ცხოვრებისთვის ყურის დაგდება
ცხოვრებისთვის ყურის დაგდება
არსებობს უწყვეტი სიხარულისა და აბსოლუტური ერთიანობის მიღწევის რამოდენიმე გზა. ეს გზები სხვადასხვაგვარია, მაგრამ მნიშველოვანი ისაა, რომ ყველა ეს გზა ჰარმონიული და კომპლექსური მიდგომაა. ნამდვილად არ არსებობს არანაირი დაყოფა და იერარქია ამ განსხვავებულ მიდგომებს შორის. იოგა აბსოლუტურად მიუკერძოებელია; ის იყენებს თქვენს ყველა ასპექტს, რათა მიგიყვანოთ საბოლოო მიზნამდე.
თქვენი „პირადი მეს“ ახლანდელ გაგებაში სხეულს ძალიან დიდი ადგილი უკავია. სხეულის გამოყენების მეცნიერებას თქვენი ევოლუციური პროცესის დასაჩქარებლად ჰათჰა იოგა ეწოდება. „ჰა“ ნიშნავს მზეს, „თჰა“ კი მთვარეს. ჰათჰა იოგა არის ადამიანის ორგანიზმში ამ ორ განზომილებას შორის ბალანსის მიღწევის მეცნიერება.
ადამიანის სხეულს გააჩნია თავისი განწყობილება, წინაღობა და ტემპერამენტი. ვთქვათ გადაწყვიტეთ, რომ „ხვალიდან მოყოლებული, ყოველ დილას ხუთ საათზე ავდგები და ვისეირნებ.“ დააყენებთ მაღვიძარას და დილით დარეკავს. დაიწყებთ გამოფხიზლებას, მაგრამ თქვენი სხეული გეტყვით, რომ გაჩერდეთ და დაიძინოთ. ნაცნობი სიტუაციაა, ხომ ასეა? ჰათჰა იოგა არის სხეულთან მუშაობის საშუალება; ის არის დისციპლინირების, გაწმენდის და მომზადების გზა უფრო მაღალი ენერგეტიკული დონეებისთვის და უფრო დიდი შესაძლებლობებისთვის.
ჰათჰა იოგა არ არის ვარჯიში. ის გვაძლევს საშუალებას შევიცნოთ სხეულის მექანიზმი, შევქმნათ გარკვეული ატმოსფერო, და შემდეგ ფიზიკური პოზების გამოყენებით მივმართოთ ენერგია კონკრეტული მიმართულებით. ეს არის მიზანი სხვადასხვა ასანების, ან პოზების. პოზა რომელიც საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ თქვენს უმაღლეს ბუნებას არის იოგასანა. ეს არის თქვენი შინაგანი გეომეტრიის კოსმიურ გეომეტრიასთან მიმართებით შესაბამისობაში მოყვანის მეცნიერება.
მარტივად, რომ ვთქვათ, თუ თქვენ ადამიანებს საკმარისად დიდხანს იცნობთ, შეგიძლიათ უბრალოდ მათ ჯდომის პოზაზე დაკვირვებით თითქმის შეუცდომლად განსაზღვროთ, რა ხდება მათ თავს. თუ დაკვირვებიხართ, რომ როდესაც მშიერი ხართ ერთ პოზაში ზიხართ, როდესაც ბედნიერი - სხვა პოზაში, როდესაც ცუდ გუნებაზე ხართ სრულიად სხვა პოზაში. ცნობიერების ყოველ განსხვავებულ დონეზე, ან ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში თქვენი სხეული ბუნებრივად ღებულობს გარკვეული პოზებს. სწორედ ამის საპირისპიროა ასანების მეცნიერება. თუ თქვენ შეგნებულად მიიღებთ სხვადასხვა პოზებს, შეძლებთ ცნობიერების ამაღლებას.
სხეული შეიძლება გახდეს საშუალება სულიერი ზრდისთვის ან დამაბრკოლებელი ბარიერი. დაუშვათ სხეულის რომელიმე ნაწილი - ხელი, ფეხი ან ზურგი გტკივათ. როდესაც ტკივილი მწვავეა, რთულია რაიმე მაღალი მიზნისკენ სწრაფვა, რადგან ტკივილი ხდება დომინანტი თქვენს ცხოვრებაში. თუ თქვენ ახლა განიცდით ზურგის ტკივილს, სწორედ ეს ტკივილი იქნება თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მთელ სამყაროში. ამ დროს ღმერთიც, რომ გამოგეცხადოთ, თქვენ მას ამ ტკივილისგან განთავისუფლებას შეეხვეწებით. თქვენ არ შესთხოვთ მას სხვას არაფერს, რადგან ფიზიკურ სხეულს დიდი ძალაუფლება აქვს თქვენზე. როდესაც სხეული არ ფუნქციონირებს ისე როგორც საჭიროა, მას შეუძლია თქვენი ცხოვრებიდან ყველა სხვა მისწრაფება გააქროს. როდესაც სხეული ტკივილს განიცდის, სხვა ყველა სურვილი ქრება. უზარმაზარი ძალა სჭირდება იმას, რომ ერთდროულად განიცდიდე ტკივილს და შეგეძლოს მის მიღმა ყურება, და ეს ძალა ადამიანების უმრავლესობას არ გააჩნია.
უამრავმა ადამიანმა ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები მარტივი ასანების საშუალებით მოიშორა. ექიმები მათ არწმუნებდნენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ოპერაცია იყო, მაგრამ იოგას დახმარებით მათ შეძლეს ამის თვიდან აცილება. შესაძლებელია ზურგის ისეთ შესანიშნავ მდგომარეობამდე აღდგენა, რომ არასოდეს დაგჭირდეთ ქიროპრაქტიკოსთან ვიზიტი. ამასთან ხერხემალთან ერთად, თქვენც ხდებით მოქნილი. როდესაც ხდებით მოქნილი, თქვენ მზად ხართ მოსასმენად; არა ვინმეს საუბრის მოსასმენად, არამედ მზად ხართ მოუსმინოთ თავად ცხოვრებას. მოსმენის სწავლა გონიერი ცხოვრების საფუძველია.
მნიშვნელოვანია, გარკვეული დრო და ენერგია დავუთმოთ იმას, რომ სხეული არ გახდეს ბარიერი. მტკივნეული სხეული შეიძლება გახდეს დაბრკოლება, ისევე როგორც კომპულსური სხეული. მარტივ დაუძლეველ სურვილებს, როგორიცაა შიმშილი ან სქესობრივი ლტოლვა, შეუძლიათ თქვენი მისწრაფებები დაიყვანონ ფიზიკურ დონემდე. ადვილად გვავიწყდება, რომ ფიზიკური სხეული მხოლოდ ჩვენი ერთი შემადგენელი ნაწილია; და მნიშვნელოვანია რომ ის არ გახდეს ჩვენი ერთადერთი ნაწილი. ასანები გვეხმარება სხეულისთვის ბუნებრივ ადგილის მიჩენაში.
მედიტაციის რაც უფრო ღმრა განზომილებაში შეხვალთ, მით უფრო გაიზრდება თქვენი ენერგია, რაც თავის მხრივ გამოცდილების უფრო ღრმა განზომილებებს გადაგიშლით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სხეულში ენერგეტიკული სისტემა ხელის შემწყობი იყოს. თუ ის დაბლოკილია, არაფერი გამოვა. ამგვარად ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის საკმარისად მომზადება, სანამ მედიტაციის უფრო ინტენსიურ ფორმებში გადავალთ. ჰათჰა იოგა უზრუნველყოფს, რომ სხეულში ენერგიის ზრდა იქნება შეუფერხებელი და სიხარულის მომტანი.
ბევრი ადამიანისთვის სულიერი ზრდის პროცესი ძალიან მტკივნეულად მიმდინარეობს სწორედ იმიტომ, რომ მათ არ გაუვლიათ შესაბამისი მომზადება. სამწუხაროდ ადამიანთა უმრავლესობა ყალიბდება გარეგანი სიტუაციების ზეგავლენით. დღეს მსოფლიოში ნორმად გადაიქცა ის, რომ ზრდა ხდება მხოლოდ ტკივილის თანხლებით. მაგრამ ზრდა ასევე შესაძლებელია მოხდეს სიხარულის თანხლებით, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როდესაც ორივე - სხეული და გონება შესაბამისად მომზადებულია. ასანებს შეუძლიათ მოგამზადონ ზრდისთვის და ტრანსაფორმაციისთვის, მტკიცე და სტაბილური საფუძვლის უზრუნველყოფით.
ჰათჰა იოგა, რასაც დღეს ადამიანები ეუფლებიან, განსხვავდება კლასიკური ფორმისგან მთელი მისი სიღრმითა და სიდიდით. „იოგა სტუდიები“ რომლებსაც დღეს მრავლად შეხვდებით ძირითადად ამ მეცნიერების ფიზიკურ ასპექტთან მუშაობენ. მხოლოდ იოგას ფიზიკური ასპექტის სწავლება მკვდრადშობილი ჩვილის ყოლის მსგავსია. ეს არის არამარტო არაეფექტური, არამედ ტრაგედიაც. იმისათვის რომ, ეს პროცესი იყოს ცოცხალი, ის უნდა მოიცავდეს იოგას სხვა განზომილებებსაც.
ჰათჰა იოგა არ არის თავზე დგომა ან სუნთქვის შეკავება. მნიშვნელოვანია თუ როგორ კეთდება ეს. იყო დრო როდესაც პირადად ვასწავლიდი ჰათჰა იოგას ორდღიანი პროგრამის სახით. პროგრამის ინტენსივობა ძალიან მაღალი იყო, და ხალხს ექსტაზის ცრემლები სდიოდა უბრალოდ ასანების პრაქტიკით. რატომ არ ხდება ეს უფრო ხშირად? უბრალოდ იმიტომ, რომ ჰათჰა იოგა ისწავლება როგორც ცალკეული სისტემა, და არა როგორც მოსამზადებელი. შედეგად, ჰათჰა იოგას ზოგისთვის სიმშვიდე მოაქვს, სხვებისთვის ჯანმრთელობა, მაგრამ უმრავლსებოსითვის რჩება მტკივნეულ საცირკო წარმოდგენად. ეს შეიძლება მისაღებია მათთვის, ვინც მხოლოდ სიმშვიდისა და ჯანმრთელობისკენ ისწრაფვის. მაგრამ თუ იოგას განიხილავთ როგორც ტრანსფორმაციულ საშუალებას, თქვენი თავის ხუთი შეგრძნების მიღმა ამთვისებლად გარდაქმნისთვის, მაშინ აუცილებელია მიმართოთ ჰათჰა იოგას კლასიკურ ფორმას.
სადჰანა (3)
მიმოიხედეთ ირგვლივ. ხედავთ, რამდენად განსხვავდება აღქმის დონე სხვადასხვა ადამიანებში - თქვენს ოჯახში, კოლეგებსა და მეგობრებს შორის? უბრალოდ ყურადღებით დააკვირდით ამას. თუ იცნობთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც სხვებთან შედარებით მეტი აღქმის სიცხადე გააჩნიათ, დააკვირდით როგორ იყენებენ თავიანთ სხეულს. ისინი ხშირად ფლობენ გარკვეულ წონასწორობას ყოველგვარი პრაქტიკის გარეშე. მაგრამ სულ მცირე პრაქტიკაც კი მათ ბევრ რამეს შეჰმატებს. თუ თქვენ დღეში მხოლოდ რამოდენიმე საათით უბრალოდ დაჯდებით გამართული ხერხემლით, დარწმუნდებით, რომ ეს დადებითად აისახება თქვენს ცხოვრებაში. შემდეგ თქვენ დაიწყებთ იმის გაგებას, თუ რას ვგულისხმობ ყოფიერების გეომეტრიაში. მხოლოდ ის თუ როგორ ფლობთ თქვენს სხეულს, განსაზღვრავს თითქმის ყველაფერს თქვენს შესახებ.
ცხოვრების მოსმენის მეორე გზა, არის მისთვის ყურადღების მიქცევა არა ინტელექტუალურად ან ემოციურად, არამედე ექსპერიმენტულად. აირჩიეთ თქვენი ორგანიზმის რომელიმე ელემენტი; სუნთქვა, გულისცემა, პულსი, ნეკა თითი. შეაჩერეთ მასზე თქვენი ყურადღება ერთ ჯერზე თერთმეტი წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ დღეში მინიმუმ სამჯერ. ყურადღება გაამახვილეთ შეგრძნებებზე, და თან შეგიძლიათ გააგრძელოთ იმის კეთება რასაც აკეთებთ. თუ ყურადღება გაგეფანტათ, არა უშავს. უბრალოდ ისევ მიაქციათ მას ყურადღება. ეს პრაქტიკა საშუალებას მოგცემთ გადაინაცვლოთ მენტალური სიფხიზლიდან გაცნობიერებულ მდგომარეობამდე. თქვენ შეამჩნევთ, რომ თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილების ხარისხი დაიწყებს შეცვლას.