თავი მეთვრამეტე - ხესედი; მეოთხე სეფირა

  თავი მეთვრამეტე - ხესედი; მეოთხე სეფირა

 

 სახელწოდება: ხესედი, წყალობა. (ებრაული დასახელება: ჩეთ. სამეხ. დალეთ).

 

მაგიური ხატ-სახე: ძლევამოსილი, გვირგვინოსანი და ტახტზე დაბრძანებული მეფე.

 

განლაგება სიცოცხლის ხეზე: წყალობის სვეტის ცენტრში.

 

„სეფერ იეცირას“ ტექსტი: მეოთხე ბილიკს ეწოდება შემაკავშირებელი ან/და მიმღები ინტელექტი, რამეთუ იგი შეიცავს ყველა წმინდა ძალას და მისგან გამოედინება ყოველი სულიერი სათნოება, ყველაზე ამაღლებული ღირსებით. ისინი ერთმანეთისგან წარმოიქმნება პირველყოფილი ემანაციის, უმაღლესი გვირგვინის, კეტერის მიერ.

 

აღწერილობითი დასახელებები: გედულა. სიყვარული. დიდებულება.

 

ღმერთის სახელი: ელ.

 

მთავარანგელოზი: ცადკიელი.

 

ანგელოზთა დასი: ხაშმალიმები, ბრილიანტები, მბრწყინავი არსებები.

 

სამყაროსეული ჩაკრა: ცედეკი, იუპიტერი.

 

სულიერი გამოცდილება: სიყვარულის ხილვა.

 

სათნოება: მორჩილება.

 

მანკიერება: ფანატიზმი. თვალთმაქცობა. სიხარბე. ტირანია.

 

შესაბამისობა მიკროკოსმოსში: მარცხენა ხელი.

 

სიმბოლოები: ტეტრაჰედრონი. პირამიდა. ტოლხაზოვანი ჯვარი. კვერთხი. სკიპტრა.

 

ტაროს სუიტი: ოთხი ოთხიანი.

 

კვერთხების ოთხიანი: შესრულებული სამუშაო. ბედნიერი ოჯახური გარემო. გაერთიანება. სახლში დაბრუნება. სიურპრიზი. წვეულება. ქორწილი. გუნდური მუშაობა. სტაბილურობა. კეთილდღეობა. თვითშეფასება. მიღწევებით სიამაყე.

 

თასების ოთხიანი: სიამოვნება. ზედმეტი ფუფუნებისგან დაღლილობა. შემოთავაზებაზე უარის თქმა. ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. სტაგნაცია. აპათია. იმედგაცრუება. ნეგატივზე ფოკუსირება. საკუთარი თავის შთანთქმა. მარტოობის საჭიროება. ნოსტალგია. მოწყენილობა. მედიტაცია. ფანტაზია.

 

ხმლების ოთხიანი: კონფლიქტისგან დასვენება. შიში. შფოთვა. სტრესი. გადატვირთულობის შეგრძნება. მარტოობა. ძალების აღდგენა. მედიტაცია. სიჩუმე და სიმშვიდე. ინტროსპექცია. გამოჯანმრთელება. მოთმინება.

 

პენტაკლების ოთხიანი: მატერიალური ძალაუფლება. სიძუნწე. მესაკუთრეობა. კონტროლი. ფინანსური სტაბილურობა. თანხის დაზოგვა. იზოლაცია. მატერიალიზმი. გახსნილობის ნაკლებობა.

 

ფერი აზილუთში: მუქი იისფერი

 

ბრიაჰში: ლურჯი 

 

იეცირაში: მუქი ვარდისფერი.

 

ასიაში: მუქი ცისფერი, მოყვითალო ტონებით.

 

   I

1. სეფიროტის ხეზე, უმაღლეს სამებასა და მათ ქვემოთ განლაგებულ, მომდევნო წყვილებს შორის არსებობს უზარმაზარი სივრცე, რომელსაც მისტიკოსები „უფსკრულის“ სახელით მოიხსენიებენ. ექვსი მომდევნო სეფირა: ხესედი, გებურა, ტიფარეტი, ნეცახი, ჰოდი და იესოდი, კაბალისტების მიერ დასახელებულია როგორც „მიკროპროსოპოსი“, იგივე ადამ კადმონი; მეფე. მეფის პატარძალი, ანუ დედოფალი, სიმბოლიზებულია სეფირა მალქუთში, რომელიც ჩვენს მატერიალურ სამყაროს და დედამიწას აღნიშნავს. სეფიროტის ყველაზე მაღალ წერტილში ვხვდებით აბსოლუტს, უზენაეს მამას, სეფირა კეტერს, რომელიც ყოველი მანიფესტაციის მიზეზთ-მიზეზს წარმოადგენს. მოცემულ კონფიგურაციაში დაშიფრულია ღრმა სიმბოლიზმი, რომელსაც უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ენიჭება როგორც ფილოსოფიაში, ასევე მაგიაშიც.

 

2. უფსკრული, რომელიც მაკროპროსოპოსსა და მიკროპროსოპოსს შორის არსებობს, დემარკაციული ხაზივით არის გავლებული ყოფიერების ბუნებაში. სწორედ ამ უფსკრულს ეწოდება დაათი, უხილავი სეფირა, რომელიც განღმრთოების სფეროდ არის მოხსენიებული; სხვანაირად მას გაგებას, შეცნობას და აღქმას უწოდებენ.

 

3. ყოფიერების ორი დონე, მაკროპროსოპოსი და მიკროპსროსოპოსი, ემსახურება პოტენციალისა და აქტივობის იდეას. უშუალო მანიფესტაცია, ანუ ფაქტობრივი გამოვლინება, - რომელიც ჩვენს შეზღუდულ გონებას შეუძლია რომ აღიქვას - მიკროპროსოპოსში იწყება; სწორედ ამ მიკროპროსოპოსის პირველი ასპექტი ჩნდება ხესედში, მეოთხე სეფირაში, რომელიც წყალობის სვეტზე, სეფირა ხოქმას ქვეშ მდებარეობს. სეფირა ხესედი დაბალანსებულია სიმძიმის სვეტზე განთავსებული სეფირა გებურას მიერ, რომელიც ხესედის მოპირდაპირედ მდებარეობს. ეს წყვილი ქმნის თეზისს, რომელსაც ეწოდება „ძალაუფლება და დიდებულება“. ორივე მათგანი მოხსენიებულია „მამაო ჩვენოს“ უკანასკნელ წინადადებაში: „რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“. „სუფევა“ არის იგივე „სამეფო“, რომელშიც მალქუთი, ანუ დედამიწა იგულისხმება.

 

4. როგორც უკვე ვნახეთ, სეფირას ადგილმდებარეობაზე დაკვირვებით, ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის შესწავლა შეგვიძლია; ხესედი ემანაციას ახდენს სეფირა ბინას მიერ, რომელიც პასიური სეფირაა, ხოლო თავად ხესედი ახდენს სეფირა გებურას ემანირებას, რომლის სამყაროსეული ჩაკრა არის პლანეტა მარსი, მთელი თავისი საომარი და გამანადგურებელი სიმბოლოებით.

 

5. ხესედი არის მოსიყვარულე და მფარველი მამა, ისევე როგორც ხოქმა არის ყოვლის შემოქმედი მამა. ხესედი აგრძელებს ყოველთა მამის, ანუ ხოქმას მიერ წარმოქმნილი იმპულსის ორგანიზებასა და შენარჩუნებას, რომელსაც გებურას სიმკაცრის ძალით აბალანსებს.

 

6. მოცემული ასპექტი ძალიან ნათლად არის გამოხატული ორივე სეფირას მიმართ ასოცირებული მაგიური ხატ-სახის მეშვეობით; ორივე მათგანი არის მეფე; ხესედის მეფე ტახტზეა დაბრძანებული, ხოლო გებურას მეფე საომარ ეტლში ზის. სხვა სიტყვებით, ისინი სამეფოს მმართველები არიან მშვიდობის და ომის დროს. პირველი არის კანონმდებელი, ხოლო მეორე მეომარი.

 

7. ფიზიოლოგიური ანალოგია მკაფიოდ გვეხმარება ორივე სეფირას უკეთ გაგებაში. მეტაბოლიზმი შედგება ანაბოლიზმისგან; ანუ საკვების მიღება და ასიმილაცია, ქსოვილებში დაგროვების შედეგად იწვევს მის დაშლას, რაც აქტიური მუშაობით და ენერგიის გამომუშავებით გამოიხატება. კატაბოლიზმის ქვეპროდუქტს განასახიერებს დაღლილობა, როდესაც დასვენების გზით სისხლიდან ზედმეტი შხამები უნდა გამოიდევნოს. სიცოცხლის პროცესი მარადიული აღმშენებლობისა და ნგრევის განგრძობითობას წარმოადგენს და მაკროკოსმოსში ისინი წარმოდგენილია გებურასა და გედულას სახით (გედულა - ხესედის ერთ-ერთი დასახელება).

 

8. ხესედი, როგორც მიკროპროსოპოსის პირველი სეფირა, ანუ მანიფესტირებული სამყარო, განასახიერებს არქეტიპული იდეის ფორმულირებას, აბსტრაქციის კონკრეტიკას. როდესაც ჩვენს გონებაში ყალიბდება რაიმე სახის აბსტრაქტული პრინციპი, რომელიც ჩვენი ახალი აქტივობის საფუძველია, ეს ნიშნავს, რომ ხესედის სფეროში ვმუშაობთ. მოვიყვანოთ მაგალითი, უკეთ გააზრებისთვის; მკვლევარმა აღმოაჩინა ახალი მიწა, რომელსაც დაკვირვებით ათვალიერებს; იგი ხედავს მინდვრებს და მდინარეს, რომელიც მწვანე ფერდობის შუაში მიედინება. მკვლევარი ფიქრობს ველური მხარის სასოფლო-სამეურნეო სიმდიდრეზე, სატრანსპორტო გზების გაყვანაზე და ნავსადგურზე, რომელიც უნდა აშენდეს. გონების თვალით იგი ხედავს ბაზრობებს, გაცხოველებულ ვაჭრობას და საცხოვრებელ სახლებს. მკვლევარს აინტერესებს, არის თუ არა ამ მთებში მინერალები; იგი ხედავს კოლონისტების შემოსვლას და ეკლესიას, საავადმყოფოსა და გალავანს; მოკლედ, ყველაფერს, რაც სრულყოფილ ქალაქს სჭირდება. უშუალო ქმედებამდე განხორციელებული ნებისმიერი ამის მსგავსი აზროვნება ეკუთვნის ხესედის სფეროს, მიუხედავად იმისა, ვაცნობიერებთ თუ არა ამ ფაქტს.

 

9. სამყაროში არსებული ყველა შემოქმედებითი შრომა ამგვარად ხორციელდება. მეფე დაბრძანებულია საკუთარ ტახტზე, ხელში უჭირავს კვერთხი და ამგვარად განაგებს და ხელმძღვანელობს თავის ხალხს.

 

10. ამისგან საპირისპიროდ, ჩვენ ხშირად ვხვდებით ადამიანებს, რომელთა ცნობიერება მალქუთის მაღლა ვერ ფუნქციონირებს; ეს ის ხალხია, ვინც ხეებისგან შეშის დამზადების შესაძლებლობას ვერ ხედავს. მათი აზროვნება მოკლებულია რაიმე სახის სინთეზურ პრინციპს. ასეთი ადამიანების ლოგიკას არასოდეს შეუძლია საწყისთან დაბრუნება, არამედ მხოლოდ მატერიალური საზრუნავებით შემოიფარგლებიან. ისინი ვერასოდეს შეძლებენ დახვეწილი მიზეზების გარჩევას და სწორედ ამიტომ, ყოველთვის ისეთი მოვლენების მსხვერპლნი ხდებიან, რასაც თავად შემთხვევითობებს უწოდებენ.

 

11. ოკულტისტი, რომელიც ხესედის სეფირას ინიციაციას არ ფლობს, შეიზღუდება იესოდის სფეროში, მაიას სიბრტყეში, რომელიც ილუზიის სფეროა. განდობილი ვერ შეძლებს ქვეცნობიერის მაგიურ სარკეში წარმოქმნილი ასტრალური გამოსახულებების ინტერპრეტაციას; იგი ვერ დაუკავშირდება მაღალ სფეროებს, რათა გაარკვიოს მსგავსი სიმბოლოების ჭეშმარიტი მნიშვნელობა. ასეთი ადეპტი საკუთარ თავს თავისივე ილუზიების ტყვეობაში მოაქცევს და შეცდომაში შევა არაცნობიერი პროექციების ფანტაზმების შედეგად. თუ განდობილი შეძლებს ხესედის საფეხურზე ფუნქციონირებას, იგი აღიქვამს არქეტიპულ იდეებს, რომელთა მიერ წარმოქმნილი მაგიური ხატ-სახეებიც მხოლოდ ჩრდილოვან და სიმბოლურ მახასიათებლებს განასახიერებენ. ადეპტი გახდება სიმბოლოთა აღქმის ოსტატი, ნაცვლად ჰალუცინაციებში უაზროდ ხეტიალისა. იგი მოცემულ სიმბოლოებს ისე გამოიყენებს, როგორც მათემატიკოსი იყენებს ალგებრულ სიმბოლოებს. ამ საფეხურზე ოკულტისტი მუშაობს როგორც ინიცირებული ადეპტი, და არა როგორც მაგი.

 

12. იგივე ხდება ტიფარეტშიც. როდესაც ადეპტი ქრისტეს ცენტრში ხესედის გასაღებების ნაკლებობას განიცდის, ადგილი ექნება ჰალუცინაციებს, მაგრამ იესოდისგან განსხვავებული და უფრო დახვეწილი ასპექტით. ადეპტი ასეთ დროს ქრისტეში იპოვის პერსონალურ ღმერთს, მისი აღმდგენი ძალაუფლების გამოყენების ნაცვლად; ან თაყვანს სცემს იესოს, როგორც მამა ღმერთს, რაც უამრავ დაბნეულობას გამოიწვევს.

 

13. ხესედი წარმოადგენს არქეტიპული იდეის ფორმულირების სფეროს; ეს არის აბსტრაქტული იდეა, რომელიც ადამიანურ აღქმამდე უშუალო გამოცდილების სახით ეშვება. ასევე, მაკროკოსმოსური გაგებით, იგი შემოქმედების პროცესის შესაბამის ფაზას ასახავს. მატერიალისტური მეცნიერება თვლის, რომ აბსტრაქტული ცნებები ადამიანის გონების მიერ ჩამოყალიბებული კონცეფციების შედეგია; ხოლო ეზოთერული მეცნიერება გვასწავლის, რომ არქეტიპულ იდეებს ღვთაებრივი გონება აყალიბებს, რათა ჩამოყალიბდეს უფორმო სუბსტანცია, რომელიც აუცილებელია სიცოცხლის სუნთქვის კრისტალიზაციისთვის. ფიზიკის უახლესმა აღმოჩენებმა გვაჩვენა, რომ უკლებლივ ყველა ნივთიერებას - გამონაკლისის გარეშე, - გააჩნია კრისტალური სტრუქტურა, რომელსაც ადამიანური ფსიქიკა ეთერული დასხივების სახით აღიქვამს, - რომელიც რენტგენის სხივების მეშვეობით გამოვლინდა.

 

14.  მისტერიებში, ძალიან მნიშვნელოვან და ამავდროულად ძალიან არასრულფასოვნად განმარტებულ საკითხს წარმოადგენს ტიტული, რომელსაც ოსტატის/მასტერის სახელით მოიხსენიებენ. სხვადასხვა სკოლა მოცემულ ტერმინს ერთმანეთისგან განსხვავებულად განმარტავს და ზოგი მათგანი ოსტატის ტიტულით მაღალი გრადუსის მქონე ცოცხალ ადეპტებსაც მოიხსენიებს; მაგრამ, მიზანშეწონილია ერთმანეთისგან განვასხვაოთ ინკარნაციაში მყოფი და ინკარნაციისგან განთავისუფლებული ადეპტი, რადგან მათი მისია და ფუნციონირების რეჟიმი რადიკალურად განსხვავდებიან. სწორედ ამიტომ, ტიტული „ოსტატი“ ენიჭება მხოლოდ იმას, ვინც სიცოცხლისა და სიკვდილის ციკლისგან განთავისუფლდა. დასავლური ეზოთერული ტრადიციის ტერმინოლოგიით, „ადეპტუს ეგზემპტუსის“ ტიტული ხესედს ეკუთვნის, რომელიც კარმული ბორბლისგან განთავისუფლებას აღნიშნავს. ჩემთვის ცნობილია, რომ სხვებმა შესაძლოა მოცემულ ტიტულს განსხვავებული მნიშვნელობები მიანიჭონ; ხოლო დედამიწაზე არიან ადეპტები, რომლებიც ინიციაციის მოცემული გრადუსის ტიტულს ატარებენ. მე მათთვის შემდეგი პასუხი მაქვს: თუ მსგავსი ტიტული სიმართლეს შეესაბამება და არა ცარიელ პატივს, მაშინ ისინი ინკარნაციაში არ უნდა იმყოფებოდნენ, რადგან კარმისგან თავისუფალნი არიან. ასეთი ადამიანები შესაძლოა სამართლიანად იყვნენ ოსტატები, მათი ცნობიერების ზეადამიანურ საფეხურამდე განვითარების გამო, მაგრამ აუცილებელია განვასხვაოთ განსხეულებული და განთავისუფლებული ადეპტი, ვიდრე მივაკრათ ადამიანს ისეთი ტიტული, რომლის განსახიერებაც ინკარნაციისათვის მორგებულ საფეხურს არ წარმოადგენს. სანამ ადამიანი სხეულში იმყოფება, იგი გარკვეულწილად ექვემდებარება ადამიანური სისუსტის გამოვლინებებს - სიბერისა და ფიზიკური ჯანმრთელობის მიერ დაწესებულ საზღვრებს. სანამ ადამიანი კარმული ბორბლისაგან არ განთავისუფლდება და სუფთა ცნობიერებად იქცევა, იგი ვერ გაიქცევა მემკვიდრეობითობისა და ადამიანური მონობის ჩარჩოებისგან. ამიტომ, მათ მიმართ ისეთივე ნდობის გამოცხადება არ შეიძლება, როგორიც შეიძლება გვქონდეს ჭეშმარიტი ოსტატების მიმართ.

 

15. ოსტატთა მუშაობის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს, აბსტრაქტული იდეების ლოგოიდური ცნობიერების მიმართ კონკრეცია წარმოადგენს. ეს არის არამანიფესტირებული სუბსტანციიდან არქეტიპული იდეის ჩამოყალიბების მეტაფორა, რომლის განმარტებაც შეუძლებელია. ლოგოიდურ ცნობიერებას, ანუ წმინდა ყოფიერებას, არ შეუძლია საკუთარ სიბრტყეში უზრუნველყოს მანიფესტაციის გამოვლინების ფორმირებული ასპექტი. ეზოთერულ ტრადიციაში ასწავლიან, რომ უმაღლეს საფეხურზე განვითარებული ოსტატები საკუთარი უფორმო ცნობიერებით ახერხებენ არქეტიპული იდეების აღქმას და მათი განზრახვისაბმებრ მატერიაში გამოვლინებას; მოცემული პროცესი ბრიაჰის სამყაროში ხორციელდება.

 

16. ასეთი ოსტატები ორგანიზებისა და აღმშენებლობის სამუშაოს წყალობის სვეტზე განთავსებულ, ხესედის სფეროში ახორციელებენ. შავბნელი ოსტატები, რომლებიც საკმაოდ განსხვავდებიან შავი მაგიის ადეპტებისგან, თავიანთ სამუშაოს სიმძიმის სვეტზე, გებურას სფეროში ასრულებენ. ოსტატებსა და განსხეულებულ მოწაფეებს შორის კავშირის წერტილი არის სეფირა ჰოდი, რომელიც ცერემონიული მაგიის სფეროა; ამასთან დაკავშირებით მითითება მოცემულია „სეფერ იეცირას“ ტექსტშიც. „იეცირას“ ტექსში, ინდივიდუალურ სეფირებს შორის არსებულ კავშირზე ნახსენებ ციტატებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. აქედან გამოდის, რომ ჰოდი განასახიერებს ხოქმას და ხესედის დაბალ ასპექტს, ისევე როგორც ნეცახი განასახიერებს ბინასა და გებურას დაბალ ასპექტს. ამ საკითხს დეტალურად განვიხილავთ, როდესაც ორივე სეფირას განხილვაზე გადავალთ, მაგრამ ახლა მოკლედ შევეხებით, რათა ხესედის ფუნქცია ჩვენთვის გასაგები გახდეს.

 

17. ჩვენ ახლა სიცოცხლის ხის სქემის ისეთ წერტილამდე მოვედით, სადაც ფუნციონირების რეჟიმი უკვე ადამიანური ცნობიერების დიაპაზონში შედის. წინამორვედი სეფირების შესწავლისას, ჩვენ მეტაფიზიკურ ცნებებს განვიხილავდით. მოცემული ცნებების გაგება და გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი მნიშვნელობის აღმოჩენის გარეშე ჩვენ უამრავ ცრურწმენაში ჩავვარდებით და მაგიას გამოვიყენებთ როგორც ჯადოქრები, და არა როგორც ჭეშმარიტი ადეპტები; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვერ გადავლახავთ ფორმაციული სიბტყის მონობას და მუდმივად მაგიური ფანტაზიისა და ჰალუცინაციების მიერ გამოწვეული ფანტომების ბატონობის ქვეშ ვიქნებით.

 

18. ხესედი, ჰოდში ტიფარეტის (ქრისტეს ცენტრის) გავლით აისახება; ასევე ტიფარეტის მეშვეობით აისახება გებურა ნეცახშიც. ეს ბევრ საკითხს გვასწავლის, რადგან მოუთითებს, რომ ცნობიერების ფორმაციიდან ძალაუფლებამდე ასასვლელად, და ძალაუფლების ფორმაციამდე ჩამოსასვლელად, მან უნდა გაიაროს წონასწორობისა და გამოსყიდვის ცენტრი, რომელიც ჯვარცმის მისტერიის სახელითაა ცნობილი.

 

19. სწორედ ხესედის სფერომდე მაღლდება ადეპტის ცნობიერება, ოკულტური მედიტაციების შედეგად; სწორედ აქედან ღებულობს იგი ინსპირაციებს, რომელთა მეშვეობითაც შემდგომ ფორმაციულ სიბრტყეზე მუშაობს; სწორედ აქ ხვდება ადეპტი ოსტატებს ტელეპათიის მეშვეობით, ყოველგვარი პერსონალური აღქმის გარეშე. ეს არის უმაღლესი და ჭეშმარიტი კონტაქტის რეჟიმი. როდესაც ოსტატები ნათელმხილველობის მეშვეობით შემოსილი სახით აღიქმებიან, საქმე გვაქვს იესოდის სფეროსთან, რომელიც ფანტაზმების და ჰალუცინაციების სფეროა; ჩვენ საკმაოდ გაურკვევლ და სახიფათო ადგილას ვიმყოფებით, თუ სულიერ ოსტატს იესოდის სფეროში შევხვდებით. ანთროპომორფულ ფორმას ხშირად შეცდომაში შეჰყავს ექსტრასენსები, რომლებიც ცნობიერების ამაღლებას ხესედის სფერომდე ვერ ახერხებენ.

 

 II

 

20. როდესაც უმაღლესი სფეროებიდან ქვემოთ, ჩვენი გაგების დიაპაზონამდე ჩამოვდივართ, თითოეულ მათგანთან დაკავშორებული სიმბოლიზმი ჩვენთვის უფრო და უფრო გასაგები ხდება, რადგან ისინი უშუალო გამოცდილებაზე მიუთითებენ.

 

21. ხესედის მაგიური ხატ-სახე არის ძლევამოსილი, გვირგვინოსანი და ტახტზე დაბრძამებული მეფე; ტახტი ერთ ადგილზე დგას, რადგან სამეფოში სტაბილურობა და მშვიდობა სუფევს; იგი არ განასახიერებს საომარ ეტლს, რომელიც გებურას მიეკუთვნება; ხესედის სხვა დასახელებები, როგორიცაა სიყვარული და დიდებულება, მისი ხალხის მიმართ კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას აღნიშნავს. წყალობის სვეტის ცენტრში მისი მდებარეობა მიუთითებს სტაბილურობისა და ბალანსის კანონზე, რომელიც სამეფოს საკეთილდღეოდ უნდა იქნეს დაცული. ხესედის სამყაროსეული ჩაკრა არის პლანეტა იუპიტერი; ასტროლოგიაში დიდებული იღბალის პლანეტა; იუპიტერის სიმბოლიზმი კიდევ ერთხელ ადასტურებს ასოციაციების მთელს ჯაჭვს, რომელიც ხესედთანაა კავშირში.

 

22. მიკროკოსმოსურ, ანუ სუბიექტურ ასპექტში ხესედის სათნოებასთან მორჩილება ასოცირდება. მხოლოდ მორჩილების სათნოებით შეუძლია ხესედს საკუთარი მმართველობის მშვიდობიანად და წონასწორობაში შენარჩუნება. ჩვენ ბევრი რამ უნდა გავწიროთ საკუთარი დამოკიდებულებებიდან და ეგოიზმიდან, ორგანიზებული სოციალური ცხოვრების კეთილმოწყობის აღსასრულებლად. ამგვარი მსხვერპლის გაღებისაგან და შეზღუდვისაგან გამოსავალი არ არსებობს. მეტაფორულად რომ ვთქვათ, ამ სფეროში შეუძლებელია სხვისი თეფშიდან ნამცხვრის მოპარვა. თავისუფლება არ არსებობს, თუ მას ისე განმარტავენ, როგორც შეუზღუდავი თვითნებობის უფლებას. სხვა თუ არაფერი, გრავიტაციის ძალაც წინააღმდეგობას გვიწევს. თავისუფლება შეიძლება განისაზღვროს, როგორც საკუთარი თავის ერთადერთი მმართველის არჩევის უფლება; ყველა სხვა შემთხვევაში ქაოსი ისადგურებს. ჩვენს დროში სამყაროს ესაჭიროება ეფექტური და შთამაგონებელი მმართველი, რომელსაც ყოველი ქვეყანა დაუსრულებლად ეძებს; ეს არის კეთილი ბუნების მქონე, მოწესრიგებული და იუპიტერის გავლენით ორგანიზებული მმართველი, რომელიც ერთადერთი წამალია სამყაროში არსებული ავადმყოფობებისთვის; როგორც კი ასეთი ლიდერი გამოჩნდება, ერები აღადგენენ ემოციურ ბალანსს და ფიზიკურ ჯანმრთელობას.

 

23. ყველა მანკიერება, რომელიც ხესედს ენიჭება, - ფანატიზმი, თვალთმაქცობა, სიჯიუტე და ტირანია - ამავდროულად სოციალურ მანკიერებებსაც წარმოადგენენ. ფანატიზმი უარს ამბობს მხედველობაში მიიღოს სხვა ადამიანის შეხედულება, რომელიც საბედისწერო მანკიერებაა რასობრივ ურთიერთობებში. თვალთმაქცობა გვიბიძგებს ადამიანებს სინდისის არსებობის გარეშე მოვექცეთ; სიხარბე გვიქმნის ცდუნებას, ავიღოთ იმაზე მეტი, ვიდრე სამართლიანად გვეკუთვნის. ტირანია ნიშნავს ავტორიტეტისა და ძალაუფლების არასწორად გამოყენებას, რომელიც ყოველთვის ჩნდება იქ, სადაც სისასტიკე და უსამართლობა სუფევს.

 

24. მიკროსმოსში ხესედი ასოცირებულია მარცხენა ხელთან, რომელიც ნაკლებად დინამიური ფუნქციონირების რეჟიმზე მიუთითებს, ვიდრე გებურა, რომელიც მარჯვენა ხელია; რომელშიც მეომარს მახვილი უჭირავს. ხესედი არის უფრო მეტად სიმტკიცე, ვიდრე დინამიური ძალა.

 

25. ხესედის მისტიურ რიცხვად ითვლება ოთხიანი, რომელიც ხშირად წარმოდგენილია ტეტრაჰედრონის სახით. იუპიტერის თილისმა ყოველთვის ასეთ სიმბოლოზეა დამაგრებული.

 

26. ჯვარი განასახიერებს ძალიან მნიშვნელოვან და საიდუმლო სიმბოლოს, რომლის მრავალი ერთმანეთისგან განსხვავებული ვერსია არსებობს, სწორედ ამიტომ, ხესედის ჯვარი და ტიფარეტის ჯვარი, ერთმანეთისგან განსხვავდება. ისინი სულიერი ძალის განსხვავებულ მოქმედებას ასახავენ, ისევე როგორც თითოეულ სეფირაში სხვადასხვა ღმერთები, მთავარაგნელოზები და ანგელოზები მოქმედებენ. ხესედთან დაკავშირებული ჯვარი ასახავს სიმბოლოს, რომლის ოთხივე ხაზი სიგრძეში ერთმანეთის ტოლია; იგი ოთხივე ელემენტის წონასწორობას განასახიერებს და მიუთითებს ყოფიერების მდგომარეობაზე, რომელშიც ყოველი ქმნილება თანაბარ ჰარმონიაში ცხოვრობს.

 

27. კვერთხი და სკიპტრა  შესანიშნავად გამოხატავს ხესედის კეთილბუნებოვან ასპექტს.

 

28. ტაროს დასტაში ხესედს ოთხი ოთხიანი ეკუთვნის. ოთხივე მათგანი გარკვეულ იდეას ატარებს მმართველობის შესახებ. კვერთხების ოთხიანი არის სრულყოფილად შესრულებული სამუშაოს სიმბოლო, რომელიც მეფის მიერ სამართლიანად და მშვიდობიანად მართულ სამეფოში გამოიხატება. თასების ოთხიანი არის სიამოვნების და ფუფუნების სიმბოლო. ხმლების ოთხიანი დასახელებულია, როგორც კონფლიქტისგან დასვენება, რომელსაც ხესედის მეფე სრულყოფილად ეთანხმება. პენტაკლების ოთხიანს ეწოდება მატერიალური ძალაუფლება; მისი სიმბოლიზმი იმდენად აშკარაა, რომ განმარტება აღარ სჭირდება.

 

29. „სეფერ იეცირას“ სიტყვები, რომ „მეოთხე ბილიკს ეწოდება შემაკავშირებელი ან/და მიმღები ინტელექტი“, ნათლად მიუთითებს, რომ ხესედის მეფე აგროვებს საკუთარი სამეფოს რესურსებს და კანონებს, რათა საერთო სიკეთისათვის მოწესრიგებული და მთლიანი სამეფო შეიქმნას.

 

30. „იგი შეიცავს ყველა წმინდა ძალას და მისგან გამოედინება ყოველი სულიერი სათნოება, ყველაზე ამაღლებული ღირსებით“ - ამ განცხადებაში იგულისხმება არქეტიპული იდეის ჩამოყალიბების ცნება, რომელიც უკვე განვიხილეთ.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff