რუკაზე დაუტანელი გზა
რუკაზე დაუტანელი გზა
იოგას მეექვსე განშტოებას ეწოდება დჰიანა, რაც არსებითად ნიშნავს ფიზიკური საზღვრებისა და მენტალური სტრუქტურების ტრანსცენდენტირებას. დჰიანა ბუდისტ ბერებთან ჩინეთში ინდოეთიდან მივიდა, სადაც მას ჩანი უწოდეს. იოგას ამ განშტოებამ სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებიდან იმოგზაურა იაპონიაში და გახდა ძენი, სადაც ჰპოვა თავისი გამოვლინება როგორც არსის ჩაწვდომის სრულფასოვანმა სისტემამ, დოქტრინაზე განსაკუთრებული ხაზგასმის გარეშე. ძენი არის სულიერი გზა რომელსაც არ გააჩნია ნაწერები, წიგნები, წესები, ან მკაცრი პრაქტიკები; ეს არის რუკაზე დაუტანელი გზა.
რასაც დღეს ჩვენ ძენს ვუწოდებთ, იმის პირველი დოკუმენტირებული შემთხვევა მოხდა 8 000 წლის წინ, გაუტამა ბუდაზე დიდი ხნით ადრე. მეფე ჯანაკა იყო ბრწყინვალე კაცი და ჭეშმარიტების მხურვალე მაძიებელი; შეცნობის სურვილით ანთებული. მან გამოსცადა თავისი სამეფოს ყველა სულიერი მასწავლებელი. ვერც ერთმა შეძლო მისი დახმარება, რადგან მათი ცოდნა წიგნებიდან მოდიოდა, მეფეს კი სჭირდებოდა ვინმე, შინაგანი გამოცდილებით.
ერთ დღეს მეფე სანადიროდ გაემართა. ღრმად ჯუნგლებში მან თვალი მოკრა იოგის და გაჩერდა. განდეგილის პატარა საყუდართან იჯდა აშტავაკრა, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი იოგი და სულიერი ოსტატი. ჯანაკამ ცხენიდან ჩამოსვლა და მისალმება გადაწყვიტა. მან ფეხი მოიქნია უნაგირზე გადასატარებლად, და ის-ის იყო უნდა ჩამოსულიყო, რომ აშტავაკრამ უთხრა „შეჩერდი!“
ჯანაკაც ზუსტად ისე გაჩერდა როგორც იყო; ერთი ფეხი უზანგში ჰქონდა გაყრილი, მეორე კი ჰაერში აწეული. ეს გასაჩერებლად მტკივნეული პოზა იყო, მაგრამ ჯანაკა გაუნძრევლად რჩებოდა და აშთავაკრას შესცქეროდა. ჩვენ არ ვიცით რამდენი ხანი აცდევინა გურუმ მეფეს, მაგრამ ვიცით რომ, ამ უხერხულ პოზაში, ჯანაკამ მიაღწია სრულ გასხივოსნებას. მეთოდი, რომელიც გამოიყენა ჯანაკამ, ენათესავება იმას, რაც დღეს ცნობილია ძენის სახელით.
ერთხელ ასეთი რამ მოხდა... იყო ერთი ძენის ოსტატი, რომელსაც ყველა პატივს სცემდა, მაგრამ მას არ გააჩნდა არანაირი სწავლება. ის მხრებით ყოველთვის უზარმაზარ ტომარას დაატარებდა; შიგნით ძალიან ბევრი რამ იყო, მათ შორის ბევრი ტკბილეულობაც. ყველა ქალაქში თუ სოფელში, სადაც ის მიდიოდა, მის გარშემო ბავშვები იკრიბებოდნენ, ის კი მათ ტკბილეულობას დაურიგებდა და გზას აგრძელებდა. ხალხი სწავლებას სთხოვდა, ის კი უბრალოდ იცინოდა და გზას აგრძელებდა.
ერთ დღეს, დიდი რეპუტაციის მქონე ძენის ოსტატი შეხვდა მას. მას უნდოდა გაერკვია, მართლა ჰქონდა თუ არა რამე საერთო ძენთან, ამ კაცს რომელიც მხრებით მუდამ ტომარას დაატარებდა. მან ჰკითხა; „რა არის ძენი?“ კაცმა მაშინათვე ჩამოაგდო ტომარა და მხრებში გასწორდა.
შემდეგ ოსტატმა კვლავ ჰკითხა; „რა არის ძენის მიზანი?“ კაცმა კი აიღო თავისი ტომარა, მხრებზე მოიკიდა და გზა გააგრძელა.
იოგაც სწორედ ამას ემსახურება. ამასვე ემსახურება ყველა სულიერი პრაქტიკა. თუ გსურთ მიაღწიოთ იოგას ან ძენს, ტვირთი უნდა მოიშოროთ, გათავისუფლდეთ ყველაფრისგან და მხრებში უნდა გასწორდეთ. ეს მნიშვნელოვანია. დატვირთული ამას ვერასდროს იზამთ. და რა არის იოგას მიზანი? გაცნობიერებულად კვლავ იტვირთეთ ყველაფერი თავიდან. მაგრამ ამჯერად ეს უკვე აღარ შეიგრძნობა როგორც ტვირთი!