თავი მეცამეტე - პრაქტიკული მუშაობა სიცოცხლის ხეზე
1. ამ უძველესი ცოდნის შესწავლის პროცესში ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მიწაში ჩამარხული და დასაფლავებული ტაძრის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ახლა ფრაგმენტებს უფრო ვთხრით, ვიდრე თანმიმდევრულ სისტემას ვეყრდნობით. კაბალისტური სისტემა, რომელიც თავის დროზე საკმარისად თანმიმდევრული გახლდათ, დროთა განმავლობაში დაირღვა, მიმოიფანტა და დაზიანდა, მთელი ოცი საუკუნის მანძილზე გამუდმებული დევნისა და გაუნათლებელი ფანატიზმის სულიერი ეჭვების შედეგად.
2. სწორედ ამ მიმოფანტულ ფრაგმენტებთან დაკავშირებით, იმაზე მეტი კვლევა და სამუშაოა ჩატარებული, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მადამ ბლავატსკაიამ მოცემული საკითხის შესახებ უამრავი მონაცემი შეაგროვა და ხელმისაწვდომი გახადა საზოგადოების მზერისთვის, თუმცა, საზოგადოებამ გამხელილი საიდუმლოებები იმაზე ოდნავ უკეთ გაიგო, ვიდრე პატარა ბავშვი გებულობს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატების აზრს, რომელიც გაოცებით ათვალიერებს უცნაურ ნივთებს. საკუთარ სამეცნიერო ნაშრომში, ჯორჯ რობერტ სტოუ მიდმა, სკამაოდ ბევრი ინფორმაცია მოგვაწოდა გნოზისის შესახებ, რომელიც წინა საუკუნეებში დასავლური სამყაროს ეზოთერულ ტრადიციას წარმოადგენდა; ქალბატონი ეტვუდის მონუმენტურმა წიგნმა, ალქიმიური სიმბოლიზმის მნიშვნელობები გაგვიმხილა. აქედან არც ერთი მათგანი დასავლურ ტრადიციას არ განიხილავს როგორც ინიციაციურ სისტემას, მაგრამ, ისინი მიუახლოვდნენ ამ იდეას, მოცემული ფრაგმენტების შეგროვებითა და მათი ერთმანეთთან დაკავშირების შედეგად. მაგალითად, ბლავატსკაიამ მოცემული ანალოგები სხვა, მაგრამ უფრო ნაცნობი სისტემის სინათლის ფონზე განმარტა.
3. ისინი, ვინც მოცემული საგნის შესწავლას შინაგანი სამზარეულოდან მიუახლოვდნენ (ვგულისხმობ ინიციაციური გასაღებების გამოყენებას) და ცნობიერების ამაღლების პრაქტიკულ მეთოდებს კარგად გაეცნენ, უმეტესწილად ინარჩუნებენ იმ საიდუმლოთა გაუთქმელობას, რაც თანაბრად გამართლებული და აუცილებელი იყო წინა საუკუნეებში, რადგან "წმინდა" ინკვიზიცია ამგვარი ცოდნის გამჟღავნებას სანთლით ეძებდა. დღესაც კი, თანამედროვე ლიბერალურ სამყაროში, რთულია საზოგადოებაში სწორი პრესტიჟის მოპოვებით თავის დამკვირდება, როდესაც საქმე ნამდვილ ოკულტიზმს ეხება. ბოლო მეოთხედი საუკუნეა, რაც ოკულტური პრაქტიკის (და არა მაინცდამაინც ოკულტური ცოდნის) ძალიან მყუდრო "კუთხე" დამკვიდრდა და შენარჩუნდა ინგლისურენოვან ხალხებს შორის. ამ მყუდრო "კუთხემ" ფაქტიურად დაამარცხა სულიერი იმპულსი, რომელიც გასული საუკუნის ბოლო მეოთხედში მისტიური აღორძინების დასაბამად უნდა ქცეულიყო. შესაბამისად, დედამიწა უკვე მწიფდება და თითქმის მზადაა დათესვისათვის, მაგრამ მის ნიადაგში ხორბალი არაა... სამყაროს ოთხმა ქარმა რაღაც უცნობი და ტროპიკული თესლი მოიტანა, რომელსაც რასობრივ ტრადიციაში ფესვები არ გააჩნია; საბოლოო ჯამში იგი ან გახმება, ან უცნაური ფორმები განუვითარდება. (ფორჩუნი არ აკონკრეტებს, კერძოდ რომელ "თესლზე" საუბრობს, მაგრამ, პირველ თავებში მოყვანილი გაფრთხილებების საფუძველზე, აშკარაა, რომ დასავლეთში გაბატონებულ აღმოსავლურ, ინდურ სისტემებს გულისხმობს - მთარგმნელის შენიშვნა).
4. ჩვენი მშობლიური, მაგრამ დასაფლავებული ტრადიცია, თითქმის მთლიანად გათხრილი და ხელმისაწვდომია, თუმცა, არსებობს გადარჩენილი ფრაგმენტები, რომლებიც არ არის ხელმისაწვდომი ევროპული მეცნიერების საპატიო ტრადიციების სტუდენტებისთვის; ასეთი ფრაგმენტების გასაღებები იმ ადეპტების უბეში ინახება, რომელთაც სრულიად თვითნებურად გააღეს და დაკეტეს საიდუმლოებების კარები. ეჭვი არ მეპარება, რომ მოცემული გვერდები გულძმარვას გამოიწვევს უამრავ ადამიანში, რადგან მათსავე კერძო კოლექციებში უამრავი ღირებულება გაუფასურებულია. თუმცა, ეჭვი არც იმაში მეპარება, რომ ეს წიგნი, დასავლური ეზოთერული კულტურით დაინტერესებული უამრავი ადეპტისათვის უმთავრესი გასაღებების მომტანი აღმოჩნდება, რადგან მათ შესაძლოა სწორედ ამ გვერდებზე იპოვონ განმარტებები, რომლებიც მათთვის აქამდე გაუგებარი იყო; ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს წიგნი აანაზღაურებს იმ მეთოდების ნაკლებობას, რომელშიც ისინი გაწვრთნილნი იყვნენ.
5. მომდევნო გვერდებში ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რათა გამეხსნა პრინციპები, რომლებიც მაგიური სიმბოლიზმის გამოყენებას უკავშირდება. ცერემონიული მეთოდის პრაქტიკული გამოყენება საუკეთესოა იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ცერემონიულ მაგიაში გამოცდილი ადამიანის ხელმძღვანელობით ხორციელდება; ამ მეთოდთან მარტო ან თანაბრად გამოუცდელ მეგობრებთან ერთად მუშაობა ზედმეტ რისკს შეიცავს და ამისგან განსხვავებით, არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ უნდა სცადოს რომელიმემ მედიტაციური მეთოდი.
6. მაგიური სიმბოლოების ეფექტურად გამოსაყენებლად, საჭიროა რომ თითოეულ მათგანთან დავამყაროთ ინდივიდუალური კონტაქტი. ნაკლები სარგებელი გააჩნია სიბოლური სიის შედგენას და მათ მიმართ რიტუალის აგებას. მაგიაში, ისევე როგორც ვიოლინოსთან შეხებისას, ადამიანმა ნოტებს უნდა მიაგნოს; ისინი მზა სახით არ გვხვდება ფორტეპიანოზე. ვიოლინოს შემსწავლელმა სტუდენტმა თითოეული ნოტი ინდივიდუალურად უნდა შეისწავლოს, სანამ თავისუფლად დაკვრას შეძლებს. იგივე ხდება ნებისმიერ ოკულტურ ოპერაციაში; ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ ავაგოთ და დავუკავშირდეთ მაგიურ ხატ-სახეებს, სანამ მათთან მუშაობაზე გადავალთ.
7. სიმბოლოთა ნაკრები, რომლებიც ოცდათორმეტივე ბილიკს უკავშირდება, განდობილის მიერ მაგიური ხატ-სახეების აწყობისას გამოიყენება; აუცილებელია, რომ პრაქტიკოსს ასეთი სიმბოლოები არამარტო თეორიულად ესმოდეს, არამედ პრაქტიკულ ნაწილსაც ფლობდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ სიმბოლოები არამარტო ზედმიწევნით კარგად უნდა იყოს ადეპტის მეხსიერებაში ფესვგადგმული, არამედ მას თითოეულ სიმბოლოსთან დაკავშირებით ინდივიდუალური მედიტაციაც უნდა ჰქონდეს ჩატარებული იქამდე, სანამ არ შეაღწევს სიმბოლოს მნიშვნელობის გაგებაში და სანამ არ გამოცდის ძალას, რომელსაც ისინი განასახიერებენ. თოთოეულ ბილიკთან ასოცირებული სიმბოლოების დიაპაზონის ცოდნა, მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩასატარებელ სამუშაოს წარმოადგენს, მაგრამ განდობილმა პირველ რიგში ყოველი ბილიკის გასაღები-სიმბოლოები უნდა შეისწავლოს, რაც ბილიკების გაშიფვრის არსებითი წინაპირობაა; ამის შემდეგ ადეპტს შეეძლება ამოიცნოს ყველა დანარჩენი სიმბოლო რომელიც ბილიკზე შემოხვდება და თითოეულ მათგანს სათანადო კლასიფიკაციას მიაკუთვნებს. ამგვარად, ადეპტის ცოდნა ორმხრივად განვითარდება; პირველი: სიმბოლიზმის ცოდნა მის უსასრულო განშტოებებში და მეორე, სიმბოლიზმის ინტერპრეტაციის ფილოსოფია. მას შემდეგ, რაც ადეპტი შეისწავლის ეზოთერული ცოდნის კოსმოგონიას და თითოეულ სეფიროტთან დაკავშირებულ სიმბოლოებს, იგი აღჭურვილია საკმარისი ინფორმაციით, რის შედეგადაც უკვე შეუძლია დაიწყოს ყველანაირი მასალის შეგროვება ხალხური თქმულებებიდან, მისტიური რელიგიებიდან, არქეოლოგიური აღმოჩენებიდან, მოგზაურთა ზღაპრებიდან, ძველი თუ ახალი ფილოსოფიური სპეკულაციებიდან და ულტრა-თანამედროვე მეცნიერებებიდანაც.
8. არაინიცირებული მკვლევარი შეიძლება დაინტერესდეს, როგორ ინახება ან/და როგორ უნდა მოთავსდეს მონაცემთა უზარმაზარი მასალა მეხსიერებაში. დასაწყისისთვის, სერიზულმა მოსწავლემ, რომელსაც სიცოცხლის ხის გამოყენება სურს, ყოველდღიურად და რეგულარულად უნდა ჩაატაროს მედიტაციური სამუშაოები მასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, ადეპტი საკუთარი გამოცდილებით აღმოაჩენს, რომ თითოეულ სეფირასთან დაკავშირებულ სიმბოლოებს გააჩნიათ გარკვეული ლოგიკური საფუძველი, რომელიც სადღაც ქვეცნობიერის სიღრმეში იმალება და მისი თანმიმდევრობა და მნიშვნელობა არც ისეთი რთული დასამახსოვრებელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მედიტაციისთვის გამოიყენება. ზოგიერთი სიმბოლო ეხება ეზოთერული ფილოსოფიის ცნებებს, ზოგიც ცნობიერების ხედვის პროექციის მეთოდებს, დანარჩენები კი ცერემონიულ ატრიბუტებს. თუმცა, ადეპტს უნდა ახსოვდეს, რომ მხოლოდ მედიტაციის გზით სიმბოლო არასოდეს გაამჟღავნებს საკუთარ მნიშვნელობას; ისინი იმგვარად უნდა გამოვიყენოთ, როგორც ინიცირებულები იყენებენ, ანუ ჩვენ უნდა აღვძრათ ქვეცნობიერი ხატ-სახეები და ისინი ცნობიერ შინაარსად გადავაქციოთ.
9. სიმბოლოთა ერთი ნაკრები ენიჭება ათ წმინდა სეფიროტს, ხოლო მეორე ნაკრები ოცდაორ ბილიკს, რომლებიც სეფირებს ერთმანეთთან აკავშირებს. ზოგჯერ ერთი სიმბოლო ორივე კომპლექტში გვხვდება და ყოველი მათგანი ურთიერთკავშირშია საკუთარი ასტროლოგიური და ნუმეროლოგიური ასოციაციებით. მესმის, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთულად ჟღერს, მაგრამ პრაქტიკაში იმაზე ბევრად მარტივია, ვიდრე გვეჩვენება, რადგან სამუშაო ხორციელდება არა ცნობიერი გონებით, არამედ ქვეცნობიერი გონებით, და ძალიან მცირე მნიშვნელობა აქვს რომელ სიმბოლურ ნაკრებს ვიყენებთ, რადგან გონების მიღმა არსებული უცნაური სენსორი ახარისხებს მოთხოვნადს და განაგდებს ყველა დანარჩენს, სანამ ცნობიერებაში კვლავ არ გამოჩნდება თანმიმდევრული ნიმუში, რონელიც ანალიზს მოითხოვს, რათა გამოავლინოს მისი მნიშვნელობა დაახლოებით ისე, როგორც ამას სიზმარი აკეთებს.
10. სიცოცხლის ხის გამოყენების შედეგად მიღებული ხედვა, ხელოვნურად წარმოქმნილ სიზმარს ჰგავს, რომელიც განზრახ მოტივირებული და შეგნებულად დაკავშირებულია არჩეულ საგანთან, რის შედეგადაც არა მხოლოდ ქვეცნობიერი შინაარსი, არამედ ზენცობიერი აღქმაც აღიძვრება და ისინი უკვე გასაგები ხდებიან ცნობიერებისთვის. სიზმარში სიმბოლოები გამოცდილების მიხედვით სპონტანურად ჩნდებიან; კაბალისტურ ხილვაში ხატ-სახეები შედგება შეზღუდული სიმბოლური ნაკრებებისგან, რომლის შეზღუდვასაც ცნობიერება მკაცრად იცავს, კარგად გამომუშავებული ყურადღების კონცენტრაციის ხარჯზე. ეს თავისებური ძალაა, რომელიც ათავისუფლებს გონებას დადგენილი საზღვრებისაგან, რაც წარმოადგენს კიდეც ოკულტური მედიტაციის ტექნიკას; ასეთი შედეგი მიღწევადია მხოლოდ მუდმივი პრაქტიკის ფონზე, - ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. სწორედ ესაა განსხვავება გაწვრთნილ და მოუმზადებელ ოკულტისტს შორის.
11. სიცოცხლის ხის შესწავლისას, ადეპტმა თითოეულ სეფირასთან დაკავშირებით სამმაგ ასპექტში უნდა იფიქროს, ესენია: ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური/ფსიქიკური და მაგიური ასპექტები. საბოლოოდ მან იმაზეც უნდა იფიქროს, რომ შესასწავლი სფერო კოსმოსური ევოლუციის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ჯერ კიდევ უხსოვარ წარსულში არსებობდა; განდობილმა გაარკვიოს, რჩება თუ არა კონკრეტული ასპექტი მანიფესტაციაში, უკვე გამქრალია თუ უბრალოდ ჯერ არ მოსულა მყარი მატერიის დონეზე?
12. ამგვარ ასპექტებთან დაკავშირებით, "სეფერ იეცირას" ტექსტში მოცემულია იდუმალი და გაუგებარი ციტატები თითოეული ბილიკის შესახებ. ყველაზე დამაბნეველ გამონათქვამებსაც კი გააჩნიათ მედიტაციისათვის გამოსაყენებელი უეცარი გამონათებები და ისინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა უარვყოთ, როგორც რაღაც უაზრობა და აბდაუბდა, - მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ასე ჩანს.
13. ილუმინაციის კიდევ ერთ წყაროს წარმოადგენს სეფიროტების დამატებითი სახელები, რომელთაგან ზოგიერთს აქვს ერთი ან ორი სახელი, ხოლო დანარჩენებს ათობით სახელი ენიჭებათ. ეს არის სახელთა გრაფიკული აღწერილობა, რომელთაც ძველი რაბინები მიმართავდნენ; მიმოფანტული და აწ უკვე აღმოჩენილი კაბალისტური ლიტერატურა უამრავ საკითხს გვიხსნის. მაგალითად: სახელწოდება "დაფარული" და "პირველადი წერტილი", რომელიც კეტერს მიეკუთვნება, საკმაოდ კარგად გადმოსცემს საზრისს იმისთვის, ვინც იცის სად მიაგნოს გასაღებს.
14. სიმბოლიზმის კარგად გაცნობის შემდეგ, შეგვიძლია სეფიროტები სხვადასხვა რელიგიებისა და სისტემის ღმერთებთან დავაკავშიროთ; ასეთ დროს აღმოვაჩენთ ღვთაებებისთვის მინიჭებულ ფუნქციებს, კოსმიურ ცნებებს და თაყვანისცემის მეთოდებს, რის შედეგადაც ჩვენკენ განათლების ახალი წყალდიდობა დაიძვრება. ჩვენ გვჭირდება კარგი მითოლოგიური ლექსიკონის ან ენციკლოპედიის გამოყენება, როგორიცაა: ფრეიზერის "ოქროს ტოტი", მადამ ბლავატსკაიას "საიდუმლო დოქტრინა" და "გამოაშკარავებული ისისი". ჩვენი შრომისმოყვარეობის საფუძველზე, მათი დახმარებით უამრავი გამოცანის ამოხსნას შევძლებთ. სიცოცხლის ხის ამგვარ ასპექტში გამოყენება ძალზედ ღირებულია, რადგან მათი სიმბოლიზმის ასოციაციური კავშირი ერთობლივი სურათის აღქმის საშუალებას იძლევა.
15. სიცოცხლის ხის შემადგენელი ნაწილების ფსიქიკური ასპექტით მანიპულირებისთვის ოკულტისტი იყენებს სხვადასხვა გამოსახულებას, რომელიც ხილვას აღძრავს. იგი თითოეულ სეფირას უკავშირებს მთავარ სიმბოლოს, რომელსაც მაგიური გამოსახულება ეწოდება. მეორეც, ადეპტი გონებაში სეფირასთან აკავშირებს გეომეტრიულ ფორმას, რომელიც სეფირას მახასიათებელის საფუძველია. მაგალითად, სეფირა გებურას, მარსის სფეროს, ადეპტი წარმოიდგენს პენტაგონის (ხუთკუთხედის) ან ხუთმხრივი ფიგურის სახით. ნებისმიერი სიმბოლო, იქნება ეს თილისმა, მარსის საკურთხეველი თუ მენტალური ხატ-სახე, უნდა იყოს პენტაგონის ფორმის და შეიცავდეს მარსის ფერთა შკალიდან ერთ-ერთ ფერს.
16 სიცოცხლის ხეზე, ყველაზე მნიშვნელოვან ფორმას განასახიერებს ოთხი სახელი, რომელიც თითოეულ სეფიროტს აქცს მინიჭებული; სეფიროტებთან ასევე ასოცირდება ოთხი ფერი, რომლებიც კაბალოსტების ოთხი სამყაროს სიმბოლურ გამოვლინებად ითვლება. მათგან უმაღლესი არის ღმერთის სახელი, რომელიც აზილუთის სამყაროში მანიფესტირდება. სეფიროტული სფეროს ძალაუფლების უზენაესი სახელი დომინირებს ყველა ასპექტზე, იქნება ეს კოსმიური, ევოლუციური თუ სუბიექტური. იგი განასახიერებს იდეას, რომელიც მოცემულ სფეროში განვითარების მანიფესტაციას ეფუძნება. მოცემული იდეა მთელი შემდგომი ევოლუციის მეშვეობით მოძრაობს და საკუთარ თავს სხვადასხვა ეფექტში და მანიფესტაციაში გამოხატავს.
17. ძალაუფლების მეორე სახელს წარმოადგენს სფეროს მთავარანგელოზის სახელი, რომელიც ქმნილების ორგანიზებულ ცნობიერებას წარმოადგენს; მისი მეშვეობით ევოლუცია მოქმედებაში მოდის და მიმართულებას იძენს. მიუხედავად იმისა, რომ მთავარანგელოზები ეთერიზებული ადამიანის ფორმით გამოისახებიან, არ უნდა ვიფიქროთ, რომ სიცოცხლე და ცნობიერება, - როგორც ჩვენ გვესმის - არ შეესაბამება მათ ბუნებას. არსებითად, მთავარანგელოზები ბუნებრივ ძალებს უფრო ჰგვანან, მაგრამ თუ მივიჩნევთ, რომ ისინი არაინტელექტუალურ ენერგიას განასახიერებენ, მაშინ აღარ გვექნება მათი ბუნების ადეკვატური კონცეფცია, რადგან სინამდვილეში, მთავარანგელოზები ძალიან ინდივიდუალურები, უაღრესად გონიერები და მიზანმიმართულნი არიან.
18. ძალაუფლების მესამე სახელი აღნიშნავს არა ერთ არსებას, არამედ არსებათა მთელ კლასს, ანგელოზთა დასებს, როგორც მათ რაბინები უწოდებენ. ანგელოზებიც ასევე განასახიერებენ ინტელიგენტურ ბუნებრივ ძალებს.
19. მეოთხე ნაკრებს ჩვენ ვუწოდებთ ამქვეყნიურ/სამყაროსეულ ჩაკრებს, ანუ ციურ ობიექტებს, რომლებიც ევოლუციის კონკრეტული ფაზის შედეგებს წარმოადგენენ. ციური სხეულები ეკუთვნიან იმ სეფირას, რომლის გავლენის ქვეშაც თავად იმყოფებიან.
20. მესამე ასპექტი, რომლის მიხედვითაც სეფიროტებს განვიხილავთ, არის მაგიური ასპექტი, და იგი არსებითად პრაქტიკულია. ასეთ დროს ჩვენ მოქმედებაში მოვდივართ ღვთაებრივი მანიფესტაციის იმ ძალებთან, რომელთაც შევისწავლით.
21. თითოეულ სეფირას გააჩნია სათნოება, რომელიც გამოხატავს მის იდეალურ ასპექტს, საჩუქარს, რასაც ძღვენად აძლევს ევოლუციას; სეფიროტებს გააჩნიათ მანკიერებებიც, რომლებიც მათი თვისებების გადაჭარბების შედეგია. მაგალითად, მარსის, სეფირა გებურას სათნოება არის ენერგია და გამბედაობა, ხოლო მანკიერებაა სისასტიკე და დესტრუქციულობა. ასტროლოგიის შემსწავლელი სტუდენტი მაშინვე მიხვდება თითოეული სეფირას სათნოებებსა და მანკიერებებს, მათთან დაკავშირებული პლანეტარული ატრიბუტიკიდან გამომდინარე. სტუდენტი აღმოაჩენს, რომ მისთვის ასტროლოგიაში სრულიად ახალი მიდგომის ხაზი გაიხსნა.
22. კიდევ ერთი დეტალი: ესაა სულიერი გამოცდილება, - როგორც მე მირჩევნია ვუწოდო - ან ოკულტური ძალა, როგორც ქროული უწოდებს; ესაა კოსმიური მეცნიერების ზოგიერთი ასპექტის ღრმა რეალიზება ან ხედვა. სულიერი გამოცდილება, თითოეული სეფირასთვის მინიჭებული ინიციაციის დაწყების არსს წარმოადგენს.
23. შუა საუკუნეებში მოღვაწე კაბალისტები სეფიროტებს ადამიანის სხეულის ნაწილებთანაც აკავშირებდნენ, მაგრამ ასეთი ასოციაცია სიტყვასიტყვით არ უნდა გავიგოთ. ნამდვილი გასაღები იმაში მდგომარეობს, რომ სხვადასხვა სეფიროტი ცნობიერებაში განსხვავებულ ფაქტორებს ასახავს, და თუ ავიღებთ გებურას, როგორც ძლიერი მარჯვენა მკლავის სიმბოლოს, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ნიშნავს დინამიურ განზრახვას/ნებას, აღმასრულებელ ძალას, რომელიც ეფექტური გამანადგურებელი და გაუწონასწორებელია.
24. ყოველი სეფირა და ყოველი ბილიკი შეიცავს სიმბოლურ ცხოველებს, მცენარეებს და ძვირფას ქვებს. არსებობს ორი მთავარი მიზეზი, რის გამოც აუცილებელია, რომ ასეთი ასოციაციები ადეპტმა კარგად იცოდეს: პირველ რიგში, იგი ძალიან მნიშვნელოვან გასაღებს იძლევა სხვადასხვა სეფიროტის პანთეონის ღმერთებთან ურთიერთობაში; და მეორეც, ისინი უცილობლად ქმნიან ასტრალური ბილიკების სიმბოლიზმის მნიშვნელოვან ნაწილს და სულიერი მოგზაურობის ღირშესანიშნაობას წარმოადგენენ. მაგალითად: თუ ვინმე ნეცახის (ვენერას) სფეროში ცხენს (მარსი) ან ტურას (მთვარე) დაინახავს, მაშასადამე სფერო დარღვეულია და ხილვა სანდო არ არის. ნეცახის სფეროში შესაძლოა დავინახოთ მტრედები ან ლაქებიანი მხეცი, როგორიცაა ფოცხვერი ან ლეოპარდი.
25. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ სიმბოლური ცხოველების ანტიკურ ღმერთებთან და ქალღმერთებთან ასოციაცია სრულიად თვითნებური და პოეტური ფანტაზიის ნაყოფია. ამ საკითხთან დაკავშირებით ოკულტისტი გიპასუხებთ, რომ პოეტური ფანტაზია თვითნებური სულაც არ არის და მეცნიერული განხილვისათვის მიგითითებთ, რომ შეისწავლოთ ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოანალიტიკოსის, კარლ გუსტავ იუნგის შრომები.
26. დოქტორი იუნგი უამრავ ინფორმაციას გვაწვდის ადამიანური გონების მიერ შეთხზული მითოლოგიის წახნაგების შესახებ და ოკულტისტმა იცის, რომ იუნგის მიერ განხილული საკითხები სიმართლეს შეესაბამება. თუმცა, ოკულტისტმა ისიც იცის, რომ მოცემული საკითხი იმაზე ბევრად შორს მიმავალია, ვიდრე დღევანდელ ფსიქოლოგიას შეუძლია რომ ჩაწვდეს. პოეტისა და მისტიკოსის გონება, რომელიც ბუნებრივ ძალებსა და ფაქტორებზე ფიქრის მეშვეობით წარმოსახვით შემოქმედებას იყენებს, ბევრად უფრო ღრმად აღწევს საიდუმლოთა სიღრმეებში, ვიდრე თანამედროვე მეცნიერები. შემთხვევით არ მომხდარა, რომ რასობრივმა წარმოსახვამ გარკვეული ცხოველები გარკვეულ ღვთაებებს დაუკავშირა. მოკლედ მოყვანილი მაგალითების გაშიფვრა ასოციაციების დადგენას ემსახურება; მაგალითად: ვენერას მტრედები აჩვენებს უფრო ნაზ ასპექტს, ხოლო კატისებრი მხეცები ბოროტეულ სილამაზეს.
27. მცენარეების სხვადასხვა ბილიკებთან ასოციაცია ორგვარ საფუძველს ემყარება; ჯერ ერთიც, არსებობს მცენარეები, რომლებიც ტრადიციულად ასოცირდება ანტიკური ღმერთების ლეგენთებთან; როგორც სიმინდი ცერერასთან და ვაზი დიონისესთან. ასოციაციებით ვგებულობთ, რომ ეს ღმერთები დაკავშირებულია მალქუთთან, ხოლო ვაზი ტიფარეტთან, ქრისტეს ცენტრთანაა კავშირში, რომელიც ყველა მსხვერპლად შეწირული ღმერთის და მხსნელის სიმბოლოა.
28. მცენარეები სეფიროტებთან სხვაგვარადაც ასოცირდება; უძველესი ხელნაწერები მცენარეებს კონკრეტულ პლანეტებთან აკავშირებდნენ, რაც არარეგულარულ მოდად იქცა. ზოგ შემთხვევაში არსებობდა ნამდვილი ასოციაცია, ხოლო ზოგ შემთხვევაში თვითნებური და არასწორი ასოციაციები იკვეთებოდა. ანტიკურ ჰერბალისტებს ბევრი რამ აქვთ სათქმელი მოცემული საგანის შესახებ, ხოლო დღესდღეისობით ძალიან საინტერესო კვლევები მიმდინარეობს ანთროპოსოფიურ ექსპერიმენტულ მეურნეობებში.
29. ანალოგიურად, გარკვეული მედიკამენტები დაკავშირებულია ცალკეულ სეფიროტებთან. ჩვენ აქაც უნდა განსვასხვაოთ ერთმანეთისგან ცრურწმენა და მისტიციზმი. მაგალითად: ყველა აფროდიზიაკი სამართლიანად შეიძლება მივაკუთვნოთ ნეცახს, ყველა აბორტიკანტები იესოდს, - ჰეკატეს ასპექტში. ანალგეტიკები ეკუთვნის ხესედს, ხოლო კაუსტიკები და გამაღიზიანებლები გებურას.
30. ფსიქიკისა და მედიკამენტების მოქმედების საკითხში ასეთი ასოციაციები ძალიან სიანტერესო ასპექტებს გვიხსნიან. სწორედ მოცემული ასპექტები შეისწავლეს მედიცინის გენიებმა, მაგალითად პარაცელიუსმა; მაგრამ, სხვა მხრივ, უმეცარმა და ცრუმორწმუნე, არაინიცირებულმა ექიმებმა მოცემული ასპექტი ბოროტად გამოიყენეს, რამაც ძალიან არასწორი გადახრები გამოიწვია ხალხურ მედიცინაში.
31. ოკულტისტმა იცის, რომ ყველა ფიზიოლოგიურ მოქმედებას გააჩნია ფსიქოლოგიური ასპექტი და ფუნქცია; მან ასევე იცის, რომ გარკვეული ფსიქოტროპული მედიტამენტების გამოყენებით, შეუძლია გააძლიეროს საკუთარი მოქმედების ან ცნობიერების ხარისხი.
32. ამგვარ შესაბამისობებს, ძვირფასი ქვებისა და მინერალების სეფიროტებთან კავშირამდეც მივყავართ; მსგავსი ასოციაციები განსაზღვრულია როგორც ასტროლოგიურად, ასევე ალქიმიურადაც. ექსტრასენსებისთვის ცნობილია, რომ კრისტალური ნივთიერებები, გარკვეული ლითონები და კონკრეტული სითხეები საუკეთესო საშუალებაა დახვეწილი ძალების შენახვისა და გაცემისათვის. სხვადასხვა სეფიროტებზე მედიტაციისას გამოწვეული ხილვის დროს, დანახული ფერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, და გამოცდილებით დადასტურდა, რომ შესაბამისი ფერის მქონე კრისტალი საუკეთესო მასალაა თილისმის დასამზადებლად: სისხლისფერი ლალი საუკეთესოა გებურას ცეცხლოვანი ძალებისთვის; ხოლო ზურმუხტი, ნეცახის ბუნების ძალებს შეესაბამება.
33. სუნამოები, განსაკუთრებით კი სურნელოვანი საკმეველები, ასევე ასოცირდება სხვადასხვა სეფიროტებთან. ცნობილია, რომ არაფერი იწვევს გონების მდგომარეობის ცვლილებას და ცნობიერების სტიმულირებას ისე ძლიერად, როგორც სურნელი. "სურნელი უფრო ეფექტურია, ვიდრე დანახული და მოსმენილი, რათა თქვენი გულის სიმები აჟღერდეს", - ამბობს პოეზია, ხოლო პრაქტიკული ოკულტისტები ამას ადასტურებენ. არსებობს გარკვეული არომატული ნივთიერებები, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა ღმერთებთან და ქალღმერთებთან; ასეთი საშუალებები ყველაზე ეფექტურია განწყობის სტიმულირებისთვის, რომელიც ჰარმონიაში მოდის ღვთაების ფუნქციასთან.
34. მაგიური იარაღებიც შედის სიმბოლოებისა და ნივთიერებების გრძელ სიაში; ისინი თითოეულ ბილიკთან ასოცირდება. ჯადოსნური იარაღი არის რაიმე სახის ინსტრუმენტი, რომელიც კონკრეტული ძალის გამოწვევისას გამოიყენება, ან მისი გამოვლინების საშუალებად გვევლინება. ასეთი იარაღების მაგალითებია: ჯადოსნური ჯოხი, წყლით სავსე თასი ან ბროლის ბურთი.
35. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მკითხაობის სხვადასხვა სისტემებს საკუთარი ურთიერთობა გააჩნიათ სიცოცხლის ხესთან და მათში ყველაზე დახვეწილი მინიშნებებია ჩადებული. ასტროლოგიური ასოციაციები სიცოცხლის ხეზე ადვილად იკვეთება; ჩვენ ვაკვირდებით პლანეტების სიმბოლიზმს, ელემენტებს, პლანეტარულ სამებებს, ასტროლოგიურ სახლებს და მმართველებს. ტარო, მკითხაობის ყველაზე გენიალური სისტემა, სიცოცხლის ხის საიდუმლოებებს საუკეთესოდ განმარტავს; იგი ამოსავალი წერტილია სეფიროტის ხის გასაგებად. მეცნიერი ისტორიკოსი შესაძლოა დოგმატურად ეძებდეს წარსულში ტაროს წარმოშობის ისტორიას, მაგრამ, ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ არც თუ უსაფუძვლოდ, იგი ვერ მიაგნებს ტაროს პირველწყაროს. მაგრამ, როდესაც ადეპტი სიცოცხლის ხესთან და ტაროსთან ერთობლივად მუშაობს, ეს ორი ერთმანეთს ყველა წარმოსახვითი ასპექტით უერთდება, რომელიც შესაბამისობათა იმგვარ ასოციაციებს იწვევს, რომელიც არ შეიძლება იყოს თვითნებური ან შემთხვევითი.
36. ხესთან ჩატარებული პრაქტიკული სამუშაოს ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ასპექტი ეხება ცერემონიულ და თილისმების მაგიას. გეომანტიის თითოეული სიმბოლო, ტაროს თოთოეული არკანი და ჰოროსკოპული ფაქტორები ადეპტის მიერ თავსდება სიცოცხლის ხეზე, რისი მეშვეობითაც ოკულტისტს შეუძლია რიტუალის გაკეთება ან თილისმის შექმნა, რომელიც ანაზღაურებს ან/და აძლიერებს პრაქტიკულ შედეგებს.
37. სწორედ ამ მიზეზის გამოა, რომ არაინიცირებული მკითხავი ცუდ იღბალს იზიდავს, რადგან იგი დახვეწილ ძალებს მათზე კონცენტრირებით აღვივებს და ამავე დროს, არ გააჩნია საჭირო ბალანსი და მაგიური წონასწორობა.