სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

როგორ დავკარგე შეგრძნებები

sadhguruuuu

როგორ დავკარგე შეგრძნებები

უბრალო კაცი ვიყავი მაშინ
როს მივაშურე ჩამუნდი გორას,
მე დროის მოკვლა მინდოდა მხოლოდ,
მაგრამ რაც მოვკალ
იყო მხოლოდ „მე“ და „ჩემი“

და როცა გაქრა „მე“ და „ჩემი“
ასევე გაქრა ყველა სურვილი და ჩვეულება,
და ახლა მე ვარ ცარიელი ჭურჭელი
დამონებული ღვთიურ ნებით
და უსასრულო ოსტატობით.

ქალაქ მაისურში არის ერთი ტრადიცია. როდესაც რაღაცით უნდა დაკავდე, ჩამუნდი გორაზე ადიხარ. და როდესაც არაფერი გაქვს საქმე, ჩამუნდი გორაზე ადიხარ. და თუ ვინმე შეგიყვარდა, ჩამუნდი გორაზე ადიხარ. და თუ ვინმე გადაგიყვარდა, მაშინ ვალდებული ხართ ჩამუნდი გორაზე ახვიდე.

ერთ ნაშუადღევს, არაფერი მქონდა საქმე, და თან ცოტა ხნის წინ დავშორდი სატრფოს, და შესაბამისად მივაშურე ჩამუნდი გორას.

მოტოციკლი გავაჩარე და კაჭარზე (ქანის მონატეხი დიდი ქვა) ჩამოვჯექი, არ მისული მწვერვალამდე დაახლოებით ორ მესამედ გზაზე. ეს იყო ჩემი „განჭვრეტის ლოდი.“ მეწამულ კენკრას და ბანიანის ხეს ღრმად გაედგათ ფესვები კლდის ნაპრალებში. ჩემს წინ კი ქალაქის პანორამული ხედი იშლებოდა.

იმ მომენტამდე, მე ვიცოდი, რომ ჩემი სხეული და გონება ვიყავი „მე“, ხოლო დანარჩენი სამყარო „იყო ჩემს გარეთ“. მაგრამ მოულოდნელად, შეუძლებელი გახდა გამერჩია, რა ვიყავი მე და რა არ ვიყავი. თვალები გახელილი მქონდა. მაგრამ ჰაერი რომლითაც ვსუნთქავდი, კლდე რომელზეც ვიჯექი, თვით ჩემს გარშემო არსებული ატმოსფეროც კი - ყველფერი ჩემი „მეს“ ნაწილი გახდა. მე ვიყავი ყველფერი იქ არსებული. მე გონზე ვიყავი, მაგრამ შეგრძნებების უნარი დავკარგე. ჩემი შეგრძნებების განმასხვავებელი ფუნქცია უბრალოდ აღარ მუშაობდა. რაც უფრო მეტს ვიტყვი, უფრო გიჟურად მოგეჩვენებათ, რადგან ჩემს თავს ენით აღუწერელი რამ ხდებოდა. „მე“ ფაქტობრივად ყველაფერში ვიყავი. ყველაფერი ცდებოდა დაწესებულ საზღვრებს; ყველაფერი ერთმანეთს ერწყმოდა საზღვრების გარეშე. ეს იყო აბსოლუტური სრულყოფილების უსაზღვრო ერთობა.

ჩემი ცხოვრება ისევ ის მშვენიერი მომენტია, რომელიც დღემდე გრაციოზულად გრძელდება.

როდესაც ჩვეულებრივ მდგომარეობას დავუბრუნდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მხოლოდ ათი წუთი გავიდა. მაგრამ როდესაც საათს დავხედე, აღმოვაჩინე რომ საღამოს რვის ნახევარი იყო. ოთხ საათ ნახევარი გასულიყო. მე თვალგახელილი ვიჯექი, მზე ჩასულიყო და უკვე ბნელოდა. ყველაფერს ვაცნობიერებდი, მაგრამ ყველაფერი რასაც იმ მომენტამდე ჩემს თავად აღვიქვამდი, უკვე გამქრალიყო.

მე არასოდეს ვიყავი მტირალა. მაგრამ აქ, ოცდახუთი წლის ასაკში, ვიჯექი ჩამუნდი გორაზე და განვიცდიდი ისეთ ექსტაზურ სიგიჟეს, რომ ცრემლები უწყვეტად მდიოდა და ჩემი მაისური მთლიანად სველი იყო.

მშვიდად და ბედნიერად ყოფნა ჩემთვის არასდროს წარმოადგენდა პრობლემას. ვცხოვრობდი ისე როგორც მინდოდა. 60-იან წლებში გავიზარდე, ბიტლების და ლურჯი ჯინსების ეპოქაში, ვკითხულობდი ჩემ წილ ევროპულ ფილოსოფიას და ლიტერატურას; დოსტოევსკის, კამიუს, კაფკას, და სხვებს. მაგრამ აქ მე შევიჭერი ყოფიერების სრულიად განსხავებულ განზომილებაში, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი, და განვიცდიდი სრულიად ახალ გრძნობებს - სიცოცხლით სისავსეს, ნეტარებას - როგორიც არასდროს განმიცდია, და რისი წარმოდგენაც კი არ შემეძლო. როდესაც ამ ყველაფერში ჩემი სკეპტიკური გონება ჩავრთე, ერთადერთი პასუხი რისი მოცემაც მას შეეძლო იყო ის, რომ ჭკუიდან ვიშლებოდი. მაგრამ მაინც, ეს მდგომარეობა იმდენად მშვენიერი იყო, რომ არაფრის დიდებით არ მინდოდა მისი დაკარგვა.

მე ვერასოდეს შევძელი სრულიად აღმეწერა თუ რა შემემთხვა იმ ნაშუადღევს. იქნებ უკეთესი იქნება თუ ვიტყვი, რომ მე ზევით ავედი და აღარ ჩამოვსულვარ. მას შემდეგ მე იქიდან არ ჩამოვსულვარ.

* * *
მე დავიბადე მაისურში, სამხრეთ ინდოეთის საუცხოო ქალაქში, ოდინდელ დედაქალაქში, ცნობილი თავისი სასახლეებით და ბაღებით. მამაჩემი ექიმი იყო, დედა კი დიასახლისი. მე უმცროსი ვიყავი ოთხ და-ძმას შორის.

სკოლა მოსაწყენი იყო ჩემთვის, გაკვეთილებზე დასწრება კი - შეუძლებელი, რადგან აშკარად ვხედავდი, რომ მასწავლებლები ისეთ საგნებზე საუბრობდნენ რაც მათთვის არაფერს არ ნიშნავდა. ყოველ დღე, როდესაც ოთხი წლის ვიყავი, მე ვთხოვდი მნე ქალს, რომელსაც ყოველ დილით სკოლაში მივყავდი, დავეტოვებინე სკოლის კარებთან და შიგნით არ შემომყოლოდა. როგორც კი დამტოვებდა და თვითონ წავიდოდა, მე უახლოესი კანიონისკენ გავრბოდი, რომელიც სიცოცხლის მრაფალფეროვნებით იყო სავსე. მე დავიწყე ვრცელი პირადი ზოოპარკის შექმნა, რომელიც შედგებოდა მწერებისგან, თავკომბალებისგან და გველებისგან, რომლებსაც მამაჩემის კაბინეტიდან აღებულ ბოთლებში ვინახავდი. რამდენიმე თვეში მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ სკოლაში საერთოდ არ დავდიოდი. მათ აშკარად არ მოეწონათ ჩემი ბიოლოგიური კვლევები. ექსპედიციები კანიონში კი შეირაცხა უგუნურად და ამიკრძალეს გაგრძელება. ზრდასრულების სამყარომ, რაც წარმოუდგენლად მოსაწყენად მიმაჩნდა, ჩამიშალა გეგმები, და მეც ყურადღება სხვაგან გადავიტანე და ვიპოვე სხვა საქმე.

შემდგომ პერიოდში დროს ძირითადად ტყეში, გველების ჭერაში, თევზაობაში, ლაშქრობასა და ხეებზე ძრომიალში ვატარებდი. ხშირად ავდიოდი დიდი ხის ყველაზე მაღალ ტოტზე მცირე საგზალითა და წყლის ბოთლით. ტოტების ნელ რხევას გადავყავდი ტრანსისმაგვარ მდგომარეობაში, როდესაც თითქოს თან მეძინა, მაგრამ ამავროულად მღვიძარებას ვინარჩუნებდი. ხეზე ყოფნისას დროის შეგრძნებას ვკარგავდი. ხეზე დილის 9 სააათიდან 4:30 მდე ვიმყოფებოდი, სანამ ზარები გაკვეთილების დამთავრებას არ მაუწყებდნენ. უფრო მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ იმ პერიოდში გაუცნობიერებლად მედიტატიური ვხდებოდი. მოგვიანებით როდესაც ხალხს მედიტაციას ვასწვლიდი, ეს ყოველთვის რხევითი მედიტაციები იყო. იმ შორეულ დროს, მე რა თქმა უნდა გაგებულიც არ მქონდა სიტყვა „მედიტაცია“. მე უბრლოდ მომწონდა ქანაობის საშუალებით როგორ გადავდიოდი ძილისა და ღვიძილის მდგომარეობის მიღმა.

სკოლა მოსაწყენად მიმაჩნდა, მაგრამ მაინტერესებდა სხვა ყველაფერი - სამყაროს მოწყობილობა, ლანდშაფტი, ადამიანთა ცხოვრება. ველოსიპედით ვსეირნობდი სოფლების ტალახიან გზებზე და დღეში მინიმუმ 35 კმ გავდიოდი. როდესაც სახლში ვბრუნდებოდი, ტალახის და მტვერის ფენებით ვიყავი დაფარული. განსაკუთრებით მომწონდა ნამოგზაურები ადგილების რუკის შედგენა გონებაში. როდესაც მარტო ვრჩებოდი, შემეძლო თვალები დამეხუჭა და იმ დღეს ნანახი ლანდშაფტი სრულად აღმედგინა გონებაში - თითოეული კლდე, თითოეული ბორცვი და თითოეული ხე. ინტერესით ვადევნები თვალყურს მიწის ცვლილებას სეზონებს შორის, მისი მოხვნიდან მოსავლის აღმოცენებამდე. სწორედ ამან მიმიზიდა ტომას ჰარდის ნაწარმოებებში; ინგლისის პეიზაჟების ვრცელი აღწერა ბევრ ფურცელზე. გონებაში იგივეს ვაკეთებდი გარესამყაროსთან მიმართებაში. დღესაც კი ის ყველაფერი ჩემს გონებაში ვიდეოს მსგავსად ინახება. თუ მოვისურვებ შემიძლია თავიდან ვნახო გონებაში, ყველაფერი რასაც იმ წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი და თან მკაფიოდ, ცხადად.

მე უდრეკი სკეპტიკოსი ვიყავი. ხუთი წლის ასაკშიც კი, როდესაც ჩემი ოჯახი ტაძარში დადიოდა, ვსვამდი ძალიან ბევრ კითხვას. ვინ არის ღმერთი? სად არის ის? იქ ზევით? სად ზევით? წლების განმავლობაში კითხვების რაოდენობ მატულობდა. სკოლაში თქვეს, რომ ჩვენი პლანეტა მრგვალია და თან ბრუნავს. და თუ ჩვენი პლანეტი მრგვალია და ბრუნავს, როგორ უნდა დავადგინოთ სად არის ზევით. ვერავინ ვერასდროს ვერ გამცა პასუხი ამ კითხვებზე. ამიტომაც არასდროს შევსულვარ ტაძარში. შესაბამისად, ჩემი მშობლები იძულებულები იყვნენ, თანმხლების მეთვალყურეობის ქვეშ ტაძრის შესასვლელთან დავეტოვებინე, სადაც მომლოცველები ფეხსაცმლებს ტოვებდნენ. მას ხელჩაკიდებული ვყავდი, რადგან იცოდა როგორც კი ხელს გამიშვებდა - გავიქცეოდი. მოგვიანებით, წლების შემდეგ, შევამჩნიე რომ, რესტორნებიდან გამოსულ ხალხს უფრო გახარებული სახეები ჰქონდათ, ვიდრე ტაძრებიდან გამოსულებს. ამან დამაინტრიგა.

და მაინც, როგორც სკეპტიკოსი, მე არ ვაიგივებდი თავს არც ამ კატეგორიასთან. მე მქონდა ძალიან ბევრი შეკითხვა ყველაფრის შესახებ, მაგრამ არ ვგრძნობდი რაიმე დასკვნის გამოტანის აუცილებლობას. ძალიან ადრე გავაცნობიერე, რომ არაფერი ვიცოდი არაფრის შესახებ. ამან მაიძულა უდიდესი ყურადღება დამეთმო ყველაფრისთვის ჩემს გარშემო. თუ ვინმე ჭიქა წყალს მომაწვდიდა, მე მას უსასრულოდ ვაკვირდებოდი. ხიდან ჩამოვარდნილ ფოთოლსაც ასევე უსასრულოდ ვაკვირდებოდი. შემეძლო მთელი ღამე სიბნელეზე დაკვირვება. თუ რომელიმე ქვას დავაკვირდებოდი, შემეძლო მისი გამოსახულების გონებაში ყოველიმხრიდან აღდგენა, ყოველი მისი მონატეხით, კუთხით.

ასევე ვხედავდი, რომ ენა სხვა არაფერი იყო თუ არა ადამიანების მიერ შედგენილი შეთქმულება. როდესაც ადამიანები ლაპარაკობდნენ, ისინი მხოლოდ ხმებს გამოსცემდნენ, ხოლო ამ ხმებს მნიშვნელობას მე ვანიჭებდი. და მე შევწყვიტე ხმებისთვის მნიშვნელობის მინიჭება და ისინიც ძალიან სასაცილოდ აჟღერდნენ. მე ვხედავდი ადამიანის პირი როგორ ღებულობდა გარკვეულ ფორმებს. თუ ცქერას გავაგრძელებდი ადამიანი ქრებოდა და ენერგიის გროვად გარდაიქცეოდა. და რჩებოდა მხოლოდ ის ფორმები რასაც პირი ღებულობდა.

ამ აბსოლუტურად უსაზღვრო უმეცრების მდგომარეობაში, თითქმის ყველფერს შეეძლო ჩემი ყურადღების მიპყრობა. ჩემი საყვარელი მამა, რომელიც ექიმი იყო, ფიქრობდა რომ ფსიქიატრის დახმარება მჭირდებოდა. მისი სიტყვებით; „ეს ბიჭი თვალდაუხამხამებლად ყოველთვის რაღაცას უყურებს. მგონი გაგიჟდა!“ მე ყოველთვის უცნაურად მიმაჩნდა, რომ ქვეყანა ვერ აცნობიერებდა „არ ვიცი“ მდგომარეობის მაშტაბურობას. ისინი ვინც ამ მდგომარეობას რწმენებით და ვარაუდებით ანადგურებენ, ხელიდან უშვებენ უდიდეს შესაძლებლობას - ცოდნის შესაძლებლობას. მათ ავიწყდებათ, რომ „არ ვიცი“ არის ერთადერთი გზა ცოდნის ძიებასას.

დედაჩემმა დამარიგა მასწავლებლისთვის მიმექცია ყურადღება. მეც ასე მოვიქეცი. მე ისეთ ყურდღებას ვაქცევდი მასწვლებლებს, რომ ალბათ მათთვის არსად და არასდროს არ მიუქცევიათ. იმ იშვიათ შემთხვევების დროს როდესაც გაკვეთილებს ვესწრებოდი, მე მასწავლებლებს თვალს არ ვაშორებდი, თუმც წარმოდგენა არ მქონდა რაზე ლაპარაკობდნენ. რაღაც მიზეზის გამო მათ ეს არ მოსწონდათ. ერთმა მასწავლებელმა ყველაფერი გააკეთა, რათა ჩემგან განმარტება მიეღო. მაგრამ როდესაც პასუხი არ გავეცი და დუმილი შევინარჩუნე, ის მხრებში მწვდა და ძლიერად შემანჯღრია, და მითხრა; „შენ ან ღვთაებრივი არსება ხარ ან ეშმაკი“, და დაამატა „ვფიქრობ რომ ეშმაკი ხარ.“

sadhguru and siblings

თავი შეურაცხყოფილად არ მიგვრძნია. ამ მომენტამდე მე ყველაფერს, დაწყებული ქვიშის მარცვლიდან მთლიანი სამყაროთი დამთავრებული, საოცრებად აღვიქვამდი. მაგრამ ამ რთული კითხვების ლაბირინთში ყოველთვის იყო ერთი გარკვეულობა, და ეს იყო „მე“. და მასწავლებლის აღშფოთებამ ძიების კიდევ ერთ ხაზს დაუდო სათავე. ვინ ვარ მე? ადამიანი, ღვთაებრივი არსება, ეშმაკი? მე შევეცადე ჩემს თავს დავკვირვებოდი და გამერკვია თუ ვინ ვიყავი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მაშინ თვალები დავხუჭე და გადავწყვიტე ასე გამერკვია. წუთები საათებად გადაიქცნენ, მე კი კვლავ თვალდახუჭული ვიჯექი.

როდესაც თვალები ღია მქონდა, ყველაფერი მაინტერესებდა - ჭიანჭველა, ფოთოლი, ღრუბლები, ყვავილები, სიბნელე, აბსოლუტურად ყველაფერი. მაგრამ ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ თვალების დახუჭვისას იყო კიდევ უფრო მეტი რაც იპყრობდა ჩემს ყურდღებას - სხეულის პულსაცია, შინაგანი ორგანოების განსხვავებული ფუნქციონირება, შინაგანი ენერგიის გავრცელების სხვადასხვა არხები, ანატომიური წყობის თავისებურება, და ის ფაქტი, რომ სხეულის საზღვრები ემთხვეოდა გარესამყაროს საზღვრებს. ამ სავარჯიშომ დამანახა ადამიანის მთლიანი მექანიზმი. ნაცვლად იმისა რომ გამეცა მარტივი პასუხები; მე ვარ „ეს“ ან „ის“, ამ სავარჯიშოს საშუალებით გავაცნობიერე, რომ თუ მოვისურვებდი შემეძლო ვყოფილიყავი ყველაფერი. ამ ღრმა შეგრძნებების გამოჩენასთან ერთად, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი, გაქრა ის გარკვეულობა, რასაც განვიცდიდი ჩემს „მესთან დაკავშირებით.“ აორთქლდა საკუთარი თავის როგორც ავტონომიური პიროვნების გაცნობიერება. ჩემს თავს აღვიქვამდი როგორც გაურკვეველ, ბუნდოვან არსებას.

მიუხედავად ყველა ჩემი სიველურისა, იყო ერთი რამ რასაც საოცარი დისციპლინირებულობით ვასრულებდი, ეს იყოს იოგას პრაქტიკა. ეს დაიწყო საზაფხულო არდადაგებისას როდესაც 12 წლის ვიყავი. ბიძაშვილ-მამიდაშვილები ყოველწლიურად ვიკრიბებოდით ბაბუაჩემის საგვარეულო სახლში. უკანა ეზოში იყო დაახლოებით 45 მეტრი სიღრმის ძველი ჭა. როდესაც გოგონები დამალობანას თამაშობდნენ, ბიჭებისთვის უმთავრესი გასართობი იყო, ამ ჭაში ჩახტომა და უკან ამოძრომა. როგორც ჩახტომა ისე ამოსვლა რთული გამოწვეევა იყო ჩვენთვის; პატარა უზუსტობას ჩახტომისას შეეძლო ფატალური შედეგი გამოეწვია. ჭის შიგნით არ იყო არანაირი საფეხურები, და ამოსვლისას გვიწევდა ქვის შვერილებზე ჩაბღაუჭება. ფრჩხილებიდან ხშირად სისხლი გვდიოდა. მხოლოდ რამოდენიმე ახერხებდა ამ ყველაფერს. და მე ერთერთი მათგანი ვიყავი და სხვათაშორის კარგად გამომდიოდა.

ერთ დღეს ჭასთან 70 წელს გადაცილებული კაცი მოვიდა. ცოტახანი გვიყურა და შემდეგ უსიტყვოდ ჩახტა ჭაში. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ვეღარ გადარჩებოდა. მაგრამ ის ჩემზე სწრაფად ამოვიდა ჭიდან. მე გვერდზე გადავდე ჩემი სიამაყე და მარტო ერთი შეკითხვა დავუსვი - როგორ? „წამოდი, ისწავლე იოგა“, იყო მისი პასუხი.

მე მას ძაღლივით ავედევნე. და სწორედ ასე გავხდი სვამი მალადიჰალის (ამ სახალით იყო ეს მოხუცი კაცი ცნობილი) მოსწავლე და დავიწყე იოგას პრაქტიკა. წარსულში, ჩემი დილით გაღვიძება საოჯახო საქმე იყო. ისინი საწოლზე წამომაჯენდნენ, მე კვლავ ვუბრუნდებოდი წოლით პოზიციას და ძილს ვაგრძელებდი. დედაჩემი კბილის ჯაგრისს მომაწვდიდა, მე კი პირში გაჩრილი ჯაგრისით ისევ ვიძინებდი. სასოწარკვეთილი დედაჩემი, ხშირად სააბაზანოში შემაგდებდა, მე იქაცა მალე ვახერხებდი დაძინებას. მაგრამ იოგის პრაქტიკის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, ჩემი სხეული თავისით, ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე, იღვიძებდა დილის 3:40 წუთზე, და ეს დღემდე ასე გრძელდება. გაღვიძების შემდეგ, პრაქტიკა ვტომატურად იწყებოდა, სადაც და რა პირობებშიც არ უნდა ვყოფილიყავი, ერთი დღის გამოტოვების გარეშე. ამ მარტივმა იოგას პრაქტიკამ რომელსაც ქვია ანგამარდანა (ფიზიკური იოგის სისტემა, რომელიც ამაგრებს მყესებსა და კიდურებს), - შეძლო ის, რომ ნებისმიერ ადამიანთა ჯგუფში ყოველთვის გამოვირჩეოდი როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობდი.

დროთა განმავლობაში, სტრუქტურირებული განათლების ყველანაირი რწმენა დავკრგე. ეს არ იყო ცინიზმის გამოვლინება. მე მქონდა საკმარისი ძალა და ენერგია, რათა ყველფერში მიმეღო მონაწილეობა. მაგრამ ჩემი მთავარი თვისება, იმ ასაკშიც კი იყო სიცხადე. მე არ ვცდილობდი მეპოვნა წინააღმდეგობები ან ლოგიკური ჩავარდნები, იმაში რასაც მასწავლიდნენ; მე მათ უბრალოდ ვხედავდი. მე არასოდეს მიძებნია ცხოვრებაში არაფერი. მე უბრალოდ ვაკვირდები. და სწორედ ამას ვასწავლი ადამიანებს ახლა; თუ ნამდვილად გსურთ სულიერების შეცნობა, ნუ ეძებთ ნურაფერს. ადამიანები ფიქრობენ, რომ სულიერება ეს არის ღმერთის, ჭეშმარიტების ან აბსოლუტის ძიება. პრობლემა იმაშია, რომ თქვენ უკვე განსაზღვრეთ თუ რას ეძებთ. მნიშვნელოვანია არა თქვენი ძებნის ობიექტი, არამედ დაკვრირვების უნარი. დღევანდელ სამყროს აკლია უბრალოდ ყურების, დაკვირვების უნარი, ყოველივე განზრახვის გარეშე. ყველა ადამიანი ფსიქოლოგიური არსებაა, რომელიც ცდილობს ყველაფერს თავისი სახელი მიანიჭოს. „ძიება“ სულაც არ ნიშნავს, რაიმე კონკრეტულის ძებნას. საუბარია თქვენი აღქმის უნარის გაძლიერებაზე, თავად ხედვის შესაძლებლობაზე.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მე თვიგანათლების პროგრამას შევუდექი მაისურის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. დილით ყოველთვის პირველი მივდიოდი ცხრა საათზე, და ბოლო გამოვდიოდი საღამოს 8:30. საუზმესა და სადილს შორის, ჩემი ერთადერთი საკვები წიგნები იყო. თუმც მუდამ მშიოდა, მეორე საუზმე (ლანჩი) მთელი წლის განმავლობაში არ მიმიღია. ვკითხულობდი ყველაფერს, ჰომეროსიდან „პოპულარულ მექანიკამდე“, კაფკადან კავი კალიდასამდე, დანტედან „აუტანელ დენისამდე“. ამ წელმა არა მარტო დიდი ცოდნა და ერუდიცია შემძინა, არამედ ასევე ახლი კითხვებიც გამიჩინა.

დედაჩემის ცრემლების ზემოქმედებით უხალისოდ დავიწყე სწავლა მაისურის უნივერსიტეტში, ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტზე. მაგრამ პასუხგაუცემელი კითხვების ღრუბელი მუდამ გარს მეხვია. არც ბიბლიოთეკას და არც ლექტორებს არ შეეძლოთ ამ ღრუბლის გაფანტვა. კიდევ ერთხელ ჩემს ცხორებაში, საკლასო ოთახის გარეთ უფრო მეტ დროს ვატარებდი ვიდრე შიგნით. აღმოჩნდა რომ, მთელი სწავლის პროცესი წარმოადგენდა ლექციების კონსპექტირებას, კარნახით წერას, და მე სულაც არ ვაპირებდი სტენოგრაფისტობას. მე ერთხელ ვთხოვე ლექტორს მოეცა თავისი კონსპექტის რვეული, და მე მას ასლს გადავუღებდი; ის ასე განთავისუფლდებოდა კარნახის და მე კი გაკვეთილებზე დასწრების ვალდებულებისგან. საბოლოოდ მე მივაღწიე შეთანხმებას ყველა ლექტორთან (ოღონდ მათ ლექციებს არ დავსწრებოდი და ისინი სიხარულით დამთანხმდნენ). ისინი ყოველდღიურად ჩემი დაწრების ნიშანს აღნიშნვდნენ. თვის ბოლოს ყველა დასწრება რეგისტრირდებოდა. ამ დღეს აუცილებლად ვესწრებოდი ლექციებს, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ისინი ასრულებდნენ თავიანთ წილ პასუხისმგებლობას.

სტუდენტების ჯგუფმა დავიწყეთ შეხვედრა დიდი ბანიანის ხის ქვეშ, კამპუსის ტერიტორიაზე. ვიღაცამ ბანიანის ხის კლუბი გვიწოდა და ეს იარლიყი შეგვრჩა. ჩვენს კლუბს ჰქონდა დევიზი; „ჩვენ ვაკეთებთ ამას სიამოვნებისთვის“. ჩვენ ჩვენი მოტოციკლეტებით ვიკრიბებოდი ამ ხის ძირში და საათობით ვსაუბრობდით სხადასხვა თემებზე - ჯავა მოტოციკლეტის არსებული სიჩქარის გაზრდიდან მსოფლიოს უკეთეს კეთილმოწყობამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩვენ მოტოციკლეტებზე ვიჯექით და ჩამოსვლა „მკრეხელობად“ ითვლებოდა.

როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე, მე უკვე მოვლილი მქონდა მთელი ქვეყანა. ბავშვობაში ველოსიპედით ვმოგზურობდი სამხრეთ ინოეთში. მოგვიანებით კი მთელი ინდოეთი მოვიარე ჩემი მოტოციკლეტით. შემდეგი ბუნებრივი ეტაპი გახდა ეროვნული საზღვრების გადაკვეთა. მაგრამ როდესაც ინდოეთი-ნეპალის საზღვარს მივადექი, აღმოვაჩინე რომ, მოტოციკლეტის რეგისტრაციის საბუთი და მართვის მოწმობა საკმარისი არ იყო. მეტი საბუთები მჭირდებოდა. მას შემდეგ ჩემს ოცნებად იქცა, მეშოვნა საკმარისი ფული, რათა მთელი მსოფლიო მომევლო ჩემი მოტოციკლეტით. ეს არ იყო უბრალოდ მოგზაურობის დიდი სურვილი. მე უბრალოდ ჩემს ადგილს ვერ ვპოულობდი. რაღაცის შეცნობა მინდოდა. ოღონდ არ ვიცოდი რისი და, ან სად უნდა წავსულიყავი ამ ცოდნის მისაღებად.

მე არ ვყოფილვარ იმპულსური; მე უბრალოდ მიყვარდა ცხოვრება. ჩემებურად ვაფასებდი საკუთარი მოქმედებების შედეგებს; რაც უფრო სახიფათო იყო, მით უფრო მიზიდავდა. ერთხელ ვიღაცამ მითხრა, რომ ნამდვილად კარგი მფარველი ანგელოზი მყავდა, რომელიც გამუდმებით მუშაობდა ჩემს დასაცავად! ჩემს მოქმედებებში ყოველთვის იყო მწვავე სურვილი საზღვრების გამოცდის და მათი გადალახვის. „რა“ და „რატომ“ არასდროს წარმოადგენდა ჩემთვის მნიშვნელოვან შეკითხვებს. ერთადერთი მნიშვნელოვანი კითხვა იყო „როგორ“. ახლა როდესაც ჩემს ცხოვრებას თვალს გადავავლებ, ვაცნობიერებ, რომ არასდროს მიფიქრია თუ ვინ უნდა გამოვსულიყავი. მე უბრალოდ ვფიქრობდი თუ როგორ უნდა მეცხოვრება. და ვიცოდი, რომ ეს „როგორ“ მხოლოდ ჩემი განსასაზღვრი იყო.

იმ პერიოდში შინაური ფრინველების მეურნეობის დიდი ბუმი იყო. მე მინდოდა გარკვეული თანხის შოვნა, ჩემი სპონტანური და უმიზნო მოგზურობის დასაფინანსებლად. ამიტომაც გადავწყვიტე მეურნეობა დამეწყო. მამაჩემმა მითხრა. „და რა უნდა ვუთხრა მე ხალხს? რომ ჩემი შვილი ქათმების უვლის და ამრავლებს?“ მაგრამ, მიუხედვად მისი სიტყვებისა, მე მარტომ ავაშენე ფრინველების ფერმა. ასე დავიწყე ბიზნესი და მალე შემოსავალიც გამოჩნდა. ამ ბიზნეს ყოველ დილით 4 საათს ვუთმობდი. დანარჩენ დროს კი ვუთმობდი წიგნების კითხვასა და ლექსების წერას, ცურვას, მედიტაციას და ოცნებობას დიდ ბანიანის ხეზე.

წარმატებამ გამბედაობა შემმატა. მამაჩემი კი გამუდმებით წუწუნებდა და მაგალითად მოყავდა თავისი ნაცნობების შვილები, რომ ზოგი მათგანი გახდა ინჟინერი, ზოგი საქმოსანი, ზოგი სახელმწიფო მოხელე, და ზოგმაც ამერიკას მიაშურა. და ასევე ყველა ვისაც ვხვდებოდი - მეგობრები, ნთესავები, ძველი სკოლისა და უნივერსიტეტის მასწავლებლები - ყველა დაახლოებით ერთიდაიგივეს მეობნეობოდა; „ოჰ ჩვენ გვეგონა, რომ შენ შენს ცხორებას გონიერად წარმართავდი, შენ კი უბრალოდ ფლანგავ მას.“

მე მივიღე გამოწვევა. ჩემს მეგობარ ინჟინერთან ერთად დავიწყე სამშენებლო ბიზნესი. ხუთ წელიწადში ჩვენ გავხდით მთავარი მოთამაშე, მაისურში არსებულ კერძო სამშენებლო კომპანიებს შორის. მამაჩემი თვალებს არ უჯერებდა, მაგრამ კმაყოფილი იყო.

სიცოცხლით სავსე და თავდაჯერებული ვიყავი; ადრენალინის მოზღვავება ახალი გამოწვევებისკენ მიბიძგებდა. როდესაც ყველაფერს რასაც აკეთებთ, წარმატება მოაქვს, იწყებთ ფიქრს, რომ პლანეტები არა მზის, არამედ თქვენს გარშემო ბრუნავს.

სწორედ ასეთი ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც 1982 წლის საბედისწერო სექტემბრის ნაშუადღევს ჩემი ჩეხური მოტოციკლეტით ჩამუნდი გორასკენ გავემართე.

მაშინ წრმოდგენაც კი არ მქონდა, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლებოდა.

* * *

მოგვიანებით, როდესაც ვცდილობდი მეგობრებისთვის მომეყოლა თუ რა გადამხდა თავს ჩამუნდი გორაზე, საპასუხოდ ერთნაირ კითხვებს მისვამდნენ; „რამე ხომ არ დალიე? რა მიიღე?“ მათ ჩემზე გაცილებით ნაკლები წარმოდგენა ჰქონდა იმ განზომილებაზე, რომელიც ასე მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში.

სანამ ნორმალურად დავიწყებდი იმ განცდის გააზრებას, ის შემთხვევა განმეორდა. ეს მოხდა ერთი კვირის შემდეგ. ოჯახთან ერთად ვსადილობდი. ჩემი განცდით ეს მხოლოდ ორი წუთი გრძელდებოდა, მაგრამ სინამდვილეში შვიდი საათი გასულიყო. მაგიდასთან ვიჯექი და ვაცნობიერებდი ყველაფერს, მაგრამ „მე“ , რომელიც ჩემს თავად მიმაჩნდა - გაქრა. სხვა ყველაფერი ადგილზე იყო. და შვიდი საათი წუთივით გავიდა.

მახსოვს, ოჯახის წევრები როგორ მითათუნებდნენ მხარზე ხელს და მეკითხებოდნენ რა დამემართა, რატომ არ ვჭამ. მე უბრალოდ ხელი ავწიე და ვთხოვე მარტო დავეტოვებინე. ისინი მიჩვეულნი იყვნენ ჩემს უცნაურ ქცევებს და მარტო დამტოვეს. როდესაც ჩვეულებრივ მდგომარებას დვუბრუნდი დილის 4:15 წუთი იყო.

ასეთი შემთხვევები შემდეგ უფრო ხშირად მეორდებოდა. როდესაც მეორდებოდა, მე დიდი ხნის განმვლობაში არ ვჭამდი არაფერს და არც ვიძინებდი. მე უბრალოდ ადგილზე ვშეშდებოდი. ერთხელ ეს მდგომარეობა თითქმის 13 დღე გაგრძელდა. როდესაც ეს წარმოუდგენელი სიმშვიდის და ექსტაზის მდგომარეობა მეწვია სოფელში ვიყავი. სოფლის მკვიდრნი ჩემს გარშემო შეიკრიბნენ დ ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ; „ის ალბათ სამადჰის მდგომარეობაშია (სხეულს მიღმა განცდილი ნეტარი მდგომრეობა, რომელიც კარგად არის აღწერილი ინდურ სპირიტუალურ ტრადიციებში). ამ სოფლის მკვიდრნი სწორედ იმ სპირიტუალობის მემკვიდრეები იყვნენ, რომლის ტრადიციული გაგებაც გავრცელებულია მთელს ინდოეთში, და რომლის შესახებაც მე წარმოდგენაც არ მქონდა. როდესაც ამ მდგომარეობიდან გამოვიდი, ვიღაცამ ჩემი გირლანდით მორთვა განიზრახა, სხვა ცდილობდა ჩემს ფეხებს შეხებოდა. ეს სიგიჟე იყო; ვერ წარმოვიდგენდი რომ ვინმე ჩემთან მიმართებაში მსგავსის გაკეთებას მოისურვებდა.

ერთ დღეს ლანჩს მივირთმევდი. მორიგი ლუკმა ჩავიდე პირში და ეს ისევ განმეორდა. იმ მომენტში, ვეზიარე ადამიანის საჭმლის მონელების სასწაულებრივ პროცესს - როდესაც გარეგანი სუბსტანცია, პლანეტის ნაწილი გარდაიქმნებოდა ჩემს ნაწილად. ჩვენ ყველამ ვიცით ეს ინტელექტუალურად, რომ პლანეტის ნაწილი გკვებას ჩვენ, და ჩვენი სხეულები, თავის მხრივ, ერთ დღეს სწორედ ამ პლანეტას დაუბრუნდება და გამოკვებას მას. მაგრამ როდესაც ეს ცოდნა ემპირიულად განვიცადე, ამან შეცვალა ჩემი ფუნდამენტური აღქმა იმისა თუ ვინ ვიყავი. ჩემი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, მათ შორის პლანეტის მიმართაც, გადავიდა სხვა განზომილებაში.

მე გავაცნობიერე, რომ ყველა ჩვენგანში იყო გამორჩეულად ჭკვიანი მექინიზმი, რომელსაც შეეძლო ერთ დღეში, პურის ნაჭერი ან ერთი ვაშლი ექცია ადამიანის სხეულად. აი მესმის ოსტატობა! როდესაც გაცნობიერებულად ვეხებოდი ამ ინტელექტს, შემოქმედის (შემოქმედების) წყაროს, ჩემს გარშემო აუხსნელი ამბები ხდებოდა. ყველაფერი რასაც ვეხებოდი გარკვეული ფორმით ტრანსფორმაციას განიცდიდა. ადამიანები მიყურებდნენ და ტიროდნენ. ბევრი ამტკიცებდა, რომ უბრალოდ ჩემი ცქერითაც კი, ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილისგან თავისუფლდებოდა. მეც აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ რამოდენიმე საათში შემეძლო ისეთი ავადმყოფობისგან განკურნება, რასაც ჩვეულებრივი სამედიცინო მეთოდებით რამოდენიმე თვე დასჭირდებოდა. თუმცა ამ მოვლენებს მე არ ვანიჭებდი დიდ მნიშვნელობას.

გარეგანი და შინაგანი რეალობის ტრანსფორმაციის უნარი, დღემდე შენარჩუნებულია საკმაოდ ეფექტურად, როგორც ჩემში ისე ჩემს გარშემო. ამის მიღწევა ცნობიერად არასდროს მიცდია. უბრალოდ ისე ხდება რომ, როდესაც ეხები ინტელექტის უფრო ღრმა განზომილებებს, რაც ჩვენი არსებობის საფუძველია, ცხოვრება საკმაოდ ბუნებრივად გარდაიქცევა სასწაულად.

დაახლოებით ექვსიდან რვა კვირაში ეს საოცარი გამოცდილება გახდა ცხოვრებისეული რეალობა. ამ დროის განმავლობაში ჩემს გარშემო ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა. ჩემი ფიზიკური გარეგნობა - თვალების ფორმა, სიარულის მანერა, ხმა, სხეულის წყობა - ისე მკვეთრად იცვლებოდა, რომ ამას გარშემომყოფებიც ნათლად ამჩნევდნენ.

man family 22222

უფრო საოცარი ცვლილებები ხდებოდა ჩემს შიგნით. ექვს კვირაში გონებაში ჩამოიტვირთა უდიდესი მეხსიერების ნაკადი, - ბევრი ცხოვრების მეხსიერება. უკვე ვაცნობიერებდი მილიონობით განსხვავევბულ მოვლენას, რაც ჩემში წამის განმვლობაში ხდებოდა. კალეიდოსკოპივით ვიყავი. ჩემი ლოგიკური გონება მკარნახობდა, რომ აქიდან არაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო რეალური. ის რასაც ვხედავდი ჩემს შიგნით დღის შუქზე უფრო ნათელი იყო. მაგრამ, მალულად ვნატრობდი რომ ეს მცდარი ყოფილიყო. მე ჩემი თავი ყოველთვის ჭკვიან ახალგაზრდა კაცად მიმაჩნდა. მოულოდნელად კი აღმოჩნდა, რომ უვიცი სულელი ახალგაზრდა ვიყავი, და ამ დაბნეულობას ვერაფრით ვეგუებოდი. მაგრამ ჩემდა საწყენად, აღმოვაჩინე, რომ ყველფერი რასაც მეხსიერება მკარნახობდა სიმართლე იყო.

იმ მომენტამდე, მე არ ვღებულობდი არაფერს რაც რაციონალურ და ლოგიკურ ჩარჩოებში არ ჯდებოდა. ნელ-ნელა, დავიწყე იმის გაცნობიერება, რომ სიცოცხლე იყო თავად უმაღლესი ინტელექტი. ადამიანური ინტელექტი კი - უბრალო საზრიანობა, რაც არსებობის გახანგრძლივებას უზრუნველყოფდა. მაგრამ ჭეშმარიტი ინტელექტი სიცოცხლეა, სიცოცხლე და ის რაც წარმოადგენს სიცოცხლის წყაროს, და სხვა არაფერი.

მსოფლიოს უთხრეს, რომ ღვთაებრივი არის სიყვარული და თანაგრძნობა. მაგრამ თუ ქმნილებას მიაქცევთ ყურადღებას, თქვენ მიხვდებით რომ ღვთაებრივი, ან შემოქმედის (შემოქმედების) წყარო,- ეს არის სწორედ უმაღლესი ინტელექტი, სრულყოფილი მათ შორის რისი წარმოდგენაც კი შეიძლება. ნაცვლად იმისა, რომ ვისწავლოთ ამ უმაღლესი ინტელექტის გამოყენება, ჩვენ მხოლოდ ლოგიკურ გონებას ვიყენებთ, რომელიც სასარგებლოა გარკვეულ სიტუაციებში, მაგრამ ძირითადად შეზღუდულია.

მე ასევე დავიწყე სხვების გრძნობების მომატებული სენსიტიურობით აღქმა. ზოგჯერ, უბრლოდ ქუჩაში მომავალი მწუხარე ადამიანის ნახვას შეეძლო ავეტირებინე. მე ვერ ვიჯერებდი რომ, ადამიანებს შეეძლოთ მძიმე ტანჯვის ატანა, როდესაც მე ყოველგვარი მიზეზის გარეშე ექსტაზურ მდგომარეობას განვიცდიდი.

გარკვეული დრო დამჭირდა იმის გაცნობიერებისთვის, რომ ის რაც ჩემს თავს ხდებოდა იყო რაღაც „სულიერი.“ დავიწყე იმის გააზრება, რომ რასაც წმინდა ტრადიციები და საღმრთო წერილები განადიდებდნენ როგორც უმაღლეს გამოცდილებას, სწორედ ის იყო რაც ხდებოდა ჩემს თავს; სინმდვილეში მე განვიცდიდი ყველაზე მშვენიერ რამეს, რისი განცდაც შეეძლო ადამიანს.

ჩემი სხეულის ყოველი უჯრედი გამუდმებით ინთებოდა უსახელო ექსტაზით. დღეს ადამიანები ხოტბას ასხამენ ბავშვობას, რადგან ბავშვს შეუძლია იყოს ბედნიერი და იცინოს დაუსრულებლად ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მაგრამ მე აღმოვაჩინე, რომ ადამიანს შეუძლია იყოს ექსტაზური მოწიფულ ასაკშიც. ეს შეუძლია ყველა ადამიანს, რადგან ყველაფერი რისი განცდაც შეგვიძლია, მოდის ადამიანის შიგნიდან.

მე გავაცნობიერე, რომ ცვლილებები ჩემს ფიზიკური გარეგნობაში, გამოწვეული იყო მთლიანი შინაგანი კონსტრუქციის გარდაქმნით. მე 12 წლის ასაკიდან ვეწეოდი ფიზიკური პოზების საბაზისო ნაკრების პრაქტიკას, ანუ ჰათჰა იოგას. ამ 13 წლიანმა იოგის პრაქტიკამ შედეგი გამოიღო. არსებითად, იოგა ეს არის სხეულის გარდაქმნის საშუალება, უფრო მაღალი მიზნებისადმი მსახურებისთვის. ადამიანის სხეულს შეუძლია იფუნქციონიროს როგორც ხორცისა და სისხლისგან შემდგარ ობიექტმა, ან როგორც შემოქმედის წყარომ.

არსებობს მთლიანი ტექნოლოგია ადამიანის ღვთაებრივ არსებად გარდასახვისთვის. ადამიანის ხერხემლი არ არის უბრალოდ ცუდად განლაგებული ძვლების ერთობა; ეს თავად სამყაროს ღერძია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოახდენთ თქვენი სისტემის რეორგანიზებას. მე როგორც ფიზიკურად აქტიურმა ადამიანმა, ვისწავლე სხეულის ისე ტარება, თითქოს ის საერთოდ არ არსებობდეს. ჩემი ფიზიკური სხეული ძალიან მოდუნებული გახდა. ადრე, მთელი ჩემი ძალა სწორედ სხეულში იყო. როდესაც ოთახში შევდიოდი, ადამიანები ჩემგან მოქმედებებს ელოდნენ. მაგრამ ახლა, სხეულის სხვანაირად ტარება ვისწავლე.

და მაშინ მივხვდი, რომ მთელი ეს გამოცდილება, სხვა არაფერია თუ არა იოგა. სამყაროსთან ერთიანობის განცდა, ერთიანობა მთელს სიცოცხლესთან, უსაზღვროებასთან არის სწორედ იოგა. მარტივი ნაკრები იოგური პოზების, ან ასანების, რომლებსაც ყოველდღიურად ვაკეთებდი, საჭირო იყო კარგი ფიზიკური ფორმისთვის; ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობდი. მაგრამ ჩამუნდი ჰილზე განცდილი გამოცდილების შემდეგ, მე გავაცნობიერე, რომ ჩემში მიმდინარე პროცესს, შეუძლია ჩემი გადაყვანა ფიზიკური საზღვრებს მიღმა მდებარე განზომილებაში. და სწორედ ამიტომაც ვეუბნები ხალხს; თუ თქვენ იოგას არასწორი მიზეზებით იწყებთ, ის მაინც მოგცემთ შედეგს!

ყველა ადამიანში არის რაღაც, რაც არ ეგუება საზღვრებს, რაც ისწრაფვის უკიდეგანობისკენ. ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ ის ყოველთვის ისწრაფვის გახდეს უფრო მეტი ვიდრე არის მოცემულ მომენტში. არა აქვს მნიშვნელობა რამდენს მივაღწევთ, ჩვენ ყოველთვის უფრო მეტი გვინდა. თუ კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ეს არ არის უბრალოდ უფრო მეტისკენ სწრაფვა, არამედ ეს არის სწარფვა ყველაფრისკენ. ჩვენ ყველანი ვცდილობთ გავხდეთ უსაზღვროები. ერთადერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მთელს ნაწილებად ვეძებთ.

წარმოიდგინეთ, რომ კვადრატის ფორმის ოთახში იმყოფებით, რომლის კედლის სიგრძე მეტრნახევარს არ აღემატება. როგორი კომფორტულიც არ უნდა იყოს ეს ოთახი, თქვენ მაინც მოინდომებთ იქიდან თავის დაღწევას. თუ მომდევნო დღეს უფრო დიდ ოთახში მოგათავსებენ, სადაც კედლების სიგრძე უკვე ორჯერ უფრო მეტია, აქ გარკვეული დროის განმავლობაში თავს მშვენივრად იგრძნობთ, მაგრამ მალე დაგეუფლებათ მისგან თავის დაღწევის და თავისუფლების მოპოვების სურვილი. რა სიდიდისაც არ უნდა იყო ჩვენთვის დაწესებული საზღვრები, როგორც კი გავაცნობიერებთ მის შეზღუდულობას, საზღვრების გადალხვის სურვილი ინსტინქტურად წარმოიქმნება. აღმოსავლეთში ეს სწრაფვა კულტურულად აღიარებულია, ადამიანის საქმიანობისა და ძალისხმევის უმაღლეს მიზნად. თავისუფლება - მუქტი ან მოქშა - განიხილება როგორც ნებისმიერი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება და საბოლოო დანიშნულება. ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ და ამიტომაც ვცდილობთ მის მიღწევას ნაწილების საშუალებით - ძალაუფლების, ფულის, სიყვარულის და ცოდნის დაუფლების გზით. ან ხშირად დღევანდელობის უდიდესი გასართობის - შოპინგის იმედი გვაქვს.

როგორც კი გავაცნობიერე, რომ ადამიანის სურვილები არ იყო მიმართული რაიმე კონკრეტულისკან, არამედ იყო უბრალოდ უსაზღვროდ გაფართოებისკენ სწრაფვა, ჩემში გარკვეულმა სიცხადემ დაისადგურა. როდესაც ვნახე, რომ ეს ყველას შეეძლო, ბუნებრივად ამის სხვებისთვის გაზიარების სურვილი გამიჩნდა. მას შემდეგ ჩემი მიზანია, სხვებსაც გავუზირო ჩემი გამოცდილება, გამოვაღვიძო იმ ფაქტთან მიმართებაში, რომ სიხარულის, თავისუფლების, უსაზღვრობის ამ მდგომარეობებს ვერ უარყოფენ, რადგან ეს ცხოვრების ბუნებრივი დუღილის პროცესებია.

ექსტაზური კეთილდღეობის მდგომარეობა, რომელიც ჩემი თანმდევია ჩამუნდი ჰილზე გატარებული იმ შუადღის შემდეგ, არც შორეული შესაძლებლობაა და არც აუხდენელი ოცნება. ეს მსურველთათვის ცხოვრებისეული რეალობაა. ეს ყველა ადამიანისთვის დაბდებისთანვე მინიჭებული უფლებაა.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff