თავი მეცხრე - ათი სეფიროტი ოთხ სამყაროში

თავი მეცხრე - ათი სეფიროტი ოთხ სამყაროში

(ამ თავიდან თარგმნა განაგრძო დავით ჯანგველაძემ)
 
 1. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ კაბალისტების მიერ ოთხ სამყაროდ დაყოფილი სეფიროტები, რადგან ეს არის კლასიფიკაციის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ხშირად გამოიყენება კაბალისტურ აზროვნებაში და ევოლუციის შესწავლისას ამას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. უნდა გვახსოვდეს, რომ სიცოცხლის ხე არ წარმოადგენს კლასიფიკაციის თვითნებურ მეთოდს; თუნდაც იმიტომ, რომ რაღაც საკითხი ერთი იდეის ქვეშ კლასიფიცირებულია ერთ სისტემაში, არ ნიშნავს რომ იგი იდენტურად იქნება კლასიფიცირებული სხვა იდეის ქვეშ და სხვა სისტემაში. ერთი და იგივე სიმბოლოს გამოჩენა განსხვავებულ სფეროში, ხშირად იძლევა ღირებულ მინიშნებებს, რომლებიც ყურადღებას იმსახურებენ. 
 
  2. კლასიფიკაციის სხვა მეთოდს წარმოადგენს ათი წმინდა სეფიროტის თითოეულ კაბალისტურ სამყაროში გამოჩენა, მანიფესტაციის დონის შესაბამისად. ისევე როგორც აინ სოფ აური, ანუ დაფარული უსაზღვრო სინათლე, - რომელიც კეტერშია კონცენტრირებული, სიმკვრივის ხარისხის გაზრდის გზით ამცირებს საკუთარი გამოსხივების ხარისხს მალქუთამდე. ასე რომ, აზილუთის მალქუთი ჩაფიქრებულია, როგორც ბრიაჰის კეტერის  წარმოშობის წერტილი, ხოლო უფრო ქვემოთ, ბრიაჰის მალქუთი არის იეცირას კეტერის საწყისი წერტილი. იეცირას მალქუთი საწყისს აძლევს ასიას კეტერს, რომელიც თავის ყველაზე დაბალ ასპექტში, ქლიფოთს ესაზღვრება. 
 
  3. თუმცა, სწორედ აზილუთი ითვლება სეფიროტების ბუნებრივ სფეროდ და ზუსტად ამ მიზეზის გამო უწოდებენ მას ემანაციებისა და არქეტიპების სამყაროს. აქ, და მხოლოდ აქ მოქმედებს ღმერთი საკუთარი ქმედებით და არა მისი მსახურების დახმარებით. ბრიაჰში იგი მოქმედებს მთავარანგელოზთა შუამავლობით, იეცირაში ანგელოზთა დასის მეშვეობით, ხოლო ასიაში იმ ცენტრებით, რომელთაც მე სამყაროსეულ ჩაკრებს ვუწოდებ, ესენია: პლანეტები, ელემენტები და ზოდიაქალური ნიშნები. 
 
  4. მაშასადამე, სიმბოლოთა ამ ოთხ კომპლექტში ჩვენ გვაქვს ნებისმიერი ძალის ფუნქციონირების სრული სისტემა - ნებისმიერ დონეზე. მოცემული ასპექტი, ცერემონიული მაგიის საფუძველს წარმოადგენს, ასევე მასთან მჭიდრო კავშირშია თილისმების მაგია და ტაროს მკითხაობის სისტემა. სწორედ ამ მიზეზით არის ნათქვამი - "ევოკაციის ბარბაროსული სახელები"; რადგან, არ შეიძლება ებრაულ ანბანზე დაფუძნებული სიტყვებისა და ასოების შეცვლა, რომელიც დასავლეთის წმინდა ენაა, ისევე როგორც სანსკრიტია აღმოსავლეთის წმინდა ენა. უფრო მეტიც, ებრაულ ენაში თითოეული ასო შესაბამის რიცხვსაც აღნიშნავს, ამიტომ, სახელები რიცხვით ფორმულებსაც წარმოადგენენ. მეტაფიზიკური მათემატიკის ყველაზე რთული სისტემა, გემატრია, სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება. გემატრიაში არსებობს რაღაც ასპექტები, რომლებიც მე, ჩემი ცოდნის ამჟამინდელ ეტაპზე, სრულიად არაფრისმომცემად და დაკნინებულად მიმაჩნია, როგორც ცრურწმენის მანიფესტაცია, მაგრამ, კოსმიური მათემატიკის სისტემის ძირითადი იდეა უდაოდ და უეჭველად შეიცავს დიდებულ ჭეშმარიტებას და დიდებულ შესაძლებლობებს. ამ სისტემის გამოყენებით, შესაძლებელია ყველანაირი კოსმიური ფაქტორის ურთიერთკავშირის ამოხსნა, მთავარია, რომ ჩვენთვის ცნობილი იყოს ძალაუფლების სახელების სწორი ებრაული მართლწერა, რადგან მოცემული სახელები, გემატრიული პრინციპების შესაბამისადაა ჩამოყალიბებული, და პირიქით. მაგრამ, რაც არ უნდა მომხიბვლელად მოგვეჩვენოს მოცემული საკითხი, ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია, რომ მასში უფრო ღრმად შევიდეთ. 
 
  5. აზილუთის არქეტიპულ სამყაროში, ათი სეფიროტი ღმერთის წმინდა სახელის ათ ფორმას მიესადაგება. ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ბიბლიას კითხულობს, შეუძლებელია ვერ შეამჩნიოს, რომ მასში ღმერთს სხვადასხვა ტიტულით მოიხსენიებენ, როგორიცაა: უფალი, უფალი-ღმერთი, მამა და რამდენიმე სხვაც. ბიბლიაში ასეთი განსხვავებული ტერმინოლოგია ლიტერატურულ ხერხს არ წარმოადგენს, რათა ერთი და იგივე სახელი ისევ და ისევ არ განმეორდეს, არამედ ისინი აღნიშნავენ მეტაფიზიკურ ტერმინებს, და ბიბლიის ავტორთა მიერ გამოყენებული სახელების მიხედვით ჩვენ ვიცით, ღვთაებრივი ძალის რომელ ასპექტზეა საუბარი და ვიცით ასევე ის სფეროც, რომელშიც მოქმედება მიმდინარეობს.
 
  6. ითვლება, რომ ბრიაჰის სამყაროში ძლევამოსილი მთავარანგელოზები უფლის ბრძანებებს ასრულებენ და ისინი შესაბამის სფეროებს მიეკუთვნებიან. ამ სამყაროში სეფიროტის ხეზე თითოეულ სეფირას ათი უმძლავრესი მთავარანგელოზის სახელი ეწოდება. 
 
 7. იეცირა ანგელოზთა დასის სამყაროა, სადაც უთვალავი ანგელოზი ღვთაებრივ ბრძანებებს ასრულებს. ანგელოზთა დასები მიეკუთვნებიან შესაბამის სეფიროტულ სფეროებს, რისი შესწავლითაც საშუალება გვეძლევა მათი რეჟიმი და ფუნქციონირების დონე  ვიცოდეთ.
 
  8. ასიაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბუნებრივი ძალების ცენტრები მოქმედებენ. ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ ასოციაციას, როდესაც სეფიროტების დეტალურად შესწავლას შევუდგებით. 
 
 9. ოთხ სამყაროში, ათი წმინდა სეფიროტის სიმბოლურ აღწერილობაში გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლის კლასიფიცირებაც ქროულმა შემდეგნაირად მოახდინა; მეფის ხარისხი ეკუთვნის აზილუთის სამყაროს,  დედოფლის ხარისხი მიენიჭა ბრიაჰის სამყაროს, იმპერატორის იეცირას, ხოლო იმპერატრიცას დონე ასიას. 
 
  10. ამ ოთხმხრივ კლასიფიკაციას გააჩნია შორს მიმავალი მნიშვნელობა, უკლებლივ ყველა კაბალისტურ საკითში. მოცემული კლასიფიკაცია მნიშვნელოვანია დასავლურ მაგიაშიც, რომელიც დიდწილად კაბალაზეა დაფუძნებული. ამბობენ, რომ ტეტრაგრამატონის (ღმერთის ებრაული სახელწოდების) ოთხი ასოს გაშიფვრით, წმინდა სახელი საყოველთაოდ ითარგმნა, როგორც "იეჰოვა". ებრაულ ანბანში, (რომელსაც ხმოვნები არ აქვს) ეს სიტყვა იწერება როგორც JHVH, რომელშიც ებრაული ანბანის ოთხი ასო გამოიყენება და სიტყვა ჟღერს შემდეგნაირად: "იოდ-ჰე-ვაუ-ჰე". ეს ხმოვან-წერტილოვანი გამოთქმა შედარებით ახალი ინტერპრეტაციაა, მისი უფრო ძველი არტიკულაცია ადეპტისთვის უცნობია და ხშირ შემთხვევაში სათანადო სახელის გამოთქმა ადეპტს იმან უნდა მიაწოდოს, ვინც ეს სახელი იცის. ტეტრაგრამატონის ჭეშმარიტ მისტიურ მნიშვნელობაზე ამბობენ, რომ ეს არის საიდუმლოების ერთ-ერთი არკანი. 
 
  11. ამ ოთხ ასოს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ნებისმიერ საკითხში, რაც მისტიციზმს ეხება, იგი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკულ ოკულტიზმში, რასაც მოგვიანებით დავინახავთ. 
 
  12. ამ ოთხ განყოფილებას შორის არსებობს სივრცე, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, რა ურთიერთქმედება არსებობს მათ შორის. სწორედ ეს სივრცეა კაბალისტების ოთხი სამყარო, ალქიმიკოსების ოთხი ელემენტი, ზოდიაქოს ნიშნების ოთხი ელემენტი და ტაროს ოთხი სუიტი. ეს ოთხმხრივი კლასიფიკაცია წააგავს როზეტის ქვას, რომელიც ეგვიპტური იეროგლოფების გასაგებად მთავარი გასაღები აღმოჩნდა, რადგან ქვის ქვედა ნაწილში წერია ზუსტად იგივე ტექსტი, მაგრამ ბერძნულად. ბერძნული ენის დახმარებით შესაძლებელი გახდა გაგვეშიფრა ეგვიპტური იეროგლიფების  შესაბამისი მნიშვნელობა. სეფიროტის ხეზე, სწორედ ასეთი ფაქტორების ნაკრები აძლევს ნამდვილ ეზოთერულ მინიშნებას პრაქტიკული ოკულტიზმის თითოეულ სისტემას. ასეთი გასაღების გარეშე მათ არ გააჩნიათ ფილოსოფიური საფუძველი და უბრალო დოგმატიზმისა და ცრურწმენის გავლენის ქვეშ ხვდებიან. სწორედ ამ მიზეზით, ინიცირებულ ოკულტისტს არაფერი აქვს საერთო არაინიცირებულ მკითხავთან, რადგან მან იცის, რომ გასაღების გარეშე მისი სისტემა უფასურდება. აქედან გამომდინარეობს სეფიროტის ხის სასიცოცხლო მნიშვნელობა დასავლურ ოკულტიზმში. ეს არის ჩვენი საფუძველი, ჩვენი გაზომვის სტანდარტი და ჩვენი სახელმძღვანელო. 
 
  13. კონკრეტული სეფირას გასაგებად, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ მისი ძირითადი შესაბამისობა ოთხ სამყაროში; მისი მეორადი შესაბამისობა პრაქტიკულ ოკულზიტმში, რაც ზემოთ ვახსენეთ და მესამე, ნებისმიერი სხვა შესაბამისობის შეკრება, რათა მრავალი მოწმის ჩვენებამ, სიმართლე გამოავლინოს. ასეთი შესაბამისობების შეკრებას დასასრული არ გააჩნია, რადგან მთელი კოსმოსი, მისი ყოველი სფეროს ჩათვლით, დაუსრულებელი თანმიმდევრობისგან და განგრძობითობისგან შედგება. თუ ჩვენ ოკულტური მეცნიერების კარგი სტუდენტები ვართ, მუდმივად წავამატებთ საკუთარ ცოდნას ახალ-ახალ აღმოჩენებს. 
 
  14. მაგრამ, მკითხველს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ კაბალა არის ისეთივე მეთოდი, როგორც გონება არის ცოდნის გამოყენების სისტემა. იმ შემთხვევაში, თუ ცოდნა გვექნება კაბალისტური, მენტალური აქტივობის ტექნიკის შეძენის გარეშე, ასეთი ცოდნა ჩვენთვის ნაკლებად გამოდგება. შეიძლება ვთქვათ, რომ შეუძლებელია გონების ტექნიკის ათვისებამდე ცოდნის დიდი ხარისხის მიღება. ხე მიმართავს არა ცნობიერ გონებას, არამედ ქვეცნობიერს; კაბალა არის სიზმრების ასოციაციის ლოგიკური მეთოდი; მაგრამ, კაბალას შემთხვევაში სიზმარმხილველი არის რასობრივი, კოლექტიური ქვეცნობიერი, ხალხების სული და დედამიწის სული. ადეპტი ამგვარ დედამიწის სულთან კავშირში შედის დადგენილ სიმბოლოებზე მედიტაციის გზით. 
 
 15. ოთხი სამყაროდან უმაღლესს, აზილუთს, წმინდა ღვთაების სივრცეს, კაბალისტები არქეტიპულ სამყაროს უწოდებენ. გარკვეულწილად მოუხერხებელ თარგმანში მაზერსი აზილუთს ინტელექტუალურ სამყაროს ეძახის. ეს ტერმინი არასწორია და შეცდომაში შეგვიყვანს. ინტელექტუალური სფერო არის მხოლოდ ის, რისი გაგებაც რაციონალური გონებით შეგვიძლია. ამ სფეროში კი იდეები მთლიანად აბსტრაქტულია და ჩაფიქრებულია ცნობიერების ისეთი ფუნქციით, რომელიც საკმაოდ სცილდება ჩვენი გონების დიაპაზონს. ამიტომ, აზილუთის სამყაროსთვის ტერმინ "ინტელექტუალურის" მინიჭება შეცდომაში შეჰყავს მკითხველს, განსაკუთრებით მაშინ, თუ არ დავაკონკრეტებთ, რომ სიტყვა ინტელექტში ის არ იგულისხმება, რაც ჩვენ წარმოგვიდგენია. ასეთი ტერმინი იდეის გამოხატვის ცუდი საშუალებაა. უმჯობესია შევქმნათ ახალი ტერმინი უფრო ზუსტი მნიშვნელობით, ვიდრე ძველი გამოვიყენოთ არასწორი გაგებით. აზილუთის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ტერმინი, რომელიც ზუსტად აღწერს მას; ეს ტერმინია: არქეტიპული.
 
   16. კაბალისტები ამბობენ, რომ აზილუთის სამყარო "იოდ"-ის მმართველობის ქვეშ იმყოფება, ტეტრაგრამატონის წმინდა სახელიდან. აქედან შეგვიძლია სამართლიანად დავასკვნათ, რომ ნებისმიერ სხვა ოთხმაგ სისტემაში, აზილუთის სულიერი ასპექტი "იოდ"-ის მმართველობის ქვეშ იქნება. სხვა ასოციაციებს შორის, ავტორიტეტული პირების მიერ მოცემულია ასოციაცია, რომ კვერთხების სუიტი ტაროს დასტაში, არის აზილუთის სამყარო და ცეცხლის ელემენტი. ყველასთვის, ვისაც რაიმე ცოდნა მაინც აქვს ოკულტური საკითხების შესახებ, ეს მაშინვე ცხადი გახდება, რადგან ჩვენ ვიცით ელემენტი რომელსაც კონკრეტული სიმბოლო განეკუთვნება, ასევე ვიცით ასტროლოგიური და პლანეტარული მსგავსებები. როგორც კი ზოდიაქალურ და პლანეტარულ ასოციაციებს შევისწავლით, ჩვენ შეგვეძლება გამოვიკვლიოთ ნებისმიერ პანთეონთან დაკავშორებული სიმბოლიკა, რადგან ყოველი ღმერთისა და ქალღმერთის მიმართ შექმნილ სიმბოლიკას, რომელიც ადამიანურ გონებას ოდესმე შეუქმნია, ასტროლოგიური ასოციაციები გააჩნია. მათი თავგადასავლების ისტორიები, სინამდვილეში კოსმიური ძალების მოქმედების იგავია. ამ სიმბოლოთა ლაბირინთში უნდა ვიმედოვნოთ, რომ დაუხმარებლად გზას ვერასოდეს გავაგნებთ, მაგრამ ასეთი სიმბოლური ჯაჭვების თითოეულ სეფირასთან დაკავშირების შედეგად, ჩვენ გვაქვს გასაღები, რომელიც გვჭირდება. 
 
  17. ეზოთერული აზროვნების ყველა სისტემას, ისევე როგორც ყველა პოპულარულ თეოლოგიურ სისტემას, ახასიათებს ცოდნა ღვთაების მითითებებით მოქმედი გონიერი და მიზანდასახული არსებების შესახებ, რომლებიც შუამავლის როლს ასრულებენ მანიფესტირებული სამყაროს მშენებლობაში. თანამედროვე აზროვნება ამ კონცეფციის შედეგებისგან თავის დაღწევას ცდილობდა მატერიის მექანიკური მანიფესტაციის გამოვლინებებით; თუმცა, ეს მიდგომა არც ისე წარმატებული გამოდგა, და უკვე არსებობს ნიშნები, რომ არც ისე შორს ვართ გაცნობიერების მომენტიდან, როდესაც გონება ყოველგვარი ფორმის სათავედ აღიქმება. 
 
  18. ანტიკური სიბრძნის ცნებები თანამედროვე ფილოსოფიური გადმოსახედიდან შესაძლოა საკმაოდ უხეში გამოდგეს, მაგრამ ჩვენ იძულებულნი ვართ ვაღიაროთ, რომ მანიფესტაციის უკან მყოფი, გამომწვევი ძალა უფრო მეტად ჰგავს გონებას, ვიდრე მატერიას. ძალის სხვადასხვა სახის პერსონიფიცირება ლეგიტიმური ანალოგია, თუ გავაცნობიერებთ, რომ ძალაუფლების სული შესაძლოა ისევე განსხვავდებოდეს ჩვენი გონებისგან, როგორც ჩვენი სხეული განსხვავდება თავისი მასშტაბითა და ხარისხით მზის სისტემის პლანეტებისგან. ჩვენ უფრო ახლოს ვიქნებით ბუნების გაგებასთან, თუ ვაღიარებთ, რომ ხილულ სამყაროს უხილავი ჩარჩო აქვს. ფიზიკოსების ეთერი, გონებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მატერიასთან; დრო და სივრცე, როგორც ეს თანამედროვე ფილოსოფოსებს ესმით, სინამდვილეში ცნობიერების რეჟიმს უფრო ჰგავს, ვიდრე ხაზოვან ასპექტს. 
 
  19. ანტიკური სიბრძნის ადეპტებმა ბუნებიდან აიღეს ყოველი ფაქტორი და მოახდინეს მისი პერსონალიზება, დაარქვეს სახელი და შექმნეს სიმბოლური ფიგურა მის წარმოსაჩენად, ისევე როგორც ბრიტანელმა მხატვრებმა თავიანთი კოლექტიური ძალისხმევით შექმნეს ბრიტანული სტანდარტი; ქალის ფიგურა ფარით ხელში, ფეხებთან გაწოლილი ლომი, სამკაპი, თავზე ჩაფხუტი და ზღვა, უკანა ფონზე. ამ სიმბოლოს კაბალისტური ანალიზისას, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ თითოეულ კომპლექსურ გლიფს თავისი მნიშვბელობა აქვს. ერთმანეთთან დაკავშირებული ჯვრები აღნიშნავს ბრიტანეთში გაერთიანებულ ოთხ რასას.  ჩაფხუტი არის რომაული სიბრძნის ქალღმერთის, მინერვას სიმბოლო, ხოლო სამკაპი ნეპტუნის გლიფია. ლომს კიდევ სჭირდება რამდენიმე დეტალი, ზუსტი სიმბოლიკის გასარკვევად. სინამდვილეში, ოკულტური გლიფი ყველაზე მეტად გერბს წააგავს. ჰერალდიკაში ყოველ სიმბოლოს საკუთარი მნიშვნელობა გააჩნია; ეს სიმბოლოები გაერთიანებულია გერბში, რომლებიც იმ ოჯახისა თუ რასის კუთვნილებას წარმოადგენენ, რომელიც მას ატარებს და გვიყვება თავისი ცხოვრებისეული სტატუსის შესახებ. მაგიური ფიგურა არის ძალაუფლების გერბი, რომელსაც თავად განასახიერებს. 
 
  20. მაგიური ფიგურები შექმნილია იმ მიზნისათვის, რათა წარმოადგინონ კოსმიური ძალის გამოვლინების სხვადასხვა რეჟიმი, ერთმანეთისგან განსხვავებულ დონეებზე. მათ გააჩნიათ სახელები, ხოლო ადეპტი მათზე ფიქრობს, როგორც ცალკეულ პიროვნებებზე და თავს არ იწუხებს მათი მეტაფიზიკური საფუძვლების გარკვევით. შესაბამისად, ნებისმიერი პრაქტიკული მიზნისთვის, ისინი პიროვნებები არიან, არ აქვს მნიშვნელობა როგორები არიან ისინი სინამდვილეში, მათი პერსონალიზება და აზრობრივი ფორმირება ასტრალურ სფეროში სწორედ მათი წარმოდგენის მიზნით ხორციელდება. მათ, რომლებიც ძალით არიან დამუხტულნი, ხელოვნური და ელემენტალური ბუნება გააჩნიათ, მაგრამ მათში, რომლებიც კოსმიური ძალით არიან დამუხტულნი, ბევრად მეტი იგულისხმება, ვიდრე ჩვენ ვგულიხმობთ სიტყვა "ხელოვნურსა" და "ელემენტალურში". ჩვენ მათ ანგელოზთა სამეფოს მივაკუთვნებთ და ვუწოდებთ ანგელოზებს ან მთავარანგელოზებს, მათი ხარისხის შესაბამისად. ამრიგად, ანგელოზური ძალა შესაძლოა განისაზღვროს, როგორც კოსმიური ძალა, რომლის მანიფესტაციაც ადამიანის ცნობიერებაში ფანტაზიის მეშვეობით იგება. პრაქტიკულ ოკულტიზმში ასეთი ფორმები დიდი სიფრთხილით არის აგებული და ყურადღება განსაკუთრებით მახვილდება სიმბოლიზმის თითოეულ დეტალზე, საჭირო ძალის აღძვრისთვის. ვისაც ასეთი ძალების გამოყენების შესაძლებლობა ჰქონია, დამეთანხმება, რომ ისინი ეფექტურნი არიან იმ მიზნებისთვის, რისთვისაც შექმნილნი არიან. მაგიურ ხატ-სახეზე კონცენტრაციით და მისთვის მინიჭებული ტრადიციული სახელის ვიბრაციით, აღნიშნული ფენომენი მიღწევადია.
 
  21. როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუცილებელია კაბალისტის მიერ შესაბამისი ტექნიკის გამოყენება, როდესაც ადეპტს კაბალადან რაიმე აზრის ამოღება სურს. გამოსახულებისა და ვიბრაციის ამგვარი ფორმულირება შექმნილია იმისთვის, რომ ადეპტი დაუკავშირდეს სეფიროტის ხის თითოეული სფეროს მიღმა არსებულ ძალებს, და როდესაც იგი ამ გზით კონტაქტში წარმატებით შევა, ადეპტის ცნობიერება განათდება და მისი ბუნება აღივსება კონტაქტში მყოფი ძალის მიერ. ამასთან ერთად, სიმბოლოს ჭვრეტის გზით იგი დასამახსოვრებელ მიგნებებს აღმოაჩენს. სეფირა ჰოდი იძლევა მეცნიერებების გაგებას; იესოდი სასიცოცხლო ძალის და მისი მოქმედების რეჟიმის შეცნობას გვთავაზობს; როცა ჰოდთან კონტაქტში შევდივართ, ჩვენ ვივსებით ენთუზიაზმითა და ენერგიით კვლევების მიმართ. იესოდთან დაკავშირებისას ღრმად შევდივართ ფსიქიკურ ცნობიერებაში, სადაც სამყაროსა და ჩვენი ბუნების დაფარულ სასიცოცხლო ძალებს ვეხებით. ეს ყველაფერი გამოცდილების საკითხია. ვინც გამოიყენა ეს მეთოდები, იციან თუ რა შესაძლებლობებს გვთავაზობს მათთან კავშირი. რაც არ უნდა იყოს სისტემის რაციონალური საფუძველი, ემპირიული მეთოდი შედეგს მაინც იძლევა. 
 
  22. თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს სეფირას შესწავლა, - სხვა სიტყვებით, თუ გვსურს გამოვიკვლიოთ კონკრეტული სეფირას ბუნების ასპექტი, - ჩვენ არამარტო ინტელექტუალურად უნდა შევისწავლოთ და ვიმედიტიროთ მასზე, არამედ უნდა ვეცადოთ, რომ მასთან ინტუიციური და ფსიქიკური გავლენითაც მოვახდინოთ შეხება. ამის მისაღწევად, ჩვენ ვიწყებთ ზემოდან და ვცდილობთ შევიდეთ სულიერ კავშირში იმ ღვთაებრივ ასპექტთან, რომელიც მისგან წარმოიშობა და მასშივე ვლინდება. თუ ასე არ მოხდება, კონკრეტული სფეროს კუთვნილი ძალები შესაძლოა ხელიდან გაგვექცეს, რაც გარკვეულ სირთულეებს გამოიწვევს. თუმცა, ღვთაების წმინდა სახელის მფარველობის ქვეშ, ბოროტებას არსად შეღწევა არ შეუძლია.
 
  23. ჩვენს მიერ გამოსაკვლევი სფეროს შემოქმედი და მმართველი ღვთაების წმინდა სახელის თაყვანისცემის შემდეგ, ჩვენ ვუხმობთ სფეროს მთავარანგელოზს, ძლევამოსილ სულიერ არსებას, რომელიც სეფირას ძალებს და ევოლუციის საფეხურს განსაზღვრავს. ჩვენ მთავარანგელოზისგან ვითხოვთ კურთხევას და ვევედრებით, რათა მოგვეცეს უფლება გავეცნოთ სეფირას ანგელოზთა დასს, რომლებიც მეგობრულად იქნებიან ჩვენს მიმართ განწყობილნი და დაგვეხმარებიან მათი მმართველობის ქვეშ მყოფი სეფირას შესწავლაში. ამ პროცესის განმავლობაში, თქვენ საფუძვლიანად მოერგებით სეფირას და მზად იყავით თვალყური ადევნოთ სეფირას შედეგებსა და შესაბამისობებს მონათესავე სიმბოლოებთან დაკავშირებით. 
 
 24. ასეთი მიდგომით ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ასოციაციური ჯაჭვები სიმბოლურად იმაზე მდიდარია, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა, თუ ასეთი რამ საერთოდ შესაძლებელი იყო. ქვეცნობიერი სიმბოლური საწყობის ერთ-ერთი სფეროს გახსნას ცდილობს, ამიტომ, ასოციაციის ჯაჭვები რომლებიც ცნობიერებაში ამოტივტივდება, თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი გარეგანი იდეებისგან. 
 
  25. პირველ რიგში, ჩვენს ცნობიერებაში განვიხილავთ ყველა შესაძლო სიმბოლოს, რომელთა შეგროვებაც და დამახსოვრებაც შევძელით; ამავდროულად ვცდილობთ ჩავწვდეთ მათ მნიშვნელობას და გავლენას, საკვლევი სფეროს საიდუმლოებებში. მაგრამ, ძალიანაც ნუ ვეცდებით ამის გაკეთებას. თუკი სიმბოლოზე კონცენტრაციისას ზედმეტად დავიძაბებით, ჩვენ დავხურავთ ქვეცნობიერის თხელ ფარდას, რომელიც პრაქტიკულ შედეგს აღარ მოგვცემს. ამ ნახევრად მედიტაციის და ნახევრად ფანტაზიის პროცესში, ჩვენ ვმუშაობთ ცნობიერისა და ქვეცნობიერის საზღვრებზე, სადაც ქვეცნობიერს ბარიერის გადალახვის საშუალება უნდა მივცეთ, რათა ჩვენამდე ხელმისაწვდომობის ფარგლებში მოვიდეს. 
 
  26. ასოციაციური ჯაჭვების მიყოლის შედეგად აღმოვაჩენთ, რომ პროცესში ჩვენი ინტუიციაც ირთვება, ხოლო ექსპერიმენტის ორჯერ ან სამჯერ განმეორების შემდეგ, ერთგვარი ინტიმური სახით ვიგრძნობთ, რომ კონკრეტულ სეფირაში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში; შეგრძნება ყოველთვის განსხვავებულია იმ სეფირასგან, რომელთანაც ჯერ არ გვიმუშავია. ასევე აღმოვაჩენთ, რომ ზოგიერთი სეფიროტი ჩვენთვის უფრო სასიამოვნოა, ვიდრე სხვა სეფირა; ჩვენ უკეთეს შედეგებს ვღებულობთ ჩვენთვის სასიამოვნო სეფირასთან მუშაობისას, ვიდრე იმასთან, რომელიც შედარებით უსიამოვნოა; ასეთ დროს ასოციაციური ჯაჭვები ირღვევა და ქვეცნობიერი უარს ამბობს მარტივად გახსნას კარები ჩვენს დაკაკუნებაზე. ჩემს ერთ მოსწავლეს შესანიშნავი ეფექტურობით შეეძლო მედიტაცია სეფირა ბინასა (სატურნი) და ტიფარეტზე (მზე), მაგრამ საერთოდ ვერ ახერხებდა გებურას (მარსი) აღქმას. 
 
  27. არასოდეს დამავიწყდება ჩემი გამოცდილება, ამ მეთოდის გამოყენების პირველი მცდელობისას. მე ვმუშაობდი ოცდამეთორმეტე გზაზე, სატურნის გზაზე, რომელიც ერთმანეთთან აერთებს მალქუთსა და იესოდს; ძალიან რთული და მოღალატე გზაა. ჩემს ჰოროსკოპში სატურნს დიდად გულისმომცემი ასპექტი არ აქვს და ხშირად განმიცდია კიდეც ჩემს საქმიანობაში მისი საპირისპირო გავლენა. მაგრამ, მას შემდეგ რაც სატურნის გზაზე უხილავი ინდიგოს სიბნელეში გასეირნებით წარმატებას მივაღწიე - იესოდის იასამნისფერი და ვერცხლისფერი ჰორიზონტის ნათებამდე, მაშინვე ვიგრძენი, რომ სატურნის ინიციაცია მივიღე. ვგრძნობდი, რომ სატურნი უკვე აღარ იყო ჩემი მტერი, არამედ ჩემს მეგობრად იქცა, რომელიც ძალიან სამართლიანი, გულწრფელი და მკაცრი იყო; მე უნდა მივნდობოდი მას, რათა თავი დამეცვა შეცდომებისა და ნაჩქარევი განსჯისგან. მე გავაცნობიერე მისი, როგორც "გამომცდელის" ფუნქცია, და არა როგორც ანტაგინისტის ან შურისმაძიებლის ფიგურა. მე მოვახდინე მისი რეალიზაცია, როგორც "დრო, თავის ცელთან ერთად", და ასევე მივხვდი, რატომ უწოდებდნენ მას ებრაულად "შაბბათჰალს", - "თავის საყვარელთათვის ძილის მიმნიჭებელს".  ამის შემდეგ, ოცდამეთორმეტე ბილიკი ჩემთვის გაიხსნა, მაგრამ არა მხოლოდ ხეზე, არამედ ცხოვრებაშიც; ძალები და პრობლემები, რომელსაც ეს ბილიკი განასახიერებს, ჩემს სულში ჰარმონიულნი გახდნენ. ამ მოკლე მაგალითიდან ჩანს, რომ სეფიროტის ხეზე მედიტაცია ყველაზე პრაქტიკული და ზუსტი სისტემაა მისტიკურ განვითარებაში. სანამ სეფიროტის ხის ყოველ ბილიკს გავივლით, ჩვენ შევისწავლით სიკვდილისა და ეშმაკის, ასევე ანგელოზისა და უმაღლესი ქურუმის (იეროფანტის) გაკვეთილებს.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff