პარამაჰანსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია

პარამაჰანსა იოგანანდა
5
2

მთარგმნელები: ქრისტეანე სხივოსანი და ნინო გურული

კაში, ხელახლა დაბადებული და ხელახლა აღმოჩენილი

მთარგმნელი:  ქრისტეანე სხივოსანი 

„გთხოვთ, წყალში არ შეხვიდეთ. მოდით, ვედროები ავავსოთ და ასე ვიბანაოთ.“

მივმართავდი ახალგაზრდა რანჩი სტუდენტებს, რომლებიც მეზობელ გორაკზე რვა მილის დაშორებით ლაშქრობაში მახლდნენ თან. ჩვენს წინ ტბორი მიმზიდველი იყო, თუმცა მის მიმართ უსიამოვნო შეგრძნება გამიჩნდა. ჩემს გარშემო მყოფმა ჯგუფმა ჩემს მაგალითს მიბაძა და ვედროები წყალში ჩაძირა, მაგრამ რამდენიმე ბიჭი გრილი წყლის ცდუნებას აჰყვა. როგორც კი ჩაყვინთეს, ირგვლივ დიდი წყლის გველები დატრიალდნენ. ბიჭები აუზიდან სასაცილო სისწრაფით ამოვიდნენ.

დანიშნულების ადგილამდე მისვლის შემდეგ პიკნიკით ვისიამოვნეთ. ხის ქვეშ ვიჯექი, სტუდენტების ჯგუფით გარშემორტყმული. აღმომაჩინეს რა შთამაგონებელ ხასიათზე, კითხვებით დამამუშავეს.

„გთხოვთ, მითხარით, ბატონო,“ იკითხა ერთმა ახალგაზრდამ, „ყოველთვის თქვენთან დავრჩები თუ არა განდგომილობის გზაზე?“

„აჰ, არა“, ვუპასუხე მე, „ძალით წაგიყვანენ სახლში, და მოგვიანებით იქორწინებ“.

დაეჭვებულმა, მან მძაფრი პროტესტი გამოხატა. „მხოლოდ მკვდარს თუ წამიყვანენ სახლში“. მაგრამ რამდენიმე თვეში მისი მშობლები ჩამოვიდნენ მის წასაყვანად, მისი ცრემლიანი წინააღმდეგობის მიუხედავად; რამდენიმე წლის შემდეგ ის დაქორწინდა.

ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, მომმართა ბიჭმა, სახელად კაშიმ. ის დაახლოებით თორმეტი წლის იყო, ბრწყინვალე სტუდენტი და ყველასთვის საყვარელი.

„ბატონო,“ თქვა მან, „როგორი იქნება ჩემი ბედი?“

„მალე მოკვდები.“ პასუხი დაუძლეველი ძალით გამომცდა ტუჩებიდან.

ამ მოულოდნელმა გამჟღავნებამ შოკში ჩამაგდო, და დამამწუხრა მეც და ყველა დამსწრეც.

ჩუმად ვსაყვედურობდი საკუთარ თავს „enfant terrible“ -ობის ( გამოუსწორებელი ბავშვი, როგორც ისეთი, ვისი საქციელიც უხერხულია.) გამო. შემდგომ კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი ვთქვი.

სკოლაში დაბრუნებისას კაში ჩემს ოთახში მოვიდა.

„თუ მოვკვდები, ხელახლა დაბადებისას მიპოვით და სულიერ გზაზე დამაბრუნებთ?“  ატირდა ის. 

ვგრძნობდი, რომ იძულებული ვიყავი, უარი მეთქვა ამ რთულ ოკულტურ პასუხისმგებლობაზე. მაგრამ კვირების განმავლობაში კაში ჯიუტად მაიძულებდა. როდესაც დავინახე, რომ ის უკიდურესად შეშფოთებული იყო, საბოლოოდ ვანუგეშე.

„დიახ,“ დავპირდი. „თუ ზეციერი მამა დახმარებას გამიწევს, ვეცდები გიპოვო.“

ზაფხულის არდადეგების დროს მოკლე მოგზაურობა დავიწყე. ვნანობდი, რომ კაშის თან წაყვანა არ შემეძლო, ამიტომ წასვლამდე ჩემს ოთახში შევიპატიჟე და ფრთხილად ვუთხარი, ყოველგვარი დარწმუნების მიუხედავად, სკოლის სულიერ ვიბრაციებში დარჩენილიყო. რატომღაც, ვგრძნობდი, რომ თუ სახლში არ დაბრუნდებოდა, შესაძლოა, მოახლოებული უბედურებისთვის თავი აერიდებინა.

როგორც კი წამოვედი, კაშის მამა რანჩიში ჩავიდა. თხუთმეტი დღის განმავლობაში ის ცდილობდა შვილის ნების გატეხვას და უხსნიდა, რომ თუ კაში კალკუტაში მხოლოდ ოთხი დღით წავიდოდა დედის სანახავად, შემდეგ შეეძლო დაბრუნებულიყო. კაში დაჟინებით ამბობდა უარს. საბოლოოდ მამამ თქვა, რომ ბიჭს პოლიციის დახმარებით წაიყვანდა. მუქარამ კაში შეაშფოთა, რომელსაც არ სურდა სკოლისთვის რაიმე არასასურველი საჯაროობის გამოწვევის მიზეზი გამხდარიყო. მან წასვლის გარდა სხვა გზა ვერ დაინახა.

რამდენიმე დღის შემდეგ რანჩიში დავბრუნდი. როდესაც გავიგე, რომ კაში წაიყვანეს, მაშინვე კალკუტაში გავემგზავრე. იქ ცხენების ეტლი დავიქირავე. ძალიან უცნაურია, მაგრამ როდესაც მანქანა განგზე გადებული ჰოურას ხიდს მიღმა გადიოდა, კაშის მამა და სხვა ნათესავები სამგლოვიარო ტანსაცმელში დავინახე.

მძღოლს დავუყვირე გაჩერებულიყო, გარეთ გამოვვარდი და გაბრაზებულმა მამას შევხედე.

„ბატონო მკვლელო,“ წამოვიძახე გარკვეულწილად უსაფუძვლოდ,  „თქვენ ჩემი ბიჭი მოკალით!“

მამას უკვე გაცნობიერებული ჰქონდა, თუ რა შეცდომა დაუშვა, როდესაც კაში კალკუტაში ძალით წაიყვანა. იმ რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც ბიჭი იქ იმყოფებოდა, დაბინძურებული საკვები უჭამია, ქოლერა შეეყარა და გარდაიცვალა.

კაშისადმი სიყვარული და სიკვდილის შემდეგ მისი პოვნის პირობა, დღე და ღამე მოჩვენებასავით დამსდევდა. სადაც არ უნდა წავსულიყავი, მისი სახე ჩემს წინ ჩანდა. მისი თავდავიწყებული ძებნა დავიწყე, ზუსტად ისეთივე დიდი ხნის წინ, როგორც ჩემს დაკარგულ დედას ვეძებდი.

ვგრძნობდი, რომ რამდენადაც ღმერთმა მომცა გონიერების უნარი, ჩემი ძალები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო, რათა აღმოვაჩინო ნატიფი კანონები, რომელთა მეშვეობითაც ბიჭის ასტრალური ადგილსამყოფელის დადგენა შემეძლება. მივხვდი, რომ ის იყო სული, რომელიც შეუსრულებელი სურვილებით ვიბრირებდა _ სინათლის მასა, რომელიც სადღაც მილიონობით მანათობელ სულს შორის დაცურავდა ასტრალურ რეგიონებში. როგორ შემეძლო სხვა სულების ამდენ ვიბრაციულ შუქს შორის მასთან თანხმობაში ყოფნა?

საიდუმლო იოგას ტექნიკის გამოყენებით, ჩემი სიყვარული კაშის სულს სულიერი თვალის მიკროფონით, წარბებს შორის შიდა წერტილით, გადავეცი. აწეული ხელებისა და თითების ანტენებით ვცდილობდი მეპოვა ის მიმართულება, საითაც ის ემბრიონად დაიბადა. იმედი მქონდა, რომ მისგან პასუხს ჩემი გულის კონცენტრაციაზე მორგებულ რადიოში მივიღებდი. 28.1.   

ინტუიციურად ვგრძნობდი, რომ კაში მალე დაბრუნდებოდა დედამიწაზე და თუ განუწყვეტლივ გავავრცელებდი ჩემს ძახილს, მისი სული მიპასუხებდა. ვიცოდი, რომ კაშის მიერ გამოგზავნილ უმცირეს იმპულსს ჩემს თითებში, ხელებში, მკლავებში, ხერხემალსა და ნერვებში ვიგრძნობდი. 

კაშის გარდაცვალებიდან დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში, დაუღალავი მონდომებით ვვარჯიშობდი იოგას მეთოდს. ერთ დილით, კალკუტას ხალხმრავალ ბოუბაზარის უბანში რამდენიმე მეგობართან ერთად სეირნობისას, ხელები ჩვეული მანერით ავწიე. პირველად, რეაგირება მოხდა. აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც თითებსა და ხელისგულებში ელექტრული იმპულსების გამოდინება ვიგრძენი. ეს ნაკადები ჩემი ცნობიერების ღრმა კუნჭულიდან ერთ უძლიერეს ფიქრში გადაიზარდა: „კაში ვარ; კაში ვარ; მოდი ჩემთან!“ 

ეს აზრი თითქმის მოსასმენი გახდა, როდესაც გულის რადიოზე გავამახვილე ყურადღება. კაშისთვის დამახასიათებელ, ოდნავ ხრინწიან ჩურჩულში 28.2. მისი გამოძახება ისევ და ისევ მესმოდა. ჩემს ერთ-ერთ თანამგზავრს, პროკაშ დასს, 28.3. ხელი ჩავკიდე და სიხარულით გავუღიმე.

„როგორც ჩანს, კაში ვიპოვე!“

წრეზე ვტრიალებდი, რაც ჩემი მეგობრებისა და გამვლელების დაუფარავ გართობას იწვევდა. ელექტრული იმპულსები თითებში მხოლოდ მაშინ მჩხვლეტდა, როდესაც ახლომდებარე ბილიკისკენ ვტრიალდებოდი, რომელსაც შესაფერისად „გველის შესახვევი“ ერქვა. ასტრალური ნაკადები ქრებოდნენ, როდესაც სხვა მიმართულებით ვტრიალდებოდი.

„აჰ,“ წამოვიძახე მე, „კაშის სული ალბათ რომელიღაც დედის მუცელში ცხოვრობს, რომლის სახლიც ამ შესახვევშია.“

მე და ჩემი თანამგზავრები გველის შესახვევს მივუახლოვდით; ჩემს აწეულ ხელებში ვიბრაცია ძლიერდებოდა და უფრო გამოკვეთილი ხდებოდა. როგორც მაგნიტი, გზის მარჯვენა მხარეს მიმიზიდა. როდესაც ერთ-ერთი სახლის შესასვლელს მივაღწიე, გაოცებული დავრჩი, როცა ადგილზე გავიყინე. სუნთქვა შეკრულმა, ძლიერ აღელვებულ მდგომარებაში კარზე დავაკაკუნე. ვგრძნობდი, რომ ჩემი ხანგრძლივი, დამღლელი და, რა თქმა უნდა, უჩვეულო ძიება წარმატებით დასრულდა!

კარი მოახლემ გამიღო და მითხრა, რომ მისი ბატონი სახლში იყო. ის მეორე სართულიდან კიბეებზე ჩამოვიდა და კითხვანარევმა გამიღიმა. არ ვიცოდი, როგორ ჩამომეყალიბებინა ჩემი კითხვა, რომელიც ერთდროულად აქტუალურიც იყო და უადგილოც.

„გთხოვთ, მითხრათ, ბატონო, თქვენ და თქვენი მეუღლე დაახლოებით ექვსი თვეა ბავშვს ელოდებით?“

 „დიახ, ასეა.“ როდესაც დაინახა, რომ მე სვამი ვიყავი, განდგომილი ტრადიციულ ნარინჯისფერ სამოსში გამოწყობილი, თავაზიანად დაამატა: „გთხოვთ, მითხარით, საიდან იცით ჩემი საქმეები.“

როდესაც კაშისა და ჩემს მიერ მიცემული დაპირების შესახებ გაიგო, გაოცებულმა ადამიანმა ჩემი ამბავი დაიჯერა.

„ღია ფერის მამრობითი სქესის შვილი გაგიჩნდება“,  ვუთხარი მას. „მას ექნება ფართო სახე, შუბლზე ალოკილი თმით. მისი ხასიათი შესამჩნევად სულიერი იქნება.“ დარწმუნებული ვიყავი, რომ მომავალი ბავშვი კაშის მსგავსებებს აიღებდა.

მოგვიანებით მე მოვინახულე ბავშვი, რომელსაც მშობლებმა მას ძველი სახელი, კაში, დაარქვეს. ჩვილობაშიც კი ის გარეგნულად საოცრად ჰგავდა ჩემს ძვირფას რანჩის სტუდენტს. ბავშვმა მყისიერი სიყვარული გამომიცხადა; წარსულის მიზიდულობამ გაორმაგებული ინტენსივობით გაიღვიძა.

წლების შემდეგ, ამერიკაში ყოფნის დროს, მოზარდმა ბიჭმა მომწერა. მან ამიხსნა თავისი ღრმა სურვილი, გაჰყოლოდა განდგომილის გზას. მე ის ჰიმალაის ოსტატის მიმართულებით გავუშვი, რომელიც დღემდე ხელმძღვანელობს ხელახლა დაბადებულ კაშის.

.....................................................................................................................................................

28.1. ნება, რომელიც წარბებს შორის წერტილიდან გამოიხატება, იოგებისთვის აზროვნების გადამცემი აპარატის სახელითაა ცნობილი. როდესაც გრძნობა მშვიდად არის გულზე კონცენტრირებული, ის მოქმედებს როგორც გონებრივი რადიო და შეუძლია სხვების შეტყობინებების მიღება შორიდან თუ ახლოდან. ტელეპათიის დროს ერთი ადამიანის გონებაში აზრების ნატიფი ვიბრაციები ასტრალური ეთერის ნატიფი ვიბრაციებით გადაეცემა, შემდეგ კი უფრო უხეში მიწიერი ეთერის მეშვეობით, რაც ქმნის ელექტრულ ტალღებს, რომლებიც, თავის მხრივ, მეორე ადამიანის გონებაში აზრების ტალღებად გარდაიქმნება.

28.2. ყოველი სული თავის სუფთა მდგომარეობაში ყოვლისმცოდნეა. კაშის სულს ახსოვდა კაშის, ბიჭის, ყველა მახასიათებელი და ამიტომ მის ჩახლეჩილ ხმას ბაძავდა, რათა ჩემი ამოცნობა გამოეწვია.

28.3. პროკაშ დასი -Prokash Das- ბენგალის ქალაქ დაკშინესვარში ჩვენი იოგოდა მათეს -Yogoda Math-(ერმიტაჟის კვარტალი) მეორე ამჟამინდელი დირექტორია.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff