სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

ჩაალბეთ ინტელექტი ცნობიერებაში

 

ჩაალბეთ ინტელექტი ცნობიერებაში

იოგური სისტემის კლასიფიკაციით, გონებას გააჩნია თექვსმეტი განზომილება. ეს თექსვმეტი განზომილება ერთიანდება ოთხ კატეგორიაში. არსებობს გონების ამომცნობი, ან განმასხვავებელი განზომილება, იგივე ინტელექტი (ბუდჰი); გონების დამგროვებელი განზომილება, იგივე მეხსიერება(მანას), რომელიც აგროვებს ინფორმაციას; და ცნობიერება(ჩიტა), რომელიც ინტელექტის და მეხსიერების საზღვრებს მიღმაა. მეოთხე განზომილება აჰანკარა, რაც ჩვენ ზემოთ განვიხილეთ - არის გონების ასპექტი საიდანაც გამომდინარეობს გაიგივების გრძნობა.

პირველი განზომილება - ინტელექტი, ბუდჰი - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი არსებობის გახანგრძლივებისთვის. თქვენ ადამიანის ხისგან გარჩევა შეგიძლიათ მხოლოდ იმიტომ, რომ ინტელექტი ფუნქციონიერებს. თქვენ იცით, რომ კარიდან უნდა გახვიდეთ, და არა კედლიდან, იმიტომ, რომ თქვენი ინტელექტი ფუნქციონიერებს. ამ განმასხვავებელი განზომილების გარეშე, თქვენ ვერ შეძლებდით ამ პლანეტაზე არსებობას. უფრო რთულ და კომპლექსურ დონეზე, განუზომლად დიდი წვლილი შეაქვს ადამიანური კულტურის და ცივილიზაციის განვითარებაში.

თუმცა ჩვენი დროის პრობლემა, იმაში მდგომარეობს, რომ ინტელექტმა არაპროპორციულად მნიშვნელოვანი როლი დაიკავა. თანამედროვე განათლება კი ხელს უწყობს გონების ამ ასპექტის ცალმხრივ განვითარებას.ინტელექტის დედაარსი დაყოფაშია. ამგვარად, კაცობრიობა გლობალურად შეუდგა დაყოფის, დისკრიმინაციის და დანაწევრების გზას. ჩვენ ყველაფერი დავანაწევრეთ. შეუიარაღებელი თვალით უხილავი ატომიც კი გავხლიჩეთ.

როდესაც თავის ნებაზე მიუშვებთ ინტელექტს, ის ყველაფერს ანაწევრებს რაც კი გზად ხვდება; ის არ გაძლევთ საშუალებას რამეში ტოტალურად იყო ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ ინტელქტი შეუდარებელი ინსტრუმენტია თვითგადარჩენისთვის, ის ამავდროულად არის საშინელი ბარიერი, რომელიც დგას თქვენს და თქვენს სიცოცხლესთან ერთიანობის განცდას შორის.

როგორ მივუდგეთ ამ პრობლემას?

იოგა გვთავაზობს გამოსავალს. ჩვენს დროში, ეს არა მხოლოდ სასარგებლო სტრატეგია, არამედ შესაძლოა ჩვენი ერთადერთი შანსია, შემოვატრიალოთ თვით-განადგურებისკენ მიმავალი გზა.

ინტელქტი ბარიერი ხდება მაშინ, როდესაც, თქვენ მას ალბობთ გონების დამგროვებელ ნაწილში - თქვენს მეხსიერებაში, მანასში. თავად გამოსცადეთ. ნებისმიერ ფიქრს, რომელიც გონებაში წარმოიქმნება, ზურგს უმაგრებს უკვე დაგროვებუული ინფორმაცია (მონაცემები). ეს ინფორმაცია შეიძლება დაგროვებული იყოს ცნობიერად ან არაცნობიერად. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ თქვენი ინტელექტი მუდმივად ჩაძირულია წარსულში. ასეთ მდგომარეობაში კი, არაფერი ახალი არ არის შესაძლებელი. შესაბამისად ინტელექტი კარგავს თავის უპირატესობას და ხდება მახე.

გონების დამგროვებელი ნაწილი, მარტივად რომ ვთქვათ, არის საზოგადოების ნაგვის ურნა. ეს არის უბრალოდ თქვენს მიერ დაგროვებული გარედან მიღებული შთაბეჭდილებების გროვა. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ხვდებით ცხოვრებაში, თავში რაღაცას გტენით და გზას აგრძელებს; თქვენი მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები, მტრები, მოძღვრები, ახალი ამბების წამყვანი, თითქმის ყველა. თქვენ არ გაქვთ არჩევანი, ვის მოუსმინოთ და ვის არა. როდესაც ამბობთ; „მე არ მომწონს ეს ადამიანი,“ ძალიან ხშირად თქვენ მისგან გაცილებით უფრო მეტს იღებთ, ვიდრე სხვისგან! თქვენ გაქვთ უნარი დაამუშავოთ მიღებული ინფორმაცია, მაგრამ სულ ეს არის. აი სადამდე დადის ყოვლისშემძლე ინტელექტის შესაძლებლობა - გადაამუშავოს გარედან მიღებული ნაგავი.

ინფორმაციული ბლიცკრიგი (ელვისებური ნაკადი) თქვენს გონებაში აღწევს ხუთი გრძნობის ორგანოს მეშვეობით. თქვენი გრძნობის ორგანოები, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ყველაფერს შედარებითად აღიქვამენ. სადაც არსებობს შედარება, იქ ყოველთვის დუალობაა. დავუშვათ მე თქვენ ჩემს ხელს გაჩვენებთ. როდესაც თქვენ მის ერთ მხარეს ხედავთ, არ შეგიძლიათ მისი მეორე მხარე დაინახოთ. და პირიქით, როდესაც მეორე მხარეს გაჩვენებთ, თქვენ ვერ შეძლებთ პირველის დანახვას. ადამიანის აღქმაც გრძნობის ორგანოების მეშვეობით ყოველთვის ნაწილობრივია. მას შეუძლია შემოგთავაზოს სისრულის ილუზია, მაგრამ ის ვერასოდეს აღიქვამს მთლიანს.

როდესაც თქვენს გონებას უშვებთ გონების შეზღუდულ, ფრაგმენტირებულ, დამგროვებელ განზომილებაში, თქვენ აბსოლუტურად დამახინჯებული დასკვნები გამოგაქვთ ცხოვრების შესახებ. რაც უფრო მეტად ეფლობა ადამიანი ფიქრებში, მით უფრო უსიხარულო ხდება ის. ეს არასასიამოვნოა. მაგრამ, ნება მომეცით დავაზუსტო; თავად ფიქრი არ არის პრობლემა. ადამიანები, ვინც გარკვევით (ცხადად) ფიქრობენ, უნდა იყვნენ მხიარულები. მაგრამ ადამიანთა უმრავლესობისთვის კანონზომიერება ისეთია, რომ რაც უფრო მეტს ფიქრობენ, მით უფრო ნაკლებად შეუძლიათ გაღიმება! პრობლემა ისაა, რომ თავიანთი განმასხვავებელი ფუნქცია დაუქვემდებარეს შეზღუდულ გრძნობის ორგანოებს.

მაგრამ იგივე ინტელექტი შეიძლება გახდეს ბასრი, თუ მას საშუალებას მისცემთ ჩაეფლოს გონების სხვა ასპექტში - ცნობიერებაში, ჩიტაში. თუ თქვენი უმაღლესი ბუნების მიღწევას გონების საშუალებით აპირებთ, მაშინ თქვენი ინტელექტი უნდა აქციოთ ნამდვილად განმასხვავებლად. ეს არ ნიშნავს ყველაფრის დაყოფას ისეთ კატეგორიებად, როგორიცა ცუდი და კარგი, სწორი და არასწორი, მაღალი და დაბალი, სამოთხე და ჯოჯოხეთი, წმინდა და უწმინდური. არამედ, ეს ნიშნავს განასხვავო რეალური ილუზორულისგან, ეგზისტენციალური ფსიქოლოგიურისგან.

თუ თქვენს ინტელექტს ცნობიერებაში ჩაალბობთ, თქვენი გონების განმასხვავებელი ფუნქცია გადაიქცევა განთავისუფლების საოცარ ინსტრუმენტად. ის შეიძლება გახდეს სამართებლივით ბასრი, და განაცალკევოს ჭეშმარიტი მცდარისგან, და გადაგიყვანოთ ცხოვრების სრულებით განსხვავებულ განზომილებებში.

ისწავლეთ მოათავსოთ თქვენი ინტელექტი ცნობიერების ქარქაშში, და არა მახსიერების და გაიგივების ტომარაში. როდესაც ამას მოახერხებთ, ამ კოლოსალურ ინსტრუმენტს შეუძლია დაუბრკოლებლად გაიკვლიოს გზა აბსოლუტისკენ.

სადჰანა

როდესაც გაჭიმულ ბაგირზე გადიხართ, სხვა არჩევანი არ გაქვთ, გარდა ცნობიერად ყოფნისა. თუ ინტელექტი გამუდმებით ირჩევს კეთილსა და ბოროტს შორის, ის უკვე წინასწარ განწყობილია. და როდესაც ის დაკავებულია, სამყაროს ცუდად და კარგად დაყოფით, თქვენ თითქმის უეჭველად ბაგირიდან გადმოვარდებით. გაჭიმულ ბაგირს ნუ მიიღებთ სიტყვასიტყვით. თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ შესძინოთ გარკვეული აკურატულობა თქვენი სხეულის მოძრაობებს. (თუ გაქვთ ჰათჰა იოგას პრაქტიკის გამოცდილება, ეს ისედაც მოხდებოდა.) მაგალითად, თუ იატაკზე გავლებულ სწორ ხაზს ნახავთ, სცადეთ ზედმიწევნითი სიზუსტით გაუყვეთ მას, და შინარჩუნოთ სიარულის მსუბუქი მანერა. საუბარია არა თვითგაცნობიერებაზე, არამედ სიზუსტეზე. ავარჯიშეთ თქვენი სხეული ასე და ნახეთ. შეჰმატეთ სიზუსტე ყოველ მოძრაობას, ყოველ ჟესტს. ეს არის თქვენი ინტელექტის ცნობიერებაში ჩაფლობის ერთი გზა.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff