თავი მეთერთმეტე - სუბიექტური სეფიროტი

თავი მეთერთმეტე - სუბიექტური სეფიროტი
 
1. რაც ზემოთ, ის ქვემოთ; ადამიანი არის მინიატურული მაკროკოსმოსი. ყოველი ფაქტორი, რომელიც მანიფესტირებულ სამყაროში აისახება, ადამიანურ არსებაშიც ჰპოვებს საკუთარ ადგილს. მაშასადამე ნათქვამია, რომ სრულყოფილების უმაღლეს ასპექტში, ადამიანი ანგელოზებზე მაღლა დგას; თუმცა, ამჟამად ანგელოზები სრულიად განვითარებული ქმნილებები არიან, ხოლო ადამიანებს სრულყოფილებამდე ბევრი აკლიათ. ამრიგად, განვითარების მოცემულ ეტაპზე, ადამიანი ანგელოზთან შედარებით ბევრად დაბალ საფეხურზე იმყოფება. 
  
2. აქამდე სიცოცხლის ხეს განვიხილავდით, როგორც მაკროკოსმოსის, სამყაროსა და მასში არსებული სიმბოლოების განსახიერებას, რათა ობიექტური ბუნების სხვადასხვა სფეროებთან დაკავშირება შეგვეძლოს. ახლა მას განვიხილავთ ინდივიდუალური ბუნების სუბიექტურ სფეროსთან მიმართებაში. 
 
3. ქროულის ჩანაწერების მიხედვით, (რომელიც, სამწუხაროდ არასოდეს იძლევა ინფორმაციას, თუ ვინ არის მისი ავტორიტეტი; ამიტომ, ჩვენ არ ვიცით, როდის იყენებს იგი მაზერსის სისტემას და როდის ეყრდნობა დამოუკიდებლად ჩატარებულ კვლევებს) მიღებული შესაბამისობები ნაწილობრივ ეფუძნება ასტროლოგიურ და პლანეტარულ ატრიბუტიკას, რომელიც თითოეულ სეფირას ენიჭება და ნაწილობრივ კავშირშია ადამიანური ანატომიის სქემასთანაც, რომელიც სეფიროტის ხისგან ზურგით დგას. ეს საკითხი ჩვენი მიზნებისათვის ნამდვილად ახალია და ალბათ, შემდგომი თაობის მოღვაწეობის საკვლევ მასალას წარმოადგენს. შუა საუკუნეებში, ევროპელმა ფილოსოფოსებმა ხელახლა აღმოაჩინეს კაბალა და მოცემულ სისტემას ასტროლოგიური და ალქიმიური სიმბოლიზმი დაუმატეს. უფრო მეტიც, თავად რაბინებმაც კი გამოიყენეს ანატომიური მეტაფორების უკიდურესად დეტალური ნაკრები, სადაც დაწვრილებით განიხილავდნენ ღმერთის თავზე თითოეული თმის ღერის და კიდევ უფრო ინტიმური ნაწილების ანატომიურ მნიშვნელობებს. ასეთი ცნობები არ შეიძლება რომ სიტყვასიტყვით აღვიქვათ და ადამიანურ ანატომიასთან გავაიგივოთ. 
  
4. სეფიროტები, ინდივიდუალურადაც და ურთიერთშესაბამისობის მხრივაც, მაკროკოსმოსში ასახავენ სამყაროსეული ევოლუციის თანმიმდევრულ ფაზებს, ხოლო მიკროკოსმოსში ასახავენ ცნობიერების სხვადასხვა დონეებს და ინდივიდუალური ხასიათის ფაქტორებს. არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ ცნობიერების დონეებს გარკვეული კავშირი აქვთ ფიზიკური სხეულის ფსიქიკურ ცენტრებთან, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავდოთ შუა საუკუნეობრივი დასკვნები. ოკულტური ანატომია და ფიზიოლოგია, შესანიშნავად არის შესწავლილი ინდუსთა იოგურ მეცნიერებებში და მათი შესწავლით უამრავი რამის გაგება შეგვიძლია. ფიზიოლოგიის უახლესი აღმოჩენები მიუთითებენ, რომ გონებასა და მატერიას შორის კავშირი ენდოკრინულ სისტემაში უნდა ვეძებოთ, და მხოლოდ ამის შემდეგ - ტვინში და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ცოდნის ამ წყაროდან, კიდევ უამრავი საკითხის შესწავლა შეგვიძლია; ყველა შესაძლო ინფორმაციის დაგროვების შემდეგ, ინდუქციური მსჯელობით შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რასაც ძველ დროში დედუქციური და ინტუიციური მეთოდებით განდობილები აღწევდნენ მისტიურ სკოლებში, სრულყოფილების მაღალი ხარისხების დაუფლებისას. 
  
5. ზოგადად მიღებულია, რომ იოგურ ლიტერატურაში აღწერილი ჩაკრები და ფსიქიკური ცენტრები არ არის განლაგებული იმ ორგანოების შიგნით, რომელთაც ისინი განეკუთვნებიან, არამედ მათ ადგილმდებარეობად მიჩნეულია ადამიანური აურის შიგთავსი, რომლებიც ამ ორგანოებთან ახლოს მდებარეობენ. მაშასადამე, არ მოვახდინოთ სეფიროტების ასოცირება ჩვენს ანატომიასთან და კიდურებთან, არამედ მიიღეთ მოცემული ანალოგია, როგორც ერთგვარი მეტაფორა, და მოძებნეთ ფსიქიკური პრინციპები, რომლებსაც შესაძლოა ისინი განასახიერებენ. 
  
6. სანამ თითოეული სეფირას დეტალურ შესწავლაზე გადავალთ, ძალიან სასარგებლოა სეფიროტის ხის მთლიანობაში განხილვა, რადგან სიმბოლური ნაკრებების შესწავლა უმეტესწილად ერთი სიმბოლოს მეორესთან კავშირის დადგენაზეა დამოკიდებული. მოცემული საკითხი უნდა იყოს დისკუსიული და არაკონკრეტული, თუმცა იგი საშუალებას მოგვცემს, უფრო დეტალურად და ეფექტურად შევისწავლოთ ინდივიდუალური სეფიროტები. 
  
7. სეფიროტის ხის პირველი და ყველაზე აშკარა დაყოფა წარმოადგენს მის სამ სვეტს, რომელიც იოგების მიერ აღწერილ პრანას სამ არხს გვაგონებს; ესენია: იდა, პინგალა და სუშუმნა; და ორი პრინციპი, ინი და იანი, ჩინური ფილოსოფიიდან, კონკრეტულად კი დაოიზმიდან, რომელიც წონასწორობის სიმბოლოა. როდესაც მსოფლიოს სამი მეტაფიზიკური სისტემის ერთმანეთთან თანხმობას აღმოვაჩენთ,  შეიძლება დავასკვნათ, რომ საქმე გვაქვს ჭეშმარიტ პრინციპებთან და ისინი ისეთებად უნდა მივიღოთ, როგორებიც არიან. 
  
8. ჩემი აზრით, ცენტრალური სვეტი არის ცნობიერების განსახიერება, ხოლო ორი დანარჩენი სვეტი უნდა აღვიქვათ როგორც მანიფესტაციის დადებითი და უარყოფითი ფაქტორები. აღსანიშნავია, რომ იოგურ სისტემებში ცნობიერების გაფართოება ილუსტრირებულია სუშუმნას ცენტრალურ არხში კუნდალინის აღმართვით, ხოლო დასავლურ მაგიურ ოპერაციებში იგივე პროცესი ცენტრალურ სვეტზე ხორციელდება. ანუ, ცნობიერების გაფართოების სიმბოლიკა სეფიროტის ხეზე არ მოძრაობს ნუმეროლოგიური თანმიმდევრობით, არამედ მალქუთიდან ადის იესოდამდე და იესოდიდან პირდაპირ ტიფარეტამდე, რომელსაც ისრის ბილიკი ეწოდება. 
  
9. მალქუთი, დედამიწის სფერო, ოკულტისტებისთვის აღიქმება როგორც ტვინის-ცნობიერების სიმბოლო, რომელზეც მოწმობს ის ფაქტიც, რომ ნებისმიერი ასტრალური პროექციის შემდეგ, მალქუთში ცერემონიული დაბრუნება ხორციელდება და შედეგად ადამიანში ნორმალური ცნობიერების მდგომარეობა ბრუნდება. 
  
10. იესოდი, ლევანას სფერო, მთვარის სფერო, მიღებულია, რომ განასახიერებს ფსიქიკურ ცნობიერებას და რეპროდუქციულ ცენტრს. ტიფარეტი წარმოადგენს ფსიქიკური განვითარების ბოლო საფეხურს, ჭეშმარიტების ხედვას და უმაღლესი ინიციაციის ხარისხს; ქროულის მიერ მოცემულ სისტემაში, ტიფარეტი, ოსტატთა გრადუსებიდან უპირველეს ხარისხად არის დასახელებული.
  
11. დაათი, იდუმალი და უხილავი სეფირა, რომელიც არასოდეს არის ხეზე მონიშნული, დასავლურ სისტემაში ასოცირდება კისრის არესთან, კონკრეტულად კი იმ წერტილთან, სადაც ხერხემალი თავის ქალას ეხება, საიდანაც დაიწყო ტვინის განვითარება ჩვენს უძველეს წინაპრებში. დაათი სხვა განზომილებას და ცნობიერების სხვა სიბრტყეს ასახავს; არსებითად იგი განასახიერებს ცვლილების იდეის გასაღებს. 
  
12. კეტერს, სხვანაირად გვირგვინსაც ეძახიან. გვირგვინი ყოველთვის ჩვენს თავზე მაღლა დგას, ხოლო საყოველთაოდ მიღებულია, რომ ეს სეფირა განასახიერებს ცნობიერების იმგვარ ფორმას, რომელიც ინკარნაციული განსხეულების დროს არ მიიღწევა. იგი ყოველგვარი სფეროსა და სიბრტყის მიღმა იმყოფება. კეტერთან დაკავშირებული სულიერი გამოცდილება არის ღმერთთან ერთობა,  და ვინც ასეთ კავშირს აღწევს, ამბობენ, რომ სინათლეში შესვლის შემდეგ, განდობილი უკან აღარ ბრუნდება. 
  
13. სეფიროტებს უდაოდ გააჩნიათ პარალელები ინდური ჩაკრების სისტემასთან, მაგრამ, შესაბამისობებს, სხვადასხვა ავტორიტეტები ერთმანეთისგან განსხვავებულად იძლევიან. დასავლეთი კლასიფიკაციის ოთხობით სისტემას იყენებს, ხოლო აღმოსავლეთი შვიდობითს, რის გამოც შესაბამისობების მოპოვება ადვილი საქმე არ გახლავთ; სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით უმჯობესია შევხედოთ პირველად პრინციპებს, ვიდრე ვეცადოთ რთულად დასალაგებელი შესაბამისობების მოწესრიგებას. 
  
14. ჩემთვის ცნობილია მხოლოდ ორი მწერალი, რომელთაც მსგავსი შესაბამისობების განხილვა სცადეს, ესენია: ქროული და გენერალი ჯ. ფულერი. გენერალი ფულერი მულადჰარა ჩაკრას ანიჭებს სეფირა მალქუთის სფეროს და მიუთითებს, რომ მისი ოთხი ლოტუსის ფოთოლი ოთხ ელემენტს შეესაბამება. აღსანიშნავად საინტერესოა, რომ დედოფლის სუიტის ფერადოვან შკალაში, ქროულის მიხედვით, მალქუთის სფერო ოთხ ფერად კვადრატად არის დაყოფილი, ესენია: მუქი წითელი, მუქი ყვითელი, ზეთისხილისფერი და შავი, - რომლებიც ოთხ ელემენტს შეესაბამებიან.
  
15. ოთხფურცლოვანი ლოტოსი ასოცირებულია ანუსთან და ექსკრეციის ფუნქციასთან. ქროულის მიერ მოცემული შესაბამისობების ცხრილის ოცდამეერთე სვეტში, იგი ადამიანის დუნდულებსა და ანუსს, მალქუთს მიაწერს. თუმცა, ქროული ეწინააღმდეგება ფულერის შესაბამისობას მალქუთისა და მულადჰარა ჩაკრის კავშირის შესახებ და სამოცდამერვე სვეტში მიუთითებს, რომ მულადჰარა ჩაკრის ცენტრი არის სეფირა იესოდი. ფროიდის მიხედვით, ინფანტილურ გონებაში რეპროდუქციისა და ექსკრეციის ფუნქციები დარღვეულია, მაგრამ მე არ მიმაჩნია რომ მსგავსი ატრიბუტიკა საყოველთაოდ უნდა იქნეს მიღებული და ასეთნაირადვე უნდა გაგრძელდეს. 
  
16. მალქუთი, თუ მას მულადჰარას ლოტოსის გადმოსახედიდან განვიხილავთ, წარმოადგენს ცხოვრებისეული პროცესების საბოლოო შედეგს, სიკვდილის ზემოქმედების შედეგად საბოლოო დაშლის ეტაპს, რათა შემადგენელი სუბსტანციები კვლავ იქნეს გამოყენებული. ფორმამ, რომელიც ევოლუციის ნელ პროცესს ემსახურებოდა, საკუთარი მისია შეასრულა, ახლა კი მასში არსებული ძალა უნდა განთავისუფლდეს; ეს არის დაშლისა და გარდაქმნის სულიერი პროცესის მნიშვნელობა. 
  
17. სვადჰისტანა ჩაკრა, ექვსფურცლიანი ლოტოსი, ფულერთან ასოცირებულია იესოდთან. ეს თანხმობაში მოდის დასავლურ ტრადიციასთან, სადაც იესოდი ღვთაებრივი ადამიანის რეპროდუქციულ ორგანოებს ასახავს; მასთან თანხმობაში მოდის იესოდის ასტროლოგიური შესაბამისობაც, - მთვარე, დიანა-ჰეკატე. ქროული, "777"-ის ოცდამეერთე სვეტში იესოდს უკავშირებს ფალოსს, ხოლო სვადჰისტანა ჩაკრას ანიჭებს ჰოდს, მერკურის სეფირას. მსგავსი ატრიბუტების არსის გაგება საკმაოდ ძნელია, თანაც ქროული არ ასახელებს ავტორიტეტებს, ამიტომ მიმაჩნია, რომ ცნობიერების საფეხურების პრინციპები ცენტრალურ სვეტზე უნდა დავიცვა. 
  
18. ტიფარეტი, საყოველთაო შეთანხმებით, წარმოადგენს მზის წნულს და მკერდს; ამიტომ, გონივრულია რომ ტიფარეტს მივაწეროთ მანიპურა და ანაჰატა ჩაკრები, რასაც ქროულიც ეთანხმება. ფულერი ამ ჩაკრებს გებურასა და ხესედს მიაწერს, მაგრამ, რახან ეს ორი სეფიროტი წონასწორობას ტიფარეტში ჰპოვებს, მოცემული ატრიბუტიკა არ წარმოადგენს დიდ სირთულეს და არ იწვევს შესამჩნევ შეუსაბამობას. 
  
19. ვიშუდჰა ჩაკრა, რომელიც ინდურ ფილოსოფიაში ხორხის მიდამოში მდებარეობს, ქროულისათვის ასოცირდება სეფირა ბინასთან, ხოლო აჯნა ჩაკრას აკავშირებს სეფირა ხოქმასთან. ამ ორი ჩაკრის გაერთიანება შეიძლება ჩავთვალოთ როგორც დაათი, რომელიც თავის ქალის ქვედა ნაწილში  მდებარეობს. 
  
20 საჰრასრარა ჩაკრა, ათასფურცლოვანი ლოტოსი, რომელიც თავის ზემოთ მდებარეობს, ქროულმა კეტერის სეფირას დაუკავშირა. 
  
21. სიმძიმისა და წყალობის ორი გვერდითი სვეტი წარმოადგენს დადებით და უარყოფით პრინციპებს, - ხოლო კონკრეტული სეფიროტები ასახავს ძალაუფლების ფუნქციონირების რეჟიმებს, სხვადსხვა დონეზე. 
  
22. სიმძიმის სვეტზე მდებარეობს სეფირა ბინა, გებურა და ჰოდი, ანუ სატურნის, მარსის და მერკურის სფეროები. წყალობის სვეტი შეიცავს ხოქმას, ხესედს და ნეცახს, ანუ ზოდიაქალურ (ხოქმა), იუპიტერისა და ვენერას სფეროებს. ხოქმა და ბინა, კაბალისტურ სიმბოლიზმში წარმოდგენილია მამრობითი და მდედრობითი სქესის ფიგურებით, ისინი წარმოადგენენ ზეციერი მამისა და დედის სიმბოლოს, ან უფრო ფილოსოფიური ენით, სამყაროს დადებით და უარყოფით პრინციპებს; იგივე ინი და იანი. 
  
23. ხესედი (იუპიტერი) და გებურა (მარსი), კაბალისტურ სიმბოლიზმში გამოისახება გვირგვინოსანი ფიგურებით; პირველი მათგანი, როგორც ტახტზე დაბრძანებული კანონმდებელი, ხოლო მეორე, როგორც ეტლზე დაბრძანებული მეომარი მეფე. შესაბამისად, ისინი განასახიერებენ კონსტრუქციულ და დესტრუქციულ პრინციპებს. საინტერესოა, რომ სეფირა ბინა, სატურნი, ღვთაებრივი დედა, საკუთარი ნამგალით კავშირშია სიკვდილთან, ხოლო ქვიშის საათით, დროის მსვლელობასთან. ბინაში ჩვენ ვპოულობთ ფორმაციის ფესვებს. "სეფერ იეცირაში" მალქუთის შესახებ ნათქვამია, რომ იგი ზის ბინა-მატერიის ტახტზე, რომელსაც ფესვები ბინა-სატურნის სიკვდილთან აქვს; ფორმა არის ძალაუფლების გამანადგურებელი. ამ პასიური გამანადგურებლიდან, იგი გადადის აქტიური გამანადგურებლის პოზიციაში, რომელსაც სიმძიმის სვეტზე, გებურაში ვპოულობთ. ამრიგად, ძალაუფლება ჩაკეტილია მარსის დამანგრეველი ასპექტის მიერ, რომელიც განთავისუფლებას ესწრაფვის; ეს არის ღვთაება შივას გამანადგურებელი ასპექტი. ხოქმა, ზოდიაქალური სფერო, წარმოადგენს კინეტიკურ ძალას; ხესედი, იუპიტერი, კეთილი მეფე, წარმოადგენს ორგანიზებულ ძალას; ეს ორი ძალა სინთეზირებულია ტიფარეტში, ქრისტეს ცენტრში, რომელიც გამომსყიდველი და დამაბალანსებელი წერტილია. 
  
24. მომდევნო სამება, ნეცახი, ჰოდი და იესოდი, განასახიერებს სამყაროს მაგიურ და ასტრალურ მხარეს. ნეცახი (ვენერა) ასახავს ელემენტარული ძალების უმაღლეს ასპექტს, ე.წ. "მწვანე სხივს" (კაბალისტურ სიმბოლიზმში სეფირა ნეცახი მწვანე წრით გამოისახება); ჰოდი (მერკური) წარმოადგენს მაგიის გონებრივ/მენტალურ მხარეს. ერთი მხარე არის მისტიკოსი, მეორე მხარე კი ოკულტისტი; ორივე მათგანი სინთეზირებას ახდენს იესოდში. სეფიროტების ეს წყვილი არასოდეს უნდა განიხილებოდეს ცალ-ცალკე, ისევე როგორც არ უნდა გავყოთ გებურასა და გედულას სეფიროტები (გედულა, სეფირა ხესედის კიდევ ერთი სახელწოდებაა). ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ისინი შეესაბამებიან მარჯვენა და მარცხენა მკლავებსა და ფეხებს. 
  
25. ამრიგად, სიმძიმის სვეტში არსებობს სამი სეფირა, ასევე წყალობის სვეტშიც სამი სეფირა, ხოლო ცენტრალური სვეტი არის წონასწორობისა და ბალანსის სიმბოლო, სადაც ცნობიერების სხვადასხვა დონეებია დადგენილი. სიმძიმის სვეტი, რომლის თავშიც სეფირა ბინა იმყოფება, წარმოადგენს ფემინურ პრინციპს, ინდუსთა პინგალას და ჩინურ იანს. წყალობის სვეტი, სათავეში ხოქმათი, არის ინდუსთა იდა და ჩინელთა ინი; წონასწორობის შუა სვეტი არის სუშუმნა და ტაო (შესაძლოა შეგვხვდეს, როგორც - "დაო").
  

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff