თავი მეთექვსმეტე - ხოქმა; მეორე სეფირა
სახელწოდება: ხოქმა, სიბრძნე. (ებრაული დასახელება: ჩეთ, კაფ, მემ, ჰე).
მაგიური ხატ-სახე: წვეროსანი მამაკაცის ფიგურა.
განლაგება სიცოცხლის ხეზე: წყალობის სვეტის სათავეში.
"სეფერ იეცირას" ტექსტი: მეორე ბილიკს ეწოდება განმანათლებელი ინტელექტი. ის არის შემოქმედების გვირგვინი, ერთობის ბრწყინვალება. იგი ამაღლებულია ყოველი თავის ზემოთ და კაბალისტების მიერ იწოდება, როგორც მეორე დიდებულება.
აღწერილობითი დასახელებები: იეცირას ძალა. აჰ. აბბა. წმინდა მამა. ტეტრაგრამატონი. ტეტრაგრამატონის იოდი. დიდებული შინაგანი სამოსი.
ღმერთის სახელი: იეჰოვა.
მთავარანგელოზი: რატზიელი.
ანგელოზთა დასი: აუფჰანიმები, ბორბლები.
სამყაროსეული ჩაკრა: მაზლოთი, ზოდიაქო.
სულიერი გამოცდილება: ღმერთის პირისპირ ხილვა.
სათნოება: ერთგულება.
მანკიერება: არ გააჩნია.
შესაბამისობა მიკროკოსმოსში: სახის მარცხენა მხარე.
სიმბოლოები: ლინგამი. ფალოსი. ტეტრაგრამატონის იოდი. დამდგარი ქვის ფილა. კოშკი. ძალაუფლების კვერთხი. სწორი ხაზი.
ტაროს სუიტი: ოთხი ორიანი
კვერთხების ორიანი: სამფლობელო, ორი გზა, გადაწყვეტილება, დაგეგმვა, ემიგრაცია, მოულოდნელი წასვლა, დარჩენა ან მიტოვება, მოლოდინი, მოუსვენრობა, ხეტიალი, კმაყოფილების ნაკლებობა, საქმიანი პარტნიორობა, გაფართოება, საზღვარგარეთ მოგზაურობა.
თასების ორიანი: სიყვარული, პარტნიორობა, ერთობა, თავსებადობა, ბედნიერება, ჰარმონია, თანასწორობა, მიზიდულობა, ქორწინება, ურთიერთპატივისცემა.
ხმლების ორიანი: აღდგენილი მშვიდობა, ჩიხი, გზაგასაყარი, რთული გადაწყვეტილება, მტკივნეული არჩევანი, სტრესი, წინააღმდეგობა, შიშის წინაშე დგომა, ორ ურთიერთობას შორის გაჭედილი, სიბრმავე, ცხადად დანახვის უუნარობა, თავის არიდება, დაბლოკილი ემოციები.
პენტაკლების ორიანი: ჰარმონიული ცვლილება, ბალანსის პოვნის მცდელობა, აღმავლობა და ვარდნა, ადაპტაცია, მოქნილობა, მოგება და ზარალი, ფინანსური გადაწყვეტილებები.
ფერი აზილუთში: სპეტაკი ლურჯი.
ბრიაჰში: ნაცრისფერი
იეცირაში: მარგალიტისფერი. მანათობელი ფერები, რომლებიც ბრჭყვიალებენ და იცვლებიან სხვადასხვა კუთხით შეხედვისას.
ასიაში: თეთრი - წითელი, ლურჯი და ყვითელი ლაქებით.
I
1. ევოლუციის ყოველი ეტაპი თავდაპირველად იწყება არასტაბილური ძალის მდგომარეობით, რომელიც შემდგომში წონასწორობაში მოდის. წონასწორობის მიღწევისას, მომდევნო განვითარება შეუძლებელია ბალანსის კიდევ ერთხელ დარღვევისა და ურთიერთსაპირისპირო ძალების არსებობის გარეშე. როგორც უკვე ვნახეთ, კეტერი არის სიცარიელეში არსებული წერტილი. ევკლიდეს განმარტებით, წერტილს გააჩნია პოზიცია, მაგრამ არ გააჩნია ზომა. თუ წერტილს სივრცეში გაშლილი სახით წარმოვიდგენთ, იგი გავლებულ ხაზად იქცევა. სიცოცხლის ხეზე არსებული სამი სამების ორგანიზაციისა და ევოლუციის ბუნება იმდენად შორსაა ჩვენი გამოცდილებისგან, რომ შეგვძილია მხოლოდ სიმბოლურად წარმოვიდგინოთ; მაგრამ, თუ ჩვენ კეტერს წარმოვიდგენთ როგორც პირველყოფილ წერტილს, ხოლო ხოქმას როგორც გავლებულ ხაზს, ჩავთვალოთ, რომ ადეკვატური სიმბოლური წარმოდგენა გაგვაჩნია ჩვენი ცოდნის ამჟამინდელ მდგომარეობაში.
2. ეს ენერგია, რომელიც გავლებული ხაზით ან ძალაუფლების კვერთხით გამოისახება, არსებითად დინამიურია; იგი პირველადი დინამიზმის განსახიერებაა, რადგან შეუძლებელია კეტერის სივრცეში კრისტალიზაცია წარმოვიდგინოთ, როგორც დინამიური პროცესი; იგი უფრო სტატიკური მოცემულობაა უფორმობასა და ფორმაციის შეზღუდულობას შორის, როგორიც არ უნდა იყოს იგი ჩვენი თვალებისათვის.
3. როდესაც ორგანიზაციისა და მანიფესტაციის საზღვრები ფორმირებაში მიიღწევა, არამანიფესტირებულის ძალა მუდმივად შემოედინება მანიფესტაციაში და იგი მუდმივად მოითხოვს ახალი რეჟიმის განვითარებას, ახალ ურთიერთობებსა და დაძაბულობებს. სწორედ ეს არის არაორგანიზებული, არაკომპენსირებული მამოძრავეველი ძალა, იგივე სეფირა ხოქმა; იგი დინამიური სეფირაა, რომელიც მუდმივად უსაზღვრო ენერგიით მიედინება. ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ ხოქმა, როგორც არხი ძალის გავლისთვის, ვიდრე მიღებული ძალის შენახვისათვის.
4. ხოქმა არ არის ორგანიზებული სეფირა, მაგრამ იგი სამყაროს უდიდეს სტიმულატორს წარმოადგენს. სწორედ ხოქმადან იღებს ემანაციის შემოდინებას ბინა, მესამე სეფირა. ბინა არის პირველი ორგანიზებული და სტაბილიზატორი სეფირა. მე ადრეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ შეუძლებელია სეფირას გაგება, მისი მეწყვილე სეფირას გათვალისწინების გარეშე; ამიტომ, ხოქმას გასაგებად, რაღაც უნდა ვთქვათ ბინაზეც. სეფირა ბინას ანიჭებენ პლანეტა სატურნს და მას მოიხსენიებენ "უზენაესი დედის" სახელით.
5. ბინაში და ხოქმაში ჩვენ გვაქვს არქეტიპული პოზიტიური და ნეგატიური პოლუსი; პირველყოფილი მასკულინური და ფემინური მხარე. სწორედ ამ საპირისპირო წყვილებისგან არსებობს სამყაროსეული სვეტების წყარო, რომელთა შორისაც მანიფესტაციის ქსელია გაბმული.
6. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩემს მიერ მოცემული დიაგრამის მიხედვით სიცოცხლის ხე წარმოადგენს სამყაროს ილუსტრაციას, რომელზეც დადებითი და უარყოფითი, მასკულინური და ფემინური ასპექტები წარმოდგენილია წყალობისა და სიმძიმის სვეტებში. ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, რომ წყალობის სვეტი ეკუთვნის პოზიტიურ ან/და მასკულინურ ასპექტს, ხოლო სიმძიმის სვეტი ნეგატიურ ან/და ფემინურ ასპექტს; მაგრამ, როდესაც მიხვედბით, რომ დინამიური მამაკაცური ძალა აღმშენებლობისა და ევოლუციის სტიმულატორია, ხოლო ქალური ძალა ფორმის მშენებლის როლს ასრულებს, ამ შემთხვევაში ნომენკლატურა შესაფერისი აღმოჩნდება; ფორმა, რომელიც შენებისთვის და ორგანიზებისათვის აუცილებელი ფაქტორია, შემზღუდველ ასპექტსაც წარმოქმნის; ყოველი ფორმა თავის მხრივ უნდა განვითარდეს, დაკარგოს თავისი სარგებლიანობა, გახდეს შემაფერხებელი განვითარებადი ევოლუციისათვის, დაიშალოს, გაფუჭდეს და საბოლოოდ, მოკვდეს. მამა არის სიცოცხლის მომნიჭებელი; ხოლო დედა სიკვდილის მომნიჭებელია, რადგან მისი საშვილოსნო, მატერიაში შესასვლელ კარიბჭეს წარმოადგენს, - ადამიანური ცხოვრება კი ფორმაშია ჩაფლული, ხოლო არც ერთი ფორმა არ შეიძლება იყოს უსასრულო ან მარადიული. სიკვდილი, დაბადებისთანავე გარდაუვალია.
7. ყოველგვარი სიცოცხლე, მანიფესტაციის ამ ორ პოლარიზებულ ასპექტს შორის - ზეციერი მამისა და დედის მეშვეობით - არსებობს. სულები მათ შორის წინ და უკან მოძრაობენ, როგორც საქსოვი დაზგის შატლი. ჩვენს ინდივიდუალურ ცხოვრებაში, ფიზიოლოგიურ რიტმებში, ერების აღმავლობისა და დაცემის ისტორიებში, შეგვიძლია დავაკვირდეთ იდენტურ რიტმულ პერიოდულობას.
8. პირველ დაწყვილებულ სეფიროტებში, ჩვენ გვაქვს ბიოლოგიური წყვილის გასაღები, რომელიც მამრობით და მდედრობით სქესს წარმოადგენს. მაგრამ, საპირისპიროთა დაწყვილება ასე მარტივად არ ხდება, იგი გარკვეული დროის ფარგლებშიც აისახება, და ჩვენ გაგვაჩნია მონაცვლეობითი ეტაპები ჩვენს ცხოვრებაში, ფიზიოლოგიურ პროცესებში და ასევე ისტორიულ ერებში, სადაც აშკარად აისახება მონაცვლეობითი აქტიურობა და პასიურობა, მშენებლობა და ნგრევა. ასეთი ციკლების პერიოდულობის შესახებ არსებული ცოდნა ინიცირებულთა უძველესი ცოდნის საიდუმლოებების ნაწილია, რომელთა გასაღებებს ასტროლოგია და კაბალა ფლობს.
9. ხოქმას მაგიური ხატ-სახე არის წვეროსანი მამაკაცის ფიგურა. წვერი ამ შემთხვევაში სიმწიფის აღსანიშნად გამოიყენება. ეს არის მამაკაცი, რომელმაც დაამტკიცა საკუთარი სიმწიფე; იგი არ არის გამოუცდელი ვაჟიშვილი. სიმბოლური ენა ნათლად გვესაუბრება; ინდუსთა ლინგამი და ბერძენთა ფალოსი მამრობითი სქესის ორგანოებს შეესაბამებიან. დამდგარი ქვის ფილა, კოშკი და ძალაუფლების ჯოხიც ასევე წარმოადგენს მამაკაცური ძლიერების სიმბოლოს.
10. თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ხოქმა ფალოსური ან/და სექსუალური სიმბოლოა და სხვა არაფერი. ხოქმა, უპირველეს ყოვლისა, განასახიერებს დინამიურ და პოზიტიურ სიმბოლოს, რადგან მასკულინობა არის დინამიური ძალის ფორმა, ისევე როგორც ფემინურობა წარმოადგენს სტატიკური, ლატენტური ან პოტენციური ძალის ფორმას, რომელსაც ინერტული სტიმული უნდა მიეცეს. მთელი, ნაწილობრივზე დიადია; ხოქმა და ბინა არის მთელი, რომლის ნაწილიც სექსია. ურთიერთობაში, სადაც სექსს პოლარიზებული ძალა გააჩნია, ჩვენ ვპოულობთ სექსის სწორი გაგების გასაღებს, სადაც შეგვიძლია შევაფასოთ კოსმიური სწავლების სტანდარტი, რომელიც ფსიქოლოგიასთან და მორალთანაა დაკავშირებული. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, როგორი მრავალფერივნებით წარმოიდგენს ადამიანის ქვეცნობიერი სექსუალურ საკითხებთან დაკავშირებულ თემებს, რომელსაც ფროიდი გვიხატავს, და რატომ არის შესაძლებელი სექსუალური ენერგიის სუბლიმაცია, როგორც ამას მორალისტები ამტკიცებენ. მაშასადამე, მანიფესტაცია არის სექსუალური აქტი, რამდენადაც საპირისპირო წყვილების არსებობას აქვს ადგილი. სექსი არის კოსმიური და სულიერი აქტი, რადგან მისი ფესვები უმაღლესი სამებიდან იწყება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ არ დავაშოროთ ყვავილი მიწიერი ფესვისგან, რადგან ფესვისგან მოწყვეტილი ყვავილი ჭკნება და მისი თესლი უნაყოფოა - მაშინ, როდესაც მიწის წიაღში დაფლული ყვავილის თესლს მიყოლებით მოაქვს ახალ-ახალი ნაყოფი სიმწიფეში. ბუნება უფრო დიადი და ჭეშმარიტია, ვიდრე ჩვეულებრივი მორალი, რომელიც ხშირად სხვა არაფერია, თუ არა ტაბუ და ტოტემიზმი. ბედნიერია ხალხი, რომელთა მორალიც ბუნების კანონებს განასახიერებს, რადგან ისინი კეთილშობილური ცხოვრებით იცხოვრებენ, გაიზრდებიან, გამრავლდებიან და დედამიწას დაიმკვირდებენ. უბედურია ის ხალხი, რომელთა მორალიც ველური სისტემის ტაბუებს მისდევს, რადგან ისინი ცოდვილ გზაზე ივლიან. თანაბრად უბედურია ისეთი ხალხიც, რომლებიც პატივს არ სცემენ ბუნებრივი პროცესის სიწმინდეს და უგულოდ წყვეტენ ყვავილებს; ისინი სხეულით დაავადდებიან.
11. ხოქმაში უნდა დავინახოთ შივას ლინგამი, ფალოსის თაყვანისმცემელი ბაკანტეები და შემოქმედებითი სიტყვა, რომელმაც ბრძანა: "იქმნას ნათელი!". ჩვენ უნდა ვისწავლოთ, ვაღიაროთ დინამიური ძალა და პატივი ვცეთ მას, სადაც კი აღმოვაჩენთ მის არსებობას; მისი სახელია იეჰოვა ტეტრაგრამატონი. ამ ძალის აღმოჩენა შესაძლებელია ყველაზე ძლევამოსილთა და ავანტურისტთა რიგებში, განსაკუთრებით ელიზაბეტთან და ვიქტორიასთან მიმართებაში - ორივე მათგანი ქალია! იგივე ძალას ვხედავთ გულმოდგინედ მშრომელ მამაკაცში, ფარშევანგის გაშლილ კუდში, კატის კნავილში და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხოქმას ტიპებია, რომლის კიდევ ერთი დასახელებაა - აბბა-მამა. ჩვენ სიცოცხლის ყველა გამოვლინებაში უნდა დავინახოთ მამა, დაუბადებლიდან სიცოცხლის მომნიჭებელი.
12. ამბობენ, რომ ხოქმას ფერი არის ნაცრისფერი; მის უმაღლეს ასპექტში იგი სპეტაკი ლურჯის ფერია. ამაში ჩვენ ვხედავთ კეტერის სპეტაკი თეთრი სინათლის ფარდას, რომელიც ემანაციის გზაზე ბინასკენ ეშვება; ამ უკანასკნელის ფერი შავია.
13. სამყაროსეული ჩაკრა, ანუ ხოქმას გამოვლინება ჩვენს სამყაროში, არის ზოდიაქალური სფერო, რომელსაც ებრაულად მაზლოთი ეწოდება. ამრიგად, ვხედავთ, რომ ძველმა რაბინებმა სწორად გაიგეს ჩვენი მზის სისტემის ევოლუციის პროცესი.
14. ხოქმასთვის მინიჭებული იეცირას ტექსტი, როგორც ყოველთვის, ძალზე ბუნდოვანია; მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ გარკვეული მინიშნებები. "სეფერ იეცირა" ხოქმას მანათობელ ინტელექტს უწოდებს. ამასთან დაკავშირებით უკვე ვახსენეთ შემოქმედებითი სიტყვები, "იქმნას ნათელი", რომელიც ხოქმასთანაა კავშირში. "777"-ში ხოქმას სიმბოლური გამომხატველობა აღნიშნულია როგორც "დიდებული შინაგანი სამოსი". ეს უკანასკნელი გნოსტიკური ტერმინია. ერთად აღებული ეს ორი იდეა, წარმოსახვას ანვითარებს სულიერი ცხოვრების იდეამდე, განმანათლებელ სულამდე. ეს არის მამრობითი ძალა, რომელიც ნაყოფიერ ნაპერწკალს პასიურ კვერცხუჯრედში ყოველ სფეროში ზრდისა და ევოლუციის აქტიურ აღმშენებლობად გარდაქმნის. ეს არის სიცოცხლის დინამიური ძალა, იგივე სული, რომელიც ფიზიკური ფორმის თიხას აღავსებს და წარმოადგენს დიდებულ შინაგან სამოსს, რასაც ყოველი არსება ატარებს, რაც კი ამქვეყნად სუნთქავს. სწორედ ფორმაში განსხეულებული ძალა და ძალით გაჟღენთილი ფორმა იგულისხმება განმანათლებელ ინტელექტში და დიდებული შინაგანი სამოსის სიმბოლურ გამომხატველობაში.
15. იეცირას ტექსტი ხოქმას შემოქმედების გვირგვინსაც უწოდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კეტერის მსგავსად, იგი უფრო მეტად დაფარული და გამოვლენადია, ვიდრე მასში ჩანთქმული და დამგროვებელი. სინამდვილეში, სწორედ ხოქმას ძალა იძლევა იმპულსს მანიფესტაციისკენ და შესაბამისად, წინ უსწრებს მის გამოვლინებას. ჯერ იყო სიტყვა, "იქმნას ნათელი", და ამის შემდეგ გაჩნდა ნათელი. ეს იდეა კიდევ უფრო მტკიცდება იეცირას ტექსტის ფრაზაში, სადაც ხოქმა მოხსენიებულია როგორც ერთობის ბრწყინვალება, რითაც ნათლად მიუთითებს ხოქმას კეტერთან კავშირზე, ვიდრე დუალისტური ფორმის სიბრტყეებთან კავშირზე. სიტყვა ბრწყინვალება, როგორც აქ გამოიყენება, ნათლად მიუთითებს ემანაციაზე. ამას კიდევ ერთხელ მივყავართ სექსის არსის აღმოჩენის მიახლოებამდე. თუმცა, ცხადია, რომ ხოქმას არაფერი აქვს საერთო ნაყოფიერების კულტებთან, გარდა იმისა, რომ იგი ასახავს მასკულინურ, დინამიურ ძალას, რომელიც პირველადი სიცოცხლის მომცემი და მანიფესტაციის გამომწვევია. დინამიური ძალის უმაღლესი და უმდაბლესი გამოვლინებები არსებითად ერთნაირია, მაგრამ სხვადასხვა დონეზე ფუნქციონირებენ. პრიაპუსი არ არის იეჰოვას იდენტური. მიუხედავად ამისა, პრიაპუსის ფესვი უნდა მოიძებნოს იეჰოვაში, ხოლო მამა ღმერთის გამოვლინება პრიაპუსში, რაზეც ის ფაქტიც მიუთითებს, რომ რაბინები ხოქმას ტეტრაგრამატონის იოდს უწოდებენ, რაც მათი ფრაზეოლოგიის მიხედვით ლინგამთან იდენტურია.
16. საინტერესოა, რასაც "სეფერ იეცირა" ორ სეფიროტზე აცხადებს, რომ ისინი ყოველი თავის მაღლა იმყოფებიან; საკმაოდ წინააღმდეგობრივი განცხადებაა. ხოქმა და მალქუთი ერთმანეთთან მნიშვნელოვან კავშირში არიან, როდესაც ვხვდებით მათ მნიშვნელობას. ხოქმა არის ზეციერი მამა, ხოლო მალქუთი უმცროსი/არასრულფასოვანი დედა; "იგი ამაღლებულია ყოველი თავის ზემოთ" ასევე ნიშნავს, რომ ხოქმა ზის თავისი ნეგატიური მეწყვილის, ბინას ტახტზე, რომელიც უმაღლესი დედაა. ხოქმა არის ძალაუფლების ყველაზე აბსტრაქტული ფორმა, ხოლო მალქუთი ძალაუფლების ყველაზე მკვრივი ფორმა. ასე რომ, ჩვენ გვაქვს მინიშნება - ამ წყვილთა უკიდურესი დაპირისპირებიდან ვლინდება კონკრეტული ტიპის მანიფესტაცია და ორივე მათგანი თანაბრად წმინდაა, მაგრამ განსხვავებული ასპექტებით.
17. ჩვენ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ნაყოფიერების, სასიცოცხლო ძალის და ილუმინაციის ან/და შთაგონების რიტუალები. ნაყოფიერების კულტის მიზანია გამრავლების მანიფესტაცია, იქნება ეს სამწყსო, მოსავალი თუ შთამომავლობა; იგი ეკუთვნის იესოდს და არაფერი აქვს საერთო სასიცოცხლო ძალის კულტთან, რომელიც ნეცახის, ვენერა-აფროდიტეს სეფირას ეკუთვნის.
18. ხოქმას რიტუალი - თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ - ეხება კოსმიური ძალის შემოდინებას. იგი უფორმოა, რადგან დინამიური შემოქმედების სუფთა იმპულსს წარმოადგენს; ქმნილებას, რომელსაც ხოქმა წარმოშობს, ნებისმიერი ფორმის მიღება შეუძლია.
19. რამდენადაც მე ვიცი, უმაღლესი სამების მიმართ ოფიციალური ცერემონიული მაგიის რიტუალი არ არსებობს. ამ სეფირებთან დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ მათი არსებითი ძალისა და ფუნქციონირების გაგებით. კეტერს, წმინდა ყოფიერებას ვუკავშირდებით მაშინ, როდესაც ვიმარჯვებთ ყოფიერების ბუნების გაცნობიერებაზე, რომელიც ყოველგვარი ატრიბუტებისა და ფორმის გარეშე არსებობს. ამ გამოცდილებას "განადგურების ტრანსი" ეწოდება და ვინც მას განიცდის, ღმერთთან ერთად დადის და სამყაროდან ქრება, რადგან ღმერთს თავისთან მიჰყავს. სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ კეტერის სულიერ გამოცდილებასთან ზიარების შემდეგ, ადეპტი უკან აღარ ბრუნდება.
20. იმისათვის, რომ ხოქმას დავუკავშირდეთ, დინამიური კოსმიური ძალის მოქმედება მის უმაღლეს ასპექტში უნდა განვიცადოთ; ეს ენერგია იმდენად უზარმაზარია, რომ მოკვდავმა ადამიანმა შესაძლოა ვერც გაუძლოს მის მოქმედებას. დაწერილია, რომ სემელემ, დიონისეს დედამ, როდესაც ზევსი საკუთარ ღვთაებრივ ფორმაში დაინახა - როგორც ჭექა-ქუხილი, - იგი წამიერად დაიწვა და დაიფერფლა, მაგრამ გადარჩა მისი შვილი დიონისე, რომელიც ნაადრევად იშვა სემელეს მიერ. ხოქმასთვის მინიჭებული სულიერი გამოცდილება არის ღმერთის პირისპირ ხილვა; ღმერთმა (იეჰოვამ) მოსეს უთხრა: "ვერ შეძლებ ჩემი სახის ხილვას, რადგან ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს". (გამოსვლა 33:20).
21. მიუხედავად იმისა, რომ ღვთაებრივი მამის ხილვა მოკვდავებს ფერფლად აქცევს, ღვთაებრივი ძე უფრო ნაცნობია და მისი გამოხმობაც შესაძლებელია.
II
22. როგორც ამბობენ, ხოქმასთან დაკავშირებული ინიციაციის გრადუსი არის მაგი, ხოლო მასთან ასოცირებული მაგიური იარაღებია ფალოსი და დიდებული შინაგანი სამოსი. ასეთი შესაბამისობა გვასწავლის, რომ სიმბოლოთა ნაკრებს, მისტიურთან და მაკროკოსმოსურთან ერთად გააჩნიათ მიკროკოსმოსური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობებიც. დიდებული შინაგანი სამოსი უეჭველად აღნიშნავს შინაგან სინათლეს, რომელიც ყოველ ადამიანს ანათებს, ვინც კი სამყაროში არსებობს.
23. ფალოსი ან/და ლინგამი მოცემულია, როგორც განდობილის ერთ-ერთი მაგიური იარაღი ხოქმას სფეროში. სექსის სულიერი მნიშვნელობის შესახებ ცოდნა და კოსმიური პოლარობის არსი, მოცემულ ხარისხს ეკუთვნის.
24. არ იფიქროთ, რომ მე მხარს ვუჭერ ორგიულ რიტუალებს, ინიციაციურ გზაზე გამოყენების მიზნით; მაგრამ, გარკვევით ვაცხადებ, რომ სექსის ეზოთერული ასპექტის სწორად გაგების გარეშე, ჩვენი ბილიკი ბრმა გზად იქცევა. ფროიდმა სიმართლე უთხრა თანამედროვე თაობას, როცა მიუთითა, რომ სექსი, ფსიქოპათოლოგიის გასაღებია. თუმცა იგი შეცდა, როდესაც სექსი ერთადერთ გასაღებად აქცია ადამიანის მრავალგანზომილებიანი სულისთვის. ისევე როგორც ქვეცნობიერის ჯანმრთელობა შეუძლებელია სექსუალური ცხოვრების ჰარმონიის გარეშე, ასევე შეუძლებელია ზეცნობიერის სფეროში დინამიური და პოზიტიური მუშაობა პოლარობის კანონების გაგებისა და მათი ზედმიწევნით დაცვის გარეშე. ბევრი მისტიკოსისთვის, რომლებიც მატერიისგან თავშესაფარს ეძებენ, ეს მძიმე სათქმელია, მაგრამ გამოცდილება ადასტურებს მის ჭეშმარიტებას; ამიტომ, ეს ითქვა, მაგრამ მცირედი თუ იქნება მადლობელი ამის თქმისათვის.
25. ხოქმას ძალაუფლების უზარმაზარი ვარდნა, რომელიც ღვთაებრივი სახელის ოთხასოიანი სიტყვით ხორციელდება, მაკროკოსმოსური იოდიდან მიკროკოსმოსურ იოდამდე ჩამოდის და შემდგომ სუბლიმირდება. თუ ქვეცნობიერი გონება თავისუფალი არ არის დისოციაციებისაგან და რეპრესიებისგან, პათოლოგიური სიმპტომები სწორედ ამ ვარდნის შედეგია. ეს არ ნიშნავს, რომ ზევსის ინვოკაციის განმახორციელებელი აუცილებლად პრიაპუსის თაყვანისმცემელია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ დისოციაციის სუბლიმირებას ვერავინ შეძლებს. როდესაც არხი დაბრკოლებებისგან თავისუფალია, დაღმასვლის ძალას შეუძლია მიმართულების შეცვლა და აღმავალ ძალად გადაქცევა, რომელიც შეგვიძლია ნებისმიერი ჩვენთვის სასურველი სფეროსკენ მივმართოთ. მაგრამ, მოგვწონს თუ არა, იგი იქამდე იქნება დაღმავალი ძალა, სანამ აღმავალ ძალად არ იქცევა, ხოლო თუ ჩვენი ფეხები ელემენტარულ მიწაზე მყარად არ დგას, ფეხქვეშ ნიადაგი ადვილად გამოგვეცლება.
26. ყველა პრაქტიკულმა ოკულტისტმა იცის, რომ ფროიდმა სიმართლე თქვა, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ არის მთლიანად სიმართლე, მაგრამ მათ ეშინიათ ამის აღიარება, ფალოსის თაყვანისცემისა და ორგიულ რიტუალებში დადანაშაულების შიშის გამო. ამ საკითხებს თავიანთი ადგილი აქვთ; მათი ადგილი არ არის სულიწმიდას ტაძარში, მაგრამ მათი უარყოფა სისულელეა, რისთვისაც ვიქტორიანულმა ხანამ დიდად გადაიხადა ფსიქოპათოლოგიის დარგში უხვი მოსავალის დაგროვებით.
27. როდესაც დინამიურად ვმუშაობთ ნებისმიერ სფეროში, პირველად ენერგიას ხოქმას იოდის ძალისგან ვღებულობთ. მიკროკოსმოსური შესაბამისობით, ხოქმა მიესადაგება სახის მარცხენა მხარეს. პრაქტიკულ მუშაობაში, მაკროკოსმოსური და მიკროკოსმოსური შესაბამისობები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მაკროკოსმოსი, დიადი ადამიანი, რა თქმა უნდა, თავად სამყაროა; მიკროკოსმოსი არის ინდივიდუალური ადამიანი. ნათქვამია, რომ ადამიანი არის ერთადერთი არსება, რომელიც კოსმოსის ყველა გამოვლინებას საკუთარ თავში ირეკლავს. ანგელოზებს დაბალი სფეროების რეალიზაცია აკლიათ, ხოლო ცხოველებს - უმაღლესი სფეროების.
28. მიკროკოსმოსზე მითითებისას, ცხადია შესაბამისობები პირდაპირი მნიშვნელობით და უხეშად არ უნდა აღვიქვათ; ასოციაციები ძირითადად შეესაბამება ადამიანის აურასა და მასში არსებული ფლუიდების ფუნქციებს, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს; სვამი ვივეკანანდა აღნიშნავს, რომ, ის, რაც მამაკაცში მარჯვნივ მდებარეობს, ქალში მარცხნივაა. ამას გარდა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ, ის, რაც ფიზიკურ სფეროში პოზიტიურია, ასტრალურ სფეროში ნეგატიურ დატვირთვას ატარებს; იდენტურად, რაღაც პოზიტიურია მენტალურ სფეროში, ხოლო იგივე ნეგატიურია სულიერ სფეროში, რომელიც სიმბოლურად მერკურის კადუცეუსის თეთრ და შავ გველებშია ასახული. თუ მოცემული კადუცეუსი სიცოცხლის ხეზე განთავსდება, - რომელიც ოთხ სამყაროს განასახიერებს, - შეიქმნება გლიფი, რომელიც ავლენს კანონის მოქმედებას პოლარულ სიბრტყეებთან მიმართებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გლიფია და ბევრს იძლევა პრაქტიკული მედიტაციის პროცესში.
29. აქედან ვგებულიბთ, რომ, როდესაც სული ქალურ ინკარნაციაში იმყოფება, იგი ნეგატიურად იფუნქციონირებს ასიასა და ბრიაჰში, ხოლო პოზიტიურად იფუნქციონირებს იეცირასა და აზილუთში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქალი ფიზიკურად და მენტალურად ნეგატიურია, მაგრამ ფსიქიკურად და სულიერად პოზიტიურია, რაც პირიქით არის კაცისთვის. თუმცა, ინიცირებულებში არსებობს კომპენსირების მნიშვნელოვანი ხარისხი, სადაც ისინი ორივე ტიპის ფსიქიკური ფუნქციონირების მეთოდებს შეისწავლიან. ღვთაებრივი ნაპერწკალი, რომელიც ყოველი ცოცხალი სულის ბირთვში იმყოფება, თავისი არსით ჰერმაფროდიტია (ბისექსუალია), რომელიც საკუთარ თავში ორივე ასპექტს შეიცავს; იგივე ითქმის კეტერზეც, რადგან მოცემული განმარტება სწორედ კეტერს შეესაბამება. რაც უფრო განვითარებულია სული, კომპენსაციის ასპექტიც იდენტურად არის განვითარებული. წმინდა ფემინური ქალი და წმინდა მასკულინური მამაკაცი ცივილიზებული საზოგადოების მიერ ყოველთვის განსჯის საგანია და მათ პრიმიტიულ საზოგადოებებში უფრო დააფასებენ, სადაც ქალისგან ნაყოფიერება, ხოლო მამაკაცისგან ბრძოლა და ნადირობა მოითხოვება.
30. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სქესის ფიზიკური ფუნქციები ინიცირებულში გაუკუღმართებულია ან სხეულის კონფიგურაცია შეცვლილია. ეზოთერული მეცნიერება გვასწვალის, რომ ფიზიკური ფორმა და რასობრივი ტიპი, რომელსაც სული ყოველ ინკარნაციაში ღებულობს, ბედისწერით, ანუ კარმით არის განსაზღვრული და ადამიანმა შესაბამისი მოცემულობით უნდა იცხოვროს. ჩვენ არ უნდა ვითამაშოთ საკუთარი ფიზიკური თუ რასობრივი ტიპით; იგი ყოველთვის უნდა მივიღოთ, როგორც ჩვენი ოპერაციის საფუძველი და მეთოდებიც შესაბამისად უნდა ავირჩიოთ. თუმცა, ლოჟებში არსებობს გარკვეული მაგიური ოპერაციები, რომელთათვისაც მამაკაცური სქესი უფრო შესაფერისია, ვიდრე ქალური; მაგრამ, ინიცირებულის რუტინული სამუშაოს მიმდინარეობისას, იგი სწავლობს სხვადასხვა ტიპის ძალის მართვას და ამგვარად მოდის წონასწორობაში.
31. მამაკაცის უმაღლესი განვითარების დონე დაკუნთულ გორილას არ წარმოადგენს, და არც ქალის განვითარების უმაღლესი დონეა ჩამოყალიბებული ძუძუმწოვარი. ცივილიზაციაში, ევოლუციის ტენდენციას სქესთა შორის დაახლოება წარმოადგენს, სადაც სექსუალური მახასიათებლები დიდ როლს თამაშობს. ქალაქში მცხოვრები მამაკაცების რამდენი პროცენტი იზრდის სახეზე პატრიარქალურ წვერებს? პირველადი სექსუალური მახასიათებლები შეუფერხებლად უნდა შენარჩუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რასის დაღუპვის პროცესი დაჩქარდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მთავარი მიზეზი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც განქორწინების საბუთებს თანამედროვე დროში უხვად ავსებენ.
32. ეს ყველაფერი ჩვენ შეგვიძლია იმის შუქზე გავიგოთ, რომ ყოველი ასპექტი სიცოცხლის ხეზეა განთავსებული. ორი სვეტი - პოზიტიური ხოქმას ქვეშ და ნეგატიური ბინას ქვეშ, იოგას სისტემებიდან შეესაბამება იდას და პინგალას. ორივე მაგნიტური დინება განთავსებულია ადამიანის აურის ხერხემალთან დაკავშირებულ დინებაში, რომელსაც მზისა და მთვარის დინება ეწოდება. მამაკაცურ ინკარნაციაში ჩვენ ძირითადად მზის დინებასთან ვმუშაობთ, ხოლო ქალურ ინკარნაციაში მთვარის ძალებთან. თუ გვსურს საპირისპირო ძალასთან მუშაობით დავკავდეთ, უნდა გამოვიყენოთ ბუნებრივი რეჟიმი, რომელიც ოპერაციების საფუძველს წარმოადგენს. ფიზიკურ სფეროში სქესთა დაწყვილების შედეგად, ქალის მეშვეობით მამაკაცს შვილის ჩასახვა შეუძლია, რაც მთვარის ძალის გამოყენების მაგალითია; მეორე მხრივ, ქალს, რომელსაც შემოქმედების სურვილი აქვს, მაგრამ დამოუკიდებლად მის განხორციელებას ვერ ახერხებს, მამაკაცს იქამდე აცდუნებს, სანამ არ დაიკმაყოფილებს ყველა სურვილს, რაც ნიშნავს, რომ იგი მამაკაცისგან მზის ძალას ღებულობს და მისით იჟღინთება.
33. მაგიურ სამუშაოებში, მამაკაცს და ქალს ხშირად უწევთ საპირისპირო ტიპის ძალასთან მუშაობა, რადგან იგი ოკულტური ვარჯიშის რუტინული ნაწილია; ასეთ დროს ადეპტებს საკუთარი ცნობიერება გადააქვთ შესაბამის სფეროში, სადაც საჭირო პოლარობის ასპექტთან თანმიმდევრულად მუშაობენ. ოსირისის ქურუმი საკუთარი პოლარობის შესავსებად ზოგჯერ ელემენტალურ სულებს იყენებს, ხოლო ისისის ქურუმი ქალი ანგელოზური გავლენების ინვოკაციას ახდენს.
34. იმის გამო, რომ ყოველი სახის მანიფესტაცია საპირისპირო წყვილების მეშვეობით ვლინდება, პოლარობის პრინციპი არამარტო მაკროკოსმოსში, არამედ მიკროკოსმოსშიც იგულისხმება. ასეთი პოლარობის ცოდნითა და მასში არსებული შესაძლებლობების გამოყენებით, შეგვიძლია ჩვენშივე არსებული ბუნებრივი ძალები ნორმაზე მეტად ავამაღლოთ და განვავითაროთ. ჩვენ შეგვიძლია მოვძებნოთ ძლიერი ხოქმას გავლენა წიგნებში, რასობრივ ტრადიციაში, რელიგიაში, მეგობრებსა და თანამოაზრეებში; ამ ყველაფრისგან შეგვიძლია მივიღოთ სტიმული, რაც შეგვმატებს შემოქმედებით პოტენციალს მენტალურად, ემოციურად და დინამიურად. სიმბოლურად რომ ვთქვათ, ჩვენი ხოქმა ეთამაშება ჩვენსავე ბინას; და თანაბრად შესაძლებელია, რომ ბინა ეთამაშებოდეს ჩვენს ხოქმას. დახვეწილ სფეროებში პოლარობა ფიქსირებული არ არის, არამედ ფარდობითია; რაც უფრო აღმატებულია ჩვენთან შედარებით ძალისმიერი გავლენა, მით უფრო პოზიტიურია ჩვენთვის, მაგრამ ნეგატიურია აღმატებული ძალისთვის; ხოლო რაც უფრო ნაკლებად ძლიერია ჩვენთან შედარებით, ნეგატიურია ჩვენთვის, მაგრამ მის მიმართ დადებით როლს ვასრულებთ. მსგავსი ფლუიდური, მუდმივად მერყევი და დახვეწილი პოლარობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია პრაქტიკულ მუშაობაში; თუ ჩვენ ამას გავიგებთ და მისით ვისარგებლებთ, ღირსშესანიშნავი ქმედებების განხორციელებას შევძლებთ საკუთარ ცხოვრებაში, და ჩვენი ურთიერთობა ირგვლივ არსებულ გარემოსთან სრულიად განსხვავებულ საფუძველზე წარიმართება.
35. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როდის შეგვიძლია ვიმოქმედოთ, როგორც ხოქმა, და მისი მეშვეობით ვიმოქმედოთ სამყაროში; ხოლო როდესაც ბინას საუჯეთესო ფუნქცია გვექნება, ჩვენი გარემო ნაყოფიერად იქცევა, რის შედეგადაც ძალიან პროდუქტიულები გავხდებით. არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თვით-განაყოფიერება (სულიერი ევოლუცია) სტერილურობას მოითხოვს რამდენიმე თაობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ისევ მოგვიწებს განაყოფიერება იმ ასპექტებში, რომლებთანაც ვმუშაობთ. ჩვენსა და ყველაფერ დანარჩენს შორის უნდა იყოს პოლარული ურთიერთქმედება და მიზნად უნდა დავისახოთ, რომ ყოველთვის მზადყოფნაში ვიმყოფებოდეთ პოლარული გავლენების აღმოსაჩენად ტრადიციებში, წიგნებში, მეგობრებში და თუნდაც ძალზე საწინააღმდეგო ასპექტებში - ანუ მტრების ანტაგონიზმშიც კი; რადგან ზუსტად იდენტური პოლარიზებული ძალაა გულწრფელ სიძულვილში, როგორიც გულწრფელ სიყვარულშია, მთავარია ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ იგი. ყველაფრის შესაქმნელად სტიმულია საჭირო, განსაკუთრებით ისეთი ცხოვრების შესაქმნელად, რომლითაც ცხოვრება გვწადია. ხოქმა არის კოსმიური სტიმული. ნებისმიერი სტიმულირება, რომელსაც ხოქმა ახდენს, სიცოცხლის ხეზე აისახება. ჩვენ კიდევ უფრო მივუახლოვდებით კოსმიური პოლარობის პრინციპის გაგებას, როდესაც სეფირა ბინას შესწავლაზე გადავალთ, რადგან, მხოლოდ ხოქმას აღწერილობით, საკმაოდ რთულია პოლარობის პრინციპების გაცნობიერება; იგი ყოველთვის ბინასთან ერთად ფუნქციონირებს და პირიქით. ამრიგად, პოლარობის შესახებ ჯერჯერობით მეტს აღარ ვიტყვით, არამედ შევაჯამებთ ხოქმასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ტაროს კარტებთან მიმართებაში და განვაახლებთ კვლევას ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე (იგულისხმება პოლარობა), როდესაც ბინა დამატებით მონაცემებს მოგვაწვდის.
III
36. როგორც უკვე კეტერისადმი მიძღვნილ თავში გავიგეთ, ტაროს ოთხი სუიტი განასახიერებს ოთხ ელემენტს, რომელთაგან ოთხი ტუზი წარმოადგენს ელემენტარული ძალების ფესვებს, ხოლო ოთხი ორიანი ენიჭება ხოქმას სეფირას; ორიანები განასახიერებენ პოლარიზებული ელემენტების ფუნქციონირებას, მათ უმაღლეს ჰარმონიულ ასპექტში; ამიტომ, ორიანი ყოველთვის ჰარმონიული არკანია.
37. კვერთხების ორიანს, რომელიც ცეცხლის ელემენტს წარმოადგენს, სამფლობელოს მბრძანებელი ეწოდება. კვერთხი არსებითად მამაკაცის ფალოსური სიმბოლოა და ხოქმას სეფირას ეკუთვნის; ეს არკანი შეგვიძლია მივიღოთ, როგორც პოლარობის სიმბოლო; პოზიტივი პოულობს საკუთარ მეწყვილეს, ნეგატიურს, შედეგის სახით კი წონასწორობა/ბალანსი მიიღება. სამფლობელოს მბრძანებელში არ არსებობს ანტაგონიზმი ან წინააღმდეგობა, რადგან მთელი ქვეყანა მის მიერ დადგენილ წესებს ემსახურება; ბინა, მესამე სეფირა, თავის მეწყვილეს მთლიანად ღებულობს.
38. თასების ორიანს სიყვარულის მბრძანებელი ეწოდება; ამ არკანში უმაღლესი სიყვარულის ჰარმონიული პოლარიზაციის კონცეფცია გვაქვს მოცემული.
39. ხმლების ორიანის სახელია აღდგენილი მშვიდობის მბრძანებელი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხმლების დამრღვევი ძალა დროებით წონასწორობაში იმყოფება.
40. პენტაკლების ორიანს ჰარმონიული ცვლილების მბრძანებელი ეწოდება. აქაც, ისევე როგორც ხმლების სუიტში, ჩვენ ვხედავთ ელემენტალური ძალების ჰარმონიულ მოდიფიკაციას, რაც ბალანსის საფუძველია.
41. ოთხივე არკანი, ხოქმას ძალაუფლების პოლარობის არსებით ბალანსზე მიუთითებს, რომელიც კაბალისტების ოთხივე სამყაროში ვლინდება. მკითხაობის დროს მათი გამოჩენა ძალაუფლების წონასწორობაზე მიუთითებს. ისინი არ განასახიერებენ დინამიურ ძალას, მიუხედავად იმისა, რომ ხოქმას სეფირაში მსგავსი ასპექტი მოსალოდნელია; ეს იმიტომ ხდება, რომ ხოქმა, როგორც სამების ერთ-ერთი წარმომადგენელი, დახვეწილ სფეროებში დადებითად ვლინდება, ხოლო ფიზიკურ სფეროებში უარყოფითად. ნეგატიური ძალის დინამიური ასპექტი წარმოდგენილია წონასწორობის სახით, ხოლო ნეგატიური ძალის ნეგატიური ასპექტი განადგურების სახით გამოიხატება; ეს არის ღვთაება კალი, შივას საზარელი მეუღლე, რომელიც ყოფილი ქმრების ჩონჩხებზე ცეკვავს.
42. ეს კონცეფცია, სიცოცხლის ხეზე არსებული პოლარული ასპექტების მრავალი პრობლემატური საკითხის გადაჭრის გასაღებს გვაძლევს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თითოეული სეფირა ნეგატიურია მასზე მაღლა მყოფ სეფირასთან მიმართებაში, რომლისგანაც ემანაციას ღებულობს, და პოზიტიურია მასზე ქვემდგომთან მიმართებაში, რომლის ემანაციის მიზეზსაც თავად წარმოადგენს. ზოგიერთი დაწყვილებული სეფირა, საკუთარი ბუნებით მეტ-ნაკლებად პოზიტიურია ან ნეგატიური. მაგალითად: ხოქმა არის პოზიტიურის პოზიტიური, ხოლო ბინა არის პოზიტიურის ნეგატიური. ხესედი არის ნეგატიურის პოზიტიური, ხოლო გებურა ნეგატიურის ნეგატიური. ნეცახი და ჰოდი ჰერმაფროდიტები არიან. იესოდი არის პოზიტიურის ნეგატიური, ხოლო მალქუთი ნეგატიურის ნეგატიური. არც კეტერი და არც ტიფარეტი არ არის მასკულინური ან ფემინური. კეტერში დაწყვილება არ არსებობს, რადგან იგი გამოვლენილი არ არის, ხოლო ტიფარეტში ყველაფერი სრულყოფილ წონასწორობაში იმყოფება.
43. არსებობს ორი გზა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია სიცოცხლის ხეზე ტრანსმუტაცია განხორციელდეს; პირველი მათგანი არის სეფიროტის სამი სვეტი, ხოლო მეორე მათგანი ელვისებური ზიგზაგის გლიფს წარმოადგენს; ეს გლიფი სეფიროტების თანმიმდევრულ ემანაციაზე მიუთითებს, რომელიც კუნდალინის გველის აღმართვის ილუსტრაციასაც გვიხატავს.
44. ეს ყველაფერი ძალიან კომპლექსურად და აბსტრაქტულად ჟღერს, მაგრამ მაგალითები, რომლებსაც მალე მოვიყვანთ, დაგვეხმარება ადვილად გავიგოთ მისი არსი. ავიღოთ სექსუალური ძალის სუბლიმაციის პრობლემა, რომლის შესახებაც ფსიქოთერაპევტები ასე გულგრილად საუბრობენ და ძალზე მცირედს ამბობენ. მალქუთში, - რომელიც მიკროკოსმოსში ფიზიკურ სხეულს წარმოადგენს, - სექსუალური ძალა კვერცხუჯრედის თვალსაზრისით განიხილება; იესოდში, რომელიც ეთერული დუბლია, ეს ძალა მაგნიტური თვალსაზრისით იხსნება, რომლის შესახებაც ორთოდოქსული ფსიქოლოგიისათვის არაფერია ცნობილი, მაგრამ ჩვენ, შესაბამისი სეფირას სათაურის ქვეშ, მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგაწვდით. ჰოდი და ნეცახი ასტრალური სფეროა; ჰოდში ძალა ვიზუალური გამოსახულებების სახით ვლინდება, ხოლო ნეცახში მაგნეტიზმის განსხვავებულ და სრულიად დახვეწილ ტიპს ვეხებით. ტიფარეტში, ქრისტეს ცენტრში, ძალა სულიერ შთაგონებად იქცევა, რომელიც უმაღლესი ცნობიერებიდან მოედინება; თუ ეს ძალა პოზიტიური ტიპით ხასიათდება, იგი დიონისეს შთაგონებად და ღვთაებრივ სიმთვრალედ იქცევა, ხოლო თუ ძალა ნეგატიური ტიპისაა, იგი უპიროვნო ენერგიად იქცევა, რომელიც ყოვლისმომცველი და ყოვლიშემძლე ქრისტესმიერი სიყვარულია.
45. ხოქმას ტრანსმუტაციისას, ვლინდება წმინდა დინამიზმი, წმინდა სტიმული, ფორმირებული გამომხატველობის გარეშე; ხესედში ადგილი აქვს ევოლუციის აღმშენებლობით, ორგანიზებულ ასპექტს; გებურას კატაბოლიზმი გვაძლევს ანაბოლიზმს; ხესედში ხოქმას ძალაუფლება მაგნეტიზმის დახვეწილ ფორმად იქცევა, რომელიც ლიდერობისა და სიდიადის ფესვს წარმოქმნის. თანაბრად, ბინას ძალაუფლება გებურაში გამანადგურებელ ძალად გარდაიქმნება, რომლებიც მაგიურ ხატ-სახეებს წარმოქმნიან; ესენია: მერკური-ჰერმესი-თოტი.
46. დროთა განმავლობაში, ოკულტური მეცნიერების სიმბოლოები თანამედროვე აზროვნებისთვისაც ცნობილი გახდა, მაგრამ არაინიცირებულებს არ ესმით მათი მნიშვნელობა არც სიცოცხლის ხესთან შესაბამისობაში და არც ალქიმიური პრინციპების, ტრანსმუტაციისა და დისტილაციის თვალსაზრისიდან, რომლებშიც მათი გამოყენების ნამდვილი საიდუმლოებები ინახება.