თავი პირველი - დასავლური იოგა
ნაწილი პირველი
თავი პირველი - დასავლური იოგა
1. ოკულტიზმის შემსწავლელთაგან ძალიან ცოტამ თუ უწყის რაიმე ოკულტური სწავლების პირველწყაროს შესახებ. ბევრს საერთოდ არ გაუგია, რომ დასავლური ტრადიციაც არსებობს. მეცნიერები შეცდომაში შეჰყავს განდობილების მიერ განზრახ შეფარვით ან არასრულად ნათქვამ ინფორმაციას, რომლებიც ასწლეულების მანძილზე მალავდნენ ეზოთერული ტერმინების ჭეშმარიტ მნიშვნელობას. ამიტომ მკვლევარები ასკვნიან, რომ ჩვენამდე მოღწეული მცირერიცხოვანი ტექსტები შუა საუკუნეების გაყალბებულ ნიმუშებს წარმოადგენენ. ისინი ფრიად გაოცებულნი დარჩებოდნენ, თუ გაიგებდნენ, რომ ეს ფრაგმენტები, ასევე ხელნაწერები, რომლებიც ხელიდან ხელში გადადიოდა, და რა თქმა უნდა ზეპირსიტყვაობით გადმოცემული ტრადიციაც, დღემდე გამოიყენება ეზოთერულ სკოლებში, დასავლური იოგას პრაქტიკული სავარჯიშოების საფუძველის სახით.
2. ადეპტებმა, რომელთა რასობრივი წარმომავლობის ევოლუციურ დანიშნულებას ფიზიკური სფეროს დაპყრობა წარმოადგენს, განავითარეს საკუთარი, მათ პრობლემებზე და საჭიროებებზე ორიენტირებული იოგას ტექნიკა. ეს ტექნიკა ეფუძნება საყოველთაოდ ცნობილ, მაგრამ არაგანდობილთათვის სრულებით გაუგებარ კაბალას, - ანუ ისრაელის სიბრძნეს.
3. შესაძლოა გაჩნდეს კიტხვა: რატომ მიდის დასავლური რასების მისტიური ტრადიციების ფესვები მაინცდამაინც იუდეურ კულტურამდე? ამაზე პასუხი ცხადია მათთვისს, ვინც იცნობს რასების და ქვე-რასების ეზოთერულ თეორიას. ყველაფერს გააჩნია თავისი პირველწყარო. კულტურები და რასები არ ჩნდებიან არაფრისგან, და ყოველი ახალი კულტურის ჩანასახი მის ისტორიული წინაპარში დევს. იუდაიზმი ევროპული სულიერების მატრიცაა, რაზეც მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ იესო და პავლე მოციქული იუდეველები იყვნენ. მხოლოდ იუდეველ ერს, და არცერთი სხვას, შეეძლო გამხდარიყო მთავარი მოქმედი პირი ახალი აღთქმის მოვლენებში, რადგანაც მხოლოდ ეს რელიგია იყო მონოთეისტური. პანთეიზმი და პოლითეიზმი მოძველდნენ, რადგან დადგა ახალი სულიერი კულტურის დრო. ქრისტიანულმა ერებმა თავიანთი რელიგია იუდეური კულტურისგან მიიღეს, ზუსტად ისევე, როგორც აღმოსავლეთის ბუდისტურმა ერებმა - ინდური კულტურისგან.
4. ისრაელის მისტიციზმი საფუძვლად უდევს თანამედროვე დასავლურ ოკულტიზმს. იგი ქმნის თეორიულ ბაზას, რომელზეც აწყობილია ყველა რიტუალი. მისი ცნობილი გლიფი, ანუ სიმბოლური სქემა - სიცოცხლის ხე - ჩვენთვის ცნობილი ხატ-სახეებიდან საუკეთესოა მედიტაციისთვის, რადგან იგი ძალიან მრავალმნიშვნელოვანია.
5. მოცემულ წიგნში არ ვაპირებ კაბალას წყაროების ისტორიული კვლევის აღწერას, არამედ მხოლოდ გავაცნობ კაბალას მეთოდებს თანამედროვე სტუდენტებს, რომლებიც საიდუმლო მისტერიებს შეისწავლიან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიდგომას საფუძვლად უდევს ტრადიციული შეხედულებები, ჩვენ არ გვაქვს არანაირი აუცილებლობა, რათა მხოლოდ მათ მიერ შევიზღუდოთ. ტექნიკა, რომელიც პრაქტიკაში გამოიყენება, მუდმივად ვითარდება, რადგანაც ყველას გამოცდილება, ვინც მასთან კავშირშია, ამდიდრებს მას. ამრიგად, ყველას, ვინც კაბალას შეისწავლის, წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო მემკვიდრეობაში.
6. ჩვენ სულაც არ ვართ ვალდებულნი, რომ გარკვეული რიტუალური მოქმედებები შევასრულოთ, ან გარკვეულ იდეებს გავყვეთ მხოლოდ იმ რაბინებისადმი პატივისცემის გამო, რომლებიც ქრისტემდე ცხოვრობდნენ. მას შემდეგ მსოფლიო საგრძნობლად შეიცვალა, სხვა დრო დადგა. მაგრამ ყველაფერი, რაც პრინციპში მაშინ იყო სიმართლე, ახლაც სიმართლეა, და შესაბამისად იგი ჩვენთვის ფასეულია. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე კაბალისტი უძველესი კაბალისტის მემკვიდრეა, მას შეუძლია ახლებურად მოახდინოს დოქტრინის ინტერპრეტაცია, შეცვალოს მეთოდი თანამედროვეობის შესაბამისად და სრულად გამოიყენოს მიღებული მემკვიდრეობა პრაქტიკული მიზნებისთვის.
7. არ ვამტკიცებ, რომ ჩემთვის ცნობილი კაბალას თანამედროვე ინტერპრეტაციები ქრისტიანობამდელი რაბინების იდეების იდენტურია, მაგრამ ავღნიშნავ, რომ ისინი მათ ბუნებრივ გაგრძელებას და იმდროინდელი სისტემის განვითარების შედეგს წარმოადგენენ.
8. ნაკადული მით უფრო სუფთაა, რაც უფრო ახლოსაა პირველწყაროსთან. მთავარი პრინციპების გასახსნელად თავად გასაღებს უნდა მივაგნოთ. ნაკადის სისუფთავე დამოკიდებულია მასში შემავალი შენაკადების დაბინძურების დონეზე, რომლებიც, შესაძლოა საკმაოდ გამჭვირვალენიც აღმოჩნდნენ. იმისთვის, რომ გავარკვიოთ, რამდენად სუფთანი არიან ეს შენაკადები, ჩვენ მათ პირველწყაროს ვადარებთ, და თუ ისინი ამ შემოწმებას წარმატებით გაივლიან, სრულად თავისუფლად შეგვიძლია მივცეთ საშუალება, რომ შეერწყან ძირითად დინებას და ამით გააძლიერონ მისი ძალა. იგივე ითქმის ტრადიციებზეც: იგი იწყობა ყველაფრისგან, რაც მის პირველსაწყისებს არ ეწინააღმდეგება. როცა მივმართავთ მთავარ პრინციპებს და ვრწმუნდებით ტრადიციის სისუფთავეში, ჩვენ ამავდროულად ვმსჯელობთ მის სიცოცხლისუნარიანობაზე ასიმილაციის დონის მიხედვით. მხოლოდ მკვდარი სისტემა არ ექვემდებარება თანამედროვეობის ზემოქმედებით ცვლილებებს.
9. იუდეური მისტიციზმის პირვანდელმა ნაკადმა მრავალი ცვლილება განიცადა. ჩვენ ვაკვირდებით მის აღმასვლას ქალდეველ ვარსკვლავთ-თაყვანისმცემლებში, სადაც აბრაამმა თავის კარავში ღმერთის ხმა გაიგო. თუმცაღა აბრაამის საკმაოდ ბურუსით მოცული ხატ-სახის მიღმა კიდევ უფრო ძველი აღწერები იკვეთება. მაგალითად - დიადი ქურუმი-მეფის იდუმალი ფიგურა, რომელიც „შობილია მამის, დედის, წინაპრების გარეშე, და მის ცხოვრებას არ აქვს არც დასაწყისი და არც დასასრული“. და მისი ზიარება პურით და ღვინით მეფეებთან ბრძოლის შემდეგ - ედომის მრისხანე მეფეებთან, რომლებიც „მართავდნენ მანამდე, ვიდრე ისრაელში გამოჩნდებოდა მეფე, რომელსაც ძლევამოსილებაში ბადალი არ ჰყავდა“.
10. რამდენიმე თაობის განმავლობაში ვაკვირდებით ისრაელის მამების კავშირს ეგვიპტის ქურუმ-მეფეებთან. ეგვიპტეში მიდიან აბრაამი და იაკობი; იოსები და მოსე მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი ფარაონის ახლო გარემოცვაში მყოფ ადეპტებთან. როდესაც ვკითხულობთ, რომ სოლომონი თხოვს ჰირამს - ტირის მეფეს, რათა დაეხმაროს ადამიანებით და მასალით ტაძრის მშენებლობაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფინიკიის ძველი დედაქალაქის ცნობილ მისტერიებს დიდი ზეგავლენა უნდა მოეხდინათ იუდეურ ეზოთერიზმზე. თუკი გავითვალისწინებთ, რომ დანიელმა განათლება ბაბილონის სასახლეებში მიიღო, ცხადი ხდება, რომ იმდროინდელი მაგების სიბრძნე მისაწვდომი იყო განათლებული იუდეველებისთვის.
11. იუდეველების ეს უძველესი მისტიური ტრადიცია მოიცავდა სამ ლიტერატურულ წყაროს: კანონისა და წინასწარმეტყველების წიგნს, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, როგორც ძველი აღთქმა; თალმუდი, ანუ კომენტარების კრებული ძველი აღთქმის ტექსტის შესახებ; და კაბალა - ანუ ძველი აღთქმის მისტიური ახსნა. როგორც ძველი რაბინები ამტკიცებენ, ამ წყაროებიდან პირველი წარმოადგენს ტრადიციის სხეულს, მეორე - მის რაციონალურ სამშვინველს, ხოლო მესამე - უკვდავ სულს. უმეცარ ადამიანებს შეეძლოთ პირველის წაკითხვით გამოეტანათ სარგებელი, განათლებულები მეორეს სწავლობდნენ, მაგრამ ბრძენები მესამეზე კონცენტრირდებოდნენ. ძალიან უცნაურია, რომ ძველი აღთქმის ქრისტიანი ინტერპრეტატორები არასოდეს ეძებდნენ გასაღებს კაბალაში.
12. ქრისტეს პალესტინაში ცხოვრების დროს რელიგიური ცხოვრების სამი სკოლა არსებობდა: ფარისევლები, სადუკეველები (რომლებიც ხშირად მოიხსენიებიან სახარებაში) და ესენები, რომლებზეც თითქმის არაფერი ვიცით. ერთ-ერთი აპოკრიფის თანახმად, პატარა იესო 12 წლის ასაკში, - როცა მისი პიროვნების მასშტაბი გაცნობიერებულ იქნა მეცნიერ-თეოლოგების მიერ, როდესაც მისი საუბარი მოისმინეს ტაძარში, - მათ მიერ გაგზავნილ იქნა ესენების თემში, მკვდარი ზღვის ახლოს, ისრაელის მისტიური ტრადიციის შესწავლის მიზნით. იგი იქ იყო, სანამ ოცდაათი წლის ასაკში, იოანესთან არ მივიდა მდინარე იორდანეში ნათლობისათვის, სანამ თავის მისიას დაიწყებდა. თუ ეს მართლა ასე იყო, რაც სავსებით შესაძლებელია, მაშინ „მამაო ჩვენოს“ დასკვნითი სიტყვები სავსეა კაბალისტური შინაარსით.
სეფიროტი: 1. მალქუთი - სამეფო; 2. ჰოდი - ძალა; 3. ნეცახი - დიდება - ქმნიან სიცოცხლის ხის საბაზისო სამკუთხედს სეფირ იესოდთან, (საფუძველთან/საძირკველთან) რომელიც ცენტრალური ადგილია. ყველა, ვინც "მამაო ჩვენოს" ლოცვას კითხულობს, უნებურად კაბალას იყენებს.
13. ქრისტიანული ეზოთერიკა გნოსტიციზმით იკვებება, რომელიც დიდადაა დავალებული როგორც ბერძნული, ასევე ეგვიპტური აზროვნებისგან. პითაგორას სისტემის მაგალითზე ვრწმუნდებით, რომ კაბალას პრინციპები მჭიდრო კავშირშია ბერძნულ მისტიციზმთან.
14. ქრისტიანული ეკლესიის ეგზოთერული, ანუ სახელმწიფოსადმი დაქვემდებარებული ნაწილი ყოველთვის დევნიდა და ძირკვავდა მის ეზოთერულ ნაწილს, და ანადგურებდა მის კვალს ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებოდა, რათა კაცობრიობის ისტორიიდან სამუდამოდ ამოეძირკვა სახსენებელი გნოზისის შესახებ. არსებობს წერილობითი მოწმობები იმისა, რომ ალექსანდრიის აბანოები თვეების განმავლობაში ქალაქის დიდი ბიბლიოთეკის მანუსკრიპტებით თბებოდა. ჩვენამდე უძველეს სწავლულთა სულიერი მემკვიდრეობის მხოლოდ მცირე ნაწილი მოვიდა, რამეთუ ბარბაროსებმა ისინი მიწასთან გაასოწრეს, და მხოლოდ საგულდაგულოდ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შემდეგ, ქვიშაში ჩაფლულ ნანგრევებში კვლავაც ვპოულობთ შემმეცნებელი სულის წარსულ დიდებას.
15. მეთხუთმეტე საუკუნემდე, ეკლესიის დიქტატის შესუსტების დასაწყისამდე იუდეველი სწავლულები უფრთხოდნენ თავიანთი ცოდნის ქაღალდზე გადატანას. მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ კაბალა შუასაუკუნეების გაყალბებულ ვარიანტს წარმოადგენს, რადგანაც არ არსებობდა მტკიცებულება მისი მემკვიდრეობითი კავშირის შესახებ, აქამდე აღმოჩენილ მანუსკრიპტებთან. ის მცირე ნაწილი კი, რომელსაც რაღაც წარმოდგენა მაინც ჰქონდა ეზოთერული საძმოების პრაქტიკული საქმიანობის შესახებ, უშვებდნენ, რომ ყველა ცნობა სამყაროსა და ადამიანის სულის შესახებ შეიძლება კოდირებულ იქნეს სიმბოლიზმის მეშვეობით, რომელიც სრულიად გაუგებარია არაგანდობილთათვის. ეს უცნაური, უძველესი სქემები თაობიდან თაობას გადაეცემოდა და თან ახლდა ზეპირსიტყვიერი განმარტებები, ერთგვარი დეკოდირება, რომლის დაკარგვაც შეუძლებელია. თუკი ეჭვს შევიტანთ რაიმე მნიშვნელოვანის ახსნის მომენტის სიზუსტეში, ყოველთვის შეგვიძლია მივმართოთ წმინდა სიმბოლოს. ამ სიმბოლოს შინაარსზე მედიტაცია-ჭვრეტის პრინციპები თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მისტიკოსმა კარგად იცის, რომ თუკი კონცენტრირდება სიმბოლოზე რომელსაც რაღაც ღრმა შინაარსი გააჩნია, იგი წვდომას მიიღებს ძირითად იდეაზე მაშინაც კი, როცა გამოყენებული სიმბოლოს აზრი არასოდეს აუხსნია მისთვის ზეპირსიტყვიერი ტრადიციის რომელიმე მატარებელს; ტრადიციის, რომელიც მასწავლებლიდან მოსწავლეს გადაეცემოდა.
16. ეკლესიის გავლენის სისტემა მიმართული იყო არა მხოლოდ ყველა კონკურენტის სულიერი სფეროდან განდევნაზე, არამედ მათი კვალის განადგურებაზეც. ჩვენ ცოტა ვიცით იმის თაობაზე, თუ მისტიური ტრადიციების რომელი ნაყოფები აღმოცენდა მხოლოდ იმისთვის, რომ უმოწყალოდ ყოფილიყვნენ ამოძირკვულნი შუასაუკუნეებში; მაგრამ მისტიციზმი შინაგანად ახასიათებს ადამიანთა რასას, და მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიამ ტრადიციის ყველა ფესვი გაანადგურა თავისი მიმდევრების სულებში, მაინც, გულწრფელად მორწმუნენი კვლავ და კვლავ აღმოაჩენდნენ ხოლმე სულის ღრმერთთან მიახლოების უძველეს საშუალებებს, და ქმნიდნენ საკუთარ განსაკუთრებულ იოგას, რომელიც ძალიან ახლოს იყო აღმოსავლეთის ბჰაქტი-იოგასთან. კათოლიკური ლიტერატურა მდიდარია ტრაქტატებით მისტიური თეოლოგიიდან, რომლებიც თუმცა კი ახდენენ ცნობიერების უმაღლეს მდგომარეობებთან გარკვეული შეხების დემონსტრირებას, მაგრამ მაინც სცოდავდნენ იმით, რომ გულუბრყვილოდ ესმოდათ ამ მდგომარეობების ფიზიოლოგია, რაც მოწმობს კიდეც იმ სისტემის გარდაუვალ სისუსტეზე, რომელიც ბოლომდე არ იყენებს დაგროვილ გამოცდილებას.
17. კათოლიკური ეკლესიის ბჰაქტი-იოგა შეესაბამება მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ბუნებით არიან რელიგიურნი და უმაღლეს დონეზე არიან მზადმყოფნი სიყვარულის სახელით თვითგამოხატვისკენ - თავგანწირვამდეც კი. მაგრამ ძალიან ცოტა ქრისტიანს შეუძლია ასეთი რამ, მისი რელიგია კი ვერ სთავაზობს თავის მიმდევრებს სულიერი განვითარების სისტემის რაიმე არჩევანს. აღმოსავლეთი გაცილებით უფრო ბრძნულად იქცეოდა, როდესაც შემწყნარებლობას იჩენდა და სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტიპებისთვის იოგას სხვადასხვა მეთოდებს ქმნიდა, რომელთაგანაც ყოველი - ღმერთისკენ გზას წარმოადგენს.
18. ჩვენი თეოლოგიის ასეთი სავალალო შეზღუდულობის შედეგად სულიერების მრავალი მაძიებელი დასავლეთში ორიენტირებულია აღმოსავლურ მეთოდებზე. მათთვის, ვინც მზადაა იცხოვროს აღმოსავლეთის პირობებში და იმუშაოს გურუს უშუალო დაკვირვების ქვეშ, ეს მართლაც გამოსავალია, მაგრამ თუ არ არსებობს სხვა მასწავლებელი გარდა წიგნებისა, მაშინ ჩვეული დასავლური ცხოვრების სტილის ფონზე კარგი შედეგების მიღწევა ფრიად პრობლემური ხდება.
19. ამ მიზეზით რეკომენდაციას ვაძლევ თეთრი რასის ადამიანებს, რომ ტრადიციულ დასავლურ სისტემას მიმართონ, რომელიც შესანიშნავადაა ადაპტირებული მათ ფიზიკურ კონსტიტუციასთან. იგი დაუყოვნებლივ იძლევა შედეგებს, და მისი დაპრაქტიკება სათანადო ხელმძღვანელობის ქვეშ არა მხოლოდ არ არღვევს გონებრივ ან ფიზიკურ ჰარმონიას, როგორც ეს სამწუხაროდ ხშირად ხდება შეუჩვეველ სისტემებთან კავშირის დროს, არამედ უჩვეულოდ დიდ ენერგიასაც იძლევა. განდობილების სწორედ ეს განსაკუთრებული სასიცოცხლო ძალა წარმოადგენდა საბაბს სიცოცხლის ელექსირის შესახებ ლეგენდის შექმნისთვის. თავის დროზე ვიცნობდი ზოგიერთ ადამიანს, რომელიც ჭეშმარიტინადეოტები იყვნენ და ყოველთვის განცვიფრებული ვიყავი მათი საოცარი სასიცოცხლო ენერგიით, რომელიც საერთოდ არ იყო დამოკიდებული მათ ასაკზე.
20. მეორე მხრივ, მე შემიძლია მხოლოდ დავადასტურო ის, რასაც ყოველთვის ამტკიცებდა აღმოსავლური ტრადიციის ყველა გურუ — ფსიქო-სულიერი განვითარების ნებისმიერი სისტემით უსაფრთხოდ და ადეკვატურად შეგვიძლია დავკავდეთ მხოლოდ გამოცდილი მასწავლებლის პირადი დაკვირვების ქვეშ. ამ მიზეზით, თუმცა კი მოვიყვან ამ წიგნის გვერდებზე მისტიური კაბალას პრინციპებს, მაგრამ თავს ვერ მივცემ უფლებას, რომ მისი პრაქტიკული გამოყენების ყველა გასაღები მოგცეთ, მაშინაც კი, ჩემი, როგორც განდობილის საკუთარი ვალდებულებები რომ არ მიკრძალავდნენ ამის გაკეთებას. ამავე დროს, უადგილოდ მიმაჩნია მკითხველის განზრახ დეზინფორმაცია, და რამდენადაც საშუალებას მაძლევს ჩემი ცოდნა და რწმენა, ზუსტ ინფორმაციას გთავაზობთ, თუმცა, შესაძლოა, არა სრული მოცულობით.
21. საიდუმლო ნეტარების ოცდათორმეტი მისტიური გზა სიცოცხლის გზებს წარმოადგენს, და მათი საიდუმლოებების გახსნის მსურველებმა ერთმანეთის მიყოლებით უნდა გაიარონ ისინი. ისევე, როგორც მე ვისწავლე, ყველას შეუძლია ისწავლოს ეს მეცნიერება, და მე მოხარული ვიქნები, თუ გზას მივანიშნებ ასეთ სერიოზულ მაძიებელს.