წმინდანი ორი სხეულით
თავი მესამე - წმინდანი ორი სხეულით
– მამა, შეიძლება ბენარესში წავიდე ღირშესანიშნაობების დასათვარიელებლად? პირობას გაძლევ, აუცილებლად დავბრუნდები.
მოგზაურობისადმი ჩემს ძლიერ სიყვარულს მამა იშვიათად უქმნიდა ხოლმე რაიმე დაბრკოლებას. მიუხედავად იმისა რომ უბრალოდ პატარა ბიჭი ვიყავი, მან ნება დამრთო, მრავალი ქალაქი და მომლოცველი მომენახულებინა. ჩვეულებრივ, ერთი ან რამდენიმე მეგობარი მახლდა თან; ჩვენ კომფორტულად ვიმოგზაურებდით ხოლმე მამის მიერ გადმოცემული პირველი კლასის ბილეთებით. მისი პოზიცია როგორც რკინიგზის თანამდებობის პირისა, დიდად ხელსაყრელი იყო ოჯახის მოხეტიალე წევრებისათვის.
მამა დამპირდა, რომ ჩემს თხოვნას საგულდაგულოდ გაითვალისწინებდა. მეორე დღესვე დამიბარა და ორმხრივი ბილეთი გამომიწოდა ბარელიდან ბენარესამდე, ასევე რამდენიმე რუპია და ორი წერილი.
"ჩემი ბენარესელი მეგობრის, კედარ ნატ ბაბუსადმი, საქმიანი წინადადება მაქვს. სამწუხაროდ, მისი მისამართი დავკარგე. მაგრამ მჯერა, რომ შეძლებ მას ეს წერილი ჩვენი საერთო მეგობრის, სვამი პრანაბანანდას მეშვეობით გადასცე. სვამი, ჩემი სულიერი ძმაა, მან ამაღლებულ სულიერ მდგომარეობას მიაღწია. მასთან ურთიერთობა შენთვის დიდი იღბალი იქნება; ეს არის ჩემი მეორე მიზანი - შენი მასთან შეხვედრა."
მამას თვალები აუწყლიანდა, როცა დაამატა: "მეტი აღარ გაფრინდე სახლიდან!"
მე წამოვედი ჩემი როგორც თორმეტი წლის ბიჭუნას დამახასიათებელი ხალისით (თუმცა შემდგომაც, დრო არასდროს ამცირებდა ახალი სცენებითა და უცნაური სახეებით ჩემთვის მონიჭებულ ბედნიერებას). ბენარესს რომ მივაღწიე, მაშინვე გავემართე სვამის სამყოფელისაკენ. შესასვლელი კარი ღია იყო; მეორე სართულის გრძელ, დარბაზის მსგავსი ოთახისაკენ ავიღე გეზი. საკმაოდ მოსული მამაკაცი, რომელსაც მხოლოდ ჯვალო ეცვა, ლოტოსის პოზაში იჯდა ოდნავ შემაღლებულ ასანაზე. თავი და უნაოჭო სახე სუფთად ჰქონდა გაპარსული; მშვენიერი ღიმილი დასთამაშებდა მის ბაგეებს. ჩემი ფიქრის გასაფანტად, რომ მის სამყოფელში შევიჭერი, იგი ისე მომესალმა როგორც ძველ მეგობარს.
"ბაბა ანანდა (ნეტარება ჩემს ძვირფას ადამიანს)." მან ეს მისასალმებელი სიტყვები დიდად გულიანად, ბავშვური ხმით წარმოთქვა. დავიჩოქე და ტერფებზე შევეხე.
"სვამი პრანაბანანდა ხართ?"
მან თავი დამიქნია. "ბჰაგაბატის შვილი ხარ?" მისი სიტყვების დასრულებამდე ჯიბიდან მამას წერილი ამოვიღე. გაოცებულმა გადავეცი პირველი შეტყობინება, რომელიც ახლა უკვე ზედმეტი მეჩვენა.
„რა თქმა უნდა, მოგიძებნი კედარ ნათჰ ბაბუს.“ წმინდანმა ისევ გამაკვირვა თავისი ნათელმხილველობის უნარით. მან წერილს გადახედა და რამდენიმე მოსიყვარულე რემარკა გააკეთა ჩემი მშობლის სიტყვებზე.
„იცით, ორი პენსიით ვსარგებლობ, ერთი მამაშენის რეკომენდაციითაა, რადგან ოდესღაც რკინიგზის სამსახურში ვმუშაობდი, მეორე - მამაზეციერის რეკომენდაციით, რომლის მიმართაც კეთილსინდისიერად აღვასრულე ჩემი მიწიერი მოვალეობები ამ ცხოვრებაში."
ეს შენიშვნა ძალიან ბუნდოვანი მეჩვენა. "რა პენსიას იღებთ, ბატონო, მამაზეციერისგან, განა ფულს იგი კალთაში გიყრით?"
მან გაიცინა. "ჩემი პენსია სიმშვიდეა - ჯილდო მრავალი წლის ღრმა მედიტაციის შედეგად. ფული სულ არ მჭირდება, რადგან ჩემი მცირე მატერიალური საჭიროებები სრულად არის უზრუნველყოფილი. მოგვიანებით კი მეორე პენსიის მნიშვნელობასაც გაიგებთ."
უცებ მან საუბარი შეწყვიტა და უძრავად გაირინდა. ამოუცნობმა ენერგიამ მოიცვა იქაურობა. თავიდან თვალები უბრწყინავდა, თითქოს რაღაც საინტერესოს აკვირდებოდა, მერე კი ისინი თითქოს ჩაქრნენ.
მე შეცბუნებულმა მივიღე მისი სიტყვაძუნწობა; მას ჯერაც არაფერი ჰქონდა ნათქვამი, თუ როგორ შევხვედროდი მამის მეგობარს. გაორებულმა მოუსვენრად მიმოვიხედე გამოცარიელებულ ოთახში, რომლის სიმარტოვეს მხოლოდ ჩვენ ორნი ვავსებდით. ჩემი გაფანტული მზერა პლატფორმის ქვეშ დაწყობილ მის ხის სანდლებზე შეჩერდა.
"პატარა ბატონო, არ ინერვიულოთ. კაცი, რომლის ნახვაც გსურთ, ნახევარ საათში თქვენთან იქნება." იოგი ჩემს გონებას კითხულობდა, რაც ცხადია ამ მომენტში არც ისე რთული იყო!
ისევ იდუმალი სიჩუმე ჩამოვარდა. ჩემმა საათმა შემახსენა, რომ უკვე ნახევარ საათს გაევლო. სვამის გაეღვიძა. – მგონი, კედარ ნათჰ ბაბუ კარს უახლოვდება.
მომესმა, კიბეებზე ვიღაც ამოდიოდა. გაოცებამ და გაუგებრობამ მომიცვა; დაბნეული ფიქრები მიტრიალებდა თავში: "როგორ არის შესაძლებელი, რომ მამას მეგობარი ამ ადგილას ყოველგვარი შეტყობინების გარეშე დაიბარეს? სვამის ჩემი ჩამოსვლის შემდეგ არავისთან ულაპარაკია ჩემს გარდა!"
უეცრად ოთახიდან გამოვედი და კიბეებზე დავეშვი. შუა გზაზე გამხდარი, ქერათმიანი საშუალო სიმაღლის მამაკაცი დამხვდა. როგორც ჩანს, სადღაც ეჩქარებოდა.
— შენ ხარ კედარ ნათჰ ბაბუ? მღელვარებამ შემიფერადა ხმის ტემბრი.
"დიახ, შენ არ ხარ ბჰაგაბატის შვილი, რომელიც ჩემთან შეხვედრას ელოდა?" მეგობრულად გაიღიმა.
"ბატონო, აქ როგორ მოხვედით?" დაბნეულობა ვიგრძენი იქ მისი აუხსნელი ყოფნის გამო.
"დღეს ყველაფერი იდუმალია! ერთი საათის წინ, სულ ცოტა ხნის წინ, როცა განგაში ბანაობას მოვრჩი, სვამი პრანაბანანდა მომიახლოვდა. წარმოდგენა არ მაქვს, საიდან იცოდა, რომ იმ დროს იქ ვიყავი.
- ჩემს ბინაში ბჰაგაბატის შვილი გელოდებათ, - თქვა მან, - წამოხვალ ჩემთან? სიამოვნებით დავთანხმდი. როცა ხელიხელჩაკიდებულები მივდიოდით, ჩემდა გასაოცრად ხის სანდლებში გამოწყობილი სვამი უფრო სწრაფად მიაბიჯებდა ვიდრე მე, ჩემი კომფორტული ფეხსაცმლით.
""რამდენი ხანი დაგჭირდებათ ჩემს ადგილზე მისასვლელად?" პრანაბანანდაჯი უცებ შეჩერდა, რომ ჩემთვის ეს კითხვა დაესვა.
""დაახლოებით ნახევარი საათი."
„სხვა საქმე მაქვს. მან იდუმალი მზერა მომაპყრო: "მე უნდა დაგტოვო. შეგიძლია, ჩემს სახლში შემომიერთდე, იქ მე და ბჰაგაბატის შვილი დაგელოდებით".
" მანამ სანამ ამ ყოველივეს გადავხარშავდი, მან სწრაფად გვერდი ამიარა და ხალხში გაუჩინარდა. რაც შეიძლება სწრაფად გავიარე დარჩენილი გზა."
ამ ახსნამ ჩემი დაბნეულობა მეტად გააძლიერა ჩემში. დავინტერესდი, რამდენი ხანი იყო რაც იგი სვამის იცნობდა. „გასულ წელს რამდენჯერმე შევხვდით, მაგრამ ბოლო დროს იგი არ მინახავს. ძალიან გამიხარდა, რომ დღეს ისევ ვნახე
საბანაო გჰატთან."
"ყურებს არ ვუჯერებ! ნუთუ ჭკუა დავკარგე? ეს იყო ხილვაში შეხვედრა, თუ მართლა
დაინახეთ იგი, ნამდვილად შეეხეთ მის ხელს და ნამდვილად გესმოდათ მისი ფეხების ხმა?"
"არ ვიცი საით მიდიხარ!" გაბრაზებამ იგი წამოაწითლა. "არ გატყუებ. განა ვერ ხვდები, რომ მხოლოდ სვამის მეშვეობით შემეძლო იმის გაგება, რომ ამ ადგილას მელოდი?"
"როგორ, ეს კაცი, სვამი პრანაბანანდა, ერთი წუთითაც კი არ მოსცილებია ჩემს თვალთახედვას მას შემდეგ, რაც პირველად მოვედი აქ დაახლოებით ერთი საათის წინ." გადღაბნილად ავხსენი მთელი ამბავი.
თვალები ფართოდ გაახილა. " ვცხოვრობთ კი ამ მატერიალურ ეპოქაში, თუ უბრალოდ ილუზიაში ვართ? არასდროს ველოდი, რომ ასეთი სასწაულის მომსწრე გავხდებოდი ჩემს ცხოვრებაში! ეს სვამი უბრალო ადამიანი მეგონა, ახლა კი ვხვდები, რომ მას მეორე სხეულის მატერიალიზება და მისით მოქმედება შეუძლია!" ერთად შევედით წმინდანის ოთახში.
"დიახ, სწორედ ეს სანდლები ეცვა მას გჰატში", - ჩაიჩურჩულა კედარ ნათჰ ბაბუმ. "ის სწორედ ასეთ სამოსში იყო შემოსილი, ზუსტად ისე როგორც ახლა ვხედავ."
როდესაც სტუმარი მის წინაშე თაყვანის საცემად დაიხარა, წმიდანი დამცინავი ღიმილით მომიბრუნდა.
"რატომ ხართ გაოგნებული მომხდარის გამო? ფენომენალური სამყაროს ნატიფი ერთიანობა არ არის დაფარული ჭეშმარიტი იოგებისთვის. მე მომენტალურად ვხედავ და ვესაუბრები ჩემს მოწაფეებს შორეულ კალკუტაში. მათაც ასევე შეუძლიათ გადალახონ უხეში მატერიის ყველა დაბრკოლება."
ალბათ, სვამის მხრიდან მისი შესაძლებლობების ასე წარმოჩინება ასტრალური რადიოსა და ტელევიზიის მსგავსად, მეტწილად ჩემს ახალგაზრდა მკერდში სულიერი ენთუზიაზმის გაღვივების მცდელობა იყო. მაგრამ ნაცვლად
ენთუზიაზმისა, ჩემში ამ ყველაფერმა შიში წარმოშვა. რამდენადაც ბედად მეწერა ჩემი ღვთაებრივი ძიება განმეხორციელებინა ერთი კონკრეტული გურუს -შრი იუქტეშვარის ხელმძღვანელობით, რომელსაც ჯერ არც კი შევხვედროდი, ჩემს მასწავლებლად პრანაბანანდას სულ ვერ მივიღე. დაეჭვებით ვუყურებდი მას, იმაზე ფიქრში ჩემს წინაშე ნამდვილად ის იდგა თუ მისი მეორე სხეული.
ოსტატი ცდილობდა ჩემი შფოთვა სულის გამომღვიძებელი მზერითა და მისი გურუს შესახებ რამდენიმე შთამაგონებელი სიტყვით გაეფანტა.
"ლაჰირი მაჰასაია ყველაზე დიდი იოგი იყო, რომელსაც კი ოდესმე ვიცნობდი. ის ხორცშესხმული ღვთაება იყო."
ჩემთის ვფიქრობდი, თუკი მოწაფეს ასე სურვილისამებრ შეეძლო დამატებითი ხორციელი ფორმის მატერიალიზება, მაშინ რა სასწაულები უნდა შეძლებოდა მის მოძღვარს?
„იმასაც გეტყვით, რა ფასდაუდებელია გურუს დახმარება. ყოველ ღამე რვა საათის განმავლობაში სხვა მოწაფესთან ერთად ვმედიტირებდი. დღისით რკინიგზის ოფისში გვიწევდა მუშაობა. ჩემთვის რთული იყო საერო საქმეში დგომა და ასევე სასულიერო მოვალეობების პირნათლად შესრულება, ამიტომ ჩემი სურვილი იყო თავი ბოლომდე მიმეძღვნა სულიერი განვითარებისათვის და მთელი ჩემი დრო ღმერთისთვის შემეწირა. რვა წელი ვმედიტირებდი ნახევარ ღამეს. მშვენიერი შედეგები მქონდა; უზარმაზარი სულიერი აღქმა გაანათებდა ხოლმე ჩემს გონებას. მაგრამ მაინც პატარა ფარდა ყოველთვის რჩებოდა ჩემსა და უსასრულობას შორის. ზეადამიანური მცდელობის მიუხედავად ერთიანობის შეუძლებლობა მაინც ჯიუტ ფაქტად რჩებოდა ჩემთვის. ერთ საღამოს ლაჰირი მაჰასიას ვესტუმრე და ვევედრებოდი ღვთაებრივი შუამავლობა გაეწია ჩემთვის. ჩემი მონდომება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
"ანგელოზებრივო გურუ, ჩემი სულიერი ტანჯვა ისეთი დიდია, რომ ვეღარ გავაგრძელებ სიცოცხლეს, თუ ჩემს დიად სატრფოს პირისპირ არ შევხვდები!"
"რა შემიძლია გავაკეთო? უფრო ღრმად უნდა იმედიტირო".
"მე მოგმართავ, ღმერთო, ჩემო მოძღვარო! ვხედავ, რომ თავად იგი განსხეულდა ჩემს წინაშე შენი სახით; მომეცი წყალობა, რომ შევძლო შენი უსასრულო სახის აღქმა!"
"ლაჰირი მაჰასიამ ხელი კეთილგანწყობილი ჟესტით აღმართა. "შეგიძლიათ ახლა წახვიდეთ და მედიტაციაში ჩაიძიროთ. ბრაჰმასთან გიშუამდგომლებ".
განუზომლად ამაღლებული დავბრუნდი ჩემს სახლში. იმ ღამეს მედიტაციით მივაღწიე ჩემი ცხოვრების მწველ მიზანს. ახლა განუწყვეტლივ ვტკბები სულიერი პენსიით. ნეტარი შემოქმედი არასოდეს მიფარვია ჩემს თვალთახედვას რაიმე ილუზიის ეკრანს მიღმა."
პრანაბანანდას სახე ღვთაებრივი შუქით იყო გაცისკროვნებული. სხვა სამყაროს სიმშვიდემ დაისადგურა ჩემს გულში; მთელი შიში გაიფანტა. წმინდანმა კიდევ უფრო დამარწმუნა.
„რამდენიმე თვის შემდეგ ლაჰირი მაჰასაიასთან დავბრუნდი და ვცდილობდი მისთვის მადლობა გადამეხადა ამ სამარადისო საჩუქრისთვის. შემდეგ სხვა საკითხი ვახსენე მის წინაშე.
"ღვთაებრივი გურუ, მე აღარ შემიძლია ოფისში მუშაობა. გთხოვ გამათავისუფლე. ბრაჰმა გამუდმებით სიყვარულით დამთვრალ მდგომარეობაში მამყოფებს."
„შეიტანეთ განაცხადი პენსიის შესახებ თქვენი კომპანიისგან“.
"რა მიზეზი მოვიყვანო, ასე ადრე ჩემი სამსახურის შეწყვეტაზე?
"თქვი, რასაც გრძნობ."
„მეორე დღესვე შევიტანე განცხადება, ექიმი დაინტერესდა ჩემი ნაადრევი მოთხოვნის საფუძვლით.
"სამსახურში ყოფნისას ვგრძობ, თუ როგორ ვრცელდება რაღაც დაუძლეველი ძალა ჩემს ხერხემალში.
”ყოველგვარი დამატებითი გამოკითხვის გარეშე, ექიმმა დაუყოვნებლივ მომცა რეკომენდაცია, პენსიაზე გავსულიყავი, რომელიც მალევე მივიღე. ვიცი, რომ ლაჰირი მაჰასაიას ღვთაებრივი ნება ექიმისა და რკინიგზის ჩინოვნიკების, მათ შორის თქვენი მამის მეშვეობით აღსრულდა. ისინი ავტომატურად დაემორჩილნენ დიდი გურუს სულიერ მითითებებს და გამათავისუფლეს ჩემს მარადიულ სატრფოსთან უწყვეტი ზიარებისთვის“.
ამ არაჩვეულებრივი ამბის გაზიარების შემდეგ, სვამი პრანაბანანდა ხანგრძლივ მდუმარებაში გადავიდა. როცა წასვლა დავაპირე, მის ტერფებს მოწიწებით შევეხე, მან კი დამლოცა:
"შენი ცხოვრება განდეგილობისა და იოგას გზაა. მოგვიანებით ისევ გნახავ მამაშენთან ერთად." წლებმა ორივე ეს წინასწარმეტყველება შეასრულა.
ჩამოწოლილ სიბნელეში ჩემს გვერდით კედარ ნათჰ ბაბუ მოდიოდა. მამას წერილი გავუწოდე, ჩემმა თანამგზავრმა იგი ქუჩის ნათურის ქვეშ ამოიკითხა.
"მამაშენი მთავაზობს, თანამდებობა დავიკავო მისი რკინიგზის კომპანიის კალკუტას ოფისში. სასიამოვნოა თუნდაც იმ პენსიის მოლოდინი, რომლითაც სვამი პრანაბანანდა სარგებლობს! თუმცა ეს შეუძლებელია; ბენარესის დატოვება არ შემიძლია. სამწუხაროდ, ჯერ არ მაქვს ორი სხეული!"