თავი მესამე - კაბალას მეთოდი
თავი მესამე - კაბალას მეთოდი
1. კაბალას მეთოდზე მსჯელობისას, ერთ-ერთი ძველი რაბინი ამბობს, რომ ანგელოზი, რომელიც მიწაზე ეშვება, ადამიანური სახე უნდა მიიღოს, რათა ადამიანებთან ისაუბროს. სიმბოლოების უცნაური სისტემა, რომელიც ჩვენთვის ცნობილია როგორც სიცოცხლის ხე, წარმოადგენს მცდელობას - დაიყვანოს დიაგრამის ფორმამდე ყოველი ძალა და ფაქტორი გამოვლენილ სამყაროში და ადამიანის სამშვინველში, დააკავშიროს ისინი ერთმანეთს, და ისევე, როგორც რუქაზე, აჩვენოს მათი გაფართოება, რათა ჩანდეს ყოველი ელემენტის შეფარდებითი მდგომარეობა და მათ შორის ურთიერთ-კავშირები. მოკლედ, სიცოცხლის ხე წარმოადგენს მეცნიერული, ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური და თეოლოგიური ცოდნის კომპაქტურ გადმოცემას.
2. ყველა მოქმედება იმ ადამიანისა, რომელიც კაბალას შესწავლას შეუდგა, საწინააღმდეგოა ნატურ-მეცნიერებების შემსწავლელთა ქმედებებისგან: ეს უკანასკნელი აგროვებს სინთეზირებად ცნებებს, მაშინ, როცა პირველი აანალიზებს აბსტრაქტულ ცნებებს. თუმცაღა, თავისთავად იგულისხმება, რომ სანამ რაიმე კონცეფცია გაანალიზებულ იქნება, იგი თავიდან შემუშავებული უნდა იქნეს. ვიღაცას უნდა მოეფიქრებინა სიმბოლოებამდე შეკუმშული პრინციპები, რომლებიც კაბალისტის მედიტაციის ობიექტს წარმოადგენენ. მაშინ, ვინ იყვნენ პირველი კაბალისტები, რომლებმაც მთლიანი სქემა ააწყვეს? რაბინების ერთსულოვანი აზრით, ესენი ანგელოზები იყვნენ. სხვა სიტყვებით, ისინი იყვნენ სხვა, ადამიანისგან განსხვავებული დონის არსებები, რომლებმაც რჩეულ ხალხს კაბალა გადასცეს.
3. თანამედროვე გონისთვის ეს განცხადება შესაძლოა ისეთივე აბსურდული ჩანდეს, როგორც წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ბავშვები კომბოსტოსგან ჩნდებიან; მაგრამ თუკი შევისწავლით და შევადარებთ მრავალ მისტიურ რელიგიურ სისტემას, აღმოვაჩენთ, რომ ყველა გასხივოსნებული ერთსულოვანი იყო ამ საკითხში, სახელდობრ - ყველა ქალი და მამაკაცი, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდილება ჰქონდათ სულიერ ცხოვრებაში, ამტკიცებდა, რომ მათ ღვთაებრივი არსებები ასწავლიდნენ. ჩვენ ძალიან ბრიყვულად მოვიქცევით, თუკი ყურადღებას არ მივაქცევთ მსგავს განცხადებებს, - ეს განსაკუთრებით მას ეხება, ვისაც არასოდეს ჰქონია ცნობიერების მაღალი მდგომარეობების პირადი გამოცდილება.
4. ზოგიერთი ფსიქოლოგი იტყვის, რომ ანგელოზები კაბალისტების მსოფლმხედველობაში, ისევე როგორც სხვა სისტემებში ღმერთები და კაცობრიობის მამამთავრები - მანუს მსგავსნი, წარმოადგენენ ჩვენს საკუთარ ჩახშობილ კომპლექსებს; მაგრამ არიან სხვებიც, ნაკლებად შეზღუდული ხედვით, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ღვთაებრივი არსებები ჩვენი საკუთარი უმაღლესი მე-ს დაფარული პოტენციალების გამოვლინებებია. გულწრფელად მორწმუნე მისტიკოსისთვის ყოველი ასეთი მსჯელობა საერთოდ არაა არსებითი; იგი შედეგებს აღწევს, - და ეს ყველაფერია, რაზეც იგი ზრუნავს; მაგრამ მისტიკოს-ფილოსოფოსი, ან სხვა სიტყვებით, ოკულტისტი იაზრებს ამ საკითხს და გარკვეულ დასკვნებამდე მიდის. თუმცაღა ეს დასკვნები შესაძლებელია გაგებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცით, რა იგულისხმება რეალობის ქვეშ, და მკაფიო, დემარკაციულ ხაზს გავავლებთ სუბიექტურსა და ობიექტურს შორის. ფილოსოფიის ნებისმიერმა შემსწავლელმა იცის, რომ აქ უამრავი კითხვა ჩნდება.
5. ინდური მეტაფიზიკური სკოლები უფრო მეტად დაწვრილებით შემუშავებულ და რთულ ფილოსოფიურ სისტემებს ფლობენ, რომლებშიც მოცემულია მცდელობა - განისაზღვროს განხილული იდეები და გახადოს გააზრებისთვის მისაწვდომი; და თუმცა წინასწარმეტყველთა თაობებმა მიუძღვნეს თავიანთი ცხოვრება ამ ამოცანის გადაწყვეტას, ეს კონცეფციები ჯერ კიდევ რჩება იმდენად აბსტრაქტულაად, რომ მხოლოდ სწავლების ხანგრძლივი კურსის შემდეგ, რომელსაც აღმოსავლეთში იოგას უწოდებენ, გონებას შეუძლია მთელი სისავსით შეიცნოს ისინი.
6. კაბალისტი მუშაობას სხვაგვარად უდგება. იგი არ აიძულებს გონებას, რომ მეტაფიზიკის ფრთებით აფრინდეს აბსტრაქტული რეალობის გაუხშოებულ ჰაერში; ისინი გვთავაზობენ კონკრეტულ თვალსაჩინო სიმბოლოს და საშუალებას აძლევს მას, რომ ის აბსტრაქტული რეალობა წარმოადგინოს, რომლის სხვაგვარად აღქმაც მოუმზადებელ ადამიანურ გონებას არ ძალუძს.
7. ეს ზუსტად იგივე პრინციპია, რომელიც ალგებრაში გამოიყენება. დავუშვათ, X უცნობ სიდიდეს აღნიშნავს, Y წარმოადგენს X-ის ნახევარს, ხოლო 2 - ცნობილ სიდიდეს. თუკი ექსპერიმენტებს გავაკეთებთ Y-თან, რათა გამოვავლინოთ მისი რაოდენობრივი დამოკიდებულება 2-თან, მალე იგი აღარ იქნება ბოლომდე უცნობი; სხვა თუ არაფერი, რაღაცას მაინც გავიგებთ მის შესახებ. და თუ საკმარისად დახელოვნებულნი ვართ, ბოლოს და ბოლოს გამოვხატავთ Y-ს 2-იანის მეშვეობით, რის შემდეგაც X-ის გაგებას დავიწყებთ.
8. არსებობს უამრავი სიმბოლო, რომლებსაც მედიტაციის ობიექტად იყენებენ: ჯვარი ქრისტიანობაში; ღვთაებრივი ფორმები ეგვიპტურ სისტემაში; ფალოსური სიმბოლოები სხვადასხვა რელიგიებში. ეს სიმბოლოები არაგანდობილების მიერ გამოიყენება, როგორც გონების კონცენტრაციის და განსაზღვრულ აზრში ჩაძირვის საშუალება, განსაზღვრული, მასთან დაკავშირებული იდეების მოსახმობად და კონკრეტული შეგრძნებების სტიმულაციისთვის. თუმცაღა განდობილი სხვაგვარად იყენებს სიმბოლოების სისტემას; იგი იყენებს მას, როგორც ერთგვარ ალგებრას, რომლის მეშვეობითაც უცნობი პოტენციის საიდუმლოებებს გებულობს. სხვა სიტყვებით, იგი სიმბოლოს იყენებს, როგორც აზრის უჩინარისკენ და შეუცნობელისკენ მიმართვის საშუალებას.
9. როგორ აკეთებს იგი ამას? ეს ხორციელდება სტრუქტურული სიმბოლოს გამოყენებით, რადგანაც სიმბოლო, რომელიც მიმაგრებული არაა შეთანხმებულ სისტემაზე, მიზნამდე ვერ მიგვიყვანს. ისეთი სტრუქტურული სიმბოლოს ჭვრეტისას, როგორიცაა სიცოცხლის ხე, ნათელი ხდება, რომ არსებობს კავშირი მის ნაწილებს შორის. არსებობენ ნაწილები, რომლებზეც მან რაღაც იცის; სხვებთან მიმართებაში ინტუიცია კარნახობს რაღაცას, ან უფრო მარტივად, პირველ-საწყისი პრინციპებიდან ლოგიკური დასკვნების გაკეთებით ვარაუდებს აწყობს. გონება ერთი ცნობილი ნაწილიდან მეორეზე გადადის, და ამასთან, თუ მეტაფიზიკურად გამოვხატავთ, გადის განსაზღვრულ მანძილებს; იგი უდაბნოში მოგზაურს ჰგავს, რომელმაც იცის ორი ოაზისის მდებარეობა და ფორსირებულ ნახტომს აკეთებს ერთიდან მეორესკენ. იგი ვერასოდეს გაბედავდა უდაბნოში პირველი ოაზისიდან წასვლას, თუ არ ეცოდინებოდა მეორეს ადგილსამყოფელი; მაგრამ მოგზაურობის ბოლოს მან არა მხოლოდ იცის მეორე ოაზისის შესახებ იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე მანამდე, არამედ გააჩნია წარმოდგენა ოაზისებს შორის ტერიტორიის ხასიათზეც. ამგვარად, აკეთებს რა ფორსირებულ ნახტომებს ოაზისიდან ოაზისამდე უდაბნოში ამა თუ იმ მიმართულებით, მოგზაური თანდათანობით იკვლევს მას; თავად უდაბნოს არ შეუძლია სიცოცხლის უზრუნველჰყოფა.
10. ანალოგიური სიტუაციაა სიმბოლოების კაბალისტურ სისტემასთანაც. მის მიერ წარმოდგენილი საგნებს გონება ვერ წვდება - და მაინც, გონება ახერხებს, რომ მათზე იფიქროს, ჭვრეტის პროცესში გადადის რა ერთი სიმბოლოდან მეორეზე. თუმცა გვიწევს, რომ დავკმაყოფილდეთ ერთგვარად არამკაფიო ანარეკლებით შუშაზე, მაინც, არსებობს ყველა საფუძველი, გვქონდეს იმედი, რომ ბოლოს და ბოლოს მივაღწევთ გაგებას, რომლის გადმოცემაც შესაძლებელია. რამდენადაც ადამიანური გონება ვარჯიშების მეშვეობით ვითარდება, საგნები, რომლებიც თავიდან შეუცნობელია, როგორც მათემატიკა ბავშვისთვის, რომელიც მიმატება-გამოკლებასაც ვერ ასრულებს, საბოლოო ჯამში მაინც შემოდიან ჩვენი გაცნობიერების ველში. როდესაც რაღაც საგანზე ვფიქრობთ, გონებაში მასთან დაკავშირებულ ცნებებს ვქმნით.
11. ამბობენ, რომ აზრი იზრდება ენისგან, და არა ენა - აზრისგან. სიმბოლოები ინტუიციისთვის იგივეს წარმოადგენენ, რასაც სიტყვები აზრისთვის. შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, რომ სიმბოლო წინ უძღვის ახსნას; სწორედ ამიტომ ვამტკიცებთ, რომ კაბალა მზარდ სისტემას წარმოადგენს, და არა ისტორიულ ძეგლს. დღეს კაბალისტური სიმბოლოებისგან უფრო მეტის მიღება შეგვიძლია, ვიდრე ძველი აღთქმის პერიოდში, რადგანაც თანამედროვე ადამიანის გონება მდიდარია იდეებით. რამდენად მდიდარია, მაგალითად, აზრი სეფირ ესოდისა, რომელიც ზრდისა და წარმოქმნის ძალებს წარმოადგენს - ბიოლოგისთვის, - ვიდრე ძველი რაბინისთვის! ყველაფერი, რაზეც უნდა ვიმუშაოთ ზრდასა და წარმოქმნასთან მიმართებაში, მთვარის სფეროში ჯამდება. მაგრამ ამ სფეროში შედიან სიცოცხლის ხეზე წარმოდგენილი გზები, რომლებსაც სხვა სეფირებამდე მივყავართ; ამიტომ ბიოლოგმა კაბალისტმა იცის, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული კავშირები სეფირ ესოდთან დაკავშირებულ ძალებს შორის, რომლებიც წარმოდგენილია ამ გზებთან მიკუთვნებული სიმბოლოებით. მედიტირებს რა ამ სიმბოლოებზე, იგი იჭერს იმ დამოკიდებულებების გამოვლინებებს, რომლებიც საგანთა მატერიალურ ასპექტზე დაკვირვებისას არ ვლინდებიან; და როდესაც იგი შეუდგება ამ მასალის დამუშავებას კვლევის პროცესში, გაირკვევა, რომ მასში დაფარულია მნიშვნელოვანი მინიშნებები. ამგვარად, ამ ხეზე ერთ საგანს მეორემდე მივყავართ, და დაფარული მიზეზების ახსნა წარმოადგენს იმ სხვადასხვა კონკრეტულ სიმბოლოებს შორის პროპორციებების და დამოკიდებულებების განხილვის შედეგს, რომლებიც ქმნიან ამ მძლავრ სინთეზირებულ გლიფს.
12. ყოველი სიმბოლო, გარდა ამისა უშვებს ინტერპრეტაციებს სხვადასხვა დონეებზე და ასტროლოგიური კავშირების მეშვეობით შესაძლებელია ასოცირებულ იქნეს ნებისმიერი პანთეონის ღმერთებთან, და ამგვარად ხსნის ახალ სფეროებს, რომლებშიც გონებას უსასრულოდ შეუძლია იმოგზაუროს. ერთი სიმბოლო მეორეს უკავშირდება და წარმოშობს ასოციაციების ჯაჭვს; ზოგჯერ სიმბოლო სიმბოლოს ადასტურებს, როდესაც განტოტებული ძაფები კვლავ ერთიანდებიან ერთ სინთეზურ გლიფში. გარდა ამისა, ყოველი სიმბოლოს ინტერპრეტაცია შეგვიძლია ნებისმიერი სფეროს ტერმინებში, რომლებზეც კი გონებას შეუძლია ფუნქციონირება.
13. ეს მძლავრი ყოვისმომცველი გლიფი, რომელიც ადამიანის სულსა და სამყაროს წარმოადგენს, მისი სიმბოლოების ურთიერთკავშირის გამო გონებაში ხატ-სახეებს აღვიძებს; მაგრამ ხატ-სახეების გაჩენა შემთხვევითი არაა. სიცოცხლის ხის სიმბოლო უნივერსალური გონისთვის იგივეა, რაც ოცნება ინდივიდუალური ეგოსთვის: ესაა გლიფი, რომელიც სინთეზირებულია ქვეცნობიერის სფეროდან, დაფარული ძალების წარმოდგენის მიზნით.
14. სინამდვილეში სამყარო წარმოადგენს აზროფორმას, რომელიც პროეცირებულია ღვთაებრივი გონისგან. კაბალისტური ხე იმ სიზმრის სურათს ჰგავს, რომელიც ღმერთის ქვეცნობიერიდან გაჩნდა: იგი განასახიერებს ღვთაების ქვეცნობიერის შემადგენლობას. სხვა სიტყვებით, თუ სამყარო წარმოადგენს ლოგოსის მენტალური აქტივობის ცნობიერად წარმოშობის შედეგს, მაშინ ხე - ესაა ღვთაებრივი ცნობიერების „ნედლი მასალის“ და იმ პროცესების სიმბოლური ინტერპრეტაცია, რომლის მეშვეობითაც სამყარო გაჩნდა.
15. თუმცაღა ხე შეესაბამება არა მხოლოდ მაკროკოსმოსს, არამედ მიკროკოსმოსსაც, რომელიც, როგორც ოკულტისტებს წარმოუდგენიათ, მაკროკოსმოსის მინიატურულ ასლს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზეზითაა შესაძლებელი წინასწარმეტყველებები. ამ მცირედ ცნობილი, არაერთხელ განკიცხული ხელოვნების ფილოსოფიურ საფუძველს წარმოადგენს კავშირების, ანუ მიზეზ-შედეგობრიობის სისტემა, რომელიც ხის სიმბოლოებითაა წარმოდგენილი. ეს შესატყვისობები ადამიანის სამშვინველსა და სამყაროს შორის არ წარმოადგენენ შემთხვევითს, არამედ ჩნდებიან განვითარებადი იგივეობრიობების შედეგად. ცნობიერების გარკვეული ასპექტები განვითარებულ იქნენ, როგორც რეაქციები ევოლუციის განსაზღვრულ ფაზებზე და ამიტომ იგივე პრინციპებს განასახიერებენ; შესაბამისად, ისინი რეაგირებენ იგივე ზემოქმედებებზე. ადამიანის სამშვინველი ყურეს ჰგავს, რომელიც ოკეანესთან ფარული არხითაა დაკავშირებული, თუმცა ყველა გარეგნული ნიშნით იგი გამოყოფილია ზღვისგან დედამიწის ზოლით, მასში არსებული წყლის დონე ოკეანის მიქცევ-მოქცევებთან ერთად იკლებს და იზრდება - ზიარ-ჭურჭელის კანონით. იგივე ეხება ადამიანის ცნობიერებასაც - არსებობს არაცნობიერი კავშირი ყოველი ცალკეული სამშვინველისა - სამყაროს სამშვინველთან, რომელიც ღრმადაა დაფარული არაცნობიერის ყველაზე პირვანდელ სიღრმეებში. შედეგად, ჩვენ ვმონაწილეობთ კოსმიური მიქცევ-მოქცევების მუშაობაში.
16. ყოველი სიმბოლო ხეზე წარმოადგენს კოსმიურ ძალას ანუ ფაქტორს. როცა გონება ხეზე კონცენტრირდება, იგი შეხებაში მოდის შესაბამის ძალასთან. სხვა სიტყვებით, პარალელური არხი - არხი ცნობიერებაში - იქმნება ინდივიდის მაძიებელ გონსა და სამყაროსეული სამშვინველის კონკრეტულ ფაქტორს შორის. სწორედ ამ არხის მეშვეობით აღწევენ ოკეანის წყლები ყურეში. მოსწავლე, რომელიც ხეს მედიტაციის სიმბოლოდ იყენებს, ნაბიჯ-ნაბიჯ ხსნის თავისი სამშვინველის კავშირს სამყაროსეულ სამშვინველთან. ამას მივყავართ ადამიანის სამშვინველში უზარმაზარი ენერგიის მოზღვავებამდე; სწორედ ეს ენერგია ანიჭებს ჩვენს სამშვინველს მაგიურ ძალებს.
17. მაგრამ სწორედ ისევე, როგორც სამყარო უნდა მართოს ღმერთმა, ადამიანის მრავალწახნაგოვანი სამშვინველიც მისმა ღმერთმა - ადამიანის სულმა უნდა მართოს. უმაღლესი მე უნდა უფლობდეს თავის სამყაროზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მასში გაჩნდება გაუწონასწორებელი ძალა; ყოველი ფაქტორი მართული იქნება თავისი საკუთარი ასპექტით, და ყველანი ისინი ერთმანეთთან იომებენ. ეს დაემსგავსება ედომის მეფეთა მმართველობას, რომელთა მეფობაც გაუწონასწორებელი ძალა გახლდათ.
18. ასე შევიცნობთ ხეზე სამყაროსა და ადამიანური სამშვინველის სიმბოლურ სტრუქტურას, ხოლო მათ შესახებ ლეგენდებით, - სამშვინველის ევოლუციისა და განდობის გზის ისტორიას.