ნეტარი წმინდანი და მისი კოსმიური თავგადასავალი
ნეტარი წმინდანი და მისი კოსმიური თავგადასავალი
მთარგმნელი : ირინე ქრისტიანე ნუცუბიძე
„გთხოვ დაჯექი, პატარა ბატონო! ამჟამად ჩემს ღვთაებრივ დედას ვესაუბრები!“
ოსტატ მაჰასაიას მისაღებში, საშინელ სიჩუმეში პირველად შევედი და მისმა ანგელოზურმა გარეგნობამ თითქმის დამაბრმავა. მისი თეთრი, აბრეშუმისებრი წვერით და დიდი, მბზინავი თვალებით ის თავად სიწმინდის განსახიერება იყო. მისი აწეული ნიკაპი და კალთაში მოკეცილი ხელები მეუბნებოდნენ, რომ ჩემმა უეცარმა გამოჩენამ ის ლოცვის შუაგულში შეაწუხა.
მისმა უბრალო მოსალმებამ ჩემზე მოულოდნელად ძლიერი გავლენა მოახდინა, ისეთი, როგორიც აქამდე არასდროს განმიცდია. აქამდე დედაჩემის სიკვდილი და მწარე განშორება ყველაზე დიდ ტკივილად მეჩვენებოდა. ახლა კი მივიჩნიე, რომ აუტანელი სულიერი ტანჯვა, ღვთაებრივი დედისაგან განშორებაა. მის წინაშე ტირილით დავეცი.
„პატარა ბატონო, დამშვიდდი“, - მითხრა წმინდანმა თანაგრძნობით.
მაგრამ მე ფეხები შევკარი, როგორც სასოწარკვეთილმა გემთმღუპველმა, რადგან ეს გადარჩენის ერთადერთ ხერხად მეჩვენებოდა.
„წმინდაო მოძღვარო, გამიწიეთ შუამდგომლობა მასთან. ჰკითხეთ ღვთისმშობელს, მეც თუ ვიპოვი მადლს მის თვალწინ?“
ასეთი წმინდა დაპირება ადვილად არ გაიცემა, ამიტომ ოსტატი იძულებული გახდა გაჩუმებულიყო.
ოდნავი ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ოსტატ მაჰასაიას მეტად სანდომიანი ურთიერთობა ჰქონდა სამყაროს დედასთან. ჩემთვის ღრმად დამამცირებელი იყო, იმის გაცნობიერება, რომ ბრმა აღმოვჩნდი, მაშინ როდესაც წმინდანის უნაკლო მზერას იმწამს ყველაფრის განჭვრეტა შეეძლო. მიუხედავად მისი ნაზი შეგონებისა, მე ჩავეჭიდე მის ფეხებს და ჯიუტად განვაგრძე ჩემი ხვეწნა შუამავლობაზე.
„მე მინდა შენი თხოვნა საყვარელ დედას გადავცე“, თქვა ბოლოს მოძღვარმა ყოყმანით, მაგრამ თანაგრძნობის ღიმილით.
რა იდუმალი ძალა იყო ამ რამდენიმე სიტყვაში, რომ მათ მაშინვე გამანთავისუფლეს ჩემი ძლიერი ტკივილისაგან და ჩემი ღვთაებრივი მონატრებისაგან?
„ბატონო, შეასრულეთ თქვენი პირობა! მე მალე დავბრუნდები, რათა მისი გზავნილი მოვისმინო!“ ჩემს ხმაში მხიარული მოლოდინი იგრძნობოდა, მიუხედავად იმისა, რომ სულ ახლახანს ვტიროდი.
სანამ გრძელ კიბეებზე ჩამოვდიოდი, მანამ მოგონებებმა შემიპყრო. ოდესღაც ამ სახლში, ამჰერტის 50-ში _ სადაც ახლა ოსტატი მაჰასაიას საცხოვრებელია _ ჩვენი ოჯახი ცხოვრობდა. დედაჩემი აქ გარდაიცვალა. გაუჩინარებად, ფიზიკურ დედაზე ზრუნვამ აქ ლამის გული გამიტეხა, ახლახან კი აქ ღვთიური დედის არყოფნით ჩემი გონება ჯვარს ეცვა. განწმენდილი კედლები! სამარისებური სიჩუმე მოწმობდა ჩემს ღრმა ტკივილსა და ჩემს საბოლოო განკურნებას!
სწრაფად დავბრუნდი ჩვენს სახლში გარპარის ქუჩაზე, სადაც ჩემს პატარა სხვენის ოთახში საღამოს ათ საათამდე ვმედიტირებდი. თბილმა, ინდურმა ღამის სიბნელემ მოულოდნელად საოცარი ხილვა გაანათა.
არაამქვეყნიური ბრწყინვალებით გარშემორტყმული ღვთაებრივი დედა იდგა ჩემს წინ. მისი ნაზად მომღიმარი სახე თავად იყო სილამაზე.
„მე ყოველთვის მიყვარდი, ყოველთვის მეყვარები!“
ის გაქრა მანამ, სანამ ჯერ კიდევ ჰაერში ზეციური ხმები ჟღერდა.
მეორე დილით მზე ძლივს ამოსულიყო, როცა მეორედ ვესტუმრე ოსტატ მაჰასაიას.
იმ სახლის კიბეებს ავუყევი, რომელიც ამდენ მწარე მოგონებას ინახავდა და მესამე სართულზე მისი ოთახის წინ გავჩერდი. კარის სახელური ტილოში იყო გახვეული, რაც უეჭველია იმის მანიშნებელია, რომ წმინდანს არ სურდა, შეეწუხებინათ. ჯერ კიდევ ვყოყმანობდი, როდესაც ოსტატმა კარი თავად გამიღო. მის წმინდა ფეხებთან დავიჩოქე, ჩემი გამხიარულებული განწყობილება სერიოზული გამომეტყველებით შევცვალე, რათა ჩემი აღფრთოვანება დამემალა.
„ბატონო, უნდა ვაღიარო, რომ თქვენი გზავნილის მოსასმენად, ცოტა ადრე ვარ მოსული. ჩემზე ხომ არაფერი უთქვამს ღვთაებრივ დედას?“
„შე, პატარა ცელქო!“
სულ ეს იყო, რაც მან მითხრა. როგორც ჩანს, ჩემმა მოჩვენებითმა სერიოზულობამ მასზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
„რატომ ხართ ასეთი მიუწვდომელი და იდუმალი? წმინდანები არასოდეს საუბრობენ გარკვევით?“ შესაძლოა მე რაღაც გამოწვევა ვიყავი.
„ჩემს გამოცდას აპირებ? მისი მშვიდი თვალები მთელი გაგებით იყო სავსე. „ იმ რწმუნებას, რომელიც გუშინ საღამოს ათ საათზე თავად მშვენიერი დედისაგან მიიღე, კიდევ რამე უნდა დავამატო?“
ოსტატმა მაჰასაიამ ოსტატურად იცოდა, როგორ დაემორჩილებინა ჩემი მოუსვენარი სული. ისევ ჩავვარდი მის ფეხებთან; მაგრამ ამჯერად ბედნიერების ცრემლები დავღვარე.
„გეგონა, რომ შენი ღრმა ერთგულება, მოწყალე დედის გულს ვერ შეეხებოდა? ის, რომელსაც შენ, როგორც ადამიანურს, ისე ღვთაებრივის სახით ეთაყვანე, ვერასოდეს დატოვებს შენს სასოწარკვეთილ მოწოდებას უპასუხოდ.“
ვინ იყო ეს უბრალო წმინდანი, რომლის ოდნავი თხოვნაც ყოვლისმომცველი სულისადმი ასეთი სიყვარულით სავსე მზადყოფნით იქნა დაკმაყოფილებული? მსოფლიოს თვალში მან მოკრძალებული როლი შეასრულა, როგორც შეესაბამებოდა ყველაზე თავმდაბალ ადამიანს, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი. ამჰერსტის ქუჩაზე მდებარე ამ სახლში ოსტატი მაჰასაია უძღვებოდა პატარა კერძო სკოლას ბიჭებისათვის. არც ერთი საყვედური არ გაუვლია მის ტუჩებს. როგორც წესები, ასევე წკეპლა ვერ ინარჩუნებენ დისციპლინას. ამ მოკრაძალებულ კლასებში ასწავლიდნენ სიყვარულის მათემატიკასა და ქიმიას, რომელიც არცერთ სახელმძღვანელოში არ მოიპოვება. მან თავისი სიბრძნე სულიერი ქარიზმით გადმოსცა და არა მკაცრი წესებით. მას შემდეგ, რაც იგი მთლიანად ღვთიური დედის სიყვარულში ჩაეფლო, როგორც ბავშვი, არ ელოდა გარეგნული პატივისცემის გამოვლენას მის მიმართ.
„მე არ ვარ შენი გურუ“, მითხრა მან. „შენ მას მოგვიანებით შეხვდები და მისი ხელმძღვანელობით ისწავლი, შენი ღვთაებრივი სიყვარული და ერთგულება სიბრძნედ აქციო.“
ყოველ გვიან შუადღით ახლა ამჰერსტის ქუჩაზე აღმოვჩნდი; ვნატრობდი ოსტატი მაჰასაიას ღვთაებრივ თასს, რომელიც პირამდე იყო სავსე და მისი წვეთები ყოველდღიურად ჩემზე გადმოდიოდა. არასდროს არავის წინაშე ასეთი სრული პატივისცემით ქედი არ მომიხრია. ფაქტობრივად, შეუდარებელ პრივილეგიად მივიჩნიე, რომ შევხებოდი იმავე მიწას, რომელიც ოსტატი მაჰასაიას ფეხებით იყო განწმენდილი.
ერთ საღამოს მას გირლიანდები მივუტანე.
„ბატონო, შემიძლია ეს შამპაქის გირლიანდები დაგკიდოთ? მე ისინი სპეციალურად თქვენთვის შევკარი.“ მაგრამ ის მორცხვად შებრუნდა და არაერთხელ მითხრა უარი ამ პატივის მიღებაზე. როცა მიხვდა, რომ ამით იმედები ძალიან გამიცრუა, საბოლოოდ ღიმილით დამეთანხმა.
„ვინაიდან, ჩვენ ორივეს გვიყვარს ღვთაებრივი დედა, შეგიძლია ამ სხეულის ტაძრის გარშემო დაკიდო ეს გრილიანდები _ როგორც შესაწირი მას, ვინც ჩვენში ცხოვრობს.“ მის ყოვლისმომცველ გონებაში რაიმე ეგოისტური განზრახვებისათვის ადგილი არ ყოფილა.
„ხვალ გვინდა დაკშინესვარში წავიდეთ და მოვინახულოთ კალის ტაძარი, რომელიც სამუდამოდ განწმენდილია ჩემი გურუს მიერ.“ ოსტატი მაჰასაია იყო ქრისტეს მსგავსი ოსტატის შრი რამაკრიშნა პარამაჰანსას მოწაფე.
მეორე დილით ოთხი მილი გავიარეთ გემით განგზე და შემდეგ კალის ცხრაგუმბათიან ტაძარში შევედით. იქ შივასა და ღვთაებრივი დედის ფიგურები ეყრდნობა ვერცხლით მოჭედილ ლოტოსს, რომლის ათასი ფურცელი უდიდესი სიფრთხილით არის გამოყვანილი. ოსტატი მაჰასაიას სახეზე ნეტარება გამოეხატა. იგი მთლიანად ღვთაებრივი დედის შინაგან ხედვაში ჩაეფლო. როცა ჩუმად მის სახელს მღეროდა, ჩემი გული ლამის ნეტარებისაგან აფეთქდა.
მოგვიანებით, ჩვენ ვიხეტიალეთ წმინდა ტაძრის ტერიტორიაზე და ცოტა ხანი თამარისკების ხეივანში გავატარეთ. ამ ხისგან გამოყოფილი სპეციალური მანა, სიმბოლური იყო ოსტატი მაჰასაიას მიერ მოწოდებული ზეციური საკვებისა. ის აგრძელებდა ღვთაებრივ მიმართვას, მე კი ვიჯექი ბალახზე გაუნძრევლად და შეურხევლად ვარდისფერბუმბულიან თამარისკების ყვავილებს შორის. ზოგჯერ სხეულს ვტოვებდი და არამიწიერ სიმაღლეებამდე ვლივლივებდი.
ეს იყო პირველი იმ მრავალ მომლოცველობათა შორის დაკშინესვარში, რომელიც მე გავაკეთე წმინდა მოძღვარის კომპანიონობით. მისი მეშვეობით მე ღვთის სიკეთე დედობრივი სახით _ ანუ ღვთაებრივი მადლი_ შევიცანი. ამ ბავშვურ წმინდანს ნაკლებად იზიდავდა ღმერთის მამობრივი ბუნება _ ღვთაებრივი სამართალი, რადგან მკაცრი მათემატიკური განსჯა უცხო იყო მისი ნაზი ხასიათისათვის.
„ის ზეციური ანგელოზის მიწიერი არქეტიპია“, გავიფიქრე სიყვარულით, როცა ერთ დღესაც ლოცვისას ვაკვირდებოდი. მისი თვალები _ რომლებიც დიდი ხნის განმავლობაშია იცნობენ სამოთხის სიწმინდეს _ ამ სამყაროს ოდნავი განსჯისა და ბრალდების გარეშე უყურებდნენ. მისი სხეული და გონება, მისი სიტყვები და ქმედებები მისი სულის შინაგან ჰარმონიასა და სიმარტივეს გამოხატავდნენ. ყოველ ჯერზე, როცა წმინდანი ბრძნულ რჩევას არიგებდა, ამატებდა : „ჩემი ოსტატი მეუბნებოდა ასე.“ ამით მას სურდა თავიდან აეცილებინა შეხედულება, რომ რჩევა პირადად მისგან მოდიოდა. ის იმდენად აიგივებდა თავს შრი რამაკრიშნასთან, რომ საკუთარ აზრებს როგორც საკუთარს აღარც განიხილავდა.
ერთ საღამოს წმინდანთან ერთად ხელიხელჩაკიდებულმა ვიარე მისი სკოლის გარშემო. თუმცა სიხარული გამინელდა, როდესაც საკუთარი თავით აღსავსე ნაცნობს შევხვდით და სიტყვების გაუთავებელი ნაკადი დაგვაფერთხა.
„ვხედავ, რომ ამ მოგწონს ეს კაცი“, მიჩურჩულა წმინდანმა, ისე რომ ჩვენს ამპარტავან თანამგზავრს, რომელიც საკუთარი მონოლოგით იყო მთვრალი, არ გაუგონია. „მე ვუთხარი ეს ღვთაებრივ დედას და მას ესმის ჩვენი გასაჭირი. როგორც კი აქვე იმ წითელ სახლს მივუახლოვდებით, ის მას გადაუდებელ საქმეს შეახსენებს“.
ჩემი მზერა შეიპყრო ამ სამაშველო სახლმა. და ჭეშმარიტად! როგორც კი წითელ ჭიშკარს მივუახლოვდით, მამაკაცი უცებ ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე შებრუნდა და წავიდა. არც წინადადება ჰქონდა დასრულებული და არც დაგვემშვიდობა. არეულ ატმოსფეროს სიმშვიდე მოეფინა.
სხვა დროს ჰორაჰის რკინიგზის სადგურთან ახლოს მარტო ვსეირნობდი და რამდენიმე წამით გავჩერდი ტაძრის წინ, რათა ჩუმად კრიტიკით დავკვირვებოდი მამაკაცთა ჯგუფს, რომლებიც ენერგიულად ურტყამდნენ დოლსა და ციმბალებს და ხმამაღლა მთლიანად ფილტვებიდან მღეროდნენ.
„როგორ მექანიკურად და უხეშად იმეორებენ ღმერთის სახელს“, ვფიქრობდი მე. უეცრად, ჩემდა გასაოცრად, დავინახე, რომ ოსტატი მაჰასაია სწრაფი ნაბიჯებით მიახლოვდებოდა.
„ბატონო, აქ როგორ აღმოჩნდით?“
წმინდანმა უგულებელყო ჩემი შეკითხვა და სანაცვლოდ უპასუხა ჩემს აზრებს. „არ გგონია, პატარა ღმერთო, რომ საყვარელი ღმერთის სახელი ყოველთვის სასიამოვნოდ ჟღერს, სულერთია, უმეცარის თუ ბრძენის პირიდან ისმის?“ მან ნაზად მომხვია მკლავი მხრებზე და მაშინვე ჯადოსნური ხალიჩასავით შემიყვანა მოწყალე ღვთაებრივ ყოფაში.
„გსურს ბიოსკოპის ნახვა?“, შემეკითხა ოსტატი მაჰასაია ერთ ნაშუადღევს. მე გაოგნებული ვიყავი ოსტატმა რომ მთხოვა ამის გაკეთება. იმის გამო, რომ „ბიოსკოპი“ იყო სახელი, რომელიც გამოიყენებოდა იმ დროს ინდოეთის კინოთეატრის აღსაწერად. რა თქმა უნდა დავთანხმდი, რადგან მასთან ყოფნის ნებისმიერი შესაძლებლობა მიხაროდა. სწრაფი სიარულის შემდეგ უნივერსიტეტის მოედანზე შევედით. ჩემმა კომპანიონმა სკამზე მიმანიშნა, რომელიც გოლდიგის (ტბის) ნაპირზე იდგა.
„რამდენიმე წუთით ჩამოვჯდეთ. ჩემმა ოსტატმა მირჩია, ყოველ ჯერზე, როდესაც წყლის ზედაპირს ვხედავ, ცოტა ხნით მედიტაციისთვის შევჩერდე. რადგან დუმილი წყლის ანარეკლისა ღმერთის უსაზღვრო სიჩუმეს გვახსენებს. როგორც ყველაფერი წყალში, ასევე მთელი სამყარო კოსმიური გონების ტბაში აისახება“, ამბობდა ჩემი გურუდევა.
მალევე შევედით უნივერსიტეტის სალექციო დარბაზში, სადაც ლექცია მიმდინარეობდა. ლექცია საშინლად მოსაწყენი მეჩვენა, თუნდაც დროდადრო ფოტოები _ რომლებიც ასევე უინტერესო იყო!_ თანდართული ჰქონდა.
„ასე რომ, ეს არის ის ბიოსკოპი, რომელიც ოსტატს სურდა ჩემთვის ეჩვენებინა“, ვფიქრობდი ოდნავ მოუთმენლად. თუმცა ჩემი მოწყენილობის გამოვლენით, არ მინდოდა წმინდანისთვის მეწყენინებინა. მაგრამ მან ჩემი ფიქრები დაინახა და სანდომიანად მიჩურჩულა :
„ვხედავ, პატარა ბატონო, რომ ბიოსკოპი არ მოგწონს. მე ეს ღვთაებრივ დედას ვუთხარი,და ორივე ვწუხვართ. ამიტომაც ახლა მან შუქი უნდა ჩააქროს, რომ შეუმჩნევლად გავიდეთ აქედან.“
როგორც კი ჩურჩული დაასრულა, ოთახი უცებ სიბნელეში ჩაიძირა. და პროფესორმა, რომლის მახვილი ხმაც წამით გაოგნებული დადუმდა, შენიშნა : „დარბაზში ელექტრო გაყვანილობა, როგორც ჩანს, გაუმართავია.“ ამასობაში მე და ოსტატმა მაჰასაიამ ბარიერს გადავაბიჯეთ. დერეფანიდან რომ გავიხედე, დავინახე, რომ ოთახი ისევ განათებულიყო.
„ბიოსკოპით იმედი გაგიცრუვდა, პატარა ბატონო, მაგრამ შემიძლია კიდევ ერთი გაჩვენო, რომელიც უფრო მოგეწონება.“ უნივერსიტეტის შენობის წინ მერიასთან ვიდექით, როცა წმინდანმა ეს სიტყვები მითხრა და გულმკერდზე მსუბუქად დამარტყა.
მაშინვე ტრანსფორმაციულმა სიჩუმემ დაისადგურა. როგორც ხმოვანი ფილმი შეიძლება ჩუმ ფილმად იქცეს, თუ ხმის გამაძლიერებელი მწყობრიდანაა გამოსული, ისე ყველა მიწიერი ხმაური მოულოდნელად ღვთაებრივი ხელით ჩაჩუმდა. ფეხით მოსიარულეები, ავტობუსები და მანქანები, ხარების ურმები და ცხენიანი ეტლები რკინით ნაჭედი ბორბლებით _ ისინი ყველანი გაირინდნენ. მე ვხედავდი ჩემს უკან და გვერდით განვითარებულ სცენებს ისევე გაუნძრევლად, როგორც სცენებს ჩემს წინ _ თითქოს ყველგანმყოფი თვალი მქონდა. მთელმა ამ აურზაურმა კალკუტას ამ პატარა ნაწილში ოდნავი ხმის გარეშე ჩამიარა. ისევე როგორც ხედავთ ცეცხლს, რომელიც ფერფლის თხელი ფენის ქვეშ იწვის, დავინახე, ეს პანორამა თუ როგორ იყო მქრქალი სიკაშკაშით განმსჭვალული.
ჩემი სხეული თითქოს მხოლოდ ერთ-ერთი იყო მრავალი ჩრდილიდან _ იმ განსხვავებით, რომ ის უმოძრაო იყო, ხოლო დანარჩენი ჩრდილები ჩუმად სრიალებდნენ წინ და უკან. რამდენიმე ჩემი მეგობარი მომიახლოვდა და ჩამიარეს. მიუხედავად, რომ პირდაპირ მხედავდნენ, ვერ მცნობდნენ.
ამ უნიკალურმა სანახაობამ ენით აღუწერელ ექსტაზურ მდგომარეობაში ჩამაგდო. ღრმა ყლუპებით შევსვი კურთხეული წყაროდან. უეცრად ჩემმა მკერდმა მორიგი ნაზი დარტყმა მიიღო ოსტატი მაჰასაიას ხელისგან, და სამყაროს ჯოჯოხეთური ხმაური ისევ ატყდა. ისე ვკანკალებდი, თითქოს ზეციური სიზმარისაგან სასტიკად ამომგლიჯეს. დამათრობელი ღვინო ისევ მიუწვდომელი გახდა.
„პატარა ბატონო, ვხედავ, რომ მეორე ბიოსკოპი უფრო მოგეწონა“, ღიმილით მითხრა წმინდანმა. მადლიერების ნიშნად მინდოდა მის წინაშე დავჩოქილიყავი, მაგრამ მან მითხრა, „ამის გაკეთების უფლება აღარ გაქვს. შენ უკვე იცი, რომ ღმერთი შენს ტაძარშიც ცხოვრობს. ამას ვერ დავუშვებ, რომ ღვთაებრივი დედა შენი ხელების გავლით ჩემს ფეხებს შეეხოს.“
ვინც ჩვენ გვაკვირდებოდა, ტროტუარს ნელ-ნელა როგორ ვშორდებოდით, იფიქრებდა, რომ მთვრალები ვიყავით. თავად მე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საღამოს ჩრდილებიც კი ღმერთით იყვნენ მთვრალნი და ჩვენს ნეტარებას იზიარებდნენ.
სანამ მე არაადეკვატური სიტყვებით ვცდილობ, ოსტატი მაჰასაიას უსაზღვრო სიკეთეს სამართლიანად მივუახლოვდე, ვეკითხები ჩემს თავს, მან და სხვა წმინდანებმა, რომლებმაც ჩემი გზა გადაკვეთეს, იცოდნენ თუ არა, რომ წლების შემდეგ დასავლეთის ქვეყანაში მათი ცხოვრებისა და ღმერთისადმი სიყვარულზე დავწერდი. ყოველ შემთხვევაში, მისი ნათელმხილველობა არ მაკვირვებდა, და რა თქმა უნდა, არც ჩემს მკითხველებს, რომლებიც აქამდე მომყვებიან.
ყველა რელიგიის წმინდანებმა, კოსმიური შეყვარებულის მუდმივად შიგნით წარმოსახვას, ღმერთის შეცნობას, მარტივი მეთოდით მიაღწიეს. ვინაიდან აბსოლუტი „მახასიათებლების გარეშე“ (ნირგუნა) და „შეუცნობელი“ (აჩინტია) არის, მის წარმოდგენას ადამიანური გონება და ადამიანური ლტოლვა ყოველთვის სამყაროს დედის ფორმით ცდილობდა. თეიზმის (პიროვნული ღმერთის რწმენა) შერწყმა აბსოლუტის ფილოსოფიასთან არის ინდუისტური აზროვნების მიღწევა, რომელიც ვედებში და ბჰაგავად-გიტაშია გამოხატული. ეს „საპირისპირო მორიგება“ აკმაყოფილებს გულსაც და გონებასაც. ბჰაკტი (ერთგულება) და ჯნანა (სიბრძნე) არსებითად ერთი და იგივეა. რადგან პრაპატი (ღმერთში თავშესაფარის ძიება) და შარანაგატი (ღვთაებრივი წყალობისადმი მინდობა) რეალურად უმაღლესი ცოდნის გზებია.
ოსტატი მაჰასაიას და ყველა სხვა წმინდანის თავმდაბლობა შეესაბამება მათი დამოკიდებულების სრულ აღიარებას (სეშატვა) ღმერთზე, ერთადერთ სიცოცხლესა და ერთადერთ მსაჯულზე. ვინაიდან ნეტარება ღმერთის ჭეშმარიტი ბუნებაა, მასთან ჰარმონიაში მყოფი ადამიანი სულის თანდაყოლილ, უსაზღვრო სიხარულს განიცდის.
„სულისა და ნების პირველი ვნება სიხარულია!“
ყველა ასაკის ღვთისმოშიში ადამიანი ბავშვური ნდობით უახლოვდება ღვთაებრივ დედას და გვარწმუნებს, რომ ის მუდამ თამაშობს მათთან. ოსტატი მაჰასაიას ცხოვრებაში ეს ღვთაებრივი თამაში გამოიხატა, როგორც მნიშვნელოვან, ისე უმნიშვნელო მოვლენებში. რადგან ღვთის თვალში არაფერია დიდი ან პატარა. მას რომ არ შეექმნა ატომი ასეთი სიზუსტით, როგორ შეძლებდა ზეცა სამეფო ვეგას და ამაყი არქტურუსის ტარებას? განსხვავება „მნიშველოვანს“ და „უმნიშვნელოს“ შორის, რა თქმა უნდა, უფლისათვის უცნობია, რადგან ერთი ქინძისთავი რომ აკლდეს, მთელი კოსმოსი დაინგრევა.