თავი მეხუთე - დაფარული ყოფიერება

თავი მეხუთე - დაფარული ყოფიერება
 
1. ეზოთერიკოსი, რომელმაც მიზნად დაისახა თავისი ფილოსოფიის ფორმულირება, რათა სხვებს გადასცეს იგი, აწყდება იმ ფაქტს, რომ ყოფიერების მაღალი ფორმების მისი ცოდნა მიღებულია არა აზროვნების მეშვეობით, არამედ ერთგვარი პროცესით, რომელიც მხოლოდ მაშინ მიმდინარეობს, როდესაც იგი აზროვნების სფეროს ტოვებს. შესაბამისად, ტრანსცენდენტული იდეების უმაღლესი ფორმების გაცნობიერება ცნობიერების მხოლოდ იმ სფეროშია შესაძლებელი, რომელიც აზროვნების საზღვრებს სცდება. ამას მხოლოდ ის აღწევს, ვისაც შეუძლია არა მხოლოდ თავისი იდეების ფორმულირება თავისი პირვანდელი ფორმით, არამედ შეძლებს გადასცეს იდეის გაცნობიერება ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ცნობიერების უმაღლეს მდგომარეობაში ყოფნის გამოცდილება, აძლევს რა მათ გარკვეულ სახეს, რამეთუ სხვაგვარად შეუძლებელია ამ იდეების ადეკვატურად გადაცემა. მისტიკოსები თავიანთი აღქმის გადმოსაცემად იყენებენ ნებისმიერ წარმოსახვით ალეგორიას, ფილოსოფოსები სიტყვების ლაბირინთში იხლართებიან. და ყველა ძალისხმევა ამაოა, თუკი საქმე „არაგასხივოსნებულ“ გონებას ეხება. თუმცაღა კაბალისტები სხვა მეთოდს იყენებენ. ისინი არ ცდილობენ იმის ახსნას, რასაც მოუმზადებელი გონება ვერ მოერევა. ისინი სთავაზობენ ადამიანს სიმბოლოებს მედიტაციისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს მას, ნაბიჯ-ნაბიჯ ააწყოს გაცნობიერების კიბე და ავიდეს მისი მეშვეობით იქ, სადაც ვერ აფრინდება. რაც შეეხება გონებას, მას არ შეუძლია აღიქვას ტრანსცენდენტული ფილოსოფია იმაზე უკეთ, ვიდრე თვალი აღიქვამს მუსიკას. 
 
2. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ სიცოცხლის ხე წარმოადგენს არა იმდენად სისტემას, რამდენადაც მეთოდს. ისინი, ვინც მისი ფორმულირება მოახდინა, აცნობიერებდნენ იმ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას, რომ ხედვის მკაფიოობის მოსაპოვებლად აუცილებელია შევზღუდოთ ხედვის ველი. ფილოსოფოსების უმეტესობამ თავიანთი სისტემები აბსოლუტზე დააფუძნეს - საკმაოდ არამყარ ცნებაზე, რამდენადაც ადამიანურ გონებას არ ძალუძს არც განსაზღვროს და არც აღიქვას აბსოლუტი. ზოგიერთი ცდილობს გამოიყენოს უარყოფა, და ამტკიცებს, რომ აბსოლუტი შეუცნობელია და ყოველთვის შეუცნობელად უნდა დარჩეს. კაბალისტები იფარგლებიან სიტყვებით, რომ აბსოლუტი მიუწვდომელია აღქმისთვის ცნობიერების იმ მდგომარეობაში, რომელიც ადამიანებისთვის ნორმალურად ითვლება. 
 
3. ამგვარად, თავისი სისტემის შესაბამისად კაბალისტები საბურველს აფარებენ გამოვლინების გარკვეული საფეხურის წინ, მააგრამ არა იმიტომ, რომ იქ არაფერია, არამედ იმიტომ, რომ გონება, როგორც ასეთი, აქ უნდა გაჩერდეს. როცა ადამიანური გონება თავისი განვითარების უმაღლეს საფეხურს აღწევს და განთავისუფლებულ ცნობიერებას ძალუძს მისგან განცალკევება, თითქოს თავის საკუთარ მხრებზე დადგაო, ჩვენ ვღებულობთ შესაძლებლობას, რომ შევაღწიოთ დაფარული ყოფიერების ეგრეთ წოდებულ საბურველებს მიღმა. თუმცაღა, თუკი ჩვენ ვკმაყოფილდებით ამ საბურველების, როგორც ფილოსოფიური პირობითობების აღქმით, და თუ გვახსოვს, რომ ისინი დაკავშირებულნი არიან არა სამყაროს მოწყობასთან, არამედ ადამიანის შეზღუდვებთან, მაშინ არაფერი შეგვიშლის ხელს, რომ სამყაროს მოწყობას ჩვენი ყველა პრაქტიკული მიზნის დაკმაყოფილებისთვის ჩავწვდეთ. მაგრამ თავად საგნების წარმოშობა აუხსნელია ჩვენი ფილოსოფიის ტერმინებში. და რა შორსაც არ უნდა დავბრუნდეთ უკან, ხილული სამყაროს პირველწყაროებთან, ყოველთვის ვიპოვნით მის უკან მყოფ არსებობას. მხოლოდ მაშინ, როცა დაფარული ყოფიერების ფარდას (საბურველს) ვხსნით გზიდან, რომელიც საწყისებთან გვაბრუნებს, ჩვენ ვღებულობთ ფონს, რომლის მეშვეობითაც ხილული ხდება პირველმიზეზი. და ეს პირველმიზეზი სულაც არაა წყარო, რომელსაც საწყისი არ გააჩნია, არამედ იგი პირველი გამოვლინებაა გამოვლინების დონეზე. მხოლოდ აქამდე შეუძლია შეღწევა გონებას. მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სიღრმე ყველასთვის სხვადასხვაა. უმეცარი ადამიანი არ მიდის ღმერთის, როგორც თეთრწვერა მოხუცის შესახებ წარმოდგენაზე შორს, რომელიც ოქროს ტახტზე ზის და მითითებებს იძლევა სამყაროს შექმნისთვის. მეცნიერი შედარებით უფრო ღრმად აღწევს, სანამ იძულებული იქნება ახსნას საბურველი, რომელსაც ეთერს უწოდებენ, ფილოსოფოსი უფრო შორს წავა, სანამ ახსნის საბურველს, რომელსაც აბსოლუტს უწოდებენ. განდობილი კი ყველაზე შორს წავა, რამეთუ მას სიმბოლოებით აზროვნება აქვს ნასწავლი, სიმბოლოები კი გონებისთვის იგივეა, რაც ინსტრუმენტი ხელისთვის, - მისი შესაძლებლობების გაფართოების საშუალება. 
 
4. საწყის წერტილად კაბალისტი იყენებს კეტერს - გვირგვინს, პირველ სეფირას, რომლის სიმბოლიზებასაც ერთიანით ან წრეში წერტილით ახდენს. აქედან იგი მოძრაობს უკუ-მიმართულებით დაფარული ყოფიერების სამი საბურველისკენ. ეს მიდგომა განსხვავდება უფრო ტრადიციულისგან - როდესაც ევოლუციის პროცესის წვდომას აბსოლუტის იდეაზე დაყრდნობით ცდილობენ. კაბალისტის მეთოდი ვერ იძლევა და ვერც მოგვცემს დაუყოვნებლივ და სრულ ცოდნას ყოველი საგნის წყაროს შესახებ, მაგრამ იგი საშუალებას აძლევს გონებას, რომ ძიებას შეუდგეს, რადგანაც იქ, სადაც სტარტი არაა, ფინიშიც არ იქნება. 
 
5. ამგვარად, კაბალისტი იწყებს თავის ძიებას იქიდან, საიდანაც მისი დაწყება შეუძლია, - პირველი წერტილიდან, რომელიც სასრული ცნობიერების წვდომის ფარგლებში იმყოფება. კეტერი შეესაბამება ღმერთის ყველაზე ტრანსცენდენტულ ფორმას, რომლის აღქმაც შეგვიძლია, და რომლის სახელიცაა „იეჰიეჰ”, რომელიც ბიბლიის კანონიზებული ვერსიით ითარგმნება, როგორც „მე ვარ“, ანუ უფრო ზუსტად, წმინდა ყოფიერება, რომელიც თავის თავში სუფევს.
 
6. მაგრამ მანამ, სანამ სიტყვები ქმედით ძალებად იქცევიან, საჭიროა მათი დაკავშირება სხვა იდეებთან, რათა მათ შეძლონ გონებისთვის განსაზღვრული აღქმის მიცემა. ამიტომ მეორე სეფირის - ხოქმას შესწავლით, ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ კეეტერის წვდომას და მართლა ვუახლოვდებით მისი მნიშვნელობის გაგებას მხოლოდ მაშინ, როდესაც ვხსნით ყველა  -ათივე სეფიროტს. ჩვენ შევძლებთ კეტერის წვდომას მხოლოდ მაშინ, თუკი ხელთ გვექნება მთელი ინფორმაცია, რომელიც მისი ბუნების წვდომის გასაღებს მოგვცემს. სიცოცხლის ხესთან მუშაობისას ყველაზე ბრძნულია - ვიმოძრაოთ მასზე, ნაცვლად იმისა რომ ვკონცენტრირდეთ მის რომელიმე წერტილზე მის სრულ დაუფლებამდე, რადგანაც აქ ყველაფერი ხსნის და ავსებს ერთმანეთს, და „გასხივოსნება“ მოდის სწორედ სხვადასხვა სიმბოლოებს შორის ურთიერთკავშირების დანახვით. და კვლავაც გავიმეორებ, რომ ხე არ წარმოადგენს ცოდნის სისტემას - ეს მხოლოდ სახელმძღვანელო რუქაა გონების გამოყენებისთვის. 
 
7. მაგრამ მოცემულ მომენტში ჩვენ ვსწავლობთ არა ემანაციებს, არამედ პირველ-მიზეზებს — იმ დონით, რა დონითაც გონებას შეუძლია მათში ჩაწვდომა; და რაც არ უნდა პარადოქსული მოგეჩვენოთ ეს, უფრო შორს შევაღწევთ მათში, თუ საბურველს მოვხსნით, ვიდრე მაშინ, როცა სიბნელეში შეღწევას ვცდილობთ. ახლა ჩვენ ვეცდებით ავღწეროთ კეტერის მდგომარეობა ერთი წინადადებით, რომელსაც ღრმა აზრი არ ექნება დამწყებისთვის, მაგრამ სკურპულოზურად უნდა დაიმახსოვროთ, რადგანაც ეს აზრი მალე დაიწყებს გახსნას. ამგვარი ქმედებით ჩვენ მივყვებით უძველეს ეზოთერულ ტრადიციას - მოსწავლისთვის იმ სიმბოლოს გადაცემას, რომელიც გააზრებას და მის გონებაში მომწიფებას ექვემდებარება, განსხვავებით მიდგომისგან, როდესაც მოსწავლეს ეძლევა ზუსტი ინსტრუქცია, რომელიც არ შეიცავს ინფორმაციას. მსგავს წინადადება-თესლს, რომელსაც მკითხველის ქვეცნობიერში ჩავაგდებთ, წარმოადგენს ფრაზა: „კეტერი გამოუვლენელი/არამანიფესტირებული მალხუთია“. მაზერსი (ზემოთნახსენებ წიგნში) ამბობს: „დაფარული სინათლის უსაზღვრო ოკეანე არ მოდის ცენტრიდან, რამეთუ მას არ გააჩნია ცენტრი, არამედ კონცენტრირდება ცენტრად, რომელიც წარმოადგენს გამოვლენილი სეფიროტების ერთიან რიცხვს, ანუ კეტერს, გვირგვინს, პირველ სეფიროტს“. 
 
8. ერთი შეხედვით ეს სიტყვები წინააღმდეგობრივი და გაუგებარია. „დაფარული სინათლე“ - უბრალოდ მცდელობაა იმის გადმოცემისა, რომ აღწერილ საგანს თუმც გააჩნია სრულიად განსაზღვრული, სინათლესთან საერთო თვისებები, მაგრამ არ წარმოადგენს სინათლეს ამის ჩვეული გაგებით. სიტყვები ძალიან ცოტას გვეუბნებიან იმის შესახებ, რის აღსაწერადაც არიან მოწოდებულნი. შეიძლება ასწავლო, თუ როგორ არ აურიო დაფარული სინათლე ჩვეულებრივ სინათლეში, მაგრამ ასწავლო ფიქრი იმაზე, თუ რას წარმოადგენს იგი სინამდვილეში, - რთულია იმ მიზეზით, რომ გონება ჯერ არ ფლობს ხატ-სახეებს წარმოსახვისთვის, უბრალოდ ვერ მომწიფდა აქამდე. მიუხედავად ამისა, თუმცა კი სიტყვები არ გვეუბნებიან ყველაფერს, რისი ცოდნაც გვსურს, ისინი თითქოს უბიძგებენ წარმოსახვას. ხატ-სახეები იძირებიან ქვეცნობიერში, რომელიც დაკავშირებულია მათთან. ამგვარად, ცოდნა უფრო და უფრო იზრდება, თუკი კაბალისტურ მეთოდს თავის პრაქტიკულ გამოყენებას უძებნიან, როგორც დასავლურ იოგას. 
 
9. კაბალისტები გამოყოფენ გამოვლენილის სამ და გამოუვლენელის, ანუ დაფარული ყოფიერების სამ დონეს. სამიდან პირველს ეწოდება „აინ“, დაფარული; მეორეა - „აინ სოფ“, დაფარული უსაზღვრო; მესამეა - „აინ სოფ აურ“, დაფარული უსაზღვრო სინათლე. სწორედ ამ უკანასკნელისგან წარმოიშობა კეტერი. ეს ტერმინები დაარქვეს დაფარული ყოფიერების სამ საბურველს, რომლებიც კეტერს უკავშირდება. სხვა სიტყვებით, ისინი ალგებრულ სიმბოლოებს წარმოადგენენ, რომლებიც წვდომას გვიხსნიან იმისკენ, რაც აზრის საზღვრებს სცდება, და ამავდროულად - ფარავს იმას, რასაც ისინი სინამდვილეში წარმოადგენენ. ეს - ტრანსცენდენტული რეალობის ნიღბებია. თუკი დაფარული ყოფიერების მდგომარეობებზე იმ ობიექტების ტერმინებით ვიფიქრებთ, რომლებსაც კარგად ვიცნობთ, ამით შეცდომას დავუშვებთ, რადგანაც რადაც არ უნდა ვთვლიდეთ მათ, ესენი ვერ იქნებიან - ჯერ არ არიან გამოვლენილნი. ამიტომ ტერმინი „საბურველი“ გვასწავლის, რომ გამოვიყენოთ იდეები საკუთარ თავში, როგორც არანაირი აზრის შემცველი იარლიყების სახით, რომლებიც შემდგომში გამოგვადგებიან. ამაში მდგომარეობს ნებისმიერი სიმბოლოს სწორი გამოყენება. საბურველების მსგავსად, ისინი ფარავენ იმას, რასაც სინამდვილეში წარმოადგენენ, სანამ გასაგებ ტერმინებამდე არ დავიყვანთ მათ. მიუხედავად ამისა, ისინი დაგვეხმარებიან, შევაფასოთ იდეები, რომლებიც სხვაგვარი მიდგომით ვერ იქნებიან გააზრებულნი და აღქმულნი ინტელექტის მიერ. და რადგანაც სიცოცხლის ხე - ვარიანტების მრავალფეროვნებაა, ეს საბურველები ერთგვარ საშენ მასალებად გამოიყენება ახალი აზრების შენებისთვის. მსგავს საბურველებს, ანუ არამკაფიო სიმბოლოებს, არანაირი ფასეულობა არ გააჩნიათ ჩვენთვის, სანამ არ გაქრებიან და არ გამოავლენენ იმას, რასაც ფარავდნენ. მხოლოდ ჩვენი წარმავალი უმწეობის მიზეზით ვართ იძულებულნი, რომ გამოვიყენოთ ეს გადაუჭრელი სიმბოლოები, და გონება, რომელიც ეზოთერული ფილოსოფიისკენ ისწრაფვის, ამგვარი შეზღუდვებით ახალ უნარებს იძენს. ეს გზა საფუძვლად უდევს სიბრძნის გახსნას, რადგანაც ინტელექტი „რაციონალური კვების“ შედეგად მყარდება, და ერთ მშვენიერი დღეს, როდესაც კეტერამდე ავბობღდებით, შევეცდებით, რომ მოვხსნათ საბურველი და დავინახოთ უსაზღვრო სინათლე. ეზოთერიკოსი არ იზღუდება განცხადებით, რომ უცნობი შეუცნობელს წარმოადგენს, რადგანაც იგი პირველ რიგში ევოლუციონისტია და იცის, რომ იმას, რასაც დღეს ვერ ვანხორციელებთ, შევძლებთ, რომ ხვალ განვახორციელოთ - დროის კოსმიურ მასშტაბებში. მან ასევე იცის, რომ ევოლუციის დრო შინაგან დონეებზე ინდივიდუალურია და იზომება, მაგრამ არ რეგულირდება დედამიწის თავისი ღერძის გარშემო ბრუნვებით. 
 
10. ეს სამი საბურველი - აინ, დაფარულობა, აინ სოფ - დაფარული უსაზღვრო და აინ სოფ აურ - დაფარული უსაზღვრო სინათლე, თუმცა კი არ გვაძლევენ იმედს, რომ მათ ბოლომდე შევიცნობთ, მაინც გვიბიძგებენ გარკვეული იდეებისკენ. დაფარულობა გულისხმობს გონებისთვის მიუწვდომელი ბუნების არსებობას. ჩვენ არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რაღაც, რაც ერთდროულად თან არსებობს, თან არ არსებობს, შესაბამისად, იძულებულნი ვართ დავუშვათ ჩვენთვის მანამდე უცნობის, წარმოუდგენელის არსებობა. ყოფიერების ფორმა, ყოფიერებაზე ჩვენი წარმოდგენის თანახმად, არ არსებობს, თუმცაღა იგი არსებობს არსებობის შესახებ თავისი საკუთარი იდეის შესაბამისად. ძალიან ბრძენი ადამიანის სიტყვებით: „...არის ბევრი რამ ცასა და მიწაზე, რაც ბრძენებსაც კი არ დასიზმრებიათ...“ (უ. შექსპირი - „ჰამლეტი“).
 
11. მაგრამ, თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ დაფარული ყოფიერება ჩვენი წვდომის მიღმაა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თავად ვიმყოფებით მისი ზეგავლენის მიღმა. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს პირდაპირი წვდომა ამ სფერომდე, ჩვენ მაინც ვრწმუნდებით, რომ ყველაფერი მისგან მომდინარეობს; მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს მისი უშუალოდ აღქმის შესაძლებლობა, მაინც განვიცდით მის ზეგავლენას. არ ვიცით რა მისი ბუნება, მაინც შევიგრძნობთ მის მოქმედებას, ზუსტად ისევე, როგორც თუკი ელექტროობის ბუნება არ ვიცით, მაინც შეგვიძლია მისი გამოყენება და მის თვისებებზე მსჯელობა. ისინი კი, ვინც ყველაზე შორს შეაღწია უჩინარში, წარმოდგვიდგენენ სიმბოლურ აღწერილობებს, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია შევაბრუნოთ ჩვენი ინტელექტი აბსოლუტის მიმართულებით, მაშინაც კი, თუკი ვერ შევძლებთ მის მიღწევას. მათ დაფარული ყოფიერება ესმით, როგორც სინათლე: „აინ სოფ აურ, დაფარული უსაზღვრო სინათლე“. მათ განმარტეს პირველი გამოვლინება, როგორც ბგერა: „პირველად იყო სიტყვა“. ერთხელ იშვიათი თვითგაცნობიერებულობის მქონე ადამიანს ვუსმენდი. მან თქვა: „თუ გსურთ იცოდეთ, რა არის ღმერთი, შემიძლია ეს ერთი სიტყვით გადმოგცეთ: ღმერთი არის ზემოქმედება“. და მაშინვე, ჩემს ცნობიერებაში გაჩნდა ერთგვარი ხატ-სახე, და წვდომაც მოვიდა. შემეძლო სიცოცხლის დინება არსებობის ყველა არხით აღმექვა. თუმცაღა თუკი ამ სიტყვებს გავაანალიზებთ, მათში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ აღმოვაჩენთ. მიუხედავად ამისა, მათ გადმომცეს ერთგვარი ხატ-სახე, სიმბოლო, და ინტელექტმა ინტუიტიურად, საღი აზრის საზღვრებს მიღმა, მიაღწია გაგებას, თუმცა ეს უკანასკნელი შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ხატ-სახის მეშვეობით. 
 
12. ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ იმას, რომ განსაკუთრებულად აბსტრაქტულ სფეროებში ჩვენი გონება იყენებს სიმბოლოებს, რომლებიც სათანადო მოპყრობისას ცნობიერების, აზრთა ერთგვარი თესლების სტიმულაციას ახდენენ, რომლებიდანაც გაცნობიერება ამოიზრდება, თუმცა კი ჩვენ არ შეგვიძლია თავად სიმბოლოს გაგება. 
 
13. თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ, გაცნობიერება ახდენს აბსტრაქტულის კონკრეტიზებას, ითვისებს საკუთარი ბუნების ტერმინებით იმას, რაც სხვა სფეროს მიეკუთვნება. ჩვენ უზარმაზარ შეცდომას დავუშვებთ, თუკი ჰერბერტ სპენსერთან ერთად ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ თუ რაღაც მიუწვდომელია ყველაზე განვითარებული გონებისთვისაც კი, მაშინ იგი მუდმივად შეუცნობელი დარჩება. დროთა განმავლობაში ჩვენი ცოდნა იზრდება, ადამიანის უნარები ვითარდება. ინიციაციის სათბურში, რომელიც უამინდობისგან იცავს, ხდება ევოლუციის შემდგომი სვლით გათვალისწინებული უნარების განვითარება. ადეპტის ცნობიერების განვითარება იმ ზღვრამდეა შესაძლებელი, რომელიც ამჟამად ადამიანური გონების ჰორიზონტს მიღმაა. ინიცირებადი იდეები შესაძლებელია მოწოდებულ იქნას მხოლოდ სიმბოლური ფორმით, მაგრამ ნებისმიერი ინტელექტი, რომელსაც რაიმე სახით გააჩნია ახალი ფუნქციონირების გამოცდილება, შემდგომშიც შეძლებს იხელმძღვანელოს ამ იდეებით თავის საკუთარ დონეზე, მაგრამ მას ყოველთვის არ შეუძლია, რომ გაცნობიერებული ცხოვრების დონეზე გადმოიტანოს ისინი. აი, რატომაა ეზოთერულ ლიტერატურაში გაბნეული ნაყოფიერი ხატ-სახე-თესლები მსგავსად ფრაზებისა: „ღმერთი ზემოქმედებაა“, ან „კეტერი დაფარული ყოფიერების მალქუტია“. თავისთავად ისინი მხოლოდ მყისიერად იმყოფებიან ცნობიერებაში, გაგების ნათელი გაელვების მსგავსად, მაგრამ მათ გარეშე ფილოსოფიური აზრი უნაყოფოდ რჩება. წარმატებული განაყოფიერების შემთხვევაში კი, ახალი იდეა, სანამ დაიბადება, ყველა სტადიას გადის - დაწყებული აზრის უფორმო ჩანასახიდან. 
 
14. თუკი ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ინტელექტის ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ იდეის ფარული განვითარების პერიოდი განაყოფიერების შემდეგ. სულების გამოძახება კანდიდატის ინიციაციის რიტუალში იმგვარადაა ჩაფიქრებული, რომ განახორციელოს, ხატოვნად რომ ვთქვათ, კანდიდატის ცნობიერების მხოლოდ ჩასახვა. თუმცაღა სწორედ ხის გზები, რომლებიც სულის გასხივოსნების საფეხურებს წარმოადგენენ, ასოცირდებიან საბოლოო ჯამში განდობის რიტუალების სიმბოლიზმთან.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff