თავი მეოთხე - დაუწერელი კაბალა
თავი მეოთხე - დაუწერელი კაბალა
1. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, კაბალას განხილვის ჩემეული მიდგომა ამ წიგნში, განსხვავდება ყველა სხვა ავტორისგან, რომელიც ამ თემას შეეხო, რადგანაც ჩემთვის კაბალა სულიერი განვითარების ცოცხალი სისტემაა, და არა ისტორიული ძეგლი. მხოლოდ ცოტას, ოკულტიზმით დაინტერესებულთა შორისაც კი, ესმის, რომ ჩვენს გარემოში არსებობს აქტიური ეზოთერული ტრადიცია, რომელიც თაობიდან თაობას საიდუმლო ხელნაწერებისა და უშუალო ზეპირსიტყვიერი გზით გადაეცემა. კიდევ უფრო ცოტამ იცის, რომ სწორედ წმინდა კაბალა, ისრაელის მისტიური სისტემა, წარმოადგენს ამ ოკულტური სისტემის საფუძველს. მაგრამ სხვაგან სად შეიძლება იყოს იმ ტრადიციის შთაგონების წყარო, რომელიც მათ ქრისტემ მისცა?
2. თუმცაღა კაბალას ინტერპრეტაცია უნდა ვეძებოთ არა ისრაელის ქვეყნის რაბინებში, სისხლით იუდეველებში, არამედ მათ შორის, ვინც სულითაა რჩეული ადამიანი, - სხვა სიტყვებით - განდობილებში. კაბალა, რომელსაც მე შევისწავლიდი, არ წარმოადგენს სუფთა იუდეურ სისტემას, რადგანაც იგი შუასაუკუნეებში შევსებულ იქნა პროფესიონალი ალქიმიკოსების აღმოჩენებით და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული ტაროს სიმბოლიზმის შესანიშნავი სისტემით.
3. წარმოვადგენ რა მოცემულ საგანს, ჩემი შეხედულებების გასამყარებლად ვეყრდნობი არა იმდენად ტრადიციას, არამედ კაბალას მეთოდის, როგორც ერთგვარი ოკულტური ტექნიკის თანამედროვე პრაქტიკას. შესაძლოა ბევრი შემეწინააღმდეგოს, რომ ძველმა რაბინებმა არაფერი იცოდნენ აქ წარმოდგენილ ზოგიერთ კონცეფციაზე. მე ვუპასუხებ, რომ ეს სრულიად ბუნებრივია, რამდენადაც ზოგიერთი რამ უბრალოდ ცნობილი არ იყო იმ დროს და მათი მემკვიდრეების სულიერი ძიებების შედეგს წარმოადგენს. ჩემი მხრივ, არანაირი განზრახვა არ მაქვს, რომ ვინმე შეცდომაში შევიყვანო იმ დროს არსებულ სწავლებებთან მიმართებაში და ისტორიული სიზუსტის უზრუნველსაყოფად მზად ვარ გავითვალისწინო ყველა იმ ადამიანის შენიშვნა, რომელიც ჩემზე უკეთაა ინფორმირებული ამ საკითხებში. ამასთან, მე თითსაც კი არ გავანძრევ ტრადიციის ავტორიტეტის შესანარჩუნებლად, თუკი იგი ხელს უშლის ისეთი დიდი მნიშვნელობის სისტემის თავისუფალ განვითარებას, როგორიცაა წმინდა კაბალა, და წინამორბედების გამოცდილებას გამოვიყენებ მხოლოდ კარიერის სახით, საიდანც ქვებს მოვიპოვებ საკუთარი ქალაქის ასაშენებლად. ვერაფერი ვერ მიმითითებს, რომ მხოლოდ ამ კარიერის მასალა გამოვიყენო, და თუ დამჭირდება საშენ მასალად ლიბანის კედრებსაც გამოვიყენებ და ოფირის ოქროსაც.
4. ამიტომ, კარგად უნდა გესმოდეთ, რომ მე არ ვამბობ: „ეს სწავლება ძველ რაბინებს ეკუთვნის“; მე ვამბობ: „ესაა თანამედროვე კაბალისტების სისტემა, რომლის მნიშვნელობა ძნელია გადაამეტო, რადგანაც ეს სულიერი განვითარების პრაქტიკული სისტემაა, დასავლეთის იოგაა“.
5. ახლა მინდა გაგაცნოთ ჩემი საკუთარი პოზიცია განსახილველი ამოცანის მეცნიერული შესწავლისა და საერთო შეფასებების საკითხში. რაც შეეხება მეცნიერულ შესწავლას, მე იგივე კლასში ვარ, რომელშიც უილიამ შექსპირი, ცოტათი ვიცი რა ლათინური და ბერძნული, ხოლო ივრითიდან - მხოლოდ განსაკუთრებული ნაწილი, რომელსაც ოკულტისტები იყენებენ, - სხვა ანბანის მეშვეობით იუდეური ხელნაწერების გადაცემის უნარი, სასვენი ნიშნების გარეშე, ჰემატრიული გამოთვლების მიზნით. ივრითის, როგორც ურთიერთობის საშუალების ცოდნის მხრივ, მე ისეთივე უმანკო ვარ, როგორც ახალშობილი.
6. არ ვიცი, დამეხმარება თუ არა ჩემი ნაკლოვანებების ასეთი აღიარება კრიტიკოსების განიარაღებაში; უეჭველია, რომ ამას ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებენ და იტყვიან, რომ ასეთი სუსტი მომზადების პირობებში საერთოდ არ ღირს ამ ამოცანასთან შეჭიდება. ამაზე ასე ვუპასუხებ: წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც რაღაცას წამოედო და თავით დაეცა. შეიძლება თუ არა, რომ თქვენმა არასაკმარისმა სამედიცინო განათლებამ ხელი შეგიშალოთ, რომ მიხვიდეთ და მაქსიმალური დახმარება გაუწიოთ, სანამ კვალიფიციური ბრიგადა არ მოვა? ჩემი სამუშაო კაბალაში - პირველადი დახმარების მომტანია, - მე აღმოვაჩინე ფასდაუდებელი სისტემა, რომელიც გაშვებულ მდგომარეობაშია, და მიუხედავად არასაკმარისი მომზადებისა, ვცდილობ წარმოვადგინო მისი შესაძლებლობები და აღვადგინო მისი, როგორც დასავლური ოკულტიზმის გასაღების ღირსეული როლი. ამით, იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში იმ მეცნიერების ყურადღებას მივიპყრობ, რომლებიც ჩემს შემდეგ განაგრძობენ კაბალისტური ხელნაწერების კვლევას და ბოლომდე გამოავლენენ იმ საბადოს, რომლის ჯერ მხოლოდ ზედაპირია გამოკვლეული.
7. თუმცაღა ერთი არგუმენტი მოცემული ამოცანის გადაწყვეტისთვის საჭირო ჩემი კვალიფიკაციის საკმარისობის დასადასტურებლად მაინც შემიძლია მოვიყვანო. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მე ვცხოვრობდი და ვმოქმედებდი პრაქტიკულ კაბალაში. ვიყენებდი მის მეთოდს როგორც სუბიექტურად, ასევე ობიექტურად, სანამ ისინი ჩემი ნაწილნი არ გახდნენ. როდესაც აღმოვაჩინე, რა შესანიშნავ ფიზიკურ და სულიერ შედეგებს იძლევიან ისინი, დავრწმუნდი, რომ შესაძლებელია მათი, როგორც მეცნიერული საშუალების გამოყენება.
8. მათთვის, ვისაც კაბალას, როგორც საკუთარი იოგას გამოყენება სურს, აუცილებელი არაა ივრითის დაწვრილებით შესწავლა; ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ - ესაა ივრითული ასოების წაკითხვისა და ჩაწერის ცოდნა. თანამედროვე კაბალა საკმაოდ ადეკვატურადაა თარგმნილი ინგლისურ ენაზე, მაგრამ მასში რჩებიან და სამუდამოდ უნდა დარჩნენ კიდეც ძალის სიტყვები ივრითულ ენაზე, რომელიც დასავლეთის წმინდა ენას წარმოადგენს სწორედ ისევე, როგორც სანსკრიტი წარმოადგენს აღმოსავლეთის წმინდა ენას. ზოგიერთი ეწინააღმდეგება ოკულტურ ლიტერატურაში სანსკრიტული ტერმინების თავისუფალ გამოყენებას. ცხადია, გარდაუვალია კიდევ უფრო მეტი პროტესტი იუდეური ასოების გამოყენების წინააღმდეგ, მაგრამ მათი გამოყენება აუცილებელია, რადგანაც ყოველი ასო ივრითულ ანბანში ამავდროულად რიცხვს წარმოადგენს, ხოლო რიცხვები, რომლებამდეც სიტყვა დაიყვანება, არა მხოლოდ მნიშვნელოვანი გასაღებებია მათი მნიშვნელობების ამოსახსნელად, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა იდეებსა და პოტენციებს შორის დამოკიდებულებების გამოსახატავად.
9. როგორც მაკ-გრეგორ მაზერსის წიგნის შესანიშნავ შესავალ ესეშია ნათქვამი, ჩვეულებრივ კაბალა ოთხ განყოფილებად იყოფა:
1. პრაქტიკული კაბალა, რომელსაც საქმე აქვს რიტუალურ მაგიასთან (თილისმები, შელოცვები და ა.შ.)
2. დოგმატური კაბალა, რომელიც შედგება კაბალისტური ლიტერატურისგან.
3. სიმბოლისტური კაბალა, რომელიც ასოებსა და რიცხვებს იყენებს.
4. დაუწერელი კაბალა, რომელიც შეიცავს ზუსტ მონაცემებს სიცოცხლის ხეზე სიმბოლოთა კავშირების ორგანიზაციის მეთოდზე.
მაკ-გრეგორ მაზერსი აღნიშნავს: „მე მეტს ვერაფერს ვიტყვი ამ საგანზე და იმაზეც კი, ჩავწვდი თუ არა მას“.
ამ მრავლისმეტყველი მინიშნების შედეგები დაწვრილებითაა აღწერილი მაზერსის ქვრივის მიერ წიგნის ახალი გამოცემის შესავალში: „1887 წელს კაბალას პუბლიკაციასთან ერთად მისმა თანამოაზრეებმა მოითხოვეს, რომ გამოეცათ ყველაფერი, რაც საფუძველი გახდებოდა ეზოთერული სკოლის შექმნისთვის“. ამგვარად, შეგვიძლია სრული საფუძვლით განვაცხადოთ, რომ მაზერსმა წვდომა მიიღო კაბალას ზეპირსიტყვიერ ტრადიციასთან, რომელიც უკვე რამდენიმე წლის შემდეგ აღარ იყო ზეპირსიტყვიერი. მაზერსთან კამათის შემდეგ ქროულიმ, ცნობილმა ავტორმა და მეცნიერმა, ყველაფერი გამოაქვეყნა. მისი წიგნები ახლა უკიდურესად იშვიათია იმიტომ, რომ ძალიან დაფასებულია ყველაზე ერუდირებული ეზოთერიკოსების მიერ, მისი ღირებულება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იზრდება, და ისინი იშვიათად ხვდებიან ბუკინისტებთან.
10. განდობის დროს დადებული ფიცის დარღვევა იმდენად სერიოზული საქციელია, რომ ამაზე ვერასოდეს წავალ. მაგრამ ჩემთვის უცნობია მიზეზები, რომლებიც ხელს შემიშლიან შევაგროვო და შევისწავლო ნებისმიერი მისაწვდომი გამოქვეყნებული მასალა ნებისმიერ თემაზე და მოვახდინო მათი ინტერპრეტაცია ჩემი გაგების შესაბამისად. ამ გვერდებზე მოცემულია ქროულის მიერ წარმოდგენილი სისტემა, რომელსაც მე გამოვიყენებ, რათა განვმარტო გარკვეული საკითხები, რომლებზეც მაზერსი, უესკოტი და უეიტი - კაბალას ყველაზე ავტორიტეტული თანამედროვე სპეციალისტები - დუმდნენ.
11. რაც შეეხება ინფორმაციას კაბალას დაუწერელი ტრადიციის შესახებ, არც მე და არც მაზერსს არ შეგვშვენის, რომ უკიდურესად გახსნილები ვიყოთ ამ საკითხში. ამიტომ მის მაგალითს მივბაძავ და მხოლოდ იმას გაგანდობთ, რასაც საჭიროდ ჩავთვლი.
12. კაბალას ზეპირსიტყვიერი ტრადიციის არსი მდგომარეობს სიცოცხლის ხეზე სომბოლოთა გარკვეულ ჯგუფთა ორგანიზაციის მეთოდის შესახებ ცოდნაში. ეს ხე, ეც ხაიმი, ათი წმინდა სეფიროტისგან შედგება, რომელიც წარმოდგენილია ხაზებით შეერთებული გარკვეული ქარგის სახით. ამ ხაზებს ეწოდებათ სეფირ იეცირა, ანუ ღვთაებრივი ემანაციის ოცდათორმეტი გზა (რომელსაც ეძღვნება წიგნი ასეთივე სახელწოდებით; იხ. უ. უესკოტის წიგნი - „სეფერ იეცირა“). აქ ჩნდება ერთ-ერთი „ეშმაკობა“, ანუ ხაფანგი არაგანდობილებისთვის, რომელიც დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ძველ რაბინებს. თუ ჩვენ ყველაფერს სკურპულოზურად გადავთვლით, ხეზე ოცდაორ, და არა ოცდათორმეტ გზას აღმოვაჩენთ; მაგრამ თავიანთი მიზნების მისაღწევად რაბინები თავად სეფიროტებსაც გზებად განიხილავდნენ, რითაც შეცდომაში შეჰყავდათ არაგანდობილები.
ამგვარად, პირველი ათი გზა წარმოდგენილია ათი სეფიროტით, ხოლო შემდეგი ოცდაორი - ხეზე არსებული რეალური ხაზებით. შემდეგ ჩვენ დავინახავთ, როგორ შეუძლია ივრითის ოცდაორ ასოს წინააღმდეგობის გარეშე დაუკავშირდეს ამ გზებს. მასთან დაკავშირებულია ასევე ტაროს ოცდაორი მაღალი არკანი, იგივე ატუები, თოტის სამყოფელები. აქ მოხსენიების ღირსია ტაროს კარყის სამი თანამედროვე ავტორიტეტი: დოქტორ ენკოსი, ანუ პაპიუსი, ბატონი ა.ე. უეიტი და მ.ს.ს. ოქროს განთიადის ორდენიდან, რომლის სამუშაოც ქროულიმ თავისი რისკის ფასად გამოაქვეყნა, ეს ავტორიტეტები სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ. თავად ბატონი უეიტი ამის შესახებ ამბობს: „არსებობს სხვა მეთოდიც, რომელიც განდობისთვისაა ცნობილი“. არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ იგი გულისხმობს მაზერსის მიერ გამოყენებულ მეთოდს. პაპიუსი თავის შეხედულებებში განსხვავდება ორივე მწერლისგან, მაგრამ რამდენადაც მისი სისტემა მაინც არღვევს მრავალ შესატყვისობას მისი სიცოცხლის ხეზე განლაგებისას, - რაც ყველა სისტემისთვის გადამწყვეტ გამოცდას წარმოადგენს სიმყარეზე, და რამდენადაც პირიქით, მაზერს-ქროულის სისტემა შესანიშნავად გადიან ამ გამოცდას, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს უკანასკნელი ტრადიციას შეესაბამება, ამიტომ მოცემულ წიგნში სწორედ მისით ხელმძღვანელობას გთავაზობთ.
13. შემდგომ, ხის გზებზე განლაგებულია ზოდიაქოს ნიშნები, პლანეტები და ელემენტები. არსებობს 12 ნიშანი, 7 პლანეტა და 4 სტიქია, ჯამში 23 სიმბოლო. როგორ განვალაგოთ ეს სიმბოლოები 22 გზაზე? აქაც საქმე გვაქვს სხვა „ეშმაკობასთან“, რომლის ამოცნობაც მარტივია. ფიზიკურად ჩვენ ყველანი მიწის/ფიზიკურ სტიქიაში ვიმყოფებით, ამიტომ ეს სიმბოლო არ ჩნდება გზებზე, რომლებსაც უხილავისკენ მივყავართ. ამის შემდეგ რჩება ოცდაორი სიმბოლო, რომლებიც სრულიად შეესაბამებიან, და როგორც მათი სწორად დალაგების შემდეგ დავინახავთ, სრულიად შეესაბამებიან ტაროს კარტებს, ამასთან ყოველი მათგანი კარგად ხსნის მომდევნოს და იძლევა გასაღებებს ეზოთერული ასტროლოგიისკენ და ტაროს კარტით წინასწარმეტყველებებისკენ.
14. ყოველი გზის არსი გამოვლენილ უნდა იქნეს იმ ფაქტის საფუძველზე, რომ იგი ორ სეფიროტს აერთიანებს, და მის მნიშვნელობას მხოლოდ მაშინ გავიგებთ, თუკი მის მიერ შეერთებული სფეროების მნიშვნელობას გავიგებთ. მაგრამ არ შეიძლება სეფიროტის ცალმხრივად გაგება; მას ოთხგანზომილებიანი ბუნება გააჩნია. კაბალისტები ამბობენ, რომ არსებობს ოთხი სამყარო:
აზილუთი - არქეტიპების, ანუ ემანაციების სამყარო, ღვთაებრივი სამყარო.
ბრიაჰი - ქმნილების სამყარო, რომელსაც ასევე ხორსიას უწოდებენ, ტახტების სამყარო.
იეცირა - ფორმებისა და ანგელოზების სამყარო.
ასია - ქმედებების სამყარო, მატერიალური სამყარო.
(მაკ-გრეგორ მაზერსის წიგნიდან - „Qabalah Unveiled“)
15. ითვლება, რომ ათი წმინდა სეფიროტიდან ყოველს გააჩნია თავისი საკუთარი კონტაქტის წერტილი ამ ოთხიდან ყოველ სამყაროსთან. აზილუთის სამყაროში ისინი ვლინდებიან ღმერთის ათი წმინდა სახელის სახით. სხვა სიტყვებით, დიადი გამოუვლენელი, რომელიც კეტერის მიღმა არსებულ სამ საბურველს მიღმა იმყოფება, მკაფიო სახით 10 სხვადასხვა ასპექტად ვლინდება, რომელიც წარმოდგენილია იუდეურ ტექსტებში ღვთაების აღსაწერად გამოყენებული 10 სხვადასხვა სახელით. ისინი სხვადასხვაგვარადაა წარმოდგენილი ბიბლიის ინგლისურ თარგმანებში, და მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობისა და იმ სეფიროტების ცოდნა, რომლებსაც ისინი შეესაბამებიან, საშუალებას გვაძლევს, რომ ძველი აღთქმის მრავალი საიდუმლო გავიგოთ.
16. იგულისხმება, რომ ბრიას სამყაროში ღვთაებრივი ემანაციები ათი ძლევამოსილი არქანგელოზის სახით ვლინდებიან, რომელთა სახელებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რიტუალურ მაგიაში. სწორედ ეს ძალის სიტყვები მოიხსენიება შუასაუკუნეების მაგიაში, როგორც „ბარბაროსული სახელები სულების გამოსაძახებლად“, „რომლებშიც ერთი ასოს შეცვლაც კი არ შეიძლება“. ამის მიზეზი მაშინვე ნათელი გახდება, თუ გავიხსენებთ, რომ ებრაულ ენაში ასო ამავდროულად რიცხვსაც წარმოადგენს, და ნებისმიერი სახელის რიცხვს დიდი მნიშვნელობა აქვს.
17. იეცირას სამყაროში ღვთაებრივი ემანაციები ვლინდებიან არა ცალკეული არსებით, არამედ არსებათა სხვადასხვა ტიპებით, რომლებსაც ანგელოზთა დასებს უწოდებენ.
18. ასიას სამყარო, მისი სეფიროტის თვალსაზრისით განხილვისას, არ წარმოადგენს მკაცრი გაგებით მატერიალურ სამყაროს, არამედ უფრო ქვედა ასტრალურ და ეთერულ სფეროებს, რომლებიც ერთობლივად მატერიის საფუძველს ქმნიან. ამ ფიზიკურ დონეზე ღვთაებრივი ემანაციები ვლინდებიან ე.წ. ათი სამყაროსეული ჩაკრას მეშვეობით, რომლებიც ანალოგიით ადამიანის სხეულის ენერგეტიკულ ცენტრებს ჰგავს. ეს ჩაკრებია: Primum Mobile ანუ პირველადი ბორბალ-ქარები, ზოდიაქოს სფეროები, შვიდი პლანეტა და ელემენტები ერთად აღებული, სულ - ათი.
19. აქედან გამომდინარეობს, რომ ყოველი სეფიროტი შედგება, პირველ რიგში, მისი შესაბამისი სამყაროსეული ჩაკრასგან, მეორე - ანგელოზური დასისგან, დევატებისგან, არქონებისგან, საწყისებისგან ანუ ძალებისგან - გამოყენებული ტერმინოლოგიის შესაბამისად, მესამე - არქანგელოზური ცნობიერებისგან, ანუ ტახტისგან; და მეოთხე - ღვთაების განსაკუთრებული ასპექტისგან. ღმერთი, როგორიც სინამდვილეშია, მთელი მისი სისრულით, ყოფიერების საბურველების მიღმაა დაფარული, იგი მიუწვდომელია არაგასხივოსნებული ადამიანური ცნობიერებისთვის.
20. სეფიროტები შეგვიძლია სამართლიანად განვიხილოთ, როგორც მაკროკოსმიური, ხოლო გზები, როგორც მიკროკოსმიური ობიექტები. ძველ დიაგრამებზე ელვის სახით შეერთებული სეფიროტები, რომლებიც ხშირად ცეცხლოვანი მახვილის სახით გამოისახება, წარმოადგენენ თანმიმდევრულ ღვთაებრივ ემანაციებს, რომლებიც ქმნიან შემოქმედებით ევოლუციას; გზები, თავის მხრივ, წარმოადგენენ ადამიანის ცნობიერებაში კოსმიური ცნობიერების გახსნის თანმიმდევრულ სტადიებს. ძველ გრავიურებზე ხშირადაა გამოსახული გველი, რომელიც ხის ტოტებს ახვევია გარშემო. ეს გველი - ნეხუშტანი, რომელიც „თავის კუდს კბენს“, სიბრძნის და განდობის სიმბოლოა. გველის რგოლები, მათი ხეზე სწორად განლაგების შემთხვევაში თანმიმდევრულად კვეთენ ყოველ გზას და მიანიშნებენ იმ წესრიგზე, რომლითაც უნდა იქნენ ისინი დანომრილნი. თუ ამ გლიფით ვიხელმძღვანელებთ, რთული აღარ იქნება სიმბოლოთა ყველა ცხრილის ხის შესაბამის პოზიციაზე განთავსება - იმ პირობით, რომ სიმბოლოები ამ ცხრილებში სწორად იქნება მოცემული. ზოგიერთ ავტორიტეტულ თანამედროვე შრომებში სწორი თანმიმდევრობა არაა მითითებული, რადგანაც ავტორები, როგორც ჩანს არაგანდობილებისგან ამის დამალვას ამჯობინებენ. მაგრამ, რამდენადაც ეს თანმიმდევრობა სწორადაა მითითებული ცნობილ ძველ წიგნებსა და თავად ბიბლიაში, მე ვერ ვხედავ განსაკუთრებულ აზრს, რომ განზრახ მოვახდინოთ მოსწავლეების დეზორიენტაცია. შესაძლოა გამართლებული იყოს რაღაცის გამჟღავნება, მაგრამ არა ცრუ ინფორმაციის პუბლიკაცია. ჩვენს დროში უკვე აღარავის დევნიან არაორთოდოქსული მეცნიერებების შესწავლისთვის, ასე რომ შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი მიზეზი იმ სწავლების დაფარვისთვის, რომლებიც სამყაროს თეორიას და შესაბამის ფილოსოფიებს ეხება, მაგრამ არა პრაქტიკული მაგიის მეთოდებს: ეს მიზეზია ცოდნაზე მონოპოლიის შენარჩუნება პრესტიჟისა და ძალაუფლების მიზნით.
21. მე ჩემი მხრივ ვთვლი, რომ მსგავსი ეგოიზმი და ჩაკეტილობა დამღუპველი უფროა ოკულტური მოძრაობისთვის, ვიდრე მისი დამცველი. ეს ძველი ცოდვაა - ღვთაებრივი ცოდნის შენახვა ქურუმების მიერ და არაგანდობილებზე მისი გამჟღავნების აკრძალვა; მსგავსი რამ გამართლებულია ბარბაროსობის პერიოდებში, მაგრამ არა ახლა. რა თქმა უნდა, ყველა აუცილებელი ინფორმაცია შესაძლებელია აღმოჩენილ იქნას სპეციალურ ლიტერატურაში ჭეშმარიტი მაძიებლების მიერ, რომლებიც ანგარიშს არ უწევენ დროს, დასდევენ იშვიათ გამოცემებს და სიძუნწის გარეშე დიდ ფულს იხდიან მათში. თუმცაღა დამეთანხმებით, რომ თავისუფალი დროისა და ფულის ქონა არ უნდა წარმოადგენდეს კრიტერიუმს ღვთაებრივი ცოდნის მისაღებად მზადყოფნისათვის.
22. უეჭველია, რომ ნიაღვარივით წამოვა შეურაცხყოფები საიდუმლო ცოდნის იმ თვითმარქვია მცველების მხრიდან, რომლებიც ჩათვლიან, რომ მათ ძვირფას საიდუმლოებებს ვამჟღავნებ. ამაზე ვპასუხობ, რომ არანაირ საიდუმლოს არ ვამჟღავნებ, არამედ ვაგროვებ ყველაფერ იმას, რაც უკვე დიდი ხანია გამოქვეყნებულია. როდესაც პირველად მივიღე წვდომა ზოგიერთი ხელნაწერებისადმი, მათ საიდუმლოდ და ყველასთვის უცნობად ვთვლიდი. ოკულტური ლიტერატურის უფრო ყურადღებით გაცნობამ შემდგომი ძიებების მიმართულება მომცა. აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ იმისგან, რაც საიდუმლოდ ინახება, უკვე გამოქვეყნებულ იქნა თავად მაზერსისა და უესკოტის მიერ. 1927 წელს გამოქვეყნებულ იქნა მაზერსის ახალი გამოცემა კაბალას შესახებ - მისი ქვრივის რედაქციით. მათში შესაძლებელია ამ წიგნში მოყვანილი ცხრილების დიდი ნაწილის პოვნა. რამდენადაც მსგავსი კატალოგები მსოფლიოს ესაიამ, ეზეკიელმა და შუასაუკუნეების რაბინებმა მისცეს, შეგვიძლია დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ მათი საავტორო უფლებები დროსთან ერთად დაკარგულია. ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთრება მსგავს იდეებზე ავტორს ეკუთვნის და არა მის შემდგომ კომენტატორებს, - ამ ავტორს, თავად კაბალას თანახმად, მთავარანგელოზი მეტატრონი წარმოადგენს.
23. თავის დროზე ყველასთვის მისაწვდომი მრავალი ცოდნა ერთიანად იქნა მოგროვებული და შეზღუდულ იქნა განდობილის მიერ ფიცის დაცვის ჩარჩოებით. ცნობილია ქროულის ირონიული შენიშვნა იმ მასწავლებლებისადმი, რომლებმაც იგი საშინელი ფიცებით შეკრეს და შემდეგ „საიდუმლოდ გადასცეს მის სანდო ხელებს ივრითული ანბანი“.
24. კაბალას ფილოსოფია დასავლეთის ეზოთერიას წარმოადგენს. მასში ჩვენ ვხედავთ კოსმოგონიას, რომელიც ძიანის სტანცებში დახაზულს ჰგავს, და რომელსაც თავის შრომებში მადამ ბლავატსკაია ეყრდნობოდა. მათში იგი ხედავდა ტრადიციული სწავლების წყაროებს, რომლებსაც სახელგანთქმულ საიდუმლო დოქტრინაში ხსნიდა. კაბალას კოსმოგონიის გარეშე ჩვენი რელიგიური სისტემა არასრული იქნება, და სწორედ ეს არასრულობაა ქრისტიანობის სისუსტე. ქრისტიანობის მამებმა, თუკი მეტაფორულად ვიტყვით, წყლის გადაღვრასთან ერთად ბავშვიც ზედ მიაყოლეს. კაბალას ზედაპირული გაცნობაც კი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, რომ მასში მნიშვნელოვანი გასაღებებია ზოგადად ბიბლიის და წინასწარმეტყველთა წიგნების გამოცანების გასახსნელად. ნუთუ არსებობს გონივრული საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენს დროში განდობილებმა ყველა თავისი ცოდნა დამალონ? მათ, ვინც თვლის, რომ ცუდად ვიქცევი, რადგანაც ინფორმაციას ვიძლევი იმ საკითხებზე, რომლებიც, როგორც ისინი თვლიან, კერძო საკუთრებაა, ვუპასუხებ, რომ ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი შეხედულება.