თავი მეექვსე - სიცოცხლის ხე

თავი მეექვსე - სიცოცხლის ხე
 
1. სანამ ყოველი კონკრეტული სეფირის მნიშვნელობას გავიგებთ, ჯერ სიცოცხლის ხის, ოზ ხიიმის, როგორც მთლიანი სტრუქტურის საერთო შემადგენლობა უნდა გავიგოთ. 
 
2. ეს გლიფი, ანუ სიმბოლო, განკუთვნილია კოსმოსისა და მასთან დაკავშირებული ადამიანის სულის მთელი სისავსით წარმოჩენასთან. მისი შესწავლის კვალდაკვალ ვხედავთ, რომ ეს უიშვიათესად ზუსტი წარმოდგენაა. ჩვენ ვიყენებთ მას, როგორც ინჟინერი ან მათემატიკოსი იყენებს კალკულატორს, - გარესამყაროში ან სულის სიღრმეებში ყოფიერების რთული ასპექტების შეფასებისთვის და გამოთვლისათვის.

diagram%20 %2033
 
3. როგორც დიაგრამიდან (#3) ჩანს, იგი წარმოდგენილია გარკვეული თანმიმდევრობით დალაგებული ათი წრით, რომლებიც ერთმანეთთან ოცდაორი ხაზით არიან შეერთებულნი. სწორედ ეს წრეები წარმოადგენენ ათ ღვთაებრივ სეფიროტს, ხოლო მათი დამაკავშირებელი ხაზები - გზებს წარმოადგენენ.
 
4. ყოველი სეფიროტი ევოლუციის გარკვეულ ფაზას წარმოადგენს. რაბინები თავიანთ ენაზე სეფიროტებს "ათ ღვთაებრივ ემანაციას" უწოდებდნენ. გზები წარმოადგენენ სუბიექტური ცნობიერების განვითარების ფაზებს, ანუ საფეხურებს, გრადაციებს (ლათ. Gradus, ნაბიჯი), რომელთა შესაბამისადაც სული კოსმოსში ვლინდება. სეფიროტები ობიექტურია, გზები - სუბიექტური. 
 
5. მოდით, კვლავ გავიხსენოთ, რომ მე განვიხილავ რაბინების ტრადიციულ კაბალას არა როგორც ძველ რელიქვიას, არამედ როგორც სტრუქტურას, რომელიც ძველის საფუძველზე გაჩნდა იმ ადამიანთა თაობების ძალისხმევათა გამო, რომლებიც მას ჩასწვდნენ. დამწყებებიც და ადეპტებიც - ყველანი იყენებდნენ სიცოცხლის ხეს სულიერი განვითარების ინსტრუმენტად და მაგიური მოქმედებებისათვის. ესაა თანამედროვე, ანუ ალქიმიური კაბალა, როგორც მას უწოდებენ. მალე დავრწმუნდებით, რომ იგი თავის თავში ბევრად მეტს მოიცავს, ვიდრე რაბინების ტრადიციული ცოდნა. 
 
6. მოდით, ახლა განვიხილოთ ხის საერთო სქემა და მისი არსი. პირველ დიაგრამაზე ჩანს, რომ წრეები, რომლებიც სეფიროტებს წარმოადგენენ, განლაგებულნი არიან სამი ვერტიკალური სვეტის სახით, და რომ შუა სვეტის ცენტრში სეფირა კეტერი იმყოფება. იგი სხვებზე ზემოთაა განლაგებული და სეფიროტების ზედა სამკუთხედის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ იგი უკვე განვიხილეთ მესამე თავში. გავიხსენოთ მაზერსის სიტყვები: „დაფარული სინათლის უსაზღვრო ოკეანე არ მოდის ცენტრიდან, რამეთუ მას არ გააჩნია ცენტრი, არამედ კონცენტრირდება ცენტრად, რომელიც წარმოადგენს გამოვლენილი სეფიროტების ერთიან რიცხვს, ანუ კეტერს, გვირგვინს, პირველ სეფიროტს“.
 
7. მადამ ბლავატსკაიამ აღმოსავლური წყაროებიდან აიღო ცნება „წერტილი წრის შიგნით“, რათა გამოეხატა ქმნილების პირველი ეტაპი. ეს ცნება შეესაბამება ტერმინს - იეკუდოტ რეშიმო - რაბინებში, ხვა სიტყვებით, ესაა მთავარი წერტილი, რომელსაც ასევე კეტერი ეწოდება. 
 
8. მაგრამ კეტერი არ იძლევა მდგომარეობას სივრცეში. აინ სოფ აურს ეწოდა წრე, რომლის ცენტრიც ყველგანაა, პერიფერია კი - არსად. ეს განსაზღვრება, სხვა ბევრის მსგავსად, ოკულტიზმში საკმაოდ ბურუსით მოცული კონცეფციაა, და მაინც, იგი გონებას სთავაზობს ერთგვარ ხატ-სახეს და ამით თავის დანიშნულებას ასრულებს. გარდა ამისა, კეტერი (და ყველა სხვა სეფიროტი) წარმოადგენენ ყოფიერების მდგომარეობას ანუ პირობას. ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ, რომ სხვადასხვა დონეები სულაც არ აღემატებიან ერთმანეთს, როდესაც შენობის სართულების მსგავსად ცისკენ არიან აღმართულნი, არამედ წარმოადგენენ ყოფიერების პირობებს, სხვადასხვა ტიპის მდგომარეობებს, და თუმცა დროში ისინი თანმიმდევრულად ვითარდებიან, სივრცეში ერთდროულად თანაარსებობენ. ყოფიერების ყველა ტიპის არსებობა წარმოდგენილია ერთიანი ყოფიერების სახით. ამას დავინახავთ, თუ გავიხსენებთ, რომ ადამიანის ყოფიერება დაკავშირებულია ფიზიკურ სხეულთან, ემოციებთან, გონებასთან და სულთან, რომლებიც დროის გარკვეულ მომენტში სივრცის ერთ წერტილში იმყოფებიან. 
 
9. კეტერის შესახებ კარგ სიმბოლურ წარმოდგენას იძლევა დაკვირვება წყალში შაქრის კრისტალიზაციაზე, კრისტალიზაციის წერტილზე დაბლა ხსნარის ტემპერატურის დაწევისას. დაამატეთ მდუღარე წყლით სავსე ჭურჭელში შაქარი მანამ, სანამ იგი ჯერ კიდევ იხსნება, შემდეგ გაანელეთ წყალი და დააკვირდით კრისტალების გამოჩენას. თუ მართლა განახორციელებთ ამ ექსპერიმენტს, და ეს უბრალოდ წაკითხულ ინფორმაციად არ დარჩება, მაშინ მიიღებთ ხატ-სახეს, რომლის მეშვეობითაც უფრო იოლად შეძლებთ პირველადი გამოუვლენელიდან პირველი გამოვლინების წარმოდგენას. თავიდან ხსნარი გამჭვირვალეა და არანაირი ფორმა არ გააჩნია, და უცებ, მასში რაღაც ცვლილება ხდება და ჩნდებიან მყარი, ფორმის მქონე კრისტალები, რომლების დანახვაც შესაძლებელია. ანალოგიურად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ცვლილებები უსაზღვრო სინათლეში, ანუ კეტერის კრისტალიზაცია. 
 
10. ამ მომენტში არ ვაპირებ, რომ რომელიმე სეფიროტის ბუნებას ჩავუღრმავდე, არამედ უბრალოდ ვხატავ ხის სქემას მთლიანობაში. მოცემულ კურსში არაერთხელ დავუბრუნდებით საფუძვლებს, მანამ, სანამ ყოვლისმომცველი კონცეფცია არ აიგება. კონსტრუქციის აგების პროცესი ეტაპობრივად ხდება. თუ მოსწავლემ საერთო ჩანაფიქრი ვერ გაიგო, ჩვენ კი დიდ დროს ვკარგავთ დეტალების აღწერაზე, ამ დროის უმეტესი ნაწილი ტყუილად იქნება დაკარგული, რადგანაც მოსწავლემ ვერ გაიგო ამ დეტალების ადგილი მთელ სისტემაში. თავად რაბინები კეტერზე ამბობენ: დაფარულის დაფარული არსი და მიუწვდომელი სიმაღლე, რითაც მიანიშნებენ, რომ ადამიანური გონისთვის კეტერზე ცოდნის მიღება ძალიან რთულია. 
 
11. უნდა ავღნიშნოთ, რომ ეგზოთერული იუდაიზმი, რომლის ცდომილებების არც თუ ისე ბედნიერი მემკვიდრეა ქრისტიანობა, საერთოდ არ შეიცავს ემანაციის კონცეფციებს, ანუ სეფიროტების გადასვლას ერთიდან მეორეში. მისი წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ღმერთმა შექმნა ზღვები, მთები და ველური ცხოველები (ჩვენ კი წარმოვიდგენთ ამ პროცესს - თუკი ამის წარმოდგენა საერთოდ შესაძლებელია - როგორც ზეციური ოსტატის სამუშაოს, რომელიც ფორმას აძლევს გამოვლინების ყოველ ახალ ფაზას და ყოველ საბოლოო ობიექტს თავის ადგილს უჩენს სამყაროში). ამ კონცეფციამ ასეულობით წლების მანძილზე შეაჩერა მეცნიერების განვითარება დასავლეთ ევროპაში. ბოლოს და ბოლოს მეცნიერები იძულებულნი გახდნენ, რომ გამოსულიყვნენ რელიგიის წინააღმდეგ, და ერესის გამო იდევნებოდნენ, მაგრამ შემდეგ მაინც მივიდნენ ევოლუციის კონცეფციამდე, რომელიც უკვე დიდი ხნის წინ ნათლად იყო ფორმულირებული ისრაელის მისტიურ ტრადიციაში - ტრადიციაში, რომლებსაც უეჭველად იცნობდნენ ძველი აღთქმის ავტორები, რადგანაც მათ ტექსტებში ხშირია მინიშნება კაბალას პრინციპებზე. 
 
12. კაბალაში ღმერთი არ აღიქმება, როგორც მშრომელი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს თავის ქმნილებას, არამედ განიხილება ყოფიერების სხვადასხვა ფაზები მათი თანმიმდევრული განვითარებით. ყოველი სეფირა წარმოდგენილია სითხით სავსე ჭურჭლის სახით. ავსებისას სითხე ქვედა ჭურჭელში იღვრება. კვლავ მივმართოთ მაკ-გრეგორ მაზერსს. იგი საუბრობს რკოზე, რომლის შიგნით კიდევ ერთი რკოა - შიგნით სხვა რკოებით. სწორედ ასევე ყოველი სეფირა შეიცავს ყველა პოტენციას, ანუ ყველა იმ სეფირის პოტენციურ შესაძლებლობას, რომლებიც მის შემდეგ არიან. კეტერი შეიცავს ყველა დანარჩენ ცხრა სეფიროტს; ხოლო ხოქმა, მეორე სეფირა, შეიცავს ყველა დანარჩენი რვა სეფიროტის პოტენციას. მაგრამ ყოველ სეფიროტში გამოვლინების მხოლოდ ერთი ასპეექტი იხსნება, დანარჩენები დაფარულნი რჩებიან, წინები კი მხოლოდ არეკვლის მეშვეობით აღიქმებიან. შემდეგ, ყოველი სეფირა თავისი არსით არსებობის სუფთა ფორმას წარმოადგენს. ევოლუციის წინამდებარე ფაზების ზეგავლენა მასთან მიმართებაში გარეგნულია, ანარეკლის ხასიათს ატარებს. ასპექტები, რომლებიც „გამოკრისტალიზებულია“, ასე ვთქვათ, წინა სტადიებზე, არ არიან ხსნარში, რომელიც ჭურჭლიდან ჭურჭელში იღვრება გამოვლინების ნაკადში. ეს ნაკადი ყოველთვის მომდინარეობს გამოუვლენელიდან - კეტერის არხის მეშვეობით. ამიტომ, როდესაც გვსურს, რომ გავამჟღავნოთ ყოფიერების ნებისმიერი კონკრეტული ტიპის გამოვლინების ჭეშმარიტი საფუძველი, ჩვენ მას ვპოულობთ შესაბამის სეფირაში ამ სეფირის პირველად ფორმაზე მედიტაციის გზით. არსებობს ოთხი ფორმა, ანუ სამყარო, რომლებთანაც კაბალისტები ხის შესახებ თავიანთ წარმოდგენას აკავშირებენ. მათ ასევე განვიხილავთ თავის დროზე. აქ ეს ფორმები მხოლოდ იმიტომაა მოხსენიებული, რომ მოსწავლემ შეძლოს საკმარისი ინფორმაციის მიღება მთელი სურათის მთლიანობაში აღსაქმელად.  
 
13. მოსწავლისთვის ძალიან სასარგებლო იქნება, თუ წაიკითხავს ანი ბეზანტის წიგნის - „უძველესი სიბრძნის“ იმ თავებს, რომლებშიც ევოლუციის ფაზებია აღწერილი. ისინი მეტად გასაგებს გახდიან მოცემულ საკითხს, თუმცა მათში გამოყენებული კლასიფიკაციის სისტემა განსხვავდება მოცემულ წიგნში გამოყენებული სისტემისგან. 
 
14. მოდით, ახლა წარმოვიდგინოთ კეტერი, როგორც შადრევანი, რომელიც სითხით ავსებს აუზს. როდესაც სითხე გროვდება, იგი კიდეებიდან შემდგომ შადრევანად იღვრება, რომელიც თავის მხრივ სხვა აუზს ავსებს და ა.შ. გამოუვლენელი ყოველთვის კეტერისგან იღვრება. გარკვეული ხნის შემდეგ, შემდგომი განვითარების პროცესში, იქმნება პირველი გამოვლინების ძალიან მარტივი ფორმა. შემდგომში ყველა შესაძლო კომბინაცია რეალიზებულ იქნება, გაივლის რა ყველა შესაძლო ტრანსფორმაციას. ძალისმიერი ზემოქმედება და საპასუხო რეაქცია განმეორდება, შეთანხმებათა ნაკრების განვითარება შეწყდება. ძალა მოახდენს ყველა შესაძლო ერთიანობითი ობიექტის ფორმირებას; ამ ობიექტების შემდგომი განვითარება მოიცავს მათგან უფრო რთული სტრუქტურების წარმოქმნას. როცა ეს ხდება, იწყება ყოფიერების ახალი და უფრო მაღალორგანიზებული ფაზის გამოვლენა. ყველაფერი, რაც უკვე განვითარდა, ნარჩუნდება, მაგრამ ის ახალი, რაც წარმოიქმნება, უფრო რთული აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე უბრალოდ მანამდე არსებული ნაწილების ჯამი, ამიტომაც ჩნდება ახალი შესაძლებლობები. 
 
15. ეს ახალი ფაზა ყოფიერების ფორმის ცვლილებებს ასახავს. ზუსტად ისევე, როგორც პირველი სეფირა, კეტერიც კრისტალიზებულ იქნა უსაზღვრო სინათლისგან, კეტერისგან კრისტალიზდება მეორე სეფირა, ხოქმა. ყოფიერების ამ ახალი ფორმის რეაქციები უკვე აღარაა მარტივი და უშუალო, არამედ ხდება რთული და მოუწესრიგებელი. ამგვარად, ჩნდება არსებობის ორი ფორმა, მარტივი - კეტერი, და შედარებით რთული - ხოქმა. ორივე მათგანი საკმარისად მარტივია, რომ მათში ჩვენთვის ცნობილი რომელიმე სიცოცხლის ფორმა გამოვლინდეს. და მაინც, ისინი ორგანული სიცოცხლის ბაზისია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კეტერი წარმოადგენს გამოვლინების აქტივობის, მოძრაობის პირველ სახეს. ესაა წმინდა ქმნადობის მდგომარეობა, "რაშით ჰა გილგალიმი", პირველადი ტურბულენტობები, ტურბულენტური მოძრაობების დასაწყისი, როგორც კაბალისტებმა უწოდეს, ანუ მთავარი მამოძრავებელი ძალა, როგორც მას ალქიმიკოსები უწოდებენ. ხოქმას, მეორე სეფირას, რაბინებმა მაზლოტი, ზოდიაქოს სფერო უწოდეს. აქ ჩვენ შემოგვყავს სეგმენტებად დაყოფილი  წრის ცნება. ქმნილების პროცესებმა წინ წაიწიეს. პირველადი კვერცხისგან გველი გაჩნდა, რომელიც თავის კუდს ჩააფრინდა, როგორც აღნიშნავს მადამ ბლავატსკაია „საიდუმლო დოქტრინაში“ და „მხილებულ იზიდაში“, არქაული სიმბოლოების შეუფასებელ საგანძურში. 
 
16. ისევე, როგორც სითხის სიჭარბე კეტერიდან ხოქმაში იღვრება, მისი სიჭარბე ხოქმადან გადაიღვრება ბინაში - მესამე სეფიროტში. ამ ემანაციების მოძრაობის გზები თანმიმდევრული გადაღვრებისას სიცოცხლის ხეზე წარმოდგენილია ელვის სახით, ან ზოგიერთ დიაგრამაზე ცეცხლოვანი მახვილის სახით. დიაგრამა 1-დან შეგვიძლია დავინახოთ, რომ ელვის მუხტი უნდა მოდიოდეს კეტერიდან და მოძრაობდეს ქვემოთ და მარჯვნივ, ხოქმამდე, შემდეგ კი ბრუნდებოდეს მარცხნივ, მისივე დონეზე, გაიაროს ჰორიზონტალურად გარკვეული მანძილი კეტერის ვერტიკალურ პროექციამდე, საიდანაც იგივე მანძილი აშორებს ბინამდე. შედეგად გლიფზე იქმნება სამკუთხედი, რომელსაც უმაღლესი სამების სამკუთხედს, ანუ მთავარ სამკუთხედს უწოდებენ, და რომელიც დანარჩენი სეფიროტებისგან გამოყოფილია უფსკრულით (ამ უფსკრულს "დაათი" ეწოდება), რომელსაც ადამიანი ცნობიერების ჩვეული მდგომარეობით ვერ გადალახავს. აქ იმყოფება ყოფიერების ის წყაროები, რომლებიც ჩვენი ხედვისთვის მიუწვდომელია.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff