ცოდნა და ერთგულება
ცოდნა და ერთგულება
იოგურ კულტურაში, სიტყვა „ში-ვა“-ს გააჩნია ორი მხარე. შივა სიტყვასიტყვით ნიშნავს „ის, რაც არ არის.“ ყველაფერი რაც არის, წარმოიშვა „იმისგან რაც არ არის“. ცაში რომ აიხედოთ, ნახავთ მრავალ ვარსკვლავს და სხვა ციურ ობიექტებს, მაგრამ იქ მაინც, ყველაზე დიდი ადგილი თვალუწვდენელ სიცარიელეს უჭირავს. სწორედ აქ, არმყოფობის წიაღში ცეკვავს ყოფიერება. ამ სიცარიელეს რომელიც არის ყოფიერების ბაზისი, ვუწოდებთ „ში-ვა“-ს.
შივას მეორე განზომილება არის ადი იოგი, პირველი იოგი, ვინც გაუმხილა კაცობრიობას იოგას საოცარი მეცნიერება. იოგური კულტურა მარტივად აღიქვამს ში-ვას ორ მხარეს; ში-ვა როგორც ყოფიერების ბაზისი, და ში-ვა როგორც ადიოგი. სწორედ ასე ხდება შივას განსულიერება.
არის ეს წინააღმდეგობრივი?
სულაც არა. რადგან როდესაც იოგა ან აბსოლუტური ერთიანობა განსრულდა, გაქრა განსხვავება აბსოლუტურ რეალობას და მას შორის ვინც ამ რეალობას განიცდის. ამ ლოგიკის მიხედვით, აბსოლუტური მდგომარეობის მისაღწევად იოგა გთავაზობთ ორ საშუალებას - გახდეთ ყველაფერი ან არაფერი; ჯნანას გზა ანუ ცოდნა, ან ბჰაქტის გზა - ერთგულება.
თუ გინდათ საკუთარი განცდით გამოსცადოთ ში-ვა, ფიზიკურ საზღვრებს მიღმა არსებული მდგომარეობა, თქვენ ან უნდა დაეთანხმოთ (შესაბამისობაში მოხვიდეთ) კანონებს, რომლებიც განაგებებენ არაფიზიკურ სამყაროს ან უნდა გაიხსნათ (შეერწყათ) ამ განზომილებაში, რადგან ის განიჭებთ თავისუფლებას იმ კანონებისგან, რომლებიც განაგებენ ფიზიკურ სამყაროს. თუ გინდათ გაეცნოთ მთის მწვერვალს, თქვენ უნდა ახვიდეთ იქ, ან უბრალოდ ქვევიდან ახედოთ მას. ეს არის ორი ფუნდამენტური საშუალება. სხვანაირად გაცნობა შეუძლებელია. ცოდნის საშუალებით, თქვენ ისწრაფვით შეხვდეთ პირისპირ „იმას რაც არ არის.“ ერთგულების საშუალებით კი, თქვენ ცდილობთ გაანადგუროთ თქვენი შეზღუდული და ხისტი პიროვნება და გადახვიდეთ უფრო ელასტიურ მდგომარეობაში, საიდანაც შეგიძლიათ მიუახლოვდეთ სიმპატიების და ანტიპათიების ჩარჩოს მიღმა არსებულ განზომილებას. ეს სიმპატიები და ანტიპათიები წარმოადგენენ თქვენი პიროვნების საფუძველს. ადამიანის სურვილის უსასრულო ბუნება, ეს არის უკიდეგანო ბუნებისკენ სწრაფვის ან ფიზიკური სამყაროს მიღმა სიცოცხლის სურვილის გამოხატულება. უსასრულობა და ნული ერთიდაიგივე რეალობის პოზიტიური და ნეგატიური გამოხატულებებია.
ერთგულება ნიშნავს სურვილებისა და ზიზღის, მიჯაჭვულობისა და აპატიის დუალობების მოშორებას. ეს ნიშნავს რომ, თქვენთვის უკვე აღარ არსებობს „კარგი“ და „ცუდი“; ყველაფერი მშვენიერია. როდესაც ერთგულების ადამიანი ამბობს; „ღმერთი არის ყველაფერი“ ან „ყველაფერი არის ღმერთი“, ის არსებითად ამბობს; „ყველაფერი მშვენიერია.“ იმის რწმენით, რომ ღმერთი ყველგანაა, ადამიანი აღწევს მიმღებლობის ღრმა მდგომარეობას, რაც არის ტრანსფორმაციული და განმანთავისუფლებელი. ბჰაქტი არის ყველას და ყველაფრის მომცველი; ის არ ასხვავებს ერთმანეთისგან. ასეთივეა აბსოლუტური რეალობის ბუნებაც.
უძველესი დროიდან, ერთგულება განიხილება როგორც სულიერების ყველაზე მნიშვნელოვანი გზა, რადგან ის არის უსწრაფესი. მაგრამ მას გააჩნია თავისი მახეები. ცოდნის გზა უფრო რთულია, მაგრამ მასზე „თვალგახელილნი“ დადიან. მეორე მხრივ ერთგულება კი, არის „თვალდახუჭულთა“ გზა. ცოდნის გზაზე, წინ გადადგამთ ნაბიჯს თუ უკან, თქვენ იცით საითაც მიდიხართ. ერთგულების გზაზე კი, თქვენ ხშირად არ გაქვთ წარმოდგენა; თავისუფლებისკენ მიდიხართ თუ ორმოში ვარდებით.
ჩვეულებრივ, ადამიანთა უმრავლესობისთვის ემოციები უფრო ინტენსიურია, ვიდრე ფიქრები. სწორედ ამიტომაც განადიდებენ ერთგულებას სხვა გზებს შორის. თუმცა სწორი გაგებისა და სიბრძნის გარეშე, ერთგულების გზამ შეიძლება ყველანაირ ილუზიებამდე მიგვიყვანოს. ერთგულება არის ინსტრუმენტი ლოგიკის დუალური ბუნების ტრანსაცენდენტირებისთვის. მაგრამ ლოგიკის ტრანსცენდენტირების ნაცვლად, ადამიანმა შეიძლება საერთოდ უარი თქვას ლოგიკაზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიდგეთ ლოგიკის სტაბილურ პლატფორმაზე, სანამ ერთგულების მერყევ გზას გავუდგებოდეთ.
ბევრ ადამიანს მიაჩნია რომ ერთგულებას არ აქვს ადგილი ლოგიკის სამფლობელოში. მაგრამ ეს ასე არ არის. ლოგიკა არსებითად არის მჭრელი ინსტრუმენტი, გარჩევის საშუალება. თუ ლოგიკა მაჩეტეს მსგავსია, მაშინ ყველაფერი რასაც შეეხებით შუაზე იყოფა. მაგრამ თუ ლოგიკის სკალპელი, რომელსაც იყენებთ კარგად არის ალესილი, შეგიძლიათ რამეს ისე მოაჭრათ ნაწილი, რომ არანაირი ცვლილება არ დაეტყოს. ამბობენ, რომ როდესაც კარგი მოფარიკავე იყენებს თავის ხმალს ხის საჭრელად, ეს ხემ არ უნდა გაიგოს; ის ისევ მთელივით უნდა იდგეს. თუ თქვენი ინტელექტი ასევე დაიხვეწება, ნახავთ რომ ერთგულება თქვენს ლოგიკას მშვენივრად ეწყობა.
ერთგულება შეიძლება იყოს ძალიან ლამაზი, სიხარულით აღსავსე, ექსტატური, მაგრამ ცოდნის სიცხადის გარეშე, მან შეიძლება სტაგნაციამდე მიგვიყვანოს. მეორე მხრივ კი, სულიერი პრაქტიკა ემოციების გარეშე შეიძლება გახდეს უნაყოფო, მშრალი და უსიცოცხლო. ბჰაქტის გარეშე ჯნანა იქცევა არაფრის მომცემ სავარჯიშოდ.
როგორც ადრე ავღნიშენე, თუ გინდათ გაეცნოთ მთის მწვერვალს, უნდა ახვიდეთ იქ ან უნდა შორიდან შეხედოთ მას. ერთგულების ადამიანმა იცის, რომ თუ თქვენ მოახერხეთ და ახვედით მთის მწვერვალზე, თქვენ მაინც მისგან განცალკევებული დარჩებით. მაგრამ თუ ველი გახდებით, შეგიძლია მთლიანი მთა თქვენში დაიტიოთ.
იოგა და ინტოქსიკაცია
ლეგენდის თანახმად, ადიიოგიმ დალია სომარასა, მთვარის მათრობელი წვენი. მან უბრალოდ შეიწოვა მთვარის შუქის დისტილური ესენცია და შემდეგ მასზე ამბობდნენ, რომ მუდამ მთვრალი იყო.
იოგები არ არიან სიამოვნების წინააღმდეგნი. ისინი უბრალოდ არ თანხმდებიან მცირე სიამოვნებებს. მათ იციან რომ; თუ ერთ ჭიქა რვინოს დალევთ, ეს მცირე ეიფორიას გამოიწვევს, მაგრამ მეორე დილით მას თავის ტკვილი და სხვა რამეებიც მოყვება. იოგებს არ სურთ ეს. რათა დატკბეთ ინტოქსიკაციით, უნდა იყოთ ბოლომდე მთვრალი და ამავდროულად სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში. მე არასოდეს შევხებივარ არანაირ მათრობელა ნივთიერებას, მაგრამ თვალებში რომ შემხედოთ, ნახავთ რომ მუდამ მთვრალი ვარ. მე ბოლომდე მთვრალი და სრულიად ფხიზელი ვარ. ეს არის ერთერთი სიამოვნებათაგანი რომელსაც იოგა გთავაზობთ.
ინტოქსიკაცია არ არის საბოლოო მიზანი. ნეტარების ეს მდგომარეობა აღმოფხვრის ტანჯვის შიშს. ამ უსახელო ექსტაზის მდგომარეობაში, აღარ არსებობს დარდები თვით-გადარჩენაზე. სწორედ ეს ანიჭებს ადამიანს იმის უნარს, რომ იყოს და მოიქცეს როგორც ზეადამიანი.
მხოლოდ მაშინ, როდესაც თვით-გადარჩენის მღრნელი წუხილი მთლიანად აღმოიფხვრება თქვენი გონებიდან, გაბედავთ ცხოვრების გამოკვლევას. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ თავდაცვაზე იფიქრებთ. როდესაც ტანჯვის შიშს მოიშორებთ, შეგიძლიათ უყუყმანოდ ჩაერთოთ ნებისმიერ სიტუაციაში. თუნდაც მარადიული ჯოჯოხეთისთვის იყოთ განწირული, თქვენ სიხარულით წახვალთ იქ, რადგან აღარ გექნებათ ტანჯვის შიში!
როდესაც ყველა სამოთხეში წასვლაზე ლაპარაკობდა, გაუტამა ბუდამ თქვა; „თქვენ ამბობთ რომ, სამოთხეში ყველაფერი კარგადაა, მაშ მე რა უნდა ვაკეთო მანდ? ნება მომეცით ჯოჯოხეთში წავიდე და რამე გავაკეთო სხვების დასახმარებლად, მე მაინც არ დავიტანჯები.“
სანამ გექნებათ ტანჯვის შიში, ვერ გაბედავთ ცხოვრების ღრმა შრეების გამოკვლევას. მხოლოდ თქვენს სხეულს ჭირდება დაცვა, თქვენს სხვა ასპექტებს დაცვა არ სჭირდება. თუ მზად ხართ უარი თქვათ იდეებზე, ფილოსოფიებზე და რწმენის სისტემებზე, რაზეც ახლა ხართ მიჯაჭვულები, თქვენ შემდეგი მომენტიდანვე შეგიძლიათ მთელი თქვენი ცხოვრება ხელახლა შექმნათ.