თავი მეცხრამეტე - გებურა; მეხუთე სეფირა
სახელწოდება: გებურა. ძალაუფლება. სიმკაცრე. (ებრაული დასახელება: გიმელ. ბეთ. ვაუ. რეშ. ჰეჰ).
მაგიური ხატ-სახე: ძლევამოსილი, საომარ ეტლში დაბრძანებული მეფე.
განლაგება სიცოცხლის ხეზე: სიმძიმის სვეტის ცენტრში.
„სეფერ იეცირას“ ტექსტი: მეხუთე ბილიკს ეწოდება სრულქმნილი გონება, რადგან იგი განასახიერებს ერთობას; ბილიკი ერთიანდება ბინასთან, რომელიც ხოქმას პირველყოფილი სიღრმეებიდან ემანირდება.
აღწერილობითი დასახელებები: დინ -სამართლიანობა. პახად - შიში.
ღმერთის სახელი: ელოჰიმ გიბორი.
მთავარანგელოზი: კამაელი (ან სამაელი).
ანგელოზთა დასი: სერაფიმები -ცეცხლოვანი გველები.
სამყაროსეული ჩაკრა: მადიმი - მარსი.
სულიერი გამოცდილება: ძალაუფლების ხილვა.
სათნოება: სიმამაცე.
მანკიერება: სისასტიკე, განადგურება.
შესაბამისობა მიკროკოსმოსში: მარჯვენა ხელი.
სიმბოლოები: პენტაგონი. ტიუდორების ხუთფურცლოვანი ვარდი. მახვილი. შუბი. მათრახი. ჯაჭვი.
ტაროს სუიტი: ოთხი ხუთიანი.
კვერთხების ხუთიანი: კონფლიქტი, არგუმენტები, უთანხმოება, ოპოზიცია, ტემპერამენტი, პიროვნებების/ეგოებოს შეჯახება, ქაოსი, დაუმორჩილებლობა, კონკურენცია, ადრენალინი, გაღიზიანება.
თასების ხუთიანი: სიამოვნების ნაკლებობა, მწუხარება, მიტოვება, დანაკარგი, მარტოობა, სასოწარკვეთა, სინანული, გლოვა, არასასურველი ცვლილება, დანაკარგზე ფოკუსირება.
ხმლების ხუთიანი: დამარცხება, დანებება, ცვლილება, თავგანწირვა, ღალატი, კომუნიკაციის ნაკლებობა, აგრესია, ბულინგი, ძალადობა, თავდასხმა, საპასუხო დარტყმა, სტრესი, გამოწვევების დაძლევა, მტრობა.
პენტაკლების ხუთიანი: მატერიალური პრობლემა, დროებითი ფინანსური სირთულე, ნეგატიური ცვლილება, განცდა - თითქოს მთელი სამყარო შენს წინააღმდეგაა, ცუდი იღბალი, სიღარიბე, უმუშევრობა, გაკოტრება, გაუცხოება, ავადმყოფობა, გარიყვა, განქორწინება, სკანდალი, სირცხვილი.
ფერი აზილუთში: ფორთოხლისფერი.
ბრიაჰში: მკვეთრი წითელი.
იეცირაში: კაშკაშა წითელი.
ასიაში: წითელი, შავი ტონებით.
I
1. ქრისტიანულ ფილოსოფიაში, ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად გასაგებ და სუსტად განმარტებულ პრობლემას წარმოადგენს იდეა ბოროტების შესახებ; მოცემული საკითხი ყველაზე ნაკლებად ადეკვატურად განიხილება ქრისტიანულ ეთიკაში. ამ თავში საუბარი გვექნება ბოროტებაზე, რომელსაც მეხუთე სეფირა, გებურა განასახიერებს; გებურას დამატებითი ტიტულებია „დინ“ (სამართლიანობა) და „პახად“ (შიში). გებურა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განმარტებული სეფირაა სიცოცხლის ხეზე, მაგრამ ამავდროულად იგი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სეფირად ითვლება. კაბალისტური დოქტრინა ცალსახად ამტკიცებს, რომ ყოველი სეფირა თანაბრად წმინდაა, თუმცა უამრავი ადამიანი მიდრეკილია, რომ გებურა სიცოცხლის ხეზე ბოროტების ასპექტად მიიჩნიოს. პლანეტა მარსი, რომელიც გებურას სამყაროსეული ჩაკრის განსახიერებაა, ასტროლოგიაში აგრესიისა და დესტრუქციის პლანეტად ითვლება.
2. ადეპტები, რომლებიც უხეში და ვიწრო თვალთახედვის მქონე ფილოსოფიურ კონცეფციათა მიღმა იხედებიან, უცილობლად აღმოაჩენენ, რომ გებურა არავითარ შემთხვევაში არ არის აღწერილი როგორც მოწინააღმდეგე ან მტერი, არამედ სიმბოლურად მეფე თავისი ეტლით მიემგზავრება ომში, რათა დაიცვას საკუთარი ხალხი სიმართლის მახვილით და უზრუნველყოს სამართლიანობის აღსრულება. მეოთხე სეფირა, ხესედი, განასახიერებს სამართლიან მეფეს, რომელიც მმართველობს მშვიდობის ხანაში, რის გამოც იგი გვიყვარს; ხოლო გებურა განასახიერებს სამართლიან მეფეს ომის ხანაში, რის გამოც მას პატივს ვცემთ. ბიბლიაში ხშირად საუბარია უფლისადმი შიშის შესახებ, რომელიც ჩვენში სიყვარულისა და პატივისცემის განსხვავებულ ხარისხს აღძრავს. სწორედ მოცემულ ასპექტს ასახავს გებურა, უფლისადმი შიშის ელემენტი, რომელიც ყოველი სიბრძნის დასაწყისია და ჩვენში წარმოქმნის ჯანსაღ პატივისცემას, რაც გვეხმარება დავიცვათ და არ გადავუხვიოთ ჩვენი არსების ჭეშმარიტი და ვიწრო ბილიკისაგან.
3. მოცემულ ფაქტორს, თანამედროვე ქრისტიანული ეთიკა საკმარის წონას არ ანიჭებს; ქრისტიანული საზოგადოება ძალიან მიკერძოებულია წმინდა მეხუთე სეფირას, გებურას მიმართ; ამ მიზეზით, ჩვენთვის საჭიროა დეტალურად განვიხილოთ მისი მნიშვნელობა სიცოცხლის ხესთან მიმართებაში და უნდა განვსაზღვროთ, თუ რა როლს ასრულებს იგი როგორც სულიერ, ასევე სოციალურ ცხოვრებაშიც. გებურა ძალიან ცუდად არის გაგებული, და მისი ნამდვილი ფაქტორის გააზრების არარსებობა ჩვენს ცხოვრებაში მრავალი სირთულის მიზეზს წარმოშობს.
4. გებურას სიმძიმის სვეტზე ცენტრალური პოზიცია უჭირავს; ამიტომ, იგი კატაბოლიზმს, ანუ ძალაუფლების დამანგრეველ ასპექტს წარმოქმნის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კატაბოლიზმი, სასიცოცხლო პროცესის მეტაბოლიზმის განუყოფელი ასპექტია, რომელიც აქტიური ძალის მოქმედებასთანაა შერწყმული. საყოველთაოდ მიღებულია, რომ სიკეთე არის ის, რომელიც კონსტრუქციულია, ხოლო ბოროტება დამანგრეველია; მსგავსი აღქმა და ფილოსოფია ცრუ გაგების შედეგია. მისტიური ფილოსოფიური სწავლების სიღრმეში ჩასვლის შედეგად აღმოვაჩენთ, რომ სიკეთე და ბოროტება რაიმე საგანი კი არ არის, არამედ მოცემული პირობაა. ბოროტება უადგილო ძალაა; იგი დროში არასწორად არის განთავსებული და ხშირ შემთხვევაში სრულიად არაპრაქტიკიულია. როდესაც სიკეთე და ბოროტება პროპორციულად დაუბალანსებელ და უადგილო მდგომარეობაში იმყოფებიან, თვით ჭარბი სიყვარულიც კი გვაქცევს სულელებად და ზედმეტად სენტიმენტალურებად, ხოლო მისი ნაკლებობის გამო სასტიკ და დამანგრეველ ადამიანებად გადავიქცევით. სწორედ ამგვარ საკითხებში დევს ბოროტების საზრისი და არა „პერსონალურ ეშმაკში“, რომელიც თითქოს ადამიანის წინააღმდეგ მოქმედებს.
5. გებურა დამანგრეველი, შიშისა და სიმძიმის მბრძანებელია, რომელიც სიცოცხლის ხეზე ხესედს, სიყვარულის მბრძანებელს და ნეცახს, სილამაზის მბრძანებელს აბალანსებს.
6. ყველაზე რთული სფეროების, სატურნის, მარსის და მატყუარა იესოდის (მთვარის სფერო) ინიციაციები სულიერი ევოლუციისა და წონასწორობის აუცილებელ ეტაპებს წარმოადგენენ, რომელთა უმაღლეს საფეხურსაც ტიფარეტის ცენტრში ჯვარცმის მისტერია წარმოადგენს. თანამედროვე ქრისტიანობის უცოდინრობამ და ცალმხრივმა დამოკიდებულებამ უამრავი უბედურება წარმოშვა; დღევანდელი ქრისტიანობა პასუხისმგებელია უამრავ საკითხზე, რაც არაკეთილსინდისიერად და პათოლოგიურად აისახა როგორც ეროვნულ, ასევე ჩვენს პირად ცხოვრებაშიც. მაგრამ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრისტიანობამ წარმართული სამყარო გამოასწორა, რომელიც სასიკვდილოდ იყო დაავადებული მასში არსებული უამრავი ტოქსინის გამო. ჩვენ გვჭირდება ის, რაც ქრისტიანობას შეუძლია რომ მოგვცეს, მაგრამ, სამწუხაროდ არ შეგვიძლია იმის გარეშეც, რაც მას აკლია. ახლა განვიხილოთ მაკორექტირებელი და სამართლიანი გებურას გავლენა.
7. დინამიური ენერგია ისეთივე აუცილებელია საზოგადოების კეთილდღეობისთვის, როგორც თვინიერება, ქველმოქმედება და მოთმინება. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ელიმინაციური დიეტა დაავადებულში ჯანმრთელობას აღადგენს, ხოლო ჯანმრთელში დაავადებას წარმოქმნის. ზედმეტი ქველმოქმედება სულელის ქმედებაა; ზედმეტი მოთმინება - მშიშარა ადამიანის ნიშანი. რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის სამართლიანი და გონებრივი ბალანსი, რომელიც ყველგან უზრუნველყოფს ჯანმრთელობას, ბედნიერებას და გონიერებას.
8. გებურა განასახიერებს მისტერიების მსხვერპლშეწირულ მსახურს/მღვდელს. აქ მსხვერპლი არ ნიშნავს იმის გაღებას, რაც თქვენთვის ძვირფასია, რადგან ეჭვიანი ღმერთი არ გაანადგურებს მისი ერთგული მიმდევრების ინტერესებს. ეს ნიშნავს მიზანმიმართულ და ღია თვალებით არჩევანს, როდესაც უფრო დიდებული სიკეთე უპირატესია მასზე ნაკლებზე და სპორტსმენი ვარჯიშს ამჯობინებს არაფრის მომცემ სიზარმაცეს. მსხვერპლი ყოველთვის განასახიერებს ძალის გარდაქმნას.
9. მსხვერპლშეწირვის აქტთან დაკავშირებით, არსებობს როგორც ფსიქოლოგიური, ასევე კოსმიური მექანიზმები, რომელიც მას სულიერ ენერგიად გარდაქმნის; ეს სულიერი ენერგია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სხვა მექანიზმებთან დაკავშირებით და იგი ხელახლა ჩნდება ფორმაციის სიბრტყეზე, როგორც იმისგან სრულიად განსხვავბული ძალის ტიპი, რომელიც დაწყებამდე იყო.
10. მაგალითად, მამაკაცმა შეიძლება თავისი ემოციები კარიერულ წინსვლას შესწიროს; ან, ქალმა შეიძლება თავისი კარიერა საკუთარ ემოციებს შესწიროს. როდესაც მსხვერპლშეწირვა ყოველგვარი უხეში გადახვევების გარეშე ხორციელდება, ფსიქიკური ენერგიის უზარმაზარი რაოდენობა გამოიყოფა შესაბამის სფეროში მის გამოსაყენებლად. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ სურვილი დათრგუნულია, არასწორი მსხვერპლი ორივე სამყაროში სავალალო შედეგებს გამოიწვევს. სწორედ აქ გვჭირდება გებურა, რომელიც მღვდელივით ღებულობს მსხვერპლშეწირვას ჩვენი ხელებიდან.
11. ჩვენ ძლიერ გვჭირდება გებურას სპარტანული სათნოებები სენტიმენტალურობისა და ნევროზის ხანაში. რამდენი ტრავმა მოშუშდებოდა, თუ ამ ციურ მკურნალს ჩვენი ჭრილობების მოშუშების საშუალებას მივცემდით.
12. თუკი სამყაროში ძლიერი ხელი სიკეთის სამსახურში არ დგას, ბოროტება ადვილად გამრავლდება. არსებობს დრო და სიტუაცია, სადაც მოთმინება სისუსტეს წარმოადგენს და ასეთ მომენტში დრო უსამართლოდ იკარგება; ასევე, არსებობს სიტუაცია, როდესაც მოწყალება სისულელეა და უდანაშაულო ადამიანი საფრთხის წინაშე ვარდება. ბოროტებისადმი წინააღმდეგობის გაწევის პოლიტიკა, დამაკმაყოფილებლად შესაძლოა მხოლოდ ჯანსაღ საზოგადოებაში გატარდეს; იგი არასოდეს გამოუცდიათ წარმატებით საომარ პირობებში. ბუნებაში, სისხლისფერი ეშვი და კლანჭი გებურას სიმბოლოა; მისი კომპენსატორული ცივილიზაცია არის ხესედი, რომელიც კონსტრუქციულად გარდაქმნის ყველანაირ ძალას, როდესაც ძალაუფლება თავისი განვითარების ფაზაში, გებურას დამანგრეველ ეტაპზე იმყოფება. მაგრამ, თანაბრად უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ცივილიზაცია ბუნებას ეყრდნობა, ისევე როგორც ნებისმიერი შენობა ეყრდნობა საკუთარ საძირკველს.
13. როდესაც თავს იჩენს რამე, რაც საკუთარ სარგებლობას აჭარბებს ან ბალანსის მდგომარეობიდან ზედმეტად გამოდის, გებურა ზედმეტი ტოტების მოსაჭრელად გამოსაყენებელ დანას განასახიერებს; სადაც არ უნდა არსებობდეს ეგოიზმი, იგი ადრე თუ გვიან გებურას ძელზე მიჯაჭვული აღმოჩნდება; სადაც არ უნდა იყოს სუსტებზე ძალადობა ან ძალაუფლების უმოწყალო გამოყენება, ეს არის გებურას მახვილი და არა ხესედის კვერთხი; სადაც ადგილი აქვს ზარმაცობასა და უსინდისობას, გებურას წმინდა უბედურება და განსაცდელი გამოვლინების საჭიროებას მოითხოვს.
14. ეს ყველაფერი ისეთივე აუცილებელია საზოგადოებისა და ინდივიდის ჯანმრთელობისთვის, როგორც ძმური სიყვარული, რომელიც ბევრად უფრო იშვიათად გამოიყენება განკურნებისთვის, ვიდრე შურისძიების მიზნით. ვიღაცამ უნდა შემოუძახოს აგრესორს - "შეჩერდი!" და "გზა განაგრძე!", როდესაც წინსვლას ვიღაც ან რაღაც გზად ეღობება; სწორედ ეს არის მოძღვარი, რომელიც ფუნქციონირებს წმინდა მეხუთეე სეფირას, გებურას სფეროში.
II
15. როდესაც ცხოვრებას დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ცხოვრების სასიცოცხლო პრინციპს რიტმი წარმოადგენს და არა სტაბილურობა. ასეთი სტაბილურობა ველოსიპედზე მსხდომი ადამიანის ბალანსს ჰგავს; იგი ორ საპირისპირო მხარეს შორისაა გაწონასწორებული. შესაძლოა ან მარჯვნივ გადავარდეს, ან მარცხნივ, ამიტომაც, თავისი იმპულსის საშუალებით წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობს.
16. ინდივიდების ცხოვრებაში, ნებისმიერი გარიგებისას, ნებისმიერი დისციპლინირებული ან მაღალორგანიზებული ჯგუფური გონების ურთიერთქმედებაში ჩვენ ვხედავთ გებურასა და გედულას მუდმივ მონაცვლეობას, რომლებიც რიტმული რხევით ახდენენ ერთმანეთზე გავლენას. ნებისმიერმა ინდივიდმა, რომელიც პასუხისმგებელი ყოფილა ორგანიზებული ჯგუფის დისციპლინირებაზე, იცის სადავეების მოშვებისა და დაჭიმვის მუდმივი საჭიროების შესახებ; ორივე მათგანი ხორციელდება სტიმულირებისა და სტაბილურობისათვის. ჯგუფი წინ მიიწევს ინტერესისა და მონდომების იმპულსით, რომელსაც მოდუნებისა და "ტაიმ აუტის" აღების აუცილებლობა მოჰყვება, რადგან, ასეთ დროს გაწეული იმპულსი თავისთავად იხარჯება საკუთარი ძალისხმევით. იმ შემთხვევაში, თუ ზარმაცი მტკიცე ხელის მიერ არ იხელმძღვანელებს, ჯგუფი მარწუხებში მოექცევა და დაუმორჩილებლობის გამო დამარცხდება.
17. ჩვენ გებურასა და გედულას მონაცვლეობასთან დაკავშირებით განსაკუთრებული დაკვირვების საშუალება გვეძლევა ეროვნულ ცხოვრებაში. გავბედავ და ვიწინასწარმეტყველებ, რომ ერი გადის გედულას ფაზას და ნელ-ნელა შედის გებურას ფაზაში. ჩვენ თითქმის ყველგან ვხედავთ გადამეტებულ მოწყალებას, რომელიც ადამიანური ბუნების არასრულყოფილებაზეა დაფუძნებული, ნაცვლად იმისა, რომ აღდგეს თანაბარი სამართლიანობის ბალანსი და აღიკვეთოს ბოროტების გამრავლება. პოლიცია რეორგანიზაციაში უნდა იმყოფბოდეს; მოსამართლეებმა უფრო მკაცრი განაჩენები უნდა გამოიტანონ; სასჯელაღსრულების რეფორმა უნდა შეიცვალოს; ჰუმანიტარებს უკანასკნელი სიტყვა აღარ ეძლევათ. ეროვნული რასის სული ნელ-ნელა შედის გებურას ფაზაში და კარგავს მოთმინებას მისი არასტანდარტული ერთეულების მიმართ.
18. შემდეგი ციკლის მიდრეკილება იქნება ყოველგვარი უვარგისობისა და ზედმეტის გადაგდება და კონცენტრირების მოხდენა საუკეთესო ნაწილების განვითარებაზე. გებურა იქნება უფროსი პარტნიორი და ნებისმიერი შერბილება, რასაც გედულა შემოგვთავაზებს, სამართლიანობის შემოწმებას გაივლის. ეს მეტად აუცილებელი რეფორმაა, რადგან ფაზური უკიდურესობები დროთა განმავლობაში ვითარდება და გედულას ჰუმანიტარიზმი ბორტად არის გამოყენებული, ხანდახან კი ყველანაირ აზრს მოკლებულია და სასაცილოდ ჟღერს.
19. როდესაც ახალი ეტაპი ჯგუფური გონების მასშტაბით შემოდის, იგი ყველაზე ნაკლებად განმანათლებლურია, ყველაზე ხალხმრავალია და სწორედ ამიტომაც, მისი გავლენა ყველაზე ძლიერია; კულტურული საზოგადოებრივი ჯგუფი ყოველთვის ცდილობს თავი შორს დაიჭიროს უკიდურესობებისაგან.
20. ახლა ვისაუბროთ ინიცირებულ ადეპტზე; ადეპტმა იცის, რომ ორივე ფაზას ახასიათებს რიტმული მონაცვლეობა, ამიტომაც, არც ერთ ფაზას არ იღებს ძალიან სერიოზულად და არც კი ფიქრობს, რომ ესა თუ ის მოვლენა არის სამყაროს დასასრული ან მისი ახალი ათასწლეული. ადეპტი ყურადღებას აქცევს, რომ ციკლი საკუთარ გზას ბოლომდე გაივლის, თავდაპირველად ღირებული და აუცილებელი ასპექტებით, ბოლოსკენ კი უკიდურესობამდე სირბილით შესაძლოა დაკავდეს; ექსტრემალური ფაქტების დადგომა ხშირად მიუთითებს რხევის დასასრულს; ასეთ დროს ქანქარა ჩვეულებრივ აბრუნებს საკუთარ მოძრაობას სტაბილურობის ცენტრისკენ. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ხალხის მხედველობა მთლიანად იკარგება და ქანქარა თვითგანადგურებისკენ ისწრაფვის. ამის მაგალითია რომის იმპერია; კართაგენმაც ეს გააკეთა; უახლოეს წარსულში ეს რუსეთმაც გააკეთა; მაგრამ, მაშინაც კი, როდესაც სოციალური ორგანიზაცია იშლება და ქანქარაც კოსმოსში მიფრინავს, რიტმის პრინციპი თანდაყოლილია ყოველგვარ გამოვლენილ არსებობაში და იგი მაინც აღადგენს საკუთარ თავს, როგორც კი ნანგრევებიდან ერთგვარი ორგანიზაცია დაიწყებს წარმოქმნას.
21. ქრისტიანობის დიდი სისუსტე იმაში მდგომარეობს, რომ იგი რიტმს უგულებელყოფს. იგი ღმერთს ეშმაკთან აბალანსებს, ნაცვლად იმისა, რომ ვიშნუ დააბალანსოს შივასთან. ქრისტიანული დუალიზმი წონასწორობის ნაცვლად ანტაგონისტურია, და შესაბამისად, ვერასოდეს გამოვა ფუნქციონალურ მესამედში, რომელშიც ძალაუფლება წონასწორობაში შედის. ქრისტიანობის მიერ დახატული ღმერთი ყოველთვის ერთი და იგივეა და იგი არ ვითარდება განვითარებადი ქმნილების მსგავსად. მთელი ადამიანური გამოცდილება, მთელი ადამიანური ცოდნა ეწინააღმდეგება ალბათობას, რომ ასეთი კონცეფცია ჭეშმარიტი აღმოჩნდეს.
22. ქრისტიანული კონცეფცია სტატიკურია და არა დინამიური. ქრისტიანობა ვერ ხედავს, რომ რახან რაღაც ნივთი კარგია, არ არის აუცილებელი მისი საპირისპირო მხარე მაინცდამაინც ბოროტი იყოს. ქრისტიანობას არ გააჩნია პროპორციის შეგრძნება, რადგან არ აქვს სივრცეში წონასწორობის პრინციპის რეალიზაცია და რიტმის შეგრძნება, რომელიც დროში არსებობს. მაშასადამე, ქრისტიანული იდეალისთვის, ხშირად ნაწილობრივი უფრო დიდია, ვიდრე მთლიანი. თვინიერება, წყალობა, სიწმინდე და სიყვარული არის ქრისტიანული ხასიათის იდეალი, და როგორც ნიცშე ჭეშმარიტად აღნიშნავს, ესენი მონურ სათნოებებს განასახიერებენ. ჩვენს იდეალში უნდა არსებობდეს ადგილი მმართველისა და ლიდერის სათნოებებისთვის, როგორებიცაა გამბედაობა, ენერგია, სამართლიანობა და მთლიანობა. ქრისტიანობას არაფერი აქვს სათქმელი დინამიური სათნოებების შესახებ; შესაბამისად, ისინი, ვინც მსოფლიო დონის საქმეებს აღასრულებენ, ვერ მიჰყვებიან ქრისტიანულ იდეალებს მისი შეზღუდვებისა და პრობლემებისადმი შეუფერებლობის გამო. ქრისტიანებს არ შეუძლიათ შეაფასონ სწორი და არასწორი საკითხები არავითარი სტანდარტის წინააღმდეგ, გარდა საკუთარი თავმოყვარეობისა. ამის შედეგი არის ცივილიზაციის სასაცილო სპექტაკლი, რომელიც ერთგული რჩება ცალმხრივი იდეალის მიმართ და იძულებულია შეინარჩუნოს თავისი იდეალები ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში.
23. ჩვენ გვჭირდება გებურას რეალიზმი, რათა დავაბალანსოთ გედულას იდეალიზმი ისევე, როგორც გვჭირდება სამართლიანობის დამყარება წყალობის გავლენით; ბავშვების აღზრდისა და მათთან მოპყრობის გამოცდილება ამას მალევე გვასწავლის; ბავშვი, რომელიც არასოდეს კონტროლდება, განებივრებულ ბავშვად იქცევა. ახალგაზრდობა, რომელსაც კონკურენციის სტიმული აკლია, გადაღლილ ახალგაზრდობად იქცევა; იგივე ხდება ერებთან მიმართებაშიც; მონოპოლია, რომელიც მოკლებულია კონკურენციის სტიმულს, საბოლოოდ ყოველთვის არაეფექტური გამოდის. არაკონკურენტუნარიანი პროფესიები ყოველთვის განიცდიან ინტელექტუალურ დეგრადაციას.
24. გებურა განასახიერებს ცხოვრების დინამიურ ელემენტს, რომელიც დაბრკოლებების გადალახვის მისიას ასრულებს. ინდივიდი, რომელსაც აკლია მარსიანული გავლენა, ვერასოდეს ერევა ცხოვრების სიძნელეებს. ის, ვინც გებურას კარგად იცნობს, უწყის, რომ სიყვარული არ არის ყველა ცხოვრებისეული პრობლემის გადაწყვეტის გასაღები. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მახვილით შეიარაღებული მეომრის სიყვარული, ისევე როგორც ღვთაებრივი სიყვარულის დაფასება, რომელიც ცივი წყლით სავსე თასს გვაწვდის და გვეუბნება: "მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ გულის სიმშვიდეს. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი მსუბუქი". (მათე 11:28-30).
25. შემაკავშირებელი გამოცდილების მნიშვნელობის გაგების შემდეგ, ადეპტი გებურას პირველ ინიციაციას ღებულობს; ხოლო როდესაც ვისწავლით სიცოხლის დაკარგვას მისი პოვნის მიზნით, გებურას მეორე ინიციაციაც გაგვეხსნება. არსებობს გარკვეული სახის გამბედაობა, რომელსაც არავითარი დაშლისა და რღვევის არ ეშინია, რადგან იცის, რომ ყოველი სულიერი პრინციპი აბსოლუტურად ურღვევია და სანამ სამყაროში არქეტიპები არსებობენ, ყველაფრის აღდგენა შესაძლებელია. გებურა დამანგრეველია მხლოდ იმის მიმართ, რაც დროებითი და წარმავალია; იგი მარადიულობის მსახური სეფირაა. როდესაც გებურას აქტიურობა ყველაფერს დაანგრევს, მარადიული და უსხეულო რეალობები მთელი თავისი დიდებულებით გაანათებენ.
26. თუ გულწრფელები ვიქნებით, გებურა ჩვენი საუკეთესო მეგობარია, რაც კი შეიძლება, რომ გვყავდეს. გულწრფელობას არ უნდა ეშინოდეს გებურას საქმიანობის; გებურა ყველაზე დიდი რამაა, რაც კი გაგვაჩნია სხვების არაგულწრფელობის მიმართ, რადგან გებურას გავლენის ტოლფასი არაფერია როგორც პიროვნული, ასევე მსოფლმხედველობის მსხვრევის თვალსაზრისით.
27. გებურამ და გედულამ ერთობლივად უნდა იმუშაონ, და არასოდეს ერთი მეორის გარეშე. ჩვენ ისევე უნდა ვეთაყვანოთ ბრძოლის ღმერთს, როგორც სიყვარულის ღმერთს, რათა სამყაროში გამოვლენილი საბრძოლო ელემენტის გამო არ დაირღვეს ერთგულება ერთი ღმერთისადმი, რომელიც ბრძანებს: "მე ვარ, რომელიცა ვარ“. არ უნდა დავწყევლოთ მახვილი, როგორც ეშმაკის იარაღი, არამედ უნდა ვაღიაროთ იგი როგორც კურთხეული და სამართლიანი, რათა იგი არასოდეს იქნეს გამოყენებული უსამართლო საქმისთვის. მახვილი ღვთის სამსახურში უნდა იყოს ჩამდგარი; ძლევამოსილმა კამაელმა, გებურას მთავარანგელოზმა, სერაფიმები ბრძოლაში დამღუპველი მრისხანების ნაცვლად ზომიერი და უპიროვნო ღვთის სამსახურით უნდა მიიყვანოს, რათა ბოროტება განიწმინდოს და სიკეთემ გაიმარჯვოს.
III
28. უკვე იმდენი ვისაუბრეთ გებურას ბუნების შესახებ, რომ საკმარისი ადგილი არ გვრჩება მისი ატრიბუტკის აღსაწერად.
29. "სეფერ იეცირას" ტექსტი გვეუბნება, რომ მეხუთე ბილიკს ეწოდება სრულქმნილი გონება, რადგან იგი განასახიერებს ერთობას. ერთობა არის ერთ-ერთი ტიტული, რომელიც სეფირა კეტერის აღსაწერად გამოიყენება; შეიძლება ითქვას, რომ გებურა კეტერის მსგავსია, მაგრამ შედარებით ქვედა შკალაზე. არსებობს რამდენიმე სეფირა, რომელიც ამის მსგავსად არის მოხსენიებული იეცირატულ ტექსტში და მოცემული ცნობები ძალიან მნიშვნელოვანია სეფირათა ბუნების გასაგებად. ხოქმა აღწერილია, როგორც ბრწყინვალე ერთობა. ბინას შესახებ ნათქვამია, რომ მისი ფესვები "ამინ"-ში იმყოფება, რაც კეტერის კიდევ ერთი ტიტულია.
30. გებურა უაღრესად დინამიური სეფირაა და მისი ენერგია ჭარბად ვლინდება სამყაროში; გებურას ფორმა და ენერგიულობა მჭიდრო ანალოგს იძლევა კეტერის გადაჭარბებულ და ყოვლისმომცველ ძალაუფლებასთან, რომელიც ყველა გამოვლინების საფუძველია. იეცირას ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ ბილიკი ერთიანდება ბინასთან; ასტროლოგიურად ბინას სეფირას პლანეტა სატურნი შეესაბამება, რომელიც მისი სამყაროსეული ჩაკრაა, ხოლო გებურას შემთხვევაში იგივე როლს პლანეტა მარსი ასრულებს; ასტროლოგიაში მათ დიდსა და მცირე უბედურებად მოიხსენიებენ; ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ორ სფეროს შორის უფრო ღრმა კავშირია, ვიდრე ზედაპირული.
31. ბინას უწოდებენ სიკვდილის მომნიჭებელს, რადგან ეს სეფირა ფორმას აძლევს პირველყოფილ ქმნილებას, რისი მეშვეობითაც ბინას ძალაუფლება სტატიკური ხდება; გებურას უწოდებენ გამანადგურებელს, რადგან ცეცხლოვანი მარსის ძალაუფლება ანგრევს და ანადგურებს ნებისმიერი სახის ფორმას. ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ ბინა სამუდამოდ აფორმირებს პირველყოფილი ძალის იმპულსს, ხოლო გებურა სამუდამოდ ანადგურებს ფორმას.
32. უნდა გავიაზროთ, რომ გებურას ძალაუფლება მოქმედებაში მხოლოდ მაშინ ერთვება, როდესაც დამცავი და შემნარჩუნებელი ხესედის გავლენა ჩერდება; ამის შედეგად გებურას ეძლევა ძალაუფლება, თავისუფლად დაანგრიოს ბინას მიერ აშენებული ფორმები. ემანაციის გზაზე, ბინასა და გებურას შორის ხესედის ფორმაციის ეტაპი არსებობს. გებურა განსახიერებს ბინას მაკორექტირებელ საშუალებას, რომლის გარეშეც ბინა მთელს ქმნილებას სიმძიმისა და სიმკაცრის კლანჭებში მოაქცევდა. არცერთი სეფირა არ არის მთლიანად და სუფთად ერთი სახის ძალაუფლების გამოვლინება; თითოეული წარმოიქმნება საპირისპირო პოლარობის სეფირასაგან და პოლარული სეფირები მუდმივად ერთობლივად მოქმედებენ.
33. მანიფესტაციის თანმიმდევრული ფაზები და სიბრტყეები შეგვიძლია შევადაროთ მდინარის თანმიმდევრულ მონაკვეთებს. მდინარე იწყება მთის ყინულოვანი ნაკადისაგან; მომდევნო ეტაპს წარმოადგენს ძლიერი დინება და ჩანჩქერები; შემდეგ მოდის წყლის დინება და სიმშვიდე; და ბოლოს, დიდი წყალგამტარი ნავსადგური, რომელშიც გემები მოძრაობენ. მდინარის სხვადასხვა მონაკვეთი მუდმივობას ინარჩუნებს; თითოეული წყლის ეტაპი მუდმივ ფაზაში იმყოფება; გამჭვირვალე და ცივი ზედა ნაწილში, ხოლო მინარევებით დატვირთული და ჭუჭყიანი ქვედა ნაწილში. ამავდროულად, თავად წყალი არ არის მუდმივი, რადგან იგი ერთ ადგილას არასდროს ჩერდება. წყლის ყოველი ნაკადი უწყვეტ კომუნიკაციაში იმყოფება ერთი-მეორესთან; კაბალისტურ ენაზე რომ ვთქვათ, ისინი "ემანირებენ" ერთმანეთს. მაგრამ, წყალი ცვლის საკუთარი ბუნების პროგრესირებას, რაგდან იგი ახალ ეტაპზე ახლებურ გამოცდილებას განიცდის - კრისტალური წყლიდან, ამღვრეულ წყლებამდე.
34. ასე რომ, კეტერის პირველყოფილი ემანაცია თანდათანობით იცვლება კოსმიური მდინარის ყოველ სეფიროტულ ემანაციაში; სეფიროტული სფეროები მუდმივობას ინარჩუნებენ; მხოლოდ გამოსხივების ნაკადი განიცდის მოდიფიკაციას თითოეულ სფეროში.
35. გებურასადმი მინიჭებული ტიტულებია ძალაუფლება, სიმკაცრე, შიში და სამართლიანობა. თავად ტიტულებიც კი მეტყველებენ ამ სეფირას ორმაგ ასპექტზე. რაც უფრო დაბლა ჩავდივართ სეფიროტულ სფეროებში, უფრო და უფრო ნათლად ვხედავთ, რომ ყოველი სეფირა ორ ბუნებოვანია და მისი მიდრეკილება ბალანსთან ერთად გაუწონასწორებელ და გადაჭარბებულ ძალასაც შეიცავს.
36. გებურას მაგიურ ხატ-სახეს წარმოადგენს ძლევამოსილი, საომარ ეტლში დაბრძანებული, გვირგვინოსანი და შეიარაღებული მეფე, რომელიც სეფირას დინამიურ ძალაზე მიუთითებს. ცეცხლოვანი მარსის სამყაროსეული ჩაკრა კიდევ უფრო სრულად გამოხატავს იგივე თვალსაზრისს.
37. გებურას სეფირაში ინიციაციის შედეგად მიღებული სულიერი გამოცდილება არის ძალაუფლების ხილვა. მხოლოდ ამ საფეხურის ინიციაციის მიღების შემდეგ ხდება ადეპტი "ადეპტუს მაჟორი". ძალაუფლების სწორად მართვა და მისი მართებულად გამოყენება ერთ-ერთი უდიდესი გამოცდაა, რაც კი შეიძლება რომ ნებისმიერ ადამიანს დაეკისროს. პროგრესის მოცემულ მომენტამდე ინიცირებული სწავლობს გაკვეთილებს დისციპლინის, კონტროლისა და სტაბილურობის შესახებ; აქ გადის ზღვარი მდგომარებასთან, რომელსაც ნიცშე მონურ მორალს უწოდებს; ეს ძალზე აუცილებელი დისციპლინაა არაგენერირებული ადამიანური ბუნებისათვის, რომელიც ასე ამაყობს თავისი ამპარტავნებით. თუმცა, "ადეპტუს მაჟორის" წოდების მიღების შემდეგ, ინიცირებულმა უნდა შეიძინოს ზეადამიანის სათნოებები და უნდა ისწავლოს ძალაუფლების სწორად გამოყენება იმის ნაცვლად, რომ თავად იქნეს დამორჩილებული ძალაუფლების მიერ. მაგრამ, ასეც რომ იყოს, ადეპტი არ არის მბრძანებელი, არამედ იგი მოცემული ძალის მსახურია, რომელსაც იმისთვის ფლობს, რომ განახორციელოს მისი მიზნები და არა საკუთარი; მიუხედავად იმისა, რომ იგი აღარ არის პასუხისმგებელი მის გარშემო არსებული ადამიანების წინაშე, იგი პასუხისმგებელია ზეცისა და მიწის წინაშე და ადეპტს მოეთხოვება ანგარიში გაუწიოს ძალაუფლებას, რომელსაც ატარებს.
38. შედეგად გვაქვს უდიდესი თავისუფლება; მაგრამ, ამავდროულად დიდი დატვირთვაც. ადეპტს ამ საფეხურზე შეუძლია ძალაუფლების სიტყვის წარმოთქმით დააწყნაროს მძვინვარე ქარი, მაგრამ იგი მზად უნდა იყოს მომავალი გრიგალის გასამკლავებლადაც. ეს არის საკითხი, რომელსაც დამწყები მაგი ყოველთვის ვერ ხვდება.
39. მარსის სათნოებას წარმოადგენს ენერგია და გამბედაობა, ხოლო სისასტიკე და განადგურება მისი მანკიერებებია. განმარტებას არ საჭიროებს, რომ მანკიერება თვითგამოხატვის და ძალაუფლების გადაჭარბების შემთხვევაში ვლინდება.
40. მარსი-გებურასადმი მინიჭებულ სიმბოლოებს გარკვეული განმარტება სჭიდება, თუმცა, მათი მნიშვნელობა ერთი შეხედვით არ მჟღავნდება ხოლმე.
41. სხვადასხვა პლანეტებს ერთმანეთისგან განსხვავებული გეომეტრიული სიმბოლოები და ფიგურები ენიჭებათ. ასეთი ფიგურები ან თილისმები გამოიყენება რიტუალების დროს, რომლებიც პლანეტარულ ძალებთან არიან დაკავშირებულნი. სატურნი, რომელიც მზის სისტემის ევოლუციურ დროში ყველაზე ძველ პლანეტად ითვლება, გამოისახება უმარტივესი ორგანზომილებიანი ფიგურით, სამკუთხედით. ხესედის დაბალანსებული სტაბილურობა ღებულობს ოთხმხრივი ფიგურის, კვადრატის სიმბოლოს; მესამე პლანეტარულ სეფირას, გებურას, მინიჭებული აქვს ხუთკუთხედი. ციფრი ხუთიანი კაბალისტურ სისტემაში მარსიანულ ციფრად ითვლება. შესაბამისად, ხუთკუთხედი, ანუ პენტაგონი, მარსიანული სიმბოლოა. ხუთ-ფურცლოვანი ტიუდორების ვარდი, რომელიც მარსის კიდევ ერთი სიმბოლოა, მეტ განმარტებას მოითხოვს; მითოლოგიაში გავიხსენოთ მარსსა და ვენერას შორის არსებული ინტიმური კავშირი; ვარდი არის ვენერასეული ყვავილი; თუ ამას გავითვალისწინებთ, შესაძლოა მივიღოთ მინიშნება სიმბოლოს მნიშვნელობის შესახებ.
42. მახვილი, შუბი და ჯაჭვი ასევე წარმოადგენს მარსიანულ სიმბოლოებს.
43. ტაროს სუიტის ოთხივე ხუთიანი ბოროტეულ არკანებს წარმოადგენენ. ხმლების ხუთიანი, რომელიც მარსის გავლენის ქვეშ იმყოფება, დაპირისპირებისა და ორთაბრძოლის ენერგიას ატარებს. ხმლების სუიტის საუკეთესო ასპექტს წარმოადგენს ხმლების ოთხიანი და ექვსიანი - "კონფლიქტისგან დასვენება" და "წარმატება ბრძოლის შემდეგ". ხმლების ხუთიანში ასახულია რამდენიმე ასპექტი, რომელიც შეიძლება იყოს გამარჯვება ყველაფრის ფასად, დამარცხება ყველაფრის მიუხედავად ან ბრძოლის დასასრული, სადაც გამარჯვებული არც ერთი მხარე არ არის.
44. გებურას ინიციაციის მიღება დამოკიდებულია უნარზე, თუ როგორ გაუმკლავდება ადამიანი მარსის ძალაუფლებას; მასთან გამკლავება კი თვითდისციპლინის და გამძლეობის ხარისხზეა დამოკიდებული, რომელსაც ადამიანმა საკუთარ არსებაში უნდა მიაღწიოს.
45. გებურა დანარჩენ სეფირებს შორის ყველაზე ძლიერი და დინამიური სეფირაა, მაგრამ ამავდროულად იგი უაღრესად დისციპლინირებულია. მაგალითად, მარსიანული სამხედრო დისციპლინა, რომელსაც ომის ღმერთი, ელოჰიმ გიბორი ხელმძღვანელობს, ყველაზე მკაცრი სახის კონტროლის სინონიმია, რომელიც შეიძლება რომ ადამიანზე დაწესდეს. გებურას დისციპლინა მის ენერგიას ზუსტად უნდა უტოლდებოდეს; გებურას დისციპლინა სამყაროსეული საიდუმლოების ერთ-ერთი გამოცდაა. ჩვენ ვსაუბრობთ რკინის დისციპლინაზე; რკინა მარსიანული ლითონია.
46. გებურას სეფირაზე ინიცირებული ადეპტი ძალიან დინამიური და ძლევამოსილი ადამიანია, მაგრამ ამავდროულად ძალიან კონტროლირებადიც. კარგად ცნობილი ფაქტია, რომ სპორტულ მოედანზე (რომელიც ომის ასპექტის "თამაშის" მოდელია) ტემპერამენტის დაკარგვა შედეგად წაგებას იწვევს. მოკრივემ იცის, რომ თუ ორთაბრძოლის დროს ძალიან გაბრაზდება, ძალები მის წინააღმდეგ განეწყობიან და გამარჯვების შანსიც მცირდება. ინიცირებული მარსის ადეპტი ბედნიერი მეომარია, რომელმაც ტიფარეტის საფეხურის გავლის შედეგად აბსოლუტური წონასწორობა მოიპოვა.
47. გებურას ჭეშმარიტი მეომარი ბოროტების გარეშე იბრძვის; იგი დაინდობს სუსტებს და დაჭრილებს. ასეთი მეომარი კანონის განადგურებისკენ კი არ ისწრაფვის, არამედ მისი სათანადოდ აღსრულებისკენ. იგი ამარცხებს ქლიფოთის ორთავიან გიგანტს, თაუმიელს, მათ თავებს ერთმანეთთან ახეთქებს და ამბობს: "ჭირი ორივე თქვენგანის სახლებს! შეინარჩუნეთ ღვთის მშვიდობა, თორემ თქვენთვისვე იქნება უარესი!".
48. როდესაც სული განვითარების ისეთ საფეხურზე აღწევს, როდესაც ჭეშმარიტ სწავლას მხოლოდ ცხოვრებისეული გამოცდილებით ღებულობს, გებურაში იგი დაინახავს, რომ არ უნდა იყოს იმედგაცრუებული, როდესაც უბედურებასა და განსაცდელს შეხვდება. გებურა დაჭრილთა დიადი ინიციატორია.