თავი ოცდამეორე - ნეცახი; მეშვიდე სეფირა
დასახელება: ნეცახი, გამარჯვება. (ებრაული დასახელება: ნუნ, ცადდი, ჩეთ).
მაგიური ხატ-სახე: ულამაზესი შიშველი ქალი.
განლაგება სიცოცხლის ხეზე: წყალობის სვეტის ძირში.
"სეფერ იეცირას" ტექსტი: მეშვიდე ბილიკს ეწოდება ოკულტური ინტელექტი, რადგან ეს არის ინტელექტუალური სათნოების მდიდრული ბრწყინვალება, რომელიც ინტელექტის თვალით და რწმენის ჭვრეტით აღიქმება.
აღწერილობითი დასახელება: სიმტკიცე.
ღმერთის სახელი: იეჰოვა ცაბაოთი.
მთავარანგელოზი: ჰანიელი.
ანგელოზთა დასი: ელოჰიმები, ღმერთები.
სამყაროსეული ჩაკრა: ნოგა, ვენერა.
სულიერი გამოცდილება: ტრიუმფალური სილამაზის ხილვა.
სათნოება: უანგარობა.
მანკიერება: სიძვა. ავხორცობა.
შესაბამისობა მიკროკოსმოსში: წელი, თეძოები და ფეხები.
სიმბოლოები: ნათურა, სარტყელი, ვარდი.
ტაროს სუიტი: ოთხი შვიდიანი.
კვერთხების შვიდიანი: სიმამაცე, გამარჯვება, პროგრესი, თავდაჯერება, დიპლომატიურობა, კარგი ამბავი, პრობლემის გადაწყვეტა, მეტოქეობა.
თასების შვიდიანი: წარმოსახვა, ოცნება, ილუზია, ბევრი არჩევანი, ცუდი კონცენტრაცია, გადაწყვეტილების მიუღებლობა, გაფანტული ენერგია, არარეალური მოლოდინები, რომანტიზმი, ლტოლვა, ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ზედოზირება, დეტალებზე ყურადღება - ვრცელი სურათის გააზრების გარეშე.
ხმლების შვიდიანი: ცუდი გეგმა, წარუმატებელი მიმართულება, არასწორი ძალისხმევა, ღალატი, ტყუილი, ფლობა და გაქცევა, დაზვერვა, ეშმაკობა, მიტოვება, ადამიანის/სიტუაციის გამოყენება, სიფრთხილე, თაღლითური ქმედება, სიზარმაცე, იყო საკუთარი თავის ყველაზე ცუდი მტერი.
პენტაკლების შვიდიანი: უნარიანობის გაზრდა, ფიქრი ქმედების შემდეგ, შეუპოვრობა, ინვესტიცია, გადაფასება, შრომისმოყვარეობა, ნელი, მაგრამ სტაბილური პროგრესი, ყურადღება და ზრუნვა.
ფერი აზილუთში: ქარვისფერი.
ბრიაჰში: ზურმუხტისფერი.
იეცირაში: ღია მოყვითალო მწვანე.
ასიაში: ოქროვანი ზეთისხილისფერი.
I
1. ნეცახი, ვენერას სფერო, ყველაზე უკეთ გასაგები ხდება ჰოდთან, მერკურის სფეროსთან შეპირისპირების შედეგად, რადგან ორივე სეფირა წარმოადგენს ძალაუფლებისა და ფორმაციის ასპექტებს სიცოცხლის ხის ქვედა შკალაზე. ნეცახი განასახიერებს ინსტინქტებისა და ემოციების წარმოშობის სფეროს, ხოლო ჰოდი მენტალური გონების სფეროა. მიკროკოსმოსში, ორივე მათგანი ასახავს ძალაუფლების ფორმაში მანიფესტაციის ორ დონეს. ნეცახში, ჰოდთან შედარებით ძალაუფლება უფრო თავისუფლად მოძრაობს, რადგან იგი მუდმივად ცვალებად ფორმებთან არის დაკავშირებული; ჰოდში კი ძალაუფლება პირველად იძენს კონკრეტულ და მუდმივ ფორმას, მაგრამ არსებითად იგი ძალიან უსუსური ხასიათისაა. ნეცახში ძალაუფლების კონკრეტული ფორმა ხშირად ჩნდება გარკვეული არსებების სახით, რომლებიც მანიფესტაციის საზღვრებისგან ძალიან განსხვავდებიან; ასეთ არსებებს არ გააჩნიათ ინდივიდუალური პიროვნებები, თუმცა, ჰოდში ინდივიდუაციის ხარისხი ვლინდება, შედეგად კი არსებობის უწყვეტობას ვღებულობთ. ნეცახში მთელი მენტალური და გონების სფერო არის ჯგუფური და კოლექტიური გონება, მაგრამ ჰოდში ადგილი აქვს ადამიანურ, ინდივიდუალური გონების საწყისს.
2. მოდით, ახლა განვიხილოთ ნეცახი, როგორც მიკროკოსმოსური, ასევე მაკროკოსმოსური ასპექტებით; ამავდროულად, მუდმივად მხედველობაში გვქონდეს, რომ ამჟამად ილუზიის სფეროში ვიმყოფებით, და თუ რაიმეს ფორმის თვალსაზრისით აღვწერთ, ეს არ არის პირდაპირი მნიშვნელობით გაგებული ფორმა, არამედ ინტელექტის მიერ აღქმული ხატ-სახე, რომელიც ფორმის სახით გონებრივ სფეროში ჩნდება. გაგებისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი წერტილია, რადგან ცრურწმენების სფეროში გადაშვება თავიდან უნდა იქნეს აცილებული. ნეცახისადმი მიძღვნილ "სეფერ იეცირას" ტექსტში ვკითხულობთ, რომ მოცემული სფერო "ინტელექტის თვალით და რწმენის ჭვრეტით აღიქმება", - ამას თავისი მეტაფიზიკური საფუძველი აქვს სეფირა ხოქმაში, უმაღლესი სამების სეფირაში, რომელიც წყალობის სვეტის სათავეშია განლაგებული; მაგრამ, ნეცახთან ერთად, მანიფესტაციის რეჟიმში დიდი ცვლილებები მოდის; აქამდე ინფორმაციის აღქმა ხდებოდა ინტუიციის საშუალებით; ანუ, ჩვენი შიში იყო უფორმო, ან, წარმოდგენილი იყო უაღრესად აბსტრაქტული სიმბოლოებით; ტიფარეტის სეფირას მიღწევის შემდეგ მსგავსი რამ აღარ არსებობს, მაგრამ ამჟამად მივდივართ კონკრეტული სიმბოლიკის გამოვლინებებამდე: ვარდი, რომელიც ვენერას სიმბოლოა და კადუცეუსი, რომელსაც მერკურთან აკავშირებენ.
3. როგორც ვნახეთ, უამაღლეს სეფიროტებს მანიფესტაციაში გამოვლინებისა და ფუნქციონირების ასპექტში აღვიქვამთ, რადგან სხვა მხრივ მათი გააზრების უნარის წვდომა ნამდვილად არ გაგვაჩნია. ტიფარეტის შესწავლისას ვნახეთ, რომ "შუამავალმა ინტელექტმა", (როგორც მას "სეფერ იეცირა" უწოდებს) პრიზმას მსგავსად გარდატეხა სიცოცხლის თეთრი შუქი და მანიფესტაციის მრავალსხივიანი ელფერების მდიდრული ბრწყინვალება ნეცახში ჩაუშვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნეცახში ჩვენ გვაქვს არა ძალა, არამედ ძალები; არა სიცოცხლე, არამედ სიცოცხლეთა მრავალფეროვნება; მაშასადამე, ანგელოზთა ორდენს, რომელიც ნეცახს განაგებს, ეწოდება ელოჰიმები, რაც თარგმანში "ღმერთებს" ნიშნავს; ერთი იქცა მრავლად, მანიფესტაციაში გამოვლინების მიზნით.
4. ნეცახში გამოვლენილი ძალაუფლების ყოველი სიცოცხლე ან ფორმა ნაწილობრივი განსახიერებები არიან, მაგრამ ამავდროულად ერთი მთლიანის სპეციალურ გამოვლინებებს ასახავენ; ამიტომ, არც ერთ არსებას, რომელსაც თავისი ევოლუციის სფეროდ ნეცახის სეფირა აქვს მინიჭებული, არ შეიძლება ჰქონდეს ყოვლისმომცველი ევოლუციური განვითარება, ისინი მხოლოდ ერთი იდეის, ერთადერთ, მარტივ და სტერეოტიპული ფუნქციის ქმნილებებს განასახიერებენ.
5. ჩვენში არსებული ინსტინქტების საფუძველს ნეცახის ფაქტორი წარმოადგენს, რომელთაგან თითოეული შესაბამის რეფლექსებს წარმოქმნის.
6. ნეცახის ანგელოზები, ელოჰიმები, არა იმდენად ინტელექტუალური ქმნილებები არიან, რამდენადაც კონკრეტულ იდეათა განსახიერებები.
7. ელოჰიმები განასახიერებენ ფორმაციულ გავლენებს, რომლითაც ბუნებაში შემოქმედებითი ძალა გამოიხატება. მათი ნამდვილი ხასიათი ხესედის სეფირაში იმყოფება, მაგრამ ნეცახში - რომელიც ეთერის ზედა ფენას ირეკლავს, - ეს არსებები ცვლილებას განიცდიან; ასტრალური სინათლის შედეგად ადამიანის გამოსახულებათა მაფორმირებელი გონება მათ დანახვას საკუთარი ცნობიერებით იწყებს.
8. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ქვედა სეფიროტების ილუზიური სფეროები მჭიდროდ არის დასახლებული აზრო-ფორმებით; ყველაფერი, რისი წარმოსახვაც ადამიანს შეუძლია, თავდაპირველად ბუნდოვნად, მაგრამ მაინც იქმნება ასტრალური შუქის წყალობით, და რაც უფრო მეტად ჩერდება ადამიანის წარმოსახვა კონკრეტულ აზრო-ფორმაზე, წარმოსახვის ხარისხიც მით მეტად მკვრივდება. შესაბამისად, ახალი თაობის მაძიებელნი, რომლებიც სულიერი ბუნების გარკვევასა და ნებისმიერი ცხოვრებისეული ფორმის შინაგანი არსის კვლევას ცდილობენ, მსგავს გამოსახულებებს ხვდებიან, რითაც ხშირად ხდებიან მოტყუებულნი, ამიტომ, წარმატებას მხოლოდ ის აღწევს, ვისაც ჭეშმარიტად სუფთა ინტუიცია გააჩნია.
9. როდესაც ადამიანური მენტალიტეტი ჯერ კიდევ პრიმიტიულ ფაზაში იმყოფებოდა, იგი თაყვანს სცემდა დიადი ბუნებრივი ძალების განსახიერებებს, რომელიც აუცილებელი იყო მისი სიჯანსაღისთვის; შედეგად, ადამიანსა და ბუნებრივ ძალებს შორის იმდენად ღრმა კავშირი დამყარდა, რომ მოცემული ძალები ადამიანის სულში ჩაიღვარნენ, ხოლო დღევანდელ დროში ჩვენში აწ უკვე არსებული ბუნებრივი ძალების აღმოჩენის, სტიმულირებისა და განვითარების წინაშე ვდგავართ. მსგავსი თაყვანისცემის ამსახველმა ოპერაციებმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ძლიერ ორგანიზებულნი და ინტელექტუალურად უზუსტესად წარმართულნი იყვნენ, (ვგულისხმობ, მაგალითად: საბერძნეთისა და ეგვიპტის თაყვანისცემის რიტუალებს) ჩამოაყალიბეს უაღრესად ძლიერი და მკაფიო ხატ-სახეები, რომელთაც დღეს ღმერთების სახელით ვიცნობთ. ღვთისმსახურების თაობები და თაყვანისცემა ასტრალურ სინათლეში ქმნის ძალიან ძლიერ გამოსახულებას, ხოლო როდესაც მას მსხვერპლშეწირვის ობიექტი ემატება, ძალაულფება ერთი ნაბიჯით ქვემოთ, იესოდში ჩამოდის და მანიფესტაციას უახლოვდება, რის შედეგადაც იმპულსს ქმედების განხორციელება დამოუკიდებლადაც შეუძლია.
10. მაშასადამე, ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ ციურ ქმნილებას, რომელიც ადამიანის გონების მიერ არის ჩაფიქრებული, თავისი საფუძველი ბუნების ძალებში გააჩნია, და სწორედ ბუნებრივი ძალის საფუძველზე იქმნება მისი სიმბოლური გამოსახულება, რომელიც იმ ძალით აღივსება და აქტიურდება, რასაც თავად განასახიერებს. ხატ-სახე, სინამდვილეში ადამიანური გონების მიერ ძალის წარმოდგენის საშუალებაა, მაგრამ მოცემული ხატ-სახის მიღმა არსებული ძალა, რომელსაც იგი განასახიერებს, მართლაც რეალურია და გარკვეულ პირობებში იგი შეიძლება წარმოუდგენლად ძლიერიც იყოს. სხვა სიტყვებით, ფორმა, რომლითაც ღმერთი არის წარმოდგენილი, სუფთა წარმოსახვის ნაყოფია, მაგრამ მასთან დაკავშირებული ძალა ერთდროულად რეალურიც არის და აქტიურიც.
11. ეს ფაქტი გასაღებია და არა მხოლოდ თილისმების მაგიის ფართო გაგებით, რომელიც ყველა კურთხეულ საგანს მოიცავს და რომელიც მედიტაციისთვის გამოიყენება; ბევრი საკითხის ახსნა შესაძლებელია ორგანიზებულ რელიგიაში, რაც ძალიან რეალურია მორწმუნეებისთვის, მაგრამ ძალიან დამაბნეველია ურწმუნოთათვის, ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს, მათ ავუხსნით თუ არ ავუხსნით მსგავს საკითხებს.
12. ნეცახში, საგანთა ყველაზე უხეში ფორმები ვლინდება, სწორედ ამიტომ, ისინი "რწმენის ჭვრეტით' უკეთ აღიქმება, ვიდრე "ინტელექტის თვალებით". ჰოდის სფეროში სრულდება ყველანაირი მაგიური ოპერაცია, სადაც ნტელექტი თავისთავად ერთვება წვრილმანი და წარმავალი გამოსახულებებისთვის ფორმისა და მუდმოვობის მისანიჭებლად; მაგრამ, ნეცახის სფეროში მსგავსი ოპერაციები ხშირად არ ხოციელდება. ნეცახში არსებული ღმერთების ფორმებს თაყვანს ხელოვნების საშუალებით სცემენ და არა ფილოსოფიური დოქტრინების გზით. მიუხედავად ამისა, ყველა პრაქტიკული მიზნისთვის შეუძლებელია ჰოდისა და ნეცახის აქტივობების ერთმანეთისგან გამიჯვნა, რომლებიც ფუნქციონალურ წყვილს განასახიერებენ, ისევე როგორც გებურა და ხესდი ქმნიან მეტაბოლიზმის ორ ასპექტს, კატაბოლიზმსა და ანაბოლიზმს. ნეცახის ფუნქციები თავისთავად ნაგულისხმევია ჰოდში, რადგან სწორედ ნეცახი წარმოშობს ჰოდს, ხოლო ევოლუციით განვითარებული ძალები ნეცახის სფეროში, ჰოდის შესაძლებლობების საფუძველს წარმოადგენს. მაშასადამე, ჰოდის სფეროს ყველა მაგიური ოპერაცია ნეცახის ფორმების საფუძველზე მუშაობს; და იმის გამო, რომ ადამიანის ინტელექტი სფეროდან სფერომდე გადაადგილდება, ჰოდის ძალების დიდი ნაწილი გადატანილია ნეცახში ინიცირებული სულების მიერ, რომლებიც წინ უსწრებენ ევოლუციას. მაშასადამე, ორი სფერო არ არის მკაფიოდ დაყოფილი და კლასიფიცირებული, მაგრამ თითოეულ მათგანში გარკვეული ტიპის ფუნქცია ჭარბობს.
13. ნეცახში დასამყარებელი კონტაქტები ცხოვრებისეული ფილოსოფიის წარმოსახვით არ ხორციელდება, და არც ფსიქიკის მაფორმიერებელი ხატ-სახეების გზით, არამედ მასთან წვდომა შესაძლებელია უშუალო "განცდის' მეშვეობით, როგორც ამას ელჯერნონ ბლექვუდი საკუთარ რომანებში გამხატავს, სადაც მრავლად ვლინდება ნეცახის სფეროს სილამაზე. სწორედ ცეკვის, ბგერისა და ფერების მეშვეობით ხორციელდება ნეცახის ანგელოზების ევოკაცია. ნეცახის სფეროში ღმერთის თაყვანისმცემელი მასთან ზიარებაში ხელოვნების საშუალებით შედის; ყველა რიტუალი, რომელსაც რიტმი, მოძრაობა და ფერთა გამა გააჩნია, მოქმედებს ნეცახის სფეროში; და რამდენადაც ჰოდი, მაგიური მოქმედებების სფერო, თავის ძალას ატარებს ნეცახის სფეროდან, აქედან გამომდინარეობს, რომ ჰოდის სფეროს ნებისმიერ მაგიურ ოპერაციას უნდა გააჩნდეს ნეცახის ელემენტი, თუ მისი ეფექტიანად ჩატარებაა საჭირო; ხოლო მანიფესტაციის საფუძვლის უზრუნველსაყოფად, ეთერული სუბსტანცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს მსხვერპლის რაიმე ფორმით, თუნდაც ეს იყოს მხოლოდ საკმევლის დაწვა. მოცემული საკითხი სრულად იქნება განხილული იესოდის სფეროს შესწავლისას, რადგან მსხვერპლშეწირვის იდეა იესოდს ეკუთვნის. უნდა ვიცოდეთ,, რომ ნეცახის რიტუალების მნიშვნელობას ვერ გავიგებთ იმ საშუალებების გაცნობიერების გარეშე, რომლითაც უშუალო მანიფესტაცია ხორციელდება და ღმერთი საკუთარ თაყვანისმცემლებს უახლოვდება.
II
14. ახლა განვიხილოთ ნეცახი სიცოცხლის ხის მიკროკოსმოსური, ანუ სულის სუბიექტური თვალსაზრისიდან, სადაც სეფიროტები ცნობიერების ფაქტორებს განასახიერებენ.
15. უმაღლესი სამება და მანიფესტირებული სეფიროტების პირველი წყვილი, ხესედი და გებურა, წარმოადგენს უმაღლეს მეს, სადაც ტიფარეტი უმაღლეს მესა და დაბალ მეს შორის შეხების წერტილს ასახავს. ნეცახი, ჰოდი, იესოდი და მალქუთი არის დაბალი მე, ანუ ინკარნაციაში მყოფი პიროვნება; ტიფარეტს ხშირად წმინდა მფარველ ანგელოზსაც უწოდებენ.
16. პიროვნული გადმოსახედიდან, ტიფარეტი წამოადგენს უმაღლეს ცნობიერებას, რომელსაც სულიერი ასპექტების გაცნობიერების უნარი შესწევს; ნეცახი არის ინსტინქტი, ჰოდი კი ინტელექტი. იესოდი განასახიერებს მეხუთე ელემენტს, ეთერს, ხოლო მალქუთში ვლინდება ოთხი ელემენტი, ანუ მატერიის ოთხი დახვეწილი ასპექტი. ყველაფერი, რაც საშუალო ადამიანში ინტელექტს შეუძლია გააცნობიეროს, არის მკვრივი მატერიის ბუნების (მალქუთის) ნაწილი და ინტელექტის (ჰოდის) ნაწილი, რომლებიც ყოფიერების კონკრეტულ ასპექტებს წარმოადგენენ. ჩვენთვის შედარებით რთულად გასაგებია ძალები, რომლებიც ფორმებს ქმნიან (ნეცახი), და ეთერული ორეულის, ანუ დახვეწილი სხეულის სფეროს წარმოადგენენ (იესოდი). შესაბამისად, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ნეცახის გულდასმით შესწავლა, რადგან მისი ბუნება და მნიშვნელობა ნაკლებად გასაგებია.
17. ნეცახის ბუნებას მიკროკოსმოსში საუკეთესოდ გავიგებთ, თუ გავიხსენებთ, რომ ეს არის ვენერას სფერო; კაბალას სიმბოლური ენიდან უბრალო ენაზე თარგმნილ ვარიანტში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ აქ ვეხებით პოლარობის ფუნქციას, რაც ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სექსი, რომელიც პოლარობის პოპულარული განსაზღვრებაა.
18. ამ მხრივ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვენერა, (ან მისი ბერძნული ფორმა, აფროდიტე) საერთოდ არ არის ნაყოფიერების ქალღმერთი, როგორიცაა მაგალითად ცერერა და პერსიფონე; ვენერა არის სიყვარულის ქალღმერთი. ცხოვრების ბერძნულ კონცეფციაში სიყვარული მოიცავდა ბევრად მეტს, ვიდრე სქესთა ურთიერთობას; ის მოიცავდა მეომარ მამაკაცთა მეგობრობას და მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას. ბერძენი ჰეტაირა, ანუ ქალი, რომლის პროფესიაც სიყვარულის ხელოვნება გახლდათ, ძალიან განსხვავებული იყო ჩვენი თანამედროვე მეძავისაგან. ბერძენი ჰეტაირა ინახავდა სქესთა მარტივ ფიზიკურ ურთიერთობას თავისი კანონიერი მეუღლისათვის, რომელიც იზოლირებულ ადგილას იმყოფებოდა და მას უბრალოდ გამრავლების მიზნით იყენებდნენ, რათა მამაკაცს კანონიერი მემკვიდრეები ჰყოლოდა; ეს იყო ქალი, რომელსაც განათლება არ ჰქონდა, თუმცა ჯანმრთელი იყო, და არ იყო წახალისებული სხვების მხრიდან, რათა საკუთარი თავი მიმზიდველი არ ჰგონებოდა ან სიყვარულის ხელოვნებით ეთამაშა. ასეთი ხალხი ნაკლებად სცემდნენ თაყვანს ქალღმერთ აფროდიტეს, რომელიც სიყვარულის უმაღლეს ასპექტებს ხელმძღვანელობდა; მათი თაყვანისცემის ღვთაებები კერისა და სახლის ღმერთები იყვნენ; მალქუთის ქალღმერთი ცერესი გახლდათ ბერძენი ქალების საიდუმლოებების მმართველი.
19. აფროდიტეს კულტი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ცხოველური ფუნქციის მარტივი შესრულება. იგი ორ ფაქტორს შორის სასიცოცხლო ძალის დახვეწილ ურთიერთქმედებას ეხებოდა; ეს არის ცნობისმოყვარე ნაკადი და დაბრუნება, სტიმული და რეაქცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს სქესთა ურთიერთობებში, მაგრამ სცილდება სექსის სფეროს.
20. ბერძენი ჰეტაირა კულტურული ქალის სიმბოლოს განასახიერებდა; მათ შორის, რა თქმა უნდა, არსებობდა კლასები, დაბალიდან, (რომელიც მიახლოებული იყო იაპონურ გეიშასთან), უფრო მაღლამდე, რომლებიც სალონებს მართავდნენ და სუფთა ფიზიკური სათნოების მქონე ქალები იყვნენ; მათთან ვერც ერთი მამაკაცი ვერ ბედავდა სექსუალური აქტის შეთავაზებას.
21. ჰეტაირას ფუნქცია კლიენტების ინტელექტისა და მათი სექსუალური მადის მომსახურეობას წარმოადგენდა; იგი დიასახლისიც იყო და ქალბატონიც; ჰეტაირას მიმართავდნენ ფილოსოფოსები და პოეტები, რათა მიეღოთ შთაგონება და მუზის ამაღლება; რადგან ბერძნები კარგად აცნობიერებდნენ, რომ არ არსებობს უფრო დიდი შთაგონება ინტელექტუალი კაცისთვის, ვიდრე სიცოცხლით სავსე და კულტურული ქალის საზოგადოება.
22. აფროდიტეს ტაძრებში სასიყვარულო ხელოვნება მდუმარედ ისწავლებოდა და მღვდელმსახურებს ბავშვობიდანვე ამზადებდნენ სიყვარულის ხელოვნების ოსტატობის დაუფლებაში. მაგრამ, ეს ხელოვნება არ იყო უბრალოდ ვნების გამოწვევა ან მისი დაკმაყოფილება, არამედ მისი მიზანი გახლდათ სიყვარულის ადეკვატურად დაკმაყოფილება ცნობიერების ყველა დონეზე; ანუ, ცხადია ეს არ ეხებოდა უბრალოდ სხეულის ფიზიკური შეგრძნებების დაკმაყოფილებას, არამედ მასში შედიოდა მაგნეტიზმის დახვეწილი ეთერული მიმოცვლა, ინტელექტუალური და სულიერი პოლარიზაციის გზით. ამან აფროდიტეს კულტი ამოიღო უბრალო სექსუალურობის სფეროდან და მოცემული ფაქტი ხსნის, თუ რატომ სცემდნენ კულტის მღვდელმსახურებს უდიდეს პატივს და მათ არავითარ შემთხვევაში არ უყურებდნენ, როგორც ჩვეულებრივ მეძავებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას იღებდნენ, ვინც მათთან მიდიოდა. ჩვენ განვითარება უფრო მაღალ დონეზე მივიყვანეთ, ვიდრე ოდესმე ბერძნებისათვის იყო ცნობილი, როგორიცაა სურვილის სტიმულირების ხელოვნება ფილმებით, რევიუებითა და სინკოპაციით, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხელოვნების შესახებ, რომელიც აკმაყოფილებს ადამიანის სულის მოთხოვნილებებს ეთერულ დონეზე. და სწორედ ამ მიზეზით არსებობს ჩვენში სექსუალური ცხოვრება, როგორც ფიზიოლოგიურად, ისე სოციალურად, და ამიტომაც არის თანამედროვე დროში სექსუალური ცხოვრება ასეთი არასტაბილური და არადამაკმაყოფილებელი.
23. ჩვენ ვერ გავიგებთ სექსს სწორად, თუ არ გავაცნობიერებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ასპექტი, რასაც ეზოთერიკოსი პოლარობას უწოდებს, და ეს არის პრინციპი, რომელიც ხაზად გასდევს მთელს ქმნილებას; შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად, იგი მანიფესტაციის საფუძველია. სიცოცხლის ხეზე პოლარობა წარმოდგენილია სიმძიმისა და წყალობის ორი სვეტით. ძალაუფლების მთელი აქტივობა მოიცავს პოლარობის პრინციპს, ისევე როგორც ფორმაციისს მთელი ფუნქცია შედის მეტაბოლიზმის პრინციპში.
24. პოლარობა ნიშნავს ძალის გადინებას მაღალი წნევის სფეროდან დაბალი წნევის სფერომდე; მაღალი და დაბალი ყოველთვის შედარებითი ტერმინებია. ენერგიის ყველა სფეროს სჭირდება, რომ მოცემული ენერგიის შემოდინების სტიმული მიიღოს უფრო მაღალი წნევის რეზერვუარიდან და ჰქონდეს გამომავალი არხი ქვედა წნევის სფეროში. მთელი ენერგიის წყარო დიად არამანიფესტირებულში იმყოფება და იგი მოძრაობს ქვემოთ, ცვლის ფორმას ერთიდან მეორეზე, სანამ საბოლოოდ "დამიწდება" მალქუთში, თითოეულ ინდივიდუალურ ცხოვრებაში, საქმიანობის ყველა ფორმაში, ყველა ორგანიზებულ სოციალურ ჯგუფში, ნებისმიერი მიზნით, იქნება ეს ჯარი, ეკლესია თუ შეზღუდული კომპანია, ჩვენ ვხედავთ ენერგიის ამ დინების მაგალითს ბრუნვაში. მთავარი, რაც ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, არის ის, რომ მიკროკოსმოსურ სიცოცხლის ხეში მიედინება ჩვენი სუბიექტური დონის ცნობიერების პოზიტიური და ნეგატიური ასპექტები ქვემოთ და ზემოთ, რომლის დროსაც სული შთააგონებს გონებას, გონება მართავს ემოციებს, ხოლო ემოციები ქმნიან ეთერული ორეულს; ეთერული ორეული აყალიბებს ფიზიკურ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მანიფესტაციის სახით დედამიწას განეკუთვნება. ეს არის ფაქტი, რომელიც ზოგადად ადვილად რეალიზებადია და მისი შედეგებიც ასევე ადვილად შესამჩნევია, როგორც კი ჩვენს ყურადღებას მიიპყრობს.
25. მაგრამ ის, რასაც ჩვენ არც ისე ადვილად ვაცნობიერებთ, ისაა, რომ არსებობს ნაკადი და უკან დაბრუნება ცნობიერების თითოეულ „სხეულს“ ან დონესა და მის შესაბამის ასპექტს შორის მაკროკოსმოსში. ისევე, როგორც მალქუთის დონეზე არის მიღება და გამოსვლა, რომლის დროსაც საკვები და წყალი შედის სხეულში, ხოლო არმიღებული ნაწილი ექსკრეციას განიცდის, ასევე არსებობს მიღება და გამოსვლა ეთერულ ორეულსა და ასტრალურ სინათლეს შორის, ასტრალურ სხეულსა და ბუნების მენტალურ მხარეს შორის და ასე შემდეგ, სხვადასხვა სიბრტყეებზე, უფრო და უფრო დახვეწილი ფაქტორებით, რომლებიც წარმოდგენილია ექვსი უმაღლესი სეფიროტის სახით. მაგიური კაბალას არსი, რომელშიც სიცოცხლის ხის პრაქტიკული გამოყენება იგულისხმება, არის სხვადასხვა დონის ამ მაგნიტური სქემების განვითარება და ამგვარად სულის განმტკიცება და გაძლიერება. როგორც ფიზიკური სხეული იკვებება ჭამით და სასმელით და ინარჩუნებს ჯანმრთელობას ადეკვატური ექსკრეციით, რასაც შეიძლება ვუწოდოთ მალქუთის სფეროს მოქმედებები, ასევე ადამიანის სული ენერგიით ივსება ტიფარეტის სფეროს მოქმედებებით. ტიფარეტი არის სეფირა, რომელსაც სულის ჯანმრთელობა მოაქვს. ჩვენ ვიცით, როგორ ავითარებს ინიციაცია უმაღლესი ფსიქიკის ძალებს და საშუალებას აძლევს ადამიანურ გაგებას, გაითავისოს სულიერი ჭეშმარიტება; რაც ჩვენ არ გვესმის, არის ის, რომ ადამიანური განვითარების სრული დიაპაზონისთვის ჩვენ ასევე უნდა განვავითაროთ ჩვენი ძალა, რომ დავუკავშირდეთ ბუნებრივ ენერგიას მის არსებით ფორმაში, რაც წარმოდგენილია ნეცახის სფეროს მიერ. ჩვენ მიჩვეული ვართ მივიღოთ იდეა, რომ სულიერი და ბუნებრივი ერთმანეთის ანტაგონისტურია და რომ უნდა გავძარცვოთ პეტრე, პავლესთვის ვალის გადასახდელად, ხოლო შედეგად დავასკვნათ, რომ თუ სულიერი არის უმაღლესი სიკეთე, ბუნებრივი აუცილებლად უნდა იყოს ყველაზე დაბალი ბოროტება; ჩვენ არ გვესმის, რომ თავად მატერია არის კრისტალიზებული სული, სული კი აორთქლებული მატერიაა, და რომ მათ შორის არ არსებობს ფაქტობრივი განსხვავება, ისევე როგორც არ არსებობს განსხვავება წყალსა და ყინულს შორის, მაგრამ, როგორც ალქიმიკოსები ამბობენ, ორივე ერთი სუბსტანციის განსხვავებული მდგომარეობაა; ეს არის ალქიმიის დიდი საიდუმლო, რომელიც ქმნის ტრანსმუტაციის საიდუმლო დოქტრინის ფილოსოფიურ საფუძველს.
26. მაგრამ, ლითონების ტრანსმუტაციას აკადემიური მნიშვნელობა ინდენად არ გააჩნია, რამდენადაც ენერგიის ტრანსმუტაციას სულში. სწორედ ამ საკითხს უმკლავდებიან ინიცირებულები სიცოცხლის ხის ტექნიკის გამოყენებისას; და როგორც ცნობიერება გარდაიქმნება ცენტრალური სვეტზე, იგივე სახით ხორციელდება ენერგიის ტრანსმუტაცია ზემოთ და ქვემოთ წყალობის სვეტზეც, რომლის საფუძველს ნეცახი ქმნის, ხოლო იგივე საფუძველს სიმძიმის სვეტზე ჰოდი წარმოქმნის.
27. ხოქმაში ჩვენ ვღებულობთ სიცოცხლის უზარმაზარი ენერგიის სწრაფვას, რომელიც სამყაროს მასკულინურ პოტენციალს განასახიერებს; ხესედში ვღებულობთ მოცემული ძალის მთლიანობაში ორგანიზებას, ხოლო ნეცახში იმყოფება მალქუთში ჩამომავალი და მალქუთიდან მასში ამავალი მრავალფეროვანი ძალა გაცოცხლებული სახით. ნოგა, რომელიც ვენერა-აფროდიტეს ებრაული სახელია, ოკულტიზმში პრაქტიკული მუშაობის თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს. ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც ოკულტიზმით არიან დაკავებულნი, უმეტესწილად მხოლოდ ცენტრალურ სვეტზე მუშაობენ, რომელიც ცნობიერების სვეტია და საკმარის ყურადღებას არ უთმობენ გვერდითა სვეტებს, რის შედეგადაც ინიციაციის გზაზე მხოლოდ უმნიშვნელო წარმატებას აღწევენ. ბრმები ბრმებს წინამძღვრობენ; ოკულტურ საძმოებში ინიცირებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი მისტიკოსები უფრო არიან ვიდრე ოკულტისტები, და ვერ აცნობიერებენ, რომ მათ ქვეცნობიერიც ისევე უნდა აღძრან, როგორც ცნობიერი გონება.
III
28. ჩვენ განვიხილეთ ნეცახი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური თვალსაზრისით; ახლა გვრჩება სეფირასთვის მინიჭებული სიმბოლიზმის შესწავლა იმ ცოდნის ფონზე, რაც უკვე მივიღეთ.
29. ჩვენ დაუყოვნებლივ დავინახავთ, რომ ნეცახის სიმბოლიკა შეიცავს ორ განსხვავებულ იდეას - ძალაუფლების და სილამაზის იდეას; გავიხსენოთ სიყვარული, რომელიც არსებობდა ვენერასა და მარსს შორის ძველი მითების მიხედვით. ეს მითები არ არის ზღაპრული, თუ მათ ისტორიული გაგებით არ შევხედავთ, რადგან იგი სულიერ ჭეშმარიტებას წარმოადგენს; როდესაც ერთი და იგივე იდეა მეორდება სხვადასხვა პანთეონში, ანუ როდესაც ებრაელ კაბალისტს და ბერძენ პოეტს ვპოულობთ, რომელთა მენტალიტეტი ერთმანეთისგან ისეთივე შორს იყვნენ, როგორც პოლარული პოლუსები, ამავდროულად აღმოვაჩენთ, რომ ისინი წარმოადგენენ ერთსა და იმავე კონცეფციას სხვადასხვა ფორმით; რის შედეგადაც უნდა დავასკვნათ, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის, მაგრამ ფრთხილად შემოწმებას მოითხოვს.
30. მოდით გამოვყოთ სიმბოლოების ანალიზის ჩვეული მეთოდიდან ორივე მათგანი თანმიმდევრობით და დავახარისხოთ ისინი ორი ტიპის მიხედვით, რომელშიც ისინი ხვდებიან.
31. მეშვიდე სეფირას ებრაული დასახელებაა ნეცახი, რაც ნიშნავს გამარჯვებას. მისი დამატებითი სახელწოდებაა სიმტკიცე, რომელიც ოსტატური და გამარჯვებული ენერგიის იგივე იდეას ატარებს. ღმერთის სახელია იეჰოვა ცაბაოთი, რაც ნიშნავს "ლაშქართა უფალს". ანგელოზთა დასი, რომელიც ნეცახს ენიჭება არის ელოჰიმები, ანუ ღმერთები, ბუნების მმართველი ძალები.
32. ამ სეფირასთვის მინიჭებული ტაროს არკანები შეიცავს ბრძოლის იდეას, თუნდაც უარყოფითი ფორმით. თუმცა საინტერესოა აღინიშნოს, რომ მხოლოდ კვერთხების შვიდიანს აქვს კარგი, ან შედარებით დადებითი მნიშვნელობა, დანარჩენი სამი შვიდიანი კი გარკვეულწილად ბედუკუღმართობის არკანებს წარმოადგენენ. ამის მიზეზი ცხადია, მაგრამ მანამდე სიმბოლიზმის მნიშვნელობა მთლიანბაში უნდა გავიგოთ, ამიტომ მოცემული მომენტისთვის განზე გადავდოთ არკანების საკითხი და მას მოგვიანებით მოვუბრუნდებით.
33. შევეხოთ სიმბოლური გამოსახულების სხვა ნაკრების განხილვას: ნეცახის სამყაროსეული ჩაკრა არის პლანეტა ვენერა და მისი მაგური ხატ-სახე, შესაბამისად, არის "ულამაზესი ლამაზი შიშველი ქალი". ამ სფეროსათვის მინიჭებული სულიერი გამოცდილება არის ტრიუმფალური სილამაზის ხილვა. სათნოება არის უანგარობა - ანუ უარყოფითი პოლუსიდან პოლარიზაციის უნარი. მისი მანკიერება არის სიყვარულის ბოროტად გამოყენების აშკარა ნიშანი - ვნება და ავხორცობა.
34. მიკროსმოსში ნეცახს შესაბამება წელი, თეძოები და ფეხები. მოცემული შესბამისობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სიყვარულის ქალღმერთი და ნაყოფიერების ქალღმერთი ერთი და იგივე არ არის.
35. ნეცახისთვის მინიჭებული სიმბოლოებია ნათურა, სარტყელი და ვარდი. სარტყელი და ვარდი თავისთავად გასაგებია, რადგან ისინი ტრადიციულად ასოცირდება ვენერასთან. თუმცა, ნათურა მოითხოვს მეტ ახსნას, რადგან კლასიკური ასოციაციები არ გვაძლევს ახსნას იმის შესახებ, თუ რა არის მისი მნიშვნელობა; აქ კი, ასახსნელად, ალქიმიას უნდა მივმართოთ.
36. ოთხი ელემენტი ასოცირდება ოთხ დაბალ სეფიროტთან და მათგან ცეცხლის ელემენტი ასოცირდება ნეცახთან. ნათურა არის მაგიური ინსტრუმენტი, რომელიც ცეცხლის ელემენტის ოპერაციებში გამოიყენება. აქედან გამომდინარეობს ასოციაცია ნეცახთან. ცეცხლის ელემენტი ასოცირდება ბუნების გულში არსებულ ცეცხლოვან ენერგიასთან და ვენერას სეფირას მარსიანულ ასპექტს უკავშირდება.
37. მაშასადამე, ზემოთაღნიშნული სიმბოლიზმის შესწავლიდან ვხედავთ, რომ მარსი, ანუ გამარჯვების ასპექტი, სიმბოლიზმით ასოცირდება მაკროკოსმოსთან, ხოლო ვენერა, ანუ სიყვარული, სიმბოლიზმით მიკროკოსმოსთან ან სუბიექტურ ასპექტთან არის კავშირში. ეს გვაძლევს გასაღებს ძალიან მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით, რომელიც კარგად ესმოდათ ძველებს, მაგრამ ჩვენ მოგვიწია დავლოდებოდით ფროიდის ნაშრომს, მისი თანამედროვე ენაზე ინტერპრეტაციისთვის. ეს იდეა საუკეთესოდ შეიძლება გამოიხატოს იმით, რომ ელემენტარული ენერგია, ან ინდივიდის ფუნდამენტური დინამიზმი, ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ამ ინდივიდის სექსუალურ ცხოვრებასთან.
38. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ჩვენს ფსიქიკურ ცხოვრებაში, რომელიც კარგად ესმით ფსიქოლოგებს, მაგრამ ამ ფაქტს ნაკლებად აფასებენ მისტიკოსები და ექსტრასენსები, რომლებიც ზოგადად მიდრეკილნი არიან იდეალიზმისაკენ, რითაც ცდილობენ მატერიისა და მისი პრობლემებისგან თავის დაღწევას. მაგრამ, ასე გაქცევა ჩვენს უკან დაუპყრობელი ციხესიმაგრეების დატოვებას ნიშნავს; და უფრო ბრძნული გზა, ერთადერთი გზა, რომელსაც შეუძლია შექმნას მთელი ცხოვრება და გაწონასწორებული ტემპერამენტი, არის სათანადო ადგილის მინიჭება ნეცახისათვის, რომელიც აბალანსებს ჰოდის ინტელექტუალურობას და მალქუთის მატერიალურობას; ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ხე შედგება სამი სვეტისგან: პოლარული და მათ შორის წონასწორული ბილიკისაგან.
39. ბუნებრივი სიკეთის ჭეშმარიტი საიდუმლო მდგომარეობს საპირისპირო წყვილების სადავო უფლებების აღიარებაში; არ არსებობს ისეთი ანტინომია, როგორიცაა ანატომია სიკეთესა და ბოროტებას შორის, მაგრამ არსებობს ბალანსის დაცლის შესაძლებლობა ორ უკიდურესობას შორის, რომელთაგან თითოეული ბოროტებაა, როცა გადაჭარბებულად ვლინდება; ორივე წარმოშობს ბოროტებას, თუ არასაკმარის თანასწორობას აქვს ადგილი. აღვირახსნილი თავისუფლება დეგრადაციას იწვევს; და ამავდროულად გაუწონასწორებელ იდეალიზმს ფსიქოლოგიურ პათოლოგიებამდე მივყავართ.
40. არსებობს სამი ტიპის ადამიანი, რომლებიც მისტიციზმის ფარდის მიღმა იხედებიან - მისტიკოსი, მედიუმი და ოკულტისტი. მისტიკოსი ღმერთთან გაერთიანებისკენ მიისწრაფვის და თავის დასასრულს მიაღწევს იმით, რომ განზე გასწევს ყველაფერს, რაც მის ცხოვრებაში ღვტიური არ არის. მედიუმი არის დახვეწილი ვიბრაციების მიმღები, მაგრამ არა გადამცემი. ოკულტისტს სჭირდება გააჩნდეს გარკვეული მიმღებლობის ხარისხი, მაგრამ მისი უპირველესი მიზანია შეძლოს უხილავ სამეფოებში კონტროლისა და მართვის სწავლა ისევე, როგორც მეცნიერმა ადამიანმა ისწავლა კონტროლი და ხელმძღვანელობა ბუნების სამეფოში.
41. ამ მიზნის მისაღწევად ოკულტისტმა უნდა იმუშაოს უხილავ ძალებთან ჰარმონიაში ისე, როგორც მეცნიერი ეუფლება ბუნებას მისეული გაგებით. ამ უხილავი ძალებიდან ზოგი სულიერია, (კეტერიდან მომდინარე), ზოგი კი ელემენტარულია, (მალქუთიდან მომდინარე). მაკროკოსმოსის კეტერის ძალებს აგროვებს მიკროკოსმოსში ტიფარეტი აგროვებს; ელემენტარულ ძალებს იკავებს იესოდის ცენტრი აკავებს, მაგრამ - და ეს არის მნიშვნელოვანი წერტილი - ისინი მიმართულია და კონტროლდება იმ წესრიგის სახით, რომლითაც წონასწორობა შენარჩუნებულია ნეცახსა და ჰოდს შორის.
42. ნეცახი, მიკროკოსმოსში წარმოადგენს ჩვენი ბუნების ინსტინქტურ, ემოციურ მხარეს; ხოლო ჰოდი წარმოადგენს ინტელექტს; ნეცახი ჩვენში ხელოვანი ადამიანია, ჰოდი კი მეცნიერია. იმის მიხედვით, რომ ჩვენი განწყობა შეიცვლება თავშეკავებასა და დინამიზმს შორის,დამოკიდებულია მიკროკოსმოსში ნეცახისა და ჰოდის პოლარობაზე, რომელიც თავად სულია. თუ არ იქნება ნეცახის გავლენა დინამიური ელემენტის შემოსატანად, ჰოდის ზედმეტად ჭარბი მიდგომა გამოიწვევს ყველანაირი სახის თეორიასოკულტურ თემებში, მაგრამ არანაირ პრაქტიკას. ვერავინ უმკლავდება მაგიას, რომელშიც ნეცახის სფერო არ მუშაობს, რადგან ჰოდის სკეპტიციზმი დაასამარებს ყველა მაგიურ აზრო-ფორმას მათ დაბადებამდე. ბუნებაში არსებული ყველა ნივთის მსგავსად, - ჰოდი, რომელიც არ არის განაყოფიერებული თავისი საპირისპირო პოლარობით, - სტერილურია. ყველა ოკულტისტში უნდა იყოს ხელოვანი ადამიანის მსგავსი, რომელსაც პრაქტიკული სამუშაოს შესრულება უნდა შეეძლოს. მხოლოდ ინტელექტი, რაც არ უნდა ძლიერი იყოს იგი, ვერ მოგვანიჭებს ძალაუფლებას. ჩვენს ბუნებაში არსებული ნეცახის მეშვეობით ელემენტარული ძალები ცნობიერებაზე იღებენ წვდომას; ნეცახის გარეშე ისინი რჩებიან იესოდის ქვეცნობიერის სფეროში და ბრმად მუშაობენ. მისტერიებში ისწავლება, რომ მანიფესტაციის თითოეულ დონეს აქვს საკუთარი ეთიკა, ან სტანდარტი, სიმართლისა და სიცრუის შესახებ, და რომ ჩვენ არ უნდა ავურიოთ სიბრტყეები იმით, რომ ველოდოთ ერთი მეორის სტანდარტს, რომელიც მათზე არ გამოიყენება. მენტალურ სფეროში ეთიკა არის ჭეშმარიტება; ასტრალურ სიბრტყეში, რომელიც ემოციებისა და ინსტინქტების სფეროა, ეთიკა არის სილამაზე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ სილამაზის სიმართლის, ისევე როგორც სიმართლის სილამაზის გაგება, თუ გვსურს შინაგანი სამეფოს ყველა პროვინცია მორჩილებაში მივიყვანოთ ერთიანი ცნობიერების ცენტრალურ ძალასთან ერთად.
43. ოთხი დაბალი სეფიროტის რეგიონში შესვლისას, ჩვენ შევდივართ ადამიანური გონების სფეროში. სუბიექტურად განხილვისას, ისინი ქმნიან პიროვნებას და მის უფლებამოსილებებს. ოკულტური ინიციაციის მიზანია განავითაროს ეს ძალები და თუ მათ უნდა აღვიქვამდეს უმაღლესი პოზიციიდან, ანუ ჩვენი მთავარი მიზანია, რომ პროცესი არ გადაგვარდეს შავ მაგიაში; მათი გაერთიანება უნდა მოხდეს ტიფარეტთან, რომელიც უმაღლესი ფოკუსირების, ინდივიდუაციის წერტილს წარმოადგენს. ნეცახის განხილვისას, ჩვენ გავიარეთ მისტერიების პორტალი და ვიხეტიალეთ ინიცირებულთა განკუთვნილ წმინდა მიწაზე.
44. მე არ ვარ მღვდელმონაზვნური საიდუმლოებების მომხრე, მაგრამ არსებობს საიდუმლოების გარკვეული პრაქტიკული ასპექტები, რომელთა ხმამაღლა ღაღადი არ არის მიზანშეწონილი, რათა მათი შეურაცხყოფა არ მოხდეს. ეს არის აგრეთვე ადამიანური ბუნების უხეში ტენდენცია, რომ გამოიყენოს საკუთარი განმარტებები ნაცნობ ტერმინებთან მიმართებაში და უარი თქვას მათი ნაცნობი ასოციაციებისგან აღქმაზე. თუ მე ავწევ ტაძრის ფარდის კუთხეს და გავამჟღავნებ ფაქტს, რომ სექსი უბრალოდ პოლარობის უნივერსალური პრინციპის განსაკუთრებული მაგალითია, თქვენი დაუყოვნებელი ვარაუდი იქნება, რომ პოლარობა და სექსი სინონიმები არიან. თუ მე ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ სექსი არის პოლარობის ნაწილი, მაგრამ არსებობს დიდი პოლარობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სექსთან, ჩემი ახსნა თქვენს მიერ იგნორირებული იქნება. ალბათ უკეთესად გამიგებთ, თუ ფიზიკის ტერმინოლოგიას უფრო შესაფერისი ფსიქოლოგიური ტერმინოლოგიით ჩავანაცვლებ და ვიტყვი, რომ ცხოვრება მხოლოდ წრეზე მიედინება, იზოლირდება და ინერტული ხდება. ავიღოთ ადამიანის პიროვნება, როგორც ელექტრო მანქანა; ის უნდა იყოს დაკავშირებული ძალაუფლების სახლთან, რომელიც თავად ღმერთია, იგია მთელი სიცოცხლის წყარო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნება არანაირი მამოძრავებელი ძალა; მაგრამ ეს ძალა თანაბრად უნდა იყოს „დამიწებული“, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალა ვერსად ვერ შევა. ყოველი ადამიანი უნდა იყოს „დამიწებული“ დედამიწაზე, როგორც პირდაპირი გაგებით, ისე მეტაფორულადაც. იდეალისტი ცდილობს მოახდინოს დედამიწასთან დაკავშირებული ყველა კონტაქტის სრული იზოლაცია, რათა არ დაიხარჯოს შემომავალი ძალა; იგი ვერ აცნობიერებს, რომ დედამიწა ერთი დიდი მაგნიტია.
45. ტრადიცია ძველთაგანვე აცხადებს, რომ საიდუმლოების გასაღები დაწერილია ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილაზე, რომელზეც წერია: „რაც ზემოთ, ის ქვემოთ“. გამოიყენეთ ფიზიკის პრინციპები ფსიქოლოგიაში და გამოცანაც ამოიხსნება. ქრისტეს სიტყვებით: "ვისაც ყური აქვს, ისმინოს".
46. ბოლოს, მივედით ნეცახთან დაკავშირებული ტაროს არკანების მნიშვნელობის განხილვამდე. ეს არის ტაროს სუიტის ოთხი შვიდიანი.
47. რადგან ჩვენ ახლა ვიმყოფებით დედამიწის სიბრტყის გავლენის სფეროში, შეიძლება იმის ახსნამდეც მივიდეთ, თუ რას წარმოადგენენ ტაროს დაბალი არკანები მკითხაობაში. ისინი განასახიერებენ სხვადასხვა სეფიროტული ძალების ფუნქციონირების სხვადასხვა რეჟიმებს კაბალისტების ოთხ სამყაროში. კვერთხების სუიტი შეესაბამება სულიერ დონეს; თასები მენტალურ დონეს; ხმლები ასტრალურ სიბრტყეს ასახავს; ხოლო პენტაკლები ფიზიკურ სიბრტყეს. შესაბამისად, თუ გაშლაში პენტაკლების შვიდიანი აღმოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ ნეცახის გავლენა ფიზიკურ დონეზე მუშაობს. არსებობს ძველი ანდაზა, "იღბლიანი სიყვარულში, უიღბლო ბანქოში", რომელიც მხოლოდ განსხვავებული გზაა იმის სათქმელად, რომ საპირისპირო სქესისადმი მიზიდული ადამიანი, ჩვეულებრივ, მუდმივად ცხელ წყალში იმყოფება. ვენერას შემაშფოთებელი გავლენა აქვს ამქვეყნიურ საქმეებში. მას ყურადღება გადააქვს ცხოვრების სერიოზული საქმეებისგან. როგორც კი მისი გავლენა მალქუთამდე ჩამოვა, მან უნდა გადასცეს კვერთხი ცერესს და მარტო დატოვოს. სწორედ ბავშვები არიან - და არა სიყვარული, - რომელიც სახლის სიმყუდროვეს ინარჩუნებენ. პენტაკლების შვიდიანის კაბალისტური სახელწოდებაა "წარუმატებელი წარმატება"; ჩვენ მხოლოდ გადავხედოთ კლეოპატრას, გვინევერას, ისოლტის, ჰელოაზის ცხოვრებებს, რათა მივხვდეთ, რომ ვენერას მატერიალურ სიბტყეში გააჩნია საკუთარი დევიზი: "ყველაფერი სიყვარულისთვის, და სამყაროც დაკარგულია."
48. ხმლების სუიტი ენიჭება ასტრალურ სიბრტყეს. ხმლების შვიდიანის საიდუმლო სახელწოდებაა: „არასტაბილური ძალისხმევა“. იგი კარგად გამოხატავს ვენერას მოქმედებას ემოციების სფეროში, თავისი ხანმოკლე ინტენსივობით.
49. თასების შვიდიანის საიდუმლო დასახელებაა: "ილუზორული წარმატება"; ეს არკანი განასახიერებს ვენერას მუშაობას მენტალურ სფეროში და მისი გავლენა არავითარ შემთხვევაში არ არის ხელსაყრელი ნათელმხილველობისთვის. როდესაც ვენერას გავლენის ქვეშ ვართ, ჩვენ გვჯერა იმის, რისი დაჯერებაც გვინდა. ამ სფეროში ვენერას დევიზი იქნება: "სიყვარული ბრმაა".
50. მხოლოდ სულიერ სფეროში მოდის ვენერა კეთილისმყოფელ მოქმედებაში. აქ მის არკანს, კვერთხების შვიდიანს ჰქვია "გამბედაობა", რაც კარგად აღწერს დინამიურ და მაცოცხლებელ გავლენას, რომელსაც ის ახდენს, როდესაც მისი (გამბედაობის) სულიერი მნიშვნელობის გაგება და გამოყენება ხდება.
51. ძალიან საინტერესოა, რომ ნეცახისთვის მინიჭებული ოთხი ტაროს არკანი ავლენს ვენერას გავლენის ბუნებას, როდესაც იგი კონკრეტულ სფეროებში ვლინდება. ისინი გვასწავლიან ძალიან მნიშვნელოვან გაკვეთილს, რადგან აჩვენებენ, თუ რამდენად არსებითად არასტაბილურია ეს ძალა, თუ იგი სულიერ პრინციპში არ არის დაფუძნებული. სიყვარულის ქვედა ფორმები და მასში შემავალი ემოციები არსებითად არასანდონი არიან; მაგრამ, უმაღლესი სიყვარული დინამიური და ენერგიულია.