სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

გამოსავალი არის შიგნით

adi2

გამოსავალი არის შიგნით

ყველაფერი, რაც კი აქამდე გიკეთებიათ ცხოვრებაში, იყო მხოლოდ ერთი რამისკენ სწრაფვა. კარიერის შექმნა, ბიზნესის დაწყება, ფულის შოვნა თუ ოჯახის დაფუძნება, სხვა არაფერია, თუ არა ერთი მარტივი რამის - სიხარულის სურვილი.

მაგრამ სადღაც გზაში, ცხოვრება გართულდა.

ნებისმიერი სხვა არსების ფორმით რომ დაბადებულიყავით ამ პლანეტაზე, ყველაფერი ძალიან მარტივად იქნებოდა. თქვენ მხოლოდ ფიზიკური საჭიროებები გექნებოდათ. სავსე მუცელი დიდებული დღის ტოლფასი იქნებოდა. შეხედეთ თქვენს კატას ან ძაღლს; როდესაც მათი მუცელი სავსეა, საკმაოდ მშვიდად გამოიყურებიან.

მაგრამ თქვენ ამ ქვეყანას ადამიანის სახით მოევლინეთ, და ეს ყველაფერს ცვლის. ცარიელი მუცლისას მხოლოდ ერთი პრობლემაა - შიმშილი. მაგრამ როდესაც მუცელი სავსეა, ასობით პრობლემა გვიჩნდება. როდესაც ჩვენი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მაგრამ, როგორც კი მოვაგვარებთ მას, ეს უკვე არაფერს ნიშნავს ჩვენთვის. ადამიანისთვის არსებობის პრობლემის მოგვარებით ცხოვრება არ მთავრდება, არამედ იწყება.

დღევანდელი ადამიანისთვის არსებობის პირობები, საუკეთესოა ვიდრე ოდესმე ყოფილა. თქვენ შეგიძლია სუპერმარკეტში მთელი წლის სამყოფი პროდუქტები შეიძინოთ. ამის გაკეთება სახლიდან გაუსვლელადაც კი შეგიძლიათ. არასდროს, კაცობრიობის ისტორიაში მსგავსი რამ არ ყოფილა შესაძლებელი. ასი წლის წინ, რისი საშულებაც მეფესაც კი არ ქონდა, დღეს ხელმისაწვდომია საშუალო მოქალაქისთვის. ჩვენ ვართ ყველაზე კომფორტული თაობა ვისაც კი ოდესმე უცხოვრია ამ პლანეტაზე. მაგრამ დაბრკოლება იმაშია, რომ ჩვენ აშკარად არ ვართ არც ყველაზე მხიარული, არც ყველაზე მოსიყვარულე და არც ყველაზე მშვიდობიანი თაობა.

რატომ არის ეს ასე? ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ გარემო პირობების გასაუმჯობესებლად. თუ მის გაუმჯობესებას გავაგრძელებთ, ამ პლანეტისგან არაფერი დარჩება. და მაინც, ჩვენი ბედნიერების ხარისხი არ აღემატება ჩვენი წინპრების ბედნიერების ხარისხს ვინც ათასი წლის წინ ცხოვრობდა. და თუ რაღაც არ მუშაობს, დრო არ არის, რომ გავარკვიოთ რატომ? რატომ უნდ გავაგრძელოთ იმის კეთება რაც ათასი წლის მანძილზე არ იძლეოდა სასურველ შედეგს? რამდენი ხანი ვაპირებთ იმ სცენარით ცხოვრებას, რომელიც აშკარად არ ამართლებს მოლოდინებს.

პარადიგმის შეცვლის დრო მოვიდა.

* * *

მოდი დავიწყოთ ერთი შეკითხვით: რა მიგვაჩნია კეთილდღეობის მდგომარეობად?

ძალიან მარტივად, კეთილდღეობა ეს არის უბრალოდ ღრმა სასიამოვნო შინაგანი გრძნობა. როდესაც თქვენი სხეული თავს კარგად გრძნობს, ჩვენ ამას ჯანმრთელობას ვუწოდებთ. თუ ეს გრძნობა ძალიან სასიამოვნო ხდება, ჩვენ ამას სიამოვნებას ვუწოდებთ. თუ გონება თავს სასიამოვნოდ გრძნობს, ჩვენ ამას სიმშვიდეს ვუწუდებთ. თუ ეს გრძნობა ძალიან სასიამოვნო ხდება, ჩვენ ამას სიხარულს ვუწოდებთ. თუ თქვენი ემოციები სასიამოვნოა, ჩვენ ამას სიყვარულს ვუწოდებთ. ხოლო როდესაც ეს გრძნობა ძალიან სასიამოვნო ხდება, ჩვენ ამას თანაგრძნობას ვუწოდებთ. თუ თქვენი სასიცოცხლო ენერგიები სასიამოვნო ხდება, ჩვენ ამას ნეტარებას ვუწოდებთ. და თუ ისინი უფრო სასიამოვნო ხდება, ჩვენ ამას ექსტაზს ვუწოდებთ. ეს არის ყველაფერი რასაც თქვენ ეძებთ: სიამოვნება შიგნით და გარეთ. სიამოვნებ შიგნით ეს არის სიმშვიდე, სიხარული, ბედნიერება. როდესაც თქვენს გარშემო არსებული გარემო სასიამოვნო ხდება, ეს წარმატების ნიშანია. თუ აქიდან არაფერი გაინტერესებთ და სამოთხეში გინდათ წასვლა, მაშინ რას ეძებთ? უბრალოდ არაამქვეყნიურ წარმატებას! ასე რომ, არსობრივად მთელი ადამიანური გამოცდილება გნსხვავებული ხარისხის სიამოვნებისა და უსიამოვნების საკითხია.

მაგრამ, რამდენჯერ ყოფილა თქვენს ცხოვრებაში ისეთი დღე, რომელიც მთლიანად ბედნიერებაში გაატარეთ, ყოველგვარი შიშის, მღელვარების, გაღიზიანებისა და სტრესის გარეშე? რამდენჯერ გიცხოვრიათ 24 საათი აბსოლუტური და უმაღლესი სიამოვნებით? როდის იყო ეს ბოლოს?

საოცარია, რომ ადამიანების უმრავლესობას ერთი დღეც კი არ უცხოვრია, ზუსტად ისე როგორც მათ სურდათ! რათქმაუნდა არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისაც ოდესმე არ განეცადოს სიხრული, სიმშვიდე და თუნდაც ნეტარება, მაგრამ ეს ყოველთვის წუთიერია. მათ არ შეუძლიათ მისი შენარჩუნება. ადამინები ახერხებენ ამ გრძნობების განცდას, მაგრამ ეს გრძნობები საბოლოო ჯამში მუდამ ინგრევა და ამისათვის სულაც არ არის აუცილებელი დამანგრეველი მიწისძვრის მოხდენა. მარტივ რამეს შეუძლია ადამიანის წონსწორიბის დანგრევა.

ეს ხდება ასე. ერთ დღეს გარეთ გახვალ, და ვინმე გეტყვის, რომ თქვენ ყველაზე ლამაზი ხართ სამყაროში; შედეგად მეცხრე ცაზე დაფრინავთ. მაგრამ როდესაც სახლში ბრუნდებით, შინაურები გიხსნიან თუ ვინ ხართ სინამდვილეში - და მაშინვე ყველაფერი ინგრევა.

გეცნობათ სიტუაცია?

რატომ გინდათ რომ თავს სასიამოვნოდ გრძნობდეთ შიგნით? პასუხია ნათელია. როდესაც თავს სასიამოვნოდ გრძნობთ, მაშინ ბუნებრივად ხდებით სასიამოვნო ყველას და ყველაფრის მიმართ რაც გარს გახვევიათ. არანაირი ხელნაწერი და არც ფილოსოფია არ გჭირდებათ იმის სასწავლად, რომ სხვებს კარგად უნდა მოექცეთ. ეს თქვენი შინაგანი კარგად ყოფნის ბუნებრივი შედეგია. შინაგანი სასიამოვნო შეგრძნებები საიმედო დაზღვევაა მშვიდობიანი საზოგადოების და სიხარულით სავსე მსოფლიოს შესაქმნელად.

გარდა ამისა, თქვენი წარმატება ამ სამყაროში არსებითად დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ოსტატურად იყენებთ თქვენი გონებისა და სხეულის შესაძლებლობებს. ასე რომ, წარმატების მისაღწევად სასიამოვნო შეგრძნებები უნდა იყოს ფუნდამენტალური თვისება თქვენს შიგნით.

დღეს უკვე არსებობს საკმარისი სამედიცონო და მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ თქვენი სხეული და გონება საუკეთესოდ მაშინ ფუნქციონიერებს, როდესაც თავს სასიამოვნოდ გრძნობთ. ამბობენ, რომ თუ შეძლებთ ნეტარი მდგომარეობის 24 საათის განმავლობაში შენარჩუნებას, თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები თითქმის ორმაგდება. ამის მიღწევა შეიძლება უბრალოდ შინაგანი ქაოსის დამშვიდებით და სიცხადის მოპოვებით.

სასიცოცხლო ენერგია, რომელსაც თქვენ „მე-ს“ უწოდებთ, ზოგჯერ ძალიან ბედნიერია, ზოგჯერ უბედური, ზოგჯერ მშვიდი, ზოგჯერ მღელვარე. ერთიდაიგივე სასიცოცხლო ენერგია შეიძლება იყოს ყველა ამ მდგომრეობაში. და თქვენ რომ გქონდეთ სასიცოცხლო ენერგიის გამოვლინების ფორმის არჩევის საშუალება, რომელ ფორმას აირჩევდით? სიხარულს თუ მწუხარებას? სიამოვნებას თუ უსიამოვნებას?

პასუხი აშკარაა. საშუალებები ყველას თავისი აქვს. მაგრამ, რასაც არ უნდა ცდილობდეთ, იქნება ეს ფულის შოვნა, ლოთობა თუ სამოთხეში მოხვედრა, სიამოვნება ერთადერთი მიზანია. თუნდაც ამბობდეთ, რომ ამ ქვეყნად არაფერი გაინტერესბთ და თქვენი ცხოვრებისული მისია სამოთხეში მოხვედრაა, თქვენ მაინც მხოლოდ სიამოვნებას ეძებთ. უფროსებს თქვენთვის ბავშვობაში, რომ ეთქვათ, „ღმერთი სამოთხეში ცხოვრობს, მაგრამ სამოთხე საშინელი ადგილია“, მაინც მოინდომებდით იქ მოხვედრას? რათქმაუნდა არა! სინამდვილეში სიამოვნების უმაღლესი დონე სამოთხეა, უსიამოვნების კი - ჯოჯოხეთი. ასე რომ, ზოგი მას ღვინოში ეძებს, ზოგი კი ღმერთში, მაგრამ არსობრივად ყველა სიამოვნებას დაეძებს.

თქვენსა და თქვენს კეთილდღეობას შორის მხოლოდ მარტივი ფაქტი დგას; თქვენს ფიქრებსა და ემოციებს გარედან ინსტრუქციების მიღების ნება დართეთ, ნაცვლად იმისა რომ შიგნიდან თავად გემართათ.

ერთხელ ერთი ქალბატონი დასაძინებლად დაწვა და სიზმარი ნახა. მას დაესიზმრა მიმზიდველი, კუნთებიანი მამაკაცი, რომელიც მას დაჟინებით უყურებდა. შემდეგ ეს კაცი ქალისკენ გამოემართა და ნელ-ნელა უახლოვდებოდა.

ისე ახლოს მოვიდა რომ, ქალი მის სუნთქვასაც კი გრძნობდა.

ქალი აცახცახდა - მაგრამ არა შიშისგან.

შემდეგ ქალმა ჰკითხა; „რას მიპირებთ?“

კაცმა უპასუხა: „არ ვიცი ქაალბატონო, ეს ხომ თქვენი სიზმარია!“

რაც თქვენს გონებაში ხდება - ეს თქვენი სიზმარია. და თქვენი სიზმარი ისე უნდა წარიმართოს, როგორც თქვენ გსურთ, ასე არ არის? შეიძლება სამყარო არ გემორჩილებათ და ყველაფერი ისე არ ხდება როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ სულ მცირე თქვენი ფიქრები და ემოციები მაინც უნდა ხდებოდეს ისე როგორც თქვენ გსურთ. მაგრამ თქვენ არ მართავთ მათ ახლა, რადგან მთლიან ადამიანის მექანიზმს თქვენ შემთხვევით, უნებლიედ განაგებთ.

ადამიანის მექანიზმი ყველაზე რთული ფიზიკური ფორმაა პლნეტაზე. თქვენ ხართ ყველაზე დახვეწილი ტექნოლოგიური მექანიზმი, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ არ იცით სადაა სამართავი კლავიატურა. ეს იგივეა, რომ სუპერკომპიუტერი მართოთ წერაქვითა და ქანჩით! შედეგად მარტივი ცხოვრებისეული პროცესი კაცობრიობას მძიმე ზიანს აყენებს. მხოლოდ იცხოვრო არსებობისთვის, რეპროდუქციისთვის, ოჯახის შექმნისთვის, და მერე ერთ დღეს მოკვდე - რა გამოწვევაა?! საოცარია, რა რთულად გამოსდის ადამიანს ის, რასაც ნებისმიერი ჭიყელა, მწერი, ფრინველი თუ ცხოველი სრულიად ძალდაუტანებლად აკეთებს.

მარტივად რომ ვთქვათ ჩვენი შინაგანი ეკოლოგია სრულ დომხალშია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარე პირობების მოწესრიგება, როგორღაც მოაწესრგებს შიგნით ყველაფერს. მაგრამ უკანასკნელი 150 წელი ამტკიცებს იმას, რომ ტექნოლოგიებს ჩვენთვის მხოლოდ ფიზიკური კომფორტის შექმნა შეუძლიათ, მაგრამ არანაირად კეთილდღეობის. უნდა გავაცნობიეროთ, რომ სანამ სწორ მოქმედებებს არ განვახორციელებთ, ვერ მივიღებთ სასურველ შედეგებს; ეს ეხება არა მარტო გარეგან სამყაროს, არამედ შინაგანსაც.

* * *
ერთ მშვენიერ დღეს მინდორში ხარი და ხოხობი ბალახობდნენ. ხარი ბალახს ძოვდა, ხოხობი კი ხარის ზურგზე ტკიპებს კენკევდა, - იდეალური პარტნიორობა იყო. მინდვრის კიდეზე მდებარე მაღალი ხის ცქერისას ხოხობმა თქვა, „აფსუს, იყო დრო, როცა ამ ხის წვერზე შემეძლო აფრენა. ახლა იმის ძალაც კი არ შემწევს, რომ მის ყველაზე დაბალ ტოტზე ავფრინდე.“

ხარმა უდარდელად უპასუხა, „ყოველდღიურად, ცოტა ჩემი ნეხვი ჭამე, და ნახე რა მოხდება. ორ კვირაში შეძლებ ხის წვერზე აფრენას.“

ხოხობმა უთხრა, „კარგი ერთი, რა სისულელეს ამბობ?“

ხარმა უპასუხა, „სცადე და თავად დარწმუნდები. მთელი კაცობრიობა ამას აკეთებს.“

დიდი ყოყმანით ხოხობმა დაიწყო ხარის ნეხვის კენკვა. და ჰოი საოცრებავ! - პირველივე დღეს აფრინდა ყველაზე დაბალ ტოტებზე. ორ კვირაში კი ხის კენწეროსაც მიაღწია. კარგად მოთავსდა და პეიზაჟით ტკბობა დაიწყო.

შორიახლოს, მუხუცი ფერმერი საქანელა სკამზე ირწეოდა. ხის კენწეროზე მსუქანი ხოხობი შეამჩნია. გამოიტანა თოფი, და ერთი გასროლით ხოხობი ხიდან ჩამოაგდო.

ამბავის მორალი; სისულელემ შეიძლება მწვერვალზე აგიყვანოს, მაგრამ არასოდეს მოქცემს იქ დარჩენის საშუალებას!

ასე რომ, თქვენ შეიძლება ყველანაირ სულელურ ემოციურ მდგომარეობებში გაიხლართოთ, და მაინც როგორმე მოახერხოთ კეთილდღეობისთვის ხელის გამოკვრა, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს დიდხანს არ გასტანს. ასე მიღწეული კეთილდღეობის დანგრევა შეუძლია უბრალოდ ამინდის ან საფონდო ბირჟაზე მომხდარ ცვლილებებს. და თუ მაინც გაგრძელდა, უსიამოვნოა თავად ცვლილებების მოლოდინის შეგრძნება. მოახლოებული ალბათობა იმისა, რომ ერთ დღეს ყველაფერი გაუარესდება,- ტანჯვაა - იმაზე მძიმეც კი, ვიდრე იმ მომენტში არსებული უბედურების განცდა. ასე რომ, სანამ თქვენი შინაგანი მდგომარეობა დამოკიდებულია გარეგან სიტუაციებზე, ის არასტაბილურია. და სხვანაირად ვერც იქნება.

მაშინ რაშია გამოსავალი?

გამოსავალი - მიმართულების ძალიან მარტივი ცვლილებაა. უბრალოდ უნდა დაინახოთ, რომ თქვენი გამოცდილების წყარო და საფუძველი თქვენს შიგნითაა. ადამიანური გამოცდილების სტიმულატორი და კატალიზატორი შეიძლება იყოს გარეგანი სიტუაცია, მაგრამ წყარო ყოველთვის შიგნითაა. ტკივილი ან სიამოვნება, სიხარული ან მწუხარება, აგონია ან ექსტაზი, - მიმდინარეობს მხოლოდ თქვენს შიგნით. ადამიანების უგუნურობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ყოველთვის ცდილობენ სიხრულის გარედან მიღებას. ყოველივე გარეგანი შეიძლება გამოიყენოთ, როგორც სტიმული ან გამომწვევი მექანიზმი, მაგრამ რეალური გრძნობები მუდამ შიგნიდან მოდის.

ახლა, თქვენ ხელში წიგნი გიჭირავთ. სად ხედავთ ამ წიგნს? მიუთითეთ ადგილი სადაც მას ხედავთ. ფიქრობთ, რომ თქვენს მიერ დანახული გამოსახულება თქვენს გარეთაა?

დაფიქრდით კიდევ ერთხელ.

ხომ გახსოვთ ეს როგორ მუშაობს? წიგნზე შუქი ეცემა, ირეკლავს მას, თვალის ბროლის გავლით, ბადურაში პროეცირდება როგორც გადაბრუნებული გამოსახულება - თქვენ იცით მთელი ისტორია. სინამდვილეში წიგნს თქვენს შიგნით ხედავთ.

სად ხედავთ სამყაროს?

ისევ თქვენს შიგნით.

ყველაფერი რაც კი ოდესმე დაგმართნიათ, თქვენ ეს განიცადეთ უშუალოდ თქვენს შიგნით. სინათლე და სიბნელე, ტკივილი და სიამოვნება, აგონია და ექსტაზი - ეს ყველაფერი თქვენს შიგნით მოხდა. თუ ახლა თქვენს ხელს ვინმე შეეხება, შეიძლება იფიქროთ რომ მის ხელს შეიგრძნობთ, მაგრამ სინამდვილეში თქვენი ხელის შეგრძნებებს განიცდით. მთელი გამოცდილება(განცდა) თქვენშია მოქცეული. მთელი ადამიანური გამოცდილება ასი პროცენტით თვით-წარმოქმნადია.

თუ თქვენს ფიქრებსა და ემოციებს თქვენ თავად ქმნით, თქვენ შეგიძლიათ ისინი ნებისმიერი ფორმით შექმნათ. დღეს არსებობს მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ  ალკოჰოლის ან ნებისმიერი ნივთიერების მიღების გარეშე, თქვენით შეგიძლიათ გამოიწვიოთ სიმთვრალის მდგომარეობა. ორგანულმა ქიმიკოსმა ისრაელიდან, რაფაელ მეშულამ, და მისმა მკველავართა ჯგუფმა შექმნეს პროექტი, რომლის საშუალებითაც შეძლეს ადამიანის ორგანიზმში „ნეტარების მოლეკულის“ გამოყოფა. მარტივი სიტყვებით, მათ აღმოაჩინეს, რომ ადამიანის ტვინში არსებობს ბუნებრივი კანაბიოიდური რეცეპტორები. რას ნიშნვს ეს? - მათ აღმოჩინეს, რომ ადამიანის სხეულს შეუძლია წარმოქმნას თავისი ნარკოტიკი. მას შეუძლია დაამზადოს საკუთარი ნეტარება გარეგანი სტიმულირების გარეშე - და რაც მთვარია ნაბახუსევის გარეშე! გარკვეული ქიმიური ნივთიერებები, როგორიცაა ალკოჰოლი და რეკრეაციული ნარკოტიკები, საშიშია იმიტომ, რომ ისინი ამცირებენ თქვენს გაცნობიერებულობის დონეს, ანგრევენ თქვენს ჯანმრთელობას, გხდიან მათზე დამოკიდებულს და საბოლოო ჯმამში მთლიანად განადგურებენ. მაგრამ ესაა ნეტარების ნარკოტიკი, რომელსაც წარმოქმნის და მოიხმარს თქვენი ორგანიზმი - და რომელიც საოცარ გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე! ეს ნიშნვს რომ ადამიანის ორგანიზმი თვითკმარია. ასევე ამ ბოლო დროს აღმოაჩინეს სხვა მსგავსი ქიმიური ნივთიერებები, მაგრამ ამ კონკრეტულ ქიმიურ ნივთიერებას უწოდეს „ანანდამიდი,“ გამომდინარე სანსკრიტული სიტყვიდან ანანდა, რაც ნეტარებას ნიშნავს. აქიდან შეგვიძლია ის დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ბედნიერება გარკვეული სახის ქიმიაა. სინამდვილეში, ჩვენს მიერ განცდილი ნებისმიერი სახის სიამოვნება - იქნება ეს სიმშვიდე, სიხარული თუ ექსტაზი - არის გარკვეულის სახის ქიმია. იოგას სისტემამ ეს ყოველთვის იცოდა.

არსებობს ტექნოლოგია შინაგანი კეთილდღეობისთვის - ბედნიერი ცხოვრებისთვის ქიმიური საფუძველის შესაქმნელად. ეს არის ერთი გამზომილება იმისა რასაც მე ვეძახი „შინაგან ინჟინერიას.“ თუ თქვენ გათვიცნობიერებული ხართ, თქვენ შეგიძლია თქვენი სისტემის იმგვარი აქტივაცია, რომ უბრალოდ სუნთქვასაც კი შეეძლოს უდიდესი სიამოვნების მინიჭება. ამისათვის საჭიროა, სურვილი ცოტა მეტი ყურადღება დაუთმოთ შინაგან მექანიზმს.

ეს არის გაგების ფუნდამეტური ცვლილება, რომელიც უნდა მოხდეს თქვენში. ნუ ეძებთ გამოსავალს მწუხარებიდან. ნუ ეძებთ გამოსვალს ტანჯვიდან. არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი - და ის არის შიგნით.

* * *

ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ სიმშვიდე და სიხარული სულიერი ცხოვრების მიზნებია. ეს მცდარი შეხედულებაა. სიმშვიდე და სიხრული ბედნიერი ცხოვრების საფუძველია. თუ გინდათ, რომ დღეს სასიამოვნოდ ისადილოთ, თქვენ უნდა იყო მშვიდი და ბედნიერი. თუ გინდათ დატკბეთ თქვენი ოჯახით, საქმით რომელსაც აკეთებთ, სამყროთი სადაც ცხოვრებთ, - თქვენ უნდა იყოთ მშვიდი და ბედნიერი. სიმშვიდე და სიხარული, სულაც არ არის ის რასაც ცხოვრების ბოლოს აღწევენ. თუ სიმშვიდეს განიხილავთ, როგორც ცხოვრების უკანასკნელ მიზანს, მოგიწევთ მხოლოდ „სიმშვიდეში განსვენება“!

სიტყვა „სულიერება“ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დამახინჯებული სიტყვაა. ნუ შეუდგებით სულიერ გზას, სიმშვიდის მოსაპოვებლად. ადამიანების უმრავლესობას იმდენად აკლიათ სიმშვიდე, რომ მას ცხოვრების უკანასკნელ მიზნად განიხილავენ. რამოდენიმე წლის წინ როდესაც თელ ავივში ვიყავი, მითხრეს რომ, შესაძლო მისალმების ფორმებიდამ უმაღლესი ფორმა იყო „შალომ“. ვკითხე თუ რატომ ფიქრობდნენ ასე. რაზეც მიპასუხეს, რომ სიტყვა „შალომ“ ნიშნავს მშვიდობას. მე კი ვუთხარი, „რატომ უნდა იყოს მშვიდობა, ცხოვრების უმთავრესი მისწრფება, თუ რათქმაუნდა ახლოს აღმოსავლეთში არ ცხოვრობთ?“

უკაცრიელ კუნძულზე რომ იყოთ, ათი დღე საკვების გარეშე, და მოულოდნელად ღმერთი გამოგეცხადოთ, რა ფორმით ისურვებდით მის ხილვას, კაშკაშა სინათლის თუ პურის სახით? ინდოეთში გარკვეული თემები, თაყვანს სცემენ საკვებს როგორც ღმერთს, რადგან დიდი ხნის მანძილზე უწევდათ მის გარეშე არსებობა. კალიფორნიაში სიყვარულია ღმერთი! ის რაც გაკლია, გესახება უმაღლესი მისწრაფების ობიექტად. უნდა გახსოვდეთ, რომ ვერცერთი მათგანი ვერ შეძლებს თქვენს დაკმაყოფილებას ხანგრძლივი დროით. ადამიანის ცხოვრება არის სწრაფვა უსაზღვრო გაფართოებისკენ, და ეს არის ერთადერთი რასაც შეუძლია თქვენი დაკმაყოფილება.

სულიერი ძიება - ეს არ არის ინტელექტუალური არჩევანი. მისი გამოწვევა არ შეიძლება ხელოვნურად. ეს არის ბუნებრივი სწრაფვა. მაგრამ, სანამ მას ცნობიერად არ წარმართავთ, ის ნაყოფს არ გამოიღებს. როდესაც სიმშვიდე, ნეტარება და სიხარული აღარ ითხოვს თქვენგან არანაირ ძალისხმევას, მაშინ თქვენ ბუნებრივად იწყებთ ძიებას, ცხოვრების ბუნების შეცნობის სურვილი იბადება. მისტიციზმი ამ პლანეტაზე აღმოცენდა მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ადამიანებმა საკუთარი ბუნებისგან გამომდინარე შეისწავლეს ექსტაზური მდგომარეობის მიღწევის ტექნოლოგია. მხოლოდ მაშინ, როდესაც იქნებით უსაზღვროდ ბედნიერი, მიაღწევთ მგრძნობიარობის უმაღლეს მდგომარეობას და იქნებით ჭეშმარიტად მოწადინებული ცხოვრების ყველა ასპექტის გამოსკვლევად. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც გაბედავთ, რადგან თუ სასიამოვნო მდგომრეობის მიღწევა თქვენთვის დიდი გამოწვევაა, სხვა გამოწვევებს ხელსაც არ მოკიდებთ.

ერთხელ ლუიზიანაში, 85 წლის მოხუცი კაცი სათევზაოდ წავიდა. თევზაობის დასრულებას აპირებდა და შემთხვევით ბაყაყი დაიჭირა. მისი ისევ ჭაობში გაშვება გადაწყვიტა და მოულოდნელად ბაყაყი ალაპარაკდა; „ვნებიანად მაკოცე და ლამაზად ახალგაზრდა ქალად გადავიქცევი.“

მოხუცი ბაყაყს დიდი ხნის განმავლობაში ათვალიერებდა. ბაყაყი საკოცნელად ემზადებოდა, მაგრამ მოხუცმა ის თევზის ტომარაში მოათავსა.

ბაყაყი აყვირდა, „ნუთუ ვერ გაიგე? მხოლოდ ერთი კოცნა და ულამაზეს ქალად გადავიქცევი!“.

მოხუცმა უთხრა, „ჩემს ასასკში არაფრად მარგია ლამაზი ქალი. შენი კოცნით თუ ახალგაზრდა პრინცად გადავიქცევი, მაშინ ეს სხვა საქმეა. მაგრამ ახლა, მე მყავს მოლაპარაკე ბაყაყი! და დიდი ფულის სუნი მცემს!“

არჩევანი, რომელსაც აკეთებთ შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არ არის ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარების საშუალება. თქვენი ბუნებისგან გამომდინარე მხიარულად ყოფნის უუნარობა, მარტივ საკითხებს დიდ პრობლემებად გადააქცევს. ახლა, მშვიდობიანი და გახარებული ყოფნა, ლამის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად იქცა ადამიანისთვის. ბედნიერების დევნაში, პლანეტას ნაწილებად ვგლეჯთ.

მიზეზი, რატომაც მარტივი პროცესები - როგორიცაა იყო მშვიდობიანი, მხიარული და მოსიყვარულე,- გადაიქცა საბოლოო მისწრაფებებად, არის ის, რომ ხალხი არანაირ ყურადღებას არ აქცევს ცხოვრების პროცესს. როდესაც ადამიანების უმრავლესობა ამბობს სიტყვა „ცხოვრებას“, ისინი გულისხმობენ ცხოვრების აქსესუარებს - თავიანთ სამუშაოს, ოჯახს, ურთიერთობებს, სახლებს სადაც ცხოვრობენ, მანქანებს რომელსაც მართავენ, ტანსაცმელს რითაც იმოსებიან, ან ღმერთს რომელზეც ლოცულობენ. ერთადერთი რასაც ვერ ამჩნევენ არის ცხოვრება, თავად სიცოცხლის პროცესი, რომლის არსებითი ნაწილიც ხართ თქვენ. როგორც კი უშვებთ ფუნდმენტურ შეცდომას და თავს აიგივებთ იმასთან რაც არ ხართ, ცხოვრება იქცევა არასაჭირო ბრძოლად. მშვიდობისა და ნეტარების საფუძველი არ არის თქვენი ცხოვრების გარეგანი რეალობა და მის აქსესუარები, არამედ თქვენი არსებობის შინაგანი ბუნებაზე წვდომა და მისი მოწესრიგებაა.

თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ იმის განცდა, რაც მოქცეულია თქვენი გრძნობების და შეგრძნებების საზღვრებში. მაგრამ თუ დაარღვევთ ამ საზღვრებს და გააფრთოებთ მას, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ იჯდეთ და ყველას განიცდიდეთ როგორც თქვენს თავს. თქვენ შეგიძლიათ კიდევ უფრო გააფართოვოთ საზღვრები და მთლიანი კოსმოსი განიცადოთ(აღიქვათ) როგორც თქვენი სხეული.

როდესაც ის ყველაფრისმომცველობის შეგრძნება განვიცადე, მივხვდი რომ, იყო მოსიყვარულე და თანაგრძნობიანი არ არის უბრალოდ იდეა. ემპათიურობა არ არის „რაღაც“ ეზოთერული პრინციპი. სწორედ ამგვარად არის ადამიანი შექმნილი. თუ თავს არ გააიგივებთ არაფერთან, რაც დააგროვეთ გარკვეული დროის განმავლობაში, მათ შორის არც თქვენს სხეულთან და არც გონებასთან, თქვენ შეძლებთ ამის განცდას.

გასხივოსნება არ არის რამის შეძენა ან მიღწევა. ეს არის შინ დაბრუნება. თქვენი შეგრძნებები გიქმნიან შთაბეჭდილებას რომ, განიცდით გარე სამყაროს, მაგრამ სინამდვილეში თქვენ არასდროს განგიცდიათ არაფერი გარედან. როდესაც გააცნობიერებთ, რომ ყველაფერი რასაც განიცდით თქვენს შიგნითაა, ეს იქნება სახლში დაბრუნება, რაც არის სწორედ გასხივოსნება.

ჩემი ცხოვრება მიძღვნილია იმ მეთოდების განვითრებისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებს განიცადონ ეს ყველაფრისმომცველობის (ინკლუზიურობის) შეგრძნება. თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს, შევქმნათ ყველასათვის რელევანტური გამოსავალი, აბსოლუტური ინკლუზიურობის გამოცდილება უნდა მიიღოს კაცობრიობამ. და ეს შესაძლებელია.

მიზეზი, რატომაც ყველა არ არის ბუნებრივად გასხივოსნებული არის უბრალოდ ის რომ, ადამიანებმა სამყარო კატეგორიებად დაყვეს; კარგი და ცუდი, ღმერთი და ეშმაკი, მაღალი და მდაბალი, საკრალური და ბილწი, წმინდა და უწმინდური, სამოთხე და ჯოჯოხეთი. ეს პარალელური ხაზები ერთმანეთს არასდროს გადაკვეთენ.

თუ თქვენ ამგვარად დაანაწევრეთ ყველაფერი თქვენს შიგნით, უკვე ვეღარ მიაღწევთ განგრძობით კეთილდღეობის და თავისუფლების მდგომარეობას. თქვენ გითხრეს რომ, მტერი გყვარებოდათ. მაგრამ, თუ ვინმეს მტრის იარლიყს მიაკრავთ, მერე მისი შეყვარება ტანჯვის ტოლფასია. როგორც კი სამყაროს ამგვარად დაანაწევრებთ, ვეღარ მიაღწევთ აბსოლუტური ინკლუზიურობის მდგომარეობას.

პრობლემა ისაა, რომ ადამიანებმა დაკარგეს ფუნდამენტური განსხვავების უნარი - შინაგანსა და გარეგანს შორის, თავიანთ არსებობასა და გარეგან სამყაროსთან ურთიერთქმედების საშუალებებს შორის.

ურთიერთქმედების საშუალებები განსხვავებულია, გამომდინარე სიტუაციისა და ურთიერთობის ბუნებიდან. თუმცა ურთიერთქმედების საშუალებები, იქნება ეს ახლო თუ შორეული, ყოველთვის მართულია კანონების ან ნორმების მიერ.

მაგრამ როდესაც საქმე ეხება ჩვენს შინაგან ბუნებას, აქ მხოლოდ ერთი მართვის პრინციპი არსებობს; უსაზღვრო ერთობა. ფიზიკური და სოცილური სამყაროები იმართება საზღვრებით. ჩვენს შინაგან სამყაროს კი არ სჭირდება საზღვრები. უსაზღვრო ერთობის ექსტაზის მისაღწევად, რაც არის ჩევენი ბუნებრივი მდგომარეობა, ჩვენ უბრალოდ უნდა ვიცხოვროთ იმ დირექტივის შესაბამისად, რომ ყველანაირი ადამიანური გამოცდილება იბადება ჩვენს შიგნით, - გარეგანი სტიმულების დახმრებით ან მათ გარეშე. სულ ესაა. თუ თქვენ აბსოლუტურად მიიღებთ თქვენს შიგნით ამ პოზიციას, თქვენი ურთიერთქმედებების შედეგები უკვე აღარ იქნება დამამძიმებელი.

რას ვგულისხმობთ ამით? ხალხი ხშირად მეკითხება, „ეს შეიძლება თქვენთვის, როგორც იოგისთვის შესაძლებელია, მაგრამ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ „რეალურ სამყროში“ , ისე რომ ჩვენი ურთიერთქმედებები თავისუფალი იყოს უთანხმოებებისგან?“ პასუხად ვახსენებ მათ, რომ მე არ ვცხოვრობ გამოქვაბულში. მე ხალხს ვხელმძღვანელობ. მე ვმუშაობ დედამიწის გარშემო მილიონზე მეტ მოხალისესთან ერთად. ეს ნიშნავს რომ, ჩვეულებრივ ისინი არ არიან გაწაფულები იმ საქმეში რასაც აკეთებენ, - და ვერ დაითხოვ მათ, რადგან მოხალისეები არიან! იცით რა რთულია ასეთი სიტუაციის მართვა? აქიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ძალიან შემაწუხებელი და მძიმე ცხოვრება მაქვს. მაგრამ თქვენ ვერასოდეს მნახავთ დამწუხრებულს, რადგან ჩემი შინაგანი მდგომარეობა არანაირად არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ხდება გარეთ. ეს არ არის არაამქვეყნიური მიღწევა. ყველას შეუძლია ასე ცხოვრება.

თუ კიდევ გჯერათ, რომ ვიღაც „იქ ზევით“ აპირებს თქვენს დახსნას და ყველა თქვენი პრობლემის მოგვარებას, უბრალოდ გაიხსენეთ, რომ მრგვალ პლანეტაზე ცხოვრობთ - და ის ბრუნავს. ასე რომ, როდესაც ზევით იხედებით, თქვენ აშკარად არასწორი მიმართულებით იყურებით! ამ უზრმაზარ კოსმოსში, რომელიც მუდმივად ფართოვდება, სად არის ზევით და სად ქვევით? არავინ იცის. არსად ამ კოსმოსში არ აწერია „ეს მხარე არის ზევით!“ ერთადერთი რაც ნამდვილად შეგიძლიათ განასხვაოთ ეს არის „შიგნით“ და „გარეთ“(თუმცა, იოგისთვის ეს განსხვავებაც აღარ არსებობს).

ათასობით წლის წინ ჰიმალაის ზედა მხარეს გამოჩნდა იოგი. ის ცნობილი გახდა როგორც ადი-იოგი, პირველი იოგი. და სწორედ მან უანდერძა იოგას მეცნიერება თავის შვიდ მოსწავლეს, რომლებმაც მოგვიანებით გაავრცელეს ეს სწავლება მთელ მსოფლიოში. რაც ადი-იოგიმ უბოძა თავის მოწაფეებს, იყო თვით-გამოკვლევის და ტრანსფორმაციის წარმოუდგენლად ღრმა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რადიკალურ ვარაუდზე, რომ ადამიანს შეუძლია განვითარდეს ცნობიერად. განსხვავებით ბიოლოგიური ევოლუციისგან, რომელიც ჩვენი ცნობიერი თანამონაწილეობის გარეშე ხდება, სულიერი ევოლუცია შეიძლება მხოლოდ ცნობიერად მოხდეს. ყველაფერი რაც ამისთვის საჭიროა, როგორც ადიიოგიმ გვითხრა, - ეს არის მონდომება.

მისი სიბრძნის მთელი არსის რამოდენიმე მწკრივში ჩატევა რომ გვეცადა, ის ასეთი იქნებოდა. ზემოთ და ქვემოთ, კარგი და ცუდი, წმინდა და უწმინდური, - ესენი მხოლოდ დაშვებებია. მაგრამ შიგნით და გარეთ; ეს არის ერთადერთი რაშიც შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, ერთადერთი ვითარება, რომელთანაც შეგვიძლია მუშაობა. ეს არის ადი-იოგის მიერ შეტანილი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი კაცობრიობის განვითარებაში, და ეს გამოხატულია ძალიან ღრმად და მტკიცედ; „ერთადერთი გამოსავალი არის შიგნით.“

ერთხელ ერთი ადამიანი „იშას იოგა ცენტრის“ ეძებდა სამხრეთ ინდოეთში. ის ახლომდებარე მდებარე სოფელში მივიდა და ადგილობრივ ბიჭს კითხა; „შორია „იშას იოგა ცენტრამდე?““

ბიჭმა უპასუხა; „იქამდე 40 227 კილომეტრია.“

კაცი გაოგნებული იყო; „რა? ასე შორია?“

ბიჭმა უპასუხა; „დიახ, თუ იმ გზით წახვალთ, რა მიმართულებაც გაქვთ აღებული. მაგრამ თუ შემოტრიალდებით, ის მხოლოდ 6 კილომეტრშია.“

თუ გარეთა მიმართულებით ივლით, თქვენ დაუსრულებელი მოგზაურობა გელოდებათ. თუ შიგნით შეუხვევთ, იმ წუთშივე იქ აღმოჩნდებით.

იმ ერთ წუთში, ყველაფერი იცვლება. თქვენ უკვე აღარ მისდევთ სიხარულს; არამედ მთელი თქვენი ცხოვრება ხდება სიხარულის გამოხატულება.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff