სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

მესამე ნაწილი - გონება

 

Japanese Monkeys copy

მესამე ნაწილი - გონება

სასწაული თუ ქაოსი?

ერთხელ, ერთმა კაცმა ზებუნებრივი ძალების მოპოვება მოინდომა. ის დადიოდა ერთი გურუდან მეორე გურუმდე და სასოწარკვეთილი ეძებდა ინსტრუქციებს. საბოლოოდ ის გაემართა შორეულ ჰიმალაიში მდებარე ერთი განდეგილის საყუდარისკენ.

აშრამის გურუმ გამოიცნო მისი მისვლის მიზეზი და მის გადარწმუნებინას შეეცადა: „რას იზამ ამ ზებუნებრივი ძალებით? დაუშვათ, ისწავლე წყალზე სიარული, მერე? სამ დღეში აღმოაჩენ, რომ ნავით გადაადგილება გაცილებით კომფორტულია! ნუ გაფლანგავ შენს ცხოვრებას ამ არაფრის მომცემ მიზნების დევნაში. ნაცვლად ამისა, ნება მომეცი გასწავლო მედიტაცია.“ ოსტატმა ბევრნაირად სცადა მისი გადარწმუნება, მაგრამ კაცი ურყევად იდგა თავის პოზიციაზე.

მაშინ გურუმ უთხრა: „კარგი, თუ შენსას არ იშლი. ხვალ დილის ოთხ საათზე მდინარეში განიბანე და შემდეგ მოდი ჩემთან. მე გაგანდობ ზებუნებრივი ძალების საიდუმლოს.“

კაცი აღელვებული იყო. გარიჟრაჟამდე ჰიმალაის გაყინულ მდინარეში განიბანა, სიცივისგან ნახევრად გალურჯდა, მაგრამ მაინც მივიდა ოსტატთან და მის წინ მდუმარედ დაჯდა.

გურუმ უთხრა: „ნახე, ეს ძალიან მარტივია. მე ვიცი საიდუმლო მანტრა. თუ ამ მანტრას მომდევნო 40 დღის განმავლობაში დღეში სამჯერ გაიმეორებ, ყველანაირი ზებუნებრივი ძალის პატრონი გახდები.“

შემდეგ გაუმხილა ეს მანტრა: „ასატომა სატ გამაია - წამიყვანე უმეცრებიდან ჭეშმარიტებამდე.“

გურუმ უთხრა: „ეს საიდუმლო მანტრა მომდევნო 40 დღის განმავლობაში დღეში სამჯერ უნდა გაიმეორო და შედეგად მთელი ზებუნებრივი სამეფო შენი გახდება. მაგრამ გახსოვდეს, მანტრას წარმოთქმისას არ იფიქრო მაიმუნებზე.“

კაცი გააოცა პრაქტიკის სიმარტვემ. „ნუთუ მხოლოდ ეს არის?“ ჰკითხმა გახარებულმა. „ახლა შემიძლია წავიდე?“

გურუმ უპასუხა: „რათქმაუნდა. წადი, ოღონდ დაბრუნდი 40 დღეში.“

კაცი ძალიან აღელვებული გამობრუნდა. „ამ სულელმა გურუმ თავისი საიდუმლო ისე გამიმხილა, რომ ფულადი ანზღაურებაც არ მოუთხოვია!“ ფიქრობდა ის. „და ის მეუბნება, რომ მაიმუნებზე არ ვიფიქრო. საერთოდ, რატომ უნდა ვიფიქრო მაიმუნებზე? სასაცილოა!“

ის მთის ფერდობიდან დაეშვა და მდინარე განგის ნაპირებს მიაღწია. წმინდა მდინარეში განიბანა და თავისი პრაქტიკის დასაწყებად მიწაზე დაჯდა. მაგრამ როგორც კი სიტყვა „ასატომა“ წარმოთქვა, - მის გონებას მაშინვე მაიმუნები შეესივნენ! და ყოველ ჯერზე, როდესაც მის გონებას მაიმუნები იკავებდნენ, ის განსაბანად მდინარეში შედიოდა. მან ამ მანტრის წარმოთქმა სხვადასხვა იოგურ პოზებში სცადა. მაგრამ ყოველ ჯერზე, როგორც კი სიტყვის პირველ მარცვალს წარმოსთქვამდა, გონებაში მაშინვე მაიმუნები გამოჩნდებოდნენ, თან ჯგროებად. ერთკვირიანი ინტენსიური პრაქტკის შემდეგ, უკვე მანტრის გარეშეც ჩნდებოდნენ მაიმუნები. სამყარო სავსე იყო მაიმუნებით - ეს საშინელი კოშმარი იყო. გაწამებულმა, აღარ იცოდა რა მოეხერხებინა ამდენი მაიმუნისთვის, გურუსთან დაბრუნდა და უთხრა: „აღარ მინდა ეს შენი წყეული ზებუნებრივი ძალები. გთხოვ მომაშორე თავიდან ეს მაიმუნები!“

როდესაც არ გინდათ რაღაცაზე იფიქროთ, პირველ რიგში სწორედ მასზე ფიქრები გამოჩნდება გონებაში! ასეთია ადამიანის გონების ბუნება.

უკანასკნელ პერიოდში ტვინის აქტივობის შემსწავლელი ბევრი სამეცნიერო კვლევა ჩატარდა. თუ ნეირონების ანთების პროცესს დააკვირდებით, მასში წარმოუდგენელ თანმიმდევრობას აღმოაჩენთ. სწორედ ეს თანმიმდევრულობა უზრუნველყოფს სხეულის ეფექტურ ფუნქციონირებას. ნეირონების შესანიშნავი კოორდინირაციის და კომპლექსური ცეკვის წყალობით თქვენს სხეულში მილიარდობით მაღალი სირთულის აქტივობა სრულდება.

მაგრამ გონება, ადამიანთა უმრავლესობის გამოცდილებით, სამწუხაროდ ცირკად იქცა. სინამდვილეში ცირკი ძალიან კოორდინირებული აქტივობაა, რომელიც განზრახ გამოიყურება როგორც ქაოსი. ცირკში კლოუნიც კი გიმნასტია. ის შეიძლება თამაშობს მასხარას როლს, მაგრამ ნამდვილად გაწაფულია იმაში რასაც აკეთებს. კლოუნთან შედარების მეტაფორა გამოხატავს ადამიანთა უმრავლესობის განცდებს, როდესაც საქმე ეხება გონებრივ აქტივობას.

მაგრამ როგორ გახდა გონება, ეს შესანიშნავი გიმნასტი, ჩვეულებრივი კლოუნი? როგორ მოახერხა ჯადოსნური წყაროდან ასეთი ქაოსის შექმნა? რატომ გადაიქცა ეს სასწაულებრივი ინსტრუმენტი, მწუხარების მწარმოებელ მანქანად?

როგორც ადრე ავღნიშნე, არსებითად ყველა ადამიანი ეძებს სიამოვნებას, შიგნით და გარეთ. როდესაც საქმე გარეგანს ეხება, აქ საჭიროა მილიონობით სხვადასხვა ინგრედიენტი, და მათ სრულად არავინ განაგებს. თუმცა, როდესაც საქმე ეხება შინაგან სიტუაციას, აქ საჭიროა მხოლოდ ერთი ინგრედიენტი - თქვენ. თქვენ შეგიძლიათ იყოთ თქვენი შინაგანი ცხოვრების ერთადერთი არქიტექტორი და შემქმნელი. მაგრამ არ იცით როგორ. ამაშია პრობლემა. თქვენი სამყაროს შექმნა რომ შეგეძლოთ, ნამდვილად არ შექმნიდით მწუხარებას თქვენი თავისთვის. თქვენ გაქვთ ფუნდამენტური თავისუფლება იფიქროთ ის რაც გსურთ. რა გიშლით ხელს ფიქრების სასიამოვნო მიმართულებით წაყვანისკენ?

პრობლემა შემდეგშია: თქვენი გონება არ ღებულობს თქვენგან ინსტრუქციებს. წარმოიდგინეთ, რომ პალეოლითის ხანის გამოქვაბულის ადამიანი ცდილობს კომპიუტერის კლავიატურით რაღაცის აკრეფვას. ის რაც ეკრანზე გამოჩნდება, იქნება წარმოუდგენელი უგვანობა.

იოგას სისტემა არის ტექნიკა, რომელიც გაძლევთ საშუალებას განცალკევდეთ თქვენი გონებისგან. არსებობს სივრცე თქვენს და იმას შორის, რაც თქვენ დააგროვეთ სხეულისა და გონების სახით. ამ სივრცის არსებობის გაცნობიერება არის პირველი და ერთადერთი ნაბიჯი თავისუფლებისკენ. სწორედ დაგროვებული ფსიქოლოგიური და კლინიკური შემცველობა იწვევს ციკლურ კანონზომიერებებს თქვენს ცხოვრებას და ზოგჯერ მის საზღვრებს მიღმაც. როდესაც შეგეძლებათ მუდმივად გააცნობიერეთ სივრცე თქვენს და სხეულ-გონებას შორის, თქვენ გაგეხსნებათ უსაზღვრო შესაძლებლობების ახალი განზომილება.

სამყაროში ტანჯვის მხოლოდ ორი ფორმა არსებობს; ფიზიკური და მენტალური. როგორც კი ეს მანძილი გახდება თქვენი გამოცდილების განუყოფელი ნაწილი, ტანჯვა მაშინვე შეწყდება. ტანჯვის შიშის აღმოფხვრით, თქვენ შეგიძლიათ ცხოვრებაში ფართო ნაბიჯებით იაროთ, და აღარ შეგეშინდეთ იმ ყველაფერის, რასაც ცხოვრება გთავაზობთ. თქვენი უნარი, გამოიყენოთ ეს საოცრად რთული სხეული-გონების ფენომენი, გამოცდილებისა და სარგებლიანობის სრულიად ახალ დონეზე აიწევს, როდესაც შეძლებთ თქვენი თავის მათგან გამოცალკევებას და გვერდიდან შეხედვას. შეიძლება ეს პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა. როცა იზრდება განმაცალკევებელი სივრცის შეგრძნება, გონება უკვე აღარ არის ქაოსში. ეს არის დიდებული სიმფონია, უზარმაზარი შესაძლებლობა, რომელსაც თქვენი ახალ სიმაღლეებზე აყვანა შეუძლია.

იოგა არის მოგზაურობა იმ რეალობისკენ, სადაც ყოფიერების უმაღლეს ბუნებას განიცდით, როგორც უსაზღვრო ბუნებას. ეს გამოცდილება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ინარჩუნებთ სივრცეს თქვენსა და თქვენს სხეულ-გონებას შორის. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ უსაზღვრო ერთობა არის განცდა(გამოცდილება), და არა იდეა, ფილოსოფია, ან კონცეფცია. თუ თქვენ განაცხადებთ სამყაროს ერთიანობას როგორც ინტელექტუალურ თეორემას, ამან შეიძლება ოფიციალურ სადილზე პოპულარობა შეგმატოთ, ან სემინარზე აპლოდისმენტები დაგამსახურებინოთ. ასე შეიძლება ნობელის პრიზიც კი დაიმსახუროთ. მას ვერაფერი რეალურისთვის ვერ გამოიყენებთ. მეორეს მხრივ, უსაზღვრვო ერთობის განცდას, შეუძლია საერთოდ სხვა განზამილებაში გადაყვანა - განსჯის მიღმა არსებულ სიყვარულის და ნეტარების განზომილებაში.

სინამდვილეში, ცალკეული ინდივიდისთვის საზიანოც კი შეიძლება იყოს, ინტელექტუალურად ყველაფერი დაინახოს როგორც ერთი. ხალხი ხშირად იზიარებს რაღაც გაურკვეველ ფილოსოფიურ თეორიებს, რომლის მიხედვითაც თითქოს უნდა გახდე სამყაროსთან ერთიანი, ან გიყვარდეს მთელი სამყარო, ასე გრძელდება მანამ, სანამ ცხოვრება მათ შესაბამის გაკვეთილს არ ჩაუტარებს. როდესაც საქმე ეხება ფულს, საზღვარი „მეს“ და „სხვას“ შორის სრულიად ნათელია. ასეთ დროს, ლაპარაკიც კი ზედმეტია, იმაზე რომ, მე და შენ ვართ ერთი!

ერთხელ შანკარა პილაი ვედანტას გაკვეთილს დაესწრო. ვედანტა არის ინდური მეტაფიზიკის სკოლა, სადაც საუბარია ადამიანურ და ღვთიურ ბუნების არა-დუალობაზე. მასწავლებელი, ნასწავლი ფილოსოფოსი, გატაცებით გადმოსცემდა: „თქვენ მარტო ეს ან სხვა კი არ ხართ; არამედ თქვენ ხართ ყველგან. არ არსებობს არანაირი „თქვენი“ და „ჩემი“; ყველაფერი ხართ თქვენ, ყველაფერი გეკუთვნით თქვენ. არსებითად ყველაფერი ერთია. ყოველივე რასაც ხედავთ, ისმენთ, ყნოსავთ, აგემოვნებთ და ეხებით არ არის რეალობა; ეს ყველაფერი არის მაია, ილუზია.“

ეს დაუმარცხებელი ვედანტას რიტორიკა ხმაურობდა შანკარა პილაის თავში. ის წავიდა სახლში და ამ ფიქრებით დაიძინა. დილით აღგზნებულმა გაიღვიძა. ჩვეულებრივ მას უყვარდა დილით ძილი, მაგრამ ამ ვედანტას გამო, საწოლიდან გაღვიძებისთანავე წამოხტა. პირველი ფიქრი რომელი მის გონებაში გამოჩნდა იყო შემდეგი; „არ არსებობს არაფერი, რაც ჩემი არ არის. ყველაფერი ჩემია; ყველაფერი მე ვარ. ყველაფერი რაც ამ სამყაროშია ვარ მე, და ყველაფერი მაიაა.“

ყველასთვის ცნობილია, რომ ნებისმიერ ფილოსოფიას რეგულარული ინტერვალებით ძლევს შიმშილის გრძნობა. ასე რომ, შანკარ პილაი წავიდა თავის საყვარელ რესტორანში, შეუკვეთა საუზმე და ხარბად მიირთვა, და თან თავის თავს ეუბნებოდა: „ეს საკვები ვარ მე; ის ვინც ამ რესტორანში მემსახურება ასევე ვარ მე; ვინც ამ საჭმელს ჭამს ასევე მე ვარ. ვედანტა!“

დაასრულა საუზმე. როდესაც იმყოფები ვედანტას ასეთ ამაღლებულ მდგომარეობაში, მაშინ არ გაწუხებთ ისეთი ყოველდღიური საზრუნავები როგორიცაა მომსახურების საფასურის გადახდა. შესაბამისად ის წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა. როცა ყველაფერი შენია, ვის უნდა გაუსწორო ანგარიში?

როდესაც სალაროსთან გადიოდა, მეპატრონე რაღაც რუტინული სამუშაოს გამო მოცდა და გვერდზე გაიხედა. შანკარა პილაიმ სალაროს გამოწეულ უჯრაში მოზრდილი კუპიურების შეკვრა დაინახა. მაშინვე ვედანტამ უთხრა: „ყველაფერი შენია; არ არსებობს განსხვავება ამას და იმას შორის.“ რადგანაც მისი ჯიბეები თითქმის ცარიელი იყო, ხელი ჩაყო სალაროში და იქიდან აღებული ფულით ჯიბეები ამოივსო და აუჩქარებლად გამოვიდა რესტორნიდან. მას არავინ გაუძარცვავს, ის უბრალოდ ვედანტას აპრაკტიკებდა.

მოულოდნელად რესტორნიდან დადევნებულმა რამოდენიმე კაცმა შეიპყრო ის. შანკარა პილაიმ უთხრა მათ: „ვის დაჭერას ცდილობთ? თქვენ ხართ დამჭერი და დაჭერლიც; ვისაც იჭერთ ის თქვენ ხართ; და ვინც იჭერს ისიც თვენ ხართ.“ რესტორნის მეპატრონემ აღარ იცოდა რა მოეხერხებინა ასეთი კლიენტისთვის და მისი „ჭკუისთვის“ და ის სასამართლოში წაიყვანა.

იქ, შანკარა პილაიმ გააგრძელა თავისი ვედანტა. მოსამართლე მრავალმხრივ ეცადა დაერწმუნებინა, რომ მან ქურდობა ჩაიდინა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს მოსამართლე დანებდა და განაჩენი გამოუტანა; „კარგი, ათი შოლტი ზურგზე.“

შოლტის პირველ დარტყმაზე შანკარა პილაი აყვირდა.

მოსამართლემ უთხრა; დამშვიდდი, ეს ყველაფერი მაიაა. არ არსებობს არანაირი ტკივილი და სიამოვნება. ყველაფერი მაიაა“.

შოლტის მეორე დარტყმაზე შანკარა პილაიმ დაიყვირა: „საკმარისია!“

მოსამართლემ მიუგო; „ის ვინც გამათრახებს ხარ შენ, და ვისაც ამათრახებენ ასევე შენ ხარ.“

შოლტის მესამე დარტყმაზე შანკარა პილაიმ განწირულად დაიყვირა: „შეწყვიტეთ! გაჩერდით!“

„არ არსებობს არანაირი დაწყება და შეჩერება. ყველაფერი მაიაა.“

ასე გაგრძელდა, სანამ ათჯერ შოლტის დარტყმა არ აღსრულდა. მაგრამ მანამდე ვედანტა ბოლო წვეთამდე გამოიწურა შანკარა პილაისგან.

ინტელექტუალურ გაგებას რომელსაც ზურგს არ უმაგრებს ემპირიული ცოდნა, მივყავართ გონების თამაშებამდე და მაცდურ მდგომარეობებამდე. მაგრამ როდესაც ერთიანობა გახდება ემპირიული რეალობა, ის არ გამოიწვევს უმწიფარ მოქმედებებს. ის წარმოშობს საოცარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რაც სამუდამოდ შეგცვლით.

უნივერსალურობა არ არის იდეა; ეს ეგზისტენციალური ჭეშმარიტებაა. ინდივიდუალურობაა იდეა. იოგა არის უბრალოდ ჩიტტა ვრიტი ნიროდჰა. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენი გონების აქტიურობა ჩერდება და თქვენ კვლავ ფხიზლად ხართ, თქვენ იოგაში იმყოფებით.

მაგრამ ნუ ეცდებით ძალადობით მენტალური აქტივობის შეჩერებას თორემ ჭკუიდან შეიშლებით. თქვენს გონებაში სამივე პედალი არის გაზის მიცემის; არ არსებობს არანაირი მუხრუჭის ან გადაბმულობის პედალები. შეგიმჩნევიათ? რომელ პედალსაც არ უნდა დააწვეთ თქვენი გონება უმატებს სიჩქარეს. მაგრამ თუ მას ყურადღებას არ მიაქცევთ, ფიქრები ნელ-ნელა დაცხრება და დაგტოვებთ მდიდარ და სიცოცხლით სავსე სიჩუმეში.

სადჰანა

შეახსენეთ თქვენს თავს საათში მინიმუმ ერთხელ, რომ ყველაფერი რასაც ატარებთ - თქვენი ხელჩანთა, ფული, ურთიერთობები, სიმძიმე გულში და სხეულში - ეს ყველაფერი არის დროთა განმავლობაში აკუმულირებული რამეები. თუ თქვენ სულ უფრო მეტად აცნობიერებთ ამ ფუნდამენტურ ფაქტს, თუნდაც მაშინ, როდესაც თქვენში მიმდინარეობს დე-იდენტიფიკაციის (განჯაჭვის) პროცესი - ირგვლივ ყველაფერში ღრმა ჩართულობის გაწონასწრებული გრძნობით - ამ დროს გონების მწუხარებიდან და სიგიჟიდან მედიტაციურობამდე გადაინაცვლებთ.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff