ცნობიერება არის სიცოცხლე
ცნობიერება არის სიცოცხლე
რას ვგულისხმობთ სიტყვა „ცნობიერებაში“? რა მნიშვნელობა აქვს მას? და როგორ მოვიპოვოთ მასზე წვდომა?
უპირველეს ყოვლისა, მოდი გავავლოთ მნიშვნელოვანი განსხვავება; ცნობიერება არ არის მენტალური სიფხიზლე. მენტალური სიფხიზლე მხოლოდ ზრდის ამ სამყაროში თქვენს თვით-გადარჩენის შესაძლებლობას. ასეთი სიფხიზლე დამახასიათებელია ძაღლებისთვის - ის სასარგებლოა თვით-გადარჩენისთვის, მაგრამ არა თვით-გაფართოებისთვის. ცნობიერება არ არის რამე რასაც „აკეთებ“. ცნობიერება არის ის, რაც ხარ. ცნობიერება არის სიცოცხლე.
ცნობიერება ან ჩიტა, არის გონების განზომილება, რომელსაც თანამედროვე საზოგადოება სრულ იგნორირებას უკეთებს. ეს არის მეხსიერებისგან აბსოლუტურად შეუბღალავი ინტელექტი. ეს არის გონების ყველაზე ღრმა განზომილება, რომელიც გაკავშირებთ თავად ყოფიერების ბაზისთან. ამ განზომილებასთან კავშირის დამყარებით, თქვენ ცნობიერების ამაღლებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, რომელიც საშუალებას მოგცემთ იყოთ სრულიად საღ გონებაზე და შეზარხოშებული ერთდროულად - და ყველაფერი ეს გარე სტიმულების გარეშე! როდესაც ჩიტაზე წვდომას მოიპოვებთ, ნეტარებაში ყოფნა სრულიად ბუნებრივი იქნება.
ძილი, ღვიძილი, სიკვდილი - ესენი უბრალოდ ცნობიერების სხვადასხვა დონეებია. დაუშვათ, რომ თვლემდით და ვიღაცამ შეგანჯღრიათ და გაგაღვიძათ. „ბრახ“! მთელი სამყარო ბრუნდება წამის განმავლობაში! ეს არ არის უბრალო რამ. თქვენ წამიერად შექმენით ყოფიერება ხელახლა. სამყარო რომელიც ამოშლილი იყო თქვენი აღქმიდან, უკან ბრუნდება. არა თუ შვიდ დღეში - არამედ წამში.
საიდან იცით, სამყარო ნამდვილად არსებობს თუ არა? მხოლოდ თქვენი გამოცდილებით. სხვა მტკიცებულება არ არსებობს. ასე რომ, ცნობიერება არის ის, რასაც შეუძლია შექმნას ან წაშალოს ეს სამყარო. ეს არის ცნობიერების ჯადოსნობა.
თქვენ შეგიძლიათ აიმაღლოთ ცნობიერება სხვადასხვა დონეებამდე. რაც უფრო იზრდება თქვენი ცნობიერება, თქვენს გამოცდილებაში ყოფიერების სულ ახალი განზომილებები შემოდის. სამყარო, რომლის წარმოდგენაც ყველაზე დაუჯერებელ სიზმარშიც კი არავის შეეძლო, თქვენთვის ცხოვრებისეულ რეალობად იქცევა.
როდესაც გძინავთ, სამყარო არ არსებობს, რადგან თითქმის არ ფლობთ ცნობიერებას. მაგრამ ძილშიც კი არ ხართ სრულიად გაუცნობიერებელი. მძინარე და მკვდარ ადამიანს შორის განსხვავება სწორედ ცნობიერებაშია. ასეთივეა განსხვავება მღვიძარე ადამიანს და გაღვიძებულ ან გასხივოსნებულ ადამიანს შორის. გასხივოსნებულ ადამიანსაც სძინავს, მაგრამ მისი ცნობიერება ისეთ მდგომარეობაშია, რომ მისი გარკვეულ ნაწილს არ სძინავს. გრძნობის ორგანოები გათიშულია, სხეული ისვენებს, მაგრამ სხვა ყველაფერი მუშაობს. ეს ყველაფერი კი შესაძლებელია იმიტომ რომ, ადამიანის ცნობიერებამ უფრო მაღალ დონეზე აინაცვლა.
ცნობიერება ეს არის ინკლუზიურობის პროცესი, მთელი სამყაროს მიღების გზა. თქვენ ვერ შეძლებთ ამის გაკეთებას, მაგრამ შეგიძლიათ შექმნათ შესაბამისი პირობები, რათა ეს თავისით მოხდეს. ნუ ეცდებით იყოთ გაცნობიერებული. ეს არ იმუშავებს. თუ თქვენ ერთმანეთთან ჰარმონიაში ამყოფებთ სხეულს, ფიქრებს, ემოციებს და ენერგიას, ცნობიერება თავისით გაიფურჩქნება. თქვენ გაცილებით უფრო ცოცხალი გახდებით ვიდრე ხართ ახლა.
როდესაც თქვენს ცნობიერებასთან შეგნებულ კავშირში იმყოფებით, თქვენ მოიპოვებთ წვდომას ფიზიკურობის უსათუთეს განზომილებაზე, იგივე აკაშაზე. როგორც ადრე ვნახეთ, სამყარო მხოლოდ ხუთი ელემენტის თამაშია - წყალი, ცეცხლი, მიწა, ჰაერი და ეთერი. ყოფიერება კი ამ ხუთი ელემენტის ანცობაა მხოლოდ. იოგურ ტერმინოლოგიაში სწორედ ეთერს მოვიხსენიებთ როგორც „აკაშს“, და თითოეული ადამიანის გარშემო არსებობს გარკვეული რაოდენობის ეს მეხუთე ელემენტი. როდესაც სხვა ელემენტები ჩვენს სხეულშია, აკაშური, ან ეთერული განზომილება, გარედან არტყია სხეულს - ჩვეულებრივ 45-54 სმ დაშორებაზე. რადგან ეს განზომილება არის ფიზიკური, ის მოიცავს ინფორმაციას. ყველაფერი რაც კი თქვენს ცხოვრებაში ხდება გარკვეული სიძლიერით და სიღრმისეულად, იწერება თქვენს გარშემო არსებულ აკაშის ველზე.
როდესაც შეგნებულ წვდომას მოიპოვებთ თქვენს ცნობიერებაზე, თქვენ წვდომას ღებულობთ თქვენს სხეულის გარშემო არსებულ აკაშურ განზომილებაზე, და ასევე იმ აკაშურ განზომილებაზე რომელიც არსებობს პლანეტის, მზის სისტემის და სრულიად სამყაროს ირგვლივ. თანამედროვე ტექნოლოგიების ინსტრუმენტების ქონის გარეშე, ანტიკურ ინდოეთში და მსოფლიოს სხვა რამოდენიმე კუთხეში, დააგროვეს საუცხოო ცოდნა კოსმოსის შესახებ. ამ ცოდნის მოპოვება მოხდა ჩიტ-აკაშის განზომილების, ან ჩვენი გონების აკაშური განზომილების წყალობით.
როგორც კი კავშირს დაამყარებთ თქვენს ცნობიერებასთან, აღარ იქნება საჭირო მცდელობები რაიმეს მისაღწევად. თქვენ ნატვრა და ოცნებაც კი აღარ მოგიწევთ, რადგან საუკეთესო შესაძლო ვარიანტი თავისით მოხდება თქვენს ცხოვრებაში. იოგურ ტრადიციულ წყაროებში ნათქვამია, რომ როდესაც ამ განზომილებაზე წვდომას მოიპოვებთ, თქვენ ამით იმონებთ ღვთაებრივს. ამიერიდან ღმერთები თქვენთვის იმუშავებენ. რას ნიშნავს ეს კონკრეტულად? ეს ნიშნავს იმას რომ, როდესაც თქვენი თავის დისტანცირებას მოახდენთ თქვენი გენეტიკური და კარმული ინფორმაციის კომპულსურობისგან, ცხოვრება ხდება მსუბუქი, დამყოლი, წარმოუდგენლად ძალდაუტანებალი. ეს არის ინტელექტის, გაიგივების, მეხსიერების, განსჯის, კარმის, ნებისმიერი სახის დაყოფის მიღმა არსებული განზომილება. ეს არის თავად ყოფიერების ინტელექტი, სადაც ცხოვრება ყოველთვის ისე მიედინება როგორც უნდა მიედინებოდეს, აბსოლუტური და ურყევი სიმსუბუქით.
სადჰანა
თუ სიკვდილის მომენტში შეინარჩუნებთ ცნობიერებას, მაშინ ცნობიერება სიკვდილის მიღმა განზომილებაშიც გაგყვებათ. დაიწყეთ ძილთან პრაქტიკით. ძილი არის დროებითი სიკვდილი. ყოველ ღამე თქვენ გაქვთ უდიდესი შესაძლებლობა - გააცნობიეროთ სიკვდილს მიღმა არსებული განზომილება.
შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი ექსპერიმენტი ამაღამ. ღვიძილიდან ძილის მდგომარეობაში გადასვლის მომენტში, შეეცადეთ შეინარჩუნოთ ცნობიერება. ამ პრაქტიკის ჩატარება შესაძლებელია საწოლში. თუ შეძლებთ ცნობიერების შენარჩუნებას როდესაც ღვიძილიდან ძილის მდგომარეობაში გადადიხართ, მაშინ სიზმარსაც გააცნობიერებთ.
ნახავთ, რომ ეს ძალიან დიდი სამუშაოა. შეიძლება კიდევ ერთი რამის გაკეთება. თუ გასაღვიძებლად მაღვიძარას იყენებთ, შეცვალეთ ის ხმებით, მელოდიით ან ჰანგით, რომელიც ცნობიერებას გაგახსენებთ. თქვენ ადვილად შეგიძლიათ გაწვრთნათ თქვენი თავი ამ ასოციაციის მისაღებად. და შემდეგ ეს შეიძლება გახდეს მაღვიძარა თქვენი ცნობიერებისთვის.
რათქმაუნდა, მაღვიძარას ვერ გამოიყენებთ დასაძინებლად! მაგრამ საქმე იმაშია რომ, სანამ თქვენს სხეულთან სრულ დე-იდენტიფიკაციას არ მოახდენთ, არ იქნება ადვილი ცნობიერად გადახვიდეთ ღვიძილიდან ძილის მდგომარეობაში. პირველივე მომენტში როდესაც იღვიძებთ, ნახეთ თუ შეგიძლიათ შეგნებულად გააცნობიეროთ რამე - მაგალითად, სუნთქვა ან მთლიანი სხეული. ეს დაგეხმარებათ მოგვიანებით, როდესაც დაძინებას მოინდომებთ.
თუ ისწავლით შეინარჩუნოთ ცნობიერება დაძინებისას და გაღვიძებასას, თქვენ უკვდავი ხართ. ეს ნიშნავს, რომ როდესაც სხეულის გამოცვლის დრო მოვა, თქვენ ამას სრული ცნობიერებით გააკეთებთ. ამ მომენტთან მიახლოებაც კი შეცვლის თქვენი სხეულის და გონების ფუნქციონირების წესს, რაც მნიშვნელოვანდ გააუმჯობესებს თქვენი ცხოვრების ხარისხს.