თავი ოცდამეექვსე - ქლიფოთი

 1. წინა თავში ჩვენ გაკვრით ვახსენეთ ქლიფოთი, როგორც ბოროტი და მტრულად განწყობილი სეფიროტის ხე; ახლა დრო დადგა შევისწავლოთ იგი უფრო დეტალურად, მიუხედავად იმისა, რომ ესაა საშინელი ფორმების სფერო, იმდენად საშიში, რომ მათზე ფიქრიც კი ძრწოლის მომგვრელია.

 2. შეიძლება დაისვას კითხვა, რატომაა აუცილებელი ქლიფოთის შესწავლა, როდესაც ცნობილია, რომ მისი ფორმები მხოლოდ საფიქრელადაც  ძალიან სახიფათო საგნებს წარმოადგენენ; ნუთუ არ ჯობია გონებიდან მოვიშოროთ ცოდნა მათ შესახებ და თავიდან ავიცილოთ უბოროტესი ძალების გამოსახულებების ჩამოყალიბება ცნობიერებაში? ამ კითხვის საპასუხოდ შეიძლება მოვიყვანოთ აბრამელინის მცნებები, რომლის მაგიური სისტემაც ყველაზე ძლიერი და სრულყოფილია იმათ შორის, რაც ჩვენს ხელთ არსებობს. ამ სისტემის მიხედვით, ადეპტი ხანგრძლივი განწმენდის რიტუალისა და სრულყოფილი მომზადების შემდეგ, ანგელოზურ ძალებთან ერთად, დემონური ძალების ევოკაციასაც ახდენს.

 3. უამრავმა ადამიანმა "დაიწვა თითები" აბრამელინის სისტემის გამოყენებისას და ამის მიზეზები ადვილად გასაგებია;  თუ ჩვენ განვიხილავთ ასეთი ადეპტების ჩანაწერებს, აღმოვაჩენთ, რომ ისინი არასოდეს მიჰყვებოდნენ სისტემას მთლიანობაში, არამედ ასრულებდნენ ცერემონიას ერთ ადგილას და ევოკაციას მეორე ადგილას, რის შედეგადაც კონკრეტული შედეგები დგებოდა. შესაბამისად, აბრამელინის სისტემას ცუდი სახელი აქვს გავარდნილი, როგორც ცალსახად საშიში ფორმულების ნაკრები. ამ სისტემის სრულფასოვნად და მთლიანობაში შესრულების შემთხვევაში, ოპერაცია სავსებით უსაფრთხოა, რადგან გამოძახებული ძალები ერთგვარ ლაბორატორიულ ჭრილში განიხილება და გამოძახებისას მათი განეიტრალება ხორციელდება.

 4. სიცოცხლის ხეზე სეფიროტების დადებით ასპექტებთან მომუშავე ადეპტს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მას ასევე უარყოფითი სქემაც გააჩნია, ხოლო ძალთა აუცილებელი წონასწორობის შენარჩუნების გარეშე ნეგატიურმა ასპექტმა შეიძლება მისი ფუნქციონირების პიკს მიაღწიოს. ნებისმიერ მაგიურ ოპერაციაში არის წერტილი, როცა ძალაუფლების ნეგატიური ასპექტი მოსაგვარებელია, სანამ ადეპტი მის მიერ გათხრილ ორმოში თავად არ ჩავარდება. მაგიის შეუცვლელ მოცემულობას წარმოადგენს ასპექტი, რომ თქვენ არ უნდა გამოიძახოთ რომელიმე ძალა, სანამ მის უარყოფით მხარესთან საბრძოლველად საკმარისად აღჭურვილი არ იქნებით.

 5. გაბედეთ და გამოიძახეთ მარსის (გებურას) ცეცხლოვანი ენერგიები იქამდე, სანამ საკმარისად განწმენდილი და დისციპლინირებული არ იქნებით საკუთარ არსებაში; თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ნამდვილად შეძლებთ მარსიანული უკიდურესობების თავიდან აცილებას, რაც დაუნდობელ სისასტიკესთან და ტოტალურ დესტრუქციულობასთან ასოცირდება. თუკი ადამიანურ ბუნებაში ოდნავ მაინც ერკვევით, უნდა იცოდეთ, რომ ყველა დადებით ასპექტს აქვს მისი საპირისპირო ნაკლი და მანკიერება; ანუ, თუ მარსიანული ენერგიის დადებითი ასპექტი გაბედული და ენერგიულია, მისივე საპირისპირო მხარე დამანგრეველი და ჩაგვრისკენ მიდრეკილი იქნება; თუ ძალაუფლება მშვიდი და დიდსულოვანია, მისი საპირისპირო მხარე ცდუნებაში და ინერციაში გამოავლენს საკუთარ თავს, და ასე შემდეგ.

 6. ქლიფოთს მართებულად უწოდებენ ბოროტეულ და ამოყირავებულ სეფიროტს, რადგან ისინი არ წარმოადგენენ დამოუკიდებლად არსებულ პრინციპებსა და ფაქტორებს, არამედ თავად წმინდა სეფიროტების გაუწონასწორებელ და დესტრუქციულ ასპექტებს ასახავენ. სინამდვილეში არ არსებობს ორი სეფიროტის ხე; ეს ერთი და იგივე სიცოცხლის ხეა, ქლიფოთი კი მისი ამოტრიალებული ასპექტია, როგორც მონეტის უკანა მხარე. ადეპტმა, რომელიც სეფიროტის ხეს მაგიური სისტემის სახით იყენებს, აუცილებლად უნდა შეისწავლოს ქლიფოთი, რადგან მას სხვა გზა არ ექნება, სფეროებზე მუშაობისას ქლიფოთის ასპექტებსაც უნდა გაუმკლავდეს.

 7. აზილუთის სფეროში არსებობს ძალაუფლების ერთადერთი სახელი, რომელიც დაკავშრებულია კონკრეტულ სეფირასთან და ესაა ღვთაების სახელი. მთავარანგელოზთა სფეროს შეესაბამება ეშმაკები, ხოლო ანგელოზთა დასს დემონების ლეგიონები. სეფიროტულ სფეროებს თავისი ანალოგი გააჩნიათ ჯოჯოხეთურ სფეროებში. 

 8. ადეპტმა გულდასმით უნდა განასხვავოს ერთმანეთისგან, რას უწოდებს ოკულტისტი პოზიტიურ და ბოროტეულ სფეროებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი ეზოთერულ ფილოსოფიაში და მისი მნიშვნელობის გაუცნობიერებლობა შორსმიმავალ პრაქტიკულ შეცდომებს იწვევს, რაც აბრკოლებს ინიცირებულს მთელი ცხოვრებისა და მოღვაწეობის განმავლობაში; ამგვარი მოცემულობის გაუცნობიერებლობა ასევე ეხება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ცდილობს განავითაროს ნების თავისუფლება და თვითკონტროლი. მოცემული პუნქტი ძალიან მწირედაა გაგებული, მაგრამ პრაქტიკაში უმნიშვნელოვანეს წერტილს წარმოადგენს, რადგან იგი მყისიერად მოქმედებს ჩვენს შეხედულებებზე, განსჯაზე და ქცევაზე.

 9. პოზიტიური ბოროტება არის ძალა, რომელიც ევოლუციის მიმდინარეობის წინააღმდეგ მოძრაობს; უარყოფითი ბოროტება ჯერ კიდევ დაუძლეველი ინერციის ოპოზიციური ასპექტია, ან იმ მომენტის ასპექტი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის განეიტრალებული. მოდით, გავაკეთოთ განმარტებები ნათელი მაგალითების ფონზე. მომწიფებული გონების ბუნებრივი კონსერვატიზმი რეფორმატორულ გონებას ბოროტებად მიიჩნევს; ახალგაზრდობის ბუნებრივ ამბოხებას ადმინისტრატორი ბოროტებად მიიჩნევს, რომელმაც შექმნა თავისი სისტემა;  მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვთქვათ რომელიმე საპირისპირო ფაქტორზე, თუ გვინდა რომ საზოგადოება ჯანსაღ მდგომარეობაში შევინარჩუნთ; ამ ორს ასპექტს შორის ჩვენ მივაღწევთ სტაბილურ პროგრესს, რომელიც არც საზოგადოებას დაარღვევს და არც ინერციაში ჩაძირვის საშუალებას მოგვცემს. ორივე ფაქტორი შეუცვლელია სოციალური კეთილდღეობისთვის, მაგრამ ორივე მათგანი, ცალკე აღებული გადაჭარბებული სახით, აუცილებლად ზიანს გამოიწვევს.

 10. მაშასადამე, ვერცერთ მათგანს ვერ მივიჩნევთ სოციალურ ბოროტებად, თუ რომელიმე მათგანი გადამეტებული არ არის. ამიტომ, ეზოთერული ფილოსოფიის ტერმინოლოგიაში კონსერვატიზმის კლასიფიკაცია, როგორც უარყოფითი ბოროტება კლასიფიცირებული იქნება როდესაც განიხილება რეფორმატორის პოზიციიდან და იგივე მოცემულობა როგორც ნეგატიური ბოროტება, ამბოხებად მოინათლება, როცა კონსერვატორთა პოზიციიდან განიხილება.

 11. პოზიტიური ბოროტება სულ სხვა საკითხია. ეს შეიძლება იყოს ძალიან შორს მიმავალი ამბოხებული ბუნება, რომელიც წმინდა ანარქიაში გადადის; ან კონსერვაციის ზედმეტად შორს გატარება კლასობრივ პრივილეგიაში და ინტერესში, რომელიც ზოგად კეთილდღეობას ებრძვის. მას შეიძლება ჰქონდეს რეალური პოლიტიკური ფორმა კორუფციის სახით, რომელიც ანგრევს ადმინისტრაციული საქმიანობის ეფექტურობის მექანიზმს; ან სოციალური კორუფცია, როგორიცაა ორგანიზებული პროსტიტუცია და ბავშვთა შრომა, რომელიც ძირს უთხრის სხეულის ჯანმრთელობას.

 12. კონსერვატიული და რადიკალური პარტიები შეიძლება შევადაროთ ხესედსა და გებურას; კორუმპირებული და კრიმინალური ორგანიზაციები შეესაბამება გებურას ქლიფოთს; ორგანიზებული "კამიკაძეები" კავშირშია ხესდის ქლიფოთთან, რომელიც განადგურების ნებართვას განაგებს.

 13. უარყოფითი ბოროტება წონასწორობის პრინციპის პრაქტიკული შედეგია; წონასწორობა მოწინააღმდეგე ძალების ბალანსის შედეგია; ჩვენ არ უნდა დავუშვათ შეცდომა მოწინააღმდეგე ძალების წყვილიში და ვიფიქროთ, რომ ერთი კეთილია და მეორე ბოროტი. ამის გაკეთება დუალიზმის ფუნდამენტურ ერესს ნიშნავს.

 14. ყველა რელიგიის გამავრცელებელი და განმანათლებელი, დუალიზმს ერესად მიიჩნევს; ისინი რწმენის უცოდინარი მიმდევრები არიან, რომელთაც სინათლესა და სიბნელეს შორის კონფლიქტის სჯერათ, რაც სულსა და მატერიას შორის მიმდინარეობს; მათ სწამთ, რომ ორთაბრძოლა საბოლოოდ გამოიწვევს ღმერთის ტრიუმფს და ყველა საპირისპირო გავლენა სამუდამოდ გაუქმდება და აღმოიფხვრება. პროტესტანტულ ქრისტიანობას ავიწყდება, რომ ლუციფერი არის სინათლის მომტანი, სატანა კი დაცემული ანგელოზია; ჩვენი უფალი არ შემოიფარგლა თავისი მსახურებით მხოლოდ კაცობრიობაში, არამედ ჯოჯოხეთშიც ჩავიდა და დატუსაღებულ სულებსაც უქადაგა. ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ბოროტებას მისი მოკვეთით და განადგურებით, არამედ მხოლოდ მისი შთანთქმით და ჰარმონიზებით.

 15. ჩვენს ყველა გამოთვლაში და აღქმაში უნდა ვიზრუნოთ, რომ ერთმანეთისგან განვასხვავოთ სეფირა და მისი ქლიფოთის გავლენა. ორი ხე, ღვთაებრივი და ჯოჯოხეთური, სეფიროტული და ქლიფოთური, ჩვეულებრივ წარმოდგენილია ისე, როგორც ციური ხის ანარეკლი მოსჩანს სარკეში. ჩვენ უნდა მივიღოთ უკეთესი კონცეფცია, თუ წარმოვიდგენთ ორ გლიფს, როგორც ერთსა და იგივე ადგილას განთავსებულ ასპექტს, რომელიც ორივე მხარეს მდებარეობს. როდესაც ქანქარა, რომელიც მოძრაობს გებურასა და გედულას შორის (მარსი და იუპიტერი) თავის თავს გადააჭარბებს, იგი დაიწყებს წრიულ მოძრაობას საპირისპირო მიმართულებით და აღმოჩნდება ქლიფოთის გავლენის სფეროში.

 16. მისტიკოსი გვეუბნება, რომ მისი მიზანია იმუშაოს სულიერად სუფთა სფეროში, დედამიწის ყოველგვარი უსიამოვნო "შენადნობის" გარეშე და სწორედ ამიტომ, იგი მოუწოდებს მხოლოდ ღვთის სახელს; ოკულტისტი ამაზე პასუხობს: სანამ დედამიწის სხეულში ხარ, მის შვილად ითვლები და შენი სამშვინველი ვერ იარსებეს დედამიწის უსიამოვნო "შენადნობების" გარეშე. როდესაც ღვთის სიყვარულს ეძებთ, იგი ვერ მოვა თქვენთან გამომსყიდველის სფეროს გარდა. გამომსყიდველის სფერო არის ტიფარეტი, რომლის მთავარანგელოზსაც რაფაელი წარმოადგენს; იგი უდიდესი მკურნალია, რადგან მხსნელის გავლენას სწორედ სხეულისა და სულის მიმართ ვაღიარებთ. მაგრამ, გამომხსნელის საპირისპირო მხარე, რომელიც მის ჰარმონიზებას ახდენს, არის ზურმიელი, მოკამათე; ესაა შავი გიგანტები, რომლებიც ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედებენ. ნუთუ ვერ ვხედავთ მათ გავლენას ქრისტიანობის უფრო მკაცრ დოქტრინებში, სადაც ეშმაკის მარადიული სასჯელის იდეა და შურისმაძიებელი და მოძალადე იეჰოვას ბატონობის მარადიული ჯილდოს იდეა არსებობს? თუ ესენი დუალისტური მოწინააღმდეგე ძალები არ არიან, მაშინ, საერთოდ რას წარმოადგენენ მოწინააღმდეგე ძალები? თანამედროვე რელიგიური აზროვნება დიდ შეცდომას უშვებს იმის გამო, რომ არ აცნობიერებს ასეთი მოცემულობების არსებობას.

 17. ერთადერთი დრო, როდესაც ძალთა სრულყოფილი წონასწორობა არსებობს, არის პრალაია, ღმერთების ღამე. ძალის წონასწორობა არის სტატიკური და პოტენციური, მაგრამ არასოდეს დინამიური, რადგან წონასწორობაში მყოფობა ორ დაპირისპირებულ ძალას გულისხმობს, რომლებიც მშვენივრად ანეიტრალებენ ერთმანეთს; დაარღვიეთ წონასწორობა და ძალები განთავისუფლდებიან მოქმედებისთვის, რამაც შესაძლოა ცვლილება, ზრდა და ევოლუცია გამოიწვიოს. იდეალურ წონასწორობაში პროგრესის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს. ეს არის დასვენების მდგომარეობა. ნათქვამია, რომ კოსმიური ღამის დასასრულს წონასწორობა ირღვევა და ძალის გადინება კიდევ ერთხელ ხდება, შედეგად კი ევოლუცია ისევ და ისევ იწყება.

 18. სამყაროს წონასწორობა საუკეთესოდ შეიძლება შევადაროთ ქანქარის რხევას.. იგი არ არის უმოძრაო და სამყაროში ამ ორ ცნებას შორის ყველგან არსებობს გარკვეული სახის განსხვავებები. მათ შორის ყოველთვის არის მცირე ვიბრაცია, რომელიც დაპირისპირებულ ძალებს შორის ბიძგს ინარჩუნებს და ძალაუფლებას სტაბილურად ამყოფებს; ეს არის არა ინერციის, არამედ დაძაბულობის სტაბილურობა.

 19. სიცოცხლის ხეზე მოცემული ასპექტი წყალობისა და სიმძიმის სვეტებით არის წარმოდგენილი, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. გედულა გებურას იწვევს, ბინა კი ხოქმას. თუ საპირისპირო ძალების ასეთი დაპირისპირება შეწყდება, სამყარო დაინგრევა. ეს ფაქტი ნათლად უნდა გავაცნობიეროთ, უნდა ჩავწვდეთ ამ დაძაბულობისა და წინააღმდეგობის არსს, და ისიც უნდა გავიაზროთ, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არ არის ბოროტება, არამედ აუცილებელი მოცემულობაა ნებისმიერი ძალისთვის, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ.

 20. როგორც აღვნიშნეთ, თითოეული ქლიფოთი ძირითადად, გაუწონასწორებელი ძალის გამოსხივებას წარმოადგენს შესაბამისი სეფირას ევოლუციის კურსში. არსებობდა პერიოდი, როდესაც კეტერის ძალები გადაჭარბებული იყო, ამიტომ ხოქმას სახით ჩამოყალიბება დაიწყო მეორე ბილიკმა, მაგრამ მისი საბოლოოდ ჩამოყალიბების მიზნით კეტერს უნდა შეექმნა კომპენსირების მესამე სეფირა, ბინა. ჩვენ ვხედავთ გარდამავალი ეტაპის ამ პათოლოგიური ფენომენის მკაფიო გამოხატულებას მოზარდის შემთხვევაში, რომელსაც აღარ უნდა რომ ექვემდებარებოდეს კონტროლის ქვეშ ყოფნას, მაგრამ ზრდასრულობისა და თვითკონტროლის გზა ჯერ კიდევ წინ უძევს.

  21. თითოეული ქლიფოთის წარმოშობის მიზეზი დაუბალანსებელი ძალის გარდაუვალი პერიოდია, რომელიც ერთგვარი გარდამავალი პათოლოგიის ხასიათს ატარებს. აქედან გამომდინარეობს, რომ ბოროტების პრობლების გადაჭრის გზა არ მდგომარეობს მისი სამყაროდან აღმოფხვრაში, ჩახშობაში ან განადგურებაში, არამედ შედეგი მხოლოდ კომპენსაციისა და შთანთქმის გზით მიიღწევა, რათა ენერგია იმ სფეროში დაბრუნდეს, საიდანაც მოვიდა. კეტერის გაუწონასწორებელი ძალა, რომელმაც ორმაგი საპირისპირო ძალა წარმოშვა, ხოქმას შესაბამისი აქტივობის გაზრდით, ანუ სიბრძნით უნდა განეიტრალდეს.

 22. ყოველი სეფიროტის გაუწონასწორებელი ძალა, რომელიც ევოლუციის პროცესში დისბალანსის დროებითი ფაზების დროს პერიოდულად წარმოიშობა, საკუთარი ენერგიის გარშემო ქმნის ერთგვარ ბირთვს, რომლის გარშემოც ბოროტების შესახებ არსებული ყველა აზროფორმის ორგანიზება ხდება, რომელიც გრძნობადი არსებების ცნობიერებაში ან ბრმა ძალების მოქმედების შედეგად წარმოიქმნება; ასეთი ძალები წონასწორობიდან ამოვარდნილები არიან და ყოველი მათგანი საკუთარი ჰარმონიისკენ ისწრაფვის. ის, რაც თავდაპირველად უბრალოდ ძალის ჭარბი რაოდენობაა, (როგორი სუფთაც არ უნდა იყოს შინაგანი ბუნებით), კომპენსირების არქონის შემთხვევაში საუკუნეების მანძილზე შეიძლება უაღრესად ორგანიზებულად იქცეს და ჩამოყალიბდეს როგორც პოზიტიური და დინამიური ბოროტების ცენტრი.

 23. ნათელი მაგალითი კიდევ ერთხელ დაგვეხმარება ამ საკითხის გარკვევაში. გებურას აუცილებელი ენერგიის ჭარბი გამოვლინება, როგმელიც ასუფთავებს და ასწორებს დრომოჭმულს, აუცილებლად გამოვლინდება იქამდე, სანამ ტიფარეტის ინიციაციის განმავლობაში გამომსყიდველი ენერგეტიკულ წონასწორობას არ აღადგენს. ემანაციის შემდეგ, გამომსყიდველი აანაზღაურებს გებურას სიმძიმეს; როგორც ჩვენმა უფალმა თქვა: "თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ. მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე. ვინც მოისურვებს შენს განკითხვას და შენი მოსასხამის წაღებას, სამოსელიც თან გაატანე. ვინც ერთ მილზე წაყოლა გაიძულოს, ორზე გაჰყევი". (მათე: 5:38-41). სახეზე გვაქვს ძველი აღთქმის ეჭვიანი ღმერთის მცნებების ცვლილება; ყველა რელიგიური დევნა და სისასტიკე, რაც მისი სახელით ხდებოდა, გებურას გაუწონასწორებელი სიმძიმის შედეგად იყო განსაზღვრული. ეს ქმნის გებურას ქლიფოთს და ყოველგვარი სისასტიკე და მჩაგვრელი ბუნება მასთან თანაგრძნობაში იმყოფება.

 24. როცა საკუთარ თავს რაიმე სახის წმინდა და სუფთა ძალის არხად ვაქცევთ, ჩვენ ვხვდებით, რომ ჩვენს უკან არის მორაკრაკე მდინარე - სეფიროტული ან ქლიფოთური ძალების შესაბამისი ნაკადი, რომელიც ჩვენშივე პოულობს სამლოცველოს. სწორედ ეს აძლევს ვიწროდ მოაზროვნე ადამიანებს სრულ გულმოდგინებას და სწორედ აქედან მოედინება მათი არანორმალური ძალა.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff