სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

არ არის საზღვრები, არ არის უღელი

არ არის საზღვრები, არ არის უღელი

ერთ საღამოს ცოლ-ქმარს შორის კამათი გაიმართა. საქმე ეხებოდა ერთ მნიშვნელოვან საკითხს; ვის უნდა ჩაეკეტა შემოსასვლელი კარი დღეს?

საკითხი არაა მარტივი. და არც სასაცილო. საოჯახო სიტუაციებში არსებობს ძალიან სერიოზული საკითხები. დღეს ვინ უნდა ჩაკეტოს კარი, ამ საღამოს ვინ უნდა ჩააქროს შუქი ბაღში, ვინ უნდა გაასეირნოს ძაღლი - ამ საკითხებს შეუძლიათ გამოიწვიონ განქორწინება ცოლ-ქმარს შორის.

კამათი ნელ-ნელა გაცხარდა. ცოლმა გადაწყვიტა, „ყოველ დღე მე ვთმობ, დღეს კი არ ვაპირებ დათმობას.“ ქმარმაც ასევე მტკიცედ გადაწყვიტა, „გამუდმებით თავის ჭკუაზე მატარებს. დღეს არ დავუთმობ რაც არ უნდა მოხდეს.“

ორივე მხარე მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე. ყოველ ოჯახს ასეთი კონფლიქტების თავისებური მოგვარების სისტემა გააჩნია. ამ ოჯახში კი, როდესაც კონფლიქტი გამოუვალ მდგომარეობამდე მივიდოდა, ორივე, ცოლი და ქმარი ჩუმად დაჯდებოდნენ; და ვინც პირველი დაარღვევდა სიჩუმეს, სწორედ მას უნდა ჩაეკეტა კარი.

ორივე სრულ სიჩუმეში იჯდა. წუთები საათებში გადაიზარდა. სადილი დიდი ხნის გაწყობილი იყო. თუ ქმარი იტყოდა, რომ ჭამა უნდოდა, მას მოუწევდა კარის დაკეტვა. ხოლო თუ ცოლი შესთავაზებდა, მაშინ მას მოუწევდა კარის ჩაკეტვა.

შუაღამე გახდა. ისინი კვლავ ჩუმად ისხდნენ. ქუჩაში მაწანწალების ჯგუფმა გაიარა. მათ ნახეს, რომ კარი ღია იყო, შუქები ანთებული, მაგრამ შიგნით არანაირი მოძრაობა არ იყო. სრული სიჩუმე. ისინი დაინტერესდნენ, თუ რა ხდებოდა შიგნით და სასტუმრო ოთახში შევიდნენ. იქ კი, გაუნძრევლად მჯდარი ორი ადამიანი ნახეს.

მაწანწალები ჩუმად მსხდომ წყვილს უყურებდნენ. ცოტათი გაკვირვებულები იყვნენ. მაგრამ გადაწყვიტეს გაერისკათ. რამოდენიმე ძვირფასი ნივთი აიღეს სასტუმრო ოთახში. წყვილს არაფერი უთქვამს. მაწანწალებს გამბედაობა მოემატათ, მაგიდას მიუსხდნენ და გემრიელად ისადილეს. ცოლ-ქმარი კვლავ გმირული მდუმარებით ისხდა.

მაწანწალები გაოგნებულები იყვნენ. რა ჯანდაბა ხდება აქ? მათ უფრო მეტი გამბედაობა შეემატათ, და ერთერთმა მათგანმა ქალს აკოცა. ცოლ-ქმარი კვლავ სრულ მდუმარებას ინარჩუნებდა. ვინც პირველი იტყოდა რამეს, სწორედ მას უნდა ჩაეკეტა კარი. ფსონები ძალიან მაღალი იყო და არც ერთი არ რისკავდა.

მაწანწალები ცოტათი დაფრთხნენ. გადაწყვიტეს, რომ ამ უცნაური სახლის დატოვების დრო მოვიდა. მაგრამ სანამ წავიდოდნენ, თავიანთი კვალის დატოვება განიზრახეს. ერთ-ერთმა გადაწყვიტა ქმრისთვის ულვაში ჩამოეპარსა, და სამართებლით ხელში მიუახლოვდა.

როგორც იქნა, ქმარი ალაპარაკდა, „კარგი, ჯანდაბას, მე დავკეტავ კარს!“

შეიძლება სცენარები განსხვავდება, მაგრამ განა თქვენს ცხოვრებაში არ არის სიტუაციები რომლებიც ბადებს შეკითხვას; ვინ არის პასუხისმგებელი?

ვინ არის პასუხისმგებელი?

ეს ძალიან დიდი კითხვაა. მოდი უფრო ზუსტად დავსვათ; ვინ არის იმაზე პასუხისგებელი, თუ როგორ ხართ ამ მომენტში?

თქვენი გენები? თქვენი მამა? თქვენი დედა? თქვენი ცოლი? თქვენი მეუღლე? თქვენი მასწავლებელი? თქვენი უფროსი? თქვენი სიდედრი? ღმერთი? მთავრობა? ყველა ზემოთ ჩამოთვლილი?

მსგავსი ვითარებაა ყველგან. კითხეთ ვინმეს, „რატომ ხართ ამ სიტუაციაში?“ პასუხი არ დააყოვნებს, „იცი, როცა პატარა ვიყავი, ჩემი მშობლები...“ ერთიდაიგივე ნარატივი, განსხვავებული ვარიაციებით.

არსებობს უძველესი მეცნიერება იმის შესახებ, თუ როგორ შევქმნათ ტანჯვა, და ამისათვის ადამიანებს არ სჭირდებათ წახალისება. ვერ იპოვით თითქმის ვერავის, ვინც ექსპერტი არ იყოს ამ დარგში. სხვებისთვის გადაბრალება არის ის, რასაც აკეთებთ ყოველდღიურად, ასობით განსხვავებული ფორმით. თქვენ კოლექტიურად აქციეთ გადაბრალების ძველი თამაში ნატიფ ხელოვნებად.

ჩვენი ცხოვრების ხარისხი განისაზღვრება ჩვენი რეაგირების შესაძლებლობით განსხვავებულ რთულ სიტუაციებში, რომლებსაც ვაწყდებით ცხოვრებაში. როდესაც ჭკვიანურად, კომპეტენტურად და მგრძნობიარედ რეაგირების უნარი ნაცვლდება იძულებითი ან რეფლექსური მიდგომით, ჩვენ სიტუაციის მიერ მართულები ვხდებით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ცხოვრებისეულ გამოცდილების ბუნებას განსაზღვრავს გარემოებები და არა ჩვენ.

იყო სრულად პასუხისმგებელი - ნიშნავს იყო სრულად გაცნობიერებული. რასაც მიიჩნევთ თქვენს სხეულად, არის ის, რაც დააგროვეთ საკვების მიღების შედეგად. რასაც მიიჩნევთ თქვენს გონებად, არის ის, რაც დააგროვეთ გრძნობის ორგანოების მეშვეობით. რაც არის ამ ყველაფრის მიღმა - რაც არ დაგიგროვებიათ - ხართ სწორედ თქვენ. იყო ცოცხალი - ნიშნავს იყო ცნობიერი. ყველა ცნობიერია გარკვეულ დონემდე, მაგრამ როდესაც ეხებით სხეულისა და გონების მიღმა არსებულ განზომილებას, თქვენ ეხებით იმას, რაც არის თავად ცნობიერების წყარო. თქვენ ხვდებით, რომ მთელი სამყარო ცნობიერია. თქვენ ცხოვრობთ ცოცხალ კოსმოსში.

ფიზიკური და ფსიქოლოგიური განზომილებები განეკუთვნება პოლარულ სფეროს; ტკივილი - სიამოვნება, სიყვარული - სიძულვილი, ქალური - კაცური, და ა.შ. როდესაც ფლობთ ერთს, მეორე აუცილებლად მოვა. მაგრამ როდესაც, იმ ფუნდამენტურ განზომილებაში გადახვალთ, თუ ვინც ხართ სინამდვილეში, თქვენ ყოველგვარი პოლარულობის მიღმა აღმოჩნდებით. თქვენ უკვე ნეტარებას თქვენივე ბუნებით აღწევთ. თქვენ ხართ თქვენივე ბედის პატრონი.

დროა დავიბრუნოთ საოცრად ტრანსფორმაციული ძალა ამ ერთი სიტყვის: „პასუხისმგებლობა“. გამოიყენეთ ის თქვენს ცხოვრებაში, და დააკვირდით იმ ჯადოქრობას რასაც ის გამოიწვევს.

* * *

მოდი თავიდანვე შევთანხმდეთ, თუ რას ვგულისხმობთ ამ სიტყვაში. „პასუხისმგებლობა“ ძალზედ არასწორად გაგებული სიტყვაა. ის იმდენად ფართოდ და ხელაღებით გამოიყენება, რომ მან დაკარგა თავისი შინაგანი ძალის დიდი ნაწილი. პასუხისმგებლობა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს თავზე იღებთ მთელი მსოფლიოს ტვირთს. ის ასევე არ ნიშნავს ბრალის აღიარებას რამეზე, რაც თქვენ ჩაიდინეთ ან არ ჩაგიდენიათ.

პასუხისმგებლობა უბრალოდ ნიშნავს პასუხის მიგების, პასუხის უნარს. თუ თქვენ გადაწყვეტთ, „მე ვარ პასუხისმგებელი“, - თქვენ გექნებათ პასუხის გაცემის შესაძლებლობა. ხოლო თუ თქვენ გადაწყვეტთ, „მე არ ვარ პასუხისმგებელი“, მაშინ თქვენ აღარ გექნებათ პასუხის გაცემის შესაძლებლობა. ეს ამდენად მარტივია. ამისათვის საჭიროა მხოლოდ გააცნობიეროთ, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ყველაფერ იმაზე, თუ ვინც ხართ და ვინც არა ხართ, ასევე ყველაფერ იმაზე, თუ რაც შეიძლება შეგემთხვეთ ან არ შეგემთხვეთ.

ეს არ არის გონების თამაში. ეს არ არის ცხოვრების გამარტივებისთვის თვითდახმარების სტრატეგია. ეს არ არის ფილოსოფიური თეორია. ეს რეალობაა. ფიზიკური არსებობა შესაძლებელია მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს სხეულს გააჩნია სამყაროსადმი პასუხის გაცემის უნარი. თქვენს სხეულს, რომ არ შეეძლოს პასუხი გაცემა, თქვენ წამითაც ვერ შეძლებდით არსებობას. ხვდებით ამას?

თქვენ ახლა სწორედ იმ ჰაერით სუნთქავთ, რასაც თქვენს გარშემო არსებული ხეები გამოყოფენ; ხოლო რასაც თქვენ ამოისუნთქავთ, სწორედ იმას ჩაისუნთქავენ ხეები. ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, აცნობიერებთ ამას თუ არა, თქვენი სასუნთქი სისტემის ერთი ნაწილი, სწორედ ხეზე ჰკიდია! თქვენ არასოდეს განგიცდიათ ეს ურთიერთ კავშირი; სავარაუდოდ, მხოლოდ გიფიქრიათ ამაზე. მაგრამ თქვენ რომ ეს კავშირი განგეცადათ, საჭირო იქნებოდა ვინმეს ეთქვა, „დარგე ხეები, მოუარე ტყეებს, გადაარჩინე მსოფლიო?“ განა ეს თქვენთვის ისედაც ნათელი არ იქნებოდა?

პასუხისმგებლობის აღება არ არის მოსახერხებელი ფილოსოფია, რომელიც მოგიწოდებთ შეურიგდეთ ყოველივე არსებულს. ეს არის უბრალოდ რეალობაში გამოღვიძება. სამყაროსადმი პასუხის გაცემის უნარი ისედაც ფიზიკური რეალობაა. მხოლოდ თქვენმა ფიქრებმა და ემოციებმა უნდა გააცნობიერონ ეს ფაქტი.

დავუშვათ, თქვენს ოფისში რაიმე პრობლემა წარმოიშვა. შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს თქვენი ერთერთი კოლეგის შეუასაბამო საქციელმა გამოიწვია. შეიძლება მოთმინება დაკარგოთ, გაკიცხოთ და გაანთავისუფლოთ სამსახურიდან. თქვენი არტერიული წნევა სავარაუდოდ აიწევს; კოლექტივში ატმოსფეროც გაფუჭდება; თქვენ და თქვენი თანამშრომლები, კიდევ რამოდენიმე დღე ან კვირა იგრძნობთ თქვენი გაბრაზებით გამოწვეულ შედეგებს; და გულმოდგინედ მოგიწევთ კოლექტივში სიმშვიდისა და ურთიერთ-ნდობის აღდგენაზე მუშაობა.

არსებობს სხვა არჩევანიც. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ სიტუაცია, ისეთი როგორიც არის და აიღოთ მასზე პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობის აღება არ ნიშნავს, რომ თქვენ ბრალს თქვენს თავზე იღებთ, როდესაც შეგიძლიათ სხვას დააბრალოთ. ეს უბრალოდ ნიშნავს გაცნობიერებულად უპასუხოთ წარმოქმნილ სიტუაციას. როდესაც პასუხისმგებლობას თქვენს თავზე აიღებთ, თქვენ აუცილებლად დაიწყებთ სიტუაციაში გარკვევის გზების ძიებას; თქვენ საკითხის გადაწყვეტის საშუალებების ძიებას დაიწყებთ.

თუ თქვენ ამ რეჟიმში ხშირად იმყოფებით, თქვენს მიერ თქვენი ცხოვრებისეული სიტუაციების შექმნის უნარი შეუქცევადად გაიზრდება. ცხოვრებასთან და მის მრავალრიცხოვან სირთულეებთან მოპყრობის გაზრდილი კომპეტენციის საშუალებით, თქვენ დაიწყებთ იმ პოზიციებზე აღმასვლას, სადაც მეტი შესაძლებლობება და უფლებამოსილებაა. თუ თქვენს თავზე აიღებთ აბსოლუტურ პასუხისმგებლობას ყველაფერზე რაც თქვენს გარშემო ხდება, თქვენ გახდებით ნებისმიერი სიტუაციის ცენტრი, რომელსაც ადგილი აქვს თქვენს სახლში, სამსახურში, და თუნდაც მთელ სამყაროში. მას შემდეგ რაც თქვენ გახდებით შეუცვლელი ამ სიტუაციებში, თქვენს შიგნით დაუცველობისა და არასრულყოფილების შეგრძნებები უბრალოდ გაქრება.

მხოლოდ მაშინ, როდესაც მიხვდებით, რომ ხართ პასუხისმგებელი, გექნებათ თავისუფლება - შექმნათ თქვენი თავი, ისეთად როგორიც გინდათ რომ იყოთ, და არა როგორც რეაქცია სიტუაციებისადმი რომლებშიც არსებობთ. რეაქციულობა მონობაა. პასუხისმგებლობა კი თავისუფლება. როდესაც შეგიძლიათ შექმნათ თქვენი თავი ისეთად, როგორც გინდათ გინდათ რომ იყოთ, თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიქმნათ თქვენთვის სასურველი ცხოვრება.

მეორე მხრივ, პირველი რეაქცია - გაბრაზება - ჩვეულებრივ იწვევს უგუნურ ქმედებებს. არსობრივად სიბრაზე გამანადგურებელია მისთვის, ვინც მას განიცდის. თუ თქვენს ცხოვრებას ახლოდან დაკვირდებით, ნახავთ რომ, ყველაზე იდიოტური დ ნეგატიური რამეები მაშინ ჩაიდინეთ როდესაც გაბრაზებული იყავით. და რაც მთავარია, თქვენ თქვენი თავის წინააღმდეგ მოქმედებდით. თუ თქვენი თავის წინააღმდეგ მოქმედებთ, თუ ვნებთ საკუთარ კეთილდღეობას, მაშინ თქვენ აშკარად უგუნურებას ირჩევთ, როგორც ცხოვრების გზას.

მე აქ არ გთავაზობთ მორალურ არგუმენტს განსახილველად. მე არ გეუბნებით, რომ წყობილებიდან არ უნდა გამოხვიდეთ, რადგან ეს ეთიკურად არასწორია. თუ გაბრაზება თქვენთვის სასიამოვნო განცდაა, გაბრაზდით რამდენიც გნებავთ. რა პრობლემაა? მაგრამ, საქმე იმაშია რომ, გაბრაზება ისევე უსიამოვნოა თქვენთვის, როგორც მათთვის ვისკენაცაა ის მიმართული. ეს კონტრპროდუქტიულია, და შესაბაამისად არაეფექტური.

მე არც ბრაზის კონტროლისა და მართვის სტრატეგიას გთავაზობთ. როდესაც პირველად ჩამოვედი შეერთებულ შტატებში, აქ ყველა „სტრესის მენეჯმენტზე“ საუბრობდა, რამაც ძალიან გამაოცა. რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს სტრესის მართვა. მე ყოველთვის ვფიქრობი, რომ ჩვენ ვმართავთ იმას რაც ჩვენთვის ძვირფასია, - ჩვენს ფულს, ჩვენს ბიზნესს, ჩვენს ოჯახს. დრო დამჭირდა რათა დამენახა, რომ ადამიანიები სტრესს განიხილავდნენ როგორც ცხოვრების უცილობელ ნაწილს. ხალხი ვერ ხედავს, რომ სტრესი სრულიად თვითგამოწვეული და საკუთარი თავისადმი მიყენებული ზიანია. როდესაც თქვენს შინაგან სამყაროზე პასუხისმგებლობას იღებთ, იქ უკვე აღარ რჩება ადგილი სტრესისთვის.

საქმე იმაშია, რომ ბრაზი მყარად არის ფესვგადგმული თქვენს მცდარ წარმოდგენაში, იმის შესახებ, რომ თითქოს თქვენ შეგიძლიათ წყობილებიდან გამოსვლით სიტუაციის შეცვლა. მაგრამ თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება, ისევ და ისევ გიმტკიცებთ იმას, რომ ყველაფერი პირიქითაა; თქვენ ვერაფერს შეცვლით უკეთესობისკენ, ჯანსაღი აზრისა და გონიერი მიდგომის უარყოფით. გაბრაზებით მხოლოდ ართულებთ ნებისმიერ სიტუაციას. ამის ცხადად დანახვა, არის პირველი ნაბიჯი ცვლილებებისკენ.

გარდა ამისა, ასევე არსებობს რეალური სამედიცინო და სამეცნიერო მტკიცება იმის შესახებ, რომ გაბრაზებისას თქვენ, გაზვიადების გარეშე წამლავთ თქვენს შინაგან სისტემას. ამის შემოწმება შეიძლება მარტივი სისხლის ანალიზით. როდესაც გაბრაზებული ხართ, იცვლება თქვენი ქიმია, და ორგანიზმი ხდება ტოქსიური. ამ ქიმიური აშლილობის გამოსწორება, სხეულს შეუძლია მხოლოდ ინტენსიური ვარჯიშის ან ძილის დროს. მაგრამ თუ თქვენ ხშირად ხართ გაბრაზებული, თქვენ უახლოვდებით ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კატასტროფას. ეს ეჭვს გარეშეა.

ფართოდ დამკვიდრებული აზრია, რომ გაბრაზებას შედეგები მოაქვს; თითქოს სამყაროში არაფერი ხდება ბრაზის მიერ გამოწვეული ადრენალინის გარეშე. კუბის რევოლუციის საკულტო ლიდერმა ჩე გევერამ ერთხელ თქვა; „თუ ყოველ უსამართლობაზე შენც აღშფოთებისგან ცახცახებ, მაშინ ჩემი მეგობარი ხარ.“ შეიძლება ეს სიმრთლეა. გაბრაზებისას თქვენ ხდებით ერთიანი რომელიმე ჯგუფთან, ხოლო ბრაზის გარეშე მთელს სამყაროსთან ერთიანდებით.

* * *

ერთხელ ასეთი რამ მოხდა.. ჯენტლმენი, რომელსაც თან პატარა ბავშვი ახლდა, ლონდონიდან ბრისტოლში მატარებლით მიემგზავრებოდა. კუპეში სხვა ჯენტლმენი შემოვიდა, ორი უზარმაზარი ჩემოდანი დადო და პირველ ჯენტლმენს გვერდით მიუჯდა.

როგორც იცით, ინგლისელები მაშინვე არ გამოელაპარაკებიან ერთმანეთს. ასე რომ, პირველი ჯენტლმენმა ზრდილობიანად ცოტა ხანი მოიცადა. შემდეგ მიუბრუნდა მეორე ჯენტლმენს და უთხრა: „თქვენი ჩემოდნების შემხედვარე, ვფიქრობ, რომ გამყიდველი ბრძანდებით. მეც ასევე გამყიდველი ვარ.“

ჯენტლმენმა უპასუხა, „დიახ, მე გამყიდველი ვარ.“

სიჩუმემ დაისადგურა. შემდეგ ისევ პირველმა მგზავრმა ჰკითხა, „რას ყიდით?“

მეორემ უპასუხა, „ხრახნულ კბილანებს.“

ისევ პაუზა. შემდეგ მეორემ ჰკითხა პირველს, „თქვენ რას ყიდით?“

პირველმა უპასუხა, „მე პრეზერვატივებით ვვაჭრობ.“

აღშფოთებულმა მეორე ჯენტლმენმა უთხრა, „პრეზერვატივებით ვაჭრობთ და თან თქვენი შვილი დაგყავთ? რამდენად მართებულია ეს?“

„ეს ჩემი შვილი არ არის,“ უპასუხა პირველმა მგზავრმა, „ეს საჩივარია ჩემს ბიზნესზე ბრისტოლიდან.“

ადამიანები გაუთავებლად რამეზე წუწუნებენ. ზოგს თავისი საჩივარი სახეზე აქვს აკრული, როგორც განმასხვავებელი ნიშანი. ძალიან ბევრი ადამიანი მოთქვამს, რომ ცხოვრება მათ განსაკუთრებით უსამართლოდ მოექცა. ისინი იმოწმებენ საშინელ გარემოებებს, ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს და მრავალ უსამართლობას, რომელიც მათ წილად ერგოთ. შეიძლება, ეს მართლაც ასეა.

ადამიანების უმრავლესობას ავიწყდება ის, რომ წარსული ჩვენში მხოლოდ მეხსიერების სახით არსებობს. მეხსიერებას არ გააჩნია ობიექტური არსებობა. ის არ არის ეგზისტენციალური; ის სრულიად ფსიქოლოგიურია. თუ თქვენ ინარჩუნებთ სწორად რეაგირების უნარს, წარსულის მეხსიერება გახდება შესაძლებლობათა სივრცის გაფართოების პროცესი. მაგრამ თუ თქვენ კომპულსიური რეაგირების ციკლში იმყოფებით, მეხსიერება ამახინჯებს აწმყოს აღქმის შესაძლებლობას, და თქვენი ფიქრები, ემოციები და ქმედებები არაპროპორციული ხდება გამომწვევ სტიმულებთან მიმართებაში.

არჩევანი ყოველთვის თქვენს ხელშია; ცნობიერად გასცეთ პასუხი აწმყოს; ან მოახდინოთ კომპულსური რეაგირება მასზე. და მათ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.

თუ საშინელი ამბები შეგემთხვათ, თქვენ ალბათ დაბრძენდით. თუ ყველაზე საშინელი შემთხვევები გერგოთ წილად, მაშინ ალბათ მსოფლიოში ყველაზე ბრძენი ადამიანი გახდით. მაგრამ ადამიანების უმრავლესობა უსიამოვნო შემთხვევებიდან სიბრძნის მიღების ნაცვლად, ღრმა ჭრილობებს ღებულობს. ცნობიერი პასუხის მდგომარეობაში, შესაძლებელია ნებისმიერი ცხოვრებისეული სიტუაციის, -როგორი საშინელიც არ უნდა იყო ის, ზრდის შესაძლებლობისთვის გამოყენება. მაგრამ თუ ჩვეულებისამებრ ფიქრობთ, „მე ასე სხვების გამო ვარ,“ მაშინ თქვენ ცხოვრებისეულ სიტუაციებს თვითგანადურებისა და სტაგნაციისთვის იყენებთ.

მე ერთხელ მოვისმინე ამაღელვებელი ისტორია ქალზე, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ცხოვრებისეული სიტუაცია გამოიყენა საკუთარი თავის მშვენიერ არსებად გარდაქმნისთვის. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, ნაცისტების ჯგუფი შეიჭრა მის სახლში, ავსტრიაში. უფროსები ცალკე წაიყვნეს, ხოლო ორი ბავშვი - ცამეტი წლის გოგო და რვა წლის ბიჭი მიიყვანეს რკინიგზის სადგურში. სანამ სხვა ბავშვებთან ერთად მატარებელს ელოდებოდნენ, ბიჭებმა თამაში დაიწყეს. მათ დაავიწყდათ, თუ რა ელოდათ, დ დაიწყეს თამაში, როგორც ბავშვებს სჩვევიათ ხოლმე.

სატვირთო მატარებელი ჩამოდგა და ჯარისკაცებმა მასში ბავშვების ჩასხმა დაიწყეს. როდესაც შიგნით აღმოჩნდენ, გოგომ შეამჩნია, რომ მის ძმას ფეხსაცმელი დაკარგვოდა. ავსტრიისთვის დამახასიათებელი მკაცრი ზამთარი იყო. ფეხსაცმლის გარეშე ფეხების მოყინვა ადვილი შესაძლებელი იყო. გოგო გაცხარდა. თავისი უმცროსი ძმა შეანჯღია, ყურზე ხელი წამოარტყა და დაუყვირა; „შე იდიოტო! განა ცოტა გასაჭირი გვაქ? არ ვიცით სად არიან ჩვენი მშობლები, ან სად მივყავართ ჩვენ! და შენ კი ფეხსაცმელი დაკარგე. რა უნდა გიქნა ახლა?“

შემდეგ სადგურში ბიჭები და გოგები განაცალკევეს. და ეს იყო ბოლო მომენტი, როდესაც და-ძმამ ერთმანეთი ნახეს.

დახლოებით სამწელიწად ნახევარში გოგომ საკონცენტრაციო ბანაკი დატოვა. მან აღმოაჩინა, რომ ის იყო ერთადერთი გადარჩენილი წევრი თავისი ოჯახიდან. ყველა გაუჩინრდა, მისი ძმის ჩათვლით. დარჩა მხოლოდ მოგონება, იმ უხეში სიტყვებისა, რომელიც უთხრა თავის ძმას, როდესაც ბოლოს ნახა ცოცხალი.

სწორედ მაშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა; „ვისაც არ უნდა შევხვდე, მე არავის არასდროს დაველაპარაკები ისე, რომ შემდეგ ვინანო, რადგან ის შეხვედრა შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს“. მას შეეძლო ცხოვრება სინანულსა და სინდისის ქენჯნაში გაეტარებინა, მაგრამ მან მიიღო მარტივი გადაწყვეტილება, რამაც მისი ცხოვრება საოცრად შეცვალა. ის მდიდარი და სავსე ცხოვრებით ცხოვრობდა.

ყველაზე საშინელი მომენტებიც კი, შეიძლება გახდეს კვების წყარო, თუ მიიღებთ შემდეგს: „მე ვარ პასუხისმგებელი, იმაზე თუ როგორ ვარ ახლა.“ უდიდესი გასაჭირის ტრანსფორმირებაც კი შეიძლება პიროვნული ზრდის საფეხურად. თუ თქვენ ასი პროცენტით აიღებთ პასუხისმგებლობაზე დღევანდელ დღეზე, ხვალინდელი დღე უფრო კაშკაშა იქნება. მაგრამ, თუ თქვენ არ იღებთ პასუხისმგებლობას აწმყოზე, -თუ თქვენს მშობლებს, მეგობრებს, მეუღლეს, კოლეგებს ადანაშაულებთ ყველაფერში, ამით თქვენ უარს ამბობთ მომავალზე, თან ისე რომ ჯერ არც კი დამდგარა.

თქვენ ამ სამყაროს ცარიელი ხელებით მოევლინეთ და ცარიელი ხელებითვე დატოვებთ მას. ცხოვრებისეული სიმდიდრე განისაზღვრება მხოლოდ იმით, თუ როგორ დართეთ ნება ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაემდიდრებინეთ თქვენ. ჭუჭყი შეიძლება ყვავილის სურნელებად გადაიქცეს. ნაკელი შეიძლება მანგოს სიტკბოებად გადაიქცეს. ვერანაირი განსაცდელი ვერ იქნება დაბრკოლება, თუ თქვენ შეგიძლიათ ცნობიერად პასუხის გაცემა. როგორიც არ უნდა იყოს სიტუაციის ბუნება, მას შეუძლია გაზარდოს თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება, თუ თქვენ დართავთ მას ამის ნებას.

წყენა, ბრაზი, ეჭვიანობა, ტკივილი, დარდი და დეპრესია, საწამლავებია რომლებსაც თქვენ სვამთ, და გგონიათ რომ, ის ვიღაც სხვას ავნებს. სინამდვილეში ასე არ ხდება. ადამიანების უმრავლესობას მთელი ცხოვრება სჭირდება ამ მარტივი ჭეშმარიტების მისახვედრად.

* * *

ახლა, როდესაც გავარკვიეთ თუ რა არის პასუხისმგებლობა, დროა ასევე ვნახოთ თუ რა არ არის ის. თავიდანვე გავერკვეთ რამოდენიმე მცდარ წარმოდგენაში.

ერთი ასეთი წარმოდგენის მიხედვით, ბევრი ადამიანი თვლის, რომ პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს თავისუფლების დათმობას. ეს თითქოს ლოგიკური ჭეშმარიტებაა, მაგრამ მხოლოდ უმარტივეს დონეზე. მაგრამ სინამდვილეში, ეს აბსოლუტურად მცდარი ხედვაა.

განვიხილოთ კონკრეტული სცენარი. თქვენი კალამი მაგიდიდან ვარდება. თუ ხედავთ, რომ ამაზე პასუხისმგებლობა თქვენ გაკისრიათ, თქვენს წინაშე რამოდენიმე არჩევანია. თქვენ უბრალოდ იღებთ მას იატაკიდან. თუ ვერ ახერხებთ მის აღებას, შეგიძლიათ დახმრება ვინმეს თხოვოთ. ან თუ ამ მომენტში არ გცალიათ, შეგიძლიათ მოგვიანებით აიღოთ. თქვენ გაქვთ რამოდენიმე არჩევანი.

მეორე მხრივ, თუ ამაზე არ აიღებთ პსუხისმგებლობას, მაშინ რას იზამთ? -არაფერს.

რომელია თავისუფლება? გქონდეს რამოდენიმე არჩევანი თუ არ გქონდეს არანაირი?

თქვენი ლოგიკური გონება გკარნახონბთ, „უარი თქვი ყველანაირ პასუხისმგებლობაზე და თავისუფალი იქნები.“ მაგრამ, თქვენივე ცხოვრებისეული გამოცდილებით, თქვენს გარშემო რაც უფრო მეტი რამისთვის შეგიძლიათ პასუხის გაცემა, მით უფრო თავისუფალი ხართ! ცხოვრების ლოგიკური და ემპირიული განზომილებები ერთმანეთისგან სრულიად საწინააღმდეგო სახით მუშაობენ. ლოგიკა სასარგებლოა, მაგრამ ის მხოლოდ ცხოვრების მატერიალურ ასპექტებთან გამკლავებაში გვეხმრება. თუ თქვენს ცხოვრებას მხოლოდ ლოგიკით წარმართავთ, საბოლოოდ ხათაბალაში აღმოჩნდებით.

მეორე მცდარი წარმოდგენის მიხედვით, ადამიანებს ხშირად ერევათ ერთმანეთში პასუხისმგებლობა და რეაქცია. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ამ ორ სიტყვას შორის უდიდესი განსხვვებაა. პირველი ცნობიერად იბადება, მეორე გაუცნობიერებლად. პირველი თავისუფლებაა, მეორე მონობა.

დროა, მათ შორის კიდევ ერთი განსხვავება გამოვყოთ. პასუხისმგებლობა არ არის რეაქცია, და ის არც მოქმედებაა.

პასუხისმგებლობა და მოქმედება სხვადასხვა განზომილებებს განეკუთვნება. პასუხის გაცემის უნარი გაძლევთ მოქმედების თავისუფლებას. ის ასევე გაძლევთ თვისუფლებას, რომ საერთოდ არ იმოქმედოთ. ის თქვენი ცხოვრების საჭესთან გათავსებთ. ის უფლებამოსილებს განიჭებთ, განსაზღვროთ თქვენი მოქმედების ბუნება და სიღრმე. პასუხისმგებლობა არ არის იძულებითი რეაქცია; ის მოქმედების არჩევანს გთავაზობთ.

შეგიძლიათ დღევანდელ მსოფლიოში ყველაფერზე იმოქმედოთ? არა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ თქვენს გარშემო ყველაფერს გასცეთ პასუხი. მოქმედება კეთილგონივრულად უნდა განხორციელდეს, ისეთი რესურსების ზედმიწევნითი ანალიზის შედეგად, როგორიცაა ძალა, შესაძლებლობები, ენერგია, ასაკი, სიტუაცია. თქვენი მოქმედების შესაძლებლობა ყოველთვის შეზღუდულია, მაგრამ არ არსებობს არანაირი შეზღუდვა თქვენი პასუხის გაცემის უნარში. თუ თქვენ გსურთ, შეგიძლიათ პასუხი გასცეთ აბსოლუტურად ყველაფერს.

მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს შვილებზე ხართ პასუხისმგებელი, განა შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთოთ მათთვის? თუ მათ ყველაფერს გაუკეთებთ, თქვენ მათ ცხოვრებას დაუნგრევთ. თქვენი პასუხისმგებლობის გრძნობა გიბიძგებთ გააკეთოთ მათთვის გარკვეული რამეები, მაგრამ არ გააკეთოთ სხვა რამ. ასე რომ, პასუხისმგებლობა არ ნიშნავს შეუკავებელ მოქმედებას. არამც და არამც.

თქვენ იკითხავთ, როგორ შეიძლება ვიყო პასუხისმგებელი იმ ძალადობაზე და უსამრთლობაზე რაც მსოფლიოში ხდება? როგორ შეიძლება ვიყო პასუხისმგებელი ომზე და სისხლისღვრაზე, გარიყულებისა და ჩაგრულების მიმართ ჩადენილ სიმხეცეზე მსოფლიოს მასშტაბით? რათქმუნდა, თქვენ ამ ყველაფერში არ ხართ დამნაშავე. მაგრამ, როგორც კი აცნობიერებთ რომელიმე ამ მოვლენათაგანს, თქვენ პასუხობთ, და თქვენი პასუხი გამოიხტება - წუხილით, სიყვარულით, მზრუნველობით, სიძულვილით, ბრაზით, აღშფოთებით, ან თუნდაც მოქმედებით. თუმცა, სინამდვილეში ეს უფრო ხშირად გაუცნობიერებელი რეაქციაა ვიდრე გაცნობიერებული პასუხი. თუ თქვენ გადააქცევთ პასუხის გაცემის უნარს გაცნობიერებულ პროცესად, ეს იქნება თქვენში ახალი უზარმაზარი შესაძლებლობის დაბადების ნიშანი. თქვენი შინაგანი გენია დაიწყებს ყვავილობას.

შეძლებთ შემდეგ პასუხი გასცეთ მთვარეს? დიახ შეძლებთ. თქვენს სხეულს და სასიცოხლო ენერგიებს ეს უდაოდ შეუძლიათ. როდესაც მთვარის ფაზების საპასუხოდ ოკეანეების დონე იმატებს, რატომ ფიქრობთ, რომ თქვენს სხეულში არსებული წყლის დონე უცვლელი რჩება? შეიძლება თქვენ არ ხართ ასტრონავტი; შეიძლება ვეროსადეს გაიაროთ მთვარეზე, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ პასუხი გასცეთ მთვარეს. თქვენ ამას ისედაც აკეთებთ. თქვენ უბრალოდ ეს გაცნობიერებულდ უნდა გააკეთოთ.

ამას მივყავართ მეოთხე მცდარ წარმოდგენამდე. ბევრს გონია, რომ პასუხისმგებლობა ეს არის უნარი.

ესეც მცდარია. როდესაც საქმე ეხება მოქმედებას, უნარი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. პასუხი კი მხოლოდ მზაობის საკითხია.

თუ ხედავთ, რომ ქუჩაში ვინმე კვდება, ხართ პასუხისმგებელი?

თუ მზად ხართ გამოეხმაუროთ, თქვენ განიხილავთ რამოდენიმე ვარიანტს. თუ ექიმი ხართ, შეეცდებით თავად დაეხმაროთ. თუ არ ხართ, შეგიძლიათ 911-ზე დარეკოთ. თუ ეს ყველაფერი უკვე სხვამ გააკეთე, თქვენ სულ მცირე წუხილს მაინც გამოხტავთ. მაგრამ თუ არ ხართ პასუხისმგებელი, თქვენ უბრალოდ ჩაურევლად დააკვირდებით თუ როგორ კვდება ვიღაც.

თქვენი გამოხმაურების უნარი არის ის, რაც ხართ სინამდვილეში. მხოლოდ თქვენი მოქმედების უნარია დაკავშირებული გარეგან სამყაროსთან. პასუხისმგებლობა არ მდგომარეობს ლაპარაკში, ფიქრში, ან მოქმედებაში. პასუხისმგებლობის არსი თავად ყოფიერებაა. სწორედ ესაა ცხოვრება - არა დამოუკიდებელი, იზოლირებული ბუშტულა, არამედ გამუდმებული დიალოგი სამყაროსთან. ამის მისაღწევად არ დაგჭირდებათ შრომა, საკმარისია მხოლოდ დაინახოთ ისეთი როგორიც არის.

* * *

მოდით გავაღრმავოთ ჩვენი გამოკვლევა. თუ პასუხისმგებლობა არის „პასუხის გაცემის უნარი“, სიტუაციისადმი გამოხმაურების შესაძლებლობა, ნება მიბოძეთ კიდევ ერთი შეკითხვა დაგისვათ; თქვენი გამოხმაურების უნარი შეზღუდულია თუ შეუზღუდავი?

შეგიძლიათ გამოეხმაუროთ მცენარეს?

დიახ, შეგიძლიათ.

ქუჩაში მიმავალ უცნობს?

დიახ, შეგიძლიათ.

მთვარეს?

დიახ, შეგიძლიათ.

მზეს, ვარსკვლავებს?

დიახ, შეგიძლიათ.

სინამდვილეში, როგორც ჩვენ უკვე ვნახეთ, თქვენი სხეულის თითოეული სუბატომური ნაწილაკი უსასრულოდ ეხმაურება იმ დიდებულ ენერგიების ცეკვას რომელიც არის კოსმოსი. ერთადერთი მიზეზი რატომაც ვერ განიცდით ცხოვრების პროცესს მთელი მისი სიდიადით და სიღრმით, არის თქვენი გონებრივი წინააღმდეგობა. თქვენი ფსიქოლოგიური სტრუქტურა არის ქვის კედელი. თუ მოინდომებთ, თქვენი ცხოვრების ნებისმიერი მომენტი შეიძლება გახდეს საოცარი გამოცდილება. მარტო ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის პროცესი შეიძლება იყოს უდიდესი სასიყვარულო ურთიერთობა.

რატომ ეწინააღმდეგება ამას გონება?

რადგან ის დასახიჩრებულია თავისივე შეზღუდული ლოგიკით რომელიც ამბობს, „მარტო ორ ადამიანზე პასუხისმგებლობის აღება უკვე თავს მატკიებს, და რა მოხდება თუ მთელ სამყაროზე ავიღებ პასუხისმგებლობას? ალბათ გავნადგურდები!“

მილიონობით წლების ევოლუციის შედეგად, ბუნებამ მოგაქციათ გარკვეულ საზღვრებში - ასეთია ადამიანის ცხოვრების სიმძიმე. მაგრამ ეს საზღვრები მხოლოდ ბიოლოგიურ დონეზე არსებობს. ადამიანის ცნობიერების დონეზე კი, თქვენ ხართ ჩიტივით რომელიც უკარო გალიაშია მოქცეული. რა ტრაგიკული ირონიაა! მხოლოდ ხანგრძლივი დროის შედეგად ჩამოყალიბებული ჩვევის გამო ამბობთ უარს გალიიდან გამოფრენაზე.

ცხოვრება არაფრით გზღუდავთ. ყოფიერება არ გიწესებთ არანაირ საზღვრებს. თუ მოისურვებთ მთელი სამყარო ხელმისაწვდომი გახდება თქვენთვის. ვიღაცამ თქვა, „დააკაკუნეთ და გაიღება.“ დაკაკუნება არ გჭირდებათ, რადგან კარები არ არსებობს. ღიაა. თქვენ უბრალოდ უნდა შეხვიდეთ, სულ ესაა.

ეს არის სპირიტუალური პროცესის ერთადერთი მიზანი. ყოველი სპირიტუალური მეგზურის ცხოვრება და სამუშაო, სხვადასხვა კულტურებში მთელი ისტორიის მანძილზე, იყო უბრალოდ ეს; ეჩვენებინათ რომ გალიას კარები არა აქვს! დაე ცნობიერად გააკეთეთ არჩევანი - გამოფრინდებით თუ შეზღუდულ გალიაში დარჩებით.

აბსოლუტური თავისუფლების შესაძლებლობა შეიძლება ბევრს აშინებდეს. დიახ, ეს მართლაც საფრთხეა, მაგრამ მხოლოდ თქვენი შეზღუდვებისთვის. გინდათ ცხოვრება ნებაყოფლობით თვით-პატიმრობაში გაატაროთ? პასუხისმგებლობის შეზღუდვა თქვენი თავის გაგუდვაა სხვადასხვა დონეზე - ფიზიკურ, ინტელექტუალურ და ემოციურ დონეებზე. საუბედუროდ, ცხოვრების ასე დათრგუნვა, ადამიანების მიერ აღიქმება როგორც უსაფრთხოება, დაცულობა.

ავიღოთ თესლის მაგალითი. თუ თესლი გამუდმებით ეცდებოდა საკუთარი უსაფრთხოების და მთლიანობის შენარჩუნებას, ახალი სიცოცხლის დაბადება შეუძლებელი იქნებოდა. თესლი უდიდესი ბრძოლის შედეგად კარგავს თავის იდენტობას, თავის მთლიანობას და უსაფრთხოებას, და ხდება მოწყვლადი, რათა გახდეს ტოტებგაშლილი ფოთლოვანი ხე, მდიდარი ნაყოფითა და ყვავილებით. მაგრამ ამ მოწყვლადობის, ტრანსფორმაციისადმი ნებაყოფლობითი გახსნილობის გარეშე, სიცოცხლე არ აღმოცენდება.

დღევნდელ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პროლემა არის სიმარტოვე. ეს დაუჯერებელია. დედამიწაზე ცხოვრობს შვიდი მილიარდი ადამიანი, მაგრამ ხალხი მაინც მარტოსულია. თუ ვინმეს სიამოვნებს მარტოობა, ამაში არანაირი პრობლემა არ არის. მაგრამ ადამიანების უმრვლესობა ამისგან იტანჯება! რის შედეგადაც ისინი სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს აწყდებიან. თუ მარტოსული ხართ, ეს იმიტომ რომ, თქვენ აირჩიეთ გამხდარიყავით ჩაკეტილი კუნძული. ეს ასე არ უნდა იყოს. „მე არ ვარ პასუხისმგებელი“ მტკიცება ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნდომელს გხდით, საბოლოოდ საკუთარ თავსაც კი ვერ ეგუებით. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ თქვენ პასუხისმგებლობას არ იღებთ იმაზე რაც თქვენს შიგნით ხდება!

გონებას ავიწყდება, რომ გამოხმაურების უნარი არის სიცოცხლის საფუძველი. თუ ეს უნარი აღიქმება ხალისითა და მზაობით, თქვენ მოიპოვებთ ნეტარებას. ხოლო თუ ეს თქვენი ნების წინააღმდეგ ხდება, თქვენ უბედური ხდებით.

პასუხისმგებლად ყოფნა ნიშნავს, გახდეთ თქვენი ცხოვრების პატრონი. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გადადგით პირველი სერიზული ნაბიჯი, რათა გახდეთ სრულფასოვანი ადამიანი - სრულიად ცნობიერი და სრულიად ადამიანური. პასუხისმგებლობის აღებით და გაცნობიერებული ცხოვრებისკენ მოგზაურბის დაწყებით, თქვენ სამუდამოდ უარს ამბობთ ყველაფრის გარე სამყაროზე და ღმერთებზე გადაბრალების ტრადიციულ ჩვევაზე. თქვენ დაიწყეთ უდიდესი მოგზაურობა, რაც კი ცხოვრებას შეეძლო შემოეთავაზებინა; მოგზაურობა შინაგან სამყაროში.

* * *

შესაძლოა შენიშნავდით, რომ პასუხისმგებლობის მცნებამ, მიგვიყვანა სხვა სიტყვასთან, რომელიც მნიშვნელობით ძალიან გავს პირველს. სიტყვა რომელიც ყველამ კარგად ვიცით. შესაძლოა ძალიან კარგადაც. სიტყვა რომელიც ხშირად იხმარება და ხშირად ბოროტადაც გამოიყენება; ეს სიტყვაა „სიყვარული“.

რათქმაუნდა, თქვენ იცნობთ სხვადასხვა მოძღვრებებს. მსოფლიოს გარშემო ადამიანებს უმტკიცებენ რომ სიყვარული ეს არის უდიდესი, უმაღლესი, ღვთაებრივი რამ, და რომ ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მეზობლები, და ა.შ. ყველა ეს მშვენიერი მოძღვრება... მაგრამ როდესაც ცდილობთ შეიყვაროთ, აღმოაჩენთ რომ ეს ძალიან რთულია და ხშირად პრეტენზიულადაც გამოიყურება. შეგიმჩნევიათ? ისე ჩანს, რომ უფრო ადვილია საერთოდ არ გიყვარდეს, ვიდრე სცადო შეყვარება!

მაგრამ სიყვარული - ეს არის უბრალოდ თავისუფლად და ღიად გამოხმაურების სურვილი. ახლა შეიძლება ეს გრძნობა შეზღუდულია ერთი ან ორი ადამიანით თქვენს ცხოვრებაში. მაგრამ შესაძლებელია მისი საზღვრების გაფართოება, ისე რომ თქვენმა სიყვარულმა მოიცვას მთელი სამყარო.

ნიშნავს ეს, რომ გარეთ უნდა გახვიდეთ და ყოველ შემხვედრს ჩეხუტოთ? არა. ეს სიგიჟე იქნებოდა და ასევე უპასუხისმგებლობაც. როგორც უკვე ავღნიშნეთ, პასუხისმგებლობა არ არის მოქმედება, არამედ ყოფნის მდგომარეობაა. სიყვარულიც არ არის ის, რასაც აკეთებთ; სიყვარული უბრალოდ ისეთია როგორიც თქვენ ხართ.

ახლა თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ფანჯარა გაქვთ გაღებული - მხოლოდ რამოდენიმე ადამიანისთვის. ისიც იმიტომ გააღეთ, რომ ხვდებით თუ მასაც დაკეტავთ საერთოდ გაგიჟდებით. თქვენ არჩევანის გაკეთება მოგიწევდათ სიგიჟესა და თვითმკვლელობას შორის. მაგრამ არსებობს სხვა გზაც. ნიშნავს ეს მეორე ფანჯარის გაღებას? ან კარის გაღებას?

აი უფრო ეფექტური არჩევანი; საერთოდ რატომ არ დაანგრევთ კედელს?
სიყვარულს არაფერი ესაქმება ვინმე სხვასთან. ის გეხებათ მხოლოდ თქვენ. ის ყოფნის მდგომარეობაა. ეს არსებითად ნიშნავს იმას, რომ თქვენს ემოციებს სიტკბოება შეჰმატეთ. თუ თქვენი საყვარელი ადამიანი სხვა ქვეყანაში გაემგზავრება, ისევ გეყვარებათ? რათქმაუნდა. თუ თქვენი საყვარელი ადამიანი გარდაიცვლებოდა, მაინც გეყვარებოდათ? რათქმაუნდა. თუნდაც თქვენი საყვარელი ადამიანი ფიზიკურად აღარ იყოს თქვენთან, მაინც გეყვარებათ ის. მაშ რა არის სიყვარული? ეს უბრალოდ თქვენი თვისებაა. თქვენ სხვა ადამიანებს იყენებთ უბრალოდ როგორც გასაღებს, რათა გააღოთ ის რაც უკვე თქვენს შიგნითაა.

რატომ ეძებთ გასაღებს, როდესაც არ არსებობს არც საკეტი, არც კარი და არც კედლები? თქვენ ქმნით ილუზორულ კედლებს და კარებს, და შემდეგ ილუზორულ გასაღებს - და მერე ამ გასაღებს ხელის ფათურით ეძებთ! და როცა იპოვით შესაფერის გასაღებს, მერე გეშინიათ მისი დაკარგვის!

ადამიანების უმეტესობისთვის, სიყვარული საწყის ეტაპზე სიხარულია, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ ის შფოთვად გადაიქცევა. რატომ? რადგან ამ „გასაღებს“ აქვს ფეხები და საკუთარი ნება. მას ჯიბეში ვერ შეინახავთ და ვერც ყელზე ჩამოიკიდებთ. როგორც კი ამის გაკეთებას შეეცდებით, ორი სიცოცხლე პირდაპირ კატასტროფისკენ გაექანება!

როდესაც თქვენი სიხარული თქვენზეა დამოკიდებული და არა გარე სტიმულატორზე, ეს ნიშნავს, რომ თქვენ განაახლეთ თქვენი ტექნოლოგია. თქვენ უკვე აღარ ხართ დამოკიდებული გარე წყაროზე - იქნება ეს ადამიანი თუ სიტუაცია. თქვენ უკვე შეგიძლიათ იყო მოსიყვარულე და ბედნიერი, რაიმე განსაკუთრებულის კეთების გარეშე, უბრალოდ აქ ჯდომით, მიუხედავად იმისა თუ როგორ იქცევა სხვა ვინმე. როდესაც ერთხელ განიცდით ამ შინაგან თვისუფლებას, თქვენ ცხოვრებაში აღარასოდეს დაგეუფლებათ დაუცველობის გრძნობა. და საერთოდ, როდესაც ჭეშმარიტი ნეტარებით ხართ სავსე, ყველას ბუნებრივად მოუნდება თქვენს გარშემო ყოფნა. ნეტარება ნიშნავს, რომ ცხოვრება სიცოცხლითა და ენერგიითაა სავსე, და ეს არის ის რასაც ყოველივე სულიერი ეძებს.

მაშ როგორ ხდება შინაგანი ტექნოლოგიის განახლება?

ჩვენ ამას დაწვრილებით განვიხილავთ შემდეგ თავებში. მაგრამ ფუნდამენტური ნაბიჯი იქნება გაცნობიერებულად შემდეგი რამის შეგნება; „ჩემი გამოხმაურების უნარი შეუზღუდავია, ჩემი მოქმედების უნარი კი შეზღუდული. მე ასი პროცენტით ვარ პასუხისმგებელი იმაზე რაც ვარ და რაც არ ვარ, ჩემს შესაძლებლობებზე და ნაკლებზე, ჩემს სიხარულზე და მწუხარებაზე. მე ვარ ჩემი ცხოვრების შემოქმედი“.

აბსოლუტურად არაფერია საჭირო; არც რეაქცია, არც მოქმედება, არც ნიჭი - არაფერი გარდა იმ საბაზისო ფაქტის გაცნობერებისა, რომ თქვენი პასუხისმგებლობა შეუზღუდავია. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ იჯდეთ ერთ ადგილზე და აცნობიერებდეთ ამას. შეიძლება ქუჩაში სეირნობდეთ და აცნობიერებდეთ ამას. შეიძლება უბრალოდ მუშაობდეთ, საჭმელს ამზადებდეთ, ან თუნდაც საწოლში იწვეთ და აცნობიერებდეთ ამას.

ნება მიბოძეთ დაგისვათ კიდევ ერთი შეკითხვა; როგორიც არ უნდა იყოს თქვენი რელიგიური ან კულტურული ფონი, რას გულისხმობთ როდესაც ამბობთ სიტყვა „ღმერთს“?

ფორმები, სახელები და იდეები განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგრამ არსებითად, როდესაც თქვენ ამბობთ სიტყვა „ღმერთს“, გულისხმობთ იმას რაც ამ სამყაროში ყველაფერზეა პასუხისმგებელი. წარმოიდგინეთ, რომ ღმერთმა თქვა, „მე არ ვიქნები შენზე პასუხისმგებელი.“ ცალსახად თქვენ მასზე უარს იტყვით! თავად სიტყვა „ღმერთი“ ნიშნავს უსაზღვრო პასუხისმგებლობას.

ასე რომ, პასუხისმგებლობა ეს არის სასწავლო პუნქტი სამოქალაქო სამართალში. ეს არის საკუთარი ღვთაებრიობის გამოხატვის უმარტივესი და უადვილესი გზა.

მთელი სპირიტუალური პროცესი მდგომარეობს თქვენს მიერ თქვენივე თავისთვის დაწესებული საზღვრების დარღვევაში და თქვენივე უსაზღვროების შეცნობაში. მიზანი ისაა, რომ განთავისუფლდეთ შეზღუდული გაიგივებისგან, რაც თქვენივე უმეცრების შედეგია, და იცხოვროთ ისე, როგორც შეგქმნათ შემოქმედმა - ნეტარებით სავსემ და უსასრულოდ პასუხისმგებელმა.

* * *

ჩამუნდი ჰილზე მიღებული გამოცდილების შემდეგ, ერთი რამ ნათელი გახდა ჩემთვის. ცხოვებაში არ არსებობს „ეს“ და „ის“, არსებობს მხოლოდ „ეს“ და „ეს“. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი არის აქ და ახლა. ყველაფერზე წვდომა ხდება აქ და ახლა. ეს დამოკიდებულია მხოლოდ ადამიანის გამოხმაურების უნარზე, - ადამიანის შესაძლებლობაზე განიცადოს და გამოხატოს ღვთაებრივი.

არ არსებობს „დიახ“ და „არა“. არსებობს მხოლოდ „დიახ“ და „დიახ“. არჩევანი თქვენზეა; თქვენ შეგიძლიათ ცხოვრებას უთხრათ ერთი დიდი„დიახ“, ან დარჩეთ პრიმიტიული „დიახ“ და „არას“ საზღვრებში, რაც იქნება ყოფიერების მუდმივი დაყოფა, რაც თავის მხრივ არის კონფლიქტებისა და მწუხარების განმეორებადი ციკლის საფუძველი.

შეზღუდული პასუხისმგებლობა არის საზღვრების დაწესების გზა. რაზეც ფიქრობთ, რომ ხართ პასუხისმგებელი, თქვენს მიერ გავლებულ საზღვრებში იქნება. ხოლო რაზეც ფიქრობთ, რომ არ ხართ პასუხისმგებელი, თქვენს საზღვრებს გარეთ დარჩება. მაგრამ უსაზღვრო პასუხისმგებლობა თავისთავად აღემატება თქვენი ამჟამინდელი გაგებისა და აღქმის დონეს. ცხოვრება იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე თქვენ ამჟამად აცნობიერებთ. როგორც კი მიიღებთ ამ მარტივ ფაქტს, რომ „ჩემი გამოხმაურების უნარი შეუზღუდავია“, - სიცოცხლე თქვენს შიგნით სრულიად განსხვავებულად რეორგანიზდება. თქვენსავე შიგნით თავისუფლების სულ უფრო და უფრო მაღალ დონეებზე გადახვალთ. ცხოვრება კი თვითშემეცნების საოცარი და ამაღელვებელი მოგზაურობა ხდება.

გარე სამყარომ ნახა თავისი წილი სისხლიანი რევოლუციები. ისინი ძალადობრივი იყო, იმიტომ რომ, იქ იყვნენ ადამიანები ვისაც სურდა ცვლილებები და ისინიც ვისაც არ სურდა ეს. შინაგან სამყაროში კი არსებობს მხოლოდ ერთი სახის, მდუმარე რევოლუცია. ეს არის გადასვლა არამზაობიდნ მზაობამდე.

კითხვა ასეთია: რომელი გინდათ რომ იყოთ, სრულყოფილი ადამიანი თუ მხოლოდ ნაწილობრივი? თუ შეიზღუდავთ გამოხმაურების უნარს, თქვენი გამოცდილების მასშტაბი და ზომა იქნება მოსალოდნელი, შეზღუდული და ვიწრო. მაგრამ იყო სრულყოფილი ადამიანი - ნიშნავს იმყოფებოდე უწყვეტი პასუხის გაცემის რეჟიმში ყველაფერთან. ამასთან არ არის აუცილებელი რაიმე კონკრეტულის კეთება. თქვენ უბრალოდ უნდა იყოთ ბუნებრივი და გახსნილი ამ დიდებულ ცოცხალ კოსმოსში.

პასუხისმგებლობა არ არის დამამძიმებელი. საზღვრები ამძიმებს მხოლოდ. თუ თქვენს თავს დაუწესებთ საზღვრებს, იქნება ეს იდეოლოგია, კასტა, მრწამსი, რასა თუ რელიგია, თქვენ ვერ გასცდებით მათ საზღვრებს და საბოლოოდ მანდვე გაიჭედებით. ეს საზღვრები კვებავს მხოლოდ შიშს, სიძულვილს და ბრაზს. რაც უფრო დიდია თქვენი საზღვრები, მით უფრო დამამძიმებელი გახდება ის. მაგრამ, თუ თქვენი პასუხისმგებლობა შეუზღუდავია, მაშინ სად არის საზღვრები?

არ არის საზღვრები, არ არის უღელი.

საჭიროა მოხდეს სწორედ ასეთი შემობრუნება ადამიანის ცნობიერებაში.

მე არ გიმტკიცებთ, რომ როდესაც ეს მოხდება, კოსმოსი თქვენი ნების მიხედვით იმოქმედებს. პირიქით, ის რაც ხართ თქვენ - გახდება კოსმიური.

ეს არ არის ზღვარის გადალახვა; ეს სახლში დაბრუნებაა.

სადჰანა

ნუ ირწმუნებთ ნურაფერს რასაც აქ კითხულობთ. ერთადერთი გზა რაიმეს ჭეშმარიტების დასადგენად, არის მისი ექსპერიმენტულად გამოცდა. შეაჩერეთ შინაგანი დისკუსია და უბრალოდ დაიწყეთ მისი გამოცდა. იოგა არ არის მემკვიდრეობით მიღებული რწმენის გზა; იოგა არის ექსპერიმენტების გზა.

აი, დაწყების პრაქტიკული გზა:

შემდეგ ჯერზე, როდესაც სატრაპეზო მაგიდას მიუჯდებით, ნუ დაელაპარაკებით ნურავის საწყისი თხუთმეტი წუთი. შეეცადეთ გაცნობიერებულად აღიქვათ ის საჭმელი რასაც ჭამთ, ის ჰაერი, რასაც სუნთქავთ, ის წყალი, რასაც სვამთ.

როგორც უკვე აღვნიშნე, თქვენი სისტემა ნებისმიერ შემთხვევაში პასუხობს. უბრალოდ გააცნობიერეთ ეს პროცესი. აგერ ვაშლი, სტაფილო, პურის ნაჭერი, - ნუ მიიღებთ მათ აგდებულად. რამოდენიმე დღე რომ არ ჭამოთ, ღმერთზე აღარ იფიქრებთ. თქვენი ფიქრები მხოლოდ საკვებისკენ იქნება მიმართული. ეს არის ის, რაც გკვებავთ და გიხანგრძლივებთ სიცოცხლეს. ეს არის თქვენი სხეულის სუბსტანცია. მიმართეთ მთელი თქვენი ყურადღება საკვებისკენ.

ხილი, კვერცხი, პური, ბოსტნეული, - ისინი არიან თავად სიცოცხლის ნაწილები, მაგრამ მზად არიან გახდნენ იმად რაც ხართ თქვენ. თქვენ თუ ხართ მზად იგივე გააკეთოთ სხვებისთვის? თქვენ არ გსურთ დაკარგოთ თქვენი იდენტობა და შეერწყათ ვინმეს. ნეკის დათმობაც არ გსურთ არავისთვის. იშვიათად, თმობთ ძალიან მცირეს, ისიც მაშინ როდესაც რაღაც გჭირდებათ. თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები წინასწარ გათვლილი დათმობის შედეგია. მაგრამ საკვები, რომელიც თავად არის სიცოცხლე, სრულიად გნებდებათ, რათა გახდეს თქვენი შემადგენელი ნაწილი.

შემდეგ, ისე რომ ხმამაღლა არ წარმოქვათ, მთელი დღით მიიღეთ მარტივი იდეა - „ჩემი პასუხიმგებლობა შეუზღუდავია, თუ მოვინდომებ შემიძლია გამოვეხმაურო ყველაფერს.“ გახსოვდეთ და გააცნობიერეთ ეს ბოლო მომენტამდე სანამ დაიძინებთ, და მეორე დღეს გაღვიძებისთანავე შეახსენეთ ეს თქვენს თავს.

თუ შეძლებთ გააცნობიეროთ თქვენი უსაზღვრო ბუნება ერთი მთლიანი წუთით, თქვენ გასაოცარ ტრანსფორმაციას მიაღწევთ. ერთი წუთი შეიძლება ძალიან იოლად ჩანდეს, მაგრამ ნახავთ რომ, ამის მისაღწევად გარკვეული პრაქტიკა დაგჭირდებათ. უბრალოდ ერთ წუთს შეუძლია გამოცდილებისა და ქმედებების ახალ განზომილებაში აგიყვანოთ. ახლა თქვენი ცნობიერება არამდგრადია; ერთ მომენტში აცნობიერებთ, შემდეგ კი გავიწყდებათ. ეს ნორმალურია. ყოველ საათს შეახსენეთ თქვენს თავს თქვენი გადაწყვეტილება. ჩაატარეთ ექსპერიმენტი თქვენს ცნობიერებაზე, მიეცით საშუალება გაღრმავდეს და შედეგსაც იხილავთ.

ცნობიერი გამოხმაურება უფრო გააღრმავებს და გაამყარებს თქვენს კავშირს ცხოვრებასთნ, - არა იდეით ან ემოციით, არამედ თავად ცხოვრებით. როდესაც მზად ხართ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის, ცხოვრება გულში ჩაგიკრავთ და თავად შემოქმედის წყარომდე მიგიყვანთ.

იმისათვის, რომ შეეხოთ შემოქმედს, საჭიროა მხოლოდ მზაობა, სხვა არაფერი.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff