შექმენით თქვენი ბედისწერა
შექმენით თქვენი ბედისწერა
ერთხელ საერთაშორისო კონფერენციაზე ვიყავი, რომლის მთავარი თემაც დედამიწაზე სიღარიბის შემცირება იყო. იქ ასევე იმყოფებოდა რამოდენიმე გამოჩენილი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის სპეციალისტი, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურიატები.
გარკვეულ მომენტში, ერთერთმა მონაწილემ თქვა, „რატომ ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას? განა, ეს ყველაფერი ღვთის ნება არ არის?“
მე ვუპასუხე, „დიახ, თუ ვინმე სხვა კვდება, ვინმე სხვას შია, ეს ღვთის ნება იქნება. მაგრამ თუ თქვენი მუცელი ცარიელია, თუ თქვენი შვილი კვდება შიმშილისგან, თქვენ აუცილებლად გამოსავალის ძებნას დაიწყებთ, ასე არ არის?“
ყოველთვის, როდესაც სირთულეები წარმოიქმნება ჩვენს ცხოვრებაში, მათ აღმოსაფხვრელად მუდამ თავად ვზრუნავთ. ხოლო როდესაც, საქმე ეხება სხვების უბედურებას, ჩვენ გვაქვს სიტყვა ამის აღსაწერად; ეს არის ბედისწერა.
რა მოსახერხებელი სიტყვაა. სიტყვა „ბედისწერა“ გახდა პოპულარული განტევების ვაცი, წარუმატებლობასთან შერიგების გზა, ფატალური ფანდი, რომლის საშუალებითაც ვნებდებით და ვურიგდებით ყოველგვარ არასასურველ სიტუაციას. მაგრამ შიგნით შებრუნება, ეს პირველი ნაბიჯია პასიურობიდან მოქმედებამდე, მსხვერპლის მდგომარეობიდან საკუთრი ბედისწერის შემქმნელის მდგომარეობამდე.
დღეს, ჩვენ შეგვიძლია განვკურნოთ მრავალი დაავადება, რომელსაც ჯერ კიდევ ასი წლის წინ „ღვთიურ ნებას“ მიაწერდნენ. ეს გარკვეული სიტუაციების მართვის საკუთარ თავზე აღებით შევძელით. პოლიომიელიტი ერთერთი მაგალითია. უახლოეს ისტორიაში, მხოლოდ სიტყვა „პოლიომიელიტს“ შეეძლო საზარელი შიშის გამოწვევა ბევრ ადამიანში. როდესაც ვიზრდებოდი, საკმაოდ ბევრი პოლიომიელიტით დაავადებული ჩემი ასაკის ადამიანი მინახავს, სკოლაში და სამეზობლოში, რომლებიც განწირულნი იყვნენ მთელი ცხოვრება ინვალიდის სავარძელში გაეტარებინათ. ეს ჩვეულებრივი სანახაობა იყო, და ყველამ ვიცოდით, რომ ისინი ვერასდროს გაივლიდნენ. მათი სნეულება ჩვეულებრივ ღვთის ნებად ან ბედისწერად განიხილებოდა.
მეოცე საუკუნის დასაწყისში, განვითარებული მრეწველობის ქვეყნებში პოლიომიელიტი ყველაზე საშიში დაავადება იყო, რომელიც ათასობით ბავშვის შეუქცევად პარალიზებას იწვევდა. 1950-60 იან წლებში, ეფექტური ვაქცინების საშუალებით შესაძლებელი გახდა ამ დაავადების დამარცხება. როდესაც ეს განვითარებულ ქვეყნებში მთავარ პრობლემად იქნა აღიარებული, დაინერგა იმუნიზაციის პროგრამები. 1988 წელს, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, პოლიიემოლიტით დაავადდა 350 000 ბავშვი მთელი მსოფლიოს მაშტაბით, 2013 წელს კი მათი რიცხვი 416 მდე შემცირდა. 2012 წლიდან ინდოეთი აღარ შედის, პოლიომიელიტის ენდემური ქვეყნების სიაში. პოლიტიკური პროპაგანდის, სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის, ეფექტური ვაქცინების გონივრული ფასის, საზოგადოების ჩართულობის და საერთაშორისო სამედიცინო ჯგუფების თანამონაწილეობის კომბინაციამ, დაამტკიცა, რომ მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, თუნდაც ისეთ უზარმაზარ და სირთულეებით სავსე ქვეყანაში როგორიც ინდოეთია, შესაძლებელი იყო დაავადების ძირფესვიანად აღმოფხვრა.
იყო ადამიანი - ნიშნავს, შეგეძლოს შენს ცხოვრებაში არსებული სიტუაციების შენთვის სასურველი სახით ფორმირება. დღეს კი პირიქით ხდება, ადამიანების უმრავლესობა მართულია იმ სიტუაციების მიერ, რომელშიც ცხოვრობს. მიზეზი ისაა, რომ ცხოვრება ამ სიტუაციებისადმი რეაგირებაში გადის. გარდაული შეკითხვა იბადება; „რატომ მოვხვდი მე ასეთ სიტუაციაში? განა, ეს ჩემი ბედისწერა არ არის?“ ჩვენ „ბედისწერას“ ვუწოდებთ ყველაფერს რაზეც არ გვინდა პასუხისმგებლობის აღება და რასაც ლოგიკურ ახსნას ვერ ვუსადაგებთ. ეს მანუგეშებელი სიტყვაა, მაგრამ გვართმევს უფლებამოსილებას.
იმისათვის, რომ თავად შექმნათ თქვენთვის სასურველი სიტუაციები, თავდაპირველად უნდა იცოდეთ, თუ ვინ ხართ. მთავარი დაბრკოლება ისაა, რომ თქვენ ჯერაც არ იცით ვინ ხართ. თქვენ არ ხართ ის, რისი დაგროვებაც მოახერხეთ. ყველაფერი რასაც ამჟამად აღიქვამთ „მედ“, არის უბრალოდ აკუმულაცია. თქვენი სხეული უბრალოდ საკვების აკუმულაციაა. თქვენი გონება კი გრძნობის ორგანოს მიერ აკუმულირებული შთაბეჭდილებების ერთობლიობაა. ის რასაც იძენთ, შეიძლება იყოს თქვენი, მაგრამ ის ვერასდროს იქნებით თქვენ.
მაშინ ვინ ხართ თქვენ? ეს გამოცდილება წინ გელოდებათ. ეს ჯერ თქვენთვის გაუცნობიერებელი მდგომარეობაა. თქვენ ცდილობთ იმის მიხედვით იცხოვროთ, რისი დაგროვებაც მოახერხეთ ცხოვრებაში, და არა იმის მიხედვით, ვინც ხართ სინამდვილეში. უფრო მეტიც, თქვენ ბოლომდე იმასაც ვერ აცნობიერებთ, თუ რა დააგროვეთ ცხოვრების განმავლობაში.
წლების განმავლობაში თქვენ შეიძინეთ გარკვეული მისწრაფებები, დაგროვებული შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე. შესაძლებელია ამ ყველაფრის მთლიანად ტრანსფორმირება. თუ თქვენ შეასრულებთ გარკვეულ შინაგან სამუშაოს, თუ დანერგავთ გარკვეულ შინაგან ტექნოლოგიებს, - მაშინ, როგორიც არ უნდა იყოს თქვენი არსებული ტენდენციები, წარსული ცხოვრებისეული გამოცდილება, თქვენი გენეტიკა და გარემო - თქვენ შეძლებთ მოკლე დროში თქვენი თავის მთლიანად ტრანსფორმირებას!
ყველაფერი ამ სამყაროში ხდება ბუნებრივად, გარკვეული ორგანული კანონებისგან გამომდინარე. თუ თქვენ იცნობთ სიცოცხლის ბუნებას თქვენს შიგნით, თქვენ შეგიძლიათ წარმართოთ თქვენი ცხოვრება, ოღონდ ბუნების კანონების მიერ დაწესებულ ფართო ჩარჩოების შიგნით. რა იგულისხმება ამაში? განვიხილით კონკრეტული მაგალითი. მიუხედევად იმისა, რომ ჩვენ ვართ უფრთო არსებები, უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში, ჩვენ მაინც მოვახერხეთ გაფრენა, მაგრამ როგორ? ეს ჩვენ შევძელით არა ბუნების კანონების დარღვევით, არამედ ამ კანონების უფრო ღრმა გაგების საშუალებით. ასე რომ, ტექნიკა რომლის შესწავლასაც ვაპირებთ ამ წიგნში, არის მცირე ნაწილი უფრო ღრმა მეცნიერების, რომელიც საბოლოოდ საშუალებას მისცემს მასში გაწაფულებს, საკუთარ ხელში აიღონ თავად სიცოცხლისა და სიკვდილის პროცესი.
თქვენ ქმნით თქვენს ბედისწერას გაუცნობიერებლად. თუ ოსტატურად ფლობთ თქვენს სხეულს, თქვენი ცხოვრებისა და ბედისწერის თხუთმეტიდან ოც პროცენტამდე თქვენს ხელში იქნება. თუ თქვენს გონებას მართავთ ოსტატურად, თქვენი ცხოვრებისა და ბედისწერის ორმოცდაათიდან სამოც პროცენტამდე თქვენს ხელში იქნება. თუ თქვენ განაგებთ თქვენს სასიცოცხლო ენერგიებსაც, თქვენი ცხოვრებისა და ბედისწერის ასი პროცენტი თქვენს ხელში იქნება.
ახლაც კი, თქვენ ირჩევთ თქვენი ცხოვრების გზას, მაგრამ ამას გაუცნობიერებლად აკეთებთ. თუმცა რასაც არ უნდა აკეთებდეთ გაუცნობიერებლად, შეგიძლიათ იგივე გაცნობიერებულად გააკეთოთ. და ეს რადიკალურად განსხვავებული იქნება. სწორედ ეს არის განსხვავება უმეცრებასა და გასხივოსნებას შორის.
ისეთი უსიამოვნებები, როგორიცაა ბრაზი, შიში, წუხილი და სტრესი თქვენს თავს იმიტომ ხდება, რომ თქვენი მთავარი ინსტრუმენტები - სხეული, გონება და სასიცოხლო ენერგიები - დამოუკიდებლად მოქმედებენ. თუ თქვენი სხეულისა და გონებისა უმთავრესი დანიშნულება თქვენში არსებული სიცოცხლის მსახურებაა, რატომაა, რომ თქვენი სიცოცოხლე დამონებულია სწორედ სხეულისა და გონების მიერ? განა ეს სიცოცხლის ფუნქციონირების სრული დამახინჯება არაა?
თქვენი ბედისწერის საკუთარ ხელში აღება სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გსურთ. გარემო სამყარო არასდროს იქნება ასი პროცენტით ისეთი როგორც თქვენ გსურთ, რადგან მასზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმდებებს. სურვილი იმისა, რომ გარეგანი მოვლენები სწორედ ისე წარიმართოს როგორც თქვენ გსურთ, არის დაპყრობის, ტირანიის და დიქტატურის გზა.
ერთხელ შანკარა პილაი (სამხრეთ ინდოელი ჯენტლმენი, რომელიც ამ წიგნის შესავალში გაიცანით და რომელიც კიდევ რამდენჯერმე შეგხვდებათ) მეგობრებთან ერთად დასალევად წავიდა. ის ფიქრობდა, რომ უცებ გადაკრავდა რამეს და საღამოს რვა საათზე სახლში დაბრუნდებოდა. ასეც მოიქცა. ჯერ ერთი გადაკრა, მერე მეორე, მერე მესამე. შემდეგ კიდევ ერთი. საათს დახედა. დილის სამის ნახევარი იყო (სასმელის ზემოქმედებით ხალხი დროის შეგრძნებას კარგავს, როგორც იოგები.) ის ბარის დახლს მოშორდა. რა უსამართლო ცხოვრებაა; ადამიანს უწევს მრგვალ პლანეტაზე სიარული, რომელიც თან ბრუნავს! დიდი სიფრთხილითა და მოხერხებულობით შანკარა პილაიმ წონასწორობა შეინარჩუნა და სახლისკენ გზას გაუდგა.
პარკის გავლით გზას მოკლეზე ჭრიდა, და უცაბედად ვარდის ბუჩქებში თავით გადაეშვა. სახე ეკლებით დაეჩხვლიტა. ძალა მოიკრიბა, წამოდგა და გზა განაგრძო. ასეთ მდგომარეობაში სახლს მიაღწია და საკლიტურის პოვნა განიზრახა. მაგრამ ეს საძაგელი კლიტეები ჩვენს დროში ძალიან პატარა ზომისანი არიან, და კარის გაღებას ოცი წუთი მოანდომა.
როგორც იქნა, საძინებელს მიაღწია. მისდა ბედად, მის ცოლს ღრმად ეძინა. სააბაზანოში შევიდა და სარკეში ჩაიხედა. მისი სახე საშინელ მდგომარეობაში იყო. სამედიცინო ყუთიდან წამლები და ლეიკოპლასტერები ამოიღო, და ნაკაწრებზე ისე დაიკრა, როგორც მოახერხა. შემდეგ ჩუმად საწოლს მიაშურა.
დილით მისმა ცოლმა ერთი ვედრო ცივი წყალი შეასხა სახეში. შანკარა პილაიმ ხრჩობის შეგრძნებით გამოიღვიძა. და წამოიძახა, „კი მაგრამ რატომ? დღეს ხომ კვირაა!“
ცოლმა უპასუხა „ისევ დათვერი ხომ, შე ჩერჩეტო?“
-„არა ძვირფასო, მე შეგპირდი ექვსი თვის წინ და მას მერე წვეთიც არ დამილევია.“
ცოლი საყელოზე წვდა შანკარას, სააბაზანოში შეათრია და აჩვენა; სარკე მთლიანად ლეიკოპლასტერებით იყო დაფარული!
როდესაც ტკივილი, მწუხარება და ბრაზი გვიპყრობს, ეს ნიშნავს, რომ მოვიდა დრო ჩავიხედოთ ჩვენს შიგნით, და არა ჩვენს გარშემო. კეთილდღეობის მისაღწევად ერთადერთი ვისი შეკეთებაც არის საჭირო, ეს ხართ თქვენ. თქვენ გავიწყდებათ, რომ როდესაც ავად ხართ, მკურნალობა სწორედ თქვენ გჭირდებათ. როდესაც მშიერი ხართ, კვება სწორედ თქვენ გჭირდებათ. ერთადერთი ვისი გამოსწორებაც არის საჭირო, - ეს თქვენ ხართ, მაგრამ ამ მარტივი ფაქტის გააზრებას ხალხი მთელ ცხოვრებას ანდომებს!
თქვენი ბედისწერის შექმნა არ ნიშნავს, რომ თქვენს გარშემო არსებულ ყველა სიტუაციას გააკონტროლებთ. თქვები ბედის შექმნა ეს არის მუდმივი სწრაფვა თქვენი კეთილდღეობისკენ და თქვენი უმაღლესი ბუნებისკენ, მიუხედავად თქვენს გარშემო არსებული ცხოვრებისა. ეს უბრალოდ ნიშნავს, თქვენი თავის იმგვარად შეცვლას, რომ რაც არ უნდა მოხდეს თქვენს გარშემო, ვერაფერი დაგრთგუნავთ; შეძლებთ ბუნებრივად გაართვათ თავი ყველაფერს.
სულიერი პროცესი არ მდგომარეობს იმაში, რომ მთელს სამყაროს თქვენი იდეები თავს მოახვიოთ; აუცილებელია საკუთარი თავის იმგვარად შეცვლა, რომ ქმნილება და შემოქმედი, და სამყაროს ყველა ატომი გეხმარებოდეთ და გითმობდეთ თქვენ. თქვენი სიმპატიებისა და ანტიპატიების დევნაში, თავს მარტოსულად გრძნობთ მუდვივად საშიშ, არასტაბილურ და ფსიქოლოგიური სიძნელეებით სავსე უზრაზარ სამყაროში. მაგრამ როგორც კი სამყაროს დაგითმობთ, ის მიგიყვანთ წყალობით სავსე ადგილას, - სადაც თითოეული კენჭი, თითოეული კლდე, თითოეული ხე, თითოეული ატომი, თქვენთვის გასაგებ ენაზე დაგელაპარაკებათ. ყოველ წუთს მილიონობით სასწაული ხდება თქვენს გარშემო; ყვავილი იფურჩქნება, ჩიტი ჭიკჭიკებს, ფუტკარი ბზუის, წვიმის წვეთები ვარდება ციდან, თოვლის ფიფქები ტრიალებს საღამოს ნათელ ჰეარში. ჯადოსნობა ყველგანაა. როდესაც იცით როგორ უნდა იცხოვროთ, ცხოვრება ყოველდღიური სასწაულია.
* * *
არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ, სანამ სწორ ქმედებებს არ განახორციელებთ, ცხოვრება თქვენთვის არ იმუშავებს. თქვენ შეიძლება საკუთარი თავი კარგ ადამიანად მიგაჩნიათ, მაგრამ თუ თქვენს ბაღს არ მორწყავთ, განა ის იყვავილებს? სასურველი შედეგების მისაღებად სწორი ქმედებები უნდა განახორციელოთ. მსჯელობები კარგზე და ცუდზე არსებითად ადამიანურია და განპირობებულია საზოგადოების მიერ. ისინი მისაღებია როგორც სოციალური ნორმები. მაგრამ ყოფიერებას არ აინტერესებს ეს ნორმები. ყოფიერება არ არის განმკიცხავი, ის ყველას ერთნაირად გვეპყრობა.
ზამთრის ერთ დილას მიჩიგანში, ერთი მოხუცი გაემართა ყინულჭრილში სათვზაოდ. დილის ათი საათი იყო. ყინულში პატარა ხვრელი გაჭრა და იქვე ჩამოჯდა, გვერდზე კი ლუდით სავსე ყუთი დაიდგა. თევზაობა არ არის უბრალოდ თევზის დაჭერა, ეს მოთმინების თამაშია და მან ეს იცოდა. მოხუცმა ნემსკავი წყალში ჩაუშვა. ლუდის ყუთი ნელნელა ცაირიელდებოდა და თევზის ტომარაც ცარიელი რჩებოდა.
დღე მიიწურა. ნაშუადღევს ოთხ საათზე თევზის ტომარა ისევ ცარიელი იყო. ცარიელი იყო ასევე ლუდის ყუთიც.
იქვე ახალგაზრდა ბიჭი მივიდა. მას თან დიდი დინამიკი ჰქონდა, საიდანაც ჰევი-მეტალი ქუხდა. მან შორიახლოს ხვრელი გაჭრა და სათევზაოდ ჩამოჯდა, მისი მუსიკა ისევ ღრიალებდა.
მოხუცმა ზიზღნარევად შეხედა და გაიფიქრა, „დილიდან აქ ვზივარ სიჩუმეში და ერთი თევზიც ვერ დავიჭირე, და ამ სულელს ჰგონია, რომ მუსიკის ღრიალით რამეს დაიჭერს, თან ოთხ საათზე! ახალგაზრდა სულელი ყველაზე უარესია!“
მაგრამ მისდა გასაკვირვად, ათ წუთში ბიჭმა უზარმაზარი კალმახი დაიჭირა! მოხუცმა ეს უბრალო გამართლებად ჩათვალა და თევზაობა გააგრძელა. ათი წუთის შემდეგ ბიჭმა კიდევ უფრო დიდი კალმახი დაიჭირა.
მოხუცს უკვე აღარ შეეძლო ამის იგნორირება. ის ბიჭს ენაჩავარდნილი მიაშტერდა. რაღაცის თქმას აპირებდა, როდესაც ბიჭმა კიდევ ერთი უზარმაზარი კალმახი ამოიყვანა წყლიდან.
მოხუცმა თავისი სიამაყე გვერდზე გადადო და ბიჭს მიუახლოვდა. „რაშია შენი საიდუმლო?“ ჰკითხა მან. „მთელი დღეა აქ ვზივარ და ჩემი ტომარა მაინც ცარიელია. შენ კი უკვე სამი დიდი კალმახი დაიჭირე. რა ხდება?“
ბიჭმა თქვა, „რუ რა რა რა რუ რა რუმ.“
მოხუცმა ხელი ყურთან მიიდო და ჰკითხა, „რაა?“
ბიჭმა მუსიკას დაუწია და გაიმეორა, „რუ რა რა რა რუ რა რუმ.“
დაბნეულმა მოხუცმა უთხრა, „ერთს სიტყვასაც ვერ ვგებულობ, რასაც ამბობ იქიდან.“
ბიჭმა გადმოაფურთხა რასაც ღეჭავდა, და უთხრა, „ჭიები სითბოში უნდ გყავდეს.“
სანამ სწორ ქმედებებს არ განახორციელებთ, მანამ სწორ შედეგებს ვერ მიიღებთ.
პრინციპებს და ფილოსოფიებს მხოლოდ სოციალური შედეგები გააჩნიათ. მოვიდა დრო გაიღვიძოთ და დაინახოთ თქვენი თავი როგორც ეგზისტენციალური არსება, ცოცხალი არსება, და არა როგორც ფსიქოლოგიური შემთხვევა. ამის შემდეგ თქვენი ბედი ასი პროცენტით თქვენ ხელში იქნება.
ეს არ არის ცარიელი დაპირება. ეს გარანტირებულია.