სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

მეორე ნაწილი - სხეული

 

მეორე ნაწილი

რჩევა მკითხველს

წიგნის ამ ნაწილში ჩვენ უფრო გავაღრმავებთ სამი ფუნდამენტური გარსის, ანუ იდენტურობის გამოკვლევას, რომლებსაც ნებისმიერი ადამიანი შეიგრძნობს. შესაბამისად მეორე ნაწილი იყოფა სამ სექციად; სხეული, გონება და ენერგია.

თითოეულ სექციაში შევეცდები გავაფართოვო თქვენი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, და პრანული (ენერგეტიკული) შრეები. პროცესში შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ზოგიერთი ვარაუდი ეჭვქვეშ დადგება, ზოგიერთ კლიშეს საფუძველი გამოეცლება, ზოგიერთი ჩვეულებრივი ტერმინი ახალ მნიშვნელობას შეიძენს, და რამოდენიმე უჩვეულო პერსპექტივაც გამოვლინდება.

მაგრამ თქვენ არ მოგეთხოვებათ რაიმე ირწმუნოთ. იოგა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, თქვენგან ითხოვს მხოლოდ ექსპერიმენტირებას - და მოგიწოდებთ ეს უშიშრად გააკეთოთ. ასე რომ, ამ სექციაში ჩვენ გადავდივართ ინფორმაციიდან შემოთვაზებულ პრაქტიკაზე, და შემდეგ თვითდაკვირვების სავარჯიშოებზე. აქვე განვიხილავთ კონცეფციებს და შემოგთავაზებთ იდეების დანერგვის გზებს. პროცესში თავად შეიგიძლიათ შეამოწმოთ, არის თუ არა ეს იდეები ვარგისი, თუ მხოლოდ ცარიელი სიტყვებია.

რომელია საუკეთესო მიდგომა ამ სექციისთვის? თქვენ შეიძლება არ მოგინდეთ შეასრულოდ „სადჰანის“ ქვეთვებში წარმოდგენილი ყველა სავარჯიშო. ეს სრულიად ნორმალურია. მიზეზი რატომაც გთავაზობთ პრაქტიკებისა და რჩევების ფართო ასორტიმენტს, არის ის, რომ თქვენ თავად შეძლოთ თქვენთვის სასურველის არჩევა. ამ ნაბიჯების მიზანია დაგეხმაროთ წიგნის ფურცლებიდან ცხოვრებისულ პრაქტიკაზე გადასვლაში, და მოგცეთ თითოეული ჰიპოტეზის ცხოვრებისულ ლაბორატორიაში შემოწმების საშუალება. ამ სექციის მიზანია გადაგაქციოთ პასიური მკითხველიდან და “სავარძლის იოგიდან“ იმ ჯადოსნური ცხოვრების აქტიურ მონაწილედ, რომელსაც თავად აირჩევთ და ცნობიერად იცხოვრებთ.

დროა გვერდზე გადადოთ თქვენი მიკერძოებული წარმოდგენები და მოემზადოთ იმ საოცარი სიცოცხლის გამოკვლევისთვის, რომელიც ხართ თქვენ.

სხეული - სწორუპოვარი მექანიზმი

ფიზიკური ქმნილების ყველაზე უახლოესი ნაწილი, ყველა ჩვენთაგანისთვის არის ჩვენი სხეულები. ფიზიკური სხეული არის პირველი საჩუქარი, რომელსაც ვაცნობიერებთ. ის ასევე სწორუპოვარი მექანიზმია. მის მიერ შეიქმნა ყველა სხვა მექანიზმი ამ პლანეტაზე.

იოგა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, არ საუბრობს გონებაზე ან სულზე. ყველაფერს განვიხილავთ როგორც სხეულს - იქნება ეს საკვების სხეული, გონების სხეული, ენერგიკული სხეული, ეთერული სხეული თუ ნეტარების სხეული. ამ მიდგომაში დიდი სიბრძნეა. ის არ გვაძლევს საშუალებას თავი შევაფაროთ მცდარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობებს ან ჩავიკარგოთ მეტაფიზიკურ აბსტრაქციებში. ის მტკიცედ გვაკავშირებს ხელშესახებთან, თუნდაც ფიზიკურობის ფაქიზ რეალობებთან და მის მიღმაც.

ფიზიკური სხეული მოწყობილია და სტრუქტურირებულია ისე, რომ მას შეუძლია დამოუკიდებლად ფუნქციონირება თქვენი ჩარევის გარეშე. თქვენ არ გიწევთ მართოთ გულის ცემა, ღვიძლის რთული ქიმიური პროცესები ან სუნთქვის პროცესი; ყველაფერი რაც აუცილებელია თქვენი ფიზიკური არსებობისთვის თავისით ხდება.

სხეული საკმარისად სრული და თვითკმარი ინსტრუმენტია. თუ გიყვართ მანქანები, სხეულზე უკეთესი უბრალოდ არ არსებობს! ის არის ყველაზე რთული მექანიზმი ამ პლანეტაზე; მასში ხორცშესხმულია მექანიკისა და ელექტრონიკის უმაღლესი დონეები, ურთულესი ელქტრონული სქემები რისი წარმოდგენაც კი შეგიძლიათ.

ვთქვათ, ნაშუადღევს ბანანი მიირთვით. საღამოსთვის ეს ბანანი უკვე თქვენი შემადგენელი ნაწილი გახდა. ჩარლზ დარვინის მიხედვით, მილიონობით წელი დასჭირდა მაიმუნის ადამიანად ევოლუციას, მაგრამ თქვენ მხოლოდ რამოდენიმე საათი გჭირდებათ ბანანის ან პურის ნაჭრის ადამიანად გადასაქცევად! აშკარაა, რომ თავად შემოქმედის წყარო ფუნქციონირებს თქვენში.

თქვენში მოქმედებს ინტელექტი, რომელიც ცდება ლოგიკური გონების საზღვრებს, და რომელსაც შეუძლია საკვები აქციოს უმაღლესი ტექნოლოგიური ბრწყინვალების ნაწილად. თუ შეძლებთ ამ ტრანსფორმაციის გაცნობიერებულად მოხდენას (ახლა გაუცნობიერებლად ახერხებთ); ამ ინტელექტის თუნდაც უმცირესი ნაწილის დანერგვას ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაშინ შეძლებთ ჯადოსნურად იცხოვროთ.

სწორედ იმიტომ, რომ გრძნობდა შემოქმედის წყაროს ფეთქვას თავის შიგნით, მეთორმეტე საუკუნის ინდოელმა მისტიკოსმა ბასავანამ ადამიანის სხეულს უწოდა „მოსიარულე“ ტაძარი. მის ერთერთ სილაბურ ლექსში, რომელიც ფართოდ არის ცნობილი სამხრეთ ინდოეთის მისტიკურ ლიტერატურაში, ის წერს; „ჩემი ფეხები - სვეტებია, ჩემი სხეული - ტაძარი, თავი კი ოქროს გუმბათი...“

„არის რაღაც, რასაც არ უყვარს კედლები“

ადამიანს გარკვეული დონის გაცნობიერებულობა სჭირდება, რათა დაინახოს ამ ფანტასტიური მანქანის შეზღუდვები. სხეული, როგორც მანქანა უნაკლოა. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ასე ვერაფერს მიაღწევთ. ის უბრალოდ იბადება მიწისგან და მიწასვე უბრუნდება.

არ არის ეს საკმარისი?

თუ ამას სხეულის პერსპექტივიდან შეხედავთ, ეს საკმარისია. მაგრამ როგორღაც, ამ მშვენიერ მექანიზმში ვლინდება ფიზიკურების მიღმა არსებული განზომილება. ეს განზომილება არის თავად სიცოცხლის წყარო. სწორედ ეს განზომილება გვქმნის იმად, ვინც ვართ სინამდვილეში.

სიცოცხლე არის ერთი რამ, მაგრამ სიცოცხლის წყარო სულ სხვაა. ის მოქმედებს ყოველ არსებაში, მცენარესა თუ მარცვალში. მაგრამ ადამიანში სიცოცხლის წყარო განსაკუთრებული სიცხადით ვლინდება.

სწორედ ამიტომ, ყველა ის მშვენიერი საჩუქარი, რომელსაც სხეული გვთავაზობს, გარკვეული დროის შემდეგ არაარსებითად და უმნიშვნელოდ მოგვეჩვენება. სწორედ ამ მიზეზით თქვენ და ყველა სხვა ადამიანი ფიზიკურ და მის მიღმა არსებულ განზომილებას შორის მუდმივ ბრძოლაში ცხოვრობთ. თქვენში არსებობს ფიზიკური სხეულის კომპულსურობა, მაგრამ თქვენ ასევე აცნობიერებთ, რომ ხართ უფრო მეტი, ვიდრე ფიზიკური სხეული.

თქვენში არსებობს ორი მთავარი ძალა. ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. პირველია თვით-გადარჩენის ინსტინქტი, რომელიც თავის დასაცავად ირგვლივ კედლების აშენებას გაიძულებთ. მეორე კი მუდმივი სწრაფვაა გაფართოებისკენ, სურვილი გახდეთ უსაზღვრო. ეს ორი მისწრაფება - თავდაცვისა და გაფართოების სურვილი, თუმც ასე ჩანს, სულაც არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ისინი დაკავშირებულია ცხოვრების განსხვავებულ ასპექტებთან. პირველი ძალა გეხმარებათ ამ პლანეტაზე ფესვების მყარად გადგმაში; მეორეს კი მის საზღვრებს მიღმა მიყავხართ. თვითგადარჩენა მხოლოდ ფიზიკურ სხეულთან უნდა იყოს დაკავშირებული. თუ გაქვთ საკმარისი გაცნობიერებულობა ამ ორის ერთმანეთისგან განსაცალკავებლად, არანაირი კონფლიქტი აღარ იქნება. მაგრამ თუ თავს ფიზიკურ სხეულთან აიგივებთ, მაშინ ეს ორი ძალა ჰარმონიულად ვეღარ იარსებებს და დაძაბულობის წყაროდ გარდაიქცევა.

კაცობრიობის „მატერიალურ-სულიერი“ ბრძოლები უცოდინრობიდან მომდინარეობს. როცა ამბობთ „სულიერებას“, თქვენ საუბრობთ ფიზიკურის მიღმა არსებულ განზომილებაზე. ადამიანის სურვილი გასცდეს ფიზიკურ შეზღუდვებს აბსოლუტურად ბუნებრივია. მოგზაურობა ადამიანის შეზღუდული სხეულიდან შემოქმედის უსასრულო წყარომდე - არის სულიერი პროცესის საფუძველი.

დღეს თვით-გადარჩენისთვის აგებული კედლები, ხვალინდელი თვითპატიმრობის კედლებია. საზღვრები, რომლებსაც დღეს თქვენს ცხოვრებაში თავდაცვისთვის ავლებთ, ხვალ შემბოჭავ გარემოებად იქცევა. რობერტ ფროსტმა ამ სიტყვებით უღრმესი ჭეშმარიტება გადმოგვცა; „არის რაღაც, რასაც არ უყვარს კედლები“.

რადგან თვითგადარჩენის ინსტინქტი გამუმდებით გკარნახობთ; „თუ კედლები არ გარტყია ირგვლივ, უსაფრთხოდ ვერ იქნები“, თქვენ გაუცნობიერებლად აგრძელებთ მათ შენებას. მოგვიანებით კი მათვე ებრძვით. ეს უსასრულო ციკლია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოფიერებამ დაგიკეტათ კარები. თქვენ არ ებრძვით ყოფიერების წინაღობებს. თქვენ ებრძვით კედლებს, რომლებიც თქვენვე ააშენეთ თქვენს ირგვლივ.

სწორედ ამიტომაც არ საუბრობს იოგური სისტემა ღმერთზე. ის არ საუბრობს არც სულზე და სამოთხეზე. ასეთი თემები ყოველთვის ჰალუცინაციებს იწვევს. იოგა გიჩვენებთ მხოლოდ იმ ბარიერებს, რომლებიც თავად დააწესეთ, რადგან მთავარი რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, არის თქვენივე წინაააღმდეგობა. შემოქმედი არ ეძებს თქვენს ყურადღებას. თოკები რომლებიც გბოჭავთ და კედლები რომლებიც გზღუდავთ, - ასი პროცენტით თქვენი შექმნილია. და სწორედ ეს თოკები უნდა განკვანძოთ და ეს კედლები უნდა დაანგრიოთ. თქვენ უნდა იმუშაოთ არა ყოფიერების შესაცვლელად, არამედ თქვენს მიერვე შექმნილი შეზღუდული სამყაროს კედლების დასანგრევად.

ანალოგიის სახით მოვიყვან გრავიტაციისა და მადლის მაგალითს. გრავიტაცია დაკავშირებულია ადამიანის ფუნდამენტურ თვითგადარჩენის ინსტინქტთან. გრავიტაციის წყალობით ვართ დამკვიდრებული ამ პლანეტაზე. სხეულიც სწორედ გრავიტაციის გამო გაგვაჩნია. გრავიტაცია გაკავებთ მიწაზე, ხოლო მადლი არის ძალა რომელიც ცდილობს, რომ ცაში აღგამაღლოთ. როდესაც თავისუფლდებით ყოფიერების ფიზიკური ძალისგან, მაშინ თქვენს ცხოვრებაში მადლი იფეთქებს.

რადგან მიზიდულობის ძალა აქტიურია, მადლიც გამუდმებით მოქმედებს. უბრალოდ საჭიროა შემოუშვათ ის თქვენში. გრავიტაციასთან არჩევანი არ გაქვთ - თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში ექვემდებარებით მას. თუ მყარად აიგივებთ თავს ფიზიკურ სხეულთან, ერთადერთი, რაც გეცოდინებათ არის გრავიტაცია. მაგრამ მადლთან საქმე განსხვავებულად არის; თქვენ უნდა გაეხსნათ მას. რა სპირიტუალური პრაქტიკითაც არ უნდა იყოთ დაკავებული, საბოლოოდ, თქვენ სწორედ მადლის მისაღებად მუშაობთ.

როდესაც შეგეძლებათ მადლის აღქმა, თქვენი ცხოვრება ჯადოსნობით აივსება. წარმოიდგინეთ, რომ ერთადერთი ხართ ვისაც ველოსიპედის ტარება შეუძლია, სხვების თვალში ეს ჯადოსნობად წარმოჩნდება! იგივე იქნება მადლთან დაკავშირებითაც. სხვების თვალში შეიძლება ჯადოსნური არსება იყოთ, მაგრამ თქვენ იცით, რომ უბრალოდ დაიწყეთ ცხოვრების ახალი განზომილების აღქმა. ეს შესაძლებლობა ყველასთვისაა ხელმისაწვდომი.

სადჰანა

შესაძლოა შეამჩნიეთ თქვენში შემდეგი რამ; როდესაც თავს სასიამოვნოდ გრძნობთ, გაფართოება გინდებათ; ხოლო როდესაც შეშინებული ხართ, მოკუნტვა გინდებათ. სცადეთ შემდეგი. რამოდენიმე წუთით დაჯექით მცენარის ან ხის წინ. გამუდმებით შეახსენეთ თქვენს თავს, რომ თქვენ ჩაისუნთქავთ იმას რასაც ხე გამოყობს, და ამოისუნთქავთ იმას რასაც ხე ჩაისუნთქავს. თუმც, შეიძლება ეს არ იყოს თქვენთვის ემპირიული გამოცდილება, დაამყარეთ მცენარესთან ფსიქოლოგიური კავშირი. შეგიძლიათ ეს დღეში რამოდენიმეჯერ გაიმეოროთ. რამოდენიმე დღის შემდეგ, თქვენ დაიწყებთ განსხვავებულად დაკავშირებას არა მარტო ხესთან, არამედ ყველაფერთან თქვენს ირგვლივ.

„იშა იოგას ცენტრში“, ამ მარტივი პროცესის გამოყენების შედეგად დაიბადა ეკოლოგიური ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც, 2004 წლიდან მოყოლებული, სამხრეთ ინდოეთის შტატ ტამილ ნადუში დაირგო 21 მილიონი ხე. ჩვენ რამოდენიმე წელი მოვანდომეთ ადამიანების გონებაში ხეების დარგვას, ეს კი ყველაზე რთულია ნიადაგია! ახლა კი ჩვენ დაკავებული ვართ ამ ხეების მიწაში გადარგვით, რაც გაცილებით უფრო ადვილია.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff