თავი მეორე - გზის არჩევა
თავი მეორე - გზის არჩევა
1. ვერცერთი მოსწავლე, რომელიც სწავლების სისტემებს იცვლის, ვერასოდეს მიაღწევს მკაფიო პროგრესს სულიერ განვითარებაში. ასეთი ადამიანები თავიდან ახალებული აზრობრივი აფირმაციების მომხრეები ხდებიან, შემდეგ იოგური სუნთქვითი ვარჯიშების და მედიტაციური პოზების ათვისებას იწყებენ, შემდეგ კი მისტიურ ლოცვებში ცდიან საკუთარ თავს. ყოველი ეს სისტემა თავისთავად ფასეულია, მაგრამ ეს ფასეულობა შესაძლოა გაცნობიერებულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პირველ რიგში ადამიანი ღრმად შევა რომელიმე სისტემაში. ყველა სისტემა უბრალოდ ავარჯიშებს ცნობიერებას და ხელს უწყობს გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას. სწორედ ამაში მდგომარეობს მათი მნიშვნელობა, და არა თავად სავარჯიშოებში, რომლებიც თვითმიზნად არ უნდა იქცეს. თუ ჩვენი მიზანია, რომ სერიოზულად დავკავდეთ ოკულტური კვლევებით და უფრო მეტი დატვირთვა მივანიჭოთ მას, ვიდრე ფრაგმენტარული მსუბუქი კითხვაა, მაშინ უნდა ავირჩიოთ ჩვენთვის შესაფერისი სისტემა და ერთგულად მივყვეთ მას მანამ, სანამ არ მივაღწევთ თუ საბოლოო მიზანს არა, რაღაც პრაქტიკულ შედეგებს მაინც - ცნობიერების უწყვეტი გაფართოების ფონზე. მხოლოდ ამის შემდეგაა სასარგებლო, ექსპერიმენტების ჩატარება იმ მეთოდებთან, რომლებიც სხვა ინიციაციურ სისტემებშია შემუშავებული, და მათი მეშვეობით შევძლებთ მივაღწიოთ ტექნიკისა და ფილოსოფიის ერთგვარ შენადნობს. ის, ვინც რომელიღაც ერთ ასპექტში მაინც ვერ აღწევს მაღალ დონეს, რისკავს, რომ სამუდამოდ დილეტანტად დარჩება.
2. ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც სულიერი განვითარების სხვადასხვა მეთოდებს პრაქტიკაში იყენებს, იცის, რომ ყოველი მათგანი უნდა შეესაბამებოდეს მის ფსიქოლოგიურ ტიპს და თავისი განვითარების საერთო დონეს. დასავლელი ადამიანები, განსაკუთრებით ისინი, ვინც მისტიკაში ოკულტურ გზას ირჩევენ, ხშირად იწყებენ განდობის ძიებას სულიერი განვითარების ისეთ დონეზე, რომელსაც აღმოსავლელი გურუ შეაფასებდა, როგორც სრულიად არაადეკვატურ საფეხურს. შესაბამისად, მეთოდი, რომელსაც პრეტენზია აქვს დასავლელი ადამიანისთვის მისაწვდომობაზე, აუცილებლად უნდა მოიცავდეს ტექნიკის ნულოვან დონეს, რომლის ათვისებაც პირველი საფეხურის სახით სირთულეს არ წარმოადგენს ყველაზე განუვითარებელი მოსწავლეებისთვისაც კი. შემთხვევეათა გაცილებით დიდ რაოდენობაში, უსარგებლოა ასეთი ნეოფიტებისთვის იმის შეთავაზება, რომ დაუყოვნებლივ ავიდნენ მეტაფიზიკურ სიმაღლეებამდე, რადგანაც ასეთი ნულოვანი საფეხურის გარეშე მეცადინეობებსაც კი ვერ შეუდგებიან.
3. ინიციაციის სისტემის დასავლეთში გამოყენების მიზნით, სულიერი განვითარების ნებისმიერი სისტემა უნდა პასუხობდეს რამდენიმე სრულიად განსაზღვრულ მოთხოვნას. პირველ რიგში, მისი საწყისი ტექნიკა იოლად უნდა აღიქმებოდეს რაციონალური გონების მიერ, რომელსაც მისტიკის ნატამალიც არ გააჩნია. მეორე მეთოდი, რომელიც ცნობიერების მაღალი ჰორიზონტების განვითარებისთვის გამოიყენება, საკმარისად მძლავრი და დატვირთული უნდა იყოს, რათა შეაღწიოს ჩვეულებრივი დასავლეთელი ადამიანის შედარებით უფრო სქელ გარსში, რომელიც საეროდ არ ატარებს ნატიფ ვიბრაციებს. მესამე, რამდენადაც ევროპელები უპირატესობას მატერიალურ სიკეთეებს ანიჭებენ, და მხოლოდ მათი მცირე ნაწილია მიდრეკილი განდეგილური ცხოვრებისკენ, შეთავაზებული მეთოდები არ უნდა გახდეს ტვირთი თანამედროვე ადამიანებისთვის, რომლებიც გზის დასაწყისში ვარჯიშებს მხოლოდ მცირე დროს დაუთმობენ, ისიც თავიანთი ჩვეულებრივი საქმეების ხარჯზე. ადეპტები უნდა დაეუფლონ ტექნიკას, რომელიც საშუალებას მისცემს მათ - იოლად კონცენტრირდნენ და ასევე იოლად მოდუნდნენ, რადგანაც ევროპული ქალაქის აურზაურში შეუძლებელია მაღალი ფსიქიკური დაძაბულობის საჭირო დროით უწყვტად შენარჩუნება. გამოცდილება აჩვენებს, რომ ფსიქიკური განვითარების იმ მეთოდებს, რომლებიც განდეგილისთვისაა ეფექტური, მხოლოდ ნევროზულ მდგომარეობამდე და ნერვულ აშლილობამდე მიჰყავთ ადამიანები, რომლებიც ამ მეთოდებს თანამედროვე ცივილიზაციის დატვირთულობის და დაძაბულობის პირობებში აპრაქტიკებენ.
4. "მით უარესი ჩვენთვის", — შესაძლოა თქვან მათ, ვინც ჩვენი დასავლური ცხოვრების სტილის შეცვლის მომხრეა. პირადად მე, საერთოდ არ ვთვლი, რომ ჩვენი ცივილიზაცია სრულყოფილია და სიბრძნე ჩვენთან ერთად გაჩნდა ან ჩვენთან ერთად მოკვდება, მაგრამ ასე წარმომიდგენია, რომ თუ ჩვენმა კარმამ (ანუ ბედმა) გარკვეულ სხეულში მოგვავლინა, გარკვეული ფსიქოლოგიური სტრუქტურითა და რასობრივი მახასიათებლებით, მაშინ მოცემული განსხეულებისთვის ეს სწორედ ისაა, რაც გვჭირდება. ვერანაირად ვერ დავაჩქარებთ ჩვენს ევოლუციას, თუკი კარმის უფალთა გადაწყვეტილების გასაჩივრებას ვეცდებით. იმდენი სულიერების მაძიებელი მინახავს, რომლებიც ცდილობდნენ ცხოვრებისეულ პრობლემებს გაქცეოდნენ, რომ უნდობლობით ვარ განწყობილი ნებისმიერი სისტემისადმი, რომელიც რასობრივი ეგრეგორიდან გასვლას გულისხმობს. არ მხიბლავს ასევე „განდობის“ ისეთი ფორმები, რომლებიც ვლინდება ეპატაჟურ ტანსაცმელში, ვარცხნილობაში ან ქცევაში, ან რაიმეს მოცილებაში, მაგალითად თმების. ჭეშმარიტი სულიერება არასოდეს ახდენს საკუთარი თავის ამ სახით რეკლამირებას.
5. დასავლეთის რასობრივი დჰარმა მდგომარეობს უხეში მატერიის დაუფლებაში. ამის გაცნობიერება საშუალებას მოგცემთ ახსნათ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არსებული ურთიერთობის მრავალი პრობლემა. იმისთვის, რომ უხეშ მატერიას დავეუფლოთ და პრაქტიკული გონების აუცილებელ დონეს მივაღწიოთ, ჩვენი რასობრივი მემკვიდრეობის სახით ფიზიკური კონსტიტუციის და ნერვული სისტემის გარკვეული ტიპი გაგვაჩნია, - ზუსტად ისევე, როგორც სხვა რასებმა (მაგალითად, მონღოლოიდურმა, ნეგროიდულმა) მემკვიდრეობად სხვა შესაძლებლობები მიიღეს.
6. არაგონივრულია ფსიქო-ფიზიკური ორგანიზაციის განსაზღვრული ტიპისთვის განვითარების იმ მეთოდების გამოყენება, რომლებიც სხვა ტიპისთვისაა განკუთვნილი; ისინი ან არ მოგვცემენ ადექვატურ შედეგებს, ან გაუთვალისწინებელ და შესაძლოა არასასურველ შედეგებამდე მიგვიყვანენ. ავტორი შორსაა აღმოსავლური მეთოდების განკითხვისგან, ან დასავლეთის ადამიანის კონსტიტუციური აღანაგობის კრიტიკისგან, უბრალოდ შეგახსენებთ ძველ ანდაზას: "რაც ერთისთვის საკვებია, მეორესთვის შხამია".
7. დასავლეთის დჰარმა განსხვავდება აღმოსავლეთის დჰარმასგან; ნუთუ ღირს, რომ აღმოსავლეთის იდეალები დასავლეთში დავნერგოთ? მაშ, ნუ მოვწყდებით პროგრესის სახელით მიწას. დასავლეთის ნორმალურ, ჯანმრთელ ადამიანს არ აქვს სურვილი, რომ გაექცეს ცხოვრებას - პირიქით, ცდილობს დაეუფლოს მას, წესრიგსა და ჰარმონიაში მოიყვანოს. მხოლოდ პათოლოგიურ ტიპებს სურთ „შუაღამეს ტანჯვის გარეშე გაქრობა“, დაბადებისა და სიკვდილის წრე-ბრუნვისგან განთავისუფლება; ნორმალური დასავლური ტემპერამენტი მოითხოვს: „სიცოცხლეს, მეტ სიცოცხლეს“.
8. სასიცოცხლო ძალის კონცენტრაცია - აი, რის მიღწევას ცდილობს დასავლელი ოკულტისტი თავის რიტუალებში. იგი არ გარბის მატერიისგან სულიერი სფეროებისკენ, მისი დაუფლების უუნარობასთან შეგუებული; პირიქით, იგი ცდილობს, რომ ერთგვარად დაამიწოს ღვთაებრივი ადამიანურ დონეზე და დანერგოს ღვთაებრივი კანონი აჩრდილების სამეფოშიც კი. ეს მოტივი - მთავარი ასპექტია "მარჯვენა ხელის გზის" ოკულტური შესაძლებლობების მოპოვების გზაზე; და ეს ხსნის, თუ რატომ არ ამბობს განდობილი უარს ყველაფერზე ღვთაებრივი კავშირის მოპოვებისთვის, ამის ნაცვლად, იგი ახდენს თეთრი მაგიის კულტივირებას.
9. სწორედ მაღალი მიზნების მისაღწევად არსებული თეთრი მაგიის მეშვეობით ხორციელდება ძირითადად დასავლელი მოსწავლის სწავლება და განვითარება. მე მრავალ სხვადასხვა სისტემას ვიცნობ, მაგრამ ჩემი აზრით, ადამიანი, რომელიც ცდილობს რიტუალის გარეშე გავიდეს ფონს, ბევრს კარგავს. დასავლეთისთვის მხოლოდ მედიტაციის გზით განვითარება საკმაოდ ნელი პროცესია, რადგანაც დასავლური გონების მკვრივი მატერია და ის სულიერი ატმოსფერო, რომელშიც უნდა ჩატარდეს მედიტაციური სამუშაო - ძლიერ წინააღმდეგობას გვიწევენ. დასავლური იოგას ერთადერთ სუფთა მედიტაციურ სკოლას "კვაკერები" წარმოადგენენ, და ვფიქრობ ისინი დამეთანხმებიან, რომ მათი გზა მხოლოდ რჩეულთათვისაა; კათოლიკური ეკლესია აერთიანებს მანტრა-იოგას საკუთარ ბჰაქტი-იოგასთან.
10. სწორედ ფორმულების წყალობით ახდენს ოკულტისტი იმ ძალების არჩევას და კონცენტრაციას, რომლებთან მუშაობასაც აპირებს. ყველა ეს ფორმულა დაფუძნებულია სიცოცხლის ხის კაბალისტურ დიაგრამაზე, და რა სისტემაც არ უნდა გამოიყენოს ოკულტისტმა - მოუხმოს ეგვიპტურ ღმერთებს თუ ჩაიძიროს ვაკჰური ნაკადის შთაგონებაში ცეკვებისა და სიმღერების მეშვეობით, - თავისი ცნობიერების უკანა პლანზე მას უცვლელად უკავია სიცოცხლის ხის დიაგრამა. დასავლეთის ოკულტურ საზოგადოებებში სიცოცხლის ხის სიმბოლიზმის შესწავლას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, რადგანაც იგი საფუძველს წარმოადგენს ყველა სისტემის კლასიფიკაციისთვის. სხივი, რომელთანაც დასავლელი მოსწავლე მუშაობს, თავს ავლენს მრავალ სხვა კულტურაში, და ყოველ ამ კულტურას თავისი ტექნიკა აქვს მასთან სამუშაოდ. თანამედროვე ოკულტისტი კომბინირებას უკეთებს სხვადასხვა ტექნიკებს და არცთუ იშვიათად იყენებს ეგვიპტელების, ბერძნებისა და დრუიდების მეთოდებსაც კი იქ, სადაც ისინი საუკეთესოდ შეესაბამება განსაზღვრულ მიზნებს და პირობებს. თუმცაღა, ყველა შემთხვევაში, პრაქტიკოსის მოქმედებები მჭიდროდაა დაკავშირებული სიცოცხლის ხის იმ გზებთან, რომლებსაც იგი დაეუფლა. თუ მოსწავლე სეფირ ნეცახის დონეზე იმყოფება, მას შეუძლია იმუშაოს მასთან შესატყვისი ღვთაებრიობის ასპექტის ძალის გამოვლინებასთან (რომელსაც კაბალისტები სახელად ტეტრაგრამატონ ელოჰიმს უწოდებენ) ნებისმიერ სისტემაში, რომლის არჩევასაც მოისურვებს. ეგვიპტურ სისტემაში ეს იქნება იზიდა - ბუნების ქალ-ღმერთი; ბერძნულში - აფროდიტე; ჩრდილოელებში - ფრეია; დრუიდულში - კერიდვენი. სხვა სიტყვებით, იგი ეუფლება ვენერას სფეროს ძალებს ნებისმიერ ტრადიციულ სისტემაში, რომელსაც იყენებს. როდესაც გარკვეულ დონეს აღწევს ერთ სისტემაში, იგი წვდომას იღებს მისი ტრადიციის ყველა სხვა სისტემის ექვივალენტურ დონეზე.
11. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, კაბალა უზრუნველჰყოფს მშვენიერ საფუძველს და წარმოადგენს საუკეთესო სისტემას მოსწავლისთვის, სანამ იგი წარმართულ სისტემებთან დაიწყებს ექსპერიმენტებს. კაბალა თავისი არსით მონოთეისტურია; პოტენციალები, რომლებსაც იგი იძლევა, ყოველთვის განიხილებიან, როგორც თავად ღმერთის გზავნილები. კოსმოსის ცენტრალიზებული ძალაუფლების და ღვთაებრივი კანონის ყველაფერზე უფლობის კონცეფცია - ყველაზე მთავარია ნებისმიერის ცნობიერებაში, ვინც არკანების ძალებს შეისწავლის. სწორედ კაბალისტური ცნებების სიწმინდე, ლოგიკურობა და სიცხადე, შეჯამებული სიცოცხლის ხის ფორმულით, ქმნის ამ გლიფს, ანუ შემადგენელ სიმბოლოს ისეთ შესანიშნავ ობიექტად მედიტაციისთვის, რომ კაბალას დასავლურ იოგად წარმოგვიდგენს.