ბაბუ პასუხს ეძებდა თავისი გურუსაგან. მრავალი საათი გაილია, სანამ ლაჰირი მაჰასიამ დუმილი ღრმააზროვანი კომენტარით დაარღვია:

"მე ვარ სული. შეუძლია თუ არა თქვენს კამერას ასახოს ის, რაც ყოველგან მყოფია და უხილავი?"

"ვხედავ, რომ ეს შეუძლებელია! მაგრამ, წმიდაო ბატონო, მე მთელი სიყვარულით მსურს იმ სხეულებრივი ტაძრის სურათი, სადაც ჩემი ვიწრო ხედვით, ეს სული  ბინადრობს."

"მაშ, ხვალ დილით მოდი, მე შენთვის ვიპოზიორებ."

ფოტოგრაფმა ისევ ფოკუსირება მოახდინა კამერაზე. ამჯერად წმინდა ფიგურა, რომელიც აღარ დაფარულა იდუმალებით მოცული შეუმჩნევლობით, მკაფიო იყო ფირზე. ოსტატს სხვა სურათი არ გადაუღა. ყოველ შემთხვევაში, მე არცერთი სხვა ფოტო არ მინახავს მისი.

ფოტო რეპროდუცირებულია ამ წიგნში. ლაჰირი მაჰასიას მშვენიერი ნაკვთები, უნივერსალური კასტიდან, ძნელად მიუთითებს იმაზე, თუ რომელ რასას მიეკუთვნებოდა იგი. ღმერთთან მისი მოზიარობის მძაფრი სიხარული ოდნავ ვლინდება რაღაც იდუმალ ღიმილში. მისი თვალები, ნახევრად ღია, გარე სამყაროს ნომინალური მიმართულების აღსანიშნავად, ასევე ნახევრად დახურულია. სრულებით არ ცნობდა დედამიწის არცერთ უსუსურ სატყუარას, თუმცა ის ყოველთვის ფხიზელი იყო იმ მაძიებელთა სულიერი პრობლემების მიმართ, რომლებიც მისგან მოწყალებას ეძიებდნენ.

გურუს სურათის ძალმოსილებით განკურნების შემდეგ, მალევე მნიშვნელოვანი სულიერი ხედვა მქონდა. ერთ დილას ჩემს საწოლზე ვიჯექი და უცებ ღრმა ფიქრებში ჩავიძირე.

"რა არის დახუჭული თვალების უკუნის მიღმა?" ამ მკვლევარმა აზრმა მძლავრად დაისადგურა ჩემს თავში. შუქის უზომო ელვარება მაშინვე დაეტყო ჩემს შინაგან ხედვას. წმინდანთა ღვთაებრივი ფორმები, რომლებიც მედიტაციურ პოზაში სხედან მთის გამოქვაბულებში, მინიატურული კინოს სურათებივით გამოიკვეთნენ სინათლის დიდ ეკრანზე ჩემი შუბლის არეში. 

"ვინ ხართ?" ხმამაღლა ჩავილაპარაკე.

ჩვენ ჰიმალაის იოგები ვართ. ზეციური პასუხის აღწერა რთულია; ჩემმა გულმა ფრთები შეისხა.

"ო, როგორ ძლიერ მინდა, რომ ჰიმალაებში წავიდე და თქვენნაირი გავხდე!" ხილვა დასრულდა, მაგრამ ვერცხლისფერი სხივები უსასრულობამდე გადაიზარდა განუზომლად გაფართოებად წრეებში.

"რა არის ეს საოცარი ნათება?"

"მე ვარ იშვარა.  მე ვარ სინათლე". ხმა ღრუბლებივით შორი იყო.

"მინდა შენთან ერთად ვიყო!"

ჩემი ღვთაებრივი ექსტაზის ნელი კლების გამო, მე მაინც შემომრჩა შთაგონება როგორც მარადიული მემკვიდრეობა ღმერთის საძიებლად. "ის არის მარადიული, მუდამ ახალი სიხარული!" ეს შეგრძნება შენარჩუნდა ამ ხილვის დღიდან დიდი ხნის მანძილზე.

კიდევ ერთი ადრეული მოგონებაა ჩემთვის გამორჩეული; დღემდე ვატარებ ნაიარევს ამ მოგონების დასტურად. მე და ჩემი უფროსი და, უმა დილით ადრე ნიმის ხის ქვეშ ვისხედით ჩვენს გორაჰპურში. ის მეხმარებოდა, გამეგო თუ რა დროს შემეძლო თუთიყუშების დანახვა, რომლებიც მარგოზას მწიფე ხილს მიირთმევდნენ. უმა ჩიოდა, რომ ფეხზე ძირმაგარა გაუჩნდა, მან მალამოს ქილა მოიტანა. ცოტაოდენი მეც შევიზილე მკლავზე.

"რად გინდა წამალი ამ ჯანსაღ მკლავზე?"

"ვგრძნობ, რომ ხვალ მეც მექნება ძირმაგარა ამ ადგილზე და შენს მალამოსაც ამიტომ  ვსინჯავ."

"პატარა მატყუარა!"

„ მატყუარას ნუ დამიძახებ, სანამ დილით თვითონ არ ნახავ, რა მოხდება.“ აღშფოთებამ შემიპყრო.

უმაზე ამას შთაბეჭდილება სულ არ მოუხდენია და სამჯერ დამცინა. სიმტკიცე გაისმა ჩემს ხმაში, როცა მას დინჯად გავეცი პასუხი.

”ჩემში არსებული ნებისყოფის ძალით, სიტყვას გაძლევ, რომ ხვალ მკლავზე ზუსტად ამ ადგილას საკმაოდ დიდი ძირმაგარა მექნება, შენი კი ორჯერ უფრო მეტად გაიზრდება!”

მეორე დილას მართლაც დამხვდა  მკლავზე ძირმაგარა სწორედ იმ ადგილას; უმას ძირმაგარას ზომაც გაორმაგებულიყო. ყვირილით მივარდა იგი დედასთან. „მუკუნდა ჯადოქარი გახდა!“ დედამ მტკიცედ გამაფრთხილა, არასდროს გამომეყენებინა სიტყვების ძალა ვინმესთვის ზიანის მისაყენებლად. მე ყოველთვის მახსოვდა მისი რჩევა და ვითვალისწინებდი კიდეც მას.

ჩემი ძირმაგარა ქირურგიულად დაამუშავეს. ექიმის მიერ ოპერაციის დროს გაკეთებული ჭრილობის შედეგად დარჩენილი ნაწიბური კი დღესაც მემჩნევა. და ეს ნაიარევი ჩემს მარჯვენა მკლავზე მუდმივი შეხსენებაა იმ ძალისა, რომელიც ადამიანის სიტყვაშია.

უმასთვის ნათქვამ ამ მარტივ და აშკარად უვნებელ ღრმა კონცენტრაციით წარმოთქმულ ფრაზებს საკმარისი ფარული ძალა აღმოაჩნდა იმისათვის, რომ  ბომბივით აფეთქებულიყო  და საკმაოდ საზიანო ეფექტი გამოეწვია. მოგვიანებით მივხვდი, რომ ფეთქებადი ვიბრაციული ძალა მეტყველებაში შეიძლება გონივრულადაც იქნეს მიმართული, იმისკენ რომ ადამიანებს ცხოვრებისეული სირთულეებისაგან განთავისუფლებაში დაეხმაროს და იმოქმედოს ყოველგვარი ნაიარევისა თუ საყვედურების გარეშე.

ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად ლაჰორში, პენჯაბში გადავიდა. იქ შევიძინე ღვთაებრივი დედის, ქალღმერთი კალის სურათი. მან კიდევ მეტად განწმინდა ჩვენი პატარა, არაფორმალური სალოცავი სახლის აივანზე. 

 რწმენა მომეცა, რომ ამ წმინდა ადგილზე წარმოთქმული ნებისმიერი ლოცვა აღსრულდებოდა. ერთ დღეს უმასთან ერთად იქ ვიდექი და ვიწრო შესახვევის მოპირდაპირე მხარეს მდებარე შენობების სახურავებზე მოფარფატე ორ ფრანს ვუცქერდი, 

"რატომ ხარ ასე ჩუმად?" უმამ ხუმრობით მკრა მუჯლუგუნი.

"უბრალოდ ვფიქრობ, რა მშვენიერია, რომ ღვთაებრივი დედა მაძლევს ყველაფერს, რასაც ვთხოვ." "მაშინ ის მოგცემდა ამ ორ ფრანსაც!" ჩემმა დამ დამცინავად მითხრა.

"რატომაც არა?"  ჩუმად ლოცვა დავიწყე.

ინდოეთში ისეთი ფრანით შეჯიბრებები ტარდება ხოლმე, მათი სიმები წებოთი და დამსხვრეული მინით არის დაფარული. თითოეული მოთამაშე ცდილობს მოწინააღმდეგის სიმი გაწყვიტოს. გაშვებული ფრანები სახურავებს ზემოთ ჰაერში მიფრინავს; დიდი სიამოვნებაა მისი დაჭერა. რამდენადაც მე და უმა აივანზე ვიდექით, შეუძლებელი იყო, რომელიმე გაშლილი ფრანი ხელში დაგვეჭირა; მათი სიმები ბუნებრივად დაეკიდებოდა ხოლმე სახურავებს და იქ ჩერდებოდა.

ზოლს გადაღმა მოთამაშეებმა მატჩი დაიწყეს. უცებ ერთი სიმი მოიჭრა და ფრანი მაშინვე მოფრინდა ჩემკენ. ის წამიერად გაჩერდა,  უეცარი შეფერხების გამო, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ძაფები მყარად დაჯახებოდა მოპირდაპირე სახლის თავზე აღმართულ კაქტუსის მცენარეს. სრულყოფილი მარყუჟი ჩამოყალიბდა მის დასაჭრად. მოპოვებული პრიზი უმას გადავეცი.

"ეს უბრალოდ არაჩვეულებრივი შემთხვევა იყო და არა შენს ლოცვაზე პასუხი. თუკი სხვა ფრანიც მოფრინდება შენთან, მაშინ დავიჯერებ სასწაულს." ჩემი დის მუქი თვალები უფრო მეტ გაოცებას გამოხატავდა, ვიდრე მისი სიტყვები.

ლოცვა კრეშჩენდოს სიმძაფრით გავაგრძელე. მეორე მოთამაშის ძალდატანებითმა ბიძგმა გამოიწვია მისი ფრანის მოულოდნელი დაკარგვა, ჩემკენ დაიძრა, იგი ქარში ცეკვავდა. ჩემმა დამხმარე ასისტენტმა - კაქტუსის მცენარემ - კვლავ დაამაგრა ფრანი საჭირო მარყუჟში, რომლითაც მისი დაჭერა ისევ შევძელი. უმას ჩემი მეორე ჯილდოც ვაჩუქე.

"ჭეშმარიტად, ღვთაებრივი დედა ისმენს შენს ლოცვებს! ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია!" იგი დამფრთხალი ნუკრივით გაიქცა.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff