სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

„...ახლა კი იოგა“

 „...ახლა კი იოგა“

პატანჯალის იოგა სუტრები, იოგას მეცნიერების ერთერთი ყველაზე ღრმა დოკუმენტი იწყება უცნაური ფრაზით; „...ახლა კი იოგა“.

დიდებული ნამუშევარი ცხოვრებაზე იწყება ნახევარი წინადადებით! რატომ?

თქვენ იოგას მიმართავთ მხოლოდ მაშინ, როცა აცნობიერებთ, რომ თქვენი ერთადერთი სურვილია გახდეთ უსაზღვრო და სხვა ვერაფერი დაგაკმაყოფილებთ. ყოველი ადამიანი ცხოვრობს მუდმივ უკმარისობაში. არა აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ და რას მიაღწიეთ, თქვენ მაინც იმაზე მეტი გსურთ ვიდრე გაქვთ ამ მომენტში. ასეთია ადამიანური სურვილის ბუნება. მაგრამ ყოველი ადამიანის შიგნით არსებული ფუნდამენტური სურვილია უსაზღვრო გაფართოება.

ადამიანთა უმრავლესობა ვერ აცნობიერებს თავიანთი სურვილების ბუნებას. როდესაც მათი სურვილები ჰპოვებს არაცნობიერ გამოხატულებას, ჩვენ ამას ვეძახით სიხარბეს, მომხვეჭელეობას, ამბიციას. ხოლო როდესაც მათი სურვილები ცნობიერ გამოხატულებას პოვებს, ჩვენ ამას იოგას ვუწოდებთ.

თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, როდესაც- იპოვით ახალ შეყვარებულს, ფეხზე წამოდგებით, იყიდით ახალ სახლს ან მანქანას, მაშინ თქვენთვის იოგას დრო ჯერ არ დამდგარა. თუ უკვე სცადეთ ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი და უფრო მეტიც, და ნათლად ხედავთ რომ, ეს არასდროს იქნება საკმარისი - მაშინ თქვენ მზად ხართ.

ამგვარად, ახლა კი იოგა.

* * *
რა არის იოგა?

თუ თვალებს დახუჭავთ და შესაბამისი სურათის წარმოდგენას შეეცდებით, ეს სავარაუდოდ წარმოუდგენელ პოზაში დაგრეხილი სხეული იქნება. ძვლების მოხვრა, კუნთების დაჭიმვა, კბილების ღრჭიალი, - სწორედ მსგავსი აკრობატიკაა ბევრისთვის იოგა.

დღეისათვის ტენდენცია რამდენადმე იცვლება, და ბევრი იოგას სტუდია მნიშვნელობას ასევე ანიჭებს სუნთქვის ტექნიკებს და მედიტაციის პროცესებს. ასე რომ, ზოგიერთი ადამიანისთვის იოგას იმიჯი შეიძლება იყოს რომელიმე უშფოთველდ მომღიმარი სახე და ლოტუსის პოზაში მჯდომი სრულყოფილი სხეული.

მაგრამ, არცერთ მათგანი არ არის ის რასაც ჩვენ ვგულისხმობთ, როდესაც ვსაუბრობთ იოგას მეცნიერებაზე.

იოგა არ არის პრაქტიკა. არც სავარჯიშო, არც ტექნიკა. ადამიანების ცნობიერებაში არსებული იმიჯები წარმოდგენს პოპულრულ იოგას ფორმებს, რომლებიც ფართოდ გავრცელებულია დღევანდელ მსოფლიოში. ეს არის იმ გრანდიოზული და ღრმა მეცნიერების პაროდია, რომელიც წარმოიშვა ინდოეთის ნახევარკუნძულზე.

იოგას მეცნიერება ეს არის სამყაროსთან ყოფნა იდეალური შესაბამისობაში, აბსოლუტურ ჰარმონიასა და სრულ სინქრონულობაში.

გარე სამყაროს ცვლილებები თითოეულ ჩვენგანზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს. მაგრამ იოგა ეს არის შინაგანი სიტუაციების შექმნის მეცნიერება, ზუსტად ისე როგორც თქვენ გსურთ. როდესაც თქვენს თავს მომართავთ ისე, რომ თქვენს შიგნით ყველაფერი მშვენივრად ფუნქციონირებს, მაშინ თქვენი საუკეთესო უნარები ბუნებრივად გამოვლინდება.

უეჭველად შენიშნავდით, რომ როდესაც ბედნიერი ხართ, საუკეთესოდ ფუნქციონირებთ. თითქოს ენერგიის უსასრულო მარაგი გქონდეთ. შეგიძლიათ უწყვეტად აკეთოდ რამე, ჭამისა და ძილის გარეშეც კი. უბრალოდ მცირე ბედნიერებას შეუძლია გაგანთვისუფლოთ თქვენივე ნორმალური ენერგიის და შესაძლებლობების შეზღუდვებისგან.

როდესაც თქვენი გონება და სხეული მოდუნებულ მდგომარეობაში იმყოფება, თქვენ ასევე თავისუფლდებით რამოდენიმე შემაწუხებელი ავადმყოფობისგან. ვთქვათ მიდიხართ ოფისში თავის ტკივილით. თავის ტკივილი არ არის სერიოზული ავადმყოფობა. მაგრამ ამ პულსაციამ შეიძლება დაგაკარგვინოთ მუშაობის ენთუზიაზმი და ინტერესი, და შესაძლოა სიცოცხლის ხალისიც კი. უბრალო თავის ტკივილს შეუძლია აქციოს ის, რაც თქვენთვის ძვირფასია, უსიამოვნების წყაროდ და ტანჯვადაც კი. (ეს უკუღმაც მუშაობს. როდესაც თქვენი საყვარელი ადამიანები თქვენით ღიზიანდებიან, ისინი უცილობლად თავის ტკივილს იმიზეზებენ!) მაგრამ იოგას პრაქტიკის საშუალებით შეგიძლიათ შეინარჩუნოთ სხეული და გონება შესაძლებლობებისა და ეფექტურობის უმაღლეს დონეზე.

და მაინც, იოგა არ არის უბრალოდ თვითდახმარების მექანიზმი უკეთესი მენტალური და ფიზიკური ეფექტურობისთვის, და თავის ტკივილებისგან განთავისუფლებისთვის. ის არის ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი და გაცილებით უფრო მეტი.

თანამედროვე მეცნიერება ამტკიცებს, რომ ყოველივე არსებული არის ენერგიის გამოვლინება განსხვავებული გზებით და განსხვავებული ფორმებით. ეს ნიშნავს, რომ იგივე ენერგია რომელიც აქ აღმართულია როგორც კლდე, სხვაგან შეიძლება იყოს ტალახის ფორმით, იდგეს როგორც ხე, დარბოდეს ძაღლის ფორმით ან იჯდეს და კითხულობდეს ამ წიგნს თქვენი სახით. ასე რომ, თქვენ ხართ მცირე ნაწილი იმ ენერგიის, რომელიც თავისმხრივ არის გაცილებით დიდი, - სამყაროს ენერგეტიკული სისტემის ნაწილი. კოსმოსი არის ერთი დიდი ორგანიზმი. თქვენი ცხოვრება არ არის მისგან დამოუკიდებელი. თქვენ ვერ იცოცხლებთ სამყაროს გარეშე, რადგან თქვენს შორის არსებობს ძალიამ ღრმა უწყვეტი ურთიერთკავშირი.

თუმცა სამყაროში ყველაფერი წარმოადგენს ერთ ენერგიას, ის ფუნქციონირებს განსხავებულ დონეებზე და განსხვავებული ფორმებით. იგივე ენერგია ერთ მცენარეში წარმოქმნის ვარდს, მეორეში კი ჯასმინს. იგივე მასალით, რომლითაც ადამიანები ადრე ქმნიდნენ თიხის ქოთნებს, დღეს ვაწარმოებთ კომპიუტერებს, მანქანებს, და კოსმოსურ ხომალდებსაც კი. მასალა იგივეა; ჩვენ უბრალოდ დავიწყეთ მათი გამოყენება უფრო მაღალი შესაძლებლობებისთვის. არსებითად ბუნებრივი ევოლუცია ანალოგიური მოვლენაა; ამ პლანეტის ერთიდაიგივე მასალამ გაიარა საოცარი მოგზაურობა ამებადან ადამიანურ არსებამდე!

იგივენაირადაა ჩვენი შინაგანი ენერგიებიც. იოგა არის ამ ენერგიების განახლების, გააქტიურების და გაწმენდის ტექნოლოგია, უმაღლესი შესაძლებლობებისთვის. მოულოდნენლად თქვენი უნარები აღწევენ ბრწყინვალების ისეთ დონეს, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდით. შეზღუდული და შემთხვევითი სიცოცხლე ჭეშმარიტ საოცრებად გარდაიქმნება.

იოგას გააჩნია გაცილებით ღრმა ფუნქცია, ვიდრე სხეულის, გონების და ენერგიის დონეზე კეთილდღეობის გარანტირება. სიტყვასიტყვით იოგა ნიშნავს „ერთიანობას.“ როდესაც იოგაში ხართ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ყველაფერს აღიქვამთ როგორც ერთს. ამაშია ამ მეცნიერების არსი. და ეს არის ასევე მისი უღრმესი მიზანი.

რა არის ერთიანობა? რა ერთიანდება რასთან?

ახლა თქვენ ვიღაცას უწოდებთ „მეს“, და ვიღაცას „სხვას“. ეს „მე“ და „სხვა“ შეიძლება გაფართოვდეს და მოიცვას ადამიანთა ჯგუფები, საზოგადოებები და ერები, მაგრამ არსებითად სწორედ ეს არის სამყაროში ყველა კონფლიქტის საფუძველი. იოგას მთელი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მიგიყვანოთ ისეთ გამოცდილებამდე, სადაც არ არსებობს „მე“ და „შენ“. ყველაფერი ვარ „მე“, ან ყველაფერი ხარ „შენ“! ნებისმიერი პროცესი, რომელიც ამ ერთიანობის მიღწევაში გეხმარება არის იოგა.

როგორ შეიძლება ამ ერთიანობის მიღწევა?

არსებობს რამოდენიმე გზა. მაგრამ მოდი, სულ თავიდან დავიწყოთ - ჩვენი იდეებიდან, თუ რას მოიცავს ინდივიდუალური. თუ მე თქვენ ისეთი რამეს მოგიყვებით, რაც თქვენ არ იცით, მხოლოდ ორი არჩევანი გექნებათ; დამიჯეროთ ან არ დამიჯეროთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ მხოლოდ გაამყარებთ თქვენს ვარაუდებს, დადებითს ან უარყოფითს. მაგრამ იოგას მთელი პროცესი მდგომარეობს იმაში, რომ მიგიყვანოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტოპობრივად, ცნობილიდან უცნობამდე. ეს ასი პროცენტით ემპირიული მეცნიერებაა. ის არ გთხოვს, რომ რაიმე ირწმუნო. ის შენგან მოითხოვს, რომ თავად გამოსცადო გზის ყოველი საფეხური.

ასე რომ, თავდაპირველად მოდი შევხედოთ იმას, თუ რას აღიქვამთ სიტყვაში „ჩემი თავი.“ ამჟამად, თქვენი გაგებით, ეს „მე“ მოქცეულია თქვენს სხეულში, გონებაში (რომელიც მოიცავს თქვენს ფიქრებს და ემოციებს), და თქვენს ენერგიებში. შეიძლება ენერგიებს ამჯამად ვერ შეიცნობთ გამოცდილებით, მაგრამ იცით მათ შესახებ ვარაუდებით; რომ თუ თქვენი სხეული და გონება ფუნქციონირებს, მაშინ უნდა არსებობდეს ენერგია, რომელიც მათ ამის საშუალებაას აძლევს. თქვენ იცით ეს სამი რეალობა; სხეული, გონება და ენერგია. და თქვენ ასევე შეგიძლიათ მათთან მუშაობა.

იოგა ამბობს, რომ ჩვენ სინამდვილეში შევდგებით ხუთი გარსისგან, ან შრისგან, ან უფრო მარტივად სხეულისგან. სამედიცინო ფიზიოლოგიის მსგავსად არსებობს ასევე იოგური ფიზიოლოგიაც. რომელსაც მივყავართ რეალობის უხეშიდან ყველაზე ნატიფ დონეებამდე. უბრალოდ უნდა ირწმუნოთ ეს? არა. მაგრამ ეს სასარგებლო წერტილია კვლევა-ძიების დასაწყებად. თუმცა თქვენი სამუშაოს ფუნდამენტური არეალი მაინც დაკავშირებულია იმ რეალობებთან რომელიც იცით.

პირველი გარსი ან შრე, რომელზეც იოგა მიმართავს ჩვენს ყურადღებას არის ფიზიკური სხეული - ანამაიაკოშა, ან სიტყვასიტყვით „საკვების სხეული.“ რასაც ახლა თქვენს სხეულს უწოდებთ, არის უბრალოდ დაგროვებული საკვები. ყველანაირი საკვები პროდუქტი, რაც კი მიიღეთ წლების განმავლობაში. სწორედ ამიტომ მიიღო ასეთი სახელწოდება.

მეორე შრე არის მანომაიაკაშა, იგივე მენტალური სხეული. დღეს ექიმები ბევრს ლაპარაკობენ ფსიქოსომატურ დაავადებებზე; რაც ხდება გონებაში, გავლენას ახდენს იმაზე თუ რა ხდება სხეულში. რასაც თქვენ უწოდებთ „გონებას“, არ არის მარტო ტვინი. ის არ არის მოთავსებული ადამიანის რომელიმე ცალკეულ ანატომიურ ნაწილში. არამედ, თითოეულ უჯრედს გააჩნია თავისი ინტელექტი, ამიტომაც არსებობს მენტალური სხეული, გონების მთლიანი ანატომია.

რაც ხდება მენტალურ სხეულში, ხდება ფიზიკურ სხეულში, და პირიქით, რაც ხდება ფიზიკურ სხეულში, ხდება ასევე მენტალურ სხეულში. ყოველი რხევა მენტალურ დონეზე, იწვევს გარკვეულ ქიმიურ რექციას, და პირიქით ყოველი ქიმიური რეაცია იწვევს გარკვეულ რხევას მენტალურ დონეზე.

ფიზიკური და მენტალური სხეულები ისეა დაკავშირებული ერთმანეთთან, როგორც კომპიუტერული მოწყობილობა და მასში არსებული პროგრამული უზრუნველყოფა. მოწყობილობა და პროგრამული უზრუნვლეყოფა მანამ არ იმუშავებს, სანამ კომპიუტერს კვების წყაროზე არ მიაერთებთ. მესამე შრე ეს არის პრანამაიაკოშა, ან ენერგიის სხეული. თუ თქვენს ენერგიის სხეულში შეინარჩუნებთ იდეალურ ბალანსს, თქვენს ფიზიკურ და მენტალურ სხეულებში არ იქნება არანიარი ავადმყოფობა. დღეს არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ გენეტიკური მეხსიერების ზეგავლენა ადამიანზე არ არის აბსოლუტური. გარდა დნმ-ის ფუნდამენტური ასპექტებისა, ყველაფერის შეცვლაა შესაძლებელი, დაავადებებისადმი გენეტიკური მიდრეკილებების ჩათვლით. ინფექციურ დაავადებებს იწვევს გარეშე ორგანიზმები, მაგრამ ქრონიკულ დაავადებებს ადამიანი თავად ქმნის ყოველდღიურად. როდესაც თქვენი ენერგეტიკული სხეული სრულ ვიბრაციასა და სწორ ბალანსშია, ქრონიკული დაავადებები უბრალოდ ვეღარ იარსებებენ თქვენს სხეულში. მე შემიძლია გაგაცნოთ ათასობით ადამიანი, რომლებმაც თავიანთი ფიზიკური და მენტალური დაავადებები მოიშორეს გარკვეული მარტივი იოგას პრაქტიკებით. ეს პრაქტიკები არ არის მიმართული დაავადებებისკენ. ისინი მიმართულია იმისკენ, რომ თქვენს ენერგეტიკულ სხეულში შეიტანონ გარკვეული ჰარმონია და სასიცოცხლო ენერგია.

ეს არის „მეს“ სამი განზომილება, რომელიც თქვენ იცით; ფიზიკური, მენტალური და ენერგეტიკული. ისინი არსებითად ყველა ფიზიკურია თავიანთი ბუნებით, თუმცა თითოეული წინაზე უფრო ფაქიზია. ეს ისეთივეა როგორც; ნათურა, ელექტრონერგია და სინათლე - ყველა ფიზიკურია. ნათურა შეგიძლიათ ხელში დაიჭიროთ; ელექტრონერგია შეგიძლიათ იგრძნოთ; ხოლო სინათლის აღსაქმელად მგრძნობიარე რეცეპტორები, თვალები გჭირდებათ. ეს სამი ელემენტი არსებითად ფიზიკურია, სწორედ ამიტომ შეგიძლიათ მათი აღქმა გრძნობის ორგანოების მეშვეობით.

თუმცა არსებობს მეოთხე შრეც, რომელსაც ვიჯნანამაიაკოშა ეწოდება, იგივე ეთერული სხეული. „ჯნანა“ ნიშნავს ცოდნას. „ვიშეშ ჯნანა“ ნიშნავს „ექსტრაორდინალურ ცოდნას“ - რომელიც არსებობს სენსორული აღქმის მიღმა. ეს არის გარდამავალი მდგომარეობა. ის არც ფიზიკურია და არც არა-ფიზიკური. ის ამ ორს შორის კავშირის მსგავსია. ის თქვენი გამოცდილების მიღმაა, რადგან თქვენი გამოცდილება შეზღუდულია გრძნობის ორგანოებით, რომლებსაც არ შეუძლიათ არა-ფიზიკური აღქმა. ისინი, ვისაც განუცდიათ „სიკვდილს მიახლოებული გამოცდილება“, შესაძლოა შემთხვევით მოხვედრილან ამ მდგომარეობაში. ასეთი განცდები ვლინდება, როდესაც გარკვეული მიზეზებით ადამიანის ფიზიკური, მენტალური და ენერგეტიკული სხეულები სუსტდება. თუ იპოვით ამ განზომილებამდე ცნობიერად მისასვლელ გზას, სამყაროს მოწყობის თქვენეულ ხედვაში ეს კვანტური ნახტომი იქნება.

ასევე არსებობს მეხუთე გარსი, ანანდამაიაკოშა, რომელიც მთლიანად ფიზიკურის მიღმაა. „ანანდა“ ნიშნავს „ნეტარებას“. მას არაფერი აქვს საერთო ცხოვრების მატერიალურ სფეროებთან. ფიზიკურის მიღმა არსებული განზომილება შეუძლებელია აღიწეროს ან თუნდაც განისაზღვროს, ამიტომაც იოგა მასზე მხოლოდ გამოცდილების თვალსაზრისით საუბრობს. როდესაც ვეხებით ფიზიკურის მიღმა არსებულ განზომილებას, ჩვენ ვხვდებით ნეტარნი. ეს არ არის ისე, რომ ნეტარების ბუშტი არსებობს სადმე თქვენს სტრუქტურაში. არა, უბრალოდ როდესაც ეხებით ამ განუსაზღვრელ განზომილებაზე, ის იწვევს ყოვლისმომცველ ნეტარების გამოცდილებას.

მაგრამ ნეტარება არ არის თვით-მიზანი. როგორც კი შეეხებით არარსებობის ამ განზომილებას, ნეტარება გარანტირებულია. ამ მდგომარეობაში თქვენი თავი არ არის თქვენი ცხოვრების უმთავრესი საკითხი და თქვენ შეგიძლიათ უშიშრად იკვლიოთ მის მიღმა არსებული.

როდესაც ეხებით ამ განზომილებას, დროისა და სივრცის ზეგავლენები ქრება. ეს ხსნის ბევრი იოგის ისტორიას, რომლებიც წარმოუდგენლად ხანგრძლივი დროის განმავლობაში იჯდნენ ერთ ადგილას გაუნძრევლად. ეს შესაძლებელია არა ფიზიკური გამძლეობის მეშვეობით, არამედ იმის წყალობით რომ, ამ მდგომარეობაში ისინი აღარ ექემდებარებიან დროის პროცესს. ისინი შეეხნენ განზომილებას, სადაც არ არსებობს ისეთი ურთიერთწინააღმდეგობები როგორიცაა „აქ“ და „იქ“, „ახლა“ და „მერე“; ეს სიცარიელის უსაზღვრო ოკეანეა, სადაც არც მონობაა და არც თავისუფლება; არსებობა არსებულის მიღმა.

იოგა თქვენგან არ ითხოვს იმუშაოთ ისეთ რამესთან, რასაც არ იცნობთ. ის უბრალოდ ამტკიცებს, რომ თუ თქვენი ფიზიკური, მენტალური და ენერგეტიკული სხეულები იდეალურადაა განლაგებული, თქვენ მოიპოვებთ წვდომას ნეტარების სხეულზე. მაგრამ თქვენი სამუშაო, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, დაკავშირებულია მხოლოდ პირველ სამ სხეულთან.

როდესაც საქმე ეხება გარეგან რეალობებს, თითოეული ადამიანის შესაძლებლობა განსხვავებულია. რასაც ერთი აკეთებს, მეორემ შეიძლება ვერ შეძლოს. მაგრამ შინაგან რეალობებთან მიმართებაში, ჩვენ ყველას ერთნაირი შესაძლებლობები გვაქვს. არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ შეძლებთ იმღეროთ, იცეკვოთ, მთაზე ახვიდეთ, ან ბევრი ფული იშოვოთ, მარტო იმიტომ რომ ასე გსურთ. მაგრამ საკუთარი შინაგანი ცხოვრების ნეტარად ქცევა ნებისმერს შეუძლია. აუცილებლად შეძლებთ, თუ მოისურვებთ. მას შემდეგ, რაც აითვისებთ შინაგანი კეთილდღეობის გარკვეულ საბაზისო ტექნოლოგიებს, თქვენი მოგზაურობა ცხოვრებაში გახდება სრულიად ძალდაუტანებელი. თქვენ შეძლებთ გამოავლინოთ თქვენი სრული პოტენციალი ყოველგვარი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე. თქვენ შეძლებთ ითამაშოთ ცხოვრებასთან როგორც მოისურვებთ, მაგრამ ცხოვრება ვერ შეძლებს ერთი ნაკაწრიც კი დატოვოს თქვენზე.

* * *

იმისათვის რომ, შეძლოთ კეთილდღეობის განცდა, თქვენ ოსტატურად უნდა ფლობდეთ ამ სამ განზომილებას; სხეულს, გონებას და ენერგიას. ამ სამყაროში თქვენი წარმატება დამოკიდებულია ამ განზომილებების გამოყენების უნარზე, ცხოვრებისეულ სიტუაციებში თქვენი საჭიროებების და იმ მოქმედებების შესაბამისად რომლებიც გინდათ შეასრულოთ. მაგრამ იოგა ასევე გასწავლით ამ სამი განზომილების ერთმანეთთან ისეთ შეთანხმებას, სადაც თქვენ აღწევთ საბოლოო ექსტაზურ ერთიანობის მდგომარეობას თავად ცხოვრებასთან.

როგორ მივაღწიოთ ამ საბოლოო ერთიანობას?

იოგას მიხედვით არსებობს რამოდენიმე ფუნდამენტური გზა. თუ ამ საბოლოო ერთიანობის მისაღწევად თქვენს სხეულს იყენებთ, ამას კარმა იოგა ეწოდება, ან მოქმედების იოგა. თუ თქვენი აბსოლუტური ბუნების მისაღწევად თქვენს ინტელექტს იყენებთ, ამას ჯნანა იოგას ვუწოდებთ, ან ინტელექტის იოგას. ხოლო თუ თქვენს ემოციებს იყენებთ, ამას ბჰაქტი იოგას ვუწოდებთ, ან ერთგულების იოგას. და თუ უზენაესი გამოცდილების მისაღებად თქვენს ენერგიებს იყენებთ, ამას კრია იოგა ეწოდება, ან ტრანსფორმაციული ენერგიების იოგა.

ყოველი ადამიანი არის ერთიდაიგივე ინგრედიენტების უნიკალური კომბინაცია. თუ გვინდა, რომ წინ წავიწიოთ, ყველა ეს ასპექტი - კარმა, ჯნანა, ბჰაქტი, კრია - კომპლექსურად უნდა ფუნქციონირებდეს. თუ ეს ოთხი განზომილება - სხეული, გონება, ემოცია და ენერგია - ერთიანი არ არის, ვერაფერს მიაღწევთ.

ერთხელ ტყეში ოთხი კაცი მიდიოდა. პირველი იყო ჯნანა იოგი, მეორე ბჰაქტი იოგი, მესამე კარმა იოგი, და მეოთხე კრია იოგი.

ჩვეულებრივ ამ ოთხ ადამიანს ერთად ვერ ნახავდით. ჯნანა იოგი არაფრად აგდებდა იოგას დანარჩენ სახეობებს. ის ხომ ინტელექტის იოგაა, და როგორც ინტელექტუალისთვისაა დამახასიათებელი ის დანარჩენებს ზიზღით უყურებდა, განსაკუთრებით ერთგულების იოგებს, რომელიც გამუდმებით ზევით იხედებიან და ღმერთის სახელს ახსენებენ. მისთვის ისინი იდიოტების გროვა იყო.

ბჰაქტი იოგი კი ფიქრობს რომ, ყველა ეს ჯნანა, კარმა და კრია იოგა დროის ფუჭი ფლანგვაა. მას ებრალება დანარჩენები, რადგან ვერ ხვდებიან რომ, საჭიროა მხოლოდ იცოდე ღმერთის არსებობის შესახებ, ჩაჰკიდო მას ხელი და ჭეშმარიტების გზას გაუდგე. მისთვის სრული აბსურდია ეს ფილოსოფიური წიაღსვლები და სხეულის დამორჩილების იოგა.

კარმა იოგი, მოქმედების ადამიანი, ფიქრობს, რომ დანრჩენები უბრალოდ ზარმაცები არიან. მათი ცხოვრება მხოლოდ საკუთარი სისუსტეების გამართლებაა.

მაგრამ კრია იოგი ყველაზე ქედმაღალია. ის ყველას დასცინის. ნუთუ არ იციან რომ, ყოფიერება მხოლოდ ენერგიაა? თუ არ გარდაქმნი შენს ენერგიას, არაფერი ასრულდება, არც ღმერთისკენ სწრაფვა და არც სხვა რამ. არ იქნება არანაირი ტრანსფორმაცია.

ჩვეულებრივ ეს ოთხი ადამიანი ერთმანეთს ვერ ეწყობა. მაგრამ დღეს ისე მოხდა, რომ ისინი ტყეში ერთად მიდიან. მოულოდნელად შტორმი ამოვარდა. ქარი საშინლად უბერავდა და თავსხმა წვიმა მოდიოდა. ბოლომდე გალუმპულებმა თავშესფრის ძიება დაიწყეს.

ბჰაქტი იოგმა, ერთგულების იოგმა თქვა, „ამ მხარეს არის უძველესი ტაძარი. მოდი აქეთ წავიდეთ.“ (როგორც ერთგულების იოგმა, მან იცოდა ბევრი ტაძრის ადგილმდებარეობა.)

ყველა ერთად ტაძრისკენ გაიქცა. ისინი მივიდნენ ტაძართან, რომლის ყველა კედელი დიდი ხნის ჩამონგრეული იყო, და მხოლოდ ოთხი სვეტი და სახურავი იყო დარჩენილი. იოგებმა ტაძარს შეაფარეს თავი, - არა ღვთის სიყვარულით, არამედ წვიმისგან თავდასაცავად.

ცენტრში ღვთაების ქანდაკება იდგა. წვიმა ოთხივე მხრიდან ასხამდა. ისინი ქანდაკებას თანდათან უახლევდებოდნენ. ბოლოს სხვა გზა არ დარჩათ, და იქვე დასხდნენ და თან ქანდაკებას ეკვროდნენ.

როგორც კი ეს ოთხი ადამიანი ქანდაკებას მიეკვრა, მოულოდნელად ღმერთი გამოჩნდა.

ოთხივეს გონებაში ერთიდაიგივე კითხვა წარმოიშვა; რატომ ახლა? ისინი გაოცებულები იყვნენ; „ჩვენ შევისწავლეთ ამდენი ნატიფი და საიდუმლო ფილოსოფიური მოძღვრება, ყველა შესაძლო სიწმინდეს ვეთაყვანებოდით, დიდსა თუ მცირეს, თავდაუზოგავად ვემსახურებოდით უამრავ ადამიანს, სხეულის დათრგუნვით ვცდილობდით მონანიებას, მაგრამ შენ არასოდეს გამოჩენილხარ. ახლა კი უბრალოდ წვიმისგან ვაფარებთ თავს, და შენ გამოჩნდი. რატომ?“

ღმერთმა უპასუხა; „როგორც იქნა, ოთხი იდიოტი ერთად შეიკრიბეთ.“

* * *

მარტივად, რომ ვთქვათ იოგა არის ამ ოთხი იდიოტის ერთად შეყრის მეცნიერება.

ამჟამად, ადამიანთა უმრავლესობისთვის, ეს ოთხი განზომილება სხვადასხვა მხარესაა მიმართული. თქვენი გონება ფიქრობს ერთი მიმართულებით; ემოციები ერთ მხარეს გექაჩებათ; ფიზიკური სხეული კი მეორე მხარეს; ენერგიები კი საერთოდ სხვა მხარეს მიედინება. ეს პოტენციურ უბედურებს გიქადით. თქვენ იხლიჩებით ამ ოთხ მიმართულებას შორის.

დროა გაუდგეთ თვითჰარმონიზაციის გზას, იმ შესანიშნავ ემპირიულ სისტემას - იოგას, რომელიც საშუალებას გაძლევთ იყო ერთდროულად ალქიმიკოსი და ექსპერიმენტი, სუბიექტი და ობიექტი.

ასე რომ, წიგნის შემდეგ ნაწილი იქნება პრქტიკული. ჩვენ შევადგინეთ ადგილმდებარეობის რუკა და ვიწყებთ ჭეშმარიტ, ცნობიერ მოგზაურობას თვითაღმოჩენისა და თვითჰარმონიზაციის სფეროში. ჩვენ გამოვიკვლევთ პირველი სამი შრის ბუნებასა და შესაძლებლობებს, სახელდობრ - სხეულს, გონებას (რომელიც მოიცავს ფიქრებსა და ემოციებს) და ენერგიას. აქ ასევე წარმოგიდგენთ სტრატეგიებს, რომლის მეშვეობითაც შეგეძლებათ თითოეული ეს შრე გარდაქმნათ ტრანსფორმაციის იარაღად და ცოდნის ინსტრუმენტად.

პრობლემა ისაა, რომ მსოფლიოს გარშემო რელიგიურმა ფანატიკოსებმა მოახდინეს ადამიანთან დაკავშირებული ყოველივე კარგის ექსპორტირება სხვა სამყაროში. თუ თქვენ ლაპარაკობთ სიყვარულზე, ისინი საღმრთო სიყვარულზე გელაპარაკებიან. თუ ილაპარაკებთ ნეტარებაზე, ისინი ღვთიურ ნეტარებაზე მოგიყვებიან. თუ მშვიდობაზე ისაუბრებთ, ისინი საღმრთო მშვიდობაზე გესაუბრებიან. ჩვენ გვავიწყდება, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი ადამიანური თვისებაა. ადამიანს შესწევს სიხარულის, სიყვარულის და მშვიდობის უნარი. რატომ გვინდა ამ ყველაფრის სამოთხეში ექსპორტირება?

ამდენი საუბარი ღმერთზე და სამოთხეზე უმთავრესად გამოწვეულია სწორედ იმით, რომ ადამიანს არა აქვს გათვითცობიერებული თავისი უსაზღვროება. აშკარაა რომ, სიცოცხლის წყარო ფეთქავს თქვენს შიგნით. თქვენი სიცოცხლის წყარო ასევე ნებისმიერი ცოცხალი არსების და თავად ყოფიერების სიცოცხლის წყაროა. ეს ინტელექტის ან ცნობიერების განზომილება არსებობს ყოველ ჩვენთაგანში. ნებისმიერი ადამიანის განთვისუფლები გზა სწორედ ამ უკვდავი განზომილების პოვნაშია.

იყო მხიარული და მშვიდობიანი თქვენი ცხოვრების ნებისმიერ მომენტში, შეგეძლოს აღიქვა ცხოვრება მისი ფიზიკური შეზღუდვების მიღმა, - სულაც არ არის ზეადამიანური თვისებები. ეს ადამიანური შესაძლებლობებია.

იოგას არსი არ მდგომარეობს ზეადამიანად გახდომაში, არამედ იმის გააზრებაში, რომ ადამიანად ყოფნა ისედაც დიდებულია.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff