თავი მეთორმეტე - ღმერთები სიცოცხლის ხეზე

თავი მეთორმეტე - ღმერთები სიცოცხლის ხეზე
  
1. შედარებითი რელიგიისა და მისი ღარიბი მიმდევრის, ფოლკლორის შემსწავლელი ყველა სტუდენტი თანხმდება იმაში, რომ პრიმიტიული ადამიანი საუკუნეთა მანძილზე აკვირდებოდა და იკვლევდა მის გარემომცველ ბუნებრივ მოვლენებს, ხოლო სამყაროში მოქმედ ძალებს ისეთ ქმნილებებს მიაკუთვნებდა, რომლებიც თავად მას ჰგავდა, მაგრამ ძალაუფლებით ბევრად სჯაბნიდა. იმის გამო, რომ ასეთი ქმნილებების ფიზიკური თვალით დანახვა მათ არ შეეძლოთ, დაასკვნეს, რომ ისინი უხილავები იყვნენ. ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში ვერ ახერხებდა საკუთარი გონების დანახვას, და ვერც გარდაცვლილი მეგობრის სულის ხილვას, რის გამოც ყველა ერთ დასკვნამდე მიდიოდა, - არსებები, რომლებიც ბუნებრივ მოვლენებს წარმოქმნიდნენ, უხილავი ბუნებისანი იყვნენ, მაგრამ, მათ აქტიური გონება და სული გააჩნდათ. 
  
2. ანთროპოლოგები ამბობენ, რომ ჩვენს დროში ეს ყველაფერი ძალიან უხეშად და უადგილოდ ჟღერს, მაგრამ, მხოლოდ იმიტომ, რომ ველური იდეების აღსაწერად ისინი ისეთ ტერმინებს იყენებენ, რომელთაც უხეში ასოციაციები გააჩნიათ. მაგალითად, ჩინეთის უდიდესი და ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ფილოსოფოსის, "ლაო ძის" სტანდარტული თარგმანი, ჟღერს როგორც: "მოხუცი ბიჭუნა". ევროპელი ყურისთვის მსგავსი თარგმანი ცოტა არ იყის კომიკურად ჟღერს, მაგრამ მოცემული ტერმინი არც თუ ისე უცხოა საღმრთო წერილის ალეგორიისთვის, სადაც ქრისტე ბრძანებს: "თუ არ გახდებით, როგორც პატარა ბავშვი, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში". მე არ ვარ სინოლოგი, მაგრამ ვთვლი, რომ თარგმანი "მარადიული ბავშვი", ერთნაირად ზუსტი და უკეთ აღსაქმელი იქნებოდა. 
  
3. მისტერიებში არსებობს ასეთი გამონათქვამი: "არ გმობდეთ სახელს, რომლითაც სხვა საკუთარ უფალს ადიდებს. თუ ამას აკეთებთ ალაჰთან, იგივეს გააკეთებთ ადონაისთან".
  
4. ბოლოს და ბოლოს, იყო თუ არა პრიმიტიული ადამიანი იმ დონეზე განვითარებული, რომ გარესამყაროში მიმდინარე ბუნებრივ ფენომენებს იგივე ხასიათის აქტივობასთან აიგივებდა, როგორიც აზროვნების პროცესი იყო, - მაგრამ უფრო მაღალ დონეზე? არის თუ არა ეს წერტილი, სადაც ფიზიკა და მეტაფიზიკა თანდათან ერთ ჭრილში იყრის თავს? დავუშვათ, ჩვენ ხელახლა უნდა გავაკეთოთ რომელიმე ველური ფილოსოფოსის განცხადება და ვთქვათ, რომ ადამიანის ბუნება, მისივე შემოქმედის მსგავსია; ნუთუ ამით რაიმე ღვთისმგმობელი ან სასაცილო გამოვთქვით?
  
5. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია მოვახდინოთ ბუნების ძალების პერსონიფიკაცია ადამიანური ცნობიერების გადმოსახედიდან; ასევე შეგვიძლია ადამიანური ცნობიერების აბსტრაქციზმი ბუნებრივი ძალების თვალსაზრისით განვიხილოთ. ოკულტურ მეტაფიზიკაში, ორივე მათგანი წარმოადგენს ლეგიტიმურ პროცესს, რომლებიც ძალიან საინტერესო მინიშნებებს და ძალიან მნიშვნელოვან პრაქტიკულ მითითებებსაც იძლევა. თუმცა, ჩვენივე უმეცრებით შეცდომა არ უნდა დავუშვათ და არ უნდა ვთქვათ, რომ A არის B, როცა ვგულისხმობთ, რომ A იგივე ბუნებისაა, როგორიც B. ამავდროულად, შეგვიძლია ლეგიტიმურად ვისარგებლოთ ჰერმეტისტული აქსიომით, რომელშიც ნათქვამია: "რაც ზემოთ, ის ქვემოთ, რაც შიგნით, ის გარეთ". რადგან, თუ A და B ერთმანეთის მსგავსი ხასიათისაა, მაშინ კანონები, რომლებიც A-ს არეგულირებს, შეიძლება B-ს მიმართაც ზუსტი გამოდგეს. რაც სიმართლეა ერთი წვეთისთვის, ჭეშმარიტებაა მთელი ოკეანისთვისაც. შესაბამისად, თუ ჩვენ რაიმე გაგვეგება A-ს ბუნების შესახებ, მასშტაბის სხვაობის გათვალისწინებით შეგვიძლია B-სთან დაკავშირებითაც მრავალი რამ დავასკვნათ. ეს არის ანალოგიის მეთოდი, რომელიც უძველესი დროიდან მოყოლებული, უკვე გამოიყენება ინდუქციურ მეცნიერებაში, თუმცა იმ პირობით, რომ იგი დაკვირვებითა და ექსპერიმენტებით უნდა იქნეს შემოწმებული, და თუ მიდგომა სწორია, მას შეუძლია გამოიღოს რამდენიმე ძალიან ნაყოფიერი შედეგი, მრავალი კილომეტრის მანძილზე სიბნელეში დამღლელი ხეტიალის შემდეგ. 
  
6. ბუნებრივი ძალების პერსონიფიკაცია და მათი გაღმერთება გახლდათ ადამიანის პირველი უხეში და გამჭრიახი მცდელობა, განევითარებინა სამყაროს "მონისტური" თეორია და თავი დაეხსნა გადაუჭრელი დუალიზმის დესტრუქციული და დამღუპველი გავლენისაგან. ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანი ხვეწდა საკუთარ ცოდნას და აფართოებდა ინტელექტს, რათა უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა ამოეკითხა მარტივ კლასიფიკაციაში. მიუხედავად ამისა, მან არ მოიშორა ნამდვილი კლასიფიკაციები, რადგან ისინი ფუნდამენტურად ჯანსაღნი იყვნენ და აქტუალურ ფაქტებს წარმოადგენდნენ. ადამიანმა უბრალოდ დააკონკრეტა და გააფართოვა ისინი, და ბოლოს, მძიმე და ბოროტი დრო-ჟამის დადგომის მომენტში, ჭეშმარიტება ცრურწმენებით გააუფასურა. 
 
7. ამიტომ, არ უნდა მივიჩნიოთ, რომ წარმართული პანთეონები მხოლოდ ადამიანის წარმოსახვის ნაყოფია; ასევე, არ უნდა ვეცადოთ მათ შესწავლას ყოველგვარი ინსტუქციებისა და გეგმის გარეშე. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რას ნიშნავდნენ ეს ღვთაებები უაღრესად განათლებული და კულტურული კულტების მღვდელმთავრებისთვის, თავიანთი აყვავებულობის პერიოდში. 
  
8. ამ საკითხზე მსჯელობისას, მოდით განვიხილოთ ქრისტიანობის ის ფორმა, რომელსაც იგი წარმოადგენდა. არაკეთილგანწყობილი დამკვირვებლები დაასკვნიდნენ, რომ ჩვენ თაყვანს ვცემდით ცხვარს, ხოლო სულიწმიდა საკუთარ თავში საოცარ ინტერპრეტაციებს მოიცავდა. მოდით, გამოვიყენოთ მეტაფორები სხვა ადამიანების მიმართ, თუ მაინც და მაინც არ გვსურს მათ რიგში საკუთარი თავი მივათვალოთ. ძველი წარმართული სარწმუნოების გარეგანი ფორმები არაფრით არის იმ ქრისტიანულ მოძღვრებებზე უფრო უხეში, რომლებიც ადრეულ ლათინურ სახელმწიფოებში არსებობდა. უძველესი სარწმუნოებების შინაგანი ფორმა, შესაძლოა ძალიან დადებითად აისახოს თანამედროვე მეტაფიზიკოსებზე. ბოლოს და ბოლოს, ანტიკურმა ხანამ პლატონი და პლოტინიუსი დაბადა. ადამიანური გონება არ იცვლება, და ის რაც ჩვენთვის ჭეშმარიტებაა, იგივეა წარმართული სამყაროსთვისაც.  ღმერთის კრავი, რომელიც კაცობრიობის ცოდვებს საკუთარი სისხლით გამოისყიდის, მიტრას ხარის განსხვავებული ვერსიაა, რომელიც ზუსტად იგივე მისიას ასრულებს; ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ანტიკურ ხანაში განდობილს პირდაპირი მნიშვნელობით "სისხლში აბანავებდნენ", ხოლო დღეს, თანამედროვე სამყარო ამ იდეას მეტაფორულად აღიქვამს.
  
9. როდესაც წარმართულ კულტურას კარგად შევისწავლით, - როგორც ძველს, ასევე თანამედროვეს, - აღმოვაჩენთ, რომ ალაჰიც, ბრაჰმაც და ამონ-რაც, იმ ერთი ღვთაების განახვავებული სახელებია, რომელსაც თაყვანს ვცემთ; ჩვენ ძალიან ბევრ რამეს გავიგებთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ევროპამ საერთოდ მიივიწყა, როდესაც აბსოლიტურად გაანადგურა და ამოძირკვა ლიტერატურა გნოზისის შესახებ. 
 
10. თუმცა, ჩვენ იმასაც აღმოვაჩენთ, რომ წარმართული სარწმუნოებები თავიანთ სწავლებებს იმგვარი ფორმით წარმოადგენდნენ, რომელიც ევროპული გონებისათვის ნამდვილად არ არის ადვილად ასათვისებელი, ხოლო თუ მათი გაგება და შესწავლა გვწადია, ხელახლა უნდა შევისწავლოთ ისინი, მაგრამ ამჯერად საკუთარი ტერმინებისა და ცნებების გამოყენებით. მეტაფიზიკური კონცეფციები წარმართულ სიმბოლოებს უნდა შევადაროთ; მაშინ ჩვენ შევძლებთ დავაკვირდეთ მისტიური გამოცდილების უზარმაზარ მასალას, რომლებიც თაობების მანძილზე გროვდებოდა. ფსიქოლოგებმა ეს უკანასკნელი საკმაოდ კარგად შეისწავლეს. როდესაც ექსპერიმენტალურ ფსიქოლოგებზე ვსაუბრობთ, ნუ დავუშვებთ შეცდომას და არ გვეგონოს, რომ ასეთი აღმოჩენები სამყაროსათვის ექსკლუზიურად თანამედროვე მიგნებებს წარმოადგენენ, რადგან ანტიკური მისტერიების განდობილები, მათივე განზრახ გამოწვეული ჰიპნოგენური ხილვებით, ზუსტად ისეთივე ექსპერიმენტალური ფსიქოლოგები იყვნენ, როგორებიც თანამედროვე დროში გვხვდებიან; უბრალოდ, მრავალ სხვა ხელოვნებასთან ერთად, მათი ხელოვნებაც დაიკარგა; ხოლო ის, რაც დღემდე მოვიდა, ცალკეული მეცნიერების მიერ თავიანთი შრომისმოყვარეობის ხარჯზე აღდგენილ მეცნიერულ მიგნებებს წარმოადგენენ. 
  
11. მეთოდი, რომელსაც თანამედროვე განდობილი იყენებს ანტიკური მითების ლინგვისტური ინტერპრეტაციებისათვის, ძალიან მარტივი და ეფექტურია. კაბალისტურ სიცოცხლის ხეზე, ადეპტი კავშირს აღმოაჩენს უაღრესად სტილისტურ, წარმართულ სიმბოლიზმსა და საკუთარ, რაციონალურ მეთოდს შორის. ებრაელს, სისხლით აზიელსა და რელიგიით მონოთეისტს, ფეხი ზემოხსენებულ ორივე სამყაროში აქვს ჩადგმული. სიცოცხლის ხეზე გვაქვს ათი წმინდა სეფიროტი, რომლებზეც თანამედროვე ოკულტისტი მეტაფიზიკისა და მაგიის ასპექტებს აფუძნებს. განდობილი იყენებს სიცოცხლის ხის ფილოსოფიურ კონცეფციას, რათა მოახდინოს საკუთარი, ცნობიერი გონების ინტერპრეტაცია, და ამავდროულად სიმბოლიზმთან დაკავშირებით იყენებს მაგიურ და ცერემონიულ ოპერაციებს, რათა დაუკავშირდეს ქვეცნობიერ გონებას. შესაბამისად, ადეპტი საუკეთესო სამუშაოს ასრულებს ორივე სამყაროსთან, ანტიკურთან და თანამედროვესთან დაკავშირებით; რადგან, თანამედროვე სამყარო წარმოადგენს ზედაპირულ ცნობიერებას, რომელმაც საკუთარი თავის საზიანოდ, დაივიწყა და დათრგუნა ქვეცნობიერი; ანტიკური სამყარო სწორედ ის ქვეცნობიერია, რომელიც ოდესღაც ცნობიერი იყო, მაგრამ დავიწყებას მიეცა. როდესაც ეს ორი ასპექტი ერთმანეთთან პოლარიზებულ კავშირში მოდიან, დასაბამს აძლევენ სუპერ-ცნობიერებას, რომელიც არის კიდეც ინიციაციის მიზანი. 
  
12. ზემოთ აღნიშნული ცნებების გათვალისწინებით, შევეცადოთ  კოორდინაცია მივცეთ ანტიკურ პანთეონებს, სიცოცხლის ხეზე. გვაქვს ათი სფერო, ათი წმინდა სეფიროტი და მათ შორის უნდა გადავანაწილოთ  განსხვავებული ღმერთები და ქალღმერთები - იმ პანთეონების მიხედვით, რომელთა შესწავლაც გვინდა. ღვთაებების ინტერპრეტაცია აუცილებლად უნდა მოვახდინოთ სფეროსთან მიმართებაში ჩვენს მიერ დაგროვებული ცოდნის საფუძველზე, და ამავდროულად, დაგროვებულ ცოდნას ვუმატებთ ყველაფერს, რა ინფორმაციაც ჩვენთვის ხელმისაწვდომია, უძველესი ღვთაებების მნიშვნელობის შესახებ. 
  
13. ცხადია, ამ საკითხს დიდი ინტელექტუალური ღირებულება გააჩნია, მაგრამ არსებობს სხვა ღირებულებებიც, რომელიც ადვილად არ გამოაშკარავდება იმ ადამიანისთვის,  ვისაც არ ჰქონია გამოცდილება მისტიურ სამუშაოებში; ცერემონიული რიტუალის შესრულება, რომელიც ღვთაების პერსონიფიცირებული ძალის მუშაობას წარმოადგენს, ძალიან მკვეთრად გამოხატული გავლენით აისახება ნებისმიერი ადამიანის ქვეცნობიერზე, რომელიც ოდნავ მაინც ექვემდებარება ფსიქიკურ ზემოქმედებას. ანტიკურ დროში მოღვაწე ადამიანებმა ასეთი რიტუალები სრულყოფილების ძალიან მაღალ დონემდე აიყვანეს, და როდესაც ჩვენ, თანამედროვენი, ვცდილობთ აღვადგინოთ პრაქტიკული მაგიის დაკარგული ხელოვნება, შეგვიძლია მათი დაკვირვებით შესამჩნევი პროგრესი განვიცადოთ. ევროპული მაგიის მთელი ფილოსოფია სიცოცხლის ხეზეა დაფუძნებული, და ნურავის ექნება იმედი, რომ წარმატებით შეძლებს მის გამოყენებას, როდესაც კაბალისტურ მეთოდებში გაწვრთნილი არ არის. სწორედ ტრენინგის ნაკლებობა აქცევს პოპულარულ ოკულტიზმს გადაგვარების, დეგრადაციისა და ცრურწმენების გავლენის ქვეშ. "ნომერი, რომელიც შენს სახელში დევს", ჩვენთვის გახდება სრულიად განსხვავებული მნიშვნელობის, როდესაც შევისწავლით მათემატიკურ კაბალას. ასევე, ყავის ნალექზე მკითხაობაც სხვა მნიშვნელობას შეიძენს, როდესაც დავადგენთ მაგიური ხატ-სახეების მნიშვნელობას და მათ ინტერპრეტაციას, რომელიც არაცნობიერის ფარდაში შესაღწევი ფსიქოლოგიური მოწყობილობაა. 
  
14. ჩვენ ვახარისხებთ ყოველი წარმართული პანთეონის ღმერთსა და ქალღმერთს ათი წმინდა სეფიროტის სფეროში; ამ საკითხში ძირითადად ასტროლოგიური ასოციაციები გვიწევენ ხელმძღვანელობას, რადგან ასტროლოგია წარმოადგენს უნივერსალურ ენას, და ყოველი ადამიანი, ერთსა და იმავე პლანეტას ხედავს მოცემულ სფეროში. სივრცე მიემართება კეტერს, ზოდიაქალური სფერო ეკუთვნის ხოქმას, ხოლო მომდევნო შვიდი პლანეტა განეკუთვნება დანარჩენ სეფირებს, რომელშიც მერვე პლანეტა, ანუ დედამიწა, მალქუთს ეკუთვნის; შესაბამისად, ნებისმიერი ღმერთი, რომელიც სატურნთან ასოცირდება, უნდა მივაკუთვნოთ ბინას, ისევე როგორც ნებისმიერ ქალღმერთში, რომელთან მიმართებაშიც გამოყენებული იქნება ტერმინი: "პირველყოფილი დედა", "უმაღლესი ევა", ან "მიკროპროსოპოსის პატარძალი", - მალქუთი იგულისხმება. კეტერის, ხოქმასა და ბინას ზეციური სამება ყოველთვის ასახავს ძველ ღმერთებს და ყოველი პანთეონი მათ იმ ღვთაებების წინამორბედებად აღიარებენ, რომელთაც ამჟამად ეთაყვანებიან. ღვთაება რეა და კრონოსი, განასახიერებს ბინასა და ხოქმას, ხოლო იუპიტერი ხესედს. ყველა სიმინდისა და ხორბალის ქალღმერთი შეესაბამება მალქუთს, და ყველა მთვარის ქალღმერთი იესოდს. ომისა და ნგრევის ღმერთები, ასევე ღვთაებრივი ეშმაკები, ასახავენ გებურას, ხოლო ყველა სიყვარულის ღვთაება ნეცახთან ასოცირდება. სიბრძნის მომნიჭებელ ღმერთებს ჰოდთან აკავშირებენ; გამომსყიდველი და მსხვერპლად შეწირული ღმერთები კი ტიფარეტის სეფირაზე მიუთითებენ. 
  
15. ქროული, "777"-ში, ღვთაებებს სეფიროტებთან ერთად, ბილიკებთანაც აკავშირებს . ჩემი აზრით, ეს შეცდომაა და შესამჩნევ გაურკვევლობას იწვევს. ბუნებრივი ძალების განსახიერებას მხოლოდ სეფიროტები წარმოადგენენ; ბილიკები ცნობიერების საფეხურებს ასახავენ. სეფირა ობიექტურია, - ბილიკი სუბიექტური. სწორედ ამიტომ, ინიცირებულები სეფიროტებს ბილიკებისგან განსხვავებულ ფერთა შკალაში განიხილავენ. ვინც ამ გლიფს კარგად იცნობს, მიხვდება, რასაც ვგულისხმობ. 
  
16. ჩემი აზრით, ბილიკები იმ წმინდა სახელის მფარველობის ქვეშ უნდა განვიხილოთ, რომელსაც მის წვეროებში მყოფი სეფიროტები განასახიერებენ, და ამავდროულად, ისინი არ უნდა აგვერიოს სხვა პანთეონებში. მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია ინტელექტუალური განმანათლებლობის მიზნით სხვადასხვა სისტემებს მივმართოთ, ჩვენი მხრიდან უგუნური საქციელი იქნება, თუ პრაქტიკულ მეთოდებს ერთმანეთში ავურევთ და ცნობიერების ფუნქციონირების დონეებს არასწორად გადავანაწილებთ. 
  
17. მაგალითად, მეჩვიდმეტე ბილიკი, სეფირა ბინასა და ტიფარეტის დამაკავშირებელი, "სეფერ იეცირაში" ჰაერის ელემენტს შეესაბამება. ამიტომ, ჩვენ რიტუალური თვალსაზრისით ვმუშაობთ ჰაერის ელემენტთან და მასთან დაკავშირებულ წმინდა სახელებთან ერთად, სადაც შესაბამის ტატვებსაც ვიყენებთ; ეს მიდგომა უკეთესია, ვიდრე ქროულის მიერ მოყვანილი ღვთაებების, პოლუსის, იანუსის, აპოლოს, მერტის და სხვა ასოციაციების გამოყენება, რომელთა შესაბამისობების გარკვევა, საკმაოდ რთულ სამუშაოს წარმოადგენს. 
  
18. სეფიროტების ინტერპრეტაცია მაკროკოსმოსური თვალსაზრისით უნდა მოვახდინოთ, ხოლო ბილიკების ინტერპრეტაცია მიკროკოსმოსურით. ამგვარად, ჩვენ სეფიროტის ხის ასოციაციებს ერთდროულად აღმოვაჩენთ როგორც გარესამყაროში, ასევე საკუთარ არსებაშიც.

გაგრძელება იქნება...

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff