ფიქრი თუ ცხოვრება?
ფიქრი თუ ცხოვრება?
ფიქრების გენერირება შეგიძლიათ მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობთ. მაგრამ თქვენი ფიქრის პროცესი იმდენად კომპულსური გახდა, რომ თქვენმა ყურადღებამ ეგზისტენციალურიდან ფსიქოლოგიურამდე გადაინაცვლა. ეს ყველაფერი იმ დონემდეც კი მივიდა, რომ იმის დაჯერებაც დაიწყეთ, თითქოს იმიტომ არსებობთ, რადგან ფიქრი შეგიძლიათ! დასავლური ფილოსოფიის საძირკველი ფაქტიურად ეყრდნობა მეჩვიდმეტე საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსის რენე დეკარტის ცნობილ აქსიომას: „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ.“
დროა შევცვალოთ ეს ფორმულირება: „თქვენ არსებობთ, და ამიტომაც შესაძლოა აზროვნებთ (ფიქრობთ).“ ამას არავითარი საერთო არ აქვს რომელიმე ფილოსოფიასთან, დასავლურთან ან აღმოსავლურთან. ეს უბრალოდ არის ეგზისტენციალური რეალობა.
თქვენ არსებობთ, და გაქვთ არჩევანის საშუალება; შეგიძლიათ იფიქროთ ან არ იფიქროთ. თქვენი ცხოვრების საუკეთესო მომენტები - ნეტარების, სიხარულის, ექსტაზის, სრული სიმშვიდის მომენტები - სწორედ ის დროა, როდესაც აბსოლუტურად არაფერზე ფიქრობდით. თქვენ უბრალოდ „იყავით“. ფიქრის გარეშეც შესაძლებელია არსებობა.
რა არის სინამდვილეში ფიქრები? უბრალოდ ინფორმაცია, რომელიც დააგროვეთ და გადაამუშვეთ. განა შეგიძლიათ იფიქროთ რამე სხვაზე, რაც თქვენს გონებას არ დაუგროვებია? ადამიანის გონება მხოლოდ ძველი ინფორმაციის გადამუშავებას ახდენს.
ასე რომ, მე გეკითხებით; გინდათ იყოთ ცოცხალი არსება თუ მოფიქრალი არსება? ამ მომენტისთვის, თქვენი დროის ოთხმოცდაათი პროცენტის განმავლობაში თქვენ კი არ ცხოვრობთ არამედ, ფიქრობთ თქვენს ცხოვრებაზე. რისთვის მოევლინეთ ამ ცხოვრებას, რათა განიცადოთ ის თუ იფიქროთ მასზე? თქვენი მენტალური პროცესი ძალიან უმნიშვნელოა ცხოვრების პროცესთან შედარებით, მაგრამ თქვენთვის ის გაცილებით მნიშვნელოვანი გახდა. დროა კაცობრიობამ რეალური მნიშვნელობა კვლავ ცხოვრების პროცესს მიანიჭოს. ამის სამომავლოდ გადადება არ შეიძლება, რადგან მასზე ჩვენი სიცოცხლეა დამოკიდებული.
ერთხელ ასეთი რამ მოხდა (ეს თითქოს ნამდვილად ზღაპარია, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა; რადგან ეს შეიძლება სიმართლეც იყოს.) არისტოტელე, თანამედროვე ლოგიკის მამა, ანტიკური საბერძნეთის ინტელექტუალური გიგანტი, ზღვის სანაპიროზე სეირნობდა. მის წინ დაისის დიდებული სცენა იშლებოდა, მაგრამ მას დრო არ ქონდა ასეთი უმნიშვნელო მოვლენისთვის. ის სერიოზულად ფიქრობდა ყოფიერების მნიშვნელოვან პრობლემებზე. ინტელექტუალური გონებისთვის, ყოფიერება ყოველთვის პრობლემაა, და არისტოტელე მის გადაწყვეტას აპირებდა. სერიოზულ ფიქრებში გართული, სანაპიროზე წინ და უკან დაბორიალობდა.
სანაპიროზე იყო მეორე კაცი, რომელიც რაღაცას ისეთი დიდი ენთუზიაზმით აკეთებდა, რომ ცოტა ხანში არისტოტელემაც კი შეამჩნია. ადამიანები, რომლებიც თავიანთ ფსიქოლოგიურ რეალობებში არიან ჩაძირულნი, ჩვეულებრივ აიგნორებენ გარშემო ცხოვრებას. მათი თვალები იშვიათად ხედავენ ყვავილს, მზის ჩასვლას, ბავშვს, მომღიმარ სახეს. გაუღიმარი სახის დანახვისას კი, არაფერს იღონებენ მის გასაღიმებლად; მათ არ ადარდებთ ასეთი უმნიშველო რამეები. ისინი ძალიან დაკავებულები არიან - ყოფიერების უდიდესი საიდუმლოებების ამოხსნას ცდილობენ.
მაგრამ ამ ადამიანის ენთუზიაზმი იმდენად დიდი იყო, რომ არისტოტელემაც კი ვეღარ დააიგნორა. ახლო დაკვირვებით მან შეამჩნია, რომ ეს კაცი ხან შევიდოდა ოკეანეში და კვლავ უკან ბრუნდებოდა საოცარი მიზანდასახულობით. არისტოტელემ დროებით შეაჩერა თავისი ფიქრები, რათა ეკითხა: „რას აკეთებთ?“
კაცმა უპასუხა; „გთხოვ, ხელს ნუ მიშლი, ძალიან მნიშვნელოვან რამეს ვაკეთბ.“ და კვლავ ინტენსიურად გააგრძელა თავისი საქმე.
ცნობისმოყვარეობამ მოიცვა არისტოტელე. მან კვლავ ჰკითხა: „კი მაგრამ, მაინც რას აკეთებთ, კონკრეტულად?“
კაცმა უთხრა; „ ნუ მაცდენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“
არისტოტელემ ჰკითხა; „ რა არის მნიშვნელოვანი?“
კაცმა აჩვენა პატარა ხვრელი, რომელიც ქვიშაში გაეთხარა, და უთხრა: „მე ოკეანეს ამ ხვრელში ვცლი.“ მას ხელში პატარა სუფრის კოვზი ეჭირა.
არისტოტელემ შეხედა მას და გაიცინა. საქმე იმაშია, რომ არისტოტელე იმ ტიპის ადამიანია, ვისაც შეუძლია მთელი წელი უბრალო ჩაცინების გარეშე გაატაროს. გაცინებას გული სჭირდება. ინტელექტს არ შეუძლია სიცილი; მას მხოლოდ კრიტიკული ანალიზი შეუძლია.
მაგრამ ამ ყველაფერზე არისტოტელემაც კი გაიცინა და თქვა; „ეს სასაცილოა! შენ ალბათ გაგიჟდი. იცი რამხელაა ოკეანე? განა ოდესმე შეძლებ ოკეანის ამ ხვრელში დაცლას? და თან კოვზით. პატარა სათლი რომ გქონდეს, რაღაც შანსი მაინც გექნებოდა. გთხოვ, შეეშვი ამას. ეს სრული სიგიჟეა.“
კაცმა შეხედა აისტოტელეს, კოვზი დააგდო და თქვა; „ჩემი სამუშაო შესრულებულია.“
არისტოტელემ უთხრა: „რას გულისხმობ? შენ არა თუ ოკეანე ვერ დააცარიელე, შენ პატარა ხვრელიც კი ვერ ამოავსე. და როგორ არის შენი სამუშაო შესრულებული?“
კაცი წამოდგა და უთხრა: „მე კოვზით ამ ოკეანის დაცლას ვცდილობ ამ ხვრელში. შენ მეუბნები, რომ ეს სიგიჟეა. მაგრამ, შენ თავად რას ცდილობ? იცი როგორი უსაზღვროა სამყარო? მასში მილიარდობით ოკეანეა, და შენ მათ დაცლას ცდილობ შენს თავში არსებულ პატარა ხვრელში - და მერე რით? სუფრის კოვზით, რომელსაც ფიქრები ქვია! გთხოვ შეეშვი. ეს ძალიან სასაცილოა!“
ეს კაცი იყო ჰერაკლიტე, ასევე დიდი ბერძენი ფილოსოფოსი. მან არისტოტელეს მყისიერად აჩვენა რა დამახინჯებული არსებობსიკენ მიუძღოდა, იმის მცდელობა, რომ ლოგიკა ცხოვრების ყველა დანარჩენ ასპექტზე გაევრცელებინა.
თუ ცხოვრების ემპირიული განზომილებების შეცნობა გსურთ, მათ ვერასდროს შეიცნობთ ფიქრის პროცესის საშუალებით. აინშტაინის ინტელექტიც რომ გქონდეთ, თქვენი ფიქრის პროცესი მაინც ძლეულია, რადგან ფიქრი ვერ იქნება ცხოვრებაზე უფრო დიდი. ფიქრი მხოლოდ ლოგიკური შეიძლება იყოს, ის მუდამ ორ პოლარობას შორის ფუნქციონირებს. თუ ცხოვრების შეცნობდა გსურთ მთელი თავისი გრანდიოზულობით, მაშინ რამე უფრო მეტი გჭირდებათ ვიდრე ინტელექტი.
თქვენ გაქვთ შემდეგი ფუნდამენტური არჩევანი; ან სწავლობთ ყოფიერებასთან ცხოვრებას, ან თქვენს გონებაში ქმნით თქვენს საკუთარ ქმნილებას (ყოფიერებას).
როგორია თქვენი არჩევანი?
ეს პლანეტა დროის მიხედვით ბრუნავს; არ არის უბრალო მოვლენა. ყველა გალაქტიკა მშვენივრად ფუნქციონირებს; თავად კოსმოსიც დიდებულად მუშაობს. მაგრამ, თქვენ გონებაში გიჩნდებათ ერთი უსიამოვნოო ფიქრი, და მორჩა, უკვე ცუდი დღე გაქვთ! პრობლემა ისაა, რომ თქვენ ცხოვრობთ ფსიქოლოგიურ განზომილებაში, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არა აქვს. და თავს დაუცველად გრძნობთ, რადგან ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში ჩამოიშალოს.
თქვენს თავს კოსმოსური სივრცის თვალუწვდენელობისა და გრანდიუზულობის გადმოსახედიდან რომ შეხედოთ, თქვენ მტვერის ნამცეცზე მცირე ხართ. მაგრამ თქვენი აზრით, სწორედ თქვენმა ფიქრმა - რაც თქვენში მხოლოდ უმცირესი ნაწილაკია, უნდა განსაზღვროს ყოფიერების ბუნება! თქვენ აშკარად დაკარგეთ ცხოვრების ხედვა - აი რაშია პრობლემა.
თქვენ გსმენიათ „ბუდას“ შესახებ. მისი სახელი იყო სიდჰარტა გაუტამა, და ის გახდა ბუდა. მაგრამ გაუტამა არ იყო ერთადერთი ვინც გახდა ბუდა. ყველა ვინც გასცდა (ტრანსცენდენტირდა) თავის ინტელექტს, გადალახა თავისი ცხოვრების განმასხვავებელი და ლოგიკური საზღვრები, ყველა ეს ადამიანი არის ბუდა. ადამიანებმა გამოიგონეს ტანჯვის მილიონობით საშუალება. ყველა ამ ტანჯვის საშუალების შემოქმედი არის გონება. როდესაც თქვენ აღარ აიგივებთ თავს თქვენს გონებასთან, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ იცხოვროთ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. იყო ბუდა ნიშნავს, - იყო შენი გონების დამკვირვებელი.
იოგას არსი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მდგომარეობს იმაში, რომ თქვენსა და თქვენს გონებას შორის გამოჩნდეს ნათელი სივრცე. როგორც კი ეს მოხდება, დაიწყება ცხადი აღქმითა და თავისუფლებით სავსე ცხოვრება. ასე იბადება თავისუფლება.
ლოგიკის საზღვრები
ლოგიკური აზროვნების გარეშე თქვენ ვერ შეძლებდით ამ პლანეტაზე გადარჩენას. მაგრამ იმავდროულად ზედმეტი ლოგიკა უკვე თვითმკვლელობაა. მოდი ვთქვათ, ხვალ დილით გაიღვიძეთ და ასი პროცენტით ლოგიკურად აზროვნება დაიწყეთ. ყურადღებას აღარ აქცევთ მზის ამოსვლას, ცაში მონავარდე ჩიტებს, თქვენი შვილის სახეს, თქვენს ბაღში აყვავებულ ყვავილებს. თქვენ მხოლოდ ლოგიკურად აზროვნებთ. ახლა, თქვენ უნდა ადგეთ, შეხვიდეთ ტუალეტში, გაიხეხოთ კბილები, ჭამოთ, იმუშაოთ, ჭამოთ, იმუშაოთ, ჭამოთ, დაიძინოთ. ხვალ ისევ იგივეს გაიმეორებთ. მომავალი 30, 40 ან 50 წელი ერთიდაიგივეს კეთება მოგიწევთ. ასი პროცენტით ლოგიკურად რომ აზროვნებდეთ, რა აზრი აქნებოდა თქვენს ცხოვრებას?!
ერთ დღეს ნიუ იორკში, გვიან საღამოს კაცი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. მოულოდნელად რომანტიკული იდეა გაუჩნდა. ყვავილების გამყიდველთან შეიარა, იყიდა წითელი ვარდების დიდი ბუკეტი, სახლში წავიდა და კარებზე დააკაკუნა. კარი ცოლმა გაუღო.
ცოლმა შეხედა და ყვირილი დაიწყო. „დღეს საშინელი დღე მქონდა. წყალსადენი ჟონავს და სარდაფი დაიტბორა, ბავშვემა საჭმლის გამო იჩხუბეს, მთელი სახლი დავალაგე, ძაღლი ავად გახდა, დედაჩემი ცუდადაა, და ამ ყველაფრის შემდეგ შენ სახლში მთვრალი გამოცხადდი!“
ასე რომ, ასი პროცენტით ლოგიკურად რომ იაზროვნოთ, ცხოვრების შესაძლებლობა აღარ დარჩება! ლოგიკის სრული ბატონობის მომენტები - ეს თვითმკვლელობის მომენტებია. მხოლოდ მაშინ, როდესაც იცით როდის არის აუცილებელი ლოგიკის გამოყენება და როდის მის საზღვრებს გარეთ გასვლა, თქვენი ცხოვრება იქნება ლამაზი.
სადჰანა
შეგიძლიათ სცადოთ ეს მარტივი პრაქტიკა. ონკანი ისე მოუშვით, რომ მისგან წუთში მხოლოდ ხუთიდან ათ წვეთამდე ჩამოვარდეს. ნახეთ, თუ შეძლებთ დააკვირდეთ თითოეულ წვეთს - როგორ ფორმირდება, როგორ ვარდება, როგორ ეცემა და აშხეფებს ზედაპირზე. გააკეთეთ ეს დღეში 15-20 წუთი. თანდათნობით თქვენ გააცნობიერებთ ბევრ რამეს თქვენს გარშემო და თქვენ შიგნით, რასაც იმ მომენტისთვის საერთოდ ვერ აცნობიერებთ. ამ მარტივ სავარჯიშოს შეუძლია გამოიწვიოს მგრძნობელობის მომატების და სიცხადის პროცესი და შეასრულოს იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. სინამდვილეში ამ მარტივი პროცესით თქვენ იკვლევთ იოგას ერთერთ ელემენტს, რომელსა დჰარანას ვუწოდებთ, რაც ნიშნავს „ის რაც მიედინება.“ აქ არ ვგულისხმობთ წყალს. აქ საუბარია თქვენს ყურადღებაზე, და შესაბამისად ცნობიერებაზე. ეს არის იმის მცდელობა, რომ თქვენმა ყურადღებამ იდინოს და დაუკავშირდეს ობიექტს - ამ შემთხვევაში წყალს. ეს არ არის დაკვირვების ან შეფასების სავარჯიშო. ეს არის ყურადღების სავარჯიშო - შემთხვევითი და წყვეტილის უწყვეტ ნაკადად გადაქცევის მცდელობა.(უფრო ფართო გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, თქვენ და წყალი ისედაც ერთი ხართ. თქვენი ინდივიდულაურობა ეს უბრალოდ თქვენი იდეაა.)